შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდუმარე სასტუმრო - ნიღაბი (თავი 14)


29-05-2018, 11:18
ავტორი anushka 5
ნანახია 1 212

დათქმულ დროს ელი ოთახიდან გამოიპარა და ფეხაკრეფით დაუყვა სარდაფში მიმავალ კიბეებს. პიტერი უკვე იქ ელოდა. ორივენი უხმოდ გაემართნენ იმ ადგილისაკენ, სადაც გვირაბი სამ ნაწილად იყოფოდა, მაგრამ არ გაუმართლათ.
კორიდორში მხოლოდ ორი გასასვლელი იყო.
პიტერმა ფარნით დაათვალიერა კედლები, მაგრამ საეჭვო ვერაფერი ნახა.
- გამორიცხულია, რომ აქ საიდუმლო კარი იყოს! თუ კედელი იღება, მაშინ აუცილებლად იქნება კვალი. ყველა აგურის ზედაპირი ერთნაირია. არც იატაკს ეტყობა ხახუნის კვალი. მტვერი ისევეა, როგორც ყველგან...
- ვიცი, რომ ძნელი დასაჯერებელია, პიტერ! მე თვითონაც არ დავიჯერებდი შენს ადგილას,
მაგრამ დარწმუნებული რომ არ ვიყო, საერთოდ არ გეტყოდი არაფერს... - შეხედე… იქით ერთი კარი ღიაა!
ელი მეორე გასასვლელში შევიდა და პირველივე კართან გაჩერდა. ფრთხილად შეიხედა. შიგნით არავინ იყო. პიტერმა კარი ბოლომდე გააღო. ოთახში რკინის კარადები იდგა, რომლებსაც ძალიან ბევრი უჯრა ჰქონდა.
- ვიცი ეს ოთახი! აქ ნამყოფი ვარ უკვე! დოკუმენტაცია ინახება!
თქვა პიტერმა და გაბრუნება დააპირა.
- პიტერ! ეს რუკა, რომელიც შენ მომეცი, ახალია! სასტუმროს ძველი რუკაც არსებობს!
- ვინ გითხრა?
- იმ მაქციამ! შემთხვევით დამინახა რუკით…
- რონიმ?
- ეგ ტიპი რაღაცნაირად მაშფოთებს! არ მომწონს…
- რატომ? რამე ხომ არ გაკადრა?
- არა… უბრალოდ, უცნაურად იქცევა!
- რონის კარგად ვიცნობ! ცოტა უცნაური მართლა არის, მაგრამ ცუდს არაფერს ჩაიდენს, დარწმუნებული ვარ… ამ ოთახში კიდევ მართლა არაფერი საინტერესო არ არის, ელი… დროს ტყუილად დავკარგავთ!
- როგორ შეიძლება გამოძიებისთვის არ იყოს საინტერესო დოკუმენტაცია? აქ პერსონალის ანკეტებიც იქნება!
ელი ოთახში შევიდა და უჯრების გაღება სცადა, მაგრამ როგორც ჩანს, ყველა გასაღებით იყო დაკეტილი. უცებ კარადის უკან გადავარდნილ სურათს მოჰკრა თვალი და ამოიღო. სურათი ჩარჩოში იყო ჩასმული. ელიმ სურათს სული შეუბერა. ჰაერში მტვრის კორიანტელი ავარდა.
- პიტერ, შენი ფარანი მათხოვე!
პიტერი ელის მიუახლოვდა და სურათს ფარანი მიანათა.
- რა იპოვე?
ორივე სურათს დააკვირდა. სურათი ჯგუფური იყო. ცენტრში ალესტერი იდგა, მის გარშემო კი სასტუმროს პერსონალის მთელი შემადგენლობა: ალბინოსი ბილი, ცალთვალა ჯო და სხვები.
ელიმ რონი დაინახა და სურათი კინაღამ ხელიდან გაუვარდა. მის გვერდით ანა იდგა და იღიმოდა.
- რას უყურებ, ელი?
პიტერმა ელის სურათი გამოართვა და თვითონაც დააკვირდა.
- მოიცა… შეუძლებელია!
წამოიძახა გაოცებულმა. ელი ჩუმად იდგა და ვერ გადაეწყვიტა, ეთქვა თუ არა პიტერისთვის, რომ ანა სასტუმროში იყო. გონებაში ათასნაირი ფიქრი უტრიალებდა. რატომ არწმუნებდა პიტერი, რომ ამ ოთახში საინტერესოს ვერაფერს ნახავდა? იქნებ არ უნდოდა, რომ ელი შემოსულიყო და ეს სურათი ენახა? ან იქნებ სწორედ პიტერმა დამალა ის სურათი კარადის უკან?
ასეთი დაბნეული ელი არასოდეს ყოფილა. - ვინ არის ანა? რატომ დამალა, რომ ოდესღაც ამ სასტუმროში მუშაობდა? ელი მიხვდა, რომ არავის ნდობა არ შეიძლება, საკუთარი თავის გარდა და სიფრთხილე არჩია.
- რა დაინახე, პიტერ?
- ეს გოგონა იმ დაკარგული ბიჭის ცოლია! მას არ უხსენებია, რომ აქ მუშაობდა!
- საინტერესოა, რატომ დამალა ეს ამბავი... იქნებ ამ გოგონას ხელი ურევია გატაცების ამბავში?
- არ ვიცი… რონის უნდა დაველაპარაკო!
- თუ შენ პერსონალი დაჰკითხე და არავინ გითხრა, რომ გაუჩინარებული კაცის ცოლი აქ მუშაობდა, ესე იგი, რაღაცაშია საქმე... ალესტერს რომ სთხოვო, პერსონალის ანკეტები გაჩვენოს? საინტერესო იქნებოდა ანას ისტორია...
- ანკეტებს მოსვლისთანავე გავეცანი! ყველას მონაცემები ვნახე, ვინც აქ მუშაობს… წესით, ალესტერს უნდა ეთქვა ჩემთვის, რომ მეთიუს ცოლი ადრე მის სასტუმროში მუშაობდა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო მან ეს ინფორმაცია დამალა! შეიძლება პერსონალსაც მანვე აუკრძალა სიმართლის თქმა!
- თუ ასეა, გამოდის, რომ ანა და ალესტერი შეკრულები არიან!
- გარისკვა არ ღირს, რადგან თუ მეთიუ ცოცხალია და სადმე ჰყავთ გადამალული, შეიძლება კვალი მოსპონ და…
- მოკლან…
- ელი! შენ უკვე საკმარისად გაერიე ამ საქმეში. რაც ნაკლები გეცოდინება, მით უფრო უსაფრთხოდ იქნები! ეს საქმე მე მომანდე!
- პიტერ, მე ნებით თუ უნებურად, უკვე გავერიე ამ საქმეში! თანაც, ასეთი საინტერესო რამ არასოდეს გადამხდენია თავს! ფრთხილად ვიქნები, მაგრამ საშინლად მაინტერესებს ეს ყველაფერი და გთხოვ, რასაც გაიგებ, მეც მომიყევი…
- მხოლოდ ერთი პირობით! უნდა დამპირდე, რომ მარტო აღარ იბოდიალებ ამ გვირაბებში! ძალიან საშიშია!
- გპირდები! უშენოდ ერთ ნაბიჯსაც აღარ გადავდგამ!
პიტერმა სურათი ისევ კარადის უკან შეაცურა. ორივენი თავიანთი ოთახებისაკენ გაემართნენ. ელის ფეხები უკან რჩებოდა. მას ახლა ძალიან დიდი მოთმინების უნარი უნდა გამოეჩინა, რომ ანას ვერაფერი შეემჩნია.

***
- მოთმინების ფიალა ამევსო! რა ქენით? ოთახებიდან არავინ გამოსულა, კიდევ კარგი...
ანა ელის ოთახში ელოდა.
- ვერაფერიც ვერ ვქენით… მესამე გვირაბი არ არსებობს!
- და არც შავი ოთახი?..
- ჰო…
- ნამდვილად იმ მესამე გვირაბის ბოლოს იყო შავი ოთახი და ამოაშენეს!
- ალბათ…
- პიტერი რას ამბობს?
- დამამტკიცებელი საბუთი სჭირდება, რომ სარდაფში მესამე გასასვლელი იყო… მაგრამ რუკაზე ის არ არის აღნიშნული. შესაბამისად, მას არავინ დაუჯერებს და კედლის დანგრევის უფლებას არ მისცემენ.
- ჯანდაბა! რა უნდა ვქნათ?
ელი ანას აკვირდებოდა და თავს ძლივს იკავებდა, რომ პირში არ მიეხალა ყველაფერი, რასაც მასზე ფიქრობდა. მისი ეს მოჩვენებითი ნერვიულობა და განცდები ამაზრზენი იყო…
- ანა, გახსოვს, მეთის გაცნობის ამბავს რომ გვიყვებოდი?
- ჰო, მერე?
- იმ ექსპედიციის წევრები ჯონის ბარში ხომ არ შემოსულან?
- არა! ნაიადაში მხოლოდ გავლით ვიყავით მაშინ… რატომ მეკითხები?
- პირველად რომ გნახე, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს ადრეც მყავდი ნანახი სადღაც… ჰოდა, ვიფიქრე, რომ შეიძლება ჯონის ბარში იყავი შემოსული…
- არა!
- ვინ ხელმძღვანელობდა იმ ექსპედიციას?
- ტომი ბროუდი! კანადელი არქეოლოგია… მაპატიე, ელ… ახლა მეთიუს გარდა, არაფერზე არ შემიძლია ფიქრი… მთელი დღე იმ ოთახში რომ მომიწია ყოფნა, კინაღამ გავგიჟდი… ღმერთმა იცის, სად არის ახლა… როგორ არის... მე კიდევ ვერ ვშველი... ვერაფრით ვეხმარები...
ანა საწოლზე დაეშვა და მოჩვენებითი ცრემლები გადმოყარა. ელი ისევ საშინელმა სიბრაზემ მოიცვა.
- სადაც უნდა იყოს მეთი, ღმერთი დაიფარავს! ხოლო მათ, ვინც მის გაუჩინარებაშია დამნაშავე, – პასუხი მოეთხოვება ცოდვებისათვის! ჯოჯოხეთი არ ასცდება არც ერთს!
ელის სიტყვებზე ანა შეკრთა და ცოტათი აღელდა კიდეც.
- იცი, ელ… რასაც შენ ჩემ გამო აკეთებ, ფასდაუდებელია!
- ამას მარტო შენ გამო არ ვაკეთებ! შენამდე მეთიუს ვიცნობდი… იმის თქმა მინდა, რომ…
- ვიცი, ელი! მე რომც არ ვყოფილიყავი, შენ მაინც წამოხვიდოდი მეთიუს დასახმარებლად!
ელი ვერ მიუხვდა ანას ორაზროვანი სიტყვებისა და ქვეტექსტის მნიშვნელობას, რადგან არ იცოდა, თუ რა შეიძლებოდა სცოდნოდა მათ შესახებ.

***
როგორც იქნა, სამუშაო საათები დასრულდა. ელი სასწრაფოდ სურვილების ჭასთან წავიდა და მეგის დაურეკა. მეგიმ პირველივე ზარზე უპასუხა.
- სად ხარ აქამდე?
- ამაზე ადრე ვერ დაგირეკავ ხოლმე, მეგ! არ მაქვს უფლება… მისმინე, რაღაც უნდა გააკეთო ჩემთვის!
ელიმ ხმას დაუწია და ხალხს გაერიდა. არ უნდოდა, ვინმეს მათი საუბარი მოესმინა.
- როგორმე კანადელი არქეოლოგი – ტომი ბროუდი მოძებნე! ინტერნეტით იპოვი რაიმე საკონტაქტო ინფორმაციას… ან ფოსტის მისამართს… სოციალურ ქსელებშიც ნახე! მოკლედ, თუ იპოვი, ჰკითხე – იცნობს თუ არა ანა ჯონსს… ჰკითხე, შარშანდელ ექსპედიციაში, სოფელ ნაიადას სიახლოვეს იყო თუ არა მის გუნდთან ერთად ეს გოგო!
- რა ხდება, ელ? ანამ ხომ მოგვიყვა, რომ იყო?.. რა კავშირშია ის არქეოლოგი მეთიუს გაუჩინარებასთან? ანაზე გაქვს რაიმე ეჭვი?
მიაყარა კითხვები მეგიმ.
- ტელეფონით ვერ მოგიყვები ყველაფერს! უბრალოდ, გააკეთე, რასაც გეუბნები! ხვალ ზუსტად ამ დროს დაგირეკავ! მისმინე… მეთიუს საქმეზე პოლიცია რას ამბობს?
- რომელი პოლიცია? არც ერთი პოლიციელი არ დაგვინახავს აქ! ცენტრშიც კი არავინ გამოჩენილა დაკითხვაზე…
- უცნაურია…
- ელ, ძალიან ვნერვიულობ შენზე…
- ნუ გეშინია! ყველაფერი კარგად იქნება! თავს გაუფრთხილდი… მამა და ჯონი მომიკითხე! ხვალ ამ დროს კიდევ დავრეკავ და ყურადღებით იყავი!
ელიმ ტელეფონი გათიშა და სასტუმროს ეზოში დაბრუნდა. პიტერი არსად ჩანდა. ელიმ აკლდამის კედელი შეამოწმა. ახალი სიმბოლო არ დამატებია. "სიზმრების დამჭერიც" ძველებურად ისევ ადგილზე იყო.
ელის უცებ ალესტერის ნათქვამი გაახსენდა, სასტუმროს ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, რაიმე ინფორმაცია მოეძია შენობის შესახებ. ამიტომ პირდაპირ ბიბლიოთეკისაკენ გაემართა.

გაგრძელება იქნება
ავტორი თეა ინასარიძე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent