შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საყვარელი ვენები. VII, VIII და IX დღე


16-03-2018, 15:04
ავტორი ლურჯი ანა
ნანახია 1 755

19 სექტემბერი.
დღე VII

საშინელი სიზმარი ვნახე.
ამ სიზმრების გადამკიდე, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ორი ცხოვრებით ვცხოვრობ. დაძინებამდე და დაძინების შემდეგ. უკვე ერთმანეთში მერევა რომელი უფრო რეალურია. ამ ღამეებით თითქოს წარსულს ვინაზღაურებ. იმ დროს, რომელიც აუნთებლად ჩაიფერფლა. ავარიის შემდეგ პირველად ვნახე ის კოშმარული საღამო. დიდი შეჯახება. თუ როგორ გამოვძვერი მანქანიდან სისხლიანი და დასახიჩრებული. ხელებში მინის ნამსხვრევები მქონდა ჩასობილი და აკანკალებული თითებით ვიძრობდი დიდი გაჭირვებით. სისხლი შადრევანივით მოჩქეფდა მაჯებიდან და სახეში მესხმებოდა. ცეცხლწაკიდებული მანქანის ფონზე სასწრაფოს ჩართული სირენა და საკაცე. შემდეგ საავადმყოფო. საკაცეზე ვიწექი და ვერ მამშვიდებდნენ. ისტერიკაში ვიყავი, ყველაფერი მტკიოდა. თმის ღერებიც კი. ცდილობდნენ ტკივილგამაყუჩებელი გაეკეთებინათ, მაგრამ ვენას ვერ პოულობდნენ. ზოგი გადაჭრილი იყო, ზოგიც ნემსის შესვლისთანავე სკდებოდა. ორივე ხელი დაჩხვლეტილ-დალურჯებული მქონდა. ძლივს იპოვეს მფეთქავი ვენა ფეხზე. ზუსტად კოჭთან და ბლანტი სითხე შემიყვანეს. ოდნავ მომეხსნა ფორიაქი, მაგრამ ტკივილი არ მიყუჩებულა და დოზის გაზრდას ვითხოვდი. აი მთლიანად გაივსო ორ გრამიანი ნემსი იგივე სითხით და ექიმი ფეხისკენ დაიხარა. ჩხვლეტა ვერც კი ვიგრძენი. დავინახე როგორ მიაწვა ჩემი სისხლი ნემსის წვერს და როგორ გაიდღაბნა ბლანტი, გამჭირვალე სითხე მეწამულად შემდეგ კი ექიმი ვენას ასცდა და გული ლამის გადამისკდა ტკივილისგან. კოჭთან მუშტის ხელა ბურთი დამაჯდა, როგორც ჩანდა, გამოშტერებულ ექიმს კანქვეშ გაპარვოდა მთელი წამალი.
გაღვიძებისთანავე ზეწარი გადავიძრე და გულმაც შეუნელა ბაგა-ბუგს. არავითარი ბურთი არ მეჯდა. თუმცა, ზუსტად კოჭთან, სადაც წესით ვენა უნდა ყოფილიყო, ნაჩხვლეტებისგან მორკალული ნაიარევი მეტყობა.
ჰმ, დიდებულია! რა ტანჯვა-წამება გადამიტანია მე უბედურს. რაღა მე და რაღა ჟანა დარკი. ვიღაცა მკითხავს, რა შორს მიდიხარ, აგერ არა გვყავს შუშანიკი და ქეთევან წამებულიო. მეც ვიცი რომ გვყავს მაგრამ მაგათ რომ შევადარო თავი, ქართველები ჯვარზე გამაკრავენ როგორც მკრეხელს, წმინდანებს ადარებს თავსო. ისევ ჟანას მივადექი, ფრანგი მაინც არ წაიკითხავს ჩემს დღიურს და არ გამომთათხავს, რა გაგიკეთებია ჟანას ფრჩხილისხელაო. არც არაფერი! ისიც კი არ ვიცი ნორმალურად რის გამო დაწვეს კოცონზე. მეყოფა ისტორიის დილეტანტური მიმოხილვა, წინ დიდი დღე მელის. გუშინ ხომ შევპირდი ნინოს რომ ოთხ მეშოკ წიწაკას მოვუვლიდი. მანამდე კი გამამხნევებელ-გამოსაცოცხლებელი ქაფ-ქაფა ყავა და „ყიყლიყოები“.
მკითხავმა დღეს თვითონ გადაგვიდო ვიზიტი... გული დამწყდა.


20 სექტემბერი
დღე VIII

ძილი ისე მომეპარა როგორც მომაკვდავს შავ ლაბადიანი სიკვდილი და თავი ბასრი ცელით წამაცალა. ისიც მაშინვე გამოჩნდა, როგორც ჩემი ერთგული სიზმართმეგზური და ამჯერად მისი ჩემდამი მტრული დამოკიდებულება მშვიდმა და თანაგრძნობმა ღიმილმა შეცვალა.
- რა ვერ გასვენებს? - მკითხა ნაზად და მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედა. - ნუ ცდილობ მაფიქრებინო რომ მე ვარ შენი უბედურების მიზეზი. შენც კარგად იცი რომ მე მხოლოდ წვიმის წვეთი ვარ აბობოქრებულ ზღვაში. ეს ტალღები თვითონვე გამოიწვიე, თვითონვე ააღელვე... გეშინია სტიქიური უბედურების ნელ-ნელა რომ მოიწევს შენკენ. გეშინია რომ სიმართლის გაგება ცუნამივით დაგატყდება და ყველაფერს წალეკავს.
- რომელი სიმართლე? ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით?
- ნწუ. ჩვენ სხვა და სხვა ცხოვრებიდან ვართ ანი. მე მთის აქეთ ვარ, შენ მთის იქით. შემომხედე და მითხარი, შეიძლება ჩვენ რამე საერთო გვქონდეს?
- არ ვიცი. - ვუპასუხე შეშინებულმა და დავამატე. - ისიც არ მახსოვს ოდესმე შევხვედრილვართ თუ არა და საიდან, როგორ დავასკვნა გვაქვს თუ არა საერთო. ამაზე შენ უნდა მიპასუხო.
მან თავისი შავი, უძირო თვალებით დამიპყრო და მტკიცედ მითხრა - არა, ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით.
- მე მინდა რომ დაგეხმარო... - ჩემმა სიტყვებმა ცინიკური ღიმილი მოჰგვარა.
- მე რომ გაღელვებდე, აქამდე მიშველიდი. - მიპასუხა უბრალოდ. ყოველგვარი ბრაზისა თუ წყენის გარეშე. თითქოს მხოლოდ ფაქტი აღნიშნა და გააგრძელა - შენ მხოლოდ კამალიაზე ნერვიულობ. რა ელოდება მის ოჯახს, პასუხის გებაში ხომ არ მისცემენ რომელიმეს, და ასე შემდეგ. ვიცი, ვიცი, ვაფასებ იმას რომ მეგობრობა შეგიძლია. მაგრამ დაფიქრდი, ღირებულია დანაშაულის დაფარვაზე წასული მეგობრობა? - მზერა მოვარიდე. ისედაც შიშვლად ვგრძნობდი მის წინაშე თავს და აღარ მინდოდა სირცხვილისგან ოფლი გამომსვლოდა. მძულდა ჩემი თავი მისი მართალი სიტყვების გამო. ნერწყვი გაჭირვებით გადავყლაპე, სიამაყე დავივიწყე და მხრებზე შევახე აკანკალებული ხელები
- გთხოვ, დამეხმარე სიმართლის გარკვევაში, დამეხმარე შენც გიშველო და კამალიას ოჯახიც გადავარჩინო. ვიცი, შენთვის არავინ ვარ და არც ვალდებული ხარ რამე მომიყვე, მაგრამ ღვთის გულისთვის...
- გეყოფა ეს პათეთიკა. - შემაწყვეტინა ამრეზით და ფეხი ფეხზე გადაიდო. - დასაკარგი აღარაფერი დამრჩა, დრო თავზე საყრელად მაქვს, ბოლოს და ბოლოს მკვდარი ვარ. რასაც გინდა იმას მოგიყვები. მოდი, მოკალათდი. მოხერხებულად მომიჯექი ჩვენს ვარდისფერ ლოგინზე. - გაუბედავად წამოვდექი და გვერდით მივუჯექი. მისმა სიტყვებმა დადებითად იმოქმედა ჩემზე და დაძაბულობაც გამიქრა. - მზად ხარ ინტერვიუს მისაღებად? ინტერვიუ მკვდართან. - მე დამცინოდა თუ თავის თავს ვერ გავიგე. არც მე ვიყავი ინტერვიუს ჩასაფრებული ჟურნალისტი და არც თვითონ იყო უკვდავი ლუი. გამბედაობა მოვიკრიბე და რაც შემეძლო რბილად ვკითხე.
- რა მოხდა იმ დღეს? - თითქოს ვერ მიხვდა რას ვეკითხებოდი. „რომელ დღეს?“ მეკითხებოდნენ მისი გაყინული თვალები.
- ასე არ გამოვა ძვირფასო. ნამდვილად გინდა რომ გაიგო? მაშინ მომყევი, ერთად გავიხსენოთ თუ როგორ დაიწყო ყველაფერი.
გაზაფხულის საღამო იყო. ჯერ კიდევ ბიჭებთან ერთად ვიყავი მინდორში და ნაბეღლავს უზარმაზარი ყლუპებით ვსვამდი. ჩვენი ჩაშლილი გეგმა ნერვების გაცვეთილ სიმებს მირხევდა, როგორც ნიავი ბაბუაწვერას და ისღა დამრჩენოდა იმედგაცრუებული წავსულიყავი ნათესავთან, რომელიც უკვე 24 საათი მელოდა.
- ხომ არ შემოვიდა? აბა შეამოწმე. - უკვე მერამდენედ ვეუბნებოდი დათუნას, ის კი უიმედოდ დაჰყურებდა აიფონის ეკრანს და უარყოფის ნიშნად იგინებოდა. „ერთი არ ასცდეს“ გავიფიქრე ღვარძლიანად იმ იდუმალ „ფოქსიზე“, ინსტაგრამის მეფეს რომ ვუწოდებდით და აკრძალული ხილით ვაჭრობდა. წარმოვიდგინე ჩვენსავით რამდენი აგინებდა და გულზე მომეშვა. თვალები დავხუჭე და ნათლად დავინახე როგორ ჰყავთ ბიჭებს წაკუზული და გრძელ დუბინკას უყრიან პირში. მე უკეთესი მქონდა მისთვის მომზადებული: ტყვია მუხლებში.
- დავიშალოთ? - იკითხა დათუნამ და საწყლად შემოგვხედა. მისი ღამენათევი თვალები დახმარებას გვთხოვდა, მაგრამ ვაი რომ ჩვენც იგივე გვსურდა. არსად არაფერი გვეგულებოდა. უიმეოდობა ქვეყანასა ზედა. უცებ მესიჯი მომივიდა და აღტაცების ბგერები უკანვე ჩავიბრუნე. ჩვენი საერთო დაქალი მწერდა, ეტყობოდა გუშინდელზე გამწარებული იყო პონტიდან რომ მოტეხეს და მხოლოდ მე მეპატიჟებოდა. „ჩემებთან ერთად ვარ. მაგათ უთხარი რომ ბეზპონტა მნახულობ და დაუტყდი. თუ ესენი გავისტუმრეთ, მერე მივწეროთ მაგათ. ოღონდ თუ ბ.ს მაინც გაჩითავენ”. აძგერებულ გულზე ხელი მივიდე რომ არ ამომხტარიყო და ბიჭებს სხვათაშორის ვუთხარი - იმან მომწერა, რას შვებით, რამე ახალი ხომ არ არისო...
- ეგეც ჩვენ იმედზეა ტო, მიწერე, მშივრები ვიშლებითო.
- კაი. - ჩავილაპარაკე რაც შემეძლო დანანებით და მაშინღა გამახსენდა ბოლო კაპიკები გადავიხადე ნაბეღლავსა და სიგარეტში. ჩემი ბიუჯეტი ცარიელი ბაკივით დადუმებულიყო და წითელი მქონდა ანთებული. - ფისო, ძალიან მრცხვენია, მაგრამ ფული არ მაქვს და შეგიძლია ხვალამდე ხუთი ლარი მასესხო ტაქსით რომ მოვიდე? - მივწერე მართლაც გაწითლებულმა. ჯერ კიდევ მძულდა ფულის სესხება და არც მახსოვდა მსგავსი შემთხვევა. ძირითადად მე ვიყავი გამსესხებელი, რომელსაც აღარ უბრუნებდნენ ვალს.
- ჩემი ბიჭი გადაგიხდის. - მომივიდა პასუხი და მაშინვე მეორეც მოჰყვა - მაგათზე არაფერი დაგცდეს აქ და დროზე მოდი ჩვენს ბარში. ხუთ წუთსაც ვერ დაგელოდებით. - ტაქსი ზოზინით გავაჩერე, არ მინდოდა დამშეული საზოგადოება მხიარულად დამეტოვებინა და ეფიქრათ რომ რაღაც გამეჩითა. ჩემი მხრიდან უსინდისობა იქნებოდა. არასოდეს მოექცე სხვას ისე, როგორც თვითონ არ გესიამოვნებოდა რომ მოგქცეოდნენ. ჩემი დევიზი იყო და მეტ-ნაკლებად ვიცავდი ამ წესს. მერსედესის უკანა სავარძელზე კომფორტულად მოვეწყე, მაკიაჟის დრო იყო. დამეთანხმები, ადვილი საქმე არ არის მოსიარულე მანქანაში მინი სალონი შემოსცხო. მითუმეტეს როდესაც თბილისში მგზავრობ, სავსებით შესაძლებელია ოთხივე მხრიდან დაგეჯახოს ავტომობილი ან მძღოლმა მკვეთრად დაამუხრუჭოს უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად და შენც ამ დროს ნახევრად მოხატულ თვალში ითხარო ფუნჯი. ანდაც კარგად გათლილი ფანქარი გაირჭო მოკონტურებულ ტუჩში. უმჯობესია ეს ყველაფერი მანამდე გააკეთო, სანამ მგზავრობას გადაწყვეტ, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრება დაუგეგმავი რამაა და ჩვენც ხშირად გვიწევს ბეწვის ხიდზე გავლა. ესეც რომ არ იყოს, რა სჯობია რისკზე გავლით მოპოვებულ ნადავლს? ხოდა მეც შევუდექი სამზადისს. მართალია, გარეული ცხოველის ხორციც უჩემოდ შეეწვათ და ბოსტნეულიც შემოელაგებინათ გარშემო, მაგრამ როდესაც ასეთ საქმეზე მიდიხარ ყოველთვის ფორმაში უნდა იყო. შეიძლება სწორედ იმ მონადირეს გადაეყარო, რომელსაც ნადირობიდან ჩუმად აქვს ტახის ბარკალი გადანახული, რაზეც უარს ვერ ეტყვის ტყის ნიმფას. ამისთვის კი საჭიროა მითიური არსებასავით ლამაზი და იდუმალი იყო. არ უნდა გადაამლაშო. თუ გინდა საწადელს მიაღწიო მკაცრი წესებით უნდა იმოქმედო. ვულკანიცით აფრქვიო ვნება, მაგრამ ახლოს არ მოუშვა. ზედმეტი სიახლოვე ყველაფერს აფუჭებს და შესაძლოა დაუკმაყოფილებელიც დარჩე. იყო სექსუალური მაგრამ არ გქონდეს სექსი. ისეთივე დოზებით უნდა შეასვა ქალური დარიშხანი, როგორც გაფუჭებული ონკანიდან მონოტონურად ჩამოწანწკარებული წვეთები. ახლოს თუ მივიდა მებადური ქალთევზასთან და მისი შემაძრწუნებელი სახე დაინახა, ის უკანმოუხედავად გაიქცევა, მის სიმღერას ყურს აღარ დაუგდებს და თევზ-ქალს მშიერს დატოვებს. როგორც უკვე ვთქვი, უჩემოდ მოეპოვებინა „დაქალს“ საუნჯე, მაგრამ მაინც არ მაწყენდა ვყოფილიყავი სასურველი. უკანასკნელი შტრიხი, თმის გადავარცხნაც დავასრულე, რის გამოც მძღოლის მწყრალი მზერა დავიმსახურე სარკიდან და მივწერე გამოსულიყო. თმის დავარცხნა სხვის მანქანაში, მითუმეტეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში უზნეობაა, არ ვუარყოფ, მაგრამ აბა ახალგაზრდა ყოფილიყო მძღოლი, მაშინვე გამომელაპარაკებოდა და უფრო თამამი ნომერსაც მთხოვდა. ეს კი ასაკიანი, ცხოვრებისგან გაბოროტებული იმპოტენტი იყო, რაც იმას ნიშნავდა რომ მისგან არც უფასო მგზავრობის იმედად უნდა ვყოფილიყავი და არც უბრალოდ კეთილი სურვილების. მის ბაგეს არ დასცდებოდა არც მხიარული ამბები, არც ანეგდოტები და ჩასვლისთანავე ერთი-ორს შემომიკურთხებდა როგორც გადაგვარებული, უზნეო ახალგაზრდობის წარმომადგენელს. მოგვიანებით თავის ასაკოვან ბიჭ-ბუჭებთან დანანებით დასძენდა, „ჩვენ დროს სად იყო...“ ასეთების დროს ხომ უმცროსმა უფროსი იცოდა, ცოლს კი თავი ძლივს უჩანდა საბნის ქვეშ. გრძელი საღამური წელამდე ასწეოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა რა ფერის ება ქმარს. აბა როგორ, იმნაირი კი არ იყო რომ შეეხედა, ან ღმერთი გასწყრომოდა და ხელით შეხებოდა. მოკლედ, ეს ჩემის პატიოსანი დავაიმედე, ამ წამსვე გამოვლენ მეთქი და ბარისკენ გავიხედე. სულ რამდენიმე საათში ათუხთუხდებოდა ეს ცოდვილი ადგილი. ალკოჰოლიკები ჯერ სამშობლოს სადღეგრძელოს შესვამდნენ შემდეგ კი რომელიღაც დავინტულს აუშარდებოდნენ, რამდენიმე ჭიქის ან ბოთლის თავზე გადამტვრევის შემდეგ ღამეს საავადმყოფოში გაათენებდნენ, უკეთეს შემთხვევაში კი სახლში დაბრუნდებოდნენ ცხვირ-პირ ჩამტვრეულები. ან იმაზე უფრო სულელურად მოიქცეოდნენ, ვიდრე იყვნენ და საჭეს მიუსხდებოდნენ სხვების გასაუბედურებლად. საცეკვაო მოედანი იქ სადაც მოზრდილი თაგვიც ძლივს მოიქნევდა კუდს დაექსტაზებულებს ეკუთვნით, რომლებიც ფიქრობენ რომ ცეკვავენ. არადა უყურებ და ვერ გაგირკვევია რას ჩალიჩობენ. რაღაც შუალედურია აფრიკულ როკვასა და ზომბების სიარულს შორის. მათი ყურება თუ მოგბეზრდა, შეგიძლია გვერდით გაიხედო. იქ აუცილებლად ისხდებიან ერთი შეხედვით, დაქლიავებულები. მრავალი მათგანი საათობით ზის ერთ პოზაში. ბუდასაც კი შეშურდება მოწეულების სიმშვიდე, უმოძრაობა თუ ბრძნული გამომეტყველება. მათ მხოლოდ იმ დროს ახსენდებათ ერთმანეთის არსებობა, როდესაც მოესურვებათ აღიარონ რომ „მაგარია“, ან „ბოთლი სად არის“? ამ უკანასკნელის შესასრულებლად ყანაგამთოხვნელებივით წამოდგებიან, დაღლილ-დაქანცულები, თუმცა თვითონ ეგონებათ რომ ქორებივით წამოფრინდნენ და სულელურ-კეთილი ღიმილით შელასლასდებიან საპირფარეშოში. ისინი შეიძლება კარგა ხანი ვეღარც დაბრუნდნენ ბარის ტუალეტიდან. გააჩნია რა ექნებათ, დალოცვილი, პაპის დაკოჟრილი ხელებით მოყვანილი მცენარე თუ ეშმაკის ჩლიქებიდან წათლილი ბიო. ხოდა, თუ ვერ ერთობი და ისღა დაგრჩენია სხვები ათვალიერო, მაშინ დაბოლილებს ნუღარ დაელოდები. გვერდით გაიხედე და აუცილებლად იპოვი თავის შესაქცევისა რა მოგახსენო და დროის მოსაკლავს მაინც. ერთი შეხედვითვე გამოარჩევ სხვებისგან თვალებდაჭყეტილებს. სახე ისევე ულაპლაპებთ, როგორც აჭარის პლაჟზე გაწოლილ თბილისელ გოგოს ჯონსონ ბეიბით დაზეთილი ფეხები. ცდები, თუ გგონია რომ სიცხისგან ჩამოსდით ოფლი. პირიქით, ჯოჯოხეთის ცეცხლი უდუღთ გულში და კავკასიონის მთაზე გაკრულნი სიცივისგან იყინებიან. მკვეთრი, არაადეკვატური მოძრაობები, შეშინებული, დამფრთხალი მზერა - მიმტანი, დინამიკი, კაცი თუ ქალი ყველაფერი შიშს იწვევს მათ დაბინდულ გონებაში. და თუ ასეთი სიმპტომებით ვინმე შენიშნე, თუ ოდნავ მაინც მიამსგავსე საგიჟეთიდან გამოპარულ ქმნილებას, რომელსაც ჰგონია რომ ყველა მის წინააღმდეგაა, დარწმუნებული იყავი რომ მას ფხვნილი აქვს მიღებული. გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად ერთ მოყუდებაზე ცლიან ნახევარ ლიტრიან წყალს და აღგზნებულები ტკბებიან სამყაროს ბნელი ნათებით. აი, ცოცხალი მაგალითიც. კარები გაიღო და გამოჩნდა ჩემი დაქალი თავის მენტ საყვარელთან ერთად. ერთი შეხედვით, ორივე არხეინად მოაბიჯებდა. არც ყველა კუთხე კუნჭულიდან ელოდნენ საფრთხეს და არც „დაიზმენებულები“ ჩანდნენ, მაგრამ მე რას გამომაპარებდნენ, იმ ვამპირებივით მოაბიჯებდნენ, რომლებმაც მსხვერპლს დაადგეს თვალი. სწრაფი მუხლი და გადამეტებული ფორიაქი. წამიც და უკვე მანქანასთან იდგნენ. კარები ვაჟკაცმა გამიღო და გადამკოცნა სველი სახით. შვებით ამოვისუნთქე, პირველმა ეტაპმა მშვიდობით ჩაიარა მეთქი, მაგრამ კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო. ამ ჩემის მენტს საფულე ისე უჭირავს როგორც სირაქლემას ცხელი ფინჯანი და წარმოდგენა არ აქვს რა ხილია, ან საიდან გაჩნდა მის ხელში. დავიტანჯე მისი შემყურე, მარა რა ვქნა, ძვირფას ტყავიან საფულეს მე ხომ არ გამოვაბრდღვნი ხელიდან (სულ მეორედ ვხედავ) და მე ხომ არ დავიწყებ ხელის ფათურს მის პირად ნივთებში. იქნებ პრეზერვატივებით აქვს საფულე გამოძეძგილი, უხერხულ მდგომარეობაში ხომ არ ჩავაგდებ ამ ჩემს ვითომ დაქალს. ზუსტად არ ვიცოდი რამდენი წუთის წინ მიიღეს ესოდენ ძვირფასი ფხვნილი, მაგრამ აშკარა იყო რომ საფულეში იყურებოდა და ფულს კი ვერ ხედავდა. ზუსტად ათი, თხუტმეტი წამით გაშეშდა, სანამ მძღოლი არ აჯაჯღანდა, ეგონა, გადაგდების მსხვერპლი გავხდიო. მაშინ კი დურთა გოგომ თავი მეგობარი ბიჭის საკუთრებაში და ტკიცინა ათლარიანი ამაყად გაუწოდა გაღიზიანებულ ბერიკაცს. ჰმ, ცუდი არ იყო ორმაგი გასამრჯელო, მაგრამ ვიცოდი რომ ამჯერად უფრო მეტი გინება წამოვიდოდა ჩემი მისამართით ვიდრე მანამდე, სანამ ჩემს უცნაურ მეგობრებს გაიცნობდა. თუმცა, არ მაღელვებდა, ერთი არ აგცდეს მეთქი, გავიფიქრე და მაინც გზა დავულოცე.
- ფხიზელი ხარ ფისო? - მკითხა თავად ფისომ შავებში რომ გამოწყობილიყო და თითო ხუთკილოიანი ჯიქანი ღრმა დეკოლტეში უთანთალებდა სიარულისას. მე ვერ მოვაცილე მზერა და წარმომიდგენია მამრები რა დღეში ჩაცვივდებოდნენ ამ ვეშის დანახვაზე. ზოგს თვალები აუვიდოდა კეფაზე, ზოგსაც...
- შემომხედე რას ვგავარ და მიხვდები. - ვუპასუხე შესაბრალისად და შემოთავაზების მოლოდინში გავინაბე.
- სლავი ხარ? - დაინტერესდა დიადი სიძე და უტიფრად შემათვალიერა, რაც მხედველობიდან არ გამოჰპარვია ეჭვიან საპატარძლოს და ჩემს მაგივრად უპასუხა.
- სლავი არა გეიშა. საქართველოს მთის შვილია. მაგრად ევასება კაიფი და ვერ იტანს სექსს. თვეში ერთხელ იპარსავს ფეხებს და მაგის თეთრეულში ტანგას ვერ იპოვი. მიკი-მაუსის როჟიანი ტრუსებით დაძრწის. - ჰმ, ეჭვიანობაც ამას ჰქვია, გამასაზიზღრა. ტრუსები ჯანდაბას, მაგრამ ჩემს ჰიგიენას შეეხო, ბინძური გამომიყვანა. სულელურად გავიღიმე, უნდა ამეტანა სანამ იმას მივიღებდი რაც მინდოდა. ახარხარებულმა მენტმა კიდევ ერთხელ ჩამათვალიერა მწვანე, ბინძური თვალებით და თავის ტურფას ხელი გადახვია.
- ამსიგრძე ფეხების გაპარსვას კი უნდა ერთი თვე. ცუდია სექსი რო არ ევასება, ვიფიქრე არატრადიციულს შევთავაზებდით. - თავის სიტყვებზე გადაიხარხარა და გულზე მომეშვა ფისოც რომ აჰყვა. უხეიროდ „შუტკაობდნენ“.
- ხომ არ გეწყინა? - უკვე კარებთან მისულები ვიყავით ფისოს ჩემი სათუთი გრძნობები რომ გაახსენდა და დედობრივი სიყვარულით მომეფერა თმაზე.
- ღადაობ? მესმის ხუმრობა.
- არა, არა ძალიან უხეშად გამომივიდა. ბოდიში რაა? მაპატიე, გული გატკინე ხო შენს გასაპარს ფეხებზე რო ჩამოვაგდე სიტყვა...
- არა, ფისო, ვიცი რომ იხუმრე. რა მეწყინა, გაგიჟდი? - ნაზად გავუღიმე და მეც ხელზე მივეფერე. რა აზრი ჰქონდა სიმართლის თქმას, რომ უტაქტო იყო. ფხიზელიც ვერ გაიგებდა არამც თუ ასეთი გასული. ტკბილად რომ არ მეპასუხა შეიძლებოდა აღგზნებულს ტირილიც კი დაეწყო. მართალია, რამდენიმე საათის შემდეგ მაგრად დამიკიდებდა თუ საერთოდ ვემახსოვრებოდი, მაგრამ მანამდე არც ათვითგვემა და არც ისტერიკა იყო გამორიცხული. როგორც იქნა მივაღწიეთ V.I.P. მაგიდასთან, სადაც ორი ტიპი და ერთიც აშკარად ჩვენზე ასაკიანი ქალი გველოდა. ლამაზი არ ეთქმოდა, მაგრამ არა უშავდა. თავისზე ათი წლით უმცროსი ბიჭის გული დაეპყრო და მე ვინ ვიყავი არ მომწონებოდა? დავჯექი თუ არა, მაშინვე მივხვდი რატომ დამპატიჟა ფისომ. ლევანჩიკა მარტო რომ არ ყოფილიყო. მოგატყუებ თუ გეტყვი სიმწრისგან კბილები ავაკრაჭუნე-მეთქი. ფისო ყველაფერზე იყო წამსვლელი და მისგან არაფერი არ უნდა გამკვირვებოდა, ისევე როგორც არ უნდა მწყენოდა ვირისგან წიხლი. კნუტის ტყავში გამოკრული, ელიტარულ სალონებში ნათრევი ვირი იყო და მეტი არაფერი. ხანდახან ვჭირდებოდი და ამიტომ მისწორებდა. ხოდა ამის გამო მეც რაღაც-რაღაცებზე ვხუჭავდი თვალს. კერძოდ, მის უზრდელურ, უტაქტო გამოხტომებზე. ვიღაცასთან დაწოლას ვერ მაიძულებდა. ჯერჯერობით არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა და იმედი მქონდა რომ მასე შორსაც არ წავიდოდა. თუ წავიდოდა, თუ წავიდოდა... ჰიჩკოკი მონაგონი იქნებოდა ისეთ ჩიტს დავაჭერინებდი.
- ესეიგი, კაიფი გევასება. - ჩაილაპარაკა ლევანჩიკამ თავისთვის და მაშინღა მივხვდი მე რომ მეკითხებოდა, როდესაც ჩაწყლიანებული თაფლისფერი თვალები მომანათა. რელაქსირებული, მშვიდი. ნერწყვის ხშირად გადაყლაპვას თუ არ ჩავთვლით, არაფერი აწუხებდა და ნეტარებაში იყო. ჩემი დასკვნით, სუბო ჰქონდა მიღებული. მის მზერას კი არ ვხედავდი, ვგრძნობდი და ჟრუანტელმა დამიარა. იყო რაღაც მასში. მამაკაცური და ცივი. ასეთი ტიპები იშვიათად იციანიან და ღიმილი საშინლად უხდებათ. იმდენად მომეწონა რომ არ მინდოდა ხმა ამოეღო, მეშინოდა სხვებს არ დამსგავსებოდა, გულის გამაწვრილებელი შებმა არ დაეწყო და წუთები დამეთვალა როდის მივიღებდი ჩემსას რომ მაშინვე „სახლიდან დაერეკათ. გასაღები არ გვაქვს და შენ გელოდებით“, ან მსგავსი ზღაპრები და „ნირწამხდარს“ დამეტოვებინა სასტავი.
- სხვა შემთხვევაში, აქ არ ვიქნებოდი. არ მიყვარს ხმაურიანი ადგილები. - ისევ რაღაც მკითხა მაგრამ ვერ გავიგე. გამეორება რომ ვთხოვე, იფიქრა, შინაარსს ვერ ჩავწვდი და ახსნა-განმარტება მოაყოლა.
- რომელს ანიჭებ-მეთქი უპირატესობას, დობრი თუ მოსახოდი?
- მძიმეს. - ვუპასუხე მოკლედ, იმის იმედით რომ გასაგები ყოფილიყო მისთვის, ღლაბუცს არ ვაპირებდი კაიფის დროს და თავი შორს დაეჭირა. ჩემდა გასაკვირად, გაეღიმა. ისევ ჭიანჭველებმა დამიარეს კანზე. იქნებ ლომკის ბრალი იყო სხეულში მიმდინარე ცვლილებები და არა იმისი რომ უფრო და უფრო კარგ ტიპად მეჩვენებოდა? მშვიდად წამოდგა და ორი სიტყვა მომიგდო:
- წამომყევი, მანქანაში დაველოდოთ. - არც კი მოუხედავს უკან მივყვებოდი თუ არა. გასასვლელისკენ წავიდა. გავოგნდი. თითქმის 5 წუთი გვქონია დიალოგი და ჯერ ვერც ერთ კატეგორიაში ვერ მიმეჩინა მისთვის ადგილი. კიდევ უფრო გავოცდი, როდესაც ცუციკივით წამოვხტი და უკან ტუსტუსით გავყევი.
- ესეიგი, მძიმე კაიფი გევასება. - თავი დავუქნიე და ნებართვა ვითხოვე:
- მანქანაში ეწევი? - მეორედ გამიღიმა.
- იცი შენნაირად რამდენს უთქვამს რომ მაგრად იტანს და ხელში ჩამკვდომია. მაგის მერე დავიფიცე რომ გოგოს ბიოს აღარ მოვაწევინებ.
- ბიო ჩემი ბიჭია. - სიცილი ბანის ტემბრით. ყურადღება არ მივაქციე და დანანებით ავღნიშნე - გული მწყდება რომ „მიწას“ ვერ მოვესწარი. - მიჩვეული ვიყავი დაცინვას მანამდე, სანამ „საქმით“ არ დავამტკიცებდი. ამისთვის რომ მეთქვა, ვერავინ მიქაჩავს მოსაწევში მეთქი ხომ ცხენივით აჭიხვინდებოდა. დასასრულს კი ცრემლებს მოიშორებდა თვალებიდან და დასძენდა, „რა ფანტაზიორშა ყოფილხარო“.
- მერე რას გიშვება ბიო, ასრულებს ქმრის მოვალეობას? - ოპააა, პირველი ნაბიჯი ფლირტისკენ. ფლირტი ეს ისაა რაზეც ყველა ქალი გიჟდება. გაცილებით უფრო მწველი და ვნებიანი, ვიდრე სექსი. არ ავყევი, ჯერ ადრე იყო.
- ეგ ბევრ რამეზეა დამოკიდებული.
- მაინც რაზე?
- პარტიაზე და ალბათ ფერზე.
- ალბათ? რატომ მეტიპები? აზრზე არა ხარ რას ნიშნავს მძიმე კაიფი. ერთხელაც გაკრიჭავ და თუ გამოხვედი, იტყვი რომ აღარასოდეს გაეკარები. შეეშვი ბიოს, მაგის მომგონის დედასაც შევე.ი, მოწიე ნატურალური...
აჰა, დაიწყო ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად მძულდა. დარიგებ-ჩაგონებისა. ყველაზე სასაცილოა როდესაც არ მოწიოზე თვითონ მომხმარებელი გიბურღავს ტვინს. კიდევ უარესია იმისგან, ვისაც არც კი გაუსინჯავს და დებილი გამოყავხარ, „მაგით როგორ ინადგურებ ჯანმრთელობას, უბრალოდ აღარ გაეკარო და მორჩა“. ტაშიიი! არ გაეკარო კარგია. ასეთი ადვილი რომ იყოს, მსოფლიოს ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს მაინც არ გამოაკლდებოდა ერთი ნარკოდამოკიდებული.
- მისმინე ლევან, ბოდიში რომ გაწყვეტინებ სიტყვას, მაგრამ ეგ ყველაფერი უკვე გავლილი მაქვს. არც კრიჭა მიკვირს, არც გულის გაჩერება და არც დუჟი. მეც არაერთი მომიბრუნებია იმ ქვეყნიდან. თვითონ ნახევარი საათი ვეგდე მკვდარი კრუნჩხვების შემდეგ ერთი ნაპასი ბიოსგან, ასე რომ, ჩემთან აზრი არ აქვს. თუმცა, გთხოვ უმადურობაში არ ჩამითვალო. ვიცი, კარგი გინდა ჩემთვის. უბრალოდ, ტყუილად დაიღლები. ქეში ვარ და ბევრიც მიფიქრია ამ ყველაფერზე. გეთანხმები, ჩემდა თავად ბიოს მიმცემის დედაც, როდესაც ისეთს სთავაზობ, რომელსაც არც კი გაუსინჯავს. მეტიც, თუ დარწმუნებული არ ხარ რომ მაგრად იტანს და მაგ ნაგავს აწევინებ, უგულო ხარ, ცივსისხლიანი მკვლელი. - ჩვენი შეხვედრიდან პირველად შევნიშნე რომ მისმენდა. არა როგორც კაცი ქალს, არამედ ადამიანი ადამიანს. - იმის მიუხედავად რომ ძალიან მიყვარს კაიფზე საუბარი, თავგადასავლები, როგორიცაა გადაყირავება, გასვლა, ძაღლები, ამბები ასტრალსა თუ მოსავლიან ტყე-ბოსტნებზე, ჰიბრიდებზე, ჯიშებზე, ხელნაკეთ თუ ქარხნულ ხელსაწყოებზე, მაინც თავს ვიკავებ ხოლმე ისეთ ადამიანთან დიალოგზე, რომელიც არ მიცნობს, რადგან ვფიქრობ რომ ვერ გამიგებს. ხალხს არ ესმის ის რომ ნარკოტიკი ხელოვნების ის დარგია, რომელსაც თავი არ უნდა შესწირო. მართალია, სწორედ მაშინ დავიწყე მოწევა, როდესაც გავცოცხლდი...
- რომელი ბიო მოწიე?
- არ ვიცი. გასინჯული არ მქონდა არაფერი სიგარეტისა და ალკოჰოლის გარდა, ხოდა იმ რეგვენს ალბათ ეგონა რომ კარგს მიკეთებდა. მომატყუა, ნატურალურიაო და ჩემს ყველაზე ბნელ შიშებში გამჩითა. ხუთი კაცი მიჭერდა თურმე და ვერ ახერხებდნენ სადარბაზოდან სახლში შეეტანათ ჩემი მოფართხალე სხეული. დუჟი, კრიჭა, სიკვდილი, დიალოგი ეშმაკთან. და... იცი რა ვთქვი როდესაც თვალები გავახილე ჩასისხლიანებული ტუჩებით და გახეთქილი წარბით დამშვენებულმა?
- რა?
- „რა მაგარი იყო“. მაგ დღიდან გადავწყვიტე რომ ჩემი სამყარო ვიპოვე. აი ასეთი ჭკუანაკლული ვარ.
- არა. - ჩაილაპარაკა თავისთვის და ბოლი ნესტოებიდან გამოუშვა - ჭკვიანი მაზოხისტი ხარ.
- რაც შეეხება ბიოს თვისებებს, სხვებზე კარგად თუ არა, ნაკლებად მაინც არ ვიცი რომ ტვინის კიბოს აჩენს, უშვილობას იწვევს. წამიერ თუ მარადიულ გადაყირავებებზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ რა ჯანდაბა გავაკეთო, როდესაც ნატურალური არ იშოვება? ნუ, მე ვერ ვშოულობ. რა ჯობია ისეთ ბალახს მინიმუმ ორი საათი რომ გიწევს ბრძოლა გადარჩენისთვის, მაშინ როდესაც ბიოს ხუთი წუთი გაუძლებ და სრულიად ფხიზელი იჩითები, თითქოს არც არაფერი მოგიწევია წუთის წინ. ეგეც რომ არა, მოწევ ბიოს და სუფთა ხარ. აი ბალახი კი სხვა თემაა. წაგიყვანენ, მოგაფსმევინებენ და გამოემშვიდობე ხუთას ლარს. ვინიცობაა მეორედ, ან მესამედაც ჩაგავლეს რომ ნასამართლევი ევლინები სამყაროს. ციხე, მხოლოდ იმიტომ რომ ტყეში მცენარე მოწყვიტე და მოწიე. გალიაში გამწყვდევენ ცხოველივით. მარჯვნივ პედოფილი, მარცხნივ შვილის მკვლელი და წინ ტერორისტი. როგორია? და შენც დაქლიავებული იყურები ჭერში, თითქოს იქ ეძებ ღმერთს რომ ჰკითხო, რისთვის კი მარა, სადაა სამართალი?
- რამდენი წლის ხარ? - ერთიანად დავდუმდი. ამდენი ვილაქლაქე და ტიპი რას მეკითხება. – 24 წლის გოგო იზმენით რომ კაიფობს, ცოტა უჩვეულოა. ნარკოტიკი ხომ იმისთვისაა რომ გაერთო. გოგოები ასე არ ფიქრობთ?
- თუ მიგაჩნია რომ შენი თეორია მართებულია, მაშინ ჩათვალე რომ არ ვარ გოგო. - ავიჭერი, არაფერია იმაზე უარესი როდესაც ერთ ქვაბში გხარშავენ „ყველასთან“ ერთად. - მაინც ვერსად გავექეცით ხო დრომოჭმულ ტრადიციებს, ქალი ვიცით „კუხნაში“ და „კრაოტში“. პრინციპში, ეს მხოლოდ თქვენი ბრალია არაა, მოდაში შემოვიდა ისეთი ქალი რომელიც ხმამაღლა ამბობს რომ ომლეტს შესანიშნავად აკეთებს და მოსწონს როდესაც ხაჭაპურის თითხნის დროს მაგიდაზევე ჟიმავს ქმარი.
- ეგ ჩინებულია. - მიპასუხა გაცისკროვნებულმა და მის ხმაში გამკრთალმა სარკაზმა გამაცოფა. - მაგრამ შენ ისე ქადაგებ, თითქოს ყოველ დღე ხინკალს ახვევდე.
- ხინკალს ვერ ვახვევ, მაგრამ ცომის გაბრტყელება მაინც შემიძლია. არ ვხარშავ ხაშლამას რადგან ვფიქრობ რომ ეს კაცის საქმე უფროა, აი რაც შეეხება ჩემს საყვარელ წვნიანებს ბორშს, ჩიხირთმას, ქათმის ბულიონს, ჩახოხბილს და ბრინჯს ან სპაგეტს ხორცით, იმაზე უფრო ხშირად ვამზადებ ვიდრე წარმოგიდგენია, ასე რომ, შენი სარკაზმი სხვებისთვის შემოინახე.
- მოიოხე გული? - მკითხა ისევ ღიმილით, მგონი არ დამიჯერა.
- ყველა იმას იღებს კაიფისგან, რაც უნდა. ფისო და მისნაირები გასართობად ეტანებიან სხვა და სხვა ნარკოტიკს, ზოგიერთი მხოლოდ განტვირთვას პოულობს სამსახურიდან დაღლილ-დაქანცული რომ ბრუნდება და ტარიანს დაითრევს, აი მე კი გასვლა მომწონს, ტრანსის მდგომარეობა. ქვეცნობიერში ფუთ-ფუთი. დიდი ბოდიში რომ საქართველოში დავიბადე ქალად, რომელსაც უფლება არ აქვს იკაიფოს მხოლოდ იმიტომ რომ ძლევამოსილი კაცი არ არის. მოკლედ, დავიკიდოთ, მალე მოვლენ ისინი?
- რატომ მეძაბები მშვენიერო ფემინისტო...
- არაა, ფემინისტი არ ვარ. ამასთან კი რა შუაშია და პლატონურ სიყვარულზე ანეგდოტი მოგისმენია?
- არა, გამოუშვი.
- კაცს ეკითხებიან, რას ნიშნავს პლატონური სიყვარულიო, ის კი პასუხობს, აი შენ რომ გიყვარს და პლატონა ტ..ავსო.
- მაგარი გამიძრე. - მითხრა სიცილისგან გული რომ იჯერა. - და შენ რას ფიქრობ მაგაზე?
- წარმოდგენა არ მაქვს.
- ეგ როგორ?
- ქალიშვილი ვარ. - მისმა სიცილმა ყურები გამომიჭედა. სხვას არც ველოდი.
- რა სტრანნ რაღაცეებს მიძრობ. გამამხიარულე... მაგარი ტიფშა ხარ, ტო. რომც არ იყო ქალიშვილი მაგას რა გათქმევინებდა, არა? იმის შიშით რომ არ მეფიქრა, აქ რა „სოჩიკი“ დაუწერს მეთქი და არ გადამეხიე შუაზე. - ისე აგვიტყდა სიცილი როგორც დაბოლილებს და ვეღარ ვჩერდებოდით. მიხაროდა რომ ჩლუნგი არ იყო და რაღაცეები ესმოდა.
- მიდი, გადამიშალე გული.
- რა მოგიყვე, ვსტუმრობ თუ არა პორნო საიტებს? თუ როგორ ვიკმაყოფილებ მოთხოვნილებებს?
- არაა, მეღადავები? მთელი ყოფილხარ და ის კი არა ვარ გაგაფუჭო... - ისევ სიცილი აგვიტყდა. ღმერთო!!! კატასტროფულად უხდებოდა სიცილი. რომ შემძლებოდა ტელეფონში ჩავიწერდი რომ ყოველ დილით მის სიცილს გავეღვიძებინე და საუკეთესო განწყობით დამეწყო დღე. - შენი ეროტიკული თავგადასავლები არ მაინტერესებს. რა მუღამს უჭერ მძიმე კაიფს?
- სიკვდილს ვეჩვევი. მესმის, რომ არასწორი მიდგომაა და ნარკოტიკისგან სიამოვნება უნდა მიიღო, მაგრამ...
- არა, რატო, შენ არა თქვი, ყველა იმას იღებს ნარკოტიკისგან რაც უნდაო? - ჩაილაპარაკა თავისთვის და მომეჩვენა რომ დაფიქრდა. – LSD გასინჯული გაქვს?
- კი, მაგრამ ვერ დავამუღამე. იქნებ არც იყო ნამდვილი. MDMA-ს არც გავსინჯავ. უკვე ვიცი რომ საჩემო არაა. არც ჰეროინი. არც სუბო მომეწონა. არასოდეს გამისინჯავს ტაბლეტები გაბა-გამა და მისთანები. და გაცნობის გარეშევე მძულს. კოკაინის მიღება ყველას ოცნებაა და იმედი მაქვს ავიხდენ. თუმცა, კოკაინზე ძალიან სოკოები მაინტერესებს.
- გასაგებია. - ჩაილაპარაკა უცნაური ღიმილით და უკვე დაუფარავად შემათვალიერა. - შენ არ ხარ ქმრის ერთგული...
- სიგიჟემდე მიყვარს ბალახი, მაგრამ მეტოქე გამოუჩნდა, რაც ის ფხვნილი გავსინჯე.
- იასნა. სიჩუმე, მარტოობა, ჰალუცინაციები და ქვეცნობიერში ძრომიალი. შენი ჭეშმარიტი სამყარო გაჩითე.
- ჰალუცინაციები? - მეგონა სოკოებს გულისხმობდა მაგრამ არა. თვალები აენთო და სკამზე გასწორდა.
- მაიცა, მაიცა. იყნოსავ თუ ჩხერაობ?
- არასოდეს გამიყნოსავს. სამწუხაროდ მაგდენი არასოდეს მქონია. 6 თვის წინ მივიღე პირველად და დღეს მეექვსე იქნება. ჩხერაობის მეექვსე ან მეშვიდე დღე.
- ღადაობ ტო? მეექვსედ უნდა გაიჩხირო და ფისო შენზე ამბობდა გიჟიაო? - ისე ეწყინა თითქოს ოჯახის წევრის გარდაცვალების შესახებ შევატყობინე. არა, კი არ ეწყინა, შეეშინდა. არაუშავს, დავამშვიდებდი.
- ხო მარა ძალიან მიყვარს და მაგრად ვიტან, ალბათ ამიტომ თქვა გიჟიაო.
- წეღან დაიბენი ჰალუცინაციები რო ვახსენე... რა ფერია სითხე როცა იკეთებ?
- მე ვერ ვიკეთებ, მაგრამ ძალიან მინდა ნემსის გამოყენება ვისწავლო...
- გასწავლი. იმიტომ არა რომ კაი ტიპი ვარ. პროსტა ნახე რა დღეში გაქვს ხელები... ვინ გიჩხირავს ესე უნიჭოდ, არ ეცოდები მაინც? რა ფერია მეთქი წამალი...
- ვაა, ჩაგვრიტდით? - ლევანის კითხვა უპასუხოდ დარჩა, რადგან ვერც კი გავიგეთ როგორ დაგვადგა თავზე მთელი შემადგენლობა, სულელურად მომზირალნი.
- სად არ გეძებეთ, ტო, ერთი სიტყვით მაქინც გეთქვათ რო გადიოდით. რამე ხო არ მიქარეთ? - უფრო და უფრო ანტიპათიურად ვიმსჭვალებოდი სასიძოს მიმართ.
- ხომ ვთქვით რო ერთად მივქარავდით. დავიძარით? - გამოცოცხლდა ლევანი და ძრავა ჩართო. დავიძარით.
- ახლოს გაიცანით ერთმანეთი? - სარკაზმს ყურადღება არ მივაქციეთ. ლევანჩიკა მიჩვეული იქნებოდა ძმაკაცისგან მსგავს ბრიყვობას, თვითონ რომ ხუმრობა ეგონა და მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით დაუქნია თავი.
- დღეს განსაკუთრებული ხილი უნდა გაგასინჯოთ ფისო. - უკანა სავარძლიდან გადმომძახა სიძემ და თავის გოგოს მიუტრიალდა - რას იტყვი, ავაყირაოთ?
- ნუ აშინებ. - ზერელედ დამიცვა და მაისური გამოიწელა, ვითომ სიცხისგან. ჰმ, ქალური ხრიკი. მე რა უნდა გამომაპაროს, ეჭვიანობს და აღარ იცის როგორ გაიტყლარჭოს სექსუალური რომ გამოჩნდეს. ერთხელ უკვე ვუთხარი ყველა ისეთი ქალის დედაც, რომელიც დაქალის კაცზე გაიწევს მეთქი. მომიწევს კიდევ გავუმეორო სახეშეცვლილი ფორმით. ყველა ისეთის დედაც, რომელიც დაქალზე იეჭვიანებს. აი ამ სიტყვების შემდეგ მომიწევს სამუდამოდ დავემშვიდობო.
- არ მეშინია. - დავამშვიდე მარტივად - თუ ჩხერაობ, მაშინ ისიც უნდა დაუშვა რომ შეიძლება უკანასკნელად იღებდე სიამოვნებას.
- მაგრად ევასება ჭკვიანის როლის თამაში. - გაწიწმატდა და ვეღარ დამალა თავისი უადგილო ეჭვიანობისგან გამოწვეული აგრესია.
- კარგი რაა, ეგ რა შუაშია. რა ვთქვი ჭკვიანური. უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი. - ჯერ კიდევ შემეძლო თავის შეკავება. მიზანთან ისე ახლოს ვიყავი, ცოტაც უნდა მომეთმინა მისი არასერიოზული გამოხტომები.
- არა, დაიცა, ათქმევინე ერთი რისი თქმა უნდა. - საქმროც ვეღარ აჩერებდა. დაუძლეველი სურვილი მომაწვა მივტრიალებულიყავი და თავი მეთხლიშა სიფათში. ამაზე იყო ნათქვამი, შარო საიდან მოდიხარო. საიდან და კომპლექსებით დახუნძლული, ეჭვიანი ძუკნიდანო.
- ვაიმე, არაფრის თქმა არ მინდა. აშკარად შენ გამიგე ცუდად. მე ვფიქრობ და მგონი, ყველა მომხმარებელი დამეთანხმება რომ როდესაც ბაიანზე მიდგება საქმე, დარწმუნებული არ უნდა იყო იმაში რომ ყოველთვის გაგიმართლებს. უნდა გქონდეს გააზრებული რომ შეიძლება სავალალო შედეგით დამთავრდეს. არ მეშინია მჭახე ნათქვამია, მაგრამ ეტყობა არც იმდენად მეშინია რომ გასაჩხერზე უარი ვთქვა.
- ხედავ რა ბოროტია. - აფეთქდა თევზზე ოდნავ მეტი ტვინის მქონე - წუთი-წუთზე უნდა გავიჩხიროთ, ეს კი როგორ გვგრუზავს...
- გეყოფა. - მშვიდად უთხრა საქმრომ და ისეთი რამ ამოუშვა პირიდან, გავშეშდი - მართალს ამბობს და ზუსტად ისე აზროვნებს როგორც შეგნებული ნარკამანკა. პროსტა შენ ვერ გაიგებ. შენთვის ფხვნილი მხოლოდ სექსის წინ დაკრული პრელუდიაა.
- ხო გევასება მძიმე კაიფი? - ლამის დამკივლა გაავებულმა - ხოდა ჩათვალე რომ დღეს ისეთს გაგიკეთებთ, აქამდე რაც მიგიღია კაკლის ბოლად მოგეჩვენება. არა ლევანჩიკ? პირადად შენ შესთხარე ჩვენს დრამა ქვინს, ვნახოთ როგორ მოეწონება.
- ბაზარი არაა. - თვალი ჩამიკრა ლევანჩიკამ. სახეზე ეწერა არც თვითონ იყო იმ ქაჯის ისტერიკებით კმაყოფილი, მაგრამ მიჩვეული იყო.
- შესთხარე. - ღვარძლიანად და უკვე მშვიდად ამოთქვა ფისომ. იმ ბავშვის სახე ჰქონდა ბაღში ჯგუფელს რომ დაუმტვრევს სათამაშოს, რომელიც არ ათხოვეს და თავისი საქციელით ფრიად კმაყოფილს გამარჯვებულის იერი რომ დასთამაშებს ბოროტ სახეზე. ლევანჩიკამ მასწავლებელივით დაუქნია თავი. არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო. არც მე. უფრო მეტიც, არანორმალური მოუთმენლობით ველოდი იმ ნეტარ წამებს ჯერ არ შესწავლილი პლანეტის დახურული კარი რომ მიქადდა. უკვე მიყვარდა ის კარი რომელსაც ლევანთან და დანარჩენებთან ერთად გავაღებდი. კარი, რომელიც ჯერ არნახულს და არშეგრძნებულს მაგემებდა.
ორი პატარა საძინებელი, რა სად ეყარა რომ ვერ გაიგებდი. ლოგინზე დახვავებული, ხელუკუღმა მიყრილი ტანსაცმელი. სარკის მაგიდასთან აუარება პარფიუმერია გასაგებია, თუნდაც ქაოსურად მიმობნეული, მაგრამ გახსნილი კოლოფიდან დემონსტრაციულად წამოყრილი პრეზერვატივები... მაშინ, როდესაც იცი, სახლში სტუმრები მიგყავს. საქმრო და მისი ძმაკაცები... იშვიათად რომ რამეს გავეკვირვებინე. იმას ვგულისხმობ რომ დიდი ამბავი თუ პანაშვიდზე მისულს თვალში მოგხვდა აბლაბუდას ქსელში მონავარდე ობობა ან მეზობელმა ორი დღე-ღამე ვერ ჩამოხსნა გამშრალი თეთრეული. ან ნათესავთან მისულს გასარეცხი ჭურჭლის მთა შემოგეფეთა ან ბოლოს და ბოლოს მარტოსულ მასწავლებელის სახლში შინაური ცხოველის განავალში დურთე ფეხი. დიდი ამბავი! დიდი ამბავი თუ უმაღლესი მათემატიკის ლექტორს დალაქავებული მაისური აცვია, ან დილით ჩაცმის დროს აღმოაჩინე რომ საყვარელ კოლგოტს თვალი აქვს წასული. შენ კი გამოცდაზე გაგვიანდება, გამოცვლის დრო აღარ გაქვს და იმ შეგნებით გადიხარ სახლიდან ვინმე კეთილის მსურველი შეცხადებ-დანანებით რომ მიგითითებს თვალი წაგსვლიაო, არ დაიბნე და დაბნეულ-იმედგაცრუებულ-შერცხვენილი გამომეტყველება მიაგებო, კიდევ კარგი მითხარი, ჟაკეტს თეძოებს გამოვინასკვავ რომ დამიფაროს, აბა ასე გამობდღვნილი კოლგოტით როგორ გავიდე ქუჩაში ხომ სირცხვილით დავიწვიო. აქ ჩამოთვლილთაგან ვერც ერთში ვერ ვხედავ ტრაგედიას, აი გამოყენებული, ჩადედებულსპერმიან რეზინს რომ მოვკარი თვალი კი კინაღამ გული შემიღონდა და სხვებისგან შეუმჩნევლად ფეხით შევაგდე საწოლის ქვეშ. უწყინარი გამომეტყველებით ამოვიხედე. ვითომ გულის ამრევი არაფერი შემინიშნავს და მეორე ძმაკაცის ღიმილიან მზერას გადავაწყდი. გვერდზე გავიხედე, მაგრამ მაინც ვხედავდი როგორ იკავებდა სიცილს. არც მას დარჩენია შეუმჩნეველი რეზინი და ჩემი მოქმედება. ტუჩს ტუჩზე ვაჭერდი კბილებით რომ სენივით არ გადამდებოდა სიცილი. ხომ იცი როგორც ხდება. თუ ერთი აგიტყდა, ძნელია შეჩერება. მითუმეტეს შეუფერებელ დროს ორმაგად გიძნელდება თავის შეკავება. მე კი ნამდვილად არ მქონდა სურვილი მეღიარებინა რაზე ვიცინოდით. თუმცა, სულ რომ ავხარხარებულიყავით, მეეჭვება, ინტერესი გამოეჩინათ. ასეა, როდესაც ფხვნილი შენს ხელთაა და ინსულინებს ამზადებ. მიწისძვრაც რომ დაიწყოს გკიდია. მთავარია ისეთი ბიძგი არ იყოს რომ ხელიდან გაგივარდეს. ეგეც არაუშავრს. აიღებ, დასპირტავ და ყველაფერი ჩინებულადაა, მაგრამ თუ დაგეპნა, ან უარესი, დაგექცა მაშინ კარგად მეყოლე. მზად ხარ ბინძური იატაკიდან ეშმაკს მიჰყიდო სული. ტყავიდან გამოძვრე ოღონდ როგორმე ბამბაზე გადაიტანო სითხე და კაცმა არ იცის, რა ნაგავი გაუშვა ვენებში. დიახ, აი ესაა ზუსტად ის ყველაზე ბნელი მხარე რაც ნარკოტიკს გააჩნია. ცოცხლად ჩალპობისა და ადამიანური სახის დაკარგვის გარდა. კერძოდ ის სახეობა, რომელზეც ვყვები. ერთხელ შეუშვებ და როგორცვე „პრიხოდი“ გაივლის კიდევ გინდა. ათ წუთში, მაქსიმუმ ნახევარ საათში არანორმალური ლომკა გეწყება. ისე გინდა გამეორება, როგორც დამშეულ ვამპირს სისხლი, რომელიც მზადაა შავი ჭირის მატარებელი ვიღთხა მოიგდოს ეშვებში, ოღონდ წუთიერად ჩაიკლას მხეცური, სატანური წყურვილი. ამფეტამინი - დედამიწაზე აღმოცენებული სამოთხის ნეტარებაში გახვეული ჯოჯოხეთური ცეცხლი. ფხვნილი, რომლის მიღებისას გგონია რომ ეშმაკი გყავს წაკუზული, ღმერთი კი ედემის ბაღში დაკრეფილ ვარდის ფურცლების წვიმას გიგზავნის.
მანდ შეჩერდი, ნუ გაილექსები და ნუ დამდებ ბრალს მკრეხელობაში. მე უბრალოდ ჩემი სიტყვებით, მოკლედ გადმოგეცი დაამფეტამინებულის შეგრძნებები.
- პირველი ვინ იქნება? - ისინი ჩემ გარშემო ჩამწკრივდნენ, როგორც სვავები ლეშთან და ავხორცული მზერით მითხრეს რასაც ველოდი. - მზად ხარ ბრძოლისთვის? - ერთმა ხელზე მომიჭირა, მეორემ ორი ერთმანეთთან მიტყუპებული თითი დამცხო იმ ადგილას, სადაც ლურჯ ვენაში ჩუხჩუხებდა საყვარელი სისხლი, მესამე კი მუხლებთან მუხლებითვე დამიდგა. უძრავ ხელში ინსულინის ნემსი ეჭირა, რომელიც ყველა პენისზე უფრო სექსუალური ჩანდა და ჩემს დაბერილ, კლანჭებში გამომწყვდეულ ვენას სასიამოვნოდ უჩხვლიტა. იქ, გამჭირვალე ამპულაში, სადაც უძრავად იდგა ლურჯი ტბა შინდისფერმა სისხლმა იფეთქა და მანაც ნელ-ნელა მიაჭირა თითი. ეს ყოველივე პირველ ვნებიან ღამეს გავდა. ჰაერში მოფრიალე შეუბღალავი საპატარძლო კაბა და მხეცური სექსი. ისევე როგორც მანამდე განიცდი ორგაზმს, სანამ ბიუსჰალტერის გახსნას მოგიხერხებენ, ჩემთანაც მანამდე მოვიდა ექსტაზი სანამ უკანასკნელ წვეთს შემიშხაპუნებდნენ. მათ მყისვე მაქციეს ზურგი, როგორც გამოფიტულ მსხვერპლს ვამპირებმა. ერთმანეთი ჰყავდათ მისახედი. უსაზღვროდ აღგზნებული. თითქოს, ჩემში ასი ქალი ცხოვრობდა და ასივეს პირველი ღამე ჰქონდა სანატრელ მამაკაცთან. მათ ერთობლივ ორგაზმს მხოლოდ ჩემი სხეული განიცდიდა და უკეთესად რომ დამეგდო ყური თვალები დავხუჭე. ნელ-ნელა გადავწიე წელი, როგორც ამ დროს ხდებოდა და სანამ თავს დავდებდი ბალიშზე წყვდიადთან შესახვედრად, ყველაფერი შეიცვალა. თვალები ფართოდ გავახილე. არ უნდა დავნებებოდი, სისხლის ბოლო წვეთამდე უნდა მებრძოლა. არა მხოლოდ იმიტომ რომ სიკვდილთან შეხვედრის შიში მქონდა, მინდოდა გამეცნო ის მდგომარეობა, რომელშიც აღმოვჩნდი. ისინი ისინი არ იყვნენ. რაღაც შუალედური იყო ადამიანსა და ინტელექტუალურ ზომბს შორის. ლოგინიდან წამოვიზარდე. თითქოს მატერიალური სამყარო გაქრა და ყველაფერმა ირეალური სახე მიიღო. ტანსაცმლის კარადას მივეყრდენი და ვცადე გამეღიმა. უნდა დამებლოკა ჩემი ფიქრები, გრძნობები. თუ ისინი შეიტყობდნენ როგორ ვგრძნობდი თავს, მაშინ ჩემი საქმე წასული იყო. იმის გაფიქრებაც კი მზარავდა რას მიზამდნენ. უკიდეგანო შიში, მარტოობა, შიში, მარტოობა, შიში... ის არსებები სარკის მაგიდასთან იდგნენ და ინსულინები ეჭირათ ხელში. ჯერ არ მაქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ ვიცოდი რომ მალე მოირბენდა ის წუთები, როდესაც გამოცდის ჩაბარება მომიწევდა და მე ამისთვის მზად არ ვიყავი. იმაზე უფრო დაუცველად ვგრძნობდი თავს, ვიდრე ის წრუწუნა, რომელიც კუთხეში მიიმწყვდიეს. წამი-წამზე ელის როდის დაეშვება მისკენ რკინის აქანდაზი და იატაკს მიესრისება ფაფად ქცეული. არ მახსოვს როდის დავხედე მკლავს, რომელიც სხვა დროს და სხვა სამყაროში მე მეკუთვნოდა. კანი ისე ლივლივებდა როგორც მდორე ტბის ზედაპირზე სიფრიფანა ქსოვილი. ათრთოლებული თითები გადავუსვი და კანიც ისე გამომყვა, როგორც პურზე წასმული კარაქი. იყო საშინლად შემაძრწუნებელი და აღმაფრენი ამ სანახაობაში, მაგრამ გაცილებით უფრო ძლიერი იყო ყოვლისმპყრობელი შიში. შეუცნობლის შეცნობისგან გამოწვეული არაადამიანური შიში. მზერა გვერდით გამექცა, ერთ დროს ჩემს მეგობრად წოდებული მოიწევდა შეშლილი სახით. მეგონა მეშველა და ამ უცხო სამყაროში ვიღაც გამოჩნდა, რომელიც ხელს გამომიწვდიდა, მაგრამ შევცდი. მან ამრეზით შეათვალიერა ჩემი უჩვეული ხელი და ძრწოლანარევი სახით გამცილდა.
- არაუშავს, ექიმი გამსინჯავს. - ვთქვი თავის დასამშვიდებლად და ლოგინისკენ შევბრუნდი.
- არ დაგჭირდება ექიმი. - მითხრა არსებამ, რომელიც ლოგინზე მითიური არსებასავით იწვა და ამ სიტყვებმა მაგიურად იმოქმედა ჩემზე. ეს იცი რას გავდა? წლობით რომ ხარ ჯურღმულში გამომწყვდეული და უცებ თბილი სხივი შემოიჭრება იმედის ნაპერწკალივით. ოთახში მხოლოდ ჩვენ ვიყავით. კეთილი ზომბი, რომელიც სიმპატიურიც კი იყო, ლევანჩიკას მსგავსი და მე. მან ტკივილით დაიგმინა და სახეზე ხელები აიფარა. არ ვიცი რას ხედავდა და იმ დროს არც მინდოდა გამეგო.
- მოდი ჩემთან, დაჯექი. - მითხრა მან მოგუდული ხმით და ადგილზე გავიყინე.
- გინდა წყალი? - უკანასკნელ იმედს ჩავებღაუჭე. მის მკვდარ სახეზე გაოცება გამოისახა და თავი დამიქნია.
- თუ შეგიძლია...
კედელ-კედელ წავედი სამზარეულოსკენ. არ ვნებდებოდი. ისეთივე ძლიერი აღმოჩნდა სიცოცხლის სიყვარული, როგორც ჯეკ ლონდონის პერსონაჟისთვის, რომელმაც თოვლი დაამარცხა. მივიწევდი სამზარეულოსკენ, იატაკზე ფეხის დადგმა ისეთივე რთული იყო, როგორც მოყინული ბილიკზე გავლა. ვცდილობდი არ მომესმინა შემზარავი კვნესა, ღრიალი, რომელიც ფისოს საძნებლიდან გამოდიოდა და მოხუცივით ჯიუტად ვცდილობდი წყალთან მიღწევას. როგორც ის ებრძოდა ზვიგენებს თევზის დასაცავად, ისე მე ვიცავდი საკუთარ თავს ძილისგან. სასტუმრო ოთახში ორნი იყვნენ. ძმაკაცი და მისი ქალი. მათთან ლოკოკინასავით მივსრიალდი და ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე. იმედი მთიდან ჩამოგორებული თოვლის გუნდასავით იზრდებოდა, მკვრივდებოდა და ძალებს იკრებდა.
- შენ არ მიგიღია, ხომ ასეა?
- ასეა საყვარელო. - მიპასუხა კეთილმა არსებამ და ორივეს გაეცინათ.
- გამოდის რომ მხოლოდ მე მეჩვენება და იმას არ გადავუქცევივართ სხვებად...
- ასეა ძვირფასო. შენ უბრალოდ ჰალუცინაციები გაქვს და მალე გაგივლის.
ჯოჯოხეთის დამხობა და ანგელოზების გამარჯვება. აი რა იყო მისი სიტყვებიდან გამოწვეული გრძნობა.
- შენ მე გადამარჩინე. - ვუთხარი ინეზას და ჩავეხუტე. - უკან რომ ვბრუნდებოდი მათი სიცილი მხიარულ ჟრიამულად მეჩვენებოდა. ხოლო როდესაც ჭიქით შევედი ლევანთან, მეორე ეტაპზე გადავედი. ადაპტაცია და არამატერიალური სამყაროს შეყვარება. სარკესთან მივედი, სველი ჟაკეტი გავიხადე და ლავიწზე გადავისვი თითები. კანი ისევ ლივლივებდა და მივხვდი, სწორედ ეს მოლივლივე კანი იყო, რაც ყველა ჩვენგანს გვამსგავსებდა ზომბს.
- დაუმუღამე, არა? - მკითხა მან ღიმილით, უკვე დაეძლია ბნელი საფეხურები და საწოლზე წამომჯდარიყო.
- ეს... პირველი იყო ჩემთვის. - ვუპასუხე სარკიდან და მეც გავუღიმე - დიდი მადლობა ამ შეგრძნებებისთვის...
. . .
- შემდეგ რა მოხდა? - ვკითხე თავბრუდახვეულმა, მეგონა, დრო იყო დაეწყო ყველაზე სევდიანი ნაწილი, რომელიც მისი სიკვდილით დასრულდა და მაშინღა გავაცნობიერე, მხოლოდ ორი ადამიანის სახელი ახსენა, ლევანი და ინეზა. მიყვებოდა თავის ცხოვრებას და მისი სახელიც კი არ ვიცოდი.
- სხვა დროს გავაგრძელოთ. შენი წასვლის დროა.
- არა, გთხოვ, მითხარი შემდეგ რა მოხდა... - ისე ვთხოვდი ამბის გაგრძელებას, როგორც ბავშვი შოკოლადს. ჯიუტად არ მინდოდა გაღვიძება, მაგრამ მთხრობელი გაუფერულდა. მისი ხმა კი ნინომ შეცვალა, რომელიც საძინებელთან იდგა და წინა დღის შეთანხმებისამებრ კარებზე ენერგიულად აკაკუნებდა.
- უკვე 9 საათია? - წამოვიკნავლე ძილბურანში და თვალები მოვიფშვნიტე.
- 9:15 წუთი. - ხმას აუწია თამარის ტიტინის გადასაფარად - ნუ კვდები, ცხელი ყავა გელოდება შემდეგ კი მწვანე პომიდორი. ხომ არ გგონია, დამავიწყდა გუშინ რასაც შემპირდი...
- როგორ გეკადრება. - გავეპასუხე ღიმილით და ისე გავიზმორე მგონი, სიმაღლეშიც მოვიმატე. დღეს პომიდვრის კონსერვი უნდა გავაკეთოთ და მიხარია. ნინოს რომ ვეხმარები, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ მაგაზე მეტად ის მსიამოვნებს რომ დღე სარფიანად ჩაივლის. ანუ დაკავებული ვიქნები. მკვახე პომიდვრის კონსერვის თუ მწნილის გაკეთება შეიძლება არც არასოდეს დამჭირდეს და არც ამის სწავლა გამომადგეს მომავალში, მაგრამ თვითონ პროცესი მხიბლავს. ზედმეტი ფიქრის გარეშე რეცხავ რამდენიმე ყუთ პომიდორს, რაც მეტი იქნება, მით უკეთესი. შემდეგ კი მოიკალათებ მაგიდასთან და ბასრი დანით თხლად ჭრი. ამ დროს კი ფილმი ან საინტერესო გადაცემა გაქვს ჩართული და ისე ცარიელდება ყუთები, ისე ივსება უზარმაზარი ქვაბი დაჭრილი ბოსტნეულით რომ ვერც იგებ.
არ ვიცი, ალბათ ბებო მეტყოდა, ცხრა პარასკევი გაქვსო, მაგრამ რაც მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვრწმუნდები რომ სისულელე ჩავიდინეთ როდესაც პოლიცია არ გამოვიძახეთ. დაბნეულები ვიყავით და შეცდომა დავუშვით. ფაქტია რომ იმ გოგოს არანაირი კავშირი არ აქვს ალიევების ოჯახთან...
(ეს დარწმუნებით არ იცი. რაკი კამალიას არ ეცნო, ეს იმას არ ნიშნავს რომ არც ზვიადის რომელიმე ახალგაზრდა მეგობარი იცნობდა...)
ის თავის მეგობრებთან ერთად, ან მარტო მივიდა სახლში და გადაჭარბებული დოზით მოკვდა, ან მოკლეს...
(მაგრამ გასაღები... გასაღები ლარნაკში აღარ დევს. მან ზვიადის ახლობელი გაიცნო, რომელმაც უთხრა რომ სოფელში გაუმასპინძლდებოდა. ყმაწვილს უნდოდა რომ მშვენიერ ასულზე შთაბეჭდილება მოეხდინა და უფროს მეგობარს გასაღები სთხოვა... განა რა დაშავდებოდა თუ რამდენიმე საათით შევიდოდნენ...)
აბსურდია! მეორე დღეს ხომ უნდა დაებრუნებინა ბიჭს გასაღები?
(დააბრუნა კიდეც. ის ზვიადის რომელიმე ჯიბეში განისვენებს)
მის თვალწინ გოგო მოკვდა და მან უბრალოდ იქვე დატოვა? ეს ხომ სიგიჟეა... გარდაცვლილს ტოვებ სხვის საკუთრებაში... ბოლოს და ბოლოს, გვამი ხომ მაინც უნდა მოეშორებინა თუ დანაშაულის დაფარვა უნდოდა...
(შეეშინდა და გაიქცა. „მოჯამაგირეს“ კი გასაღები დაუბრუნა, ვითომ ყველაფერი ჩინებულად იყო. გადაწყვიტა ხელსაყრელ დროს დაბრუნებულიყო და გვამი დაემარხა მაგრამ ვერ მოიცალა...)
სიგიჟიეა! მსგავს შემთხვევაში ან ჩლუნგი უნდა იყო კაცი რომ იმედი გქონდეს მიცვალებულს ვერავინ აღმოაჩენს, ან უბრალოდ ლოგინად ჩავარდე და გეგმა ნივთმტკიცებების წასაშლელად თუ გვამის გადასამალად, შეუსრულებელი დაგრჩეს. რაც არ უნდა მომხდარიყო და ვინც არ უნდა იყოს ამ ამბის უკან, კამალიას ოჯახის არც ერთი წევრი არ აღმოჩნდება გისოსებს მიღმა, ზვიადის მეგობარმა კი თავში ქვა იხალოს. გადავწყვიტე, კამალია უნდა ვაიძულო ან უთხრას ოჯახს მომხდარის შესახებ, ან თვითონვე დარეკოს პოლიციაში.


21 სექტემბერი
დღე IX
განადგურებული ვარ. თავს იმ მეომარივით ვგრძნობ, რომელსაც გულში გაუყარეს მოწამლული ისარი და იმის მაგივრად სიკვდილმა შვება მოჰგვაროს, მარადიულ ტკივილთან დატოვეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხსნა არსად ჩანს. არ არსებობს გზა, რომელიც დაგამშვიდებს და გათქმევინებს რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ყველაფერს ეშველება, რადგან ამ ფრთიან წინადადებებს აუცილებლად უნდა მოჰყვებოდეს ერთი შეუფასებელი სიტყვა - სიცოცხლე.
ფსიქოლოგთან ვიზიტის შემდეგ ჩემი სურვილით ბებიასთან შევიარეთ... სახლში, სადაც წარსულში ცხრა მანდილოსანი ცხოვრობდა, რაც ყველას ღიმილს გვრიდა და ხუმრობით „ქალთა პანსიონატს“ ვეძახდით, დღეს რვანი დამხვდნენ. არაფერი განსაკუთრებული, დღეს ვიღას უკვირს სიმსივნე... ქიმიოთერაპია, ნაირ-ნაირი წამლები ოთახის კუთხე-კუნჭულში, პარიკი, ტკივილი, შიში და გაწამებული ორი წლის ბოლოს კი ის, რაც ყველას მიწად გვაქცევს. წამიერად შემძულდა მამა, რომელმაც იქ მისვლამდე არ შემამზადა ამ ტრაგედიისთვის და ერთბაშად გამაცნო გაუსაძლისი, მიუღებელი ამბავი. არ ვამბობ რომ ადვილი გადასატანი იქნებოდა ეს ინფორმაცია მანქანაში რომ ეთქვა და არ ჩამისივდებოდა ტირილისგან თვალები, მაგრამ ჩემს 13 წლის მამიდაშვილს ხომ მაინც არ ვკითხავდი, მარინა მამიდა სად არის-მეთქი? ღიმილი არ მოუსხიპავს სახიდან და არც დაბნეულობა დასტყობია ჩემგან განსხვავებით. ავის მომასწავებელი დუმილი სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა და იმის მიუხედავად რომ პასუხი ვიგრძენი, მაინც ვერ მივხვდი რა შუაში იყო 43 წლის სიცოცხლით სავსე მამიდასთან მისი მცირეწლოვანი შვილის პასუხი „გარდაიცვალა“, რომელიც ექოსავით დატრიალდა ჩემს გონებაში და უაზრო მზერა მეორე მამიდაზე გადავიტანე. ნეტავ, უკანასკნელმა ამბავმა მოახდინა ჩემზე გავლენა, თუ მანამდეც შევამჩნიე მის სახეზე დაღი, რომელიც ვერ ამოვიცანი? დიდი ხნის შემდეგ, ნათლად ვხედავ ათასჯერ მოსმენილს, თუ როგორ ელოდება პატარა გოგონა საყვარელი დაიკოს დაძინებას რომ საწოვარა ფრთხილად გამოაძროს პირიდან და თვითონ მოწოვოს, რადგან ტყუპები არიან და საერთო საწოვარათიც გავლენ იოლას... მისი ობოლი თვალები, რომელიც ჩემს თვალებს გავს ცრემლებით ივსება და მთელი არსებით მზიზღდება ღმერთი... თუკი არსებობს. განძრევისაც მეშინია რომ არ ავქვითინდე, მაგრამ უკან დახევას აღარ ვაპირებ. დროა ჩემი ოჯახის ჭრილობაში საკუთარიც ვიპოვო და მას ვეძებ, ვინც ბედნიერი გაჰყვებოდა მარადიულ შავ მანტიანს რომ შეეძლოს. ბებო... მის თვალებში, ნაომარ, ნაქალაქარ უდაბნოში მამას ვხედავ, რომელიც კობოსთან დგას და წამით აყოვნებს უფსკრულში ჩაშვებისთვის მზადმყოფ თოკებს სანამ ცივ შუბლზე უკანასკნელად კოცნის... ვიძირები ბებოს უსიცოცხლო თვალებში და უკვე აღარავინ მძულს, აღარც ღმერთი. უკვე მესმის, შეგნებულად მესმის რომ ჩვენ ღმერთი გვჭირდება, ურომლისოდაც ტკივილი ზღვარს წაშლის მატერიალურსა და არამატერიალურს შორის. ბებოს ყელზე ჩამოკიდებული ჯვარს ვუყურებ და ვთბები. უკვე მესმის თუ როგორ მოახერხა მან, შვილმკვდარმა დედამ სიცოცხლის გაგრძელება...
და ხანდახან ღიმილი.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Saocrad gulshichamcvdomad cersss. Idumali da araprognozirebadi istoriaa. Madlobaa. Velodebi moutmenlad axal tavsss

 


№2  offline წევრი An_Gel

მდამ, არც კი ვიცი, რა ვიფიქრო. ახლა კიდევ უფრო დაბნეული ვარ, ვიდრე წინა თავის წაკითხვის შემდეგ. მაგრამ ახლა ის ეჭვი მაინც მაქვს, რომ სათაური გარდაცლილი გოგოს გარშემო ტრიალებს და არა ანას. ჯერ კიდევ იმდენი დახურული კარია, ერთი სული მაქვს ყველა მათგანი გააღო, ჩვენ თვალწინ.
აუღელვებლად და თანმიმდევრულად ავითარებ მოვლენებს და ეს მომწონს, მაგრამ იმედი მაქვს, დინამიკა არ გაგეპარება და ტემპი არ დაეცემა. მომენტებში თითქოს გაგირბის მთავარი სათქმელი და ზოგადსაკაცობრიო თემები გართობს. მაგალითად, გარდაცვლილი გოგონას მონოლოგის დასაწყისში. ეს პატარა "შენიშვნა" მაქვს, თუ შეიძლება რომ შენიშვნა დავარქვათ ამას.
ჰო, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან მენერვიულება გვამის ასე დატოვების ამბავიც. ცოტა ცივსისხლიანად ხომ არ მოქმედებენ გოგოები? დიდ დროს ანდომებენ ფიქრს, ის გოგოც ხომ ცოდოა? იმსახურებს, რომ სხეულად დაიმარხოს და არა ძვლებად.
ვერ წარმოიდგენ, როგორ მომწონს შენეული ენა. არცერთი სიტყვა არასდროს მხვდება თვალში უხეშად. პირიქით, აი ასეთი თხრობის სტილი სძენს პერსონაჟებს და ისტორიას ხიბლს.
მოკლედ, ველოდები ახალ თავს. იმედი მაქვს, ინფორმაციულად უფრო დატვირთული იქნება ^_^

 


№3  offline წევრი ლურჯი ანა

არაპროგნოზირებადი ნამდვილად არის... მიყვარს როდესაც ვიბნევი და ყოველ თავში მეცვლება აზრი, იგივე სიამოვნებას ვანიჭებ მკითხველსაც (ვცდილობ :)) ანი საყვარელო, გარდაცვლილი გოგონას მონოლოგებს კიდევ ბევრჯერ მოისმენ და გაუძელი :D ვერ გეტყვი მალე, მაგრამ არც ძალიან გვიან ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მგონი ვხვდები რასაც გულისხმობ, მაგრამ ცოტაც მოიცადე და მიხვდები...
დიახ! ცივსისხლიანებივით იქცევიან რადგან სულელური მიზეზების გამო არ რეკავენ პოლიციაში, მაგრამ ანამ ხომ თქვა რომ აიძულებს კამალიას იმოქმედოს! ცოტაც დააცადე, ეს-ესაა მამიდის სიკვდილის შესახებ გაიგო. იქნებ მომდევნო თავში გამოჩნდეს პოლიცია? თუ რა თქმა უნდა, ისევ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა :) <3
ქეთი და ანა <3 უღრმესი მადლობა. დაუსწრებლად მიყვარხართ :D

 


№4  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

უამრავი კითხვა მაქვს პასუხგაუცემელი, კარგად დამაბნიე, მაგრამ მივყვები მოვლენების განვითარებას. ტვინში ეს ისტორიაა მხოლოდ: დავდივარ, ვზივარ, სულ ამ ისტორიის გარშემო ვბრუნავ:დ. მგონი ანასგან კიდევ ბევრი "სიურპრიზი"გველის

 


№5  offline წევრი ლურჯი ანა

ჩიკო :D როგორი საყვარელი ხარ <3 ძალიან მიხარია რომ ასე მოგწონს <3 კი... ძალიან ბევრი სიურპრიზი... ყოველ თავში ახალ-ახალ საიდუმლოეს აეხდება ფარდა <3

 


№6  offline წევრი Tushma19

ღმერთო ეს რაარისსს?
ჩემი პირადი აღმოჩენა ხარ,საოცარი ისტორიააა.. რავთქვა სიტყვებს თავს ვერ ვუყრი
ძალიან დავიბენი
იმხელა ინტრიგაა,ისე კარგად არის აზრები დალაგებული..
ძალიან მწყდება გული,რომ ასეთი ცოტა მკითხველი ყავს ამ ისტორიას..:/
წარმატრბები<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent