შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომა. თავი 2. წარსული


26-09-2019, 00:00
ავტორი Whisper
ნანახია 9 791

7 წლის ვიყავი...
-მარია, შეგიძლია ის წიგნები მომაწოდო?-დედამ გამიღიმა და სათუთი, მკრთალი და ოდნავ დანაოჭებული ხელით იატაკზე დადებული წიგნებისკენ მიმითითა.
უყოყმანოდ შევასრულე დედის თხოვნა. ღიმილიანი სახით ვეხმარებოდი წიგნების დალაგებაში.
ჩვენი სახლის პატარა ბიბლიოთეკა სიმყუდროვის შეგრძნებას მიტოვებდა. ძველი წიგნების მოყვითალო ფურცლების მოტკბო სურნელი თავბრუს მხვევდა. ზუსტად ამ სურნელის გამო შემიყვარდა წიგნები. სხვა სამყაროში მამოგზაურებდა. სხვაგან მივყავდი მუდამ ფიქრებით. ულამაზესი სანახავი იყო ლამაზად ჩამწკრივებული წიგნებით სავსე ჭერამდე აწვდენილი თაროები. იმ ოთახში ორი სავარძელი და პატარა მაგიდა გვედგა. დედა სულ იქ იყო და მუდამ კითხულობდა. ყოველთვის მხიბლავდა მისი დახვეწილობა. მოხდენილად იჯდა სავარძელში, ფეხები მუდამ ერთმანეთზე ჰქონდა მიწყობილი. მუდამ მხრებში გამართული, ჩაფიქრებული გრაციოზული...როცა კითხულობდა, ამ სამყაროს წყდებოდა და წიგნის გმირებთან ერთად მოგზაურობდა. იმდენად აღმაფრთოვანებდა მისი არაამქვეყნიური მშვენიერება კითხვისას, ხმას ვერასდროს ვიღებდი. არ ვაწუხებდი. ჩემთვის ვიჯექი მეორე სავარძელში და უბრალოდ ვტკბებოდი. იმდენად მიზიდავდა ეს სურათი, მუდამ წარმოვიდგენდი ჩემს თავს მის ამპლუაში. მინდოდა მას დავმსგავსებოდი. მეც ავიღე წიგნი და მასსავით გრაციოზულად ვცადე სავარძელში მოკალათება. დედასავით ავიწიე თმა, მხრებში გავიმართე, ფეხები ლედის შესაფერისად მივაწყე ერთმანეთზე და წიგნის კითხვა დავიწყე. ჯერ პატარა ვიყავი, ამიტომ კითხვა მიჭირდა, თან ბევრი რაღაც არ მესმოდა. ყოველ გაუგებარ სიტყვაზე მინდოდა დედასთვის მიმემართა, თუმცა როცა მას გავხედავდი, ხმას ვეღარ ვიღებდი. არ მინდოდა იმ სამყაროდან გამომერკვია, რომელშიც კითხვისას ცხოვრობდა.
მამას მოსვლამდე მუდამ ასწრებდა საკმარისი დოზით სიამოვნების მიღებას თავის მშვენიერ სამყაროში მოგზაურობით და შემდეგ სადილის მზადებას უდგებოდა. ყოველთვის ვცდილობდი დავხმარებოდი. დედასთან ყოველთვის სასიამოვნოდ ვატარებდი დროს.
მამას მოსვლა ძალიან მიხაროდა. პატარა როცა ვიყავი, მუდამ მოჰქონდა ჩემთვის შოკოლადი და ჩუმად მაძლევდა, რომ დედას არ გაეგო. ყოველთვის მიკრძალავდა ბევრ ტკბილეულს, თუმცა სიგიჟემდე მიყვარდა. ეს ჩემი და მამას პატარა საიდუმლო იყო.
მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემთან დროის გატარება მუდამ სასიამოვნო იყო ჩემთვის, მაინც ზედმეტად მკაცრად მზრდიდა. ეზოში თითქმის არასდროს მიშვებდა, თუ ჩემი ბიძაშვილი თან არ მახლდა. ჩემზე ხუთი წლით იყო უფროსი და მუდამ თავის უფროს მეგობრებს ნახულობდა. სტადიონზე კალათბურთს ან ფეხბურთს თამაშობდნენ, მე კი ჩემთვის ვიჯექი და ვუყურებდი. ხანდახან ვიწყენდი, რადგან გასართობს ვერ ვპოულობდი ჩემთვის, თუმცა...ხალხში ყოფნა ძალიან მიყვარდა. სკოლაშიც...მუდამ მინდოდა რომ რაც შეიძლება მეტ ბავშვთან მემეგობრა. უბრალოდ ურთიერთობა მიყვარდა. მსიამოვნებდა, როცა ვიღაცასთან ერთად ვიცინოდი და ვმხიარულობდი. დედა თითქმის არასდროს იცინოდა, უფრო სწორედ კი, მუდამ თავშეკავებული იყო. ხმამაღალი სიცილი მისთვის უხეშ ტონად ითვლებოდა საზოგადოებაში და მეც მასწავლიდა, რომ ზედმეტი გახსნილობა და თავშეუკავებლობა არასწორია. ვცდილობდი სახლში ხმამაღლა არასდროს გამეცინა, მაგრამ ხანდახან მაინც ვუშვებდი "შეცდომას" და შესაბამის შენიშვნასაც ვიღებდი.
ერთხელაც, ასეთი შენიშვნის მერე, პირველად გავიგე ჩემი მშობლების კამათი.
-ბავშვია, აცადე გაიხაროს.-მამაჩემმა თითქოს დამწუხრებით, მაგრამ მკაცრად მიმართა დედაჩემს.
-ბავშვობიდანვე უნდა ისწავლოს ადამიანმა ეტიკეტი.
-ზედმეტად მკაცრად ექცევი. მთელი დღე არ ვარ სახლში, ისედაც დაძაბული სამსახური მაქვს და როცა სახლში მოვდივარ, მინდა რომ ჩემი შვილი ჩემკენ მხიარული ყვირილით და სიცილით გამოიქცეს და ჩამეხუტოს, მაგრამ ამის ნაცვლად მხოლოდ მოზომილ ღიმილს ვხედავ. თვალები უბრწყინავს ხოლმე სიხარულისგან, მაგრამ გამოხატვის ეშინია. ხვდები რომ ბავშვობიდანვე უკლავ მხიარულებას?
-დაძაბული დღის შემდეგ მშვიდი და გაწონასწორებული ოჯახი გხვდება, რომელიც დასვენების საშუალებას გაძლევს. ემოციების გადაჭარბებული გამოხატვა ისევ მას ავნებს. არავის უყვარს ცანცარა გოგოები.
-მაინც არ გესმის...ვერ ვხვდები, ბავშვობაში შენც ასეთი იყავი?
-რა თქმა უნდა.
-ძალიან ვწუხვარ.
-წუხხარ?-დედაჩემის ხმაში სიბრაზე ვიგრძენი.
-მთელი გულით. დარწმუნებული ხარ, რომ ბედნიერი ბავშვობა გქონდა?
-ყოველთვის ბედნიერი ვიყავი. ჩემთვის ეს არის ბედნიერება.-დედაჩემს ხმაში წყენა დაეტყო.
მამაჩემმა უიმედოდ გაიქნია თავი, შემდეგ კარებში მე მომკრა თვალი და თბილად გამიღიმა.
-დაღლილი ვარ, დავწვეთ.-დედაჩემს ნაზად დაადო მხარზე ხელი.-ძილინებისა, ჩემო პატარა.-ისევ გამიღიმა სიყვარულით, დედამაც გამომხედა.
-ძილინებისა.-ორივეს გავუღიმე და ჩემი ოთახის კარი მივხურე.
სიმართლე რომ ვთქვა, მამას ვეთანხმებოდი. ხანდახან ძალიან მინდოდა მხიარულება, ხმამაღლა სიცილი, ბავშვების ამოყვანა. მუდამ მწყდებოდა გული, როცა ჩემი კლასელები ერთმანეთთან მიდიოდნენ. თავიდან მეც მპატიჟებდნენ, მაგრამ დედაჩემი არასდროს მიშვებდა. შემდეგ უკვე აღარც მთავაზობდნენ. თუმცა მუდამ თბილი დამოკიდებულება მქონდა ბავშვებისადმი. არც ისინი მაკლებდნენ ყურადღებას, თუმცა გულს აღარ მტკენდნენ შემოთავაზებებით. დედაჩემზე ნაწყენი არასდროს ვყოფილვარ. მჯეროდა, რომ უკეთ იცის, როგორ უნდა აღმზარდოს და ამიტომ პრეტენზიასაც არასდროს გამოვთქვამდი. ხანდახან, როცა დედა გასული იყო, მამა კი სახლში რჩებოდა, თავისუფლებას მჩუქნიდა. ძალიან ბევრს ვიცინოდით. ბავშვობიდანვე ვიცოდი პიანინოზე დაკვრა. დედას უზომოდ უყვარდა კლასიკური მუსიკა და მეც შემაყვარა. მოსმენა, დაკვრა, შეგრძნება. ყოველთვის ვგრძნობდი ჩემი ემოციების თავისუფლებას დაკვრისას. მუდამ ვცხოვრობდი ჩემს სამყაროში კითხვისას. და ძალიან ხშირად ვწერდი...მამამ დედასგან მალულად ჯაზის და ბლუზის დაკვრაც მასწავლა. დედას არ უყვარდა ამ სტილის მუსიკა, თუმცა მე სიამოვნებას, თავისუფლებას და ღელვას ვგრძნობდი. ცეკვა მინდოდა. მუსიკას აყოლა და გულით ცეკვა. როცა დედაჩემი არ იყო, მამა ლიბერტანგოს მასმენინებდა. იმას მჩუქნიდა, რაც დედაჩემისგან აკრძალული მქონდა, მხიარულებას, გართობას, ღელვას, ოცნებას, გრძნობებს. მიფერადებდა ბავშვურ წარმოსახვას. ხშირად გავყავდი გარეთ, თვითონ მოშორებით გადიოდა, რომ არ შეეშალა ჩემი მხიარულებისთვის ხელი. ბავშვებს ვნახულობდი და მათთან ერთად ვერთობოდი.
9 წლის ვიყავი, როცა ანა გავიცანი. ადამიანი, რომელიც იმ დღიდან ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
-გამარჯობა.-საყვარლად გამიღიმა პატარა გოგომ და ხელი წამომიწოდა.-მე ანა მქვია.-თავისუფალ მხიარულებას ვგრძნობდი მის ხმაში.
საპასუხოდ გავუღიმე და მეც გავუწოდე ხელი.
-მარია.-მის ბედნიერებისგან განათებულ სახეს ვუყურებდი და აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი.
უცნაურია. იმდენად კეთილი სახე ჰქონდა, წამითაც არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ ნამდვილი მეგობარი ვიპოვე. არც ვიცი როგორ ავხსნა ეს გრძნობა. ადამიანს უყურებ და პირველივე გაღიმებიდან გრძნობ მის აურას. გრძნობ როგორი ადამიანია. პირველივე ღიმილიდან ხვდები, რომ მასთან ძალიან კომფორტულად იგრძნობ თავს და არასდროს შეგრცხვება ყველაზე საშინელი საიდუმლოების მოყოლაც კი. უბრალოდ ჩნდება ეს გრძნობა და ხვდები, რომ ის იპოვე, ვინც გინდა ცხოვრების ბოლომდე შენს გვერდით გყავდეს. საუკეთესო მეგობარი, სულისერთა, ნანატრი და...
14 წლის ვიყავი...
-იცი რომ ნოეს მოწონხარ?-ჩუმად ჩამჩურჩულა ანამ.
-რა?-მაშინვე დავიმორცხვე.
-ჰო, დღეს მოვკარი ყური, როგორ ელაპარაკებოდა თავის მეგობრებს.
-მერე? რა თქვა ჩემზე?-უკვე დაინტრიგებული ველოდებოდი ანას პასუხს.
-რა და, ძალიან საყვარელიაო, მერე თავი ჩახარა და დაიმორცხვა.-ანას ჩაეცინა.
-მეგონა ვერ მიტანდა, სულ მაწვალებს ხოლმე.-შევიშმუშნე.
-ალბათ ეგრე გამოხატავს მოწონებას.-ანამ ისე ნათლად გამიღიმა, სიცილი ვერ შევიკავე.
-ისე, საყვარელია.-ოდნავ სახეახურებულმა თბილას ჩავიღიმე.
-არასდროს მოგწონებია ბიჭი?
-ჰო იცი, რომ არა. მაშინ გეტყოდი.
-ნოე მართლა საყვარელია, შეიძლება ერთმანეთი უზომოდ შეგიყვარდეთ, მერე ცოლად გაყვები...მერე ოჯახს შექმნით...-ანამ მომავალი დამიგეგმა.
-წინ ნუ გაურბიხარ მოვლენებს.-ჩამეცინა.-ჯერ ძალიან პატარები ვართ.
-მე ადრე ვაპირებ გათხოვებას. მინდა რაც შეიძლება მალე ვიპოვო საყვარელი ადამიანი და მერე მოსიყვარულე დედა გავხდე.-ფეხები საყვარლად აათამაშა.
-ჯერ ისწავლე, მერე ყველაფერი თავისით მოვა.
-ასე მგონია, ჩემზე 10 წლით უფროსს ველაპარაკები.-ჩაეცინა.
-უბრალოდ, წიგნებმა მასწავლეს.-გავუღიმე.
16 წლის ვიყავი, როცა პირველად შემიყვარდა...
როცა სექტემბრის დასაწყისში უკვე მეთერთმეტე კლასელმა შევაღე ჩემი საკლასო ოთახის კარი და მერხს მიყრდნობილი, გამაღლებული და საოცრად მიმზიდველი ბიჭი დავინახე, მაშინვე მოვიხიბლე. ნოე იყო.
ის ბიჭი შემიყვარდა, რომელიც ადრე სულ მაწვალებდა, მაგრამ გავიგე რომ მოვწონდი. თავიდან ვფიქრობდი, ალბათ წარსულის გამოძახილია. ვიცოდი, რომ ადრე საყვარლად ვეჩვენებოდი და სულ მაწვალებდა რომ ჩემი ყურადღება მიეპყრო. მერე წამოვიზარდეთ. ერთ კლასში ვიყავით, ამიტომ ძალიან ხშირად ვნახულობდი. წვალება და გრძნობების ბავშვური გამოხატვა გაქრა. ზუსტად იმ მომენტში, როცა ნოე საბოლოოდ ჩამომშორდა და აღარ "მიშლიდა ნერვებს", გავიაზრე რომ დამაკლდა. მისი მხიარულება, უაზრო ხუმრობები დამაკლდა. როცა საკლასო ოთახში ვისხედით, ხშირად ვაპარებდი მისკენ მზერას. პატარა და საყვარელი ნოე, რომელიც მუდამ ბავშვურად იქცეოდა და ყველას "გვაბეზრებდა თავს", ახლა ზედმეტად მომხიბვლელად გამოიყურებოდა.
უაზროდ მეღიმებოდა ნოეს სახის გახსენებისას. მიუხედავად იმისა, რომ აღარ "მაწვალებდა", მაინც თბილი ურთიერთობა გვქონდა. ჩვენ ვმეგობრობდით და სწორედ ამიტომ, ვცდილობდი თავი გამეკონტროლებინა და გრძნობები მომეთოკა. არ მინდოდა მიმხვდარიყო, რომ მიყვარს...
როდის, როგორ...არ ვიცი. სკოლის მერე ხშირად მოვდიოდით ერთად. ჩემს ეზოში ცხოვრობდა. პატარა, ცანცარა ბიჭი ახლა როგორც ზრდასრული, ისე იქცეოდა. მუდამ ყურადღებიანი და თბილი.
ყველაფერი მოწონებით დაიწყო. კლასში შემოსულს მისმა გარეგნობამ თვალი მომჭრა და ამაფორიაქა. არასდროს მეგონა, რომ ბიჭი, რომელიც ჩემზე მუდამ ერთი თავით დაბალი იყო, ასე გამასწრებდა სიმაღლეში. მკერდამდე ძლივს ვწვდებოდი. ბავშვობაში, როცა მამწარებდა, ზევიდან ვუყურებდი და სიმაღლეზე ვეხუმრებოდი, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა. მის ტუჩებს მუდამ მომხიბვლელი ღიმილი დასთამაშებდა. მომხიბვლელი და თბილი...თბილი და ჯადოსნული...ჯადოსნური და ამოუცნობი...უბრალოდ ბედნიერი.
სკოლიდან როცა ვბრუნდებოდით, ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით, უმეტესწილად ვხუმრობდით და ვიცინოდით. თუმცა, მე მუდამ თავს ვიკავებდი ხმამაღალი ემოციებისგან. ალბათ დედის მკაცრი აღზრდის კვალია. იმდენად გათავისებული მქონდა თავშეკავებულობა, რომ არასდროს ვიცინოდი ხმამაღლა. ზედმეტი ჟესტიკულაციაც უადგილოდ მეჩვენებოდა და ხანდახან, როცა ნოეს და ანას თავისუფალ ქცევებს ვუყურებდი, მწყინდა...შესანიშნავები იყვნენ, მე კი თითქოს რაღაც მაკლდა. თითქმის იდეალურად ვიყავი აღზრდილი. იმ კატეგორიას მივეკუთვნებოდი, რომელიც უფროს საზოგადოებაში მარტივად იმკვიდრებდა თავს, რადგან ბავშვობიდანვე ზრდასრულობას ვსწავლობდი.
ნოემბრის ცივი საღამო იყო...
როიალთან ვიჯექი და დედაჩემის საყვარელ ნაწარმოებს ვუკრავდი...ბახის პრელუდია...
როცა დავასრულე, დედამ თავაზიანად დახარა თავი.
-მადლობა.-თბილად გამიღიმა და თავის ოთახში შევიდა დასაძინებლად. მამამ თბილად გადამისვა თავზე ხელი.
-აივნიდან გადაიხედე.-გამიღიმა და ისიც დასაძინებლად გაემართა.
გაკვირვებული წამოვდექი და ცნობისმოყვარეობით სავსემ ჩუმად გამოვაღე აივნის კარები. ნოე აქეთ-იქით დადიოდა, თავს ხან ქვევით ხრიდა და ასფალტს აშტერდებოდა, ხან კიდევ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას აწვდენდა თავისი ღია ნაცრისფერი თვალების გამაგიჟებელ მზერას. როგორც ჩანს რაღაცაზე ფიქრობდა. თავისთვის ეღიმებოდა. უხერხულად ჩავახველე და ნოე თავისი სამყაროდან გამოვაძვრინე.
-მარია...-გაკვირვებულმა ამომხედა.-შემაშინე.-ჩაიცინა.
-აქ რას აკეთებ?-გაკვირვებულმა თბილად გავუღიმე.
-უბრალოდ გამოვიარე, მერე კი დაკვრის ხმა შემომესმა და გავშეშდი. მშვენიერი იყო.
მორცხვად ჩამეღიმა.
-მიხარია, რომ გესიამოვნა მოსმენა.
-მარტო მესიამოვნა?-ჩაეცინა.-იმდენად შემიძვრა სულში შენი დაკრული, მინდოდა არასდროს შეგეწყვიტა. მზად ვარ ყოველ საღამოს ვიდგე აქ და მოგისმინო.-გამიღიმა.
-სიამოვნებით დაგპატიჟებდი ჩემთან სახლში და დაგიკრავდი, მაგრამ...-თავი ჩავხარე.
-დედას არ გინდა დისკომფორტი შეუქმნა.-სევდიანად ჩაეღიმა.
-მაპატიე...-მთელი გულით მსურდა ახლა ჩემთან ამოსულიყო და მხოლოდ მისთვის დამეკრა.
-ნუ მებოდიშები, მესმის.-სევდანარევი ღიმილი თბილმა გამოხედვამ გადაფარა.-არ გინდა გავისეირნოთ?-მისმა შეკითხვამ მთელს სხეულში ერთიანად დამიარა და შემაკრთო.
-მინდა, მაგრამ...უკვე გვიანია.
-ჯერ თერთმეტია...-დამწუხრებულმა ამომხედა ქვევიდან.
-ვიცი, მაგრამ დედა არ გამომიშვებს, თან უკვე დაწვნენ.
-მაშინ...ჩემს აივანს მოუახლოვდა.
ახლა ფაქტობრივად ჩემს პირისპირ იდგა. პირველ სართულზე ვცხოვრობდი, თან საკმაოდ დაბალი კორპუსი იყო.
-გადმოძვერი.-ხელი გამომიწოდა და გამიცინა.
-გაგიჟდი?-გაოცებისგან ოდნავ ხმამაღლა წამოვიძახე.
-თვითონვე იფაქტავ თავს.-ჩაეღიმა.-არასდროს გისეირნია გვიან გარეთ?
-მხოლოდ მასწავლებლების მერე...
-მაგათ მაქსიმუმ ექვს საათზე ამთავრებ ხოლმე.-ჩაეცინა.-ნუ ხარ მშიშარა, არაფრის დაშავებას ვაპირებ, უბრალოდ გავისეირნოთ.
მუდამ თავშეკავებული, თავაზიანი, მშვიდი და გაწონასწორებული ვიყავი. არასდროს ვარღვევდი წესებს, რომლებსაც დედაჩემი განსაზღვრავდა. მუდამ "კარგი გოგოს" სტატუსი მქონდა და სახლიდან ასე ჩუმად გაპარვა ჩემთვის უდიდეს სიგიჟედ ითვლებოდა.
-არ შემიძლია...-შევკრთი და უკან გადავდგი ნაბიჯი.
-ამით არაფერი დაშავდება, მაგრამ რადგან ასეა, არ მინდა პრობლემები შეგიქმნა. უბრალოდ მინდოდა ერთხელ მაინც მენახე თავისუფალი...-სევდიანად გამიღიმა.
-მაპატიე...-თავი ჩავხარე.-სკოლაში გნახავ.-მორცხვად ჩავიღიმე და სახლში შევედი.
აივნის კარებთან გაშეშებული ვიდექი. გული იმდენად ჩქარა მიცემდა, ვერ ვწყნარდებოდი. ვგრძნობდი როგორ დაძვრებოდა სიმხურვალე ჩემს სახეზე. უზომოდ მინდოდა ნოესთან ერთად გასეირნება. გარეთ გასვლის სურვილი იმატებდა და ჩემს სისხლძარღვებში სიმხურვალეს ვგრძნობდი. აივნის კარი ისევ ღია იყო. ნოემბრის ცივი ღამე ზურგზე მეთამაშებოდა, მე კი ვხურდი. ღრმად ვსუნთქავდი. მინდოდა ყველა გრძნობა და ცდუნება ერთიანად ამომეყოლებიდან ამოსუნთქვისთვის. ისე ღრმად ვისუნთქავდი ნოემბრის სიცივეს, უკვე ფილტვები მეწვოდა. ერთი ნაბიჯი გადავდგი წინ, მერე კი, უეცრად შემოვბრუნდი. ნოე ისევ იქ იდგა...ისევ მიყურებდა...
ქურთუკს დავავლე ხელი და აივანზე გავედი.
-არავისთან გამცე.-ჩავიცინე და გამბედაობა მოვიკრიბე.
-ჩვენი პატარა საიდუმლო იქნება.-ნოეს გაეღიმა და ხელი გამომიწოდა.-ჩამოძრომაში დაგეხმარები.
აივნის კარები ჩუმად მოვხურე და ნოეს გაწვდილ ხელს ჩავეჭიდე. ფრთხილად ავძვერი მოაჯირზე. ნოემ მეორე ხელი წელზე ნაზად მომხვია. სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა სხეულში. აივნიდან გადმომაძვრინა და ცოტა ხანი ჰაერში ვეჭირე. კისერზე მოვეხვიე...რისი მეშინოდა...ნოემ ნაზად ჩამომწია. ფეხის წვერებით შევიგრძენი მყარი ასფალტი, მერე კი მთლიანი ტერფი დავდგი, მაგრამ წავბორძიკდი. ნოემ მაშინვე შემაშველა ხელი და წაქცევისგან გადამარჩინა. ერთიანად ვკანკალებდი.
-ნუ გეშინია, აქ ვარ.-მითხრა ჩუმად და ხელისგაუშვებლად გავეცალეთ ჩემი სახლის აივანს.
ფეხებში სისუსტეს ვგრძნობდი. მეგონა სადმე წავიქცეოდი, მაგრამ ნოე საყრდენად მყავდა. მისი სიძლიერე მამშვიდებდა. ვიცოდი, რომ წაქცევის უფლებას არ მომცემდა და თუ წავბორძიკდებოდი, აუცილებლად დამიჭერდა.
-ესეც ასე.-გამიღიმა.-პირველი ნაბიჯები თავისუფლებისკენ.-თავზე გადამისვა ხელი და ლოყაზე ჩამოაცურა.-თბილი ხარ.-კისერში შეაცურა.
მისი გაყინული თითების შეხებისგან შემაჟრჟოლა.
-ცივი ხარ.-ამოვიგმინე.
-იცი რამდენი ხანია გარეთ ვარ?-ჩაეცინა.-რა თქმა უნდა, გავიყინებოდი. მაგრამ შენით გავთბები.-გამიღიმა.
მისმა სიტყვებმა უფრო მძლავრად ამიჩქება სისხლი ძარღვებში. ვიგრძენი, როგორ დამიარა სიმხურვალის მორიგმა ტალღამ გულიდან სახისკენ, ხელებისკენ, მერე კი მთელს სხეულში გაიფანტა სასიამოვნოდ.
-არ მჯერა, რომ ეს გავაკეთე. რაღაცნაირად...
-ნუ გრძნობ თავს დამნაშავედ, ნუ გეშინია. ის უფრო დიდი დანაშაულია, რომ ღამის ქალაქი არასდროს გინახავს და არ შეგიგრძვნია თავისუფლება. ერთხელ ყველასთვის შეიძლება ჯაჭვებისგან გათავისუფლება.
-უბრალოდ...დედამ რომ გაიგოს...
-ვერ გაიგებს, თან ცუდს არაფერს აკეთებ, უბრალოდ სეირნობ...ჩემთან ერთად...-ხელი ისევ ლოყაზე მომადო და თითებით ნაზად მომიჭირა.-საყვარელი ხარ.
-საყვარელი...-ჩამეცინა.-როდის ვიყავი საყვარელი...ყოველთვის როგორც ზრდასრული, ისე ვიქცეოდი.
-მხოლოდ თავშეკავებულობა გაქვს ზრდასრულის, ამის იქით, უბრალოდ ბავშვი ხარ, რომელიც გაწერილი წესებით ცხოვრობს.
-დედაჩემს აკრიტიკებ?-ეჭვის თვალით შევხედე.
-არა, შენ გაკრიტიკებ, რომ თავისუფლებისკენ არ გაქვს ლტოლვა.
-ეს თავისუფლებაა?
-ეს? არა...ეს ერთი ნაბიჯია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ.
-ასე მგონია შეცდომას ვუშვებ. უფრო დანაშაულის გრძნობა მჭამს, ვიდრე თავისუფლების სიამოვნება.
-თავისუფლება სახლიდან გაპარვა არაა, თავისუფლება შეგრძნებაა, როცა ბედნიერი ხარ და თავს დამოუკიდებლად გრძნობ. როცა ჯაჭვებს იხსნი და უბრალოდ შენს ნამდვილ "მე"-ს ავლენ.
-ჩემი "მე"?-გავიკვირვე.-გგონია ასეთი საქციელი შემეფერება?
-გაპარვა?
-ჰო.
-რომ არ შეგეფერებოდეს, არ იზამდი. შენს ნამდვილ სურვილებს ნუ თრგუნავ. ისიც ვიცი, რომ თავს ზედმეტის უფლებას არასდროს მისცემ და არ დაუშვებ გამოუსწორებელ შეცდომას...უბრალოდ მინდა ამ მომენტით ისწავლო ცხოვრება. მინდა ყოველი წამი დააფასო და გიყვარდეს. მუდამ მომავალზე ფიქრობ და გაუაზრებლად მისი ტყვე ხდები. არ ვამბობ, რომ ცუდია, უბრალოდ მომავალზე ფიქრში რეალობას ივიწყებ და როცა შენს წარმოსახვაში აგებული მომავალი მოვა, ისევ მომავლის ტყვე დარჩები და რეალობით ვერ იცხოვრებ, ვერ დატკბები.
-უბრალოდ მინდა რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იყოს.
-თავისუფლებასთან ერთად უფრო ბედნიერად იგრძნობ თავს. რამდენი მოგონება დააგროვე 16 წლის განმავლობაში?
-მოგონება?...საკმაოდ ბევრი.
-მაინც?
-სკოლა...მეგობრები...შენ...-უნებურად წამომცდა.
-მე?-გაუკვირდა.
ჰო, ნოე, პირველი გრძნობა, პირველი ვნება, პირველი სურვილი, პირველი სიყვარული...მაგრამ ამას ვერ ვეტყოდი.
-ჰო, დღევანდელი...-უხერხულად ჩამეღიმა.
ნოემ ეჭვით შეათვალიერა ჩემი სახე და შემდეგ გამიღიმა.
-წამოდი...-ხელი ისევ ჩაკიდებული ჰქონდა და ნაზად გადამადგმევინა ნაბიჯი.
-სად მივდივართ?-გამიკვირდა.
-ნუ გეშინია, შორს არ გაგაპარებ. აქვეა.
მაღალ შენობასთან მიმიყვანა.
-აქ უნდა ავიდეთ.-თბილად შემომხედა.
-რამე ხდება?
-უბრალოდ, მინდა პატარა საჩუქარი გაგიკეთო...
მორჩილად გავყევი...ჩქარა ავიარეთ სართულები, შემდეგ სახურავზე გამაძვრინა. თვალებზე ამაფარა ხელები.
-მინდა რომ გაოცდე.-ჩამჩურჩულა.
თვალებზე ხელახვეულმა გამაკვლევინა გზა.
-აქ დადექი.-ნოემ გამაჩერა.-ერთი...ორი...სა...-ხელები მომაშორა.-მი...
ჩემს თვალწინ ღამის ქალაქი გადაიშალა. განათებული...ცოცხალი...
აღფრთოვანება...
დაუოკებელი გულისცემა...
გრძნობად გაფანტული სიმხურვალე...
აღტაცება...
სიცივე...
სიმხურვალე...
მხარზე ძლიერი ხელების შეხება...
სილამაზე...
მშვენიერება...
თავისუფლება...
ბედნიერება...
სიყვარული...
-მოგწონს?-მკითხა მშვიდად.
ვგრძნობდი რომ იღიმოდა. მის მხურვალე სუნთქვას ვგრძნობდი და მთელს სახეზე მედებოდა ალი...
-ნოე...-ხმის კანკალით წარმოვთქვი მისი სახელი.
-რას იტყვი? კარგი საჩუქარია?-მისმა ჩაცინებამ კისერზე ნაზ ტალღად გადამიარა.
-გენიალურია.-ვთქვი ჩურჩულით.
-გათავისუფლდი, მარია...-ხმამაღლა გაიცინა.
-არაადაკვეტური ხარ.-მეც ჩამეცინა.
-ნუ გეშინია ხმის ამოღების. აქ არავინ გაგაკრიტიკებს, არავინ მოგცემს შენიშვნას. აქ აკრძალვები არ არსებობს.
ღრმად ჩავისუნთქე. მინდოდა ამ თავისუფლებას ხარბად დავწაფებოდი. მინდოდა ჩემში შემომეშვა ყველა გრძნობა, ემოცია...მინდოდა ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავები ხელის გულში მომექცია და ჩემს სამყაროში წამეღო.
-ულამაზესია!-ვთქვი ხმამაღლა და თამამად.
-მშვენიერია!-ხმას მოვუმატე.
-მიყვარხარ!-ბოლო ხმაზე ვიყვირე და მერე ხმამაღლა გავიცინე.
სიმართლე რომ ვთქვა, არც ვიცი, რატომ ამოვიყვირე ჩემი სულიდან სიტყვა "მიყვარხარ". მაგრამ ვგრძნობდი რომ უნდა მეთქვა. ნოე ზურგიდან მომეხუტა.
-გაიმეორე.-ჩამჩურჩულა.
მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა.
-გთხოვ, გაიმეორე...-მას შევხედე.
ნოეს თვალებში მუდარა და ჩემთვის ამოუცნობი გრძნობა ამოვიკითხე. თავი დარცხვენილმა ჩავხარე.
-ნუ იმალები...-თავი ამაწევინა.
-ნოე...
მას ჩაეღიმა. მერე ჩამეხუტა.
-მეც მიყვარხარ.
ნოეს სიტყვები მღელვარე ზღვის ტალღებივით შემომეკრა სხეულზე და წყალში ღრმად შემითრია. არა, არ მახრჩობდა...მეხუტებოდა და სითბოს მჩუქნიდა.
ნოემბრის ცივი ღამე იყო...ზღვა კი საოცრად თბილი. თავი "შინ" ვიგრძენი.
ანასთან...
-იცი, მე და ნოე...
-შენ და ნოე?-გაიოცა.
-ჰო, მე და ნოე...-თბილად გამეღიმა.
ანა უსიტყვოდ მიხვდა ჩემს სათქმელს. მომეხუტა და ძალიან დიდი ხანი ვსაუბრობდით. მის სახეს აღტაცება არ შორდებოდა. ბავშბობიდან მისმა კეთილმა აურამ მომხიბლა. კეთილმა და მხიარულმა...ბედნიერმა და თავისუფალმა...
-ჩემი ბედნიერება ხარ.-გამიღიმა და უფრო მაგრად ჩამეხუტა.
ყავას მივირთმევდით. ანამ შემაყვარა ყავა. ყოველთვის გემრიელად სვამდა და მეც, არ ვიცი...უბრალოდ შემიყვარდა ყავა. მისი სურნელი, მძაფრი და სასიამოვნო. თითქოს მწარე, მაგრამ საოცარი გემო. ბოლოს, ჩემი საუკეთესო დაქალის დახმარებით, ყავაზე დამოკიდებული გავხდი. თუმცა მსიამოვნებს...რა უცნაურია ყავაზე ასე აღტაცებულად საუბარი, თუმცა, ნამდვილად სიგიჟემდე მიყვარს.
ნოემბრის წვიმიანი საღამო...
მასწავლებლისგან ახალი გამოსული ვიყავი. ნოე გარეთ დამხვდა.
-დაიღალე?-გამიღიმა და ჩამეხუტა.
-ოდნავ.-ხელები წელზე მოვხვიე.-ასეთ წვიმაში რატომ მელოდებოდი?-"ვუსაყვედურე".
-მომენატრე.-ხელი ჩამკიდა და სახლისკენ გავუყევით გზას.
ციოდა, თუმცა ნოეს გვერდით ყოფნა მათბობდა. თითქმის მისულები ვიყავით, როცა წვიმამ მოიმატა და მთლიანად დაგვასველა. ნოემ ხელი დამავლო და აივნის ქვეშ შემაძვრინა.
-ცოტა ხანი დაველოდოთ.-გამიღიმა.
-ასე მგონია, მთელი ღამე ასე იწვიმებს.-ჩავიცინე.-თან უკვე საკმაოდ სველები ვართ, ჯობია მალე მივიდეთ სახლში, გაცივდები.-მივუახლოვდი და სახიდან წვიმის გაყინული წვეთები თითებით შევუმშრალე.
-მარტო ჩემზე ნუ ზრუნავ.-თვითონაც იგივე ჟესტით მიპასუხა.
გავუღიმე, ხელი მაგრად მოვუჭირე და ისევ წვიმაში გავიყვანე.
-ერთი...-დათვლა დავიწყე.-ორი...და...სა...-უკვე გასაქცევად ვემზადებოდი.
ნოემ საოცარი სიჩქარით მიმიზიდა თავისკენ და ჩემს ტუჩებს ნაზად, მაგრამ ვნებიანად დააცხრა. იმ მომენტში, რეალობას გამოვეთიშე.
ციოდა, მაგრამ მე ვხურდი...ვგრძნობდი როგორ შემოძვრა ჩემს სხეულში სითბო და სიყვარული...გამეღიმა და საპასუხოდ ვაკოცე...
ეს ჩემი პირველი კოცნა იყო...
მაისი ცხელი საღამო იყო...
სახლში მარტო ვიყავი. დედა ბებიასთან იყო. იქ რჩებოდა. მამა სამსახურიდან მივლინებაში იყო წასული. ცხოვრებაში პირველად ვიყავი მარტო, მაგრამ მსიამოვნებდა ის, რომ სახლი ჩემს განკარგულებაში იყო. ანას დაპატიჟება მინდოდა, მაგრამ არ ეცალა.
ჩემს ფანჯარაზე კენჭის დარტყმის ხმა გავიგე. გაკვირვებულმა გავიხედე. ნოე იყო.
-მარია...-გამიღიმა.-მეგონა ვერასდროს გაიგებდი.-გაეცინა.
-შემცდარხარ.-მეც ჩამეცინა საპასუხოდ.
-გავისეირნოთ?
-უფრო კარგი იდეა მაქვს.-მაცდურად გავუღიმე.-ჩემს კარებთან მოდი.
ნოემ გაკვირვებული სახით ამომხედა.
-ჯერ არ ვარ მზად...შენი მშობლები...-შიშმა გაჰკრა.
-ნუ სულელობ.-ხმამაღლა გავიცინე.-უბრალოდ კარებთან მოდი.
ნოე ჩემს სურვილს დაემორჩილა. ეჭვის თვალით მიყურებდა, მაგრამ ვიცოდი, რომ უარს არ მეტყოდა.
ნოემ ხმამაღლა სიცილი მასწავლა...
კარებთან მივირბინე და ზუსტად ნოეს მოახლოებისთანავე გავაღე.
-შემოდი.-გავუღიმე.
-დარწმუნებული ხარ?-ნერწყვი გადაყლაპა და ჩემი სახლის შემოსასვლელი მოათვალიერა.
ხელი ნაზად დავავლე და სახლში შემოვიყვანე.
-ნამდვილად ჩემი მარია ხარ?-უცნაურად დამიწყო თვალიერება, მე გამეცინა.
-ნუ გეშინია, მარტო ვარ.
ამის გაგებისას კიდევ უფრო შეკრთა.
-მარია...
-ნუ გეშინია, არაფერს გიპირებ.-ისევ ხმამაღლა გამეცინა.
-უკვე ეჭვი მეპარება.-ნოესაც ჩაეცინა.
ყავა გავამზადე და სასტუმრო ოთახში დავსხედით.
-როიალი...-თვალი ჩემი ინსტრუმენტისკენ გააპარა.-რა დიდებული შესახედაობა აქვს.
-ჟღერადობაც.-გავუღიმე.-გინდა დაგიკრა?
-მეგონა აუხდენელი ოცნება იქნებოდა...-გაეღიმა.-ყველაზე მეტად მინდა შენი დაკრულის მოსმენა. თან როცა ვიცი, რომ მარტო ჩემთვის უკრავ...
-ჩვენთვის...-გავუღიმე და სავარძლიდან წამოვდექი.
როიალს მივუჯექი და შოპენის ნოქტიურნი დავუკარი. მიუხედავად იმისა, რომ ნოეს არ ვუყურებდი, მის აღტაცებას ვგრძნობდი. ასეთი გრძნობით პირველად დავუკარი...ნოესთვის...ჩემთვის...ჩვენთვის...
როცა დაკვრას მოვრჩი, ნოე მომიახლოვდა...
-მეც მასწავლე დაკვრა...-თავი მხარზე ჩამომადო და ნაზად მომეხუტა.
გვერდით მომიჯდა და ნელ-ნელა დავიწყე მისთვის საფუძვლების ახსნა. ყურადღებით მისმენდა. უზომოდ სასიამოვნო საღამო იყო...
ვერ ავხსნი, რამდენად მიყვარს. ვერ აღვწერ, თუ რამხელაა იმის სურვილი, რომ მუდამ ჩემს გვერდით იყოს. პატარა ნაწარმოებიც მივუძვღვენი. "ნოემბრის ღამე". ჩვენთვის სიმბოლური. მშვიდი, თითქოს სევდიანი, მაგრამ ჩვენი სიყვარულით გაჟღენთილი. წრფელი გრძნობებით სავსე.
მაშინ ბავშვები ვიყავით...მაგრამ გვიყვარდა...
ივნისის ცხელი საღამო...
-წავიდა...-თვალები ცრემლებით მევსებოდა.
ანა უბრალოდ ჩამეხუტა.
"...ალბათ ლამაზი სიყვარულის ისტორია უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ ცხოვრებაში ყველაფერი ისე ვერ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. სწორედ ამიტომ გააჩინა ადამიანმა სიტყვები: ტკივილი, იმედგაცრუება, სევდა...ამით მან სცადა გადმოეცა, ეგრძნობინებინა, ეჩვენებინა სხვებისთვის თავისი გულისნადები, თავისი განცდები. ამ გრძნობებს ვერსად გავექცევით, არც მათი დამალვაა მარტივი...მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულს ბედნიერების გარდა ხშირად ბევრი უბედურებაც შეიძლება მოჰყვეს, მაინც მუდამ მადლიერი იქნები იმის, რომ ეს შეიგრძენი. შენ სიყვარული იგრძენი..."-დღიურში წერა შევწყვიტე.
და კვლავ...სადღაც, ორ სამყაროს შორის...ვიღაც როიალზე უკრავდა...



№1  offline წევრი izabella

ღმერთო ჩემო, საოცრებას რომ წერ იცი? ემოციებით სავსე ვარ და თან ცარიელი.
ნოეს და მარიას გაწყვეტილი ურთიერთობა მეწყინა. ამდენი სითბო და უცებ აუტანელი სიცივე.
მოუთმენლად ველი ახალ თავს ❤❤❤

 


№2  offline წევრი Whisper

izabella
ღმერთო ჩემო, საოცრებას რომ წერ იცი? ემოციებით სავსე ვარ და თან ცარიელი.
ნოეს და მარიას გაწყვეტილი ურთიერთობა მეწყინა. ამდენი სითბო და უცებ აუტანელი სიცივე.
მოუთმენლად ველი ახალ თავს ❤❤❤

ისე მიხარია რომ დაგაინტერესა ამ ისტორიამ და ასეთი ემოციური კომენტარი დამიტოვე❤ უღრმესი მადლობა❤

 


№3  offline წევრი Rania

Zalian magrad cerr. Zustad gadmocem emociebs da imdenad mgrznobiarea es yvelaferi saocrad dammuxtas. Yochagg
--------------------
Q.qimucadze

 


№4  offline წევრი Whisper

Rania
Zalian magrad cerr. Zustad gadmocem emociebs da imdenad mgrznobiarea es yvelaferi saocrad dammuxtas. Yochagg

დიდი დიდი მადლობა❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent