შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილმისჯილი - დასასრული


31-03-2019, 23:11
ავტორი omexi
ნანახია 969

ოვალურ, ნაირფერად მოკაშკაშე ელექტრომაგნიტურ პლათფორმაზე მდგარმა რომამ პირველად ის იგრძნო, თუ როგორ შემოეკრა სხეულზე მწებავი, საოცრად სქელი მიკროლეპტონური ველი, შემდეგ ჰიპერპორტატული იმპულსის მკვეთრი დარტყმით, რომელიც სადღაც ქვემოდან წარმოიქმნა, ერთბაშად გაიჭრა უსასრულობაში და აუტანელი ტკივილისაგან, რაც ალბათ დროსა და სივრცის ზემყარი ბარიერის გადალახვამ გამოიწვია... გონება დაკარგა... მისი მატერიის უმცირეს ნაწილაკებად გარდასახული სხეული, თავბრუდამხვევი სისიწრაფით მიჰქროდა წარსულის შესახვედრად.
გონს აუტანელმა სიცივემ მოიყვანა, ძლივს გაახილა დამძიმებული თვალები და გაბუნდოვანებულ, გადღაბნის სიშავეში უშველებელი მანათობელი ბურთი დალანდა... ეს სავსე მთვარე იყო, რომელიც ამაყად დანათოდა თავზე.
კანკალმა აიტანა, ალბათ დროსა და სივრცის უხეშმა დარღვევამ გათოშა, რომა მოიკრუნჩხა და გაყინული ხელები მოიფშვნიტა, შემდეგ თავი წამოსწია და მთვარეს ახედა, ჩვეულებრივი დედამიწისეული მთვარე იყო. ესე იგი რომა დედამიწაზე იმყოფებოდა, იდადან პირდაპირ დედამიწაზე, უცნაურია, მისმა სხეულმა, ყოველგვარი კოსმოსური ხომალდის გარეშე, დაფარა ასტრონომიული მანძილი, უმოკლეს ვადაში გაიარა კოსმოსური სიცივით ავსებული სივრცე, დაარღვია რა ამით ფიზიკის ყველა კანონი. ის უკვე დედამიწაზე იმყოფებოდა, მწვანე, ხასხასა ბალახით შემოსილ მინდორზე მოკრუნჩხული იწვა და სხეულში გამჯდარი უცნაური, არაადამიანური სიცივით შეპყრობილი კანკალებდა.
როდესაც სიცივის შეგრძნებამ გაუარა, უფრო დაკვირვებით მოათვალიერა მინდორი და რაღაც ნაცნობი აღმოაჩინა, წამით გონებაში წარსულის ბუნდოვანმა მოგონებებმა გაუელვეს, ბალახით დაფარულ მინდორზე წამოჯდა, ფეხმორთხმით მოკალათდა და მისდა გასაკვირად მიხვდა, რომ საკუთარი სახლის წინ იმყოფებოდა.
რომამ თვალებს არ დაუჯერა, ფეხზე წამოდგა და სახლს გახედა. მისი სახლი იყო ისეთივე მშვენიერი, როგორც მაშინ, მრავალი წლის წინათ. პაწაწინა, თეთრი კოტეჯი, მთვარის შუქში ყელმოღერებულ გედს წააგავდა. ის უკვე სახლში იყო. რომას გული სიხარულით აევსო, გამეტებით აუჩქროლდა და თავს ძალა დაატანა, რათა გულის სიღრმიდან ამოსული ყვირილი არ აღმოხდომოდა. ეს არაჩვეულებრივი ექსპერიმენტი, მისი აზრით, უკვე წარმატებით დასრულდა.
დაიჩოქა და ღმერთს მადლობა შესწირა, მორწმუნე არასოდეს ყოფილა, მაგრამ ახლა თავგადახდენილს სასწაულად უფრო მიიჩნევდა, ვიდრე თანამედროვე ტექნიკის ნაყოფად ანდა ტრანსპორტირების უნივერსალურ საშუალებად. ბოლოს და ბოლოს, ხუმრობა ხომ არ არის წარსულში დაბრუნება, ასეთი რამ ხომ ყოველდღე არ ხდება ცხოვრებაში. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა სახლისკენ, მაგრამ უცებ ეჭვმა შეიპყრო, ნუთუ მართლა წარსულში იმყოფება? თუ ყოველივე ეს „ბელზებელის“ ოინებია? იმ იდიოტს ხომ მოსწონს საწყალი პატომრების გაპამპულავება.
რომა ილაჯწართმეული შეჩერდა, სახლს საწყალობლად მიაჩერდა და გონებაში ათასგვარი ფიქრი დაუტრიალდა. სასაცილოდ გამოიყურებოდა, დაბნეულად მდგომი საკუთარ სახლთან, აუცილებლად უნდა გაერკვია წარსულში იმყოფებოდა თუ აწმყოში. დაიძაბა, შუბლი მოჭმუხნა. ადრე მისი სახლის პირდაპირ პაწაწინა კაფე იდგა, თუკი ისევ აქ არის, - „თუმცა სად წავიდოდა?“ - გაუელვა რომას. უკან მიტრიალდა, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ლამაზი რეკლამებით გაფორმებული კაფე წამოსკუპებულიყო, რომელსაც დიდი, აბრჭყვიალებული ნეონის ნათურებით ეწერა... „ტონისთან“ - კაფის მფლობელი ენაწყლიანი იტალიელი გახლდათ, ტონი პატიბოლი. რომა ადრე როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავდა, ყოველთვის შეივლიდა ხოლმე ტონისთან, ერთი-ორი ჭიქა ვისკის გადასახუხავად, ახლაც არ აწყენდა ვისკი, ასეთი უცნაური დღის ბოლოს, აუცილებლად უნდა დაელია ერთი ჭიქა, რომ ცოტა მოდუნებულიყო.
ის თეთრ სპეცკოსტიუმში იყო გამოწყობილი, არაფრით გამოირჩეოდა ჩვეულებრივი გამვლელებისგან, არაფრით არ მიიქცევდა იქვე მდგომი უსაქმურების ყურადღებას, არავინ იფიქრებდა, რომ მომავლიდან იყო მოვლენილი. ამიტომ სახლს ზურგი აქცია და კაფეში დინჯი ნაბიჯით შეაბიჯა.
კაფე ცარიელი იყო, შიგ მხოლოდ მსუქანი, ფაშვგადმოგდებული, ლოყებლაყლაყა ტონი იჯდა და დახლზე ჩამოყრდნობილი თვლემდა. რომა ხმაურით მიუახლოვდა, ბარმენი უხეშად შეანჯღრია და ხმამაღლა ჩასძახა.
- ჰეი, ტონი მომემსახურე.
ტონიმ თვალები ზარმაცად გაახილა, უაზროდ მიაცქერდა. ვერ იცონ. თუმცა გასაკვირიც არაფერი იყო, ამ ერთი წლის განმავლობაში რომა ძალიან შეიცვალა, როგორც გარეგნულად, ისე სულიერადაც, ის საკუთარ თავს ძლივს სცნობდა. ფერმკრთალი სახე და გრძელი, ბეჭებზე დაშვებული თმა, უცნაურ იერს აძლევდა.
- რას ინებებთ... Signor?[1] - მთქნარებით ჰკითხა ტონიმ.
- ერთი ჭიქა ვისკი, - მოკლედ თქვა რომამ და დახლის წინ მოთავსებულ მაღალფეხებიან ტაბურეტზე მოკალათდა.
- პირველი ჭიქა დაწესებულების ხარჯზეა... Signor, - მელანქოლიურად თქვა ტონიმ და თხელი, გამჭირვალე ჭიქა ქარვისფერი სითხით შეავსო.
რომამ ვისკი სულმოუთქმელად გამოსცალა, მისი მსუსხავი არომატით დატკბა, შემდეგ დახლისკენ გადაიხარა და ბარმენს მიმართა.
- პატარა სათხოვარი მაქვს, ტონი.
ბარმენი დაფიქრდა, შემდეგ მსუქანი, წითელი ლოყები სასაცილოდ გამობერა, რომას თითი მხიარულად დაუქნია, დახლზე უზარმაზარი, ქონიანი ნიკაპი ჩამოადო და იდუმალი ხმით ჩაილაპარაკა.
- იქნებ გოგონები გინდათ... Signor?, მე აქ კარგი გოგონები მყავს.
ლაშხი დააფიქრა ტონის სიტყვებმა, აქ ამ პატარა ქუჩაზე მთელი ოცი წელი ცხოვრობდა და დღემდე წარმოდგენაც არ შეეძლო თუ ტონის კაფესთან ერთად, არალეგარული ბორდელიც ექნებოდა გახსნილი. რატომღაც გაეღიმა და ხმადაბლა, გამოკვეთილად თქვა:
- შენ, ვერ გამიგე, ტონი. მე მინდა რაღაც გკითხო, - რომამ თვალები მოწკურა და მკვეთრად დაუმატა, - რომელი წელია ახლა?
ბარმენი პირდაღებული მიაცქერდა, მხრები უაზროდ აიწურა, ალბათ იდიოტადაც კი ჩათვალა, ეს უცნობი უცხოელი.
- მიპასუხე რაღას უცდი, - დინჯად ჩაილაპარაკა რომამ.
- 2402... Signor, - ბარმენი ბოთლს დასწვდა, - კიდევ ხომ არ ინებებთ... Signor? - ჰკითხა მან.
მაგრამ რომა აღარ უსმენდა, მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა თავში, ყურებში კი გაუთავებლად ჩაესმოდა იდუმალი ხმა, რომელიც ისევ და ისევ იმეორებდა, რომ დროის ბარიერი გადალახა. ერთი წლით უკან დაიხია. უკვე წარსულში იმყოფებოდა.
- თვე? - მოკლედ ჰკითხა ბარმენს ისე, რომ გაქვავებულ სახეზე ერთი ნაკვთიც არ შეტოკებია.
- მარტი... Signor.
რომა ნერვულად შეტოკდა.
- რიცხვი? - ამ კითხვაში მთელი ნებისყოფა ჩააქსოვა.
- ცამეტი, - ბარმენმა სქელი, გადმობრუნებული ტუჩები ენით მოლოკა, - ცუდად ხომ არა ხართ... Signor? - მზრუნველად დაინტერესდა ის.
მაგრამ რომა ცუდად არ იყო, მის თავს უფრო საშინელი რამ ხდებოდა, ამიტომ გულისფანცქალით ახედა იქვე კედელზე დაკიდებულ ფოსფორისებულ საათს და ტანში გაცრა... ღამის ორი საათი იდგა... ესე იგი ერთი საათი რჩებოდა იმ საბედისწერო ამბამდე, ერთ საათში უნდა განმეორებულიყო ყოველივე, ერთ საათში უნდა გადაწყვეტილიყო მისი ბედი, მისი მომავალი. რომა ელნაკრავივით წამოხტა ტაბურეტიდან და კაფედან გავარდა.
სახლთან მიახლოვებული წამით შეჩერდა, სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა და მაგნიტურ კოდურ საკეტს მიუბრუნდა. კარგად ახსოვდა კოდური საკეტის ციფრების კომბინაცია. სწრაფად აკრიბა ციფერბლატზე ხუთნიშნა ციფრი და კარი ფრთხილად შეაღო. დროზე უნდა მიეღო ზომები, არ დაეშვა ის შეცდომა, რაც ადრე დაუშვა, დროზე უნდა მოეშორებინა თავიდან სახლში დაუკითხავად შესული უცნობი მამაკაცი, ყოველგვარი უბედურების მიზეზი, სანამ „ის“, მისი წარსული პიროვნება შინ დაბრუნდებოდა და კვლავ ჩაიდენდა იმ საშინელებას, რაც ადრე უკვე ჩაიდინა.
რომა ფეხაკრეფით მიაბიჯებდა ოთახებში, ყოველ კუთხე-კუნჭულს დაკვირვებით ათვალიერებდა, მაგრამ ამაოდ, ოთახები ცარიელი იყო. რომამ გულისფანცქალით შეაღო საძინებლის კარი, თვალწინ მომენტალურად გაუელვეს „ადრე“ დატრიალებულმა უბედური შემთხვევის კადრებმა, ისევ ელოდა უცნობი მამაკაცის დანახვას, მაგრამ საძინებელ ოთახში კლარიტას მეტი არავინ იყო. ქალი თეთრ, ბუმბულა ლოგინში იწვა და მშვიდად თვლემდა. რომა შეკრთა, როცა საყვარელი ქალი დაინახა, თითქოს მოჩვენებას შეფეთებოდეს, თუმცა კლარიტა იყო კიდეც მოჩვენება, მისი წარსულის აჩრდილი, ოღონდ... რომა საერთოდ ვერ გაერკვია ჩახლართული დროის უცნაურობაში, ვერასოდეს წარმოიდგენდა თუ კიდევ იხილავდა კლარას, მისთვის ერთადერთ და განუმეორებელ ქალს, ხორცშესხმულ სიყვარულს, ძალიან უნდოდა ჩახვეოდა, ყოველგვარი უბედურებისაგან დაეცვა, მაგრამ თავს სძლია, აიძულა საკუთარი ემოციები დაემორჩილებინა და მხოლოდ დაეხედა ოთახის ბინდ-ბუნდში ჩაძირული ქალის ლამაზი სახისათვის, საწოლთან დადგა და მონატრებული მზერით ხარბად შეათვალიერა მისთვის ესოდენ ნაცნობი და სასურველი არსება.
კლარა სიზმარში აწრიალდა, მთვლემარე ფისოსავით აკრუტუნდა, რომასკენ მიტრიალდა, სახე ლამაზი ღიმითა გაებადრა და ხმადაბლა ჩაიბუტბუტა.
- მოხვედი, ძვირფასო?
ლაშხი, ქალის გრძნობით წარმორთქმულმა სიტყვებმა შეაკრთო, უეცრად მიხვდა ვინც იყო და სადაც იყო, ამიტომ ამჯობინა აქაურობას გარიდებოდა, რათა არ დაერღვია დროის კალაპოტი, ნელ-ნელა კარისკენ გაემართა, ისე რომ ქალისთვის ხმა არ გაუცია.
- დაიღალე? - ისევ ღვთიური, ჟღურტულა ხმით წარმოსთქვა ქალმა, - მოდი, დაისვენე, - კლარიტას თეთრი, სიფრიფანა ხელი, რომას დაკუნთულ მარჯვენას შეეხო.
მამაკაცს ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, ჯერ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ როდესაც შეამჩნია როგორ მაცდურად იღიმოდა თვალებმილულული, ნახევრადმძინარე კლარიტა, ცდუნებას ვერ გაუძლო, ქალს ვნებიანად მოეხვია და სურვილისაგან შუაგაპობილ ტუჩებზე დაეკონა.
რომა ლაშხის ტანჯული მომავალი, ახლა მისი წარსულის სანატრელ ნარჩენებს ეხვეოდა, ეფერებოდა, ესიყვარულებოდა. ის ბედნიერი იყო, თუმცა ხვდებოდა მომავალი, საკუთარ წარსულს რომ ეცილებოდა ბედნიერებაში, მაგრამ გრძნობებს წინააღმდეგობას ვერ უწევდა, ძალაწართმეული და გაბრუებული, ვნების ბურუსში გახვეულიყო.

***

ვიღაცის დაჟინებულმა, ავმა მზერამ, წამსვე გამოიყვანა ძილის დამათრობელი ბურუსიდან, გაეღვიძა.
თვალებგახელილი ჯერ ვერ გარკვია სად იყო, შემდეგ თანდათან მახსოვრობა აღუდგა, განვლილი წუთები ნეტარებით გაიხსენა და უეცრად, მისი ყურადღება სიბნელეს ოსტატურად შერწყმულმა რაღაც აჩრდილმა მიიპყრო. ლაშხმა თვალები ჭყიტა, დაჟინებით ჩააცქერდა, რამდენჯერმე ურწმუნოდ დახუჭა, მაგრამ მისდა საუბედუროდ გახელის შემდეგ სურათი არ შეცვლილა... ის იყო... რომა, ოთახის ბინდ-ბუნდში მრისხანედ მდგომ საკუთარ თავს უმზერდა, ოღონდ უფრო ახალგაზრდას, უფრო ენერგიულს, წელსზემოთ შიშველს, ხელში მსხვილკალიბრიანი იარაღი, რომ ჩაებღუჯა და ზიზღით აღსავსე თვალებით სიკვდილით ემუქრებოდა.
- აეთრიე! - არაბუნებრივი ხმით დაუღრიალა „მან“.
რომა ფაცხა-ფუცხით წამოხტა საწოლიდან, შიშველი სხეული ზეწრით დაიფარა და უნებურად მზერა კედლის საათისკენ გაექცა... ღამის სამი საათი დამდგარიყო.
საწოლში ნებიერად გაშოტილ კლარას გაეღვიძა, სანახევროდ წამოჯდა, გაურკვევლად მიაჩერდა ოთახში მყოფ ორ მამაკაცს, ერთს ნახევრადშიშველს, შეშინებულსა და თეთრზეწარაფარებულს, მეორეს კი იარაღმომარჯვებულსა და საშინლად განრისხებულს. ვერ გაერკვია, რა ხდებოდა მის სახლში, მაგრამ ქალური წინათგრძნობით, უბედურების მოახლოვება იგრძნო, ამიტომ ფართოდ გახელილი თვალები, შეშინებულმა ააფახულა და სასოწარკვეთილი ხმით შეჰკივლა.
- არ გინდა, რომა!
- კახპავ! - ხმამაღლა დაუღრიალა „მან“ ქალს და საჩვენებელი თითი მუქარით დაუქნია.
„ის“, გაცოფებული მივარდა რომას და სახეში მუშტი უთავაზა, ლაშხი იატაკზე დავარდა, გაფართოებული თვალებით ახედა ორეულს წარსულიდა... ნაცნობ თვალებს, ნაცნობ სახეს, ნაცნობ გამოხედვას შეეფეთა... საოცრად ნაცნობს, თითქმის მშობლიურს და თავზარდაცემულმა დაიღრიალა.
- რას სჩადიხარ!
მაგრამ „მას“ არაფერი ესმოდა, მხეცად გადაქცეუ-ლიყო, დუჟმორეული ურტყამდა წიხლებს კუთხეში მიკუჭულ რომას ისე, რომ ხმის ამოღებასაც არ აცლიდა და გაცოფებული ცხოველივით ღრიალებდა, შემდეგ იარაღი შემართა და მის შუბლს უსწორა.
- არ გინდა! - დაუყვირა რომამ. მთელი ძალა მოიკრიბა, უეცრად უდიდესი ენერგიეს მოზღვავება იგრძნო, რაც ხშირად ემართება საფრთხეში მყოფ ადამიანს და „მას“ იარაღიან ხელზე დააცხრა.
წარსული და მომავალი წამით ერთმანეთს ჩაეხვია, მაგრამ ეს მეგობრული ხვევნა-კოცნა კი არ გახლდათ, არამედ მტრული, აღსავსე ზიზიღითა და ბოროტებით, ისინი იატაკზე გადაკოტრიალდნენ, გამეტებით ურტყამდნენ მუშტებს ერთმანეთს სახეში მანამ, სანამ ორთავე სისიხლით არ გაიღება. შემდეგ, რომამ, „მას“ იარაღიანი მარჯვენა გადაუგრიხა, განაიარაღა, წამით დაჩაგრა მისი ცოდვილი წარსული, მაგრამ სწორედ იმ მომენტში იარაღმა ყრუდ დაიქუხა.
რომას ყურთასმენას თითქოს ახლაც შორიდან ჩაესმა ეს გასროლა, როგორც მაშინ იმ დაწყევლილ დღეს, უკან დაბრუნებული კინოფილმის კადრივით განმეორდა ყოველივე, ლაშხმა დაინახა, როგორ გაუგლიჯა მკერდი ბრმად გამოჭრილმა ვერცხლისფერმა ჭუვრმა კლარიტას და როგორ გაითხაპნა სისიხლით თეთრი, ქათქათა ზეწარი. ის კეთროვანივით მოშორდა იატაკზე დავარდნილ წარსულის ორეულს, რომელსაც მსხვილკალიბრიანი იარაღი ხელიდან გავარდნოდა, სასიკვდილო აგონიაში მყოფ ქალს მივარდა და თავზარდაცემულმა დაიღრიალა.
- ნუთუ, ისევ, ღმერთო... ნუთუ, ისევ!
შეცადა გულში ჩაეკრა მომაკვდავი კლარიტა, მაგრამ ზურგში მიყენებულმა მძლავრმა დარტყმამ აღარ დააცალა და გვერდზე გადააგდო, ოთახის კუთხისკენ სწრაფად გახოხდა, იქვე მიგდებულ იარაღს წაეპოტინა, მაგრამ „მან“ დაასწრო, რომა ხელის კვრით კედელს მიაჭყლიტა, იარაღი მოიმარჯვა და დაუმიზნა.
- ნუ... ნუ ჰკლავ საკუთარ მომავალს! - აცახცახებული ხმით დაიყვირა რომამ.
მაგრამ მისმა წარსულმა, რომლის წყნარ, ოჯახურ ცხოვრებაში საკუთარი მომავალი დაუპატიჟებლად შემოიჭრა, აღარ მოუსმინა, რადგან „მისი“ გონება მხოლოდ ერთ აზრს დაეკავებინა.
„მან“ ცივად შემართა იარაღი და ჩახმახს თითი გულგრილად გამოსდო... პირველი ჭურვი ბეჭში მოხვდა რომას, სახსარში გაიჭედა და გასკდა, აუტანელმა ტკივილმა დაუარა მთელ სხეულში და გასისხლიანებული ბაგეებიდან განწირული ადამიანის ღრიალი აღმოხდა. მიხვდა, რომ მაშინ ერთი წლის წინათ, თავად მოჰკლა საკუთარი მომავალი, როგორც ახლა ჰკლავს საკუთარი წარსული, მიხვდა, რომ მაშინდელი უცნობი ადამიანი, მისი ტანჯული მომავალი იყო, რომელიც ქალის სიყვარულმა თავდავიწყებამდე მიიყვანა, ისეთ თავდავიწყებამდე, რომ დროის ბარიერიც კი დაარღვევინა, მიხვდა იმ საბედისწერო დღეს 13 მარტს საკუთარი მომავალისგან იცავდა საყვარელ ქალს, რომელიც თავად ცდილობდა მის დაცვას წარსულისგან.
რომა ფეხზე ბორძიკით წამოდგა და აკანკალებულმა, რამდენიმე ძალაწართმეული ნაბიჯი გადადგა უმისამართოდ, მაგრამ საკუთარი წარსული, სიკვდილის აჩრდილივით გადაუდგა წინ, იარაღი მიუშვირა და ლულიდან გამოჭრილმა ჭუვრმა მუხლი ჩაუმსხვრია. რომა ჩაიკეცა და მთელი არსებით შეიგრძნო, როგორ აავსო მისი ტანჯული სხეული მსუსხავმა ტკივილმა.
როგორღაც დამშვიდდა, ნეტარი ღიმილიც კი მოეფინა სახეზე, რადგან იცოდა, რომ საკუთარი ხელით ეწერა სიკვდილი, მან ხომ ადრე ეს ყოველივე თავად გაიარა, იცოდა, რომ მისი აგრესიული წარსული, დაჩაჩანაკებულ მომავალს უმოწყალოდ დაფლეთდა. ის თვითმკვლელი იყო, ადამიანი, რომელმაც საკუთარი ხელით გამოუტანა თავს განაჩენი.
მრისხანედ მდგარ წარსულის ორეულს მიაჩერდა, რომელიც გულმოდგინედ უმიზნებდა იარაღს.
- შენ მკვლელი ხარ... სისხლიანი მკვლელი, - წაილუღლუღა რომამ.
და იმავ წამს მესამე გასროლაც გაიგონა, ერთბაშად იგრძნო, როგორ შეჭრა მის ფერდში ნაკვერჩხალივით გავარვარებული ჭურვი და თითქოს ხანძარი გაუჩინა. მან ნელ-ნელა დაკარგა: სმენის, ყნოსვის, გემოვნების, შეხების და მხედველობის უნარი, ხუთივე გრძნობა გაუბუნდოვანდა, დაუძლურდა, ერთიანად მოიკუნტა და სასიკვდილო, პულსირებადი მოძრაობით აფართხალდა.
ატროფირებულ, სიკვდილისაგან შებორკილ გონებაში მხოლოდ ერთი აზრი ამოუტივტივდა. აზრი, რომელიც ყველაფრი პასუხი იყო, ექსპერიმენტმა არ გაამართლა, რომა ლაშხი სიკვდილმისჯილი იყო და ქრონომეტრულმა ტრანსპორტაციამ, „ბაროკამერის“ მოვალეობა შეასრულა. მის გონებაში ნელ-ნელა დაბინდდა, შემოაღამდა სიცოცხლეს.
რომა ლაშხი მოკრუნჩხული ეგდო იატაკზე, ბნელ ოთახში, ერთიანად სისიხლში გათხვრილი, ღიად დარჩენილი თვალებით უსასრულობაში იმზირებოდა. მისი თვალები ახლა არც წარსულს და არც მომავალს შესცქეროდნენ, ისინი სიკვდილს მისჩერებოდნენ.
რომა ლაშხი მკვდარი იყო.

***

ასტეროიდ იდას კი ისევ დაჰნათოდა დაქტილის ცისფერი შუქი, ბუნდოვნად განათებულ ზედაპირზე ისევ ილანდებოდნე კლდის უშველებელი ხერგილები, ხახადაღრენილი, ჩაშავებული კრატერები, ისევ ჯარისკაცებივით ჩამწკრივებულიყვნენ ბასრპირიანი, რუხი ლოდები, ერთიანად მოსწორებულ კოსმოდრომზე ისევ ფუსფუსებდნენ ადამიანები, ისევ მუშაობდნენ დაუღალავი ყველგანმავალები, ისევ მრისხანედ გამოიყურებოდა მზის სისტემის ფედერაციის მკაცრი რეჟიმის კოლონია „იდა-1“-ის პირამიდისებური შენობა, სადაც ნომერ 3492-ე საკანში, ისევ სასიკივდილო განაჩენს ელოდა ტუსაღი ნომრით 612-RO რომა ლაშხი, რომელმაც არ იცოდა, რომ წარსულს ვერ შეცვლიდა, ვერ დაძლევდა დროის ბილიკს, არ იცოდა ამ უცოდინარობის წყალობით, თუ რა საზიზღარი დასასრული ექნებოდა მის ცოდვილ სიცოცხლეს... ისეთი საზიზღარი და მტკივნეული, რომ თავად ინატრებდა „ბაროკამერის“ მაღალ ატმოსფერულ წნევას. ეს ადამიანი საკუთარი მომავლის მსხვერპლი იყო, მაგრამ მომავალში საკუთარი წარსული იმსხვერპლებდა.
ის დრო-ჟამში გზააბნეული გახლდათ.



[1] Signor (იტალ) - ბატონო.



№1  offline წევრი Rania

Arvelodi aset dasasrulss. Tumcaaa, unda vagiaro shtambechdavi iyoo. Hefi endi gaabanalurebdaaa. Yochagggg. Zalian magari iyoo. Imedia meore istoriasac male gaagrzelwbbb
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი omexi

Rania
Arvelodi aset dasasrulss. Tumcaaa, unda vagiaro shtambechdavi iyoo. Hefi endi gaabanalurebdaaa. Yochagggg. Zalian magari iyoo. Imedia meore istoriasac male gaagrzelwbbb

მადლობა.

 


№3  offline წევრი goddess

განსხვავებული და ახალი ძალიან მომეწონა

 


№4  offline წევრი omexi

goddess
განსხვავებული და ახალი ძალიან მომეწონა

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent