დანაღმული ( მეექვსე ნაწილი )
მიწასა და ციურ სხეულებს შორის გამოკიდებული, ბამბის ქულების სამფლობელოდან გამოპარული თხევადი ბურთულები მომნუსხველი ქალის დიდრონი თვალებიდან ცრემლად ჩამოღვენთილი მაკიაჟივით ზანტად ჰპოვებდნენ გასაქანს დილის სუსხისაგან შეღონებულ ფანჯრის მინებზე,როცა შემეღვიძა. მხედველობა დამეწმინდა თუ არა გამოფხიზლებულს, ჩემი პატარა ოთახის სიფრიფანა ფარდებზე გადმოფენილ ჩრდილში მაშინვე ამოვიცანი ტიტე. ათასობით ნაბიჯგამორბენილი, სულის შეხუთვამდე ქანცგაცლილი კაცივით წელში მოხრილიყო და მუხლებზე ხელდაბრჯენილი კედელზე გამოკიდებული თაროებიდან ერთ-ერთს კინაღამ მთელი სახით მიჰკრობოდა,ცალი ხელით კი წიგნებს გადაღმა დიდი მონდომებით ეძებდა რაღაცას. შეამჩნია,რომ გამეღვიძა. - ძილში იმდენს იღიმოდი, აშკარაა,რომ გულში ბევრჯერ გამივლე,_ წელში გასწორებულმა ჩემი საწოლისკენ აიღო გეზი. სახე ისე უბრწყინავდა გაღიმებულს, თითქოს კილომეტრებზე გადაჭიმული ვენახის ყველაზე მშვენიერ ვაზზე ჩამწიფებული ყურძნის მარცვალი ყოფილიყო, ახლად ამოწვერილი ცეცხლოვანი ბურთი რომ ჩაებუდებინა მთელს შიგნეულობაში და ქარვისფრად აბრდღვიალებულს მასზევე ათამაშებული ათინათებით მოენუსხა მთელი გარემო.გეგონება, წყვდიადში პატარა ღრიჭოდან შემოღწეული მზის ფერადოვან სხივად გარდაიქმნა, მაგიური ძალა რომ ჩაჰბერეს შემოდგომის უხილავმა,ძლევამოსილმა ღმერთებმა. - მანდ რას ეძებდი? სხვის ნივთებში ხელების ფათური ცუდ მანერად ითვლება! _ შევუცაცხანე მოხუცი დედაკაცივით. - ვიღაც ძალიან საინტერესო ადამიანი ცხოვრობდა აქ შენამდე, _ ყურიც არ შეიბერტყა ჩემს სიტყვებზე და ძალიან,ძალიან ახლოს ჩამომიჯდა საწოლის კიდეზე. - რაც აქ ვარ , სულ ამ კედელს მივჩერებივარ. მგონი შემიყვარდა კიდეც მისი მფლობელი. - მართლა? მაინც როგორ შეგიყვარდა? _ გახარებულმა მკითხა. სიცილი რომ შეეკავებინა ტუჩებს სასაცილოდ კუმავდა და ამოპრეხილი წამწამებიდან ხალას,მერცხლებივით მზერას მახვევდა მთლიან სხეულზე. რაღაც უცნაური,სულ სხვანაირი იყო იმ დღეს. თითქოს საუკუნოვან ნახატს რესტავრაცია ჩაუტარესო. ან მისი შემხედვარე, მე მეჩვენებოდა მასში ყველაფერი არაამქვეყნიურად ლამაზი. თვალები უფრო მუქ მწვანედ შეეზილათ განახლებულ ტიტეზე და ალუბლები დაეჭყლითად ზედ მის ტუჩებზე. ისეთი ჩემი იყო, სხვასთან ვერ იქნებოდა ასეთი ლამაზი. სხვასთან ვერ იქნებოდა. - როგორ და ძალიან, _ ვუთხარი გულმოსულმა.მეგონა,ჩემი სიტყვები ნოებრის წვიმაში ჩაჟიებულის დაამსგავსებდა,თუმცა შევცდი , _ ყველაფერზე ეტყობა, რომ სწორედ ის ერთადერთი ვინმეა ბედისწერამ რომ ჩემთვის გააჩინა. - გეთანხმები, _ ნიკაპშეჭმუხნულმა შემომაპარა თანხმობა. - მართლა? - "ვხედავ, ყოველწამს ერთი სუნთქვით როგორ ვმოკლდები..." - რა? _გამიკვირდა გულწრფელად. - აგერ იქ წერია,_საჩვენებელი თითი გაიშვირა მოპირდაპირე მხარეს, _ ეს ფრაზა ამ წამს ძალიან მოუხდა ჩემს სიტუაციას. - ტიტე! _შევუბღვირე მაშინვე. - ეს ციტატა რომ მივაწერე ამ კედელზე, მაშინ არ ვიცოდი,ყოველწამს რამ შეიძლება გაგრძნობინოს,რომ სიკვდილისაკენ თითო ამოსუნთქვით მიიწევ,_ სახე მდინარეში დახავსებული ლოდის გადაგდებისაგან გაწბილებული ტალღებივით აემღვრა. ჭექა-ქუხილიანი ცასავით ღელავდა,მაგრამ მტკიცედ განაგრძო,_ ახლა ვიცი... უშენობამ. მხოლოდ უშენობამ და სხვა არაფერმა. - აქ როგორ?_ მხოლოდ ამის კითხვაღა შევძელი. - სტუდენტობისას, გაცვლითი პროგრამით ერთი წელი ვიცხოვრე ზემანების სახლში. სხვაგან სად უნდა დამესახლებინე პრაღაში ყოფნისას ,თუ არა აქ ?! ეს ოთახიც ჩემია და ყველაფერი, რაც ახლა აქ არის,საერთოდ ყველაფერი ჩემია,რომ იცოდე! _ სათქმელს მივუხვდი და ხმამაღლა გამეცინა. პატარა ბავშვს ჰგავდა, ყველა სათამაშოს რომ ჯიუტად იჩემებს და გულწრფელი სიბრაზით იცავს თავის ავლა-დიდებას,სხვამ რომ ვერავინ შეჰბედოს წაპოტინება. - ქარვას გიგავს სახე ,ტიტე. თაფლის წვეთებს გიგავს სახე, _ უნებურად წამოცდენილ სიტყვებსა და თავდაჯერებულ ხელებში მოვიქციე მისი განიერი ყბები და საჩვენებელი თითები წარბებს გადავატარე ისეთი სიფრთხილით,თითქოს მეშინოდა,არ გამქრალიყო ზედმეტი შეხებისაგან. ვეფერებოდი,სახეზე ვეფერებოდი და არ მჯეროდა,_ წვერიც რომ მზის სხივებივით რიჟა გაქვს და კანიც რომ მზეზე დაბრაწული ხორბლისფერი. ქარვას გავხარ ,ტიტე. - კიდევ მეტყვი,რომ ჩემი ბედისწერა არა ხარ? , _ ახლა მას გაეცინა ხმამაღლა, _ ქარვის წარმოშობაზე რამდენიმე ლეგენდაა ცნობილი ,_ჩემი სითამამით შეგულიანებულმა წამოიწყო, _ ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით,უძველეს დროში ორი მზე არსებობდა. მათგან ერთი ისეთი ვეებერთელა და მძიმე იყო,რომ ზეცამ ვეღარ დაიტია და ძირს,უკიდეგანო ზღვაში ჩავარდა. დღესაც კი, წითელი ზღვის ტალღებს ნატეხები სანაპიროზე გამოაქვს და ქარვის სახით ატოვებს ოქროსქვიშიან სანაპიროებს. ერთხელ ერთმა ვერცხლისფერ ფარჩაში გამოწყობილმა, უცნაურად მოხუცებულმა ბერძენმა ქალმა მითხრა, ცეცხლოვანი ქვით გაწყობილ სამკაულს სიხარული და სიმშვიდე მოაქვსო მფლობელისთვის .შემთხვევით არაა,რომ ბერძნები მზეს უკავშირებენ მის არსებობას, რადგან მფლობელს უსაზღვრო ენერგიას ჰმატებს ,_ აქამდე შეუმჩნევლად მოკუმული მუშტი გაშალა და ოქროსფერ ჯაჭვზე წამოცმული ქარვის ქვა დამანახა ხელის გულიდან,_ჩათვალე ,რომ ახლა შენი მზე დაგკიდე გულზე და იცოდე,რომ დღეიდან ყველაფრისგან,საერთოდ ყველაფრისგან დაგიცავს! ცრემლები წამომცვივდა. კისერზე დაკიდებულ თილისმაზე შერჩენილ მის ხელს დავებღაუჭე და გულიანად ავტირდი. ალბათ ასე ემართებათ ხოლმე ,როცა აცნობიერებენ ,რომ გულის გასკდომამდე უყვარდებათ ვიღაც. განა არ იყო აშკარა,რომ ჩემი მზე თავად ტიტე იყო? შენ ხარ ჩემი ქარვა ,ჩემი მზე და ჩემი თილისმა-მექთი,რომ ვუთხარი,თითქოს გულიდან რაც კი რამ ძვირფასი გამაჩნდა უყოყმანოდ ამოვტუმბე და ხელისგულზე ხანგრძლივ კოცნად დავუტოვე. - გიყვარვარ? _მკითხა გაფაციცებით. - მიყვარხარ ! _ ამოვისლუკუნე ბედნიერმა. გეგონება,შავაჩრდილოვანი უსახო ვყოფილიყავი "მოჩვენებებით გატაცებულიდან" და ათასი ხარახურისაგან დაცლილი, დავრჩენილიყავი მხოლოდ მე- ქალი,რომელსაც ტიტე სანიკიძე უყვარდა გულის გაჩერებამდე. დედამიწის გულზე უფრო მხურვალედ და გა-გი-ჟე-ბა-მდე. - მე კიდევ მარტო შენ კი არა ,ეგ შენი "ძალიან სიყვარულიც" მიყვარს უსაზღვროდ, _ ამოიჩურჩულა ჩემს სახესთან და ფართო მკლავებში ისე მომიქცია,როგორც მაშინ ფრენისას. მე მარტოსული აღარ ვიყავი. *** ხელები რომ შემიშვა,გეგონებოდა ახლად პირდაღებული ჭრილობიდან მკურნალი მალამო ამაფხიკესო ორლესული დანის ოსტატურად გალესი სქელი პირით. არ მინდოდა საამური სითბოს ხავერდოვან ქსოვილებში გახვეულს ჩემი თვალებისთვის მსუბუქად მაინც დამეძალებინა ტიტეს ღრმა გულიდან ამოხედვა ,მაგრამ სახლის მეორე სართულიდან მისის აგნესას გაბმული ძახილი, ჩემთვის გაურკვეველ ენაზე, არაფრით არ შეწყდა და ჩემი სითბო ფიზიკურად განმიდგა, სულიერად ათასგზის რეინკარნაციის მერეც კი ვერ ჩამომშორდებოდა ვერასდროს. - რას ამბობს? _ ვიკითხე გაგულისებულმა. - საუზმისთვის გვეძახის. მე დაბლა ჩავალ, ჩაიცვი და ჩამოდი. დროა ვისაუბროთ იმაზე ,რაც ჩვენს თავს ხდება, _ ისეთი სახით მითხრა, მუცელში ყველაფერი ერთიანად მოიდრიკა და მოიჯღანა. რომ ჩავედი და დიასახლისმა ჩემი ფორთოხლისფერი და უშველებელი ჩაის ფინჯანი გამოცლილი დაიგულა,მხოლოდ მაშინღა გაიხურა ჭაობისფერი მინებით მთელს სიგრძეზე მოპირკეთებული ხის კარი და ერთმანეთის პირისპირ დაგვტოვა. ტიტეს ბევრი აღარც უყოყმანია,მაშინვე საქმეზე გადავიდა. - ამ ზაფხულს , ივნისის თვის შუა რიცხვებში, თბილისის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ მოტელში სასტიკი მკვლელობა მოხდა. მსხვერპლს, ორმოცდაექვსი წლის ნელი რუხაძეს ოცდაცამეტი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მამაკაცმა,რომელიც გამოძიების შემდგომ დადგინდა,რომ დაზარალებულის საყვარელი, ოცდაშვიდი წლის ვინმე კარლო კლიმეინი იყო. ბრალდებული სასტუმროს დაცვის რამდენიმე ბიჭმა მკველობის ადგილზევე შეაკავა მანამდე,სანამ პოლიცია აღნიშნულ ადგილზე მივიდოდა. მამაკაცი დაკავების დღიდანვე ამტკიცებდა,რომ იგი მკვლელი არ იყო და მასზე ხელების შეწმენდა სურდათ,რადგან საჭირო დროს ,საჭირო ადგილას აღმოჩნდა. დანაშაულის ადგილზე ამოღებული ვერ იქნა მკველობის იარაღი. რამდენიმე საათში გამოძიებამ კარლო კლიმეინის ვინაობის გამოკვლევისას აღმოაჩინა , რომ იგი პრაღის ყოფილი მერის - ავგუსტ კლიმეინის ძმიშვილი იყო ,დედით ქართველი და საქართველოში ზაფხულის სამი თვის გატარებას აპირებდა ,უკან დასაბრუნებლად დაჯავშნილი ბილეთით თუ ვიმსჯელებდით. მამაკაცი დაკითხვის პროცესში საერთოდ არაფერზე საუბრობდა,გარდა იმისა,რომ ის მკვლელი არ იყო,თუმცა აბსოლუტურად ყველაფერი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. საქმის გამოძიებას საპროცესო განხრით სათავეში ჩაუდგა პროკურორი - ლაზარე ქარცივაძე. - მამაჩემი? _ წამოვიძახე სმენადქცეულმა. - მამაშენი, _თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია ტიტემ და დაძაბულობისაგან უფრო წინ წამოიხარა სკამიდან, _ რამდენიმე დღეც არ იყო გასული, ბატონმა ლაზარემ სუპერმარკეტიდან გამოსვლისას საკუთარ ავტომობილში ორი სახედაბურული,უცხო მამაკაცი რომ აღმოაჩინა. უცნობები ემუქრებოდნენ,რომ თუ კარლო კლიმეინზე სისხლისსამართლებრივ დევნას არ შეწყვეტდა,მაშინ მერი იზრუნებდა,რომ მის ერთადერთ ქალიშვილს დედამიწა ზედმეტად აღარ დაემძიმებინა.შვილი შვილის წილ. მკაფიოდ გააგებინეს,რომ თუ კარლო ჩაიძირებოდა,მაშინ შენც რაიმე დაგემართებოდა. ბატონი ლაზარე არ შეეგუა ამ მუქარას, ჩათვალა ,რომ ისეთი გარეწარი კაცი ,რომელმაც ქალი დანით ოცდაცამეტჯერ დაჩეხა, გარეთ ერთი წუთითაც არ უნდა გამოსულიყო და თავისუფლება აღარასდროს უნდა ჩაესუნთქა მისი დამპალი ფილტვებით. საბოლოოდ, დაახლოებით ათი დღის წინ, საქმის არსებითად განხილვაზე, კარლოს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბატონი ლაზარე მუქარის პირველივე წამიდან, საიდუმლო სამსახურის მეშვეობით, თვალყურს ადევნებდა მერის და მისი დამქაშების თითოეულ ნაბიჯს. ჯაშუშების წყალობით აღმოვაჩინეთ,რომ მკვლელობის იარაღი,რომელიც უკვალოდ გაქრა, სწორედ მერის ზედმეტსახელით ცნობილ ავგუსტ კლიმეინს აქვს და ზედ შენი თითის ანაბეჭდებია.მის ხელთაა ასევე შენივე საძინებლიდან აღებული პერანგი,რომელიც მსხვერლის სისხლით არის დალაქავებული. ეს ყველაფერი ,რა თქმა უნდა,მისი პროფესიონალი ხალხის და ჩვენს მართლმსაჯულებაში ვირთხების მომრავლების წყალობით. - ჩემთვის გადმობრალება უნდათ?_მაგიდის წვერს ჩავებღაუჭე უნებურად. მაშინღა გავაცნობიერე,რომ თავში ხელები წამეშინა.გეგონებოდა გამოუცდელი ქიმიკოსი ათასგვარი ხსნარის ერთმანეთთან შეზავებით დამანგრეველი ძალის აფეთქებებს აწყობდა პირდაპირ ჩემს ტვინში,თანაც ერთი მეორის მიყოლებით. - ასეა, _ დანანებული,სიყვარულიანი მზერა მომაპყრო ტიტემ, _ სავარაუდოდ იტყვიან,რომ შენ და კარლო..ხომ ხვდები, _ სახეზე შეეტყო,რომ სხვასთან ჩემი გააზრება ამ დროსაც კი ძალიან,ძალიან გაუჭირდა, _ იტყვიან,რომ შენ ღალატის ფონზე კარლოს საყვარელი მოკალი და დანაშაულის ადგილიდან მიიმალე. გავლენიანმა მამამ კი ყველაფერი გააკეთა იმისთვის,რომ ამ საქმიდან სუფთად გამოსულიყავი. კარლოს,იმ ცოფიან არაკაცს,როგორც გითხარი დაკითხვისას არაფერი უთქვამს,ფაქტობრივად პროცესზე თავიც კი არ დაიცვა,ამიტომ რასაც ეტყვიან მერის პირაქაფებული ადვოკატები,იმას იტყვის ახალი ჩვენებისას. - და მე რომ აქ ვარ? პრაღაში. აქ ,მაგ მერის ცხვირწინ. მე რა, სამუდამო პატიმრობას მომისჯიან იმისთვის,რაც ახლა მესმის პირველად? _ ჩემი პანიკა ,რომელსაც აქამდე მიწაზე მოვათრევდი, წამში ცას მისწვდა,ისე შემეშინდა. ტიტე ადგილიდან არ იძვროდა. მის თვალებშივე ვიგრძენი ,რომ სანერვიულო ჯერ-ჯერობით არაფერი უნდა მქონდა,მაგრამ თავი ვერაფრით გავაკონტროლე. - სწორედაც,აქ მის ცხვირწინ. მტერს ,რომ ყოველდღე თვალებში უყურებ,სწორედ მაშინ ვერ გამჩნევს, რაც არ უნდა გაცხარებული გეძებდეს. მერი უყაირათო კაცი არ გეგონოს. ეს ნივთმტკიცებულებები თავისივე სახლში,თავისივე კაბინეტში აქვს გამოკეტილი. სეიფი,სადაც ეს ნივთები ინახება , ორი ადამიანის თითის ანაბეჭდით იხსნება მხოლოდ. შენი და რა თქმა უნდა,მისი. სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც აქ ხარ. ყველაზე რთული საკითხი ისაა,რომ მოწყობილობა,რომელიც თითის ანაბეჭდს მოითხოვს, ცოცხალ ორგანიზმს აღიქვამს,რაც იმას ნიშნავს,რომ უშუალოდ შენ უნდა გახსნა სეიფი. - თავად მერი რომ დავაშატნაჟოთ? ვფიქრობ, იარაღის ლულის შუბლზე მიბჯენა, თავად ეშმაკსაც აიძულებს ის გააკეთოს,რაც ჩვენ გვინდა. - ასეთი გულუბრყვილობა არ გიხდება ცირა. ხომ გითხარი, იმ არაკაცს ყველაფერი შეიძლება უწოდო,მაგრამ სულელი ნამდვილად არ არის. თითის ბალიშს წამში ამოიწვავს,როგორც კი საფრთხეს იგრძნობს,თანაც გარშემო მთელი ბანდა ახვევია, ძნელია რომ ყელში წაუჭირო. - თუ ის მოწყობილობა ცოცხალ ორგანიზმს აღიქვამს,მაშინ ჩემი თითის ანაბეჭდი როგორღა დაამონტაჟეს?,_ კითხვას კითხვაზე ვაყრიდი ჩემს წინ ჩამომჯდარ საიდუმლო აგენტს,რომელიც წარმოდგენაც კი არ მქონდა,როგორ გაეხვა ამ ამბავში. - ველოდი ამ შეკითხვას როდის დამისვამდი, _ საქაღლდედან პოლაროიდით გადაღებული ფოტოები ხელის ერთი მოძრაობით ამოაძვრინა და ჩემ წინ სტაჟიანი მკითხავის მანევრით კარტის დასტასავით გადაშალა, _ აბა, შენ ის მითხარი, ეს ქალი თუ გეცნობა? - ეს ხომ...ღმერთო, ეს ხომ "ჟასმინის" მიმტანია? _ სასოწარკვეთილმა ამოვიტირე. ფოტოებიდან ყელგამოღადრული,უმოწყალოდ ნაცემი, ტალახში ამოსვრილი თაია მიმზერდა. ქალის მარჯვენა ხელზე ბასრი საგნით გარკვევით ამოეკაწრათ სიტყვები "აი,რა გელის". ფოტოზე დაწვეთებული ჩემი ცრემლები გამადიდებელი მინის როლს ითავსებდნენ და უფრო მეტად,მთელი სიძლიერით მაჯახებდნენ იმ რეალობასთან,სადაც მოკლული ქალის ხელზე ამოჭრილი მუქარის შემცველი სიტყვებით მაშინებდნენ, _ ჩემ გამო მოკლეს? მხოლოდ იმიტომ მოკლეს,რომ მე გამომელაპარაკა? - თაია თარხნიშვილი იმიტომ მოკვდა,რომ მათ სურდათ ასე და არც გაბედო საკუთარი თავის დადანაშაულება. იმ ღამით , მსხვერპლის მობილურიდან ბატონ ლაზარესთან შემოვიდა ზარი. შენ ურეკავდი, უთხარი ,რომ შენ თვალწინ ქალი მოკლეს და დახმარებას ითხოვდი. ადგილზე მისულებს,გონდაკარგული დაუხვდი,თავი და ბეჭი კედელზე მიჯახებისაგან მძიმედ გქონდა დაშავებული.შენი ორი მცველი,რომელიც მამაშენმა მოგიჩინა,ქუჩის კუთხეში ვიპოვეთ ერთმანეთზე მიბმულები. ვვარაუდობთ,რომ ეს ცირკი სწორედ შენი თითის ანაბეჭდის მოწყობილობაზე დასაფიქსირებლად დაიდგა. იქვე გამაფრთხილებელი გვამიც დაგვიტოვეს,რომ მივხვდეთ,არ ხუმრობენ. მეგონა გემახსოვრებოდა და მოგვიყვებოდი ყველაფერს,მაგრამ ვერაფერს იხსენებ. - თუ სწორედ მივხვდი...კი, მაგრამ მერის სახლში როგორ მოვხვდები ან უფრო მეტიც,კაბინეტთან როგორ მოვხვდები? - ამაზე უკვე დავიწყეთ ზრუნვა. ავგუსტ კლიმეინს ერთი მარჯვენა ხელი - ბობი დევონშირი ჰყავს.როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დევონშირი საბჭოთა კავშირის პერიოდში ბავშვთა სახლიდან აუყვანია მერს და ყველაფერი იმაზე მოწმობს,რომ ეს კაცი კარლოს და ბობის ერთმანეთისაგან არ ანსხვავებს.მაშასადამე ბობი ,ისევე როგორც კარლო, მის სახლში ცხოვრობს შვილის სტატუსით. თუმცა ამ ორს შორის ერთი განსხვავებაა. კარლო ლოთი,ნარკომანი,მფლანგველი და ჩამოყალიბებული *ლეა. აი, მერის შავ-ბნელ საქმეებს კი მეძებარი ძაღლივით გამოწვრთნილი დევონშირი აგვარებს და ალბათ ზედმეტმა ძალაუფლებამ მოიტანა ,რომ გიჟდება ქალებზე და განსაკუთრებით მათთვის იმ მდიდრული სახლის ჩვენებაზე ,რომელიც მას იდეაშიც კი არ ეკუთვნის. - მე რა, ეს დევონშირი უნდა შევაბა?_შევიცხადე მთელი მონდომებით. - ამას მთლად შებმასაც ვერ დავარქმევდი, _ თავი ჩახარა ტიტემ. - კი,მაგრამ... არ შემიძლია, მე ვინ უნდა მოვხიბლო? სხვა ქალი,ვინმე თქვენი საიდუმლო აგენტი უნდა მიგეგზავნათ მისთვის, _ბოლომდე არ ვიტეხდი იხტიბარს.თანაც ვერაფრით ვხვდებოდი , რატომ არ დაავალეს ეს ყველაფერი გამოცდილ თანამშრომელს. ჩემი გაშიფვრა ხომ ისეთივე ადვილი იყო,როგორც ერთუცნობიანი განტოლების. - ჯერ ერთი, შენზე უკეთესი ქალი მსოფლიოში არ დადის და მერე მეორეც,რაც უფრო ვართულებთ,მით უფრო მეტად მივიწევთ დამარცხებისაკენ,როგორ არ გესმის? ის თითსაც ვერ დაგაკარებს ცირა,მე აქ რისთვის ვარ, შენი აზრით? - კარგი,მჯერა შენი ,_ დანებების ნიშნად მკრთალად ამოვიოხრე და დამამშვიდებლად გავუღიმე ტიტეს. მახსოვდა, ჩემი ქარვის თილისმა ჩემთან ერთად რომ იყო, _ თუმცა დევონშირი თუ მერის მარჯვენა ხელია, რაც არ უნდა ოსტატურად შევიცვალო გარეგნობა,მაინც მიცნობს,ასე არა? - კიდევ არის ორი მნიშვნელოვანი დეტალი ,რაც არ მითქვამს, _ ღრმად ამოისუნთა თითქმის ბოლოში გასულმა, _ ბობი დევონშირი ქართველია. ყოველ შემთხვევაში , ავგუსტ კლიმეინმა საქართველოში ყოფნისას იშვილა. კარლო და ბობი ძმებივით იზრდებოდნენ. დევონშირი მისი გულისთვის ყველაფერზეა წამსვლელი,ვვარაუდობთ,რომ თაიაც სწორედ მისი ხელით გამოემშვიდობა სიცოხლეს. - ყველაფერზეა წამსვლელი. მაგალითად , თუ გაიგო ვინც ვარ, წამებში გამომღადრავს ყელს , _ ცინიკური გამომეტყველება ტკიპასავით ავიკარი კანზე,თითქოს ყველაფერი რაც ხდებოდა, საერთოდ არ იყო წუმპიდან ჩემს ამოსათრევად. - არ დამისრულებია. იმ ბავშვთა სახლს მივაგენით,სადაც დევონშირი ცხრა წლამდე იზრდებოდა. მოვიძიეთ მისი აღმზრდელი,რომელმაც გაიხსენა,რომ ბავშვი სახელად ბაკურ კურცხალია,აწ უკვე ბობი დევონშირი ძალიან უცნაური იყო პატარაობიდანვე და ერთადერთი გოგონა,ვისთანაც მეგობროდა,მისივე ასაკის ვინმე ალინა ამხსოევა ყოფილა. აბსოულუტურად ყველაფერი,რაც კი მათგან გავიგეთ ამ კაცზე , ზეპირად უნდა ისწავლო. როგორც იტყვიან ხოლმე,მძინარე რომ გაგაღვიძო,არაფერი უნდა შეგეშელოს. - კარგი. ამ ყველაფერს როგორმე გავიაზრებ,მაგრამ ჩემს სახეს რას ვუშვრებით? ალბათ მთელი ბანდა ჩემს ფოტოს დაატარებს გულის ჯიბით,_ გახუნრება ვცადე,თუმცა უხეიროდ. - ახლა რასაც გეტყვი, შენს იღბლიანობას უნდა მივაწეროთ და მეტს არაფერს. მაგ ქოფაკმა თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს ინფარქტი მიიღო ნახევარი წლის წინ,რამაც პროზოპაგნოზიის სინდრომით დაავადა და ამას თუ დავუმატებთ ქრონიკულ შიზოფრენიას,რომელითაც ბავშვობიდან იტანჯება , შეგვიძლია დავასკვნათ,რომ მაგ ს*რს ყველა სახე ერთმანეთში ერევა. მხოლოდ ახლობლებს ანსხვავებს უცხოებისგან,ისიც ხმის ტემრით. ალინას დაყოლიება ,რომ ყველაფერი მოეყოლა ამ შეშლი ფსიქოპატის შესახებ, ჩემთვის მარტივი აღმოჩნდა. ამ ყველაფერს თუ შევაჯამებთ, აბა თუ გამოიცნობ შენ რა გევალება? - მე ალინა ამხსოევა უნდა გავხდე, _ამის წარმოდგენისაგან გულგაწვრილებულმა ამოვიქშინე და წუთით შოკირებული სახე ხელებში მივმალე,რომ გონზე მოვსულიყავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.