შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება კაიფით 4


29-03-2019, 00:32
ავტორი გაზაფხული
ნანახია 1 475

თავი 7
ექვსი საათი ვიწვალე მშობიარობაზე. გაუსაძლისი ტკივილები გადავიტანე და დაახლოებით დღის ოთხს საათზე ჩემი შვილის პირველი ჩასუნთქვა, პირველი ტირილი გავიგონე. იმ წამს დამთავრდა ყველანაირი ტკივილი, აღარც კი მახსოვდა რა ტანჯვა გამოვიარე რამდენიმე საათის წინ და დაღლილი თვალები მისკენ გავაპარე. თეკლა ისეთი პატარა და უსუსური იყო, პაწაწინა ხელ-ფეხს აქეთ-იქით იქნევდა და მისი ტირილით ყველას გვახსენებდა, რამდენად შესანიშნავია ამ ქვეყნად მოვლენა.
ბავშვმა ძირეული ცვლილებები შემოიტანა ჩვენს ოჯახში, თუმცა ქალი ყოველთვის ამ ფიქრით იზრდება. ის მზად არის იყოს დედა, მან იცის, რომ უნდა გაიღვიძოს ღამით, დაუთმოს შვილს საკუთარი ძუძუ, გამოიბას კიდევ ორი წყვილი ხელი და სამი წყვილი თვალი. ამას ყველა და ყველაფერი გვასწავლის ქალებს. ტრადიციები, გარემოებები, ზოგადად საზოგადოებაც კი, მათ შორის მეზობლებიც და შორეული ნათესავებიც.
თაზო არასოდეს ერეოდა ბავშვის მოვლაში. მხოლოდ ფინანსებს განაგებდა ის და არასოდეს არაფერს აკლებდა მის პატარა შვილს, თუმცა ამ ყველაფერმა მაინც იქონია გავლენა ფინანსურ მხარეზე და ბავშვის საფენების ფულმა ბინის ქირის ფულს ბევრად გაასწრო. თაზოს ხელფასი აღარ გვყოფნიდა. გადავწყვიტეთ ცოტა ხელმომჭირდედ გვეცხოვრა და თუკი მანამდე დღეში სამ საფენს ვიყენებდით, ამის შემდეგ მხოლოდ ღამით ვუკეთებდი მას და დანარჩენად ისე ვცდილობდი სისუფთავის შენარჩუნებას. მითუმეტეს, რომ იმ დროს ძალიან ძნელად იშოვებოდა საფენები და ძალიან ძვირიც ღირდა. საკვებში ბევრ ფულს არ ვხარჯავდით, თეკლა ბუნებრივ კვებაზე იყო, თუმცა რაღაც დანამატები მაინც ესაჭიროებოდა ხოლმე. საჭირო გახდა ახალი ფინანსების წყაროს მოძიება, თუმცა ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა. მე არც საჭირო განათლება არ მქონდა რაიმე სამსახურის დასაწყებად და არც დრო, ამიტომ კვლავ დედამთილთან დაბრუნება გადავწყვიტეთ.
მესიკვდილებოდა იქ მისვლა და მისი ამაყი სახის დანახვა, გამომეტყველებით „ჩემს იქით წასასვლელი არ გაქვთ“, მაგრამ რა უნდა გვექნა, ჩვენთვის მთავარი ბავშვის კეთილდღეობა იყო. ამიტომ ქირის ბოლო გადახდიდან ორ დღეში დედამთილის სახლთან ვიდექი ბარგითა და ბავშვით ხელში.
-შემოდით, საყვარლებო - მისმა ღიმილმა მზის სიკაშკაშესაც გაუსწრო - ოთახი უკვე გაგიმზადეთ და შეგიძლიათ დაისვენოთ. მე კი ჩემს პატარა შვილიშვილს მივხედავ - ნაზად გამომართვა თეკლა და შუბლზე აკოცა.
ის ქალი, რომელიც ამ ბავშვის მოკვლას ემხრობოდა და აბორტის გზებს მირჩევდა, ახლა ეფერებოდა და კოცნიდა მას, თუმცა მაინც არ გამიკრიტიკებია. შვილიშვილი მაინც შვილიშვილია და იქნებ შემდეგ უფრო იგრძნო მისი სიტკბოება. ოთახი მართლაც მოწესრიგებული დაგვხვდა. ბავშვის საწოლიც კი ეყიდა და ოთახის კუთხეში დაედგა. ასევე საწოლზე იდო უამრავი სათამაშო და ფერად-ფერადი კაბები.
-მე შეცდომა დავუშვი და უნდა ვაღიარო, ნელიკო - კართან იდგა დედამთილი და ჩემს რეაქციებს აკვირდებოდა - ვიცი, ამით ვერ გამოვისყიდი ჩემს დანაშაულს, თუმცა ვცდილობ მაინც. თაზოს რამდენჯერმე ვუთხარი დაბრუნდით სახლშითქო, მაგრამ უარზე იყო, ძალიან გვაწყენინეო. მე ნელ-ნელა ასაკში შევდივარ და მიჭირს სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ახალ დროებასაც ჩამოვრჩი და სულ დავიკარგე.
-თქვენი მთავარი პრობლემა სანათესაო და სამეზობლოა - საწოლზე ჩამოვჯექი და თეკლას კაბების დაკეცვას შევუდექი - მუდამ იმას ფიქრობთ, რას იფიქრებს ხალხი და ამ დროს ყველაზე მთავარი გავიწყდებათ, საკუთარი თავი. თუკი არ მოუსმენთ მათ აზრს და იცხოვრებთ ისე, როგორც ეს თქვენ და ჩვენ გვინდა, მაშინ გგონიათ, რომ ეს პრობლემა გაჩნდებოდა?
-მე მართლაც ვარ მათზე დამოკიდებული. დედაჩემი სულ იმას ჩამძახოდა, იცხოვრე ისე, როგორც სხვას უნდა, რადგან ასე არასოდეს დაიჩაგრებიო. ჩემი ხელით შევკერე ეგ ყველა კაბა - ხელებში მოქცეულ პატარა მწვანე კაბაზე მიმითითა მან - ის ჩემი შვილიშვილია და ისევე მეყვარება, როგორც სხვა შვილიშვილები.
სხვა შვილიშვილები ჯერ იდეაშიც არ გვქონდა მე და ჩემს ქმარს, თუმცა დედამთილს ეგეც კი დაეგეგმა. პირველი დღე ძალიან ნეიტრალური აღმოჩნდა ძველ სახლში. თითქოს ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. დედამთილი შედარებით თბილად გვექცეოდა როგორც მე, ასევე ჩემს შვილს. ამ ყველაფრის ფონზე კი მუშაობა გადავწყვიტე. ჩემი დედამთლი უმეტეს დროს სახლში ატარებდა. ის ექიმი იყო და პაციენტებს სახლში იღებდა ხოლმე. ასევე ჩემი მამამთლი საკმაოზე მეტ ფულს შოულობდა, თუმცა საკუთარი ფული ნამდვილად არ მაწყენდა. ოცი წლის ასაკში გათხოვებამ და მუდივმა სტრესმა, რაც უშვილობასთან იყო დაკავშირებული, ჩემი განათლება სამუდამოდ ჩამარხა მიწაში. მქონდა მხოლოდ ატესტატი და სხვა არაფერი. ჩემი ოჯახის ყველა წევრი მეუბნებოდა, რომ თავისი რეკომენდაციით დამაწყებინებნენ მუშაობას, თუმცა ასე არ მინდოდა და საკუთარი ძალებით დავიწყე ძებნა.
ორ კვირაში სამსახური ვიპოვე. ჩვენს სახლთან ახალი გახსნილი ბაზარი იყო და ხილ-ბოსტანის დახლთან ვიდექი. ჩემმა გადაწყვეტილებამ კი ოჯახში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
-ეს გოგო ბოლოს მომიღებს მე - აქოთქოთდა ქალბატონი დედამთილი - შენი შვილი ჯერ ერთი წლისაც არ არის. წესიერ სამსახურზე უარი თქვი და ბაზარში ყოფნა არჩიე? ნუ გადამრევ, ადამიანო. მოეგე გონს რას აკეთებ. ვიღაცა გლეხის ოჯახიდან კი არ ხარ. ჩვენი რძალი ხარ და ჩვენ უნდა გვასახელო, კი არ უნდა დაგვცინონ შენ გამო.
-მართალია, შვილო - მხარი აუბა მამამთილმა - არაჩვეულებრივ სამსახურს მპირდებოდა თენგიზი. დაჯდებოდი კაბინეტში და თბილად, ჩაისთან და ყავასთან ერთად გაატარებდი მთელ დღეს. ხელფასიც უფრო მეტი გექნებოდა და სამუშაო კი ცოტა.
-თქვენს მოპოვებულ სამსახურს მუდამ წამომაყვედრიდნენ და თითქოს ამით დამაკნინებდნენ კიდეც - როდესაც ქარ-ცეცხლმა გაიარა, მხოლოდ მაშინ ამოვიღე ხმა - სათაკილო არცერთი სამსახურია და არც ბაზარში დგომა. რა მოხდა თუკი ორი-სამი კილო კარტოფილი და ხახვი ავუწონე ხალხს. ეს სირცხვილია?
-არა, ეს სირცხვილი არ არის ვიღაც გლეხის გოგონასთვის, მაგრამ როდესაც ჩვენი რომელიმე ნათესავი მოვა შენთან ორი კილოგრამი პომიდვრის ასაწონად და შენ ღიმილით მიაწვდი მას პოლიეთილენის პარკს, რა გგონია, ის შენს ზურგს უკან არ დაგცინებს?
ჩემი დედამთილი სრულიად მართალი აღმოჩნდა და მეტიც, ზურგს უკან ჭორაობა კი არა, პირში დამცინოდნენ და ირონიით მთხოვდნენ რაიმეს აწონვას. განსაკუთრებით ფულიანი ძუკნები იქცეოდნენ ასე, რომლებიც ჩემი დედამთილის დაქალები და მეგობრები იყვნენ.
-ერთი თავი კომბოსტო ამიწონე რა - ირონიული ღიმილით მითხრა თალიკომ და საჩვენებელი თითი ისე მიუშვირა მოზრდილ თავს, გეგონებოდათ ტალახში იყო ამოსვრილი - შენ ბავშვთან არ უნდა იყო ახლა? ნუ, პრინციპში რა გენაღვლება, ისეთი დედამთილი გყავს, რომ ბევრი ინატრებს - დახლს თვალი მოავლო - როდის აქედან გიტაცებს სოფელი? უი, მართლა, ვანომ უყიდა თავის ცოლს დიდი აგარაკი წყნეთში და იქ მოჰყავთ ნატურალური პროდუქტი. მართალია, მუშები ყავთ და მათი დახმარებით, თუმცა შენც არ გინდა სცადო?
-ლარი და სამოცდაათი თეთრი - პარკი გავუწოდე და ყური ავარიდე მის ირონიულ შეკითხვებს.
-აი, აიღე ძვირფასო - ორი ლარი გამომიწოდა და ხურდის დასაბრუნებლად პატარა ყუთი მოვიმარჯვე - იმედია, ოცდაათი თეთრის მოცემას არ აპირებ ჩემთვის. მძულს ხურდები, ამიტომ შენი იყოს - წასასვლელად მოემზადა და უცებ შემოტრიალდა - ნელიკო, ტოლმისთვის რა მწვანილი დამჭირდება?
-მე არ ვიცი, მწვანილები იქეთ იყიდება - ხელი ჩემ წინ არსებული დახლისკენ გავიშვირე.
ეს იყო მხოლოდ მცირედი, რითაც ისინი მე მამცირებდნენ. სწრაფად გავრცელდა ინფორმაცია დედამთილის სანაცნობოში და ყველა რიგრიგობით მოდიოდა ჩემს სანახავად და დასარწმუნებლად, რომ მე ნამდვილად დახლთან ვიდექი და ხილ-ბოსტანს ვყიდდი. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით წამოვედი სამსახურიდან. მეც ისევე მოვიქეცი, როგორც ჩემი დედამთილი მოიქცეოდა მსგავს სიტუაციაში. მეც საზოგადოების აზრს დავუგდე ყური და კვლავ სახლში აღმოვჩინდი.
ნეტავ იცოდეთ, როგორი კმაყოფილი სახით დადიოდა ჩემი დედამთილი დილიდან საღამომდე. მან ორ სიტუაციაში „მომიგო“. პირველი, როდესაც ნაქირავები სახლიდან დავბრუნდი და მეორე, როდესაც სამსახურიდან წამოვედი. სიმართლე გითხრათ მგონი ისევ ვაშლის აწონვა მიჯობდა, ვიდრე ამ ქალის ირონიული სახის ყურება.
თავი 8
ლუკა იმ დღეს სახლში არ დაბრუნებულა. მთელი ღამე თეთრად გავატარეთ ოჯახის სამივე წევრმა. ვერ ვხვდებოდით საიდან ჰქონდა ცამეტი წლის ბავშვს ამდენი გამბედაობა და სიმამაცე, რომ მთელ ოჯახს დაპირისპირებოდა. ჩემ დროს, ცამეტი წლის ბავშვები დედის სიტყვის გარეშე გარეთაც არ გადიოდნენ. ყველაფერს მშობლებს უთანხმებდნენ. ლუკა კი ისე იქცეოდა, თითქოს ძალიან დიდი ყოფილიყო. გარდატეხის ასაკიც კი არ უწევდა და რამ გარდატეხა მთელი ჩემი შვილის ფსიქიკა, ვერ ვხვდებოდი.
მე და თაზომ ყველა ჩვენთვის ნაცნობი ადგილი შემოვიარეთ. იმ მინგრეულ ადგილასაც კი ვიყავით, თუმცა ლუკას კვალს ვერსად მივაგენით.
-თაზო, ძალიან მეშინია - მთელი ძალით ჩავეხუტე ჩემს ქმარს და ავტირდი - სად წავიდა ეს ბავშვი ან რა დაემართა მას. ის ხომ ჯერ სულ პატარაა, რატომ ხდება ასე?
-ყველაფერი კარგად იქნება, ნელიკო - მამშვიდებდა, თუმცა მის ხმასაც ეტყობოდა ბზარები - ვიპოვით და მოვიფიქრებთ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ.
მეტ გამოსავალს ვეღარ ვხედავდით და სახლში დავბრუნდით. თეკლამ ყველა ნაცნობს ჩამოურეკა, მაგრამ მათაც არ იცოდნენ სად იყო ლუკა.
დილის ექვს საათზე სამივეს სავარძელზე ჩაგვეძინა და რამდენიმე წუთში კარის ჩუმმა ჭრიალმა გაგვაღვიძა. ლუკა სახლში მოიპარებოდა. შემოსასვლელში შემოვიდა და ჩვენს დანახვაზე შეხტა.
-არ გძინავთ? - შეშინებული ხმით იკითხა და ჩანთა კედელთან მიაყუდა.
-როგორ უნდა დაგვეძინა, ლუკა? - თეკლა ფეხზე წამოენთო და მის ცხვირ წინ აიტუზა - ხვდები რას აკეთებ? ცამეტი წლის ლაწირაკი ხარ და რას ბედავ? დედაზე და მამაზე საერთოდ არ ფიქრობ? ვინ ხარ ასეთი, რომ მათ შრომას არ აფასებ. ისინი ჩვენ გამო ყოველ დღე შრომობენ, ჩვენი განათლების გამო წელებზე ფეხს იდგამენ და შენ, ცამეტი წლის ცხვირმოუხოცავი ბიჭი რაებს ბედავ საერთოდ?
-დამშვიდდი თეკლა - მივედი და მხარზე ხელი დავადე - ლუკა საკადრის პასუხს მიიღებს და ინანებს კიდეც თავის ასეთ თავნებობას. ახლა კი, ბატონო ლუკა - თეკლა გავწიე და ლუკას ამჯერად მე დავუდექი წინ - დაბრძანდები და ჩვენს წესებს კარგად მოისმენ. მე არ მაინტერესებს სად იყავი და რას აკეთებდი, რადგან ვიცი შენი ტოლა ბავშვი ამდენის უფლებას არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს.
ლუკა სავარძელში ჩაესვენა და ანერვიულებული სახით სათითაოდ ყველას შემოგვხედა.
-შვილო, უფრო სწორად არც ვიცი კიდევ გიწოდო თუ არა შვილი - თქვა თაზომ და ლუკასკენ გადაიხარა - შენ ისეთი პატარა ხარ, რომ ვერ ხვდები რას აკეთებ, ამიტომ ყველაზე მარტივი გამოსავალია ჩვენ გაგაგებინოთ ეს. ოქროს შანდალზე შემდეგ მოგთხოვთ პასუხს და გატეხილ ყულაბაზეც, თუმცა ხვალიდან, უფრო სწორად უკვე დღეიდან შენ გაგაკონტროლებთ. სკოლაშიც დედაშენი წამოგყვება, კლასის კართანაც დაგიცდის, უკანაც ერთად დაბრუნდებით. შენს ფანჯარაზე გისოსებს გავაკეთებ და აბანოშიც, რომ არ გადაძვრე. ყველა კარს და ფანჯარას ჩავკეტავთ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენი ყოველი ნაბიჯი გაკონტროლებული იყოს. გასაგებია?
-გასაგებია - ჩუმად ჩაიბურტყუნა ლუკამ და თვალები დახუჭა.
-თუკი რაიმე პრობლემა გაქვს შეგიძლია ნებისმიერ ჩვენგანს დაელაპარაკო - ვუთხარი მას და თეკლას გავხედე - შენს დას მაინც მოუყევი თუ რამე ხდება.
-არაფერი არ ხდება - ხმამაღლა წამოიყვირა ლუკამ - გამაკონტროლეთ, მაგრამ რას მიიღებთ ამით? მე უბრალოდ გავიზარდე და თქვენ ვერ ამჩნევთ ამას. თქვენ ვერ ხვდებით, რომ მე ის პატარა, დამჯერე ბავშვი აღარ ვარ და გავიზარდე. ნეტავ ოდესმე თუ გაიგებთ და შეეგუებით ამ აზრს.
-ვერა, ლუკა. ვერავინ ვერ შევეგუებით - კვლავ თეკლამ გაუწია წინააღმდეგობა - მეც ვიყავი შენხელა და რომ იცოდე ახლა შენზე უფროსი ვარ, თუმცა ამ ყველაფერს არ ვიკადრებ. ჩემს ოჯახს პატივს ვცემ. შენ კი დამდგარხარ ვიღაც აყროლებულ ბიჭებთან და ისე იქცევი, თითქოს მათ უყვარდე. შენზე ზურგს უკან იცინიან, ბიჭო. ნუთუ სულ დაგაბრმავა ერთმა ღერმა სიგარეტმა. სიგარეტის ხელაც არ ხარ და ბიჭობ აქ და კაცობ. ნეტავ იცოდე მაინც კაცობა. ქუჩაში დგომას წიგნი გადაშალე და ცოტა რამ მაინც წაიკითხე სამყაროზე. თავს ნუ შემაძულებ, ძმაო.
-დაე, გძულდე. მე რა?
-ხო, იმ ბიჭებს უყვარხარ, ზურგს უკან ლაწირაკს და ნაბიჭვარს, რომ გეძახიან - თქვა თეკლამ და ლუკას მაისური მოქაჩა - ცოტა აზრზე მოდი, ბიჭო.
თეკლა საძინებელი ოთახისკენ წავიდა. იმ დღეს ყველაფრის გაცდენის უფლება მივეცით, რადგან მისი ძმის გამო ძალიან ინერვიულა და ემოციურად გადაიღალა. ასევე იმ დღეს წამოვედი მე ჩემი მაღაზიიდან და მეზობლის გოგოს ჩავაბარეთ მთელი მაღაზია. შვილზე მნიშვნელოვანი ხომ არც კარიერა და არც ფულია. მთავარი იყო ლუკა ცხოვრების მართებულ რელსებზე დაბრუნებულიყო და გზიდან არ გადაეხვია.
სწორედ ასე გავიდა შემდეგი ორი წელი. ყოველ დილით ერთად მივდიოდით მე და ლუკა სკოლაში. დილის ცხრიდან შუადღის ორ საათამდე ვიჯექი ლუკას კლასის წინ და ველოდებოდი სანამ გაკვეთილები არ დამთავრდებოდა. შემდეგ ისევ ერთად ვბრუნდებოდით და ორივე ჩემს თვალწინ მეცადინეობდა. ლუკა სკოლის საგნებს, ხოლო თეკლა უნივერსიტეტის მასალებს.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

ხო მტკივნეული ძალიან.,გელოდებით.

 


№2  offline წევრი გაზაფხული

სტუმარი nancho
ხო მტკივნეული ძალიან.,გელოდებით.

დაიდება დღეს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent