ინტერვიუ (სრულად)
ნაწარმოები "ინტერვიუ" მოგვითხრობს სამყაროს თავისებურებებზე, ადამიანებზე, ცოდვებსა და ჭეშმარიტ გრძნობებზე. სიუჟეტი ორმაგია: პირველი, სადაც ახალგაზრდა ჟურნალისტი საზოგადოებისგან აღიარებულ მწერალთან კონსტანტინე ჯიქიასთან მიდის ინტერვიუს ჩასაწერად და მეორე, სადაც თავად კონსტანტინე თავის წარმოსახვებში იწყებს მოგზაურობებს, ხვდება ეშმაკს, ღმერთს და მათ ესაუბრება. ინტერვიუ - დაგაგვიანდათ, ქალბატონო ეკა, - საყვედურით გაუღო კონსტანტინე ჯიქიამ კარი ჟურნალისტს და ხელით ანიშნა, შემობრძანდითო. ახალგაზრდა ქალბატონმა იცოდა, რომ ბატონი კოტე ცოტა თავხედი და უცნაური მწერალი იყო და მისგან ასეთი ქცევა არც გაჰკვირვებია: - დიახ, საცობების გამო. - მოკლედ აუხსნა მიზეზი, მამაკაცის უკმაყოფილო სახეს რომ შეხედა, ღიმილი გადაიფიქრა და ოთახში შეჰყვა. მწერლის კაბინეტი სრულ უწესრიგობას მოეცვა: წიგნები, სუფთა ფურცლები, დაჭმუჭნული ქაღალდები, უწესრიგოდ მიმობნეული ნივთები - ერთი სიტყვით, დიდი აბდა-უბდა, მაგრამ რაც მთავარია, თავად ძალიან კომფორტულად გრძნობდა იქ თავს და სტუმარსაც ეპატიჟებოდა. - აქეთ დაბრძანდით, - მაგიდის წინ მდგარ სკამზე მიუთითა მამაკაცმა დაბნეულ ჟურნალისტს და თავად ქალის მოპირდაპირე მხარეს, სავარძელში კომფორტულად მოთავსდა. მერე გამჭოლი მზერით შეხედა და მათ შორის დასადგურებული სიჩუმე ისევ თვითონ დაარღვია: - ალბათ, იცით, არ მიყვარს ინტერვიუები, ჟურნალისტები, გადაცემები - ეს ჩემთვის არ არის. - დიახ, ვიცი ბატონო კოტე, მაგრამ საზოგადოებამ სხვა მხრივაც ხომ უნდა გაგიცნოთ? -უხერხულობისგან შეიშმუშნა ჟურნალისტი. - თუ იდიოტის შთაბეჭდილებას არ დავტოვებ, კარგი იქნება. - ხმამაღლა გაეცინა მამაკაცს და სიგარეტს მოუკიდა. თამბაქოს კვამლი ღრმად შეისუნთქა და ისევ საუბარს დაუბრუნდა, - კარგი, დაიწყე. ახალგაზრდა ჟურნალისტმა ხმის ჩამწერი მოამზადა, პატარა წიგნაკი გადაშალა და ჩანიშნული კითხვებიდან მწერლის ბავშვობით დაიწყო: - თქვენს ბავშვობას ხომ ვერ გაიხსენებდით? მწერალმა სათვალე ჩამოიწია, ქალი სერიოზული სახით შეათვალიერა და მოურიდებლად, პირდაპირ უთხრა: - მოდი, რამე უფრო ჭკვიანური მკითხე რა. გინდა, რომ მოგიყვე, ბებო მაწონს როგორ მაჭმევდა, თუ ბაღში ზეიმებზე რა როლებს მაძლევდნენ? - გაკვირვებით გაუშალა ხელები მამაკაცმა. ეკას შერცხვა, რომ მის პროფესიონალიზმში ეჭვი შეიტანეს და თანაც ასეთი ფორმით. მერე, დანარჩენ კითხვებს უცბად გადაავლო თვალი და შეეცადა, მეორე კითხვა მაინც დაესვა ისეთი, რომელიც ბატონი კოტეს რისხვას აღარ გამოიწვევდა. ოთახში უხერხული სიტუაცია ჩამოვარდა. როგორც იქნა, ახალგაზრდა ჟურნალისტმა გაბედა და მომდევნო კითხვით მიმართა: - წერა როდის დაიწყეთ და რომელი იყო თქვენი პირველი ნაწარმოები? - პირველი ნაწარმოები მე-5 კლასში დავწერე, ძალიან მაღიზიანებდა ჩემი მათემატიკის მასწავლებელი და „საქებარი“ ლექსი მივუძღვენი. - სერიოზული სახით უპასუხა მწერალმა. - გასაგებია. - აშკარად არ მოეწონა პასუხი ეკას და კითხვას აღარ ჩაეძია, ისე გადავიდა შემდეგზე,- პერსონაჟებს როგორ ქმნით და გყავთ თუ არა ფავორიტი გმირი? - არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ისინი თავისით მოდიან ჩემს გონებაში, ან თავად მივდივარ მათთან. ერთი სიტყვით, შუამავლის როლს ვასრულებ - სამყაროს კანონზომიერებებს ვსწავლობ, მოვლენებს ვაკვირდები, დედამიწის ბინადრებს ვეცნობი, მერე ამ ყველაფერს ვაანალიზებ და ჩემი რეფლექსიებით მკითხველამდე მომაქვს. ფავორიტი გმირი არ მყავს, ყველას თავისი დატვირთვა აქვს ნაწარმოებებში. - მწერლებს საკუთარი თავები ხშირად ჰყავთ პერსონაჟებად წარმოდგენილნი. თქვენ რომელი პერსონაჟი გგავთ? - ყველა პერსონაჟში შეგიძლიათ ამომიცნოთ ან შეიძლება არც კი, - თავი გააქნია მამაკაცმა. ეკა გაოცებული უსმენდა საზოგადოების მიერ აღიარებულ და უნიჭიერეს მწერალს და ვერც ერთი პასუხიდან წესიერი აზრი ვერ გამოეტანა. გონებას ძალას ატანდა, რომ მის წინ მყოფის ბუნდოვან სიტყვებს ჩასწვდომოდა. - სამყარო და მისი ბინადრები ახსენეთ, როგორ ეცნობით მას და თავის ბინადრებს? - აჰაჰაჰ... რა შეკითხვაა? - გაეცინა მწერალს. - სამყაროს ჩვენ ბავშვობიდან ვეცნობით, ეს შეუქცევადი და უწყვეტი პროცესია. იგი ისეთი დიდია, საინტერესო და ამოუცნობი, ბოლომდე ვერავინ შეისწავლის. აი, მე, მაგალითად, მუდამ კვლევა-ძიების პროცესში ვარ და მაინც ვერაფერი გავუგე.- მხრები აიჩეჩა მამაკაცმა. - ვისთან ისურვებდით შეხვედრას, რომ სამყაროს თავისებურებებში გაგარკვიოთ? - ო... - ბატონმა კონსტანტინემ ამჯერად აღფრთოვანება ვერ დამალა და კითხვა მოუწონა ჟურნალისტს, - ამაზე ჭკვიანური ჯერ არაფერი გიკითხავს, - მხოლოდ ახლა გაუღიმა ახალგაზრდა ქალბატონს და ძალიან მოკლედ უპასუხა: -ბოროტების და სიკეთის განმგებლებთან. - ვინ არიან ისინი და რა კითხვებს დაუსვამდით მათ? მწერალი სავარძელს ზურგით მიეყრდნო, თავი გადასწია და თვალები დახუჭა. *** შუა ხნის მამაკაცი ვიწრო ბილიკებით მიუყვებოდა დაკლაკნილ გზას. უკანმოუხედავად და შეუპოვრად მიდიოდა და არც ღამის წყვდიადი აშინებდა, არც ირგვლივ გავრცელებული უცნაური ხმები და არც ჭექა-ქუხილი, რომელსაც თან წვიმა და ქარიშხალი ერთვოდა. პატარა ბილიკები ეკლიანმა და აბურდულმა გზებმა შეცვალეს. მამაკაცი არ ნებდებოდა და რთულად, მაგრამ მაინც ახერხებდა გზის გაკვლევას. შორიდან ნადირების ყმუილი, ვიღაცების გმინვა და ხანდახან ხარხარი ისმოდა. - მგონი, მივუახლოვდი, მალე მივალ. - დაძაბული სახე შვებით შეეცვალა მამაკაცს. კიდევ დიდ ხანს გაუგრძელდა ტყე-ღრე ხეტიალი, თუმცა ის გამყინავი ხმები ყურებში უფრო ახლოდან ჩაესმოდა და ლამის სმენას უხშობდნენ. წინაღობებს ნელ-ნელა უმკლავდებოდა და სასურველ ადგილზე მისასვლელად წინ მიიწევდა. ბევრჯერ დაეცა, ფეხი იტკინა, ტანი ეკალ-ბარდებით დაეკაწრა, ტანსაცმელიც შეელახა, მაგრამ ბოლოს როგორც იქნა, სასურველ ადგილს - ერთ გამოქვაბულს მიადგა და მასში შთაინთქა. გამოქვაბულში შუქი არსად ჩანდა, აუტანელი სიცხე იყო, მამაკაცს ოფლი ღვარღვარით ჩამოსდიოდა სახეზე და დროდადრო ხელით იწმენდდა-უჰაერობა ჰკლავდა. ვიღაცების ტანჯვის ხმა კიდევ უფრო მკვეთრად ესმოდა და ერთმანეთში ახლართული ხმები ყურის ბარაბნებს უხეთქავდა. ნელ-ნელა ხელის ცეცებით მიუყვებოდა ქანებით ნაშენებ გრძელ დერეფნებს, რომ სადმე არ დაცემულიყო და გრძნობდა, რომ ტემპერატურა ისე იმატებდა, ცოტაც და გულიც წაუვიდოდა. მოულოდნელად მის წინ კარი ღრჭიალით გაიღო და ოთახიდან ცეცხლის მბჟუტავი შუქი გამოჩნდა. მამაკაცს ინტერესმა სძლია და შიგნით შევიდა. სიბნელისგან კარგად ვერ გაარჩია ერთმანეთში აბურდული ავეჯი და ნივთები, თვალებს ძალას ატანდა, რომ ვინმე დაენახა და გამოლაპარაკებოდა. ახლა სხვა კარიც გაიხსნა და მეორე ოთახიდან ისეთი შუქი გამოკრთა, უკვე მეტის დანახვა შეიძლებოდა. ფრთხილად წავიდა და ოთახში ცალი თვალით შეიჭვრიტა. - შემობრძანდი, ბატონო კონსტანტინე.- მკაცრმა და იდუმალმა ხმამ უცბად გამოაფხიზლა მამაკაცი. კონსტანტინე ოთახში შევიდა და ნელა მოჰყვა იქაურობის თვალიერებას. ოთახი ძველი, უცნაური სტილის ავეჯით იყო მოწყობილი. ყველაფერი მუქ ფერებში გახლდათ გადაწყვეტილი. უცბად, მაგიდასთან მჯდარ ეშმაკს მოჰკრა თვალი და მიესალმა: - მოგესალმებით ბოროტების მბრძანებელო, - შიშნარევი ხმით, მაგრამ გაბედულად უთხრა და შეეცადა, ღიმილიც დაეყოლებინა. - გელოდებოდი, - კმაყოფილი სახით დასძინა სატანამ. - თავი წარმოგიდგინოთ თუ?.. ეშმაკმა ხელით ანიშნა, არ გინდაო. - ჩვენ ყველას ვცნობთ და ყველაფერი ვიცით, ბატონო კონსტანტინე. ასე რომ, არ არის საჭირო. ჩამოჯექით, - სკამზე მიუთითა და დაელოდა, ვიდრე მამაკაცი ადგილს დაიკავებდა, - აბა, გისმენთ, რამ მოგიყვანათ? - უცნაურია. მითხარით, ყველაფერი ვიცითო და მეკითხებით, რამ მოგიყვანაო? - ცოტა გაუთამამდა მწერალი, - ისე, საინტერესოა, ვინ იგულისხმეთ სიტყვა „ჩვენში?“ - ეგ შენ უნდა გკითხო, „მოგესალმებით ბოროტების მბრძანებელო“, „თავი წარმოგიდგინოთ თუ“- ხმა დაიწვრილა და გააჯავრა ეშმაკმა. - აჰ, გასაგებია. არ გინდა, რომ თქვენობით მოგმართო, კარგი, რა გაეწყობა. გაგიშინაურდები. - ასე აჯობებს, კონს-ტან-ტი-ნე, - სახელი დაუმარცვლა და მოელვარე თვალები გაუსწორა წინ მჯდომს. სატანის ბოროტ თვალებს მწერალი არ დაუბნევია და მოკლედ მოუჭრა: - შენთან ინტერვიუსთვის მოვედი. - რას მეუბნები? რით დავიმსახურე თვით კონსტანტინე ჯიქიას ყურადღება და ასეთი პატივი?- ხმამაღლა გადაიხარხარა ბოროტმა. - ჰო, მართლაც დიდი პატივია.- თავი დაუკრა და ხარხარში აჰყვა წინ მჯდომს. ეშმაკმა ხარხარი შეწყვიტა, წინ წამოიწია, მწერალს სახეში დაკვირვებით შეხედა და დაბალ ხმაზე, ორაზროვნად უთხრა: - კარგი ვინმე ჩანხარ, ხომ იცი? - კარგი ვარ. კი, ბატონო, - თვალები მოჭუტა მამაკაცმა და დემონისთვის არც მოუშორებია, ისე დაუწყო ჯიბეში სიგარეტის კოლოფს ძებნა. ეშმაკი არ დაიბნა, საფერფლეს თითი ჰკრა და წინ გაუცურა მამაკაცს. - მადლობა. - ახლოს დაიდგა საფერფლე მწერალმა და სიგარეტს მოუკიდა. - აბა, გისმენ, რაზე ვისაუბროთ? - ბოროტების მბრძანებელმა თითები მაგიდაზე აათამაშა. კონსტანტინემ სიგარეტის კვამლი ღრმად გაუშვა ფილტვებში და სატანას შეხედა: - მოდი, ასეთი კითხვით დავიწყებ: - რა მისია გაქვს სამყაროში? - ჰმ... - ჩაეცინა და თავი გააქნია მაცდურმა. - მართლა არ იცი, თუ „მეკაიფები“? - რაც კარგია, ლამაზია და ცოცხალი, მისი განადგურება - ეს გასაგებია, მაგრამ საბოლოოდ რას ემსახურებიან შენი ქმედებები? - სიამოვნებას. - რას? - ხმამაღლა იკითხა მწერალმა. - ჰო, რა იყო? რამ გაგაკვირვა? არ იცოდი, რომ ადამიანებს სიამოვნებას ვანიჭებ? - რით, განადგურებით? - არა, რატომ? - როგორ თუ რატომ? რასაც მათ სთავაზობ, ყველა გზა სიკვდილისკენ და განადგურებისკენ მიდის... - წამოდი, გამომყევი და ნახავ როგორ განცხრომაში და ნეტარებაში არიან ჩემი მორჩილნი. - სად უნდა გამოგყვე? - რა იყო? არ მენდობი? - საზარელი ხმით გადაიხარხარა ბოროტმა. - შენ ჩემი მტერი გენდოს. - ცალყბად უპასუხა კონსტანტინემ და სიგარეტის თავი საფერფლეს დააჭყლიტა. - ადექი, ადექი! სიმართლე უნდა დაგიმტკიცო, - უთხრა საკუთარ თავში დარწმუნებულმა სატანამ და ოთახიდან გავიდა. მწერალი უკან გაჰყვა. *** ცოტა ხანში, ეშმაკი და კონსტანტინე წითელი შუქით განათებულ შავ ოთახში აღმოჩნდნენ. იქაურობა ალკოჰოლის და სიგარეტის სუნით ისე გაჟღენთილიყო, წამიც და იმ გაუნიავებელ ოთახში გულის რევა დაეწყებოდა მამაკაცს. ახალგაზრდა სხეულები ერთმანეთში ახლართულიყვნენ და ვნებამორეულნი ხან კატებივით კრუსუნებდნენ, ხან კიოდნენ და ხანაც ჩხაოდნენ. აქა-იქ, მამაკაცების ხვნეშაც ერწყმოდა ჯოჯოხეთურ ხმებს... ეშმაკი კმაყოფილი სახით ადევნებდა თვალს ორგიით დაკავებულებს და კონსტანტინეს მიუბრუნდა: -შენც ხომ არ შეუერთდებოდი? კონსტანტინემ ზიზღით შეხედა ბოროტების მბრძანებელს და ამაზრზენ სანახაობას რომ ვეღარ გაუძლო, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. - მოიცადე, სად მიდიხარ? ისინი ჩვენ ვერ გვხედავენ. მამაკაცმა არაფერი უპასუხა, უბრალოდ იქიდან გავიდა. სატანა უკან გაჰყვა ხარხარით. - ამას ეძახი სიამოვნებას, არა? - კონსტანტინემ თვალებში ჩახედა მაცდურს. - კარგი, ჰო, ნუ გამომიხვედი ძალიან პატიოსანი. სიამოვნება და თავდავიწყებაა, აბა რა არის? - და სიყვარული? ის არ არის სიამოვნება? სიყვარულით მიღებულ სიამოვნებაზე და ჭეშმარიტ გრძნობებზე რას მეტყვი? - სიყვარული ჩემი მოგონილი არ არის. - სახე შეეცვალა ეშმაკს. - ვიცი. - ჰოდა თუ იცი, მაშინ ეგ თემა იმასთან გაარკვიე, ვინც სიყვარული მოიგონა.- მრისხანება დაეტყო ხმაზე. ამასობაში სხვა ოთახში აღმოჩნდნენ. მუსიკის ჩქარი რიტმი ყურებიდან ტვინამდე ისე აღწევდა, ჩაქუჩებივით ურტყავდნენ მწერალს და აზროვნების უნარს აკარგვინებდნენ. ეშმაკმა ბარმენის დახლის ქვეშ ნარკოტიკი იპოვა და მწერალს მიაწოდა: - გასინჯე. - არ მინდა. - მტკიცედ მიუგო მამაკაცმა. - რა, ერთხელაც არ გაგისინჯავს? არ გამაცინო, - ისევ ამაზრზენი ხმით გადაიხარხარა ბოროტმა. მისი საზიზღარი ხმა კლუბური მუსიკის ბგერებსაც კი ფარავდა და ალბათ, მის გარეთაც აღწევდა. - გეშინია, არ დაგიმონო, არა? ვაი, როგორ მეცოდები. - შენ მე ვერასოდეს დამიმონებ. - რატომ ვითომ? - თვალები მოჭუტა და ირონიულად ჰკითხა. - იმიტომ, რომ ნებისყოფა მაქვს და ძლიერი ვარ. შენ მხოლოდ სუსტებს იმონებ. ეშმაკი სიბრაზისგან აინთო, სახე გაუწითლდა და მიმიკები აერია. მერე შეეცადა დამშვიდებულიყო და წყრომა უაზრო სიცილით გადაფარა. რაც უფრო მეტ ხანს ატარებდა ბოროტის გვერდით მწერალი, მით უფრო აუტანელი ხდებოდა თითოეული წუთი. - ტუალეტში გავალ, წყალი უნდა შევისხა, - მაცდურს მიაძახა და ცოტა ხნით მოშორდა. მამაკაცი უკვე გრძნობდა, რომ თავის კონტროლი უჭირდა და ტუალეტის კარები სწრაფად გააღო, რომ თავი ცივი წყლით შეეფხიზლებინა. იატაკზე ახალგაზრდა ბიჭის სხეული დაინახა. შპრიცი ჯერ კიდევ ხელში შერჩენოდა და გათიშული მძიმედ სუნთქავდა. კონსტანტინე სასწრაფოდ დაუბრუნდა დარბაზს და დემონის ძებნა დაიწყო. ბოროტს ყველაზე ლამაზი, გამომწვევად ჩაცმული გოგონასთვის ჩაევლო ხელი და ჩქარ მუსიკაზე აქეთ-იქით აბზრიალებდა. ალკოჰოლით მთვრალი ახალგაზრდა თავს ვეღარ აკონტროლებდა და უაზროდ ეღრიჭებოდა მის წინ მყოფ ვნებიან და მოჩვენებით სიამოვნებას. - ეშმაკო! -დაუღრიალა კონსტანტინემ. - „ეშმაკოს“ ნუ მეძახი! - კბილებიდან გამოსცრა ბოროტმა და გოგონას მოშორდა. - აბა, ვინ ხარ? - ბოროტების და სიამოვნების მბრძანებელი. მწერალმა ხელი დაავლო და ტუალეტისკენ უბიძგა - წამომყევიო. დემონმა ხელი გააშვებინა და გაცეცხლებულმა შეხედა, - როგორ მიბედავო? კონსტანტინემ უგონოდ მყოფ ბიჭთან მიიყვანა და მიუბრუნდა: - შენი აზრით, ეს სიამოვნებაა? გეკითხები და პასუხი გამეცი? - ხმას დაუწიე და მოწიწებით მომექეცი, თორემ... - გამწარდა ბოროტი. - თორემ რა?!. შენ მე ვერ მაჯობებ! -თავის ქნევით უთხრა გაშმაგებულმა მამაკაცმა. - შენ იცი, ეს ბიჭი ნარკოტიკამდე ვინ მიიყვანა? - ვინ და შენ,- სწრაფად მიახალა მწერალმა. - არა, ცდები, შენნაირებმა. - რა? ხვდები რას მეუბნები? - კარგად ვხვდები. - ჩემნაირებში რას ან ვის გულისხმობ? - საზოგადოების წევრებს ვგულისხმობ! რომ წაგიგდიათ ენები და მხოლოდ ილანძღებით და ამნაირებს ამტყუნებთ, როცა მამას უსამართლოდ ციხეში უშვებდით, დედას უკლავდით და დას უბახებდით, სად იყავით მაშინ და რატომ არ იცავდით? თქვენ, ჰო, სწორედ თქვენ გაწირეთ ეს ბიჭი სიკვდილისთვის და არავინ არაფერი მოიმოქმედეთ, რომ გადაგერჩინათ. ახლა საშინელ რეალობას ნარკოტიკებით გაურბის და კიდევ ეს არის ცუდი? ილანძღეთ, ჰო, ილანძღეთ, მეტი მაინც არაფერი შეგიძლიათ. მშიერი ცხოველებივით ერთმანეთს ცოცხლად ჭამთ, საკუთარ თავებში ბოროტებას უფრო ღრმად აღვიძებთ და ამით დღითი-დღე მაძლიერებთ. - გადაიხარხარა ბოროტმა. - ეს ბიჭი ცუდია-მეთქი, არც მითქვამს. შენ რატომ ექცევი ასე? რატომ იმეტებ სიკვდილისთვის? - მე მას ვეხმარები. - შენ მას სიკვდილით ვერ დაეხმარები.- ხმას აუწია კონსტანტინემ. - კარგი, მაშინ შენ დაეხმარე, მიდი თუ ძლიერი ხარ. სად არის თქვენი ღმერთი, როცა ეს ახალგაზრდა ყოველ დღე თავს იკლავს, რატომ არ ეხმარება? - ღმერთი ჩვენშია, თითოეულ ჩვენგანში. მან თავად უნდა იპოვოს იგი, არ უნდა უკუაგდოს და ისიც დაეხმარება. - და რა არის ღმერთი? სიყვარული, არა? - ტუჩები მოპრუწა და დამცინავი მზერა ესროლა ეშმაკმა კონსტანტინეს. - ჰო, სიყვარულია. - მერე სად არის? სად არის ამ ბავშვში სიყვარული, ვინ დაანახეთ ეს გრძნობა? - არც ერთმა! საკუთარ თავებს დააბრალეთ, თითოეული თქვენგანი ხართ მის განადგურებაში დამნაშავე. მე მხოლოდ შვებას ვანიჭებ მას და მძიმე წუთებს ვუმსუბუქებ! - ვიმეორებ! ღმერთი თავად უნდა ვიპოვოთ, კარი გავუღოთ და შემოვუშვათ ჩვენში. - ვერ იპოვა! - მოკლედ მოუჭრა ბოროტმა. - იმიტომ, რომ რთულია ღმერთის პოვნა. აი, შენი კი - არა. სასწრაფოდ პოულობ სუსტებს და მაშინვე ეპატრონები! - სუნთქვა ეკვროდა კონსტანტინეს. - მაშინვე არა, ჯერ გამოცდებს ვუწყობ. - რა გამოცდებს? - ვაცლი ხოლმე, ვაკვირდები, მერე გარშემომყოფებს გაძლევთ დროს, რომ ჭკუაზე მოიყვანოთ. აი, თქვენც რომ ყურადღებას აღარ აქცევთ, მაშინ ამოგიცნობთ ხოლმე საკუთარ თავებში და ყველაზე სუსტი ჩემთან მიმყავს. - ბოროტი ხარ, ნამდვილი ბოროტი. - მადლობა, რომ შემახსენე.- ისევ ხმამაღლა ატეხა ხარხარი და სადღაც გაუჩინარდა. - მოიცადე, აქ რატომ დამტოვე? – უკმაყოფილოდ და გაბრაზებულმა მიაძახა გაუჩინარებულ ეშმაკს და უკან დაედევნა. ეშმაკის ძებნაში „გართული“ კონსტანტინე ახლა კაზინოში აღმოჩნდა. უზარმაზარი ოთახი მოთამაშეებით, სათამაშო ბორბლებით, ბანქოს მაგიდებით და აპარატებით გადატენილიყო. რკინის მანქანების წკარუნს, კამათლის რაკუნი, კარტის შრიალი და შეწუხებული და გახარებული ადამიანების ხმების გუგუნი ერთვოდა. მწერალი შეშლილივით ეძებდა ბოროტს ხალხთა რიგებში და რომ მიხვდა, ვეღარ იპოვიდა, თავისით შეეცადა, გასცლოდა ცოდვილთა ბუნაგს. აქა-იქ აცეცებდა თვალებს და ცდილობდა, გასასვლელი მოეძებნა. ყურებში კვლავ საშინლად ჩაესმოდა კივილი, ვნებიანი, სევდიანი, ტკივილიანი, ცრემლნარევი და ფსიქიკაშერყეულთა სიცილნარევი და მბოდავი ხმები. კონსტანტინეს გულის რევის შეგრძნებამ უმატა... ცოტა ხანში, საკუთარ თავს ძალა დაატანა, ბოლომდე მოიკრიბა გადაღლილ სხეულის და სულის კუნჭულებში დარჩენილი ენერგია და ნელ-ნელა იგრძნო, როგორ დაიწყო მისმა სხეულმა ზევით სვლა. დაჭიმულობა და დაძაბულობა თანდათან ქრებოდა. თავდაპირველად, ფეხებში დაეკარგა ძალა, მერე სხეულსაც გამოეცალა სიმძიმე და უარყოფითი ფიქრებისგან გადატენილი გონებაც გაუნთავისუფლდა. ახლა, ვეღარც ცოდვილთა ბუნაგის ამაზრზენი სუნი და ვეღარც ის საშინელი ხმები სწვდებოდა მის სხეულს - ზეცაში სწრაფად იჭრებოდა. საოცარი სიმსუბუქე იგრძნო, შვებით ამოისუნთქა და აი, პირველი ღიმილიც გამოიკვეთა სახეზე. კარგი შეგრძნება იყო ფრენა, უწონობას განიცდიდა. ერთ ხანს ქვემოთ ჩაიხედა და მისგან ძალიან შორს მყოფი დედამიწა რომ დაინახა, ოდნავ შეეშინდა, მაგრამ ისეთ ნეტარებას განიცდიდა, ჯერ-ჯერობით უკან დაბრუნება არ სურდა. მოულოდნელად სადღაც გაჩერდა... ირგვლივ მიმოიხედა და ჰაერი ღრმად შეისუნთქა -ძალიან ესიამოვნა. რაღაც უცხო და სხვანაირი იყო - უფრო მსუბუქი, უცხო სუნით გაჟღენთილი და გრილი. გრძნობდა, როგორ უჯანსაღდებოდა სულის თითოეული უჯრედი და როგორ ივსებოდა დადებითი ენერგიებით. აქამდე არ იცოდა, თურმე კარგ ენერგიებს ფერებიც ჰქონიათ - წითელი, ცისფერი და ყვითელი ენერგიებით იმუხტებოდა. უცბად ჩიტების ხმა მოესმა, დედამიწაზე მყოფებისგან რადიკალურად განსხვავებული - უფრო საამო. ნელი ნაბიჯებით დაიწყო მოძრაობა და ღია მწვანე ფერის ბაღში შევიდა. ნარინჯისფერი და იისფერი მოჭიკჭიკე ჩიტები რომ დაინახა, გაუღიმა და ხელით შეხება მოინდომა, მაგრამ ვერცერთს შეწვდა. მათრობელა ყვავილების სუნი იგრძნო, თეთრი პეპლებიც დაინახა, ლურჯ წყალსაც შეუშვირა ხელი და წყურვილი მოიკლა, მაგრამ მისდა გასაოცრად, არც ბაგეები და არც თითები დასველებია - იქაურობა ძალიან განსხვავდებოდა დედამიწისგან. მოულოდნელად, დამაბრმავებელი შუქი გამოჩნდა. კონსტანტინემ მკლავები აიფარა, რომ სხივებს თვალი არ მოეჭრა მისთვის. სასწაული იყო, მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდა, მით უფრო ეღვრებოდა და შემდეგ მყარად უჯდებოდა სხეულში სითბო - არ სწვავდა. -კონს -ტან-ტი-ნე, - ირგვლივ მისი სახელის ბგერები გაიბნა და ექოდ დაუბრუნდა. კონსტანტინემ მისი სიახლოვე იგრძნო, მკლავები სახიდან მოიშორა, გაურკვევლობის შეგრძნებამ წამსვე გადაუარა, სახე ბედნიერებისგან უნათებდა, თვალები არაამქვეყნიურად უბრწყინავდა, წარმოუდგენელ შვებას გრძნობდა, მიხვდა, რომ ღმერთის წინ იდგა: - ვერ გხედავთ. - ორი სიტყვის თქმა მოახერხა და თვალით შეათვალიერა იქაურობა, რომ უფალი დაენახა. - ტყუილად მეძებ, ვერ დამინახავ, მაგრამ შენთან ვარ, პირისპირ ვდგავარ. აქ რამ მოგიყვანა? -საამო და მშვიდი ხმით ჰკითხა მწერალს. - თქვენთან ინტერვიუს სურვილმა, - ძალიან მოკლედ და მოწიწებით მიუგო მამაკაცმა და ცოტა შეიშმუშნა. - ნუ ხარ უხერხულად, მოდუნდი. ჩემთან ხშირად მოდიან ადამიანები, მესაუბრებიან, დარდებს მიზიარებენ, რჩევებს მთხოვენ, ძირითადად მსმენელის და შემდეგ მათი მხსნელის როლში ვარ, მაგრამ რესპონდენტი არასოდეს ვყოფილვარ. საინტერესოა... - თანახმა ხართ? - იმედიანი ხმით ჰკითხა მწერალმა და მხნეობა შეემატა. - დიახ, რატომაც არა? - ისევ გაისმა უფლის სასიამოვნო ბგერები. კონსტანტინე სიხარულს ვერ მალავდა. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ სამყაროს შემოქმედთან იდგა და მისგან იმ კითხვებზე მიიღებდა პასუხებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ნელ-ნელა უგროვდებოდა. - მაშინ, პირველი კითხვით მოგმართავთ, -სითამამე შეეტყო კონსტანტინეს, - რა დანიშნულება აქვს ადამიანს სამყაროში? - ადამიანები სამყაროს განვითარებისთვის შევქმენი, მისი მრავალფეროვნებისთვის, სილამაზისთვის... აბა, როგორ წარმოგიდგენია დედამიწა, სადაც კაცობრიობა არ იარსებებდა? - არაფერი შეიცვლებოდა, - თავადვე უპასუხა შემოქმედმა. -ალბათ, მხოლოდ ფლორა და ფაუნა იქნებოდა, მხოლოდ მცენარეები და ცხოველები იარსებებდნენ და იქაურობა ერთ დიდ ბაღნარს დაემსგავსებოდა, - დაამატა კონსტანტინემ. -მე რატომ გავჩნდი და რა მისია მაკისრია დედამიწაზე? - უცბად შეცვალა თემა მწერალმა. - შემთხვევით არავინ იბადება, ყველას თავისი მისია აქვს, მათ შორის შენც - ხალხს სჭირდები, რომ ზოგჯერ თვალები აუხილო და სამყარო სხვანაირად დაანახო. - ესეიგი თქვენ ამბობთ, რომ თითოეული ადამიანის არსებობას მნიშვნელობა აქვს? - დიახ, ისინი დაკისრებული მოვალეობებით მოდიან, სხვა საქმეა, თავს როგორ ართმევენ. - და თავს თუ ვერ გაართმევენ? - მაშინ კიდევ ვაძლევ შანსს... - მერე რა ხდება, თუ ისევ ვერ შეძლებენ შანსის გამოყენებას? - მერე ისჯებიან, რომ ჭკუა ისწავლონ. - როგორ ისჯებიან? - დანაშაულის სიმძიმეს გააჩნია, - იმის მიხედვით, - მოიწყინა ღმერთმა. - რატომ დაუშვით, რომ სამყაროში ბოროტებას ეარსება და თქვენი შექმნილი არსებები გაენადგურებინა? - ეს მე არ დამიშვია, ადამიანებმა თავად შექმნეს ბოროტება. - როგორ? -ადამიანები ხშირად იცვლიან ნიღბებს. აი, ისე, როგორც როლებს მსახიობები. ხან კლოუნები ხდებიან და გარშემო მყოფებს ამხიარულებენ, ხან კეთილის, მოსიყვარულე და მზრუნველის როლს ირგებენ და ხან ბოროტებად გევლინებიან. მერე წარმოდგენებსაც გიცვლიან მათზე და ხვდები, რომ ყველაფერი ერთი დიდი ილუზიაა. ისინი ყოველ დღე შორდებიან ღმერთს და რაც უფრო დიდად შორდებიან, მით უფრო მეტად იბილწებიან და უახლოვდებიან ეშმაკს. - სად ხართ ამ დროს? რატომ უშვებთ, რომ ეშმაკს დაუახლოვდნენ და განადგურდნენ? - ვინ არის ღმერთი? - ის სიკეთე და სიყვარულია. გაახილეთ თვალები, შემოუშვით თქვენში სიკეთე და ღმერთსაც აღმოაჩენთ. რა გიშლით, რომ საკუთარ თავებში ღმერთი დაინახოთ? მაშინ ხომ ომები, სისხლისღვრა, შეურაცხყოფა, დაკნინება, სუსტის ჩაგვრა და უსამართლობაც აღარ იქნება? მაგრამ არა, ბოროტებასთან გარიგებები უფრო გაწყობთ, მასთან უფრო იოლია საქმის დაჭერა და ცდუნებებს ვერ უძლებთ. - მაშ, როდის აეხილება კაცობრიობას თვალები და როდის გახდება სამართლიანი? - როცა ამას თავად მოინდომებს. - რატომ იღუპებიან ადამიანები? სიკვდილის დამარცხება არ შეიძლება? - სიკვდილის დამარცხება მარტივი არ არის, მაგრამ არც შეუძლებელია. ამას მხოლოდ ღირსეულები ახერხებენ. ბევრი მოდის და მიდის, მაგრამ მხოლოდ ცოტა ცხოვრობს გააზრებულად. - ვინ ახერხებს სიკვდილის დამარცხებას? - ადამიანები, რომლებმაც სარგებელი მოუტანეს სამყაროს. - მე დავამარცხებ სიკვდილს? - შენც შეძლებ, მთავარია, მოინდომო. - თავად თუ იცხოვრებდით ცოდვებით დამძიმებულ დედამიწაზე? - მე ახლაც ვცხოვრობ დედამიწაზე, მთავარია დამინახოთ და ზურგი არ მაქციოთ ადამიანებმა. კონსტანტინე დაფიქრდა, კიდევ უნდოდა უფლისთვის რამე ეკითხა, მაგრამ კითხვები გამოელია. დაინახა, რომ მის წინ მდგარი ნათება ნელ-ნელა ჩაქრა და ირგვლივ ყველაფერი დედამიწას დაემსგავსა. აუცილებლად ბოროტების მბრძანებელი უნდა ვნახო, მტკიცედ არწმუნებდა საკუთარ თავს კონსტანტინე. ბევრი იარა, იწვალა და ეძება, მაგრამ ეშმაკი ვეღარ ნახა. ბოლოს დაღლილი და მასზე გაბრაზებული მუხლებზე დაეცა და ხმამაღლა, ღრიალით მოჰყვა: - სატანავ, გამოდი, თუ ძლიერი ხარ! ნუ მემალები! - აქეთ-იქით გამალებით იყურებოდა, რომ თვალი მოეკრა, მაგრამ ამაოდ, - ლაჩარი ხარ, იქ არ ჩნდები, სადაც სიყვარულია, არა?! ამიტომ გამირბიხარ? - ხარხარი აუტყდა მწერალს, - შენ მხოლოდ სუსტებს ეპატრონები. ნაძირალა ხარ და მინდა, დამთავრდე! გაეთრიე ადამიანების ცხოვრებიდან და აღარასოდეს დაბრუნდე! - ხმას უმატებდა განრისხებული მწერალი. **** - ბატონო კოტე, ბატონო კოტე... - შეშინებული თვალებით შეჰყურებდა ჟურნალისტი ოფლში გაწურულ, ძილბურანიდან ახლად გამოსულ მწერალს და მთელი ძალით აჯანჯღარებდა. კონსტანტინე გონს მოვიდა, ახალგაზრდა ქალბატონს შეხედა და სუსტად წარმოთქვა: - გავაგრძელოთ ინტერვიუ. - კარგად ხართ? უკვე ერთ საათზე მეტია ასეთ მდგომარეობაში გხედავთ. - ბოლო კითხვა გამიმეორეთ! - მოკლედ მოუჭრა მამაკაცმა. ჟურნალისტი თავის ადგილს დაუბრუნდა და ბოლო კითხვა ახლა უკვე სრულყოფილად გაუმეორა: - ვინ არიან სიკეთის და ბოროტების გამგებელნი და რა კითხვებს დაუსვამდით სამყაროს უკეთესად შესასწავლად? - ღმერთი და ეშმაკი. მათ სიყვარულზე, ბოროტებასა და ადამიანებზე ვკითხავდი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.