შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანაღმული ( მესამე ნაწილი )


26-08-2018, 11:45
ავტორი ჟიზელი
ნანახია 1 288

დაახლოებით სამი უგრძესი კვირა იყო გასული იმ დღიდან,როცა იმ ძველებურ ხიდზე ფეხი დავადგი და ამ დროის მანძილზე, სავსებით სრულყოფილად გავაცნობიერე,რომ ბიჭი,რომელმაც საკუთარი სიტყვებით ერთი გემოზე შემაჯანჯღარა და სრულიად მარტივად შემრაცხა შიზოფრენიკად , აშკრად, იმაზე მეტად შეეზარდა ჩემს ფიქრებს,ვიდრე ამას ოდესმე ვგეგმავდი.თუმცა ,იმასაც კარგად ვაცნობიერებდი,რომ ჩემმა მაშინდელმა წინასწარნეტყველებამ სრული კრახი განიცადა და ტიტე მეორე ან მესამე დღეს კი არა, თითქმის ერთი თვე არ გამოჩნდა. მე თუ მკითხავდით,არც არასდროს აპირებდა ამის გაკეთებას. აღშფოთებული ტინა დღეში ათჯერ მიმეორებდა,რომ აუცილებლად მომძებნიდა და კიდევ ერთხელ სცდიდა ბედს,თუმცა მე ხომ ინტროვენტებისათვის განკუთვნილ დაბურულ ბუშტში სასოწარკვეთილი ვიჯექი მთელი ჩემი განვლილი ცხოვრება და რა თქმა უნდა,სულაც აღარ მჯეროდა და ვერც ვერაფრით დავიჯერებდი ,რომ კიდევ ერთხელ მაინც ვნახავდი ისრიმისფერ თვალებს.
დამიჯერე,მაგ შენი უარებით იმაზე მეტად მომაჯადოვებელი და მიმზიდველი ხდები მამაკაცებისთვის,ვიდრე ის გოგონები,რომლებიც ათასგვარ სპეკტაკლს დგამენ,რომ ოცნება აისრულონ და ვინმეს გული ღვთისრისხვადატეხილი ზომბებივით გადაყლაპონო, მითხრა ერთხელ წყობიდან გამოსულმა კანდელაკმა ,როცა თემა ისევ ხიდზე გაცნობილ ბიჭზე ჩამოვარდა ერთ საღამოს. უნდა ვაღიარო,რომ მე და ჩემს მეგობარს მის გარდა სალაპარაკო თემა აღარც კი გაგვაჩნდა.
სულაც არ არის ასე, მან ხომ ჩემი ნომერი დამიბრუნა-მეთქი ,დაჟინებით ვიმეორებდი ჩემს ერთადერთ ,არც თუ ისე აზრს მოკლებულ არგუმენტს და გამუდმებით იმაზე ვფიქრობდი,რომ ფსიქიკურად ოდნავ შეშლილ ადამიანს რაღაცით მართლაც წავაგავდი. მინდოდა გამოჩენილიყო,მაგრამ ზუსტად ვიცოდი, მაინც უხეშად,მოჩვენებითი სიმტკიცით გავისტუმრებდი უკან. ტიტე სანიკიძე ზედგამოჭრილი იყო ჩემი ერთიანად გადამხმარი,გაუწყლოებული სამყაროსათვის. დიდი სიამოვნებით შევიყვარებდი კიდეც ასეთ ადამიანს ,მაგრამ ღრმად მწამდა,რომ მე ვერ შევძლებდი ჩემს ხელებში მომექცია სხვისი ხელები და ისიც დაუნდობლად გამეწირა ტანჯვისათვის, დამებინძურებინა ისეთივე ტრაგიზმით,როგორითაც ჩემი თითებიც კი საზრდოობდნენ დღე და ღამ. არ დავუშვებდი ვინმე ჩემი სიყვარულით დამეავადებინა,არ დავუშვებდი ,რომ ვინმეს ჩემ გამო გაუცნობიერებლად მოეწამლა საკუთარ ჭაში წყალი,რადგან ერთხელ მოშხამული ,საგზაო ნიშნებისდა მიუხედავად, ვერავინ ვეღარასდროს მიაგნებს სახლის კარებს , საწყის წერტილს ვეღარასდროს ვერავინ დაუბრუნდება.

***
საქართველოში ნოემბრის სამ რიცხვს სულაც არ უყვარდა არც ერთ წელთან წვიმის გარეშე მისალმება. არ ვაჭარბებ ჟიზელ, არც ერთი სამი ნოემბერი არ მახსოვს თავსხმა წვიმა რომ არ ყოფილიყო თბილისში. ყინულის ბოროტ დედოფლად შერაცხული, გამომწვევად მყინვარე ღრუბლები მთელი მონდომებით დაგვათქეშავდნენ ხოლმე თავზე ცის ყველა უკიდეგანო,ავბედით ოკეანეს.
ალბათ, მამას ასე ძალიან ამიტომ უყვარდა ქვეყნად საკუთარი გაჩენის დღე. ამბობდა ეს წვიმა განრისხებული ღმერთის რისხვას კი არა ,შებინდებისას ჭალაზე მოკრეფილი ხასხასა პიტნისაგან დამზადებულ ჩაიში შაქრის ორი ნატეხის ჩაყრას უფრო მაგონებსო. სწორედ ამიტომ,ბავშვობიდან ვფიქრობდი,რომ რაღაც დოზით რომანტიზმი მართლაც ეყარა ამ ჩვეულებრივ თვესა და რიცხვში, რადგან მოტკბილო,ჯერ კიდევ ორთქლამდინარ ჩაის მართლაც არაჩვეულებრივი არომატი და გემო ჰქონდა , თანაც განურჩევლად ყოველ წელს,გამონაკლისების გარეშე.

იმ დღეს საშინლად მაღალი სიცხე მქონდა. გაციებას ვერგადარჩენილი და მთელი ღამის ნაავადმყოფარი საზიზღრად,გამოფიტულად ვგრძნობდი თავს, განსაკუთრებით მაშინ,როცა წინ ბებიას ფუფუსით გამზადებული ქათმის მოყვითალო-მომწვანო ბულიონი მედგა შიგ არხეინად მოცურავე მწვანილებთან ერთად და აღარ ვიცოდი გაწითლებული ცხვირი სად წამეღო,რომ როგორმე მისი მსუყე სუნი არ შემესუნთქა. თავის ტკივილისგან გაბეზრებულმა, ჩემი ყვითელი კაშნე რომ შემოვიხვიე და წვიმიან საღამოს გარეთ გამოვვარდი, არც პროკურორი ქარცივაძის დღეობის აღსანიშნავად შეკრებილი ხალხის მრცხვენოდა და აღარც შეწუხებული დედაჩემის, სახლში დასაბრუნებელი ხვეწნა-მუდარით რომ გამომყვა ლიფტამდე . რამდენიმე წუთში გუბეებით გადაჭედილ ვიწროზე უფრო ვიწრო,ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე მივსეირნობდი წაშლილი სახით, ჩემს გამჭვირვალე საწვიმარსა და მძიმე ბათინკებში გამოწყობილი, პატარა კაფე "ჟასმინი" რომ აღმოვაჩინე. მიუხედავად იმისა,რომ სიცივისაგან ჩახლეჩილ ყელში ნამდვილად არაფერი გადამივიდოდა, მაინც შევხსენი ვარდისფერი შუშის მაღალი კარი და ფართო ფანჯარასთან დავიკავე კიდეც ადგილი.
- იმედია მეტიჩრობაში არ ჩამომართმევ,მაგრამ შენი სახიდან გამომდინარე ვივარაუდებდი,რომ ყელიც უნდა გტკიოდეს ცოტა. შემიძლია წითელი ღვინო შემოგთავაზო ,დამიჯერე ნამდვილად შველის, _ სასიამოვნო ღიმილის მქონე,ზომაზე უფრო მეტად დაბალმა შუახნის ქალმა მენიუზე თითის მინიშნებით მაპოვნინა ჩემი საშველი.
- იყოს ერთი ბოთლი წითელი ღვინო,_ უყოყმანოდ დავთანხმდი მეც.
- როგორც ჩანს, დათრობა გინდა, არა?_ სასიამოვნოდ გაეღიმა ჩემს შეკვეთაზე.
- ისეთი მაღალი სიცხე მაქვს,ასე მგონია, ცოტაც და ჩემი მზერით აქ რამე აუცილებლად აალდება. ამიტომ, სიმართლე გითხრათ,მაგიდაზე თავის დადება და გათიშვა უფრო მეტად მინდა და გმადლობთ,რომ მიზეზიც მაპოვნინეთ _ ქალმა ისევ ღიმილით მიპასუხა ჩემს წამოროშილზე და ნახევარ საათში მუქი წითელი მიხაკებივით სასიამოვნო შესახედ, მათრობელა სითხით სავსე ორ ჭიქას ითვლიდა ჩემი სხეული და ვინ იცის გონებაში უკვე მერამდენედ ვმღეროდი ორი დღით ადრე პირველად მოსმენილ ,სევდიან პორტუგალიურ სიმღერას,ჩემს წინ აყუდებულ მოვარდისფრო ფანჯარაზე ნელი კაკუნის ხმა რომ გავიგე.

ის იყო.

თამბაქოსფერ,სქელ ქურთუკსა და ასეთივე ფერის ქუდში გამოწყობილი ტიტე სანიკიძე იდგა შუშის გადაღმა. ერთ ხელზე მის გვერდზე მდგარი,კუპრივით შავი როტვეილერის წითელი საყელური ჰქონდა გაადახვეული რამდენჯერმე,მეორე ხელით კი ჩემი თვალების გასწვრივ თაბახის თეთრი ფურცელი მიებჯინა წვიმისაგან დაცვარულ მინაზე და მაშინ უკვე მესამედ ჩაიტუმბა სისხლის გაორმაგებული ნაკადი პირდაპირ ჩემს მუჭისოდენა გულში. ფურცელზე ისევ არანორმალური სიმახინჯით გამოყვანილი სულ რამდენიმე სიტყვა ეწერა - " არასდროს გიფიქრია,რომ ჩემი ბედისწერა ხარ, პოკაჰონტას ? ".

ჟრუანტელმა წკარუნა ზარივით ისე დამიარა სხეულში,თითქოს უკუნი ღამის მარწუხებში მოქცეული, შიშისაგან ხელებჩამოცვენილი, უსუსურად ვიდექი ამაზონის დაბურულ ტყეში და ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ის იყო,თუ როგორ დამეღწია თავი იქ გამეფებულ სიჩუმეში სრიალა ქვეწარმავალივით შეცურებული ,ზეთის მუქი საღებავებივით ერთმანეთში მონდომებით შეზელილი ჭრიჭინების შემზარავი,ავისმომასწავებელი ხმაურისაგან. ჯუნგლებიდან მისი ძაღლის მოუთმენლობისაგან გამოწვეულმა მკვეთრმა დაყეფვამ გამომტყორცნა და გამოფიხზლებულმა უარის ნიშნად თავი რამდენჯერმე სუსტი მოძრაობით გავუქნიე. ბედნიერებაშემტკბარი სახე ერთიანად მოეღრიცა, მაღლა აზნექილი წარბების ბოლოები იმედგაცრუებასა და ბრაზს ერთროულად ხატავდნენ მის სახეზე. წამში ქურთუკის ჯიბეს დასწვდა, მობილური სხარტად ამოაძვრინა და მინაზე მოდებული საჩვენებელი თითით მანიშნა,რომ მეპასუხა. ჩემი ხელის ზანტ მოძრაობას თვალებით აედევნა და ვუპასუხე თუ არა, ყურმილში ჩამძახა გარეთ გამოდიო. ხმის ჟღერადობით მაშინვე მივხვდი ისიც გვარიანად გაციებული რომ უნდა ყოფილიყო.
- არ შემიძლია, _ გავუქნიე თავი ისევ და ძლივს გავაანალიზე,რომ ჩემი მობილურის ნომერი ამდენი ხნის მანძილზე მაინც ჰქონდა .
- გამოდი! გელოდები! _ ახლა უკვე მბრძანებლური ტონით,მოკლედ და კონკრეტულად გამიმეორა იგივე .როტვეილერს რაღაც თბილი ტემბრით დასძახა ერთხელ და ლაპლაპა,შავი ძაღლი მაშინვე მკვირცხლად წამოხტა ფეხზე. თავად პირით ქუჩისაკენ შებრუნდა და მიმახვედრა,რომ მისი მოთმინება გვალვისაგან დამსკდარ მიწას ემსგავსებოდა თანდათან ,მე კი იმ წამს დამამთავრებელი კლასის საშინლად მომაბეზრებელ მასწავლებელს წავაგავდი ,რომელიც დამსახურებულად იჯდა წებოდასხმულ სკამზე და ვერაფრით იძვროდა ადგილიდან . ძალიან მინდოდა,რომ ერთ ადგილზე მიყინვა მაღალი ტემპერატურისთვის ან თუნდაც ორი ჭიქა ღვინისათვის გადამებრალებინა ,მაგრამ აშკარად ვგრძნობდი მისი არსებობის გამო, ჩემში მცხოვრები სითხე დუღილისაგან უკვე მთელი სიმძლავრით ფუყფუყებდა ყველა ზომის სისხლძარღვში და ჩემი კანიდან ამოხეთქვას ორთქლად ლამობდა. გარეთ გასვლის და მისი არსებობის შეგრძნების მეშინოდა, რადგან ვიცოდი,იმაზე მეტად მომინდებოდა მის მკლავებში მჭიდროდ შეხიზვნა,ვიდრე ხარბ ადამიანს მოუნდებოდა მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი,ყველაზე გამორჩეული სამკაული და მაინც როგორ მეშინოდა იმის,რომ ვიღაცის გრძნობებზე დამოკიდებული ადამიანი ვხდებოდი და არაფრის,საერთოდ არაფრის შეცვლა აღარ შემეძლო.
სიცივისაგან აწურული,ღონემიხდილი ვიდექი "ჟასმინის" კარის გადმოღმა, ვუყურებდი მის თბილ ტანსაცმელში გამოხვეულ მაღალ სილუეტს და ასე მეგონა თითქოს თხელ ქაღალდში გადახვეულ თამბაქოს მეათასე პორციას ვაგემოვნებინებდი ჩემს დაბალ სასიცოცხლო მონაცემებს,თანაც ცხოვრებაში სულ,სულ პირველად . ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ადამიანი, რომელსაც მაშინ მხოლოდ და მხოლოდ მეორედ ვუყურებდი, ჩემი მძაფრარომატიანი თამბაქო იყო და მე მისით შეპყრობილი ,სახიფათო მწვერვალის პიკზე მდგარი მშიშარა ქალი. არ ვიცი, სად ვიპოვე,რომელ ჯიბეში მოვნახე გამბედაობა , დაუყივნებლივ მივუახლოვდი და უყოყმანოდ დავუდექი წინ . მაშინ ჩემი თავი ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას წააგავდა, თუმცა კვლავინდებურად მეშინოდა გულისტკენის,მეშინოდა,რომ ერთხელაც ჩემს თავს ჩემივე ოთახის ყველაზე ბნელ კუთხეში მტირალსა და დაპატარავებულს, უიმისობისგან გამწარებულსა და გადამხმარს ვიპოვნიდი, მაგრამ სულ რომ ფერფლად ვქცეულიყავი მაინც ყველაფრად მიღირდა მისი ყურება ,რადგან როცა ისევ დავინახე ახლად ამწვანებული ბალახისფერი , ოდნავ სუსხშეპარული, დილის ნამით გახასხასებული,თხელ წარბებს ქვეშ, გრძელ,უხეშ წამწამებს შორის მოქცეული მისი თვალები,მზის სხივებივით მუქი რიჟა ოდნავ სქელი წვერი და ქუდის გამო უსწორმასწოროდ ჩამოყრილი მოგრძო თმა, ვიგრძენი რომ მის გარეშე სულდაგუბებულ პატარა გუბეს დავემსგავსებოდი, რომლის დალევას ჩიტებიც კი არ გაივლებდნენ გონებაში აღარასდროს.
თავი დახარა რამდენიმე ხნით და ყელის ტკივილისგან გაუხეშებული ხმით მითხრა.
- იცი რა? შენი არჩევა ყველაზე დიდი სისულელე იყო,რაც კი ჩემს ცხოვრებაში ჩამიდენია,მაგრამ არანორმალური,გიჟური იდეა,რომ შენ მხოლოდ ჩემთის და სხვა არავისთვის დაიბადე ამ ქვეყნად,მთელს სულსა და სხეულზე მაქვს მოდებული იმ წუთიდან,როცა თვალდახუჭული,სიცივისგან მობუზული დაგინახე იმ ხიდზე. ნეტავ გენახა,რა ლამაზი იყავი.
- საერთოდ არ გეშინია?_ ვკითხე გულწრფელად.
- რისი უნდა მეშინოდეს?
- მე და შენ პარალელური წრფეები რომ აღმოვჩნდეთ? ვერასდროს რომ ვერ გადავკვეთოთ ერთმანეთი, სულ ცალ-ცალკე,კარის მეზობლებივით რომ ვიარსებოთ? მერე რა იქნება? მე ამის მეშინია,შენც უნდა გეშინოდეს ტიტე, _ თვალი ავარიდე. აღარ შემეძლო თუნდაც ჰაერში გაყინული მისი ამონასუნთქისათვის მეყურა კიდევ ცოტა ხანს. ვუფრთხოდი პასუხს,რომლის შინაარსი არც კი გადამეწყვიტა, როგორი მინდოდა ყოფილიყო. მოულოდნელად მარჯვენა ხელზე ხელთათმანი შეიხსნა, ხელისგული თმაში შემიცურა და ბერა თითი რამდენჯერმე ფრთხილად გადამატარა წარბზე. ერთი შემომხედა,თითქოს ნებართვას იღებსო და ტუჩებით შემეხო შუბლზე. სიზმარში გნახეო მითხრა, ამ ადგილზე სამი შავი წრე გეხატა და ძალიან,ძალიან ,სიგიჟემდე გიყვარდიო. ზუსტად იმ დროს, იმ სივრცესა და განზომილებაში აღარ ვიყავი, სადაც წესით უნდა ვყოფილიყავი. მთის სახლში ვიდექი, წვრილბრეტელებიან შოკოლადისფერ ,პრიალა კაბაში გამოწყობილი და უზარმაზარ ფანჯარასთან მდგარი, გრილი ჰაერის ნაკადით აფრიალებულ ქათქათა ფარდის მკრთალ შეხებას ვგრძნობდი სხეულზე, ტიტეს წამის წინ კისერთან დატოვეულ ღიმილნარევ კოცნასთან ერთად. მაშინ არავინ და არაფერი არსებობდა ჩვენ ორის გარდა და მივხვდი,რომ ჩემს ტანსაცმელსაც კი უყვარდა მისი არსებობა, ფარდაში გამჭოლ და იისფერ ხალიჩაზე დაცემულ თბილ მზესაც უყვარდა ტიტე, ჩემს კანზე დაყრილ ციცქნა ბურთულებსაც უყვარდა ტიტე,საერთოდ ყველაფერს,რასაც მე ვხედავდი,ვგრძნობდი და აღვიქვამდი,საერთოდ ყველაფერს უყვარდა ტიტე სანიკიძე.
- გადამფრენი ჩიტებისგან გადაშავებული ლურჯი ცა თუ გინახავს? _ მკითხა ჩუმად. მიხვდა,რომ სახარბიელო მდგომარეობაში ნამდვილად არ ჩამაგდო.
- მინახავს, _ამოვილუღლუღე ძლივს.
- არასდროს იქნება ჩვენი ცა ასეთი. თუ ჩვენ ახლა პარალელური წრფეები ვართ, მაშინ რატომ გვაქვს ორი გადაკვეთის წერტილი? აი,აქ და აი,აქაც, _ თავისი გრძელი თითები ჯერ ჩემს გულზე ჩამოაცურა ფრთხილად და მერე თავისაზე დაიბრჯინა დიდ ხანს.
- მე ხომ შენი სახელის გარდა არაფერი ვიცი შენზე? _ გავიბრძოლე კიდევ ერთხელ. გაეცინა,სწორედ ისე ,როგორც მაშინ ხიდზე. მივხვდი,რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ერთმანეთამდე განვლილ ცხოვრებას. არსად იყო ჩემი ბედნიერებაც , თუ არა მასში. ტიტე მზის ამოსვლისას წამწამების დაშორებას წააგავდა ჩემთვის და ალბათ ,მასთან ერთად გაღვიძებისას ვიქნებოდი კიდეც მანუელ კოსტა, უცნაურად,ღიმილით რომ იღვიძებდა ყოველ დილით,მაგრამ როგორც ამბობენ ხოლმე, გული ზოგჯერ ერთს ამბობს,გონება კი მეორეს.

***

უკლებლივ ყველა ადამიანს ერთი უცნაურობა აქვს საერთო. საცოდავად გათოშილი, გაფერმკრთალებული ცასავით უემოციოდ გადაგლესილი საკუთარი მზერითა და შენივე აკვიატებული, ხელებზე ასმაგი ტყვიის ფენის ფრთებად გამოკიდებული, საძულველი სისუსტით იღლები დროთა განმავლობაში.ზოგს ასეთი მდგომარეობა მალევე სწყინდება და გაბეზრებული არსებობის შემქმნელი ვიწრო , წყლით პირამდე სავსე,ცივი ფოლადის ჭიდან წვალებით,თუმცა მალევე აღწევს თავს,რადგან საკუთარ თავში გამბედაობას პოულობს. მე კი იმდენი დრო დავყავი ფერშეცვლილ, ხისტ წყალში ,რომ ერთი რამ შესანიშნავად გავაცნობიერე. სანამ გაუსაძლისი ყინვისგან მთელი მონდომებით შელესილ, მაღალ კედელს არ მიაღწევ შენივე გონების გაუღრანებულ,წუმპედ ქცეულ , ჩამწვანებულ ნაოჭებში ,სანამ ამ უშველებელ ,კირით ნაგებ ზღვარზე შემდგარი ჰორიზონტს იქით მტკიცედ,საკუთარ თავში დარწმუნებული არ გადააბიჯებ, იქამდე ვერ უშველი საკუთარ თავს ,ვერ შეამჩნევ შენი სხეულიდან სამუდამოდ განდევნილ,მარცხისაგან შეცხვენილ,ძვლებჩამსხვრეულ და საზრდოშემოძარცვულ აჩრდილს, კუპრივით შავი ,სქელი ლაბადა გადახუნებულ,აშმორებულ ტილოდ რომ ექცევა შენი თვალშისაცემი სიმამაცის დამსახურებით. მანამდე,სანამ ამ სიმამაცეს ავარვარებულ ნაკვერცჩხლებში შიშველი ხელებით არ გამოჩხრეკ, ყველას წინაშე თავს იკატუნებ, რომ არ არსებობ და ბნელი მხარიდან ნაკარნახებ ბრძანებებს მუხლმოდრეკით, მიწამდე თავჩამოვარდნილი მთელი არსებით ესისხლხორცები და ეგუები იმ აზრს,რომ ხმელ ხინჯად ქცეული შენი არსებობის დღის სინათლეზე უფრო მეტად,უფრო მკაფიოდ ეშინიათ.
როგორ გინდა, სანამ გადაღლილობისაგან ოფლის ბოლო წვეთიც არ მოგწყდება სუსტადმფეთქავი გულის იმედებით დახუნძლული არიდან,მანამდე იქნიო ხელები გიჟივით, იყვირო,რომ შენი უარყოფის მიუხედავად გაბედონ შენით ცხოვრება,შენც ჩაგაწვეთონ მებრძოლი წვეთები საგულეში, მკურნალი ტაბლეტები ჩაგაფშხვნან გონებაში, არ მოგცენ უფლება სანაპიროზე ჯოხით დაწერილ წარწერებად იქცე,ანცი ზღვის მოქცევა რომ შლის უდარდელად,მთელი გატაცებით.
ზოგჯერ გინდება თვალის თეთრ გარსში უხეშად გაჩხერილი, გრძელი და დედამიწის ზურგზე ყველაზე მჩხვლეკავი,ბასრპირა წამწამი მაინც იყო.
შეგიმჩნიონ,რომ არსებობ,სადღაც შენს სიტყვებსა და დაოსტატებულ, მატყუარა გამომეტყველებას შორის გამომწყვდეული.
ტკივილის შეგრძნებით შეგიმჩნიონ.
გულზე ხელმიბრჯენილებმა, უშენოდ იმ ქაღალდივით მოკუჭული სახით იარონ ზედ პოეტის უვარგისი ლექსი რომ აწერია გადღაბნილი, შავი მელნით.
იმაზე მეტად მკაფიოდ დაგინახონ,ვიდრე გხედავენ.
სცადონ შენი მოშორება, მაგრამ ვერ შეძლონ.
რომ ვერ ეთმობოდე,გონებას რომ ვერ ეგლიჯებოდე მათი სასიცოცხლო უჯრედებიდან.
საფეთქლებზე დამსკდარი ძარღვები რომ იყო,გულს რომ უღონებდე ტკივილისაგან ,გულისწასვლამდე მწარე ტკივილებს რომ აგრძნობინებდე შენი არსებობით.
რომ გაჰკიოდე,რომ ასე ვეღარ სუნთქავ,მაგრამ მაინც იქ ხარ ,სადაც აღარ უნდათ რომ იყო.
იქნებ ამ დროს მაინც შეგეხონ ,რამდენჯერმე შეგეხონ და მიხვდნენ რომ მათ საკუთრებაში შენი სურვილისამებრ კი არ შეიჭერი, თავად მოგათავსეს,ღრმად, ამოუშლელად და ამიტომ, ბრმად უნდა იბრძოლონ იმისთვის ,რაც შენგან დარჩა.
როგორ გინდა შენიშნონ, რა სიტკბოს განცდა გაქვს მათ თვალებში ზურგზე გაწოლილი,თვალებმინაბული, უდარდელი ღიმილით რომ ლივლივებ.

**

სამწუხაროდ, სიმართლე ერთი იყო. არ მინდოდა, ტიტე ვერცხლისფერი ხმლით აღჭურვილ, ჩემზე ნათელფერებში შეყვარებულ კაცად მექცია,რადგან იმაზე მეტად გაუჭირდებოდა ჩემთან ბძოლა, ჩემი იმ ვიწრო წყლის ჭიდან ამოთრევა, ვიდრე დეინერისს გაუჭირდებოდა საკუთარი დრაკონების თვალისდაუხამხამებლად, მტკივნეული სიკვდილით დახოცვა. გავაცნობიერე თუ არა ყველაფერი იმ ქუჩაზე მდგომმა, მრავალი დღეებისა და ღამეების სამყოფი ჰაერი ჩავიტუმბე შეკუმშულ ფილტვებში და ტკივილისაგან ჩამბალი თვალებით შევაშტერდი მის გადამთბარ, მშვიდ სახეს.
-შენი ფანჯრიდან სამყარო სულ სხვნაირად ჩანს ,ტიტე!_თვალისდაუხამხამებლად, უცნაურღიმილით შენიღბულმა ვუთხარი. დაძაბულობისგან ჩემი ერთი თმის ღერიც კი არ იძვროდა ადგილიდან. რას გულისხმობო, წამშივე მკითხა ისეთი სიცილით , ახლადშეძენილ ბედნიერებას რომ აფრქვებს ყველა გრძედისა და განედის სისწორეზე და მაშინ, ატმის ყვავილებით გადავსებული რომ დავინახე მისი ფიქრები ,კიდევ უფრო მეტად მომინდა შევზიზღებოდი,ხელი ჩაექნია ჩემზე,ფსკერამდე დაცლილიყო მასში ის ყველაფერი,რასაც ჩემ მიმართ ოდესმე განიცდიდა. მინდოდა,გული ჩანაცრებოდა და ჩემკენ არასდროს,აღარასდროს გამოეხედა ისეთი სილაღით,როგორც მაშინ,ჩემ წინ რომ იდგა და დაუმსახურებლად მიორმაგებდა სიცოცხლის წუთებს ,რადგან მეცოდებოდა ყოველი მკვეთრად,ავად შეტოკებული ნერვისთვის,რომლის მიზეზიც მომავალში აუცილებლად მე ვიქნებოდი. არ მემეტებოდა და არც მინდოდა კინოთეათრის მონგრეულ სკამზე დიდი,მრავალგზის გაბზარული ეკრანის წინ დამესვა ღონემიხდილი და ეყურებინა,რა უშედეგოდ ვწვალობდი საკუთარი აჩრდილის გადახუნებას,არ მინდოდა წვრილ-წვრილად ჩამსხვრეული ,შუშად ქცეული ჩემი ტრაგიზმისგან ნელ-ნელა,მტკივნეულად დასერილიყო ჩემთან ყოფნისას.მთელი ჩემი ცხოვრება ვაცნობიერებდი,რომ ჯერ საკუთარი თავი უნდა შემეყვარებინა, სხვა რომ ბედნიერი გამეხადა. ტიტე ჩემგან გადამჟავებულ ,გადამპალ ცხოვრებას მიიღებდა ჩემი სიყვარულის სანაცვლოდ,როგორ უნდა გამემეტებინა ამისთვის?
- ცირა, რას გულისხმობ-მეთქი ? _ შიშჩამდგარი ორივე მაჯით ჩამაფრინდა მტკიცედ დაჭერილ,ხმელ მხრებში.
- ქმარი მყავს ტიტე, კიდევ ორი შვილიც, _ უხეშად,ორივე ხელის აქნევით გავითავისუფლე სხეული მისი სიმძიმისგან,_ მეგონა, როცა ჩემი მობილურის ნომერი გაიგე, ისიც გაარკვიე, რომ ოჯახი მყავს და საყვარლობას მთავაზობდი იმ დღეს, _მოისმინა თუ არა ჩემი სიტყვები, გამომეტყველება ჩაუკვდა მაშინვე, ყალბი ბოროტებით გაჟღენთილ ჩემს სახეს გაოგნებულ თვალებს ვერაფრით არიდებდა.
- ჯერ ვიფიქრე, რა სიგიჟე აღარ გამიკეთებია, მოდი კიდევ ერთხელ ვუღალატებ ჩემს სულელ ქმარს-მეთქი, _ განვაგრძე ისევ , _მაგრამ იმდენი ხანი არ გამოჩნდი, რომ გადამიარა იმ ბიჭის ხორციელმა სურვილა,რომელსაც აშკარაა,რომ გულწრფელად მოვეწონე. ადამიანების შეფასება არ გამოგდის ტიტე! შენც ჩემი ბებერი ქმარივით სულელი ხარ, ჭიანჭველასავით მიეპარე იმას ,რაც მსოფლიოში ყველაზე ტკბილი გეგონა,არც კი გიფიქრია ხელში რა მწარე რამ შეგრჩებოდა , _ გესლიანი ჯადოქრის ჩაცინებასავით გადამკრა ავარვარებულმა აურამ გამომწვევად კმაყოფილებაშესხმულ სახეზე. ლამპიონების შუქზე შევამჩნიე, როგორ დაუპატარავდა ფერშეცვლილ სფეროებში ჩემი სიტყვებივით ბნელი გუგები . წამით მომეჩვენა,რომ იმედგაცრუებისგან რიჟა წვერში ამობერილი , მკვახედ მოკუმული ტუჩები ოდნავ შეუკრთა, ღია წამწამებით რამდენჯერმე გაარღვია ჰაერის შრიალა ნაკადი. მართალს მეუბნებიო? მკრთალად და მშვიდად გაკვეთა მისმა შეკითხვამ ჩემს სხეულთან ჩამდგარი ჟანგბადი. უშეცდომო ღიმილით მხრები ავიჩეჩე მსახიობურად, შეფარული დაცინვით სავსე,უდარდელი მზერა შევაყარე პირდაპირ სახეში დასტურის ნიშნად. ეს იყო და დაუდევრად აგებული ცათამბრჯენივით ლამაზად,წამებში ჩამოიშალა ჩემი შემხედვარე. ჩემმა უღირსმა მანევრმა დააობლა თითქოს და გააცამტვერა მისი წვეთ-წვეთად ნაგროვები სილაღე,თუმცა მჭახე ზიზღის მაგივრად, მისი სხეულიდან ცხელ ტალღებად მომავალი, მოკანკალე, სასჯელმისჯილი იმედგაცრუება ვიგემე მხოლოდ.
შებრუნდა და ხმაგაუცემლად წავიდა. მეგონა საბოლოო ჭაღარამდე დაშორებული სრული დრო ვიჯექი იმ ადგილზე,სადაც დამტოვა ჩემს ბინძურ თამაშში წაქცეულმა ღირებულმა ადამიანმა. გონებაში ტიტეს გამოსამშვიდობებელ , მძიმე ნაბიჯებს ჯიუტად ვითვლი თავიდან და თავიდან,დაუსრულებლად . მიდიოდა მთელი სიფრთხილით და თითქოს მიწას არც ახებდა ფეხებს, თითქოს აღარ ჰქონდა მძლავრი სხეული,გულისტკენასა და დამცირებას გამოეცალა მისი სულისთვის დასუსტებული,დაძარღვული ხელიდან.
ჩაჟიებული შავი თმის ღერები მაწანწალა ჩრდილებივით მოუშორებლად მეკვროდნენ მთლიან ზურგზე და ბოლოებს ნაწვიმარ ორმოებში ახრჩობდნენ თვითგვემის ნიშნად, სიბნელეშეპარულ ყვითელ ფონზე კაფის თავაზიანი მიმტანის სილუეტი რომ მომიჯდა გვერდით.
- ადექი, შიგნით შევიდეთ. უფრო მეტად გაცივდები,_ მითხრა მას შემდეგ,რაც ეჭვნარევად, კარგად შემათვალიერა და მკლავში ჩამასო წვრილ-წვრილი, ტატუებით გადაპენტილი, ხმელი თითები.
- არაფერი არ მკითხო რა! _ მუდარასავით გაიჟღერა ჩემმა გულიდან ამოტირებულმა ხმამ.
- არაფერს არ გეკითხები. ვიცი, კარგი არაფერი ჩაგიდენია, _ შეაკრთო ცრემლით გაბერილმა სიტყვებმა.
- შენი აზრით ,ბოროტი ვარ? ბოროტი ვარ, როცა მინდა არავინ დაიტანჯოს ჩემ გამო? მზად ვარ,უარი ვთქვა ჩემს ბედნიერებაზე,რომ მერე მას არ შესძულდეს საკუთარი თავი იმისთვის,რომ მე შემიყვარა.
- ჩემი აზრით, ჩემი სანაქებო ღვინო მოგეკიდა ზედმეტად. რომ გამოფხიზლდები,აუცილებლად გკითხავ, თუ ასეთი ბედნიერებისათვის არა,აბა რისთვის უნდა ღირს ცხოვრება,_ ამოიხვნეშა დანანებით,_ ადექი,ადექი ჩემო მეგობარო. აზრზე მოდი და მერე ვისაუბროთ,თუ შეგეძლება, _ ხელით მომიწურა სველი და გრძელი, საცოდავად ჩამოკიდებული პრიალა თმა. ალბათ ,მეც ასე გამოვწურე ტიტე,_გავივლე გულში,_ ასე ვუჭყლ`ეტდი ყოველ წამს გონებას, ასე ვუჭერდი ყელში ჩემი ადღლეზილი, სიბინძურეშეპარული სახის გახსენებისას. მძულდა ჩემი თავი,იმაზე მეტად ,ვიდრე მას სძულდა საკუთარი იმისათვის ,რომ ჩემნაირი ჩამოუყალიბებელი, გაურკვეველი აზროვნების ადამიანში მოისურვა საკუთარი თავის მთლიანად ჩაცლა.
იმ დღის დასარულად ისღა მახსოვს,რომ გულ-მუცელში უამრავი მიხაკი ავაყვავე "ჟასმინის" ბარზე თავჩამომხობილმა, ნაღველი და დარდი შესანიშნავად აძლიერებდა ალკოჰოლის შეწოვასა და გონისდამკარგველ თრობის პროცესს.



№1  offline წევრი Lineta

ერთადერთი ავტორი ხარ, რომელსაც ორ-ორჯერ ვკითხულობ. ❤️
შეიძლება ბევრმა ციაკო სუსტ ადამიანად შერაცხოს მაგრამ მე ვიცი რომ ის ძლიერია.
მხოლოდ ძლიერებს შეუძლია საკუთარ ბედნიერებაზე უარის თქმა იმის გამო რომ სხვა არ გააუბედურონ.
ტიტე უბრალოდ "აუცილებელი" სიყვარულია ციაკოსთვის. აი ისეთი დაუკითხავად რომ მივა და ეგოისტურად მიისაკუთრებს ციაკოს "პატარა" ტვინსა და გონებას.
ავტორი უბრალოდ გენიოსია.
დამტკიცებულია ჩემს მიერ და ბეჭედსაც თავად ვარტყამ.
აბა გაბედე და შემედავე.
რომ მიყვარხარ კი იცი მაგრამ მაინც გეტყვი : მიყვარხარ მე შენ საოცრებავ ❤️
პ.ს პირველი ლაიქი და პირველი კომენტარი ისევ ჩემია. ❤️

 


№2  offline წევრი ჟიზელი

Lineta
ერთადერთი ავტორი ხარ, რომელსაც ორ-ორჯერ ვკითხულობ. ❤️
შეიძლება ბევრმა ციაკო სუსტ ადამიანად შერაცხოს მაგრამ მე ვიცი რომ ის ძლიერია.
მხოლოდ ძლიერებს შეუძლია საკუთარ ბედნიერებაზე უარის თქმა იმის გამო რომ სხვა არ გააუბედურონ.
ტიტე უბრალოდ "აუცილებელი" სიყვარულია ციაკოსთვის. აი ისეთი დაუკითხავად რომ მივა და ეგოისტურად მიისაკუთრებს ციაკოს "პატარა" ტვინსა და გონებას.
ავტორი უბრალოდ გენიოსია.
დამტკიცებულია ჩემს მიერ და ბეჭედსაც თავად ვარტყამ.
აბა გაბედე და შემედავე.
რომ მიყვარხარ კი იცი მაგრამ მაინც გეტყვი : მიყვარხარ მე შენ საოცრებავ ❤️
პ.ს პირველი ლაიქი და პირველი კომენტარი ისევ ჩემია. ❤️

ლინეტა, შენი კომენტარები არის ჩემთვის, არ ვიცი, ალბათ , ძალიან დიდი საჩუქარი. მართლა დიდი მადლობა , რომ ხარ და ასეთი კარგი ხარ ❤ უბრალოდ სიტყვებს ვერ ვპოულობ,რომ ასეთი სიტყვებისათვის მადლიერება გამოვხატო ❤

 


№3  offline წევრი Moon1

arvici amdebi emocia saidan modis!!! chemi sayvareli nawilia mesame kidev minda gadavikitxo <3 ubralod saocreba xar jizel <3

 


№4  offline წევრი ჟიზელი

Moon1
arvici amdebi emocia saidan modis!!! chemi sayvareli nawilia mesame kidev minda gadavikitxo <3 ubralod saocreba xar jizel <3

დიდი მადლობა ❤ მიხარია,რომ ხვდები რა ემოციას ვდებ ამ ნაწერში და მიხარია ,რომ მოგინდა ჩემთვის ამის თქმა ❤❤ ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ამ წამს ესაა ❤

 


№5 სტუმარი სტუმარი მ ა რ ი ა მ ი

აუუუ!!!
ჩემთვის ეს პერსონაჟი საერთოდ არ არის სუსტი,პირიქით დიდი ძალისხმევაა საჭირო ასეთი ტყუილი რომ მოიფიქრო,იმის გამო,რომ გგონია,შენთან ყოფნით დაიტანჯება შენი საყვარელი ადამიანი.
ასეთი შედარებები საიდან მოგაქვს ნუ გამაგიჟე.
რანაირი ხარ,სხვანაირი,უნიკალური.
ველოდები ახალ თავს

 


№6  offline წევრი ჟიზელი

სტუმარი მ ა რ ი ა მ ი
აუუუ!!!
ჩემთვის ეს პერსონაჟი საერთოდ არ არის სუსტი,პირიქით დიდი ძალისხმევაა საჭირო ასეთი ტყუილი რომ მოიფიქრო,იმის გამო,რომ გგონია,შენთან ყოფნით დაიტანჯება შენი საყვარელი ადამიანი.
ასეთი შედარებები საიდან მოგაქვს ნუ გამაგიჟე.
რანაირი ხარ,სხვანაირი,უნიკალური.
ველოდები ახალ თავს

მიხარია,რომ ასე ხედავ,თუმცა ზოგისთვის შეიძლება ძალიან სულელი და უაზროდ მშიშარა იყოს. ვაიმეე, დიდი მადლობა ❤ ახალი თავი ალბათ ხვალ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent