შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემდეგ ჰელოუინამდე [1ლი ნაწილი]


31-10-2018, 01:35
ავტორი melanqoliki
ნანახია 1 604

უკვე ბინდდებოდა, როცა უნივერსიტეტიდან გამოვედი და მთავარ ქუჩაზე ჩასასვლელ გზას დავადექი.
_ ელენე _ მომესმა ჩემი ჯგუფელის ხმა.
_ ელენე _ კიდევ ერთხელ გავიგონე ჩემი სახელი, მაგრამ არ შევიმჩნიე, თავზე უზარმაზარი ჟაკეტის ქუდი წამოვიმხე და ქუჩას აჩქარებით გავუყევი.
ერთი სული მქონდა, სახლში როდის მივიდოდი და საშინლად არ მინდოდა კურსელებთან ერთად, ათასი ჭორისა და სისულელის მოსმენა, მითუმეტეს მათი განხილვა. ბოლო პერიოდში საშინელ დეპრესიაში ვიყავი და ხშირად, უბრალო ხალხმრავლობაც კი მაღიზიანებდა.
სწრაფად კი არ მივდიოდი, მგონი მივრბოდი. ხასიათის ამგვარი ცვალებადობა
უკვე პარანოიაში გადამდიოდა. ფოთლები_ მათზე დაბიჯებისას, შრაშუნის ხმა მსიამოვნებდა და ფერების ცვლილება, ფერად ხალიჩას ქმნიდა, რომელზეც სწრაფად გავრბოდი.
_ მგონი, ხალხს კი არა, შენს თავს გაურბიხარ _ ცენტრალურ ქუჩაზე გასულმა ღრმად ამოვისუნთქე, ნაბიჯი შევანელე და საკუთარ თავთან დისკუსიაში ჩავები.
_ ოჰ, გაიღვიძა დიდმა ფსიქოლოგმა, რაო, განათლების შემდეგ საფეხურზე ავედით და ფსიქოანალიზს ვაწვებითო? _ ჩამეღიმა და გაჩერებისკენ წავედი.
_ ამხელა ფსიქოლოგი ქალი ხარ და რაღაც ბანალური დეპრესიიდანაც კი ვერ გამოგიყვანია საკუთარი თავი.
_ ჯერ მხოლოდ მეორე კურსზე ვარ და საიდან მოიტანე, რომ არ შემიძლია ასე ვიყო? რა, ფსიქოლოგებს არ აწუხებთ დეპრესია? არ უნდებათ, ყველასა და ყველაფერს გაექცნენ? _ ჩემ თავს ბუტბუტით გავუბრაზდი, კაპიუშონიდან ცერად გავიხედე, რომელიმე ნაცნობი ხომ არ დამემგზავრება_თქო და გაჩერებულ ავტობუსში ავედი. ვაცნობიერებდი, რომ ნამეტანი მომდიოდა. თითქოს, თავს ფილმის პერსონაჟად ვიაზრებდი. იმ ფილმის მთავარი გმირი ვხდებოდი, რომელშიც მელანქოლიით შეპყრობილი სიმპათიური გარეგნობის გოგონა, ზღვარს იქით იყო და ხალხმრავლობაში საკუთარ თავსაც კი ელაპარაკებოდა. ჩემ თავს იმაში ვიჭერდი, რომ ეს ყველაფერი რომანტიკულად მეჩვენებოდა და ვხვდებოდი_ შორს შემეტოპა. იმ შორეთში შეიძლება, უკან დასაბრუნებელი გზაც აღარ ყოფილიყო და ვინ იცის, რით ან როგორ დამთავრდებოდა ჩემი დეპრესიობანა.
ამ ყველაფრის გააზრებამ ირონიული ღიმილი მომგვარა, რასაც თან საშინელი შიში მოჰყვა. შიში, რომ მართლა ცუდ დღეში ვიყავი და ახლა თუ არ შევუძახებდი საკუთარ თავს, მერე შეიძლება გვიანიც ყოფილიყო.
_ ხალხში გარევა და მათთან კომუნიკაცია გჭირდება _ მონოლოგი, დიაგნოზის დასმით დავასრულე და შევეცადე, ნორმალური ადამიანივით მოვქცეულიყავი. ქუდი მოვიხადე, თმა შევისწორე და მერეღა შევნიშნე, რომ სკამზე საშინლად მობუზული ვიჯექი..
_ შემდეგზე, აუცილებლად დავუცდი ბავშვებს, მერე ყველას ლაქლაქს მოვუსმენ, ის კი არა, მეც ავყვები და ათას რამეზე ვილაპარაკებ. თუნდაც ლექსიებზე, ფროიდზე, ბებრუხანა ფსიქოლოგიის ისტორიის ლექტორზე. ჰმ, რამდენ რამეზე შეიძლება ლაპარაკი...
_ თითქოს პირობა დავდე და ამით ერთი, დიდი ნაბიჯი გადმოვგდი ცოტათი მხიარულ და ამავდროულად სასტიკ, შეშლილ რეალურ ცხოვრებაში.
ავტობუსიდან თავაწეული, წელში გამართული და თავდაჯერებული ჩამოვედი. თითქოს, ახალი იმედებითა და რაიმეს შეცვლის პერსპექტივით გახარებული, წამიერ სიამაყის განცდას ავეტანე. ახლა უკვე, მეთვითონვე ვტკბებოდი რამდენიმე წუთში განცდილი მეტამორფოზით. ამაყად მივაბიჯებდი და სუფთა ჰაერს ღრმად ვისუნთქავდი. მსიამოვნებდა შემოდგომის სუსხიანი, ცივი ამინდი, სიცივე, რომელსაც ტრანსპორტში გამთბარი სახე და ხელები ერთიანად აეწითლებინა და ეს სიგრილე, სიამოვნებას მგვრიდა.
მეხუთე სართულამდე ყოველგვარი აჩქარების გარეშე ავედი. ჩანთაში, სხვა ნივთებთან ერთად დაუდევრად ჩალაგებული გასაღების მოსაძებნად, ნერვიც არ ამიტოკებია. შესაშური სიმშვიდით, ყოველგვარი ჩვეული აღელვებისა და ბილწსიტყვაობის გარეშე მოვძებნე გასაღები. კარი შევაღე და სახლში შესულმა, სწრაფად გავიხადე მძიმე, დათბილული ჟაკეტი და დასვრილი ფეხსაცმელები.
_ დედააა! მოვედიიიი! _ შესასვლელის კარადა ფრთხილად მივხურე და მისაღები ოთახისკენ გავიჭყიტე.
_ დედააა! _ კიდევ ერთხელ, უფრო ხმამაღლა დავიძახე და მომცრო ზომის დერეფანში შუქი ავანთე, უკვე ღამდებოდა.
_ ალბათ, ჯერ არ მოსულა _ ჩავიბურტყუნე ჩემთვის და სამზარეულოში შევედი. საშინლად მომშიებოდა და ცარიელი მუცელი ნელ_ ნელა ყრუტუნს იწყებდა. ვიფიქრე_ დედას დავუცდი, ერთად შევჭამთ_ მეთქი, მაგრამ სამზარეულოს მაგიდაზე პატარა ბარათი დამხვდა და გეგმები შემეცვალა.
,, იმედია გახსოვს, რომ დღეს, მივლინებაში მივდივარ. ბევრი დრო არ მაქვს, ამიტომ არამგონია სახლში დაგხვდე. თავს შიმშილით ნუ მოიკლავ და იცოდე, ათასგვარ ნაგვის ჭამასაც ნუ დაიწყებ.
p.s კარგი იქნება, თუ სახლს დალაგებულს დამახვედრებ. გამზადებული საჭმელები მაცივარშია, ჩემს დაბრუნებამდე გეყოფა. ფული კიდე, ლარნაკში ჩავდე _ ყოველი შემთხვევისთვის. „
მაგიდის შუაგულში მდგარ, ნაცრისფერ ნაკეთობაში ორი ასლარიანი იდო. ფული არ ამომიღია, პატარა ლარნაკს დავწვდი და იქვე, ყველაზე მაღალ თაროში შევდგი. მაცივრის გამოღება არც კი მიფიქრია, უკვე ვიცოდი იქ რა დამხვდებოდა : ორთქლზე გამზადებული ყველანაირი სახის ბოსტნეული, ღუმელში გამომცხვარი თევზეული, ხორცეული და როგორც დედა იტყოდა _ ვიტამინებით გამდიდრებული სალათები. იქვე, დიდი თასით, საგულდაგულოდ გარეცხილი ხილიც დაედო.
_ ბანანზე უარს არ ვიტყოდი _ ამ უკანასკნელის დანახვამ მაინც გამახარა და სანამ, ჩემს სამალავში გადამალულ, სწრაფი მომზადების სუპს ვიპოვიდი, აწრიალებული კუჭი დროებით დავაწყნარე. გაზქურაზე ჩაიდანი შემოვდგი, წვნიანის მოსამზადებლად საყვარელი ღრმა თეფში და იაპონური, ხის ჩხირები გავამზადე.
_ დესერტიც მაქვს _ ჩავიღიღინე და საყინულე გავხსენი. ზაფხულიდან მორჩენილი, გაყინული ნაყინის ყუთი გამოვიღე და გასალღობად, სამზარეულოს ნიჟარაში ჩავდე. სანამ წყალი ადუღდებოდა, ბანანის ჭამით გავედი საძინებელში და ვიგრძენი, როგორ შემომიტია შეჩვეულმა სევდამ.
ტანსაცმლის კარადაზე დატანებულ სარკეში, ჩემს გამოსახულებას შევხედე და მიმიკები შემეცვალა.
_ იქნებ, მისი გამართლებაც შეიძლებოდა? _ ბოლო ლუკმა ხმაურიანად გადავყლაპე და საკუთარ თავს კარგად დავაკვირდი. ხელი ბიჭურად შეჭრილ, წაბლისფერ თმაზე შევივლე და ფიქრებში გადავეშვი. მე, ვერასდროს ვიქნებოდი ისეთი ლამაზი და სექსუალური, როგორც ანიტა. მისი სახელის გახსენებისას, მთელს ტანზე ბუსუსებმა დამაყარა და ეიფორიამ შემიპყრო. არა, სულელივით ვიდექი, თავს ვადარებდი ტუჩებდაბერილ, უსულო არსებას და ამით ჩემს პიროვნებას ვაკნინებდი. აბა, როგორ შეიძლებოდა სული ჰქონოდა გოგონას, რომელიც ასე ახლოს მიცნობდა, მაგრამ ამ ფაქტს, სულაც არ შეუწუხებია მაშინ, როცა შეყვარებულს მახევდა. შესაძლებელი იყო კი, საყვარელი ადამიანის აწაპვნა? ასე უბრალოდ, დათრევა რაღაა ნივთივით, რომელიც დასწრებაზეა, ან სულაც გაუმჯობესებულ, სრულყოფილ მფლობელს ელოდება?
ახალ მფლობელს _ დიდი ზომის მკერდი, დაბერილი ტუჩები გა გრძელი, ქერა თმა ჰქონდა, სახე კი მუდამ გაპუდრულ_ გაგაჯული. რატისთვის რომ გეკითხათ, ატანა არ ჰქონდა ,, ნიღბიანი’’ გოგოების და ხშირად, დასცინოდა კიდეც, მაგრამ იმ საღამოს დიდი მონდომებით კი ჰკოცნიდა და ხელებსაც უთათუნებდა შეღებილ სახესა და გადმოყრილ ძუძუებზე.
_ ფუუუ _ იმ ამაზრზენი სცენის გახსენებამ, ჩემს ორგანიზმში ავტომატური გულისრევის რეფლექსი გამოიწვია. ცოტაც და იატაკს სუნიანი სითხით მოვრწყავდი.
_ როგორ ვიფიქრე მის გამართლებაზე? ნამდვილი გარეწარია, იმსახურებენ ერთმანეთს. ორი ნეხვის ჭია! ამაზრზენი მატლები _ ლამის გავკიოდი და სიბრაზით ამვსებოდა სხეულის ყოველი ნაწილი.
_ დამითმია, მიჩუქნია, შენი იყოს, არ მჭირდება! _ შეშლილივით ვიქნევდი ხელებს ჰაერში და თვალებიდან, სიძულვილის ნაპერწკლები მცვიოდა. მიხაროდა, რომ სახლში მარტო ვიყავი და თამამად შემეძლო, გულზე მომდგარი ემოციებისგან დავცლილიყავი. არც დედაჩემის შეკითხვები შემაწუხებდა და არც ვინმეს იძულებითი, თანაგრძნობიანი გამოხედვა გამაღიზიანებდა.
ყვირილით ცოტა გული ვიჯერე და სამზარეულოში შევბრუნდი, ცოტა ხნის წინ დადგმული ჩაიდანი სულ დამვიწყებოდა. წყალი უკვე ადუღებულიც იყო და გადადუღებულიც. გაზქურა სწრაფად გამოვრთე და დედაჩემის წარმოსახვით სილუეტს, ხმამაღლა მივმართე _ ჰო, ვიცი ამას არ უნდა ვჭამდე, ხანდახან რა კარგია, რომ სახლში არ ხარ. ვახშმის საბოლოოდ გამზადებამდე 10 წუთით მოცდა მომიწევდა. ფეხმორთხმული დავეშვი ცივ იატაკზე და ყელზე მობჯენილი ბურთი ვეღარ გადავყლაპე. სახეზე სიმწარე მომაწვა და ცრემლები წამომივიდა, ცოტაც და ბღავილს დავიწყებდი, მაგრამ ვინ მაცადა, ტელეფონი გადაბმულად აწკრიალდა. სანამ ვუპასუხებდი, ცრემლები მოვიწმინდე და ერთი- ორჯერ ჩავახველე. დედაჩემს ალბათ, გულმა უგრძნო და ცოტა ხანში გამლანძღავდა _ ნაგავს რატომ ჭამო, მაგრამ შევცდი, დედა სულაც არ რეკავდა.
_ ალო _ შევეცადე, ნამტირალევი ხმა არ შემემჩნია.
_ ელე, რა კარგია რო სახლში ხარ, კიდევ კარგი მიპასუხე, სპეციალურად სახლის ტელეფონზე დაგირეკე, მობილურზე რომ დამერეკა, ისევ რამეს მომატყუებდი_ სახლში არ ვარო და მერე...
_ მეგ, არ მოგატყუებდი, ამჯერად გეტყოდი, რომ სახლში ვარ _ ისე სწრაფად მიაყარა, ერთი არ ამოუსუნთქავს, მაგრამ წინადადება გავაწყვეტინე და შევეცადე ცემი ნათქვამი, საკუთარი თავისთვისაც დამეჯერებინა. მე ხომ ახალი გეგმა მქონდა _ რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია. მეგი კი ბავშვობის მეგობარი იყო და ჩემს შესახებ ყველაფერი იცოდა. ხუთი წლის წინ, როცა მამაჩემმა, მე და დედა მიგვატოვა, სწორედ მეგი იყო ის პირველი ადამიანი, ვისაც ეს ამბავი გავუმხილე და ვისთანაც საერთოდ, ამ თემაზე საუბარი ვისურვე.
_ ოჰო, გინდა დამაჯერო, რომ უზარმაზარი კოვზიტ ნაყინს არ ჭამ და ბღავილით არ შეჰყურებ ტელეფონში შენახულ თქვენს ფოტოებს? _ ტელეფონიდანაც კი ვხვდებოდი, როგორი სახე მიეღო, როცა ამას მეუბნებოდა და ჩემი, მოსალოდნელი აღიარების მოლოდინში თვალები საეჭვოდ მოეჭუტა.
_ ვის ფოტოებს? იმ ნეხვის ჭიის? _ თავი მოვაჩვენე, თითქოს არ მესმოდა, ვისზე იყო საუბარი.
_ აჰ, გეყოს ახლა, ვითომ ვერ ხვდებოდე. ხომ, იმ ს, გამო*ირებულის, ნეხვისჭიის, რა ვიცი, ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება. იცი, ფანტაზიის უნარიც კი არაა საჭირო, ადამიანი თვითონ ითხოვს, გეხვეწება ბო*ი ვარო, თავის მაგივრად კიდე მაქვსო. _ გაილექსა მეგი და მის საუბარზე გამეღიმა.
_ კარგი ხო, ვაღიარებ, ცოტა ვიტირე, მაგრამ სულაც არ ვგრძნობ თავს ცცუდად. ის კი არა, ფოტოებსაც წავშლი, კარგი გამახსენე. ნაყინს რაც შეეხება, ჯერ არ მიჭამია, გასალღობად დავდე და თან, მარტო ჭამასაც არ ვაპირებ. რომ იცოდე, სახლში სრულიად მარტო ვარ და ასე, კიდევ სამი დღე ვიქნები _ თამამად, დიდი სიამაყით ჩავურაკრაკე.
_ ლია დეიდა ისევ მივლინებაში წავიდა? _ ხმაზე მხიარულება შეეტყო.
_ ჰო, დღეს წესიერად არც კი მინახავს, მოკლედ, აიბარგე და სანამ წამოხვალ რამე გემრიელობა სმუსნები წამოიღე რა, ხომ იცი, აქაურობა სავსეა მოხარშულ მოთუთქულებით. ფული კი მაქვს მაგრამ, მაღაზიაში ჩასვლა მეზარება _ სწრაფად მივაყარე და წუწუნიც არ დამზარებია.
_ აი ეს მესმის, ეს უკვე ჩემი გოგოა, ის ბრუნდება! ნახევარ საათში მანდ ვარ _ ტელეფონი დენდარტყმულივით გავწიე გვერდით, მეგიმ იმხელა ხმაზე იკივლა.
_ და მეგ, არ დამვიწყებია, ნუ გააბაზრებ რა _ მხედველობაში საბა და ზოი მყავდნენ. ჩვენ ოთხნი, ხშირად ვიყავით ერთად, სკოლიდან მოყოლებული თავისუფალ დროს სულ ერთად ვგეგმავდით სად წავსულიყავით და რა გვეკეთებინა, მაგრამ იმ დროს, ჩემი სარეაბილიტაციო_ სოციუმში დასაბრუნებელი პროგრამა, ჯერჯერობით ამხელა მასშტაბებზე არ იყო გათვლილი.
სანამ მეგი დაბარებულ ტკბილეულთან ერთად ჩემამდე მოაღწევდა, გამზადებული წვნიანი სიამოვნებით მივირთვი და გასვრილი ჭურჭელი სწრაფად ამოვრეცხე.
_ არავითარი ცრემლები, არავითარი მოგონებები, წუწუნი, ჩივილი, ნაღველი, მეათასედ გარჩეული პრობლემა და მსგავსი სისულელეები. _ გულში წესებს ვადგენდი და მოუთმენლობას ავეტანე, ვხვდებოდი მეგი ჩემს სიტყვებს ყურადღებას არ მიაქცევდა და ისე მოიქცეოდა, როგორც თვითონ უფრო საჭიროდ ჩათვლიდა, რაღა თქმა უნდა ჩემთვისვე. ალბათ, მომიწევდა დაწესებული სივრცის გაფართოვება და წესების შეცვლა.
ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ, კაკუნის ხმა გაისმა და კარის გაღებისას ერთის მაგივრად, სამი სახე შემომეფეთა.
_ ბავშვებო, ზოი, საბა, შემოდით _ სახეზე ღიმილიანი ნიღაბი მოვირგე და მას შემდეგ, რაც საბა და ზოი სახლში შევიდნენ მეგის ცხვირწინ, დემონსტრაციულად, ნახევრად მივუხურე კარი.
_ მეც შემოვდივარ _ მაიმუნობას მიმიხვდა, შიგნით ძალის დახმარებით შემოეკვეტა და პატარა ბავშვივით დამეჯღანა.
_ რამდენი ხანია აქ აღარ ვყოფილვარ _ საბამ სათვალის ზემოდან მიმოიხედა, მერე კი გაოგნებისგან თავი სწრაფი მოძრაობით აქეთ-იქით გააქნია და გაზრდილი, მუქი ფერის კულულები თავზე ზამბარებივით ათამაშდნენ.
_ ხო, უცებ გადის დრო _ დაუფიქრებლად წარმოვთქვი და შესასვლელში მდგომი საბა შევათვალიერე, მგონი საზღვრებს ვაფართოვებდი და მასშტაბებს ვზრდიდი. ოჰო, როდის მოესწრო ასე გაზრდა? პატარა, უმწეო არსებასავით ქვემოდან შევყურებდი მის სხეულს. ჩემი მეგობარი საბა, თინეიჯერი ბიჭიდან ახალგაზრდა, სიმპათიურ მამაკაცად გარდაქმნილიყო.
_ ჰეი _ მოულოდნელად წამოვიყვირე და საბასკენ წავბარბაცდი. კეფაში წამორტყმასავით ვიგრძენი, მეგის გაბოროტებულმა გავხედე. ალბათ, მოესწრო ჩემი დაშტერებული მზერის დამუღამება, მაგას რას გამოაპარებდა კაცი.
_ გეტკინა? _ ჩაეცინა საბას და მონატრებული ცისფერი თვალები შემომანათა.
_ არაა _ სწრაფად წარმოვთქვი, საპასუხოდ გაღიმება ვცადე და სახეზე სიწითლემ გადამიარა.
_ რაღაც გეგდო _ თავი გაიმართლა მეგიმ და გაშვერილ ხელისგულზე, რაღაც არარსებულს სული შეუბერა, მერე კი ეშმაკურად გადმომხედა და ლაპარაკი განაგრძო. ვიცოდი, ცხვირწინ მიხურული კარისთვის პასუხს მაზღვევინებდა.
_ ელე, ჩვენი მეგობარი ზოიც აქაა _ ვითომ ძალიან საყვარლად და თბილად წარმოთქვა და მის გვერდით მდგარ გოგონას გახედა.
_ პრივეტ, _ ზოიმ ისე ცივად და უემოციოდ გამოსცრა კბილებში, ცოტა შემეშინდა კიდეც. შუქი რომ არ ყოფილიყო ანთებული, ალბათ ოთახში მის ყოფნას ვერც კი შევამჩნევდი. ერთ დროს ყურებამდე მომღიმარი, მხიარული ზოი ერთიანად შავებში შემოსილიყო. ბუნებრივად მუქი წაბლისფერი, გრძელი თმა შავად შეეღება. ყელზე ათასგვარი ამულეტი, ძეწკვი, თუ სამკაული აესხა, თვალები შავი ფანქრით ჩაეხატა და თავს ნამდვილ გოთად მიიჩნევდა. ამ სუბკულტურაში ნაკლებად ვერკვეოდი, მაგრამ ერთი რამ უდავო იყო, შავი კორსეტი მისი სხეულის ფორმებს კიდევ უფრო დახვეწილსა და მიმზიდველს აჩენდა. მისმა ყურებამ წამით მომნუსხა და თავი სხვა სმყაროში მაგრძნობინა, განა ყოველ დღე ვხედავდი მეგობარს, რომელიც სექსუალურ ალქაჯს ჰგავდა.
_ სექსუალური ალქაჯი _ გავიმეორე გულში და ამ სიტყვებზე ჩამეცინა. განა მე არ ვიყავი, რამდენიმე საათის წინ ზღვარს იქით? განა მათ მოსვლამდე საკუთარ თავს წესებსა და კანონებს არ ვუდგენდი? მაგრამ იმ წუთებში გულიანად მეღიმებოდა, ვუყურებდი შეცვლილ მეგობრებს და ვხვდებოდი, დამალვა აღარ მინდოდა. მათ გვერდით სწორედ ისეთი ვხდებოდი, როგორიც სინამდვილეში უნდა ვყოფილიყავი და ერთ დროს ვიყავი კიდეც.
_ დიდხანს უნდა ვიდგეთ ასე? შემოდით და რაც გაქვთ მაგიდაზე დააწყვეთ _ გააქტიურდა მეგი და ბავშვებს ისე შეუძღვა სამზარეულოში, თითქოს ჩემთან კი არა მასთან სახლში ვიყავით და ჩვენს ხასიათზე მოყვანას ცდილობდა.
_ აბა, ვნახოთ რა მომიტანე _ დიდი, სავსე ცელოფანი გამოვართვი და სამზარეულოს მაგიდაზე დავდე.
_ აქ ლუდია, ჰო ვიცი ცივა, მაგრამ მაინც გაგვისწორდება და თუ არ წავიდა ეგეც გავთვალე _ მხიარულად ალაპარაკდა საბა და გაშინაურება სცადა, ცელოფნიდან ლუდის ქილებთან ერთად არყის ბოთლიც ამოაძვრინა. ალბათ ძველ დროს იხსენებდა, მაშინ ხომ წელიწადის ნებისმიერ დროს შეგვეძლო ლუდის დალევა და არასდროს გვაღელვებდა, გარეთ თოვდა, თუ წვიმდა.
_ თქვენ აღარ ხუმრობთ, მგონი დღეს წვეულება გვექნება ხო? _ დაეჭვებული მზერით გადავხედე მეგის, რომელსაც ალბათ შეკრების ცრუ მიზეზი გაევრცელებინა და ახლა შეწყალებას გულუბრყვილო ღიმილით მთხოვდა.
_ ხო, ყველაფერი წამოვიღე რაც კი გიყვარს_ ლუდზე მისაყოლებელი ჩიფსები, მარილიანი მიწისთხილი, ლიმონიც ვიყიდე ყოველი შემთხვევისთვის. სმუსნებიც ბლომადაა: შოკოლადიანი ჩხირები, ორეოს ორცხობილები, ჟელიბონები, ფუმფულა მარშმალოები _ ჩამონათვალს აგრძელებდა და უფრო დიდზე ცდილობდა გაღიმებასა და მოტანილი ტკბილეულით ჩემს მოთაფლვას.
_ ესეც ყველას გვეყოფა და უფრო მეტიც _ ისევ ისე ცივად დაიწყო ლაპარაკი ზოიმ და ჩანთიდან საშუალო ზომის პაკეტი ამოიღო, რომელშიც გამხმარი, მოხმარებისათვის გამზადებული მცენარე იყო.
_ ვაა პლანი ტო, ზოი ნახეთ, აღარ ხუმრობს _ საბამ პაკეტი გახსნა და დიდი გამოცდილი ექსპერტივით ჩასუნა, მერე კი დასკვნის სახით წარმოთქვა _ არამგონია ტრუხა იყოს.
_ უნდა მოვწიოთ? _ გაოგნებულმა ვიკითხე და წარბები შუბლზე ამივიდა, აი ამას კი ნამდვილად ვეღარ წარმოვიდგენდი.
_ არააა, ნამდვილად არ მინდა ჩავრჩე და მივლინებიდან ჩამოსულ დედაცემს დადებილებული დავხვდე.
_ რა ჩარჩე სულელო _ საბამ პატარა თმაზე მოფერებით შემავლო ხელი და ჩემი რეაქციის დანახვისას გადაიხარხარა.
_ კარგი იქნება, თუ ყველა მოვწევთ ამაღამ განსაკუთრებული ღამეა, ხვალ კი მითუმეტეს _ ზოიმ მისტიური ხმით დაასრულა წინადადება და თვალები მილულა, თითქოს ჰაერში არსებული მუხტის დაჭერას ცდილობსო.
_ ხო, ხო ხვალ 31 ოქტომბერია _ შეჰკივლა მეგიმ და ადგილზე ახტუნავდა.
_ რა გაყვირებს მეგ მერე? _ გული შემიწუხდა მის წიკვინზე.
_ მერე ის, რომ ჰელოუინი მოდის, ჩვენ კიდე კოსტუმებიც კი არ შეგვირჩევია.
_ აჰ, მეთქი რამე მნიშვნელოვანი
_ ნუ იქნებით მუდოები რა, ხვალვე წავალთ ოთხივე და ღამის წვეულებისთვის ფორმებს შევარჩევთ._ მომავალი დღეც წინასწარ დაეგეგმა და ახლა სიამოვნებისგან ადგილზე ცეკვავდა.
_ მაგ იდიოტურ წვეულებზე არ დავდივარ მეგი _ ბოროტულად, წამში ჩავუშალე მის გონებაში გავლებული ,ყოველგვარი ბედნიერი სურათი.
_ იდიოტური სულაც არაა _ ზოიმ კბილებში გამოსცრა და ისეთი შეგრძნება დამეუფლა,რომ მალე ჩემი მისამართით რამე მძიმე, ან ბასრი საგანი გამოფრინდებოდა.
_ იქნებ, ამაზე ლაპარაკს შევეშვათ და თქვენი მოტანილი რაღაცები მისაღებ ოთახში დივანთან გადავიტანოთ? თუ აქ გირჩევნიათ? _ შევეცადე მისი აგრესია სტუმართმოყვარეობით გადამეფარა.
_ ლუდს მე წამოვიღებ _ მკაცრად მიპასუხა, ლამაზ თეთრ თითებში ლუდის ბოთლები თვალის დახამხამებაში მოიქცია და გრძელი, შავად შეღებილი, წვეტიანი ფრჩხილების დანახვისას ტანში სიცივემ დამიარა. სწრაფად დავბღუჯე სასუსნავები და მისაღებისკენ დაძრულ შავ სილუეტს დავედევნე, რომელიც ოთახში შესვლისთანავე ხალიჩაზე მოკალათდა და ცივი თვალებით მომაჩერდა, აღარ მახსოვდა ასეთი შავი თვალები ჰქონდა, თუ ლინზები ესვა.
_ სინამდვილეში, ეს არის შავი მაგიისა და ჯადოქრობის ღამე _ გაუნძრევლად წარმოთქვა და მგონი ოთახში შემოსული საბა და მეგიც კი დააფრთხო.
_ რაზე მეუბნები? _ ცოტა დავიბენი და ლუდის ბოთლი გავხსენი.
_ ჰელოუინზე, შენიღბულ დემონურ დღესასწაულზე.
_ კანფეტი, ან ოინი _ გადაბჟირებულმა მეგიმ მეგობრულად წაარტყა მხარზე ხელი და ხალიჩაზე მის გვერდით მოკალათდა.
_ ჰა, ჰა, სანამ თქვენ, ჰელოუინად წოდებულ დღესასწაულის აღსანიშნავ ფართიზე, უაზროდ გამოწყობილნი პაპსა მუსიკაზე გააჯაზებთ, სწორედ თქვენნაირად გართული მასისგან გამოიყოფა ვიბრაცია, რომლითაც იკვებებიან შავი მაგები. _ წინადადების დასრულებისთანავე სათითაოდ შემოგვხედა და რეაქციას დააკვირდა.
_ მოიცა, ბევრი რამ გამოვტოვე, მაგრამ როდის აქეთ გახდი შავი მაგი? ან საიდან მოგაქვს ამგვარი რაღაცები? მგონი ცოტა მაშინებ და ეს არ მომწონს _ ცუდ ხასიათზე დავდექი და გადავწყვიტე ყველაფერი პირდაპირ მეთქვა.
_ არასდროს გიფიქრიათ, რატომ მაინცდამაინც 31 ოქტომბერი? იმიტომ, რომ ამ დროს მზე გადის მორიელის ზოდიაქოს, მორიელი კი ეზოთერიკულად მართავს სიკვდილსა და სიცოცხლეს. ის მართავს სექსუალურ ენერგიასაც და შავ მაგიასაც. ზუსტად 31 შია მეცხრამეტე მთვარის დღე, ჰელოუინის დროს, ჩვენსა და იმ სამყაროს შორის საზღვარი იკარგება, სულები მოძრაობენ და ამასთან ერთად ყველანაირი ბოროტებაც.
_ ეს ყველაფერი საიდან მოგაქვს? _ დამფრთხალმა შეკითხვა გავუმეორე.
_ ამ წიგნიდან, ბებიამ დამიტოვა, აქ ყველა შაბაშის დროს მიღებული ცოდნა, შელოცვები და სხვადასხვა რიტუალებია_ შავი, მის გვერდით მიგდებული ჩანთიდან პატარა, ასევე შავყდიანი წიგნაკი გამოაძვრინა და ხელში შეათამაშა.
_ რას ბოდავ ზოი_ მის ნათქვამზე თავი ვეღარ მოვთოკე, ცოტაც და სიცილი ამიტყდებოდა.
_ ჰო, ჰო, შეგიძლია იცინო, სულელი ზოი, რას ბოდავ ზოი, მაგრამ..._ თვალები აატრიალა, მერე კი სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა, თითქოს რაღაცის მოლოდინშიაო.
_ კარგი, რა, ნინა ბებია ყოველთვის ყველას უღიმოდა და ეხმარებოდა, რახან ყავაზე მკითხაობდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაქანებული კუდიანი იყო_ საუბარში ჩაერთო მეგი, თან ლუდს წრუპავდა.
_ გაქანებული კუდიანი, კუდიანი არა, ჯადოქარი, მაგიის დედა, არა ბებო _ საუბარში საბა აგვყვა და იმხელაზე გადაიხითხითა თავგადაწეულმა, ლამის ქვედა სართულზე ჩავიდა.
_ იცინეთ, იცინეთ _დოინჯი შემოირტყა და წყნარი სახით გააგრძელა ჩვენი ყურება.
_ და ანდერძად რა დაგიტოვა ბებომ? ფრინავი ცოცხი? აი, თურმე რატომ არ გინდოდა მართვის მოწმობის აღება _ აღარ ჩერდებოდა საბა.
_ სიცილს,რომ მორჩებით მერე თქვენი დახმარება დამჭირდება. მითუმეტეს თუ არ გჯერათ, რას დაკარგავთ, უბრალოდ მაინც გაერთობით _ ჩანთიდან კიდევ ერთი ნივთი ამოიღო, ამჯერად თეთრი ფერის.
_ ეს რა არის? ალქაჯების რუქა?
_ არა, ეს ხელნაკეთი დაფაა, რომლითაც მთავარ შაბაშს მოვაწყობთ და სულებს გამოვიძახებთ.



№1  offline ახალბედა მწერალი Alice76

მომწონს ♡♡♡ ეს ისაა,რასაც დამპირდი?*_* მშვენიერი დასაწყისია და მიხარია,რომ შთაგონების რაღაც ნაწილი ჩემი დამსახურებაცაა ❤ წარმატებას გისურვებ,ზოი ძალიან მომეწონა და იმედი მაქვს,ჭკუას ასწავლის მაგლებს დაცინვისთვის : D ველოდები შემდეგ თავს ❤❤

 


№2  offline წევრი melanqoliki

Alice76
მომწონს ♡♡♡ ეს ისაა,რასაც დამპირდი?*_* მშვენიერი დასაწყისია და მიხარია,რომ შთაგონების რაღაც ნაწილი ჩემი დამსახურებაცაა ❤ წარმატებას გისურვებ,ზოი ძალიან მომეწონა და იმედი მაქვს,ჭკუას ასწავლის მაგლებს დაცინვისთვის : D ველოდები შემდეგ თავს ❤❤

ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარა შენმა კომენტარმა. დილიდან ველოდები გამოხმაურებას და პირველი შენ ხარ, ეს ის ისტორიაა კი. ძალიან ძალიან გამახარე შენი აქ ყოფნით და გაგრძელებას უდიდესი შემართებით დავწერ<3 <3 <3 ძალიან ძალიან, დიდი მადლობა ყურადღებისთვის.<3 მიხარია რომ მოგეწონა <3

 


№3 სტუმარი ვიკა

ძაან მაგარია

 


№4  offline წევრი ნორმი

ხო იცი შენ საინტერესო ჩანს..
--------------------
მორფეოსი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent