შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ იპოვი გზას (ნაწილი პირველი სრულად)


19-02-2019, 00:34
ავტორი ანაკონდა
ნანახია 11 035

ზოგიერთი ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ იმისათვის ჩნდება, რომ რაღაც გვასწავლოს. ,,გაკვეთილის“ დასრულების შემდეგ კი ისევე სწრაფად იკარგება, როგორც გამოჩნდა. მერიემი ამ აზრს არასოდეს იზიარებდა. გულის კარს ადამიანებს იშვიათად უღებდა და , თუ უღებდა, შიგნით სამუდამოდ იტოვებდა კიდეც. ამის გამო იყო სწორედ , რომ ოცი წლის ასაკში გვერდით ერთი ისეთი მეგობარიც კი აღარ შერჩა, ვისთან ურთიერთობაც ბეწვზე არ ეკიდა, ან არ გაცვეთილიყო ძველი, გადასაყრელი სამოსივით. გაფუჭებული ურთიერთობების კოლექციონერი ვარო, ფიქრობდა ხოლმე და მწარედ ეღიმებოდა. არც ის ესმოდა, პრობლემა სად უნდა ეძებნა. მაშინ, როცა ბოლო დარტყმა აიტანა ადამიანისგან, რომელსაც საუკეთესო მეგობრად თვლიდა, საბოლოოდ მიხვდა: ადამიანებმა მეგობრობის ფასი კი არა, არსიც არ იციან. ნამდვილი და ღრმა გრძნობები კი გაქცევის სურვილს უმძაფრებთ. გულწრფელობისა ისე ეშინიათ, როგორც, ვთქვათ, რომელიმე სტიქიური უბედურებისა. და, რაც ყველაზე მთავარია, ეს ყოველივე აშინებთ, როცა თავად განიცდიან და, მაშინაც კი, როცა სხვები გრძნობენ მათდამი.
ნოემბრის იმ სუსხიან დილით თბილ ჟაკეტში გახვეული მერიემი ამ ფიქრებით მიიკვლევდა გზას უნივერსიტეტისკენ. მესამე კურსზე სწავლა ახალი დაწყებული ჰქონდა და ცოტა ჯერ კიდევ უჭირდა დასვენებას შეჩვეული გონებისა და სხეულის სამუშაოდ მომართვა. ჰოდა, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ კი არ მიდიოდა, მიიზლაზნებოდა. ,,ჩვენი კუც კი ბევრად უფრო სხარტად დაიარებაო“ _ გონებაში გაუელვა და თავის ფიქრებზევე გაეღიმა გოგონას. როგორც იქნა, უნივერსიტეტის შენობასაც მოჰკრა თვალი. სწრაფი ნაბიჯებით შევიდა. ლექცია უკვე დაწყებულიყო, შესაბამისად (და საბედნიეროდ) არავისთან მისალმება აღარ დასჭირვებია. ლექტორის მისამართით ხმადაბლა ჩაიბურტყუნა, ბოდიშიო და ამოჩემებული ადგილისკენ, ფანჯარასთან, სწრაფი ნაბიჯით გაეშურა. ახლოს მისულმა აღმოაჩინა, რომ ,,თავისი“ ადგილი უკვე დაეკავებინათ. ბიჭი, რომლისთვისაც არაერთხელ მოეკრა თვალი უნივერსიტეტის ეზოში სეირნობისას, ან სტადიონზე ფეხბურთის თამაშისას, მის წინ მოკალათებულიყო. ერთი ამოხედა უტეხად, თითქოს თვალებით უთხრა, გიცანიო. აღშფოთებული და გაოცებული მერიემი სწრაფად მიუჯდა გვერდით. თავისუფალი ადგილის ძებნა მეტ დროს წაართმევდა და ლექტორსაც ხელს შეუშლიდა, თორემ ამ ბიჭის დანახვა იმ რამდენიმე წამითაც საოცრად აბნევდა და მთელ ორ საათს მის გვერდით სიამოვებით ნამდვილად ვერ გაატარებდა. ბიჭის აქ დანახვა ძალიან გაუკვირდა. იცოდა, რომ სხვა ფაკულტეტზე სწავლობდა. მერე დაასკვნა, ალბათ, ეს საგანი აინტერესებს და თავისუფალ მსმენელად ესწრებაო. მალევე მიხვდა, რომ ლექტორის ახსნილი მასალიდან ერთი სიტყვაც არ გაუგია და ეცადა, უფრო მეტად მოეკრიბა გონება. სკამზე მოხერხებულად მოკალათდა, ხელებს სახით ჩამოეყრდნო და ტანითაც ლექტორისკენ შებრუნდა. უკვე თითქმის გადაავიწყდა გვერდზე მჯდომის არსებობა, რომ ყურთან ძალიან ახლოს გაიგონა:
_ შენთვის არ უსწავლებიათ, რომ ასე ადამიანისთვის ზურგის შექცევა უზრდელობაა? გოგომ სახე მიაბრუნა. ბიჭი სულ ახლოს მოჩოჩებულიყო და ცინიკურად უღიმოდა. წამები დასჭირდა მერიემს გასააზრებლად (და გასაბრაზებლადაც): _ლექციის მოსმენას ვცდილობ და ხელს ნუ მიშლი, თუ შეიძლება!_ მიახალა, რაც შეეძლო ხმადაბლა და ისევ ზურგი აქცია. _ ,,თქვენობით“ ლაპარაკიც არ გცოდნია, არადა ზრდილობიანი გოგო მეგონე, _ დანანებით ნათქვამი შემოესმა და თან საგულდაგულოდ ჩაწნულ თმაზე მოქაჩვაც იგრძნო. სულ გადაირია მერიემი, ეს თავხედი რას გადამეკიდაო. ისიც კი ვეღარ გაიაზრა, რომ თავად კიდევ უფრო ბავშვურად მოიქცა და გამაღიზიანებელს მთელი ძალით ჩასცხო ფეხსაცმლის ქუსლი ფეხში. თან მოხედა და გაუღიმა. ბიჭმა თავი ვერ შეიკავა და ამოიკვნესა, მერე გოგოს მკლავს თითებით მისწვდა და ძლიერად უჩქმიტა. მერიემი ამას აღარ ელოდა და ხმადაბლა შეჰკივლა ტკივილისაგან. ამ დროს ლექტორის ხმაც მოესმათ:
_ ჟორჟოლიანო და ბერიაშვილო, ახლავე დატოვეთ აუდიტორია!
მერიემი საშინლად გაწითლდა. ჩანთას ხელი დაავლო და თავქუდმოგლეჯილი გავარდა აუდიტორიიდან. მსგავსი რამ არასოდეს დამართნია. სკოლის პერიოდშიც კი არასოდეს დაუყენებიათ კუთხეში. მთელი კურსის წინაშე შერცხვა და ბოღმა ყელში მოაწვა. ბიჭის სიცილი რომ შემოესმა, უკან მოიხედა. მერე მისკენ დაიძრა. ის კი უკვე თითქმის ხარხარებდა, მერიემის ცრემლებითა და ბრაზით სავსე თვალებს რომ შეხედა, ისე სწრაფად შეწყვიტა სიცილი, თითქოს ეკრანს ფარდა ჩამოაფარესო. გოგოს მხრებში ხელი ჩაავლო, წელში მოიხარა ( ოდნავ მაინც რომ შეემცირებინა მანძილი თითქმის ორი თავით დაბალთან) , რამდენიმე წამით თვალებში შეცბუნებული უყურებდა, მერე ჰკითხა:
_ რა გატირებს, პატარა სულელო? პასუხმა მარჯვენა ლოყა აუწვა.
_ ჩემთან დალაპარაკება კი არა, გამოხედვაც აღარ გაბედო, შენ... შე უტიფარო ბიჭო!
გაბრიელი გაბრაზდა, მერე გაოგნდა: პირველად გაარტყეს. ამასობაში მერიემმა ზურგი აქცია და უნივერსიტეტის დერეფანში გაუჩინარდა. რამდენიმე დღის განმავლობაში მერიემს ერთხელაც კი აღარ მოუკრავს თვალი ბიჭისათვის. სამაგიეროდ მის საძმოს ხედავდა ხშირად. ისინიც ისე გამოაყოლებდნენ ხოლმე თვალს, თითქოს ან ახლა მიესალმებიან, ან ახლაო. მაგრამ მსგავსი არაფერი ხდებოდა. დაღლილობასთან ერთად გოგო უჩვეულო გაღიზიანებასაც გრძნობდა და ცდილობდა, ეზო სწრაფად გადაეჭრა. იმ დღეს ერთი ლექცია გაუცდა და სამსაათიანი თავისუფალი შუალედი გამოუჩნდა. ჯერ დააპირა, სწრაფი კვების ობიექტში გაეტარებინა ეს დრო, მაგრამ მალევე მოაგონდა, რომ საკუთარ თავს დაჰპირდა, ნაკლები მავნე საკვები ეჭამა და დედის მიერ გამოგზავნილ თანხასთანაც უფრო მომჭირნედ მოქცეულიყო. ჰოდა საყვარელი კაპუჩინო პლასტმასის ფინჯნით მიწისქვეშა გადასასვლელში შეიძინა, უნივერსიტეტის ეზოს ბოლოს პატარა მომრგვალებულ მინდორზე ჩამოჯდა, ჩანთიდან წიგნი ამოაძვრინა და კითხვას შეუდგა. ცოტა ხნის მერე იგრძნო, რომ ვიღაც უყურებდა. მიმოიხედა, გაზონების მიღმა რამდენიმე სტუდენტს მოჰკრა თვალი. ახალგაზრდებს არ იცნობდა. ერთმანეთთან საუბარში გართულიყვნენ და მერიემისკენ არცერთი არ იყურებოდა. გოგონამ გადაწყვიტა, რომ მოეჩვენა და კითხვა განაგრძო. ცოტა ხნის მერე ისევ იგრძნო დაჟინებული მზერა. ამან შეაწუხა, სწრაფად შეაგროვა ნივთები და წასვლა დააპირა. ის ის იყო დაიძრა, რომ ვიღაც მაჯაზე ჩააფრინდა და თავისკენ შეაბრუნა. მერიემს გული გაუსკდა და გაფართოებული თვალებით მიაცქერდა უცნობს. კაცს ხელი არ გაუშვია მისთვის. ოცდაათს გადაშორებული იქნებოდა, დაფლეთილი ტანსაცმელი კიდევ უფრო უწესრიგოდ ამოეცვა , ფეხსაცმელებიც ალაგ-ალაგ გადაქლეთოდა და უსიამოვნო სუნი ასდიოდა. წელში ოდნავ მოხრილი ცოტა კოჭლობით დააბიჯებდა და მერიემს ქვემოდან უყურებდა. გოგო ზუსტად ამ მზერამ დააბნია და ვეღარ შეძლო დროულად მოსულიყო გონს. უცნობს თითქმის გამჭვირვალე, ცისფერი თვალები და ნაიარევი სახე ჰქონდა. თითქოს დააჰიპნოზა, განძრევა ვეღარ მოახერხა.
_ დამეხმარე, გოგონა, ფული ძალიან მჭირდება, _ საუბრისას გვერდზე იხრებოდა და ცოტა ენა ებმოდა კაცს, _ დამეხმარე.
მერიემი თითქოს ახლაღა მოეგო გონს და დასჭყივლა:
_ ვინ ჯანდაბა ხარ, გული გამიხეთქე, წადი აქედან!
_ დამეხმარე, გემუდარები,_ კიდევ ერთხელ შეევედრა კაცი.
_ ფული არ მაქვს!_ ფული მართლა არ ჰქონდა. ყავა რომ იყიდა, რაც დარჩა, ერთიანად დარიცხა სამგზავრო ბარათზე. გაცლა დააპირა, მაგრამ უცნობი ისევ მისწვდა მკლავში და ამჯერად ხელი უფრო მაგრად მოუჭირა. შესაბრალისი სახე ერთიანად გაუბოროტდა, ხელი ოდნავ გადაუგრიხა და კბილებში გამოსცრა:
_ გაქვს და მომცემ კიდეც!
ახლა კი მართლა შეეშინდა მერიემს. ადრენალინის მოზღვავება იგრძნო და ერთიანად აუხურდა სახე. კაცს ერთი ხელი ჯერაც ჯიბეში ედო. იქნებ დანაც ჰქონოდა? გოგოს დანის გარეშეც მარტივად გაისტუმრებდა საიქიოს. თითქოს ჯიბრზე ერთი ადამიანიც კი აღარ ჩანდა უნივერსიტეტის ეზოში. მერიემმა იქაურობისადმი ენით აღუწერელი ზიზღი იგრძნო და კივილი დააპირა. უცნობმა ბინძური ხელი მაგრად ააფარა პირზე, მეორით თმაში მოქაჩა და ბილიკიდან ისევ მინდვრისკენ გაათრია. გოგოს შიშით გული გადაუქანდა. იცოდა, რომ იმ მხრიდან გზა ქვემოთ ეშვებოდა. იმ ადგილს ხშირად სტუმრობდნენ წყვილები, ჰორმონების მოზღვავებას რომ ვერ უმკლავდებოდნენ და, როგორც ჩანს, არც სასტუმროს ფული ჰქონდათ, არც ერთმანეთის ბინებში მიესვლებოდათ სასიყვარულოდ და ასევე ის ტიპები, რომლებიც მაინცდამაინც სალექციო პერიოდში ინდომებდნენ ხოლმე დაბოლებას ( ლეგალიზაციის მერე, ალბათ, ამ სამალავს აღარც გამოიყენებდნენ). ჰოდა, ასე. სწორედ იქით მიათრევდა ახლა გოგოს ეს საზიზღარი კაცი. თვალებდაჭყეტილი მერიემი გამალებით იხსენებდა ყველა დეტექტივს, ტრილერს, სადაც მსგავსი სცენა ენახა და ფართხალით ცდილობდა, როგორმე თავი დაეხსნა. ბოლოს მიხვდა ( არა, ამას ვერ იზამდა, რა საზიზღრობაა!) და იმ ჭუჭყიან ხელზე მთელი ძალით უკბინა. არამზადამ ხმამაღლა დაიღრიალა ტკივილისგან და გოგოს ხელი გაუშვა, მერიემიც სწორედ ამ ერთ წამს ელოდა გაფაციცებით. რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაიწივლა, მიშველეთო და ისევ ეზოსკენ უკანმოუხედავად გაიქცა. აღმართზე სირბილი სულ უფროდაუფრო უძნელდებოდა. ძლივსღა სუნთქავდა. უკვე უნივერსიტეტის შენობის წინ იდგა, როცა მობრუნება გაბედა. უცნობი არსად ჩანდა. გოგოს გააჟრჟოლა და შიგნით შევარდა. თვალი მიმოავლო დერეფანში მოსიარულე და ჩამომსხდარ ახალგაზრდობას და ცოტა დამშვიდდა. თავი დაიხსნა. საპირფარეშოში როგორც შეძლო, ისე ჩამოირეცხა სიბინძურე, რომელსაც ახლა კიდევ უფრო მძაფრად გრძნობდა და ლექციას მაინც დაესწრო. თან ჯერ კიდევ ეშინოდა გარეთ გასვლისა. ამჯერად გაბრიელ ჟორჟოლიანი ისევ დაუხვდა ფანჯარასთან. გოგო ისე იყო დაღლილი და არეული თავსგადახდენილის გამო, რომ წინა შემთხვევა არც გახსენებია, ისე დაიკავა ადგილი ბიჭის გვერდით. გაბრიელს ცალყბად ჩაეღიმა და უჩურჩულა:
_ჰმ, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ უჩემოდ დიდხანს ვერ გაძლებდი, ბერიაშვილო!
_ გაბრიელ, დღეს არა, გთხოვ..._ ხმა წასვლოდა მერიემს. ამან ერთიანად დააბნია ბიჭი. გაჩუმდა და დარჩენილი სალექციო დროის განმავლობაში სიტყვაც აღარ დასცდენია. უბრალოდ გოგოსკენ მიიწია იმდენად, რომ მხრით შეხებოდა. მერიემი ადგილიდან არ დაძრულა. ვერც აღიქვა ვაჟის სიახლოვე. გაბრიელი მიხვდა, რომ რაღაც მოხდა. ერთმანეთი, პრაქტიკულად, არც არასდროს გაუცნიათ. გაბრიელი უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარულ ბიჭებს შორის ერთერთი იყო. წელში ოდნავ მოხრილი, თავზე სათვალეწამოკოსებული დადიოდა ხოლმე ეზოში თავის რამდენიმე მეგობართან ერთად. ამ მეგობრების რაოდენობა მერიემმა და მისმა ძველმა, თითქმის საუკეთესო მეგობარმა ვერადავერ დაადგინეს. თუმცა ზოგიერთი მაინც გამორჩეულად უყვარდა ჟორჟოლიანს და ამას მისი სოციალური გვერდის გადაქექვის მერე მიხვდნენ. მერიემს გაბრიელი თავიდანვე არ მოსწონებია. თეკლამ აიძულა , ბიჭი შეემჩნია და მერე უკვე იმდენად ხშირად ხედავდა, რომ რაღაცნაირ ნაცნობებად იქცნენ. მერიემი ამჩნევდა, რომ თავის მეგობარს მართლა მოსწონდა ბიჭი, მაგრამ თეკლა ამაში თავსაც არ უტყდებოდა და ერთი წამითაც არ უფიქრია, რომ თავადაც შეიძლებოდა მისდამი რამე ეგრძნო. გოგონები ბევრს იცინოდნენ ხოლმე გაბრიელსა და მის მეგობრებზე, რომლებიც აბსოლუტურად ყველგან ხვდებოდნენ: უნის შენობის წინ, ეზოს ნებისმიერ კუთხეში, მიწისქვეშა გადასასვლელთან თუ ავტობუსის გაჩერებასთან. ლამის პარანოია დაემართათ გოგონებს. უკვე ყველგან ისინი ეჩვენებოდათ. ბიჭები თითქმის ყოველთვის ესროდნენ ხოლმე მრავალმნიშვნელოვან მზერებს. მერიემი თეკლას ეუბნებოდა, ცოტა ხანში ავდგები და მივესალმებიო. მერე ერთ დღეს მეგობართან ერთად ლექციის გაცდენა დააპირა. თეკლა შეიპარა აუდიტორიაში, რომ როგორმე დასწრების ქულა ორივესთვის აღერიცხა. მერიემი მის მოლოდინში ეზოში დასეირნობდა და ისიც დაინახა. გაბრიელმა ნელი ნაბიჯით ჩაუარა. ეზოს მოზრდილი ნაწილი ისე გადაჭრა, გოგოსთვის თვალი არ მოუშორებია. მერიემი პირველად აღმოჩნდა ბიჭთან ასე ახლოს და მის თაფლისფერ თვალებშიც პირველად ჩაიკარგა. გონს მაშინ მოეგო, როცა თეკლა დაბრუნდა და მიხვდა, თავი შეირცხვინა ბიჭთან. მეგობარს ესეც უამბო. თეკლა დასცინოდა. მეგობარი... ახლა გაბრიელი მის მხარს მხრით ოდნავ ეხებოდა. მერიემი კი მხოლოდდამხოლოდ იმ უცნობ ფულის გამომძალველზე ახერხებდა ფიქრს. ლექტორის ხმაც ისე ესმოდა, თითქოს მეზობელ ოთახში საუბრობდა ქალი. ბოლოსდაბოლოს, ზარიც დაირეკა. მერიემმა ჩანთას ხელი სტაცა და კიბეზე დაეშვა. შენობის კარი გააღო, აქეთ-იქით მიმოიხედა და სირბილით აპირებდა მისვლას გაჩერებამდე, რომ ისევ ჩააფრინდნენ მკლავში. დაფეთებულმა თავი ვეღარ მოთოკა და ხმადაბლა შეჰკივლა. მისი შეშინებული თვალები გაბრიელის გაოცებულ თაფლისფერებს შეხვდა და მყისიერად დამშვიდდა. ბიჭმა ხელი შეუშვა:
_ რა გჭირს, მერიემ?_ პირველად მიმართა სახელით.
_ არაფერი, მეჩქარება.
_ ეგ მეც შევამჩნიე.
_ ჰოდა, წავალ
_მერიემ, რა გჭირს-მეთქი?_ ხმა გაუმკაცრდა ბიჭს.
გოგომ ვერც გაიგო, საუბარი რით დაიწყო. მთელი გრძნობით ყვებოდა, როგორ შეხვდა იმ საშინელ კაცს და როგორ დაუსხლტა ხელიდან. თითქმის ათი წუთის განმავლობაში ლაპარაკობდა. მონოლოგის ბოლოს კიდევ ერთხელ თვალი გადაავლო მომხდარს და გააჟრჟოლა. ახლაღა მიხვდა იმასაც, რომ მხოლოდ თხელი კოფთა ეცვა და საკმაოდ ძლიერად უბერავდა ქარი. იმასაც მიხვდა, რომ თითქმის უცნობ ბიჭთან ზედმეტად ბევრი ილაპარაკა. გაბრიელს ერთხელაც არ შეუწყვეტინებია. ერთდროულად დაღლილობა და შვება იგრძნო. ის მას არ უყურებდა. თითქოს არც უსმენდა. ერთხანს დუმილი ჩამოწვა. მერე სიჩუმე ისევ ბიჭმა დაარღვია. აბუზულ გოგოს დახედა, ტყავის ქურთუკი გაიძრო, სწრაფად მოახურა და უწინდელ დისტანციაზე დაბრუნდა.
_ წამო, უნდა გაგაცილო.
მერიემმა ქურთუკის გახდა დააპირა.
_ შეგცივდება, საჭირო არაა, მართლა, აღარ მეშინია.
_ მე კი არ გკითხე, ვთქვი უნდა გაგაცილო-მეთქი. ბიჭის სერიოზულობამ მერიემი ისე დააბნია, ჩვეული შეპასუხების სურვილიც კი გაუქრა, ამის აღარც თავი ჰქონდა და გაჩერებისკენ დაიძრა. უკვე ბინდდებოდა. ცოტა ხალხი იყო და ავტობუსში გვერდიგვერდ დასხდნენ. გაბრიელმა არ მოისვენა და ზუსტდ მერიემის სახლის კართან დაშორდნენ. გოგომ ქურთუკი მიაწოდა, მადლობა გადაუხადა და გაუღიმა. ბიჭი ასეთი სერიოზული არასოდეს ენახა. წასვლამდე ხელის ზურგი ჩამოუსვა ლოყაზე გოგოს და მისი ეზოდან გავიდა.
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მერიემი უნივერსიტეტის ეზოში სეირნობისგან თავს იკავებდა. პირდაპირ ლექციების მოსასმენად შედიოდა და შუალედებს ხალმხრავალ ადგილებში ატარებდა ხოლმე. თანდათან ის ინციდენტი სულ მიავიწყდა. დროდადრო კურსელების გარემოცვაში ძველ მეგობარსაც მოჰკრავდა ხოლმე თვალს. თეკლა სულ თავს არიდებდა. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ზედაც აღარ უყურებდა . მერიემი მიეჩვია ამას, მაგრამ ხანდახან გულში მაინც რაღაც მწარედ გაჰწიწკნიდა ხოლმე.
ზოგადად მისი ურთიერთობა კურსელებთან ჯგუფური საპრეზენტაციო სამუშაოებით იწყებოდა და მთავრდებოდა. ყველასთან ნორმალურად ურთიერთობდა, მაგრამ ახლოს არავისთან იყო და ეს უწინდელივით აღარც აწუხებდა, სანამ თეკლა ჰყავდა გვერდით. მერე კი, მასთანაც ყველაფერი აირია...
ძველ ამბებზე ფიქრში და იმის გამოც, რომ უნდოდა კურსელების მზერის არეალს მოშორებოდა, ვერც შეამჩნია, ისე გაეშურა ისევ ეზოს სიღრმისკენ. საყვარელი მინდორი კვლავაც თავისუფალი დახვდა. ერთი კი შეყოყმანდა, მაგრამ მერე სწრაფად ჩამოჯდა ბალახზე. მიწა შემოდგომის მზით შემთბარიყო. მზემ გოგოს წაბლისფერ თმაშიც შეაღწია და აუფერადა. თვალები დახუჭა და სახე მიუშვირა მნათობს. მოეწონა, რომ შიში დაძლია. საღამოს სახლში მისულმა პირდაპირ აბაზანას მიაშურა. მარტო ცხოვრების ერთერთი უპირატესობა სწორედ ეს იყო: შეეძლო იმდენი დრო გაეტარებინა აბაზანაში, რამდენიც სურდა. მერე ელ-ფოსტა შეამოწმა. არცერთი დამსაქმებელი არ შეხმიანებია, არადა რეზიუმე ბევრგან გაგზავნა წინა კვირას. ღრმად ამოიოხრა და თითები შემოაჭდო ცხელი ყავის ფინჯანს. დიდი ხანია, დაავიწყდა, სოციალურ ქსელში ერთდროულად რამდენიმე მეგობარს რომ სწერდა ხოლმე, სამზარეულოში დედა ფუსფუსებდა და ყოველთვის სასიამოვნო სუნი იდგა, ლექციების მერე დაღლილი რომ ბრუნდებოდა ხოლმე.
ყველაფერი შეიცვალა. ექვსი თვის წინ დედა საფრანგეთში გაემგზავრა. ოჯახის ახლობლის რეკომენდაციით ერთერთ ოჯახში აღმზრდელად მოეწყო და შვილთან საუბარს კვირაში ერთხელ ძლივს ახერხებდა უდროობის გამო. ამ ყველაფრის გახსენებამ მერიემს ხასიათი გაუფუჭა და... ძალიან მოანდომა შოკოლადი. სახლთან ახლოს სუპერმარკეტი ეგულებოდა. ფართხუნა ქურთუკში გაეხვია, თავზეც კაპიუშონი წამოიმხო და მუსიკის თანხლებით ჩაირბინა კიბეები. გარეთ საკმაოდ ციოდა. მხრებში მოხრილი მაღაზიაში სწრაფად შევარდა. იქ დამხვდარი სითბო ესიამოვნა. სწრაფად მონახა სასურველი ტკბილეული და სალაროსთან რიგში ჩადგა. რიგი საკმაოდ სწრაფად მიიწევდა წინ. ყელი სუპერმარკეტიდან გამოსვლისთანავე ჩაიკოკლოზინა და შედგა. მის წინ ის აჯაჯული უცნობი იდგა და ჭროღა თვალებით ცივად უყურებდა გოგოს. იმის მაგივრად უკან მაღაზიაში შევარდნილიყო და დახმარება ეთხოვა, შეშლილივით გაიქცა სახლისაკენ, კიბეები ერთი ამოსუნთქვით აირბინა და კარი სამივე საკეტით ჩარაზა. ერთხანს შემოსასვლელში იდგა. მუხლები უკანკალებდა და ჟანგბადი აღარ ჰყოფნიდა. იმავე საღამოს სოციალურ ქსელში გაბრიელ ჟორჟოლიანისგან მეგობრობის თხოვნა მოუვიდა. დათანხმების მერე ბიჭმა მოიკითხა, მაგრამ მერიემს იმ კაცზე სიტყვა აღარ დასცდენია. დაძინებამდე კარის საკეტი კიდევ ერთხელ შეამოწმა და საბანში ჩაძვრა.
ასე ღრმად ბავშვობაში, სოფელში გატარებული ერთერთი ზაფხულის მერე აღარაფრისა შეშინებია. მაშინ მეგობრებმა ,,გაუჩალიჩეს“, ერთ მიტოვებულ სახლში შეიტყუეს და თეთრ ზეწრებში გახვეულები გამოეკიდნენ. შიშისგან გოგომ ნაბიჯიც კი ვერ დაძრა. მაშინ მხოლოდ სამი წლისა იყო. ამის გამო მის მეგობრებს გვარიანად მოხვდათ იმ საღამოსვე. ახლა ამაზე გაეღიმა მერიემს და ვერც მიხვდა, როდის ჩასთვლიმა.
შუაღამისას უცნაურმა ხმაურმა გამოაღვიძა. თითქოს რაღაც დაიმსხვრა. გულგამსკდარმა სინათლის ანთებაც ვერ გაბედა. ფეხაკრეფით წამოდგა საწოლიდან. მობილურს ხელი სტაცა და საძინებლის მიხურული კარი სულ ოდნავ გამოხსნა, რომ სასტუმრო ოთახში გაეხედა. ფანჯარასთან შავ, წელში მოხრილ ჩრდილს მოჰკრა თვალი. რომ არ ეკივლა, პირზე ხელი აიფარა. ბინიდან რომ გასულიყო, ის ოთახი უნდა გადაეჭრა, სადაც ის ვიღაც იდგა. საძინებელი შიგნიდან არ იკეტებოდა. აბაზანაში შევარდა და კარი გადაკეტა. მერე პატარა კომოდი და ერთი სკამი მიაჩოჩა და ისინიც კარს მიაყრდნო. პოლიციაში დარეკა და დახმარება ითხოვა. მერე კი... გაბრიელთანაც გააგზავნა ალალბედზე შეტყობინება: ,,ჩემს სახლში ვიღაც შემოიპარა.“ ბიჭი ერთადერთი იყო, ვისთვისაც ამის მიწერა შეეძლო. საფრანგეთში მყოფ დედას ყოველი შემთხვევისთვის დაუმესიჯა, ძალიან მიყვარხარო და მაშინვე საკუთარ თავზე გაბრაზდა, ეს ვიღაც ვერ მოერეოდა, თავს აუცილებლად დაიცავდა. აბაზანის კარსაც მთელი ძალით დაეჯახა რაღაც. მერიემს ნერვებმა უმტყუნა და დაიყვირა. კარზე ისევ ატყდა ბრახუნი. გოგო კომოდს ეცა და მაკრატელი მონახა. მოიმარჯვა და დაელოდა, როდის შემოაღწევდნენ. დიდხანს მოცდა არც მოუწია.საკეტის მსხვრევის ხმა გაისმა, მერე კარს მოაწვნენ და უცნობი ნაცნობი, მოწყალების მთხოვნელი თუ მერიემის კინაღამ გამტაცებელი მის წინ აღმოჩნდა. კაცი მხრებში აღარ იხრებოდა და ავად იღიმებოდა. ხელში დანა ეჭირა. მერიემმა შეამჩნია, რომ ამჯერად კაცს საკმაოდ კარგად ეცვა. კატასავით ისკუპა და გოგოს მაკრატელი ერთბაშად დააგდებინა. მოიქნია და მთელი ტანით მიაჯახა სარკეს. პოლიცია არ ჩანდა. გარეუბანში ასე მალე ფიზიკურად ვერ მივიდოდნენ. ნამსხვრევებმა შიშველი ტერფები და იდაყვი გაუჭრა გოგოს. დაიკვნესა და ტკივილისგან გამწარებულმა უცნობს სახე მთელი ძალით ჩამოფხოჭნა, მერე დანაზე ხელი აუკრა და ისიც სადღაც გადავარდა. მერიემი აბაზანიდან გამოიქცა. ფეხი ისე სტკიოდა, სიარულს ძლივსღა ახერხებდა, მაგრამ სამზარეულოსკენ გარბოდა. გზაში უნებურად შეხედა შემოსასვლელ კარს. სამივე საკეტი გაეტეხა ნაძირალას. ის ის იყო ბართან მიაღწია და პურის საჭრელ დანას უნდა მისწვდენოდა, რომ კაცმა თმაში მოქაჩა და უკან მოისროლა. გოგო კედელს შეასკდა და უღონოდ ჩაცურდა იატაკისკენ.
_ რას მერჩი, რა გინდა?_ ამოიკვნესა.
_ ეგ დედაშენს უნდა ჰკითხო,_ გამარჯვებულის ღიმილით უახლოვდებოდა კაცი._ უი, გამახსენდა, რომ ვერაფერს ვეღარ ჰკითხავ, მაგრამ ნუ ღელავ, აუცილებლად შევატყობინებ, რომ მე რომ ვერაფერს ვეღარ ჰკითხავ, მაგრამ ნუ ღელავ, აუცილებლად შევატყობინებ, რომ მე მოგკალი._ შეშლილივით ახარხარდა და გოგოს ყელში სწვდა.
ზემოთ ასწია. მერიემს თვალები გაუფართოვდა. პირს ფართოდ აღებდა ჰაერის ჩასასუნთქად, მაგრამ იგუდებოდა. უცბად კაცმა ისევ ძირს დააგდო. გოგომ იგრძნო, რომ რომელიღაც ძვალი გაუტყდა. კაცი თითქოს ფიქრობდა. მერიემმა კიდევ ერთხელ დაიყვირა. სახლს სქელი კედლები ჰქონდა. მეზობლებიც არცთუ ისე ახლოს ცხოვრობდნენ. უკანასკნელად სცადა თავის შველა და გასასვლელისკენ გახოხდა. უცნობმა თმაში სტაცა ხელი და აივნისკენ გაათრია. გოგოს სული შეუგუბდა ტკივილისგან. არა, გონებას მაინც რატომ არ კარგავდა? ასეთ სცენებში ფილმებში ხომ სულ ვიღაც იხსნის ხოლმე პერსონაჟებს, ასეთი უბადრუკი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო? ჯანდაბა, რაებზე ფიქრობდა. ბრძოლით დაიღალა.
კაცმა მოაჯირამდე მიათრია. მეორე სართულზე იყვნენ, მაგრამ გოგოს აივანი ერთი ღარტაფის თავზე იყო პირდაპირ მოქცეული. კლდოვანი, დამრეცი ფერდობი ჩადიოდა ტრასამდე. იქ დაგორების შემდეგ, როგორც მინიმუმ, სიარულის უნარი სამუდამოდ წაერთმეოდა ადამიანს.
_სიამოვნებით მოგიყვებოდი, წლების წინ დედაშენმა როგორ გამამწარა, მაგრამ არ მინდა, პოლიციას აქ დავხვდე. აქედან გადაგიშვებ და ყველას ეგონება, რომ მარტოხელა თინეიჯერულად სუიციდით ჩაძაღლდი. შენ არაფერ შუაში ხარ, მაგრამ შური უნდა ვიძიო, ბოდიში.
ეს თქვა და გოგოს ოდნავ უბიძგა. მერიემი ტანით ნახევრად აღმოჩნდა აივნიდან გადაკიდებული. უცბად ვიღაც ეცა კაცს და აივნის იატაკზე დასცა. გოგომ დასუსტებული სხეული ვეღარ მომართა და მოაჯირიდან ფერდობისკენ გადაყირავდა. ვიღაც აყვირდა, არაო. მერიემი სასწაულებრივად ჩაეჭიდა მოაჯირს ცალი ხელით. ასე იოლად არ უნდოდა სიცოცხლესთან დამშვიდობება. აივანზე ვიღაცები ძიძგილაობდნენ. გოგოს თავის ზემოთ აწევაც კი აღარ შეეძლო. ცოტაც და გაოფლიანებული ხელი გაეშვებოდა, მაგრამ მძლავრად მოუჭირეს მაჯაზე. მთელი ძალით აქაჩეს მაღლა. მერე წელზეც იგრძნო ვიღაცის მკლავების ძალა და ფეხი აივანზე მყარად რომ დაადგმევინეს, გადამრჩენელსაც შეხედა. გაბრიელი შეშფოთებული უყურებდა და თან სიხარულისგან თვალები ღიმილით მოჭუტვოდა:
_ მოგისწარი..._ ჩასჩურჩულა გოგოს და წელზე ოდნავ უფრო მოუჭირა ხელები. მერიემმა თვალებით გაუღიმა და გულწასული ჩაესვენა მის მკლავებში.
პოლიციის სირენების ხმა მხოლოდ ახლაღა გაისმა. ის არამზადა კი ბინიდან გაპარულიყო. მერიემი საავადმყოფოში წაიყვანეს.
თითქმის ერთდღიანი უწყვეტი ძილის შემდეგ დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს როგორც იქნა რომ დააშორა, თავის საწოლზე თავჩამოდებული ბიჭი პირველი იყო, რაც დაინახა. გაბრიელს ეძინა და ის სახე, ათობით ( იქნებ მეტი) გოგოს გულის ასაჩქარებლად რომ ესოდენ ხშირად იყენებდა, ერთიანად ბავშვური გახდომოდა. მერიემმა ღმერთს მადლობა შესწირა გადარჩენისთვის და უცნაური სადენებისგან შედარებით თავისუფალი ხელი ფრთხილად შეაცურა ბიჭის წამოზრდილ, რბილ თმაში. სიმშვიდე ერთბაშად მოედო მის სხეულს: ვინ იცის, ამაზე რამდენჯერ უოცნებია.
იმ ერთი კვირის განმავლობაში, სანამ მერიემი საავადმყოფოში მკურნალობდა, გაბრიელი ყოველდღე აკითხავდა. ბევრი ფიქრის შემდეგ გოგონამ გადაწყვიტა, რომ დედისთვის არაფრის მოყოლა არ ღირდა. ბიჭი კი აიძულებდა, ეამბა მისთვის.
_ უნდა მოუყვე, ის ტიპი შეიძლება ისევ დაბრუნდეს, მოსაკლავად გიმეტებდა, სულელო!_ პაწაწინა პალატაში დიდი ნაბიჯებით სცემდა ბოლთას გაბრიელი. მერიემი ყოველდღე ისმენდა მსგავს წინადადებებს და მობეზრდა.
_ წადი, გაბრიელ, სახლში და დაისვენე, ჩემს თავს მოვუვლი, ნუ დარდობ!
_ კი, კარგად უვლი თავს, სულ ცოტაც რომ დამეგვიანა..._ არა და არ ცხრებოდა ბიჭი.
_ მადლობელი ვარ,მაგრამ...
_ რა მაგრამ, მერიემ, პოლიციამ ვერც კი იპოვა ის ტიპი, იმ სახლში მარტო როგორ გააგრძელებ ცხოვრებას, აუცილებლად უნდა გაარკვიო...
_ შეწყვიტე!_ უცბად დაუყვირა გოგომ. გაბრიელი შედგა_ გასაგებია, რომ შენ გადამარჩინე და მე მადლიერი ვარ ამის გამო, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი გადაწყვეტილება და შენ არავინ გეკითხება. წადი და მიხედე კუდში რომ დაგდევენ იმ შენს თაყვანისმცემლებს და მე შემეშვი, კარგი? არ გიხდება მზრუნველი ბიჭის როლი. დიდხანს მაინც ვერ გაქაჩავ.
ჟორჟოლიანი აშკარად შოკში ჩააგდო საავადმყოფოს სადენებში გახლართული ნეკნებდალეწილი თმააჩეჩილი გოგოს უმადურებით აღსავსე ტირადამ. ამ დროს ხმაურით შეშფოთებული ექთანიც შემოვარდა.
ბიჭმა ერთი წინადადება ესროლა და ოთახიდან შურდულივით გავარდა. მერიემს ეს წინადადება თავში ექოსავით უტრიალებდა მას მერე, რაც ექთანიც გავიდა და ოთახში მარტო დარჩა: ,,ინანებ შენ ამას...“ როგორც შეეძლო ისე გადაბრუნდა საწოლში, ცრემლები მოიწმინდა და აჩურჩულდა: ,,ვიცი, რომ ვინანებ. უნდა ვინანო, ღირსი ვარ.“

მერიემი საავადმყოფოდან მალევე გამოწერეს. თავს სუსტად გრძნობდა და უნივერსიტეტში არ მიდიოდა. გაბრიელი არ ჩანდა. სოციალურ ქსელში მწვანედ ,,ციმციმებდა”, მაგრამ გოგონას არ სწერდა. რამდენჯერმე გახსნა მიმოწერის ფანჯარა და თითებიც წაიღო კლავიატურისკენ, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რა უნდა ეთქვა მისთვის. ძალიან აწყენინა. მან გადაარჩინა, მის გამო ღელავდა, თავად კი უკმეხად ელაპარაკა და, ფაქტობრივად, არამკითხე მოამბედაც აგრძნობინა თავი.
რამდენიმე დღის შემდეგ ეცადა, თავი იმით დაემშვიდებინა, რომ უბრალოდ კიდევ ერთი ნგრევისთვის განწირული ურთიერთობა აიცილა თავიდან. ალტერეგო სისინით პასუხობდა, შენ რა იციო, მაგრამ მერიემი მთელი არსებით ახშობდა მის ხმას.
ვერ გადაწყვიტა, დედასთვის მოეყოლა თუ არა, რაც გადახდა. საბოლოოდ დააპირა, იმ კაცის ვინაობა პირდაპირ პოლიციის დახმარებით გაერკვია. არ უნდოდა, მისი კეთილდღეობისთვის საზღვარგარეთ გადახვეწილ დედას ახლა მის უსაფრთხოებაზედაც ენერვიულა. პოლიციას ჩვენება მისცა და შინ შედარებით გულდამშვიდებული დაბრუნდა. არ უნდოდა, საქმეში გაბრიელიც გაერია და არ მოუყოლია, რომ მან გადაარჩინა. ეს ბიჭი როგორმე საერთოდაც უნდა ამოეგდო თავიდან.

უნივერსიტეტში შესვლისთანავე ძველი მეგობრის ზიზღით სავსე თვალებს შეეჩეხა. ამას შეეგუა, მაგრამ იმ დღეს განსაკუთრებით დაითრგუნა. თავი საპირფარეშოს შეაფარა, გაჭირვებით გადაყლაპა წყვილი ცრემლი და სარკეში საკუთარ თავს თვალი გაუსწორა. ,,შენ ძლიერი გოგო ხარ, მერიემ, ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი რიგზეა, მართლა...” _ იმშვიდებდა თავს ფიქრებში. ყველაზე უარესი წინ ელოდა. ლექციას უნდა დასწრებოდა და გაბრიელიც ენახა.
აუდიტორიაში შევიდა და ამოჩემებული ადგილი დაიკავა. შეფარვით ათვალიერებდა ხალხს ირგვლივ. ის არსად ჩანდა. ლექცია დაიწყო. სცადა, ყურადღება მოეკრიბა და ლექტორის მიერ გადმოცემული ინფორმაციის გარდა აღარაფერზე ეფიქრა. ის ის იყო, გამოუვიდა კიდეც, რომ კარი ხმაურით გაიღო და გაბრიელი და თეკლა სიცილით შემოვიდნენ ოთახში. იგრძნო, ჯერ როგორ დასცხა და მერე აკანკალდა. მაგიდაზე დადებულ ბლოკნოტს ისე ჩააფრინდა, თითები გაუთეთრდა. წყვილი მის წინ, მარცხნივ ისე დაჯდა, რომ მთელი ლექციის განმავლობაში მათთვის უნდა ეყურებინა. ,,შენც ეს არ გინდოდა, მერიემ? შეგეშვა, რა მნიშვნელობა აქვს თეკლაა გვერდით თუ სხვა...”, ,,ჯანდაბა, ტიპური მექალთანეა, რომ გეკითხათ, ჩემზე ღელავდა..”, ,,შეწყვიტე, თვითონ გაუშვი მანამდე, სანამ რამეს დაიწყებდით...”_ თავში ფიქრები სკაში გამომწყვდეული ფუტკრებივით უფუთფუთებდა.
ლექციის განმავლობაში გაბრიელს ერთხელაც არ მოუხედავს მისკენ, დროდადრო თეკლას ელაპარაკებოდა. გოგოც თვალებში შესციცინებდა. დასრულდა თუ არა, გაძლებაზე მყოფი მერიემი სწრაფად გაძვრა კურსელებს შორის და კარს მთელი ძალით მიაწვა. დერეფანში ისე გარბოდა, თითქოს მისდევდნენ.
სემესტრი დასასრულს უახლოვდებოდა. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და მერიემიც შეეგუა იმ ორის ერთად დანახვას. თუმცა ვერა და ვერ გაიგო, მხოლოდ მეგობრობდნენ, თუ რამე უფრო მეტიც ხდებოდა მათ შორის.
ერთ საღამოს, როცა ბოლო ლექციაც დასრულდა და უნივერსიტეტის კარი დაღლილმა, მაგრამ კმაყოფილმა გამოაღო, მისი თვალები პირდაპირ გაბრიელისას შეეჩეხა. ადგილს მიეყინა, მერე მალევე მოეგო გონს და გადაწყვიტა, სწრაფად აევლო გვერდი, მაგრამ ხელზე მარწუხებივით მოუჭირეს და იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო. გაბრიელი უტეხად უცქერდა და ხელს არ უშვებდა. მაჯა ასტკივდა და თვითონაც გაგულისებულმა ახედა ბიჭს. რამდენიმე წამის განმავლობაში ასე უყურებდნენ ერთმანეთს. მერე გოგონამ ხელი გამოგლიჯა და ისევ დააპირა წასვლა, მაგრამ მის წინ ასვეტილი ბიჭის სხეულმა შეაჩერა. ახლა უკან დააპირა დახევა, თუმცა გაბრიელის ხელებმა უფრო მაგრად მიიკრა გულზე და მერე მთელი ძალით ჩაეხუტა. საჩხუბრად მომზადებული გოგონა მთლიანად მოდუნდა. სხეული აღარ ემორჩილებოდა. ბიჭი რომ გასცლოდა, უეჭველად დაეცემოდა. ხელები ძირს ჩამოყარა, თვალები დახუჭა და ვერც გაიგო, როგორ ატირდა. ცრემლები დაუპატიჟებლად მოსდიოდა ლოყებზე და ყელისკენ იკვალავდა გზას. ასე იდგნენ ცოტა ხანს. ერთი სიტყვაც არ უთქვამთ. გაბრიელმა ცერა თითები გადაუსვა ტირილისგან აწითლებულ თვალებზე, მხრებზემოხვეული ხელით გაიყვანა ეზოდან და ტაქსი გააჩერა. მერიემი იმდენად დაღლილიყო ემოციებით, რომ მექანიკურად ემორჩილებოდა. ტაქსიში ჩასხდნენ, ბიჭმა მძღოლს სწრაფად უკარნახა გოგოს სახლის მისამართი, მერე მერიემს მიუბრუნდა და გულზე მიიკრა. მან თავი მხარზე ჩამოადო და იგრძნო, გაბრიელი ტუჩებით თმებზე ეფერებოდა. უფრო ახლოს მიჩოჩდა მისკენ და მიხვდა, რომ ბიჭს გაეღიმა. საპასუხოდ წელზე მოხვეული ხელით თვითონაც უფრო მისწია თავისკენ. მალე მერიემმა მისი ჩურჩულიც გაიგონა:
_ მაპატიე
თავადაც აჩურჩულდა:
_ რა გაპატიო?
_ რომ დაგიჯერე და წამოვედი...
გოგო ცოტა ხანს დუმდა. მერე გაბრიელს მისი ხმა ჩაესმა:
_ გპატიობ.
ორივეს სიცილი აუტყდა. მერიემმა ბიჭის ტუჩების სითბო ამჯერად შუბლით იგრძნო. ღრმად ამოისუნთქა. თვალს ადევნებდა ლამპიონების სინათლეების მონაცვლეობას. თავშესაფარს დაუბრუნდა.

6 წლის შემდეგ

ოთახს მზის სინათლე მკრთალ ოქროსფერს ჰფენდა. აივნის კარი ოდნავ იყო ღია და თეთრ ფარდებს თბილი სიო არხევდა. აივანზე ბიჭი იდგა. მოაჯირს მიყრდნობილი ღრმად ისუნთქავდა ნიკოტინს. თავისუფალ ზედაში გამხდარი, მაგრამ ძლიერი მხრები მოუჩანდა. ბოლო ნაფაზიც დაარტყა და ნამწვი იქვე, ფანჯრის რაფაზე შემოდებულ საფერფლეში ჩააგდო. მსუბუქი ნაბიჯებით დაიძრა ოთახის ცენტრში მდგარი საწოლისკენ. ორ ნაბიჯში გაჩერდა და მძინარეს დააცქერდა. გოგოს წაბლისფერი კულულები თეთრ ზეწარზე აბურდულად ეყარა, მშვიდი გამომეტყველებით მოგზაურობდა მორფევსის სამეფოში. ის კია, საბანი ნახევრად გადაეძრო და აივნიდან დანაბერი დილის ნიავის გამო მობუზული იწვა. ამის შემჩნევისთანავე გამოერკვა ბიჭი და ფრთხილად, მაგრამ სწრაფად მიაფარა საბანი მხრებზე. შემდეგ სამზარეულოში ჩავიდა. ყავა დაისხა, კიბეებს ახედა. ქალს, სავარაუდოდ, ისევ ეძინა. ტელეფონში წინა ღამით მოსული შეტყობინება მოძებნა და კიდევ ერთხელ ჩაიკითხა: ,,დაბრუნდა და წესით ხვალინდელ შეკრებაზეც მოვა, ძმაო. არ მინდოდა, ისე გენახა, რა, ხო ხვდები, მაინც მოგწერე. თაკოსთან ულაპარაკია და ჯერ არ ვიცი, რამდენ ხანს დავრჩებიო..”.
ბიჭმა ჰორიზონტს გახედა. ჭიქას ისე ჩააფრინდა, თითები გაუთეთრდა. უცბად კედელს ესროლა. ფინჯანი ნამსხვრევებად იქცა. ბიჭი ადგილიდან არ დაძრულა. ცოტა ხანში ფლოსტების ფრატუნით ჭრელ ხალათში გახვეული ქალი შემოიჭრა სამზარეულოში:
_ ხომ მშვიდობა გაქვს, საყვარელო?
_ ყველაფერი რიგზეა
_ რატომ გატეხე ჭიქა?
_ დამივარდა, თეკლა, რატომ უნდა გამეტეხა, რა გჭირს?
_ ხვალინდელ შეკრებაზე ვღელავ, კაბა კიდევ ვერ შევარჩიე, არადა მინდა, გოგოები შურით გასკდნენ. შენ ხომ იცი რომელ პერანგს იცვამ? იცოდე, უკვე აგირჩიე და არც გაბედო გადათქმა.
_ ვიცი, დამშვიდდი, _ ბიჭი კარისკენ დაიძრა. _ სამსახურში ვაგვიანებ, დროებით.
_ არ მაკოცებ, გაბრიელ?
ბიჭი ზანტად მობრუნდა. თეკლას ლოყაზე აკოცა და შეცბუნებული ქალი სამზარეულოში დატოვა. ქურთუკი მოიცვა და აუჩქარებლად გავიდა სახლიდან რაღაცაზე ღრმად ჩაფიქრებული.

6 წლის წინ

_ გაბრიელ, გეყოფა, დავიხრჩობი, გაბრიეეელ, გავიყინე, გთხოოვ, _ სიცილით უყვიროდა თოვლიდან ლოყებაწითლებული მერიემი ბიჭს. ის კი მაინც ესროდა გუნდებს და წამოდგომის საშუალებას არ აძლევდა. _ გაბრიელ-მეთქიი, _ უკვე ბრაზდებოდა გოგო. _ შემცივდა, _ ჩაიბურტყუნა ბოლოს, რომ ვეღარაფერს გახდა ეშხში შესულ გაბრიელთან. ამან ბიჭი გამოაფხიზლა. უცბად დასწვდა ძირს დაგდებულს, რომელიც ცალკე ,,ბრძოლით” დაღლილი და ცალკე უზარმაზარი ქურთუკით დამძიმებული ვეღარ ინძრეოდა, მხარზე მოიგდო და თითქმის სირბილით გააქანა სახლისკენ.
_ მოიცა, მერიკო, გასაღებს ვიპოვი უცბად, _ ჩამოსვა კართან და ჯიბეებში ქექვას მოჰყვა. უცბად კისერში რაღაც მძიმე და ცივი მოხვდა. მალევე კისკისი მოესმა.
_ იეეეს, ათიანში მოვარტყი, _ ჰაერში რამდენჯერმე ახტა მერიემი, მერე შედგა, საჩვენებელი თითი აღმართა, _ რამდენჯერ გითხარი, მერიკოს ნუ მეძახი-თქო, ღირსი ხარ! _ კიდევ ერთხელ გადაიხარხარა.
გაბრიელი მდუმარედ იდგა და გვერდულად უცქერდა.
_ ასე, არა? კარგი, პატარავ, თავს დააბრალე, _ მშვიდად უთხრა და მისკენ დაიძრა.
მერიემმა უკან დაიხია.
_ არა, არაა, მოიცა, თასმას შევიკრავ, მოიცა ერთ წამს. _ ბიჭის შეჩერება და მერიემის გაქცევაც ერთი იყო. თან შეშლილივით იცინოდა.
_ გაიძვერა გოგო ხარ, _ თავი გადააქნია გაბრიელმა, სამ ნაბიჯში წამოეწია, ხელში აიტაცა და ნამქერში მასთან ერთად გადაეშვა. მერიემმა თოვლის კიდევ რამდენიმე ულუფაც ,,მიირთვა” და მხოლოდ ამის მერე წავიდნენ შინ. ამჯერად ანცობის თავი აღარ ჰქონდა. გაბრიელმა საიდანღაც პლედი გამოაძვრინა. გოგოს მოახურა, თვითონაც შიგნით გაეხვია. ცხელ შოკოლადს წრუპავდნენ და უყურებდნენ, როგორ ეშვებოდა სქელი და მსუბუქი ფანტელები დინჯად დედამიწაზე.
მერიემმა იგრძნო ყურის ძირას კოცნა. მალე კი სანუკვარმა ხმამ პირველად უთხრა ის, რასაც დიდ ხანს ელოდა:
_ მიყვარხარ, მერიემ, ვერ გავძლებ უშენოდ.
გოგოს არ უპასუხია, მისკენ შებრუნდა და მაგრად მოეხვია. თავადაც ეშინოდა, ოდესმე ეს ყველაფერი არ დასრულებულიყო.

6 წლის შემდეგ

_ ძვირფასო, ჰალსტუხი რატომ არ გაიკეთე, დაგავიწყდა?
_ ხომ იცი, რომ არ მიყვარს ჰალსტუხი.
_ რა გემართება, გაბრიელ, ბოლოს როდის გამიღიმე, აღარ მახსოვს, რამე გაწყენინე? _ მოიბუზა მანქანის სავარძელზე თეკლა.
_ არა, უბრალოდ დაღლილი ვარ, თეკო, ბოდიში, _ შუბლზე აკოცა გოგოს, _ გადავიდეთ. თეკლამ გაუღიმა, ხელკავი გამოსდო და დარბაზში შევიდნენ. კურსელები უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პირველად ხვდებოდნენ ერთმანეთს. გაბრიელი აქეთ-იქით იყურებოდა და ცდილობდა ეს გვერდით მიმავალს არ შეემჩნია.
წვეულება ეშხში შედიოდა. ერთმანეთი მონატრებოდათ მეგობრებს. გაბრიელი თანდათან დამშვიდდა. ,,არ მოვა... ასე აჯობებს, ალბათ... არ მოდის...”, _ მაინც გამალებით ეფიქრებოდა მასზე. გაახსენდა მათი ბოლო დიალოგი ,,სკაიპში”:
_ დედაჩემია, გაბრიელ, როგორ უნდა წამოვიდე ახლა?
_ უკვე კარგადაა, შეწყვიტე გაზვიადება, მერიემ, წამოსვლა არ გინდა უბრალოდ, გუშინ ველაპარაკე დედაშენს.
_ რა ქენი?
_ გირეკავდი და მან გამაგონა. მითხრა, რომ კარგადაა და ისიც, რომ საბუთები მანდეთ გადაგიტანია. ეს როგორ დამიმალე?
_ გაბრიელ...
_ ჩემთან დაბრუნება აღარ გინდა...
_ ასე არაა, გაბრიელ, მისმინე
_ როდის ჩამოხვალ?
_ არ ვიცი, უბრალოდ...
_ ჩამოხვალ?
_ გაბრიელ...
_ აღარ შეგაწუხებ. ბედნიერებას გისურვებ...
_ გაბრიელ, არ გათიშო, გაბრიელ...
კონტაქტი გაწყდა. გაბრიელს კარგად ახსოვდა მერიემის დაბნეული და შეწუხებული გამომეტყველება. კიდევ რომ გაეგრძელებინათ, მის მიტოვებას ვეღარ შეძლებდა, შეევედრებოდა, არ დაშორებოდა, თვითონ ჩავიდოდა საფრანგეთში, მაგრამ მოასწრო. მერიემს საქმე გაუადვილა. ახლა ბართან იჯდა და მესამე ჭიქას წრუპავდა. ის საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ არ მოდიოდა. როგორ უნდოდა ენახა და მისთვისაც ისე ეტკინა, როგორც თავად ატკინა წლების წინ. სიამოვნებით დაახრჩობდა. ამის გააზრებამ შეაცბუნა.
_ ერთიც დამისხი, მეგობარო!
დარბაზის კარი გაიღო. გაბრიელმა მოიხედა. ფერადი შუქების ლიცლიცში მკრთალად გაარჩია სახე. ის იყო…
ბიჭს ჭიქა ხელში გაუშეშდა. საფეთქლებზე მტკივნეული სიმძიმე რომ იგრძნო, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ სუნთქვაშეკრული უყურებდა, როგორ მოიკვლევდა წითელკაბიანი ლამაზმანი გზას ადამიანებს შორის. ამ წლებს კიდევ უფრო დაემშვენებინა მერიემი. გაბრიელმა ვერ შეძლო, მასში ის მორცხვი და მშიშარა გოგონა ეპოვა და ამან თან შეაცბუნა, თან კიდევ რაღაც უცნაური გრძნობაც გაუჩინა, რომელსაც სახელს ვერ უძებნიდა. დაბნეული იჯდა და ვერ ხვდებოდა, რა აჯობებდა, მისულიყო და მისალმებოდა თუ, დალოდებოდა, სანამ უბრალოდ მოუწევდა ამის გაკეთება. მერიემი მას ვერ ამჩნევდა, კურსელებს ესაუბრებოდა და იცინოდა. ყოველი მისი გაღიმება გაბრიელს მკერდის სიღრმეში მძიმე დარტყმას აყენებდა. ბოლოს ისღა მოიფიქრა, მოსაწევად აივანზე გასულიყო. ცივი ჰაერი ესიამოვნა.
მერიემი ცდილობდა, დაეიგნორებინა მზერა, რომელიც ცეცხლს შორიდანვე უკიდებდა. იცოდა, რომ ბიჭი თეკლასთან ერთად ცხოვრობდა და სულაც არ აპირებდა, მათთვის ცხოვრების არევას. უხაროდა, რომ გოგომ არაფერი იცოდა მათს ისტორიაზე. თეკლას სტუდენტობისდროინდელი წყენა დავიწყებოდა და მხიარულად ეტიტინებოდა მერიემს.
_ იცი, როგორ მენატრებოდი? მალევე მივხვდი, რომ უაზროდ ვიბუტებოდი, უბრალოდ ამის აღიარებისა მრცხვენოდა, მერე კი წახვედი და საერთოდ ვეღარ შევძელი შეხმიანება.
მერიემს ეს უფრო ამძიმებდა. ამაზე დიდხანს ოცნებობდა, მაგრამ ძველი მეგობრის შემორიგება მაინცდამაინც ახლა და ასე, საერთოდაც არ ჰგვრიდა სიამოვნებას.
_ არაუშავს, თეკლა, შენზე ნაწყენი დიდი ხანია, აღარ ვარ, ბავშვური სისულელე იყო, აღარც კი მახსოვს, რაზე ვიჩხუბეთ.
_ მიხარია, თუ ეგრეა. ისე, მაშინ რას წარმოვიდგენდით, თუ გაბრიელს შევუყვარდებოდი არა? _ თეკლას ბედნიერმა სიცილმა მერიემს გული დაუსერა, _ ვერასოდეს ვიფიქრებდი, მაგრამ ახლა ისე კარგად ვარ, გამიმართლა...
_ კარგია, თეკო, _ მოფერებით მიმართა ძალიან უხეშადაც რომ არ გამოსვლოდა, _ იმედი მაქვს, სულ ასე იქნება. ბოდიში, დამირეკეს და სასწრაფოდ უნდა წავიდე,_ ფეხზე წამოდგა ნაჩქარევად და მაგიდაზე შემოდგმული ღვინის ჭიქა წააქცია. _ ჯანდაბა, დავისვარე.
თეკლამ სწრაფად მიაწოდა ხელსახოცი და გულწრფელად შეწუხდა. კაბას ფაცაფუცით იწმენდდა და ამ დროს ნაცნობი ხმაც შემოესმა:
_ რა ხდება, საყვარელო?
გოგომ თავი ასწია და გაბრიელის მზერას წააწყდა. ბიჭს თეკლასთვის წელზე ხელი შემოეხვია და მერიემს თვალს არ აშორებდა.
_ მერიემი ნახე, ძვირფასო? კაბა დაესვარა..
_ ჯერ არ მქონია ეს ბედნიერება, როგორ ბრძანდებით, ქალბატონო მერიემ?
ბიჭის ხმა მისი თვალებივით ყინულივით ცივი იყო. მერიემი ერთ ადგილას მილურსმული ეძებდა სიტყვებს, რომლებითაც კითხვაზე შესაბამისად უპასუხებდა. არ გამოსდიოდა.
_ მერიემ, კარგად ხარ? _ თეკლას ხმაში შეშფოთება გამოსჭვიოდა.
_ ცოტა თავბრუ მესხმის. წავალ, თუ შეიძლება, ნახვამდის, _ შებრუნდა და გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯით დაიძრა.
_ გაბრიელ, გაჰყევი, გთხოვ, ვერ ხედავ, ცუდადაა, _ თეკლამ თითქმის დაუყვირა ბიჭს, რომელიც ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს. ძალიან ძვირი დაუჯდა წეღანდელი დიალოგი. _ გაბრიელ, არ გესმის?
_ კარგი, მალე დავბრუნდები და წაგიყვან.

გაბრიელი გარეთ გავარდა. ქალის სილუეტს შორს მოჰკრა თვალი. სწრაფად და ფეხით მიდიოდა. უკან მიჰყვებოდა. შეიძლება ითქვას, გონივრულ დისტანციაზე. მერიემი თითქმის გარბოდა. ტრასიდან მოულოდნელად გადაუხვია და ერთ ქარაფთან შეჩერდა. გაბრიელს ახლოს მისვლა არ უნდოდა, არადა წარმოდგენაც კი ზარავდა. ერთი არასწორი ნაბიჯი და მისი საწამლავი და ბედნიერება, ის, ვის გამოც თავს აიძულებდა, ცხოვრება თუ არა არსებობა მაინც გაეგრძელებინა, უბრალოდ აღარ იქნებოდა. ,,რას აკეთებს, რა ჯანდაბას აკეთებს?” _ ფიქრობდა შეშინებული. ის ის იყო დააპირა, უბრალოდ მივალ და იქიდან გამოვათრევო, რომ გამყინავი ხმაც ჩაესმა. გოგო იდგა და არაადამიანურად გამწარებული კიოდა. ბიჭი შეცბა. მერიემი თითქოს დაიცალა, რომ გაჩუმდა, ერთიანად აკანკალდა და იქვე ჩაჯდა. გაბრიელი თვალს ვერ აშორებდა. ,,ასე ხომ გაიყინება, წავიდეს, რატომ არ მიდის.” ბოლოს ვეღარ მოითმინა. მიუხლოვდა და წამოაყენა. მერიემი შეკრთა, მერე უკან გახტა და გაბრიელის სწრაფი რეაქცია რომ არა, უთუოდ გადავარდებოდა. ექვსი წლის მერე პირველად იდგნენ ასე ახლოს. ერთმანეთის სუნთქვა სახეში სცემდათ და არცერთი აპირებდა ხმის ამოღებას.
ბოლოს მერიემმა თავი ასწია და გაბრიელის თვალებს თამამად შეხედა. ამან თითქოს ცეცხლი წაუკიდა ბიჭს. გოგოს წელზე მოხვეული ხელი დაეჭიმა. ეს მანაც იგრძნო და ტკივილიც კი სასიამოვნოდ მოეჩვენა. გაბრიელმა მარტივად გამოსწია გოგო თავისკენ და ხელი გაუშვა.
_ ყოველთვის ვერ გადაგარჩენ!_ ბიჭის ხმაში საოცარი სიცივე ისმოდა. მერიემი თითქოს დაპატარავდა. გაბრიელს ჩაუარა და გზისკენ დაიძრა. ,,ნეტავ, რით აპირებს სახლში წასვლას. აქ ხომ ტაქსები არ დადიან.“ _ ბრაზობდა ბიჭი გულში. მერიემი მშვიდად მიიწევდა წინ. ისევ გაბრიელმა ვეღარ მოითმინა:
_ წამოდი, თეკლას წამოვიყვან და სახლში გაგიყვანთ.
_ საჭირო არაა, გმადლობ.
_ აქედან რით უნდა წახვიდე, შუაღამეა.
_ არ მინდა-მეთქი, გმადლობ, _ გოგო ზედაც არ უყურებდა. გაბრიელი გაბრაზდა. ამ გოგომ წლების წინ უსინდისოდ მიატოვა, ახლა ისევ ის იყო, ვინც მისდევდა და მისი ყურადღების მიპყრობას ცდილობდა. მოთმინების ფიალა აევსო.
_ ადრინდელივით ჯიუტი ხარ! მაინცდამაინც ახალ ხიფათს უნდა გადაეყარო?
მერიემი უცბად შედგა და თითქმის უყვირა:
_ შენ რა გაღელვებს? იქნებ ზუსტად ეგ მინდა? რატომ მომყვები, მიხედე მეუღლეს, გელოდება.
_ თეკლა ჩემი ცოლი არაა,_ გაბრიელი თავადაც შეაცბუნა ამ ახსნა-განმარტებამ და ეცადა, ნათქვამი გამოესწორებინა._ ასეც რომ იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, ტყე-ღრეში ვართ და მარტო მიდიხარ, წეღან კინაღამ კლდიდან გადავარდი.
_ არსადაც არ გადავვარდი, უბრალოდ უარყოფითი ემოციებისგან დაცლა მინდოდა.
_ რამ დაგიგროვა ამდენი უარყოფითი ემოცია?_ ირონიული ტონით ჩაეკითხა ბიჭი, _ ფრანგული კრუასანები, წესით, განწყობას უნდა ამაღლებდეს.
_ რა გინდა, გაბრიელ?
_ შენგან? არაფერი აღარ მინდა. კაცი ვარ და არ მინდა, ავდგე და წავიდე და აქ მარტო დაგტოვო, მაგრამ ამას არაფრად აგდებ.
_ წადი!
ბიჭი გაბრაზდა. მერამდენედ გადააბიჯა თავმოყვარეობას.
_ როგორც გენებოს! _ სრულიად დამშვიდებული ხმით აიჩეჩა მხრები და საპირისპირო მხარეს გაუყვა გზას. მაინც ვერ მოითმინა და უკან გაიხედა. გოგონა ხელით მიათრევდა ქუსლიან ფეხსაცმელებს და გზას უსაშველოდ დაღლილი ადამიანის ნაბიჯებით მიუყვებოდა. ასეთი მერიემი არ ახსოვდა. დღეს დარბაზში რომ შემოანათა, საერთოდ ვერ შეატყო, თუ ასე იტანჯებოდა. ვერც იმას მიხვდა, რატომ იყო ასე. მის გამო? ,,არა, გაბრიელ, თავის უაზროდ დამშვიდებას ნუ შეეცდები. გონებიდან უნდა ამოიგდო, გაიხსენე, რად დაგიჯდა მისი დავიწყება... ჯანდაბა, არასოდეს დამვიწყებია, როგორ დავივიწყებდი. ვერასოდეს დავივიწყებ. ამის... ჯანდაბა...“ ბიჭი მობრუნდა, ჩქარი ნაბიჯებით დაფარა მანძილი და ისევ უკან გაჰყვა მერიემს. ამჯერად, საერთოდ არ მიახლოებია. მალე გოგო გაჩერდა, გაბრიელიც შედგა მოშორებით. ლამპიონების მკრთალ სინათლეში გაარჩია, როგორ მოცელილივით დაეცა გზაზე ქალის სილუეტი.
_მერიემ!! _ დაიღრიალა და მისკენ გაიქცა. გოგოს სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ ეტყობოდა. _მერიემ! არა! _მაგრად შეანჯღრია, მაგრამ მას თვალები არ გაუხელია. ხელში აიტაცა ქალი. როგორმე მანქანამდე უნდა მიეღწია. ძალიან შორს იყვნენ. გარბოდა, რამდენადაც შეეძლო სწრაფად. პირველივე შემხვედრი ტაქსი გააჩერა და უახლოეს საავადმყოფომდე მიყვანა სთხოვა. მძღოლი შეშფოთებული უყურებდა წყვილს. მერიემი ისევ უგონოდ იწვა მანქანის უკანა სავარძელზე. ბიჭს მისი თავი კალთაში ედო. თმებზე ეფერებოდა და ევედრებოდა თვალების გახელას:
_ მერამდენედ უნდა დამტანჯო, მერამდენედ უნდა მეგონოს, რომ გკარგავ. გემუდარები, გონს მოდი, როგორ მენატრებოდი, მზად ვარ ყველაფერი დავივიწყო და, თუ საჭიროა, შენთან ერთად ჯანდაბაშიც გადავსახლდე. როგორ ვცდებოდი, ასე როგორ გაგიშვი,არც კი მიკითხავს, _ ეჩურჩულებოდა გოგოს, რომელსაც ერთი სიტყვაც კი არ ესმოდა. _ ეს რა.._ ბიჭი მერიემის ხელს ეფერებოდა და მაჯაზე შეხებისას რაღაც უცნაური იგრძნო. მის ხელებს ახლოდან დააკვირდა და მკაფიოდ შეამჩნია ნაჭრილობევი. ორივე მაჯას ეტყობოდა, რომ რაღაც ბასრით გადაესერათ. ბიჭს ძარღვებში სისხლი გაეყინა. მზერა ოდნავ მაღლა მოავლო და მკლავებზე დალურჯებებიც მკაფიოდ გაარჩია. ასეთი დალურჯებები სადღაც ენახა. მიხვდა: ბავშვობის მეგობარი მოაგონდა, რომელიც ორი წლის წინ წამლის გადაჭარბებული დოზით დაიღუპა. დახედა მის წინ უგონოდ მიწოლილ სუსტ სხეულს და ტკივილმა გული დაუსერა. ,,ეს რა გიქნია, მერიემ...“.
საავადმყოფოში ისე მივიდნენ, გოგო გონს არ მოსულა. ბიჭმა თეკლას დაურეკა და უთხრა, რომ რაღაც საქმის გამო დღეს შეაგვიანდებოდა. როცა ექიმი როგორც იქნა, გამოვიდა, გაბრიელი უკვე ბოლომდე შეეპყრო შიშს. თავადაც აოგნებდა ის ფაქტი, რომ ოდნავადაც არ შეცვლოდა გრძნობები მერიემის მიმართ. პირიქით, თითქოს ამდენი ხნის მერე კიდევ უფრო იზიდავდა ქალი.
_ ექიმო, როგორაა?
_ გადავრჩით. ნერვული შეტევა ჰქონდა. თქვენ მისი ვინ ხართ?
_ მეუღლე ვარ. _ იცრუა წარბშეუხრელად.
_გეცოდინებათ, ცოტა ხნის წინ ნარკოტიკებს რომ მოიხმარდა. ამან მისი ნერვული სისტემა სერიოზულად დააზიანა. მცირე სტრესიც და უბრალოდ მისი ტვინი ვერ უძლებს.
_ ეს რამდენად საშიშია?
_ ამ ეტაპზე სერიოზული რისკები არაა, თუმცა სიმშვიდე ესაჭიროება. როგორც ჩანს, რაღაც სერიოზულად განიცადა.
_ ნახვა შემიძლია?
_ ამ ღამით ჯობია ეძინოს. დამამშვიდებელი მივეცით.
_ გმადლობთ, მაშინ მის ნივთებს მოვიტან და დავბრუნდები.
_ შუადღემდე არ გაიღვიძებს, მოასწრებთ.
_ გმადლობთ. _ ექიმს დაემშვიდობა. სწრაფი ნაბიჯებით დატოვა საავადმყოფო.
,,რთული ღამე იქნება. კმარა ტყუილი, რომელშიც ვცხოვრობ და იმ გოგოსაც ვაუბედურებ. ამ ღამითვე უნდა დავშორდე თეკლას.“ _ ამ ფიქრებით გააჩერა ტაქსი და სახლის მისამართი უკარნახა.



გამარჯობა, მეგობრებო. ძალიან მომენატრეთ <3 სრულად ვტვირთავ მოთხრობის პირველ ნახევარს და ძალიან მაინტერესებს თქვენი შეფასებები. მოტივაციაც მჭირდება და კრიტიკაც. იმედია, ისიამოვნებთ და ვინც კითხულობდით, კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ასე მივატოვე თავის დროზე. <3



№1  offline წევრი დარინა

გამიხარდა რომ დაბრუნდიი და ახალი თავების ატვირთავს აპირებ, მე ძალიან მომწონდა ეს ისტორია და გული მწყდებოდა რომ აღარ აგრძელებდი, ველოდები შემდეგ თავს.

 


№2  offline წევრი ანაკონდა

დარინა
გამიხარდა რომ დაბრუნდიი და ახალი თავების ატვირთავს აპირებ, მე ძალიან მომწონდა ეს ისტორია და გული მწყდებოდა რომ აღარ აგრძელებდი, ველოდები შემდეგ თავს.

გმადლობ ❤❤❤ ჰოდა ახლა მთელი შემართებით გავაგრძელებ. ❤❤❤

 


ვაუუ, მოგელი, მაგარია ძაან

 


№4  offline წევრი ანაკონდა

სიყვარული გულს გვტკენს
ვაუუ, მოგელი, მაგარია ძაან

❤❤❤ გმადლობ და მიხარია

 


№5  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

სხვათაშორის ეს დღეები ვფიქრობდი შენზე და როგორ გამიხარდა შენი დაბრუნება. იცოდე ასე აღარ დაიკარგო დ თავი არ მოგვანატრო.

 


№6  offline წევრი ანაკონდა

Chikochiko
სხვათაშორის ეს დღეები ვფიქრობდი შენზე და როგორ გამიხარდა შენი დაბრუნება. იცოდე ასე აღარ დაიკარგო დ თავი არ მოგვანატრო.

ცუდ ხასიათზე ვარ და გამათბო შენმა სიტყვებმა ❤ ყველანაირად ვეცდები

 


№7  offline მოდერი მარტო სახლში

vaimee miyvarxar shenc da es istoriac <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent