მდუმარე სასტუმრო - საიდუმლო გასასვლელი (თავი 12)
გათენდა თუ არა, ელი და ანა საგრიმიოროსაკენ გაემართნენ. ალესტერი უკვე იქ იყო. გოგონებს მხიარულად შეხვდა და ყველა იქ მყოფი სათითაოდ გააცნო. "უთავო მხედარი" კოსტიუმის გარეშეც ძალიან სასაცილო ტიპი აღმოჩნდა. დაახლოებით ოცდაექვსი წლის, საშუალო სიმაღლის, ალბინოსი ბიჭი იყო, რომელსაც თოვლივით თეთრი თმა, წარბები და წამწამები ჰქონდა. ხასიათითაც ძალიან უშუალო და კეთილი ჩანდა. იმავეს ნამდვილად ვერ იტყოდი ორკზე, რომელიც მოღუშული გამომეტყველებით იჯდა და თავის რიგს ელოდა გრიმის გასაკეთებლად. იქ იყო ვამპირი გოგონაც, რომელიც ანას და ელის რატომღაც ამრეზით უყურებდა. - როგორ გეძინათ? - ჰკითხა ალესტერმა გოგონებს და საკიდიდან მათი კოსტიუმები ჩამოხსნა. - მე ცუდად! ალბათ, გარემოს ბრალია… ვერაფრით დავიძინე, სანამ შხაპი არ მივიღე. უთხრა ანამ ალესტერს და თავისი კოსტიუმი გამოართვა. - არა უშავს! შეეგუები. კოსტიუმებს რომ ჩაიცვამთ და გრიმს გაიკეთებთ, სასადილოში ჩამოდით. ჩვენ შიდა სამზარეულოში ვსადილობთ ხოლმე. ბილი ჩამოგიყვანთ! ალესტერმა "უთავო მხედარს" თვალი ჩაუკრა და ელის თავისი კაბა გადააწოდა. - ამ კაბას სარჩული არ აქვს? ჰკითხა ელიმ ალესტერს და უხერხულად იგრძნო თავი. ასე თამამად არასოდეს სცმია. კაბა გრძელი იყო, მაგრამ მთლიანად გამჭვირვალე. - რად უნდა სარჩული? ამ კაბის ხიბლიც სწორედ ესაა! ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს კაბა კი არ გაცვია, არამედ მთლიანად ხარ თეთრი… იმედია, საცვლები თეთრი ფერის ჩაიცვი... - დიახ, – თეთრები ჩავიცვი… - ძალიან კარგი! მორცხვობა დაივიწყე და სასწრაფოდ მოჩვენებად გადაიქეცი! ალესტერმა ელის წელზე ხელი მოჰკიდა და გასახდელისაკენ წაიყვანა. გასახდელიდან ანა გამოსულიყო. სისხლიანი მერის კაბა ეცვა. ალესტერმა ანა მოჭუტული თვალებით შეათვალიერა და კმაყოფილი დარჩა. - ეგ არის! ახლა პემი პარიკს მოგარგებს და ცოტას დაგამახინჯებს! გაიცინა ადმინისტრატორმა და გასასვლელისაკენ გაემართა. - სასადილოში შევხვდებით! დაიძახა გასვლის წინ და კორიდორში გაუჩინარდა. ელის კაბა ზუსტად მოერგო. საგრიმიოროსაკენ დაძაბული გაემართა. - როგორ გიხდება, ელ… წამოიძახა ანამ. პემის მისთვის მაკიაჟი უკვე გაეკეთებინა. შავი, გრძელი პარიკი ეხურა და თვალების გარშემო ადგილები ჩაშავებული ჰქონდა. - ძალიან გამჭვირვალე ვარ? ჰკითხა ელიმ ანას და სარკეში ჩაიხედა. - ყველაზე სექსუალური მოჩვენება ხარ, ვინც აქ მინახავს! ანას ნაცვლად, ბილიმ უპასუხა და თავზე უთავო მხედრის "მხრები ჩამოიცვა". - აბა, მოდი აქ, ლამაზო! შემოგხედო… პემიმ სარკის წინ მდგარი გორგოლაჭებიანი სკამი გამოაცურა და ელის ანიშნა, რომ დამჯდარიყო. - შენ არ დაგჭირდება პარიკი! ჟღალთმიანი მოჩვენება იყავი. პემი მსუქანი იყო. პატარა გოჭივით ვარდისფერი კანი ჰქონდა და ცისფერი თვალები. ელის სახეზე ღია ფერის ტონალური კრემი წაუსვა და თვალები შავი ფანქრითა და ტუშით ოდნავ გამოუკვეთა. თმა გააშლევინა. ელი სრულებითაც არ დამახინჯდა, მხოლოდ სახეზე გაფერმკრთალდა. ბილიმ ორივე სასადილოში ჩაიყვანა. შიდა სამზარეულო მხოლოდ პერსონალისთვის იყო განკუთვნილი. გოგონებმა ყავა და ორცხობილა მიირთვეს და დამსვენებლების სასადილო დარბაზში გადაინაცვლეს. - ნახე, გამომძიებელი აქ არის… გადაუჩურჩულა ანამ ელის და ერთ-ერთი მაგიდისკენ მიანიშნა. ელიმ გაიხედა და პიტერი დაინახა, რომელიც ფანჯარასთან იჯდა და ყავას აუჩქარებლად მიირთმევდა. - ეცადე, აღელვება არ შეგამჩნიოს და ხმამაღლა არ ილაპარაკო! ელი პიტერის მაგიდისაკენ გაემართა. გრძნობდა, როგორ უყურებდნენ მას დამსვენებლები და საშინლად დაიძაბა. ამ დროს პიტერმაც გამოიხედა და ელის დანახვაზე სახეზე აღფრთოვანება გამოეხატა. - დილა მშვიდობისა, პიტერ! მიესალმა გაღიმებული სახით. პიტერი ფეხზე წამოხტა და სკამი გამოსწია, რომ ელი დამჯდარიყო. - საოცრად მოგიხდა ეს როლი! ასეთი მოჩვენების გამოცხადებას ვინატრებდი კიდეც! ელი მის მაგიდასთან ჩამოჯდა. - მადლობა, ეს-ესაა დავლიე… შენთან ერთი რაღაცის სათქმელად მოვედი… - გუშინ ვერაფრით დავიძინე და სასტუმროს დასათვალიერებლად გამოვედი. ჩვენი გზების დამახსოვრება მინდოდა! იმ გვირაბებში ვიბოდიალე და ორიენტაცია დავკარგე… - მეც კინაღამ დავიკარგე მაგ კორიდორებში! რუკის გარეშე ძალიან ძნელია გაერკვე. მე მოგცემ შენ რუკის ასლს. - მართლა? ძალიან კარგი იქნება... მადლობელი დაგრჩები! მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ სულ დაბლა, ნულ სართულზე რომ გვირაბია… - გვირაბი სამ განშტოებას რომ ქმნის, სამივეში შეხვედი? - სამ განშტოებას? რაზე მეუბნები? ეგეთი არაფერი მახსოვს. ყველა გვირაბი, რომელიც მე დავათვალიერე, არც ერთ განშტოებას არ ქმნიდა. ეგეთი რაღაც არ მახსენდება! მე ყველგან შევედი, სადაც კი შეისვლებოდა და ის გვირაბები იმსიგრძეა, რომ ყველას ვერც დავიმახსოვრებდი… რისი თქმა გინდა? - უცნაურია! იმ მარცხენა გვირაბში საერთოდ არც ერთი კარი არ იყო. სავარაუდოდ, მაგ გვირაბის ბოლოს იყო ერთადერთი კარი, რომელიც ცოტა ხნის წინ ამოუშენებიათ აგურით… აი, ამის თქმა მინდოდა. - შეგიძლია მაჩვენო? მე მსგავსი არაფერი მახსოვს… ახლად ამოშენებული კედელი კი ნამდვილად. - რა თქმა უნდა, თუ გინდა ახლავე ჩავიდეთ! - ოღონდ სამუშაო საათების დაწყებამდე ცოტა დრო მაქვს! პიტერი და ელი გასასვლელისკენ დაიძრნენ. სასტუმროს "ფოიეში" ყველა ზებუნებრივ არსებას მოეყარა თავი. მხოლოდ მაქცია არ ჩანდა არსად. ელი მარმარილოს კიბეს ჩაუყვა, რომელიც სასტუმროს სარდაფში ჩადიოდა. ორივენი კორიდორს გაუყვნენ. - აქ ყველა ოთახი შეამოწმე, პიტერ? - კი! ყველა ვნახე… საინტერესო არაფერია! ამ ოთახებს საწყობის დანიშნულება აქვს, სასტუმროს ინვენტარი ინახება. დიდი მარაგი აქვთ გაკეთებული ავეჯის, ჭურჭლის, პროდუქტის და ათასი სხვა რამის. ელი და პიტერი იმ ადგილთან მივიდნენ, სადაც კორიდორი, წესით, სამ ნაწილად უნდა გაყოფილიყო, მაგრამ ნანახმა ელის თავზარი დასცა. კორიდორი მართლა იყოფოდა, მაგრამ მხოლოდ ორ ნაწილად. მესამე გასასვლელი თითქოს გამქრალიყო. - შემიძლია დავიფიცო, რომ გუშინ აქ გასასვლელი იყო! საკუთარი თვალით ვნახე… -წამოიძახა ელიმ და კედელს ხელებით დაუწყო სინჯვა. - შეიძლება ადგილი აგერია! - არ ამერია! დარწმუნებული ვარ! მარჯვენა გასასვლელის კედელი მწვანე ხავსით იყო დაფარული… კარგად დავიმახსოვრე, რადგან მაგ გვირაბში ზედიზედ ორჯერ შევედი და ისევ აქ დავბრუნდი… შეხედე, ფრჩხილით ხავსზე ნაკაწრი დავამჩნიე… პიტერი ელის მიუახლოვდა და ხავსისაგან გამწვანებულ კედელს დააკვირდა. ნაკაწრი მართლა იყო. - ეს მარჯვენა გასასვლელი შუას უერთდება! აი, აქ მესამე გასასვლელი იყო... ელი პიტერისკენ სახით შებრუნდა და ჰკითხა: - ჩემი არ გჯერა, ხომ? მესმის, რომ წარმოუდგენლად ჟღერს, რასაც ვამბობ! მეც არ დავიჯერებდი, მაგრამ არ ვიტყოდი, ასე დარწმუნებული რომ არ ვიყო საკუთარ თავში! აქ გუშინ მართლა იყო გასასვლელი! - დავუშვათ, იყო, მაგრამ კედლის ეს ნაწილი, რომელიც, შენი თქმით, გუშინ გახსნილი იყო, ისეთივე ძველია, როგორც ყველა დანარჩენი! არავითარი განსხვავება არ არის! - ეს თაღები?.. ყრუ თაღები… იქნებ ზოგიერთი მათგანი საიდუმლო გასასვლელს წარმოადგენს? - არ არის გამორიცხული! ამის შესახებ ადმინისტრატორს უნდა დაველაპარაკო! - თუ ამ ყველაფერს უარყოფს, გამოდის, რომ მეთიუს გაუჩინარებაში მისი ხელი ურევია! - შეიძლება! ან მანაც არაფერი იცის და მესამე პირი უნდა ვეძებოთ! - პიტერ, ალესტერთან მე არ მახსენო, კარგი? დღეს პირველი დღეა, რაც მუშაობა დავიწყე და არ მინდა პრობლემები შემექმნას! უბრალოდ, როდესაც ის კედელი ვნახე… ვიფიქრე, რომ შეიძლება გამოძიებას დახმარებოდა ეს ინფორმაცია! შენ არ მითხარი, პატარა დეტალებს ბევრი რაღაცის თქმა შეუძლიათო? - სწორად მოიქეცი, ელი! მინდა იცოდე, რომ შენი მჯერა! ამ საშინელ ადგილას არაფერი არ გამიკვირდება! ახლა დავბრუნდეთ… ადმინისტრატორს უნდა გავესაუბრო! პიტერი და ელი უკან დაბრუნდნენ. - თუ რამეს გაიგებ იმ გასასვლელის შესახებ… - აუცილებლად გეტყვი, ელი! ვიცი, რომ გაინტერესებს! პიტერმა ელის მხარზე ნაზად შეახო ხელი და ალესტერის კაბინეტისაკენ გაემართა. ანა არსად ჩანდა. ალბათ, სისხლიანი მერის ოთახში იყო ასული. ელი გარეთ გავიდა და შადრევანთან ჩამომჯდარი უჟმური ორკისაკენ გაემართა, რომელიც დილით საგრიმიოროში ნახა. - ცალთვალა ჯოს მაღაზია სად არის? შეგიძლია მითხრა? - უკანა ეზოშია! აკლდამის მოპირდაპირე მხარეს… ხეებში რომ შეძვრები, დაინახავ. - მადლობა! და… კიდევ გკითხავ, თუ წინააღმდეგი არ იქნები… - არა, რა თქმა უნდა. - გუშინ აქ მაქცია დავინახე… დღეს არ გამოჩენილა… - აა, რონი? ეგ ორ როლს ითავსებს! დღისით ვამპირია და რო ბნელდება, მაქციის ფორმას იცვამს! - გასაგებია… მადლობა! ელიმ ორკს ზურგი შეაქცია და სასტუმროს უკანა ეზოსაკენ გაემართა. ცალთვალა ჯოს მაღაზია მართლა არ ჩანდა, თუ დაბურულ ხეებში არ შეძვრებოდი. მაღაზია ძალიან ჰგავდა "ბაბა იაგას" ქოხს. დახლებზე უამრავი რამ ეწყო: პატარა კონებად შეკრული გამხმარი ბალახები, სხვადასხვა დეკორატიული ნივთი, სამკაულები, მაგიდაზე დასადგამი პატარა ფიგურები და კიდევ უამრავი ნივთი, რომლებმაც ელის მეთიუს კოლექცია გაახსენა. ცალთვალა ჯოს მეკობრის კოსტიუმი ეცვა და მარცხენა თვალი ახვეული ჰქონდა. - როგორც იქნა! "თეთრი ქალიც" გამოჩნდა ჩვენს სასტუმროში... ჯომ ელის მარჯვენა თვალი ჩაუკრა და გაუღიმა. - კეთილი იყოს შენი ფეხი ამ კოშმარეთში! იცი, ადრე გვყავდა "თეთრი ქალი" და რაღაცით ჰგავხარ მას! ელი ჯოს მიუახლოვდა და ხელი ჩამოართვა. - ლამაზი სახელია! ჩემი სახელი უკვე გეცოდინება! უფრო სწორად, ზედმეტსახელი… იმდენი ხანია, რაც ცალთვალა ჯოს მეძახიან, რომ მგონი, ჩემი ნამდვილი სახელი დამავიწყდა კიდეც, როგორ ჟღერს. შენ დასათვალიერებლად შემოხვედი თუ რამე გაინტერესებს? - ერთი მეორეს არ გამორიცხავს!.. – ეს ბალახები რისთვისაა? - შეგიძლია ჩაი მოადუღო და დალიო. აი, მაგალითად, ეს უძილობისთვის ნამდვილი მისწრებაა! ეს მელისაა… დამამშვიდებელი ეფექტით… ეს აბზინდაა! – საჭმლის მონელებისთვისაა კარგი… - გასაგებია… "სიზმრების დამჭერი" თუ გაქვთ? - რა თქმა უნდა! შენგან მარჯვნივ, ზემოთ ჰკიდია და აირჩიე, რომელიც მოგეწონება, მე გჩუქნი! - სამაგიეროდ, მე მინდა! აიღე და ნუ მორცხვობ! სანამ ელი "სიზმრების დამჭერს" არჩევდა, მაღაზიაში დამსვენებლები შემოდიოდნენ და "სისხლიანი მერის" ოთახისათვის ჟეტონებს ყიდულობდნენ. როგორც ჩანს, ანა კარგა ხანს ვერ გამოძვრებოდა იმ "ჯურღმულიდან". როგორც კი მაღაზიიდან გამოვიდა ელი, მას ის ორი ტურისტი მიუახლოვდა, ბარში რომ ნახა წინა დღეს. როგორც ჩანს, "თეთრ ქალთან" სურათების გადაღება სურდათ. ჯერ შადრევნის წინ იპოზიორეს, მერე აკლდამისაკენ წაიყვანეს. როგორც იქნა, დაკმაყოფილდნენ გადაღებული მასალით და ელის თავი დაანებეს. ელი მაშინვე აკლდამის კედელთან მივიდა და სიმბოლოს კიდევ ერთხელ დააკვირდა. ჯოს ნაჩუქარი "სიზმრების დამჭერი" კედელზე დახატულ სიმბოლოს შეადარა და შეამჩნია, რომ ნახატის ბადე განსხვავდებოდა. გაგრძელება იქნება ავტორი თეა ინასარიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.