შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაემანის დღიურები. ეპიზოდი 12. ჯოკერი


11-04-2018, 14:05
ავტორი anushka 5
ნანახია 2 138

სამსახურში ვარ. ჯერ საცდელი ვადით ამიყვანეს, თუმცა ვიცი, რომ ადვილად გავართმევ თავს და თან მგონია, რომ ეს ტერმინი - „საცდელი ვადა“ - ჩემ დასაშინებლადაა. კომპიუტერში ტექსტს ვკრეფ. საღამოს ეს ტექსტი გიგის უნდა შევუტანო. გიგი ჩვენი შეფია. ჯერ არ ვიცნობ, მაგრამ მის შესახებ უკვე ბევრი მსმენია. როდესაც თანამშრომლები მას ახსენებენ, თვალები უფართოვდებათ და ხმას რამდენიმე ტონით დაბლა უწევენ. არც ცუდს ამბობენ მასზე და არც კარგს. ანუ მიცვალებულივითაა რა, როცა მასზე სალაპარაკო ჩამოვარდება, ყველა დუმს.

ტექსტი ტექსტად, მაგრამ ფიქრებით ჩემს უაზრო პრობლემებთან


ვარ, სულ არ მეფიქრება ახლა საქმეზე. კონცენტრაციას ვერ ვახდენ. ფიქრებით რამდენიმე დღის წინ მომხდარ ამბავთან ვარ. მგონი, არაჩვეულებრივი მაგალითი ვარ, თუ როგორ შეიძლება გაართულო ურთიერთობა ყოფილთან, რომელთანაც არც არაფერი გქონია. რამე ჯილდო რომ არსებობდეს, საპატიო სიგელს მაინც მომცემდნენ, თუ მთავარ პრიზს არა. საათს დავხედე. თორმეტს გადასცდა. კიდევ შვიდი საათი უნდა ვიყო აქ. ვერ ვიტყვი, რომ ვგიჟდები ჩემს სამსახურზე. თანამშრომლებზე ჭორაობას აუცილებლად დავუბრუნდები. ჯერ მთავარია, ამ აბლაბუდიდან გამოვძვრე. აბლაბუდა - სახელად ექვსი ნომერი და შუშა. არადა, ყველაფერი ხომ შეიძლებოდა ძალიანაც მარტივად მომხდარიყო, გაგრძელებულიყო. რა აუცილებელი იყო, შუშა ყოფილიყო ექვსი ნომრის საცოლის საუკეთესო მეგობარი? კიდევ კარგი, არ ვეცნე იმ გოგოს. კი მიყურებდა უცნაურად, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ვერ მიცნო. თან მაკიაჟი, კაბა, არ ვგავდი ძველ სესილის. რომ შეიძლებოდეს, სიამოვნებით გამოვრთავდი ჩემს ცხოვრებას უვადოდ. აი, ისე, როგორც ფეისბუქს აუქმებენ და მერე, როცა ცოტა დალაგდებოდა სიტუაცია, დავავიწყდებოდი ყველას, კვლავ ახალი ძალებით დავბრუნდებოდი.
ეჰ, ხანდახან ვირტუალური ცხოვრება უფრო ადვილია, ვიდრე რეალური.

***
ექვსი ნომერი მშვიდად იჯდა ჩემს სახლში და მიყურებდა პირზე ირონიულღიმილაკრული. მე კიდევ ბოლთას ვცემდი და ვცდილობდი, თავი მემართლებინა.

- ჩვენ შორის არაფერი ხდება, ვმეგობრობთ! - უკვე მეასედ ვუხსნი ექვს ნომერს იმის მაგივრად, რომ ავდგე და გავაძევო სახლიდან შემდეგი სიტყვებით: - „შენ ვინ გეკითხება საერთოდ, ორსული საცოლე გყავს!“ - მაგრამ არა, ვერა...

- და მე რატომ მაგრძნობინე თავი დამნაშავედ, სესი, შენ დიდად არ განსხვავდები ჩემგან!
- არა, ჩემი სიტუაცია სხვაა! მე მასთან არფერი მაქვს, შეიგნე!
- გუგა ასე არ ფიქრობს, სესი. მას შენ ძალიან მოსწონხარ. როგორ ფიქრობ, რომ გაიგოს, რომ მე და შენ რამე გვქონდა, ისევ გააგრძელებს შენით აღფრთოვანებას? არა, ეს როგორ მოახერხე, როგორ გახვედი გუგაზე, ვერ გაფასებდი სათანადოდ. დაბნეული და საყვარელი სესილის მაგივრად ანგარებიანი და შურისმაძიებელი ქალი შემრჩა.

- შეწყვიტე! - ვუყვირი და მოწყვეტით ვეშვები სავარძელში. - მეასედ გიხსნი, რომ შემთხვევით გავიცანი და რომ მიმატოვე გუდაურში, მან წამომიყვანა.

- მჯერა, მაგრამ მერე? დავიჯერო, თითქმის ერთი თვე გავიდა და ერთხელაც არ ვუხსენებივარ? თუ, რომ მახსენა, ასე გადაწყვიტე ჩემი განადგურება? - არ ჩერდება ექვსი ნომერი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ შეთქმულების მსხვერპლია. ნეტავ ასე იყოს! ნეტავ მართლა ვიყო ეგეთი ქალი, რომელიც ყოფილის გასამწარებლად ყველაფერს აკეთებს.
ნეტავ მქონდეს მაგის ნიჭი და ნერვები, მაგრამ რად გინდა, მაინც მეტენება ეგეთი ქალის სახელი. თან მგონია, ძალიანაც სიამოვნებს ექვს ნომერს ჩემი ასეთ მდგომარეობაში დანახვა, ახლა თავს არ გრძნობს დამნაშავედ. საზიზღარია!
საათს ვუცქერ. სამი სრულდება. სამსხურში ვარ წასასვლელი, ის კიდევ ადგილიდან არ იძვრის. ძალ-ღონეს ვიკრებ, ვცდილობ, გავბრაზდე მასზე, ვუყვირო და გავაძევო სახლიდან, მაგრამ არ გამომდის. ამის ნაცვლად: - არა. რა ჯანდაბა მჭირს?! ექვსი ნომერი დგება. როგორც იქნა, მგონი, მიხვდა, რომ წასვლის დროა, მაგრამ ამის ნაცვლად მიახლოვდება და მიხუტებს.
არ ვიშორებ თავიდან. უბრალოდ, მის ტუჩებს ვეძებ და ყველაფერი თავიდან იწყება. ტვინი და ყველა მოაზროვნე ნაწილი გათიშული მაქვს, სინდისი მიძინებული. აი, ძალიან ჩვეულებრივი ტუტრუცანა ქალი ვარ, არა, უარესი! ხო, ხო, სხვა პასუხი არ მაქვს, თუმცა არ ვაპირებ, თავი ვიმართლო. ექვსი ნომერი ნარკოტიკია, ყველა მოცემულობით რომ ხვდები, რომ ძალიან უარყოფითი პერსონაჟია, მაგრამ მაინც გიზიდავს. იქნებ დებილი ვარ ან ნარკომანი, როგორ შეიძლება ხელმეორედ, ყველაფრის მერე მქონდეს საოცარი ბრწყინვალე სექსი იმ ტიპთან, ვისაც საცოლე ჰყავს, მოჰყავს ცოლად. პარალელურად ამისა, თავად მე ვხვდები არაჩვეულებრივ ბიჭს, რომლიც ზუსტადაც ვიცი, რომ გულს არ მატკენს. ამის ნაცვლად, არ ვიცი... სად მივექანები, როგორ დავალაგო ეს აწეწილი ამბები. იქნებ შუშას და ექვს ნომერს დროებით ავუკრძალო ჩემს ცხოვრებაში გამოჩენა და დავლაგდე?
აგერ, ახალი სამსახური. ამას გადავაყოლებ გულს. ვიმუშავებ და საფიქრელი დრო არ დამრჩება, - ვფიქრობ და ერთი საათის წინ დასრულებელ ტექსტს უაზროდ შევყურებ. როგორ ახერხებენ ადამიანები, გადადონ პირადი პრობლემები, შარები და სამსახურს მიუძღვნან თავი? არ ვიცი...

კუჭმა ჩხრიალი დამიწყო. სადილის და შესვენების დრო მიყვარს. ტექსტი შევინახე, კომპიუტერი გამოვრთე და გადავწყვიტე, როგორც კი შესვენებიდან დავბრუნდებოდი, რადაც უნდა დამჯდომოდა, დამესრულებინა საქმე. ბოლოს და ბოლოს, პირველი დავალებაა. შესვენებაზე მარტო გავედი, ჯერჯერობით ვერავის დავუმეგობრდი. ნუ, მეორე დღეა, მაგრამ მაინც. ყველა უკვე დაწყვილებულ-დამეგობრებულია ერთმანეთთან და ვიცი, ახლის მიღება უჭირთ. არც მე ვიგიჟებ თავს. გასასვლელში სხვა თანამშრომლებს გავუღიმე, რომლებიც როგორც ჩანს, პიცას იძახებდნენ და არჩევდნენ, ვის რომელი შიოდა.
დავემშვიდობე და შენობიდან გამოვედი. აქვე ერთი კარგი კაფე მეგულებოდა კარგი წვნიანით და იქით ავიღე გეზი. ერთი მაგიდა იყო ცარიელი და დავჯექი. შევუკვეთე, რაც მინდოდა და სანთებელა და სიგარეტი მოვიმარჯვე, მერე კი აღმოვაჩინე, რომ აქ აღარ ეწოდნენ და გარეთ გამოვედი. ტელეფონი ჩანთაში დავტოვე. მესამე პრობლემაც მოსაგვარებელი მქონდა - ქეთენო, რომელიც ხარობდა ჩემი და შუშას ამბებით და აზრზე არ იყო, რა შარში გავყავი თავი. კარგი, პირველ სექსს მოუძებნიდა ახსნას, რასაც ჰქვია, ,,გავაპრავებდით" ერთად, მაგრამ მეორე? სიამოვნებით ვეჩხუბებოდი და დავამუნათებდი საკუთარ არეულ პერსონას, მაგრამ გაებუტე და იყავი! როცა უკვე იმაზე ღრმად შევტოპე, ვიდრე შემეძლო.

კაფეში რომ შევბრუნდი, ჩემს მაგიდასთან საშუალო ასაკის ტიპი შევამჩნიე. საშუალო რა, თმაში ვერცხლისფერი ჰქონდა გარეული, შუბლთან ოდნავ შეთხელებული და გამოხუხებული კევინ სფეისი იყო. ეგ მსახიობი კი „კარტების სახლიდან“ ძალიან მომწონს. კი გაეხვა შარში, მაგრამ მაინც არ დაცემულა მისი რეიტინგი ჩემს თვალში. თუმცა იმას არ ნიშნავს ეს, რომ ძლივს ერთ ცარიელ მაგიდასთან დაჯდა, არ გავაძევო იქიდან. ამასობაში ჩემი წვნიანიც მიუტანეს და მშვიდად დაიდგა. სანამ ნაბიჯის გადადგმას მოვასწრებდი, რომ მეთქვა, შეეშალათ-მეთქი, კოვზი პირში გაიქანა და დაიჭყანა. დახედა, მიმტანი იხმო და ამასობაში მეც მივუახლოვდი. მალე შესვენების დრო მიმთავრდება. თუ არ ჩავერევი, სამსახურის კუთხეში ფენოვანის ყიდვა მომიწევს.

- უკაცრავად, მოსაწევად ვიყავი გასული და ჩემს სკამზე დაჯექით, ხოლო წვნიანი, რომელიც არ მოგწონთ, ეგეც ჩემი შეკვეთილი იყო, - დავიწყე ახსნა. - კაცმა ინტერესით შემომხედა და გაიღიმა.
- როგორც ჩანს, მე რომ გავედი მოსაწევად, თქვენ დაჯექით ჩემს ადგილზე. წვნიანი კი, მართალი ხართ, მე არ შემიკვეთია. მე სხვას ველოდები.
ამასობაში ოფიციანტი მოგვიახლოვდა. კაცმა სკამის მოტანა დაავალა და მერე მისი კოვზნატუცი წვნიანი ჩემს მხარეს გამოსწია. სკამთან ერთად მისი შეკვეთაც მოიტანეს და ის-ის იყო, უნდა შეეჭამა, ხელით შევაჩერე.

- უკაცრავად, მე თქვენს ნაპირალს ვერ შევჭამ. ამიტომ მოგიწევთ დამითმოთ თქვენი საჭმელი!
გაოცებულმა დახედა ჯერ ჩემკენ გამოწეულ საჭმელს, მერე თავისას, მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო და თეფშები შეცვალა.
მის წინ დავჯექი და მისი შეკვეთილი წვნიანი გავსინჯე. დავიჭყანე. რა აჭმევდა ქათმისხორციან ბულიონს შუადღისას, ვერ ვხვდები. საათს დავხედე, მერე კაფეში ხალხს და რადგან ოცი წუთი მრჩებოდა, ხოლო მიმტანები აქეთ-იქით დაქროდნენ, ვერაფერს მოვასწრებდი. ორი კოვზი გავსინჯე და თეფში მისკენ გავაცურე. არ ვიცი, მაგიდის ბრალი იყო თუ რისი, წვნიანით სავსე თეფში გადატრიალდა და ზედ გადაესხა. ძალიან შევწუხდი. ჯერ ერთი იმით, რომ ცხელი წვნიანი გადავასხი მამაკაცური თავმოყვარეობის ტერიტორიაზე, მეორე იმით, რომ ვერ ვიტან, როცა რამე იქცევა, იღვრება სუფრაზე. ხელსაწმენდებს ვეცი და მას მივვარდი. ჩავიმუხლე და დასვრილი ადგილების ქაღალდით აშრობა დავიწყე. სულ ვერ ვაცნობიერებდი, რას ვაკეთებდი, მერე კი, როცა დამკრა თავში, გვიანი იყო. ტიპი გაოცებული მიყურებდა. სახე მეწვოდა სირცხვილისგან.

- უკაცრავად, არ მინდოდა! - მოვუბოდიშე და სად გავმქრალიყავი, არ ვიცოდი.
- ვერ გეტყვი, რომ ხდება ხოლმეო, მაგრამ არა უშავს. ეგაა, ასეთი შარვლით ვერ გავალ, - დაიხედა დასვრილ უბეზე. მეც დავხედე და კიდევ ასიათასჯერ უფრო შემრცხვა.

- რამით შემიძლია დაგეხმაროთ?
- უკვე დამეხმარეთ, - მომიგო ცივად. უხერხულობისგან არ ვიცოდი, რა მექნა. კაცი კი იჯდა და იღიმოდა.
- კაი ხო, ნუ ღელავ, რამეს მოვიფიქრებ. ეგაა, ჩემი მანქანა შორს დგას და ასეთი ლაქით ვერ გავალ იქამდე, რომ სახლში წავიდე.

ამასობაში ოფიციანტმა აალაგ-აასუფთავა მაგიდა და ანგარიშიც მოიტანა. საფულეს ვეცი. გადავწყვიტე, ასე მაინც გამომესწორებინა ჩემი საქციელი ყვერებდათუთქული კაცის წინაშე, მაგრამ როგორც კი მიხვდა, რასაც ვაპირებდი, ჯიბიდან ამოაძვრინა პლასტიკური ბარათი და ხელით მანიშნა, რომ გავჩერებულიყავი.
- დაგსვარეთ, დაგტოვეთ მშიერი და სანამ მშიერი დარჩებოდით, გაიძულეთ, გეჭამათ სხვა სადილი. ახლა კიდევ ამ ყველაფრისას იხდით, - ვუთხარი უხერხულად. - ეგებ ასე მაინც გამოვისყიდო დანაშაული, - წავიწუწუნე და უღონოდ ჩამოვჯექი სკამზე. ყველაფერი ეს იმისი ბრალი იყო, რომ მეორე ღამეა არ მძინავს ნორმალურად! - გავიფიქრე და საათს დავხედე. 10 წუთი მრჩებოდა სამსახურში მისვლამდე და რატომ ვიჯექი ამ კევინ სპეისა ტიპის წინ, არ ვიცი. დაემშვიდობე!
გადავწყვიტე, რამდენიმე თვე არ შემოვიდე ამ კაფეში. ადვილი გადასაწყვეტია, მაგრამ მრცხვენოდა. ბოლოს თვითონ წამოდგა, წვნიანის ლაქა ჩაფსმულივით ეტყობოდა. უხერხულად მივაშტერდი, მერე თავი გავწიე, მეც წამოვდექი და გამოვედი სწრაფი ნაბიჯით. წავედი სამსახურისკენ.

სადღაც ექვსისკენ დავასრულე ტექსტის გამართვა და აკრეფა, მერე ამოვბეჭდე. ღრმად ჩავისუნთქე და შეფთან შესასვლელად მოვემზადე. ბოლოს და ბოლოს, ვნახავდი ლეგენდარულ გიგის და ჩემი თავის პატარა პრეზენტსაც მოვახდენდი პირველი შესრულებული დავალებით.
კარზე ფრთხილად დავაკაკუნე. მისი თანაშემწე ლილიანა ადგილზე არ იყო. თანაშემწე რა, ძველად რომ მდივანს ეძახდნენ, ის იყო ლილიანა, თუმცა აბა, გეხსენებინა მდივანი, მიწასთან გაგასწორებდა. დილას ამის გამო გამოლანძღა უკვე კურიერი, რომელმაც მისი თანდასწრებით დაურეკა თავის კომპანიას და მოახსენა, რომ ამანათი მდივანთან დატოვა. სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, ლილიანა პირში რომ ეცა და გამოლანძღა, მდივნები თავის კომპანიაში მოეკითხა და სანამ გაოცებული კურიერი ხმას ამოიღებდა თუნდაც ბოდიშის მოსახდელად, დაიწყო წიწინი, რომ მის თავს მოახსნევინებდა. მგონი, იდეაში, ლილიანას გარდა, ყველას ეკიდა, მდივანი იყო თუ ოფისმენეჯერი, თუ გენდირექტორის თანაშემწე. ჰოდა, აღარ დაველოდე ლილიანას ნებართვას და დავუკაკუნე კაბინეტის კარზე. რაღაც ხმა გავიგე შიგნით, მგონი, დამიძახეს, მობრძანდითო და კარი შევაღე.

- უკაცრავად... - შევედი შეფის ოთახში. ტიპმა ახლაღა ამოყო მაგიდაზე გაბნეულ ფურცლებში ჩარგული თავი და შემომხედა. ჩემს წარმოდგენებში უფრო ხნიერი მეგონა, მაგრამ როგორც ჩანს, ვცდებოდი. წამოდგა, თბილად გამიღიმა და ხელით მანიშნა, სად დავმჯდარიყავი. სანამ დავჯდებოდი, ამობეჭდილი ფურცლები მივაწოდე.
გიგიმ გადახედა, ყურადღებით ათვალიერებდა, აშკარად კითხულობდა და შიგადაშიგ თავს აქნევდა, მერე კი დადო და ამომხედა.
- კარგია, სესილი, იმაზე კარგი, ვიდრე მე მეგონა. - შვებით ამოვისუნთქე. მერე ღილაკს დააჭირა ხელი და ლილიანას სთხოვა, რომ ყავა შემოეტანა, თუმცა წინადადება რომ დაასრულა, ამომხედა. - იქნებ არ სვამთ ყავას და ჩაი გნებავთ? - რა თქმა უნდა, არც ჩაი მნებავდა, არც ყავა, მაგრამ მომერიდა და ვუთხარი, რომ ყოფილიყო ის, რაც არის.

გიგიმ გამომკითხა, სად ვმუშაობდი მანამდე, რა გეგმები მქონდა. მოკლედ, უხერხულობისაგან არ ვიცოდი, რა მექნა. არაფერი გეგმა არ მქონდა. შესაბამისად, მხრები ავიჩეჩე და ვუთხარი, ვნახოთ-მეთქი. თუმცა რაზე რა უნდა მენახა, არ ვიცი. ახლა ჩემი მთავარი პრობლემა მხოლოდ ექვსი ნომერი, საკუთარ თავთან გარკვევა და სიმშვიდე იყო. ამას ხომ არ მოვუყვებოდი? ისე, წარმოვიდგინე, ახლა რომ მოვაღო პირი და ჩემი პრობლემები მოვუყვე, ნეტავ რას იზამს? ალბათ, ყველანაირად ეცდება, მერე როგორმე სამსახურიდან გამიშვას.

ყავა დავლიე. კიდევ გამომკითხა რაღაცები და დავემშვიდობე. შუშას ჰქონდა დარეკილი, მაგრამ არ გადავურეკე. ვიცი, ცუდად ვიქცევი, მაგრამ რაღაც ძალა არ მაძლევდა საშუალებას, მეპასუხა. ვითომც არაფერი. როგორც ჩანს, ნამუსი კიდევ მქონია. ლიფტში რომ შევედი, მერე გამახსენდა, რომ მშიოდა, მაგრამ შანსი არ იყო, ახლა უკან გამოვბრუნებულიყავი. ლიფტი რომ გაჩერდა, გულთან უსიამოვნოდ მომიჭირა. არ მინდოდა, ახლა ექვსი ნომერი დამხვედროდა აქ. საერთოდ არ მინდოდა მისი დანახვა. როცა ჩემთან იყო, თავს ვერ ვაკონტროლებდი. ჩემი კანი ითხოვდა მის კანს, ვდებილდებოდი და აზროვნების უნარს ვკარგავდი. აზროვნება კი არა, ცხოველურ ინსტინქტებზე დავდიოდი. ხოლო როცა არ იყო, მაშინ მისი დანახვაც არ მინდოდა. ვბრაზობდი და არ მენატრებოდა, რა თქმა უნდა. გადავრჩი, ამაღამ მშვიდად გამოვიძინებ. ეგებ მოვახერხო და რამდენიმე დღე არც ერთი არ ვნახო. შუშას რომ არ ენერვიულა, მაინც გადავურეკე, აბაზანიდან რომ გამოვედი. ვუთხარი, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი. გამიგო, დამამშვიდა და ტკბილი ძილი მისურვა. შევაპარე, რომ ეს დღეები დაკავებული ვიქნებოდი, ახალი სამსახური, საქმე, ეს, ის... გამიგო. ნეტავ ექვსი ნომერი რას იზამდა?! დავიწყე ფიქრი და მერე ხმამაღლა წამოვიყვირე: - სესი, შეეშვი!! - ხო, სანამ დავიძინებ, კიდევ ერთი საქმე უნდა გავაკეთო. გადავწყვიტე, დასახმარებლად ქეთენოს ვუხმო, მოვუყვე ყველაფერი და დაე, მისმა დამუნათებამ კიდევ ერთხელ დამაფიქროს, ამიხილოს თვალი. მჭირდება ახლა შემაკავებელი ორდერი ექვსი ნომრის წინააღმდეგ. ლოგინს მისი კანის სუნი ჰქონდა. ბალიში ჩავიხუტე და თვალები დავხუჭე.

სამსახურში არ დამიგვიანია. რომ მივედი, ჯერ სამზარეულოში შევედი. ყველა დილის უფასო უნალექო ყავით იჭყიპებოდა. რაღაცნაირად აჟიტირებულები იყვნენ. ბოლოს კი მეც გავიგე, რა ხდებოდა. დღეს საღამოს გენერალური დირექტორი მოდიოდა ჩვენს ოფისში, რომელიც ძალიან მკაცრი კაცი იყო. თვით გიგისაც ეშინოდა მისი. მე, სხვებისგან განსხვავებით, ძალიან მშვიდად ვიყავი და ირონიულად ვაკვირდებოდი. თათბირ-შეხვედრა საღამოს იყო დანიშნული. დილის დავალება მივიღე, უგემური ყავა ონკანის ნიჟარაში გადავაქციე და ახალი დავალების შესასრულებლად მოვემზადე. დღეს ბევრად მშვიდად ვიყავი.
შესვენებაზე გარეთ გამოვედი და რადგან ირგვლივ სახაჭაპურეები და ისე რა ადგილები მეგულებოდა, კვლავ გუშინდელი კაფესკენ ავიღე გეზი. შესვლისთანავე მოვათვალიერე იქაურობა და კვლავ იმ პატარა მრგვალ მაგიდასთან ჩამოვჯექი. ცარიელი იყო. ისიც და სხვებიც. წვნიანი შევუკვეთე და მოსაწევად აღარ გავედი. შუშასთან დავიწყე მესიჯობა. ვერაფერს ვგრძნობდი. იცით, ეს რას ნიშნავს? აი, რომ ელოდები, მალე გიპასუხოს, გიფანცქალებს გული და მის მონაწერზე გეღიმება. მე კიდევ ასეთი არაფერი მჭირდა, ემოციურად. ვიცი, ტეხავს...

როგორც ჩანს, ჩემი ადგილი მიითვისეთ, - მითხრა ხმამ. ავიხედე და კევინ სპეისის ქართველი ორეული დავინახე. თვალი ცხელი და შესაგრილებელი წვნიანისკენ გავაპარე.
- აჰ, უკაცრავად. არ ვიცოდი, თუ თქვენი ადგილიც იყო, გადავჯდები, - ვუთხარი და წამოვდექი.

- არა, რას ამბობ! თუ ნებას მომცემთ, მეც ჩამოვჯდები. - თავი დავუქნიე და მგონი, რომც არ დამექნია, მაინც ჩამოჯდებოდა. დაჯდა. რატომღაც თვალებში შევხედე. მომწვანო თვალები აქვს და შევერცხლილი თმა. ასეთ კაცზე ამბობენ, რომ ძალიან სიმპათიურია. წვერი სუფთად ჰქონდა გაპარსული. გავუღიმე, გამიღიმა. მერე ხელი გამომიწოდა. - გიორგი. მეც შევაგებე ჩემი: - სესილია, ოღონდ ახლა არ დაიწყოთ სესილია თაყაიშვილზე ლაპარაკი. - რატომღაც გავაფრთხილე.





- უი, რა უნდა დავიწყო? - გაიკვირვა გიორგიმ.

- არ ვიცი, ასიდან ათი მეკითხება, სესილიას ვინმე ხომ არ ვარ, მერე კი მის ბიოგრაფიას მიყვება.
- ასიდან ათი არაა სტატისტიკა, - ჩაილაპარაკა თავისთვის. - არ გკითხავ, რა თქმა უნდა.
უხერხული სიჩუმე. გიორგისგან სასიამოვნო პარფიუმის არომატი მოდიოდა. შეკვეთა არ გაუკეთებია, ისე მოუტანეს წვნიანი. გუშინდელი მწარე გამოცდილება გამახსენდა და ხელები მაგიდიდან ჩამოვწიე და მუხლებზე დავიდე.

- სესი, გაგიცივდებათ საჭმელი, რატომ არ ჭამთ? - მკითხა ინტერესით.

- კიდევ რომ არ მომივიდეს რამე და არ დაგფუფქოთ, - ვუპასუხე გულწრფელად. გულიანად გადაიხარხარა. მერე შიმშილმა თავისი ქნა და მეც მოვიცურე ჩემი თეფში და ვჭამე. საათს დავხედე, კიდევ ოცდაათი წუთი მქონდა. შეუმჩნეველი არ დარჩენია გიორგის ჩემი საათისკენ თვალის გაპარება.

- ვინმეს ელოდებით? - ცოტა შეშფოთებულმა მკითხა.
- არა, შესვენებაზე ვარ და არ მინდა, დამაგვიანდეს.
- პასუხისმგებლობას არ უჩივი, საინტერესოა, - ჩაილაპარაკა. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, კიდევ 15 წუთში გიორგის თითქმის კარგად ვიცნობდი. სასიამოვნო, საინტერესო მოსაუბრე იყო და ძალიან მომწონდა მისი ბარიტონი. ისიც, რომ კევინ სპეისს ჰგავდა. ეგაა, არ ვიცი, უნდა მეთქვა ეს თუ არა. თავი შევიკავე. გადახდის დრო რომ მოვიდა, კვლავ შემაჩერა. ავუხსენი, რომ უხერხული იყო და სხვა დროს ვერ მოვიდოდი აქ. ბოლოს ასე დამითანხმა: როცა სამსახურში ოფიციალურად ამიყვანდნენ და პირველ ხელფასს ჩამირიცხავდნენ, მაშინ დავპატიჟებდი სადმე. მომეწონა ეს იდეა, რადგან მომწონდა კევინ სპეისა, მაგრამ ძალიან გრძელი სახელია, მოდი, ჯოკერად მივიხსენიებ, რადგან კევინი „კარტების სახლიდან“ შემიყვარდა და მომეწონა და კარტში კიდევ ჯოკერი ყველაზე მაღალი კარტია. ჰოდა, ისედაც რაღაცნაირი იყო ეს კაცი, მშვიდი, საინტერესო და მიმზიდველიც კი. ჰო, ტელეფონის ნომერი გამომართვა და სხვათა შორის, დაუფიქრებლად მივეცი. რატომაც არა, აქამდე ასეთი დიდი მეგობარი არ მყოლია და მე კიდევ მომწონდა მასთან ლაპარაკი და მის კომპანიაში ყოფნა.
სამსახურში კვლავ ფუსფუსი და რია-რია იყო. ყველა დარბოდა, მუშაობდა, ელოდებოდა გენერალურ დირექტორს, მე კიდევ ჯოკერას ვემესიჯებოდი, რომელმაც მომიკითხა, თუ როგორ მივედი, ხომ არ დამაგვიანდა. ცალკე მესენჯერში ანათებდა შუშას მოწერილი რაღაც, რისი გახსნის და წაკითხვის სურვილიც არ მქონდა. რა კარგია ახალი სამსახური. მოუცლელობისთვის გადაბრალება შემეძლო.

როგორც იქნა, დადგა შვიდი საათი. წამდაუწუმ დავყურებ მობილურს და ველოდები ჯოკერის პასუხს. იგვიანებს და ვხვდები, რომ ვნერვიულობ. ეს ეიფორია რაღაცით იმ ეიფორიას ჰგავს, მე რომ ექვსი ნომერი მომწონდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯოკერი ჩემზე დიდია და სავარაუდოდ, ცოლშვილიანი და არ განიხილება არანაირ პარტნიორად. ხო, ხო, მართლა, არ ვიტყუები, მაგრამ რაღაცნაირად მსიამოვნებდა, მისნაირ დიდ, საინტერესო ტიპთან რომ შემეძლო დიალოგი და დაინტერესებაც კი.

ყველანი შეხვედრის ოთახში შევქუჩდით. თვით გიგიც კი აღელვებული მეჩვენა. ნეტავ ვინაა ასეთი, ყველა რომ კანკალებს მისი სახელის გაგონებაზე? ფერდაკარგული და თავწაცლილი ქათმებივით დარბიან, ვფიქრობ და სპეციალურად ისე ვზივარ, რომ კარისკენ არ ვიყურები. კარი იღება, ამას ვგრძნობ, რადგან მაშინვე ჩუმდება დარბაზი. თითქოს ყველას სუნთქვა შეეკრა. ვერ მოვითმინე და გავიხედე. დაბალი, ჩია კაცი შემოვიდა და გიგისთან მივიდა, მიესალმა და იმის მაგივრად, ახლა მაინც დაწყებულიყო ეს წყეული თათბირი, ყველა კვლავ რაღაცას ელოდებოდა. გვერდით მჯდარ თეკლეს ვკითხე, რატომ არ იწყებოდა, ხომ მოვიდა, ვისაც ველოდით. კითხვა არ მქონდა დასრულებული, კიდევ გაიღო კარი და შემოვიდა. ინტერესით შევხედე და ადგილზე გავშეშდი. არ ვიცი, როგორ, რა ჯანდაბად, მაგრამ ჩემ წინ წყლით სავსე ჭიქას ხელი გავკარი, ჭიქა წაიქცა და წყალი დაიღვარა. ყველამ მე შემომხედა. კართან მდგარმა კაცმა გულიანად გაიცინა. გამეცინა მეც. ახლა მთელი დამსწრე საზოგადოება ჩვენ ორს გვაკვირდებოდა, რომლებიც ამ სიჩუმეში ისტერიკულად ვიცინოდით, - მე და გიორგის.

გაგრძელება იქნება ოთხშაბათს



№1  offline წევრი tamuna.s

ოოო ეს გიორგი უკვე მომწონს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent