შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

„ვენერას ცრემლი“ - 2


8-09-2019, 01:37
ავტორი omexi
ნანახია 9 263

ლერიმ ფურგონი ქალაქის იმ კვარტალისკენ გააქროლა, სადაც საავადმყოფო იყო წამოჭიმული, ავტომობილი თავისი მბჟუტავი შუქფარებით ძლივს ანათებდა ჩაბნელებულ ქუჩებს, ამიტომ ლერის ხშირ-ხშირად უწევდა მანქანის დამუხრუჭება, რათა შუა ქუჩაში მოსეირნე, შიმშილისაგან მილასლასებული ძაღლი ან კატა არ გაეტანა.
მის გონებაში ჰაერით სავსე კასრივით ამოტივტივდებოდა ხოლმე, დაჭრილი უცნობის სიტყვები, რომელიც სიკვდილის წინ მას ეძებდა, ცნობისმოყვარეობისგან იწოდა, აინტერესებდა ვინ იყო მოხუცი, საიდან იცნობდა მას, ამიტომ ერთი სული ჰქონდა როდის მიაღწევდა საავადმყოფომდე და როდის გაარკვევდა ყოველივეს დაწვრილებით, მოხუცი იდუმალ გრძნობებს უღვივებდა, ამიტომაც მთელი სისწრაფით მიაქროლებდა ავტომობილს.
დანჯღრეული ფურგონი ხტოდა, ძიგ-ძიგებდა, ერთიანად ირყეოდა, ირყეოდა იატაკზე დასვენებული დაჭრილიც, მომაკვდავს ყოველ წამს გულისგამგმირავი კვნესა ამოხდებოდა ხოლმე.
ლერი უკან მიტრიალდა და დაჭრილს დახედა, უცნობი თითქოსდა გამოკეთებულიყო, თანაბრად სუნთქავდა და თვალებიც გაეხილა.
- ყველაფერი რიგზე იქნება ბატონო, სულ მალე საავადმყოფოში მივალთ, - ლერიმ იმედისმომცემი სიტყვებით გაამხნევა დაჭრილი.
მოულოდნელად უცნობმა ძალაწართმეული, უიმედო ხმით ჩაილაპარაკა.
- ლერი... ზღვაური... სად... არის... ლერი... ზღვაური...
- მე ვარ ლერი ზღვაური, - უპასუხა მან, შემდეგ მანქანა ერთ-ერთ ჩაბნელებულ ჩიხში შეაყენა, ისე რომ ძრავი არ ჩაუქრია, ნელა გადაძვრა საბარგულში და უცნობს მიმართა, - რა გნებავთ ჩემგან ბატონო?
- ლერი ზღვაური, - მოხუცმა წყნარად გაიღიმა, თითქოსდა ლერის სახით თავად მაცხოვარი გამოცხადე-ბოდეს, თვალებში ნეტარი ნათელი ჩაუდგა, მაგრამ უცებ სახე მოექუფრა, ღიმილი თვალსა და ხელს შუა გაუქრა, ხელი უღონოდ მოაფათურა ფურგონის იატაკზე, აშკარად ეტყობოდა, რომ რაღაცას ეძებდა, შემდეგ როცა ვერაფელი იპოვა, გულსაკლავად ამოიკვნესა, - ჩანთა... სად არის ჩანთა... ნუთუ წაიღეს?
ლერი ჯერ ვერ მიხვდა რას ეძებდა მოხუცი, გააკვირვა მისმა სიტყვებმა, ხოლო როდესაც მის თვალებში აკიაფებული ცრემლი დაინახა, საბარგულიდან კაბინაში გადაძვრა, სავარძლიდან მდიდრული, სპორტული ჩანთა აიღო და მოხუცს თავთან დაუდო.
- დაწყნარდით, დაწყნარდით ჩანთა აქ არის - ლერიმ აღელვებული უცნობი დაამშვიდა.
- მადლობა ღმერთს - დაჭრილმა შვებით ამოისუნთქა, ოდნავ წამოსწია თავი და ლერის მიმართა - ჩანთა შენია, ჩემო ბიჭუნი.
ლერი გაოცებით დააცქერდა ჩანთას, ნელა გახსნა და შიგ ჩაიხედა, რა იცოდა ლერიმ, რომ მოგვიანებით, ათასჯერ მაინც დასწყევლიდა ამ წუთს, გულში ინატრებდა «ნეტა არ გამეხსნა ეს წყეული ჩანთაო» და მართლაც ეს მდიდრული, ძვირადღირებული ჩანთა გახდა ლერის ცხოვრების პანდორას ყუთი და არა მარტო მისი ცხოვრების, ყოველგვარი ბოროტების წყარო, რადგან ყველა უბედურება ამ ჩანთიდან დაიწყო.
ჩანთაში სიგარის ფორმის ვერცხლისფერი კონტეინერი იდო, რომლის გამჭვირვალე ზედაპირიდან მკვეთრად ჩანდა, განსაკუთრებულ მაჭიდებში ჩამაგრებული მუშტისხელა კრისტალი, თვალისმომჭრელად, რომ ბრწყინავდა.
ლერი მოულოდნელად აღაფრთოვანა ამ ნივთმა, თვალებგაფართოებული შესცქეროდა მის ბზინვარებას, მაგრამ ემოციებს სძლია, ჩანთა სავარძელზე მიაგდო და უდარდელი კილოთი ჩაილაპარაკა, ისეთი კილოთი, რომლითაც ადამიანს სულ თავისუფლად შეუძლია დამალოს შიში თუ აღტაცება.
- დავიჯერო, რომ ამ ბიჟუტერიის გულისთვის მოგდევდნენ ის არამზადები? - ლერი უღონოდ მისვენებულ უცნობს მიაცქერდა.
- ერთი შეხედვითვე გეტყობათ... რომ არქეოლოგიაში... უვიცი ხართ... ეს კრისტალი, არც იაფფასიანი ბიჟუტერიაა და... არც ძვირადღირებული სამშვენისი... ის «ვენერას ცრემლია», - დაჭრილმა სიტყვის დამთავრებისთანავე მწარედ ამოიოხრა, ეს სიტყვები დიდი ენერგიის ფასად დაუჯდა მას.
- «ვენერას ცრემლი»? - ლერიმ მხრები აიჩეჩა, მას გაგონილი არც ჰქონდა მსგავსი რამ, ამიტომ სავარძელზე დაგდებულ ჩანთას დახედა და გულუბრყვილოდ იკითხა, - მერედა რად მინდა «ვენერას ცრემლი»?.
- დოქტორ... არეს სერას გადასცემთ, - მოხუცი ნერვულად შეტოკდა, სანახევროდ წამოიწია იატაკიდან, - შემომფიცეთ... შემომფიცეთ, რომ გადასცემთ, - დაჭრილი ძალაგამოცლილი დაეშვა იატაკზე, მისი სხეული საცოდავად მოიკრუნჩხა.
ლერი თანაგრძნობით დაჰყურებდა ტკივილებისგან აცახცახებულ მოხუცს, რომელსაც გასისხლიანებული ხელი მსკდომადი ჭურვისაგან მიყენებული, საზიზღარი ჭრილობისათვის მოეშორებინა, საიდანაც განუწყვეტელ ნაკადად მოედინებოდა სისხლი, იატაკზე მუქ გუბურად რომ დამდგარიყო.
- დოქტორ... არეს სერა... დაიმახსოვრე ჩემო ბიჭუნი, - უცნობს ტკივილებისაგან სახე დაემანჭა, - შემომფიცე... რომ აუცილებლად იპოვი მას, - მოხუცი მავედრებელი თვალებით მიაცქერდა ლერის.
- ყველაფერი რიგზე იქნება ბატონო, ნუ ინერვიულებთ, - ის უცნობთან ჩაიმუხლა.
- შემომფიცე... ახლავე შემომფიცე, - დაჭრილმა სასოწარკვეთით ამოიხრიალა, უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, საყელოში ჩააფრინდა ლერის, თავისკენ მიიზიდა და მისამარებული ხმით ჩაილაპარაკა, - შემომფიცე...
- გეფიცებით, რომ გადავცემ ამ წყეულ ჩანთას, - შეჰპირდა ლერი, მომაკვდავის მღელვარება უკვე მასაც გადასდებოდა.
- მადლობა ღმერთს, - მოხუცი ძალაგამოლეული დაეშვა იატაკზე, - ვიცოდი... რომ კარგი ყმაწვილი იქნებოდი... «ინტელექტუალები» იშვიათად ცდებიან, ახლა კი... ერთ ბრძნულ რჩევას მოგცემ... ჩემო ბიჭუნი... გაუფრთხილდი «ვენერას ცრემლს»... და არ ენდო იმ ხალხს... რადგან სიკვდილზე საშიშნი არიან, - დაჭრილი წამით გაჩუმდა, შემდეგ კი მავედრებელი ხმით დაუმატა, - ო რა ტკბილი ყოფილა სიცოცხლე... - მაგრამ ხმა ჩაუწყდა, შეშინებული მიაცქერდა ლერის, შემდეგ გაფითრებულ სახეზე სიცოცხლის ყოველი ნიშან-კვალი გაუქრა და ძალაგამოცლილს თავი გვერდზე გადაუვარდა.
- სად ვნახო ის წყეული პროფესორი, - ლერი მოხუცს ეცა და თავი წამოუწია, - სად ვნახო ეშმაკმა დალახვროს, მითხარით რამე... სახელი, სახელი მაინც მითხარით თქვენი, - სასოწარკვეთით შეჰყვირა და უცნობი გვარიანად შეაჯაყჯაყა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, იატაკზე დასვენებული ადამიანი მკვდარი გახლდათ, ღიად დარჩენილ თვალებში შიში და სიკვდილი ჩაჰბუდებოდა.
მაკის წინასწარმეტყველება ახდა, მოხუცმა მანქანაში დალია სული, ლერი დაბნეული დასცქეროდა მიცვალებულს, გონებაში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა... ვინ იყვნენ «ინტელექტუალები»?, რას წარმოადგენდნენ ისინი?... ზღვაურისთვის საოცრად ნაცნობი გახლდათ ეს სიტყვა, ნაცნობი მაგრამ ტვინის რომელიღაც უჯრედში მიძინებული, მივიწყებული, ამიტომ ტვინს იჭ....ტდა, ცდილობდა გაეხსენებინა... და მისი ცნობიერება უცებ რაღაც აზრმა გააბრწყინა, რომელმაც მთელი მისი არსება მოიცვა, რა თქმა უნდა ისინი არიან, «ინტელექტუალებს» ხომ საზოგადოება «დამსჯელების» წევრებს ეძახიან.
ლერიმ თვალები მოჭუტა, საზოგადოება «დამსჯელები» აი ვისთან ჰქონდა საქმე, ადამიანებთან რომლებიც მზის სისტემის უშიშროებას იცავდნენ, საზოგადოება სრულიად მზის სისტემის ეგიდით ჯერ კიდევ 20-იან წლებში, ესე იგი ნახევარი საუკუნის წინ ჩამოყალიბდა, მის უმთავრეს ამოცანას მზის სისტემაში მოთარეშე ტერორისტებისა და ბოროტმოქმედების ლიკვიდაცია წარმოადგენდა, მზის სისტემის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა.
საზოგადოების ყურადღების ცენტრში დედამიწა თავიდანვე იყო მოქცეული, ბოროტების კერა, თუცა ბოლო ხანებში «დამსჯელები» ასე რომ ვთქვათ უსაქმოდაც კი იყვნენ, რადგან დედამიწაზე მობობოქრე მესამე მსოფლიო ომის წყალობით, სრულიად მზის სისტემის მასშტაბის დამნაშავეები ამოწყდნენ, ამიტომ არავინ აწყობდა დივერსიულ და ტერორისტულ აქტებს, მშვიდობიანი მოსახლეობის თუ აყვავებული პლანეტების ხელისუფლების წინააღმდეგ. სანამ ომის შემდგომ წელწამოდგმულ დედამიწაზე, კვლავ არ დაიბადნენ მკვლელები, ფსიქოპატები, ტერორისტები, კვლავ არ ჩამოყალიბდა ტერორისტული ორგანიზაციები თუ მაფიოზური სინდიკატები, სატანური სექტათა ორდენები თუ პირსისხლიან მკვლელთა საძმოები და ისევ ჩვეულ ამპლუას დაუბრუნდა საზოგადოება «დამსჯელები», იწყეს მზის სისტემის ბოროტმოქმედებე-ბისაგან წმენდა.
«დამსჯელების» ანტიტერორისტულ დაჯგუფებებთან გაერთიანება არა სწორი იქნებოდა, რადგან საზოგადოება ყოველგვარი დანაშაულის წინააღმდეგ იღებდა ზომებს და კუნთმაგარ, სპეცდანიშნულებისამებრ მომზადებულ მეომრებს კი არ იყენებდა, არამედ ორიგინალურად მოაზროვნე სპეციალისტებს, რომლებიც აშკარად არ იღებდნენ დამნაშავეთა ლიკვიდაციის ოპერაციებში მონაწილეობას, არამედ ეშმაკურად მოფიქრებული პროექტებით მესამე პირის დახმარებით აღწევდნენ საწადელს, ისე რომ მესამე პირს, იგივე მთავარ მოქმედ გმირს, წარმოდგენაც არ ჰქონდა, შემთხვევით «დამსჯელების» ინტრიგებში, რომ იყო გახლართული.
საზოგადოების წევრებს კაცობრიობა «ინტელექტუალების» სახელით იცნობდა, ისინი ნათელი გონების და ფანტაზიის არაჩვეულებრივი უნარით დაჯილდოვებული ადამიანები იყვნენ.
ლერის ძალიან კარგად ახსოვდა ერთი შემთხვევა, რომლითაც საზოგადოება «დამსჯელები» მზის სისტემის მოსახლეობის თვალში აღიარებულ იქნა, ეს ამბავი 15-დე წლის წინ მოხდა, დედამიწელმა შეშლილმა ფანატიკოსმა, რომელიც დედამიწაზე ჩამოყალიბებული ერთ-ერთი სატანური სექტის წევრი იყო, მარსის კუთვნილი კოსმოსური სამგზავრო ლაინერი ჩაიგდო ხელში და იარაღის მუქარით ტრიალ კოსმოსში გაიყვანა, ის კომუნიკაციის უახლესი საშუალებით მარსის ხელისუფლებას დაუკავშირდა და რაღაც უაზრო ულტიმატუმებიც კი წაუყენა.
ლერის ფანატიკოსის მოთხოვნა არ ახსოვდა, მხოლოდ იმის მოგონება შეძლო, რომ ტერორისტი მარსს უკიდურესი ზომებით, ლაინერის აფეთქებით დაემუქრა.
სანამ მარსის ხელისუფლება გადარჩენის გეგმას აწყობდა, ფანატიკოსმა ლაინერზე მყოფ ერთ მგზავრს ტყვიავმფრქვევის ჯერით გულ-მკერდი შეუნგრია, მეორე კი 16 წლის მარსელი გოგონა, მთელი ეკიპაჟის თვალწინ გააუპატიურა და სწორედ მაშინ ჩაერთვნენ «დამსჯელები», ისინი ტერრორისტს კომუნიკატორით დაუკავშირდნენ და მათთან საუბრის დროს ფანატიკოსი მკვდარი დაეცა ლაინერის იატაკზე, მგზავრები გაოცებული იყვნენ, საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ, «დამსჯელები» კი გამარჯვებას ზეიმობდნენ, ყველაფერი ისე წამიერად მოხდა, რომ ეკიპაჟმა ყოველივე ზებუნებრივ ძალებს მიაწერა, თუმცა საქმე სულ სხვაგვარად გახლდათ.
«ინტელექტუალებმა» ფანატიკოსთან საუბრისას, კომუნიკატორის მიკროფონში 100 000-სი ჰერცის სიხშირის ულტრაბგერა ჩაუშვეს, ულტრაბგერებმა ყურის მემბრანები დაუხეთქა დამნაშავეს ისე, რომ თავდამსხმელმა ყურსასმენების მოხსნაც ვერ მოასწრო, რადგან მისი ტვინი სანახევროდ პარალიზებული აღმოჩნდა, ეს გახლდათ «დამსჯელების» ეშმაკური ფანდი, რომელმაც ფანტასტიური შედეგი მოიტანა, საზოგადოება ყველაზე უძლეველ სამართალდამცავ ორგანოდ აქცია მთელ მზის სისტემაში.
მაგრამ რისთვის დასჭირდათ ის «ინტელექტუალებს»? რა იმედებს ამყარებენ მასზე? ნუთუ ისეთ პატარა კაცუნას, როგორიც ლერი ზღვაურია, შეუძლია სამსახური გაუწიოს მზის სისტემაში არსებულ ყველაზე ძლევამოსილ საზოგადოებას?
ზღვაური საჭესთან დაფიქრებული მოკალათდა და მოთუხთუხე ავტომობილი ადგილიდან დასძრა, გადაწყვიტა «ინტელექტუალებზე» არ ეფიქრა და მთელი ყურადღება ავტომობილის მართვაზე გადაიტანა.
ქალაქის ცენტრალურ კვარტალში მიცვალებულიანი მანქანით გავლა, სიგიჟე იყო, მართალია დედამიწელ სამართალდამცავებს ფეხებზე ეკიდათ ყოველი მოქალაქის სიცოცხლე, მაგრამ ღამის პატრული აუცილებლად შეამოწმებდა ასეთ დანჯღრეულ და მოძველებული სტილის ფურგონს, ამიტომ ლერიმ მანქანა მთავარი შოსედან გადაუხვია და ქალაქის გარეუბნისკენ, ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთის «დამშრალი სანაპიროსკენ» გააქროლა.
ავტომობილი თუხ-თუხით მირახრახებდა სწორ, მაგრამ ჩაბნელებულ გზატკეცილზე, ერთი-ორჯერ ლერის შიშისგან კინაღამ გული წაუვიდა, მისი დანჯღრეული ფურგონის წინ, წივილ-კივილით ჩაიქროლეს ღამის პატრულის ლურჯ-ყვითელა ანტიგრავიტომობილებმა, ის გულის ფანცქალით ადევნებდა თვალ-ყურს პატრულთა არაჩვეულებრივი დიზაინის მქონე მობილებს და მხოლოდ მაშინ ამოისუნთ-ქავდა შვებით, როდესაც ანტიგრავიტომობილების ნათლად მოციმციმე შუქფარები, მოსახვევში გაუჩინარდებოდნენ.
ახლა ის სამშვიდობოს იყო, ფურგონი ხრიგინით შეუყვა უკაცრიელ სანაპიროს, ქალაქის მოციმციმე ლამპიონები კი სადღაც შორს დარჩა, ლერიმ მანქანა შეაჩერა, ფურგონი ღრჭიალით გაირინდა და ძრავი ხვნეშით ჩაქრა, ფრთხილად გადმოვიდა კაბინიდან, არაემარე ქურდულად მოათვალიერა, ირგვლივ კაცის შვილის ჭაჭანება არ იყო, მხოლოდ «დამშრალი სანაპიროს» თეთრი, ლუმინისცირებადი დიუნები მოჩანდა.
ზურგსუკან ქალაქის ანთებული ჩირაღდნები ბჟუტავდნენ, წინ კი მიტოვებული მცირე ქარხნის შავი კონტურები წამოჭიმულიყო.
ადრე საკმაოდ სარფიანი საწარმო გახლდათ, კატარღებს და იახტებს ამზადებდა, მაგრამ როდესაც შავი ზღვა დაშრა, მისი პროდუქცია კი არაფრისმაქნისი შეიქმნა, ქარხანა გაკოტრდა და გაპარტახდა, დედამიწის ხელისუფლება კი იმ იმედით არ ანგრევს, იქნებ ვინმე იდიოტს მისი შესყიდვის სურვილი გაუჩნდესო.
ლერიმ ჯიბეები მოიქექა, ტანზე მოტმასნილი ვიწრო, ვერცხლისფერი შარვლის ჯიბიდან, ყვითელი მარსული სიგარა ამოიღო და გააბოლა, რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იდგა, ქარხანას აკვირდებოდა, რომელიც ჩაბნელებული ცის ფონზე ზღაპრულ ციხე-სიმაგრეს წააგავდა, გვერდზე გადაბრეცილი უზარმაზარი მილები გალავნის გოდოლებს მოგაგონებდათ, ლერიმ თავი უკეთ იგრძნო, ქარხანამ ისევ გაუღვივა სიძველისადმი ტრფობა, რომელიც დროებით მიძინებულიყო გარემოებათა დამთხვევის გამო.
სიგარის ბოლომდე დაყვანილმა ნამწვმა თითები დასწვა, ცივად დააგდო ნამწვი ოქროსფერ ქვიშაზე, რკინის ქუსლით დასრისა და ზანტი მოძრაობით ფურგონის უკანა საბარგო კარი გამოაღო.
დიდი ტანჯვა-წამების ფასად გამოათრია გვამი მანქანიდან, ქვიშაზე დაასვენა და ზემოდან დააცქერდა, მიცვალებულს სახე გასისხლიანებოდა, ლერიმ გურისრევა იგრძნო, გარდაცვლილს თვალი აარიდა, თუმცა თავს ძალა დაატანა, ჩაიმუხლა და გვამი გაჩხრიკა.
ყოველგვარი იმედი გაუცრუვდა, რადგან მოხუცს პირადობის დამადასტურებელი არავითარი საბუთი არ აღმოაჩნდა თან, გაწბილებულმა ზღვაურმა უხალისოდ დაიწყო საფლავის გათხრა, ფხვიერი ქვიშა ადვილად დაემორჩილა მის ნიჩაბივით ფართე ხელებს, ამიტომ 50 წუთში საფლავი მზად იყო, ლერიმ უცნობი ფრთხილად ჩააწვინა სამარეში და ქვიშა მიაყარა.
ცოტა ხანი ისევ იდგა უცნობი მამაკაცის საფლავთან, რომლის სახელიც არ იცოდა, იდგა და ფიქრობდა, მოხუცის ბედშავ ბედისწერაზე, უკუღმართ დრო-ჟამზე და აღვირახსნილ პლანეტაზე, შემდეგ ხმამაღლა ამოიოხრა სწრაფად, ფაცხა-ფუცხით ჩაჯდა მანქანაში, რის ვაი-ვაგლახით დაქოქა ძრავი და ფურგონი ქალაქისკენ გააქროლა.

**********

ლერის სახლი საკმაოდ პრესტიჟულ უბანში იყო მოთავსებული... «ქართული კვარტალი»... ასე ეძახდნენ ამ უბანს, რადგან აქ უფრო მეტად ქართველები ცხოვრობდნენ, საქართველოს ის უმცირესობა, რომელიც მესამე მსოფლიო ომის დამანგრეველ საშინელებას გადაურჩა.
ლერიც ცდილობდა მივიწყებული, მაგრამ სულის სიღრმეში ოდნავ მბჟუტავი სამშობლოს სიყვარული, კვარტალის სიყვარულში გადაეტანა, თუმცა არაფერი გამოდიოდა, რადგან «ქართული კვარტალი» მიუხედავად იმისა, რომ არაფრად ჩამოუვარდებოდა ქალაქის ცენტრალურ «მდიდარ კვარტალს», მაინც საზიზღარი და ჯოჯოხეთური ადგილი იყო, დღე არ გავიდოდა კვარტალის რომელიმე შორეულ უბანში, მოზარდების შეიარაღებული შეხლა-შემოხლა არ გამართულიყო, «ქართული კვარტალი» თავისი დამნაშავეობრივი ნუსხით, «შავი ქალაქის» არცერთ კვარტალს არ ჩამორჩებოდა.
ლერის სძულდა «ქართული კვარტალი», მაგრამ სიძულვილს ყოველთვის გულს სიღრმეში მალავდა, როგორც კი უბანში შედგამდა ფეხს. ახლაც თავისი დანჯღრეულ ფურგონი რახ-რახით გაატარა კვარტალის სუფთა, გაკრიალებულ და განათებულ ქუჩაზე, ავტომობილი მთავარი გზატკეცილიდან საკმაოდ მოშორებით მდგარ პატარა ერთსართულიან სახლთან შეაჩერა, ჯერ კაბინიდან ათვალიერებდა სახლის სახურავზე მოთავსებული პროჟექტორებით გაბჟღრიალებულ ეზოს, შემდეგ კვლავ დასძრა ფურგონი, ეზოში შევიდა და მანქანა ფოსფოროსებური საღებავით შეღებილ გარაჟში შეაყენა.
ლერის მთელი «ქართული კვარტალიდან», მხოლოდ ეს პაწაწინა კოტეჯი მოსწონდა, ამიტომაც აირჩია ის საცხოვრებლად, რადგან უყვარდა მარტოობა, კოტეჯი კი ზედგამოჭრილი იყო მარტოობისთვის, კვარტალის მჭიდროდ დასახლებული ცენტრიდან მოშორებული გახლდათ. ზღვაურს არ მოსწონდა თანამედროვე ცათამბჯენები, აღჭურვილნი ჰიპერელექტრონული და ჰიპერკიბერნეტიკული საშუალებებით, სწრაფმავალი ავტომატური ლიფტებითა თუ ფოტოელექტრული დარაჯებით, მას არ მოსწონდა ასეთ სახლებში ცხოვრება, რადგან იქ ადამიანს მოსვენება არა აქვს, სწორედ ამიტომ აირჩია განაპირას მდგომი პაწაწინა კოტეჯი.
თითქმის მარტო ცხოვრობდა, მხოლოდ ერთი ზუსტად მისდაგვარი კოტეჯი იყო წამოჭიმული ქუჩის მეორე მხარეს, რომელშიც უმაღლესი ტონაჟის საბრძოლო ვარსკვლავმფრენ «კენტავრის» გადამდგარი ადმირალი, შავლეგ ლაღაძე ცხოვრობდა, «კენტავრი» მარტო საბრძოლო ვარსკვლავმფრენი კი არა მთელი ფლოტილია გახლდათ, მას ყოველი ლაშქრობის დროს, გიგანტური ანგარებით ათასობით საბრძოლო გამანადგურებელი გადაჰყავდა, ვარსკვლავმფრენი «კენტავრი» მზის სიტემის უშიშროების სიამაყე იყო.
სხვათა შორის ადმირალი შავლეგ ლაღაძეც სიძველეს დიდი მოყვარული გახლდათ, ამიტომ ლერი პატივისცემით ეპყრობოდა მას, მხოლოდ და მხოლოდ ამ მოხუცთან გრძნობდა თავს კარგად, როგორც კი ადმირალის სახლში შეაბიჯებდა ფეხს, ისეთი შეგრძნება უჩნდებოდა, თითქოსდა თანამედროვე რეალობიდან, ფანტასტიკურ სამყაროში გადასახლდაო.
ზღვაური გარაჟიდან გამოვიდა და პაწაწინა, ორსაფეხურიანი კიბით სახლში შევიდა, ხელის სწრაფი მოძრაობით ნათურა აანთო, საკიდზე დაუდევრად ჩამოკიდა ლაბადა, ძალაგამოცლილი ჩაეშვა უზარმაზარ სავარძელში და მუხლებზე სპორტული ჩანთა შემოიდო, სწრაფად გახსნა, ფრთხილად ამოაძვრინა კონტეინერი და შიგ ჩამაგრებულ, აბრჭყვიალებულ «ვენერს ცრემლს» მიაცქერდა.
კრისტალი თვალისმომჭრელად ბრჭყვიალებდა, ლერიმ რატომღაც მისგან გამომდინარე სუსხი შეიგრძნო, სუსხი იმდენად ძლიერი იყო, რომ თითებიც კი წაეყინა, ზღვაურს ყოველთვის ეგონა ბრჭყვიალა კრისტალები, სითბოს ასხივებენო, ეს კი პირიქით... უცნაურია... ის დაიბნა, თუმცა მოგვიანებით იაზრა, - «ალბათ კონტეინერი ფრეონის 1 მინიატურული მაცივარით არი აღჭურვილი, რათა კრისტალი რამე გარეგანი ზემოქმედებისგან დაიცვასო», - ნელი მოძრაობით სავარძლიდან წამოდგა, კონტეინერი პრიალა მაგიდაზე დადო, შემდეგ ისევ სავარძელში ჩაეშვა და მხატვრის თვალით გახედა ამ უიშვიათეს ქმნილებას, თან გაყინულ ხელებს გულმოდგინედ იორთქლავდა.
«ვენერას ცრემლმა» თავისი მომაჯადოებელი მბზინვარებით, ერთიანად დაამშვენა ოთახი, ირგვლივ ყოველივეს ანაქროიზმული იერი დაჰკრავდა, «ვენერას ცრემლმა» კი ამ ანაქროიზმს, თავისი თანამედროვობით მკვეთრად გაუსვა ხაზი.
ლერის ბინა მე-20 საუკუნის სტილზე ჰქონდა გაწყობილი, უზარმაზარი გალაქული ხის ავეჯი, იატაკზე დაფენილი ნაქსოვი, ჭრელი ხალიჩა, მოძველებული, ოდნავ მბჟუტავი ბროლის ჭაღი, მოკლედ არავითარი თანამედროვეობა, ტელევიზორიც კი მე-20 საუკუნის მიწურულს იყო დამზადებული, თუმცა დიზაინით თანამედროვე ჰოლოგზორებსაც არაფრით ჩამოუვარდებოდა.
ერთადერთი რაც არღვევდა მე-20 საუკუნურ იდილიას, ოთახის ერთ კუთხეში დამონტაჟებული თეთრი, ქათქათა «ოჯახის სულის» სისტემის კომპიუტერი იყო, რომლის მძლავრ პროცესორებსა და უშველებელ მონიტორს მთლიანად დაესაკუთრებინა ერთი კედელი.
კომპიუტერი თავად ლერიმ დაამონტაჟა, რადგან მის შეძენას ვერასოდეს მოახერხებდა, პრესტიჟული კომპანიები ამდაგვარ კიბერნეტიკულ მოწყობილობას ათასობით სპეციალის საფასურად ჰყიდნენ.
კომპიუტერი ერთიანად განაგებდა სახლს, სწორედ აქედან წარმოიშვა ამ სისტემის სახელწოდებაც «ოჯახის სული», ის 30-იან წლებში გამოიგონა რუსმა მეცნიერ-კიბერნეტიკოსმა ჟენია სტრელცოვმა, მეცნიერმა ამ უნივერსალურ აპარატს, რუსულ მითოლოგიაში გავრცელებული ზებუნებრივი არსების სახელი უწოდა... «домовои» 2 ... ასე უცნაურად მონათლა მან აპარატი.
პირველი კომპიუტერი 600 000 000 უჯრედით აღჭურვილი ელექტრონული ტვინისაგან შედგებოდა, მას განსაკუთრებული კიბერნეტიკული ფსიქიკა ჰქონდა პროგრამირებული, რომლის გადაპროგრამება მფლობელს სურვილისამებრ შეეძლო, რაც კომპიუტერის ხასიათის კონკრეტირებას ახდენდა, ფოტოელემენტების საშუალებით კომპიუტერს ეხერხებოდა გარესამყაროზე ვიზუალური კონტროლის მოხდენა,Uუნარი შესწევდა განსაკუთრებული ელექტროაპარატების დახმარებით, რომლებიც ნაწილობრივ მასთან იყვნენ დაკავშირებულნი, გაძღოლოდა საოჯახო საქმიანობას, ჩამონტაჟებული ჰქონდა აკუსტიკური და კომუნიკაციური სისტემები, მოკლედ, ისეთი მარტოხელა ადამიანისთვის, როგორიც ლერი ზღვაური იყო «ოჯახის სული» ნამდვილი მისწრება გახლდათ, რადგან თანამედროვე, შედარებით გაუმჯობესებული მოდელი უფრო გარკვევით, რომ გამოვთქვათ, ოჯახის მოურავს წარმოადგენდა.
ახლა, სანამ ლერი სავარძელში იჯდა და «ვენერას ცრემლის» ცქერით ტკბებოდა, ჭერზე დამონტაჟებული მინიატურული ფოტოელემენტი ზუზუნით შემოტრიალდა წრიულ ღერძზე, ხელსაწყო ლერის «მიაცქერდა», აპარატის ობიექტივი თვალსა და ხელს შუა გაფართოვდა და იმავ წამს მელოდიური მუსიკით აინთო მონიტორი, მთელი ოთახი კი «ოჯახის სულის» სასიამოვნო, ხავერდოვანმა ბარიტონმა აავსო.
- ისე შემოიპარე ლერი ზღვაურო, რომ ვერც კი შეგამჩნიე.
ხმამ ლერი გამოაფხიზლა, კმაყოფილმა გაიღიმა, შემდეგ კი მხიარული ტონით ჩაილაპარაკა.
- არადა შენი მხედველობის სისტემა, საუკეთესო ფოტოელემენტებითაა აღჭურვილი, იმ არამზადა გამყიდველმა ალბათ მომატყუა, უვარგისი ხელსაწყო შემომაჩეჩა, თუმცა მარწმუნებდა ეს ფოტოელემენტი შენი სახლის საუკეთესო დარაჯი იქნებაო.
- ფოტოელემენტი მართლაც საუკეთესოა ძვირფასო ლერი, თუკი მოინდომებ შემიძლია 100 000-ჯერ გავადიდო გამოსახულება, მაგრამ შენ ასე იცი ხოლმე, ისე ფრთხილად, აჩრდილივით შემოიპარები, რომ თვით ზემგრძნობიარე ფოტოელემენტიც ვერ მოახერხებს შენს შემჩნევას, ისიც უძლური იქნება - კომპიუტერის სასიამოვნო ხმას, ბავშვური გულუბყვილობა შეეპარა.
- აბა ერთი დამენახე «ქეთი» - ლერი სავარძლიდან წამოდგა და კომპიუტერისკენ გაემართა, მან ჯერ კიდევ აწყობისას უწოდა «ქეთი», «ოჯახის სულს».
ოთახის შუაგულში ჭრელ ხალიჩაზე, მკვეთრი ცისფერი ნათება გაჩნდა, ნათება ნელ-ნელა გაიზარდა, მთელი ოთახი გააბრწყინა და მის სიღრმეში ლამაზი ქალის კონტურები გამოისახა... ეს «ოჯახის სულის» ჰოლოგრამული სხეული იყო... ასეთი ჰოლოგრამული სხეულებით მხოლოდ თითო-ოროლა კომპიუტერი გახლდათ აღჭურვილი, რადგან ჰოლოგრამის «მოთვინიერება» ჯერ კიდევ ექსპერიმენტალურ დონეზე იდგა, მასობრივ მოხმარებაში არ იყო შემოსული.
ლერიმ საკუთარი გამომგონებლობის წყალობით მისცა სხეული «ქეთის», რამდენიმე თვეც კი შეალია'ჰოლოგრამის დამუშავებას და მართლაც, რომ მომხიბვლელი სხეული გამოუვიდა, ის, და არა მარტო ის, თვით «ქეთიც» კი ამაყობდა ასეთი მომაჯადოებელი სხეულით.
ლერი კომპიუტერის სამართავ კლავიატურასთან დამაგრებულ სავარძელში მოკალათდა, მბრუნავღერძიანი სავარძელი «ქეთისკენ» მიაბრუნა და თვალებმოჭუტულმა შეათვალიერა, მადისამღძვრელი ჰოლოგრამული სხეული... ოთახის ცენტრში ნამდვილი აფროდიტე იდგა, ოღონდ არა ზღვს ქაფისგან ნაშობი არამედ ფოტონების ნაკადებისგან... «ქეთის» ირგვლივ წარმოქმნილი ცისფერი ნათება ნელ-ნელა გაფერმკრთალდა და ლერის თვალწინ, მხოლოდ მშვენიერი ჰოლოგრამული სხეული აღიმართა, გამოსახულების მოცულობითი ჰოლოგრამული ეფექტი იმდენად რეალური იყო, რომ თავად ზღვაური დაეჭვდა, გაიფიქრა, - «ადამიანს ვუმზერ თუ ილუზიასო».
- შენ როგორც ყოველთვის მომხიბვლელი ხარ, - ლერიმ გაიღიმა, სავარძლის საზურგეს მიაწვა და ხარბად შეათვალიერა მაღალი, ქერა თმიანი, მწვანე თვალება ქალი, უფრო სწორად ქალის ილუზია, რომელსაც ძველებური მე-20 საუკუნისათვის დამახასათებელი, ტანზე შემოტმასნილი, გრძელი საბალო კაბა ემოსა, კაბა კი მის სალუქ, ჰოლოგრამულ სხეულს, ერთი-ორად მომნუსხველ და თვალში საცემ იერს აძლევდა.
- ყავა მზად არის, ხომ არ ივახშმებ? - «ქეთიმ» გაიღიმა, შემდეგ გრაციოზული, ნელი ნაბიჯით ლერისკენ გაემართა - კომპლიმენტისთვის კი დიდ მადლობას გიხდი - კეკლუცად დაუმატა მან.
მისკენ მომავალ სრულყოფილებას, ლერი გაბრწყინებული თვალებით უმზერდა, - «აი ასეთი უნდა იყოს იდეალური ქალი» - ფიქრობდა ის, ბოლოს ხმამაღლა ამოიოხრა და აღტაცებულმა ჩაილაპარაკა.
- იცი «ქეთი», შენა ხარ ჩემი იდეალი, ვარდისფერი ოცნება, ჩემი გონების ნააზრევი, განუმეორებელი არსება ჩემი ფანტაზიისა, შეუდარებელი ქალი.
- და შესანიშნავი მეოჯახე, - «ქეთი» მსუბუქად ჩაეშვა სავარძელში, ფეხი-ფეხზე გადაიდო, ეშმაკური თვალები მიანათა ლერის, - ყავა გაგიცივდება, - მზრუნველი მეუღლის ტონით ჩაილაპარაკა მან.
- არა მშია «ქეთი» რატომღაც ხასიათზე აღარა ვარ, თუმცა რა ხასიათზე უნდა ვიყო, ჯოჯოხეთური დღე მქონდა. ალბათ არ დამიჯერებ, მაგრამ მაინც გეტყვი, ჩემს თვალწინ დღეს კაცი მოჰკლეს, რომელმაც ჩემს მანქანაში დალია სული, - ზღვაური ფეხზე წამოდგა და სავარძელში ნებიერად მიწოლილ «ქეთის» დააცქერდა.
- მასეთები ხდება? - «ქეთიმ» მხრები კეკლუცად აიჩეჩა, - დღესდღეობით დედამიწის პოლიტიკური მდგომარეობა ძალიან დაძაბულია, კაცობრიობა წკიპზე დგას, შეიძლება მეოთხე მსოფლიო ომიც დაიწყოს, ასე ფიქრობენ მარსელი სოციოლოგები, ამიტომ ასეთი წვრილ-წვრილი დანაშაულობები გასაკვირი არ არის.
- შენგან შორს არის ადამიანური შეხედულებანი «ქეთი», არ იცნობ ადამიანურ გრძნობებს, ადამიანურ ტკივილებს, ადამიანურ განცდებს, შენ მანქანა ხარ, - ლერი სავარძელში ჩამჯდარ ქალის ილუზიისკენ დაიხარა, ხელი სახეზე მოუსვა, მაგრამ მყარი სხეულის შეხების ნაცვლად, ხელი ფაფუკად ჩაეფლო ჰოლოგრამულ მირაჟში... ზღვაური შეხტა, ხელი ელნაკრავივით გამოსწია უკან, - ყოველთვის ვნატრობ ხელის მორიგი შეხებისას, სიცარიელის ნაცვლად, ნაზი სხეული გაჩნდეს მეთქი, მაგრამ ჩემი ნატვრა ფუჭი ოცნებაა, - ჩაიბურტყუნა მან.
- ადამიანები მეოცნებენი ხართ, რეალობას ყოველთვის ოცნებით გაურბიხართ ხოლმე, - «ქეთი» მკვეთრად წამოდგა სავარძლიდან, ლერის ცხვირწინ აეტუზა, შემდეგ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ზღვაურის სხეულში დაუბრკოლებლივ გაიარა... ლერი კი თითქოს შეაქანა ამ უსხეულო არსებამ, მან იატაკზე ფეხი მოინაცვლა.
- მაგრამ ზოგჯერ ოცნებაც საჭიროა «ქეთი», - უკან მიტრიალდა და მომღიმარ «ქალს» ნახევრადგამჭვირვალე თვალებში მიაცქერდა, - განა ჩემი ოცნების ნაყოფი არა ხარ შენ, ასეთი ლამაზი, ენით აუწერელი არსება.
- მაგრამ არ დაივიწყო, რომ ასეთი ლამაზი, ენით აუწერელი არსება... მანქანაა... მხოლოდ მანქანა და მეტი არაფერი, - «ქეთიმ» ნაღვლიანი სახე მიიღო, - ჩვენც, მანქანებსაც გვაქვს ჩვენებური შეხედულებანი ამა თუ იმ საგნის ან მოვლენის მიმართ, ჩვენც განვიცდით არაადამიანურ გრძნობებს, არაადამიანურ ტკივილებს, თქვენ ადამიანები არ გვიცნობთ კარგად, რადგან ადამიანები ხართ და არა მანქანები.
ლერი წამით დაფიქრდა, შემდეგ ხელი ჩაიქნია და «ქეთის» ფილოსოფოსის ტონით მიმართა.
- ასეთ საუბარს ცრემლებამდე შეუძლია მიიყვანოს ადამიანი და არა მარტო ადამიანი... მანქანაც, - ლერიმ «ქეთის» გახედა, რომელსაც მისდაგასაკვირად დიდრონ, მწვანე თვალებში მართლაც ცრემლი უკიაფებდა, შეიძლება ყველაფერი მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო, შეიძლება ჰოლოგრამული ფოკუსი, მაგრამ ფაქტი-ფაქტად რჩებოდა, «ქეთის» ღაწვებზე წვრილ ნაკადად ედინებოდა ცრემლების პაწაწინა ნაკადული, - კარგი «ქეთი» ნუ ტირი პირველად ვხედავ თვალცრემლიან კომპიუტერს, ხალხი კი ამბობს მანქანებს გული არა აქვთო, მეტი მათ რა ვუთხარი, - ლერი შუაგულ ოთახში საცოდავად აბუზულ «ქალს» მიაცქერდა, ძალიან მოუნდა თავად მოეწმინდა მისთვის ცრემლები, მაგრამ საკუთარ თავს სძლია და უდარდელი კილოთი თქვა, - გეყო «ქეთი» უკეთსი იქნება მითხრა თუ დამირეკა ვინმემ.
- არა, - «ქეთიმ» გულიანად ამოისლუკუნა, ჰოლოგრამული და აკუსტიკური ეფექტი იმდენად რელური იყო, რომ ლერიმ ძლივს შეიკავა ცრემლები, შემდეგ «ქეთის» ზურგი შეაქცია და კომპიუტერის კლავიატურასთან მოთავსებულ სავარძელში ჩაეშვა.
რამდენიმე ხანი იყუჩეს, ბოლოს როდესაც «ქეთის» წყენამ გაუარა, მთელი ოთახი რაღაც უცნაურმა კისკისმა აავსო, ის იცინოდა. ლერიმ გაოცებულმა შეხედა ქალის ილუზიას და ხმადაბლა ჩაიჩურჩულა.
- შენი ღიმილი ისე ლამაზია, როგორც ცისარტყელა ნაწვიმარზე...
«ქეთიმ» უფრო მომხიბვლელად გაიღიმა, მამაკაცის კომპლიმენტს თვალების მორცხვი ახამხამებით უპასუხა, ზღვაური ერთბაშად მოაჯადოვა ამ უმნიშვნელო მოქმედებამ, - «ჰოლოგლამური სხეული მართლაც რომ კარგი გამომსვლია» - თავისთვის გაიფიქრა, შემდეგ კომპიუტერის ცისფრად აკიაფებულ მონიტორს მიაცქერდა და «ქეთის» გასაგონად ხმამაღლა თქვა.
- «ვენერას ცრემლის» შესახებ ხომ არ გსმენია რამე?
- «ვენერას ცრემლი»? - «ქეთი» არამცოდნე მოსწავლესათვის აიწურა, წეღანდელი წყენაც და სიხარულიც უკვალოდ მოისხიპა სახიდან, - აი ისევ დამაბნიე ლერი... თუმცა, შეიძლება ჩემი მახსოვრობის სიღრმეში იყოს რამდენიმე ფაილი, რომლებიც სწორედ «ვენერას ცრემლის» შესახებ შეიცავს ინფორმაციას. მადროვე ცოტა ხანი, მოვიფიქრო, - «ქეთი» სავარძელში ჩაეშვა და თვალები უაზროდ მიაპყრო ჭერს.
იმ წამსვე გამოცოცხლდა კომპიუტერის გარინდებული მონიტორი, ეკრანზე ათასგვარი მრუდეები გაივლო, ჩაირთო განსაკუთრებული პროგრამა, რომლის დახმარებითაც «ქეთი» საჭირო ფაილებს ეძებდა.
მონიტორზე სხვადასხვა ხედები და ფოტოსურათები ისახებოდა, ისმოდა ხმადაბალი, მელოდიური მუსიკა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ «ოჯახის სული» ფიქრობდა, «ქეთის» რთული ელექტრონული ტვინი, ვინჩესტერში ეძებდა საჭირო ინფორმაციას, ბოლოს სავარძელში უძრავად ჩაშვებული ჰოლოგრამული სხეული შეტოკდა, ფეხზე მსუბუქად წამოდგა და დანაღვლიანებული ტონით წარმოსთქვა.
- საუბედუროდ მე არ ვფლობ მსგავს ინფორმაციას.
- შეგვიძლია ინტერნეტ სივრცეში განვაგრძოთ ძებნა, - შესთავაზა ლერიმ.
«ქეთის» სახე შეეცვალა, ლამაზი თვალები მოექუფრა, მისი პროგრამის სიღრმეში ინტეგრირებული თავდაცვითი ალგორითმი ამოქმედდა და დამარცვლით წარმოსთქვა.
- ალბათ მოგეხსენება, რომ მესამე მსოფლიო ომის შემდეგ პლანეტთშორისო შეთანხმების შედეგად, დედამიწის მოსახლეობას ინტერნეტით სარგებლობა აკრძალული აქვს.
ლერიმ ხმამაღლა ამოიოხრა, ოცდაათი წლის წინ მოყვარულმა ჰაკერებმა ბალისტიკური თავდაცვის კოდები გატეხეს და ტრანსკონტინენტალური ატომური რაკეტები ევროპისკენ გაუშვეს, სწორედ მას შემდეგ წარმოიშვა «ხმელთაშუა ზღვის კონფლიქტი», რომელიც მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდა და სავალალო შედეგებამდე მიიყვანა დედამიწა.
პლანეტშორისო შეთანხმება, რომელიც მესამე მხოფლიო ომის დამთავრებისთანავე მზის სისტემის ფედერაციამ მიიღო, უამრავ სხვა შეზღუდვებთან ერთად დედამიწის მოსახლეობას ინტერნეტ სივრცით სარგებლობას უკრძალავდა. ფედერაციაში წამყვანი ადგილი მარსის, ვენერასა და დედამიწის ხელისუფლებასთან ერთად, სრულიად მზის სისტემის ქრისტიანულ ეკლესიათა ავტოკეფალიასაც ეჭირა.
- ადრე თუ გონება გიჭრიდა და კომპიუტერთან ხშირად გიწევდა ჯდომა, პრობლემას სულაც არ წარმოადგენდა სამთავრობო პროტოკოლების გატეხვა, - ხმადაბლა მიმართა «ქეთის», - ახლა ინტერნეტზე წვდომა არცერთ დედამიწელს არა აქვს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სამთავრობო კიბერნეტიკული ქსელით ვისარგებლოთ, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის მოწოდების დანიშნულება აქვს.
- მაგრამ ამისთვის საჭიროა პლასტიკურ ბარათს ფლობდე, იყო მმართველი ორგანოს წევრი და გქონდეს გასაიდუმლოებული ფაილებზე წვდომა.
- ეს ჩემთვის ცნობილია, თუმცა არსებობს კიბერნეტიკულ ქსელში შეღწევის ალტერნატიული საშუალებაც.
- ეს უკვე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, - «ქეთიმ» ლერი თითის დაქნევით დატუქსა, მან გაბრაზებულმა შემოყარა დოინჯი.
ლერი დაფიქრდა, აღელვებულმა ყურიც კი მოიწიწკნა.
- და შენ ვერ გააკეთებ ამას ჩემთვის? - საბრალოდ მიაცქერდა ოთახში ასვეტილ ლამაზ არსებას.
- დამიჯერე ლერი ეს დანაშაულია, - გაჯიუტდა კომპიუტერი.
- მაგრამ არც თუ ისე მძიმე, - ლერი სავარძლიდან წამოდგა, - განა თვითონ არ ამბობდი «ქეთი», დედამიწა მეოთხე მსოფლიო ომის წინაშე დგასო, ამიტომ ასეთი პატარა დანაშაულებები მხედველობაში მისაღებიც არ არის. თუმცა, ვერ გამიგია რა დანაშაულია ჩვეულებრივი შეკითხვა, ეს შეკითხვა ხომ არც არავის მოჰკლავს და არც პლანეტის ხელისუფლებას მიაყენებს ზარალს, - ლერიმ მოწყენილი თვალებით გახედა «ქეთის»... «ქალი» კი თითქოს დააბნია მისმა მზერამ და ერთ ადგილზე აწრიალდა.
- ეს დანაშაულია ძვირფასო, - ქალის ილუზიამ მზრუნველად უთხრა, თუმცა ლერის ყურადღებიდან არ გამორჩენია, «ქეთის» ხმაში შეპარული უცხო, ელექტრონული ნოტა.
მან ერთხელ კიდევ ამოიოხრა, კომპიუტერის კლავიატურას მიუახლოვდა და თეთრ ღილაკებზე სწრაფად აათამაშა თითები, არ უყვარდა როცა ამას აკეთებდა, რადგან «ქეთის» ისე უყურებდა როგორც ცოცხალ არსებას, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა ის მხოლოდ და მხოლოდ «ოჯახის სულის» სისტემის კომპიუტერი იყო და პროგრამულად ინტეგრირებული სტანდარტული შეზღუდვები ჰქონდა, რაც მანქანურ სახეს აძლევდა, ახლაც ლერის წინ სხვა «ქეთი» იდგა, რომელშიც ადამიანს მანქანა სჭარბობდა.
ლერიმ რამდენიმე წამში თავდაცვითი პროტოკოლები გამორთო და ერთ ღილაკს თითი გამოკვეთილად დაჰკრა. იმავ წამს ქალის ჰოლოგრამული სხეული მოუთმენლად შეტოკდა, მამაკაცს თვალებში მიაცქერდა და ნაზად ჩაიბუტბუტა.
- კარგი... კარგი, თანახმა ვარ, ისევ შენი გაიტანე, - «ქეთიმ» თავი მორცხვად ჩაჰკიდა.
ლერი კვლავ სავარძელში ჩაჯდა და თვალი მიადევნა, როგორ ეძებდა «ოჯახის სული» კიბერნეტიკულ ქსელში ცნობებს «ვენერას ცრემლის» შესახებ, ბოლოს ერთ ადგილზე გარინდებული «ქეთი» თითქოს გამოფხიზლდა და აღფრთოვანებულმა ჩაილაპარაკა.
- ვიპოვე, - ქალის ჰოლოგრამული სხეული კომპიუტერს მიუახლოვდა, მონიტორს დააცქერდა და წარმოსთქვა, - აი ისიც.
ეკრანზე ნელ-ნელა გამოისახა «ვენერას ცრემლი», მთელი თავისი მშვენებით, კრისტალი შავ, ხავერდოვან ტილოზე იდო და მის ჩაშავებულ ფონზე თვალისმომჭრელად ბრჭყვიალებდა, ლერი მონიტორს თვალმოუშორებლივ მიაცქერდა, ტუჩი დაფიქრებულმა მოიკვნიტა და დაინტერესებულმა იკითხა.
- საერთოდ რას წარმოადგენს «ვენერას ცრემლი»?
- ინფორმაცია რომელსაც მივაკვლიე, სრულყოფილი არ არის, - «ქეთი» ფრთხილად მიეყრდნო კომპიუტერის კლავიატურას და ლერისაც წამით მოეჩვენა, რომ «ქალის» სიმძიმისაგან კლავიშები ოდნავ ჩაიბრიცა, ეს რა თქმა უნდა ჰოლოგრამული ეფექტი იყო, - ჩემთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ, - «ქეთიმ» დამარცვლით წარმოსთქვა, - «ვენერას ცრემლი» არამიწიერი წარმოშობის უიშვიათესი კრისტალია, მისი თაოსნობით გეოლოგებმა კრისტალების ახალი ჯგუფი აღმოაჩინეს... კრიოსები... ასე უწოდეს მათ «ვენერას ცრემლის» ტიპის კრისტალებს.
«ვენერა ცრემლი» ძვირადღირებულ ქვებს არ განეკუთვნება, თუმცა მისი ღირებულება ჯერ-ჯერობით შეუფასებელია, რადგან, - «ქეთი» წამით გაყუჩდა, შემდეგ კი თავისთვის ჩაიბურტყუნა, - თუმცა აჯობებს ყველაფერი დაწვრილებით აგიხსნა... «ვენერას ცრემლი» 2250 წელს აღმოაჩინა დედამიწელმა არქეოლოგმა ჟან ანდრე კუეკიმ პლანეტა ვენერაზე, ეგრეთწოდებული «მტირალა ველის» არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ის პლანეტაზე დაახლოებით 65 000 000 წლის წინათ ჩამოვარდნილი მეტეორიტის შუაგულში იყო ჩაქვავებული, კრისტალს სახელწოდება მისი აღმოჩენის ადგილის მიხედვით დაარქვეს.
პირველად ძვირფას ქვად მიიჩნიეს. მაგრამ შემდეგ დაწვრილებითი ანალიზის ჩატარებისას, გაირკვა რომ «ვენერას ცრემლი» კრისტალი კი არა, მაღალი წნევის შედეგად, მაქსიმალურად შეკუმშული კრიოგენული აირია, მისი ამდაგვარი შეკუმშვა ამოცანად რჩება, ფაქტი მხოლოდ ერთია, აირი მაღალი წნევის წყალობით უმყარეს კრისტალადაა გადაქცეული, ის ყველაზე მკვრივი მატერიაა დედამიწაზე, მისი განადგურება ჩვეულებრივი ქიმიური აფეთქებით ვერ მოხერხდა.
მეცნიერების გარკვეული ჯგუფი ამტკიცებს, რომ კრისტალზე გაუთვალისწინებელმა გარეგანმა ზემოქმედებამ შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს, ის კვლავ აირად გადაიქცეს, კრიოგენული აირი კი მომაკვდინებელი იქნება ცოცხალი ორგანიზმებისთვის.
აქედან გამომდინარე მზის სისტემის ფედერაციამ უტკივარი თავი არ აიტკივა, სრულიად მზის სისტემის გეოლოგიური ორგანიზაციის გადაწყვეტილებით «ვენერას ცრემლი» საზოგადოებისთვის საშიშ ელემენტად მიიჩნიეს, იარაღის სტატუსი მიანიჭეს, რომელიც კაცობრიობის მთელ სამხედრო პრაქტიკას თავუკუღმა დააყენებდა, შემოიტანდა ახალ «კრიოგენული ბომბების» ერას. ამიტომაც ჩათვალეს საჭიროდ მისი იზოლირება ტერორისტებისა და დივერსანტებისაგან.
ამ თვალსაზრისით ვენერას ხელისუფლებამ «ვენერას ცრემლზე» ექსპერიმენტების ჩატარება აკრძალა, რათა ქიმიკოსებს შემთხვევით მისი კრისტალური სტუქტურა არ დაეშალათ.
«ვენერას ცრემლი» სპეციალისტებმა ჰერმეტულად იზოლირებულ კონტეინერში მოათავსეს, რომელიც მას გარე სამყაროდან იცავდა და ვენერას კოსმოლითურ მუზეუმში მიუჩინეს ადგილი, - «ქეთი» თითქოს წამით დაფიქრდა, ლამაზი სახე შეიჭმუხნა, შემდეგ კი განაგრძო, - მოგვიანებით დედამიწელებმა «ვენერას ცრემლის» ამდაგვარი სამყოფელი საიმედოდ არ ჩათვალეს, მაშინ დედამიწის აზრს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მზის სისტემა, რადგან ის ძლიერ ხელისუფლებას წარმოადგენდა და არა ომისგან დაჩაჩანაკებულსა და განადგურებულს, როგორიც ახლაა.
დოქტორ ჟან ანდრე კუეკიმ ბევრი ბრძოლისა და დავის შემდეგ, ის დედამიწაზე ჩამოიტანა, სადაც «ვენერას ცრემლი» მზის სისტემაში ერთ-ერთ უმსხვილეს გეოლოგიური კომპანია «გალაქტიკ მინერალზის» მფარველობის ქვეშ მოექცა, ის ახლაც ინახება კომპანიის საიდუმლო საცავში, - «ქეთიმ» მხრები აიჩეჩა, - ეს არის მთელი ინფორმაცია რაც მე «ვენერას ცრემლის» შესახებ აღმოვაჩინე, წარმოდგენა არა მაქვს მისი კრისტალური სტრუქტურის აგებულებაზე, მის თერმო ან ელექტროგამტარობაზე, არ ვიცი მისი ქიმიური შემადგენლობა აირად გადაქცევის შემდეგ... მოკლედ...
- აი სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა, - ლერიმ «ქეთის» საუბარი შეაწყვეტინა, შემდეგ შუბლი მოწკურა და თავისთვის გაიფიქრა, - «რადგან «ვენერას ცრემლი» უკვე აღარ ინახება კომპანიის საიდუმლო საცავში» - კომპიუტერის გასაგონად კი ხმამაღლა ჩაილაპარაკა, - ძალიან გთხოვ კიდევ ერთი თხოვნა შემისრულო, დამიდგინე დოქტორ არეს სერას პიროვნება, ვინ არის?, რას წარმოადგენს? - წამით, შედგა თვალები მოჭუტა, შემდეგ ხელი ჩაიქნია და ისევ განაგრძო, - თუმცა აჯობებს დოქტორ არეს სერას პიროვნება თავად დავაზუსტო ინფორმაციულ-კიბერნეტიკული ცნობარის საშუალებით, ბოლოს და ბოლოს გავიმეტებ ერთ სპეციალს, შენ კი მთელი შენი ენერგია «ვენერას ცრემლს» მოახმარე.
- ოღონდ ნუ აჩქარდები ძვირფასო, - «ქეთი» ფანჯარას მიადგა და ეზოში გაიხედა, - მთავარ კიბერნეტიკულ ქსელს ბევრი თავდაცვითი პროტოკოლი აქვს, მათ გვერდით ავლას კი გარკვეული დრო სჭირდება, საჭირო იქნება განსაკუთრებული ალგორითმის შემუშავება, რომლითაც დაშიფრულ და კოდირებულ ფაილებში უნდა შევაღწიო, ამას კი ალბათ მინიმუმ თორმეტ საათს მაინც მოვანდომებ.
- ესე იგი პასუხი ხვალ იქნება მზად, - ლერიმ შუბლი დაფიქრებით მოწკურა, შემდეგ «ქეთის» მიუახლოვდა და უძირო მწვანე თვალებში ჩახედა.
- ხომ გითხარი ნუ აჩქარდები მეთქი, - «ქეთიმ» მორცხვად გაიცინა და ზღვაურის დაჟინებულ მზერას თვალი აარიდა.
მოულოდნელად კარზე დარეკეს, ლერი მოულოდნელობიდან შეხტა კიდევაც, გასასვლელისკენ შეტრიალდა... იგი თავისებურად შეყვარებული იყო ამ მომხიბვლელ მანქანაზე, რომლის კიბერნეტიკული ფსიქიკაც თავად დააპროგრამა, ისე როგორადაც შეყვარებული ქალების ფსიქიკა ჰქონდა წარმოდგენილი. ყოველთვის სიამოვნებდა «ქეთისთან» მარტოდ ყოფნა და საუბარი, ამოტომაც იყო, როდესაც მყუდროობა დაურღვიეს უკმაყოფილოდ იკითხა.
- ვინ არის «ქეთი»?
- ვიღაც ლამაზი შავგვრემანი ქალი, - «ქეთიმ» თითქმის ეჭვიანი თვალით შეხედა, - მოდური შარვალი აცვია და ასევე უკანასკნელი მოდის სათვალე უკეთია.
- აბა ერთი დამანახე, - ლერი კომპიუტერის ეკრანს მიაცქერდა, ეკრანი წამიერად აირია, კარებს ზემოთ ჩამონტაჟებული ფოტოელემენტი ამუშავდა, რომელიც ვიზუალურად აკონტროლებდა კოტეჯის წინ ჩავლილ ყოველ გამვლელ-გამომვლელს და მონიტორზე, უზარმაზარი ვერცხლისფერი სათვალით დამშვენებული და ასევე ვერცხლისფერი, ტანზე მოტმასნილი შარვლით შემკული ტანია გამოჩნდა.
ლერი მეყსეულად მოსწყდა ადგილს, წამსვე გადაავიწყდა განუმეორებელი «ქეთი», თუმცა «ქეთი» უყვარდა, მაგრამ ტანია განსაკუთრებულად, მამაკაცურად უყვარდა, «ქეთის» მიმართ კი რაღაც მისტიკური, არაამქვეყნიური გრძნობები აკავშირებდა, რომელსაც ტანიას სიყვარული ყოველთვის ჩრდილავდა. ის ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა და კარი გააღო, ტანიას გვერდით ყოფნა ყოველთვის სიამოვნებდა, ახლაც ესიამოვნა მისი დანახვა და ქალი გულში ჩაიკრა.
- ოჰ ლერი ძვირფასო, როგორ მიხარია უვნებელს რომ გხედავ, - კმაყოფილი ტონით ხმადაბლა აღუღუნდა ტანია.
- როგორ მომაგენი? - ლერიმ ქალის სიტყვებს ყური არ ათხოვა, ხელი ბეჭებზე მოხვია და ოთახში შემოუძღვა.
- შენი მისამართი ჯუჯამ მომცა, როგორი უგულო ხარ ლერი, მე შიშისაგან კინაღამ დავილიე, ვიფიქრე იმ არამზადამ რაიმე შარში გახვია მეთქი, როგორც კი კაფეში მოსვლა დააგვიანე, წამსვე გამოვეშურე შესკენ... შენ კი... დაგერეკა მაინც ძვირფასო? - ტანიამ სადარბაზო შეათვალიერა, - საკმაოდ კარგად მოწყობილხარ, ასე რომ ვთქვათ ფუფუნებითაც კი ცხოვრობ, - ქალი ლერის მოეხვია და ლოყაზე ნაზად აკოცა.
- ჰმ ფუფუნება, - ლერიმ მხრები აიჩეჩა, - ეს რა ფუფუნებაა.
- სხვათა შორის სულ არ ქონას მაინც სჯობია... მით უმეტეს დღევანდელ დროში, - ტანია, ლერის ყელზე ჩამოეკიდა, - ნეტა როგორ ახერხებდი, ასეთი შესანიშნავი სახლის საიდუმლოდ შენახვას? უკვე ხუთი თვეა გიცნობ და დღემდე არ ვიცოდი მისი არსებობა... ჯუჯამ კი... მართლაც ჯუჯამ საიდან იცოდა შენი მისამართი?.
- რამდენჯერმე ღამე გავათევინე, შემდეგ კი სხვაგან გადაბარგდა, - მამაკაცმა, ქალს წელზე ხელი მოხვია და ყურში ჩასჩურჩულა, - მართლაც რომ მოულოდნელი სიურპრიზია შენი სტუმრობა.
- არ თვალთმაქცობ? - ტანიამ, ლერის მკერდზე მიადო თავი, - საერთოდ მამაკაცები ყველანი მატყუარები ხართ.
მამაკაცმა გაიღიმა, ქალს თმა დაუკოცნა და აცახცახებული მკერდში ჩაიკრა, მაგრამ ამ მონებივრე წყვილს, სასიამოვნო წუთები დერეფანში უხმაუროდ შემოცურებულმა «ქეთის» მომხიბვლელმა ფიგურამ ჩაუშხამა, «ქალი» გრაციოზულად და მომნუსხველად გამოემართა მათკენ.
- ლერი ძვიფასო, ვინ გვესტუმრა? - ჟღურტულა ხმით იკითხა მან.
ტანიამ გაოცებული თვალები მიანათა «ქეთის», შემდეგ კეთროვანივით მოიშორა თავიდან ლერი და აკანკალებული ხმით ჩაილაპარაკა.
- აი თურმე რა ყოფილა, შენ მარტო არა ხარ ლერი, მაპატიე ძვირფასო მყუდროება რომ დაგირღვიე, აგაფორიაქე... ალბათ უმჯობესი იქნება თუ წავალ, - ქალი ცივად მიტრიალდა და გასასვლელისკენ გაემართა.
ლერიმ გადაიხარხარა და კარისკენ მიმავალს გზა მოუჭრა.
- უცნაურია ეჭვიანობ კიდეც, ოღონდ დაიხსომე ძვირფასო, მე ვერ ვიტან ისეთ ქალებს, რომლებიც ყოველ წვრილმანს სცენების მოწყობის საბაბად იყენებს.
- და შენ ამ სიტყვებს ასე გულგრილად მეუბნები?... ღმერთო ჩემო ეს ხომ ნაგლობაა... დღეს ცივად მექცევი, ხვალ კი მოხვალ და პატიებას მთხოვ, დამიწყებ სულელური ლეგენდის მოყოლას იმის შესახებ, რომ ეს მომხიბვლელი ქალი შენი დაა. მაგრამ დაიმახსოვრე მე შენ არ გაპატიებ, რადგან ასეთი ისტორიები უკვე დიდი ხანია რაც მოდაში აღარ არის, - ტანია, მოჩხუბარი მამლაყინწასავით გაეჭიმა ლერის... მამაკაცი დააბნია კიდეც ქალის ასეთმა უეცარმა შემოტევამ, ხუთი თვე იცნობდა და მისგან ასეთ წინააღმდეგობას ჯერ არ წასწყდომია, ტანია როგორც ყოველთვის მხიარული და დამყოლი ხასიათის ქალი იყო... ახლა კი...
ლერი დაბნეული მისჩერებოდა ქალს, ჩუმად იდგა, შემდეგ გაიცინა და «ქეთისკენ» მიტრიალდა.
- გაიგონე «ქეთი» რა თქვა ტანიამ?... შენი დააო... დიახ ტანია «ქეთი» ჩემი დაა და არა მარტო და, ის ჩემი ცხოვრების თანამგზავრიცაა, ცხოვრების ნათელი ზოლია, შეუცვლელი მეგობარია და შენ წარმოიდგინე მეუღლეც კია დიახ მე ის მიყვარს, როგორც და, როგორც მეუღლე და როგორც მეგობარი, მაგრამ საუბედუროდ იგი არაა ცოცხალი არსება... ის... - ლერიმ თავი ჩაღუნა და ხმადაბლა ჩაიჩურჩულა, - ის ილუზიაა «ოჯახის სულის» სისტემის კომპიუტერის, ჰოლოგრამული ეფექტია.
წამით ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, მოვლენების ასეთმა უეცარმა შემობრუნებამ ტანია გააოგნა, ის პირდაპირ კარის ზღურბლთთან გაშეშდა და გაღიმებულ «ქეთის» გაოცებული მიაცქერდა.
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ოჯახში, - «ქეთიმ» გონიერი აპარატებისათვის დამახასიათებელი მორჩილებით ჩაილაპარაკა და ხელი თეატრალურად გაიშვირა სასტუმრო ოთახისკენ.
- ეს როგორ? - ტანიამ ძლივს ამოიბუტბუტა, «ქეთის» მიუახლოვდა და ცხვირწინ აეტუზა, - ღმერთო ჩემო რა რეალური ეფექტია, - მან ხელი ფრთხილად წაიღო მომნუსხველი სხეულისაკენ, მაგრამ ხელმა ადვილად შეაღწია «ქეთის» მკერდში და გაუჩინარდა, თითქოსდა გაუმაძღარმა სხეულმა ჩაყლაპაო, - მე კი სულელმა ტყუილად დაგწამე ცილი, - ტანია, ლერისკენ მიტრიალდა და მამაკაცს მიეკრო.
სამთავე ნელი ნაბიჯით შევიდა სასტუმრო ოთახში. ლერი თავისი უიღბლო დღის კულმინაციაზე ჰყვებოდა, ჰყვებოდა თუ როგორ მიიცვალა უცნობი მამაკაცი მის ფურგონში და როგორ გადასცა ძველთაძველი, არამიწიერი კრისტალი... «ვენერას ცრემლი».


1 ფრეონი - ჰალოგენოალკანები, რომელსაც გამოიყენებენ სამაცივ-რე მანქანებში, როგორც მაცივარ აგენტს. (მაგალითად: კონდიციონ-ერებში) ფტორის ატომების გარდა ფრეონის მოლეკულები ასვე შეი-ცავენ ქლორის ატომებს, უფრო იშვიათად - ბრომსაც. ცნობილია 40-მდე სახეობის ფრეონი, მათი უმრავლესობა იწარმოება მრეწველობაში.
2 Домовои (რუს) - სლავურ მითოლოგიაში საკულტო ღმერთი. ე.წ. ოჯახის სული, სახლის მითოლოგიური მფლობელი და მფარველი, რომელიც ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას უზრუნველყოფს.



№1  offline წევრი ვიპნი

ასეთი ნაწარმოები აქ პირველად ვნახე,ცოტა შემეცოდა ამ საიტისთვის,აქაური მკიხველების უმეტესობა სხვა ჟანრს აქცევენ ყურადღებას უფრო .
არ გიფიქრია რაიმე კონკურსზეც გაგეგზავნა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent