დანაღმული (მერვე ნაწილი)
სადღაც, შუა ზღვაში, ცამ თვალის უპეები ერთიანად გადმოხსნა და რაც კი რამ შეეკოწიწებინა დღეების განმავლობაში, ერთი აჟიოტაჟითა და წეწვა-გლეჯვით გაანჩხლებულ, კიდეებად აზვირთებულ ტალღებს დასცა ღვარცოფებად. - ხრწნაშეპარული მომავალი, ბნელი წარსულის ხვრელებით ჩასიებული გულის კედლები. შენი სახელის კითხვაც კი არ მჭირდება უდღეურო,ცოტას თუ ექნება სიბერეში ბოლო წვეთამდის გამოწოვილი ბედნირება, _ არაბუნებრივ სიჩუმესა და სიბნელეში ყინულივით გაისხიპა სასიამოვნო ხმის ტემბრი. - მომეცი უფლება მოგიახლოვდე, მინდა შეგეხო,_ბუნებრივად,მკვეთრი ნახტომის გარეშე გავეპასუხე კვარცხლბეკზე წამომდგარ,რუხი ფერის ქანდაკებას და ზედ მის ფეხებთან ხელახლა წავიდუდუნე სასოწარკვეთილმა,- მინდა შეგეხო და სურვილი ჩავუთქვა,ვიცი აუცილებლად ამისრულებ. - გულის სიღრმეში, მშვენივრად უწყი, მოკვდავო,რომ საეპისკოპოს ერთი ჩვეულებრივი მოძღვარი ვერ შეცვლის ღმერთის განგებას,_სუსხი შთაბერა უმალ ჩემს ქვეცნობიერში ამოღეღილმა აჩრდილმა ჩემსავე სულს. - ესაა შენი სიდიადე,იან ნეპომუცკი? აი,ბედის ირონია! ფრიად განსწავლული ღვთისმსახური ვაცლავის დედოფალზე ნაკლებ თანაგრძნობას უწილადებს ჩემნაირ უბედურ ვარსკვლავზე დაბადებულს. ჩვენ ხომ ყველანი თანასწორნი ვართ, _სიკვდილმისჯილი ტუსაღის ბოლო ამოკვნესილ აგრესიას წააგავდა იმ წუთას ჩემი ალმოდებული ღრიალი. - განგებამ ეს ბედი გარგუნა, ბეჩავო,_ უტყვი ცხოველივით უმალ გამეპასუხა ზურგშექცევით დაღონებული ქვადქცეული ლაბადიანი და ის იყო უიმედო ბზარებად დამეხლიჩა შიგნეულობა,რომ გამთენიისას, ქარიშხლიანი ტალკვესივით შემოქანდა ტიტეს საძინებელ ოთახში მისის აგნესა და სიზმრიდან უზადო სისწრაფით გამომტყორცა ზათქით დახურული კარის ჭახანმა. - Bagrat nam dal znameni ! _ რამდენჯერმე დასჭექა უმალ და ჩინებულად უგულებელყო ერთმანეთზე აკრული ორი ნამძინარევი სხეულის დაუდეგარი მზერა. - ფუ , შენი !_ მკვახედ შეიკურთხა სანიკიძემ,როგორცვე ქალის სიტყვები მის ყურთასმენას მისწვდა და სინათლის სისწრაფით ეცა ვიწრო ფანჯარას ,- უხ, მე ამის ! სწრაფად ჩაიცვი,გავდივართ! - ასეთი რა გითხრა მისის აგნესამ? მოგვაგნეს? _ არაადეკვატური სიმშვიდით ვიკითხე. - ბაგრატმა მოპირდაპირე სახლის აივანზე ჩეხეთის დროშა გამოჰკიდა,რაც იმას ნიშნავს,რომ ცუდი ამბავი აქვს ჩვენთის. შეტყობინება აქვე,ჯონ ლენონის კედელზე,წინასწარ მორიგებულ ადგილას დამიტოვა. ჩემთან ერთად წამოხვალ. რადგან სიტუაცია გაუარესდა,მარტო ვერ დაგტოვებ,_ ჯარასავით ტრიალებდა მთელს ოთახში და წამდაუწუმ ჩეხურად მოლაპარაკე მისის აგნესას მოკლე-მოკლე, ჩემგან გაუგებარ პასუხებს აძლევდა იმავე ენაზე. მივაბიჯებდი ჟინიანად დაზაფრული, სასიკვდილო მოლოდინს წაპოტინებული,უსუსურად ქცეული არსება და რაც კი რამ მშვენებით სავსე კადრი მხვდებოდა იმ წამს თვალში, ჩემ წინ ახირებული სწრაფი ნაბიჯით მიმავალი ადამიანის ზურგზე მიშტერებულს, ყველაფერს ჩემს საუკუნოვან,სიძველისაგან გახეხილ, ფოტოაპარად ქცეულ მეხსირებაში ვჩურთავდი ხარბად,რომ როცა ჟამი დადგებოდა, მათ თვალიერებაში შექცეულს დამელია უხიაგი სული. ძვლებში მამტვრევდა იმის წარმოდგენა,რომ შეიძლებოდა, საბჭოთა კავშირის დროინდელი სამრეწველო ქარხნებითან ნოტიო,შავ-შავ კვამლებად გამონაბოლქვ დარიშხანს ჩაესვენებინა ტიტეს მზეც. რამდენიმე ათეული წუთის შემდეგ, ცენტრალურ პრაღაში , მალა-სტრანის მხარეს ამოვყავით თავი და ტიტეს თქმით,კამპას ხელოვნური კუნძულისაკენ ყველაზე მარტივი გზით ავიღეთ გეზი. ჩარლზის ხიდი "ოლდ თაუნის" მხრიდან "ლესერ თაუნის" მიმართულებით გადავჭერით უმალ და გავუსწორდით თუ არა ჩვენს მარცხენა მხარეს გაშენებული მოედნის კიდეს, დაღმართზე სულმოუთქმელად დავეშვით ისე,რომ "ნა კამპეს" მთელი სიზუსტის დაცვით მწკრივზე ჩალაგებული ხეების მოედანი თვალსაწიერიდან არ დაგვკარგოდა. - ისეთი სახე გაქვს,გეგონება აზკაბანის დემენტორები დაგესხნენ თავს. ხომ გითხარი, ნუ ინერვიულებ. ჩვენთვის რომ მოეგნოთ, ბაგრატი დროშას კი არ დაუწყებდა ფრიალს,პირდაპირ სახლში შემოგვივარდებოდა, _ კარგა ხნის დაკვირვების შემდეგ, ქუჩის კუთხესთან ჩაშენებულ ყვავილების ორანჟერეასთან შემაჩერა სანიკიძემ და გულში საწნახელიდან ჩამორაკრაკებული ბადაგივით ჩამიკრა. - თუ ასეა, ჩემს პატრონუსს შენი ფორმა აქვს, ტიტე. სწორედ შენ ხარ ჩემი ერთადერთი დადებითი ემოცია. - ხოდა სანამ შენთან ვარ, ის ბრმა მახინჯები ვერაფერს დაგიშავებენ, _ ყურზე ყინვაშეპარული თმის ღერები გადამიწია და მაღლა აიხედა,_ ნახე, ჩვენს თავზე დეკემბერა ყვავილებია გადმოშლილი. გამიგია, თუ მის ქვეშ დადექი, ყველაფერი შესანიშნავად იქნებაო! - უჰ, რა მასხარა ხარ, სანიკიძე! _ გამეცინა იმ წამს მოფიქრებული ტყუილის თქმისას მისი ათამაშებული წარბების შემხედვარეს. ერთჯერადი პოლიეთინის პარკივით ადვილად დასახევი ნერვები,ისევ მოითენთა მისი წყალობით. - წამოდი ახლა, სულ რაღაც ოციოდე ნაბიჯიც და გავიგებთ რა ხდება, _ კუთხეს მოვცილდით თუ არა, სანახაობისგან ყბა ჩამომვარდა. ცისარტყელებიან მშვიდობასა და ჭკუიდანშემშლელ სიყვარულზე მოლაპარაკე,ერთფეროვნებისგან ძალიან შორს მყოფ ლენონის კედელს მივაჩერდი მონუსხული. "ბითლზის" სიმღერებიდან ამოკრეფილი სიტყვები კარლის ხიდის სიახლოვეს პოლიციასა და ჩეხ მეამბოხე ახალგაზრდებს შორის შეტაკების თითოეულ დეტალსაც კი დაწვრილმანებით, თბილი წინდასავით მიქსოვდნენ გონებაში. ეს იყო სოციალური და პოლიტიკური შეტყობინებების გადასაცემად , პროტესტის გამოსახატავად შემუშავებული წმინდა სისხლის ანშლაგი. ახალგაზრდობის თვითგამოხატვის უზადო იერსახე. - ამ დომხალში რა უნდა იპოვო,კი მაგრამ?_ თითები შემოვატარე ავანგარდული როკის მიმდევარი ლივერპულელის მრგვალი ფორმის სათვალის სალტეებს. - ჩვენს კვალს დასდგომიან ეს დედა ნატირები აბრაგები!_ გეგონებოდა სანიკიძეს საფეთქლებმა არითმია აიკიდესო, სისხლძარღვის კედლის პერიოდული გაფართოების რიტმმა პიკს მიაღზია. - მეტი ემოციური გამტარობა აღარ მაქვს,_ აღელვებისაგან ბრონქები შემივიწროვდა. ქოშინი და ხველა ამიტყდა ახალი ინფორმაციის მოსმენისას. - ჰეი,_ ჯავრი ჩაუდგა წარბებში,_ახლა მინდა,რომ კედელს შეხედო და პირველი რაც თვალში მოგხვდება,ხმამაღლა,გარკვევით წაიკითხო. ნუ მიყურებ ასე, წაიკითხე-მეთქი,_დაიზრიალა მომთხოვნმა ხმამ. - "მე მჯერა ყველაფრის, სანამ საწინააღმდეგოში არ დავრწმუნდები. ამიტომ მე მჯერა ფერიების, მითების, დრაკონების. ეს ყველაფერი არსებობს, მაშინაც კი, თუ ისინი მხოლოდ ჩვენს გონებაშია. ვინ თქვა, რომ სიზმრები და კოშმარები არ არიან ისეთივე რეალურნი, როგორი რეალობაც ახლა და აქ არის?" - კარგი. ახლა დაფიქრდი და მითხარი,რა აზრის ხარ მის სიტყვებზე?_ხელებში მოიქცია ჩემი მთრთოლავი სახე და საკონტროლო გასროლასავით,კიდევ ერთხელ,უფრო მკაცრად გამიმეორა შეკითხვა. - თუ მას დავუჯერებთ,შენ ნამდვილად ჩემი პატრონუსი ყოფილხარ!_კარგად ვხვდებოდი,ჩემი გადახურებული გონების გაგრილებას ცდილობდა,ამიტომ უყოყმანოდ ავყევი ნაძლადევად წამოწყებულ თამაშში. - შემდეგი ფრაზა ამოიკითხე,სწრაფად! - "საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება. თუ კარგად არაფერია,მაშინ ეს დასასრული არ არის."_ ჯონის მთლად შავი "მინი კუპერის" სახურავზე წაეწერა ვიღაც მხატვრული კალიგრაფიის მქონეს ეს წინადადება. - ყველაფერი ნამდვილად არაჩვეულებრივად იქნება! ჩემი თუ არ გჯერა , ბრიტანული იმპერიის ორდენის მფლობელს მაინც დაუჯერე,ადამიანო!_ დანავლებული დაიგულა თუ არა ჩემი პანიკა,მოწყვეტით მაკოცა რამდენჯერმე, _ იცი რა? ჩვენი ერთად ყოფნის მთელი სამი დღის თავი უნდა აღვნიშნოთ,ამიტომ ისეთ რამეს გეტყვი,რაც ამდენ ხნიანი ურთერთობის შემდეგ აუცილებლად უნდა იცოდე ჩემზე,_ ოხუნჯობა წამოიწყო. წამით ისიც კი გავიფიქრე, სანიკიძე დროშა რომ ყოფილიყო,უთუოდ "მხიარული როჯერი" იქნებოდა-მეთქი,რომელსაც აბორდაჟის დაწყების წინ აღმართავდნენ ხოლმე მეკობრეები მოწინააღმდეგეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით. - მაინც რა უნდა მითხრა,სანიკიძე?_თვალები მოვწკურე მოსალოდნელი ეჭვინობის მოლოდინში. - რა და ჩემი ნამდვილი სახელი ტიტე არ არის,_გამეპასუხა უდარდელად და დალანდა თუ არა ჩემი ცხვირჩამოშვებული სახე,გულწრფელი ხარხარით დაამატა,_ რეალურად ტიციანი მქვია,_ამის გაგონებისას უსაშველო სიცილი ამიტყდა. იმდენი ვიცინე,იმდენად ბევრი და იმდენად უსაშველოდ ვიცინე,რომ ბედნიერი მიმიკა ცრემლებში გადამეზარდა. მისი ცდის მიუხედავად, მაინც აბეზარი ბავშვით ავტირდი,უაზრო ამბავზე რომ გაიჭაჭება და ჩაბჟირდება ხოლმე. - ღმერთო,ერთი ვეებერთელა წყალსაცავი ხარ! დედამიწაზე რაც კი რამ ატმოსფერული ნალექი და ნიადაგქვეშა წყალია,მგონი ყველა შენში ჩაგროვდა. აბა , ისე ვერ ვხსნი, ამდენი ცრემლი საიდან მოგაქვს,_ მწარედ ამოიგმინა და თავზე კატაბალახას ნაყენივით ჩამომეღვარა მისი გაშლილი ხელის გული. - ვიცი,კარგად ვიცი, მოთქმა-გოდების უფლება არ მაქვს! - ნახე,ამ გულამოსკვნილი ტირილისაგან თვალები როგორ დაგისივდა,_ტკბილი კოცნებით დაუღალავად მიწამლა დაღუდუდებული ქუთუთოები,_უბრალოდ მინდა, ერთი რამ გაიაზრო. წყალსაცავი მნიშნველოვნად ცვლის მდინარის ხეობის ლანდშაფტს. იტბორება და ირეცხება მის ნაპირებთან მომიჯნავე მიწები. მე კი ერთხელ გითხარი,ჩემი მდინარე შენში მიედინება-მეთქი. თუ წყალს დაიგუბებ,იცოდე,რომ სხვა ყველაფერთან ერთად მეც წამლეკავ. - თავს ხელში ავიყვან, შენს თავს გეფიცები!_ ხელახლა გამოჩხრეკილი სიმტკიცე დავუბრუნე ჩემს იოგებს, თითქოს ყელის მწვავე ჩირქოვანი ანთება სასწაულებრივად განვკურნე. - კარგი,ახლა ჩვენს მთავარ შტაბში მივდივართ. ბიჭები საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნაში არიან,_ მითხრა მას შემდეგ,რაც ჩეხური კრონებით პრაღის სიმბოლოდ ქცეული ძველი ტრამვაის “ტატრას” ბილეთები იყიდა და სკამზე ჩამომჯდარმა,გრძელი წამწამები ჩემს მხარს მიასვენა, თუმცა განცხრომასა და ნეტარებაში ყოფნა დიდ ხანს არ დასცალდა,რადგან ვლტავის ნაკადებში ხელოვნურად დაშენებული კუნძული მომცრო ფორმის ოაზის წააგავდა და სიგრძე-სიგანეში სულაც არ იყო უშველებელი. - აი,მოვედით. კამპის კუნძულის ხუთასმეერთე შენობა,რომელიც უამრავ მნიშვნელოვან პიროვნებს იფარებდა საკუთარ იდუმალ კედლებში. წარსულში, თავის აყვავებულ ატმოსფეროში უამრავი სადღესასწაულო შეკრების მასპინძელი , ახლა ჩვენ გვიწვდის დახმარების ხელს,_ ჩვენ წინ სადა არქიტექტურაში გადაწყვეტილი, უმნიშვნელო ზომის კრემისფერი შენობა აყუდებულიყო მედგრად,რომელიც წლების მანძილზე მუდმივ გამოფენებს, თეატრალურ წარმოდგენებს, კონცერტებს, დისკუსიებსა და შემოქმედებითი სემინარების ფართო სპექტრს სთავაზობდა ისპირაციით განმსჭვალულ სტუმრებს. - ერთ რამეზე ვფიქრობ რა ხანია და ვერაფრით გამიგია,ტიტე,_ დაუყოვნებლივ ვიკითხე,როცა კართან შემდგარმა ჩვენკენ მომავალი ახალგაზრდა კაცი დავლანდე, _ ბევრი მსმენია ვერიჩის ვილაზე. ყოველღდე ზღვა მნახველი აწყდება აქაურობას,რომ დაუვიწყარი ფრონტის მოგონებები მოდერნული ფორმით იხილონ , თავისუფალი თეატრის მოღვაწეობას გულისყურით გაეცნონ ან კიდევ უფრო მეტიც,იცეკვონ და უსმინონ ჯეისკის უკვდავ მუსიკას. ვერ ვხვდები აქ, ჩეხეთის რესპუბლიკის უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ცენტრში , ქართველმა საიდუმლო სამსახურის აგენტებმა შტაბი როგორ მოაწყვეთ ან ჩეხეთის მთავრობამ როგორ ვერ შეგამჩნიათ აქამდე? - ნამდვილად დროული კითხვაა, ქალბატონო ცირა,_ ჩვენს კამპანიაში ახლად შემოერთებულმა ცილინდრის ქუდიანმა ხელი დამავლო და ფართო დერეფანს შენობის სიგრილეშეპარული სიღრმისკენ ჩემთან ერთად შეუყვა. ხასიათზე საეჭვოდ მოსული ტიტე ორიოდე ნაბიჯით უკან ჩუმი ნაბიჯით მოგვდევდა, _ ავგუსტ კლიმეინმა და მაგისმა ღრჯუ ჯიშის შთამომავლობამ, კოკაინის გორებში თავაშვებული ბანაობის პარალელურად, ორივე ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსს ყველაზე ძვირადღირებული ბულდოზერით გადაუარა,თანაც თითის გაუნძრევლად . სწორად გამიგე, შენ კი ძვირფასი ხარ ჩემი ძმისთვის და მამაშენიც ჩვენი უშიშროების მინისტრის ძმადნაფიცია,მაგრამ აქ უფრო დიდ რამესთან გვაქვს საქმე, ვიდრე ეს შენი ლამაზი თავის ციხეში ჩაყუდებაა. ფაქტობრივად, ორი ქვეყანა გაერთიანდა,რომ ეგ სარეველები ჩვენი მიწებიდან ამოვძირკვოთ. ესე იგი,მაგათი საქმე გლახად რომ არის,მაგას წყალი არ გაუვა. ხო,მართლა, _ნაცნობი ონავრობით გაჟღენთილი ღიმილით შემომცინა,_ მე გატო ვარ, გატო სანიკიძე. ამ მაღალი,სიმპათიური,მხარბეჭიანი ახალგაზრდას წითური,გაჩხიკული,თუმცა უნდა ვაღიაროთ, უფრო ნიჭიერი ტყუპისცალი. - ესე იგი, გატო,_ისეთი სიცილი წამსკდა, გულ-მკერდსა და მუცელს შორის დიაფრაგმა საცოდავად შეიკუმშა და შემაწუხებელი სლოკინით ამოვიხითხითე,_ გატო ანუ გალაკტიონი? - ყველაფერი ჩვენი ბებიის ბრალია, _ სიცილში ამყვა ტიტეც, _ ჩვენი ოჯახი გალაკტიონისა და ტიციანის დის - კალენიკეს პირდაპირი შთამომავალია. რომ დავბადებულვართ, უკვე ღრმად მოხუცებულს დაუჩემებია, ღვთიური ნიშანია ორნი რომ არიან და თუ ამ სახელებს არ დაარქმევთ, ჩემი ხსენება გაწყდება თქვენს ოჯახშიო. - ხო და კიდევ, ქალებად რომ დავბადებულიყავით, ეს ტერეზა იქნებოდა,მე კალენიკე,_ სიცილის მიზეზი არ დაგვაკლო წითურმა, თავად რომ დუმბაძის ილარიონივით იჭაჭებოდა და ყოველი ახალი მხიარული ტალღის წამოვლისას, გაუჩერებლად უწონებდა მის ძმას არჩევანს. -სიცილი კარგია,მეგობრებო, სიცოცხლეს ახანგრძლივებსო, გამიგია,მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ცხოვრებას ამ ფანდით ვერ მოვატყუებთ,_კარის ზღურბლზე წელში გაჭიმული ბადრი შეჩერდა ,უკან კიდევ რამდენიმე,ერთნაირ შავ ტანისამოსში გამოწყობილი კაცი შემოსდგომოდა,თითქოს ზურგს უმაგრებენო თანამებრძოლს,- მიხარია შენი ნახვა , ცირა, თუმცა ამდენი ხნის შემდეგ, ისეთი ამბავით მიწევს შენი დახვედრა, შენ უთუოდ დასწყევლი ამ მომენტს. მამაშენი წინააღმდეგი იყო,რომ შენთვის მეთქვა,მაგრამ ვფიქრობ,იმსახურებ იცოდე,რომ საქართველოდან ცუდი ამბები ჩამოვიდა . |
ქუთუთოები მდინარე დაღუდუდებული იტბორება ყველაფერთან მომიჯნავე მიწამლა თუ ნაპირებთან დაუღალავად მდინარის
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.