შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

„ვენერას ცრემლი“ - 4


10-09-2019, 00:37
ავტორი omexi
ნანახია 9 136

**********

«ინფორმაციულ-კიბერნეტიკული ცნობარი», «მდიდარი კვარტალის» ყოველ ქუჩაზე იყო მოთავსებული, დედამიწის რიგით მოქალაქეს განურჩევლად სქესისა თუ ასაკისა, სარწმუნოებისა თუ პოლიტიკური შეხედულებისა, ერთი სპეციალის ღირებულების მონეტის გამოყენების შემდეგ, თავისუფლად შეეძლო ესარგებლა ცნობარის სამსახურით.
ის უზარმაზარი კიბერ-კარტოთეკა იყო, მისი დახმარებით ნებისმიერი პიროვნების შესახებ შეგეძლო ინფორმაციის მოპოვება, რომელიც არ დაარღვევდა ინფორმაციული ხელშეუხებლობის საზღვრებს.
მართალია ომამდე სანამ პლანეტშორისო შეთანხმება ძალაში შევიდოდა საჭირო პიროვნების მოძებნა ინტერნეტ სივრცეში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შეიძლებოდა, ლერი მაშინ პერსონალური პლანშეტით ისარგებლებდა და სახლიდან გაუსვლელად მოიპოვებდა საჭირო ინფორმაციას, მაგრამ ომის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, დედამიწის ორბიტაზე სპეციალურად დაყენებული ხელოვნური თანამგზავრები, ბლოკავენ ციფრულ რადიო-ტელემაუწყებლობასა და ფიჭურ კავშირგაბმულობას, რათა დედამიწელმა ჰაკერებმა, სხვა დასახლებულ პლანეტებზე კიბერ თავდასხმები არ განახორციელონ, ასე რომ ამჟამად დედამიწელები მხოლოდ ანალოგიური მაუწყებლობით სარგებლობდნენ, რომელიც პლანეტის საზღვრებს ვერ ტოვებდა, რაც შეეხება კომპიუტერულ ტექნიკას, ყველა მათგანი უმაქნისი გამხდარიყო, ლერის ათასჯერ მაინც შეუკეთებია დაზიანებული პლანშეტი, ამიტომ ძალიან კარგად იცოდა, მას დღევანდელი დედამიწის მოსახლეობა მარტო კაკლის გასატეხად თუ გამოიყენებდა.
ლერიმ პირველსავე «ინფორმაციულ-კიბერნეტიკულ ცნობართან» შეაჩერა ფურგონი, ხვდებოდა რომ ყველაფერი გაცილებით სერიოზულად იყო ვიდრე მას წარმოედგინა, ამიტომ სურდა ცნობარის წყალობით ყველაფერი შეეტყო სილვიო ტრავინას შესახებ, რათა დაწვრილებით შეესწავლა მტერი და ბოლოს და ბილოს გაერკვია, ვინ იყო დოქტორ არეს სერა - მომხრე თუ მოწინააღმდეგე.
ზღვაური, კაბინიდან გადმოხტა და მაკის კითხვით აღსავსე გამოხედვა უპასუხოდ დატოვა, ის «ინფორმაციულ-კიბერნეტიკულ ცნობართან» მოეწყო, რომელიც უშველებელ შემინულ ჯიხურში ჩაემონტაჟებინათ.
ლერი მცოდნე ელექტროკიბერნეტიკოსთან ერთად შესანიშნავი ჰაკერიც იყო, კიბერნეტიკული ყაჩაღი, თავისუფლად შეეძლო «შემძვრალიყო» დაშიფრულ ფაილებში, წაეკითხა დამალული ინფორმაცია, გაეხსანა პროგრამის დახურული «ფანჯრები». თუმცა, ახლა ამგვარი ქმედების ჩადენას არ აპირებდა, ძალიან კარგად იცოდა, რომ აქ არაფერი გაუვიდოდა «ინფორმაციულ-კიბერნეტიკული ცნობარი» შესანიშნავად იყო დაცული მისნაირი ყაჩაღებისგან, განსაკუთრებით ჩატვირთული პროგრამა, ინფორმაციის მოტაცების მცდელობის დაფიქსირებისთანავე, ავტომატურად აამოქმედებდა ცნობარში ჩამონტაჟებული ძალურ დანადგარებს და დამნაშავეს ძალური ველის ტყვეობაში მოაქცევდა მანამ, სანამ კომპიუტერულ ყაჩაღს კანონის დამცველები არ «ჩაიბარებდნენ».
საერთოდ «ინფორმაციულ-კიბერნეტიკული ცნობარი», უზარმაზარ მოხერხებულ სავარძელს წარმოადგენდა, ადამიანი დაჯდომისთანავე უკვე კიბერნეტიკულ სამყაროში გადადიოდა, სავარძლის სახელურებიდან სამართავი კლავიატურის სენსორული პანელი ამოიმართებოდა, სახის წინ კი ჰოლოგრამით მოცულობითი ეკრანი ჩამოყალიბდებოდა, რომელზეც აისახებოდა კიდეც ის საჭირო მონაცემები, რომლის მიღებაც სურდა ინფორმირებად პირს.
ლერი, მოხერხებულად მოეწყო სავარძელზე, ჯიბეები მოიქექა, ერთი სპეციალის ღირებულების ვერცხლისფერი მონეტა კიბერნეტიკული ცნობარის ე.წ. «ფინანსურ» ყულაბაში ჩაუძახა, რამდენიმე წამში ზუზუნით ამუშავდა აპარატი, მის სახესთან ჰოლოგრამიდან ჩამოყალიბებული ეკრანი აინთო და ზედ ბეჭდური ასოებით ჩამოეწერა.
... «გთხოვთ წარმოადგინოთ პირადობის დამადასტუ-რებელი ბარათი»...
ზღვაურმა, გულის ჯიბიდან პლასტმასის თხელი, სიფრიფანა ბარათი ამოაძვრინა, მწვანედ აკიაფებულ სენსორულ დაფაზე გააცურა და ეკრანს მიაცქერდა.
... «მიმდინარეობს იდენტიფიკაცია, იდენტიფიცირებულია პიროვნება: ლერი ზღვაური, პირადი საიდენტიფიკაციო ნომრით – AL 932 S 1017 — იდენტიფიკაცია დასრულე-ბულია»...
ცნობარი უკვე მის განკარგულებაში იყო, მან პლასტმასის ბარათი ჯიბეში შეინახა, კლავიატურაზე თითები მსუბუქად დააწყო და მუშაობას შეუდგა, ზღვაურს პირველ რიგში სურდა სილვიო ტრავინას ვინაობა დაედგინა, ამიტომ სრულიად მზის სისტემის სატუსაღოების კიბერნეტიკულ არქივში შეაღწია, საჭირო ფაილები გახსნა და ჯიუტად შეუდგა ძებნას.
შეუსვენებელი ძებნის შემდეგ იპოვა რასაც ეძებდა, უხეიროდ გადაღებული ფოტოსურათიდან ნაიარევი სახე შემოსცქეროდა, ფოტოსურათი საპლანეტაშორისო სატუსაღო «ომეგა-ზეტადან» იყო ამორებული, ანფასიც გადაეღოთ და პროფილიც, ორივე სურათს ქვემოთ პატიმრის რიგითი ნომერი ჰქონდა მიწერილი,
გახარებულმა, ხელები კმაყოფილმა მოიფშვნიტა და მთავარ კიბერნეტიკულ ქსელს წინამდებარე პიროვნების დოსიე მოსთხოვა. «ინფორმაციულ-კიბერნეტიკულმა ცნობარმა» ერთხელ კდევ მოისურვა მისი პირადობის დამადასტურებელი ბარათის იდენტიფიცირება და მხოლოდ ამის შემდეგ გასცა პასუხი დასმულ შეკითხვაზე, ცნობარის ჰოლოგრამულ ეკრანზე წვრილი ასოებით ჩამოეწერა.
... «კიბერნეტიკული არქივი, თავი 34, განყოფლება 12. პიროვნება იდენტიფიცირებულია სრულიად მზის სისტემის სახელით, საპლანეტაშორისო სატუსაღო «ომეგა-ზეტას», მკაცრი რეჟიმის კოლონია «სელენას» და მზის სისტემის საერთაშორისო ციხის წარმომადგენლობის დახმარებით.
პიროვნება იდენტიფიცირებულია სილვიო დი ალფრედო დი ანტონიო ტრავინას სახელით და – JI 489 O 0091 -- საიდენტიფიკაციო ნომრით.
ზოგადი ცნობები: - დედამიწის მოქალაქე, დაბადებული 2352 წელს, სამჯერ მსჯავრდებული ტერორისტული და მზის სისტემის ფედერაციისათვის ძირისგამომთხრელი საქმიანობისათვის, გარკვეული ხანი იმალებოდა ალფრედო არტიმეს სახელით და ფლობდა ყალბ საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელიც კიბერნეტიკული ქსელის სპეცსამსახურებმა გააუქმეს.
ამჟამად, გათავისუფლებულია სატუსაღოდან სასჯელის ვადის ამოწურვის გამო. მისი ახლანდელი ადგილსამყოფელი სავარაუდოდ დედამიწაა, საქმიანობა დამოუკიდებელია და კონტროლს აღარ ექვემდებარება.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ აკრიბოთ კოდი – A 502 – რის შედეგად გაიხსნება საქმე #7003»...
კიბერნეტიკული ცნობარის მირაჟულ ეკრანზე მანათობელი ასოები გაქრნენ, მაგრამ ლერის არ აუკრეფია კოდი... A 502 … არ დაუწყია დაშიფრული ინფორმაციის ძებნა, მისთვის ყველაფერი ისედაც ნათელი იყო, საქმე ნამდვილ არამზადასთან ჰქონდა, ამიტომ ესპანელს თავი გაანება და კიბერნეტიკული ქსელიდან გაუსვლელად, კავშირ-გაბმულობის ქსელში გადაინაცვლა, რათა აბონენტთა შორის დოქტორ არეს სერას პიროვნება ეპოვნა.
შედეგს მალე მიაღწია, დედამიწის კავშირგაბმულობის სისტემაში სულ 61 039 არეს სერა იყო მოხსენიებული, ოღონდ მათგან არც ერთი არ ფლობდა დოქტორის ხარისხს, შემდეგ გაირკვა რომ არეს სერათა უმეტესობა უმუშევარი, პოლიციის მიერ აღრიცხვაზე აყვანილი ახალგაზრდები იყვნენ, მხოლოდ ერთი იყო გამონაკლისი, ის საპლანეტაშორისო ლაინერის პილოტი გახლდათ.
ზღვაურმა დაუსტვინა, მას უკანასკნელი არეს სერას სამსახური მოეწონა, თუმცა წამსვე დაისაჯა, რადგან კიბერნეტიკული ცნობარის ეკრანზე პულსარებადი ასოებით ჩამოეწერა.
... «გთხოვთ დაიცვათ საზოგადოებაში ქცევის ელემანტარული წესები. წესები შეგიძლიათ იხილოთ laif-5 ფაილზე»...
ლერიმ ჩაიცინა, კომპიუტერს დამცინავად მოუბოდიშა და დედამიწის კავშირგაბმულობიდან, საპლანეტაშორისო კავშირგაბმულობის აბონენტთა სიაში გადაინაცვლა, რამდენმე წუთიანი დაბრკოლების შემდეგ საჭირო ფაილებში შეაღწია და მიაგნო რასაც ეძებდა, სიმეტრიულად ჩამომწკრივებულ აბონენტთა სიაში ამოტივტივდა ესოდენ სასურველი სახელი... დოქტორ არეს სერა.
გახარებულმა დაჰკრა თითი ღილაკს და ეკრანს მიაცქერდა, ეკრანზე მანათობელი ასოები გამოისახა.
...»გთხოვთ წარმოადგინოთ პირადობის დამადასტურებელი ბარათი, განმეორებითი იდენტიფიკაციისთვის»...
- ოხ ეს წყეული ფორმალობა, - გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა და პლასტმასის ბარათი სენსორულ დაფაზე გააცურა.
კიბერნეტიკულმა ცნობარმა ღმერთმა იცის მერამდენედ მოახდინა ლერის პიროვნების იდენტიფიკაცია და მხოლოდ ამ ელექტრონული რიტუალის დასრულების შემდეგ, მიაწოდა საჭირო ინფორმაცია, ჰოლოგრამულ ეკრანზე სქელ ულვაშდაყენებული, ჭაღარა მამაკაცის ფოტოსურათი გამოისახა, მკაცრი, მიუკარება სახით, წვრილი, ჭროღა თვალებითა და მასიური, ოთკუთხა ნიკაპით, ფოტოსურათის გვერდით კი ბეჭდური ასოებით ჩამოეწერა.
... «კიბერნეტიკული არქივი, თავი 23, განყოფილება 15, პიროვნება იდენტიფიცირებულია სრულიად მზის სისტემის სახელით, სწრაფი რეაგირების საპლანეტაშორისო ქვეითი ბატალიონის, მარსის გეოლოგიური აკადემიის და გეოლოგიური კომპანია «გალაქტიკ მინერალზის» წარმომადგენლობის დახმარებით, პიროვნება იდენტიფიცირებულია გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხით, არეს სერას სახელით და – PO 149 X 9004 – საიდენტიფიკაციო ნომრით.
ზოგადი ცნობები: - მარსის მოქალაქე, დაბადებული 2335 წელს, სამხედრო სავალდებულო სამსახური გაიარა სწრაფი რეაგირების საპლანეტაშორისო ქვეით ბატალიონში, 2353 წელს მონაწილეობას იღებდა «ხმელთაშუა ზღვის კონფლიქტში», რომელსაც საბრძოლო ოპერაციის დროს მიღებული ტრამვის გამო გამოეთიშა.
ჯილდოები: - ვერცხლის ჯვარი საბრძოლო მამაცობისთვის.
2360 წელს დაამთავრა მარსის გეოლოგიური აკადემია, დაიცვა გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, 2369 წლიდან მოღვაწეობდა გეოლოგიურ კომპანია «გალაქტიკ მინერალზის» გეოლოგ-კონსულნტანტად, იყო კომპანიის მარსული ფილიალის პრეზიდენტი.
ამჟამად სამსახურიდან გადამდგარია, მისი დღევანდელი მოღვაწეობა კონტროლირებადია, მაგრამ გასაიდუმლოებული, დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ აკრიბოთ კოდი... A 331... რის შედეგად გაიხსნება საქმე #4135»...
ლერი დაფიქრდა, შემდეგ კლავიატურაზე ფრთხილად აკრიბა კოდი... A 331... და ყურადღება სახის წინ ჩამოყალიბებულ ეკრანზე გადაიტანა, ეკრანი ჯერ აირია, ათამაშდა, ზედ ფერადი ხაზები გაივლო, შემდეგ მომენტალურად გაირინდა და ვერცხლისფერი ასოებით ჩამოეწერა.
... «კიბერნეტიკული არქივის საიდუმლო განყოფილება, გთხოვთ აკრიბოთ კოდი»...
ზღვაურმა ნერვულად მოიკვნიტა ტუჩი, პროგრამა დაშიფრული გახლდათ, მისი გახსნის მცდელობა კი ძალიან დიდი რისკთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ფრთხილად აათამაშა კლავიატურაზე თითები, სურდა დაშიფრული პროგრამისთვის გვერდი აექცია, როგორმე გამოეცინცლა გასაიდუმლოებული ინფორმაცია დამალული ფაილებიდან, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, რადგან ეშმაკურად პროგრამირებული «ინფორმაციულ-კიბერნეტიკული ცნობარი» ყველაფერს «მიუხვდა», ეკრანი ერთბაშად ჩაშავდა, გაისმა გამაფრთხილებელი ზუზუნი, მის ერთ კუთხეში თვალება-ნთებული თავის ქალა გამოისახა და ზედ წვრილი, სისხლისფერი ასოებით ჩამოეწერა.
... «თქვენ დაარღვიეთ ინფორმაციული ხელშეუხებლობის საზღვრები, აღნიშნული პროგრამა თქვენი პიროვნებისთვის დაიხურება, ეს გამაფრთხილებელი ღონისძიება გახლავთ, ინფორმაციის გატაცების განმეორებით მცდელობისას, თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება დირექტივა... « set» ... ინფორმაცია აღნიშნული დირექტივის შესახებ, შეგიძლიათ მოიძიოთ ... laif-210 ... ფაილზე»...
ლერიმ ძალიან კარგად იცოდა თუ რას წარმოადგენდა დირექტივა... « set «... ის ურჩი ჰაკერის ძალური ველით დატყვევების ღონისძიება გახლდათ, ამიტომ გადაწყვიტა ცნობარისთვის თავი გაენებებინა, ისედაც საკმარისი ინფორმაცია მიიღო, ორ უცნაურ პიროვნებაზე, შესაშური კრიმინალური წარსულის მქონე ტერორისტზე და გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორზე, რომლის აწყმოც გასაიდუმლოებული იყო, ნეტა რა აკავშირებდა ამ ორ ადამიანს არამიწიერ კრისტალთან?, ან რისთვის სჭირდებოდათ «ვენერას ცრემლი»?, ლერიმ, ზანტად მიატოვა «ინფორმაციულ კიბერნეტიკული ცნობარი», ფრთხილი ნაბიჯით გადაკვეთა ჩაბნელებული ქუჩა და ფურგონში მოკალათდა.
მარტოდ დარჩენილ მაკს თავი სავარძლის საზურგეზე გადაედო და თვლემდა, ლერის დაუდევრობამ და დანჯღრეული ფურგონის კარის ჭრიალმა, ძილი დაუფრთხო, თვალები გაახილი, როცა საჭესთან მოკალათებული ლერი დაინახა, ზანტად გაიზმორა და ნამძინარევი ხმით ჰკითხა.
- წავედით?
- წავედით, - დაეთანხმა ლერი ბარმენს, ძრავი დაქოქა და ფურგონი ღრჭიალით შეუყვა გზატკეცილს «ქართული კვარტალისაკენ».

**********

დილის 5 საათი იყო სახლში რომ დაბრუნდა, ჯერ ისევ ბნელოდა, ჩამოწოლილიყო უვარსკვლავო ღამე, დანჯღრეული ფურგონი ხრიგინით შეჩერდა მკვეთრი შუქით განათებულ კოტეჯთან, ლერიმ ძრავი ჩააქრო და სახლს ცალი თვალით გახედა.
- ახლა რას აპირებ? - ჩურჩულით ჰკითხა მაკმა.
ინტერესით შეათვალიერა შეშინებული ბარმენი, რომელსაც ნაცემი სახე შეშუპებოდა, თვალები ჩასისხლიანებული და გატანჯული ჰქონდა, წამით სინანული იგრძნო ამ საცოდავი კაცის მიმართ, შემდეგ მხრები აიჩეჩა და წყნარად მიუგო.
- ჯერ-ჯერობით არაფერს.
- ღმერთო ჩემო ეს რა მესმის, - მაკმა ხელები უმისამართოდ აიქნია, - თავს ასეთი საშინელი ისტორია გადაგვხვდა და შენ არაფრის გაკეთებას არ აპირებ? ხომ არ შეიშალე ლერი? ნუთუ ვერ ხვდები რომ მაგარ შარში გავეხლართეთ? ახლავე უნდა წავიდეთ ამ ქალაქიდან. შენც კარგად იცი იმ ბიჭებთან ხუმრობა ხეირს რომ არ მოგვიტანს, ისევე მიგვაკლავენ, როგორც გუშინ უცნობი მოხუცი მოჰკლეს, თანაც პასუხს არავინ მოსთხოვთ... ჩვენ ხომ 24-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ეს საუკუნე კი მკვლელობის, ძარცვის და დანაშაულის საუკუნეა.
- მე საერთოდ არ მაინტერესებს შენი სოციალური შეხედულება 24-ე საუკუნეზე, - ლერიმ, მაკს სიტყვა შეაწყვეტინა, - უბრალოდ ჯერ-ჯერობოთ არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ, ცოტას სულს მოვითქვამ ყველაფერს დაწვრილებით მოვიფიქრებ და მოქმედების გეგემასაც შევიმუშავებ, - ჩანთა ფურგონის საბარგულში მიაგდო, კაბინიდან გადავიდა და მაკს უგულოდ მიუგდო ორი სიტყვა, - აქ დამელოდე.
ეზო განათებული იყო, სახლი ჩაბნელებული, როცა ლერიმ კოტეჯის კარი შეაღო, მოეჩვენა თითქოს ტანიას სუნთქვა ესმოდა, გაეღიმა, იფიქრა ტანიას ისევ უშფოთველად სძინავსო და ხელი ავტომატურად აჰკრა ამომრთველს, შუქი აინთო, ძველებურმა ბროლის ჭაღმა ერთბაშად გაანათა ციცქნა მისაღები ოთახი.
ლერი თავზარდაცემული გაშეშდა, აშკარად დაინახა გადაბრუნებული მაგიდა, დამსხვრეული ფაიფურის ლარნაკი, ადგილშეცვლილი სავარძელი და აბურდული, ჭრელი ხალიჩა.
მის ბინაში ვიღაც იყო ნამყოფი, ის ვიღაც კი რაღაცას ეძებდა... რა თქმა უნდა ტრავინას ძნელად მოაზროვნე გორილები იქნებოდნენ, მაგრამ როგორ მიაგნეს? საიდან? ალბათ გაწბილებულნი გაბრუნდნენ უკან... იქნებ, იქნებ... ჯერაც აქ არიან?... ლერის საკუთარმა ფიქრებმა თავზარი დასცა, ერთხელ კიდევ მოათვალიერა ოთახი, შემდეგ ტანში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა და თითქოს საკუთარი ხმის ეშნიაო, ხმადაბლა დაიძახა.
- ტანია!...
მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღო, თითქმის თვალთ დაუბნელდა და ამჯერად ხმამაღლა დაიღრიალა.
- ტანია!... – პასუხი ისევ არავის გაუცია.
ლერი, გიჟივით ეცა საძინებელ ოთახს, კარი გამოაღო.
- ტანია!... – ისევ დაიყვირა და ოთახში შევარდა.
ოთახში შესულს ჯერ ტანიას სუსტი შეკივლება მოესმა, შემდეგ მოულოდნელობისაგან გაოგნებულს, ვიღაცის ნაძალადევი სიცილი და ბოხ ხმაზე წარმოთქმული სიტყვები ჩაესმა.
- როგორც იქნა მოეთრიე .
საძინებელ ოთახში ნამდვილი ქაოსი სუფევდა, ერთმანეთში არეულიყო გადაბრუნებული და დამსხვრეული ავეჯი, კარადის უჯრები იატაკზე ეყარა, გადაბრუნებულიყო პაწაწინა სამუშაო მაგიდაც, აბურდულ საწოლზე კი აცახცახებული და თვალცრემლიანი ტანია იწვა, ის საწყალობლად მოთქვამდა.
- ოჰ ლერი... ოჰ ლერი ძვირფასო...
ტანიას მხარბეჭიანი, უშველებელი ზანგი დადგომოდა თავს, თეთრად ლუმინისცირებადი კბილები დაეკრიჭა და საზიზღრად იცინოდა, თან ლერის გულმოდგინედ უმიზნებდა მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევს.
- დიდი ხანია რაც გელოდი, - ზანგმა უაზრო ღიმილი სახიდან ცივად მოისხიპა, რომელიც შავ სახეზე, საზიზღარი ჭრილობასავით გაწოლილიყო და ხრინწიანი ხმით ჩაილაპარაკა, - კეთილი იყოს შენი მობრძანება.
ლერიმ ბრაზიანად ახედა უცნობს, ძალიან მოუნდა ჭკუა ესწავლებინა მისთვის, მაგრამ გადაიფიქრა, თავიდან-ფეხებამდე, აათვალიერ-ჩაათვალიერა და უეცრად საკუთარმა ფიქრებმა შეაკრთო... რაღაც ნაცნობი დაინახა ამ ახმახში... ნაცნობი ხაზები, ნაცნობი ჭრილები, უნიფორმა შეიცნო.
ზანგი რუხ, ფართხუნა კომბინიზონში იყო გამოწყობილი, რომლის ფართე სახელოები იდაყვებამდე დაეკაპიწებინა, ისე ეცვა როგორც ელექტროტექნიკოსს ან როგორც გაზის კომპანიის ტექნიკურ წარმომადგენელს, თუმცა ის არც ერთი იყო და არც მეორე.
ზღვაურმა ტუჩი მოიკვნიტა, ჯიქურ შეავლო თვალი ზანგის ხელში ჩაბღუჯულ ტყვიამფრქვევს, დედამიწის ყოველ მოქალაქეს შეეძლო ეს ტრაფარეტურად მორთულ-მოკაზმული ადამიანები დაემახსოვრებინა, ადამიანები რომლებიც არაფრით არ შეეფერებოდნენ თავიანთ ჩაცმულობას... და ლერიმ იცნო, არც ის გახლდათ გამონაკლისი, მიხვდა რომ მის წინ 24-ე საუკუნისათვის დამახასიათებელი, ტიპიური დაქირავებული მკვლელი იდგა.
უცებ იაზრა, რომ ვიღაცას ძალიან არ სურდა ის ცოცხალი დარჩენილიყო, წამიერად გაათვითცნობიერა ყოველივე, უბედურების მოახლოვებამ აზროვნების ფანტასტიური უნარი შესძინა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ზანგისკენ და ნერვიული ტონით იკითხა.
- რა ჯანდაბა გინდა?
- ჩემი აზრით ეს შეკითხვა ძალზედ უადგილოდ დასვი, - ზანგი უაზროდ გაიღრიჭა, - პირადად მე შენგან არაფერი მინდა... ის «ჯანდაბა» სხვას სჭირდება.
- სხვას თავად მოველაპარაკები, შენ კი... სხვა დროს შემომიარე, - ლერიმ ცოტა არ იყოს დამცინავი კილოთი წარმოსთქვა, შემდეგ ხელის აქნევით კარისკენ ანიშნა მომხვდურს და რამდენმე ნაბიჯი გადადგა მისკენ.
მოულოდნელად, ზანგმა გაავებულმა დაიღრიალა.
- არ გაინძრე ! - მას სიბრაზისაგან უფრო ჩაუშავდა სახე, შემდეგ ტყვიამფრქვევი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა, - მე შენს გამოტვინებულ თავში 20 000 მიხდიან და სართოდ არ მინდა ესოდენ მსუყე ლუკმა ხელიდან გავუშვა... რადგან 20 000 ცოცხალი ღირხარ, მკვდარი კი გროშიც აღარ ეღირები.
ლერი ჯიქურ მიაცქერდა მკვლელს სიბრაზისაგან ჩაშავებულ თვალებში.
- ვინ გამოგგზავნა? - რბილი, შემპარავი ხმით შეეკითხა.
- ცნობისმოყვარეობა დაგღუპავს, - ზანგი მსუბუქი ნაბიჯით დაიძრა მისკენ, - გირჩევნია საქონელი გადმომცე, თორემ მაგ ატროფირებულ ტვინს კედელზე მიგასხმევინებ.
- წარმოდგენა არ მაქვს რაზე ლაპარაკობ, - ლერიმ ნერვიულად აიქნია ხელი... ის ხვდებოდა თუ რა ძლიერ სჭირდებოდათ' «ვენერას ცრემლი».
- როგორც გატყობ იდიოტი გგონივარ, - მკვლელმა ბრაზიანად ამოიხრიალა, ლოგინზე უძალოდ მიგდებულ ტანიას დააცქერდა, - ფიქრობ, რომ ამ საქმის არაფერი გამეგება, მაგრამ ცდები, - ზანგმა წუთით იყუჩა, შემდეგ კი დამარცვლით წარმოსთქვა, - «ვენერას ცრემლი» მომეცი .
- «ვენერას ცრემლი»?... ვერაფელს ვხვდები, - ლერიმ უაზროდ აიჩეჩა მხრები, მის გონებაში წანსვე შემუშავდა გეგმა, თუ როგორ მოეშორებინა თავიდან ეს ჭკუამოკლე იდიოტი.
- მე არც ის იაფფასიანი კრისტალი მაინტერესებს და არც შენს ბედისწერაში მინდა ხელი ვაფათურო... უბრალოდ ფული მჭირდება, - ზანგმა ხოტორა თავი მოიქექა, - «ვენერას ცრემლი» ჩემთვის ფულის გაკეთების საშუალებაა, ნუ მაიძულებ უკიდურეს ზომებს მივმართო.
- ძალიან ვწუხვარ, - ლერიმ ნაღვლიანი სახე მიიღო, ის თითქოსდა სინანულით განიმსჭვალა ამ ახმახის მიმართ.
- 20 000 დღეს დიდი ფულია, მისი გულისთვის ზოგჯერ თავზეც უნდა აიღო ხელი, - ზანგმა ხმადაბლა დაიწყო, ყოველ სიტყვას მძიმედ და სვენებ-სვენებით წარმოსთქვამდა, - მისი გულისათვის ყოველგვარ კანონს უნდა გადააბიჯო, ყოველი ღონე იხმარო, რომ შენი გახდეს, - ტყვიამფრქვევი ამოყირავებულ ტუმბოზე დადო, საიდანღაც უშველებელი, ბასრპირიანი ხანჯალი ამოაცურა, საწოლზე მიწოლილ ტანიას დასწვდა და მისი ბასრი პირი ყელზე მაბჯინა, - უკან არაფერზე დავიხევ, ოღონდაც 20 000 ჩემი გახდეს, ამ ქალსაც უგულოდ გამოვღადრი ყელს, თუკი... – ის წამით გაჩუმდა, შემდეგ კი მის თვალებში სიგიჟის ნაპერწკლები აკიაფდა, - «კოლუმბიური ჰალსტუხი» 1 გაგიგონია ალბათ, მკვლელობით ამ ხერხს ვაღმერთებ, მას ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დროინდელი განგსტერები იყენებდნენ. სასიამოვნო პროცედურაა, მსხვერპლს ჯერ დანით ყელს ჭრი, ჭრილობიდან ენას გამოათრევ, ენა კი მოკლულის გულ-მკერდზე სისხლიანი ჰალსტუხივით დაეფინება... ერთი შეხედვით შეიძლება საზიზღრობად მოგეჩვენოს... მაგრამ მე თუ მკითხავ «კოლუმბიური ჰალსტუხი» საზიზღრობა კი არა ხელოვნების ნიმუშია, თავად მკვლელი კი ხელოვანი, - მკვლელმა ტანია თავისკენ მიიზიდა და ცივად დაუმატა, - ამ მზეთუნახავს კი პატივი ერგო, ესოდენ ორიგინალური ხელოვნების პირველი შედევრი გახდეს 24-ე საუკუნეში, - მან ქალს თმაში ხელი ჩაავლო და ხანჯალი მაცდურად აუცურა გაშიშვლებულ ყელზე.
- გაეთრიე... გათრიე ნაძირალა, - ხმამაღლა შეჰკივლა ტანიამ, - რა ჩაიფიქრე მხეცო, - ქალი ზანგის უშველებელ მკლავებში საცოდავად აფართხალდა.
- მხოლოდ ყვირილით იქმნება ნამდვილი შედევრი, - ფილოსოფიურად დაასკვნა ზანგმა, მის თვალებში მბჟუტავი სიგიჟის ნაპერწკლები, მანათობელ ნაკვერჩხლებად აინთნენ, მკლავი ყელზე შემოაჭდო ტანიას და ძალაგამოცლილი ქალი სანახევროდ მოგუდა.
ლერიმ დიდი ხანია უკვე იაზრა თუ რის გაკეთებას აპირებდა ეს ფსიქოპატი, მიხვდა რომ უკან არ დაიხევდა, ოღონდ 20 000 ჩაეგდო ხელში, მიხვდა რომ საცოდავი ქალი ტყუილად იტანჯებოდა, გადარეული მამაკაცის სისხლიან მკვლავებში მომწყვდეული, ამიტომ მოქმედების დაგეგმას შეეშვა, ავტომატურად, გაუთვითცნობიერებლად დაძაბა ყოველი კუნთი, ადგილიდან ავაზასავით ისკუპა და დორბლმორეულ მკვლელს ზემოდან დააცხრა.
ორივე იატაკზე გადაკოტრიალდა.
ლერიმ როგორც კი ტანია მკვლელის მკლავებიდან გაანთავისუფლა, მთელი ყურადღება მრისხანედ მოღერებულ ხანჯალზე გადაიტანა, ორთავე ხელით ჩააფრინდა ზანგის დაკუნთულ მარჯვენას, მაგრამ მკვლელი საკმაოდ გაწაფული აღმოჩნდა, შეუდარებელი საზრიანობა გამოიჩინა, ორიგინალური ილეთით ქვეშ მოიგდო, ხანჯალი ზემოთ შემართა და თვალებდასისხლიანებულმა გესლიანი ხმით ჩასჩურჩულა.
- ახლა კი გამოგშიგნავ .
და სწორედ მაშინ, როცა პრიალაპირიანი ხანჯალი ლერის გულ-მკერდისკენ დაეშვა, ოთახში ავტომატური იარაღის გასროლის ხმა გაისმა, ზანგს მოქნეული ხელი ჰაერში გაუშეშდა, თვალებში არაადამიანური შიში ჩაუსახლდა, ერთბაშად მოიმჩვარა და ძალაწართმეული გვერდზე გადაიქცა.
ზღვაურმა იგრძნო როგორ შეესხა სახეზე მკვლელის სისხლი, ფეხზე სწრაფად წამოხდა და ტანიას მიაჩერდა, ქალს აკანკალებულ ხელში უზარმაზარი ტყვიამფრქვევი ჩაებღუჯა და ცრემლებად იღვრებოდა.
- ლერი, - ჩაიჩურჩულა ქალმა, იარაღი ცივად დააგდო იატაკზე და მამაკაცს მოეხვია, - მოკვდა? - გულისფანცქალით იკითხა მან.
ლერიმ არაფერი უპასუხა, ჩუმად მიეფერა აბრეშუმივით რბილ თმაზე, შემდეგ აგონიაში მყოფ მკვლელს მიაცქერდა, რომლის ფეთქებადი ჭურვებისაგან დაფლეთილი მასიური სხეული, ბნედიანვით ცახ-ცახებდა, მას ჯერ ისევ შემორჩენოდა სიცოცხლის ნაპერწკალი, რადგან ჯიუტად იწევდა ზემოდ, დაუძლურებულ სხეულს ძალას ატანდა და ფეხზე წამოდგომას ლამობდა.
ლერიმ თვალი მის გასისხლიანებულ ხელებს შეავლო, წამით დაიბნა, შემდეგ იგრძნო, როგორ დაუარა ტანში ჟრუანტელმა.
მკვლელს ხელში მძლავრი მუხტის, ფუგასური ხელყუმბარა ეჭირა, ალბათ ამ თანამედროვე არამზადის შორეული წინაპრები, ლეგენდარული კამიკაძეები იყვნენ, მის ძარღვებში თვითმკვლელის სისხლი თუ სჩქეფთდა, ის ნებისყოფის უდიდესი დაძაბვით იდაყვებს დაეყრდნო, გაყინული თვალები მიაპყრო ლერის და მისამარებული ხმით ჩაიხრიალა.
- ჯოჯოხეთამდე ერთად მოგვიწევს მგზავრობა, - შემდეგ საზიზღრად გაიცინა, ასეთი გაცინება მხოლოდ მომაკვდავს შეეძლო და ხელყუმბარა საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.
ლერის არ სურდა ცოცხლად გამოხრუკულიყო ამ არამზადასთან ერთად, რომელიც უკვე სულს ღაფავდა... გაოგნებულ თითქმის გრძნობადაკარგულ ტანიას მიუბრუნდა, ხელში აიტატა, ელვისებურად გამოვარდა სახლიდან, ეზო სწრაფად გადაკვეთა და ფურგონში მოკალათდა.
- რა დაგემართათ? - თვალებგაფართოებულმა მაკმა აკანკალებული ხმით იკითხა, როგორც კი ლერის გასისხლიანებულ სახეს შეავლო თვალი.
ლერიმ არაფერი უპასუხა, ცოტა ხნის ჯახირის შემდეგ ძრავი დაქოქა და ავტომობილი ადგილიდან დასძრა, თუმცა ბარმენს დასმულ შეკითხვაზე ზღვაურის ნაცვლად სხვამ გასცა პასუხი... ყურისწამღები აფეთქება გაისმა, უკან დარჩენილი კოტეჯი თვალისმომჭრელად გაბრწყინდა და მისი ალმოდებული ნამსხვრევები ხმაურით დააცვივდა ფურგონს სახურავზე.
- მკვლელების პლანეტა, - უსიცოცხლო ხმით ჩაილაპარაკა ლერიმ და ალმოდებულ კოტეჯს სინანულით გააყოლა თვალი.
მან ერთდროულად ორი უძვირფასესი რამ დაკარგა... მისი კოხტა, პატარა, მრავალ ჭირ-ვარამ ნახული სახლი თუ უკვე ნასახლარი და «ქეთი»... მისი განუმეორებელი «ქეთი», უერთგულესი მეგობარი, არაჩვეულებრივი მეოჯახე და ბოლოს და ბოლოს ორიგინალური მანქანა.
ლერი არ ადანაშაულებდა უკუღმართ, დაწყევლილ საუკუნეს, არ ადანაშაულებდა უპატრონოდ მიტოვებულ პლანეტას, მან იცოდა, რომ აქ მთავარი დამნაშავე არც მკვლელები იყვნენ, არც ფსიქოპატები, არც ნარკომანები, არც მეძავები... იცოდა, რომ მთავარი დამნაშავე სისხლისმსმელი და იდუმალი «ვენერას ცრემლი» გახლდათ, რომელიც ცივად ბზინავდა, ფურგონის საბარგულში.


1 «კოლუმბიური ჰალსტუხი» - მკვლელობის ხერხი, რომელიც აქტიურად კოლუმბიის შეიარაღებული კომფლიქტის დროს გამოიყენებოდა, ადგილობრივები ასე მოიხსენიებდნენ: Corte de Corbata - რაც ნიშნავს «გაკვეთილ ჰალსტუხს».




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent