მდუმარე სასტუმრო - ჭაობი (თავი 24)
სასტუმრო და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად ნისლში იყო გახვეული. საფლავების მხარეს რომ გაგეხედათ, იფიქრებდით, სადაცაა მიცვალებულები წამოდგებიანო… სასტუმროს ბინადართ ჯერ კიდევ ეძინათ. ელიმ ჯონის ხმამაღლა დაუძახა და მისკენ სირბილით გაექანა. ჯონი მის ხმაზე შემობრუნდა და გახარებულმა წამოიყვირა: - პატარა… და თვითონაც დიდი ნაბიჯებით გამოემართა ელის შესახვედრად. - სად იყავი? როგორ შემეშინდა! აშკარად ჩაიში ვიღაცამ ძილის წამალი ჩამიყარა… ეშმაკმა დალახვროს! მკვდარივით დამეძინა. გავიღვიძე თუ არა, ძებნა დაგიწყე… შენს ოთახში არ იყავი, ანას ეძინა… - ვიცი, ჯონ! ყველაფერი დამთავრდა! თქვა ელიმ და ჯონის ჩაეხუტა. ამ დროს მათ მეთიუც მიუახლოვდათ. - მეთიუ?.. სად იყავი? რა შეგემთხვა?.. - გრძელი ამბავია, ჯონ… პოლიცია შენ გამოიძახე? - რა თქმა უნდა! აბა, რას ვიზამდი? სადაცაა მოვლენ… აღარ იტყვით, რა მოხდა? - ძალიან ჩახლართულია ყველაფერი! ალესტერის კაბინეტში, ნახატის უკან კიდევ ერთი შავი კარია, რომელიც საიდუმლო გვირაბში მიდის… ის გვირაბი აკლდამას უკავშირდება და რამდენიმე გასასვლელ-გამოსასვლელი აქვს! კიდევ საკნები… - საკნები? - ჰო! ძველი საკნებია… ერთ-ერთში იყო მეთი… - ვინ გააკეთა ეს? - ალესტერმა, ჯონ! ანას და რონის ყველაფერი სხვაგვარად ეგონათ… როგორც აღმოჩნდა, არ არიან დამნაშავეები… ჯონი მეთიუს მიუბრუნდა. - მოიცა, რას მეუბნები… ალესტერს რაში დასჭირდა შენი გამომწყვდევა? - ჯონ, ყველაფერი ერთად რომ გითხრა, შეიძლება გულის შეტევა დაგემართოს! შინ რომ დავბრუნდებით, ყველაფერს დალაგებულად მოგიყვები. პოლიცია უკვე ძალიან ახლოსაა… - რას აპირებ, მეთ? გაითვალისწინებ პიტერის თხოვნას? ჰკითხა ელიმ და გალავანს გახედა. - პიტერმა ჩემ გამო ძალიან გარისკა, მაგრამ მე არ მჭირდება იმ კაცის მოწყალება! საერთოდაც, ნაკლებად მაღელვებს, დაიჭერენ თუ არა სალივანს… ალესტერი კი იმსახურებს სასჯელს! - პიტერი ძალიან კარგი ადამიანია, მეთ… და ვფიქრობ, რომ არ უნდა დაკარგო! - არც ვაპირებ… მაგრამ არც ალესტერის გაშვებას ვაპირებ! - ალესტერს თუ დაიჭერენ, სალივანსაც მიაყოლებენ და პიტერი… - მესმის… - ალესტერს თუ დაიჭერენ? "თუ" რად უნდა მაგას, ელი? იმის თქმა გინდა, რომ გაიქცა? - არა, ჯონ! საკანშია და პიტერიც მასთანაა… მეთი ამ სასტუმროს მფლობელის შვილი აღმოჩნდა… ისევე, როგორც პიტერი… სალივანს უნახავს მეთიუ სტუმრების სიაში, გასულ ზაფხულს და გადაწყვიტა, სასტუმრო მისთვის ეჩუქებინა. - სალივანის შვილი? ჯონიმ გაკვირვებისაგან თვალები დააჭყიტა. - და ალესტერს ეს არ აწყობდა, როგორც მივხვდი… - ჰო… - ალესტერის დაპატიმრება რას აფუჭებს? - ალესტერს თუ დაიჭერენ, პოლიციას ეტყვის, რომ წლების წინ ამ სასტუმროში დედაჩემი მოკლეს… მან და სალივანმა მაშინ ეს ამბავი არ გაამჟღავნეს იმის შიშით, რომ სასტუმრო რეიტინგს დაკარგავდა… - რეებს მეუბნები, პატარა? დედაშენს აქ რა უნდოდა? - წერილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, იმ კაცის დაწერილი იყო, ვინც… ელის თვალები აუწყლიანდა. გაჩუმდა და ღრმად ამოისუნთქა. - წარმომიდგენია, რას განიცდი… მით უმეტეს უნდა ვუთხრათ სიმართლე პოლიციას! მეთიუ ჩაფიქრებული იდგა და ხმას არ იღებდა. პოლიციის სირენის ხმა უფრო და უფრო ახლოვდებოდა. - ჯონ, რა თქვი, როცა პოლიციაში დარეკე? - ვთქვი, რომ ერთ-ერთ აქ მომუშავე გოგონას უბედურება შეემთხვა! მანამდე კი ერთი სტუმარი დაიკარგა… - ხომ არ ვთქვათ, რომ გაუქმებული გვირაბის კარი შემთხვევით ჩამეკეტა და ვერ გამოვდიოდი, რომ ცრუ განგაში იყო?.. - მაპატიე, ელ… მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მე უნდა გადავწყვიტო! პოლიციას სიმართლეს ვეტყვით! - კარგი, მეთ… მაშინ მე წავალ და პიტერს გავაფრთხილებ! - მარტო არსად არ წახვალ! - ალესტერი საკანშია! იქ არაფერი მემუქრება, ჯონ! პიტერი უნდა გავაფრთხილო… მე ვიცი, როგორც ვეტყვი... ელიმ პასუხს აღარ დაუცადა და ისევ ქოხისაკენ გაიქცა, რადგან ალესტერის კაბინეტის გასაღები არ ჰქონდა. მეცამეტე საკანთან პიტერი აღარ დახვდა... ალესტერი ონკანთან იდგა და პირსახოცით სისხლს იშორებდა. - სად არის პიტერი? ალესტერმა გასისხლიანებული პირსახოცი იქვე დააგდო და გისოსებს მიუახლოვდა. - მანქანის მოსაყვანად წავიდა... - უნდა გაგაპაროს? გვიანაა! პოლიცია უკვე აქ არის და მეთიუ ყველაფერს იტყვის! - იტყვის?.. ძმის თხოვნას არაფრად ჩააგდებს? ირონიულად ჩაიღიმა ალესტერმა. - ასე გადაწყვიტა! ალესტერს პირზე დამცინავი ღიმილი გამოეხატა. - შენ გამოსამშვიდობებლად მოხვედი? - სად არის დედაჩემი? - შენ ვერ იპოვი! მხოლოდ მე შემიძლია წაგიყვანო და განახო… - რა ჭკვიანი ხარ, ალესტერ! - ჭაობი ძალიან საშიში ადგილია! იქ თითქოს ყველაფერი გამოგონილი, არარეალურია… ხედავ მყარ ზედაპირს, ფეხს დადგამ და… განწირული ხარ დასაღუპად! რაც უფრო მეტად იბრძვი და ცდილობ თავის დაღწევას, მით უფრო მეტად გითრევს ფსკერისკენ… - დედას სხეული ჭაობში ჩააგდეთ? ელის გული შეეკუმშა. - კიდევ ერთხელ გიმეორებ, ელი… შენ ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვს ჩემზე… - მაშინ დამიმტკიცე საპირისპირო და მითხარი, სად არის დედა?! - დედაშენი დავასაფლავე! საფლავის ქვა ან რაიმე ნიშანი არ არსებობს! ადგილი, სადაც საბრალო ნორა… - კეიტი… - კეიტი არის დასაფლავებული, მხოლოდ მე ვიცი და თუ ახლა პოლიცია ამიყვანს, ეს საიდუმლო ჩემთან ერთად დაიმარხება! სიცოცხლის ბოლო წუთამდე უარვყოფ ყველაფერს… შენ უკანასკნელი შანსი გაქვს, ელი… კარგად დაფიქრდი! იმსახურებდა დედაშენი იმას, რომ მის საფლავზე ვერასოდეს მისულიყო საკუთარი შვილი?.. - გარეწარი ხარ, ალესტერ! იცი, რა არის ჩემთვის ყველაზე საკრალური და შანტაჟს მიწყობ… - ის, რაც შენთვის ყველაზე საკრალურია, ჩემთვის გადარჩენის ერთადერთი შანსია, ელი… კანონზომიერებად მიგაჩნია ის, რომ დედაშენი მიწაშია და მისი მკვლელი თავისუფლად დაიარება? - თქვენ… იცით, სად არის… ის?.. - გამიღე კარი და შენ მიიღებ დედის საფლავს, მისი მკვლელის ვინაობას და ადგილსამყოფელს… ძალიან კარგ გარიგებას გთავაზობ! დაფიქრდი... ელიმ ცრემლები შეიმშრალა და კედელს მიუახლოვდა. - თუ გაქცევას დააპირებ, ყვირილს ავტეხავ და დამიჯერე, სასტუმროს ეზოში პოლიცია გაიგებს ჩემს ხმას! შორს ვერ გაიქცევი… ამავდროულად, მე შემიძლია, მათ კვალი ავურიო… - გარანტია მჭირდება! მაშინ ასე მოვიქცეთ! მე ჯერ დედის საფლავთან წაგიყვან… იქ ერთმანეთს დავემშვიდობებით! მერე შენ დაბრუნდები და იტყვი, რომ როდესაც აქ მოხვედი, კარი ღია დაგხვდა. მე აღარ ვიყავი! როგორც კი სამშვიდობოს ვიქნები, ელექტრონულ ფოსტაზე გამოგიგზავნი ყველაფერს ტაიკას შესახებ! - რატომ უნდა დაგიჯერო? - იმიტომ, რომ ეგ ინფორმაცია ჩემთვის არაფერს წარმოადგენს! მისი დამალვა არაფერში მჭირდება! თუ კეიტის სხეულის ექსპერტიზა რამეს დაამტკიცებს და მის მკვლელს დაიჭერენ, კიდევ უკეთესი… - რომელ აგურს უნდა მივაწვე, რომ საკანი გაიღოს? *** ქოხიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში იყო ჭაობი. აქ ყველაფერი მართლა არარეალურს ჰგავდა. წყლის ზედაპირი გაქვავებულივით იყო, არ იძვროდა. ზემოდან მწვანე საფარი ჰქონდა გადაკრული. დაუკვირვებელ თვალს, შესაძლოა, მართლა მყარ ზედაპირად მიეღო და მოულოდნელად წყალში აღმოჩენილიყო. ალესტერი ჭაობს მიუყვებოდა. დროდადრო ჩერდებოდა, აკვირდებოდა ყველაფერს… ხეებს გადათვლიდა და ისევ აგრძელებდა გზას. ელი კი უკან მისდევდა. როგორც იქნა, დაბალ ტირიფთან შეჩერდა და ტოტები ხელით გადასწია. - აქ უნდა შევიდეთ! - შენს შემდეგ! ალესტერი ხის ტოტებში გაუჩინარდა. ელი უკან მიჰყვებოდა და გული ისე აჩქარებით უცემდა, თითქოს სადაცაა საგულედან ამოუვარდებაო. ალესტერი დიდ ლოდთან შეჩერდა და ელის დაუძახა. - აი, აქ არის! ელი მიწის იმ მონაკვეთს დააჩერდა, რომელიც ალესტერმა აჩვენა. - ბილიკიდან, საიდანაც ჩვენ მოვედით, მეოთხე ტირიფის ხე უნდა გადათვალო. შემდეგ აქ შემოუხვევ და ამ ქვას ნახავ… რაც შეეხება ტაიკას, მას ლუიზიანაში იპოვი! ზუსტ მისამართს, როგორც შევთანხმდით, ფოსტით გამოგიგზავნი! ახლა უნდა წავიდე. მადლობა, ელი… ალესტერი ხეებს მიეფარა. როდესაც ელი სურვილების ჭასთან დაბრუნდა, დაინახა, რომ სასტუმროს ეზო სავსე იყო ხალხით. ყველას ეღვიძა. პოლიციის მანქანაც ეზოში იდგა. ანას ხალათი მოეცვა და შეშინებული თვალებით იყურებოდა. ელიმ გამბედაობა მოიკრიბა და მანქანისაკენ გაემართა. *** დილიდან წვიმდა. ელი ვერანდაზე, მოქანავე სავარძელში იჯდა და თავის სახლს გაჰყურებდა. ბუნდოვნად მოჩანდა მეგის სილუეტი თავისი ყოფილი, მანსარდის ოთახიდან. სახლიდან მეთიუ გამოვიდა. მას ხელში ორი ჭიქა ეჭირა. ჭიქებიდან ორთქლი ამოდიოდა. - ჩაიწიე… მეთი ელის გვერდით დაჯდა და ჩაის ჭიქა მიაწოდა. - მადლობა, მეთ… იცი, ახლა იმაზე ვფიქრობდი, როგორ იცვლება ყველაფერი… სულ რაღაც ერთი წლის წინ იმ ფანჯარასთან ვიდექი და ამ ვერანდას ვუყურებდი… - მე ძალიან მომწონს ეს ცვლილება! ახლა უკვე აქ ხარ, ჩემს ვერანდაზე… - მეთ… რაღაც მინდა გითხრა!.. რაღაც, რასაც აქამდე ვერ გეუბნებოდი… შენი რეაქციის მეშინოდა… მეთიუმ ჩაი მოსვა და ჭიქა ძირს დადგა. - ალესტერს შენ დაეხმარე გაქცევაში, ხომ? ელი გაკვირვებული შებრუნდა მისკენ. - პიტერმა გითხრა? - არა… მე თვითონ მივხვდი… გაიღიმა მეთიუმ და ელის ლოყაზე ნაზად ჩამოუსვა ხელი. - და არ გაბრაზდი?.. - ალესტერმა სხვა გამოსავალი არ დაგიტოვა, ელ… მეც ასე მოვიქცეოდი, შენს ადგილას! სამაგიეროდ, კეიტს საფლავი აქვს, სადაც მისი ოჯახის წევრები მიდიან... ელიმ მეთიუს მკერდზე თავი მიადო. - მადლობა, მეთ… მადლობა ამისთვის… - ელი… არასოდეს არაფერი დამიმალო, კარგი? მე ყოველთვის გაგიგებ და ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები! ასე რომ, თუ არის კიდევ რაღაც, რაც უნდა ვიცოდე, ბარემ მითხარი! ელი წამიერად ჩაფიქრდა. - უკვე ყველაფერი გითხარი! მეტი საიდუმლო არ მაქვს, მეთ! და ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ! - მეც ძალიან ბედნიერი ვარ, ელ!.. ხვალ პიტერი ჩამოდის და სასტუმროს ახალი სეზონის გახსნა გვაქვს! იცი, ძალიან კარგი ჰქენი, რომ სასტუმროზე უარის თქმა გადამაფიქრებინე... - შენ უფრო მეტიც გეკუთვნის, მეთ… აი, ნახავ, ხვალ რა გრანდიოზული გახსნა იქნება! ის მოწვეული სტუმრებიც დიდ როლს ითამაშებენ პიარ-კამპანიისთვის! - მიხარია, რომ ასე დაინტერესდი და გსიამოვნებს, რასაც აკეთებ! შენ ყველაფერი გამოგივა, ელიზაბეტ ნოელ! *** "მდუმარე სასტუმროს" ახალი სეზონის გახსნისათვის მზადება დილიდან დაიწყო. მთავარ დარბაზში თავი მოეყარა ყველა ზებუნებრივ არსებას. მათ შორის ბევრი ახალი პერსონაჟიც იყო... ელი მათ შორის მიმოდიოდა და ყველაფერს ამოწმებდა. მეთიუ პიტერის დასახვედრად იყო წასული. ელი ალესტერის ყოფილ და მის ახალ კაბინეტში შევიდა, საწერი მაგიდის უჯრა გამოაღო და სალივანის დღიური გადაფურცლა. შემდეგ კედელს მიუახლოვდა და დედის სურათს მიაჩერდა, რომელიც ლამაზ ჩარჩოში იყო ჩასმული. - მოწვეული სტუმრები დარბაზში იცდიან! გაისმა დინამიკიდან, რომელიც მაღლა იყო ჩამოკიდებული. ელიმ დედის ნაქონი მედალიონი მოიხსნა, მაგიდაზე დადო, "თეთრი ქალის" კაბა შეისწორა და კაბინეტიდან გავიდა... სტუმრებს შორის რამდენიმე ცნობილი კომპანიის პრეზიდენტიც იყო. ელიმ დარბაზი მოათვალიერა და მზერა პირქუშსახიან შუახნის მამაკაცზე შეაჩერა, რომელიც ბართან იდგა და ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა. შემდეგ ლამაზად მოწყობილ პატარა სცენაზე ავიდა და სტუმრებს მიმართა: - მოგესალმებით ყველას და მადლობას გიხდით მობრძანებისთვის! "მდუმარე სასტუმროს" ახალი მფლობელი ჰყავს, ამიტომ ბევრი რამ შეიცვალა... ახლა ბევრად მეტი პერსონაჟი გვყავს და რაც მთავარია, ძალიან მრავალფეროვანი სცენარები... ერთი სიტყვით, დამსვენებლებს მართლა დაუვიწყარი დღეები ელით! რაც შეეხება დღევანდელ დღეს, გახსნასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, მოგვეწვია ყველა ის ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც დაუსვენია აქ, სასტუმროს დაარსების დღიდან მოყოლებული... სამი დღის განმავლობაში ხარჯებს სასტუმრო დაფარავს! დროის სასიამოვნოდ გატარებას გისურვებთ! ელი სცენიდან ჩამოვიდა და ბარისაკენ გაემართა. ის კაცი ისევ იქ იდგა. ელის მიახლოებაზე თითქოს ოდნავ ანერვიულდა და მის კაბას მიაჩერდა. ელიმ გაუღიმა და ჩამოსართმევად ხელი გაუწოდა. - მიხარია, რომ ჩამოხვედით, ჯოზეფ ეკლსტონ! იმედი მაქვს, მოგეწონებათ განახლებული სასტუმრო... მის პასუხს აღარ დაელოდა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა ბარის უკანა კარისაკენ. როგორც კი კორიდორში აღმოჩნდა, შეჩერდა, ღრმად ამოისუნთქა და ჩაილაპარაკა: - ძალიან მალე ისევ შევხვდებით, – მაკლ ბლეკ ტაიკა! დასასრული ავტორი თეა ინასარიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.