შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდუმარე სასტუმრო - "თეთრი ქალიშვილი" მოჩვენება (თავი 9)


17-05-2018, 01:03
ავტორი anushka 5
ნანახია 1 434

ალესტერი ერთ-ერთ კართან შეჩერდა და ჯიბიდან პლასტიკური ბარათი ამოიღო. ძალიან პატარა, ბნელ ოთახში შევიდნენ. ოთახი ცარიელი იყო. მხოლოდ ერთ კედელზე ეკიდა დიდი სარკე, რომლიდანაც სააბაზანო ოთახი ჩანდა.

- რა უცნაურია! ეს სარკეა თუ მინა?

ანა სარკეს მიუახლოვდა და მას ხელით შეეხო.

- ეს "სისხლიანი მერის" აპარტამენტებია! სარკის მეორე მხარეს სააბაზანო ოთახია, სადაც სტუმრებს შეუძლიათ შესვლა, რათა "სისხლიანი მერი" გამოიძახონ. სააბაზანოს მხრიდან ეს ჩვეულებრივი სარკეა!

ადამიანი, რომელიც წესების მიხედვით ჩაატარებს რიტუალს, შეძლებს დაინახოს "სისხლიანი მერი". ამისთვის, აი, აქ არის სპეციალური ღილაკი,
რომელზე დაჭერითაც სარკე სააბაზანოს მხრიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში გამჭვირვალე გახდება.

ალესტერი უცებ გაჩუმდა, თვალები მოჭუტა და გოგონებს დააკვირდა. - "სისხლიანი მერი" შენ იქნები!

უთხრა ანას და მხარზე ხელი დაჰკრა.

- ოღონდ შავი პარიკის გაკეთება მოგიწევს! წინააღმდეგი ხომ არ იქნები?

- რასაკვირველია, არა!

- ძალიან კარგი! მოკლედ, იმისთვის, რომ სარკეში მერი გამოჩნდეს, საჭიროა რიტუალის სწორად ჩატარება. წესები სააბაზანოს კარზე წერია. სააბაზანოში მხოლოდ სანთელი უნდა ენთოს. თუ ჩვენი რომელიმე კლიენტი სანთელს გადაატარებს სარკეს და სამჯერ წარმოთქვამს: – "სისხლიანი მერი! სისხლიანი მერი! სისხლიანი მერი…" შენ უნდა დადგე სარკის წინ და ამ ღილაკს დააჭირო თითი. სარკის მეორე მხრიდან დაგინახავენ… ესაა და ეს!

- და სულ აქ უნდა ვიყო?

- რა თქმა უნდა, არა! სანამ სააბაზანოს ოთახში შევლენ, მონეტა უნდა შეიძინონ ცალთვალა ჯოს მაღაზიაში. შენ წინასწარ დაგიკავშირდება ჩვენი მოდერატორი შიდა ქსელით, ანუ რაციით.

- რაცია მექნება?

- რაციას ყველა აქ მომუშავეს ვაძლევთ, რადგან მობილურები აქ არ იჭერს! თუ დარეკვა მოგინდებათ, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ გარეთ უნდა გახვიდეთ – "სურვილების ჭასთან", რომელიც სასტუმროს ტერიტორიიდან ოდნავ მოშორებით მდებარეობს… სასტუმროს ტერიტორიაზე მობილურების სიგნალს ვახშობთ! ასეთი წესია აქ!

- გასაგებია!

- "სისხლიან მერის" ჩვეულებრივ შეუძლია გადაადგილება სასტუმროს ტერიტორიაზე, ისევე, როგორც ყველა ზებუნებრივ არსებას, მაგრამ სტუმრებთან კონტაქტში შესვლა მაინცდამაინც მიზანშეწონილი არ არის. თუ ვინმე "სისხლიანი მერის" ლეგენდის მოყოლას გთხოვს, უარს ნუ ეტყვი!

- ლეგენდის?

- ლეგენდა "სისხლიანი მერის" შესახებ ძალიან ძველია! ლეგენდის რამდენიმე ვერსია არსებობს, ერთ-ერთი მათგანი კი ალქაჯის სახელს უკავშირდება, რომელიც უხსოვარ დროს კოცონზე დაწვეს.

თვითონ ლეგენდა პენსილვანიაში გაჩნდა. ალქაჯი, სახელად მერი, უღრან ტყეში, პატარა ქოხში ცხოვრობდა. ის მოხუცი ქალი იყო, რომელიც სამკურნალო ბალახების შეგროვებით იყო დაკავებული.

ტყის მახლობლად მდებარე სოფლის მცხოვრებლები მას "სისხლიან მერის" ეძახდნენ და ჯადოქრად მიიჩნევდნენ. ვერავინ ბედავდა მის ქოხთან მიახლოებას.

ერთხელ სოფელში გასათხოვარი გოგონა დაიკარგა. ყველგან ეძებეს, მაგრამ ვერსად იპოვეს. ქალიშვილების გაუჩინარება გაგრძელდა. გამწარებული მშობლები ყველგან ეძებდნენ თავიანთ შვილებს, მაგრამ ამაოდ… რამდენიმე გაბედული ადამიანი ტყეშიც კი წავიდა, მერისთან, მაგრამ ბებერი ალქაჯი ყველაფერს უარყოფდა.

სოფლელებმა შეამჩნიეს, რომ ალქაჯი თანდათან უფრო ახალგაზრდად და მომხიბვლელად გამოიყურებოდა.

ერთ ღამესაც მეწისქვილის ქალიშვილი საწოლიდან წამოდგა და სახლიდან გარეთ გავიდა. ის უცნაური ხმით მონუსხული, რომელიც მის გარდა, არავის ესმოდა, ტყისკენ მიემართებოდა. მეწისქვილის ცოლს არ ეძინა. მას კბილი სტკიოდა და სამზარეულოში სამკურნალო ბალახებისაგან ნახარშს ამზადებდა, რათა ტკივილი გაეყუჩებინა.

მან ფანჯრიდან დაინახა საკუთარი ქალიშვილი და შესაჩერებლად უკან აედევნა. გოგონას დედის ძახილი არ ესმოდა. ცოლის ყვირილზე მეწისქვილესაც გაეღვიძა. მან დაინახა უცნაური სინათლე, რომელიც ტყის სიღრმიდან გამოდიოდა და მისკენ გაემართა.

მეწისქვილემ დიდ, ძველ მუხასთან მდგარი მერი დაინახა, რომელსაც ხელში ჯადოსნური ჯოხი ეჭირა და მეწისქვილის სახლის მიმართულებით უმიზნებდა… უცნაურ სინათლეს სწორედ ის ჯოხი ასხივებდა.

სოფლელები შეიარაღდნენ და მერის დასაჭერად გამოუდგნენ. ის ტყეში მიმალვას შეეცადა, მაგრამ ერთმა მოხერხებულმა ფერმერმა ის თავისი თოფით, რომელშიც ვერცხლის ტყვია იდო, ფეხში დაჭრა.

მერი კოცონზე დაწვეს. მისი სახლის სიახლოვეს ქალიშვილების საფლავები იპოვეს. ალქაჯი მათ ხოცავდა, რათა მათი სისხლის საშუალებით თვითონ გაახალგაზრდავებულიყო.

როდესაც ის ცეცხლის ალში გაეხვა, მან წყევლა წარმოთქვა! ნებისმიერი, ვინც მის სახელს სარკის წინ სამჯერ წარმოთქვამდა, მერის შურისმაძიებელი სული მოვიდოდა და მოკლავდა მას საშინელი სიკვდილით, ხოლო მათ სულებს "სარკის მახეში" გააბამდა, სადაც ისინი ისეთივე ჯოჯოხეთურ ცეცხლში დაიწვებოდნენ, როგორშიც იწვოდა თვითონ სისხლიანი მერი.

- რა საშინელი ლეგენდაა! ჟრუანტელმა დამიარა!

წამოიძახა ელიმ. მას ერთი სული ჰქონდა, როდის გაეცლებოდა ამ პირქუშ ოთახს.

- და მე რომელი ზებუნებრივი არსების როლის შესრულება მომიწევს, მისტერ ალესტერ?
ჰკითხა მან სასტუმროს ადმინისტრატორს, რომელიც როლში იყო შეჭრილი და საკმაოდ უცნაური გამომეტყველება ჰქონდა სახეზე.

- შენ?.. შენ იქნები "თეთრი ქალიშვილი" მოჩვენება! წამოდით, ექსკურსია განვაგრძოთ და მეორე ლეგენდასაც მოგიყვებით.

ალესტერმა ელი და ანა მთელი სასტუმრო შემოატარა. სასტუმრო სამსართულიანი იყო. ყოველ სართულს 12 ნომერი ჰქონდა. ალესტერი შეუსვენებლივ ლაპარაკობდა. გოგონებს საგრიმიორო და გარდერობის ოთახი აჩვენა. "სისხლიანი მერის" კაბა წითელი საღებავით იყო მოთხვრილი. პარიკებისთვის სპეციალური კარადა იყო გამოყოფილი. იქვე ეწყო ვამპირის კბილები, რქები, ეშვები და ათასნაირი უბედურება.

- ეს თეთრი გამჭვირვალე კაბა შენია!

უთხრა ალესტერმა ელის და საკიდიდან შიფონის ძალიან თხელი და გამჭვირვალე კაბა ჩამოხსნა. კაბა ლამაზი იყო, გეგონებოდა, ზღვის ქაფისაგან იყო გაკეთებული.

- ამ მოჩვენებას "თეთრ დამას" ან "თეთრ ქალს" ეძახდნენ. XIV-XV საუკუნეებში იყო ძალიან პოპულარული ეს ლეგენდა. ყველაზე ხშირად მასზე გერმანელები ჰყვებოდნენ. როგორც წესი, "თეთრი ქალი" იმ ადგილებში ჩნდებოდა, სადაც ოდესღაც ტაძარი, მონასტერი ან ეკლესია იყო დანგრეული. მის გამოჩენას ყოველთვის უბედურებას მიაწერდნენ ხოლმე…

- რა ისტორია აქვს "თეთრ ქალს", მისტერ ალესტერ?

დაინტერესდა ელი და ალესტერს კაბა გამოართვა.

- ერთ პატარა სოფელში – სახელად "მოტირნოში", აბანო იყო, სადაც დასაბანად დადიოდნენ სოფლის მკვიდრნი. აბანოს ერთი მოხუცი კაცი ამუშავებდა, რობინზონი ერქვა. ზამთარში თითქმის სულ აბანოში იყო. ღამეც იქ რჩებოდა, რადგან თბილოდა და თანაც, დილით აღარ მოუწევდა სახლიდან ისევ აქ დაბრუნება.

ერთხელ რობინზონი გვიან ღამით უცნაურმა შეგრძნებამ გამოაღვიძა. მან იცოდა, აბანოში მის გარდა არავინ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიღაცის დაჟინებული მზერა იგრძნო. ერთ-ერთ კედელთან ახალგაზრდა ქალი დაინახა, რომელიც ნახევრად გამჭვირვალე იყო და თეთრი კაბა ემოსა.

მოხუცმა შიშისაგან ლამის იქვე დალია სული. მოჩვენებას პირჯვარი გარდასახა და გარეთ გამოვარდა. მეორე დღეს ყველას უყვებოდა თეთრი მოჩვენების შესახებ, მაგრამ სოფლელები ფიქრობდნენ, რომ მოხუცს სასმლისაგან ჰალუცინაცია ჰქონდა. მოხუცი თავისას არ იშლიდა და ამტკიცებდა, რომ აბანოში მოჩვენება დასახლდა.

მოტირნოელები აბანოში ჩვეულებრივ აგრძელებდნენ სიარულს. როდესაც მოსავლის აღების დრო დადგა, ხალხი გვიანობამდე მუშაობდა და აბანოშიც საკმაოდ გვიან დადიოდა. ერთხელ, როგორღაც ბევრი ქალი შეიკრიბა ერთად. მოულოდნელად აბანოში სინათლე ჩაქრა. ქალები ახმაურდნენ.

ერთ-ერთმა ხუმრობით წამოიძახა: – "თეთრო ქალბატონო! მოდი ჩვენთან!"
ამაზე თავიდან ყველამ სიცილი ატეხა, მაგრამ უცებ გაჩუმდნენ და მზერა იმ კედელს მიაპყრეს, სადაც იმ ღამეს, რობინზონის თქმით, თეთრი მოჩვენება იდგა.

შიშისაგან ყველა გახევდა. კუთხეში მართლა იდგა გამჭვირვალე ქალი თეთრებში…
ქალებს დაავიწყდათ, რომ შიშვლები იყვნენ და ყვირილით გარეთ გამოცვივდნენ. მერე ერთმა ბებერმა ქალმა გაიხსენა, რომ 1927 წელს, სოფელში ეკლესია დაშალეს და მასალა აბანოს ასაშენებლად გადაიტანეს. მას შემდეგ აბანოში აღარავინ წასულა, მოგვიანებით კი შენობა დაიწვა.

- იქნებ თეთრ ქალს უბედურების მოტანა სულაც არ უნდოდა? იქნებ ის თავისი გამოჩენით, უბრალოდ, ახსენებდა ადამიანებს, რომ მათ ღმერთი დაივიწყეს?

- შესაძლებელია, ელი… შეიძლება ასეც იყო! წამოდით, თქვენს ოთახს გაჩვენებთ! ოც წუთში "მკვდარი საათი" დასრულდება და პერსონალსაც გაგაცნობთ.

გაგრძელება იქნება
ავტორი :თეა ინასარიძე



№1  offline წევრი Olga

კითხვას ახლა ვიწყებ და სად ვნახო პირველი თავი?

 


№2  offline წევრი anushka 5

Olga
კითხვას ახლა ვიწყებ და სად ვნახო პირველი თავი?


შემოდი ჩემ გვერძე და ნახავ ყველა თავს ))

 


№3  offline წევრი Olga

anushka 5
Olga
კითხვას ახლა ვიწყებ და სად ვნახო პირველი თავი?


შემოდი ჩემ გვერძე და ნახავ ყველა თავს ))

დიდი მადლობა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent