შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მუდო ელფი ( სრულად )


23-01-2019, 03:42
ავტორი melanqoliki
ნანახია 6 949

ეს დღეც ისე გადიოდა, როგორც დანარჩენი რუტინული სამუშაო დღეები. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მაგიდასთან მჯდომს, მეათასედ მესმოდა საახალწლო სიმღერების ნაკრები, რომელიც ჩემს უძვირფასეს თანამშრომელს, ვატოს ჩაერთო. სმენის ნატამალი არ გააჩნდა, თუმცა ისე გულმოდგინედ და მთელი მონდომებით ცდილობდა რითმებს აჰყოლოდა, რომ შემეცოდა რაიმე უხეშად მეთქვა, ან უბრალოდ მეთხოვა მუსიკა გამოერთო და საკუთარ თავში აღმოჩენილი ახალი ნიჭი დროებით დაეოკებინა.
_ ტანა ნა, ნა ნა ნა, _ ცეკვითა და მასხარაობით დამადგა თავზე და წინ საბუთები დამიდო.
_ აი აქ, ტა ნა ნა,_ ღიღინით მანიშნა ქაღალდზე.
_ ეგრე დავწერო ტანანა ? _ სახეზე გაღიზიანება შემეტყო.
_ არა ლამაზო, ხელი მოაწერე სათუთად _ ისეთი მონდომებით გამიღიმა, ცოტა შემრცხვა. სწრაფად მოვაწერე ყველა საბუთს ხელი და ავტომატურად დავუბრუნე უკან.
_ ისე, ახალი წელი მოდის მალე და რომ გაიღიმო უფრო დამშვენდები. _ მომაძახა და ცეკვა განაგრძო.
_ არა იყოს, გრინჩის როლი უფრო მხიბლავს _ თავმობეზრებულმა გავძახე და საქმიანობა გავაგრძელე.
უკვე ექვსი საათი ხდებოდა, კიდევ ექვსი საათი და მერე უკვე ვატოს სიმღერა ყროყინში გადაიზრდებოდა. გამახსენდა როგორ გამოთვრა წინა კორპორატივზე და ნერვები უარესად მომეშალა. საახალწლო გეგმები ისედაც არ მქონია, სახლში არავინ მელოდა, ჩემებთან წასვლასაც არ ვაპირებდი, მაგრამ სამსახურში ახალი წლის აღნიშვნა ნამდვილად არ მომწონდა . საშინლად მეზარებოდა კოლეგების გამომთვრალი სახეების ყურება და ათასი სისულელის მოსმენა. ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა კარგ ხასიათზე ვყოფილიყავი, ან ბედნიერი სახით ვმჯდარიყავი უაზროდ გადაღლილი და დავლოდებოდი შუაღამის მოსვლას.
_ იქნებ ცოტა ხნით შეგესვენა ? _ მისი ხმის გაგონებაზე შევცბი, ჯანდაბა, ირაკლი სულ აღარ მახსოვდა.
_ არც ისეთი დაღლილი ვარ _ შევეცადე გრინჩის ნიღაბი გვერდით გადამედო და ნორმალურად მეპასუხა.
_ დარწმუნებული ხარ ? ჰაერზე გავივლიდით, ყავას დავლევდით _ ო ღმერთო, როგორ ვერ ვიტანდი ასე ადვილად უარი რომ არ ესმოდა.
_ დიდი მადლობა, მაგრამ ისედაც ვერ ვეტევი დროში, გეგმა უნდა შევასრულო გრაფიკის მიხედვით _ დამაჯერებელი არგუმენტები მოვიყვანე და გაღიმება ვცადე.
_ თუ მარტო ამაშია საქმე, რა პრობლემაა, ნუ ღელავ, უფროსს არაფერს ვეტყვი _ პირზე ხელი აიფარა და თავისი კაბინეტისკენ გაიხედა, ალბათ სხვანაირად უნდა მეთქვა უარი.
_ აჰ, კარგი არ შეგაწუხებ, წავალ და აქ მოგიტან შენს საყვარელ ყავას _ კიდევ ერთხელ გამიღიმა და კარისკენ წავიდა. ნეტა დამანახა როგორი სახე მქონდა, ალბათ მიხვდა რომ უარის სათქმელად, ახალ ფორმას ვეძებდი და ნეიტრალური ვარიანტი გამონახა. თვალი გავაყოლე, არა სიმპათიური ნამდვილად იყო, ვერაფერს დავუწუნებდი. თავის ასაკთან შედარებით, მეტად განათლებულიც გახლდათ და მთელს განყოფილებას უძღვებოდა, იმასაც ვატყობდი, როგორ უჟუჟუნებდნენ სხვა გოგოები თვალებს . აჰ, ალბათ რამდენი ისურვებდა ახლა მასთან ერთად ყავის დასალევად წასვლას, მაგრამ იყო რაღაც ამოუხსნელი რამ, რაც ჩემს თვალში ირაკლის ზედმეტად ყურადღებიანს და არც თუ ისე საინტერესოს ხდიდა.
_ ზედმეტად ყურადღებიანი, ზედმეტი ყურადღება _ ხმამაღლა ვთქვი და საკუთარ თავზე გამეცინა. რა სულელი ხარ ანინა, განა ყურადღება ზედმეტია? თან მამაკაცის მხრიდან. ბოლოს და ბოლოს დასვენება და ფინჯანი ყავა შემოგთავაზა, ისევ ყვავილები და შოკოლადები ხომ არ მოუტანია? ალბათ არის რაღაც ისეთი, უფრო მეტი ვიდრე ერთი შეხედვით კარგი გარეგნობა და უზარმაზარი ყურადღებაა, ის რაც თავიდანვე მიგიზიდავს და გაფიქრებინებს, რომ რაღაც ხდება, ან შეიძლება მოხდეს. საახალწლოდ მორთულ ოფისს თვალი შევავლე და თავში იდეამ გამიელვა, ნამდვილად არ მინდოდა დარჩენილი საათების ამ ადგილას გატარება. სინამდვილეში სამუშაო არც ისე ბევრი მქონდა, რადგან წინა დღეებში სახლშიც ვაგროვებდი საჭირო მასალებს. ბევრი ვარიანტი არ გამაჩნდა _ ან ოფისში დავრჩებოდი და ყველასთან ერთად შევხვდებოდი ახალ წელს, ან უკეთესი, რაიმე მიზეზს მოვიგონებდი და სასწრაფოდ წავიდოდი სახლში. იმის გათვალისწინებით, რომ ირაკლი შანსს ხელიდან არ გაუშვებდა და ისევ უშედეგოდ შეეცდებოდა ჩემს შებმას, მეორე ვარიანტი მშვენიერ სამომავლო გეგმად დამესახა. უამრავი ფერადი ფურცლიდან ერთი ავიღე და ბარათის წერა დავიწყე. ,, მადლობა ყავისთვის, მაგრამ სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და წასვლა მომიწია. საბუთები მოვაწესრიგე. პ.ს წინასწარ გილოცავ დამდეგს ,,
_ და ამას რა ჰქვია ანინა ? _ ისევ წამოვიწყე ხმამაღალი მონოლოგი. ვაცნობიერებდი, რომ ირაკლის დამოკიდებულება ჩემდამი ბოროტად გამოვიყენე. აბა ხომ არ დამირეკავდა სასწრაფოდ უკან დაბრუნდიო, კაცი დასვენებას და გასეირნებას მთავაზობდა რამდენიმე წუთის უკან. სანამ სინდისი ბოლომდე შემაწუხებდა და ისევ თვითკრიტიკას მივმართავდი, სწრაფად ავდექი და გამზადებული საბუთებით გავემართე ბატონი ირაკლის კაბინეტისკენ. შევამჩნიე, როგორ მიყურებდნენ ჭორიკანა გოგოები გამჭვირვალე შუშის მიღმა. ალბათ ისევ ახალ ჭორს აგორებდნენ და მუშაობის ნაცვლად, თავს იმის ფიქრში იკლავდნენ, ამჯერად მართლა ერთად ვიყავით თუ არა მე და ირაკლი და მართლა მხოლოდ საბუთების დატოვებას თუ ვაპირებდი მის კაბინეტში. ხელში მოკეცილი წითელი ბარათის დანახვაზე სიცილი ძლივს შევიკავე, ოთახში შევედი და სანამ კარს მივიხურავდი ჩემს გულშემატკივრებს გემრიელად გავუღიმე. ისე, რა იქნება ნეტავ ამდენი კეთილის მსურველი ხალხი რომ არ გვყავდეს ირგვლივ ? აი ასე, უცებ იღვიძებ აუღელვებლად მოდიხარ სამსახურში, შეიძლება ცოტა დაგაგვიანდეს კიდეც, მაგრამ იმაზე ფიქრით თავს დიდად არ შეიწუხებ, რას ეტყვი გაოცებულ კოლეგას. უბრალოდ ჯდები სამუშაო მაგიდასთან და წყნარად იწყებ მუშაობას, არც სინდისი გაწუხებს იმის გამო, რომ უამრავჯერ ახსნილი ერთი და იგივეთი დაღლილს ნერვები არ გეყო და გვერდით მჯდომი შემოგელანძღა. არადა, უბრალოდ სიმართლე უთხარი, რომ თავი შეიკავოს სხვის ცხოვრებაში თავისი უზარმაზარი, ცნობისმოყვარე ცხვირის ჩაყოფისგან და მიხედოს საქმეებს, რომლებიც თავზესაყრელად აქვს. მაგრამ არა, ასეთი რამეები, მხოლოდ ოცნებებში თუ ხდება. განა ამის გამო არაა ახლა სახლში გაქცევა და გემრიელად გამოძინება რომ გინდა?
_ ახლა უკვე პუბლიკაზე მუშაობ? _ ისევ ხმამაღლა მივმართე ჩემს თავს და ხველებით გამოვედი უკან.
_ კარგად ხარ ანინა? ხომ არ გაცივდი? _ ვატომ სიმღერა შეწყვიტა და თვალდაქაჩული მომაჩერდა. ალბათ, ნამეტანი ვიმსახიობე და ჩემმა ვითომ ხველამ მისი ნიჭი გადაფარა.
_ ხო, არ ვიცი, ალბათ ვცივდები
_ რას ამბობ კაცო, რა დროს გაციებაა, მალე მოვრჩებით და მერე ყველა ერთად მაგრად გავერთობით _ სიტყვის დასრულება არ მაცადა ისე მომაყარა და სკამზე მიფენილი შარფი გამომიწოდა, რომელსაც უზარმაზარი წითელცხვირიანი ირემი ეხატა.
_ არა, მადლობა, ახლა ეს ვერ მიშველის, მგონი სიცხეც მაქვს და _ კიდევ ერთხელ ვცადე ჩახველება და ხელისგული შუბლზე მივიდე.
_ ვახ, მოკლედ რა გიშველო რა გავაკეთო, გაციების ჩაის მოგიტან _ არ ველოდი ასე თუ შეწუხდებოდა.
_ არა, არა, თუ არ ჩავწექი და თავს არ მივხედე მერე უარესი იქნება. _ სწრაფად დავწვდი ქურთუკს და ჩანთა ავიღე.
_ ანუ გამოდის, რომ გვტოვებ? _ მთელმა განყოფილებამ გამომხედა
_ ხო, ასე გამოდის, მაგრამ ყველას გილოცავთ და კარგი დროის გატარებას გისურვებთ _ მაგიდიდან ტელეფონი ავიღე და ნაბიჯს ავუჩქარე, ვოცნებობდი ისე მივსულიყავი ტრანსპორტამდე, რომ გზად ირაკლი არ შემფეთებოდა. არა, ამ ახალ წელს ნამდვილად გრინჩის ნიღაბი მქონდა, თურმე მსახიობობაც კარგად შემძლებოდა. ისეთი სისწრაფით გავრბოდი ქუჩის მეორე მხარეს, ალბათ რაღაც დონეზე მეც მჯეროდა, რომ მართლა ცუდად ვიყავი და ჩემი თავისთვის უნდა მეშველა. შეშლილივით ავუქნიე ხელი ტაქსის, და როგორც კი მანქანა დაიძრა და თავი ოდნავ სამშვიდობოს ვიგრენი, ტელეფონიც მაშინათვე აწკრიალდა.
_ ანინა, ცუდად ხარ? _ ნაცნობი ხმა აღელვებული ტონით მესაუბრებოდა. იმედს ვიტოვებდი, რომ გვერდიდან არ უყურებდა ჩემს შეშლილ გაქცევას სამსახურიდან სახლისკენ.
_ ცოტა შეუძლოდ ვარ _ შევეცადე, რაც შეიძლებოდა სუსტად მეთქვა და მეტი დამაჯერებლობისთვის კარგადაც ჩავახველე.
_ ასე თუ იყავი, თავიდანვე რატომ არ მითხარი? სახლში გაგაცილებდი და საჭირო წამლებს, ან არ ვიცი რაც დაგჭირდებოდა ყველაფერს გიყიდდი.
_ არც მე მეგონა, ასე თუ გავხდებოდი, უბრალოდ გაციებული ვარ და დროულად უნდა მივაქციო თავს ყურადღება _ იქნებ არ უნდა წამომეწყო ეს თამაშები? ჯანდაბა, მერამდენე სისულელეს ვამბობდი, უკვე გვიანი იყო, ამ ყველაფერზე თავიდანვე უნდა მეფიქრა.
_ არ მინდა შეგაწუხო, თუ ნებას მომცემ მოვალ და მოგივლი _ ამ წინადადების გაგონებისას უაზრო შეგრძნება დამეუფლა, სახე დამემანჭა და მომინდა ტელეფონი გამეთიშა, მაგრამ თავი შევიკავე. როდის აქეთ ვიყავი პატარა ბავშვი? აი, ამაში ვგულისხმობდი ზუსტად ზედმეტ ყურადღებას.
_ არ მაწუხებ, უბრალოდ მარტო ყოფნა აჯობებს, თან მაგათ უყურადღებოდ ხომ არ დატოვებ, მე გაციების ჩაის დავლევ და დავიძინებ._ მოკლედ მოვუჭერი სათქმელი და პასუხის მოლოდინში სუნთქვა შემეკრა, ნამდვილად არ მინდოდა სახლში მისულს თავზე დამდგომოდა.
_ კარგი, გული მწყდება, რომ ახალ წელს ასე შეხვდები, თუ რამე დაგჭირდება დამირეკე და წამში შენთან გავჩნდები.
_ დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მალე გამოვკეთდები _ ყალბი თავაზიანობით დავემშვიდობე და ტელეფონი გავთიშე.
მძღოლს მანქანა სახლთან მდებარე, უახლოეს სუპერმარკეტთან გავაჩერებინე და სიხარულით გადმოვედი. რა შეიძლება იყიდოს ადამიანმა მაღაზიაში, როცა ახალ წელს უმუღამოდ და უყველაფროდ ხვდება სახლში ? წარმოსახვაში ჩემი მაცივარი და მასში მყოფი პროდუქტები გავაცოცხლე. რაც არ უნდა უხასიათოდ და ცუდად ვყოფილიყავი, შიმშილის გრძნობას ვერსად გავექცეოდი. იმის გათვალისწინებით, თუ რა პროდუქტები, უფრო სწორად ნარჩენები მედო მაცივარში, გადავწყვიტე ყველაზე მარტივი რამ, სენდვიჩები გამემზადებინა. შიმშილის გრძნობამ იმატა და ამიტომ პირდაპირ სახლში წასვლა გადავწყვიტე, სადღაც გადანახული შოკოლადებიც მეგულებოდა. სადარბაზოს კიბეები სწრაფად ავირბინე და მეხუთე სართულზე გასაღების მოსაძებნად შევჩერდი.
_ ანინა შვილო ისევ მარტო ხარ ? _ მოპირდაპირე მხარეს რკინის კარი გაიღო და იქიდან ოთხი თვალი მომაჩერდა.
_ გამარჯობა ქალბატონო თინა, ვინმეს ელოდით კიდე? _ ცინიკურად გავუღიმე და თავი შევიკავე, რომ არ გამომელანძღა.
_ ახალ წელსაც მარტო უნდა იყო ? _ სათვალე შეისწორა და სადარბაზო ცნობისმოყვარედ შეათვალიერა.
_ კი თინა დეიდა, თქვენ არა ხო? ააა, არა თქვენი კატა ისევ ცოცხალია _ წინადადება დავასრულე და ჩავიცინე.
_ ბალუ _ დაუჭყავლა გასიებულ კატას, რომელიც კარებში ეკვეხებოდა და თავის დახსნას უშედეგოდ ცდილობდა, როგორც ჩანდა საბრალო კატაც ვეღარ უძლებდა.
_ კარგად _ სწრაფად მივაძახე და სახლში შესულმა კარი გაოგნებულმა მივიხურე.
ხომ, ასეთია ცხოვრება. თუ მარტო ცხოვრობ ან საყვარელი უნდა გყავდეს, ან არადა რაღაც საეჭვოშია საქმე და იმასაც იფიქრებენ, რომ შეიძლება იმნაირი იყო. მათი წარმოსახვის უნარი, ხომ იმდენს ვერ წვდება, რომ შესაძლებელია დამოუკიდებელი ქალი იყო, საკუთარ თავზე მარტო ზრუნავდე და გინდოდეს რამეს მიაღწიო . არა, თუ უკვე 26 წლის ხარ და ისევ მარტო ხვდები ახალ წელს, ესეიგი რაღაცაშია საქმე და აი უკვე მერე იწყება შეკითხვები. გყავს თუ არა შეყვარებული, რას საქმიანობ სამსახურის მერე, რატომ დადიხარ ანგელოზივით გოგო ასე მარტო და ყველაზე აქტუალური_ როდის თხოვდები? თითქოს, ზემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებზე პასუხები არ აკმაყოფილებთ და რატომღაც ფიქრობენ, რომ სადღაც იდუმალი პრინცი გყავს გადამალული, რომელთან ერთადაც დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებას გეგმავ. ასეთი ხალხისთვის ალბათ ბედნიერება მხოლოდ ისაა, ხუთ შვილს ერთად უვლიდე ახალგაზრდა დედა იყო, რომელიც მუდამ გაღიზიანებულია და რომელსაც მუდამ არ ყოფნის ძილი. თმა კი მუდამ დასავარცხნი და დასაყენებელი აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ ბავშვის საჭმლით დალაქავებულ ტანსაცმელებსა და ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გამოსაცვლელ პამპერსებზე. თინასნაირი ჭორიკნები, კი ალბათ გულს იმით იხარებენ და ცხოვრებას იხალისებენ, ვისზე რა ჭორს გაავრცელებენ და ახალ ისტორიას მოუგონებენ, რომ მერე დარჩენილი დღის უაზრო საათები ყავის თანხლებით ერთმანეთს გაულამაზონ. აბა რა უნდა ქნა სხვა, როცა შინაბერა ოთხთვალა ხარ, რომელსაც კატის მეტი არავინ გააცჩნია და იმ კატასაც კი სძულხარ.
_ არა, მე არ ვიქნები შინაბერა _ თვალები ავატრიალე და ხმამაღლა ლაპარაკი დავიწყე.
_ და თუ ვიქნები, ტვინს არავის გავუბურღავ უაზრო შეკითხვებით, არავის გავჭორავ და კატა ნამდვილად არ მეყოლება.
_ არაა, არ ვიქნები შინაბერა _ მონოლოგი გადაწყვეტილებით დავასრულე, რომლის სიმართლეშიც ცოტა ეჭვი მეპარებოდა, ან როგორ არ უნდა შემპარვოდა, როცა ყველა თაყვანისმცემელს უარით ვისტუმრებდი, მათ შორის ირაკლისაც. აჰ, როგორ არ ვისურვებდი იმ შინაბერების რიცხვში შევსულიყავი, რომლებიც ახალგაზრდებს, ან სხვა თანატოლებს წარსულზე დაუწყებდა ლაპარაკს ფრაზით _,, იცი რამდენი მეძლეოდა?,,
ჩემივე სულელურ ფიქრებზე გამეცინა, ფეხზე გავიხადე და სამზარეულოს მივაშურე.
სანამ მაცივრიდან ცოტა ყველი, ძეხვი და ბოსტნეულის ნარჩენები გამოვიღე სენდვიჩების გასაკეთებლად, ცხრა საათიც შესრულდა. უზარმაზარი სენდვიჩები დიდ, წითელ თეფშზე დავდე, გადამალული შოკოლადები გადმოვიღე და ნუგბარი მისაღებ ოთახში, დივნის გვერდზე, პატარა ზომის მაგიდაზე დავალაგე. ათის ნახევრისთვის, როცა უკვე შხაპიც მიღებული მქონდა და კომფორტულადაც მეცვა, ტელეფონზე შემოსული ზარების დაიგნორება დავიწყე. გარეთ უკვე ისმოდა ფეიერვერკების ხმა და გახარებული ბავშვების მხიარული ყიჟინა. ერთ დროს ხომ მეც მათსავით მიხაროდა ყველაფერი და მეგონა, რომ ახალი წლის ღამე ჯადოსნური იყო და თუკი რაიმეს გულით ჩავიფიქრებდი, შემდეგ წელს აუცილებლად ამიხდებოდა. მახსოვს, როგორ გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ სახლიდან გაქცეული დედაჩემი უკან დაბრუნდებოდა და ყველაფერი ისევ ისე, ძველებურად იქნებოდა. მაგრამ მერე უკვე ვხვდებოდი, რომ აღარაფერი იქნებოდა ისე კარგად, თუნდაც მოჩვენებითადაც კი, და რასაც მაშინ ვხედავდი, რისაც მაშინ მწამდა არაფერი არ იყო სიმართლე, ისევე როგორც ახალი წლის ჯადოსნურობა, ან თოვლის ბაბუა, რომლის მოლოდინშიც სულ მეძინებოდა. მოგონებებიდან გამოვერკვიე, სკამზე მიფენილი ფერადი პლედი ავიღე და თაროში აკურატულად შელაგებული ფილმების კოლექციიდან საყვარელი, ათასჯერ ნანახი უბის წიგნაკი გამოვაცურე. უმუღამო, ახალი წლის მოძულე, უხასიათო, უშეყვარებულო, თავმობეზრებულ ანინას, ათასჯერ შეეძლო ენახა რომანტიკული ფილმი, რომელზეც ხშირად ეტირებოდა. იმ დროს, ხომ სულაც არ ჰქონდა მნიშვნელობა რა ხდებოდა გარეთ, ან სხვა ოჯახებში. იყვენენ თუ არა, მისი მეგობრები აგარაკზე, სადაც ერთად აღნიშნავდნენ ახალ წელს, გამოთვრებოდნენ თუ არა მისი კოლეგები კიდევ ერთხელ და როგორ შეხვდებოდა მისი დანაწევრებული პატარა ოჯახი პირველ იანვარს.
_ აჰ, ისევ დაიწყე ხო? რამდენი ხანია არაფერი დამიწერია _ ჩემს თავს ისევ ხმამაღლა ველაპარაკებოდი. ლეპტოპში ახალი ფაილი მქონდა, რომელშიც მხოლოდ ერთი აბზაცი დამეწერა და ისიც კი აღარ მახსოვდა, რა შინაარსის იყო. ან როდისღა უნდა მომესწრო? ჩემს ცხოვრებში ისეთი ქაოსი იყო, მე კი ყოველთვის ვცდილობდი, აურზაურისა და პრობლემებისთვის თავი სამუშაოში ჩაფვლით და წინსვლით ამერიდებინა. რაღაცაში მაინც შემეძლო წარმატებისთვის მიმეღწია და საკუთარ თავს არ ვზოგავდი.
უკვე თითქმის გაზეპირებული ფილმი ჩავრთე, დივანზე მოვკალათდი პლედში გამოვეხვიე და სენდვიჩების ჭამა დავიწყე. ტელეფონი კი ისევ განაგრძობდა რეკვას, ცოტაც და ტვინი ამეხდებოდა. გადავწყვიტე დამეხედა მაინც და მერე ისე გამეთიშა. დედაჩემი, როგორც ყოველთვის განიცდიდა და უშედეგოდ მეპატიჟებოდა თავის სატრფოსთან ერთად სუფრაზე მოსალხენად. მამაჩემი ბებიასთან და თავის ცოლთან ერთად ხვდებოდა ტრადიციულად ახალ წელს, მეგობრები კი ისევ მანამუსებდნენ, რომ გადამეფიქრებინა და ვითომ სამსახურში შეხვედრას, მათთან ასვლა მერჩია. იმ დასკვნამდე მივედი, რომ არავინ იცოდა, რა ვითარებაში ვიყავი და საერთოდ რა მინდოდა. ხომ შემძლო შესაძლო ვარიანტებიდან რამე მაინც ამერჩია? ბოლოს და ბოლოს, მეგობრებთან ერთად მაინც ავსულიყავი გუდაურში, სუფთა ჰაერი ჩამეყლაპა, დამელია და მოვდუნებულიყავი? იქნებ, ცოტა გულიც გადამეყოლებინა, მაგრამ არა. სამსახურიდან ტყუილებით წამოსვლა, უფრო სწორად გამოქცევა ვამჯობინე, გახლეჩილ ოჯახს მოვატყუე, ვითომ დრო არ მქონდა, ირაკლიც გავაცურე და ვანერვიულე და საბოლოოდ რა დავმალე? საკუთარ თავს ხომ ვერ მოვატყუებდი? თამაში ნამდვილად კარგად გამომდიოდა, მაგრამ იმ შინაგან გრძნობას და სიცარიელეს სად გავექცეოდი, რომელიც ასე მატყდებოდა თავს მაშინ, როცა სამუშაოს ვეღარ ვაფარებდი თავს და შესვენების დრო დგებოდა? მაშინ ხომ ყველაფერზე ერთიანად მეფიქრებოდა და წერაც კი აღარ შემეძლო? იმ მრისხანე, უხასიათო და უკმეხ არსებად ვიქცეოდი, რომელსაც არავინ და არაფერი ადარდებდა, რადგან შინაგანად განადგურებულად და ცარიელად გრძნობდა თავს და რის გამო? იმის გამო, რომ სულელი და გულუბრყვილო იყო გასული წლების განმავლობაში და საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებდა. მუდამ ის შეკითხვა სტანჯავდა, რატომ ვერაფერს ამჩნევდა მანამდე, და საერთოდ, როდის დაეკარგა რეალობის აღქმა? ნუთუ შეიძლება ადამიანი სიყალბეში ისე თვალახვეული ცხოვრობდეს, და იქმნიდეს ბედნიერების ილუზიებს და ყალბ მოგონებებს, როცა უძვირფასესი ადამიანები მის გვერდით უბედურად ცხოვრობენ და რეალობას გაურბიან?
სენდვიჩის ლუკმა აღელვებულმა გადავყლაპე და ტიტრების გადახვევა დავიწყე, თან საყვარელ ფრაზას ვბუტბუტებდი.,, მიყვარხარ, შენ ხარ ყოველი ჩემი მიზეზი, იმედი და ოცნება. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა მოხდება ჩვენს შორის მომავალში. ჩვენი ერთად ყოფნის ყოველი დღე ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეა და მე მუდამ შენი ვიქნები,,
უკვე მერამდენედ ვიმეორებდი ამ ფრაზას და მერამდენედ ვაპირებდი ამ ფილმის დასასრულზე ბღავილს, ალბათ მეათასედ ამოვუშვებდი დაგროვილ სევდასა და საშინელ შეგრძნებას. როგორც ჩანს სევდის შეგრძნებას, ჩემში მადა გაეღვიძებინა, ფილმი დავაპაუზე ზლაზვნით ავდექი და სამზარეულოში იმ იმედით გავედი, რომ რაიმეს კიდე ვიპოვიდი, ან ერთი სენდვიჩის გაკეთება კიდევ შემეძლებოდა. გადავწყვიტე თაროებიც შემეთვალიერებინა, ის იყო ზედა განყოფილებაში შესახედათ, სკამი უნდა მიმედგა, რომ კარზე ზარი გაისმა და დენდარტყმულმა სუნთქვა შევიკავე. საათისკენ გავაპარე თვალი, უკვე თერთმეტი ხდებოდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო? ჯანდაბა, მესიჯები მაინც უნდა გამეგზავნა და უარი მეთქვა დედაჩემისა და მამაჩემის ოჯახებში სტუმრობაზე. ნუთუ ინერვიულეს და მომაკითხეს? თერთმეტ საათზე? არა, რაღაც რეალობასთან ახლოს ვერ მოდიოდა. იქნებ ირაკლი იყო? და კარი რომ არ გამეღო? თავში უამრავი ვარიანტი მიტრიალებდა, ნელა მივიპარე კართან და სათვალურში გავიხედე, იქ არავინ იყო. აჰ, ალბათ ბავშვები მაიმუნობდნენ. მოვიფიქრე კარი მაინც გამეღო და სადარბაზო შემეთვალიერებინა, რომ კიდევ არ შევეწუხებინე პატარების ოინებს. კარი მთელი სიფრთხილით გავაღე და თავი გავყავი, სადარბაზო ცარიელი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ქალბატონი თინათინი სათვალურიდან მადევნებდა თვალს. ჩემი კარების წინ მოზრდილი ზომის ყუთი იდო, რომელსაც ზედ პატარა ბარათი ახლდა. ყუთი გაკვირვებულმა ავიღე, თუმცა რა იყო გასაკვირი ბარათზე ჩემი სახელი ეწერა ,, ანინას,, ალბათ ირაკლი იყო მოსული და კარი დროულად რომ არ გავუღე, იფიქრა ჩაეძინა და არ გავაღვიძებო, ვიცოდი საჩუქარს აუცილებლად გამიკეთებდა, აბა ისე ეკადრებოდა? ჩავიცინე და სანამ კარებს მივიხურავდი შეტაკება ვიგრძენი, გონს მოსვლა ვერ მოვახერხე, ისე შევვარდი ინერციით სახლში ჩემს წინ კი იატაკზე გაშხლართული სილუეტი დავლანდე, რომელიც ბოლო კიბიდან ეგრევე მარჯვენა მხარეს გადმოვარდა, შეიძლება ითქვას ფეხი დაუცდა ან შებარბაცდა, თავი ვერ შეიმაგრა და პირდაპირ იატაკზე გამოსრიალდა.
წესიერად ვერ მივხვდი რა მოხდა ორიოდ წამში, მანამ სანამ საჩუქარზე ჩემი სახელი ამოვიკითხე, მხოლოდ ის გავიგე გარკვევით, როგორ დაიყვირა აღტაცებისგან შინაბერა თინამ და მალე გარეთ გამოვარდნა დააპირა. უკვე წარმომიდგა თვალწინ, როგორ ილაპარაკებდნენ მომდევნო ერთი წელი ჩემს ვითომდა საყვარელზე, ამიტომ ჩემდა გასაკვირად, სანამ კარებში მის მეტიჩარა ცხვირს და გამადიდებელ ლუპა სათვალეს დავლანდავდი, მანამდე მთელი სისწრაფით მივხურე შესასვლელის კარი და ჩემს წინ გაშოტილ ახალგაზრდა მამაკაცს მივაჩერდი, რომელსად აშკარად ეძინა. ხელში მოზრდილი ზომის სასაჩუქრე ყუთი მეჭირა და ჩემი სახლის შესასვლელში, დაუპატიჟებელი სტუმარივით ავტუზულიყავი.
_ ჰეეი, შენ _ გაუნძრევლად ვუხმე უცნობს, რომელსაც აშკარად არ ესმოდა. ო ღმერთო, რას ვაკეთებდი ? ასე ყოფნას, მგონი ისევ თინასთან დიალოგი მერჩივნა.
_ ხო, ასე იყო _ მოულოდნელად ჩაილაპარაკა რამდენიმე წუთის წინ უგონოდ მყოფმა სხეულმა და გემრიელად ამოიხვნეშა, თან რაღაცას ბუტბუტებდა. სანამ კიდევ ერთხელ დავუძახებდი და მის გამოღვიძებას შევეცდებოდი, კარებთან ჩუმად მივედი და გასუსულმა გავიხედე სათვალურიდან. არ ვცდებოდი, ჭორბიუროს თავმჯდომარე თინას, თავისი მსუქანი კატა, ხელში მოეჭყლიტა და თან ყურებდაცქვეტილი იდგა ჩემს კართან. წამით ჩემში ონავარმა ბავშვმა გაიღვიძა, რომელსაც სურდა კარი მთელი ძალით გაეღო და გავარდნილიყო მის შესაშინებლად. ნეტავ რას იზამდა მართლა, რომ გავვარდნილიყავი? ალბათ კუდამოძუებული შევარდებოდა სახლში, ან აქეთ ეცდებოდა აწყვეტილივით შემოვარდნას. ამ ყველაფრის წარმოდგენაზე სიცილი ძლივს შევიკავე და ჩუმად ჩავიცინე.
_ ოჰო, კისკისიც შეგძლებია, მაგრამ ისიც ჩუმად შენთვის _ მის ხმაზე შეშინებული ბავშვივით მოვტრილდი, რომელიც დანაშაულის ფაქტზე გამოიჭირეს.
_ შენ რა... _ გაოგნებისგან ლამის ყბა ჩამომივარდა, როცა წამის წინ გათიშული გონს მოსულიყო და თან მელაპარაკებოდა.
_ ცოტა კი მეძინებოდა, მაგრამ იმის ბრალია ძლიერად რომ დავეცი, ცოტა ნასვამიც ვარ _ თვალები მოიფშვნიტა და წამოიწია.
_ ამ, დიდი ბოდიში, მაგრამ მგონი სახლი შეგეშალათ _ შევეცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა და პრობლემა ისე მომეგვარებინა, რომ კარს მოწებებულ თინას ვერაფერი გაეგო.
_ არა, არა მგონია _ ჩაიცინა და შემოსასვლელი შეათვალიერა მერე კი მე მომაჩერდა. დიდი, ცისფერი თვალებით შემომყურებდა და მეგონა, ცოტაც და იატაკზე წამომჯდარი სიცილით გადაყირავდებოდა, მერე კი ისევ მძიმე ხვნეშას ამოუშვებდა და საბოლოოდ მიეძინებოდა.
_ აშკარად რაღაც გეშლებათ, ალბათ მეგობართან ან ვინმე ახლობელთან მიდიოდით ახალი წლის შესახვედრად და გზა აგებნათ, შემიძლია დაგეხმაროთ _ ისე თავაზიანად ვსაუბრობდი, ჩემი სიტყვების მეთვითონ არ მჯეროდა. მთელი დღის მანძილზე დაბღვერილი დავდიოდი, ყველას უკმეხად ველაპარაკებოდი და ახლა ვიღაც უცნობის დახმარება მინდოდა, რომელიც ჩემს სახლში უცხოდ სრულიად არ გრძნობდა თავს.
_ არა, შენ უკვე დამეხმარე, სხვა როგორღა უნდა დამეხმარო? _ ცინიკურად ჩაიღიმა და ფეხზე წამოდგა, იმხელაზე დაამთქნარა, ლამის გადამყლაპა, მერე დიდი შავი მანტო შეისწორა და ზემოდან დამიწყო ყურება.
_ ეს რამე საახალწლო ხუმრობაა? ჰა, ჰა, ვინ გამოგგზავნა აგარაკზე ასვლას ნამდვილად არ ვაპირებ და არც კორპორატივზე ვაპირებ წასვლას, რომ იცოდე. _ სწრაფად მივაყარე სათქმელი და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე, საშინლად არ მომწონდა მისი მომღიმარი გამოხედვა.
_ ხო, ნამდვილად არ გავხარ იმას, ვინ სადმე წასვლას გეგმავს. მაგ სვიტრსა და გრძელ წინდებში ელფს უფრო გავხარ. _ იმხელაზე გადაიხარხარა თავგადაწეულმა, მეგონა მთელმა კორპუსმა გაიგონა.
_ ჩშშშ, ხმადაბლა ილაპარაკე და შენი საქმე არაა, მე სახლში რას და როგორ ჩავიცვამ._ გაბრაზებულმა ზოლიან წინდებზე დავიხედე და გრძელი სვიტრი ხელით ქვემოთ დავქაჩე, არა სტუმრებს ნამდვილად არ ველოდი.
_ თქვენობითიდან უკვე შენობითზე გადმოხვედი? _ ან ნამეტანი მთვრალი იყო, ან ჩემი ნებით შემომეშვა სახლში მანიაკი.
_ არ დაგავიწყდეს, რომ ჩემს სახლში ხარ, შენი სახელი? _ სახეზე აშკარა აგრესია მეტყობოდა.
_ სანტა _ მთელი სერიოზულობით წარმოთქვა და ხელი სქელ, შავ თმაში შეიცურა.
_ მისმინეთ ბატონო სანტავ, არ ვიცი მარხილი დაკარგეთ, თუ ირმები, მაგრამ აშკარაა, რომ მისამართი შეგეშალათ აქ არავინ გელოდათ და არც დაგელოდებათ. _ ჩვული ცინიზმი გავურიე და კარს მივეყუდე.
_ არა, შეგეშალა ირმები და მარხილი არ დამიკარგავს, გარეთ გველოდებიან, ელფი დავკარგე. _ ჩემსკენ გამოიწია და აწყლიანებული თვალებით შემომხედა. მოგრძო სახეზე თეთრი ფერი დასდებოდა, მსხვილ ტუჩენს პატარა ბავშვივით მანჭავდა და ადგილზე ცქმუტავდა.
_ რა საინტერესოა რომელი ფსიქიატრიულიდან გამოიპარეთ _ უკვე მე ვათვალიერებდი და მეცოდებოდა, სიმპათიური იყო და ისევ მერჩივნა ვინმე ახლობელი აღმოჩენილიყო, ვიდრე ფსიქიატრიულიდან სანტა კლაუსად წოდებული, გამოქცეული პაციენტი.
_ ჰმ, ახალი წელი რომ არ გიხარია მაგას უკვე მივხვდი, სტუმრებიც რო არ გყავს და არსად რომ არ მიდიხარ ეგეც გასაგებია, მაგრამ ყველაფერთან ერთად მუდოც ყოფილხარ, მუდო ელფი. _ წინადადების დასრულებისას საკუთარი ნათქვამით კმაყოფილმა კიდევ ერთხელ შემათვალიერა და ისევ ისე, ომახიანად გადაიხარხარა.
_ სანტა ხარ, თუ... მგონი ჯობს მიბრძანდეთ და სხვებს ეღადაოთ საახალწლოთ, არ ვიცი სასმლის ბრალია, თუ რამე ახალი დასაბოლებლის, მაგრამ... _ კიდევ მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ სათქმელი ვერ დავასრულე, კარზე ზარი გაისმა და მაშინათვე გავისუსე, თითქოს დენმა დამარტყა, არა, თინას ვიზიტს ნამდვილად ვერ შევხვდებოდი თავაზიანი ღიმილით.
_ როგორც ჩანს სტუმრები გვყავს_ მანტო ხელის ერთი მოძრაობით გაიხადა და იქვე საკიდზე მიაგდო, მერე კი კარისკენ დაიძრა.
_ ჰეი, ჩუმად იყავი_ ფეხისწვერებზე ავიწიე, რომ მივწვდენოდი და პირზე ხელი ამეფარებინა.
_ კარგი რა, ახალი წელია სტუმრებს ასე ხვდები?_ ჩემი ხელი ჰაერში დაიჭირა და გაოგნებული მომაჩერდა, თვალებთან პატარა ჭორფლები შევნიშნე , მგონი გიჟის გარეგნობა მიზიდავდა.
_ ჩუმად იყავი, ცოტა ხნით მაინც _ უფრო დაძაბულმა ხელი გავინთავისუფლე და კართან მიპარვა ვცადე, რომ გამეგო ამჯერად ვინ მესტუმრა.
_ საიდუმლო დავალებაზე ხარ თუ ვინმეს ემალები? _ ისევ გამაღიზიანებელ შეკითხვებს სვამდა და ჩემთან ერთად მოიპარებოდა კარისკენ.
_ ჩუმად იყავი_თქო,_ უკვე ვჩურჩულებდი.
_ კარგი, არ ვიყვირებ და შენს გაპრანჭულ სტუმარ ბიჭს არ დავაფრთხობ, ოღონდ იმ პირობით, რომ ამაღამ აქ დავრჩები.
_ რაა? შენ არც კი გიცნობ, რა ვიცი იქნებ სერიული მკვლელი ხარ, ან მართლა საგიჟეთიდან გამოპარული შეშლილი.
_ ალბათ ხუმრობ ხო? იუმორიც არ გივარგა მინდა გითხრა. უბრალოდ ძმაკაცებს ვემალები, ხო თავიდან სახლი ამერია, უფრო სწორად ... _ რაღაცის თქმას ცდილობდა, მაგრამ კარის ხმამ გადაფარა, უეჭველი ირაკლი იყო და ალბათ იმაზე სულაც არ ფიქრობდა, რომ შეიძლება მძინებოდა. ორიოდ წუთში მობილურიც ახმაურდა, ბატონი ირაკლის შემართება უკვე მაღიზიანებდა და ვხვდებოდი, მთლად ფხიზელი არ უნდა ყოფილიყო. სრული შემადგენლობისთვის თინას გამოჩენაღა იყო საჭირო, მაგრამ ჩემდა გასაკვირად სათვალურიდან არ ჩანდა, ალბათ ისიც თავისი კარის სათვალურიდან ადევნებდა თვალს მომხდარს და გულში მხიარულ პიესას წერდა.
_ მისმინე, ცოტა ხანს შენი დახმარება მჭირდება, კარგი შეგიძლია ახალ წელს აქ შეხვდე ერთ საათს როგორმე გაგიძლებ შენი მეგობრებიც მანამდე კარგად დალევენ და შენი მოძებნის, ან მოკითხვის თავი აღარავის ექნება.
_ რა დახმარება? ტყუილად კი არ ვარ სანტა. _ ადგილზე ახტუნავდა და სახე გაებადრა.
_ აჰ, ვინ იცის თავს რა შარში ვყოფ, მაგრამ ახალი წელია და ვიმედოვნებ უარესი ცხოვრებაში აღარაფერი დამემართება, თუ დამემართება კიდე კარის მეზობელი უეჭველი დაეხმარება პოლიციას ჩემი მკვლელის, მოძებნაში ასე, რომ..._ ჩემს თავს უფრო ვამშვიდებდი და უაზროდ ვჩურჩულებდი.
_ მითხარი გისმენ, მკვლელი არ ვარ ხომ გითხარი სანტა ვარ, უბრალოდ არც ღიპი მაქვს და არც თეთრი თმა წვერი. _ გულუბრყვილოდ ჩაიღიმა და ჩემი გეგმის მოსასმენად გაინაბა.
_ მოკლედ, ახლა წავალ კარს გავაღებ, იმ ბიჭს ცოტას დაველაპარაკები ისე რომ გარეთ არ გავალ და როცა განიშნებ ხელით შენც მოხვალ კართან ისე რო დაგინახოს, მერე კი უკან წახვალ გასაგებია? _ საუბარი დავასრულე და სული მოვითქვი.
_ მგონი თხოვნა კი არა ბრძანება უფრო იყო, მაგრამ შესასრულებლად მზად ვარ _ თვალი ჩამიკრა და გაიბადრა.
_ ო, ღმერთო_ ამოვიხვნეშე და კარისკენ წავედი. სანამ ირაკლის დავინახავდი დავამთქნარე და თავი ისე დავიჭირე, თითქოს მეძინა და ამიტომ ვალოდინე ცოტა მეტ ხანს.
_ ანინა, როგორი ლამაზი ხარ _ აშკარად ნასვამი იყო, ძალიან ნასვამი.
_ მადლობა, ჩაი დავლიე და დამეძინა
_ მატყუარა _ მომესმა თვითმარქვია სანტას ხმა.
_ ყველაფერი კარგადაა?_ ადგილზე ქანაობდა
_ კი ყველაფერი კარგადაა, შენი საჩუქარიც მივიღე დიდი მადლობა
_ რა საჩუქარი?
_ ეი, საყვარელო სად წახვედი? _ უცებ კარი ფართოდ გაიღო ჩემს გვერდით დაუპატიჟებელი სტუმარი გაჩნდა, წელზე ხელი მომხვია და ლოყაზე მომეფერა, მერე კი თმა ამიწეწა.
_ ოჰო, ეს ვინღაა ? _ ირაკლის ხმაში გაოცება და სასოწარკვეთა ერთმანეთს ერწყმოდა, გაოგნებისგან ლამის ყბა ჩამომივარდა წამოვწითლდი და შევეცადე თავი როგორმე დამეძვრინა ისე, რომ კომფლიქტი, ან რაიმე მსგავსი უაზრობა არ მომხდარიყო.
_ ერთმანეთს არ გაგვაცნობ ანინა ძვირფასო?_ ნეტავ ჩემი სახელი საიდანღა იცოდა, მგონი აშკარად ჩემი მეგობრების მოგზავნილი იყო, მიმიხვდნენ ალბათ რომ ვატყუებდი და უბრალოდ გართობის სურვილი არ მქონდა.
_ ირაკლი ეს , ეს ...
_ საბა _ ხელი გაუწოდა და ცინიკურად გაუღიმა, თან მეორე ხელით ძლიერად მეკვროდა.
_ საბა_ მისი სახელი გავიმეორე და ჩუმად მთელი ძალით ვუჩქმიტე ზურგზე.
_ ააა, აბა გელოდები საყვარელო მალე მოდი _ წამოიყვირა უცაბედად და შუბლზე მაკოცა, მერე კი სტვენა სტვენით შევიდა მისაღებ ოთახში.
_ არ მეგონა შეყვარებული თუ გყავდა_ ცოტაც და ატირდებოდა
_ არც მე _ ჩავიბურტყუნე ჩემთვის და რაღაცნაირად შემეცოდა, თან მიხაროდა, რომ თავს დამანებებდა და სამსახურში მისულს თავი ყვავილების მაღაზიაში აღარ მეგონებოდა, არც გულს აღარ შემიწუხებდა გადაჭარბებული ზრუნვა მოვლებით და მოკითხვებით, ხო ყავაზეც ალბათ აღარ დამპატიჟებდა. ძალიანაც კარგი, რა ეგონა აბა მთვრალი რომ მომადგა ამ ახალ წელს? ოჰ, ისე ვფიქრობდი, გეგონება საცივებითა და გოზინაყებით ვხვდებოდი ახალ წელს და მთვრალ კაცს ვერ ავიტანდი განწყობის გასაფუჭებლად.
_ რა თქვი? _ დაიძაბა და სევდიანმა გამომხედა.
_ არაფერი ირაკლი, მგონია ჯობს სახლში წახვიდე და დაისვენო გამოიძინო.
_ კარგი, ხელს არ შეგიშლი, აი ეს შენ _ ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო და გამომიწოდა.
_ არ იყო საჭირო _ შემრცხვა და წამოვწითლდი.
_ კარგი, რა გამომართვი და წავალ, გილოცავ _ ხელში ნაცრისფერ ბაფთიანი ყუთი ჩამიდო, ნაძალადევად გამიღიმა და ბანცალით გაუყვა სადარბაზოს კიბეებს.
_ ანინა შვილო, ყველაფერი კარგადაა? _ როგორც ჩანს ცნობისმოყვარეობა ვერ დაეტია.
_ კი თინა დეიდა, მადლობა ყურადღებისთვის და გილოცავთ დამდეგს_ უხეშობის ან რაიმეს თქმის არც ნერვები მქონდა და არც განწყობა.
_ მადლობა შვილო, მეც გილოცავ და ის ვინ... _ არ ვიცი კიდევ რამდენი რამის თქმას აპირებდა, ან რას მკითხავდა, უბრალოდ შემოვედი სახლში და კარიც ნელა დაუჯახუნებლად მივხურე.
_ რა იყო, ასე რამ დაგასევდიანა საყვარელო? _ მისაღებში შესულს თვალები გამიფართოვდა.
_ მისმინე, შენ სანტა ხარ თუ საბა, რას გამოვარდი მასხარაობით
_ განა შენი გეგმა ასეთი არ იყო? არ გინდოდა თავიდან მოგეშორებინა? მარტო თავის გამოყოფა არ უშველიდა კაცს პირდაპირ უნდა აჯახო ან კი, ან არა. _ დიდი ფილოსოფოსივით დაიწყო ჭკუის დარიგება და თეფშზე დადებულ, ჩემი სენდვიჩის ბოლო მორჩენილ ლუკმას დასწვდა.
_ ჰეი, ჩემია, _ განწირულის ხმა ამოვუშვი და თავზე დავადექი დივანზე გაშოტილს.
_ რა იყო, კი არ ვჭამ, აჰა არ გართმევ, რა იყო ასე ხვდებოდი ახალ წელს? კაი ბაჟეები არ იცი, მარა რამე სალათი მაინც გაგეკეთებინა, თუ ელფებმა სალათებიც არ იციან? _ საეჭვოდ შეხედა ჩემს ნარჩენს და თეფშზე თავაწეულმა დააბრუნა.
_ ჰაჰა, რა სასაცილოა, ნეტავ შენ რა იცი საერთოდ, ან ამ ახალ წელს ვის ემალები, რას გაურბიხარ _ ქვეშ გაგებული პლედი გამოვაცალე და სავარძელში მოვკალათდი. სხვას ვაბრალებდი გიჟობას და სერიულ მკვლელობას და მგონი გიჟი მე უფრო ვიყავი, სახლში უცნობი მყავდა, რომელიც ჩემს შეყვარებულს თამაშობდა და თავს სანტად მოიხსენიებდა.
_ ცოდნით ბევრი რამე ვიცი, მაგრამ მეეჭვება შენ სათანადო ინგრედიენტები მოგეპოვებოდეს _ ტუჩები აიბზუა და ხელში პულტი მოიმარჯვა.
_ ადგილზე დააბრუნე
_ უბის წიგნაკი? უკან გადაახვია და სტვენა დაიწყო.
_ ადგილზე დააბრუნე თქო
_ კარგი, რა რატომ ბრაზობ ერთად ვუყუროთ და ბოლოს ერთად ვიტიროთ მერე კიდე წავალ, როგორც შევთანხმდით.
_ არა, შენთან ერთად ამ ფილმის ყურებას არ ვაპირებ, საერთოდ არაფრის კეთებას არ ვაპირებ შენთან ერთად.
_ წამის წინ შეყვარებულები ვიყავით და ასე მალე დაშორებაც არ შეიძლება კარგი რა ნამეტანი მუდოობაც ზედმეტია,ცოტა გავხალისდეთ._ ფეხზე წამოდგა და იმ მომენტზე გააჩერა გული, რომ მითბებოდა ხოლმე, მერე კი ხმამაღლა გაიმეორე ,, შენ თუ ჩიტი ხარ, მაშინ მეც ჩიტი ვიქნები,,
_ ახლა არ თქვა, რომ სანტა კლაუსებს უბის წიგნაკი უყვართ _ თვალები ავატრიალე მის საქციელზე და დრო ვიხელთე დივანზე გადავჯექი.
_ იცი რა, წავალ ახლა და ვნახავ რა გაქვს სახლში, _ მისი ნათქვამის გაცნობიერება ვერ მოვახერხე, ისე გავიდა სამზარეულოში.
_ მე არ მითქვამს სახლი გადამიქოთიალე და წინ და უკან ირბინე-თქო, უბრალოდ ერთ საათს გტოვებ.
_ ჰმ, ცხელი შოკოლადის გაკეთება შემიძლია, ყველაფერი არ გაქვს მაგრამ ვფიქრობ მაინც კარგი გამოვა,_ ნახევრად მაცივარში თავშერგულს სულაც არ ესმოდა ჩემი ლაპარაკი. ისე მისი წასვლის შემდეგ, შემეძლო მომხდარზე დამეწერა, ცოტათი საინტერესო უცნაური შემთხვევა და ჩემი მსახიობობა ფურცლებზე გადამეტანა. მგონი უკვე ნამეტანი მომდიოდა, ნუთუ სულ არ მადარდებდა რა მომივიდოდა? ხომ შეეძლო სასმელში რამე გაერია და მერე სახლი გაეტანა, ან თინას მართლა ჩემი გვამი ეპოვა? თავში უაზრო ფიქრები მიტრიალებდა, სამზარეულოს მაგიდასთან ჩაფიქრებული ვიჯექი და ვუყურებდი უცნობი, საკმაოდ მომხიბვლელი მამაკაცის სილუეტს, რომელიც მთელი მონდომებითა და სტვენა ღიღინით ამზადებდა ცხელ შოკოლადს. ნეტავ ვინ იყო საერთოდ? იქნებ მართლა საახალწლო რუზრუზს, უაზრო სმა ჭამასა და აყალმაყალს გაურბოდა? მაგრამ ვისთან? ჩემთან? მე ხომ აჯაჯულად მეცვა. სენდვიჩებით ვიჯექი ახალი წლის ღამეს და თავს ვიმკვდარუნებდი მხოლოდ იმიტომ, რომ უჟმურ ხასიათზე ვიყავი და არავის დანახვა არ მინდოდა? იქნებ, მართლა ის სანტა კლაუსი იყო, ბავშვობაში ასე რომ ველოდი და ვერა ამესრულებინა ჩემი ნატვრა? ნუთუ სასწაულები მართლა შეიძლებოდა მომხდარიყო?
_ ჰო, როგორ არა _ ჩავიბურტყუნე ჩემთვის და უცნობ ნაცნობს მივუტრიალდი
_ მართლა რა გქვია ?
_ სანტა _ გაიკრიჭა და თაროდან ფინჯნები გადმოიღო, მგონი მე უფრო ვიყავი ჩემივე სახლში სტუმარი ვიდრე ის.
_ აჰამ, აბა რა _ ამოვისუნთქე და მისაღებში გასული დივანში ჩავეშვი. პულტი ავიღე და ყურება განვაგრძე. რამდენიმე წუთში სანტად წოდებული სამზარეულოდან ორი ორთქლადენილი ფინჯნით გამოვიდა და გვერდით მომისკუპდა.
_ ეს შენ _ ფინჯანი გამომიწოდა
_ მადლობა _ საეჭვოდ გადავხედე
_ ახ, ალბათ გგონია, რომ _ თითქოს ფიქრებს მიმიხვდაო, ფინჯანი უკან გამომართვა, სული შეუბერა და ცხელი შოკოლადი ისე მოყლუპა თან თვალებში მიყურებდა.
_ ახლა შენი ნაპირალი უნდა დავლიო _ თვალები ავატრიალე და ფინჯანი უკან გამოვართვი.
_ აი რატომ ხვდები ახალ წელს, ახლა ყველაფერი გასაგებია _ ჩაეცინა და პლედი თავისკენ გაქაჩა.
_ რა არის გასაგები? სხვათაშორის იმ ბიჭს ვუყვარვარ
_ და მერე? _ უკმეხად ჩაიცინა და ცისფერი თვალები შემომანათა
_ არც არაფერი _ სწრაფად დავასრულე სიტყვა და ცხელი სითხე მოვსვი, ნამდვილად გემრიელი იყო, არც კი ვიცოდი რა შეიძლებოდა გამოეყენებინა, სახლი ხომ ლამის ცარიელი იყო, მართლა როგორ ვცხოვრობდი ასე?
_ მართლა მუდო ელფი ხარ_ ჩაიღიმა და თმაზე შემეხო
_ შენ კიდე სანტა კლაუსი არა?
_ არა, უბრალოდ სანტა
_ ჰო, იმისთვის მოხვედი, რომ სიმართლე გეთქვა როგორი მუდოც ვარ, მერე ცხელი შოკოლადი გაგეკეთებინა არაფრისგან და ჩემთან ერთად ფილმისთვის გეყურებინა, რომელიც მე ზეპირად ვიცი. _ ვერ ვხვდებოდი ამ ყველაფერს რა მალაპარაკებდა, გულახდილად კი ვსაუბრობდი.
_ მეც ზეპირად ვიცი _ ლამაზად გამიღიმა და გაჩუმდა.
_ ალბათ დილამდე გაქრები _ ჩავიბურტყუნე და ბოლო ყლუპი მოვსვი, ვიგრძენი, როგორ მომერია ძილი და თვალები საშინლად დამიმძიმდა.
დილით მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა, ჩემს დივანზე პლედგადაფარებული ვიწექი. იქვე მდგარ პატარა მაგიდას გავხედე, რომელზეც გუშინ ორი ფინჯანი ცხელი შოკოლადი იდგა, მაგრამ იქ ჩემი სენდვიჩის ნარჩენიანი თეფშის გარდა არაფერი იყო. თვალები კარგად მოვიფშვნიტე, ფეხზე წამოვდექი და ოთახი შევათვალიერე, ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც ყოველთვის, ნივთებსაც არაფერი აკლდა. მხოლოდ ის არ ჩანდა არსად არც სამზარეულოში, არც მისაღებსა და სააბაზანოში საძინებელზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. სამზარეულოში ფინჯნებიც კი არ დამხვდა, ცოტაც და ვიფიქრებდი, რომ ყველაფერი ჩემი წარმოსახვის ნაწილი იყო, ან ზედმეტად რეალური სიზმარი მენახა, მაგრამ არა, იყო ერთი დეტალი. საჩუქარი, რომელიც ირაკლის გამოგზავნილი მეგონა. მის გახსენებაზე სასწრაფოდ გავედი შემოსასვლელში, თაროზე იდო ისევ ისე, როგორც დამეტოვებინა. სწრაფად ავიღე და შესაფუთი გაღალდი მოუთმენელმა შემოვაგლიჯე. სახეზე ღიმილი ამესახა და გაოგნება კარგა ხანს არ მომშორდა როცა ყუთში ძველი საბეჭდი მანქანა დავინახე, ზუსტად ისეთი როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი, ზედ კი ფურცელი იდო, რომელზეც ამოებეჭდა ,, მუდო ელფს. ჩვენზე დაწერილი ისტორია დაგბედებოდეს,, სანტა კი არადა საბა.



№1  offline მოდერი abezara98

ვაიმეე, ძალიან კარგი იყო, მაგრამ მეცოტავაა sweat_smile ასე გააგრძელე blush

 


№2  offline წევრი melanqoliki

abezara98
ვაიმეე, ძალიან კარგი იყო, მაგრამ მეცოტავაა sweat_smile ასე გააგრძელე blush

მადლობა საახალწლოდ დავწერე ????

 


№3  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ძალიან კარგი იყო, დასასრულიც დროული<3 კიდევ რომ გაგეგრძელებინა ბანალური გამოვიდოდა მაგრამ კარგი იყო ნამდვილად<3

 


№4  offline წევრი melanqoliki

ტომაჩკა
ძალიან კარგი იყო, დასასრულიც დროული<3 კიდევ რომ გაგეგრძელებინა ბანალური გამოვიდოდა მაგრამ კარგი იყო ნამდვილად<3

ხო. ნამდვილად ვფიქრობ მეტი არ იყო საჭირო. დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent