შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების გზები (1-2 თავი)


25-09-2019, 01:30
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 3 370

დილის ძილს არაფერი ჯობია, მითუმეტეს მაშინ, როცა მთელი ღამე საყვარელი სერიალის ყურებაში გაატარე. იტყვი, ერთ სერიას ვუყურებ და მაშინვე დავიძინებო და შემთხვევით, მთელი სეზონი შემოგეყურინება. რა უსამართლობაა, რომ ამ დროს დროის შეგრძნებას კარგავ, თან იმ დროს, როცა წესით ღრმა ძილში უნდა მიცურავდე შენი პატარა ნავით.

   ელენემ ძლივს გადმოლახა ძილის ზღვა, ქუთუთოები მძიმედ ასწია და საათს შეხედა, გაიღიმა და რბილ ბალიშში ჩარგო თავი. რა კარგია დილის ძილი, მითუმეტეს მაშინ, როცა წვიმს. მოულოდნელად მისმა ტვინმა ,, memory " ები ამოყარა და ჩამოტვირთა, თვალები იძულებით გაახელინა და საწოლიდან ყვირილით წამოაგდო.

  - დედა, დედა ადექი თორემ დაგვაგვიანდა. ჩქარა, ჩქარა, - გაჰყვირის და აქეთ - იქით დარბის, ჩასაცმელ ტანისსამოსს ვერ პოულობს.

   ხალათის ამარა ანა  ნამძინარევი სახით და მთქნარებით გამოდის.

   - რა გაყვირებს გოგო, ტიმოთის გააღვიძებ. ფრენა რომელზეა?

   - 10 საათზე, მაგრამ ერთი საათით ადრე უნდა მივიდეთ, რეგისტრაცია რომ მოვასწრო, - ახალი ადუღებული ყავის სურნელი მთელს ოთახში დატრიალდა, ენერგიით აავსო იქაურობა და ახალგაღვიძებული ქალების გულები.

  - ნუ ღელავ მოვასწრებთ, წინ სამი საათი გვაქვს, ერთ საათში გავიდეთ სახლიდან, - ამბობს ანა და მთქნარებით ისევ ოთახში ბრუნდება.

  - მაინც მენერვიულება დედი. ყავას არ დალევ? გაცივდება. - ხოო მოვალო გამოსძახა ოთახიდან და ატირებულ ტიმოთის ასაყვანად დაიხარა მის საწოლთან.

  ტიმოთი, ელენეს პატარა ძამიკოა. ანა მასზე იყო ფეხმძიმედ ქმარი რომ დაეღუპა. დავითის დაღუპვის ამბავი რომ შეატყობინეს, ანას საავადმყოფოში დაწვენა მოუწიათ. ექიმებს იმედი აღარ ჰქონდათ, რომ ბავშვი გადარჩებოდა. ელენე ხედავდა როგორ იტანჯებოდა დედამისი საყვარელი მამაკაცის დაკარგვის გამო, მაგრამ ვერაფრით ეხმარებოდა. საოცარია, მაგრამ რატომღაც ელენემ მამის გარდაცვალება ძალიან ადვილად გადაიტანა. იცინოდა, მხიარულობდა, მუსიკასაც უსმენდა და არც შავები უტარებია, როგორც ეს ქართველ ქალს სჩვევია, რადგან მიაჩნდა, რომ მამამისი უკეთეს ადგილზე იყო ვიდრე ეს ქვეყანაა. მაგრამ დედამისი დაიკარგა დღევანდელ სამყაროში, თითქოს რკინის მარყუჟი მოაბეს ყელზე და სიბნელისკენ ექაჩებიანო, ჩაიკეტა თავის თავში და აღარც გამოსულა. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ ანას მშობიარობის შემდგომი დეპრესია დაეწყო, რადგან ბიჭს მამის იერი ჰქონდა გამოყოლილი, მისთვის ერთხელაც არ შეუხია ხელი და არც ძუძუ უწოვებია მისთვის.

  ერთი წლის ისე გახდა ტიმი, რომ ანას ზედ არც კი შეუხედავს, ბავშვი კი დედას ელენეს ეძახდა და არა მას. ერთხელ უყვირა კიდეც ამის გამო. - ,, გაიაზრე, რომ მამა დაიღუპა და ჩვენთან აღარ მოვა, შენ მშვენიერი არსება დაგრჩა მისგან და მას სჭირდებიო“ - გაებუტა და ერთი კვირა აღარ ელაპარაკებოდა.

ერთ დილას, გაღვიძებულ გოგონას ძმა საწოლში არ დახვდა. გაგიჟებული წამოხტა საწოლიდან და ოთახიდან გავარდა, სახლის კარს არასდროს კეტავდნენ და იფიქრა, რომ ბავშვი მოიტაცეს. ყვირილით შევარდა დედამისის ოთახში, ,, მიშველე ბავშვი მოიტაცესო “, და რას ხედავს, ანას კალთაში უზის პატარა ტიმი და ფაფას აჭმევს. გამოხედა და ღიმილით უთხრა ნუ გეშინიაო. არავინ იცის მის ტვინში რა ტერორისტული გადატრიალება მოხდა, მაგრამ ერთი კი ნათელი იყო, ამ გადატრიალებამ ჭკუაზე მოიყვანა.


2

   ტეგელის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი საღამოს რვა საათზე დაფრინდა. გასასვლელში მაღალი, გამხდარი, ქერა თმიანი და ფირუზის თვალება ბიჭი იდგა ბანერით ხელში, რომელზეც გოგონას სახელი და გვარი ეწერა ,, Elene Metreveli ". მასთან მივიდა და ხელი ჩამოართვა.

   - Guten Abend, Frau Elene. Willkommen in Berlin. Ich bin Edward Bergman, dein Führer und Helfer, -  მისმა ხავერდოვანმა ხმამ და ძლიერმა ხელის ჩამორთმევამ ელენეს ტანში ჟრუანტელი დაუარა.

   - Hallo, Vielen Dank, - გერმანული კარგად არ იცოდა, მაგრამ მიხვდა, რომ ამ ფირუზისფერ თვალებას გიდობა უნდა გაეწია მისთვის. გარეთ მერსედესის მარკის შავი ჯიპი ელოდათ.

   - სასტუმრო ,, the mandala " აეროპორტიდან ოცი წუთის სავალზეა ფრაუ ელენე, მანამდე ხომ არ ინებებდით სადმე გავჩერდეთ წასახემსებლად?

   - უკაცრავად რომელ სასტუმროში მიგყავართ?! მე მითხრეს, რომ სასტუმრო ,, Sum weißen roß " - ში უნდა მეცხოვრა. მემგონი რაღაც შეცდომაა.

   - დიახ, დიახ ვიცი ქალბატონო. თქვენ გესაუბრნენ და გითხრეს, რომ ,, Sum weißen roß " - ში წაგიყვანდით, მაგრამ ოპერატორმა ვერ გაითვალისწინა, რომ თქვენ გვიან ჩამოხვიდოდით. სასტუმრომდე მისასვლელად 4 საათი და 30 წუთი დაგვჭირდება. ამიტომ, ვფიქრობ, თქვენთვისაც აჯობებს თუ ღამეს მანდალაში გავათევთ. ორივე სასტუმროს ხარჯებს სახელმწიფო აანაზღაურებს, თქვენ არაფერზე ინაღვლოთ.

   მანქანის საზურგეს მიეყრდნო და გაინაბა. ლამაზად თოვდა და ქუჩებს ათეთრებდა. ფიქრებში ჩაიძირა. ფიქრობდა დედაზე, ძმაზე, უკვე ენატრებოდა ოჯახი, მეგობრები, სახლი, რომელიც დიდი ხნით არასდროს დაუტოვებია და მამა, რომლის გარეშეც სამოგზაუროდ არასოდეს წასულა. ენატრებოდა თბილისის ქუჩები, რომლებსაც თითქმის ყოველ დღე გარს უვლიდა თავის მეგობრებთან ერთად. ძაღლი სახელად ბინგო, რომელი მის ყოფილს ჰყავდა და რატომღაც ახლა უკვე მისი ყოფილიც ენატრებოდა, რომელიც წელიწადზე მეტი იყო გასული რაც არ ენახა. ყველაფერი ენატრებოდა ქართული და ახლა, როცა გერმანიაში იყო ოჯახისა და მეგობრების გარეშე, ნოსტალგია მოაწვა და ღაწვები მარილიანმა, ცხელმა ცრემლებმა დაუსველა. ბედნიერი იყო და თან უბედური, რადგან ერთი მხრივ ბავშვობის ოცნება აისრულა, მეორე მხრივ კი ოჯახსა და საყვარელ ხალხს მოწყდა. ცრემლები მოიწმინდა და გაიღიმა, არაფერი იყო სადარდებელი, კონტრაქტის ვადა მალე გაივლიდა და ისევ შინ, ანასთან და პატარა ტიმისთან დაბრუნდებოდა.

   ცრემლები კიდევ ერთხელ მოიწმინდა, დაორთქლილი შუშა გადაწმინდა და თოვლიან ბერლინს მოავლო თვალი. მაღაზიის თითოეული ვიტრაჟიდან ფერადად მოციმციმე, დიდი ნაძვის ხეები და ღიმილიანი სანტა მოჩანდა. ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი მის სიზმარში ხდებოდა, ალბათ სიზმრების ზღვამ რომელიღაც კუნძულზე მიიყვანა. თეთრად გადაპენტილ ქუჩებს მიუყვებოდა მანქანა და თოვლიან ასფალტზე ბორბლების ნაკვალევს ტოვებდა, ელენეს წარმოსახვაში კი მანქანის ნაცვლად ბორანი იყო, რომელიც მძიმედ მიიკვლევდა ტალღებს ბნელ წყალში.

   ფიქრებში იყო ჩაფლული, როცა მისი ბორანი რიფზე შედგა და ფიქრებიდან გამოარკვია. მის თვალწინ წითელი აგურით ნაშენი თერთმეტ სართულიანი შენობა აღიმართა. „ ეს არის სასტუმრო რომელიც ორი წლის წინ იწვოდა“ - მაშინვე გაუელვა თავში და გონებაში ამოუტივტივდა კადრები, რომლებიც საინფორმაციო მაუწყებლობამ გადმოსცა საქართველოში. მანქანის კარი ედუარდმა გაუღო და ჯელტმენურად ხელიც კი გაუწოდა გადმოსვლაში რომ დახმარებოდა, ედუარდის თხელმა და ფითქინა ხელის შეხებამ ისევ სასიამოვნო ჟრუანტელი გამოიწვია ელენეს სხეულში. ისევ ჩაიძირა მის ფირუზისფერ, უკიდეგანო ზღვასავით თვალებში, ცურვა არაჩვეულებრივად შეეძლო, მაგრამ სამწუხაროდ ამ ზღვაში ნაპირის პოვნა გაუჭირდა. რეალობას ისევ ედუარდის ხმით დაუბრუნდა, რომელიც ნაზი ღიმილით სასტუმროს შესასვლელისკენ უთითებდა.

   სასტუმროში შეაბიჯა თუ არა მაშინვე გაშეშდა, სხეულს ვერ იმორჩილებდა, ყბა ოდნავ ჩამოშვებოდა და გაოცებული თვალებით უყურებდა ჰოლს. შესასვლელში მდგარმა უზარმაზარმა ნაძვისხემ, რომლის თითქმის ჭერამდე აწვდილი ვარსკვლავიც ციტრინისფრად ანათებდა, თვალი მოსჭრა და მაგნიტივით თავისკენ მიიზიდა. ბავშვობიდან უყვარდა ელენეს ახალი წელი და მასთან დაკავშირებული ყოველი წვრილმანი. ( სახლში ნაძვისხეს ყოველთვის თვითონ აწყობდა, წელს კი დაკარგა ეს შესაძლებლობა). ჰოლი კი არა ზღაპარიაო გაიფიქრა და ტრიალს მოყვა. მესამე წრეზე ედუარდის გაოცებულ სახეს მოკრა თვალი და ძლივს, ბარბაცით გაჩერდა, ბიჭს შეხედა და პატარა ბავშვივით დაიმორცხვა.

   - თქვენს ჩანთანს ნიკოლასი ამოიტანს ქალბატონო, ახლა ის თქვენი მძღოლია. ჩვენ შეგვიძლია ზევით ავიდეთ, - გოგონას სიმორცხვემ ბიჭი გაამხიარულა. მოსწონდა ბიჭს გოგო, შეუძლებელი იყო არ მოსწონებოდა, რადგან ელენე გერმანელი ქალებისგან ძალიან განხვავდებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ და ელენეც არ იყო გულგრილი ბიჭის მიმართ, პირიქით ის ჩაიძირა ედუარდის მიერ წარმოქმნილ მორევში, რომელსაც ბოლო არ ჰქონდა. ბიჭი ლიფტისკენ გაუძღვა, - ვეტყვი რომ გვიანი ვახშამი მოგართვან, - კარი შეაღო და შიგნით შეუძღვა, - დარწმუნებული ვარ გეშიებათ... ხოო და კიდევ, ხვალ სადილობის შემდეგ ქალაქს დაგათვარიელებინებთ ნიკოლასი, ასე რომ დაისვენეთ, - ედუარდის გასვლისთანავე, ჩვეულებისამებრ ჩანთა და ქურთუკი ძირს დაყარა. მერე რაა, რომ უკვე ჩამოყალიბებულ ქალად ითვლებოდა და ეს მას არ ეკადრებოდა, ვისი რა საქმეა. თბილისში დედა ყოველთვის ამაზე ეჩხუბებოდა, მაგრამ ახლა არც ანა უყურებდა და მითუმეტეს, არც სხვა ვინმე.
ოთახს თვალი მოავლო თუ არა მაშინვე ვიტრაჟს ეცა და სქელი, წითელი ხავერდის ფარდები გადასწია. ,, ღმერთო რა მშვენიერი ხედია, თითქმის ყველაფერი ხელის გულზე ჩანს “. - ფიქრობდა, გიჟივით იცინოდა და ბავშვივით ხტუნავდა ბედნიერებისგან. თეთრი, სქელი ფიფქები ისე ეხეთქებოდნენ ფანჯარას, თითქოს შიგნით შეღწევა და ელენეს თოვლივით თეთრ  კანზე შეხება სურდათ, თითქოს თავისიანი ნახეს და მასთან შერწყმას ლამობდნენ. თეთრ საწოლზე მოწყვეტით დაეცა, რბილმა და კომფორტულმა საწოლმა დაღლილობა გაახსენა და ძილი მოანდომა, მალევე ბავშვივით ჩაეძინა.


-------------------—-----——————-------

ეს საცდელია, თუ მოგეწონებათ გავაგრძელებ



№1  offline წევრი Rania

Sainterrsoaa da kargad cer
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline მოდერი sabah alkhyr

Rania
Sainterrsoaa da kargad cer

მადლობა დიდი

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

მომწონს ძალიან,საინტერესო ისტორიაა,გელოდები.

 


№4  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი nancho
მომწონს ძალიან,საინტერესო ისტორიაა,გელოდები.

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent