შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კნუტი


1-04-2019, 21:09
ავტორი ქაშალელი
ნანახია 1 705

კნუტი

2006 წლის ზაფხული. ორფოლოს პოლიგონი. თუ ჩემს კრწანისელ ინსტრუქტორს დავუჯერებთ, როდესაც ეშმაკი ზეციდან მოისროლეს, ერთი ფეხით ვაზიანში დაეცა, მეორეთი კრწანისში, კუდის ბოლო კი ორფოლოს დაარტყა და მას მერე, ორფოლოში, სულ მუდამ არაადამიანური ამინდია. თუ ცხელა, იწვის იქაურობა და ზამთარში ციმბირი მონაგონია.
შუადღე ახალი გადასულია და სასადილოდან მოვდივართ. სასადილო რა, დიდი, საველე კარავია და იქ უნდა ჭამო, ცხენივით ფეხზე დამდგარმა. მწყობრი ჩუმად მიდის, მხოლოდ სერჟანტის დათვლა ისმის მომაბეზრებლად:
- ერთიი! ერთიიი! ერთი, ორი, სამიიი!!! - და თვლაზე აწყობილი ნაბიჯით მივდივართ კარვებისკენ. იქ, ერთი საათით შეგვიძლია გავარვარებულ მიწაზე, კარვის ჩრდილში დასვენება და მერე, ეგრევე პოლიგონზე. უკვე სამი თვეა, აქ ვართ. ახალი სადაზვერვო ასეული ყალიბდება, ორას კაცამდე ვიყავით დაწყებისას და ახლა ასზე ცოტა მეტნი ვართ. ათიოდე კაცის გავარდნაც და ზუსტად ასეულის შტატს დაემთხვევა ჩვენი რაოდენობა. სამაგიეროდ, ყველაზე გამძლე და საიმედო ხალხი დარჩება, თავს კი არ ვიქებ, ასე სჯერათ ზემოთ და ასე გვჯერა ჩვენც.
მწყობრის სიჩუმეს, ხმამაღალი სიცილი არღვევს. მოუხედავად ვცნობ, კნუტი იცინის. რა ქნას, სიცილის გარეშე არ შეუძლია. ყველა სიტუაციაში, შეუძლია კარგ ხასიათზე იყოს. ამიტომაა, ჩვენი ოცეული, ყველაზე მეტად რომ ისჯება და მაინც არავინ არაფერს ვეუბნებით, ისეთი ტიპია, რომ ვერ გაბრაზდები. ასეულში მოსვლისას, მართლა კნუტს ჰგავდა - ბოხვერა თავი და კისერი, ბუძგია თმა და დიდი, მრგვალი თვალები. კნუტზე ვერ გაბრაზდები, შეუძლებელია, მაგის სიცილს შეხედო და არ გაგეცინოს, თვალებს რომ ჩაჭუტავს და დაბალი ხითხითი ხარხარში გადასდის.


-ასეულო, სდექ! - ყვირის სერჟანტი. მწყობრი მოწყვეტით ჩერდება.
-ბატონო კნუტო, გამობრძანდი და გაგვაცინე ჩვენც - სერიოზული სახის შენარჩუნებას ცდილობს სერჟანტი, არა და, კნუტის შემხედვარე, უკვე იმასაც ეცინება და ჩვენც. კნუტი სერიოზული სახის მიღებას ცდილობს და უფრო უმატებს სიცილს.
- ბატონო სერჟანტო, გუშინდელი საზამთროს ამბავი გამახსენდა და იმაზე მეცინება, - სერჟანტი მაღლა, ცისკენ იყურება და ხმამაღლა ყვირის:
- ღმერთოო, ჩამო რა, ერთი წამით ჩამო და შენ დაელაპარაკე, ჩემი არ ესმის და იქნება შენი შეისმინოს რამეი! - ბოლოში გორულად უქცევს - ერთი საათი დასვენება და მერე, პირველ ბრიგადას, რომ ქვები დააკლდა, იმ ქვებს დავამატებთ - ამის გაგონებაზე, მწყობრი ერთბაშად ჩუმდება და ზემოთ, კარვები სადაც დგას იქით იყურება. კარვების ზევით, კარგა შორს, მთის კალთაზე, თეთრად შეღებილი ქვებით, უზარმაზარი ასოებით აწერია ,,პირველი ქვეითი ბრიგადა”. კნუტი ჩუმდება და დამნაშავე თვალებით იყურება. მწყობრი უხმოდ სწორდება და თვლის გარეშე ვაგრძელებთ სიარულს კარვებისკენ. ზუსტად ერთ საათში კი, მთის ფერდზე მივრბივართ, ყველას თითო ქვა გვიკავია ხელში.
- სდექ! - სერჟანტი გვაჩერებს - პირველი ხუთი კაცი, ხვალ დილამდე თავისუფალია ყველაფრისგან, - სიტყვის დამთავრებას ვერ ასწრებს და ყვირილით, ღრიალით, კივილით გავრბივართ ზევით, თეთრი ქვებისკენ. მთელი ძალით ვცდილობთ სხვის გადასწრებას, ყველას უნდა პირველობა და ხვალ დილამდე გამოძინება. ქვებიდან ასიოდე მეტრში, პირველი კაცი ჩერდება, მომდევნოს უცდის და რაღაცაზე ლაპარაკობენ. ყველა, ვინც იქამდე მიდის, ჩერდება და სხვებს ელოდება.
- რა ხდება მანდ? - სერჟანტი ჩემზე ცოტა წინ მირბის. სანამ შეკრებილებამდე მივაღწევთ, ოციოდე კაცი გვასწრებს და ბოლოს მთელი ასეული ერთად ვიკრიბებით. უკვე ყველამ ვიცით, როგორც უნდა მოვიქცეთ, ერთმანეთის მხარდამხარ ვდგებით, არც წინ გადის ვინმე და არც უკან რჩება. ასე ერთდროულად მივდივართ წარწერამდე. ვისაც სად მოუწია, იქ დებს ქვას და სერჟანტს ველოდებით. ის ბოლო დებს ქვას, წელში სწორდება და შორს, არტილერიის სამიზნეების უკან, ორფოლოს ყველაზე მაღალ მთას უყურებს.
- ის მთა ვისია? - კითხულობს ხმადაბლა.
- ოფიციალური პასუხი გინდათ თუ მამა-პაპური? - კნუტი აქაც არ ისვენებს.
- ოფიციალური, ბატონო ჯარისკაცო! - სერჟანტს ეტყობა, რომ ახლა გაცინება, ყველაფერს ურჩევნია.
- საქართველოს ეკუთვნოდა გუშინწინ! - ამ პასუხზე გამაკანკალა.
- ასე ზუსტად საიდან იცით ბატონო კნუტო?
- გუშინწინ, იმ მთის უკან ვიყავით მარშზე და ზუსტად მახსოვს, მწყემსი ქართულად მელაპარაკებოდა, რუსთაველი ვარო, - სერჟანტი მის გარშემო შეკრებილებს გვათვალიერებს, უკვე ვიცი, მე მეძებს და ასეც არის.
- შენი ჯგუფის უფროსი ეს ბრძანდებოდა, ხო? - ჩემსკენ იშვერს ხელს. კნუტმა სიმართლე თქვა, აბა მაგან რა იცოდა, რუკაზე მარშრუტი ჩემს ჭკუაზე გადავაკეთე, გზა მოკლეზე მოვჭერი და ათიოდე კილომეტრით აკრძალული ზონის ხარჯზე შევამცირე, სამაგიეროდ ბიჭები ორი საათით უფრო დიდხანს დავასვენე.
- კარგი, დანარჩენს დაბლა განვიხილავ, ჯგუფის უფროსებთან ერთად. ახლა კი დავეშვით.
დაბლა ვერაფრის განხილვას ვერ ვასწრებთ, რომელიღაცამ სატვირთო მანქანის საბურავი იპოვნა და მთიდან დააგორა. საბურავმა სიჩქარე აკრიფა, მიმართულება შეიცვალა და ავტოსადგომზე შევარდა. დიდად არაფერი დაუზიანებია, სატვირთოს შეასკდა, მანქანის ძარაზე მძინარე მძღოლი დააფეთა და იმანაც გადმოხტომისას იყოჩაღა, ფეხი მოიტეხა.
-ყველა გიჟი, ჩემს ოცეულში რატომ ხართ, ჰა? - შტაბიდან დაბრუნდა სერჟანტი.
- გიჟი მოზვერისა და კარგი ხარის ამბავი ხომ იცი სერ? - სერის დაძახებას ვერ იტანს.
- გაგასერებ მე შენ, ხვალ ჩვენს ოცეულს გვსჯიან. მარში გვაქვს 48 საათიანი.
- მარშრუტი ჩვენია თუ შტაბი გვცემს პატივს? - კარვის ბოლოდან კითხულობს ფანჩულიძე.
- უკვე შევადგინე, უბრალოდ გავისეირნებთ საფარამდე და... - სიტყვას ყიჟინა აწყვეტინებს, საფარის მონასტერი ყველას გვაინტერესებს. თან იქამდე მისვლა-მოსვლაში ამდენი დრო მართლა არ გვჭირდება. ხმაურზე, სხვა კარვებიდან შემოდიან ბიჭები. საფარას გაგონებაზე, დანარჩენი ორი ოცეულის სერჟანტი, ასმეთაურთან გარბის და საღამოთი შტაბი თანახმაა, მთელი ასეული გაგვიშვას მარშზე. დანიშნულების ადგილი საფარის მონასტერი.
საფარაში ასეული კურთხევას ვიღებთ, წინამძღვარი ასეულის დროშას და იარაღს ლოცავს, ბერები სამონასტრო ღვინით გვმასპინძლობენ და ასეულის ოფიცრების ნაყიდ ორ ცხვარს ვკლავთ. ღამეს იქვე, მონასტრის გვერდით ვაწყობთ ბანაკს.
-მე რომ არ გამეცინა მწყობრში, ხომ იჯდებოდით კარვებში, - საძილე ტომარაში ხითხითებს კნუტი.

********************************

ერაყში კინაღამ ვიჩხუბეთ მე და კნუტმა. მეტყვიამფრქვევედ ვართ ორივე. ორივეს პირველ მანქანაზე გვინდა ყოფნა. არა და ორი ადგილია ტყვიამფრქვევზე თავისუფალი: პირველი და ბოლო. საბოლოოდ მონეტა ავაგდეთ და პირველზე ის მოხვდა, მეოთხეზე ანუ ბოლოზე მე. სწრაფი რეაგირების პირველ ჯგუფში ვართ და ჩვენი მოვალეობა, ძირითადად, უზრუნველყოფის სატვირთო კოლონის გაცილებაა. ყოველ მესამე დღეს, ასობით კილომეტრს გავდივართ უდაბნოში და უამრავ შარს და ხათაბალას ვაწყდებით. გზაზე დაგდებული საეჭვო ნივთებიდან დაწყებული, დაუმორჩილებელი მძღოლებით დამთავრებული, ყველაფერი მეტყვიამფრქვევის თავში სახლელია. სანერვიულოს და საეჭვოს მეტი რაა, ომი ოფიციალურად დამთავრდა და ტელევიზიით ქადაგებენ მშვიდობაზე, თორემ ავტომატგადაკიდებული და სახეახვეული ტიპები დასეირნობენ ყველა ფეხის ნაბიჯზე. მიდი შენ ახლა და არკვიე, აქვს ამას იარაღის ქონის ნებართვა თუ არა. კანონით, მეტყვიამფრქვევმ დარღვევის ან დამრღვევის შესახებ, უნდა მოახსენოს მანქანის უფროსს, მანქანის უფროსმა კოლონის მეთაურს, იმან შტაბს და მართვის ცენტრს და ასეთივე უკუთანმიმდევრობით უნდა მოვიდეს პასუხი. ამასობაში, კი შეგახვედრებს, ვინმე თავზეხელაღებული, შემოქმედს და მის ყველა ანგელოზს ცათა შინა. ამიტომ, ყველა წესს, მალევე ვიკიდებთ ფეხზე და მივდივართ იმ აზრამდე, რომ დეპორტი და ციხის საკანი სჯობია, სახლში კუბოთი დაბრუნებას. საეჭვოა და არ გემორჩილება? გამაფრთხილებელი გასროლა და მისი ჯანი. ამას დამატებული, შეიხებთან წარმატებული მოლაპარაკება და მალე, მთელი ვასიტის პროვინცია, ერიდება ხუთჯვრიანი დროშებით მოძრავ ჰამერებს და უკვე შედარებით მშვიდად ვართ.
სამ თვეში, საზღვრის კონტროლზე გადავყავართ ასეული. ქალაქ ბადრას განაპირას გვაქვს ბაზა. მშვიდი, წყნარი ადგილია, დღეღამეში ორჯერ ვპატრულირებთ საზღვრის გასწვრივ. ერთ ადგილას, გრძელი ხევის გავლა გვიწევს. ისეთი ადგილია, ვესტერნებში რომ აჩვენებენ - მაღალი, ქარისგან გამოფიტული თიხის სვეტებით და სვეტებს შორის დარჩენილი ვიწრო გასასვლელებით. მიმქროლავი მანქანებიდან ვცხრილავთ სვეტებს, სროლაში ვეჯიბრებით ერთმანეთს. უამრავი სურათი შემომრჩა იმ კანიონიდან. ყველაზე მე და კნუტი ვართ გადმოყუდებული მანქანების კოშკურებიდან ან ლენტებს ვცვლით ტყვიამფრქვევზე.
ერთ დღეს მოვიდა, საწოლზე ჩამომიჯდა და კარგა ხანს მათვალიერა უსიტყვოდ.
-რა იყო კნუტო, ხომ არ შეგიყვარდი? - ვეხუმრები უჩვეულოდ დასერიოზულებულს. სამი ცალი ტყვია ამოიღო ჯიბიდან და მომაწოდა.
- მეტი არ გაგემეტა ხო? - ვცდილობ, გავერკვე რას აკეთებს.
- გახსოვს, ადრე რომ მითხარი, ჩვენი წილი და მოსაკლავი ტყვია უკვე ჩამოსხმულიცაა და დასაწყობებულიცო? - ბუნდოვნად მახსოვს, ერაყში წამოსვლამდე, მთვრალმა ვიბოდიალე რაღაც.
- კი, მერე?
- ესაა შენი წილი ტყვია და კარგად შეინახე, - ადგა და წავიდა.


****************************************
ომი დაიწყოო, რომ დარეკეს, ქობულეთში ვიყავი. ერთი კვირით ადრე დამირეკა კნუტმა, მისთვის უჩვეულო ხასიათზე იყო. რამდენიმე დღეა უხასიათოდ ვარ და მიშველე რამეო, მითხრა. ქობულეთში დავპატიჟე და არ მაქვს მაგის ხასიათიო. ისეთ ჭკუაზე ვარ, საერთოდ არ ვიცი, რა მინდა და იქნება ჯარიდანაც წავიდეო. ამაზე გამეცინა, შენისთანა იარაღის ფანატიკოსი სად წახვალ ბიჭო, ნერვიულობა მოგკლავსთქო სახლში. არ უნდა მეთქვა, ახლა გვიანია ამაზე სინანული...


**************************************
ბოლოს ძევერასთან ვნახე... ჩვენი სადაზვერვო მანქანები, უნდა წასძღოლოდა ქვეით ბატალიონს. ,,ბეტეერზე“ იყო მიყუდებული, ჭეი და ლექსო იდგნენ იქვე და იცინოდა. რაღაცას უყვებოდა და თავისივე ნათქვამზე ხითხითებდა. ჩემი ჯგუფი შტაბის განკარგულებაში გადაიყვანეს, მეორე დღეს უნდა შეგვეცვალა დღეს გასული ჯგუფები.
-რა სახე გაქვს ბიჭო, კი არ ვკვდებით, - მომიბრუნდა და მხარზე ხელი დამარტყა.
- ომია კნუტო, ცოდვაა ბიჭები, - სტარიკამ ამოყო თავი ლუქიდან. სტარიკა აფხაზეთშია ნამყოფი, მოხალისედ გაიპარა 17 წლის.
- ნუ ნერვიულობ სტარიკ, მალე ქორწილში გეპატიჟები! - იცინის კნუტი.
- ვაა, ცოლი მოგყავს? - ჭეის არ სჯერა კნუტის დაოჯახება.
- მე არა, ამას, - ჩემზე უთითებს - მეჯვარე ვიქნები და ვისაც მინდა იმას დავპატიჟებ, - ტყვიამფრქვევს იხუტებს და ვალსის ცეკვას ბაძავს.
- კაი მჯერა, რომ მეჯვარედ მიგყავს, მაგრამ ბავშვმა რა დაგიშავა, ამას რომ უნდა მოანათვლინო? - ისევ ლუქში ბრუნდება სტარიკა. კნუტი ხითხითებს, ხითხითებს და ბეტეერზე ასე ახითხითებული ადის. გასვლის ბრძანება მოვიდა... ასე ახითხითებული, საფეხურზე შემდგარი, ცალ ხელში ჩაბღუჯული იარაღით დამამახსოვრდა... ბეტეერის დაქოქვამდე დაბრუნების პირობა დამიტოვა და წავიდა...
პირველივე შეტაკებაში დაიღუპა... სხვები გადაფარა მოულოდნელად გახსნილი ცეცხლიდან. მისი მხრიდან, ორასიოდე მეტრიდან გაიხსნა ცეცხლი. თვითონაც ისროდა, სხვებს აცადა, ბეტეერს მოფარებოდნენ და მერე წამოიწია გადასარბენად. ამ დროს მოხვდა მარცხენა წარბთან ტყვია და მარჯვენა ყურის უკან გაგლიჯა ჩაფხუტი...

******************************
მისი საფლავის ქვაზე, სახელის და გვარის მაგივრად აწერია: ,,მზად ვარ ვემსახურო სამშობლოს, სადაც დავჭირდები“. დაბლა კი ბავშვობის მეტსახელი და ზემოთ თვითონ, ეშმაკურად მოჭუტული თვალებით და მარადიული ღიმილით.
საფლავის ქვასთან, მუშტი რომ ჩაეტევა, იმხელაზე მოვჩიჩქნე მიწა და იქ ჩავფალი მისი ნაჩუქარი ტყვიები...
შეხვედრამდე კნუტო...



№1  offline წევრი Rania

Bevri vitire. Knuti. Qartveli jariskacis saxe. Arsad iyo naxsenebi saxeli da gvari. Gangeb. Rom samaradjsmod dagvamaxsovrdes misi saxe. Me piradad arasodes damavicydeba es isyoria. Agvistos omma mec camartva zvirfasi adamiani. Kargad cer. Arshecyvitoooo
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი ქაშალელი

Rania
Bevri vitire. Knuti. Qartveli jariskacis saxe. Arsad iyo naxsenebi saxeli da gvari. Gangeb. Rom samaradjsmod dagvamaxsovrdes misi saxe. Me piradad arasodes damavicydeba es isyoria. Agvistos omma mec camartva zvirfasi adamiani. Kargad cer. Arshecyvitoooo

სახელი და გვარი: ქართველი მებრძოლი. მისი სურათია დადებული

 


№3  offline წევრი izabella

ძალიან მაგარი ისტორიაა. ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.

 


№4  offline წევრი ქაშალელი

Rania
Bevri vitire. Knuti. Qartveli jariskacis saxe. Arsad iyo naxsenebi saxeli da gvari. Gangeb. Rom samaradjsmod dagvamaxsovrdes misi saxe. Me piradad arasodes damavicydeba es isyoria. Agvistos omma mec camartva zvirfasi adamiani. Kargad cer. Arshecyvitoooo

გმადლობთ შეფასებისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent