შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანაღმული ( მეხუთე ნაწილი )


28-08-2018, 16:55
ავტორი ჟიზელი
ნანახია 1 566

მთელი ძალღონით ამოვისუნთქე.
ყვითლად მოელვარე,კაშკაშა ბურთი გაკრთა უკუნეთში და წამით მომეჩვენა, თითქოს ცაზე დაპენტილ ვარსკლავებზე დახარბებულს მე შემესრუტა ისინი ერთიანად და სწორედ ახლა თავისუფლდებოდნენ დიდი ხნის ნატუსაღარნი ჩემი ფილტვებიდან. ქუთუთოებზე კაშკაშა ნაპერწკლებმა გაჰკვესეს რამდენჯერმე და ჩემი შეწუხებით გამოწვეული სინდისის ქენჯნისგან სწრაფადვე ჩაყუჩდნენ. ისეთი შეგრძნება მქონდა,გეგონება ჩამქრალი ნათურა ვყოფილიყავი და დენის ჩამრთველს ახლახანს წაჰკრა ხელი ვიღაცამ,ისიც შემთხვევით. თვალები გავახილე.
ღია ფანჯრიდან შემონაბერ სუსხიან ნიავზე ცილინდრის ფორმის , შავი პრიალა ჭაღი უჩუმრად ქანაობდა ჩემს ზემოთ. ქუჩიდან შემოსული სინათლისა და წელიწადის დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, საღამოს ხუთი-ექვსი საათი უნდა ყოფილიყო წესით. მარცხენა მხარეს კვადრატებად დაყოფილი ოთხი ძველებური ფანჯარა ჩაემწკრივებინათ ჩემი საწოლის მთელ სიგრძეზე.მეუცნაურა გარეთ ახლო-ახლო ჩაშენებული შენობების თვალისმომჭრელი არქიტექტურა,თუმცა ჯერ შიგნით მოვათვალიერე გარემო. თავსა და ბოლოში ხის მოთაფლისფრო კედლები ეკრა მიჯრით ჩემს საწოლს.მარჯვენა მხარეს კი ვარდისფერი ყვავილებით ამოქარგული კრემისფერი გრძელი ფარდა ძირს ნაოჭებად ჩამოფენილიყო მთელ სიგრძეზე. სქელი,თეთრი საბანი ისე მზრუნველად ამოეკეცათ ჩემთვის გვერდებთან, საძილე ტომარაში გახვეულ ჩვილ ბავშვს ვგავდი უდაოდ. ჩამიდგა თუ არა ხელებში ძალა, სლიპინა ნაჭერი ერთი მოძრაობით გადავწიე და წამით გავვოცდი უზადო სანახაობისაგან. ჩემი ორსაწოლიანის ოდენა სივრცე კიდევ დამიხვდა ფარდის გადაღმა. აქეთ-იქით ფერად-ფერად ყრდიანი წიგნებით გამოეძეკათ ოციოდე სანტიმეტრის სიგანის,კედლის მთლიან მოცულობაზე განთავსებული მოხატული თაროები. ფანჯრების პარალელურად აშენებული კედელი კი ათასგვარი წარწერებითა და ნივთებით გადაეპენტა ოთახის პატრონს. აქ ნახავდით სხვადასხვა ენებზე დაწერილ ბრძნულ გამონათქვამებს, ცნობილი მუსიკალური ბენდების ალბომებს,პოსტერებს საყვარელი ფილმებიდან,გაზეთიდან გამოჭრილი საოცნებო ქვეყნების სავიზიტო შენობების ფოტოებსა და ცნობილ ლექსებსაც კი.ყველაფერ ამას სადღესასწაულო ნათურებით მოფენილი ათინათები და თბილ ფერებში მოქსოვილი ხალიჩა კიდევ უფრო საუცხოოს და ლამაზს ხდიდა.

ფეხი დავდგი თუ არა ძირს ,იატაკი ისე შეირხა,თითქოს მამლის ფეხებზე შემდგარ ქოხმახში მეძინა მთელი ეს დრო და ახლა,ეს ჩემი მოძრავი სახლი, ძილბურანში გამოხვეული ფშვინავდა და ძალაუნებურად არხევდა ჩემს ფეხქვეშ გადაჭიმულ წითლად შეღებილ ფიცრებს. იმედები მალევე გამიცრუვდა,როცა იატაკში მოთავსებული ვიწრო კარი ზემოთკენ ამოიზნიქა და საშუალო ასაკის ,ქერად შეღებილი ქალი თავით გამოჩნდა ამოჭრილ ადგილას. სავარაუდოდ სახლის პატრონმა სუფთა წყლით პირამდე სავსე პლასტმასის პატარა სათლი ღიღინით ამოდგა ზემოთ და მხარზე გადაკიდებული თეთრი ტილო ჩაჭყვიპა შიგნით რამდენჯერმე. მთლიანი ტანით რომ ამოძვრა ოთახში და ბოლო წვეთამდე გაწურული ნაჭერი სიმეტრიულად გადაკეცა, ჩემკენ შემობრუნებისას მისმა წამოკივლებამ წამით მაფიქრებინა კიდეც ,რომ მან სულაც არ იცოდა ვინ ცხოვრობდა მისი სახლის სხვენში. შეპარული ,მორიდებული მზერით მათვალიერა ცოტა ხანი,მერე სასაცილოდ დაფაცურდა, თითით მანიშნა ერთი წუთით მოიცადეო და რომელიღაცა მოძველმანო წიგნიდან თეთრი კონვერტი გამოაცურა. ცალი ხელით კალთაში ჩამიგდო ლამაზად მოკეცილი თეთრი ქაღალდი,ცალი კი შუბლზე მზრუნველობით მომაბჯინა და კმაყოფილმა ჩაილაპარა რაღაც ჩემთვის გაუგებარ ენაზე. კონვერტი გახსენიო მანიშნა ღიმილით და ისეთივე დაკვირვებული,გამჭოლი მზერითა და ხელების ფართუკზე წმენდით ჩამოჯდა ჩემს ფეხებთან .

კონვერტი მართლაც გავხსენი. იმდენად მინდოდა ყველაფერში გარკვევა, ქალი რომ არ მჯდარიყო ჩემ წინ, მოზღვავებული ემოციებისგან ალბათ გავგლეჯდი კიდეც ქაღალდის თხელ ყუთს და ისე წავიკითხავდი შეტყობინებას. წვრილად ნაბეჭდი ასობგერები სრულიად არაფერს მიუთითებდა თავაზიანი სიტყვებითა და ლაკონური წინადადებებით გაწყობილი წერილის ავტორზე,გარდა იმისა ,რომ იგი ქართველი იყო და მისი სახელი სადღაც უკვე გაგონილი უნდა მქონოდა,ამიტომ კითხვას სულმოუთქმელად შევუდექი.

***

" ქალბატონო ცირა, თუ თქვენ ამ წერილს კითხულობთ,ესე იგი, გამომჯობინდით და სავარაუდოდ,დიდ გაურკვევლობაში ბრძანდებით . პირველ რიგში ,მინდა გითხრათ,რომ მაღალი სიცხისაგან გონება დაკარგეთ და იძულებულნი გავხდით,უგონო მდგომარეობაში გადმოგვეფრინეთ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში. არ მოგესმათ, ახლა თქვენ პრაღაში იმყოფებით. ჩეხეთის ერთ-ერთი საუკეთესო ლუდხანის მფლობელი - მილოშ ზემანი თქვენი მასპინძელია. ქალბატონი კი ,რომელიც გივლით, მისი მეუღლე - მისის აგნესა. ნუ შეგეშინდებათ,რომ მან მშობლიური ენის გარდა არცერთი ენა არ იცის. დიასახლისსთან საუბარში ჩვენი აგენტი დაგეხმარებათ,რომელსაც უთუოდ უნდა შეხვდეთ და თანამშრომლობა გაუწიოთ,როდესაც ძალებს მოიკრებთ. საჭიროა მხოლოდ ერთი ზარი და იგი დანიშნულების ადგილზე გაჩნდება,თანაც უკეთესად გაგარკვევთ ყველაფერში.

დრო - 8 საათი.
ლოკაცია - ჟიჟკოვის ტელეკოშკი.

კოშკში რესტორანი და ტურისტული ცენტრია,ამიტომ ვიმეოდოვნებ, შეუმჩნეველი დარჩებით და ამდენი ხალხის გარემოცვაში,თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ. მისის აგნესას მხოლოდ ორი სიტყვა - "ხიდიდან ფრენა" - უხსენეთ და ყველაფერს იგი მიხედავს.

პ.ს თქვენი ოჯახის წევრები თავს მშვენივრად გრძნობენ.

პატივისცემით,
აბრაამ მეტრეველი. "

***

აგნესა, როგორც ჩანს ,დიდი სულისკვეთებით იყო ჩაბმული საიდუმლო მისიაში და მეტად გულისყურით ეკიდებოდა მასზე ნაკისრ ვალდებულებას. ვუხსენე თუ არა საკონტაქტო ტერმინი, ქალი მაშინვე კიბეზე დაეშვა კისრისტეხით და ორიოდე წუთში უკანვე ამობრუნდა ყავისფერი ქაღალდის რამდენიმე პარკთან ერთად.

- დავრეკე.შეგხვდებათ,_წამოიდუდუნა ენის ბორძიკით დიასახლისმა . რატომღაც გამეცინა მის გულუბრყვილო გარეგნობაზე. თვალებთან ასაკის ნიშნად ჩაკეცილი ნაოჭები და ქალის თვალისთვისაც კი მიმზიდველი,მუქი ვარდისფერი კონტურით მოხდენილად შეფერადებული ტუჩები საოცარ სიკეთეს შეუზღუდავად ასხივებდნენ . მაშინვე დაიმსახურა ჩემი კეთილგანწყობა სასიამოვნო აურის მქონე მასპინძელმა და თავადაც მიმიხვდა,რომ ძალიან მომეწონა.

- დიდი მადლობა,მისის აგნესა! _ ვუთხარი და მარცხენა მაჯაზე საჩვენებელი თითი რამდეჯერმე დავიტყაპუნე. აგნესა მიმიხვდა და მისი მობილური ტელეფონი შემაჩეჩა ხელში. ეკრანი შვიდი საათის დაწყებას მამცნობდა.აშკარა იყო,რომ უნდა მეჩქარა,რათა რესტორანში დანიშნულ დროს გამოვცხადებულიყავი.

****

ჩვენი სამყარო მდუმარებამოცული ფართო არეალის შუა გულში ღრმად ჩაჭედილ, მკვახე წამოძახილივით მკეთრად შემკრთალ, ბასრპირა ნაჯახით მრავალჯერ დაუნდობლად გადასერილ ,ჩამოკონკილ ხეს მაგონებს ხოლმე ხშირად.

მაშინ, მისის აგნესას სამსართულიანი,ვიწრო სახლის წითელი რკინისაგან დამზადებული კარის გამოღებისას , იმ უცხო სურნელითა და მომაჯადოებელი აურით შელესილ გარემოსა და გავარვარებულ ფერებში შემოსილი ცის ქვეშ რომ აღმოვჩნდი,თავი უშველებელი,უკანასკლენი კვირტით შემკობილი ძირძველი მუხა მეგონა ,მუცლითმეზღაპრის სათუთად,დიდი სიყვარულით გამოგონილ ზღაპარ-ქალაქში რომ ამოჰყო თავი,მაგრამ მოუხერხებლობით აღჭურვილი გატოტილი კიდურებისა და ღეროში სიღმისეულად ჩაკირული საავდრო ღრუბლების გამო დიდი ვერაფერი როლი მიიღო საკუთარსავე ისტორიაში.

მილოშ ზემანის კუთვნილი სახლი მონაცრისფრო რიყის ქვებით მოკირწლული ფართო კიბის მარცხენა განაპირა მხარეს ისეთივე მომხიბვლელობითა და სიმყუდროვით ჩაეშენებინათ, როგორც სხვა ათობით სახლი იმ ქუჩაზე. პირველ მსოფლიო ომში მონაწილე, ჯერ კიდევ პირტიტველი ჯარისკაცის პორტრეტივით მოძველებულ , უცნაურად მოგრძო უბანში ყოველ ათიოდე მეტრში ორწყებად ჩამაგრებულ მოკლე,ყვითლად მოლაპლაპე ლამპიონთა ვრცელ რიგებს თუ დავუჯერებდით, კიბე საკმაოდ გრძელი და მდინარე ვლტავას ნაპირებზე დასახლებული ქალაქის სიღრმეებში ჩამავალი, დაუზარელ ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილი უსაფრთხოებით გარანტირებული გზა უნდა ყოფილიყო.

შევისუნთქე თუ არა ოთხმოცდაათიანების მარცხენა სანაპიროს ევროპული ბოჰემის პარფიუმი, პარადოქსია,მაგრამ წამით გავიფიქრე კიდეც ,რომ თუ კი მოვინდომებდი, ამ ქალაქში ყოფნისას, უთვალავ ცვილის სანთელს დავხარჯავდი პატივმოყვარე,ამპარტავანი ხალხის ძებნაში. შეუძლებლად ჩავთვალე,რომ ამ რუდუნებით შეკოწიწებულ ,შაქრის კვადრატული ნატეხებით დატკბობილ ოქროს ქალაქთა ქალაქს შეიძლებოდა ვინმე ავსული ესულდგმულებინა საკუთარი ორგანიზმის მეშვეობით.

გადავწყვიტე, ციდან უხვად ჩამოფერფლილი ნისლით აქა-იქ დასველებულ კიბეს შევყოლოდი გამბედავად .გული მიგრძნობდა პრაღის გულში მომაქცევდა ამგვარი ქმედება. შევეცადე სწრაფი ნაბიჯებით ჩამეთავებინა იმ ყინვაში ჩემთვის მოსჯილი ფეხით გასავლელი მანძილი. თითქოს, ღამის აჩრდილს ვერცხლის მონეტა გადავუგდე უკიდეგანო წყვდიადში და საპასუხოდ, შავად დატალღულ მდინარეში შევცურე ერთნიჩბიანი გრძელი და ბრტყელძირა , კუპრის გაბლანტებული ბოლით მოცული ნავით, რომელსაც აწეული ფიგურული ცხვირი და გველეშაპის სხეულებით მოპირკეთებული მაღალი კიჩო კიდევ უფრო შემაძრწუნებელს ხდიდა. ასეთი გრძნობა უფრო იმიტომ შემიზავდა გონებაში,რომ სიარულისას ერთადერთი ,რაც გავაცნობიერე იყო ის,რაც პრაღის ქუჩებისა და უცნაურად დაპროექტებული სახლებისაგან შეკრულ დახლართულ,დანისლულ ლაბირინთებში რამდენიმე დღის ნაავადმყოფარი თავის ამოყოფაა,თანაც მაშინ,როცა იმის გაანალიზება,თუ რა კანონზომიერებით არიან ისინი განლაგებულნი,პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა ჩემთვის იმ მომენტში.

კიბის ბოლო მყარი საფეხურიდან ფეხის გადმოდგმა და ახალგაზრდა მძღოლის წითელ ზოლებში გაწყობილი თეთრი ტაქსის დაჭერა ერთი იყო. ხუთი წუთი არც კი გავიდა ჟიჟკოვის ტელე-კოშკს რომ მივადექით. მუხუდოს მარცვლებზე აღმოცენებული ცასმწვდომი ხესავით ვეებერთელა ანძა თანამედროვე ჩეხური არქიტექტურისა და დიზაინის ერთ-ერთი უზადო ნიმუში აღმოჩნდა. პირდაპირ სოკოებივით ჩამწკრივებულ საცხოვრებელ სახლებს შორის ჩაშენებული ერთ-ერთი ყოვლად უცნაური ინჟინრული გონების შემოქმედება , კომუნისტური ჩეხოსლოვაკიის მრავალი განსაცვიფრებელი ამბის მნახველი ადგილობრივი მოქალაქის მედგრად მდგარ,ვერგატეხილ ტანს მივამსგავსე პირველი შეხვედრისას,რომელიც ახლა თავისუფალი ჩეხეთის გარიჟრაჟზე პრაღის ყველა კუთხიდან იმისათვის მოჩანდა თავმომწონედ,რომ ყველას გაესიგრძეგანებინა თუ რეალურად ვინ იყო ყველა ტკივილისა და წამების, სიბოროტისა და უმადურების, ბღავილში გადაზრდილი ტირილისა და გამჭოლი ტკივილის შემგროვებელი პრაღის სამუდამომისჯილი პატიმარი. ნაცრისფერში შევერცხლილ, წელში მთელი სიზუსტით გამართულ ათეულობით წლის ნატუსაღარს თითქოს მიზიდულობის ძალით თავისზე აეკრა ჩვილიების მოშავო სკულპტურები, რომლებიც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდნენ თითქოს პატარა ადამიანები დედის კალთაზე გამოკიდებულნი სილაღით შეექცეოდნენ მოფუსფუსე ქალაქის სამარადჟამო ბრწყინვალებას.

- ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ანძაზე მხოხავი ეს ჩვილებიც დევიდ ჩერნის შემოქმედებაა, _ ზურგზე კისერგადაგდებულსა და აღფრთოვანების გამომხატველი მზერით განმსჭვალულს გვერდით ამომიდგა დიდულვაშა, ჩემი სიმაღლის ,შუახნის შავთვალა მამაკაცი. პასუხის გაცემა არც კი მაცადა, ინგლისური სიტყვები ქართულით რომ ჩაანაცვლა და ჩემთვის შემოუხედავად ისევ განაგრძო, _ კარგად შეხედეთ! ტელე-კოშკი სამი მილისგან შემდგარი კონსტრუქციაა. მთავარ მილში, რომელიც ყველაზე მაღალია და ანტენის ფუნქციას ასრულებს, მოთავსებულია ორი სწრაფი ლიფტი. მარჯვნივ,ოქროსფერკარიანში შეხვალთ და თქვენს ხელჩანთას ფართოდ გახსნით,რომ ლიფტის გამცილებელმა პლატინის პლასტიკური ბარათი ,ახალი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტი შეუმჩნევლად ჩაგიგდოთ მასში.ჩათვალეთ,რომ ყველა მათგანი ახლა წყალივითა და ჰაერივით გჭირდებათ,ამიტომ ამ საკითხს სერიოზულად მოეკიდეთ. სამწუხაროდ უფრო ადრე ვერ მოხერხდა აღნიშნული საბუთების დამზადება და ვინაიდან,ჩვენი აგენტები ორი დღის მანძილზე არ დაგეკონტაქტებიან, გადავწყვიტეთ ,ამ გზით გადმოგცეთ ისინი. ლიფტის საშუალებით შეძლებთ რესტორანსა და ტურისტულ დარბაზში მოხვედრას. მიმღებში იკითხეთ ვინმე ბენჟამინ ვილბერტი და ის აგიხსნით ყველაფერს. წარმატებებს გისურვებთ, _ თქვა თუ არა ,ისე ოსტატურად შეერია ანძის წინ თავმოყრილ ტურისტთა ათასნაირ ქუდსა თუ ქოლგაში გადახურულ თავებს ,წამით შემშურდა კიდეც, რომ ასეთი შეუმჩნეველი ვერასდროს გავხდებოდი ჩემი მთელი ცხოვრების მანძილზე.

უცნაურია არა? ადამიანი ყოველთვის გრძნობს როდის უნდა ჩაეფშხვნას სისხლი წითელ,მზერისმომჭრელ კრისტალებად ჯერ კიდევ ქორფა ვენებში. ლიფტის კარის გახსნას ისე ვუცდიდი,თითქოს ფაფუკად გაყინული წყლის წვეთების შუაგულში ვიდექი ჰაერის ნაწილაკებზე უფრო მეტად გამსუბუქებული და მთლად უსხეულოს, ერთი სული მქონდა, ჩემს წინ მიუწვდომელ სიმაღლემდე აყუდებული, გამოხარშული ზეწრებივით ქათქათა და უმანკო შესახედაობის სამოთხის ჭიშკარი ვინმეს წუთიწუთზე გამოეხსნა და გასხივოსნებამდე მისული კეთილშობილი სახით შემგებებოდა. ასეთი კადრები ფილმში თუ მინახავს მხოლოდ,თუმცა ჰგავდა კიდეც ჩემი მიწიერი ყოფიერება ბოლომე გახარჯული და გაურჩებული კადრებით გამოჭედილ ფირთა ყავისფერ ფერში აბურდულ გორაკს.

ლიფტის კარი თეატრის ოქროსფერში მბზინავი ფარდებივით ზლაზვნით გადაიწია და ავწიე თუ არა თავი,ვიგრძენი,თითქოს ეს რკინის ყუთი ერთიანად, უხეში მანევრით მოსწყდა ადგილს და პირამიდის უშველებელ ლოდებად ჩამაწყდა გულში. გეგონება დამსახურებული გამარჯვების მოლოდინში მყოფი პატარა ბავშვი ვყოფილიყავი ,ვიღაც უტიფარმა ტრიუმფის გვირგვინი თავხედურად რომ აართვა ცხვირწინ,სამაგიეროდ გულის შეკუმშვათა გახშირება სიცოცხლის სურვილივით შეასრუტინა და ჭიქაში გამოცლილი ვისკივით წვეთამდე გამოსწურა ბედნიერება.

ზრდასრულ ადამიანს მოსვნებისას გული წუთში სამოცი-ოთხმოცდააჯერ უცემს.
ეს ნორმაა.
არც ამ მაჩვენებლის ას დარტყმამდე მომატება მიიჩნევა პათოლოგიად.
მე კი ვიდექი და ნორმაში აღარფერი მქონდა საერთოდ.
ჩემი მუჭისოდენა ორგანო წუთში დაუთვლელად , გასკდომამდე იშლებოდა უკიდეგანოდ და მერე გახეთქილი ბუშტივით იჩუტებოდა ბოლომდე.

ხო, ისევ შევხვდი და სიახლოვის შეგრძნებამ ერთდროულად დამმართა ფიზიოლოგიური და პათოლოგიური ტაქიკარდია.

ისევ შევხვდი და გადაგვარდა ჩემი მონატრება. ცეცხლწაკიდებული რეზინი თავისი აყროლებული და დამშანთველი შიგნეულობით ამიშიშხინდა კანის ყველა მონაკვეთზე.

ისევ შევხვდი და თოლიების გუნდს გამოკიდებული მერცხალივით დამიღონდა ჩემი გონება.

იდგა და მიყურებდა.

გაბრაზებული იყო ჩემზე. ამას მაშინვე მივხვდი,სხეულის წნევა თვალებში რომ მოებრჯინა ჩემს შემხედვარეს .ელექტრონული ველივით მსუსხავდა მისი გულგრილი გამოხედვა,თავად კი ხმის იოგებიც არ შესტკოებია ზედმეტად,როცა მკითხა, ლიფთით მგზავრობა ხომ არ გადავიფიქრე.

თავის გაქნევით შევესიტყვე მე და ორიოდე ნაბიჯით მივუახლოვდი მასში ჩაბუდებულ დენის წყაროს. თავი ისე ვიგრძენი,თითქოს პატარა ნათურა ვყოფილიყავი,ელექტრონული დენის გატარებისას მისი ვარვარების ძაფი იმ დონეზე რომ ხურდება,თეთრად ნათებას იწყებს.

- ცუდად ხომ არ ხართ,ქალბატონო? _ დამელაპარაკა ისევ ტიტე და იმავე წამს ჩანთაზე მსუბუქი დაბღაუჭება ვიგრძენი. თავიდან მშიშარა თაგვივით შევკრთი,თუმცა მაშინვე გამახსენდა,რომ დედაბუნების კეთილ განგებას სულაც არ გადმოვუსროლივარ იმ შენობაში იმისათვის ,რომ საკუთარი ყოფიერებისთვის ერთადერთი საშველი ისევ მეპოვნა. გავაცნობიერე თუ არა ეს გარემოება, თავში ფუტკრების ცეკვის გაბმული რიტუალივით აშლილი აპოკალიფსი სხვა დანარჩენ მიწიერ უბედურებასა და კაეშანთან ერთად წამში ჩაწყნარდა ჩემს სულში.

- არა, _ იყო ჩემი პასუხი და დასტურის ნიშნად, გამოვედი კიდეც ლიფტიდან პანდორას ყუთით ხელდამშვენებული, რომელშიც ჩარჩენილი იმედი,ცარიელი იმედი,ყველა საზრუნავის სამაგიერო,რაც ყველაზე დიდხანს ცოცხლობს , ჩემთვის ისევ ნათელ ფერებში აღუვდა.

ცუდად აღარ ვიყავი.

ყოველთვის,როცა სასწრაფო დახმარების სისწრაფეაკრეფილი ფურგონი ახლადგამოჩეკილი,მშიერი ბახალების გაბმული წივილ-კივილივით ხმაურიანად ჩამცდებოდა ხოლმე, მაშინ, როცა მე ტროტუარზე არხეინად დავაბიჯებდი, უფალს ურცხვად შევთხოვდი,რომ ავად გამხდარისთვის ცოტა კიდევ გაეხანგრძლივებინა მისი ჩრდილის დედამიწაზე მკვეთრად ასახვის შესაძლებლობა.

როცა ტიტე მოულოდნელად თავს წამადგა და ჩემივე მაგიდის მეორე ბოლოში ქარაფშუტობის გამომხატველი აზნექილი წარბებითა და ზერელე ადამიანის თავქარიანობის გამომსახველი ჰაერში გამოკიდებული ცხვირით მოხერხებულად მოკალათდა, გაუმჭვირვალე შავი აჩრდილი თმებიდან ჩამოცურებული თავშალივით ჩამისრიალდა ზურგის მთელს სიგრძეზე და ელდანაცემივით გამშორდა დიდ ხანს.

ახლა ჩემთვის უნდა ელოცა ვინმეს აუცილებლად.

- რამდენიმე დღის წინ ასეთი ქარიფანტია გამომეტყველება არ გქონდა , _ გავბრაზდი მის შეპარულ ღიმილზე. ჩემი სიტყვების გაგონებისას ალმაცერად გადმომხედა. საპასუხო გაკენწვლას ველოდი,მაგრამ გაღიზიანება სრულებით არ შეიტყო.

- რამდენიმე დღის წინ გადაწყვეტილი მქონდა, საერთოდ აღარ მენახე,მაგრამ აქ მხედავ.ხომ ასეა? _ თქვა და გაცოფებული ძაღლისაგან კბილგაკრულივით გააგდო ხელიდან წითელი საქაღალდე.

- ეს რაღაა?_მისი თავხედური საქციელისაგან გაგულისებულმა მხვახედ დავეკითხე.

- ცირა ქარცივაძე. დაბადებული 1997 წლის 16 ნოემბერს. იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსელი. უყურე შენ, მამის გზას გაჰყოლიხარ, _ შენიშნა თვითკმაყოფილებით აღსავსემ, _ შენი დოსიეს წაკითხვა ამ დილით უკვე მოვასწარი.

- დიდი ხანია შენობით მელაპარაკები? _ ყური არ ვუგდე მედიდურობით გაბერილ საუცხოო ხმას.

- საკმაოდ, _ დამიქნია თავი ბავშვური ღიმილით, _ ყველაზე მეტად თუ იცი რა მომეწონა შენი დოსიედან? მოიცადე,წაგიკითხავ , _საჩვენებელი თითი ჰაერში გააშეშა და ფურცლებიდან თავაუღებლივ , გამოკვეთილი და ხაზგასმული მეტყველებით განაგრძნო , _ დასაოჯახებელი.შვილები არ ჰყავს. უკვე რამდენიმე საათია ვფიქრობ, მაინც და მაინც რატომ მეგონა ,რომ გამოთაყვანებული ქმარი და ორი შვილი გყავდა? და მაინც, ვერაფრით ვიხსენებ.

- მთელი საღამო თავსლაფი უნდა მასხა ასეთი ქედმაღლური გამომეტყველებით? ან აქ რა ჯანდაბას აკეთებ ან ეს საქაღალდე რას ნიშნავს? _ ალაკრული სახით მივაშტერდი და სირცხვილისთვის უსირცხვილო მინდოდა ვყოფილიყავი იმ წამს, თუმცა ყველა ემოცია თვალებში ამომიჯდა მყისიერად.

- მაპატიე,დილეტანტივით მოვიქეცი. საკუთარი თავი უნდა წარმედგინა, პირველ რიგში. მე ხომ თქვენთვის არაფერს ვნიშნავ და აღარც გემახსოვრებით საერთოდ, _ წამში გაყიდა თავი.სიცილი ვერ შევიკავე,თუმცა მაინც ფიცხად განაგრძნო, _ საქართველოს საიდუმლო დაზვერვის სამსახურის თანამშრომელი ტიტე სანიკიძე გახლავართ.თქვენი დაცვა და დაკისრებული მისიისთვის მომზადება დღეს დილით დამავალეს. ჩემი მოვალეობაა გვერდიდან არ მოგშორდეთ და სიღმისეულად გაგაცნოთ საქმის სიტუაცია.

- არა, არ მჯერა, _ განცვიფრებისა და სიცილის მიმიკები ერთდროულად სინთეზირდა ჩემს სახეზე.

- მაგიურ ქალაქს ეძახიან პრაღას, ჯადოსნური ჩეხეთის მისნურ ბინადარს. რას გაიგებთ,რა აღარ შეიძლება მოხდეს აქ. ისე საცინრად საერთოდ არა გაქვს საქმე, _ პოეტურად წარმოთქვა მონოლოგი.

- ბენჟამინ ვილბერტი შენ ხარ?

- მე ვარ და თანაც,დღეისათვის საკმარისია. სახეზე ფერი არ გადევს.როგორც გავიგე ოცდაოთხ საათზე ბევრად მეტია გასული,რაც გული წაგივიდა ისევ. ჯობია გამოიძინო და ზეგ შევხვდებით,მაშინ აგიხსნი ყველაფერს.

- ქალებს ასეთ რამეს არ ეუბნებიან ხოლმე. "სახეზე ფერი არ გადევს ,ჯობია გამოიძინო" , _ გავაჯავრე ენის ჩლიფინით .კიდევ მინდოდა მასთან საუბარი.ის კი არა ჩახუტება მიღირდა ალბათ მთელ სიცოცხლედ. მან კი დიდი ფიქრის გარეშე გამომიცხადა "მხოლოდ მათ,ვინც მოსწონთო" და დასავლეთ ნახევარსფეროში გამოზრდილი ბელადონას ყვავილი შემატოვა ნერვებზე,თითქოს ბუნდოვანი ხედვით,ბოდვითა და ჰალუცინაციებით ამ შხამიან სიტყვებამდე ბევრად ადრე არ გამიჩერა გული.



№1  offline წევრი Lineta

მესამედ წავიკითხე :D
ორჯერ "იქ" და ერთხელ "აქ".
ხოოდააამმ
ვინნნ ხარ შეენ გამაგებინე რა?
ნუუ კი ვხვდები წინასწარ რომ ყბის დამჭერი უნდა ვიყიდო მაგრამ რა იყო ახლა ეს ჰაა? :D
არადა მეთქი ეს მოხდება ის მოხდება ამხელა ქალი ვვარაუდობ აქ და ამან რა გამიკეთა :D
სერიოზულად ძალიან მაგარი მწერალი ხარ, იდეალური სიტყავათა ჰარმონიით.
რომ ვერ გიტან ისედაც კი იცი მაგრამ მაინც ველოდები ახალ თავს ❤

 


№2  offline წევრი ჟიზელი

Lineta
მესამედ წავიკითხე :D
ორჯერ "იქ" და ერთხელ "აქ".
ხოოდააამმ
ვინნნ ხარ შეენ გამაგებინე რა?
ნუუ კი ვხვდები წინასწარ რომ ყბის დამჭერი უნდა ვიყიდო მაგრამ რა იყო ახლა ეს ჰაა? :D
არადა მეთქი ეს მოხდება ის მოხდება ამხელა ქალი ვვარაუდობ აქ და ამან რა გამიკეთა :D
სერიოზულად ძალიან მაგარი მწერალი ხარ, იდეალური სიტყავათა ჰარმონიით.
რომ ვერ გიტან ისედაც კი იცი მაგრამ მაინც ველოდები ახალ თავს ❤

"მწერალი" ხმამაღლა მოგივიდა შე ქალო,უფრო გულის ჭიის გამხარებელი :დდდ შენ მომდევნო თავი უნდა ნახო, ყბის ჩამოვარდნაზე მერე იღელვე :დ ვი არ ლაიქ "აი ჰეით იუ,აი ლავ იუ" :დ

 


№3  offline წევრი ჟიზელი

სალანდერი
დავიწყოთ იმით, რომ დიდებულად წერ.
სრული სერიოზულობით უდგები საკითხს, თემა, განვითარება, ლექსიკა, გრამატიკა, აი არ არსებობს თემა რომელშიც ვიტყვი რომ აქ ძალიან დაბლა ხარ.
ეს შენი აღწერები, ძალიან რეალისტური და დეტალურია.
იმდენად დეტალური რომ რამდენჯერმე ძალაუნებურად გამახსენდა "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" იქ არის ასე ლამაზად და დეტალურად გადმოცემული ყველა ნიუანსი.
მაგამ შენიშვნები მაქვს სულ სულ მცირე.
პირველ რიგში, მე ხო შენს ლექსიკაზე ვგიჟდები, მაგრამ ისტორიაში შენივე მოგონილ სიტყვებს ნუ გამოიყენებ მაინც და მაინც :დ მაგალითად: მჩხვლეკავი, ჩაგაშხვნან, დაჭონჭოხებული და ა.შ.
ასევე შევნიშნე არასაჭირო ხმოვნები რამდენიმე ადგილზე. მაგ. რომელიღაცა და ორიოდე კი არა, რომელიღაც და ორიოდ.
და კიდევ, რამდენიმე სიტყვის არასწორი გამოთქმა.
მიბრჯენილი არა, მიბჯენილი.
სიღმისეულად არა, სიღრმისეულად.
ფოკუზირდა არა, ფოკუსირდა.
ბოლო კაბა არა, ქვედა ბოლო უფფრო სწორია მგონია.
ხელებში ძალის ჩადგომას კიდე ხელებში ძალა მომეცა ჯობია, ჩადგომა რძის ვიცი ძუძუში და წყ"ლის ფილტვში :დ
და რაც მთავარია.
არავითარი ყრდა და ყრდიანი, ყდა და ყდიანი არის ეგ.
მოკლედ კარგი ხარ და გელოდები.
სამივე თავი აქ შევაჯამე ბარემ და მიტო ვიტლიკინე ამდენი :დ

ოჰო,რა მსუყე კომენტარია :დ აუ,ძალიან მიხარია ,რომ სტაბილურად ყველა მხრივ ვარ რაღაც დონეზე და ჩავარდნა არ მაქვს შენს თვალში.
უიჰ, ეს სიტყვების გამოგონებას რაც შეეხება, პრაქტიკაში მთელი ცხოვრებაა ვიყენებ, ანუ როგორც დედა და მამა ვიცი,ისე ეგ სიტყვები :დ მაგ : ჩხვლეკა ( მჩხვლეკავი ნემსი) , ჩაფშხვნა ( დაქუცმაცება) , ჭონჭოხი ( დაჭონჭოხებული,ჩაჟიებული,სველი ), თუმცა არასდროს მიფიქრია,რამდენად არაქართულია და ვეცდები გამოვასწორო :დ ყრდაზე რატო მეხი არ დამეცემა,ეგ მაინც ვიცი,რომ ყრდა არაა,ღმერთებო :დდ დანარჩენი ზოგი მექანიკური შეცდომაა,მაგრამ ზოგი ნამდვილი შეცდომა,თუმცა პრაქტიკა მოიტანს ალბათ, პირველი ნაწერია ეს ჩემი ^^
უღრმესი მადლობა, ვაფასებ ,რომ ზოგადად,ჯერ წაკითხვის,შემდეგ კი ასეთი საფუძვლიანი კომენტარის დაწერა მოგინდა ეშმაკო, სხვანაირად ვერ განვვითარდები,თუ შეცდომებზე არ მიმითითებენ ^^

 


№4  offline წევრი Kalina

ჟიზელ,
თითქოს იმდენად მაღალფარდოვნად წერ, მაგრამ მაინც წყალივით იკითხება:))
ძალიან, ძალიან მომწონს.
ნეტავ იცოდე, როგორ.
♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№5  offline წევრი ჟიზელი

უცნაური მე
ჟიზელ, რამდენიმე წუთია ვფიქრობ რა დაგიწერო.. მაგრამ სიტყვები არ მაქვს..
ძალიან მაგარი ხარ..
იცი რა ვიფიქრე? :დდ
რამდენიმე სიტყვა ისე მომწონს უნდა ამოვიწერო :დ
ისტორია ძალიან მომწონს ამ თავის უცნაურობებით და იდუმალებით..
ვეღარ ვითმენ ისე მინდა მომდევნო თავი..
ვეღარ გავიგე ტიტეს გამოჩენამ გახაროს თუ არა...
სასწრაფოდ ველი ახალ თავს ❤️

აუ ეს სიტყვები ან ბოლოს მომიღებს ან პირიქით :დდდ რა ვქნა, ამ სიტყვების გარეშე მე ხომ აღარ ვიქნები მე. აი, უზომოდ მადლიერი ვარ,რომ პირველი დღიდანვე აქ ხარ და მადლობა ასეთი სიტყვებისთვის ❤❤ ახალი თავი ხვალ ❤

მარიკუნაა♥️
ჟიზელ,
თითქოს იმდენად მაღალფარდოვნად წერ, მაგრამ მაინც წყალივით იკითხება:))
ძალიან, ძალიან მომწონს.
ნეტავ იცოდე, როგორ.
♥️

ხო, აი, ცოტა მეშინოდა,რომ ჩემი წერის სტილი მომაბეზრებელი იქნებოდა და უკანა პლანზე გადაწევდა იმ გრძნობებს,რაც ამ სიტყვებში ჩავდე ❤ თუმცა თუ წყალივით იკითხება მაინც,მაგას რა ჯობია. მადლობა,რომ მკითხულობ მარიკუნა ❤

 


№6  offline წევრი cida12

ძალიან კარგი ისტორიაა,ველოდები შემდეგ თავს <3

 


№7  offline ახალბედა მწერალი K. I.

ჯგუფშიც დაგიწერე და აქაც დავწერ. ჩემი ტვინის ყველა ხვეული "დანაღმულია" ინტერესით. laughing სად მიგყავს მკითხველი? ჟიზელ, მოგყვები და იმედები არ გამიცრუო.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№8  offline წევრი ჟიზელი

cida12
ძალიან კარგი ისტორიაა,ველოდები შემდეგ თავს <3

ახალი თავი დღეს ❤ მიხარია,რომ მომყვები ❤

ქეთი იმერლიშვილი
ჯგუფშიც დაგიწერე და აქაც დავწერ. ჩემი ტვინის ყველა ხვეული "დანაღმულია" ინტერესით. laughing სად მიგყავს მკითხველი? ჟიზელ, მოგყვები და იმედები არ გამიცრუო.

ჰაჰაჰა ❤ აი ,როგორ მომეწონა ეს ტვინის ხვეულების დანაღმვა :დ ❤ ვეცდები არ გაგიცრუო,თუმცა თუ ასე მოხდა, არაფერი დამიშავო ამ ყუყუტელა ბავშვს :დ

 


№9 სტუმარი სტუმარი მ ა რ ი ა მ ი

აუ რა ძააან არანორმალური ხარ და რა ძაან შემიყვარდი და რა ძააან მაგარი ისტორიაა და რა ძააან ინტრიგებში ვარ და რა ძააან გელოდები.
გიჟი ხარ,მიხარხარ ,შოკი მაქვს არ შეიმჩნიო. რააატომ არ გყავს მეტი მკითხველიი,რატოოოოოომ ?

 


№10  offline წევრი ჟიზელი

სტუმარი მ ა რ ი ა მ ი
აუ რა ძააან არანორმალური ხარ და რა ძაან შემიყვარდი და რა ძააან მაგარი ისტორიაა და რა ძააან ინტრიგებში ვარ და რა ძააან გელოდები.
გიჟი ხარ,მიხარხარ ,შოკი მაქვს არ შეიმჩნიო. რააატომ არ გყავს მეტი მკითხველიი,რატოოოოოომ ?

ვაიმეეეეე ❤ აი, არ ვიცი, გული გამისკდება ასე რომ მახარებ ❤ დიდი, უზომო,უსაზღვრო, უშველებელი მაადლობა ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent