გავრცელებული სახელი {1}
დღესაც ისეთივე უყურადღებო იყო, როგორც ყოველთვის. თავისი ქერა, გრძელი თმა ორ კიკინად შეეკრა, ცხვირზე ხასხასა წითელი ფერის სათვალე წამოეცვა, სტაფილოსფერი კაპიუშონიანი ზედა და ტანზე მომდგარი შავი შარვალი ამშვენებდა მის სხეულს. კისრისტეხით გარბოდა მაღალსართულიანი, მოცისფრო შეფერილობის შენობისკენ. გზად ვერაფერს ამჩნევდა, მხოლოდ იმ სართულის, იმ კაბინეტის ფანჯარას უყურებდა, სადაც მუშაობდა. ნაბიჯები ელვის სისწრაფით ცვლიდნენ ერთმანეთს და წარმოიდგინეთ გოგონას გაოცება მაშინ, როდესაც მის თვალწინ ხედი მსწრაფლ შეიცვალა, ბუნდოვანი გახდა და შემდეგ სრულიად გაქრა კიდეც. მის გონებაში სრულმა უკუნეთმა დაისადგურა. უზარმაზარ ყურსასმენებში გაჟღერებული მუსიკის ნაცვლად მას ხმამაღალი გინების, შეძახილებისა და სიგნალების ხმა ჩაესმოდა, რომელიც რამდენიმე წამში შეწყდა კიდეც. საზარელმა თავის ტკივილმა შეაწუხა, როდესაც გამოფხიზლდა. ცისფრად შეღებილი კედლები დაინახა, რამდენიმე ადამიანის შეშფოთებული სახეც დალანდა. ირგვლივ მიმოიხედა და აღმოაჩინა, რომ საავადმყოფოში იყო, ფეხმოტეხილი, თავშეხვეული და ყველაზე მეტად რამაც შეაშინა იყო ის, რომ ვერც ერთ იქ მყოფ ადამიანს, რომლებიც სიხარულისგან ცოტაც და იტირებდნენ, ვერ სცნობდა. ისინი კი გარს ეხვეოდნენ, დაჰფოფინებდნენ და ბედნიერებისცრემლმორეულნი ცდილობდნენ შეხებოდნენ და მოფერებოდნენ მას. როგორც კი ერთ-ერთი მათგანის ხელი შეეხო შეკრთა, წამის შუალედში ერთიანად აცახცახდა. ადრენალინის დიდმა დოზამ გასაქანი ჰპოვა მის ბორდოსფერ სისხლში და პანიკაში ჩავარდა. - უკაცრავად... - გაუბედავად ამოიკნავლა და გაოცდა, როცა პალატაში სრულმა სიჩუმემ დაისადგურა. ხალხმა ერთმანეთს მრავლისმეტყველად გადახედა და გაკვირვება გამოეხატა სახეზე. ყველა მოუთმენლად ელოდა, რას იტყოდა. - ვინ ხართ ? - ცოტა უფრო თამამად წარმოთქვა და მღელვარების მძლავრმა ტალღამ სწრაფად გადაირბინა ყველა იქ მყოფის სახეზე. ვერ ჩასწვდნენ კითხვის არსს, ხუმრობა ეგონათ. საწოლთან მდგარმა ერთმა ქერა, ცისფერთვალება ლამაზმანმა ძლივს ამოიღო ხმა და ჰკითხა. - ქეროლ, ძვირფასო, ეს მე ვარ, ლორა, გესმის ჩემი ? ვერ მცნობ ? - ძლიერი ნერვიულობა ეტყობოდა ხმაზე, მბგერი იოგები ლამის ჩაეხშო. წინადადებაც ძლივს დაალაგა. - კარგი და... - ოდნავ შეყოვდნა დაშავებული, რომელსაც ქეროლი უწოდეს. ლორამ გახარებაც კი მოასწრო, მაგრამ... - ვინ არის ლორა ? - თავი ოდნავ მარცხნივ გადახარა გოგომ და სახეზე კითხვის ნიშნები გამოესახა. - შენი ღვიძლი და ვარ, არ გახსოვარ ? - ათრთოლებული ხმით ჰკითხა ქალმა. - ქეროლ, თუ ეს შენი რიგითი უკბილო ხუმრობაა ვფიცავ, ცოცხალი ვერ გადამირჩები. - ეს თქვა, მაგრამ მის ხმაში შიში მაინც მკვეთრად ისმოდა. - არ ვხუმრობ. - წარბი შეკრა მან და საწოლზე წამოჯდომა სცადა, მაგრამ იმდენად სტკიოდა მთელი სხეული, რომ ვერ შეძლო. ტკივილისგან ოდნავ წამოიკვნესა და ლორას შეხედა. - ქეროლ, დედი, არც მე გახსოვარ, დე ? ოდრი ვარ, დედაშენი, ამ დილით ჩემგან წახვედი შვილო სამსახურში! - ამოიქვითინა საწოლთან მჯდარმა ორმოცდაათიოდე წლის ქერა ქალმა, რომელსაც ნერვიულობისგან თვალის უპეები ჩაშავებოდა და თეთრი გარსი ჩასისხლიანებოდა. იმ სამი დღის განმავლობაში, როდესაც ქეროლი უგონო მდგომარეობაში იყო და ექიმები გადარჩენის გარანტიას ვერ იძლეოდნენ, ქალი საბოლოოდ მოტყდა. ათი წლით დაბერებული ჩანდა თითქოს. სისხლის ნაცვლად დამამშვიდებელი ნივთიერება უჩქეფდა ვენებში. - მაპატიეთ... - უხერხულად შეიშმუშნა ქეროლი. - არ მჯერა ! - ამოიხავლა ქალმა და ასლუკუნდა. - ექიმს დაუძახეთ ! - თქვა იქ მყოფთაგან ერთ-ერთმა. - ექიმი, სწრაფად, ექიმი ! - იკივლა ლორამ და ქეროლთან ჩაიმუხლა. ... მთელი რიგი გამოკვლევების შემდეგ, რომელიც ქეროლმა ბუზღუნითა და აშკარა უკმაყოფილებით ჩაიტარა, ექიმმა დაასკვნა. - ამნეზია. - რა ? რას ნიშნავს ამნეზია ? ანუ არ ვახსოვართ ? ვერ გაგვიხსენებს ? - გიჟს ჰგავდა ლორა. არანაკლებ მდგომარეობაში იყო ოდრი. ქალი გაშტერებით უმზერდა ერთ წერტილს და დაძახებაზე არ რეაგირებდა. რაღაცას გაუაზრებლად ბუტბუტებდა და ქეროლმა დაასკვნა, რომ ლოცულობდა. - გარანტიას ვერ მოგცემთ, მაგრამ გახსენების შანსი არის. ესაუბრეთ ისეთ თემებზე, რაც ყველაზე ხშირად ხდებოდა მის ცხოვრებაში, სამსახური, ყოველდღიური რუტინა. ბავშვობის მოგონებების გახსენება შველით ხოლმე. - ლორა მთელი ყურადღებით უსმენდა ექიმის დარიგებებს და თავის პატარა, ყავისფერ ბლოკნოტში იწერდა სიტყვასიტყვით. აი, ქეროლს კი არაფერი აინტერესებდა. ძალიან მოიწყინა და ერთადერთი, რაზეც ფიქრობდა იყო ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაეღწია თავი ამ ამაზრზენი ადგილისგან. მედიკამენტების მძაფრი სუნი და ეს ალიაქოთი, რომელიც მის ირგვლივ იყო შექმნილი საოცრად აღიზიანებდა. სიმართლე ითქვას და სულაც არ ადარდებდა ის ფაქტი, რომ არც თავისი სახელი ახსოვდა, არც ღვიძლი და, დედა და წარსულის მოგონებები. ისიც კი დაავიწყდა სად მუშაობდა და რა პროფესიის იყო. მის ცნობიერებაში არსებული სიცარიელე მას არ აწუხებდა, მხოლოდ ერთი სიტყვა, სახელი დარჩენოდა მეხსიერებაში, რომელსაც ვერაფერთან და ვერავისთან აკავშირებდა. ეს სახელი მასში ძალიან ძლიერ ემოციებს და შეგრძნებებს აღძრავდა. ვერ ხვდებოდა რატომ თრთოდა მისი წარმოთქმისას, მაგრამ ძარღვებში სისხლი ეყინებოდა, პირი უშრებოდა და იღგზნებოდა. ძნელი იყო მისი ამ რეაქციების ვერშემჩნევა. გამუდმებით ბუტბუტებდა და ქვედა ტუჩს იკვნეტდა სიამოვნებისგან. მასში ქალი იღვიძებდა და ეს ერთობ უცნაურად ეჩვენებოდა. ... - არაფერი? - დანაღვლიანებული ხმით ჰკითხა ლორამ. - არაფერი. - მხრები აიჩეჩა ქეროლმა და მარილიანი ჩხირი ჩაკბიჩა. - არც შენი საყვარელი ბაჭია ? - თქვა და თეთრი, მომცრო ზომის რბილი სათამაშო ცხვირწინ აუფრიალა დედამ. - რატო არა, ახლა უკვე არის ჩემი საყვარელი. - გაეცინა ქეროლს და ბაჭია ჩაიხუტა. - რა ცანცარა ხარ, ქეროლ ! - გაბრაზდა ლორა და ისევ მისი ბავშვობის ნივთების ძებნა დაიწყო. დედამისი კი სმზარეულოში გავიდა და ბავშვობისდროინდელი მეშვიდე კერძის კეთებას შეუდგა. ქეროლი ყველას უყვარდა. ცანცარა, ცოტათი ქარაფშუტა და ძალიან მეგობრული ადამიანი იყო. უფროს დას და დედას იგი განებივრებული ჰყავდათ. მაგრამ ამჟამინდელ ქეროლს მართალია სიცანცარე შეენარჩუნებინა, მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბს წარმოადგენდა. ეცოდებოდა დედა და და, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფრის გახსენებას ვერ ახერხებდა. ამიტომ ცდილობდა ადრინდელი ქეროლის სახე შეენარჩუნებინა. რეალურად კი საოცრად სერიოზული იყო. უკვე ორ კვირაზე მეტი იყო, რაც ლორასთან ერთად ცხოვრობდა და არც ერთი მისი მონაყოლი ისტორია თუ ნაჩვენები ნივთი არ ეცდნობოდა. თითქოს არაცნობიერს მთლიანად ჩაეყლაპა ცნობიერების მიერ აღქმული ყველა წუთი მისი ცხოვრებიდან, გარდა სახელისა. - ანუ ერთადერთი, რაც გახსოვს ის სახელია ? - სევდაშეპარული ხმა გაისმა სამზარეულოდან. - გი... როგორ ? - გვერდით მიუჯდა საიმონი, მისი ბავშვობის მეგობარი, რომელიც მთელი ეს დროა გვერდიდან არ მოშორებია. - გიორგი. - თქვა და ღრმად ჩაისუნთქა. იგრძნო როგორ აყვირდა მისი სხეულის ყველა ატომი ამ სახელის გაგონებისას. - გიორგი. - ცხელი ყავით ხელში შემოვიდა ლორა ოთახში. - სადაური სახელია ? - არ ვიცი. - თავი ჩაღუნა ქეროლმა და ცრემლები მოაწვა. - გავიგებთ ! - წამოიძახა საიმონმა და ლეპტოპი კალთაში ჩაიდო. - რა თქვი, როგორ ? - კიდევ ერთხელ ჰკითხა ქეროლს. - გიორგი ! - ხმა გაუტყდა, როცა წარმოთქვა. ეს რეაქცია კი საიმონს არ მოეწონა. ბავშვობიდან ჰქონდა ქეროლის მიმართ გრძნობა და ნებიმიერი სქესის წარმომადგენელის მასთან სიახლოვე აღიზიანებდა. - ფუძე ბერძნულია. - თქვა და ბერძნულად წაიკითხა. ქეროლს ჟღერადობა არ მოეწონა და თავი გააქნია, ეგ არ არისო. - მაშინ ქართული. - აი, ეს ჟღერადობა კი მის გულისცემას აასმაგებდა. - ეგაა ! - წამოიძახა და შეხტა. მოტეხილი ფეხი ჯერ არ შეხორცებოდა და სიმწრისკან წამოიკივლა. - ჩშშ, ქერ, ფრთხილად ! - დატუქსა საიმონმა და ხელი მხარზე მოხვია. - საქართველოში, სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, ყველაზე გავრცელებული სახელია, რომელსაც ატარებს 151 239 ადამიანი. - ვაჰ, მაგ ტიპის ძებნას შევალევთ მთელ ცხოვრებას. საერთოდ არ გახსოვს როგორი იყო ? ან ფოტო არ გაქვს ? საერთოდ, სად გაიცანი ? - მიაყარა კითხვები ლორამ და ყველა მათგანზე უარყოფითი პასუხი მიიღო. არც ვიზუალი ახსოვდა, არც ფოტო ჰქონდა და არც ის იცოდა, სად გაიცნო. მხოლოდ შეგრძნებები ჰქონდა დარჩენილი. შეგრძნებები, რომლებიც შინაგანად ძრავდნენ და გულს უწვრილებდნენ. რომლებიც აიძულებდნენ ღრმად ესუნთქა და ამ ადამიანთან ფიზიკური სიახლოვე ჰქონოდა. - საქართველოში მინდა ! - ჩაიჩურჩულა და საიმონისა და ლორას წინააღმდეგობის მიუხედავად, სამ კვირაში, როდესაც ფეხს უკვე თავისუფლად იყენებდა, თბილისში ჩავიდა. ... - სად აპირებ ეძებო ეგ გიორგი ? - აშკარა აგრესიით იყო განწყობილი უცნობის მიმართ საიმონი და ამის დამალვა მეტისმეტად უჭირდა. - არ ვიცი, მთელ საქართველოს მოვივლი თუ საჭირო გახდა და ვიპოვი. - მტკიცედ თქვა ქეროლმა და ამით აგრძნობინა საიმონს, რომ „ეგ ტიპი“ მისთვის მნიშვნელოვანი იყო და რაც არ უნდა დიდ დაბრკოლებას წაწყდომოდა, ქალი უარს არ იტყოდა თავის ჩანაფიქრზე. - ჯანდაბა ! წავედით ! - დაიგრგვინა საიმონმა და ქეროლის ბარგს ხელი დაავლო. რამდენიმე კვირამ უშედეგო ძებნით ჩაიარა, წარმოდგენაც არ ჰქონდათ სად უნდა გაეგრძელებინათ ძებნა. თბილისში ამ სახელით რეგისტრირებული რამდენიმე ასეული ადამიანი იპოვეს და აჩვენეს ქეროლს, მაგრამ ყველა მათგანზე ქალს უარყოფითი პასუხი ჰქონდა. ბოლოს იმედიც კი გადაეწურათ. - ქეროლ, დარწმუნებული ხარ, რომ ეგ გიორგი შენი გამოგონილი არაა ? - სეფარვით ჰკითხა ლორამ და ქეროლის ბრაზით სავსე თვალებს წააწყდა. - დარწმუნებული ვარ ! თუ თქვენ ამაში ეჭვი გეპარებათ დაბრუნდით ნიუ-იორკში, მარტო გავაგრძელებ ძებნას ! - მიაძახა და ნომრის კარი მოიჯახუნა. ნერვებმოშლილმა ჩაიბინა კიბეები და გარეთ გავარდა. რის ვაი-ვაგლახით იპოვა ჯიბეში თავისი მალბორო და დარჩა პირში ჩალაგამოვლებული. სანთებელა თან არ წამოუღია, ნომერში ასვლა კიდევ არ უნდოდა. მათი სახეები დანახვა გულს აურევდა. ერთი თავს მის დას უწოდებდა, ერთი დედას, ერთიც კი ბავშვობის მეგობრად ასაღებდა თავს, არადა უყვარდა იგი. ამ სიტუაციამ გულისრევის შეგრძნება გაუჩინა. რა უნდოდა მათთან ერთად ? სულაც ვერ სცნობდა ვერც ერთს და არც საჭიროებდა ამას. თავს მარტო უკეთ გრძნობდა ვიდრე ამ უცხო ხალხის გარემოცვაში. - სანთებელა გინდა ? - სასტუმროს კართან მდგარი შვეიცარის ხმამ გამოაფხილა. - ლადო, მადლობა ღმერთს ! - ცაში აღაპყრო ხელები ქეროლმა. - ასე თუ გაგიხარდებოდა ჩემი ნახვა არ მეგონა. - გაეცინა ბიჭს და სანთებელა გაუწოდა. ქეროლმა ზედიზედ ორი ნაფაზი დაარტყა და ნეტარებისგან წამით გაინაბა. - ნერვები მოგიშალეს? -გამართული ინგლისურით მიმართა ლადომ. - ჰო. - თქვა და თავი ჩაქინდრა. სასტუმროს კედელს ზურგით მიეყრდნო და სიგარეტი მოქაჩა. - ვერ იპოვეთ ის გიორგი ? - უკმაყოფილოდ იკითხა ლადომ და თვითონაც მოუკიდა სიგარეტს. - ვერა. თითქოს მეტისმეტად რთული დავალება შევქმენი და მე თვითონ ვერ ვუმკლავდები ამ ლეველის ბოსს. - თქვა და წარბი შეკრა. - მართლაც რთულია, საქართველოში ენ რაოდენობით გიორგი გვყავს. - ჩაილაპარაკა და ერთ-ერთმა კლიენტმა მას მანქანის გასაღები მისცა, რათა მას მანქანისთვის კუთვნილი ადგილი მიეჩინა. ის-ის იყო ლადო აპირებდა მანქანაში ჩაჯდომას, რომ ქეროლმა სთხოვა. - ლადო, მე გადავაყენებ, რა... - თავი მოისაწყლა და შრეკის კატის თვალებით შეხედა ლადოს. - შტრაფი მექნება. - შეყოყმანდა ბიჭი. - თუ ვერავინ გაიგებს არაფერიც არ გექნება. - გახალისდა ქეროლი და გასაღები ხელიდან გამოსტაცა. - იცოდე, არაფერი დააზიანო, ქეროლ ! - მიაძახა უკვე მიმავალ მანქანას ლადომ, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ამ შემთხვევის შესახებ ქეროლის ოხუნჯობების წყალობით მისი უფროსი მაინც ყველაფერს გაიგებდა. ქეროლი კი არაფრზე ფიქრობდა. აღმოაჩინა, რომ მანქანები მისი გატაცებაა და საჭესთან ყოფნა მისი სტიქია. ინსტინქტურად ატარებდა მანქანას და შეისისხლხორცა თითქოს. ის-ის იყო გააჩერდა და გადმოსვლას აპირებდა, რომ რაღაც ზალამ აიძულა რამენიმე წუთი შეყოვნებულიყო. მანქანა საოცრად სუფთა, მოვლილი და მდიდრული იყო. აქ ყოფნა აშკარად ერჩივნა სასტუმროს ნომერში ყოფნას, რომელშიც გიორგიში დაეჭვებულ სამ ადამიანთან მოუწევდა კონტაქტი. იმდენად იდუმალი იყო ეს ოთხბორბლიანი გადაადგილების საშუალება, რომ ქალი დაინტრიგდა, თუ ვის ეკუთვნოდა იგი. როდესაც პატრონმა ლადოს გასაღები გადასცა, ამ ადამიანის სახე და ფიზიონომია ქეროლს არ დაუნახავს. ხვდებოდა, რომ ეს არაკანონიერი ქმედება იყო, მაგრამ რაღაც ძალა უბიძგებდა მას, რომ ეს გაეკეთებინა. თითქოს სიკვდილ-სიცოცლის საკითხი ყოფილიყო. ქურდბაცაცასავით შეამოწმა სათავსოები და ერთგან ნაპოვნმა ნივთმა გულიანად გააცინა. პრეზერვატივების მთელი შეკვრა ედო ამ ადამიანს მანქანაში. თავი გააქნია და თავის ადგილას დააბრუნა ისინი. საბუთები, ბარათები, რომლებმაც ქეროლის ყურადღება ვვერ დაიმსახურეს, ათასი წვრილმანი. აი, ყველა მცირე სათავსოში ნაპოვნმა გულისცემა აუჩქარა, სუნთქვა შეეკრა და თავზარიც კი დასცა. ხელი პირზე მიიფარა, რათა კივილი არ აღმოხდომოდა. თვალები ცრემლით აევსო და სისხლის მოძრაობის სისწრაფე გაუათმაგდა. საკუთარი ფოტოსურათი. ჰო, ფოტოზე აღბეჭდილი იყო ქეროლი. იღიმოდა, ბედნიერებას ასხივებდა. ფოტოსურათი გადაკეცილი იყო, მის მეორ მხარეს შავგვრემანი, მწვანეთვალება უსიმპათიურესი კაცი იყო გამოსახული, რომელიც ცალყბად იღიმოდა და ქეროლს ეხუტებოდა. ქალი ერთიანად აცახცახდა და მისი მეხსიერების ყინული თითქოს მომენტალურად გაალღვესო ყველაფერი გაახსენდა. და, დედა, საიმონი, ბაჭია, კერძები, სამსახური. გიორგი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.