თუ გაზაფხული მოვა...(თავი 16-17-18)
თავი 16 იმედი ცხოვრების ძალას გვაძლევს. როგორც კი ის პატარა ნაპერწკალი გაქრება, რომელსაც იმედს ვეძახით, სიცოცხლის დასასრულს დავინახავთ და ნაბიჯს ვეღარ გადავდგამთ, ხელს ვეღარ შევახებთ იმას, რაც აქამდე ჩვენი იყო. კესომაც, იმედგადაწურულმა, საკუთარი თავი დაკარგა საკუთარ სამყაროში. მერე მანქანა შენიშნა და იქვე დაინახა ის... ის, ვისთვისაც უღირდა ცხოვრება; ის, ვიზეც დღედაღამ ფიქრობდა. მეჩვენებაო, იფიქრა და სხვა მიმართულებით გაიხედა. მაშივნე გაიგო სიგნალის ხმა. შეხტა კესო, თავი ქურთუკში ჩამალა და კვლავ მანქანას შეხედა. იქ ისევ იჯდა ლუკა დევდარიანი. კესოს გულში გაეღიმა, სხეული გაუთბა, სახეზე კი არაფერი დამჩნევია. ნელა მიუახლოვდა მანქანას და ფანჯარასთან დაიხარა. როგორ მონატრებია ეს გამომეტყველება... ეს თაფლისფერი, მომწვანო თვალები და წითელი ტუჩები, ძლივს რომ ჩანდა ოქროსფერ წვერში... დიდხანს უყურებდა, დიდხანს ფიქრობდა. მერე წარბშეკრულმა შეაჩერა მზერა მის ღიმილზე. -ეგრე აპირებ დგომას?-ეს ბოხი, დაბალი ტონალობის ხმა და კესომ აზროვნების უნარი დაკარგა. ფიქრები ერთმანეთში აერია. მონატრება, ზიზღი, სიყვარული... -ჩაჯექი,-მონატრებულ ქალს თბილად გაუღიმა ლუკამ. კესომ თავი გააქნია. -გადმოდი, გარეთ ვილაპარაკოთ. ლუკას დაეტყო, გაღიზიანდა. აგიჟებდა კესოს სიჯიუტე, თუმცა მის მიმართ გაჩენილი ყველა დანარჩენი გრძნობა ამ გაღიზიანებას აქრობდა. კარი გააღო და წამში გაჩნდა კესოს გვერდით. ხელი კრა და მანქანას მიახეთქა. -რატომ იქცევი ასე?!-იკითხა და ეტყობოდა, დაიღალა. დაიღალა იმ ყველაფრით, რაც გადაიტანა, რაც ნახა და გაიგონა. -მეც იგივეს კითხვა შემიძლია,-კესო თვალს ძლივს უსწორებდა, ხმის კანკალს კი, რომ გეკითხათ, სიცივეს დააბრალებდა. -ნუ მიწვევ, კესო!-უცნაურად უყურებდა ლუკა. თითქოს მთელი მისი სხეული კესოსკენ ილტვოდა, გონება გაჩერებას ითხოვდა, გულს კი არ შეეძლო... -რატომ მოხვედი,-ქალი არ დანებდა. კითხვა კითხვას ვერ დაამგავსა, შიშმა აიტანა, უფრო ძლიერ აუთრთოლდა სხეული, როცა ლუკა შეეხო და სუნთქვაგახშირებული სამყაროს ვეღარ უბრუნდებოდა. -შენთვის. მომენატრე,-მის ყურთან ჩაილაპარაკა ლუკამ. -არ იქცევი სწორად. -შენთვის სწორად არასდროს ვიქცევი... -ეს არასდროს მითქვამს,-ქალს გული დასწყდა, თუმცა არა იმაზე, რომ ლუკა ამას ფიქრობდა... არა... იმაზე, რომ ლუკა მართალს ამბობდა. -ხომ ფიქრობდი?-ცალყბად ჩაიცინა კაცმა. კესოც ვეღარ აკონტროლებდა თავს. გაეღიმა. მონატრებული ღიმილით გაეღიმა. -მე შენზე ვფიქრობდი,-თავდახრილმა ჩაილაპარაკა. იგრძნო, როგორ გაეღიმა ლუკას. მისი ცივი თითები ნიკაპზე შეეხო. თავი ააწევინა ქალს. -მერე, რა მოიფიქრე? -მეც მომენატრე. ლუკამ ხელი გაუშვა ქალს, მისი პატარა, სუსტი სხეული თავის მსხვილ მკლავებს შორის მოიქცია და ჩაეხუტა ისე როგორც არასდროს არავის. ჩაეხუტა და მიხვდა, მხოლოდ კესოსთვის უძგერდა გული და ქალის გულისცემაც იგივეს იმეორებდა. -წავიდეთ?-კესოს თმებში ჩამალულმა ამოილაპარაკა. -სად? -სადმე... აქედან შორს. -მერე, თეო და ნენე? ან ბიჭები? -გაბომ იცის. -თორნიკემ?-კესომ მისი სახელი ახსენა და ლუკას რაღაცამ გაკრა გულში, რაღაც ისეთმა, რაც არ უნდოდა, რომ ეგრძნო... ეჭვიანობდა, და არ უნდოდა ასე ყოფილიყო. არ ეპარებოდა ეჭვი საყვარელ ქალში და არ უნდოდა, ოდესმე საკუთარ თავზე ამის გამო დაფიქრებულიყო. ალბათ, კესოც მიხვდა, არ უნდა ეხსენებინა თორნიკე. მიხვდა, როცა ლუკას ხმა გაიგო. ლუკამ კი არაფერი შეიმჩნია, ლაპარაკი განაგრძო, თუმცა, თორნიკეს გარეშე... -წამომყვები? -მეშინია. -ჩემთან ნუ შეგეშინდება, კესო. -შენი ყველას ეშინია... -შენ არ უნდა გეშინოდეს! -მაშინ, წავიდეთ,-თქვა ქალმა და თითქოს მხოლოდ მისი თანხმობა იყო საჭირო. ოქროსფერი წვერით დაფარული ტუჩები შუბლზე ნაზად შეახო ქალს, მერე გაეღიმა. გაეღიმა, რადგან მიხვდა, მიზანს მიაღწია-რამდენიმე თვის შემდეგ კესანე დაიბრუნა... მანქანაში ჩასხდნენ. მერე ფარებანთებული მანქანა ქუჩებს გაუყვა. იქ კი, რესტორნის ერთ-ერთ ფანჯარაში იყურებოდა მწვანეთვალება... უყურებდა საყვარელ ქალს, რომელსაც სხვა იცავდა ზამთრის სუსხისგან... უყურებდა როგორ მიდიოდა შავი მანქანა და ესმოდა, როგორ იმსხვრეოდა მისი გული... მერე მწვანე თვალები ჩაუქრა, გაუშავდა... თითქოს დაკარგა სული, დაკარგა ძალა სიცოცხლისთვის... მერე ჩახუთული ჰაერი ჩაუშვა ფილტვებში. მანქანა თვალს მიეფარა და სანამ გაქრებოდნენ, დაინახა კესოს სახე. ან, იქნებ, მოეჩვენა კიდეც... იქ იღიმოდა კესო და მწვანეთვალებამაც გაიღიმა. გაიღიმა ძალით, გაიღიმა საყვარელი ქალის სიყვარულით, რომელიც სხვისკენ მიიწევდა. გაიღიმა და საბოლოოდ ჩაიკეტა საკუთარ თავში, რადგან იქ, მასთან კესო აღარ იყო და აღარც იქნებოდა ოდესმე... ფანჯარას მოშორდა და ამ ღიმილით გამოიცეკვა ერთ-ერთი სტუმარი... ან სულაც, საკუთარი და... ვერ ხედავდა. ვეღარავის ხედავდა, თუმცა იღიმოდა... იღიმოდა, რადგან იცოდა, სადღაც შორს მისი საყვარელი ქალი მიიღებდა იმ ბედნიერებას, რომელიც მან ვერ დათმო... ვერ გასცა... დიდი გზა გაიარეს ლუკამ და კესომ და დიდი გზა განვლო თორნიკემაც. თუმცა ეს უკანასკნელი შორს არ წასულა, მხოლოდ დას დაემშვიდობა და სახლში დაბრუნდა. სახლში, სადაც ახლა მარტო იქნებოდა... ნისიმე გაბრიელმა თავის სახლში წაიყვანა, სადაც მოგვიანებით თეო და ბექაც მივიდნენ, პატარა ერეკლესთან ერთად. ყველაფერი შეიცვალა. შეიცვალა დამოკიდებულება ბავშვობის მეგობრებს შორის, რომლებიც ცოლ-ქმარი გახდნენ. შეიცვალა თეოსა და ბექას სიყვარული. შეიცვალა სამყარო, თუმცა არ შეცვლილა თორნიკეს დამოკიდებულება ლუკას მიმართ. ის მაინც დამნაშავე იყო მის თვალში, მაინც იყო მკვლელი ლუკა დევდარიანი, რომელმაც არ დაინდო თაია კალანდაძე, ბავშვი, რომელიც შემთხვევით გახდა მისი მსხვერპლი; არ შეეცოდა ელენე ჯინჭარაძე, რომელსაც არაფერი დაუშავებია... არ შეცოდებია მამა... მამა! რა მნიშვნელობა აქვს რა გააკეთა? რა მნიშვნელობა აქვს, რას უკეთებდა ოჯახს?! იესე ის კაცი იყო, ვინც გაზარდა ლუკა და მატირა. მერე რა, რომ არც ერთს ახსოვდა მოსიყვარულე, თბილი, მომცინარი მამა და არც მეორეს... მან ასწავლა, როგორ ჩამოყალიბებულიყვნენ ადამიანებად! მერე რა, რომ 16-17 წლის თომას სახლიდან აგდებდა, მაინც ლუკას მამად რჩებოდა. მამად, რომელიც მოკლა! ეს იყო თორნიკეს აზრი და იცოდა, არაფერი შეიცვლებოდა მის ფიქრებში. ვინ იცის ეს საღი ფიქრები იყო თუ გაბოროტებული ადამიანის მონაგონი, რომელშიც სიმართლის ერთი ნამცეციც კი არაა გარეული... და სანამ სამეგობროს ერთი ნაწილი სახლებში ბრუნდებოდა, კესო და ლუკა გზას მიუყვებოდნენ. კესოსთვის რომ გეკითხათ, არ აინტერესებდა საით მიდიოდა ეს გზა, მთავარი იყო მიდიოდა შორს იმ სამყაროდან, რომელიც ბოლოს უღებდა. ლუკა კი მხოლოდ ერთს ნატრობდა იმ წუთებში: დანიშნულების ადგილამდე კესო ისე მიეყვანა, რომ ვერავის ეცნო საშიში მკვლელი... დაინახეს თუ არა, ან იცნეს თუ არა ლუკა დევდარიანი გამვლელებმა, არავინ იცის. მთავარი ის იყო, რომ ლუკა და კესო სვანეთის მთებში მიიმალნენ. მანქანა გაჩერდა თუ არა ლუკა გარეთ გადავიდა და კესოს შეხედა. -არ აპირებ გადმოსვლას?-იკითხა და ჩაეცინა, როცა თვალებგაფართოებული კესანეს სახე დაინახა. -აქ რა გვინდა?-მანქანიდან გამოსძახა ქალმა. -გოგო, რისი გეშინია,-ლუკამ გადაიხარხარა. კესოს წამით სამოთხეში ეგონა თავი. ერთი საოცრება იყო ლუკას სიცილი. ულამაზესი იყო... თვალები ეხუჭებოდა და მაინც ანათებდა, ოქროსფერი თმა სახეზე ჩამოჰყროდა. თოვდა და გადათეთრებულ მთებში მხოლოდ ის ჩანდა. მხოლოდ ლუკა-კაცი ოქროსფერი თმითა დააოქროსფერი წვერით, თაფლისფერი, მომწვანო, მანათობელი თვალებით და ულამაზესი სიცილით, რომელიც გამთენიის ბინდში უფრო ლამაზი ჩანდა. -არ მინდა აქ..!-ხელები გადაიჯვარედინა ქალმა, თითქოს მანქანის სავარძელს ჩაეხუტა და გაშვებას არ აპირებდა. -როგორ არ გინდა? გინდა!-ლუკამ მანქანის კარი გამოხსნა,-შენ უნდა იყო ჩემთან,-ხელი ჩაჰკიდა ქალი და მკერდზე მიიკრა. არ შეგცივდესო, თავისთვის ჩაილაპარაკა, ხელში აიტაცა კესანე და თოვლში დაიწყო გზის გაკვლევა. ექოდ ისმოდა ქალის კივილი, დამსვი, არ მინდა წამოსვლაო. ლუკამ კიდევ ერთხელ გადაიხარხარა და ქალი თოვლში ჩააგდო. -გაგიჟდი?! რას აკეთებ?!-წყენა დაეტყო კესოს სახეზე. -წადი, თუ აქ არ გინდა,-ლუკასაც დაეწერა თვალებში ტკივილი. -სად? -არ ვიცი, სადაც გინდა. -შენთან მინდა,-ჯერ კიდევ თოვლში ესვენა ქალი. თან საყვარელ მამაკაცს უყურებდა, თვალს არ აშორებდა. როგორი ლამაზი იყო მოწმენდილი, იისფერი ცის ფონზე მისი სახე... ლუკას გაეღიმა. გაეღიმა თვალებით, გრძნობით, სიყვარულით... გაეღიმა და ვერც მიხვდა, როგორ ჩაიხუტა ქალის სუსტი სხეული. პატარა სახლი თეთრ საბანში გახვეულიყო. შევიდნენ თუ არა, თოვლი ჩამოიბერტყეს და ლუკა დაეხმარა ქალს სველი ქურთუკის გახდაში. -თაზო ბიძია!-თან ხმამაღლა დაუძახა ვიღაცას. -ვინ? ბიძია?-კესო გაშეშდა, თვალებგაფართოებულმა შეხედა კაცს. -ჰო. მამასაც დავუძახებდი, მაგრამ ცუდი გამოცდილება მაქვს...-სიცილით თქვა ლუკამ, თუმცა კესომ ამ სიტყვებს მიღმა უდიდესი სინანული დაინახა. -ლუკა, შვილო!-გამხდარი, სახედანაოჭებული, მომღიმარი მოხუცი მათკენ ნელი ნაბიჯით გაემართა. -ლუკა, ვინაა ეს?-მხრებგამართული კესო ლუკას ზურგს ამოეფარა,-რა უნდა გავაკეთო? მივესალმო? მოვიკითხო? აქ ცხოვრობს? აქ უნდა დავრჩეთ? -დამშვიდდი,-კესოს გადახედა ლუკამ სიცილით, მერე წინ წავიდა და კაცს მოეხვია. გოლიათი ჩანდა თამაზის ფონზე ლუკა. გაეღიმა კესოს ასეთი ლუკას დანახვა, ასეთი ბედნიერის... -ბატონო თამაზ...-თავი დაუკრა ქალმა შორიდან. სახლში შესვლაც კი ერიდებოდა. -ეს ის გოგოა, არა, ჩემო ლუკა?-მოხუცმა თბილი ღიმილით დაჰკრა მხარზე ხელი ლუკას, ამ უკანასკნელს გაეცინა და კესო წამით დაფიქრდა: ასეთი ბედნიერი ლუკა არასდროს უნახავს... -თაზო დამიძახე, შვილო,-კაცი ახლა კესოსკენ წავიდა,-თაზო,-კიდევ ერთხელ გაიმეორა, თითქოს ზრუნავდა, კესოს სახელი კარგად გაეგო, მერე ქალს ხელი ჩაჰკიდა და თბილად ეამბორა. ქალს გაეცინა. ცოტა ხანში სამივე მისაღებში იყვნენ. თაზო ბუხარში ცეცხლს აკეთებდა, ლუკა კი კესოს ეხვეოდა. თითქოს კვლავ ინაზღაურებდ აიმას, რაც აქამდე აკლდა, ან რაც დააკლდებოდა მომავალში... მერე მოხუცმა ოთახებამდე მიაცილა სტუმრები. მზე ახალი ამოსული იყო. მთელი ღამის უძინარი ლუკა მაშინვე დაწვა ძველ, ჭრიალა საწოლზე. ღიმილით ჩაეძინა და სიზმარშიც ეღიმებოდა. უყვარდა ეს ადგილი, უყვარდა ეს დრო, ეს წამები... კესო კი... კესო დიდხანს უყურებდა ჭერს. უყურებდა ფანჯარას, სადაც ახლადამოწვერილი მზე თეთრად ანათებდა, უყურებდა კედლებსაც... თუმცა ყველგან ლუკას ხედავდა. ვერ ისვენებდა. რაღაც ანადგურებდა, გულს უღრღნიდა... ახსენდებოდა თორნიკე, რომელიც დატოვა და ყველაფერი სტკიოდა, როცა მას წარმოიდგენდა. ვერ აიტანდა მის თვალებში სინათლის კიდევ ერთხელ ჩაქრობას. მიუხედავად იმისა, რომ ორი თვე გავიდა, ჯერ არაფერი იცოდა მირიან ამილახვარზე იმის გარდა, რომ გაქცეული პატიმარი იყო. ეს საქმე მას უნდა გამოეძიებინა. იმაზეც ფიქრობდა, რომ არ იმსახურებდა იმ სამსახურს, რაც ჰქონდა. არ იმსახურებდა იმ მეგობრებს, რომლებიც დატოვა. არ იმსახურებდა ლუკა დევდარიანს... ის არ იყო კესანე ორბელიანი... ის კესანე, ვისი იმედის ყველას ჰქონდა... დიდხანს იტრიალა საწოლში. ჯერ სიცივემ შეაწუხა, მერე სითბომ. ჯერ უცხო ხალხთან ცხოვრება აწუხებდა, მერე მარტოობა... ცრემლიც კი მოერია. ბოლოს სქელი საბანი გადაიხადა და გაუაზრებლად წავიდა ლუკას ოთახისკენ. -გაიწიე, რა,-ჩუმად ამოილაპარაკა და საბნის ქვეშ შეძვრა. ლუკამ ერთი ამოიკვნესა, ამოიოხრა და კესოს მხარეს გადაბრუნდა. ხელი მოჰხვია და თავისკენ მიიზიდა. კესო შეკრთა, თუმცა მაინც გაეღიმა-ზაფხული გაახსენდა, როცა ჯერ კიდევ დათა დადეშქელიანი აკითხავდა ფანჯრიდან. გაეღიმა და სუსტი ხელები დაკუნთულ ტანზე მოჰხვია კაცს, თავი მის მკერდში ჩამალა და მშვიდად დაიწყო სუნთქვა. ალბათ, დილით ინანებდა, საკუთარ თავზე გაბრაზდებოდა, თავს ამდენის უფლება რომ მისცა, თუმცა იმ დროს არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. მაშინ ლუკას სუნთქვით ცოცხლობდა. მშვიდად დახუჭა თვალები და ასევე მშვიდად დაეძინა. რომ გაიღვიძა, ლუკას მზერას უკვე გრძნობდა. გაეღიმა, შერცხვა, თავი საბანში ჩამალა. -რა დაგემართა?-ხრინწიანი ხმით იკითხა ლუკამ. ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა. კესოს თმაზე დაიწყო თამაში. -მაპატიე. იქ ვერ დავიძინე...-საბანს ამოფარებული კესოს ხმა ძლივს გაიგო კაცმა. -კარგია, იქ რომ ვერ დაიძინე,-ხმა არ შეცვლია. ჟრუანტელი უვლიდა კესოს ამ ხმაზე. -არ უნდა ავდგეთ? რომელი საათია?-ყურადღების გადატანა სცადა ქალმა. -ორი,-მშვიდად უპასუხა ლუკამ,-არ გვინდა ჯერ, რა... აქ მინდა. შენთან. კესომ თავი დაუქნია. რამდენიმე წამს ჩუმად იყვნენ. თითქოს ზამთრის სასიამოვნოდ ცივი ჰაერი მღეროდა და არც ერთს უნდოდა ხელი შეეშალა... მერე კესო დაფიქრდა და ლუკას შეხედა. ლაპარაკიც დაიწყო. -ვინაა თაზო შენთვის?-მის მკერდს მიხუტებულმა დაიწყო. -არავინ. მაშინ, მამა...-წამით გაჩერდ ლუკა. იგრძნო კესომ, როგორ აუჩქარფა გული. ისიც იგრძნო, ტირილამდე რომ მიდიოდა, თუმცა არ იმჩნევდა. მხოლოდ ერთხელ ჩაისუნთქა სვანური ჰაერი და ლაპარაკი განაგრძო ლუკამ. -იესე რომ შემომაკვდა, თვითონაც მოასწრო ჩემი დაჭრა. შენ რომ გნახე, გახსოვს?-კესოს დახედა. მანაც თავი დაუქნია,-მაშინ უკვე სისხლისგან ვიცლებოდი. მალევე გავითიშე, იქიდან წამოსული. თაზომ მიპოვნა, მომხედა. მერე აქ წამომიყვანა და დამმალა. ყველაფერი ვუთხარი და გამიგო. თავისთან დამტოვა. მამას გავს, კესო. იმ მამას, სულ რომ მენატრებოდა. -გენატრებოდა? -ჰო. -რატომ...-კესომ სათქმელი ვერ დაამთავრა. -მოვკალი?-ლუკას ტკივილით ჩაეცინა,-შემომაკვდა. -რა? -ჰო. მამა არ იყო ჯანმრთელი. ლოთს ეძახდნენ, ზოგი ნარკომანს, მოთამაშეს... სახლში არასდროს იყო. ერთი დღე მოვიდოდა და ერთი თვე იკარგებოდა. სვამდა, დედაზე ძალადობდა... ერთხელ დიდი ხნით გაქრა და დედამაც ვიღაც კაცი გაიცნო. მალევე დაშორდა, თუმცა ორსულად დარჩა. თომა გააჩინა. მამა ვერ იტანდა თომას. ალბათ, ეჭვიანოდა. ვის გაუგია ბავშვზე ეჭვიანობა?! სულ პატარა იყო თომა, მოკვლას რომ უპირებდა მთვრალი მამა. ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდან. ჰოდა, ასე გადაიკარგა და იმ დღეს გამოჩნდა. თომა რომ დაინახა გაგიჟდა, შეიშალა... მოკლედ, შემთხვევით დავჭერი. ამოიოხრა ლუკამ. და კესომ იგრძნო, როგორ ეცოდებოდა ლუკა. მის ხმაში იგრძნობოდა, რომ ნანობდა, სტკიოდა მამის სული... ის წუთები ახლაც კი თვალწინ ედგა ლუკას და ამას კესოც ხედავდა. -არ იყო სიკვდილის ღირსი,-ლუკამ ჩაილაპარაკა ბოლოს, თან ფანჯარას გახედა. -სიკვდილის ღირსი არავინაა,-ჩურჩულით დაამატა კესომ. -ჩემი აზრით, სიკვდილის ღირსი მხოლოდ ის არაა, ვინც მიუტევებელი ცოდვა ჩაიდინა. მაგალითად, მამაჩემი. ან... ან მე,-ლუკამ მთელი გრძნობები ამოატანა ამ სიტყვებს. კესოს მოშორდა. წამოჯდა და ოთახს მოავლო თვალი. ალბათ, ტანსაცმელს ეძებდა. კესო კი დანებდა. ვეღარ გაუძლებდა ასეთ ლუკას. ვეღარ აიტანდა... -ყველა რატომ მეუბნება, რომ გიცნობდი?-თემის შეცვლა სცადა. ლუკას გაეცინა. -როგორ არაფერი გახსოვს, კესო?-თავი გააქნია. -მითხარი!-დაიწუწუნა ქალმა. -მე და გაბო კლასელები ვიყავით. შენ კი თეოს დაქალი იყავი. რა თქმა უნდა გიცნობდი. მე და გაბო მთელი ბავშვობა გაწვალებდით. რამდენჯერმე, მახსოვს, დედაშენმა მოგაკითხა და ტირილით ჩაეხუტე, ლუკა მაწვალებსო, ლუკა ჩანთას მართმევსო, თმას მაწიწკნის, ლოყებზე მჩქმეტსო...-ღიმილით იხსენებდა,-რას წარმოვიდგენდი მაშინ, ასე თუ შემიყვარდებოდი?!-ისე ჩაილაპარაკა, თითქოს კესოს გასაგონად არც უთქვამს. კესოს კი გული შეეკუმშა. გაახსენდა დედა. გაახსენდა ის დრო. გაახსენდა და ეტკინა, ძალიან ეტკინა რაღაც... ენატრებოდა დედა... მამაც ენატრებოდა... ის დროც, რომელიც წავიდა, რომელსაც ვეღარ დაიბრუნებდა... გული ეტკინა და ისიც ფეხზე ადგა. -წავიდეთ, ვისადილოთ,-თავდახრილმა თქვა და ლუკას ტანსაცმელს დაავლო ხელი, მერე კი ოთახიდან გაქრა. ლუკამ სევდიანი ღიმილით გააყოლა ქალს თვალი, მერე კი სიამაყით ჩაილაპარაკა: -ჩემია... მხოლოდ ჩემია... თავი 17 პირველად ჰქონდა ასეთი ახალი წელი. ყველაზე მეტად ელოდებოდა და ყველაზე მეტად უხაროდა, თუმცა არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა მარტოს. ლუკამ უთხრა, აქ დავრჩეთო და კესოსაც მოეწონა ეს აზრი-პირველი ახალი წელი სვანეთში. და მიუხედავად იმისა, რომ მასთან იყვნენ ლუკა და თამაზი, თავს მაინც მარტოდ თვლიდა. თაზო შეშის მოსატანად იყო გასული. კესოს მოსწონდა ბუხარში დანთებული ცეცხლი და მამაკაცებიც მის ნებას დაჰყვნენ. თვითონ კესო კი ლუკასთან ერთად იყო სამზარეულოში. აქეთ-იქით დადიოდა ჩქარი ნაბიჯით, ლუკას გვერდს უვლიდა, თუმცა მაინც მას უყურებდა... მამაკაცი კი, ხელებგადაჯვარედინებული, მაგიდაზე იყო ნახევრად შემომჯდარი და იღიმოდა. -ნუ მიყურებ, მაბნევ!-წამოიძახა ბოლოს, როცა სიჩუმით დაიღალა კესომ. -მაშინ ნუ დგახარ ჩემ წინ! თვალს ვერ გაცილებ...-კაცმა თავი ბავშვურად გაიმართლა. კესოს გაეცინა. და იგრძნო ლუკას ხელები წელზე. -დათა...-უხმოდ ამოიჩურჩულა ქალმა. -ლუკა მქვია,-შეუსწორა უკვე კესოს კისერში თავჩამალულმა, თუმცა მოსწონდა, დათას რომ ეძახდა. კესომაც იცოდა ეს და თბილად გაეღიმა. ზურგიდან ჩახუტებულმა ქალის სურნელი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში. როგორ მოსწონდა ეს სიტუაცია... როგორ მოსწონდა, რომ კესო მასთან იყო... წამით ასე იყვნენ, მერე კი დათამ კესოს კისერში ამოილაპარაკა. -მაპატიე, აქ რომ გიწევს ყოფნა... ჩემთან... კესოს ჯერ გაეღიმა, დათას სუნთქვა რომ იგრძნო, ესიამოვნა. მერე მის სიტყვებს დაუფიქრდა. კაცი მოიშორა და წარბშეკრულმა შეხედა. -აქ ყოფნა რომ არ მინდოდეს, შენ ვერ გამაჩერებ, დათა! -არ გენატრებიან?-წარბაწეულმა იკითხა უფროსმა. ქალს არ ესიამოვნა მისი ასეთი ქცევა, მიხვდა, რაღაცაზე დარდობდა და უნდოდა იმ წამსვე გაეზიარებინა. -ვინ? -მეგობრები. კესოს გაეცინა. გულიანად გაეცინა. ქვემოდან ახედა დათას მომწვანო-მოთაფლისფერო თვალებს და ყველა თბილისში დარჩენილი გაიხსენა. -მენატრებიან,-მტკიცედ უპასუხა და მის რეაქციას დააკვირდა. -წასვლა გინდა?-დათა საქმეს ეძებდა. ვერ უყურებდა კესოს და ვერც მის მზერას უძლებდა. -მეგონა ამაზე ვისაუბრეთ,-ქალის ხმა შეიცვალა, გამკაცრდა. ალბათ, იკამათებდნენ კიდეც (და ეს იქნებოდა მათი პირველი კამათი, როგორც მსოფლიოში საუკეთესო წყვილისა), თუმცა კარის ხმა გაიგეს. ნაბიჯები უფრო და უფრო ახლოვდებოდა, კაცის გახშირებული სუნთქვაც გაისმა. -თაზო ძია!-მხიარულად შესძახა დათამ და უფროსისკენ გაემართა. -მოიტანე შეშა?-თბილად ჰკითხა, თან დაჯდომაში დაეხმარა. -შეშა?-კაცმა გაიმეორა,-შეშაც მოვიტანე და... ყველაფერიც მოვიტანე! -რა ყველაფერი, თაზო ძია?-თვალები გაუბრწყინდა კესოს. -რა და...-თაზომ დათას ახედა, მერე კესოს გახედა,-ბუშტები, შვილო! აი, სადაცაა მოვა ახალი წელი და ასე ხომ არ ვისხდებით?! გაეცინა კესოს კაცზე. საოცრად შეაყვარა თავი თაზომ. უხაროდა, მასთან რომ ატარებდა იმ დღეებს, რომლებიც აუცილებლად იქნებოდა „საუკეთესო“ მომავალში. მთელი სახლი ბუშტებით გაივსო, ყველაფერი ანათებდა, ყველაფერი წითლად ან მწვანედ ყვიროდა. პატარა მაგიდაზე გოზინაყთან ერთად რამდენიმე ტრადიციული კერძიც იდო. თორმეტს ათი წუთი აკლდა, კესომ ტაში რომ შემოჰკრა, იწყებაო. თაზომ ლუკას რაღაც ანიშნა და ეს უკანასკნელიც ქალის წინ დადგა. -წამო, გარეთ გავიდეთ,-ხელი გადაჰხვია. კესოს თვალები გაუბრწყინდა. წავიდეთო, ტაში შემოჰკრა და ქურთუკს მივარდა. მუხლამდე თოვლში ნაბიჯს ძლივს ადგამდა კესო. დათა კი მის დანახვაზე უხმოდ ხითხითებდა. -ნუ დამცინი!-მხარი გაჰკრა ქალმა მაღალს. -როგორ გეკადრებათ, ქალბატონო კესანე!-დათამ თავი დაუკრა ქალს. კესომ გაიცინა, ბავშვურად გაიცინა. ლუკამ მომენტით ისარგებლა, ხელები ფეხებში წაავლო და მხარზე შემოიგდო ქალი. საოცრად სუსტი იყო კესო. ანგელოზივით ლამაზი და წმინდა... მხოლოდ ერთხელ შეჰკივლა, მერე კი თავისი ახალი ადგილიდან დაუწყო ცას ყურება. მხოლოდ ის და ლუკა არსებობდნენ იმ დროს. მხოლოდ კესანე და დათა. და მთელი სამყარო ბედნიერი იყო მათი ბედნიერებით, ცოცხალი იყო მათი სიცოცხლით... ქვით ნაშენი სახლის ფანჯარაში კი დალანდავდით ვერცხლისფერთმიან კაცს, რომელიც ღიმილით უცქერდა საყვარელ შვილებს. სწორედ შვილად მიიღო თამაზმა ლუკა და შვილი დაუძახა კესოსაც. მან იპოვნა ოჯახი... ოჯახი, რომელიც, ვინ იცის, როდის დაკარგა, ან იქნებ სულაც არ ჰყოლია... თუმცა, ზოგჯერ რაღაცის არქონაც დიდი დანაკარგია... -კესო,-დათა დიდი ხნის მერე გაჩერდა. ზუსტად თორმეტი საათი იყო და მანაც თავისი გეგმა გაიხსენა. კესოც დათას წინ დადგა და მომლოდინე თვალები მიაბყრო კაცს. დათამ ერთხელ ჩაისუნთქა, ამოისუნთქა... მერე კიდევ ერთხელ... კიდევ... -არ მეგონა ასეთი რთული თუ იყო,-სიცილით თქვა ბოლოს. -რა მოხდა? გეგონება ცოლად მოგყავარ!-კესომაც გადაიკისკისა. გული უფრო აუჩქარდა დათას. სახე გაუწითლდა, თვალები გაუმწვანდა... -არა... თუ კი... ჰო...-ჩუმად ჩაიდუდუნა ბოლოს და ქალს შეხედა,-კესანე! -გისმენ. -მინდა, რომ მხოლოდ ჩემი გერქვას!-ღიმილით დაიწყო და თითქოს ყველა კომპლექსი მოეხსნა, ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და ზემოდან დახედა ქალს,-მინდა, რომ მე მეკუთვნოდე, მე კი შენი ვიყო... მინდა, რომ ქუჩაში გაიარო და თქვან, ეს ლუკა დევდარიანის ერთადერთი სიყვარულია, მისი რჩეულიო... კესო, მიყვარხარ და ვიცი, სულ ასე იქნება! ვერ გიბრძანებ სამუდამოდ ჩემთან ყოფნას... ვერაფერს აგიკრძალავ... შენი გადასაწყვეტია ვინ გეყვარება კესო და არ მოგთხოვ, სამუდამოდ მამის მკვლელ ლუკა დევდარიანთან იყო... მაგრამ მინდა, რომ მთელი ცხოვრება გახსოვდე. მინდა, რომ ამ ბეჭედს შეხედო და გაგახსენდეს ეს დრო, 2019 წლის პირველი წუთები, როცა მე შენ ჩემი დაგარქვი... *** დიდხანს უყურებდა საკუთარ თავს სარკეში. დიდხანს ხედავდა იქ სხვა ადამიანს. გამჭირვალე, მწვანე თვალები ჩაშავებოდა, გაწითლებოდა. ლამაზი, ხვეული თმა უსწორმასწოროდ ეფინა თავზე. გახდა და, ვენებდაჭიმულს, საკუთარი თავი ეუცხოებოდა. რას იტყოდა კესო, ასეთი რომ დაენახა?! გაგიჟდებოდა! ვერ აიტანდა! განსხვავდებოდა თორნიკე და მისი სიყვარული კესოსგან. კესო დანებდა ლუკას წასვლის შემდეგ, თორნიკე კი ვერა... ბევრჯერ ჰკითხა გაბრიელს, ბევრჯერ დაელაპარაკა ნენეს... განყოფილებაშიც კი ითხოვა დახმარება... მაშინ გაბრიელმა უთხრა, ბედნიერია კესანე, შეეშვიო და თორნიკეც გაჩერდა. გაჩერდა, თუმცა ყოველ დილით წარმოიდგენდა კესოს, რომელიც სიყვარულით უყურებდა. ახლაც, სარკის წინ მდგარმა, წარმოიდგინა მომღიმარი კესანე და თავადაც გაეღიმა. სიამაყით გაეღიმა სევდამორეულს. გამხდარი თითებით გადაიწია გრძელი კულულები, ჩამქრალი თვალებით შეათვალიერა საკუთარი თავი, თეთრი პერანგის საყელო გაისწორა და სახლიდან გავიდა. *** -სად არის შამპანიური?!-საყვედურით სავსე ტონით იკითხა ქალმა. -რა შამპანიური, გოგო!-თეომ შეჰკივლა და მერე საკუთარ თავზე გაეცინა. -არ შეიძლება, ნენე,-თბილი ღიმილით თქვა გაბომ, თან პატარა ჭიქით ხელში მისკენ გაემართა,-აი, წყალი,-უთხრა და ჭიქა გაუწოდა. -არ მინდა მე წყალი! არა!-ხელები გადაიჯვარედინა ქალმა. მერე წამით გჩერდა, ცუდად ვარო, ჩაილაპარაკა და სააბაზანოსკენ სწრაფი ნაბიჯით გაემართა. -როდის მორჩება?-ანერვიულებულმა გაბომ დას გადახედა. თეომ გაიცინა. -ხვდები, რა გადაიტანა ბექამ ჩემი ორსულობისას?-ცალწარბაწეულმა გადახედა უფროსს და სამზარეულოსკენ გაბრუნდა. საძინებლიდან შუა დღის ძილიდან ახლადგაღვიძებულ ერეკლესთან ერთად გამოვიდა ბექა. მკერდზე ჰყავდა კაცს შვილი მიხუტებული. ბავშვი თავისი პატარა, ნაზი ხელებით მამას ეხვეოდა. ბექა კარისკენ მიდიოდა, თან შვილს ელაპარაკებოდა. -რა უნდა მოგიტანოს თოვლის ბაბუმ? -არ გეტყვი!-ბავშვმა, მამის კისერში თავჩამალულმა ამოილაპარაკა. -კარგი,-თითქოს ნაწყენმა თქვა, მერე დაამატა, იმედია კარგად იქცეოდი და უსაჩუქროდ არ დარჩებიო. კარი გამოაღო და იქ თავდახრილ თორნიკეს შეეჩეხა. -სად ხარ ამდენ ხანს?-ქვემოდან ამოხედა კაცმა. -ბავშვს ვაცმევდი,-ბექას გაეცინა და გვერდზე გადგა. ერეკლემ თორნიკეს შეხედა და ბავშვური, წმინდა ღიმილით მიესალმა. სახლში შესული თორნიკე თეოს მოეხვია, მერე გაბოს მიესალმა და საბოლოოდ მისი დაც გამოვიდა აბაზანიდან. -კარგად ხარ?-სიცილნარევი ხმით ჰკითხა თორნიკემ. ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი და ფეხმძიმედ იყო... ვერ წარმოედგინა, რომ ნისიმე ჩადუნელი პატარა გაბრიელს ან პატარა ნენეს გააჩენდა... ვერ იჯერებდა, რომ ბიძა გახდებოდა... -გადასარევად!-თვალები გადაატრიალა ნენემ და ძმას ისე ჩაეხუტა, თითქოს საუკუნეა არ უნახავს. სვანეთისგან განსხვავებით, აქ იყო ხმაური, ფეიერვერკები, დიდი სამეგობრო წრე, საოცარი, განსხვავებული მხიარულება... თუმცა არ იყო კესო. ყველამ იცოდა თორნიკეს ჩუმი ტკივილი, თუმცა არც ერთი არ ახსენებდა „დაკარგულ“ მეგობარს. მთელი ღამე ელოდა თორნიკე კესოს ზარს. მთელი კვირა ნატრობდა მისი სახის დანახვას. მთელი თვე ფიქრობდა, რა გაეკეთებინა ქალის დასაბრუნებლად. გავიდა იანვარი. ზაფხულში გაუხსნელი საქმე ბოლომდე გამოიძია თორნიკემ. გაიგო, რომ ლუკა დევდარიანს არ მოუკლავს ელენე ჯინჭარაძე, მან მხოლოდ სახლის უკან ნახა მკვდარი გოგონა და სახლის კარამდე მიასვენა ცხედარი. დაიმალა, რადგან ამ მკვლელობასაც მას დააბრალებდნენ... სინამდვილეში, ელენე ჯინჭარაძე მოკლა მირიან ახვლედიანმა, რომელიც იმ დღეს ციხიდან გაიქცა. სწორედ ის უტოვებდა ანონიმურ წერილებს კესოს... სწორედ მან მოკლა კესოს მამაც. მირიან ახვლედიანს თებერვლამდე ეძებდნენ, იმ დღემდე, როცა, ალბათ, მეათასე მესიჯი გაუგზავნა თორნიკემ კესოს. საბოლოოდ დანებდა თორნიკე, როცა კესოს არც მეათასე ზარზე უპასუხია და არც მოუწერია... ძებნას შეეშვა, თუმცა საყვარელ ქალს ვერ დაივიწყებდა... არავინ იცოდა რას აკეთებდა კესო ლუკასთან ერთად, თუმცა ყველამ გაიგო, რომ დამნაშავე მირიანი იყო. საქართველოს მასშტაბით იძებნებოდა, მაგრამ არსად იყო... კესოს და ლუკას მაგივრად კი, მირიანი ახლა თორნიკეს უთვალთვალებდა. ნენე გასაკუთრებით ნერვიულობდა ძმაზე. თეოსთან ერთად ცდილობდა კესოს დაკავშირებოდა, თუმცა არაფერი გამოდიოდა. ოც თებერვალს მზე ისე ანათებდა, როგორც არასდროს. ყოველი შემთხვევისთვის კესოს ასე ეგონა. თაზოსთან და დათასთან ერთად ისაუზმა, მერე კი ამ უკანასკნელთან ერთად სასეირნოდ წავიდა. -გაზაფხულზე აქ უამრავი კესანეა,-ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დათა ჯერ კიდევ გადათეთრებულ მიწაზე საკუთარ ნაბიჯებს აკვირდებოდა. -გაზაფხულზეც აქ მინდა... შენთან,-თავდახრილმა კესომ ჩუმად თქვა. -აქ იქნები,-დათამ ხელი გადაჰხვია ქალს და თავისკენ მიიზიდა,-ჩემთან,-დაამატა ბოლოს. ზოგი თვლის, რომ სიყვარული ერთხელ არ მოდის. ზოგი თვლის, რომ საყვარელი ადამიანი, შეიძლება, ერთ დღეს სულაც აღარ გვიზიდავდეს. კესო და დათა სხვანაირად ფიქრობდნენ. მათი აზრით სიყვარული ერთხელ მოდის, შენ უბრალოდ უნდა დაიჭირო ის, შენთან ახლოს უნდა გყავდეს და მთელი ცხოვრება ეფერებოდე. როგორც კი თვალს მოაშორებ, დაკარგავ იმ ერთადერთს, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდი... კესო და დათა ერთმანეთის გაშვებას აღარ აპირებდნენ. მთავარი იყო შეენარჩუნებინათ ის, რაც გააჩნდათ და ეს ის უდიდესი სიყვარული იყო, რასაც ვერავინ გაიგებდა... ტელეფონის ხმა გაისმა. ზარს ყურადღება არ მიაქცია კესომ თავიდან. ბოლოს, დათას თხოვნით, შეამოწმა ვინ იყო. -თორნიკეა,-თქვა ქალმა და რაღაც ძალიან ეტკინა გულთან ახლოს... ტელეფონმა რეკვა შეწყვიტა. -რატომ არ პასუხობ?-დათას სახე შეეცვალა. ცუდს უგრძნობდა გული და არ მოსწონდა ეს შეგრძნება. -არ ვიცი... არ მინდა. მერე მომენატრებიან და აქ ვერ გავძლებ. -მეგონა აქ მოგწონდა...-კაცს გული დასწყდა. წამით გაიფიქრა, რომ კესო თავისი ნებით არ ჩერდებოდა მასთან. -მომწონს,-მტკიცედ წამოიძახა კესომ. დათას არაფერი უთქვამს. ალბათ, ბევრს ისაუბრებდნენ ამ თემაზე, თუმცა იცოდა, გულს ატკენსა ქალის სიტყვები, რადგან კესო ხშირად დაუფიქრებლად საუბრობდა. რამდენიმე წუთში კვლავ გაისმა კესოს ტელეფონის ხმა. ისევ თორნიკე იყო. თორნიკე და მისი მეათასე მესიჯი. -უპასუხე,-მკაცრად თქვა დათამ. უცნაური ხმა ჰქონდა, თითქოს ხვდებოდა, რაღაც ცუდი ხდებოდა... ხვდებოდა, ბედნიერება ხელიდან ეცლებოდა... -დათა...-კესომ ქვემოდან ახედა მაღალს და მისი სახის დანახვისთანავე გაჩერდა. ისიც შეშინდა. მასაც ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა... *დახმარება მჭირდება. მაპატიე.* გული აუჩქარდა კესოს. ლუკას ახედა და მის თვალებში დაიწყო ნუგეშის პოვნა, თუმცა იქ არაფერი ჩანდა... -უნდა წავიდე,-თქვა ბოლოს ლუკამ უხმოდ. სახლისკენ გაბრუნდა. კესო აედევნა. -სად? თბილისში?-ისედაც გაურკვევლობაში მყოფი უფრო დაიბნა. ბოლოს, როცა მიხვდა, ლუკა თბილისში მოდიოდა ისიც ოთახში ავიდა,-მეც მოვდივარ!-თქვა და ვეღარავინ გადააფიქრებინა. დიდხანს ნერვიულობდა თაზო, დიდხანს სთხოვდა არ წასულიყვნენ, თუმცა ბოლოს მაინც ჩაიკრა გულში შვილობილები. ეგონა, ეს უკანასკნელი ჩახუტება იყო... ეგონა, ორივეს კარგავდა... ჩუმად ჩასხდნენ მანქანაში და ასე ჩუმად გაემართნენ თბილისისკენ. გულში იკლავდა დარდს ორივე, იმის დამალვას ცდილობდნენ, რასაც ყველა ხედავდა... არ იცოდა ლუკამ, რაზე ფიქრობდა კესო, თუმცა თვითონ მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა გონებაში-მალე კესო თორნიკეს ნახავდა... და მთელი გზა ღმერთს ევედრებოდა- მხოლოდ ერთი დღე... ერთი დღე მაცადე, ასე ვერ დავუთმობ თორნიკეს ერთადერთ სიყვარულსო... თავი 18 მთელი ღამე ეძებდნენ თორნიკეს. მთელი ღამე ფიქრობდა კესანე, რომ თორნიკეს საშინლად უჭირდა. მთელი ღამე თვალს არ აცილებდა ლუკა კესოს. ლუკამ უკვე იცოდა, ზუსტად იცოდა, რომ კესოს დაკარგავდა... ან კესო დაკარგავდა მას. იცოდა, რაღაც ცუდი ხდებოდა და ყველაფრის ცენტრში თორნიკე კი არა, თავად ლუკა იყო... რა მოხდებოდა, ეს არავინ იცოდა. ერთადერთს ნატრობდა-თუ კესოს დათმობა მოუწევდა, თუ „სიკვდილი“ ეწერა, უკანასკნელად ენახა დედა, უკანასკნელად ჩახუტებოდა მარიტასა და თომას... უნდოდა გაბრიელისთვის ეთქვა, რომ მარიტას და თომას მიხედვა აღარ უნდოდათ და თავისუფლად შეეძლო ცხოვრება ნენესთან... კესოს დატოვება არ სურდა, თუმცა იცოდა, თორნიკესგან საუკეთესოს მიიღებდა ქალი. გზაში რამდენჯერმე გახდა ცუდად კესო. ლუკა სთხოვდა სადმე სასტუმროში გაჩერებულიყო ან სახლში დაბრუნებულიყო, თორნიკეს თავად მოძებნიდა, თუმცა ქალი არ შორდებოდა ლუკას და ეს უკანასკნელიც ძველი მეგობრის, ახლანდელი „მტრის“ საძებნელად მიდიოდა. მტერი ხმამაღალი ნათქვამია, თორნიკეზე რას ფიქრობდა, ლუკამ არ იცოდა... მთავარი ის იყო, რომ მისი შეტყობინების დანახვისთანავე, ლუკა მიხვდა, ეს სიტყვები კესოსთვის კი არა, მისთვის იყო და ისიც თორნიკეს ეძებდა უკანასკნელი ძალებით. ათ წუთში ერთხელ დარეკვას ცდილობდა კესო, თუმცა თორნიკე ზარებს არ პასუხობდა. ჯერ განყოფილებაში მივიდნენ, მერე თორნიკეს სახლში, ბაქრაძეების დიდი ოჯახიც გააღვიძეს-გაბოს, ნენეს, თეოსა და ბექას მიაკითხეს. ყველა ფეხზე დააყენეს, მაგრამ უფროსს ვერსად პოულობდნენ. საბოლოოდ კესოს სახლს მიადგნენ. გული აუჩქარდა კესოს სახლში შესვლისას, მთლად აკანკალდა. -ჯერ მე შევალ,-ლუკამ თბილად შეხედა ქალს, თუმცა მის მზერაში მაინც იკითხებოდა არეულობა, რომელიც ვინ იცის რამ გამოიწვია. კესომ ჩუმად გადაუხადა კაცს მადლობა. მართლა მადლობელი იყო, რადგან დიდი ტკივილი აარიდა. სახლი ცარიელი იყო. ყველაფერი ისე იყო, როგორც კესომ დატოვა, ერთადერთი განსხვავებით-მაგიდაზე იდო ტელეფონი, რომელიც არც კესოს ეკუთვნოდა, არც ლუკას. -ვისია?-ჰკითხა კაცმა და ზემოდან გადახედა კესოს, რომელიც მთელი ძალისხმევით ცდილობდა ტელეფონის ბლოკის მოხსნას. -თოროსი,-გაუაზრებლად ამოილაპარაკა. გულში რაღაც მწარე ტკივილი იგრძნო ლუკამ. სძულდა ის გრძნობა, რომელიც კესოს მიერ ამ სახელის წარმოთქმისას აწუხებდა. თუმცა ვერაფერს იტყოდა... არ იტყოდა... ლუკა ვერ აუკრძალავდა ქალს მეგობრებთან ურთიერთობას. ლუკა ვერ აუკრძალავდა თორნიკეს სიყვარულს... ტელეფონი გადაამოწმეს. კესომ იცოდა, რომ თორნიკე ყოველთვის ინახავდა საუბრის ჩანაწერებს. ბოლო საუბრები მოძებნა და გაიგო, სად იყო თორნიკე. ლუკასთან ერთად სწორედ იქ მიდიოდა და ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა, რადგან სატელეფონო საუბრის თანახმად, იქ იქნებოდნენ თორნიკე ჩადუნელი და მირიან ამილახვარი. ცოცხლები თუ მკვდრები, ეს არ იცოდა კესომ, თუმცა იცოდა, რომ თორნიკე ცოცხალი სჭირდებოდა. ორმოცი წუთი გავიდა, სანამ კოჯორს მიადგებოდნენ და საუკუნეს ჰგავდა თითოეული წუთი ორივესთვის. მანქანით ვერ გააგრძელებდნენ გზას, ამიტომ ჩქარი ნაბიჯით გაუყვნენ ტყის ვიწრო ბილიკებს. ერთმანეთს არ უშვებდნენ ხელს. ერთმანეთის გულისცემას გრძნობდნენ. ესმოდათ ხშირი სუნთქვა და ვერ გაერკვიათ რომელს ეკუთვნოდა... მზე ამოდიოდა, როცა იგრძნეს, იქ კიდევ იყო ვიღაც. ერთმანეთს ანიშნეს, ჩუმადო, და ნელი ნაბიჯით, წელში ოდნავ მოხრილებმა განაგრძეს სიარული. ბილიკის დასასრულს მიუახლოვდნენ და კოჯრის ციხის ნანგრევების გამოჩნდა. ველის ერთ მხარეს მაღალი მამაკაცი იდგა, მხრებჩამოყრილს სახეზე ხვეული თმა ეფინა, წვერს დაეფარა მისი ღაწვები, ჩაწითლებული თვალებით შეჰყურებდა ველის მეორე მხარეს მდგარ მაღალ, ქერა მამაკაცს, ტყავის ქურთუკითა და უცნაურად მანათობელი ცისფერი თვალევით, რომლებიც სისხლის წყურვილზე საუბრობდნენ. -რაღას ელოდები?!-თორნიკეს ყვირილი გაიგეს. ეს ხმა არ ჰგავდა თორნიკესას. როგორც კი გაიგო კესომ, შეხტა და დაუფიქრებლად მთელი ძალით ჩაებღაუჭა ლუკას. კაცმა არ შეიმჩნია, მოსმენა განაგრძო. -მომკალი!-ხმაჩაწყვეტილმა კიდევ ერთხელ ამოიყვირა,-მომკალი, როგორც მაშინ, ვენებს რომ მიჭრიდი! მომკალი! მაინც აღარ აქვს ჩემს სიცოცხლეს აზრი!.. -ო, ჩემო თორნიკე,-ირონიით სავსე ტონით გადასძახა მირიანმა. გამყინავი სიცილი ჰქონდა და ასეთივე იყო მისი ხმა...-შენი მოკვლა მარტივია, მე კი ასე არ ვმუშაობ. -მაშინ, რატომ დამიბარე?! -უფრო საინტერესოა ის, თუ რატომ მოხვედი,-ერთი ნაბიჯი წინ გადადგა კაცმა, თორნიკეს შეხედა, ცინიკურად ჩაეცინა, მერე გაჩერდა და ლაპარაკი განაგრძო,-მე შენი სიკვდილი არ მჭირდება. შანსი რომ მქონდეს, მთელი ცხოვრება გაწამებდი იმის გამო, რომ დამაკავე... შენი ტანჯვით გავიხარებდი. იქნებ უკვე იტანჯები?! მართალი ვარ, არა?! კესანე დაკარგე, დამ დაგივიწყა, მეგობრებს ჩამოშორდი... -საქმეს მიხედე,-კბილებში გამოსცრა თორნიკემ. -ლუკა დევდარიანი უნდა მოვკლა. გაგიკვირდება, ჩემო თორნიკე, და მე კესოს მივწერე შენი ტელეფონით, რომ დახმარება გჭირდება... ჰოდა მალე ჩვენი საყვარელი წყვილიც აქ გაჩნდება... თან, იმ არაკაცის სიკვდილი შენც გაწყობს, არა?-წარბაწეულმა გადახედა თორნიკეს. ლუკამ იგრძნო, როგორ აკანკალდა ზიზღისა და შიშისგან კესო. იგრძნო მისი ტკივილიანი მზერაც. იცოდა, კიდევ ერთი სიტყვა და თავს ვეღარ გააკონტროლებდა, მერე კი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაებმებოდნენ თორნიკე და კესოც... -ლუკა ჭკვიანია, მირიან. კესოს არ მოიყვანს აქ. არც თვითონ მოვა...-თითქოს მხოლოდ საკუთარ თავს არწმუნებდა თორნიკე. -დარწმუნებული ხარ?-სიცილისას ამოილაპარაკა მირიანმა. მრებათრთოლებულმა შარვლის ქამრით დამაგრებულ იარაღს ჩასჭიდა ხელი და წამებში თორნიკეს დაუმიზნა. გაშეშდა თორნიკე. თუმცა სახეზე არაფერი ეწერა იმის გარდა, რომ სიკვდილისთვის მზად იყო. კესოს შეეშინდა. ლუკას აეკრა. ხვდებოდა, მალე თორნიკეს დაკარგავდა... ან იქნებ ვინმე სხვას... ლუკამ მეტი ვერ მოითმინა, ვერ აიტამა საყვარელი ქალის შიშით აკანკალებული ხელების შეხება, ვერც ძველი მეგობრის გაიგო, არ უნდოდა თორნიკეს ცხოვრებაზე ხელი ჩაექნია. კესომ ვერ დაინახა, როგორ ან როდის გაჩნდა ლუკას ხელში იარაღი. როცა გონს მოვიდა, უკვე შორიდან ესმოდა ლუკას სიტყვები, მანდ დარჩიო, თავად მამაკაცი კი ველზე იდგა, მირიანის წინ. -ჭკვიანია, აქ არ მოვა...-თორნიკეს სიტყვები გაიმეორა უფროსმა დამნაშავემ, თან ნიშნისმოგებით შეხედა მას. თორნიკესთვის ყველაფერს სჯობდა გაქრობა... გაქრობა იმ სამყაროდან, რომელიც ჯოჯოხეთამდე უქცევდა ცხოვრებას ჯოჯოხეთად... -სადამდე დაეცი, მირიან!-ზიზღით ჩაილაპარაკა ლუკამ. აშკარა იყო, მირიანი და ლუკა ციხეშიც იცნობდნენ ერთმანეთს. ალბათ, სწორედ იქიდან მოდიოდა მათი დაპირისპირება... -ვაღიარებ, აქამდე ველოდი შენს გამოჩენას... -მე კი მეგონა, უკვე მოგკლეს,-მხრები აიჩეჩა ლუკამ. ერთმანეთს უყურებდნენ მათი იარაღები, ერთმანეთს უმზერდნენ მოსისხლე მტრებიც. მხრებში გამართულებს თვალები გაცივებოდათ. ერთადერთი განსხვავება იყო მათ შორის. ლუკას უყვარდა... უყვარდა მთელი გულით და ამ სიყვარულისთვის უნდა ეცოცხლა. ამ სიყვარულმა აგრძნობინა, რომ მირიანი მალე გამოკრავდა თითს ჩახმახს. -არ გააკეთო ეს, მირიან,-მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა. მირიანმა უკანასკნელად გაიღიმა. კესოს მოეჩვენა, რომ ამ ღიმილში რაღაც სევდის მსგავსი იმალებოდა, სიკვდილის შიშით მოტანილი სევდის მსგავსი... სასხლეტს თითი ერთდროულად გამოჰკრეს. გულში მოხვდა მირიანს ტყვია. მუხლებზე დაეცა. აქ არ ყოფილა სევდა, არ ყოფილა ტკივილი... მხოლოდ ცივი, ცივი ღიმილი. მუხლებზე დაეცა ლუკაც. ტკივილიანი სახით დაჰყურებდა ხელებს... სუფთა ხელებს, რომელიც სისხლით ჰქონდა დასვრილი... შორიდან ისმოდა კესოს ყვირილი. ვერავინ ხედავდა, როგორ ამშვიდებდა თორნიკე კესოს. გულაჩქარებული მკერდზე იკრავდა აცახცახებულ ქალს. -ლუკა...-ხმაჩამწყდარმა ამოილაპარაკა. თორნიკემ ქალს ხელი გაუშვა და ლუკასკენ წაიწია. კაცს მხარზე დაადო გაუხეშებული ხელი. -ლუკა,-ნერვიული ხმით წარმოთქვა მისი სახელი, თან ლუკას წიმ ჩაიმუხლა. ხელი გაუშვა და მიხვდა, სისხლით ჰქონდა დასვრილი... -მოვკალი...-ხელებაკანკალებული, ტუჩებათრთოლებული მისჩერებოდა ერთ წერტილს,-მოვკალი... -დაჭრილი ხარ!-წამოიძახა თორნიკემ და მაშინვე ფეხზე წამოიჭრა. ჯერ მირიანს მივარდა. პულსის შემოწმება დაუწყო. თავი გააქნია, მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო... მერე ლუკასკენ გაიქცა, ქურთუკი გახადა. -კესო, დამეხმარე!-ვენებდაჭიმულმა ძეგლად ქცეულ ქალს გასძახა. კესო გამოფხიზლდა, მათ გვერდით დაიჩოქა და ლუკაც მას მიეყრდნო. -ლუკა, გონს მოდი!-სილა გაწნა თორნიკემ,-ერთ საათში პოლიცია მოვა, აქედან უნდა წახვიდეთ! თავს ვერ აკონტროლებდნენ. ერთმანეთს კარგავდნენ. ათი წუთი დასჭირდათ ლუკას გამოსაფხიზლებლად. მდინარესთან მიიყვანეს, ჭრილობიდან ზედმეტი სისხლი მოაშორეს. ტყვიის ამოღება სცადეს, თუმცა ამაოდ... ჭრილობა შეძლებისდაგვარად შეუხვიეს. მერე მანქანამდე მივიდნენ. -კესო, ჩემი მანქანა წაიყვანე. მე ლუკას წავიყვან,-თქვა თორნიკემ და ლუკას მანქანის კარი გამოაღო. -არა, არა...-დევდარიანმა თორნიკე მოიშორა და კესოს გახედა. ანიშნა, აქ მოდიო. -ვეღარ დავიმალები, კესო...-თავისუფალი ხელით ჩაეჭიდა ქალის გაყინულ მტევანს,-მეშინია... ვეღარ დავიმალები. დამიჭერენ და არ მინდა ციხეში, კესო... ტიროდა კესო და ცრემლების გარეშე ტიროდა ლუკაც. ხვდებოდა ქალი, ვეღარ იჭერდა იმას, რაც ჰაერივით სჭირდებოდა. -ახლავე წავიდეთ,-ამოისლუკუნა და მთელი ძალით ჩაეხუტა ლუკას,-ერთად წავიდეთ... ერთად დავიმალოთ... ებღაუჭებოდა კესო ლუკას, თითქოს ასე ვეღარსად წავიდოდა კაცი. -დავბრუნდები,-მშვიდად თქვა ლუკამ. გასაკვირი იყო მისი სიმშვიდე, მისი ძალა... -არ დაბრუნდები!-ჩაწითლებული თვალები დაახამხამა კესომ. -აქამდე ხომ დავბრუნდი?-კაცმა გაიღიმა, ქალის სახე დიდ მტევნებს შორის მოიქცია და გაიღიმა,-კიდევ დავბრუნდები... -არ მჯერა... -კესო,-ლუკამ ქალის ხელებს დახედა და თავის ნაჩუქარ ბეჭედს დააკვირდა,-შენთვის დავბრუნდები. -გაზაფხული მოდის,-ხმაჩამწყდარმა ამოიკნავლა,-ჩემი საყვარელი სეზოინია... მინდოდა ერთად ვყოფილიყავით... მინდოდა მენახა შენი გაზაფხულისფერი თვალები როგორ ანათებს ამწვანებული ბუნების ფონზე... -ჩემთვის არ მოვა გაზაფხული შენს გარეშე,-თქვა ლუკამ და ეს სიტყვები არ იყო მხოლოდ კესოსთვის განკუთვნილი,-იცი..? თუ გაზაფხული მოვა...-ლუკა წამით გაჩერდა. თორნიკეს გახედა. არავინ იცოდა როგორ სტკიოდა სული მას... ვერავინ გაიგებდა როგორ გრძნობდა თავს. წყლიანი თვალებით უყურებდა ქალს. ხვდებოდა, დრო გადიოდა და მალე ყველაფერი დასრულდებოდა... თორნიკეს მზერა მოაშორა ლუკამ და ისევ საყვარელ ქალს შეხედა. გაიღიმა. სიცოცხლე შეემატა. მიხვდა, რომ მიზანი მიეცა. -თუ გაზაფხული მოვა, ჩვენ ერთმანეთს დავუბრუნდებით,-მტკიცედ თქვა. -და თუ არ მოვა..?-ქალმა ტირილი შეწყვიტა. ლუკას არაფერი უპასუხია. შუბლზე აკოცა ქალს. მერე პატარა, ოდნავ კეხიან ცხვირზე, მერე კი მის თხელ, წითელ ბაგეებს დაეწაფა. შუბლი შუბლზე მიადო. ერთმანეთის სუნთქვით სუნთქავდნენ, ერთმანეთით ცოცხლობდნენ და იცოდნენ, მალე შეწყდებოდა ეს... -მიყვარხარ,-ჩაილაპარაკა ლუკამ. მერე კი თორნიკეს ანიშნა, რომ კესო წაეყვანა. მანქანაში ჩაჯდომამდე, თორნიკეს რაღაც უთხრა ლუკამ. მერე კი ჩაეხუტა ისე, როგორც ძმა ძმას. არავინ იცის რა უთხრა ლუკამ მეგობარს, თუმცა კესომ დაინახა მათი ტკივილიანი სახეები. არ წასულა ლუკა, სანამ თორნიკეს მანქანა თვალს არ მიეფარა. ყოველთვის მოსწონდა კესოს ეს. უყვარდა, როცა ლუკას მზერა უწვავდა ზურგს, თუმცა ახლა... ეს მზერა სასიამოვნო არ იყო. განშორების სევდა მათ სიყვარულს ერეოდა, მათ შორის მანძილი კი კლავდა ამ გრძნობას... ლუკა დევდარიანმა საქართველო დატოვა. ქართველებისთვის ის მოკვდა, თუმცა მკვდარს ცრემლით მოიგონებენ ხოლმე, ლუკა კი დაივიწყეს... მხოლოდ ექვსი ადამიანისა და ლუკას და-ძმის მეხსიერებაში დარჩა მოგონებები მასზე. არავინ იცოდა სად იყო ან რას აკეთებდა. რაზე ან ვიზე ფიქრობდა... მხოლოდ ერთი იცოდნენ, რომ ყველასთვის ცნობილი მკველი, ლუკა დევდარიანი, გაქრა. კესანე ორბელიანი დიდხანს იყო მარტო. დიდხანს ცდილობდა თავს გამკლავებოდა. მერე მიხვდა, რომ თორნიკეც დაეცა და მასთან ერთად სცადა წამოდგომა. თორნიკე ჩადუნელი ფეხზე ადგა და წამოაყენა კესოც. ღრმად ჩამარხეს წარსული მეხსიერებაში და არ იხსენებდნენ იმ რამდენიმე თვეს... ცხოვრობდნენ აწმყოთი, თუმცა, არსებობს აწმყო, რომელიც წარსულმა არ შექმნა?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.