ცხოვრება კაიფით 3
თავი 5 ერთი წლის შემდეგ დავფეხმძიმდი. აპრილის შუა რიცხვები იყო, როდესაც ორსულობის პირველი ნიშნები შევამჩნიე. დამეწყო ღებინების შეგრძნება, მცირედი თავბრუსხვევა და როდესაც მენსტრუალური ციკლი გადამიცდა, მაშინვე ექიმთან წავედი გამოკვლევაზე. პასუხმა ყველანი გაგვახარა, თუმცა ყველაზე მეტი აღფრთოვანება ჩემმა დედამთილმა გამოთქვა და მთელ სანათესაოს ჩამოურეკა, შვილიშვილი მეყოლება მალეო. გაგიკვირდებათ და ჩემი დედამთილი საოცრად შეიცვალა ჩემ მიმართ. ისე დატკბა და დაიშაქრა, რომ დიაბეტის საშიშროება გამიჩნდა. ყოველ დილით საწოლში მოჰქონდა რძე და თავისი გამომცხვარი ფუნთუშა. სახლში არაფერს მაკეთებინებდა და მხოლოდ ოთახიდან ოთახში გადაადგილების უფლებას მაძლევდა. პირველი ოთხი თვე ნამდვილი ნეტარება იყო. აღარცერთი ხმამაღალი სიტყვა აღარ ისმოდა ჩვენს სახლში. თაზო სულ ცდილობდა რამით გავეხარებინე და ხან მონატრებულ ხილს, ხან კი გემრიელ საჭმელს მომიტანდა ხოლმე რესტორნიდან. ოთხი თვის ფეხმძიმე კი ექიმთან მივედი, რადგან სქესი გამეგო. ჩემი პირველი შვილი გოგო აღმოჩნდა. მაშინვე წარმოვიდგინე ფრიალა კაბებში და პრინცესულად გამოწყობილი ჩემი შვილი, თუმცა სხვა გეგმები ჰქონდა ჩემს დედამთილს. -ერთადერთი შვილი მყავს და ისიც ბიჭი. საიდან მოიტანეთ ეს გოგო, რად მინდა გოგო? გვარს გააგრძელებს თუ ოჯახის ქონებას მივცემთ მას - ამ სიტყვებს ამბობდა ქალი, რომელით თავად იყო მდედრობითი სქესი - გაზრდი, ფულს დახარჯავ, გაგითხოვდება და დაგტოვებს. იქნებ აბორტი გაიკეთო და კიდევ სცადოთ. -რა უნდა გავიკეთო? - ნერვებმა ყელში ამოასხა და წარმოუდგენელი ხმა აღმომხდა პირიდან - რას ქვია აბორტი გავიკეთო? თქვენ ვინ ხართ ამას, რომ მირჩევთ, ჩემი შვილია და აუცილებლად გავაჩენ. შემდეგიც, რომ გოგო იყოს ისიც მოვკლა? ქალი ხართ თუ უგულო ფიტული? -რა მოხდა მერე - ძალიან ცივად და აუღელვებლად მიიღო ჩემი გამწარებული ხმა - ეგრე რომ მეჩინა შვილები, ახლა ათი შვილი მეყოლებოდა, თუმცა პირველივე ბიჭი იყო და მეტი რად მინდოდა. -თქვენ ადამიანი არ ხართ. არც ცხოველი ხართ, მათ უყვართ თავიანთი შვილები და იცავენ მათ სხვა ცხოველებისგან და საფრთხეებისგან. თქვენ, სიტყვასაც ვერ გიძებნით იმდენად ცუდი ხართ ჩემს თვალში. -თაზო - ჩემთან საუბარი დამთავრებულად ჩათვალა და შვილს მიუბრუნდა - წარმოიდგინე ახლა გოგო, არც გვარს გაგიგრძელებს, არც იამაყებ მისით. ვერც ფეხბურთზე ატარებ და ვერც კალათბურთზე. შეაგნებინე შენს ცოლს, რომ სჯობს არ გააჩინოს ეს ბავშვი. -ნელიკო - თაზომ მე მომმართა ისე, რომ დედამისისთვის თვალი არ მოუშორებია - ადი ჩვენს ოთახში და ბარგი ჩაალაგე. მივდივართ აქედან. როდესაც ქალი გეუბნება რომ მოკლა შვილი, რადგან ის გოგოა ვერანაირ ლოგიკას ვერ ვიჭერ. ალბათ იმდენად უბედური იყო ქალობით, რომ ერჩია კაცი ყოფილიყო. კაცებს ხომ უფრო მეტის უფლება და პრივილეგია ჰქონდა იმ დროს. შესაძლოა ბევრჯერ უოცნებია, ნეტა კაცი ვიყოო და შესაძლოა თავისი ცხოვრება სულ სხვა კუთხით წაეყვანა, მაგრამ ფაქტი იყო ქალობა მას ტვირთად ედო მხრებსა და გულზე. აბორტის თემა იმ დღეს არ დამთავრებულა. ჩემი დედამთილი ყოველდღე მოდიოდა ჩვენს ნაქირავებ ერთოთახიანში და ლექციებს მიკითხავდა. რამდენიმე ექიმიც კი მოეძებნა და მათ ნომრებს მაგიდაზე მონაცვლეობით მიტოვებდა. მე ვერ ვხვდებოდი რატომ იყო ასე გამწარებული ეს ქალი. ერთი წელი, ხომ ბავშვს ველოდით და მისი ჩასახვისთანავე მოკვლა და ამ ქვეყნიდან გაქრობა რატომ უნდოდა. გარანტიები ხომ არ არსებობდა, რომ მეორედ ისევ დავფეხმძიმდებოდი და თან ბიჭზე. იქნებ შემდეგიც გოგო ყოფილიყო, შემდეგიც და კიდევ შემდეგიც. ჩემი პაწაწინა შვილი, რომელსაც უკვე ჰქონდა პაწაწინა ადამიანის ფორმა და თავი, როგორ შეიძლებოდა მომეკლა. მას აუცილებლად უნდა ენახა სამყარო, მისი ლამაზი ფერები, მთები და ზღვები, იქნებ ოკეანეებიც კი. ჩემი შვილის პაწაწინა თათი აუცილებლად უნდა შეხებოდა ჩემს ლოყას და მისი ყველაზე ტკბილი სუნით უნდა დამეძინა ყოველ ღამე. ჩემი შვილის კისკისს უნდა გაეყრუებინა ოთახის კედლები და გულში სხივებად უნდა შემოსულიყო. ჩემი დედამთილი კი მიკლავდა ოცნებას, რომელიც პირველად დამიძახებდა სიტყვა დედას. ჩემი შვილი იყო ქალი და ამის გამო უკვე იჩაგრებოდა მჩაგვრელთა სამყაროში. მას მუცელშივე მიანიჭეს იარლიყი „ქალი“ და ამით მთელი მისი ცხოვრება განისაზღვრა. ის იქნებოდა ქმრის მონა, სამზარეულოში მოფუსფუსე გოგო, რომელიც მთელ თავის დროსა და ენერგიას შვილებს შეალევდა თექვსმეტი წლის ასაკიდან. ასევე აუცილებლად უნდა სცოდნოდა ჭრა-კერვა და პერანგების უნაკლოდ დაუთოება. ჩემს შვილს არ უნდა ჰქონოდა განათლება. განათლებული ქალი საშიშია საზოგადოებისთვის. ცხრა კლასის განათლება სრულიად თავისუფლად ეყოფოდა მას შვილების აღზრდისთვის, ანდაც რა უნდა შვილების აღზრდას. თუკი რაიმეს ისე არ გააკეთებს ჯერ ტაკოზე, შემდეგ კი ბეჭებში შემოსცხებ ერთიანად. ვინ იცის რამდენი ნიჭიერი მეცნიერი, მუსიკოსი, არქიტექტორი, ექიმი, მხატვარი დაიღუპა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქალები იყვნენ და მათი ნიჭი ცოცხმა და აქანდაზმა შეიწირა. მე ჩემს შვილს სიკვდილის საშუალებას კი არა, გაუნათლებლობის უფლებასაც არ მივცემდი, რადგან მე ასეთ შეხედულებაზე ვიდექი და ჩემი საყვარელი დედამთილის აზრი საერთოდაც არ მაინტერესებდა. -რაც გინდათ ის ქენით - დანებდა ბოლოს ქალბატონი დედამთილი- უფროსის სიტყვა აღარ ფასობს ამ ქვეყანაზე და ისე იქცევით, თითქოს მე არ მიცხოვრია. თქვენზე მეტი მაქვს ნანახი და გაგონილიც, თუმცა რას ვიზამთ, ქენით ისე, როგორც გინდათ. ხუთ თვეში კი ჩემი გოგო დაიბადა. ყველაზე ტკბილი არსება მთელ დედამიწაზე. დაიბადა პატარა თეკლა გაბრიჭიძე. მომავალი მასწავლებელი და ბავშვების აღმზრდელი. თავი 6 მთელი ღამე თეთრად გავათენე. კოშმარები არ მანებებდნენ თავს და გონებაში წურბელებივით მიძვრებოდნენ. როგორც კი თვალს დავხუჭავდი, მაშინვე ლუკას წარმოვიდგენდი იმ საშინელი ნანგრევების ფონზე. ღამის სამ საათზე კი ვეღარ გავძელი და ლუკას ოთახში შევედი. მას ჯერ კიდევ ეღვიძა. -პატარა, რომ იყავი ტალახის ღვეზელებს აცხობდი და ქვაზე დადებული ჩემთან მოგქონდა. დედა, ნახე რა გემრიალიაო და მეც ვითომ ვჭამდი ისე ვაქნევდი ყბას. შენ ყოველთვის მეკითხებოდი რომელი ღვეზელი უფრო მიყვარდა და როდესაც პასუხს მიიღებდი, მაშინვე ეზოში გავარდებოდი „გამოსაცხობად“. ცელქი ბავშვი იყავი და სულ შენ დაგსდევდი, რაზეც თეკლა ბრაზდებოდა, რადგან ეგონა, რომ შენ მასზე მეტად მიყვარდი და ყურადღებასაც უფრო მეტს გაქცევდი. ერთხელაც შენც მიხვდი ამას და თეკლას უთხარი, რომ დედას ორივე ძალიან უყვარდით და გინდოდა მასთან ერთად დედაშვილობანა გეთამაშა. ეს შენ მისთვის, შენი დისთვის გააკეთე. პირველად რომ ბაღში შეგიყვანე ძალიან ბევრი იტირე, ჩემს დასთან მინდაო, თუმცა ის სკოლის მერხზე იჯდა და ურთულესი მათემატიკური მაგალითის ამოხსნას ცდილობდა ერთუცნობიან ამოცანაში. ყოველთვის ლაღი იყავი, მუდამ გვიყვებოდი შენს ამბებს. ამბობდი ჩემი ცხოვრების შესახებ უნდა მოვყვეო და მაგიდაზე ძვრებოდი. ჩვენი ტელევიზორიც შენ იყავი და მხატვული ფილმიც. ახლა კი მე სხვა ადამიანს ვხედავ. ეს არ არის ჩემი შვილი. გახდი და თვალები ჩაგიშავდა. დადიხარ იქ, სადაც არასოდეს წავიდოდა ჩემი შვილი, აკეთებ იმას, რაც ეზიზღებოდა ჩემს ლუკას. მამაშენს იმდენი ეჩხუბე ჩემთან ნუ ეწევი, სუნი არ მომწონსო, რომ ორმოცდაორი წლის ასაკში შენ გამო დაანება თავი. სად წავიდა ჩემი ლუკა? ბიჭი, რომელიც პოლიციობაზე ოცნებობდა. რომელსაც უამრავი გეგმა და ოცნება ჰქონდა. თუკი საჭირო იქნება მე ვიბრძოლებ და იმ მახინჯი სულის ადამიანებს ჩამოგაშორებ, რადგან შენი გული თბილი და ტკბილია, მათ კი სულში იმხელა სიცარიელე აქვთ, რომ შენით იკვებებიან. შენს „მეგობრებს“ არ ადარდებთ შენ რას გრძნობ ან განიცდი. მალე ისევე მიგაგდებენ, როგორც მას, ვინ შენამდე იყო. ამიტომ თავს უშველე. ცოტა გონებას მოუხმე და ისე მიიღე გადაწყვეტილება. ჩვენ შენი ოჯახი ვართ და ყველაზე და ყველაფერზე მეტად გვიყვახარ. ლუკამ თვალები დახუჭა და გვერდზე გადატრიალდა. მე კი ვუყურებდი მის ყველა ნაკვთს, დაძაბულობისგან, რომ უხტოდა. მინდოდა გულში ჩამეკრა და ისევ ისეთი ბავშვური სითბოთი მოეხვია კისერზე მისი ხელები, თუმცა მივხვდი, რომ ჩახუტებისთვის უკვე დიდად თვლიდა თავს. ოთახიდან გამოვედი. ცოტა ხნით სამზარეულოში შევედი და ონკანიდან წყალი დავლიე. საკუთარ ცხოვრებაზე ჩავფიქრდი და ჩემი დედამთილი გამახსენდა, რომელიც სულ მაკრიტიკებდა ჩემი აღზრდის ტიპის გამო. მეუბნებოდა, ძალიან ბევრ თავისუფლებას აძლევ შენს შვილებს და ერთ დღესაც ინანებ, მე კი მის ჯინაზე უფრო და უფრო მეტ უფლებას ვაძლევდი მათ. იქნებ სწორედ ეს იყო ჩემი შეცდომა და სჯობდა ისევ ძველი მეთოდისთვის დამეჯერებინა. იქნებ მაშინ თავიდან ამერიდებინა ლუკას იმდროინდელი შეცდომები.საძინებელში დავბრუნდი და ჩემს მეუღლესთან ჩამოვჯექი. მას მშვიდად ეძინა. დაე, ძილში მაინც ყოფილიყო, რადგან დილით დიდი კრიზისი გველოდა. პირველმა თაზომ გაიღვიძა და ნაზად შემაღვიძა მეც. სამზარეულოში გავედი და საუზმისთვის პური და კვერცხი გავამზადე. ახალი წყლით ავავსე ჩაიდანი და გაზქურაზე შემოვდგი. სანამ წყალი ადუღდებოდა და ყიყლიყოები შეიწვებოდა მანამდე თეკლა და ლუკა გავაღვიძე. ორივე მალევე გამოვიდნენ სამზარეულოში და სუფრას შემოუსხდნენ. -რაღაც უნდა გითხრათ - დაიწყო თეკლამ და ხელები მაგიდაზე შემოაწყო - ჩემს მომავალ პროფესიაზე ბევრი ვიფიქრე და მგონი ყველაზე კარგ ვარიანტსაც მივაკვლიე - ყველამ ინტერესით შევავლეთ თვალი თეკლას - მასწავლებლობა მინდა. ყველას მოწონება დაიმსახურა თეკლას გადაწყვეტილებამ, მათ შორის ლუკასიც კი. -დე, მასწავლებლობა მარტო საგნის სწავლება არ არის, შენ ყველა შენი მოსწავლის ცხოვრების მასწავლებელი იქნები. არ უნდა გამოგეპაროს, არ უნდა შეგეშინდეს, არ უნდა დამალო. ლუკას მასწავლებელს კი არ უნდა ჰგავდე, რომელმაც არც კი დამირეკა, როდესაც ის აკადემიურად ჩამორჩა, გაცდენები დაიწყო და საეჭვოდ იქცეოდა კლასში. -მე ჩემი ცხოვრება მაქვს - ჩუმად ჩაილაპარაკა ლუკამ - მე უბრალოდ შემეშვით და თავი დამანებეთ. მოვწევ თუ არ მოვწევ ეს თქვენი გადასაწყვეტი არ არის. არც ჩემი მეგობრების შეყვარებას გთხოვთ ვინმე. თუ მინდა ვისწავლი, თუარადა არა. მე კი სწავლა და წიგნი არ მაინტერესებს. წიგნი რა კაცის საქმეა? -როგორ თუ წიგნი კაცის საქმე არ არის - თაზომ ჩაის ჭიქა მაგიდაზე დადგა და ლუკას თვალი თვალში გაუყარა - ანუ შენ ამბობ, რომ კაცს განათლება არ სჭირდება. მაშინ მითხარი, როგორ უნდა არჩინოს კაცმა ოჯახი, თუკი მას სამსახური არ აქვს? -მე არ მინდა ოჯახი - განაცხადა ლუკამ. -კარგი, მაშინ ის მითხარი რითი იყიდი სიგარეტს, თუკი ფული არ გექნება. ფულის ქონა კი პირდაპირ დამოკიდებულია წიგნთან, სწავლასთან და განათლებასთან. მოიპარავ? - კვლავ თაზომ განაგრძნო დიალოგი. -მინდა მოვიპარავ, მინდა ვინმეს მოვაპარინებ. ფულს უწიგნოდაც ვიშოვი. -ძალიან კარგი - სიბრაზე შეეპარა თაზოს მუდამ გაწონასწორებულ ხმას - დღეიდან აღარც სკოლაში ივლი და აღარც გარეთ გახვალ. თუკი სკოლა და წიგნი არ გჭირდება, მაშინ იჯექი სახლში და იქექე იტერნეტში. გადაწყვეტილია! - თაზომ ბოლო ყლუპი მოსვა და მაგიდიდან ადგა - წავედით, თეკლა. ლუკა ფეხზე წამოენთო და მამამისს წინ გადაუდგა. -როგორ ბედავ, რომ რამეს მიკრძალავ და სახლში მკეტავ? თავი ვინ გგონია? - ხელების ქნევით ღრიალებდა ლუკა. -მე მამაშენი ვარ - თაზომ კიდევ უფრო ხმამაღლა დაიღრიალა და სილა უთავაზა ლუკას. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მან ხელი აღმართა შვილზე. მართამ ჩანთა სასწრაფოდ მოიკიდა და სანამ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბებოდა მამამისი გარეთ გაიყვანა. როდესაც ლუკა ცოტა დაწყნარდა და მეც მოვრჩი მაგიდის ალაგებას, გვერდით მივუჯექი. -რა დაგემართა, შვილო? - ვეცადე ძალიან ფაქიზად მოვპყრობოდი მას - რა ხდება შენს თავს? -დედა, გთხოვ, უბრალოდ წასვლის ნება მომეცი. გულუბყვილოსავით დავუქნიე თავი და წასვლის ნება მივეცი. შემეშინდა, რომ მისი სახლში დარჩენა უფრო დიდ ზიანს მოუტანდა როგორც საკუთარ თავს, ისე მთელს ოჯახს. შესაძლოა რაიმე დაელეწა და ამით უფრო დიდი ზიანი მიეყენებინა ჩვენი ოჯახისთვის. სწორედ იმ დღეს პირველად დაიკარგა ნივთი ჩვენი სახლიდან. ბებიაჩემის ოქროს შანდალი, რომელიც მეცხრამეტე, ოქროს დაბადების დღეზე სახსოვრად მაჩუქა. ის ყოველთვის ჩვენი პიანინოს თავს ამშვენებდა და ღირსეულ ადგილს იკავებდა. მტვრის გადაწმენდის დროს კი ის უკვე გამქრალიყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.