თუ იპოვი გზას (სრულად!)
ზოგიერთი ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ იმისათვის ჩნდება, რომ რაღაც გვასწავლოს. ,,გაკვეთილის“ დასრულების შემდეგ კი ისევე სწრაფად იკარგება, როგორც გამოჩნდა. მერიემი ამ აზრს არასოდეს იზიარებდა. გულის კარს ადამიანებს იშვიათად უღებდა და , თუ უღებდა, შიგნით სამუდამოდ იტოვებდა კიდეც. ამის გამო იყო სწორედ , რომ ოცი წლის ასაკში გვერდით ერთი ისეთი მეგობარიც კი აღარ შერჩა, ვისთან ურთიერთობაც ბეწვზე არ ეკიდა, ან არ გაცვეთილიყო ძველი, გადასაყრელი სამოსივით. გაფუჭებული ურთიერთობების კოლექციონერი ვარო, ფიქრობდა ხოლმე და მწარედ ეღიმებოდა. არც ის ესმოდა, პრობლემა სად უნდა ეძებნა. მაშინ, როცა ბოლო დარტყმა აიტანა ადამიანისგან, რომელსაც საუკეთესო მეგობრად თვლიდა, საბოლოოდ მიხვდა: ადამიანებმა მეგობრობის ფასი კი არა, არსიც არ იციან. ნამდვილი და ღრმა გრძნობები კი გაქცევის სურვილს უმძაფრებთ. გულწრფელობისა ისე ეშინიათ, როგორც, ვთქვათ, რომელიმე სტიქიური უბედურებისა. და, რაც ყველაზე მთავარია, ეს ყოველივე აშინებთ, როცა თავად განიცდიან და, მაშინაც კი, როცა სხვები გრძნობენ მათდამი. ნოემბრის იმ სუსხიან დილით თბილ ჟაკეტში გახვეული მერიემი ამ ფიქრებით მიიკვლევდა გზას უნივერსიტეტისკენ. მესამე კურსზე სწავლა ახალი დაწყებული ჰქონდა და ცოტა ჯერ კიდევ უჭირდა დასვენებას შეჩვეული გონებისა და სხეულის სამუშაოდ მომართვა. ჰოდა, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ კი არ მიდიოდა, მიიზლაზნებოდა. ,,ჩვენი კუც კი ბევრად უფრო სხარტად დაიარებაო“ _ გონებაში გაუელვა და თავის ფიქრებზევე გაეღიმა გოგონას. როგორც იქნა, უნივერსიტეტის შენობასაც მოჰკრა თვალი. სწრაფი ნაბიჯებით შევიდა. ლექცია უკვე დაწყებულიყო, შესაბამისად (და საბედნიეროდ) არავისთან მისალმება აღარ დასჭირვებია. ლექტორის მისამართით ხმადაბლა ჩაიბურტყუნა, ბოდიშიო და ამოჩემებული ადგილისკენ, ფანჯარასთან, სწრაფი ნაბიჯით გაეშურა. ახლოს მისულმა აღმოაჩინა, რომ ,,თავისი“ ადგილი უკვე დაეკავებინათ. ბიჭი, რომლისთვისაც არაერთხელ მოეკრა თვალი უნივერსიტეტის ეზოში სეირნობისას, ან სტადიონზე ფეხბურთის თამაშისას, მის წინ მოკალათებულიყო. ერთი ამოხედა უტეხად, თითქოს თვალებით უთხრა, გიცანიო. აღშფოთებული და გაოცებული მერიემი სწრაფად მიუჯდა გვერდით. თავისუფალი ადგილის ძებნა მეტ დროს წაართმევდა და ლექტორსაც ხელს შეუშლიდა, თორემ ამ ბიჭის დანახვა იმ რამდენიმე წამითაც საოცრად აბნევდა და მთელ ორ საათს მის გვერდით სიამოვნებით ნამდვილად ვერ გაატარებდა. ბიჭის აქ დანახვა ძალიან გაუკვირდა. იცოდა, რომ სხვა ფაკულტეტზე სწავლობდა. მერე დაასკვნა, ალბათ, ეს საგანი აინტერესებს და თავისუფალ მსმენელად ესწრებაო. მალევე მიხვდა, რომ ლექტორის ახსნილი მასალიდან ერთი სიტყვაც არ გაუგია და ეცადა, უფრო მეტად მოეკრიბა გონება. სკამზე მოხერხებულად მოკალათდა, ხელებს სახით ჩამოეყრდნო და ტანითაც ლექტორისკენ შებრუნდა. უკვე თითქმის გადაავიწყდა გვერდზე მჯდომის არსებობა, რომ ყურთან ძალიან ახლოს გაიგონა: _ შენთვის არ უსწავლებიათ, რომ ასე ადამიანისთვის ზურგის შექცევა უზრდელობაა? გოგომ სახე მიაბრუნა. ბიჭი სულ ახლოს მოჩოჩებულიყო და ცინიკურად უღიმოდა. წამები დასჭირდა მერიემს გასააზრებლად (და გასაბრაზებლადაც): _ ლექციის მოსმენას ვცდილობ და ხელს ნუ მიშლი, თუ შეიძლება!_ მიახალა, რაც შეეძლო ხმადაბლა და ისევ ზურგი აქცია. _ ,,თქვენობით“ ლაპარაკიც არ გცოდნია, არადა ზრდილობიანი გოგო მეგონე, _ დანანებით ნათქვამი შემოესმა და თან საგულდაგულოდ ჩაწნულ თმაზე მოქაჩვაც იგრძნო. სულ გადაირია მერიემი, ეს თავხედი რას გადამეკიდაო. ისიც კი ვეღარ გაიაზრა, რომ თავად კიდევ უფრო ბავშვურად მოიქცა და გამაღიზიანებელს მთელი ძალით ჩასცხო ფეხსაცმლის ქუსლი ფეხში. თან მოხედა და გაუღიმა. ბიჭმა თავი ვერ შეიკავა და ამოიკვნესა, მერე გოგოს მკლავს თითებით მისწვდა და ძლიერად უჩქმიტა. მერიემი ამას აღარ ელოდა და ხმადაბლა შეჰკივლა ტკივილისაგან. ამ დროს ლექტორის ხმაც მოესმათ: _ ჟორჟოლიანო და ბერიაშვილო, ახლავე დატოვეთ აუდიტორია! მერიემი საშინლად გაწითლდა. ჩანთას ხელი დაავლო და თავქუდმოგლეჯილი გავარდა აუდიტორიიდან. მსგავსი რამ არასოდეს დამართნია. სკოლის პერიოდშიც კი არასოდეს დაუყენებიათ კუთხეში. მთელი კურსის წინაშე შერცხვა და ბოღმა ყელში მოაწვა. ბიჭის სიცილი რომ შემოესმა, უკან მოიხედა. მერე მისკენ დაიძრა. ის კი უკვე თითქმის ხარხარებდა, მერიემის ცრემლებითა და ბრაზით სავსე თვალებს რომ შეხედა, ისე სწრაფად შეწყვიტა სიცილი, თითქოს ეკრანს ფარდა ჩამოაფარესო. გოგოს მხრებში ხელი ჩაავლო, წელში მოიხარა ( ოდნავ მაინც რომ შეემცირებინა მანძილი თითქმის ორი თავით დაბალთან) , რამდენიმე წამით თვალებში შეცბუნებული უყურებდა, მერე ჰკითხა: _ რა გატირებს, პატარა სულელო? პასუხმა მარჯვენა ლოყა აუწვა. _ ჩემთან დალაპარაკება კი არა, გამოხედვაც აღარ გაბედო, შენ... შე უტიფარო ბიჭო! გაბრიელი გაბრაზდა, მერე გაოგნდა: პირველად გაარტყეს. ამასობაში მერიემმა ზურგი აქცია და უნივერსიტეტის დერეფანში გაუჩინარდა. რამდენიმე დღის განმავლობაში მერიემს ერთხელაც კი აღარ მოუკრავს თვალი ბიჭისათვის. სამაგიეროდ მის საძმოს ხედავდა ხშირად. ისინიც ისე გამოაყოლებდნენ ხოლმე თვალს, თითქოს ან ახლა მიესალმებიან, ან ახლაო. მაგრამ მსგავსი არაფერი ხდებოდა. დაღლილობასთან ერთად გოგო უჩვეულო გაღიზიანებასაც გრძნობდა და ცდილობდა, ეზო სწრაფად გადაეჭრა. იმ დღეს ერთი ლექცია გაუცდა და სამსაათიანი თავისუფალი შუალედი გამოუჩნდა. ჯერ დააპირა, სწრაფი კვების ობიექტში გაეტარებინა ეს დრო, მაგრამ მალევე მოაგონდა, რომ საკუთარ თავს დაჰპირდა, ნაკლები მავნე საკვები ეჭამა და დედის მიერ გამოგზავნილ თანხასთანაც უფრო მომჭირნედ მოქცეულიყო. ჰოდა საყვარელი კაპუჩინო პლასტმასის ფინჯნით მიწისქვეშა გადასასვლელში შეიძინა, უნივერსიტეტის ეზოს ბოლოს პატარა მომრგვალებულ მინდორზე ჩამოჯდა, ჩანთიდან წიგნი ამოაძვრინა და კითხვას შეუდგა. ცოტა ხნის მერე იგრძნო, რომ ვიღაც უყურებდა. მიმოიხედა, გაზონების მიღმა რამდენიმე სტუდენტს მოჰკრა თვალი. ახალგაზრდებს არ იცნობდა. ერთმანეთთან საუბარში გართულიყვნენ და მერიემისკენ არცერთი არ იყურებოდა. გოგონამ გადაწყვიტა, რომ მოეჩვენა და კითხვა განაგრძო. ცოტა ხნის მერე ისევ იგრძნო დაჟინებული მზერა. ამან შეაწუხა, სწრაფად შეაგროვა ნივთები და წასვლა დააპირა. ის ის იყო დაიძრა, რომ ვიღაც მაჯაზე ჩააფრინდა და თავისკენ შეაბრუნა. მერიემს გული გაუსკდა და გაფართოებული თვალებით მიაცქერდა უცნობს. კაცს ხელი არ გაუშვია მისთვის. ოცდაათს გადაშორებული იქნებოდა, დაფლეთილი ტანსაცმელი კიდევ უფრო უწესრიგოდ ამოეცვა, ფეხსაცმელებიც ალაგ-ალაგ გადაქლეთოდა და უსიამოვნო სუნი ასდიოდა. წელში ოდნავ მოხრილი ცოტა კოჭლობით დააბიჯებდა და მერიემს ქვემოდან უყურებდა. გოგო ზუსტად ამ მზერამ დააბნია და ვეღარ შეძლო დროულად მოსულიყო გონს. უცნობს თითქმის გამჭვირვალე, ცისფერი თვალები და ნაიარევი სახე ჰქონდა. თითქოს დააჰიპნოზა, განძრევა ვეღარ მოახერხა. _ დამეხმარე, გოგონა, ფული ძალიან მჭირდება, _ საუბრისას გვერდზე იხრებოდა და ცოტა ენა ებმოდა კაცს, _ დამეხმარე. მერიემი თითქოს ახლაღა მოეგო გონს და დასჭყივლა: _ ვინ ჯანდაბა ხარ, გული გამიხეთქე, წადი აქედან! _ დამეხმარე, გემუდარები,_ კიდევ ერთხელ შეევედრა კაცი. _ ფული არ მაქვს!_ ფული მართლა არ ჰქონდა. ყავა რომ იყიდა, რაც დარჩა, ერთიანად დარიცხა სამგზავრო ბარათზე. გაცლა დააპირა, მაგრამ უცნობი ისევ მისწვდა მკლავში და ამჯერად ხელი უფრო მაგრად მოუჭირა. შესაბრალისი სახე ერთიანად გაუბოროტდა, ხელი ოდნავ გადაუგრიხა და კბილებში გამოსცრა: _ გაქვს და მომცემ კიდეც! ახლა კი მართლა შეეშინდა მერიემს. ადრენალინის მოზღვავება იგრძნო და ერთიანად აუხურდა სახე. კაცს ერთი ხელი ჯერაც ჯიბეში ედო. იქნებ დანაც ჰქონოდა? გოგოს დანის გარეშეც მარტივად გაისტუმრებდა საიქიოს. თითქოს ჯიბრზე ერთი ადამიანიც კი აღარ ჩანდა უნივერსიტეტის ეზოში. მერიემმა იქაურობისადმი ენით აღუწერელი ზიზღი იგრძნო და კივილი დააპირა. უცნობმა ბინძური ხელი მაგრად ააფარა პირზე, მეორით თმაში მოქაჩა და ბილიკიდან ისევ მინდვრისკენ გაათრია. გოგოს შიშით გული გადაუქანდა. იცოდა, რომ იმ მხრიდან გზა ქვემოთ ეშვებოდა. იმ ადგილს ხშირად სტუმრობდნენ წყვილები, ჰორმონების მოზღვავებას რომ ვერ უმკლავდებოდნენ და, როგორც ჩანს, არც სასტუმროს ფული ჰქონდათ, არც ერთმანეთის ბინებში მიესვლებოდათ სასიყვარულოდ და ასევე ის ტიპები, რომლებიც მაინცდამაინც სალექციო პერიოდში ინდომებდნენ ხოლმე დაბოლებას ( ლეგალიზაციის მერე, ალბათ, ამ სამალავს აღარც გამოიყენებდნენ). ჰოდა, ასე. სწორედ იქით მიათრევდა ახლა გოგოს ეს საზიზღარი კაცი. თვალებდაჭყეტილი მერიემი გამალებით იხსენებდა ყველა დეტექტივს, ტრილერს, სადაც მსგავსი სცენა ენახა და ფართხალით ცდილობდა, როგორმე თავი დაეხსნა. ბოლოს მიხვდა ( არა, ამას ვერ იზამდა, რა საზიზღრობაა!) და იმ ჭუჭყიან ხელზე მთელი ძალით უკბინა. არამზადამ ხმამაღლა დაიღრიალა ტკივილისგან და გოგოს ხელი გაუშვა, მერიემიც სწორედ ამ ერთ წამს ელოდა გაფაციცებით. რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაიწივლა, მიშველეთო და ისევ ეზოსკენ უკანმოუხედავად გაიქცა. აღმართზე სირბილი სულ უფროდაუფრო უძნელდებოდა. ძლივსღა სუნთქავდა. უკვე უნივერსიტეტის შენობის წინ იდგა, როცა მობრუნება გაბედა. უცნობი არსად ჩანდა. გოგოს გააჟრჟოლა და შიგნით შევარდა. თვალი მიმოავლო დერეფანში მოსიარულე და ჩამომსხდარ ახალგაზრდობას და ცოტა დამშვიდდა. თავი დაიხსნა. საპირფარეშოში როგორც შეძლო, ისე ჩამოირეცხა სიბინძურე, რომელსაც ახლა კიდევ უფრო მძაფრად გრძნობდა და ლექციას მაინც დაესწრო. თან ჯერ კიდევ ეშინოდა გარეთ გასვლისა. ამჯერად გაბრიელ ჟორჟოლიანი ისევ დაუხვდა ფანჯარასთან. გოგო ისე იყო დაღლილი და არეული თავსგადახდენილის გამო, რომ წინა შემთხვევა არც გახსენებია, ისე დაიკავა ადგილი ბიჭის გვერდით. გაბრიელს ცალყბად ჩაეღიმა და უჩურჩულა: _ჰმ, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ უჩემოდ დიდხანს ვერ გაძლებდი, ბერიაშვილო! _ გაბრიელ, დღეს არა, გთხოვ..._ ხმა წასვლოდა მერიემს. ამან ერთიანად დააბნია ბიჭი. გაჩუმდა და დარჩენილი სალექციო დროის განმავლობაში სიტყვაც აღარ დასცდენია. უბრალოდ გოგოსკენ მიიწია იმდენად, რომ მხრით შეხებოდა. მერიემი ადგილიდან არ დაძრულა. ვერც აღიქვა ვაჟის სიახლოვე. გაბრიელი მიხვდა, რომ რაღაც მოხდა. ერთმანეთი, პრაქტიკულად, არც არასდროს გაუცნიათ. გაბრიელი უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარულ ბიჭებს შორის ერთერთი იყო. წელში ოდნავ მოხრილი, თავზე სათვალეწამოკოსებული დადიოდა ხოლმე ეზოში თავის რამდენიმე მეგობართან ერთად. ამ მეგობრების რაოდენობა მერიემმა და მისმა ძველმა, თითქმის საუკეთესო მეგობარმა ვერადავერ დაადგინეს. თუმცა ზოგიერთი მაინც გამორჩეულად უყვარდა ჟორჟოლიანს და ამას მისი სოციალური გვერდის გადაქექვის მერე მიხვდნენ. მერიემს გაბრიელი თავიდანვე არ მოსწონებია. თეკლამ აიძულა , ბიჭი შეემჩნია და მერე უკვე იმდენად ხშირად ხედავდა, რომ რაღაცნაირ ნაცნობებად იქცნენ. მერიემი ამჩნევდა, რომ თავის მეგობარს მართლა მოსწონდა ბიჭი, მაგრამ თეკლა ამაში თავსაც არ უტყდებოდა და ერთი წამითაც არ უფიქრია, რომ თავადაც შეიძლებოდა მისდამი რამე ეგრძნო. გოგონები ბევრს იცინოდნენ ხოლმე გაბრიელსა და მის მეგობრებზე, რომლებიც აბსოლუტურად ყველგან ხვდებოდნენ: უნის შენობის წინ, ეზოს ნებისმიერ კუთხეში, მიწისქვეშა გადასასვლელთან თუ ავტობუსის გაჩერებასთან. ლამის პარანოია დაემართათ გოგონებს. უკვე ყველგან ისინი ეჩვენებოდათ. ბიჭები თითქმის ყოველთვის ესროდნენ ხოლმე მრავალმნიშვნელოვან მზერებს. მერიემი თეკლას ეუბნებოდა, ცოტა ხანში ავდგები და მივესალმებიო. მერე ერთ დღეს მეგობართან ერთად ლექციის გაცდენა დააპირა. თეკლა შეიპარა აუდიტორიაში, რომ როგორმე დასწრების ქულა ორივესთვის აღერიცხა. მერიემი მის მოლოდინში ეზოში დასეირნობდა და ისიც დაინახა. გაბრიელმა ნელი ნაბიჯით ჩაუარა. ეზოს მოზრდილი ნაწილი ისე გადაჭრა, გოგოსთვის თვალი არ მოუშორებია. მერიემი პირველად აღმოჩნდა ბიჭთან ასე ახლოს და მის თაფლისფერ თვალებშიც პირველად ჩაიკარგა. გონს მაშინ მოეგო, როცა თეკლა დაბრუნდა და მიხვდა, თავი შეირცხვინა ბიჭთან. მეგობარს ესეც უამბო. თეკლა დასცინოდა. მეგობარი... ახლა გაბრიელი მის მხარს მხრით ოდნავ ეხებოდა. მერიემი კი მხოლოდდამხოლოდ იმ უცნობ ფულის გამომძალველზე ახერხებდა ფიქრს. ლექტორის ხმაც ისე ესმოდა, თითქოს მეზობელ ოთახში საუბრობდა ქალი. ბოლოსდაბოლოს, ზარიც დაირეკა. მერიემმა ჩანთას ხელი სტაცა და კიბეზე დაეშვა. შენობის კარი გააღო, აქეთ-იქით მიმოიხედა და სირბილით აპირებდა მისვლას გაჩერებამდე, რომ ისევ ჩააფრინდნენ მკლავში. დაფეთებულმა თავი ვეღარ მოთოკა და ხმადაბლა შეჰკივლა. მისი შეშინებული თვალები გაბრიელის გაოცებულ თაფლისფერებს შეხვდა და მყისიერად დამშვიდდა. ბიჭმა ხელი შეუშვა: _ რა გჭირს, მერიემ?_ პირველად მიმართა სახელით. _ არაფერი, მეჩქარება. _ ეგ მეც შევამჩნიე. _ ჰოდა, წავალ _მერიემ, რა გჭირს-მეთქი?_ ხმა გაუმკაცრდა ბიჭს. გოგომ ვერც გაიგო, საუბარი რით დაიწყო. მთელი გრძნობით ყვებოდა, როგორ შეხვდა იმ საშინელ კაცს და როგორ დაუსხლტა ხელიდან. თითქმის ათი წუთის განმავლობაში ლაპარაკობდა. მონოლოგის ბოლოს კიდევ ერთხელ თვალი გადაავლო მომხდარს და გააჟრჟოლა. ახლაღა მიხვდა იმასაც, რომ მხოლოდ თხელი კოფთა ეცვა და საკმაოდ ძლიერად უბერავდა ქარი. იმასაც მიხვდა, რომ თითქმის უცნობ ბიჭთან ზედმეტად ბევრი ილაპარაკა. გაბრიელს ერთხელაც არ შეუწყვეტინებია. ერთდროულად დაღლილობა და შვება იგრძნო. ის მას არ უყურებდა. თითქოს არც უსმენდა. ერთხანს დუმილი ჩამოწვა. მერე სიჩუმე ისევ ბიჭმა დაარღვია. აბუზულ გოგოს დახედა, ტყავის ქურთუკი გაიძრო, სწრაფად მოახურა და უწინდელ დისტანციაზე დაბრუნდა. _ წამო, უნდა გაგაცილო. მერიემმა ქურთუკის გახდა დააპირა. _ შეგცივდება, საჭირო არაა, მართლა, აღარ მეშინია. _ მე კი არ გკითხე, ვთქვი უნდა გაგაცილო-მეთქი. ბიჭის სერიოზულობამ მერიემი ისე დააბნია, ჩვეული შეპასუხების სურვილიც კი გაუქრა, ამის აღარც თავი ჰქონდა და გაჩერებისკენ დაიძრა. უკვე ბინდდებოდა. ცოტა ხალხი იყო და ავტობუსში გვერდიგვერდ დასხდნენ. გაბრიელმა არ მოისვენა და ზუსტად მერიემის სახლის კართან დაშორდნენ. გოგომ ქურთუკი მიაწოდა, მადლობა გადაუხადა და გაუღიმა. ბიჭი ასეთი სერიოზული არასოდეს ენახა. წასვლამდე ხელის ზურგი ჩამოუსვა ლოყაზე გოგოს და მისი ეზოდან გავიდა. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მერიემი უნივერსიტეტის ეზოში სეირნობისგან თავს იკავებდა. პირდაპირ ლექციების მოსასმენად შედიოდა და შუალედებს ხალმხრავალ ადგილებში ატარებდა ხოლმე. თანდათან ის ინციდენტი სულ მიავიწყდა. დროდადრო კურსელების გარემოცვაში ძველ მეგობარსაც მოჰკრავდა ხოლმე თვალს. თეკლა სულ თავს არიდებდა. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ზედაც აღარ უყურებდა . მერიემი მიეჩვია ამას, მაგრამ ხანდახან გულში მაინც რაღაც მწარედ გაჰწიწკნიდა ხოლმე. ზოგადად მისი ურთიერთობა კურსელებთან ჯგუფური საპრეზენტაციო სამუშაოებით იწყებოდა და მთავრდებოდა. ყველასთან ნორმალურად ურთიერთობდა, მაგრამ ახლოს არავისთან იყო და ეს უწინდელივით აღარც აწუხებდა, სანამ თეკლა ჰყავდა გვერდით. მერე კი, მასთანაც ყველაფერი აირია... ძველ ამბებზე ფიქრში და იმის გამოც, რომ უნდოდა კურსელების მზერის არეალს მოშორებოდა, ვერც შეამჩნია, ისე გაეშურა ისევ ეზოს სიღრმისკენ. საყვარელი მინდორი კვლავაც თავისუფალი დახვდა. ერთი კი შეყოყმანდა, მაგრამ მერე სწრაფად ჩამოჯდა ბალახზე. მიწა შემოდგომის მზით შემთბარიყო. მზემ გოგოს წაბლისფერ თმაშიც შეაღწია და აუფერადა. თვალები დახუჭა და სახე მიუშვირა მნათობს. მოეწონა, რომ შიში დაძლია. საღამოს სახლში მისულმა პირდაპირ აბაზანას მიაშურა. მარტო ცხოვრების ერთერთი უპირატესობა სწორედ ეს იყო: შეეძლო იმდენი დრო გაეტარებინა აბაზანაში, რამდენიც სურდა. მერე ელ-ფოსტა შეამოწმა. არცერთი დამსაქმებელი არ შეხმიანებია, არადა რეზიუმე ბევრგან გაგზავნა წინა კვირას. ღრმად ამოიოხრა და თითები შემოაჭდო ცხელი ყავის ფინჯანს. დიდი ხანია, დაავიწყდა, სოციალურ ქსელში ერთდროულად რამდენიმე მეგობარს რომ სწერდა ხოლმე, სამზარეულოში დედა ფუსფუსებდა და ყოველთვის სასიამოვნო სუნი იდგა, ლექციების მერე დაღლილი რომ ბრუნდებოდა ხოლმე. ყველაფერი შეიცვალა. ექვსი თვის წინ დედა საფრანგეთში გაემგზავრა. ოჯახის ახლობლის რეკომენდაციით ერთერთ ოჯახში აღმზრდელად მოეწყო და შვილთან საუბარს კვირაში ერთხელ ძლივს ახერხებდა უდროობის გამო. ამ ყველაფრის გახსენებამ მერიემს ხასიათი გაუფუჭა და... ძალიან მოანდომა შოკოლადი. სახლთან ახლოს სუპერმარკეტი ეგულებოდა. ფართხუნა ქურთუკში გაეხვია, თავზეც კაპიუშონი წამოიმხო და მუსიკის თანხლებით ჩაირბინა კიბეები. გარეთ საკმაოდ ციოდა. მხრებში მოხრილი მაღაზიაში სწრაფად შევარდა. იქ დამხვდარი სითბო ესიამოვნა. სწრაფად მონახა სასურველი ტკბილეული და სალაროსთან რიგში ჩადგა. რიგი საკმაოდ სწრაფად მიიწევდა წინ. ყელი სუპერმარკეტიდან გამოსვლისთანავე ჩაიკოკლოზინა და შედგა. მის წინ ის აჯაჯული უცნობი იდგა და ჭროღა თვალებით ცივად უყურებდა გოგოს. იმის მაგივრად უკან მაღაზიაში შევარდნილიყო და დახმარება ეთხოვა, შეშლილივით გაიქცა სახლისაკენ, კიბეები ერთი ამოსუნთქვით აირბინა და კარი სამივე საკეტით ჩარაზა. ერთხანს შემოსასვლელში იდგა. მუხლები უკანკალებდა და ჟანგბადი აღარ ჰყოფნიდა. იმავე საღამოს სოციალურ ქსელში გაბრიელ ჟორჟოლიანისგან მეგობრობის თხოვნა მოუვიდა. დათანხმების მერე ბიჭმა მოიკითხა, მაგრამ მერიემს იმ კაცზე სიტყვა აღარ დასცდენია. დაძინებამდე კარის საკეტი კიდევ ერთხელ შეამოწმა და საბანში ჩაძვრა. ასე ღრმა ბავშვობაში, სოფელში გატარებული ერთერთი ზაფხულის მერე აღარაფრისა შეშინებია. მაშინ მეგობრებმა ,,გაუჩალიჩეს“, ერთ მიტოვებულ სახლში შეიტყუეს და თეთრ ზეწრებში გახვეულები გამოეკიდნენ. შიშისგან გოგომ ნაბიჯიც კი ვერ დაძრა. მაშინ მხოლოდ სამი წლისა იყო. ამის გამო მის მეგობრებს გვარიანად მოხვდათ იმ საღამოსვე. ახლა ამაზე გაეღიმა მერიემს და ვერც მიხვდა, როდის ჩასთვლიმა. შუაღამისას უცნაურმა ხმაურმა გამოაღვიძა. თითქოს რაღაც დაიმსხვრა. გულგამსკდარმა სინათლის ანთებაც ვერ გაბედა. ფეხაკრეფით წამოდგა საწოლიდან. მობილურს ხელი სტაცა და საძინებლის მიხურული კარი სულ ოდნავ გამოხსნა, რომ სასტუმრო ოთახში გაეხედა. ფანჯარასთან შავ, წელში მოხრილ ჩრდილს მოჰკრა თვალი. რომ არ ეკივლა, პირზე ხელი აიფარა. ბინიდან რომ გასულიყო, ის ოთახი უნდა გადაეჭრა, სადაც ის ვიღაც იდგა. საძინებელი შიგნიდან არ იკეტებოდა. აბაზანაში შევარდა და კარი გადაკეტა. მერე პატარა კომოდი და ერთი სკამი მიაჩოჩა და ისინიც კარს მიაყრდნო. პოლიციაში დარეკა და დახმარება ითხოვა. მერე კი... გაბრიელთანაც გააგზავნა ალალბედზე შეტყობინება: ,,ჩემს სახლში ვიღაც შემოიპარა.“ ბიჭი ერთადერთი იყო, ვისთვისაც ამის მიწერა შეეძლო. საფრანგეთში მყოფ დედას ყოველი შემთხვევისთვის დაუმესიჯა, ძალიან მიყვარხარო და მაშინვე საკუთარ თავზე გაბრაზდა, ეს ვიღაც ვერ მოერეოდა, თავს აუცილებლად დაიცავდა. აბაზანის კარსაც მთელი ძალით დაეჯახა რაღაც. მერიემს ნერვებმა უმტყუნა და დაიყვირა. კარზე ისევ ატყდა ბრახუნი. გოგო კომოდს ეცა და მაკრატელი მონახა. მოიმარჯვა და დაელოდა, როდის შემოაღწევდნენ. დიდხანს მოცდა არც მოუწია.საკეტის მსხვრევის ხმა გაისმა, მერე კარს მოაწვნენ და უცნობი ნაცნობი, მოწყალების მთხოვნელი თუ მერიემის კინაღამ გამტაცებელი მის წინ აღმოჩნდა. კაცი მხრებში აღარ იხრებოდა და ავად იღიმებოდა. ხელში დანა ეჭირა. მერიემმა შეამჩნია, რომ ამჯერად კაცს საკმაოდ კარგად ეცვა. კატასავით ისკუპა და გოგოს მაკრატელი ერთბაშად დააგდებინა. მოიქნია და მთელი ტანით მიაჯახა სარკეს. პოლიცია არ ჩანდა. გარეუბანში ასე მალე ფიზიკურად ვერ მივიდოდნენ. ნამსხვრევებმა შიშველი ტერფები და იდაყვი გაუჭრა გოგოს. დაიკვნესა და ტკივილისგან გამწარებულმა უცნობს სახე მთელი ძალით ჩამოფხოჭნა, მერე დანაზე ხელი აუკრა და ისიც სადღაც გადავარდა. მერიემი აბაზანიდან გამოიქცა. ფეხი ისე სტკიოდა, სიარულს ძლივსღა ახერხებდა, მაგრამ სამზარეულოსკენ გარბოდა. გზაში უნებურად შეხედა შემოსასვლელ კარს. სამივე საკეტი გაეტეხა ნაძირალას. ის ის იყო ბართან მიაღწია და პურის საჭრელ დანას უნდა მისწვდენოდა, რომ კაცმა თმაში მოქაჩა და უკან მოისროლა. გოგო კედელს შეასკდა და უღონოდ ჩაცურდა იატაკისკენ. _ რას მერჩი, რა გინდა?_ ამოიკვნესა. _ ეგ დედაშენს უნდა ჰკითხო,_ გამარჯვებულის ღიმილით უახლოვდებოდა კაცი._ უი, გამახსენდა, რომ ვერაფერს ვეღარ ჰკითხავ, მაგრამ ნუ ღელავ, აუცილებლად შევატყობინებ, რომ მე მოგკალი._ შეშლილივით ახარხარდა და გოგოს ყელში სწვდა. ზემოთ ასწია. მერიემს თვალები გაუფართოვდა. პირს ფართოდ აღებდა ჰაერის ჩასასუნთქად, მაგრამ იგუდებოდა. უცბად კაცმა ისევ ძირს დააგდო. გოგომ იგრძნო, რომ რომელიღაც ძვალი გაუტყდა. კაცი თითქოს ფიქრობდა. მერიემმა კიდევ ერთხელ დაიყვირა. სახლს სქელი კედლები ჰქონდა. მეზობლებიც არცთუ ისე ახლოს ცხოვრობდნენ. უკანასკნელად სცადა თავის შველა და გასასვლელისკენ გახოხდა. უცნობმა თმაში სტაცა ხელი და აივნისკენ გაათრია. გოგოს სული შეუგუბდა ტკივილისგან. არა, გონებას მაინც რატომ არ კარგავდა? ასეთ სცენებში ფილმებში ხომ სულ ვიღაც იხსნის ხოლმე პერსონაჟებს, ასეთი უბადრუკი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო? ჯანდაბა, რაებზე ფიქრობდა. ბრძოლით დაიღალა. კაცმა მოაჯირამდე მიათრია. მეორე სართულზე იყვნენ, მაგრამ გოგოს აივანი ერთი ღარტაფის თავზე იყო პირდაპირ მოქცეული. კლდოვანი, დამრეცი ფერდობი ჩადიოდა ტრასამდე. იქ დაგორების შემდეგ, როგორც მინიმუმ, სიარულის უნარი სამუდამოდ წაერთმეოდა ადამიანს. _ სიამოვნებით მოგიყვებოდი, წლების წინ დედაშენმა როგორ გამამწარა, მაგრამ არ მინდა, პოლიციას აქ დავხვდე. აქედან გადაგიშვებ და ყველას ეგონება, რომ მარტოხელა, თინეიჯერულად, სუიციდით ჩაძაღლდი. შენ არაფერ შუაში ხარ, მაგრამ შური უნდა ვიძიო, ბოდიში. ეს თქვა და გოგოს ოდნავ უბიძგა. მერიემი ტანით ნახევრად აღმოჩნდა აივნიდან გადაკიდებული. უცბად ვიღაც ეცა კაცს და აივნის იატაკზე დასცა. გოგომ დასუსტებული სხეული ვეღარ მომართა და მოაჯირიდან ფერდობისკენ გადაყირავდა. ვიღაც აყვირდა, არაო. მერიემი სასწაულებრივად ჩაეჭიდა მოაჯირს ცალი ხელით. ასე იოლად არ უნდოდა სიცოცხლესთან დამშვიდობება. აივანზე ვიღაცები ძიძგილაობდნენ. გოგოს თავის ზემოთ აწევაც კი აღარ შეეძლო. ცოტაც და გაოფლიანებული ხელი გაეშვებოდა, მაგრამ მძლავრად მოუჭირეს მაჯაზე. მთელი ძალით აქაჩეს მაღლა. მერე წელზეც იგრძნო ვიღაცის მკლავების ძალა და ფეხი აივანზე მყარად რომ დაადგმევინეს, გადამრჩენელსაც შეხედა. გაბრიელი შეშფოთებული უყურებდა და თან სიხარულისგან თვალები ღიმილით მოჭუტვოდა: _ მოგისწარი..._ ჩასჩურჩულა გოგოს და წელზე ოდნავ უფრო მოუჭირა ხელები. მერიემმა თვალებით გაუღიმა და გულწასული ჩაესვენა მის მკლავებში. პოლიციის სირენების ხმა მხოლოდ ახლაღა გაისმა. ის არამზადა კი ბინიდან გაპარულიყო. მერიემი საავადმყოფოში წაიყვანეს. თითქმის ერთდღიანი უწყვეტი ძილის შემდეგ დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს როგორც იქნა რომ დააშორა, თავის საწოლზე თავჩამოდებული ბიჭი პირველი იყო, რაც დაინახა. გაბრიელს ეძინა და ის სახე, ათობით ( იქნებ მეტი) გოგოს გულის ასაჩქარებლად რომ ესოდენ ხშირად იყენებდა, ერთიანად ბავშვური გახდომოდა. მერიემმა ღმერთს მადლობა შესწირა გადარჩენისთვის და უცნაური სადენებისგან შედარებით თავისუფალი ხელი ფრთხილად შეაცურა ბიჭის წამოზრდილ, რბილ თმაში. სიმშვიდე ერთბაშად მოედო მის სხეულს: ვინ იცის, ამაზე რამდენჯერ უოცნებია. იმ ერთი კვირის განმავლობაში, სანამ მერიემი საავადმყოფოში მკურნალობდა, გაბრიელი ყოველდღე აკითხავდა. ბევრი ფიქრის შემდეგ გოგონამ გადაწყვიტა, რომ დედისთვის არაფრის მოყოლა არ ღირდა. ბიჭი კი აიძულებდა, ეამბა მისთვის. _ უნდა მოუყვე, ის ტიპი შეიძლება ისევ დაბრუნდეს, მოსაკლავად გიმეტებდა, სულელო! _ პაწაწინა პალატაში დიდი ნაბიჯებით სცემდა ბოლთას გაბრიელი. მერიემი ყოველდღე ისმენდა მსგავს წინადადებებს და მობეზრდა. _ წადი, გაბრიელ, სახლში და დაისვენე, ჩემს თავს მოვუვლი, ნუ დარდობ! _ კი, კარგად უვლი თავს, სულ ცოტაც რომ დამეგვიანა..._ არა და არ ცხრებოდა ბიჭი. _ მადლობელი ვარ,მაგრამ... _ რა მაგრამ, მერიემ, პოლიციამ ვერც კი იპოვა ის ტიპი, იმ სახლში მარტო როგორ გააგრძელებ ცხოვრებას, აუცილებლად უნდა გაარკვიო... _ შეწყვიტე!_ უცბად დაუყვირა გოგომ. გაბრიელი შედგა_ გასაგებია, რომ შენ გადამარჩინე და მე მადლიერი ვარ ამის გამო, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი გადაწყვეტილება და შენ არავინ გეკითხება. წადი და მიხედე კუდში რომ დაგდევენ იმ შენს თაყვანისმცემლებს და მე შემეშვი, კარგი? არ გიხდება მზრუნველი ბიჭის როლი. დიდხანს მაინც ვერ გაქაჩავ. ჟორჟოლიანი აშკარად შოკში ჩააგდო საავადმყოფოს სადენებში გახლართული ნეკნებდალეწილი თმააჩეჩილი გოგოს უმადურებით აღსავსე ტირადამ. ამ დროს ხმაურით შეშფოთებული ექთანიც შემოვარდა. ბიჭმა ერთი წინადადება ესროლა და ოთახიდან შურდულივით გავარდა. მერიემს ეს წინადადება თავში ექოსავით უტრიალებდა მას მერე, რაც ექთანიც გავიდა და ოთახში მარტო დარჩა: ,,ინანებ შენ ამას...“ როგორც შეეძლო ისე გადაბრუნდა საწოლში, ცრემლები მოიწმინდა და აჩურჩულდა: ,,ვიცი, რომ ვინანებ. უნდა ვინანო, ღირსი ვარ.“ მერიემი საავადმყოფოდან მალევე გამოწერეს. თავს სუსტად გრძნობდა და უნივერსიტეტში არ მიდიოდა. გაბრიელი არ ჩანდა. სოციალურ ქსელში მწვანედ ,,ციმციმებდა”, მაგრამ გოგონას არ სწერდა. რამდენჯერმე გახსნა მიმოწერის ფანჯარა და თითებიც წაიღო კლავიატურისკენ, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რა უნდა ეთქვა მისთვის. ძალიან აწყენინა. მან გადაარჩინა, მის გამო ღელავდა, თავად კი უკმეხად ელაპარაკა და, ფაქტობრივად, არამკითხე მოამბედაც აგრძნობინა თავი. რამდენიმე დღის შემდეგ ეცადა, თავი იმით დაემშვიდებინა, რომ უბრალოდ კიდევ ერთი ნგრევისთვის განწირული ურთიერთობა აიცილა თავიდან. ალტერეგო სისინით პასუხობდა, შენ რა იციო, მაგრამ მერიემი მთელი არსებით ახშობდა მის ხმას. ვერ გადაწყვიტა, დედასთვის მოეყოლა თუ არა, რაც გადახდა. საბოლოოდ დააპირა, იმ კაცის ვინაობა პირდაპირ პოლიციის დახმარებით გაერკვია. არ უნდოდა, მისი კეთილდღეობისთვის საზღვარგარეთ გადახვეწილ დედას ახლა მის უსაფრთხოებაზედაც ენერვიულა. პოლიციას ჩვენება მისცა და შინ შედარებით გულდამშვიდებული დაბრუნდა. არ უნდოდა, საქმეში გაბრიელიც გაერია და არ მოუყოლია, რომ მან გადაარჩინა. ეს ბიჭი როგორმე საერთოდაც უნდა ამოეგდო თავიდან. უნივერსიტეტში შესვლისთანავე ძველი მეგობრის ზიზღით სავსე თვალებს შეეჩეხა. ამას შეეგუა, მაგრამ იმ დღეს განსაკუთრებით დაითრგუნა. თავი საპირფარეშოს შეაფარა, გაჭირვებით გადაყლაპა წყვილი ცრემლი და სარკეში საკუთარ თავს თვალი გაუსწორა. ,,შენ ძლიერი გოგო ხარ, მერიემ, ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი რიგზეა, მართლა...” _ იმშვიდებდა თავს ფიქრებში. ყველაზე უარესი წინ ელოდა. ლექციას უნდა დასწრებოდა და გაბრიელიც ენახა. აუდიტორიაში შევიდა და ამოჩემებული ადგილი დაიკავა. შეფარვით ათვალიერებდა ხალხს ირგვლივ. ის არსად ჩანდა. ლექცია დაიწყო. სცადა, ყურადღება მოეკრიბა და ლექტორის მიერ გადმოცემული ინფორმაციის გარდა აღარაფერზე ეფიქრა. ის ის იყო, გამოუვიდა კიდეც, რომ კარი ხმაურით გაიღო და გაბრიელი და თეკლა სიცილით შემოვიდნენ ოთახში. იგრძნო, ჯერ როგორ დასცხა და მერე აკანკალდა. მაგიდაზე დადებულ ბლოკნოტს ისე ჩააფრინდა, თითები გაუთეთრდა. წყვილი მის წინ, მარცხნივ ისე დაჯდა, რომ მთელი ლექციის განმავლობაში მათთვის უნდა ეყურებინა. ,,შენც ეს არ გინდოდა, მერიემ? შეგეშვა, რა მნიშვნელობა აქვს თეკლაა გვერდით თუ სხვა...”, ,,ჯანდაბა, ტიპური მექალთანეა, რომ გეკითხათ, ჩემზე ღელავდა..”, ,,შეწყვიტე, თვითონ გაუშვი მანამდე, სანამ რამეს დაიწყებდით...”_ თავში ფიქრები სკაში გამომწყვდეული ფუტკრებივით უფუთფუთებდა. ლექციის განმავლობაში გაბრიელს ერთხელაც არ მოუხედავს მისკენ, დროდადრო თეკლას ელაპარაკებოდა. გოგოც თვალებში შესციცინებდა. დასრულდა თუ არა, გაძლებაზე მყოფი მერიემი სწრაფად გაძვრა კურსელებს შორის და კარს მთელი ძალით მიაწვა. დერეფანში ისე გარბოდა, თითქოს მისდევდნენ. სემესტრი დასასრულს უახლოვდებოდა. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და მერიემიც შეეგუა იმ ორის ერთად დანახვას. თუმცა ვერა და ვერ გაიგო, მხოლოდ მეგობრობდნენ, თუ რამე უფრო მეტიც ხდებოდა მათ შორის. ერთ საღამოს, როცა ბოლო ლექციაც დასრულდა და უნივერსიტეტის კარი დაღლილმა, მაგრამ კმაყოფილმა გამოაღო, მისი თვალები პირდაპირ გაბრიელისას შეეჩეხა. ადგილს მიეყინა, მერე მალევე მოეგო გონს და გადაწყვიტა, სწრაფად აევლო გვერდი, მაგრამ ხელზე მარწუხებივით მოუჭირეს და იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო. გაბრიელი უტეხად უცქერდა და ხელს არ უშვებდა. მაჯა ასტკივდა და თვითონაც გაგულისებულმა ახედა ბიჭს. რამდენიმე წამის განმავლობაში ასე უყურებდნენ ერთმანეთს. მერე გოგონამ ხელი გამოგლიჯა და ისევ დააპირა წასვლა, მაგრამ მის წინ ასვეტილი ბიჭის სხეულმა შეაჩერა. ახლა უკან დააპირა დახევა, თუმცა გაბრიელის ხელებმა უფრო მაგრად მიიკრა გულზე და მერე მთელი ძალით ჩაეხუტა. საჩხუბრად მომზადებული გოგონა მთლიანად მოდუნდა. სხეული აღარ ემორჩილებოდა. ბიჭი რომ გასცლოდა, უეჭველად დაეცემოდა. ხელები ძირს ჩამოყარა, თვალები დახუჭა და ვერც გაიგო, როგორ ატირდა. ცრემლები დაუპატიჟებლად მოსდიოდა ლოყებზე და ყელისკენ იკვალავდა გზას. ასე იდგნენ ცოტა ხანს. ერთი სიტყვაც არ უთქვამთ. გაბრიელმა ცერა თითები გადაუსვა ტირილისგან აწითლებულ თვალებზე, მხრებზემოხვეული ხელით გაიყვანა ეზოდან და ტაქსი გააჩერა. მერიემი იმდენად დაღლილიყო ემოციებით, რომ მექანიკურად ემორჩილებოდა. ტაქსიში ჩასხდნენ, ბიჭმა მძღოლს სწრაფად უკარნახა გოგოს სახლის მისამართი, მერე მერიემს მიუბრუნდა და გულზე მიიკრა. მან თავი მხარზე ჩამოადო და იგრძნო, გაბრიელი ტუჩებით თმებზე ეფერებოდა. უფრო ახლოს მიჩოჩდა მისკენ და მიხვდა, რომ ბიჭს გაეღიმა. საპასუხოდ წელზე მოხვეული ხელით თვითონაც უფრო მისწია თავისკენ. მალე მერიემმა მისი ჩურჩულიც გაიგონა: _ მაპატიე თავადაც აჩურჩულდა: _ რა გაპატიო? _ რომ დაგიჯერე და წამოვედი... გოგო ცოტა ხანს დუმდა. მერე გაბრიელს მისი ხმა ჩაესმა: _ გპატიობ. ორივეს სიცილი აუტყდა. მერიემმა ბიჭის ტუჩების სითბო ამჯერად შუბლით იგრძნო. ღრმად ამოისუნთქა. თვალს ადევნებდა ლამპიონების სინათლეების მონაცვლეობას. თავშესაფარს დაუბრუნდა. 6 წლის შემდეგ ოთახს მზის სინათლე მკრთალ ოქროსფერს ჰფენდა. აივნის კარი ოდნავ იყო ღია და თეთრ ფარდებს თბილი სიო არხევდა. აივანზე ბიჭი იდგა. მოაჯირს მიყრდნობილი ღრმად ისუნთქავდა ნიკოტინს. თავისუფალ ზედაში გამხდარი, მაგრამ ძლიერი მხრები მოუჩანდა. ბოლო ნაფაზიც დაარტყა და ნამწვი იქვე, ფანჯრის რაფაზე შემოდებულ საფერფლეში ჩააგდო. მსუბუქი ნაბიჯებით დაიძრა ოთახის ცენტრში მდგარი საწოლისკენ. ორ ნაბიჯში გაჩერდა და მძინარეს დააცქერდა. გოგოს წაბლისფერი კულულები თეთრ ზეწარზე აბურდულად ეყარა, მშვიდი გამომეტყველებით მოგზაურობდა მორფევსის სამეფოში. ის კია, საბანი ნახევრად გადაეძრო და აივნიდან დანაბერი დილის ნიავის გამო მობუზული იწვა. ამის შემჩნევისთანავე გამოერკვა ბიჭი და ფრთხილად, მაგრამ სწრაფად მიაფარა საბანი მხრებზე. შემდეგ სამზარეულოში ჩავიდა. ყავა დაისხა, კიბეებს ახედა. ქალს, სავარაუდოდ, ისევ ეძინა. ტელეფონში წინა ღამით მოსული შეტყობინება მოძებნა და კიდევ ერთხელ ჩაიკითხა: ,,დაბრუნდა და წესით ხვალინდელ შეკრებაზეც მოვა, ძმაო. არ მინდოდა, ისე გენახა, რა, ხო ხვდები, მაინც მოგწერე. თაკოსთან ულაპარაკია და ჯერ არ ვიცი, რამდენ ხანს დავრჩებიო..”. ბიჭმა ჰორიზონტს გახედა. ჭიქას ისე ჩააფრინდა, თითები გაუთეთრდა. უცბად კედელს ესროლა. ფინჯანი ნამსხვრევებად იქცა. ბიჭი ადგილიდან არ დაძრულა. ცოტა ხანში ფლოსტების ფრატუნით ჭრელ ხალათში გახვეული ქალი შემოიჭრა სამზარეულოში: _ ხომ მშვიდობა გაქვს, საყვარელო? _ ყველაფერი რიგზეა _ რატომ გატეხე ჭიქა? _ დამივარდა, თეკლა, რატომ უნდა გამეტეხა, რა გჭირს? _ ხვალინდელ შეკრებაზე ვღელავ, კაბა კიდევ ვერ შევარჩიე, არადა მინდა, გოგოები შურით გასკდნენ. შენ ხომ იცი რომელ პერანგს იცვამ? იცოდე, უკვე აგირჩიე და არც გაბედო გადათქმა. _ ვიცი, დამშვიდდი, _ ბიჭი კარისკენ დაიძრა. _ სამსახურში ვაგვიანებ, დროებით. _ არ მაკოცებ, გაბრიელ? ბიჭი ზანტად მობრუნდა. თეკლას ლოყაზე აკოცა და შეცბუნებული ქალი სამზარეულოში დატოვა. ქურთუკი მოიცვა და აუჩქარებლად გავიდა სახლიდან რაღაცაზე ღრმად ჩაფიქრებული. 6 წლის წინ _ გაბრიელ, გეყოფა, დავიხრჩობი, გაბრიეეელ, გავიყინე, გთხოოვ, _ სიცილით უყვიროდა თოვლიდან ლოყებაწითლებული მერიემი ბიჭს. ის კი მაინც ესროდა გუნდებს და წამოდგომის საშუალებას არ აძლევდა. _ გაბრიელ-მეთქიი, _ უკვე ბრაზდებოდა გოგო. _ შემცივდა, _ ჩაიბურტყუნა ბოლოს, რომ ვეღარაფერს გახდა ეშხში შესულ გაბრიელთან. ამან ბიჭი გამოაფხიზლა. უცბად დასწვდა ძირს დაგდებულს, რომელიც ცალკე ,,ბრძოლით” დაღლილი და ცალკე უზარმაზარი ქურთუკით დამძიმებული ვეღარ ინძრეოდა, მხარზე მოიგდო და თითქმის სირბილით გააქანა სახლისკენ. _ მოიცა, მერიკო, გასაღებს ვიპოვი უცბად, _ ჩამოსვა კართან და ჯიბეებში ქექვას მოჰყვა. უცბად კისერში რაღაც მძიმე და ცივი მოხვდა. მალევე კისკისი მოესმა. _ იეეეს, ათიანში მოვარტყი, _ ჰაერში რამდენჯერმე ახტა მერიემი, მერე შედგა, საჩვენებელი თითი აღმართა, _ რამდენჯერ გითხარი, მერიკოს ნუ მეძახი-თქო, ღირსი ხარ! _ კიდევ ერთხელ გადაიხარხარა. გაბრიელი მდუმარედ იდგა და გვერდულად უცქერდა. _ ასე, არა? კარგი, პატარავ, თავს დააბრალე, _ მშვიდად უთხრა და მისკენ დაიძრა. მერიემმა უკან დაიხია. _ არა, არაა, მოიცა, თასმას შევიკრავ, მოიცა ერთ წამს. _ ბიჭის შეჩერება და მერიემის გაქცევაც ერთი იყო. თან შეშლილივით იცინოდა. _ გაიძვერა გოგო ხარ, _ თავი გადააქნია გაბრიელმა, სამ ნაბიჯში წამოეწია, ხელში აიტაცა და ნამქერში მასთან ერთად გადაეშვა. მერიემმა თოვლის კიდევ რამდენიმე ულუფაც ,,მიირთვა” და მხოლოდ ამის მერე წავიდნენ შინ. ამჯერად ანცობის თავი აღარ ჰქონდა. გაბრიელმა საიდანღაც პლედი გამოაძვრინა. გოგოს მოახურა, თვითონაც შიგნით გაეხვია. ცხელ შოკოლადს წრუპავდნენ და უყურებდნენ, როგორ ეშვებოდა სქელი და მსუბუქი ფანტელები დინჯად დედამიწაზე. მერიემმა იგრძნო ყურის ძირას კოცნა. მალე კი სანუკვარმა ხმამ პირველად უთხრა ის, რასაც დიდ ხანს ელოდა: _ მიყვარხარ, მერიემ, ვერ გავძლებ უშენოდ. გოგოს არ უპასუხია, მისკენ შებრუნდა და მაგრად მოეხვია. თავადაც ეშინოდა, ოდესმე ეს ყველაფერი არ დასრულებულიყო. 6 წლის შემდეგ _ ძვირფასო, ჰალსტუხი რატომ არ გაიკეთე, დაგავიწყდა? _ ხომ იცი, რომ არ მიყვარს ჰალსტუხი. _ რა გემართება, გაბრიელ, ბოლოს როდის გამიღიმე, აღარ მახსოვს, რამე გაწყენინე? _ მოიბუზა მანქანის სავარძელზე თეკლა. _ არა, უბრალოდ დაღლილი ვარ, თეკო, ბოდიში, _ შუბლზე აკოცა გოგოს, _ გადავიდეთ. თეკლამ გაუღიმა, ხელკავი გამოსდო და დარბაზში შევიდნენ. კურსელები უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პირველად ხვდებოდნენ ერთმანეთს. გაბრიელი აქეთ-იქით იყურებოდა და ცდილობდა ეს გვერდით მიმავალს არ შეემჩნია. წვეულება ეშხში შედიოდა. ერთმანეთი მონატრებოდათ მეგობრებს. გაბრიელი თანდათან დამშვიდდა. ,,არ მოვა... ასე აჯობებს, ალბათ... არ მოდის...”, _ მაინც გამალებით ეფიქრებოდა მასზე. გაახსენდა მათი ბოლო დიალოგი ,,სკაიპში”: _ დედაჩემია, გაბრიელ, როგორ უნდა წამოვიდე ახლა? _ უკვე კარგადაა, შეწყვიტე გაზვიადება, მერიემ, წამოსვლა არ გინდა უბრალოდ, გუშინ ველაპარაკე დედაშენს. _ რა ქენი? _ გირეკავდი და მან გამაგონა. მითხრა, რომ კარგადაა და ისიც, რომ საბუთები მანდეთ გადაგიტანია. ეს როგორ დამიმალე? _ გაბრიელ... _ ჩემთან დაბრუნება აღარ გინდა... _ ასე არაა, გაბრიელ, მისმინე _ როდის ჩამოხვალ? _ არ ვიცი, უბრალოდ... _ ჩამოხვალ? _ გაბრიელ... _ აღარ შეგაწუხებ. ბედნიერებას გისურვებ... _ გაბრიელ, არ გათიშო, გაბრიელ... კონტაქტი გაწყდა. გაბრიელს კარგად ახსოვდა მერიემის დაბნეული და შეწუხებული გამომეტყველება. კიდევ რომ გაეგრძელებინათ, მის მიტოვებას ვეღარ შეძლებდა, შეევედრებოდა, არ დაშორებოდა, თვითონ ჩავიდოდა საფრანგეთში, მაგრამ მოასწრო. მერიემს საქმე გაუადვილა. ახლა ბართან იჯდა და მესამე ჭიქას წრუპავდა. ის საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ არ მოდიოდა. როგორ უნდოდა ენახა და მისთვისაც ისე ეტკინა, როგორც თავად ატკინა წლების წინ. სიამოვნებით დაახრჩობდა. ამის გააზრებამ შეაცბუნა. _ ერთიც დამისხი, მეგობარო! დარბაზის კარი გაიღო. გაბრიელმა მოიხედა. ფერადი შუქების ლიცლიცში მკრთალად გაარჩია სახე. ის იყო… ბიჭს ჭიქა ხელში გაუშეშდა. საფეთქლებზე მტკივნეული სიმძიმე რომ იგრძნო, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ სუნთქვაშეკრული უყურებდა, როგორ მოიკვლევდა წითელკაბიანი ლამაზმანი გზას ადამიანებს შორის. ამ წლებს კიდევ უფრო დაემშვენებინა მერიემი. გაბრიელმა ვერ შეძლო, მასში ის მორცხვი და მშიშარა გოგონა ეპოვა და ამან თან შეაცბუნა, თან კიდევ რაღაც უცნაური გრძნობაც გაუჩინა, რომელსაც სახელს ვერ უძებნიდა. დაბნეული იჯდა და ვერ ხვდებოდა, რა აჯობებდა, მისულიყო და მისალმებოდა თუ, დალოდებოდა, სანამ უბრალოდ მოუწევდა ამის გაკეთება. მერიემი მას ვერ ამჩნევდა, კურსელებს ესაუბრებოდა და იცინოდა. ყოველი მისი გაღიმება გაბრიელს მკერდის სიღრმეში მძიმე დარტყმას აყენებდა. ბოლოს ისღა მოიფიქრა, მოსაწევად აივანზე გასულიყო. ცივი ჰაერი ესიამოვნა. მერიემი ცდილობდა, დაეიგნორებინა მზერა, რომელიც ცეცხლს შორიდანვე უკიდებდა. იცოდა, რომ ბიჭი თეკლასთან ერთად ცხოვრობდა და სულაც არ აპირებდა, მათთვის ცხოვრების არევას. უხაროდა, რომ გოგომ არაფერი იცოდა მათს ისტორიაზე. თეკლას სტუდენტობისდროინდელი წყენა დავიწყებოდა და მხიარულად ეტიტინებოდა მერიემს. _ იცი, როგორ მენატრებოდი? მალევე მივხვდი, რომ უაზროდ ვიბუტებოდი, უბრალოდ ამის აღიარებისა მრცხვენოდა, მერე კი წახვედი და საერთოდ ვეღარ შევძელი შეხმიანება. მერიემს ეს უფრო ამძიმებდა. ამაზე დიდხანს ოცნებობდა, მაგრამ ძველი მეგობრის შემორიგება მაინცდამაინც ახლა და ასე, საერთოდაც არ ჰგვრიდა სიამოვნებას. _ არაუშავს, თეკლა, შენზე ნაწყენი დიდი ხანია, აღარ ვარ, ბავშვური სისულელე იყო, აღარც კი მახსოვს, რაზე ვიჩხუბეთ. _ მიხარია, თუ ეგრეა. ისე, მაშინ რას წარმოვიდგენდით, თუ გაბრიელს შევუყვარდებოდი არა? _ თეკლას ბედნიერმა სიცილმა მერიემს გული დაუსერა, _ ვერასოდეს ვიფიქრებდი, მაგრამ ახლა ისე კარგად ვარ, გამიმართლა... _ კარგია, თეკო, _ მოფერებით მიმართა ძალიან უხეშადაც რომ არ გამოსვლოდა, _ იმედი მაქვს, სულ ასე იქნება. ბოდიში, დამირეკეს და სასწრაფოდ უნდა წავიდე,_ ფეხზე წამოდგა ნაჩქარევად და მაგიდაზე შემოდგმული ღვინის ჭიქა წააქცია. _ ჯანდაბა, დავისვარე. თეკლამ სწრაფად მიაწოდა ხელსახოცი და გულწრფელად შეწუხდა. კაბას ფაცაფუცით იწმენდდა და ამ დროს ნაცნობი ხმაც შემოესმა: _ რა ხდება, საყვარელო? გოგომ თავი ასწია და გაბრიელის მზერას წააწყდა. ბიჭს თეკლასთვის წელზე ხელი შემოეხვია და მერიემს თვალს არ აშორებდა. _ მერიემი ნახე, ძვირფასო? კაბა დაესვარა.. _ ჯერ არ მქონია ეს ბედნიერება, როგორ ბრძანდებით, ქალბატონო მერიემ? ბიჭის ხმა მისი თვალებივით, ყინულივით ცივი იყო. მერიემი ერთ ადგილას მილურსმული ეძებდა სიტყვებს, რომლებითაც კითხვაზე შესაბამისად უპასუხებდა. არ გამოსდიოდა. _ მერიემ, კარგად ხარ? _ თეკლას ხმაში შეშფოთება გამოსჭვიოდა. _ ცოტა თავბრუ მესხმის. წავალ, თუ შეიძლება, ნახვამდის, _ შებრუნდა და გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯით დაიძრა. _ გაბრიელ, გაყევი, გთხოვ, ვერ ხედავ, ცუდადაა, _ თეკლამ თითქმის დაუყვირა ბიჭს, რომელიც ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს. ძალიან ძვირი დაუჯდა წეღანდელი დიალოგი. _ გაბრიელ, არ გესმის? _ კარგი, მალე დავბრუნდები და წაგიყვან. გაბრიელი გარეთ გავარდა. ქალის სილუეტს შორს მოჰკრა თვალი. სწრაფად და ფეხით მიდიოდა. უკან მიჰყვებოდა. შეიძლება ითქვას, გონივრულ დისტანციაზე. მერიემი თითქმის გარბოდა. ტრასიდან მოულოდნელად გადაუხვია და ერთ ქარაფთან შეჩერდა. გაბრიელს ახლოს მისვლა არ უნდოდა, არადა წარმოდგენაც კი ზარავდა. ერთი არასწორი ნაბიჯი და მისი საწამლავი და ბედნიერება, ის, ვის გამოც თავს აიძულებდა, ცხოვრება თუ არა არსებობა მაინც გაეგრძელებინა, უბრალოდ აღარ იქნებოდა. ,,რას აკეთებს, რა ჯანდაბას აკეთებს?” _ ფიქრობდა შეშინებული. ის ის იყო დააპირა, უბრალოდ მივალ და იქიდან გამოვათრევო, რომ გამყინავი ხმაც ჩაესმა. გოგო იდგა და არაადამიანურად გამწარებული კიოდა. ბიჭი შეცბა. მერიემი თითქოს დაიცალა, რომ გაჩუმდა, ერთიანად აკანკალდა და იქვე ჩაჯდა. გაბრიელი თვალს ვერ აშორებდა. ,,ასე ხომ გაიყინება, წავიდეს, რატომ არ მიდის.” ბოლოს ვეღარ მოითმინა. მიუხლოვდა და წამოაყენა. მერიემი შეკრთა, მერე უკან გახტა და გაბრიელის სწრაფი რეაქცია რომ არა, უთუოდ გადავარდებოდა. ექვსი წლის მერე პირველად იდგნენ ასე ახლოს. ერთმანეთის სუნთქვა სახეში სცემდათ და არცერთი აპირებდა ხმის ამოღებას. ბოლოს მერიემმა თავი ასწია და გაბრიელის თვალებს თამამად შეხედა. ამან თითქოს ცეცხლი წაუკიდა ბიჭს. გოგოს წელზე მოხვეული ხელი დაეჭიმა. ეს მანაც იგრძნო და ტკივილიც კი სასიამოვნოდ მოეჩვენა. გაბრიელმა მარტივად გამოსწია გოგო თავისკენ და ხელი გაუშვა. _ ყოველთვის ვერ გადაგარჩენ!_ ბიჭის ხმაში საოცარი სიცივე ისმოდა. მერიემი თითქოს დაპატარავდა. გაბრიელს ჩაუარა და გზისკენ დაიძრა. ,,ნეტავ, რით აპირებს სახლში წასვლას. აქ ხომ ტაქსები არ დადიან.“ _ ბრაზობდა ბიჭი გულში. მერიემი მშვიდად მიიწევდა წინ. ისევ გაბრიელმა ვეღარ მოითმინა: _ წამოდი, თეკლას წამოვიყვან და სახლში გაგიყვანთ. _ საჭირო არაა, გმადლობ. _ აქედან რით უნდა წახვიდე, შუაღამეა. _ არ მინდა-მეთქი, გმადლობ, _ გოგო ზედაც არ უყურებდა. გაბრიელი გაბრაზდა. ამ გოგომ წლების წინ უსინდისოდ მიატოვა, ახლა ისევ ის იყო, ვინც მისდევდა და მისი ყურადღების მიპყრობას ცდილობდა. მოთმინების ფიალა აევსო. _ ადრინდელივით ჯიუტი ხარ! მაინცდამაინც ახალ ხიფათს უნდა გადაეყარო? მერიემი უცბად შედგა და თითქმის უყვირა: _ შენ რა გაღელვებს? იქნებ ზუსტად ეგ მინდა? რატომ მომყვები, მიხედე მეუღლეს, გელოდება. _ თეკლა ჩემი ცოლი არაა, _ გაბრიელი თავადაც შეაცბუნა ამ ახსნა-განმარტებამ და ეცადა, ნათქვამი გამოესწორებინა._ ასეც რომ იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, ტყე-ღრეში ვართ და მარტო მიდიხარ, წეღან კინაღამ კლდიდან გადავარდი. _ არსადაც არ გადავვარდი, უბრალოდ უარყოფითი ემოციებისგან დაცლა მინდოდა. _ რამ დაგიგროვა ამდენი უარყოფითი ემოცია?_ ირონიული ტონით ჩაეკითხა ბიჭი, _ ფრანგული კრუასანები, წესით, განწყობას უნდა ამაღლებდეს. _ რა გინდა, გაბრიელ? _ შენგან? არაფერი აღარ მინდა. კაცი ვარ და არ მინდა, ავდგე და წავიდე და აქ მარტო დაგტოვო, მაგრამ ამას არაფრად აგდებ. _ წადი! ბიჭი გაბრაზდა. მერამდენედ გადააბიჯა თავმოყვარეობას. _ როგორც გენებოს! _ სრულიად დამშვიდებული ხმით აიჩეჩა მხრები და საპირისპირო მხარეს გაუყვა გზას. მაინც ვერ მოითმინა და უკან გაიხედა. გოგონა ხელით მიათრევდა ქუსლიან ფეხსაცმელებს და გზას უსაშველოდ დაღლილი ადამიანის ნაბიჯებით მიუყვებოდა. ასეთი მერიემი არ ახსოვდა. დღეს დარბაზში რომ შემოანათა, საერთოდ ვერ შეატყო, თუ ასე იტანჯებოდა. ვერც იმას მიხვდა, რატომ იყო ასე. მის გამო? ,,არა, გაბრიელ, თავის უაზროდ დამშვიდებას ნუ შეეცდები. გონებიდან უნდა ამოიგდო, გაიხსენე, რად დაგიჯდა მისი დავიწყება... ჯანდაბა, არასოდეს დამვიწყებია, როგორ დავივიწყებდი. ვერასოდეს დავივიწყებ. ამის... ჯანდაბა...“ ბიჭი მობრუნდა, ჩქარი ნაბიჯებით დაფარა მანძილი და ისევ უკან გაჰყვა მერიემს. ამჯერად, საერთოდ არ მიახლოებია. მალე გოგო გაჩერდა, გაბრიელიც შედგა მოშორებით. ლამპიონების მკრთალ სინათლეში გაარჩია, როგორ მოცელილივით დაეცა გზაზე ქალის სილუეტი. _მერიემ!! _ დაიღრიალა და მისკენ გაიქცა. გოგოს სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ ეტყობოდა. _მერიემ! არა! _მაგრად შეანჯღრია, მაგრამ მას თვალები არ გაუხელია. ხელში აიტაცა ქალი. როგორმე მანქანამდე უნდა მიეღწია. ძალიან შორს იყვნენ. გარბოდა, რამდენადაც შეეძლო სწრაფად. პირველივე შემხვედრი ტაქსი გააჩერა და უახლოეს საავადმყოფომდე მიყვანა სთხოვა. მძღოლი შეშფოთებული უყურებდა წყვილს. მერიემი ისევ უგონოდ იწვა მანქანის უკანა სავარძელზე. ბიჭს მისი თავი კალთაში ედო. თმებზე ეფერებოდა და ევედრებოდა თვალების გახელას: _ მერამდენედ უნდა დამტანჯო, მერამდენედ უნდა მეგონოს, რომ გკარგავ. გემუდარები, გონს მოდი, როგორ მენატრებოდი, მზად ვარ ყველაფერი დავივიწყო და, თუ საჭიროა, შენთან ერთად ჯანდაბაშიც გადავსახლდე. როგორ ვცდებოდი, ასე როგორ გაგიშვი,არც კი მიკითხავს, _ ეჩურჩულებოდა გოგოს, რომელსაც ერთი სიტყვაც კი არ ესმოდა. _ ეს რა.._ ბიჭი მერიემის ხელს ეფერებოდა და მაჯაზე შეხებისას რაღაც უცნაური იგრძნო. მის ხელებს ახლოდან დააკვირდა და მკაფიოდ შეამჩნია ნაჭრილობევი. ორივე მაჯას ეტყობოდა, რომ რაღაც ბასრით გადაესერათ. ბიჭს ძარღვებში სისხლი გაეყინა. მზერა ოდნავ მაღლა მოავლო და მკლავებზე დალურჯებებიც მკაფიოდ გაარჩია. ასეთი დალურჯებები სადღაც ენახა. მიხვდა: ბავშვობის მეგობარი მოაგონდა, რომელიც ორი წლის წინ წამლის გადაჭარბებული დოზით დაიღუპა. დახედა მის წინ უგონოდ მიწოლილ სუსტ სხეულს და ტკივილმა გული დაუსერა. ,,ეს რა გიქნია, მერიემ...“. საავადმყოფოში ისე მივიდნენ, გოგო გონს არ მოსულა. ბიჭმა თეკლას დაურეკა და უთხრა, რომ რაღაც საქმის გამო დღეს შეაგვიანდებოდა. როცა ექიმი როგორც იქნა, გამოვიდა, გაბრიელი უკვე ბოლომდე შეეპყრო შიშს. თავადაც აოგნებდა ის ფაქტი, რომ ოდნავადაც არ შეცვლოდა გრძნობები მერიემის მიმართ. პირიქით, თითქოს ამდენი ხნის მერე კიდევ უფრო იზიდავდა ქალი. _ ექიმო, როგორაა? _ გადავრჩით. ნერვული შეტევა ჰქონდა. თქვენ მისი ვინ ხართ? _ მეუღლე ვარ. _ იცრუა წარბშეუხრელად. _გეცოდინებათ, ცოტა ხნის წინ ნარკოტიკებს რომ მოიხმარდა. ამან მისი ნერვული სისტემა სერიოზულად დააზიანა. მცირე სტრესიც და უბრალოდ მისი ტვინი ვერ უძლებს. _ ეს რამდენად საშიშია? _ ამ ეტაპზე სერიოზული რისკები არაა, თუმცა სიმშვიდე ესაჭიროება. როგორც ჩანს, რაღაც სერიოზულად განიცადა. _ ნახვა შემიძლია? _ ამ ღამით ჯობია ეძინოს. დამამშვიდებელი მივეცით. _ გმადლობთ, მაშინ მის ნივთებს მოვიტან და დავბრუნდები. _ შუადღემდე არ გაიღვიძებს, მოასწრებთ. _ გმადლობთ. _ ექიმს დაემშვიდობა. სწრაფი ნაბიჯებით დატოვა საავადმყოფო. ,,რთული ღამე იქნება. კმარა ტყუილი, რომელშიც ვცხოვრობ და იმ გოგოსაც ვაუბედურებ. ამ ღამითვე უნდა დავშორდე თეკლას.“ _ ამ ფიქრებით გააჩერა ტაქსი და სახლის მისამართი უკარნახა. დარბაზში ხმამაღალი მუსიკა ჟღერდა. დიდი ხნის მერე შეგროვებული სტუდენტობა უერთმანეთოდ გატარებულ დროს მხიარულად ინაზღაურებდა. ჯგუფებად იდგნენ, ზოგი ცეკვავდა, ზოგი რაღაც ამბებს ყვებოდა და დანარჩენებს ამხიარულებდა. თეკლა თინანოს ელაპარაკებოდა. კურსელს მას მერე დაუმეგობრდა, რაც მერიემთან იჩხუბა წლების წინ, თუმცა არც თინანო აღმოჩნდა მისი განუყრელი დაქალი. უნივერსიტეტის მერე ერთმანეთს ერთხელაც აღარ შეხვედროდნენ. თავიდან თეკლა ხშირად იჩენდა ინიციატივას, მერე მიხვდა, რომ გოგონა უბრალოდ თავს არიდებდა და შეეშვა. გული დასწყდა, მაგრამ შეეგუა. თინანო თავისი შვილის ამბავს უყვებოდა. თეკლა ცდილობდა, მაქსიმალურად გულისყურით მოესმინა პატარა ერეკლეს ანცობების შესახებ, თუმცა კონცენტრირება უძნელდებოდა. ხშირ-ხშირად აპარებდა მზერას კარისკენ, რომლის მიღმაც ჯერ ყოფილი მეგობარი და მერე მოქმედი შეყვარებული გაუჩინარდნენ. ტელეფონს რომ მეათასედ მაინც დახედა, მობეზრდა და, როცა, როგორც იქნა, თინანოსგანაც თავი დაიხსნა, აივანს მიაშურა. სიგარეტს მოუკიდა და ჰორიზონტს გახედა. კიდევ ერთხელ სცადა გაბრიელთან დაკავშირება. ავტომოპასუხე ირთვებოდა. უნებურად ერეოდა მძიმე, უსიამოვნო ფიქრები ქალის გონებას. იმ ერთი წლის განმავლობაში, რაც გაბრიელთან ცხოვრობდა, არასოდეს გასჩენია ეჭვი. სამსახურის შემდეგ მამაკაცი ყოველთვის დროულად ბრუნდებოდა სახლში. ქალი მისთვის სიამოვნებით ფუსფუსებდა სამზარეულოში. ხანდახან ეჩვენებოდა, რომ გაბრიელი ბოლომდე არ იხსნებოდა მასთან, თუმცა ამაზე საუბარს ერიდებოდა. რა მნიშვნელობა აქვს, რა ხდებოდა ჩემამდე, ახლა აქაა და ეს სრულიად საკმარისიაო, ფიქრობდა ხოლმე დილაობით, როცა ბიჭი სამსახურამდე მიაცილებდა და მერე ტოვებდა. თეკლას მოსწონდა მათი მშვიდი თანაცხოვრება. ზოგჯერ ეგონა, რომ რაღაც აკლდათ, რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახალი დღე თენდებოდა და მის ეჭვებს უბრალოდ აქრობდა. გაბრიელი დინჯი, მშვიდი ნაბიჯებით მიუყვებოდა ცხოვრების გზას მის გვერდით. დიახ, მის გვერდით! სწორედ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ქალისთვის. ყოველდღე ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ ასეთი სანდო, საიმედო ცხოვრების მეგზური აჩუქა. ქალაქის თავზე ალაგ-ალაგ ბჟუტავდნენ ვარსკვლავები. უყურებდა, როგორ ქრებოდა ჰაერში ბოლო ნაპასის ნაკვალევი. ნამწვი იქვე საფერფლეში ჩააგდო და მეორეს მოუკიდა. საოცრად ამშვიდებდა აქ დგომა და მოწევა მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან სციოდა. ცოტა ხანში მხრებზე სასიამოვნო სითბო მოედო. პლედი მოახურეს. ღიმილით შებრუნდა ,,სტუმრისაკენ“. შოთაც უღიმოდა. _ რას დამდგარხარ აქ ამდენ ხანს, ვერ ხედავ, რომ ყინავს? _ ღიმილითვე უსაყვედურა გოგოს. _ გმადლობ, შოთი, ფიქრებს გავყევი და ვერც შევამჩნიე, როგორ გავიდა დრო, _ თეკლა ისევ მოაჯირისკენ შებრუნდა და მჭიდროდ მოიხვია პლედი. სწავლისას შოთასთან მეგობრობდა. როცა შეამჩნია, რომ ბიჭი მისთვის თავის მოწონებას ცდილობდა, მაშინვე მკაფიოდ მიანიშნა, რომ სხვა უყვარდა თავად. მას მერე არასოდეს შეუწუხებია შოთას. სოციალურ ქსელში ზოგიერთ დღესასწაულს ულოცავდა და შორიდან მოიკითხავდა ხოლმე ხანდახან. ეს მას მერეც გრძელდებოდა, როცა შეიტყო, რომ გოგო გაბრიელთან გადაბარგდა. მიულოცა კიდეც და თეკლა დარწმუნდა, რომ ბიჭს დროებითმა გატაცებამ გადაუარა. ამან გაახარა კიდეც. სულაც არ სურდა, ვინმე მის გამო დატანჯულიყო. თან შოთა მართლა მოსწონდა, როგორც ადამიანი. _ გაბრიელი სად გაქრა? _ დაარღვია დუმილი ბიჭმა და თეკლაც უსიამოვნოდ დააბრუნა სტუდენტობისდროინდელი მოგონებებიდან რეალობაში. _ რაღაც საქმე ჰქონდა და მალე დაბრუნდება, წესით _ მართლა, მერიემთან ყველაფერი მოაგვარე? შევამჩნიე, საუბრობდით... _ ამდენი ხნის მერე მგონი ერთმანეთზე ნაწყენი არცერთი აღარ უნდა ვიყოთ, გავიზარდეთ, ბოლოსდაბოლოს, _ჩაეცინა ქალს. _ მიხარია. _ ჰო. ისევ უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. ამან თეკლა გააბეზრა. პლედი მოიხსნა და იქვე, პლასტმასის სავარძელზე, ჩამოდო. აივნის კარისკენ დაიძრა. _ თეკლა! _ შოთას ხმაზე რატომღაც გააჟრჟოლა გოგოს. უცნაური ტონით ეძახდა. _ ჰო, შოთი, _ მოუბრუნდა თბილი ღიმილით. _ ბედნიერი ხარ? კითხვამ ჯერ შეაკრთო, მერე რატომღაც განარისხა თეკლა. _ ეს რა კითხვაა? _ კითხვაა, რა. _ ჰოდა, სულელური კითხვაა. _ თუმცა ყველაზე სულელურ კითხვებსაც აქვს პასუხები. _ უაზრობად მეჩვენება, კარგი რა, _ სცადა ისევ ხუმრობაში გაეტარებინა ბიჭის ნათქვამი. _ თეკლა, ბედნიერი ხარ? _ მოაჯირს მოყრდნობილი შოთა თითქოს ბურღავდა შავი თვალებით. _ რატომ არ უნდა ვიყო? _ ბოლოს ძლივს დაიმორჩილა ხმა. _ ესე იგი, ბედნიერი ხარ? _ ვარ, შოთა, ვარ. მგონი, ბევრი დალიე და ახლა სისულელეებს მეკითხები. ცივა და უნდა შევიდე, გაბრიელიც მალე დაბრუნდება, _ ქოთქოთით გაძვრა შუშის კარს მიღმა. ბიჭი არ განძრეულა. უხმოდ უყურებდა ადგილს, სადაც ცოტა ხნის წინ თეკლა იდგა. შეცბუნებული თეკლა მეგობრებს შეერია. ცოტა ხანში, როგორც იქნა, გაბრიელმაც დარეკა. წამით გოგოს ბრაზი მოერია, მაგრამ მშვიდად უპასუხა ზარს. ბიჭი სახლში ელოდა. ეს კიდევ უფრო გაუკვირდა ქალს. ყურმილი დაკიდა და კურსელებს დაემშვიდობა. შოთა არ ჩანდა. მასზე ჯერ კიდევ ბრაზობდა, თუმცა თავადაც არ იცოდა, რატომ. ძალიანაც კარგი, თუ აქ არააო, გაიფიქრა ბოლოს და გასასვლელისკენ დაიძრა. ტაქსი უკვე გარეთ უცდიდა. ჩაჯდომამდე კიდევ ერთხელ გაიხედა შენობისკენ. შოთა ჯერაც აივანზე იდგა. წამით მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა. თეკლას მოეჩვენა, რომ ბიჭი რაღაცის თქმას ცდილობდა მისთვის. თავი სწრაფად გააქნია უაზრო ფიქრების გასაქრობად და მანქანის უკანა სავარძელზე მოთავსდა. გზა თითქოს გაიწელა. კიბეზე ასვლისას გოგონა უსიამოვნო გრძნობებმა შეიპყრო. მთელი ტანით ხვდებოდა, რომ რაღაც არ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო, თუმცა ზუსტად არ ესმოდა _ რა. გასაღების ძებნაში ხუთი წუთი დაკარგა და მერეღა აღმოაჩინა, რომ გაბრიელს კარი არც ჩაეკეტა. ოთახში მძიმედ შეაბიჯა. ბიჭი სავარძელში იჯდა და ეწეოდა. თეკლამ იცოდა, რომ მოწევა კარგა ხნის წინ ექიმმა აუკრძალა და ისიც შეეშვა. ამ სცენის დანახვისას საბოლოოდ დარწმუნდა იმაში, რომ წინ რაღაც ძალიან ცუდი ელოდა. ბიჭს დააკვირდა და გული მოეწურა: გაბრიელი ცუდად იყო, ძალიან ცუდად. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და მის წინ ჩაიმუხლა. ოდნავ შეეხო წვერწამოზრდილ სახეზე, ხელი ლოყაზე ნაზად დაუსვა და თითქმის ჩამწყდარი ხმით იკითხა: _ რა მოხდა, გაბრიელ? ბიჭი დუმდა და თეკლას გონებაში ეს დუმილი საათებად გაიწელა. _ თუ შეძლებ, მაპატიე, თეკლა. თუ არ მაპატიებ, ამასაც გავიგებ, უბრალოდ ვეღარაფერს დაგიმალავ. ქალს გული გაეყინა. ფეხზე წამოიჭრა. _ მიღალატე, არა? სხვასთან იყავი, ჰო?_ ბოლთის ცემა დაიწყო. _ ვგრძნობდი, ბოლო დროს რაღაც ხდებოდა, რაღაც ვერ იყო რიგზე. ეს რატომ.. როგორ.. ნუთუ არ შეიძლებოდა სხვაგვარად, ჯანდაბა!_ უკვე ხმასაც ვეღარ აკონტროლებდა. გაბრიელი წამოდგა და შეჩერება აიძულა. _ ჯერ უნდა მომისმინო, არასოდეს მიღალატია შენთვის! თეკლამ იგრძნო, რომ ერთადერთი, რაც ახლა უნდოდა, ის იყო, რომ საერთოდაც აღარ მოესმინა ბიჭისთვის. უბრალოდ საწოლში ჩამძვრალიყო, დაეძინა და როცა გაიღვიძებდა, ეს ყველაფერი კოშმარი აღმოჩენილიყო. _ ახლა რაც უნდა მითხრა.. ამის მერე ძველებურად აღარაფერი იქნება, ჰო? ვმთავრდებით.._ ბურტყუნებდა გოგო, გაბრიელს ზედაც აღარ უყურებდა. კაცის თვალები ტკივილით იყო სავსე. არასოდეს სდომებია ამ ქალისთვის დარტყმის მიყენება, არასოდეს სდომებია, გული გაეტეხა მისთვის, მაგრამ მერიემთან რომც არაფერი გამოსვლოდა, რომც არასოდეს ყოფილიყვნენ ერთად, თეკლას გვერდით ცხოვრებას ვეღარ შეძლებდა. თეკლას დროებითი ურთიერთობა არ ეყოფოდა, უკვე დრო იყო, რომ უბრალოდ თანაცხოვრება ქორწინებად ექციათ და გაბრიელი ამას ვერასოდეს მისცემდა. ვერც თეკლას და ვერც სხვას. უბრალოდ არ შეეძლო. _ თეკო.. _ ასე ნუ მეძახი! _ გთხოვ, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, _ დივნისკენ წაიყვანა, ჩამოსხდნენ. _ ძალიან გრძელი ამბავია და ვეცდები, რომ ძალიან მოკლედ გიამბო. უნივერსიტეტის პერიოდში ერთ გოგოს ვხვდებოდი. ძალიან მიყვარდა ეს გოგო. მერე რატომღაც ჩემთან დაშორება გადაწყვიტა და მეც არ გავკიდებივარ. გამიჭირდა, მაგრამ ასე ვამჯობინე. ახლა გავიგე, რომ ეს გოგო ცუდადაა და ჩემი დახმარება სჭირდება. და, როცა ვნახე, მივხვდი, რომ.. მივხვდი, რომ მის გარეშე არ შემიძლია, თეკო.. არაკაცივით გექცევი და, რომ შემეძლოს, ყველაფერს ვიღონებდი ამის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ არ შემიძლია. ამის მერე უბრალოდ შემიზიზღებ და მართალიც იქნები. ვერ გთხოვ, მოერიე-მეთქი ამას, თუმცა მინდა, რომ მოერიო, რადგან იმსახურებ ადამიანს, რომელსაც ეყვარები ისე, როგორც მე.. როგორც მე ის მიყვარს. შენთან გატარებული დღეები ჩემი ცხოვრების შესანიშნავი ნაწილი იქნება ყოველთვის და გამიხარდება, თუ ოდესმე ისე შევძლებთ ურთიერთობას, რომ დღევანდელი საღამოს მერე დაბადებული წყენა აღარ გქონდეს. მაპატიე, თეკო, ვერ მოგატყუებ, არასოდეს მომიტყუებიხარ და ამას ვერც ახლა ვიზამ. თეკლა არ ინძრეოდა. ბიჭს თვალს არ აშორებდა. მერე ფეხზე წამოდგა, ოთახის შუაგულში შედგა და მშვიდად თქვა : _ კარგი. წადი! გაბრიელი გაოგნდა. ამ სიმშვიდემ შეაშფოთა და აღაფრთოვანა კიდეც. ბოლოს გადაწყვიტა, რომ თუ უაზროდ შეეცდებოდა მის დამშვიდებას, უბრალოდ უფრო მეტად ატკენდა და ოთახში შევიდა. ბარგი უკვე გაემზადებინა. დროებით მეგობართან აპირებდა დარჩენას. გაშეშებულ ქალს მიუახლოვდა, შუბლზე აკოცა, კარიდან ერთხელ კიდევ გახედა ყოფილ საყვარელს და სახლი დატოვა. თეკლა კიდევ ხუთ წუთს იდგა ასე. მერე სამზარეულოში გავიდა, ყავა მოიმზადა და საწოლში ჩაწვა. კარგა ხნის წინ დაწყებული რომანი გადაშალა და კითხვა განაგრძო. მერიემმა თვალები ძლივძლივობით გაახილა. თავიდან ვერ მიხვდა, სად იყო. სცადა გაეხსენებინა, აქ როგორ აღმოჩნდა. კურსელებთან ერთად იყო, მერე წამოვიდა, მერე.. გაბრიელი.. ჰო, გაბრიელი. ეჰ.. ღრმად ამოიოხრა ქალმა. ბოლო რაც ახსოვდა, ის იყო, ვის დავიწყებასაც წლებია, ცდილობდა. ექვსი წლის წინ, როცა დედის ავადმყოფობის გამო საფრანგეთში მიმავალს აეროპორტში ეხვეოდა, წამითაც არ უფიქრია, თუ ამდენი ხნით ვეღარ ნახავდა, მით უფრო არ უფიქრია, თუ დაშორდებოდა, თან ისე.. მაგრამ ყველაფერი აირია. პარიზში ჩასულმა აღმოაჩინა, რომ დედამისის გადასარჩენად მთელი იქაური და თბილისური ქონების გაყიდვაც კი არ ეყოფოდა, აღარ იცოდა, რა ექნა. დედას ამშვიდებდა, სამსახურს ვიშოვი და გიმკურნალებო. შეუძლებელს შეძლებდა, ოღონდ მას ეცოცხლა. ორივემ მშვენივრად იცოდა, რომ ასეთ სამსახურს ვერსად ნახავდა. ერთ დღესაც კი ქუჩაში კინაღამ გაიტანა მდიდრულმა მანქანამ, ეს იყო მისი ხსნაცა და სამუდამო ჯოჯოხეთის დასაწყისიც. ფიქრები კარის ხმამ გააწყვეტინა. გაბრიელის დანახვას არ ელოდა, საწოლში აფართხალდა, წამოიწია და მექანიკურად შეისწორა თმა. ბიჭს გულში გაეღიმა ამის დანახვისას. _ დილა მშვიდობისა! _ აქ რას აკეთებ? _ მშვიდობიან დილას გისურვებ, _ მხრები აიჩეჩა. _ დამცინი? _ სულ რატომ მეჩხუბები? თითქოს მე მიმეტოვებინე ექვსი წლის წინ._ მაინც წაკბინა, პარკები იქვე მაგიდაზე დააწყო და დინჯად შეუდგა ამოლაგებას. _ გაბრიელ, ასე ნუ იქცევი! _ როგორ ვიქცევი? _ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა! _ და რა მოხდა? _ გაბრიელ! ბიჭმა საქმიანობა შეწყვიტა. სკამი მიაჩოჩა აფოფრილი მერიემის საწოლთან, წინ ჩამოუჯდა და ისე ჩახედა თვალებში, გოგომ წამით სუნთქვა შეწყვიტა. _ იცი, აქ რატომ მოხვდი? ნერვიულობის გამო. ასე თუ გააგრძელებ, აქ მოგიწევს დარჩენა. ნამდვილად არ შევეცდები, ექიმი დავარწმუნო იმაში, რომ გაგწეროს. მერიემი კიდევ აპირებდა გაპროტესტებას, მაგრამ ოთახში მედდა შემოვიდა. _ ცოტა ხნით დაგვტოვეთ, თუ შეიძლება. თქვენს მეუღლეს კიდევ ერთი მედიკამენტი უნდა მივცეთ გაწერამდე, _ გაუღიმა გაბრიელს. _ მეუღლეს?? _ ახლავე დაგტოვებთ, მშვიდად იყავი, ძვირფასო, გარეთ ვიქნები, _ მერიემის აღშფოთებულ სახეს ყურადღება არ მიაქცია, ლოყაზე აკოცა გოგოს და პალატა დატოვა. შუადღისას ექიმმა დანიშნულება მისცათ და საავადმყოფოდან ერთად გამოვიდნენ. _ წამო, ახლა აქვე ცხელი ყავა დავლიოთ და მერე სახლამდეც გაგიყვან, _ ხელზე ოდნავ შეეხო გაბრიელი. მერიემს წინააღდმეგობა აღარ გაუწევია. ჯობდა ახლა დალაპარაკებოდა და ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ გაერკვიათ, თან თავს ჯერ კიდევ სუსტად გრძნობდა. კაფეში სითბო და ყავის სასიამოვნო სურნელი დახვდათ. ორი კაპუჩინო შეუკვეთეს. კუთხის მყუდრო მაგიდასთან მივიდნენ. მერიემისთვის სკამის გამოწევაც არ დავიწყებია. გოგოს თვალს არ აცილებდა. უძილობისგან თავს უკვე ცუდად გრძნობდა, მაგრამ ესმოდა, რომ ახლა ბევრი რამ წყდებოდა, სასწორზე იდო ყველაფერი, რაც უღირდა და მთელი ძალით ებრძოდა დაღლილობას. მერიემმა ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო: _ გაბრიელ, უბრალოდ მინდა, რომ მისმინო და არ გამაწყვეტინო, კარგი? მესმის, რომ მარტოს ვერ დამტოვებდი, როცა ცუდად გავხდი, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი მოგვარდა და შენი აქ ყოფნის საჭიროება აღარ არსებობს. გვერდით ადამიანი გყავს, რომელსაც, სავარაუდოდ, არ მოეწონება, რომ იცოდეს, ამდენ დროს ატარებ ყოფილ.. ყოფილთან ერთად. ნურაფერს გავართულებთ, კარგი? ყველაფერი დიდი ხნის წინ დამთავრდა და.. _ არაფერიც არ დამთავრებულა! _ მოთმინების ფიალა აევსო კაცს. _ ეს შენ ეცადე, ისე მოგეწყო, თითქოს დამთავრდა. სინამდვილეში არაფერი დასრულებულა და ეს ორივემ ვიცით. მე არ ვიცი, რა ჯანდაბა მოხდა იმ საფრანგეთში, მაგრამ თუ მეტყვი, გავიგებ. თუ არ მეტყვი, ამასაც შევეგუები, მაგრამ ჩემგან თავს ასე მარტივად ვეღარ დაიხსნი. _ ვერაფერს მაიძულებ! _ არც გაიძულებ, ვხედავ, რომ თავადაც გრძნობ რაღაცას და.. _ აშკარად უნდა ეწვიო ოფთალმოლოგს. _ უადგილოა შენი ირონია, მერიემ, ნუ ცდილობ თემის სერიოზულობა ამით გადაფარო. _ არაფერს ვცდილობ, გითხარი, რომ ყველაფერი დიდი ხნის წინ დამთავრდა და ახლა უბრალოდ უაზრობაა ამაზე ლაპარაკიც კი. _ თეკლას დავშორდი. _ რა? _ ასე ჯობდა. _ ეს.. ჩემ გამო? ეს როგორ ჩაიდინე? _ ერთიანად გაწითლდა გოგო _ გეგონა ამით, რა გეგონა ამით, ეს რატომ ქენი? _ იმიტომ, რომ ასე იყო სწორი, ეს დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა და შენ არც კი გეხება, უბრალოდ დროში დაემთხვა. _ ბოდავ! _ რაც გინდა, ის თქვი, მინდა, რომ ვილაპარაკოთ, შენ ჩხუბობ, მაგრამ ვერ ვხვდები, რას ებრძვი. _ დავიღალე, სახლში მინდა. _ რისი გეშინია, მერიემ? _ შიში რა შუაშია? _ კითხვამ შეაკრთო, ეს გაბრიელმაც იგრძნო და მისი ხელი ხელში მოიქცია. _ მითხარი, რისი გეშინია, მოვერევით, გესმის? მარტო არ ხარ, მე აქ ვარ და არსად წასვლას აღარ ვაპირებ. უბრალოდ უნდა მომიყვე, მერიემ, რატომ გეშინია? მერიემი ნერვიულად ათამაშებდა თითებს ყავის ჭიქაზე. სვიტერის გრძელ მკლავებს ექაჩებოდა. გაბრიელი მიხვდა, უნდოდა, ის ნაიარევები დაეფარა მისგან, რომლის ნახვაც უკვე მოასწრო. ისევ ჩააფრინდა გოგოს ხელებს. მისი მარცხენა ორივე მუჭში მოიქცია და თავისკენ გასწია.მერიემი შეკრთა და ხელის გამოწევაც სცადა, მაგრამ გაბრიელმა არ დაანება, წინ ოდნავ გადაიხარა, მაჯა მოუშიშვლა და იარაზე ოდნავ შეეხო ტუჩებით ისე, რომ მისი თვალებისთვის მზერა წამითაც არ მოუშორებია. ქალს გააკანკალა და უნებურად ატირდა. უკვე გულამოსკვნილი ქვითინებდა. გაბრიელი წამოდგა, ქურთუკის მოცმაში მოეხმარა გოგოს, გულზე მიიკრა და შენობიდან გაიყვანა. ტაქსის სანამ უცდიდნენ, მერიემმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა: _ ნუ იზამ ასე, ნუ იქცევი ასე, რა. აღარ მინდა შენთან კამათი, ვერაფერს მოგიყვები. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, მაგრამ ,,ჩვენ“ აღარ არსებობს, ნუ სტკენ გულს იმ გოგოს. არ ვიმსახურებ ამას, უბრალოდ დამემშვიდობე ახლა და წადი, გთხოვ. გაბრიელს მოთმინება აშკარად აღარ ყოფნიდა. შუბლზე ხელი მძიმედ მიიჭირა. მერე წყნარად მიუტრიალდა გოგოს: _ ახლა სახლში წაგიყვან, სხვა დროს ვისაუბრებთ. საბედნიეროდ, მერიემი აღარ შეპასუხებია. მის სახლამდეც მალე მივიდნენ. ბიჭმა ქვემოდან ახედა ფანჯრებს, გაახსენდა, რამდენჯერ ჩაუვლია ამ სახლის წინ მას მერე, რაც მერიემი საფრანგეთში წავიდა, როგორ ელოდა.. ხასიათი წაუხდინა ამ ყველაფრის მოგონებამ და სცადა, მაქსიმალურად კონცენტრირებულიყო აწმყოზე. _ ჯობია, წამოწვე. აქ მზა რაღაცებია, ახლა გშია?_შეეკითხა გოგოს სახლში შესვლისას. მერიემი თავს სუსტად გრძნობდა. დივანზე კი არ დაჯდა, დაეცა და დაღლილი თვალებით შეხედა არანაკლებად დაღლილს. გაბრიელი მის სამზარეულოში ფუსფუსებდა, თან თვალებს იფშვნეტდა. _ უნდა დაიძინო! _ საყვარელი ხმა ძალიან ახლოდან მოესმა ბიჭს. შებრუნდა და დახედა ერთი თავით დაბალ ქალს, ჩაშავებული უპეების მიუხედავად თვალები რომ უციმციმებდა და ქვემოდან დინჯად შესცქეროდა. იმ წამს იგრძნო, რომ მხოლოდ ეს მდგომარეობაც ეყოფოდა სამარადისოდ: უბრალოდ მერიემი ყოფილიყო იმ ოთახში, სადაც ის. გამოფხიზლდა: _ წადი, შენ დაჯექი, ჩემზე ნუ ღელავ, _ ისევ მიუბრუნდა პარკებს. _ ყავას დალევ? მერიემმა სკამი გამოაჩოჩა და ყურადღებით ახედა კაცს. გაეცინა: _ ჭეშმარიტი მასპინძელივით იქცევი. _ ჰო, შენ წარმოიდგინე, ისიც კი ვიცი, სად დევს ყავა, _ გამარჯვებული ღიმილით შეათამაშა ხელში ქილა._ ცვლილებები აშკარად არ შეგყვარებია. _ ჰო.. ცვლილებები არასოდეს მიყვარდა, _ ხმადაბლა, უფრო თავისთვის, თქვა მერიემმა. ფანჯარას უმზერდა. ფიქრებით სადღაც შორს წასულიყო. ყავა სრულ სიჩუმეში მიირთვეს გაბრიელის მომზადებულ ბუტერბროდებთან ერთად. მერიემმა ნახელავი შეუქო და ბიჭს გაეღიმა. ქალს უკვირდა, როგორ ძლებდა აქამდე ამ ღიმილის გარეშე, თურმე როგორ ენატრებოდა. _ გაბრიელ!_ბიჭმა შეხედა. _ შენი მიტოვება არასოდეს მდომებია. უბრალოდ საფრანგეთში გატარებულმა პირველმა წელიწადმა ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. მე შემცვალა. ამ ხელებს ხომ ხედავ?_ მკლავები მაგიდაზე დააწყო ისე, რომ კარგად დაენახა. _ ვიცი, რომ ექიმი ნარკოტიკებზეც გეტყოდა. მძიმე დღეები გავიარე, მაგრამ ახლა კარგად ვარ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. დედაჩემიც კარგადაა.._დროდადრო ხმას ისე ადაბლებდა, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებაო. _ იქ ყოფნა აღარ მინდოდა, დედა.. მასთან ვიჩხუბე და ისედაც, აქაურობა მომენატრა. მერე კურსელებმაც დაწერეს ჯგუფში შეკრების შესახებ და ცოტა ადრე ჩამოვედი. გაბრიელ! _ კაცი უდიდესი ყურადღებით უსმენდა. _ შენი ცხოვრების არევა მართლა არ მდომებია. ახლა ძალიან მანერვიულებს, რომ აქ ხარ, თავს ვერ ვერევი. შენ აქ არ უნდა იყო, მე შენ.. მე შენ არ გამოგადგები... _ სისულელეებს ლაპარაკობ უკვე, გეყოფა! _ არა, არ გინდა, რომ გაიგო.. _ არაფერს ამბობ და რა უნდა გავიგო? შენ ვერ გადაწყვეტ რა არის ჩემთვის სწორი და რა _ არა. უბრალოდ გულახდილი იყავი, არ შეიძლება? _ რთულია.. _ იოლი არაფერია, უნდა მომიყვე, რომ დაგეხმარო, გისმენ. _ ამას არ ვიზამ! _ რატომ ჯიუტობ? _ მინდა, რომ წახვიდე და აღარ შემაწუხო! _ შეგაწუხო? _ გაბრიელის მოთმინება საშიშ ზღვარს უახლოვდებოდა. _ გაწუხებ? _ მაწუხებ! _ მომიყევი და აღარ შეგაწუხებ! _ შენი არ მჯერა! დუმილი ჩამოწვა. _ გპირდები! მერიემს გული ეტკინა. იცოდა, ბიჭი ყოველთვის ასრულებდა დანაპირებს. რაც უნდა მომხდარიყო, სიტყვას არ გადავიდოდა. სხვა გზა არ ჰქონდა, სხვანაირად ვერ მიახვედრებდა, რომ უნდა წასულიყო და დაეტოვებინა. _ პირობის გარეშეც მიმატოვებ, როცა ყველაფერს გაიგებ. _ ახედა სიმწრის ღიმილით. გაბრიელს სახე გახევებოდა. _ უკვე დაგპირდი და გისმენ! _ხომ იცი, დედაჩემთან გადასარევი ურთიერთობა არასოდეს მქონია. რომ ჩავედი, მალევე იმ ამბავზეც მოვუყევი, ვიღაც მანიაკმა რომ კინაღამ მომკლა. მისი ყოფილი საყვარელი აღმოჩნდა, ვინ იცის მერამდენე, _ ამოიხვნეშა და განაგრძო. _ საფრანგეთში წასვლამდე ერთი წლით ადრე დაშორებულან და დედაჩემს მისი ფული წაუღია, ბევრი ფული. გააკოტრა, ფაქტობრივად და იმანაც შურისძიება გადაწყვიტა. ჩემთან ამ კაცზე არასოდეს უხსენებია. რომ ჩავედი, ცუდად იყო. რაღაც გადამდები დაავადება აუკიდებია და თირკმელზეც პრობლემა შეექმნა მერე. მოკლედ თუ ოპერაციას არ გაიკეთებდა, შეიძლება, მომკვდარიყო კიდეც. ფული არ გვქონდა. აღარ ვიცოდი, რა უნდა მექნა._ ცოტა ხანს გაჩუმდა. გაბრიელი უსმენდა და მთელი არსებით გრძნობდა ქალის ტკივილს. უნდოდა, ეჩხუბა, რატომ არ მიყვებოდი ამას მაშინო, მაგრამ დუმილს ამჯობინებდა. ჯერ მერიემს ყველაფერი უნდა ეამბა. ყავა მოსვა და თხრობა განაგრძო: _ ნათესავები არ გვყავს, ვინც გვყავს, იმათ დიდი ხნის წინ მოგვიძულეს ზუსტად იმის გამო, რომ მამას გარდაცვალების მერე დედაჩემს არაერთ მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა. მე ამის გამო ვერ განვიკითხავ.. უბრალოდ.. ჰოდა, დახმარებას ვერავის ვთხოვდი. აღარ ვიცოდი, სად მეპოვა ხსნა. ერთ დღეს ქუჩის გადაჭრისას მანქანა კინაღამ დამეჯახა. ჟანი მანდ გავიცანი. იმ მანქანის მფლობელი იყო, _ მერიემმა ისევ ამოიოხრა._ მეც არ ვიცი, როგორ და რატომ, მაგრამ ჩემს გასაჭირე ვუამბე და.. დედაჩემის ოპერაციის სანაცვლოდ საყვარლობა შემომთავაზა.._ ხმა თითქმის ჩაუწყდა. გაბრიელი არ ინძრეოდა. ამან სითამამე შემატა. _ მთელი წლის განმავლობაში. დავთანხმდი. გაბრიელს სახეზე შეძრწუნება გამოესახა. სკამს მძიმედ მიეყრდნო. მერიემი აგრძელებდა: _ დედასთვის არაფერი მითქვამს. მოვატყუე, რომ რომელიღაც კომპანიაში დავსაქმდი და კრედიტი გამოვიტანე. ჟანი მდიდარი იყო, მაგრამ საშინელი ცხოვრების წესი ჰქონდა. ნარკოტიკების მოხმარებაც მან დამაწყებინა. უფრო სწორად, მაიძულა. როცა უარის თქმა დავაპირე, შემახსენა, რაც ჩემთვის გააკეთა. ამის მიუხედავად, არ მინდოდა. მე.._ ხელები უკანკალებდა უკვე._ ვეცადე, ეს არ მომხდარიყო, მაგრამ, როცა მეძინა.. დილით რომ გავიღვიძე, საშინლად ვიყავი. სასმელში გაურევია. ერთი კვირის შემდეგ უკვე მოთხოვნილება გამიჩნდა._ თავს ვეღარ აკონტროლებდა. თვალები ცრემლებით აევსო, მერე ძლიერი ხელი იგრძნო მტევანზე. გაბრიელი უყურებდა. მის თვალებში არაფერი ჩანდა მხარდაჭერის გარდა. _ აღარ მინდა დეტალების გარჩევა. დედამ ყველაფერი ცოტა ხნის წინ გაიგო და ნამდვილი ისტერიკა მომიწყო. მცემა კიდეც. წელი გავიდა, მაგრამ ჟანს ვეღარ ვიშორებდი. ცხოვრება მომბეზრდა და მერე ეს ვქენი, _ დაიხედა მაჯებზე. _ გადამარჩინეს. როგორღაც იტალიაში გადავედი ისე, რომ არც მითქვამს არავისთვის და იქ დავიწყე მუშაობა აღმზრდელად. სანამ სამსახურს ვიპოვიდი, ქუჩაში მეძინა. ბოლო ორი წლის განმავლობაში იქ ვცხოვრობდი. პატარა ბინის დაქირავებაც შევძელი. დედაჩემთან კონტაქტი აღარ მაქვს. მას მერე, რაც გააკეთა, უბრალოდ აღარ მინდა. მგონი, დავასრულე._ ოდნავ გაუპო ბაგეები ტკივილნარევმა ღიმილმა. _ მესმის.. ახლა, შემიძულებ. რომც არ შემიძულო, ჩემში ვეღარ დაინახავ იმ ადამიანს, რომელიც მოგწონდა სისუფთავის გამო. მე სუფთა აღარ ვარ. ძალიან დიდ ჭუჭყში ვიცხოვრე და, _ ფეხზე წამოდგა მერიემი._ შენი წასვლის დროა. გაბრიელი დუნედ წამოდგა სკამიდან. მოსმენილის გამო ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს. ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ მის საყვარელ ქალს ამდენი უბედურების გადატანამ მოუწია. მრისხანება ერეოდა, მაგრამ მთელი ძალით ეცადა, შეეკავებინა. მერიემს მიუახლოვდა. ერთმანეთს უმზერდნენ. მერიემი რიდით უყურებდა, პირველად ყვებოდა თავისი ცხოვრების შავ-ბნელ პერიოდზე და არასოდეს წარმოუდგენია, რომ გაბრიელი იქნებოდა მსმენელი. ამას ვერც კი ინატრებდა. გაბრიელის თვალებიდან სითბო მოდიოდა და ეს უფრო აფრთხობდა. დაძაბულობის რამდენიმე წამის მერე საოცარი შვება იგრძნო: ბიჭმა თავისკენ მიიზიდა და გულში ჩაიკრა. ისე მაგრად ეხუტებოდა, თითქოს მთელი სამყაროსგან უნდოდა მისი დაცვა. დაეფიცებოდა მერიემს, მას მერე, რაც აეროპორტში დასცილდა და ტრაპს აუყვა პირველად გრძნობდა თავს ასე უსაფრთხოდ და კიდევ.. ბედნიერად. გაბრიელი ნელა ჩამოსცილდა საყვარელ სხეულს. _ დაისვენე და, თუ რამე დაგჭირდება, დამიკავშირდი. პირობასთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულების შესახებ იცი. სანამ ეს გენდომება, საერთოდ არ გამოვჩნდები. უბრალოდ იცოდე, რომ არსად მივდივარ. აქ ვარ. და არასწორად უყურებ ბევრ რამეს. მომეცი უფლება, შენთან ვიყო და წარსულიც ძალიან შორს მოვიტოვოთ. _ არ შემიძლია, გაბრიელ, ეს.. გმადლობ, რომ ჩემი გესმის და ზრუნავ, მაგრამ მე ვერ ვიქნები შენთან, მე ვერავისთან ვიქნები ახლა. თანაც.. _ თანაც რა? _ აქ ჩამოსვლისას ერთ მეგობარს ველაპარაკე პარიზში. ჟანი მეძებს. იმედია, აქ ვერ მიპოვის, მაგრამ რომ მიპოვოს. გაბრიელი წამოწითლდა: _ რომც გიპოვოს, შენ მარტო აღარ იქნები. მე აქ ვარ. _ არასოდეს დავუშვებ, მას შეხვდე! _ ამას შენ ვერ გადაწყვეტ, მერიემ! გეყოფა! ჩემ მაგივრად ერთხელ უკვე მიიღე გადაწყვეტილება. შეწყვიტე! _ თავი ამტკივდა, უნდა დავიძინო. ყველაფრისთვის გმადლობ, მაგრამ გახსოვდეს შენი პირობა და ჩემგან თავი შორს დაიჭირე, გთხოვ. _ შეხვედრამდე, მერიემ. თავს გაუფრთხილდი! _ კაცმა ხელის ზურგი ჩამოუსვა ლოყაზე და სახლი დატოვა. მერიემს ლოყა აეწვა. სინათლემ თვალები აუწვა. ფარდების ჩამოფარება დავიწყებოდა და მზის სხივებმა შეაფხიზლა. არ ესიამოვნა. სწრაფად წამოხტა და მუქი ფარდები ბოლომდე დაუშვა. ისევ საბნის ქვეშ შეძვრა. ეჩვენებოდა, რომ სასიცოცხლო ძალებისგან ბოლომდე დაიცალა. ემოციებისგანაც. ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ყველაფერი შეიცვალა. ერთი კვირის წინ ამ საწოლში საყვარელ მამაკაცთან ერთად იძინებდა და იღვიძებდა. სამი დღის შემდეგ ტელეფონი პირველად ჩართო. გამოტოვებული ზარები: დედა (,,ალბათ, ნერვიულობით მოკვდებოდა“), თანაშემწე (,,ერთხელ მაინც ხომ უნდა გააკეთოს რამე დამოუკიდებლად?“), თინანო (,,ამას რაღა უნდა? თუ უნდოდა მეგობრობა, თავიდანვე არ უნდა ჩაეფლავებინა საქმე!“), შოთა.. ის არ ჩანდა. არცერთი შეტყობინება გაბრიელისგან, არცერთი ზარი. დაივიწყა. თუ საერთოდ ოდესმე რამედ მაინც მიაჩნდა. თეკლას ცრემლები მოერია. შოთა? რატომ ურეკავდა? თარიღს დახედა. ექვსი ზარი იყო. ფაქტობრივად, ყოველდღე რეკავდა. დღეში ერთხელ. გამოზომილად. ამაზე უნებურად გაეცინა გოგოს. უცბად შეხტა. ეკრანი განათდა. სანამ სახელი გამოჩნდებოდა, წამით ინატრა, ნეტავ, ის იყოსო, მაგრამ ტელეფონზე ,,შოთა“ ეწერა. ვერ გადაწყვიტა, გაეგონებინა თუ არა. ბოლოს მწვანე ღილაკს დააწვა: _ გისმენ! _ ძილისგან ოდნავ დაბოხებული ხმით ჩასძახა. _ დილა მშვიდობისა, ხომ ცოცხალი ხარ? _ რადგან ვლაპარაკობ, ლოგიკურია, ცოცხალიც ვარ. ბიჭმა ოსტატურად დააიგნორა მისი სიუხეშე: _ რამდენჯერმე დაგირეკე და.. _ ეს მეშვიდეა! _ ითვლიდი? ოჰ, ეს უკვე საინტერესოა. _საინტერესო კი არა, მომაბეზრებელია. ხომ უნდა მიხვდეთ, რომ არ მინდა საუბარი და ამიტომ ვრთავ მობილურს? საერთოდ გადავაგდებ და ყველანი დავისვენებთ. _ დილის მრისხანებით დაწყება დღესაც ასევე გააგრძელებს, პატარა. _ ასე ნუ მიძახი და ფეხებზე , როგორ გაგრძელდება დღე. თეკლა უფროდაუფრო ბრაზდებოდა. წყობიდან ვერაფრით გამოიყვანა, რკინის ნერვები ჰქონდა ამ ბიჭს, თუ რა? _ თეკლა, შენი ნახვა მინდა.. _ მეც ბევრი რამ მინდა. _ შეწყვიტე ბავშვივით მოქცევა და მითხარი, როდის შემხვდები. თეკლამ უღონოდ დაუშვა ხელები. საძაგლად ექცეოდა ბიჭს და ეს საერთოდ არ ჭრიდა. ნამდვილად არ აწყენდა სახლიდან გასვლა. თანაც ეს გაბრიელის ღალატად ვეღარ ჩაეთვლებოდა. რა ღალატი? შოთასთან რიგიანად აღარც კი მეგობრობდა. ან როგორ უღალატებდა კაცს, რომელმაც მიატოვა? სხვის გამო.. _ საღამოს, ჩემს სახლთან ახლოს რომ კაფეა, იქ გნახავ, რავი. _ ძალიან კარგი, შეხვედრამდე.. პატარა! _ გადაიხარხარა შოთამ და გათიშა. ,,რა იდიოტია, მაგრამ აქ გდებას ნამდვილად აჯობებს სახლიდან გავიდე.ერთხელ და სამუდამოდ ავუხსნი, რომ ჩემთან შანსი არ აქვს. მაგრამ რატომ არ აქვს? ახლა ხომ თავისუფალი ქალი ვარ. თავისუფალი კი არა მიტოვებული. მიგდებული ქალი ვარ. ჯანდაბა, გაბრიელ. მენატრები.“ _ ამ ფიქრებში გართულმა წყვილი ცრემლი გადაყლაპა კიდევ და ისევ ბალიშზე მიდო თავი. ერთი კვირის შემდეგ თეაკომ, კურსის ყველაზე აქტიურმა გოგომ საერთო სოციალურ ჯგუფში იდეა წამოაყენა, დავგეგმოთ და ამ დღეებში სადმე სალაშქროდ წავიდეთო. აზრი სიხარულით აიტაცეს. თუმცა არა _ ყველამ. _ შოთა, წამოსვლა არ მინდა-მეთქი, არ გესმის? ა რ მი-ნდა! _ თეკლა ეწეოდა, აბურდულკოსიანი და ცალფეხმოკეცილი მოლბერტის წინ საღებავებს აზავებდა, თან ტელეფონზე საუბრობდა. უფრო სწორად _ ჩხუბობდა. _ ასეთი ჯიუტი როგორ ხარ, ადამიანო? გაბრიელის ნახვაც მომიწევს და არ მინდა. ისედაც ვცდილობ.. ხომ იცი, ვახ. მაინც მიმათრევ! _ წამოდი, ერთ წუთსაც არ დაგტოვებ მარტოს გაბრიელთან, არ მინდა უშენოდ წასვლა. ბოლო ფრაზამ წამით დაადუმა ქალი. ესიამოვნა. ღრმად ამოიოხრა და უპასუხა: _ მოუშორებელი ჭირივით ხარ, წამოვალ, ჯანდაბას! მაგრამ სად? _ უჰ, მშვენიერია. ზუსტად მეც არ ვიცი, თეაკომ შეარჩია ადგილი. მგონი, ბატეთის ტბისკენ ვაპირებთ გეზის აღებას. თანდათან მწვანდება ახლა, ძალიან ლამაზი იქნება. _ აუ, ეს კარვები, კარავში არასდროს მძინებია, არ მომეწონება. _ ნუ ბუზღუნებ, წინასწარ რატომ აკეთებ დასკვნებს? _ აი, წამოვალ და, თუ არ მომეწონება, ჯავრს შენზე ვიყრი, იცოდე! _ გაქცევას არ ვაპირებ! _ შოთას თვითკმაყოფილი სიცილის გაგონებისას თეკლას, უნებლიეთ, თავადაც ჩაეღიმა. გაბრიელი მეგობრის ბინაში გადაცხოვრდა. თეკლასთან გადასვლისას ნაქირავები ბინა დატოვა და ახლა დროებით იმ ძმაკაცთან რჩებოდა, მერიემის ჩამოსვლის შესახებ რომ შეატყობინა. დათა მისი ბავშვობის მეგობარი იყო, თვალდახუჭული ენდობოდა. ერთმანეთზე, ფაქტობრივად, ყველაფერი იცოდნენ. _ მინდა, რომ წავიდე და ისიც წამოვიდეს, მაგრამ თეკოც იქნება და უაზრო სიტუაციაში გავეხვევი, რა, _ თქვა გაბრიელმა და ცივი ლუდი მოსვა. _ ბიჭო, მესმის, მაგრამ კარგ დროს გავატარებთ და რატომ უნდა დარჩე? თეკლასთან შეხვედრა ოდესმე მაინც მოგიწევს. ან ამ მერიემს რა უნდა? რატომ იპრანჭება, ვერ ვიგებ, რა. გიყვარს, უყვარხარ, რა უნდა? _ ასე ნუ ლაპარაკობ!_ აენთო გაბრიელი და მაშინვე მიხვდა, რომ ცოტა ხმამაღლა მოუვიდა მეგობართან._ ყველაფერი მიამბო.. ძალიან რთული პერიოდი გადაიტანა და ჰგონია, რომ ამის გამო ერთად ყოფნას ვერ შევძლებთ. _ ვერაფერი გავიგე, _ მხრები აიჩეჩა დათამ. _ მეტს ვერ მოგიყვები, გამიგე, _ თვალებში შეხედა გაბრიელმა. დათამ თავი დაუქნია და მხარზე ხელი დაჰკრა: _ ყველაფერი მოგვარდება, ძმაო. წავიდეთ ბავშვებთან, საერთოდ დაივიწყე ცოტა ხნით, რა, მთელი ეს დავიდარაბა და ძველებურად გავერთოთ, გთხოვ. გაბრიელი უყურებდა დათას. მოეჩვენა, რომ მისი მეგობარი ყოველთვის იმ პატარა ბიჭად დარჩებოდა, ეზოს ბავშვებთან ერთად ფეხბურთის სათამაშოდ რომ მიათრევდა ხოლმე, როცა თავად შინ ყოფნა და ტელევიზორის ყურება ერჩია. ჩაეცინა: _ კაი, ჰო, წავიდეთ. დათა გაიბადრა: _ ზურგჩანთებს მოვძებნი. მერიემი დივანზე იჯდა. გახსნილ ლეპტოპს ჩასცქეროდა. უნდოდა კურსელებთან ერთად წასვლა, მაგრამ გაბრიელისა და თეკლას ნახვა _ საერთოდაც არა. არადა, ბოლოს როდის გაატარა დრო ბუნებაში, საყვარელ ადამიანებთან ერთად როდის იმხიარულა აღარ ახსოვდა. ვერ გადაწყვიტა, რა დაეწერა. ბოლოს დააპირა, დავაიგნორებო, მაგრამ სასაუბრო ფანჯარა გაიხსნა: თეაკო სწერდა, რას შვებიო. უპასუხა, მოვდივარო და დეტალების გამოკითხვა დაუწყო. ლაშქრობის დღეს გაზაფხულის კვალობაზე უკვე საკმაოდ ცხელოდა. ველოსიპედის ძეგლთან შეყრილიყვნენ ყოფილი თანაკურსელები. ხმაურობდნენ და სიცილით იხსენებდნენ ძველ დროს. იმით ამაყობდნენ, რომ სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით ერთმანეთთან მეგობრობა უნივერსიტეტის მერეც არ შეუწყვეტიათ. შოთა სასაცილო ისტორიებს ყვებოდა, თან გარემოს ათვალიერებდა; არ უნდოდა, თეკოს მოსვლა გამოპარვოდა. ამ ქალზე უბრალოდ გიჟდებოდა. ზუსტად იცოდა, ვერასოდეს და ვერავის მიმართ ვეღარ იგრძნობდა რაიმე მსგავსს მაინც. ცოტა ხანში თეკო არა, მაგრამ გაბრიელი და დათა გამოჩნდნენ. გადაეხვივნენ მეგობრებს. გაბრიელმა შოთას გაუღიმა. არაფერი იცოდა ბიჭის თეკლასადმი დამოკიდებულების შესახებ. ნეტავ, რომ გაიგებს, რა რეაქცია ექნებაო, წამით გაუელვა თავში შოთას. რამდენიმე წუთის შემდეგ თეკლაც გამოჩნდა. პირველად შოთას დაძაბული სახე გაარჩია და მერე მის გვერდით მდგომიც. გოგოს სუნთქვა შეეკრა. როგორ უხდებოდა ყოფილ შეყვარებულს ეს ცისფერი მაისური. მისი თვალის ფერს ამკვეთრებდა. უყვარდა ეს მაისური თეკლას. ისევ შოთამ დააბრუნა რეალობაში. გადაკოცნა და მხიარულად მიესალმა. თეკლა შეეცადა, იგივე გაეკეთებინა თავადაც. ყველას დაუქნია ხელი. გაბრიელს სახე გაეყინა და გოგოს თავი დაუკრა. ეს იყო და ეს. თეკლა მიხვდა, რომ დამთავრდა, მართლა დამთავრდა. გული ყელში მოებჯინა, თითქოს კიდევ ჰქონდა იმედი, რომ.. თვალებზე ცრემლები მოაწვა, ცოტაც და იტირებდა, მაგრამ ჩაეხუტნენ. ცხვირი სასიამოვნო სუნმა აუწვა: _ ჩშშშ.. ახლა ტირილის დრო არაა, პატარა ქალბატონო, თან იმის გამო არ უნდა იცრემლებოდე, ვისაც აღარ უყვარხარ, _ შოთა თმებზე ეფერებოდა და თან ეჩურჩულებოდა._ ყოველ შემთხვევაში, ისე აღარ უყვარხარ, როგორც შენ გინდა, თორემ შენ როგორ არ უნდა უყვარდე ვინმეს, არ მესმის, _ გაიცინა და თმა აუჩეჩა. თეკლასაც გაეცინა. თვალებში ჯერ კიდევ ცრემლები უბრწყინავდა. შოთას ხელზე უჩქმიტა. ბიჭი აწუწუნდა, სიკეთისთვის ასე მიხდიანო. ავტობუსშიც გვერდიგვერდ დასხდნენ. თეკლას მოწყენის საშუალებას არ აძლევდა, გაუთავებლად უყვებოდა ისტორიებს და აიძულებდა, ეცინა. მერიემი ბოლოს მოვიდა, უკვე გადიოდნენ, ზედაპირულად მოიკითხა კურსელები და სულ წინა სკამზე, მარტო, ფანჯრის მხარეს ჩამოჯდა. დაჯდომამდე გაბრიელსაც მოჰკრა თვალი და თეკლასაც. გულის სიღრმეში გაუხარდა, რომ ერთად არ ისხდნენ და მოღიმარ გოგოს რომ შეხედა, ისიც გაიფიქრა, იქნებ მართლაც არ უდარდია დიდად გაბრიელთან დაშორებაო. მუსიკას უსმენდა და ვერც გაიგო, როდის ჩაეძინა. როცა გაეღვიძა, აღმოჩნდა, რომ უკვე მისულიყვნენ. ავტობუსიდან ერთერთი პირველი ჩამოხტა და სანახაობამ მონუსხა: ხეებში ჩაფლული ტბის ზედაპირი საოცრად ირეკლავდა მზის სხივებს, გაზაფხული მთელი თავისი მშვენიერებით მობრძანებულიყო. გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა და კიდევ ერთხელ განიცადა დიდი ხნის მივიწყებული გრძნობა _ ბედნიერება. დღე სასიამოვნოდ იწურებოდა. ბიჭები ადგილს ამზადებდნენ მწვადების შესაწვავად. ზოგი ფოტოებს იღებდა, პატარა ბავშვებივით ანცობდნენ. უცბად დათამ საიდანღაც ბურთი ამოაძვრინა და აღრიალდა: _ წრეში ბურთი ვის უნდა? ერთ წამს ყველა გაშეშდა. დათას აღტყინებულ, თვითკმაყოფილ გამომეტყველებას რომ შეხედეს, სიცილი აუტყდათ. მერე ახმაურდნენ: როგორც ჩანს თამაში ყველას უნდოდა. მერიემმა დააპირა, დამჯდარიყო, მაგრამ დათამ ხელი სტაცა: _ არჩევანი მე ვარ და ჩემს გუნდში ხარ! _ თითქმის უყვირა ყურისძირთან. გოგოს გაეცინა და დაჰყაბულდა. გაბრიელი და თეკლა ერთ გუნდში მოხვდნენ, შოთა და მერიემი _ მეორეში. დათა მეტოქე გუნდის კაპიტანს, თეაკოს უყურებდა და ჟესტიკულაციით ანიშნებდა, ბოლოს მოგიღებო. წრეში თეაკოს გუნდი აღმოჩნდა. თამაში გახურდა. თეკლა და გაბრიელი მხარდამხარ ,,იბრძოდნენ“. გოგო დროდადრო გადახედავდა ხოლმე, ის კი ზედაც არ უყურებდა. შოთას არცერთი მისი მზერა არ გამოჰპარვია. უფროდაუფრო სწყინდა. როცა მისი სროლის დრო მოვიდა, ვერც გაიაზრა ისე, მაგრამ დარტყმაში მთელი ძალა ჩადო: გაბრიელს უმიზნებდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, გაბრიელი განზე გახტა, თეკლამ გაქცევა ვერ მოასწრო და მთელი ძალით ნასროლი ბურთი მუცელში მწარედ მოხვდა. ქალმა დაიკვნესა და ჩაიმუხლა. ჩოჩქოლი ატყდა. თეკლას მისცვივდნენ. შოთა გამოფხიზლდა. ცივმა ოფლმა დაასხა და თავადაც გაიწია ქალისკენ. დათამ ხელი ჰკრა: _რა გეტაკა, ბიჭო, გოგოს მოკვლას უპირებდი? შოთამაც უხეშად ჩამოიშორა გზიდან და წინ გავარდა. თეკლა მიწაზე იწვა. მოკუნტულიყო და ხელს მუცელზე იჭერდა. პირს ფართოდ აღებდა, რომ ჩაესუნთქა. შოთას სახე ერთიანად წაუხდა. _ გაიწიეთ, ჰაერი არ ყოფნის! _ ყვიროდა ვიღაც. _სასწრაფოში დარეკეთ! გაბრიელი თმაზე ეფერებოდა თეკლას. მერე ხელში აიტაცა და იმ საბანზე გადასვა, უცბად რომ საიდანღაც გამოათრიეს. სასწრაფომ რომ მოაღწია,გოგო უკეთ სუნთქავდა, უბრალოდ მუცელი ისევ საშინლად სტკიოდა და მოძრაობა უჭირდა. ექიმმა გასინჯა და ყველა დაამშვიდა: _ შინაგანი სისხლჩაქცევის ნიშნები არაა, ბრმანაწლავიც წესრიგშია. სპაზმები მძიმე დარტყმამ გამოიწვია უბრალოდ და სუნთქვის პრობლემებიც ამიტომ შეექმნა. ცოტა ხანს წამოწექით, დღეს თავი არ დაიტვირთოთ და უკეთ გახდებით. სასწრაფო დახმარების ჯგუფის წასვლის შემდეგ თეკლა ისევ გაბრიელმა გადაიყვანა კარავში. გოგოს თავი მის მხარზე მიესვენებინა და თვალები მიელულა. შოთამ თვალი გააყოლა წყვილს, მერე ფეხი მაგრად მიჰკრა ძირს დაგდებულ ტოტს და ტყის სიღრმისკენ ჩქარი ნაბიჯით დაიძრა. _ დარწმუნებული ხარ, რომ სახლში წასვლა არ გინდა? _ გაბრიელი ყურადღებით დასცქეროდა შინდისფერ კარავში რბილად მოკალათებულ გოგოს. თეკლამ ღრმად ამოისუნთქა და გაუღიმა: _ სავსებით. გმადლობ, რომ დამეხმარე. _ არაფერია.. _ ბიჭმა თავი ჩაქინდრა. _ თეკლა, მე.. _ მოიცა, გაბრიელ, არ გააგრძელო! ბიჭმა გოგოს მზერა გაუსწორა. _ სანერვიულო აღარაფერია. თუ ოდესმე მზად ვიქნები საამისოდ, შენი უიღბლო სიყვარულის ისტორიას მოვისმენ, როგორც შენი მეგობარი, _ გოგოს თვალები უცინოდა. _ მაგრამ დღეს ამის სურვილიც არ მაქვს. მშვიდად იყავი, მივხვდი, რომ არც მე მყვარებიხარ ისე, როგორც მეგონა, _ გაბრიელი გაოცებული უცქერდა. _ არასოდეს ვყოფილვართ ისეთი წყვილი, როგორიც უნდა ვყოფილიყავით. ჩვენ ერთმანეთს მშვიდობიანად ვეგუებოდით, მაგრამ არ გვქონია.. ცეცხლი. ჩვენ შორის არასოდეს ყოფილა სიყვარულის ცეცხლი. ვფიქრობ, ისედაც დავშორდებოდით, ცოტა რომ არ დაგეჩქარებინა ეს. გაბრიელს აშკარად გულზე მოეშვა. _ იმედი მაქვს, გულწრფელი ხარ ახლა, თეკო, არ მინდა, რომ ჩემი დანახვა დისკომფორტს გიქმნიდეს და ..შენი ბედნიერება გამიხარდება. _ ვიცი, გაბრიელ. შენ არასოდეს ყოფილხარ ბოროტი მამაკაცი, ამიტომაც მომწონდი ამდენ ხანს, _ ქალმა გადაიკისკისა. _ ისე, როგორ აგაფორიაქეთ ყველანი? სკოლაში კიბეზე რომ დავგორდი, მას მერე არ განმიცდია ამ მომენტის სიამე. _ გადარეული ხარ, _ გაბრიელსაც გაეღიმა. _ გავალ ახლა, დაისვენე. კარვიდან გაძრომა დააპირა, მაგრამ თეკლას ხმამ შეაჩერა. _ ის ბედოვლათი სადაა? _ ვინ? _ მსოფლიოს საუკეთესო დარტყმის ავტორი ,,წრეში ბურთში“. _ არ ვიცი.. ნახვა გინდა? _ დაუძახე, თუ არ შეწუხდები. ლამის მომკლა და ახლა ნახვასაც აღარ კადრულობს. გაბრიელი გარეთ გავიდა. მშვენივრად იგრძნო თეკლას ირონიაში მცირეოდენი სითბოს მარცვლებიც. ამან თავი კიდევ უფრო უკეთ აგრძნობინა და შოთას მოსაძებნად გაეშურა. გამოსვლისთანავე კინაღამ დაეჯახა მერიემს. _ როგორ არის? _ უკეთაა, თუ გინდა, შედი. _ არა, იყოს, რადგან უკვე გავიგე, როგორაა, აღარ შევაწუხებ, დაისვენოს. _ ჰო, რავი.. შენ? _ ჰა? _ შენ-მეთქი? _ რა მე? _ შენ როგორ ხარ? _ ნორმალურად, გმადლობ. _ სულ ასე უნდა მელაპარაკო, მერიემ? _ ნამდვილად არაა საუკეთესო ადგილი ჩვენი ურთიერთობის გასარჩევად! _ ვაა, ვაა, ამას ნამდვილად აღარ ველოდი, _ ეს თეკლა იყო, მუცელზე ჯერაც ხელს იჭერდა ტკივილის დასაამებლად, უცნაური გამომეტყველებით უცქერდა წყვილს. _ ამას მიმალავდით? _ თეკლა, ჩვენ.._ მერიემი აირია. _ გამოდის იმ დღეს, წვეულებაზე, შენ ამიტომ დაგაგვიანდა და მერე საერთოდ მიმატოვე იქ? _ გამაღიზიანებლად წყნარად მიმართა თეკლამ გაბრიელს. _ ჩემი ხელით.. თავად გაიძულე, ყოფილი შეყვარებული გაგეცილებინა და მერე საერთოდ მიმაგდე. _ ახარხარდა. _ რა გინდა, მერიემ. ლანგრით მომირთმევია შენთვის საყვარელი კაცი. _ თეკო, ასე არაა, მოიცა. _ გაჩუმდი, გაბრიელ! შენი ხმის გაგონებაც კი ზიზღს მგვრის და, მით უფრო, ასე ნუ მიწოდებ. არ გაქვს უფლება, ასე დამიძახო, გესმის? რატომ არ წახვედი უფრო ადრე მასთან? რატომ მაძლევდი საშუალებას, მგონებოდა, რომ გიყვარდი? რატომ არ დამშორდი? თავს კომფორტულად გრძნობდი ჩემ გვერდით, მაგრამ როგორც კი ის დაბრუნდა, ან, საერთოდ რატომ წახვედი, მერიემ? შენ წახვედი, ესე იგი, მიატოვე ბიჭი, მაგრამ მერე რა, ხომ ხედავ, გამოჩნდი თუ არა, ფინიასავით გამოგეკიდა უკან. მაინც როგორ ხარ ასეთი უთავმოყვარეო კაცი? _ თეკლა, გეყოფა! არც იცი, რას ლაპარაკობ. _ გაბრიელმა მისკენ წაიწია. _ შენ რა უფლება გაქვს, გამაჩუმო? გულისამრევი, გამორჩენაზე მყოფი კაცუნა ხარ, მრცხვენია საკუთარი თავისა, შენ გვერდით რომ აქამდე ვიყავი. _ შეწყვიტე-მეთქი, თეკლა. რომ დამშვიდდები, კიდევ უფრო შეგრცხვება! _ ზრუნავ კიდეც? რა საყვარელი ხარ. და შენ? რა იყო, ასე დიდხანს გაგყვა იმდროინდელი წყენა? _ ახლა მერიემს მიუბრუნდა. _ როგორც კი შანსი მოგეცა, შური იძიე. კმაყოფილი ხარ? _ თეკლა, მე არ ვარ გაბრიელთან ერთად, არც ვიქნები, ტყუილად ნერვიულობ. _ ურცხვად მატყუებ კიდევ.. შენ ვინ ყოფილხარ. _ ტყუილი არაფერში მჭირდება. დაიჯერებ თუ არა, შენზეა. კი, ადრე ერთად ვიყავით, მაგრამ დიდი ხანია, ეს წარსულს ჩაბარდა და თქვენი დაშორების მიზეზი მე არ ვარ. გაბრიელს სახე გაუხევდა. მერიემს გაბრაზებულმა გახედა და მერე თეკლას უთხრა: _ სინამდვილეში არც არაფერი დამთავრებულა და არც დამთავრდება. აქ რომ არ დამდგარიყავი და ისტერიკა არ მოგეწყო, არასოდეს დაგელაპარაკებოდი ასე, მაგრამ უკვე ყელში ამომივიდა. დიახ, მე მიყვარს ეს ქალი და ამასაც ვუყვარვარ, უბრალოდ ეშინია. ამ შიშს მე მოვუვლი. რაც შეგეხება შენ, არასოდეს მდომებია, თავი გამოყენებულად გეგრძნო და ძალიანაც მსიამოვნებდა შენთან ყოფნა, მაგრამ ეს იყო სასიამოვნო ოჯახური სიტუაცია და არა _ სიყვარული. ვწუხვარ, რომ ამის მისახვედრად ამდენი დრო დამჭირდა, მაგრამ მივხვდი და ამით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, შენც უნდა იყო. ამიერიდან უფრო ყურადღებით იყავი და იქნებ კიდეც მიხვდე, ვის უყვარხარ. ჩვენ კიდევ, _ მერიემს მიუბრუნდა. _ ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი._ გოგოს ხელი სტაცა და წაიყვანა. მერიემს შერცხვა კურსელებისა, რომლებიც იქვე ახლოს კოცონის ასანთებად ფიჩხებს აგროვებდნენ და მდუმარედ დაემორჩილა. უკვე ძალიან აღიზიანებდა ეს სიტუაცია. კარვის შესასვლელთან იდგა თეკლა და ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა. თავი მაინც ვერ მოთოკა. მისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა დიალოგი, წოლისას რომ შემოესმა და ვერაფრით შეძლო, არ გაემჟღავნებინა, რომ ესმოდა. გაბრიელის მიმართ სულ ოდნავ სევდანარევ სითბოსღა გრძნობდა, მაგრამ მიტოვებული ქალის სტატუსი ახრჩობდა. ახლა კი, რომ მიხვდა, ვის გამო მიატოვეს, თავი კიდევ უფრო დამცირებულად იგრძნო, კიდევ უფრო ეტკინა გული. ,,შოთა უნდა ვიპოვო, დამპირდა, გაბრიელთან ერთ წუთსაც არ დაგტოვებო, ბურთი ჩამაზილა და სად წაეთრა, ღმერთმა იცის. ესეც მაგარი ვინმეა,რა“ _ ბუზღუნით მიიკვლევდა გზას ხეებს შორის. დიდხანს სიარული არ დასჭირვებია. ბიჭი ტბის პირას იჯდა და ხედს გასცქეროდა. თეკლა შეჩერდა. კადრი მოეწონა. გაიფიქრა, ამ სცენას კარგად დავიმახსოვრებ და, სახლში რომ დავბრუნდები, უეჭველად დავხატავო. _ ასე უნდა? _ გოგოს ხმაზე შოთა არ შერხეულა. _ სასიკვდილოდ დაჭრილი მიმატოვე ბრძოლის მოედანზე და თავს გაქცევით უშველე. _ ბიჭის გვერდით ჩამოჯდა. _ ამასობაში მე კიდეც გამოვჯანმრთელდი და თავიდანაც გავხდი ავად. წარმოგიდგენია? გაბრიელი მერიემის გამო დამშორდა. ერთად არიან. ჩემი ძველი მეგობარი და შეყ.. ყოფილი შეყვარებული. ეი, შოთი, მისმენ? _ მხარი გაჰკრა ბიჭს. შოთამ ღრმად ამოიოხრა და მისკენ შებრუნდა. საოცრად სევდიანი თვალები ჰქონდა: _ ოდესმე დაივიწყებ? _ ჰა? _ ოდესმე დაივიწყებ-მეთქი გაბრიელს? თეკლა დაიბნა: _ მე.. მე ხომ გითხარი. ვცდილობ, უნდა დავივიწყო როგორმე. შოთა ფეხზე წამოდგა. _ ცდილობ? საოცარი მცდელობაა. მოხვედი აქ და განიხილავ, თურმე ვისთან ერთადაა შენი ყოფილი. ფაქტობრივად, დაივიწყე და ეგაა. _ ასე ნუ მელაპარაკები! _ როგორ ასე? აბა, როგორ გელაპარაკო? გითხრა, რომ კარგი გოგო ხარ, რადგან აკონტროლებ, ვისთან დადის შენი ბიჭი? უკაცრავად, ყოფილი შენი ბიჭი. _ შოთამ ხმას აუწია. თეკლა გაოცებული უყურებდა. _ კარგი, ჯანდაბას, ვიქნები შენ გვერდით, ავიტან მასზე წუწუნსა და დარდსაც, მაგრამ როდემდე? ან რისთვის? იმის მაგივრად, რომ თვალები გაახილო და შენს რეალობას შეხედო, რაღაც დრამას დგამ და ამ დრამაში ბედნიერად აგრძელებ ცხოვრებას. _ უსამართლო ხარ! შოთას გაეცინა: _ კარგი. _ რა კარგი? _ კარგი. _ საერთოდ რატომ აძლევ საკუთარ თავს ამდენის უფლებას? ვინ გგონია თავი? _ შოთა მიქაცაძე ვარ, არც მეტი და არც ნაკლები, _ ბიჭი უღიმოდა. ირონია, ბრაზი, წყენა და სიყვარული ერთდროულად უციმციმებდა თვალებს. _ რა იყო, არ წავა? _ შეწყვიტე! _ რა შევწყვიტო? _ ნერვებს ნუ მაწყვეტ.. _ თეკლას ხმა ჩაუწყდა. ერთბაშად მოიღალა. ბრძოლის თავი აღარ ჰქონდა. თან იმასაც ხვდებოდა, რომ შოთა მართალი იყო. თავი ჩაქინდრა. მხრებში მოიკუნტა და იქით გაუყვა გზას, საიდანაც მოვიდა. შოთას სახე შეეცვალა. იგრძნო, რომ ცოტა ზედმეტი მოუვიდა და დააპირა, შეეჩერებინა, მაგრამ მერე რატომღაც თავი შეიკავა, ამოიხვნეშა და ისევ იქ ჩამოჯდა, სადაც თეკლას გამოჩენამდე იყო. _ გაბრიელ, მოიცა, ასე ნუ მიმათრევ, გაბრიელ! ბიჭს მტკიცედ ჩაებღუჯა მერიემის ხელი და შეჩერებას აშკარად არ აპირებდა. _ გაბრიელ, სირცხვილია, რა გჭირს! _ მერიემს უკვე ძალიან აბრაზებდა ეს ყველაფერი. როგორც კი ცოტა თვალს მიეფარნენ, ხელი გამოგლიჯა. _ შენ, რა, არ გესმის? ზრდასრული ადამიანებივით რომ მოვიქცეთ და ისე ვილაპარაკოთ, არ შეიძლება? _ რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ მე აქ ჩემ გარდა ზრდასრულს ვერავის ვხედავ! _ გაბრიელმა აქეთ-იქით ცერემონიულად მიმოიხედა. _ ჰო, აშკარად არავინაა. _ ხომ ვისაუბრეთ, არა? მეგონა, რომ ყველაფერი გავარკვიეთ და მიხვდი,რა იქნებოდა სწორი.. _ შენ რატომ წყვეტ, ჩემთვის სწორი რა არის? რატომ თვლი, რომ სწორად წყვეტ? _ შენ მე დამპირდი.. _ დაგპირდი და ვასრულებ კიდეც, _ გოგოს საუბარს არ აცდიდა._ მაგრამ შენ რას აკეთებ? თავს იმართლებ თეკლასთან, თან როგორ.. _ თავის მართლება არაფერ შუაშია. რატომ უნდა ფიქრობდეს არასწორად? _ ის ნამდვილად არასწორად ფიქრობს, მაგრამ შენ რაც უთხარი, მართალია? _ რას გულისხმობ? _ მშვენივრად მიხვდი, რაზედაც ვამბობ! _ ვერა, ვერ ვხვდები. _ ხელები გადააჯვარედინა და ისე ახედა ბიჭს. _ ჩემს მოთმინებას რატომ ცდი? _ მინდა, რომ შემეშვა. გაბრიელი შედგა. ერთხანს დუმდა. მერე გაცილებით მშვიდად თქვა: _ მეგონა, რომ რამის შეცვლა გინდოდა. მომეჩვენა, რომ ისევ გიყვარდი. ახლა კი ვრწმუნდები, რომ არც მაშინ გყვარებივარ. ნამდვილად არ ვიდგები აქ და არ გავაგრძელებ თავის დამცირებას. ბედნიერებას გისურვებ შენს სიამაყესთან ერთად. ბიჭმა სწრაფად აქცია ზურგი მერიემს. გოგოს თვალები აუცრემლიანდა. _ მოიცა! გაბრიელი შედგა. ნელა შემობრუნდა და მერიემს შეხედა. _ ძალიან მიჭირს.. ძალიან ბევრი რამ გავიარე და ამით შენ გვერდით სუნთქვაც კი მიძნელდება. არჩევანი არ მქონდა, მაგრამ ეს არ მამართლებს. მე გიღალატე.. ჩემს თავს ვუღალატე. მიჭირს, _ გოგო თითქმის ქვითინებდა. _ მაგრამ არ მინდა, რომ შემეშვა. არ მინდა, რადგან, თუ შენ წახვალ, თუ აღარაფრის იმედი მექნება შენთან დაკავშირებით, მე მოვკვდები.. ეს მე ბოლოს მომიღებს. გაბრიელს სახე დაეძაბა. სწრაფად დაფარა მანძილი მერიემამდე და მაგრად მოეხვია. _ არ გამიშვა.. არ მომცე უფლება, რომ ისევ გავიქცე, _ გოგო მთელი ძალით უჭერდა ხელებს მკლავებზე და ისევ ტიროდა. _ შენ გარეშე სიბნელეა. ყოველთვის ასე იყო. პასუხად კიდევ უფრო მაგრად მიიკრეს გულზე და მალე შუბლზე ცხელი კოცნაც იგრძნო. მეორე დილით თეკლა თავს შედარებით უკეთ გრძნობდა. კარვიდან ერთერთი პირველი გამოძვრა. ადრე გაღვიძება ყოველთვის სიამოვნებას ანიჭებდა. მეგობრებს სიცილით ეუბნებოდა ხოლმე თქვენზე ორჯერ მეტი ცხოვრების გავლას ვასწრებო. სუფთა ჰაერით აივსო ფილტვები. ჟაკეტის კაპიუშონი თავზე წამოიმხო, ყურსასმენებიც გაიკეთა და ფეხით გაუყვა გზას ტყისკენ. ბევრს ფიქრობდა. ყველაფერზე. ძალიან უჭირდა ცვლილებებთან შეგუება. ერთი წამითაც კი არასოდეს დაუშვია გაბრიელთან დაშორება. გაიხსენა წინა საღამო და მიხვდა, რომ არასწორად მოიქცა. ამ ისტერიკებით მხოლოდ თავს იზიანებდა და ახლა გაბრიელის რცხვენოდა. ფიქრების საპასუხოდ თავი ბრაზით გადააქნია. ეს როგორმე უნდა გამოესწორებინა. უბრალოდ იმდენად გააოგნა იმ ამბავმა, რომ მერიემის გამო დაშორდა. არა, ესეც არ ამართლებდა. ამ ფიქრებში გართულს საწყალობელი წკმუტუნი შემოესმა. გარემოს დააკვირდა და ხმის მიმართულებით მექანიკურად დაიძრა. ვერაფერს ხედავდა, ხმა კი უფროდაუფრო ახლოვდებოდა. ცოტაც და გაარჩია. ტბაში, ნაპირისგან არც ისე შორს, შავი ლეკვის თავი მოჩანდა. პატარა გამწარებული იბრძოდა სიცოცხლისთვის, მაგრამ ამას ვერც ისე წარმატებით ახერხებდა. თეკლა მისკენ გაიქცა. ჯერ ჯოხს დაუწყო ძებნა, მერე თავს გაუბრაზდა, ადამიანი ხომ არაა, მოეჭიდოსო. ბევრი აღარ უფიქრია. ტანსაცმლითვე შეტოპა წყალში. _ მოიცა, პატარა, ცოტაც მოიცა, ახლავე გიშველის თეკო დეიდა, _ ძაღლს ელაპარაკებოდა და ტბის სიღრმისკენ მიიწევდა. წყალი უკვე წელამდე სწვდებოდა. ძაღლმა რომ დაინახა, მისკენ წამოიწია წკმუტუნით. _ მოდი, მოდი, ცოტა შენც მომეხმარე. მოცურე, აი, ეგრე, ცოტა მოცურე, მეგობარო, _ ოდნავ წინ გადაიხარა და ხელი გაიწვდინა ძაღლისკენ. წყალი თითქმის მკერდამდე მისწვდა. ცოტაც და ლეკვიც ხელებში მოიქცია. სულ გაყინულიყო, დაღლილი ერთბაშად გაისუსა. თეკლას გაეღიმა. ნაპირისკენ დაიძრა და ძაღლის საყელურს მოჰკრა თვალი. იმ ადგილთან ახლოს ტივტივებდა, სადაც ლეკვი დაინახა თავიდან. _ ოი, მოიცა, ბარემ გაგიყვანო. როგორ გამოექეცი პატრონს, არა გრცხვენია? _ ელაპარაკებოდა და თავზე ეფერებოდა. ძაღლი ნაპირზე დატოვებულ სქელ და მშრალ ჟაკეტში გაახვია. სითბოთი ნასიამოვნები ცხოველი უცნაურ ბგერებს გამოსცემდა. იფიქრა, საყელურს დავტოვებო, მაგრამ მერე მაინც შებრუნდა წყალში. რამდენჯერმე ეგონა, რომ მისწვდებოდა, მაგრამ წყალმა უფრო დააშორა. ფეხით კარგად სინჯავდა ნიადაგს, სანამ წინ წავიდოდა. კიდევ ერთი ნაბიჯიც და აიღებდა. გაიწია და თითების წვერებით შეეხო თოკს. დაიჭირა კიდეც და ფეხი აუცურდა. შეკივლებაც კი ვერ მოასწრო, პირი წყლით აევსო. ხელები უღონოდ აასავსავა _ თეკლამ ცურვა არ იცოდა. მთელი ტანით ცდილობდა ზემოთ ასვლას, მაგრამ გრძნობდა, უფროდაუფრო ეშვებოდა. ფილტვებში მწარე ტკივილი იგრძნო და ბრძოლა შეწყვიტა. ასე უფრო იოლი იყო. თვალები დახუჭა.. შოთამ გაიღვიძა თუ არა, თეკლას მოსაძებნად გაეშურა. მიხვდა, რომ მეტისმეტი მოუვიდა. მართალს ეუბნებოდა, მაგრამ ასეთი აგრესიული მიდგომით მხოლოდ თავს შეაძულებდა ქალს. მის კარავთან მისულს კარი ნახევრად ჩაღებული დახვდა. იცოდა, თეაკოსაც აქ ეძინა და ხმადაბლა უძახდა თეკლას. ბოლოს ისევ თეაკომ უპასუხა: _ ვინ ჯანდაბა ხარ და რატომ მაღვიძებ ამ შუაღამისას? შოთას გაეცინა: _ შოთა ვარ და სხვათა შორის, უკვე რვა ხდება, გააღვიძე თეკლა რა, საქმე მაქვს. _ რა საქმე აქვს, ნეტავ, ამ დილაუთენია, _ წუწუნს აგრძელებდა თეაკო. _ აქ არაა, ბიჭო. _ არაა? _ წარბები შეკრა შოთამ. _ არაა, _ კარვიდან თეაკოს აჩეჩილი თმები და ძილისგან შეშუპებული თვალები გამოჩნდა. _ ეტყობა, შენსავით ადრე უნდოდა გასეირნება და გაძვრა. _ მხრები აიჩეჩა ბოლოს. _ უფლება მაქვს, ცოტა კიდევ დავიძინო? შოთა შეფიქრიანებული იდგა. _ აა, ჰო, ჰო, ბოდიში, რა, თეაკო. წავედი, ვიპოვი, შეგაწუხე. _ ნამდვილად შემაწუხე, ვიძინებ, აბა ჰე. _ გოგო უკანვე შეძვრა და კარვის კარი ხმაურით ჩაკეტა. შოთას ეღიმებოდა მის ძილისგუდობაზე. მერე სწრაფად გაიაზრა, რომ თეკლა უნდა ეპოვა და ტყისკენ დაიძრა. ნახევარი საათის უშედეგო ბოდიალისა და ძახილის შემდეგ უკვე უკან აპირებდა დაბრუნებას, როცა უცბად ძაღლის წკავწკავი შემოესმა. ხმას გაყვა და ცოტახანში ლეკვსაც მოჰკრა თვალი, თბილ ჟაკეტზე წამოგორებულს. წამიც და ჟაკეტი იცნო. გოგო არსად ჩანდა. კიდევ ბევრჯერ დაუძახა, მაგრამ პასუხს არ სცემდა. გადაწყვიტა ტბის ნაპირებს გაჰყოლოდა, ფიქრობდა, სადმე აქვე იქნებაო. თუმცა ყოველ წამთან ერთად უფროდაუფრო ემატებოდა მღელვარება. უკვე მისი პოვნის იმედი გადაეწურა და დაინახა კიდეც... პირველად მისი ლამაზთითებიანი, თეთრი ხელი, რომელიც ახლა კიდევ უფრო თეთრი ჩანდა. მერე მისი ყავისფერი თმა, რომელიც ნახევრად ჯერაც წყალში ტივტივებდა. კაფანდარა სხეულით სახით ჩამხობილიყო ტბის მღვრიე წყალში ნაპირთან ახლოს. ცალი ხელით ხმელეთს ხანდახან ეხებოდა და გრძელი, მოვლილი ფრჩხილები სულ ავსებოდა შლამით. შოთას გული გაუჩერდა. ორ ნაბიჯში მივარდა ქალთან. წყალში შეტოპა და მისი სხეული გადმოაბრუნა. ნანახისგან შოკირებულს ისევ ხელიდან გაუვარდა და ხმაურით დაეცა წყლის ზედაპირზე. თავიდან დაიჭირა და გულზე მაგრად მიიკრა. ტუჩები ხავსისფერი გახდომოდა გოგოს, გრძელი წამწამები ერთმანეთზე მიკვროდა. უღონოდ ესვენა კაცის ხელებზე. ბიჭი იდგა მუხლამდე წყალში, იხუტებდა უსულო სხეულს და არაფერს ამბობდა. გოგოს მაჯაზე რაღაცას მოჰკრა თვალი. ძაღლის საყელური იყო. შოთას გაეცინა. ჯერ ხმადაბლა, მერე ხმამაღლა ახარხარდა. მდუმარე ტყეში მისი სიცილი ექოს მიჰქონდა. თანდათან სიცილს ცრემლები მოჰყვა და არაამქვეყნიურ ღრიალში გადაიზარდა. ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდა. ბოლოს ნელი ნაბიჯით გამოვიდა ნაპირზე. გოგო დააწვინა. ლეკვს მიუახლოვდა. ის ისევ განწირული ხმით წკმუტუნებდა. სველი ხელი თავზე გადაუსვა. საყელური ყელზე დაუმაგრა და მაჯაზე მოიხვია. თანდათან ავიწროებდა ყულფს ლეკვის ყელზე. ძაღლი აფართხალდა. შოთა უემოციო გამომეტყველებით იცდიდა და ჰორიზონტს გასცქეროდა. ბოლოს ლეკვმა ხროტინი ამოუშვა, ერთი აცახცახდა და მოძრაობა შეწყვიტა. შოთამ იქვე დატოვა. თეკლას სხეულს ჟაკეტი მოახურა. თმებზე ეფერებოდა და მისიანად დაიძრა კარვისაკენ. უკვე ყველას ეღვიძა, საუზმეს ამზადებდნენ და ფუსფუსებდნენ. პირველად თეაკომ შეამჩნია ერთიანად გალუმპული, თვალებჩასისხლიანებული ბიჭი, რომელსაც ხელებზე სახეგალურჯებული ქალი ესვენა. გოგოს კვნესა აღმოხდა. შოთა მტკიცე ნაბიჯით დაიძრა კოცონთან და იქვე ჩაჯდა. კურსელები მისცვივდნენ. ზოგი შოკისგან დუმდა, აქა იქ ჰაერი შეკივლებამ გააპო. _ ჩშშშ! _ თითი პირთან მიიტანა ბიჭმა. _ სძინავს და სცივა, შეშა დაამატეთ ცეცხლს. _ თეკლას გაყინულ სხეულს გულზე იკრავდა და ოდნავ არწევდა. გაბრიელი და მერიემი ახლაღა მოვიდნენ. მერიემი მუხლებზე დაეცა. გაბრიელმა თავში ხელები წაიშინა: _ არა, არა, თეკო, არა... თითქოს ამას ელოდაო, შოთამ მისი ხმის გაგონებაზე მძულვარებით სავსე გამომეტყველებით მოაბრუნა თავი. ცხედარი იქვე დაასვენა და ფეხზე ბანცალით წამოდგა. გამწარებულ გაბრიელს მიუახლოვდა და მთელი ძალით დაარტყა. ბიჭს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მერიემმა შეჰყვირა. ძირს დაგდებულს შოთა მთელი ძალით სცემდა. ბოლოს ბიჭებმა გააშველეს. _ ჩათვალე, რომ შენც მოკვდი დღეს თეკლასთან ერთად. ამის მერე მაინც განატრებინებ სიკვდილს. ყოველ წამს ინატრებ და ვერც მოკვდები. შენს სიცოცხლეს ჯოჯოხეთად ვაქცევ, ისევე, როგორც შენ უქციე ჩემს საყვარელ ადამიანს ცხოვრება ჯოჯოხეთად._ კბილებში გამოსცრა შოთამ. გაბრიელი სახიდან სისხლს იწმენდდა და დუმდა. 10 წლის შემდეგ _ ადექი, გაბრიელ, ადექი, კესანეს როგორ გავაგებინო, რომ სკოლაში აგვიანებს, როცა შენც ზუსტად ისეთივე ძილისგუდა ხარ. _ მერიემი ნაზად ანჯღრევდა მეუღლის ძლიერ მკლავს. წლებს კიდევ უფრო დაემშვენებინა. ფორმები უფრო ქალური გახდომოდა. გაბრიელმა ზანტად გაახილა თვალები. შეხედა ცოლს, რომელიც უკვე სამსახურში წასასვლელად გამოწყობილიყო და ოხრავდა, რადგან ვერაფრით აღვიძებდა ქმარ-შვილს. ყოველ სამუშაო დღეს იგივე მეორდებოდა. წელზე მოხვია ხელი ცოლს და ქვეშ მოიქცია მისი წუწუნისდა მიუხედავად, ტანსაცმელი დამეკუჭებაო. ჯერ ცხვირზე აკოცა, მერე ყელზე და ბოლოს ლოყაზე უკბინა. მერიემი წუწუნებდა, მაგრამ თავის დაძვრენის ნაცვლად უფრო ეკვროდა ქმარს. ცოტახანში ოთახში კესანეს ხუჭუჭა თავიც გამოჩნდა. გრძელ ღამის პერანგში სასაცილოდ მოუჩანდა კნაჭა ფეხები. გაექანა და მშობლებს ზემოდან დაეცა, რასაც გაბრიელის კვნესა მოჰყვა: _ კესარია, ძვირფასო, ერთი ასეთი ნახტომიც და ცხოვრებას მამის გარეშე გააგრძელებ. კესომ შუბლი შეკრა, ბალიში აიღო და მამას გაუქანა, მერე ისევ მუცელზე დაახტა: _ კესარია არ ვარ, მე კესუნა ვარ, კესუნა! _ კესუნა კი არა, კესანე ხარ, შვილო, კესანე! _ ახლა მერიემიც ჩაერთო დიალოგში. _ კესუნა ვარ! _ გოგო გაიბუსხა და საწოლის კუთხეში ხელებგადაჯვარედინებული მიჯდა. მერიემმა და გაბრიელმა ერთმანეთს შეხედეს. ეცინებოდათ. ბოლოს მერიემმა უთხრა ისევ: _ კარგი, კესუნავ! ადე, უნდა ჩაგაცვა, ვაგვიანებთ. _ კესარია აღარ დამიძახოს! _ თითი აიქნია მამის მისამართით. გაბრიელი უკვე სიცილისგან იგუდებოდა. _ როგორც ინებებთ, პატარა კესარია! _ დედააააააა.. _ კარგი, გაბრიელ, ნუ აწვალებ ბავშვს... ყოველი დილა ერთნაირად სასიამოვნოდ იწყებოდა მათს ოჯახში. მერიემი ვერასოდეს წარმოიდგენდა, ამხელა ბედნიერება თუ არსებობდა და თუ მას ეღირსებოდა. თეკლას ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ ერთ თვეში შოთა საზღვარგარეთ გადაიხვეწა. ერთხანს მერიემს ეშინოდა მისი დაბრუნებისა, ელოდა ჟანის გამოჩენასაც, მაგრამ მერე თანდათან დამშვიდდა. ძველი მეგობრის დაღუპვის გამო თავსაც იდანაშაულებდა და გაბრიელთან მთელი წლის განმავლობაში დისტანცირებულ ურთიერთობას ინარჩუნებდა. გაბრიელიც განიცდიდა. ბოლოს ორივემ გადაწყვიტა, რომ საერთო ტკივილს ერთადვე უნდა მორეოდნენ და დაქორწინდნენ. მას მერე, რაც გაირკვა, რომ თეკლას სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო და არა სუიციდი, ცოტა ორივემ ამოისუნთქა. შეიძლება ითქვას, აღარ ახსოვდათ ის ტანჯვა, რაც ერთად და ერთმანეთის გარეშე გაიარეს. კესანეს დაბადებამ კიდევ უფრო გაალამაზა მათი ყოველდღიურობა. მერიემი სილამაზის სალონს ფლობდა. მუშაობას სწორედ იმ დროს ამთავრებდა, როცა კესანე _ გაკვეთილებს. იმ დღესაც სწრაფი ნაბიჯებით შევიდა სკოლის შენობაში. ცოტა ხანში კი ელდა ეცა: ბავშვი იქ არ დახვდა. შეშფოთებულმა მასწავლებელმა უთხრა, გოგო ახალგაზრდა კაცმა წაიყვანა, რომელიც თქვენს ძმად გაგვეცნოო. _ მე ძმა არ მყავს! _ როგორც იქნა, ხმა ამოიღო ქალმა. ტელეფონს ეცა და გაბრიელთან დარეკა, თან ყვიროდა. _ ვის გაატანეთ ჩემი შვილი, ხომ შეიძლებოდა ჯერ ჩემთან დაგერეკათ. ალო, გაბრიელ, ვიღაცამ კესო წაიყვანა, გესმის? არა, არ ვიცი, სკოლაში ვარ და თავი ჩემს ძმად წარუდგენია._ ახლა მასწავლებელს მიუბრუნდა. _ როგორ გამოიყურებოდა? დროზე მითხარით, როგორია ის კაცი. ქალი კანკალებდა: _ შავგვრემანი მამაკაცია, დაახლოებით თქვენი ასაკისა იქნება, ალბათ. _ ისაა, გაბრიელ... ისაა, დაბრუნდა და შვილი წაგვართვა, _ ქალს ხმა წასვლოდა, იქვე ჩაჯდა და ისე აგრძელებდა ტელეფონზე ლაპარაკს, ბოლოს კი უღონოდ დაუვარდა იატაკზე. გაბრიელიც მალე მოვიდა. ცოლს მოეხვია. მერიემმა ცივად მოიშორა მისი ხელები. კაცმა არ შეიმჩნია. _ პოლიცია უკვე ეძებს. კამერებმა დააფიქსირეს მანქანის ნომერი, მალე იპოვიან. _ ხომ გეუბნებოდი, არ დაშორდე-მეთქი? _ ქალი ფეხზე წამოიმართა. _ იმ დაწყევლილი ათი წლის წინ გეუბნებოდი თუ არა, არ დაშორდე-მეთქი თეკლას? სად გინახავს ვინმეს უბედურებაზე აგებული ბედნიერება? _ მერიემ, სისულელეს ნუ ამბობ, ეს არაფერ შუაშია. ქალი არ უსმენდა. ბოლთას სცემდა დერეფანში: _დაბრუნდა და აასრულებს დანაპირებს, დაგპირდა და აასრულებს. ვაიმე, შვილო, ვაიმე, ჩემო პატარა. ხალხი შეშფოთებული უყურებდა გამწარებულ დედას. პოლიციამ დაკარგული ბავშვის კვალს ორი დღის მერეც ვერ მიაგნო. მერიემი ერთიანად ჩამოდნა. გაბრიელს ზედაც აღარ უყურებდა. კაცი ყველა ღონეს ხმარობდა, რომ შვილი დამოუკიდებლად მაინც ეპოვა, მაგრამ ვერ ახერხებდა. ვერც შოთას კოორდინატები გაარკვია. ის კი დადგინდა, რომ კესოს გატაცებამდე სწორედ ორი დღით ადრე დაბრუნებულიყო ინგლისიდან. მესამე დღეს მერიემს დაურეკეს. ქალმა სასწრაფოდ გააგონა ტელეფონს. გაბრიელი შინ არ იყო. _ შვილის დაბრუნება თუ გინდა, მისი ადგილი შენ უნდა დაიკავო. _ შოთა! _ ხავილი აღმოხდა ქალს. _ კარგია, რომ გახსოვარ, თუმცა მგონია, რომ ამ ათმა წელმა თითქმის დაგავიწყა ჩემი თავი შენც და შენს საყვარელ მეუღლესაც. ბედნიერად ცხოვრობდით, თუმცა ჩემი თეკოს სიცოცხლე შეიწირეთ. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. _ თეკლას სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო! _ გაჩუმდი! _ იღრიალა კაცმა ყურმილში._ ბედავ კიდეც? იქ მოხვალ, სადაც ყველაფერი დაიწყო, სანამ შენი ლამაზი ბავშვი იმ ლეკვივით მიმიგუდია, ისედაც მოთმინება აღარ მყოფნის. _ მერე კესანეს გაუშვებ? _ ტიროდა მერიემი. _ გავუშვებ. შინ მისულ გაბრიელს ცოლი სახლში აღარ დახვდა. ტელეფონზეც არ აგონებდა. უკვე ძალიან ნერვიულობდა, როცა შეტყობინებაც მიიღო: ,,იმ ტბასთან გელოდებით, სადაც ჩემი ცხოვრება შენი ნაბიჭვრობის გამო დასრულდა. შენი ცოლი და შვილი არ ალოდინო. პოლიციას თუ ეტყვი, ცოცხალი არცერთი აღარ დაგვხდება, თორემ მე სულ არ მაღელვებს დამიჭერენ თუ არა. თავისუფალი ათი წელია, აღარ ვარ.“ გაბრიელს სულ უფრო ცოტა რჩებოდა ტბამდე. გაახსენდა, როგორ მიდიოდნენ ათი წლის წინ კურსელები ბანაკში შესანიშნავი დროის გასატარებლად. როგორ დარდობდა იმაზე, მერიემს შეირიგებდა თუ ვერა, თეკლა აპატიებდა თუ ვერა.. თეკლა... ჯანდაბა თეკლა... ასე რატომ უნდა დამთავრებულიყო ყველაფერი? გულის სიღრმეში იცოდა, შოთას ადგილას შეიძლება ანალოგიურადაც მოქცეულიყო და საკმარისად ვერ ბრაზობდა ბიჭზე. უბრალოდ უნდოდა, ცოლ-შვილი გადაერჩინა. მერე? რაც იქნებოდა, იქნებოდა. თავს თვითონაც ვერ აპატია თეკლას სიკვდილი, მასზე ნაწყენი და მისგან განადგურებული ქალის სიკვდილი. იმ ქალისა, რომელთან ერთადაც სარეცელს იყოფდა და რომლის გვერდითაც თავს მშვიდად გრძნობდა ხოლმე. ერთ წამს თავიც შეზიზღდა. ტბის პირას კარავს მოჰკრა თვალი. შოთა მისკენ ზურგით იდგა. კესანე და მერიემი არ ჩანდნენ. _ მოვედი! აქ ვარ, სადაა ჩემი ცოლ-შვილი? შოთა მისკენ ნელა შებრუნდა. სახე მობერებოდა. იმ წამს გაბრიელმა გაიაზრა, რომ ერთი დღეც კი არ გასულა ისე, რომ შოთას მომხდარზე არ ეფიქროს. მხოლოდ მაშინ მიხვდა, როგორ უყვარდა კაცს თეკლა და ამან გულში მძიმედ დაარტყა. შოთა კარვისკენ დაიძრა. ცოტახანში იქიდან ღმუილი გაისმა. გაბრიელი შეხტა. კაცი მერიემს მოათრევდა. გაეკოჭა. ქალს სახე დალურჯებოდა. გაბრიელს ბრაზისგან მუშტები შეეკრა. მერიემი თავს იქნევდა, მაგრამ პირზე აფარებული ნაჭერი საუბრის საშუალებას არ აძლევდა. _ ჩვენს გოგოს რაღაცის თქმა უნდა, გისმენთ აბა, _ შოთამ ნაჭერი მოაშორა. მერიემმა შეჰყვირა: _ ბავშვი აქ არაა, გაბრიელ, ბავშვი აქ არაა, წადი! _ ჩემი შვილი სადაა? გავაკეთებ, რასაც მეტყვი, ოღონდ გაუშვი ისინი. შოთა მდუმარედ, უემოციო სახით უყურებდა. მერე ზიზღით ამოთქვა: _ დაგპირდი, რომ სიცოცხლეს გაგიმწარებდი. მე დანაპირებს ყოველთვის ვასრულებ. თეკლას ვეჩხუბე იცი? სანამ ის დაწყევლილი დღე გათენდებოდა შენზე კიდევ ერთხელ გაბრაზებული მოვიდა ჩემთან გულის გადასაშლელად და მე ხელი ვკარი. ეჭვიანობისგან დაბრმავებულმა თავიდან მოვიშორე და სამუდამოდაც დავკარგე. იცი, რა იყო, როცა მისი გალურჯებული სხეული, სხეული რომელზე ოცნებაშიც წლები გავლიე უსულოდ მესვენა ხელებში? მე ამ სულის გაცნობის სურვილმა ადამიანობა წამართვა და ისე დავკარგე, ვერც მოვასწარი მასთან მისვლა. ეს როგორ უნდა გადამელახა? ათი წელია ვფიქრობ, როგორ ვიძიო შური. ათი წელია გეგმას ვაწყობ და მაინც ვერ მივხვდი, რა აჯობებდა. შენ თეკლას უყვარდი, ამიტომ არ მოგკლავ. მაგრამ იმას წაგართმევ, ვის გამოც ჩემი პატარა გოგო ასე დატანჯე. _ შოთა... _ მოკეტე! შენი შვილი ცოცხალია, აქვე ერთი სახლია და იქ სძინავს მშვიდად. ვიცი, რომ მავნებელია, მაგრამ ბევრი შოკოლადი ვჭამეთ ერთად. გაბრიელი დაძაბული უნდობლად უსმენდა მის სიტყვებს. _ რაც შეეხება შენს ცოლს, ეს დასასრულია. შეგიძლიათ ერთმანეთს დაემშვიდობოთ. _ ეს არ ქნა, გთხოვ, მე მომკალი! შოთა ქალს ტბისკენ მიათრევდა. გაბრიელი მისკენ წაიწია. _ არ გაინძრე! ჩემი კაცი შენს პატარა გოგოს ეგრევე გააგორებს თუ ხელს შემიშლი. მინდოდა არჩევანი შენ გაგეკეთებინა მათ შორის, მაგრამ მერიემმა დაგასწრო და მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მერიემი ტიროდა. _ გაბრიელ, ჩვენს პატარას მიხედე და წადი აქედან, ამას არ უნდა უყურო. _ უნდა უყუროს! მოკეტე, გამოშტერებულო! ცხადია, უნდა უყუროს, შენთან დასამშვიდობებლად არ დამიბარებია._ უკვე ნაპირთან იყო, მერიემს წელზე მოხვია ხელი და წინააღმდეგობის მიუხედავად მისიანად შევიდა წყალში. გაბრიელმა ისევ წაიწია ღმუილით. _ არ დაგავიწყდეს, რომ ჩემი კაცი გვიყურებს, ბიჭუნა. შენი შვილის სიცოცხლე შენზეა დამოკიდებული. მერიემს თმაში ჩააფრინდა და ძირს დაქაჩა. ქალმა წამოიყვირა და მალევე სხეული წყლით დაეფარა, უღონოდ ფართხალებდა. შოთამ უკანვე ამოათრია. ქალი კანკალებდა და ახველებდა. ნაპირზე მდგომი გაბრიელი გამძვინვარებული ცხოველივით ბრდღვინავდა. ვერ ხვდებოდა, რა ექნა. შოთა შეშლილივით იცინოდა. ისევ დასწვდა ქალს და წყალში ჩააგდო, ამჯერად უფრო დიდხანს გააჩერა. წამით გაბრიელს მოეჩვენა, რომ მერიემმა მოძრაობა შეწყვიტა და ტკივილისგან ამოიგმინა, მაგრამ შოთამ ამოიყვანა, ქალის თითქმის უგონო სხეული ესვენა ხელებზე და ისევ იცინოდა, მერე უცბად შედგა. მერიემი თავისკენ მიაბრუნა. თითქოს რაღაცას მიხვდაო, დახედა ქალის გალურჯებულ ტუჩებსა და შეშინებულ თვალებს, თმაზე ხელი გადაუსვა და მერე ცივად მოიშორა. მერიემი იქვე იდგა. გაქცევის აღარც ძალა ჰქონდა, აღარც სურვილი. შოთამ ხელი ჰკრა და გოგო ნაპირთან ახლოს ძირს დაეხეთქა. გაოცებული და შეშინებული უყურებდა ბიჭს. მიქაცაძემ თავში ხელები წაიშინა და ასე იდგა ერთხანს. გაბრიელი და მერიემი ერთმანეთთან მისვლას ვერ ბედავდნენ. _ რა ვქენი ეს,_ აჩურჩულდა კაცი. ჯიბიდან ტელეფონი დააძრო. _ ყველაფერი დამთავრდა. ბავშვი დატოვე და წადი. ჰო, წადი-თქო._ ყურმილი დაკიდა და მობილური შორს მოისროლა. მერე წყვილს ზურგი შეაქცია და წყალში ერთი ნაბიჯი წინ წადგა. _ მოვდივარ, საყვარელო, შენთან მოვდივარ. მაპატიე, რომ ეს ასე გავწელე. _ წამით მობრუნდა და წყვილს მიმართა _ ბოდიშს გიხდით! მაპატიეთ, თუ შეძლებთ. თუ იპოვით გზას, მე აქამდე ვერ ვიპოვე, მხოლოდ ახლა. _ წინ დაიძრა ისევ. _ მოვდივარ, საყვარელო, მოვდივარ ერთადერთო სიყვარულო, მოვდივარ შენთან. როგორ მენატრებოდი, როგორ ვერ მივხვდი აქამდე, რომ ეს იყო ერთადერთი გამოსავალი. როგორ ვერ..._ ბოლო სიტყვები წყალმა გადაფარა. შოთა აღარ ჩანდა. გაბრიელი სწრაფად შევარდა წყალში. შოთას დიდხანს ეძებდა. მისი კვალიც აღარ ჩანდა. მხოლოდ სამი საათის შემდეგ, მაშველებმა მიაგნეს ცხედარს. უჩვეულო ის იყო, რომ დახრჩობამდე გული გაჩერებოდა. კესანეს მართლაც ახლოს ხის სახლში მიაგნეს მშობლებმა. შოთას მისთვის სათამაშოები და თბილი პლედი მიეტანა. ბავშვი შეშინებულიც კი არ იყო და მოწყენილი კითხულობდა, სად იყო მამას მეგობარი ძია, რომელმაც გემრიელი შოკოლადები აჭამა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.