გადმონაშთი (2)
2. -შენ არ თქვი, ბოულინგის თამაში არ ვიციო?!-გაოგნებით წამოიძახა ანამ, მოწინააღმდეგის დაფაზე Strike რომ დაეწერა. -მეგონა არ ვიცოდი, -მხრების ჩეჩვითა და კმაყოფილი ღიმილით დაუბრუნდა ლეა კუთვნილ ადგილს და ფეხი ფეხზე გადაიდო. -მართლა არ ვიცოდი, -გულწრფელად შეიცხადა, მისი მზერა, ანას გამომცდელ მზერას რომ შეხვდა. -კარგი, -ამოიბუტბუტა წითურთმიანმა და თავისი სვლის შესასრულებლად, გოგოების ტრიოს დროებით დაემშვიდობა. -ახლა ნახე, ასცდება, -ინტრიგანმა ლანამ ანას გაგორებულ ბურთზე ანიშნა გოგოებს და სათქმელი ვანგასავით რომ გამოუვიდა, ჩუმი სიცილით გადახარა თავი. -ახლა აფეთქდება!-არც თიკა ჩამორჩა, სვლის ავტორმა თავისი დამარცხების შემხედვარემ, ბრაზისაგან ყბები რომ დაჭიმა. -კარგით რა, -ხელი აიქნია ლეამ. უნდოდა არ გასცინებოდა, თუმცა, მეგობრის შემხედვარე ვერაფერს გახდა და მალევე დარბაზში გოგოების ხარხარი გაისმა. რამდენიმე წამი გაბუტული ბავშვივით იჯდა ანა, მაგრამ შემდეგ, რომ წარმოიდგინა მისი აწითლებული სახე და დაბერილი ნესტოები, თვითონაც გაეცინა და საბოლოოდ, დამარცხებასაც შეეგუა. -იმათ შეხედეთ!-სული რომ მოითქვეს, ლანამ გოგოებს კარებისკენ ანიშნა. -ღმერთო,შუაში რომ დგას ის ბიჭი ნახეთ რა სიმპათიურია!-აჟიტირებულმა ანამ ლამის ტაში შემოჰკრა, სკოლელების დანახვაზე. რომელიმე ანიმაციურ ფილმში რომ ყოფილიყო, ადგილზევე დადნებოდა. ვერც ერთ სიმპათიურ ბიჭს გვერდს გულგრილად ვერ უვლიდა. ზოგჯერ კი, ზედმეტები მოსდიოდა, მაგრამ ამჯერად, მისი აღტაცება უსაფუძვლო ნამდვილად არ იყო. -მაგას ეგრე მარტივად ნუ უყურებთ, -თქვა თიკამ და სამი წყვილი თვალი რომ მიაჩერდა, გააგრძელა,- თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის შვილია. კონსტანტინე ლომსაძე. არ ვიცი, მამის სტატუსით სარგებლობს თუ მისი სიმპათიურობით, მაგრამ აშკარაა, მასთან მიღწევა თუ გინდათ, რიგში უნდა ჩადგეთ, -და მათგან ოდნავ მოშორებით მსხდომ გოგოებზე ანიშნა, ბიჭით მოხიბლულნი ერთმანეთში რომ ჩურჩულებდნენ, თან ურცხვად მზერას არც კი აშორებდნენ. -სიმპათიური და მექალთანეა, -თქვა ლეამ და სახე სასაცილოდ დამანჭა,-საჩემო არ არის. -ბოლო კი, თავის გასამხნევებლად უფრო ჩაილაპარაკა და ის იყო, გვერდზე უნდა გაეხედა, მის მზერას, ზღვასავით ლურჯი თვალები რომ შეეგებდნენ. დაქალების განსახილველ ობიექტს ერთ წამში წარბები შეეჭმუხნა, შემდეგ კი, სახეზე მაცდურმა ღიმილმა გადაურბინა და მეტი ეფექტისთვის, ამ ყველაფრით დაბნეულ გოგონას თვალი ჩაუკრა. *** -კარგად ვარ! - საბას მიერ მესამედ დასმულ კითხვაზე, თვალები მობეზრებულმა აატრიალა და გაჭრილ ხელზე დაიხედა. იმ მომენტში ყველა და ყველაფერი ისე აღიზიანებდა. -საგანგაშო არაფერია. ნაკაწრია. საავადმყოფო საჭირო არ არის. ნანა დამიმუშავებს, შემიხვევს და მორჩა. -პრობლემა მოგვარებულად ჩათვალა და ბიჭისკენ გაიხედა, რომელიც მის პოზიციას მაინც არ თმობდა და საავადმყოფოსკენ მიმავალი გზისკენ არა და არ გადადიოდა. -გინდა ამ შუა ღამისას ქალი გააგიჟო? -კარგი. მაშინ შენ შემიხვევ. -მე ვერ დაგიმუშავებ. სისხლის ატანა არ მაქვს. -მაშინ, მე თვითონ ვიზამ. -მარცხენა ხელით არაფრის მაქნისი არ ხარ! -მე შემიძლია დამუშავება, -უკანა სავარძელზე მჯდომმა მარიამ ახლაღა ამოიღო ხმა და საპასუხოდ საბას თვალების ბრიალი რომ მიიღო, დასჯილი ბავშვივით ჩაილაპარაკა, რა გაეწყობაო. მარიას წინადადებით გახარებულმა ლეამ კი რაღაცის სათქმელად პირი დააღო, მაგრამ მალევე მასაც მოაკეტინეს. -ტყუილ-უბრალოდ ცდილობ! ამაზე მინიმუმ სამ ძაფს მაინც დაგადებენ. საბას ნათქვამზე ხელის გულზე კვლავ დაიხედა და გარკვირვებისაგან წარბები შეეჭმუხმა. ასეთი რა ძალით მოუჭირა იმ ჭიქას, მაშინვე რომ შემოემსხვა? აქამდე ტკივილს კოღოს ნაკბენს ადარებდა და მართლა არაფრად თვლიდა, მაგრამ ხელზე რომ დაიხედა და სისხლის შესაჩერებლად დახვეული ბინტი რომ მოიშორა, მაშინვე დაეჭვდა, ამხელა ჭრილობამ მართლა ასეთი გაუტკივარება იცოდა, თუ წეღანდელი შოკის გამო ვერაფერს ვერ გრძნობდა? წეღანდელ შოკს რაც შეეხება, ახლა ამ თემაზე ფიქრს გაურბოდა. მაგრამ რისი გაკეთება შეეძლო მაშინ, როდესაც სწორედ ამ შოკის გამო უწევდა საძულველი ადგილის კარების შეღება. საავადმყოფოში მისვლას. ჭრილობის დამუშავებასა და ხუთი ძაფის დადებას მხოლოდ 45 წუთი დასჭირდა. საბას "ხომ გითხარი" მზერას ყურადღებას არ აქცევდა. მიუხედავად ტკივილგამაყუჩებლისა, ხელის მოკეცვისას საშინელ ტკივილს გრძნობდა. ხოლო, ხელს რატომ აწვალებდა და ყოველ ათ წუთში ერთხელ რატომ ცდილობდა მოკეცვას, ღმერთმა უწყის! -მაზოხისტი ხარ?-საბამც შენიშნა ეს და წარბშეკრულმა გახედა. -არა, კი ვიცი, რომ სრულ ჭკუაზე არ ხარ, მაგრამ ასეც ნუ გინდა.-შეწუხებული სახით დაამატა. -ისე, მაშინ რა დაგემართა, შენი სიბრაზე ჭიქამაც რომ ვერ შეაკავა?- სავარძლებს შორის მარიამ გამოყო თავი. ესღა მაკლდაო, გაიფიქრა ლეამ. კი იცოდა, ამ თემაზე საუბარს ვერ გაექცეოდა, მაგრამ ის მაინც ეგონა, დღეს ღამით მაინც არ მომიწევსო. -ამმმ, -დაბნეულმა გახედა ჯერ მარიას, შემდეგ ამ კითხვის პასუხით არანაკლებ დაინტერესებულ საბას. გონებაში ათასგვარ ტყუილს თხზავდა, მაგრამ იქიდან ვერც ერთი ვერ შეარჩია. იმას კი ვერ იტყოდა, ჩემი ყოფილი დავინახეო. იმიტომ კი არა, რომ მამიდაშვილი გაუბრაზდებოდა. ვის არ ჰყოლია შეყვარებული? უბრალოდ, სადაც ერთ-ორ სიტყვას იტყოდა, იქ, თანდათან სხვა სიტყვები იჩენდა თავს და ბოლოს, სრული სიმართლე თუ გადაეშლებოდა, თვითონაც ეტკინებოდა და საბასაც არ მოეწონებოდა ის, რაც მისმა საყვარელმა ბიძაშვილმა გადაიტანა. გაბრაზებული საბა კი, ცოტა არ იყოს, საშიში იყო. -რაღაცაზე ვფიქრობდი, როდესაც ეგ თქვენი მილანიდან ჩამოსული მეგობარი შემოვიდა,-მეტი დამაჯერებლობისთვის, მარცხენა ხელის საჩვენებელი და შუა თითი შუბლზე მიიდო და წარბშეკრული იხსენებდა ჩამოსულის სახელს და რომ არ გაახსენდა, ასე მოხსენიება არჩივნა, -და ერთ ჩემს ნაცნობს მივამგავნე, გაოგნებულმა კი თავი ვერ გავაკონტროლე და აი!-ნაწილობრივ, არ მოუტყუებია, ამიტომ სინდისის ქენჯნა, რომელმაც წამიერად თავი იჩინა, დაუფიქრებლად უკან გააბრუნა. -გასაგებია, -უკმაყოფილოდ გააქნია მარიამ თავი. დაუჯერა, მაგრამ ფაქტია, უკეთეს პასუხს ელოდა. სამაგიეროდ, საბა არ წამოეგო ლეას ტყუილს, თუმცა გოგონასთან ეს არ შეიმჩნია. -აუ, ჯერ მარია დავსვათ და მერე სახლში წავიდეთ, კარგი? -თემა მაშინვე შეცვალა და ხვეწნით გახედა საბას. -ბიჭებს ხომ დაპირდი, საავადმყოფოდან პირდაპირ ჯეფრის სახლში რომ მივიდოდით. -შეახსენა საბამ. საავადმყოფოში რომ გადაწყვიტეს წასვლა, ბიჭებმა ჩვენც გამოგყვებითო. ლეამ კი, თავი გაიგიჟა, კი არ ვკვდებიო და რამდენიმე წუთიანი ხვეწნის შემდეგ, ერთ-ერთი იქ მყოფთაგანის სახლში შეკრებაზე შეთანხმებით გადააფიქრებინა უკან გაყოლა. რა ექნა. პირობა რომ გაეტეხა, ბიჭებსაც ეწყინებოდათ და მეტიც, იმ ადამიანის თვალში, რომელიც იქ აუცილებლად დახვდებოდა, სუსტად გამოჩნდებოდა, ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ფიქრობდა. -პირობების გამტეხს ვგავარ ახლა მე?!-ამავე ფიქრებში ხმამაღლა შეიცხადა და რადგანაც იცოდა, წინ მძიმე ღამე ელოდა, ამოიოხრა და თავი საქარე მინას მიადო. ხუთ წუთში ღია ვარდისფრად შეღებილი სახლის ჭიშკარი გაუღეს. მანქანა უარმაზარ ეზოში შეიყვანა საბამ და იქვე დააყენა. მარია მაშინვე გადავიდა და სირბილით გაიწია სახლისკენ. ლეა კი, ზლაზვნით წამოიწია. ფეხს ძლივს ათრევდა. თვალები ოდნავ მოეჭუტა. მარჯვენა ხელი კი გაშლილი დაჰქონდა. სასაცილო შესახედავი იყო. ემოციურადაც და ფიზიკურადაც ძალიან დაღლილი იყო და ამის დამალვა არც უცდია. -ცოტა ხნით დავრჩეთ და მერე წავიდეთ. -საბამ გამამხნევებლად ხელი მხარზე გადაჰხვია და თავზე აკოცა. რაღაც არ მოსწონდა ეს სიტუაცია. ლეასაც ვერ ეკითხებოდა ვერაფერს. არ უნდოდა ბიძაშვილს უნდობლობაში დაედანაშაულებინა, ამიტომ თავს იკავებდა. -ჩვენი ავადმყოფიც მოსულა, -მხიარულად შემოეგება ჯეფრი. ჭკუამხიარული ირლანდიელი იყო, რომელიც ლეას ძალიან მოეწონა. რატომღაც, ყოველთვის დარწმუნებული იყო, ირლანდიელებთან ურთიერთობა არ გაუჭირდებოდა და მისივე ვარაუდი მაშინვე დადასტურდა, ბარში ჯეფრი რომ გაიცნო. -სიტყვა "ავადმყოფს" ასე აგდებით ნუ იყენებ, თორემ თუ ამ სიტყვის გამართლება დავიწყე, მერე ნახე შენ!-ხუმრობით დაემუქრა და სიცილით მუჯლუგუნი გაჰკრა. გამომცადეო, ტუჩების სასაცილო მოძრაობით ანიშნა. შემდეგ კი, მისაღები ოთახისკენ გაუძღვა. -ხელი როგორ გაქვს?-მზრუნველი ხმით ჰკითხა სემმა და მისი აჩეჩილი თმა, ერთი ხელის მოძრაობით კიდევ უფრო აიჩეჩა. -გმადლობ, კარგად. -გულწრფელად გაუღიმა ლეამ და მის გვერდით, ცარიელ ადგილზე მოკალათდა. ჯერჯერობით, ძველ ნაცნობს ვერსად ვერ ხედავდა და ისიც კი დაუშვა, რომ ბედმა ლეას დაცინვა შეწყვიტა. -ბიჭო, ახლა არ თქვა, კოტე ამ ღამითაც საქმეების მოსაგვარებლად წავიდა და ამიტომ ვერ დარჩაო!-საბა გულწრფელი გაოცებით დაეკითხა ჯეფრის. -არა, მაგრამ აივანზეა, ტელეფონზე საუბრობს.-სიცილით გააქნია თავი და ლეას სიხარულიც მაშინვე სადღაც გაქრა. ვინ თქვა, რომ ბედი ლეას დაცინვას ოდესმე დაანებებდა თავს? -ეგ ახლაც რაღაც საქმეებს აგვარებდეს იქნება.-სემიც აჰყვა. -ან მაკოს ელაპარაკება. -არც მარია ჩამორჩა და ლეას ახალი საფიქრალი გაუჩინა. ვინ მაკო? ეს სახელი ძალიან ეცნობოდა, თუმცა საიდან და რატომ-ამას ვერ იხსენებდა. -სამსახურიდან არ დაურეკავთ.-ოთახში დაბრუნებულს რამდენიმე წყვილი თვალი რომ მიაჩერდა, სიცილით გააქნია თავი. იცოდა, მეგობრებს როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მისი სამსახურისადმი. სულ წუწუნებდნენ, ჩვენთვის ვერასდროს ვერ იცლიო. და მართლებიც იყვნენ, იმდენად გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა, ყავის დასალევად თავისუფალ ხუთ წუთსაც ვერ გამონახავდა ხოლმე. მილანშიც სწორედ სამსახურის გამო იყო. მომღიმარი სახე მაშინვე სერიოზულში გადაუვიდა,მისგან რამდენიმე ნაბიჯით მჯდომ ლეას რომ მოჰკრა თვალი. გული შეუწუხდა ბიჭს, ისე საცოდავად გამოიყურებოდა იმ წამს. -უკეთ ხარ? ლეა ვერ მიხვდა, ეს იმიტომ ჰკითხა, რომ მართლა აინტერესებდა თუ იმიტომ, რომ უყურადღებლობა ზედმეტ ეჭვს გამოიწვევდა და ამის თავიდან არიდება სცადა. -კი. -მოკლედ, მაგრამ რბილად მოუჭრა მოკლეთმიანმა და მაშინვე მზერაც აარიდა. ღმერთმა უწყის, რისი გადატანა უწევდა, ახლა იქ რომ იჯდა, მის წინ და ისეთი სახით იყურებოდა, თითქოს, ოთხი წლის შემდეგ მისი ძველი სიყვარული კი არა, ძველი მეგობარი ენახა. ისე უნდოდა, ახლა ამდგარიყო და იქაურობა დაეტოვებინა. ეს ყველაფერი მის ძალებს აღემატებოდა. "თიკა აქ რომ იყოს, გაგიჟდება" მოულოდნელად გაიფიქრა გოგონამ და გულშივე გაეცინა. თიკა ნამდვილად იქ რომ ყოფილიყო, ახლა ლეა იქ არ იჯდებოდა. არამედ, მეგობართან ერთად თხელ საბანში იქნებოდა გახვეული და წეღანდელ ამბებს აწონ-დაწონიდნენ. -შენც 54-ე სკოლაში ხომ სწავლობდი?-საბას კითხვამ და მის წინ აფრიალებულმა ხელმა ფიქრებს მოსწყვიტა. -მეც?-გაურკვეველი სიტუაციით დაბნეულმა კითხვა კითხვითვე შეუბრუნა და მერე, დამოუკიდებლად რომ გაანალიზა, მაშინვე ღია წაბლისფერთმიან ბიჭს გახედა. -ხო. თურმე კოტე სწავლობდა მანდ. თუ სწორად მახსოვს, შენც იქ დადიოდი. -განუმარტა საბამ და უარესი პასუხის მოლოდინში დაძაბული გოგონა ძლივს მოეშვა. -კი, მეც მანდ ვსწავლობდი. თუმცა, სკოლა უზარმაზარი იყო და შესაბამისად, მოსწავლეებიც საკმაოდ ბევრნი ვიყავით, ამიტომ, გასაკვირი არ არის, სახეზე თუ ვერ ვცნობ. -ის მოსალოდნელი უცნაური ვითარება, რომ ორივე ერთ სკოლაში სწავლობდა, მაგრამ არც ერთი არ იცნობდა ერთმანეთს, მაშინვე თავისებურად ახსნა. ბიჭის ჩუმი ჩაცინება არ გამორჩენია და წარბაწეულმა გახედა. ყველანაირად ცდილობდა თავის გაკონტროლებას. -ხო, ლეა მართალია. -მიუხედავად მისი რეპლიკისა, ლეას თამაშში აჰყვა და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო. ამან უფრო დააბნია ლეა. რის მიღწევას ცდილობდა? ჯერ ის იყო, რომ გოგონას ტყუილზე ჩაეცინა, შემდეგ კი, თვითონაც აჰყვა ამ ყველაფერში და ახლა ისეთი სახით იყურებოდა, თითქოს ამ ყველაფრით ერთობოდა. კოტე ნამდვილად გახალისებული იყო მის პირდაპირ მჯდომი გოგონას რეაქციებით; ხან დაბნეული რომ გამოხედავდა, ხან გაკვირვებული, ხან კი განცვიფრებული. კვლავ ისეთი იყო, როგორიც წლების წინ დატოვა, თუმცა, მის თვალებში რაღაც ახალსაც ხედავდა და რა იყო ეს "რაღაც ახალი" ამას აუცილებლად გაარკვევდა. -ფილმს ვუყუროთ რა, -აწუწუნდა მარია, ბიჭების მხრიდან ფეხბურთის ყურების ინიციატივა რომ წამოიჭრა. ხელები გაბუტული ბავშვივით გადაიჯვარედინა გულ-მკერდზე. როდესაც იკრიბებოდნენ, ხან ფეხბურთს უყურებდნენ, ხან კი, კლუბში მიდიოდნენ. რადგანაც, ლეამდე ერთადერთი გოგო მარია იყო, თავისი ვერასდროს ვერ გაჰქონდა. ახლა კი, გოგონას ისეთი იმედიანი თვალებით გახედა, შეუძლებელი იყო მის წინააღმდეგ წასულიყავი, მიუხედავად იმისა, ეს გინდოდა თუ არა. -ასე ნუ მიყურებთ, მარიას მხარეს ვარ, -ხელების აწევით გასცა ბიჭების მზერას პასუხი და მაშინვე იგრძნო, შავგრემანმა გამარჯვებულის ყიჟინით როგორ ჩაიხუტა. საბამ, ჯეფრიმ და სემმა ერთდროულად ამოიფრუტუნეს და ახლა, კოტეს ჯერი დადგა. გადამწყვეტი ხმა მისი იყო. საბამ კი, იმაში დარწმუნებუმა, რომ კოტე ბიჭების მხარეს დაიჭერდა, ისეთი თავდაჯერებული გამომეტყვეებით დასწვდა პულტს, გეგონებოდათ, სალაროდან კაზინოში მოგებული ფული გამოაქვსო. -ბოდიში ბიჭებო, ორ მანდილოსანთან ვერაფერს გავეწყობი. -რა?-შოკირებულმა ჩადუნელმა მაშინვე წამოიძახა. -მოღალატე!-ჯეფრიმ კი დამნაშავისკენ გაიშვირა თითი. საბოლოოდ ისე გადაწყდა, რომ ექვსივემ ჩაბნელებულ ოთახში ამოყო თავი, მხოლოდ ტელევიზორის შუქი ანათებდა იქაურობას. მარია, ჯეფრი და სემი ყურადღებით უყურებდნენ მარიას არჩეულ ფილმს. საბა ტელეფონში იყო ჩამძვრალი, თან შიგადაშიგ, გვერდით მჯდომ სემს ბატიბუტს პარავდა. კოტე იდაყვით დივნის სახელურს ეყრდნობოდა და მზერას ტელევიზორს არ აშორებდა, მაგრამ ფიქრებით სხვაგან იყო. ლეა კი, ადგილზე ვერ ჩერდებოდა. ფილმს გული ვერ დაუდო. ხუთ წამზე მეტი ხნით ვერც ტელევიზორს ეკრანს ვერ უყურებდა და უკვე, ვერც მისგან მარცხნივ მჯდომისკენ ვერ ბედავდა გახედვას. დღევანდელმა ღამემ უკვე თითქმის ჩაიარა და ყველაფერი რიგზეა, მაგრამ რა მოხდებოდა მეორე დღეს? მომავალში, სადაც კოტესთვის ადგილი ნამდვილად არ ჰქონდა გათვლილი, მაგრამ ყველაფერი ისე უეცრად დაატყდა, უკვე დარწმუნებული იყო, დაგეგმილი მომავლის შეცვლა აუცილებლად მოუწევდა. ამის წარმოდგენაზე სუნთქვა შეეკრა. საღსალამათი ხელის თითები კისერზე შემოიხვია და უხმაუროდ წამოდგა და მისაღები ოთახიდან, სახლის წინა ეზოში გადავიდა. -ღმერთო! -საცოდავად, ჩუმად შესძახა და ღონეგამოცლილივით ხელები უსუსურად ჩამოუშვა. -ახლა რა უნდა გავაკეთო? აჩქარებული გულისცემა ყურში გუგუნივით ჩაესმოდა. -არაფერიც არ უნდა გააკეთო! მოულოდნელობის ეფექტით გამოწვეული შედეგი ყოველთვის ახალისებდა ლომსაძეს, მაგრამ ამჯერად, მისი ხმის გაგონებით გაკვირვებულ გოგონას თვალები შუბლამდე რომ ასვლოდა, ეს სულაც არ აცინებდა. -უკაცრავად?!-გაკვირვება ხმაზეც დაეტყო ლეას. -რაც მოსახდენია, მაინც მოხდება და ტყუილ გარჯას რა აზრი აქვს?-კითხვასავით გაჟღერდა კოტეს ნათქვამი, მაგრამ აშკარა იყო, ლეასგან პასუხს არ ელოდა. არც გოგონას უცდია შეპასუხება. დაღლილმა ერთი ამოიოხრა, შემდეგ კი კიბეებზე მდგომს ზურგი აქცია. -ლეა,-დამძიმებული ჰაერი კვლავ კოტეს ხმამ გააპო. -არ გინდა, გთხოვ, -წინადადების გაგრძელება არ აცადა. -არ მინდა. -არც ვაპირებდი. წარსულზე არასდროს არ ვსაუბრობ! -ნათქვამს მაშინვე მიუხვდა კოტე, -უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ არ ვიცოდი საბას ბიძაშვილი თუ იყავი და მითუმეტეს არც ის ვიცოდი, რომ აქ გნახავდი. მის ხმაში სარკაზმის ვერანაირი კვალი ვერ შენიშნა ლეამ და ბიჭის გულწრფელობაზე შესამჩნევად გააცახცახა. რატომ იყო კვლავ ისეთი, როგორიც ახსოვდა და რომელიც ერთ დროს ისე ძალიან უყვარდა? -ვიცი. არც მე არ ვიცოდი. იქ ყოფნა უკვე მართლა აღარ შეეძლო. რამდენიმე წამში დაუმშვიდობებლად შებრუნდა სახლში. საბას სთხოვა, რომ წასულიყვნენ და იმით დაიმედებულმა, რომ ეს მათი ბოლო შეხვედრა იყო, ბოლოჯერ გახედა წინკართან მდგომ მაღალ სილუეტს. *** მეორე დღეს გასაუბრებაზე წასვლა ჰქონდა ლეას დაგეგმილი, მაგრამ შუა დღისას საშინელი თავის ტკივილით რომ გამოეღვიძა, მიხვდა, საქმის ერთი დღით გადადება მოუწევდა. გუშინდელ დღეს კოშმარს ადარებდა და არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ ეს სიზმარში კი არა, რეალურად მოხდა. საცოდავად ამოიკრუსუნა, ზლაზვნით წამოიწია, მოწესრიგდა და ზომბირებული ჩავიდა პირველ სართულზე. -რა დალიე ამისთანა,-ძმისშვილის შემხედვარე ნანას მაშინვე გაეცინა,-ვაიმე, ხელზე რა მოგივიდა?-მალევე სიცილი შეშფოთებაში გადაუვიდა, შეხვეული ხელი რომ ნახა. უეცრად გონს ვერ მოეგო ლეა, ხელის ამბავი არც კი ახსოვდა და წარბშეკრულმა დაიხედა. -აჰ, ხო, გავიჭერი.-ვითომც არაფერიო, ისე აიჩეჩა მხრები. -თავის ტკივილის წამალი გექნება შენ. ძალიან მტკივა. -გაიჭერი კი არა, დაწვრილებით მომიყევი რა მოხდა! - თავისი ოთახიდან წამალი რომ გამოუტანა, წინ დაუჯდა და მომთხოვნი კილოთი უთხრა. ლეამ მოჩვენებითი გაკვირვებით გახედა, რას გულისხმობო, შემდეგ კი, ნანას "ხო, ახლა ზუსტად შენი ტყუილების მჯერა!" სახეს რომ შეხვდა, დანებდა. -ბიჭი, რომელიც ოთხი წლის წინ მიყვარდა, საბას ძმაკაცი აღმოჩნდა. -ასე უბრალოდ, ყოველგვარი შესავლებისა და ისტორიების გარეშე მიახალა. წარბიც არ შეუხრია. თითქოს, ისეთ უმნიშვნელო რამეს ყვებოდა, ამაზე დროის დახარჯვაც რომ ენანებოდა.-ხოდა, გუშინ, ვიჯექი ჩემთვის, მშვიდად, კოქტეილს ვსვამდი, უცებ კარებში კოტე რომ დავლანდე და არ ვიცი, სიბრაზისაგან თუ რისგან, მაგრამ ფაქტია, ჭიქა ხელში შემომეფშვნა. -კონსტანტინე ლომსაძეზე ამბობ?-ჩაფიქრებული სახით ჰკითხა ნანამ. საბასგან იცნობდა იმ ბიჭს. -ხო. -ასეთი რა მოხდა, მის დანახვაზე რომ გაბრაზდი? -არც თუ ისე სახარბიელო დაშორება გვქონდა. -არადა კარგი ბიჭია, -თავისთვის ამოილაპარაკა მამიდამ. -რჩება ხოლმე აქ. ოღონდ, ძალიან იშვიათად. -კი, კარგი ბიჭია, -გულწრფელად დაეთანხმა ლეა, -უბრალოდ, ხომ იცი, დაშორებების შემდეგ ორივე მხარე თუ არა, ერთი მაინც რომ ვერ ეგუება მეორეს. საკუთარი ნათქვამის უკვირდა ლეას, მაგრამ, რაც თქვა, სრული სიმართლე იყო. ის ფაქტი, რომ წყვილი ცუდად დაშორდა და ლეას მისი დანახვაც არ სურდა, არ ნიშნავდა იმას, რომ მესამე პირთან მისი გალანძღვის უფლება ჰქონდა. ლეას სიტუაცია იმან შეუმსუბუქა, რომ ნანას ზედმეტი კითხვა არ დაუსვამს. გოგონაც ისე მარტივად გამოძვრა, ლამის ნერვიულად გადაიკისკისა. ის, რაც უთხრა, საკმარისი იყო, დანარჩენის ცოდნა ნამდვილად არ იყო აუცილებელი. -იმედია, ეს იშვიათობა მაინცდამაინც ჩემი აქ ყოფნისას იქნება. -შეიძლება ეს კვირა თავი აარიდო მაგრამ სექტემბრიდან აქ რომ გადმოხვალ, ხომ იცი, ვეღარ გაექცევი. გინდა თუ არ გინდა, მაინც ნახავ. ეს იქნება კლუბში, საბას რომელიმე მეგობართან თუ ამ სახლში. იცოდა, ნანა რომ მართალი იყო. სანამდე გაექცეოდა? სანამდე დაემალებოდა? -საბა სად არის?-რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ თემა შევალა ლეამ. -დილაადრიან გავიდა. რაღაც საქმე მაქვსო. -აბა შვებულება ავიღეო? -შეიძლება სამსახურის საქმეზე არც გასულა, არ ვიცი. სამსახურის ხსენებაზე უეცრად მაკო გაახსენდა და სანამ კარგად დაფიქრდებოდა, ნანასთვის ეკითხა თუ არა, მანამდე უკვე კითხვა დასმული ჰქონდა. -მაკო ვინ არის? -მაკო? -ჩაფიქრდა ნანა,-არ ვიცი. რატომ მეკითხები? -ისე, უბრალოდ. თუ ნანას, კოტეს ძმაკაცის დედას გაკვრითაც არ ჰქონდა ეს სახელი გაგონილი, ე.ი. არც თუ ისე მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, ანდაც, პირიქით, იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მასზე ხმამაღლა არ საუბრობდა. *** იმ ღამის შემდეგ, კოტე აღარ უნახავს. აღარც საბას სხვა რომელიმე მეგობარი. მხოლოდ მარიას ეკონტაქტებოდა, ისიც ტელეფონის საშუალებით. მესამე დღე ისე მიილია, ერთადერთი სიახლე ის იყო, რომ უნივერსიტეტში გასაუბრება გაიარა და ახლა, უფრო მეტი სადარდებელი დაემატა. ასე უთხრეს, ორ-სამ დღეში დაგიკავშირდებით და პასუხს შეგატყობინებთო. სურვილისამებრ, უკვე შეეძლო საქართველოში დაბრუნება. პასუხი Mail-ზე მიუვიდოდა და ლონდონში დარჩენის საჭიროებას არ წარმოადგენდა, მაგრამ, ბარგის ჩალაგება კი არა, გონებაშიც არ გაუვლია იმ აზრს, რომ დათქმულ დროზე ადრე დაბრუნებულიყო სამშობლოში. კარგად ერთობოდა ნანასთან და საბასთან და მათი დატოვება არ უნდოდა, მაგრამ, გარდა ამისა, კიდევ იყო რაღაც, რაც აკავებდა. ამ თემაზე თიკას რომ ესაუბრა, გოგონამ დაასკვნა, კოტეს ნახვა გინდა და მაგიტომ ვერ ელევი იქაურობასო. ბევრი იუარა, ბევრი იწუწუნა, რატომ უნდა მინდოდეს მისი ნახვაო. მათი დაშორებიდან, ყოველი დღე იმ გრძნობას ებრძოდა, რომელიც ღამე ძილის, დღისით კი ფხიზლად ყოფნის საშუალებას არ აძლევდა. ყველაზე მეტად ის არ უნდოდა, ამდენი შრომა წყალში ჩაეყარა და რის გამო? ერთი შეხვედრის გამო, რომელმაც საუბედუროდ მოსვენება დააკარგვინა. ყოველთვის აღიარებდა, რომ კონსტანტინე ლომსაძე უყვარდა, მაგრამ ახლა თვითონაც არ იცოდა რა ხდებოდა და ეს გაურკვევლობა ყველაზე მეტად აღიზიანებდა. -ლეა, კარი გააღე რა, გთხოვ. -ნანამ მეორე სართულიდან ჩამოსძახა, კარზე ზარის ხმა გადაბმულად რომ გაისმა. ფიქრებიდან მაშინვე გამოერკვია, ჩქარი ნაბიჯებით მივიდა და კარი გამოაღო. ჭუჭრუტანიდან მაინც გაეხედა! -შენ აქ რას აკეთებ?-არც კი დაფიქრებულა, ისე უხეშად ჰკითხა. -ეს რა უტაქტობაა, ლეა! - ცალყბა ღიმილით შეიცხადა ბიჭმა, თან, გოგონა ერთი ხელის მოძრაობით გასწია გვერდზე და შიგნით დაუპატიჟებლად შევიდა. გაოგნებულმა მიხურა კარი და ნელი, ფრთხილი ნაბიჯებით გაჰყვა უკან. როგორ ბედავს?! -აქ რა გინდა?-კითხვა კვლავ გაუმეორა, ოღონდ, ამჯერად უფრო რბილად. -იმედია არ ფიქრობ, ის ფაქტი, რომ შენ აქ ხარ, ძმაკაცის სახლში მოსვლაში ხელს უნდა მიშლიდეს. ჯერ კიდევ გაოგნებული იდგა. მართალია, ბოლოს, ორი დღის წინ სულ სხვანაირი იყო, მაგრამ კოტეს ამ მხარეს ასე ძალიან არ უნდა გაეკვირვებინა. ბოლოს და ბოლოს, წლების წინ ლამის საკუთარ თავზე უკეთ იცნობდა. -არა, რა თქმა უნდა, ასე არ ვფიქრობ.-ამავე ფიქრებში გართულმა, ძლივს გასაგონად ამოიბუტბუტა და ბრაზი, რომელიც ასე აწუხებდა, ამავე სიტყვებში ჩაახრჩო. -მშვენიერია,-კმაყოფილი ჩამოჯდა დივანზე, -საბამ დამირეკა, ნახევარ საათში სახლში ვიქნები და მანდ დამხვდიო. -ლეას მიერ დასმულ კითხვას კი ახლა გასცა პასუხი. -ლეა, ვინ...-კიბეებზე ჩამომავალ ნანას წინადადება შუაზე გაუწყდა, კოტეს რომ მოჰკრა თვალი.-კოტე, კონსტანტინე, როგორ ხარ?-მხიარულად გადაეხვია ბიჭს, მალული მზერა კი გოგონასკენ გააპარა, რომელიც ადგილზე ცქმუტავდა. -როგორც ყოველთვის, იდეალურად გამოიყურები!-ხუმრობით თვალი ჩაუკრა კოტემ, რასაც ლეას ჩაფრუტუნება მოჰყვა. -მოკლედ, ახლა მარტო არ მოგიწევს ლოდინი და თქვენის ნებართვით, მე დაგტოვებთ. -საქმე რომ მოაგვარა, შვებით ამოისუნთქა და ის იყო, თავისი ოთახისკენ უნდა წასულიყო, ნანას ხმამ რომ შეაჩერა. -მე მარკეტში უნდა გავიდე. სტუმარი მარტო არ დამიტოვო იცოდე! ლეას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს, საყვარელმა ადამიანმა უღალატა. რა ჰგონია ახლა, თუ მარტო დატოვებს, დაილაპარაკებენ და ამით მათი ურთიერთობა დალაგდება? ნანა წავიდა. ლეა და კოტე კი მარტონი დარჩნენ. -დარწმუნებული ვარ, მარტოც არ მოიწყენ. -გაჯიუტდა გოგონა. მასთან ერთად დარჩენის სურვილი არ ჰქონდა, მითუმეტეს, მარტო. თიკამ კი უთხრა, კოტეს გამო არ გინდა წამოსვლა და ბოლოს თვითონაც დაეთანხმა, მაგრამ ახლა ფაქტის წინაშე რომ დადგა, სულაც არ ეხალისებოდა მისი დანახვა. -სულ ასე უნდა გამირბოდე? -არც კი გაუხედავს ლეასკენ, ისე ჰკითხა და სახე დაჟინებუმა მზერამ რომ აუწვა, მხოლოდ მაშინ გახედა ცერად. -არ გაგირბივარ, -მაშინვე იუარა ლეამ.-ან რატომ უნდა გაგირბოდე? ჩემთვის რამეს წარმოადგენ თუ რა? სილის გაწნასავით გამოუვიდა კერესელიძეს. მხიარულ ტალღაზე ამაღლებულ ბიჭს წამებში აერია გამომეტყველება, შემდეგ კი, მის უკან მდომს გამომცდელად გახედა და ამასობაში, გოგონა მოუსვენრობაში რომ გამოიჭირა, ძველი განწყობა დაუბრუნდა. -მაშინ, კომპანიონობა გამიწიე. საბა კიდევ 25 წუთი არ მოვა და გინდა აქ დავლპე? ცოტაც და ალბათ საჩვენებელი და შუა თითით კისერსაც გამოსწევდა და ისე შეევედრებოდა. -სიმართლე რომ გითხრა, სულაც არ მაღელვებს, დალპები თუ არა, -მხრების ჩეჩვით მიუგო,-მაგრამ, კარგი, დავრჩები. ბოლოს მაინც დანებდა, მაგრამ მხოლოდ იმის დასამტკიცებლად, რომ სულაც არ გაურბოდა და მეტიც, მასთან მარტო დარჩენაც კი შეეძლო. მთელი 25 წუთი... -თმა რატომ შეიჭერი?-ყველაზე მოულოდნელი კითხვა დასვა კოტემ. -რამე ახალი მჭირდებოდა, -თუმცა, ლეა მაინც არ დაიბნა და მზერა გაუსწორა. -როგორც ჩანს, ეს შენც გჭირდებოდა, -მოშვებულ წვერზე ანიშნა. -ხო,-კოტემ მარჯვენა ხელი წვერზე მოისვა და ხელის აწევისას მაჯის ქვემოთ გაკეთებული ტატუც გამოუჩნდა. პატარა სპილო იყო, რომლის მნიშვნელობასაც ვერ მიხვდა ლეა, მაგრამ მაინც მოეწონა. -რა ხდება საქართველოში? კვლავ ისეთი მოწყენილობაა? კარგი მეგობარივით უსვამდა კითხვებს. თავიდან წარბებშეკრულმა გახედა ლეამ, შემდეგ კი, ოდნავ მოეშვა და თავს აიძულა, კითხვა-პასუხში მშვიდად აჰყოლოდა. -კვლავ მოწყენილობაა. სწორედ ამ მოწყენილობის გამო არ გამოიქეცი ლონდონში?-ორაზროვნად, სარკასტული ხმით უპასუხა და კომპანიონს სახეზე ღიმილი რომ გამოესახა, მიხვდა, ზედმეტი ახსნა-განმარტებების გარეშე რომ მიუხვდნენ სათქმელს. სინამდვილეში, არც უნდოდა ასე ესაუბრა. არც ეს ორაზროვანი გამონათვამები ახარებდა და არც ის ტონი, რომელიც კონსტანტინესთან აუცილებლად უნდა შეენარჩუნებინა. ამის შემდეგ, ხმა აღარც ერთს არ ამოუღიათ. საბას მოსვლამდე დრო ჩუმად გაიყვანეს. ლეა ისე იქცეოდა, თითქოს, იქ მჯდომს ვერც კი ამჩნევდა. კოტე კი ამით ჩუმად ხალისობდა. ვისთვის საბედნიეროდ და ვისთვის საუბედუროდ, საბა დათქმულ დროზე ადრე მოვიდა. ლეამ კარი როგორც კი გაუღო, აცნობა, მეგობარი გიცდისო, თვითონ კი თავის ოთახში ავიდა და იმ ღამით, ქვემოთ აღარც ჩამოსულა. ესეც ასე მეგობრებო, მეორე თავიც დავდე და ძალიან, ძალიან გთხოვთ, არ დაიზაროთ და გამიმხილეთ თქვენი შთაბეჭდილებები. <3 მესამე თავსაც ძალიან მალე დავდებ. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.