შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამილახვარი (თავი 10)


24-09-2019, 12:29
ავტორი abezara98
ნანახია 1 725

ამასობაში სექტემბერიც მიიწურა და ქართლის მიდამოებში ოქროსფრად ჩამოთოვლა. ხეებს ფოთლების უმეტესი ნაწილი გასცვივდა და ნელ-ნელა უფრო მეტად აცივდა. ბოლო ცნობებით კი ალისა და თავადი ამილახვარი ჯერ დაბრუნებას არ გეგმავდნენ. რაღაც ისე ვერ აეწყო მოლაპარაკებების საქმე, როგორც ამას ფრანგი ქალბატონი გეგმავდა.
ოქტომბრის იმ ქარიან დღეს ქართლის ცას ადგილი საღამოს ბინდისთვის დაეთმო, როცა მელანომ თავის მოსამსახურეებს წყლის გაცხელება სთხოვათ. იმ დღეს საშინლად ცხელოდა და მთლად გაოფლილი სხეულის გაგრილება და გასუფთავება სურდა თავადის ასულს. ქალებმა წყალი მალევე შემოუტანეს, აბაზანაც გაუმზადეს და წყლის დასამატებლად გავიდნენ. მელანო კი მშვიდად ჩაეშვა ორთქლადენილ წყალში და სხეულზე ნაზად დაიტარებდა ტილოს. როცა ესეც დაასრულა, უბრალოდ მოდუნდა, თვალები დახუჭა და თბილი წყლის ძალას დანებდა. ოდნავ ქვემოთ ჩაცურდა, თავი აბაზანის კიდეს ჩამოადო და გაიყურსა.
კარი უხმაუროდ მიიხურა და მელანომ მხოლოდ იატაკზე დადგმული სავსე სათლის და წყლის დგაფუნის ხმა გაიგო. დარწმუნებულმა იმაში, რომ მოსამსახურე გოგომ დამატებით შემოიტანა წყალი, თვალები არ გაახილა და მშვიდი ხმით ამოილაპარაკა:
-ეგ სათლი მანდ დატოვე და შეგიძლია, გახვიდე.
-მართლა? მე კიდევ მეგონა, რომ ჩემი დახმარება გჭირდებოდათ ზურგის გახეხვაში.
ქალმა მაშინვე გაახილა თვალები, როგორც კი მოსამსახურე გოგოს ნაცვლად კაცის ხმა შემოიესმა და ეგონა მოეჩვენა, მაგრამ მის წინ ნამდვილად ერეკლე იდგა. გაოცებულმა რამდენიმე წამს უყურა, მერე კი პირზე ხელი აიფარა, რომ სიხარულის კივილი ჩაეხშო.
-შენ აქ საიდან, როგორ?
-გავიგე, ამილახვრის ერთადერთი ქალიშვილი მთელი დღეები მოწყენილი დაიარება და ძლიერ ნერვიულობს არაფერი ამბავი რომ არ ისმის მისი მიჯნურისაო. ხოდა, მეც გადავწყვიტე მენახე, - ღიმილით ჩაიმუხლა აბაზანასთან და სახეზე მოეფერა ქალს, - მომენატრე მელანო, თანაც უზომოდ.
-მეც, მეც მომენატრე, - ამოიჩურჩულა ქალმა და თავისი სურვილით მისწვდა ერეკლეს ბაგეებს, მაგრამ მალევე მოსცილდა.
კაცმა უკმაყოფილოდ რაღაც დაიფრუტუნა და წამოდგა.
-გამოვიცნობ, გრცხვენია და უნდა შევბრუნდე.
-ვერ გამოიცანი, - გაეცინა მელანოს და ნელ-ნელა ზღვის ქაფისგან ნაშობი აფროდიტესავით წამოიმართა.
ერეკლემ მაშინვე ხელი შეაშველა, შემდეგ კი შირმაზეგადაკიდებულ მშრალ ნაჭერს მისწვდა და ქალს შემოაფარა. თავადვე მიიყვანა საწოლთან, ზედ ჩამოსვა, ნაჭერი ჩამოართვა და თავისი ხელით გადააცვა ღამის პერანგი. ნელა მიასრიალებდა ქალის ნატიფ სხეულზე ხელებს და თხელი მატერიაც მათთან ერთად მიიწევდა ქვემოთ. ბოლომდე მაინც ვეღარ გაუძლო. სანამ მოღეღილი მკერდი მთლად დაიფარებოდა, დრო იხელთა და ორივე ძუძუზე ხანგრძლივად დააკრო ტუჩები. მელანოს თვალები მიელულა და სიამოვნებისა და მონატრებისგან ხმადაბლა დაიკვნესა. ერეკლე წამსვე მოშორდა. ღრმად სუნთქავდა და თვალებიც ანთებოდა.
-არ შეიძლება, უპატივცემულობაა, - ლუღლუღებდა თავისთვის და დამშვიდებას ცდილობდა.
მაგრამ ცდუნება ზედმეტად ძლიერი იყო.
ბოლოს როგორღაც მოეგო გონს, ქალს ხელი მოჰკიდა და მასთან ერთად ისე დაწვა საწოლზე, რომ მელანო მის მკერდზე აღმოჩნდა. ერეკლემ მჭიდროდ მოხვია ხელები და ძლიერად ჩაიკრო, თითქოს მისი შესისხლხრორცება და სამუდამოდ თავისთან დატოვება სურდა. ქალიც გატრუნული დაჰყვა მის ნებას და არ გაუპროტესტებია.
-არ მეტყვი, მაინც როგორ აღმოჩნდი აქ? - რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ იკითხა მელანომ და თავი ისე დადო, რომ ერეკლეს გულისცემა ყურქვეშ ესმოდა.
-დავითი დამეხმარა უხმაუროდ შემოპარვასა და შენს ნახვაში. ასე მითხრა, ძალიან ნერვიულობდა მელანო შენზეო.
-რა თქმა უნდა, დავითი, - გაეღიმა ქალს, - სხვა ვინ მოახერხებდა მაგდენს. მართლა ძალიან ავნერვიულდი, მამაჩემი ასე გახარებული რომ დააბიჯებდა და თან ჭორი გავრცელდა, რომ "პოსეიდონი" და მისი ეკიპაჟი იმ ქვეყნად გაისტუმრესო.
-მერე ვგავარ იმ ქვეყნიდან მოსულს?
-მასე ნუ ხუმრობ, ერეკლე! - განაწყენდა მელანო და მკერდზე ხელი მიჰკრა, რაზეც კაცმა ტკივილისგან მომანჭული სახით უპასუხა.
-მოიცადე, რამე გჭირს? არ ხარ, ხომ კარგად? დაგჭრეს? - მაშინვე წამოიწია ქალმა, ერეკლეს მკლავებისგან თავი დაიხსნა და გაავებული მზერით დახედა.
-არაფერი მიჭირს, მართლა.
-ერეკლე, მაჩვენე!
რადგან თავად კაცი არ ინძრეოდა, მელანომ დაიწყო მოქმედება. ჯერ ჩოხის დუგმები შეუხსნა, შემდეგ კი ახალუხის, მარდად გადაუღეღა მკერდი და ნანახმა ლამის შეკივლება აიძულა. მთელი ზედა ტანი უკვე გაყვითლებულ-გამწვანებულ სისხლჩაქცევებს დაეფარა, რომელზეც უბრალო ხელის შეხებაც კი კვლავ ტკივილს აყენებდა კაცს.
-ღმერთო ჩემო, ერეკლე, - ლამის ტირილი დაეწყო მელანოს, რომელსაც ნიკაპი უკვე აკანკალებოდა, - ეს... ეს ვინ ჩაიდინა? მითხარი, კიდევ რამე გჭირს თუ მხოლოდ ესაა?
-დამშვიდდი, - წამოჯდა კაცი და უკვე აქვითინებული ამილახვრის ასული ჩაიხუტა, - სერიოზული მართლა არაფერია. ვერ ხედავ? თითქმის გამიქრა. სხვა კი მართლა არაფერი მჭირს.
-შენთვის რომ ეკითხა კაცს, არც აქამდე გჭირდა რამე. ნუ მატყუეებ და სიმართლე მითხარი!
-კარგი, ხო, - ამოიოხრა კაცმა, - ორი ნეკნი მქონდა გატეხილი, მაგრამ მართლა აღარაფერი მჭირს. ახლა კი, თუ შეიძლება, დაუბრუნდით თქვენს კუთვნილ ადგილს.
ერეკლემ წამშივე შეიბნია დუგმები, კვლავ საწოლზე გადაწვა და მელანოც გულზე მიიწვინა.
-არ მეტყვი, როგორ დაგემართა?
-დარწმუნებული ხარ, რომ ამის მოსმენა გინდა?
-აჰა, ანუ ისევ მამაჩემის ხალხს დაპირისპირებიხარ.
-მართალია. სადღაც თვე-ნახევრის წინ გადავეყარეთ ერთმანეთს.
-ამდენი ხანი ამის გამო არ ჩანდი, ხომ? სერიოზული გჭირდა რამე? არ დამიმალო, ერეკლე, გთხოვ.
-მართლა არაფერი ყოფილა სერიოზული. უბრალოდ გამარჯვების და სულ ოდნავ ჩვენი ცემის უფლება მივეცით, რომ მამაშენი ცოტა ფერზე მოსულიყო.
-ანუ ის ბავშვები...
-დამშვიდდი, მათ არაფერი უჭირთ, ყველანი უკან, თავიანთ სახლებში დავაბრუნეთ. ზოგჯერ მტერს გამარჯვების უფლება უნდა მისცე ხოლმე, რომ ყურადღება მოადუნოს, შემდეგ კი ეს ფაქტი საშენოდ გამოიყენო და ბედის ბორბალი ერთი ხელის მოსმით შენკენ შემოაბრუნო.
-მასე რომ არ მოხდეს, მაშინ რას აპირებ?
-მთავარია, შენ გჯერა ჩემი, ჩემი ხარ, გიყვარვარ და დანარჩენი უკვე სულ ერთია. შენ გამო სიცოცხლოს გაწირვაც კი მიღირს.
ქალმა წამით იმ აწყლიანებული მზერით შეხედა, რომელიც ამდენად უბნევდა თავ-გზას ერეკლეს. შემდეგ კი კვლავ შეერთდნენ ამილახვრისა და ფალავანდიშვილის ბაგეები.
მშვიდად საუბრობდნენ კიდევ ცოტა ხანს, კაცმა ისიც უთხრა, რომ ეკატერინე ამილახვრის რჩევა გაეთვალისწინებინა და თავად ჯაყელს დაკავშირებოდა. უკვე რაღაც გეგმაც ჰქონდათ შემუშავებული. შუა საუბრისას კი მოულოდნელად მელანოს ჩამოეძინა. ერეკლე უყურებდა მძინარე ქალს და მართლა ვერ ხვდებოდა, თუ როგორ დაიმსახურა მისნაირი ანგელოზი.
შემდეგ კი ყველაფერი წამებში მოხდა. ჯერ კიდევ მძინარე ქალი მკერდიდან ააგლიჯეს, თავად კი სამმა კაცმა შეიპყრო ისე, რომ თავის დახსნის საშუალებაც კი არ ჰქონდა. აი, მერე ოთახში თავად ბიძინა ამილახვარი შემოვიდა ირონიული ღიმილით სახეზე. ჯერ მელანოს შეხედა ზიზღით, რომელიც ერთ კაცს ჰყავდა გაკავებული, შემდეგ კი ერეკლეს. მისკენ გადადგა კიდეც ნაბიჯი, მაგრამ მერე მოტრიალდა და თავის ასულს მიუახლოვდა.
-შე კახპავ, - დაუყვირა და იმდენად ძლიერ გაარტყა სილა შვილს, რომ ქალს ტუჩი გაუსკდა, გვერდით გადაქანდა და რომ არა მის ზურგს უკან მდგარი ამილახვრის კაცი, აუცილებლად იატაკზე აღმოჩნდებოდა გართხმული, - ქუჩის ქალო! ამის გამო ვიკლავდი თავს, ამისთვის გასწავლიდი, რომ შენ ასე გადაგეხადა ჩემთვის სამაგიერო?
მელანო თავჩაქინდრული იდგა და ხმას ვერ იღებდა. თვალებში ჯერ კიდევ ვარსკვლავები დაურბოდნენ და თავიც უბჟუოდა. სამაგიეროდ ამილახვარი არა და არ ცხრებოდა.
-მართლები იყვნენ წინაპრები, როცა ქალს დაბადებისთანავე აკვანში ნიშნავდნენ და ათხოვებდნენ. არ უნდა დაკარგო დრო მათ გამო, რადგან წავლენ და მაინც იმათ ჩაუწვებიან, ვინც თავს ლაფს დაგასხამს. შენნაირი შვილის ყოლას საერთოდ არ მყოლოდა, მერჩივნა.
მელანო თითქოს გამოეთიშა იქაურობას და მოგონებებში გადაინაცვლა ბებიასთან, როდესაც შემთხვევით ბიძინაზე ჩამოვარდა საუბარი. ბებია მელანია სულაც არ ყოფილა კმაყოფილი თავისი შვილით. კარგი მამობა სულაც არ ნიშნავს კარგ კაცობასო, უთხრა ქალმა. მაშინ ხარ კარგი ადამიანი, როცა სახლშიც და მის გარეთაც, ერისკაცობაში მისაბაძი ხარო. ბიძინა კი მხოლოდ მამად თუ გამოდგა ისიც შენთან, თორემ არც ქმრად ვარგა და არც თავადადო. მოგონება კი რამდენიმე წამში კვლავ რეალობამ ჩაანაცვლა.
ერეკლე დაჭრილი მხეცივით ბრდღვინავდა, მაგრამ უშედეგოდ. იმდენი ძალაც არ ჰქონდა, რომ ერთდროულად სამი კაცისგან თავი დაეხსნა. შემდეგ კი მისკენაც ინება შემობრუნება ამილახვარმა, რომელსაც სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა.
-მაინც ხომ გაები, ფალავანდიშვილო! არ უნდა დაგეტოვებინა შენი გემი და ხმელეთზე არ უნდა გადმოსულიყავი. საერთოდაც, როცა შესაძლებლობა გქონდა, მაშინ უნდა მოგეკალი, რადგან ახლა ყველაფერი უკვე გვიანია და ამჯერად ჩემი ჯერი დადგა. მე კი დანდობა არ ვიცი.
თავადმა ახლა ერეკლესაც დაარტყა, მაგრამ ფალავანდიშვილი მელანოსგან განსხვავებით ძლიერი აღმოჩნდა და ადგილიდანაც არ განძრეულა. მხოლოდ ერთი ამოიღმუვლა და სახეზე ის ადგილი გაუწითლდა, სადაც ბიძინას მუშტი მოხვდა.
ხმაურზე ოთახში ერთდროულად რამდენიმე ადამიანი შემოიჭრა. წინ კი თავადის ცოლი მორბოდა. როცა იქაურობას თვალი მოავლო, სიტუაცია დაზვერა და გაცეცხლებული ქმარიც შენიშნა, აღარც უკითხავს რა მოხდაო, მაშინვე მელანოსთან მიიჭრა და თავადაც გაარტყა. ქალმა იმდენად სწრაფად დაიწყო რუსულად საუბარი, იმდენი რამ უთხრა ამილახვრის ასულს, რომ ყურის მიდევნებასაც ძლივს მოასწრებდით. აი, ბოლო სიტყვები კი ყველასგან კარგად გამოირჩეოდა.
-ვიძახდი, გაუზრდელია-მეთქი, მაგრამ მიჯერებდა ვინმე? თავის დროზე უნდა მოგეცილებინათ დედის კალთას და საფრანგეთის ნაცვლად რუსეთში გაგეშვათ სასწავლებლად. უტვინო გოგოვ! - მორიგი სილა გააწნა და ისევ აპირებდა, რომ ერეკლეს ხმამ გააჩერათ.
-თქვენ როგორ ბედავთ მის გაკიცხვას, როცა თავად არავინ ხართ მისთვის! საერთოდ არ გაქვთ უფლება მას მიუახლოვდეთ და ის სიტყვები აკადროთ, რაც სიმრთლეს არ შეესაბამება. დედამისი რომ იყოთ, კიდევ მესმის, მაგრამ თქვენ უბრალოდ მამამისის უკანონო ცოლი ხართ და მეტი არავინ!
-ხმა ჩაიწყვიტე! - გამწარდა ამილახვარი და ერეკლეს მორიგი მუშტი უთავაზა.
მერე კი ცოლს მიუბრუნდა და თვალებით ანიშნა რომ იქიდან აორთქლებულიყო. ქალმა ალმაცერად გახედა ოთახში მყოფ თითოეულ ადამიანს, წამით მზერა ალისაზე შეაჩერა, შემდეგ კი ამაყი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა.
ამჯერად კი ჯერი მელანოს უმცროს ძმებზე მიდგა. არც ერთი მათგანი არ აკლდა იქაურობას. ხმისამოუღებლად იდგნენ და სანახაობას შესცქეროდნენ. როცა ბიძინამ მათკენ მოაბრუნა თავი, სამივე მათგანმა გამკიცხავი მზერა ესროლა დას. შემდეგ კი თითო-თითოდ გაჩერდნენ მის წინ, ფეხებთან დაუფურთხეს და ოთახი დატოვეს.
გაბრიელი ლამის ჭკუიდან გადავიდა ამის დანახვაზე. მელანოს ძმებისკენ დაიძრა კიდეც, მაგრამ ალისამ მკლავში ჩაავლო ხელი და გააჩერა. მერე კი საერთოდ სიტყვის უთქმელად გავიდნენ ოთახიდან.
-რატომ გამაჩერე?
-ახლა ამის დრო არ არის და იმიტომ, - დაიჩურჩულა ქალმა და დერეფანს თვალი მოავლო, - ნუ გავიწყდება სად ხარ და ვის სახლში.
-და მელანო ან ერეკლე?
-დიდი ალბათობით, თავადი ერეკლეს მოკვლას გადაწყვეტს, მაგრამ ამას აქ არ გააკეთებს. მაგ შემთხვევაში კი, ვიცი, დავითი აუცილებლად უშველის. ახლა ვხვდები, თურმე რატომ მოიჩქაროდა ასე ტფილისიდან. თურმე მახეს უგებდა ერეკლეს.
ამილახვარი კი გაავებული დააბიჯებდა ოთახში და ვერ ჩამოყალიბებულიყო აქვე დაემთავრებინა ფალავანდიშვილის სიცოცხლე ყველას თვალწინ თუ როგორც დაგეგმა? ერეკლე კი თითქოს ჯინაზე უფრო მეტად ახელებდა ამ თავისი შეწინააღმდეგებით. ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ დაგეგმილზე უფრო მეტი ხალხი დაესწრო ამ „სპექტაკლს“ და ჭორებიც მალევე აგორდებოდა. ბოლოს როგორც იქნა გონება მოიკრიბა, ოთახის შუაგულში გაჩერდა და ზიზღნარევ-ირონიული ღიმილით შეხედა ჯერ ქალიშვილს, რომელიც მთლადგადაფითრებული მიცვალებულს უფრო ჰგავდა, ვიდრე ცოცხალ ადამიანს, შემდეგ კი - ერეკლეს. ბოროტულმა ღიმილმა კიდევ ერთხელ გადაურბინა სახეზე და თავის კაცებს ფალავანდიშვილზე ანიშნა.
-ეს წაიყვანეთ და მოკალით. ჩემს ქალიშვილს კი თავად მივხედავ.
ერეკლემ ბოლოს რაც იგრძნო კეფაში ძლიერად ჩარტყმული ცივი საგანი იყო. შემდეგ კი ყველაფერი შავმა ფერმა დაფარა.
***
-გაბრიელ, მიდი და ის სამი წურბელა აქ მომითრიე, რაც არ უნდა მოხდეს, მაინც!
-რომელი სამი წურბელა?
-მართალია, ამ სახლში თითქმის ყველა წურბელაა, მაგრამ ამჯერად მელანოს ძმებს ვგულისხმობ.
-ახლავე.
გაბრიელმა ცოტა ხანში მართლა სამივე შემოუყვანა ოთახში დას, თავად კართან დადგა და ასპარეზი ალისას დაუთმო.
-დასხედით, დასხედით, რას მიყურებთ, - მშვიდად დაიწყო ქალმა და იქვე დადგმულ დივანზე ანიშნათ.
-გისმენთ, აბა, რა სასწრაფო საქმე გქონდა? - თქვა მათ შორის უფროსმა და უტეხად გაუსწორა თვალი ფრანგ ქალბატონს.
მის მზერაში გამოწვევასაც კი ხედავდა ალისა და ეს აგიჟებდა. არც ერთს არ ეტყობოდა, რომ რომელიმე ოდნავ მაინც სწუხდა ან სინდისის ქენჯნას გრძნობდა. კიდევ ერთხელ მოუწოდა თავს დამშვიდებისკენ, შემდეგ კი სავარძლიდან წამოდგა და აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა.
-მითხარით, ნამუსის მსგავსი რამე რომელიმე თქვენგანს თუ გაგაჩნიათ? რადგან მე ასე არ ვთვლი! არა, პირდაპირ გასაკვირია, როგორ შეგეძლოთ ასე მარტივად ხაზი გადაგესვათ საკუთარი დისთვის, ზურგი გექციათ და დახმარების ხელის გაწვდენის ნაცვლად ზურგში ხანჯალი ჩაგეცათ. მითხარით, რომელიმეს მაინც თუ გახსოვთ მელანო, რომელიც თქვენთვის თავს იზოგავდა, ზურგს გაქცევდათ და იმის ნაცვლად რომ თქვენ დაეცავით, გაბრუნებულიყო და თავისი საქმე გაეგრძელებინა. მოდით, მე გავცემ ამ კითხვაზე პასუხს - არა, არასდროს! მითხარით ერთი, რა დააშავა ასეთი თქვენმა დამ, რით მოგაყენათ შეურაცხყოფა და რანაირად შეგილახათ თავმოყვარეობა, რომ არც ერთმა არ დაიჭირეთ მისი მხარი? თავადი ბიძინასი მესმის, მამაა და უფლებაც ჰქონდა, რომ ასე მოქცეულიყო, რასაც მართალია, სულაც არ ვამართლებ, მაგრამ გაგება შემიძლია. აი, თქვენი საქციელი კი გულის ამრევია ჩემთვის. თქვენ რა დაგაკლდათ ერთი, მას რომ შეუყვარდა? როგორ გადაგაბიჯათ? შერცხვით რამეთი? თქვენ სულ არ გაინტერესებთ აქ რა მოხდება! წახვალთ იმ თქვენს დასაწვავ პეტერბურგში და რა, ისე ვეღარ შეძლებთ გართობას და დროსტარებას? და მელანო რას იზამდა თქვენს ადგილას? აი, თუნდაც შენ, - ყველაზე უფროსს გაუსწორა თვალი და კბილებში გამოსცრა, - სულ კახპა რომ შეგყვარებოდა, მათხოვარი, ქუჩის ქალი ანდაც სხეულით მოვაჭრე, ცოლად მოგეყვანა და ასე შეგელახა მამაშენის თავმოყვარეობა, მელანო გვერდით დაგიდგებოდა და წამითაც არ დაიხევდა უკან. თქვენ კი, თქვენ რა გააკეთეთ? წამიც არ დაფიქრდით ისე აქციეთ ზურგი! და იცით, რას გეტყვით? წურბელები ხართ სამივე თქვენგანი! მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, როგორ გაერთოთ და გაფლანგოთ ფული. იმას კი აღარ დარდობთ, რომ შეიძლება თქვენი საქციელით ვინმე ახლობელ ადამიანს ძალიან ატკინოთ! მართალია, ერთ დღეს უნდა გაწყვიტო მთლად კაცების სინსილა! ვიცი, მშვენივრად მომეხსენება, რომ მგლის თავზე სახარების კითხვასავით გამომდის, მაგრამ იქნებ მოხდეს სასწაული და რომელიმეს ჩემი ერთი სიტყვა მაინც მოგხვდეთ გულზე!
-მორალს ჩვენ რომ გვიკითხავ, თავად დარწმუნებული ხარ, რომ საკუთარი ძმა არ მოგექცევა ასე?
-როგორ ბედავ და გაბრიელს როგორ ედრები? - მთლად გადაირია ქალი, - ის თქვენსავით არასდროს დაეცემა და რაც არ უნდა მოხდეს, მჯერა, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იქნება! იმის ნაცვლად, რომ საკუთარ დანაშაულს ხვდებოდეთ, ახლა სხვას გადასწვდით. საკუთარ თვალში დირეს ვერ ამჩნევთ, სხვის ბეწვს კი მშვენივრად ხედავთ. და იცით, რაა, ახლა ნამდვილად დამარწმუნეთ, რომ წურბელებთან ერთად ყველანი , მთელი ერი სარეველა ბალახი ხართ! ყველაფერ კარგს მაშინვე თქვენი ხელით სპობთ და გახარების საშუალებას არ აძლევთ! იმის ნაცვლად, რომ გვერდით დაუდგეთ, მისცეთ თქვენთვის და ქვეყბნისთვის კარგის გაკეთების საშუალება, მაშინვე მის ჭამას იწყებთ. გშურთ, ის ჩემზე უკეთესი როგორ შეიძლება იყოსო და იმაზე იწყებთ ფიქრს, როგორ მოიშოროთ თავიდან. მერწმუნეთ, ისიც კი არ გამიკვირდება, რომ თქვენივე ნათესავი რომაა, ჭავჭავაძე, ღმერთო, გამახსენე რა ჰქვია! არ გამიკვირდება, რომ თქვენივე ხელით მოუღოთ ბოლო და მოკლათ, რადგან ქვეყნის გამოსადეგ საქმეს აკეთებს. იცით, რისი ღირსები ხართ? ვიღაცამ უნდა დაგიპყროთ, მაგრამ, უი, დაპყრობილები ხართ და ეგაა. მაინც მიჩვეულები ხართ მონობას! თქვენს ადგილას ნებისმიერი ერი რაღაცას მოიმოქმედებდა მაინც, მაგრამ ამის ნაცვლად თავადვე ხდებით იმ აჯანყებების გამცემლები, რომელსაც მართლა რაღაცის მოტანა შეუძლია თქვენთვის! მიჩვეულები ხართ ფეხიფეხზეგადადებულ ჯდომას და თავის ატკიებაც კი არ გინდათ! ხოდა, იცით რა?! მეც დავჯდები ასე თქვენსავით, თითსაც კი არ გავანძრევ და სანახაობით დავტკბები!
-მოიცადე, - ხელის აწევით გააჩერა ერთ-ერთმა და დაბნეულმა გახედა, - ჩვენ ახლა ისევ მელანოზე ვსაუბრობთ?
-ღმერთო, რა შეგცოდა ამისთანა კაცობრიობამ, ეს სამი იდიოტი რომ მოავლინე ამ ქვეყნად? - ჭერს ახედა ალისამ, შემდეგ კი გაბრიელისკენ გაიხედა, - ჩემი მარაო მომიტანე, რა.
-რომელი, რამდენიმე თვის წინ რომ გატეხე?
-მაშინ მათრახი!
-ეგ საერთოდ რამდენიმე კვირის წინ შემოგემტვრა.
-მაშინ წკეპლა მომიტანე, ეს სამი ჭკუაზე რომ მოვიყვანო!
გაბრიელი გავიდა, ალისა კი უკვე კართან მისულ სამეულს მიუბრუნდათ.
-გაიპარეთ, ჰო, გაიპარეთ. ზუსტად ისე მოიქეცით, როგორც ლაჩრების წესია! ჩემს მტერსაც კი არასდროს ვუსურვებდი, რომ თქვენი იმედი ჰქონოდა!
ძმები ამილახვრების გასვლის შემდეგ კი მალევე დაბრუნდა ოთახში გაბრიელი. ხელში ახლადგამოჩორკნილი წკეპლა ეჭირა, რომელიც ყოველ გაქნევაზე შხუილით აპობდა ჰაერს.
-ალისა, მართლა არაფერს გააკეთებ მელანოს დასახმარებლად?
-გაბრიელ, თუ არ გინდა მაგ წკეპლის ძალა შენზე ამ წამსვე გამოვცადო, გაჩუმდი და იმ სამ გამოთაყვანებულს ნუ დაემსგავსე! ახლა ხელფეხშეკრულები ვართ. ჩემზე უკეთ იცი, სტუმარმასპინძლობა რასაც ნიშნავს და ვერაფერს რომ ვერ გავაკეთებთ, რითაც ჩვენს ღირსებას შევლახავთ, ამილახვრისას კი არა! რაღაცას აუცილებლად მოვახერხებთ, მაგრამ ახლა ვერა და არა. მერწმუნე, ჩემზე მეტად არ შეგტკივა გული მელანოზე.



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

გული გადამიქანდააა, კი მაგრამ ვინ ჩაუშვა ნეტა, იმედია დავითზრ ჯერჯერობით არაფერი უეჭვია, ერეკლე რომ არ მოკვდება ვიციი არ ვნერვიულობ.ახლა რა მოიცდის მომდევნო თავამდე.

 


№2  offline მოდერი abezara98

სტუმარი დარინა
გული გადამიქანდააა, კი მაგრამ ვინ ჩაუშვა ნეტა, იმედია დავითზრ ჯერჯერობით არაფერი უეჭვია, ერეკლე რომ არ მოკვდება ვიციი არ ვნერვიულობ.ახლა რა მოიცდის მომდევნო თავამდე.

ვნახოთ, ვნახოთ ^_^ მახარებ შენი ემოციებით ❤❤❤

 


№3  offline მოდერი N1penguin

ეეე, არადა გამიხარდა, ერეკლე ნახა მელანომ-მეთქი. საერთოდ საიდან გაიგო ამ დამპალმა ბიძინამ ერეკლეზე? scream დავითიც ხო არ გაეხვევა ახლა შარში? tired_face იმედი მაქვს, არა. ეს მელანოს ძმებიც საზიზღრები, ერთი მეორეზე უარესები რაა confused ბიძინა როდის მოკვდება? სადამდე უნდა მაწამოს? neutral_face ეჰ, ალისა, ალისა, არ იმსახურებს ეს ხალხი შენს მჭევრმეტყველებას და რას ვიზამთ, ვერ ირგებენ და ვერც ვერაფერს მიმხვდარან. აფსუუუს! sweat_smile

 


№4  offline მოდერი abezara98

N1penguin
ეეე, არადა გამიხარდა, ერეკლე ნახა მელანომ-მეთქი. საერთოდ საიდან გაიგო ამ დამპალმა ბიძინამ ერეკლეზე? scream დავითიც ხო არ გაეხვევა ახლა შარში? tired_face იმედი მაქვს, არა. ეს მელანოს ძმებიც საზიზღრები, ერთი მეორეზე უარესები რაა confused ბიძინა როდის მოკვდება? სადამდე უნდა მაწამოს? neutral_face ეჰ, ალისა, ალისა, არ იმსახურებს ეს ხალხი შენს მჭევრმეტყველებას და რას ვიზამთ, ვერ ირგებენ და ვერც ვერაფერს მიმხვდარან. აფსუუუს! sweat_smile

ჩემი ჭკვიანი ქალბატონია ეგ heart_eyes ასეთი პერსონაჟი მეორე არ მეგულება heart_eyes

 


№5  offline წევრი cicino

არა რა საოცრება იყო რამდენიმე თავი ვერ წავიკითხე მოუცლელობის გამო მაგრამ ეხლა ავინაზღაურე და საოცრად მომეწონა ემოციების ზღვა იყო ყველაფერი ერთად ალისა მომწონს ძალიან საოცარი ქალბატონია, აუ როგორ მინდა თავადს და მის სამ ჩოჩორს თავი წავაცალო ნერვები შემიჭამეს მაგ გველაძუებმა, ახალ თავს ველი ტკბილო იმედია მალე იქნება ახალი და ემოციური თავი.????????????????

 


№6  offline მოდერი abezara98

cicino
არა რა საოცრება იყო რამდენიმე თავი ვერ წავიკითხე მოუცლელობის გამო მაგრამ ეხლა ავინაზღაურე და საოცრად მომეწონა ემოციების ზღვა იყო ყველაფერი ერთად ალისა მომწონს ძალიან საოცარი ქალბატონია, აუ როგორ მინდა თავადს და მის სამ ჩოჩორს თავი წავაცალო ნერვები შემიჭამეს მაგ გველაძუებმა, ახალ თავს ველი ტკბილო იმედია მალე იქნება ახალი და ემოციური თავი.????????????????

ვაიმე როგორ მახარებ შენი გამოჩენებით ❤❤❤ შემდეგი თავი უკვე დევს, შეგიძლია დატკბე ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent