მზარეულის დღიური 9
ალი იზმირში ჩამოსვლიდან ხუთ დღეში გაემგზავრა. მოულოდნელად ბიძა გარდაეცვალა და დარჩენილი ორი დღე ჩვენთან ვეღარ დაჰყო. სამაგიეროდ ელენეს ძალიან დიდი იმედი დაუტოვა და დაჰპირდა კიდეც, სულ მალე ისევ ჩამოვალო. შუა ღამით, ორ საათზე კაკუნმა გამაღვიძა, შეშინებულმა წამოვყავი თავი საწოლიდან, აშკარად ჩემთან აკაკუნებდნენ. მოვიცვი ხალათი და ფეხაკრებით მივეპარე კარებს, დედაჩემი იყო. გაკვირვებულმა გავაღე კარი და კისერზე ჩამოვეკიდე. აეროპორტიდან პირდაპირ ჩემთან წამოსულა, შეეშინდა, ვაი თუ შევაშინოო, თუმცა სასტუმროში ღამის გათევას ყველაფერი ერჩია. -დე, როგორ იმგზავრე, აბა მომიყევი ამბები, დეიდა როგორ არის - წყლის გამაცხელებელი დენში ჩავრთე და ყავისთვის ორი ჭიქაც გავამზადე. -საფრანგეთი საოცრებაა, აქამდე რატომ არ წავედი როგორ მიკვირს - დაიწყო მან და თან საჩუქრების ამოწყობა გადაწყვიტა- დეიდაშენს იმაზე დიდი მაღაზია ჰქონია, ვიდრე გვეუბნებოდა, ლაზარეც დიდი ბიჭია უკვე, თუმცა იქ ლუკას ეძახიან. შენზე იმდენი რამე გამომკითხეს, მითხრეს აქ ჩამოვიდეს როგორც კი დაამთავრებს უნივერსიტეტს და სამსახურს დავაწყებინებთო - ჩანთიდან დაახლოებით ათიოდე ბრენდის ჩანთა ამოალაგა და ერთი ცალკე გადადო გვერდით - შენ რას შვრები, ჩემო სიხარულო და გაზაფხულის მერცხალო? მეც მოვუყევი ბოლო დროს მომხდარი ამბები, ალისა და ელენეს სიყვარულის ისტორიაც უფრო ღრმად ვუამბე და სამსახურის შესახებაც უკეთ მოვიოხე გული. -ძლიერი ყოფილა ელენე, შვილო და თუკი სიყვარულს ბოლომდე დაიცავს ყველაზე კარგ გადაწყვეტილებას მიიღებს. მეც მაქვს ამ თემასთან შენთან სასაუბრო, თუმცა ჯერ ძილი სჯობს, შემდეგ კი ყველაფერზე ვისაუბრებთ. ახლა მოდი ჩემთან, კალთაში ჩამიჯექი, დე და ეს ჩანთები ნახე, იმედია ყველაფერი შენი გემოვნებით წამოვიღე. ეს კი - ცალკე დადეულ ჩანთას ცალი ხელით გადაწვდა და მომაწოდა - ეს ვატოს ჩამოვუტანე, სიმბოლურად. იმედია ცუდ საქციელად არ ჩამეთვლება. -საუკეთესო დედა ხარ - მოვეხვიე, მისმა ყურადღებამ ძალიან გამახარა, ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ ჩემს გადაწყვეტილებას ეთანხმებოდა და ზედმეტი ძალისხმევა არ დამჭირდებოდა მის დასარწუნებლად. *** შაბათი დღე იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვატო მთელი დღე ჩემს განკარგულებაში გახლდათ. იმ დღეს ვატო პირველად გავაცანი დედაჩემს. დედაჩემის თხოვნითვე სახლში დავპატიჟეთ თავის ცნობილ ელარჯზე, ვატოც სიამოვნებით დამთანხმდა და შუადღით სამ საათზე უკვე ღვინით და ბელგიური შოკოლადით ხელში ჩემს კართან იდგა. -ბევრი მსმენია თქვენზე, ქალბატონო - ხელი ჩამოართვა დედაჩემს და შოკოლადი გაუწოდა - მართა სულ გახსენებთ და ამაყობს, რომ განსაკუთრებულად გგავთ თქვენ. -ნამდვილად, ის ჩემი ორეულია, მამამისი სულ ეჭვიანობდა, ყველა გოგოს მამას ემსგავსება, მართა კი შენ დაგემსგავსაო - მიუგო დედაჩემმა და მაგიდისკენ მიიპატიჟა - მართა შენზეც ბევრს მიყვებოდა, ვატო, თუმცა საკუთარი შეხედულება სულ სხვაა, ამიტომ მინდოდა შენი პირადად გაცნობა. მართას ისტორია იცი? -დედა - შევაწყვეტინე - არ არის საჭირო ამ თემაზე საუბარი. -საჭირო და აუცილებელია - საუბარში ვატო ჩაერთო და ელარჯი ბევრი წვალების შემდეგ თეფშზე მოათავსა - დიახ, ვიცი ლევანის ისტორია, რვა მარტს რამდენიმე საათის შემდეგ ამოვედი აქ და ნეტავ იცოდეთ როგორ ვნანობ, რომ ვერ დავასწარი - სინანულით ამოიხვნეშა და პირველი ლუკმაც დააგემოვნა. -შვილო, ლევანი ჩვენთვის უკვე სიძე იყო. სახლშიც მივიღეთ, ორმოცდაათ კაციანი ნიშნობაც გადავიხადეთ, მაგრამ რად გინდა, ბოლოს ისეთი არაკაცი აღმოჩნდა - თავი სიბრაზისგან გააქნია და მე შემომხედა - ახლა რომ მართას უყურებ ეს სულ სხვაა, მაშინ ბევრად ლაღი იყო, თუმცა არ გეგონოს შენ გამოიწვიე ეს, ყველა ნაიარევი გარკვეულ კვალს ტოვებს ადამიანზე, მთავარია ამ კვლმა ყველაზე მთავარი, თვალები არ შეგიცვალოს. მე კი მართას თვალებში სინათლეს ვხედავ, ვხედავ როგორ სიყვარულით შემოგციცინებს ახლაც და მიხარია, რომ მოახერხე მის ჩამქრალ თვალებში სინათლის სხივის კვლავ ჩაყენება. ცოტა ხნით ყველა დავდუმდით, არავის პირი არ დაგვიკარებია საჭმლისთვის, თითქოს რაღაცას ან ვიღაცას ველოდებოდით. -მე შევეცდები - ხრინწიანი ხმით დაიწყო ვატომ, თუმცა დედაჩემმა შეაწყვეტინა. -მე არაფერს დამპირდე, ვატო. უბრალოდ გაუფრთხილდი, მოუარე მას. თუკი ოდესმე შეამჩნევ, რომ შენი სიყვარული მისდამი ქრება და აღარ იწვის, სული ბევრჯერ შეუბერე, თუ მაინც ჩაქრა, მაშინ უმტკივნეულოდ წადი მისი ცხოვრებიდან. -დედა მამამ მიატოვა წლების უკან, სწორედ ამიტომ იცის მიტოვებული ქალის თვალთახედვა ასე კარგად - განვუმარტე ვატოს, თუმცა ამ სიტყვებმა დედაჩემის გულს ხანჯალი ჩასცხო. -ჩემი და მამაშენის სიყვარული არასოდეს გამქრალა, უბრალოდ ვერ გაუძლო იმ ყოფას. ეს გამართლება არ არის, ამ საქციელის გამო მე დავსაჯე კიდეც და დაბრუნებული აღარ მივიღე, არც სახე მიხოკავს მისი წასვლის დღეს და არც ახალ სიყვარულზე მითქვამს უარი, რადგან ამ თემაზე მანამდე ბევრჯერ გვქონია საუბარი. ვატომ სიტუაციის განმუხტვა სცადა და საღამოს გასეირნება შემოგვთავაზა. -შვილო -მიმართა დედაჩემმა ვატოს - თუკი არ გეწყინება დღეს მე მაქვს აუცილებელი საქმე მართასთან, ხვალ დილით უნდა დავბრუნდე სამეგრელოში და შემდეგ რამდენიც გინდათ იმდენი ისეირნეთ. *** -შვილო - ვატოს გაცილების შემდეგ მთელი სახლი დაალაგა და ქანცგაწყვეტილი დაესვენა დივანზე, წინ დამისვა და მორიდებით დაიწყო - ერთი ამბავი მაქვს შენთვის. მანამდეც მინდოდა თქმა სანამ საფრანგეთში წავიდოდი, თუმცა ვერ გავბედე, მაინც მრცხვენოდა და მერიდებოდა შენი, თუმცა მოსარიდებელი არც არაფერია რომ დავუკვირდეთ. შენ ჩემთვის მთელი სამყარო ხარ, დე. მზეც და მთვარეც შენზე ამომდის, ამიტომ შენი აზრი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, იცოდე - ჩემში დაძაბულობამ იმატა და უფრო ყურადღებით დავიწყე მოსმენა - ორი წლის წინ მე და მამაშენი შენ გამო შევხვდით ერთმანეთს, ექიმებში რომ დავრბოდით მაშინ. შემდეგ რამდენჯერმე კიდევ შევხვდით ერთმანეთს და ისევ დავიწყეთ პაემნებზე სიარული. ახალ წელს მითხრა ცოლად გამომყევი და კვლავ ერთად ვიცხოვროთო, მაგრამ მაშინ არ დავთანხმდი, შემეშინდა ისევ მატკენს გულსთქო, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ დროა დავთანხმდე. ამ გადაწყვეტილების სისწორეში საფრანგეთში უფრო დავრწმუნდი. განშორება ხანდახან იდეალური გამოსავალია გაიგო გიყვარს თუ არა ადამიანი. მე კი მამაშენი კვლავ მყვარებია. ამ ყველაფერს არ ველოდი, გაკვირვებულის აღმატებითი ხარისხი თუ არსებობს, სწორედ ის დამემართა მაშინ და დედაჩემს ყველაფრის გამეორება ვთხოვე. -მართა, მე და მამაშენს გვინდა ერთად ვიცხოვროთ. მე არ ვნანობ შენს მამინაცვალთან გატარებულ არცერთ დღეს, ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, მამაშენს არც კი შევხვდებოდი, რადგან ის საუკეთესო მამობას გიწევდა შენ, თუმცა ასე მოხდა. -მე გაოცებული ვარ, დედა, თუმცა არც გამტყუნებ და არც გაკრიტიკებ - მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე და მოვეფერე - შენ ხშირად მოგიყოლია თქვენი გიჟური თავგადასავლების შესახებ, მაგრამ მან თერთმეტი წლით დაგვტოვა, მარტო შენ კი არა, საკუთარი შვილიც მიატოვა. მახსოვს როგორ ქვითინებდი ხოლმე, როდესაც დასაძინებლად გამაცილებდი, მახსოვს შენი სევდიანი სახე, როდესაც ქუთაისიდან ზუგდიდში დავბრუნდით, მახსოვს როგორ გრცხვენოდა ბებოსი და ბაბუსი, რომ შენ მიგატოვეს. როგორ მიჭერდი ხელს, როდესაც დედაშენს მივადექით სახლში, რადგან მამაჩემის ოჯახმა გამოგვაგდო. -შემდეგ ხომ ყველაფერი გაირკვა, შვილო. მათ ეგონათ მე ვიყავი დამნაშვე და მე გამექცა ზაზა. -არა, მათ უბრალოდ შერცხვათ საკუთარი შვილის საქციელის და ეცადნენ გამოესწორებინათ, თორე დღემდე არ გაღიარებდა მამაჩემის ოჯახი რძლად. ნუთუ ეს ყველაფერი შენ არ იცი, რატომ მახსნევინებ, დედა. -თხუთმეტი წლის ვიყავი, როდესაც ის პირველად დავინახე. სკოლის ფანჯრიდან ვიყურებოდი, ის კი მამამისის მანქანაში იჯდა და რაღაცას შეექცეოდა. ზარი როგორც დაირეკა მე და მანანამ იმ მანქანისკენ ავიღეთ გეზი და წინ დავდექით, თითქოს ვერ ვამჩნევდით, რომ ის მანქანაში იყო. რა მოხდა გოგოებოო, მანქანიდან თავი გამოყო ზაზამ და გულიანად გაიცინა, პირველად მაშინ ვიგრძენი პეპლები მუცელში. ასე მოდიოდა სკოლასთან მთელი ორი წელი, სანამ არ დავამთავრე და მალევე გავიპარეთ ბიძამისის სოფელში. იქ თოფი გავარდა, ზაზამ ცოლი მოიყვანაო, სასწრაფოდ დაიკლა ქათამი, გოჭი, გამოცხვა ხაჭაპურები და ეზოშივე გაიშალა დიდი სუფრა. -ბებოზე და ბაბუზე სულ არ ფიქრობდი? - გულწრფელად დამაინტერესა, რადგან დედაჩემს ასე გულიანად არასოდეს მოეყოლა თავისი ისტორიები. -მთელი ღამე ტირილში გავატარე, მამაშენმა რამდენჯერმე მითხრა წამოდი სახლში წაგიყვანო, მაგრამ მასთან ყოფნაც მინდოდა და დედაც. ესაა ადრე გათხოვების მინუსი, ჯერ ისევ დედის კალთასთან თამაში გინდა, როცა უკვე საკუთრი შვილი გთხოვს თამაშს. -ნანობ, რომ გათხოვდი? -არა, მართა - თვალები წამოენთო - მე მიყვარდა მამაშენი სულით ხორცამდე. მე მისი ნაწილი ვიყავი, მეორე ნახევარი. თან ამ ქორწინებიდან შენ მყავხარ, დე. -მე თანახმა ვარ, დედიკო- მისმა სიტყვებმა გული მომილბო და გულზე პატარა ბავშვივით მივეხუტე - ქორწილის გადახდას აპირებთ? -არა, ხალხს სასაცილოდ არ გავახდევინებთ თავს. ჯვარს დავიწერთ და ხელს მოვაწერთ ფორმალობისთვის. იცი, ეს ჩემი პირველი ეკლესიური ქორწინება იქნება, მანამდე არასოდეს მქონია ამის სურვილი, ახლა კი ძალიან მომინდა და ზაზაც თანახმაა. *** ვატომ თავისკენ მიმზიდა და კისერში მაკოცა. მისი სუნთქვა ნაზი სიოსავით კრთებოდა ჩემს კანზე, რომელსაც ალოე ვერას გელის სუნი ასდიოდა. კოცნით დაუყვა ყურიდან ლავიწამდე მანძილს და ცხელი ტუჩებით ტუჩებზე დამაცხრა. მკოცნიდა ისე, თითქოს ის იყო ბოლო კოცნა, მკოცნიდა მთელი გრძნობით და თავგამოდებით. ხელი ატლასის პიჟამაში შეაცურა და ზურგზე ნაზად ჩამომისვა. მთელს ტანში ჟრუალტელი მივლიდა და კისერს უკან ვაგდებდი ინსტიქტურად, ისიც დროს იხელთებდა და ყელში საკოცნელად მოიწევდა. სექსამდე არ მივსულვართ. ქორწინებამდე სექსის მეც ისეთივე წინააღმდეგი ვიყავი, როგორიც ჩემს ქვეყანაში მცხოვრები ოთხმოცდაათი პროცენტი მაინც, თუმცა სხვა მიზეზით. ამაში ჩემი და ვატოს აზრი ერთმანეთს ემთხვეოდა და ორივე ვთვლიდით, რომ ჯერ ადამიანის კარგად შეცნობაა საჭირო ფიზიკური კონტაქტის დასამყარებლად, შემდეგ კი იმდენად გიყვარდება, რომ პასუხისმგებლობას იღებ მასზე, ქორწინდები და სექსიც გაქვთ. ამ თემასთან რა მოსატანია, თუმცა დედაჩემის და მამაჩემის ქორწილი ამ ამბორიდან სამ დღეში იყო დაგეგმილი. დედაჩემმა ელენეც და ვატოც დაპატიჟა მის მოკრძალბულ ქორწილში. თბილისში გადაწყვიტეს ხელის მოწერაც, ჯვრისწერაც და რესტორანში მეგობრებთან და ჩვენთან ერთად აღნიშვნა. საოცრებაა, დედაჩემი მესამედ თხოვდებოდა, აქედან ორი ქორწინება კი ერთსა და იმავე მამაკაცზე გადაწყვიტა. დედაჩემი ყოველთვის ოცნებობდა თეთრ საპატარძლო კაბაზე, თუმცა არცერთხელ არ ასრულებია. პირველად გაიპარა, მეორედ სანათესაოს მოერიდა და საკუთარი სურვილით თქვა უარი, ორმოცდახუთი წლის ასაკში კი მხოლოდ თეთრი ფერის ტანსაცმელზე დავიყოლიე. *** განსაკუთრებით ლამაზი იყო დედაჩემი იმ დღეს. შუა წვივამდე სიგრძის ფრიალა თეთრი ფერის კაბა ეცვა, მაისის სითბო უკვე კარგად გამჯდარიყო ჰაერში და თხელი, თეთრი ფერის კოსტუმი უკვე ზედმეტადაც კი მოგვეჩვენა. საკმევლის სუნმა ტანსაცმელში ფესვები მყარად გაიდგა და სისხლთან ერთად მოძრაობა დაიწყო მთელს სხეულში. ჩარდშემოხვეული დედაჩემი კიდევ უფრო ლამაზი სანახავი იყო, თამარ მეფესავით ამაყად იდგა საკურთხეველთან და მისთვის საყვარელ ადამიანზე უკვე მეორედ ქორწინდებოდა. -მართა,დედაშენის საქციელმა ძალიან დამაღონა - მითხრა ელენემ რესტორანში მისვლისას - ნუთუ არსებობს თუნდაც მცირე შანსი, რომ ლევანს გაყვე ცოლად? -რა სისულელეს ამბობ, ელენე - სერიოზულად გავბრაზდი და ვატოს გავხედე - მე უკვე მყავს საყვარელი ადამიანი გვერდით და საერთოდ არ მჭირდება სხვა. -ღმერთმა ქნას - ჩიაბუტბუტა და პირველი კერძი გადმოიღო თეფშზე. პირველი ცეკვა დედაჩემის და მამაჩემის იყო. ბოლომდე ჯერ კიდევ არ მქონდა გაცნობიერებული, რომ ჩემი მშობლები კვლავ ერთად იქნებოდნენ თეთრმეტწლიანი განშორების შემდეგ, თუმცა მაინც განსაკუთრებით მიხარებდა გულს დედაჩემის ბედნიერი სახის დანახვა. სიმღერაც განსაკუთრებული შეარჩიეს პირველი ცეკვისთვის „მოვა მაისი“. მიუხედავად ტექსტში არსებული პესიმისტური სიტყვებისა, მაინც მშვენიერი გამოვიდა. მეორე ცეკვა ჩემი და ვატოს აღმოჩნდა. ნაზად ვირწეოდით და ერთმანეთის ყურებაში ვტკბებოდით, როდესაც ელენემ ხელზე ხელი მომიჭირა. -მართა, სასწაფოდ გარეთ გამყევი - სახე მთლიანად ასწითლებოდა ელენეს და აივანზე გავედით - ალი საქართველოშია. -რაა? - აღტაცება ვერ დავმალე და ელენეს ანერვიულებული ხელები მაშინღა შევამჩნიე - ცოტა ხნის წინ არ გავაცილეთ? -დედაშენს შენი ხელი უნდა ვთხოვოო, მართა, გესმის? - ბოლო ხმაზე ყვიროდა ელენე და თან ხელებს აქეთ-იქით იქნევდა - არც კი მკითხა, არც კი გამაფრთხილა და არის ახლა დიდუბეში და მელოდება, რა ვქნა, დედაჩემს რა ვუთხრა? -მოიცადე, ელენე. ჯერ დამშვიდდი, ახლავე ვეტყვი ვატოს და წავიდეთ ალისთან, ვკითხოთ რატომ გადაწყვიტა ან რას აპირებს, თუ გინდა დედაჩემსაც ვუთხრათ და იქნებ დედაშენთან ამბების მოგვარებაში დაგვეხმაროს - შიგნით შესვლა დავაპირე, თუმცა ერთი კითხვა ყელში ბურთივით გამეჩხირა, შევტრიალდი და ვკითხე - გინდა მას ცოლად გაყვე? ელენე მუხლებში ჩაიკეცა და ატირდა. -არ ვიცი, ძალიან ადრეა, მაგრამ შემიყვარდა, შემიყვარდა, მართა - ტირილში ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა მან. შიგნით შევვარდი და ვატოს და დედაჩემს სასწრაფოდ ვუთხარი ახალი ამბავი. -ამ ხალხს ასე ვერ მივატოვებ, დე, მაგრამ თქვენ წადით, წადით და დაეხმარეთ თქვენს მეგობარს - მხარზე ხელი დამადო დედაჩემმა და წარმატებები გვისურვა. *** -ალი, ნუთუ არ გესმის, რომ ასე არ შეიძლება - ვერ წყნარდებოდა ელენე - შენ რადგან გადაწყვიტე არ ნიშნავს იმას, რომ მეც თანახმა ვარ. -ელენე, დაწყარდი. თქვენ სხვადასხვა ტრადიციებში გაიზარდეთ - ვატო მის დამშვიდებას ცდილობდა - ფაქტია ერთმანეთი შეგიყვარდათ, ძალიან ცოტა დროა გასული თქვენი გაცნობიდან, თუმცა ალი უკვე დარწმუნებულია საკუთარ თავში, ეს კი დასაფასებელია. -დედაჩემს რა ვუთხრა - ისევ მოთქვამდა ელენე, ამჯერად ქართულ ენაზე - როგორ გავამხილო ორი თვის გაცნობილ ბიჭს ცოლად უნდა გავყვე, თან ეს ბიჭი თურქიათქო, მითხარით როგორ? ყველანი ვღელავდით და ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდით, ელენეს დამამშვიდებლები დავალევინეთ და დივანზე პლედგადაფარებულს ჩაეძინა. ალიმ ნერვიულობით ორი კოლოფი სიგარეტი მოწია. წინ დაძაბული დღეები გველოდა და სიმხნევე უნდა შეგვემატებინა ერთმანეთისთვის. -რა ხდება, დედა, მშვიდობაა? - დაბრუნებისას მკითხა დედაჩემმა და სახეზე ხელი მომისვა - რამე გადაწყვიტეთ? -ვერაფერი, საერთოდ ვერაფერი. ალი გაიძახის ჩემს სიყვარულს დრო არ სჭირდებაო, ელენე კი როგორ ეტყვის დედამისს ორი თვის გაცნობილ ბიჭს მივყვებიო? განა მტყუანი იქნება დედამისი, განა ვამტყუნებთ რომელიმე. -დაიძინეთ, დაისვენეთ და ხვალ ცივ გონებაზე გადახარშავთ ყველაფერს - საწოლი გამიმზადა და ტკბილი ძილიც მისურვა. დედაჩემი და მამაჩემი იმ ღამესვე დაბრუნდნენ სამეგრელოში. ჩვენ კი ვეცადეთ დაგვეძინა და ტვინისთვის დასვენების საშუალება მიგვეცა. *** დილა გათენდა. ელენეს უკვე ეღვიძა და გაშტერებული მისჩერებოდა ჭერზე ერთ წერტილს. ალი მის თავთან იჯდა და თმაზე ეფერებოდა, თან რაღაცას უმღეროდა თურქულად. ვეცადე მათი დილის მყუდროება არ დამერღვია, ჩუმად ავდექი და დილის ენერგიისთვის საჭმლის მომზადება გადავწყვიტე. პურის სწრაფი პიცების მომზადება ყველაზე მეტად მემარტივა: გაჭერით პურის ბატონი ორად. დადეთ ღუმელის ფორმაში. დარბილებულ კარაქს წვრილად დაჭრილი ნიორი შეურიეთ და პურს გადაუსვით. ზემოდან ყველის ნაჭრები დაალაგეთ, შემდეგ დაჭრილი პაომიდორი. მოასხით ძმარი ბალზამიკო, მოაყარეთ ხმელი ორეგანო, მარილი და პილპილი გემოვნებით. გამოაცხეთ 15 წუთი. ღუმელიდან გამოღების შემდეგ მოაყარეთ დაჭრილი ბაზილიკი და დაჭერით ულუფებად. პირი არცერთს დაუკარებია საუზმეზე. ერთმანეთში ინგლისურად საუბრობდნენ და შიგადაშიგ ჩხუბობდნენ. -Sevgilim (საყვარელო), ხომ იცი როგორ მიყვარხარ, შენი არსებობა ჩემთვის იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე ეს შენ წარმოგიდგენია, ელენე, ჩემო ბედნიერებავ, მე რად მინდა წლები იმის მისახვედრად, რომ მიყვარხარ? - ფეხებთან უჯდებოდა ალი და სასიყვარულო რომანებს უკითხავდა ელენეს. -როგორ არ გესმის, რომ არ შემიძლია ჯერ ცოლად გამოგყვე, ჯერ არც კი გიცნობ წესიერად - ამ სიტყვებზე ალი გაბრაზდა და ფეხზე წამოენთო -მე მივალ დედაშენთან და ყველაფერს ვეტყვი თუ ესაა პრობლემა, ხოლო თუ შენს გრძნობებში გეპარება ეჭვი, მაშინ საერთოდ აღარ შეგხვდები! - თქვა და გარეთ გავარდა. -მართა, ვერ ვაგებინებ, ხედავ? - აქვითინდა ელენე - მიყვარს, განა იმას ვამბობ არ მიყვარსთქო, მაგრამ თანაცხოვრება ხომ სულ სხვაა, ესეიგი მე თურქეთში უნდა გავიდე თუ ის ჩამოვა აქ, უცხო ქვეყანაში როგორ ვიცხოვრო, სადაც ენაც კი არ ვიცი? ღმერთო, შენ გადმომხედე და დამაყენე სწორ გზაზე, გთხოვ. ღმერთის დახმარება მართლაც ძალიან ჭირდებოდა იმ დროს ჩემს მეგობარს. თავის თავში გარკვევა დროს მოითხოვდა, რომელსაც ალი დიდი მაკრატლით დასდევდა. -ელე, შენ გიყვარს ალი. უბრალოდ მასზე გაბრაზებული ხარ, ნაწყენი ხარ, რადგან ასე მოულოდნელად გთხოვა ისეთი თემის გადაჭრა, რომელიც ორივეს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. დაფიქრდი, შენი საქციელით არ დაკარგო ის. სახლის კარი ჩუმად გაიღო და ალი თავჩახრილი შემოვიდა. -üzgünüm (ბოდიში), ყველა აგაფორიაქეთ ჩემი აქ ჩამოსვლით, განერვიულეთ და არც მე დავიკელი ნერვიულობა. იზმირში რომ ჩავედი ძალიან დიდი ტკივილი და მონატრება ვიგრძენი შენი, ელენე და ჩემს ოჯახს დაველაპარაკე კიდეც, რომ შეიძლება ქართველი გოგო მომეყვანა ცოლად. სიმართლე გითხრათ მათ თურქი გოგო ერჩიათ, ადათ-წესების მცოდნე, თუმცა როგორც კი გაიგეს, რომ მე შენ მიყვარდი ყველაფერი დაივიწყეს და შენთან წამოსასვლელად ყველაფერი გააკეთეს. ასეც არ ხდება თურქეთში, მთელი ოჯახით უნდა მოვსულიყავი შენს დასანიშნად შენს ოჯახში, თუმცა ჯერ ჩემით საქმის გარკვევა ვამჯობინე და კიდევ კარგი ასე მოვიქეცი. რას ვეტყოდი საკუთარ მშობლებს აქ რომ ჩამომეყვანა, რით ავუხსნიდი შექმნილ სიტუაციას? მეც მეწყინა, სადაც დავიბადე და გავიზარდე იქ ქალებს საერთოდ არ ეკიხებიან ხოლმე ქორწინებას, თუმცა მე ჩამოვედი და გთხოვე წამომყოლოდი - დიდი ნერწყვი გადაყლაპა და განაგრძო - მაპატიეთ, რომ ასე უგუნურად მოვიქეცი. მე წავალ, ხვალვე გავემგზავრები იზმირში და შეიძლება ოდესმე დავბრუნდე კიდეც საქართველოში, თუკი ამას ელენე მოისურვებს. არ მინდოდა თქვენთვის უხერხული სიტუაციის შექმნა, მაგრამ ასე გამოვიდა - ანერვიულებულმა აიღო თავისი ჩანთა და ზერგზე შემოიკიდა. -შეჩერდი, გთხოვ - ფეხზე წამოიჭრა ელენე და ალის მკლავებში შეუძვრა - არ მინდა, რომ წახვიდე. შეიძლება ჩვენი გადაწყვეტილება სხვის თვალში ნაადრევი იყოს, თუმცა მე შენ მიყვარხარ და ვერსად გაგიშვებ. რაც მოსახდენია მოხდეს, თუკი დედაჩემი თანხმობას არ მოგვცემს, მაშინ გავიპაროთ. რამეს მოვიფიქრებთ, ოღონდ არ წახვიდე - ზლუქუნებდა ელენე და შიგადაშიგ ქართულად წამოიძახებდა ხოლმე რაღაცას, თუმცა რას მხოლოდ თვითონ იცის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.