შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამელოდები?


2-03-2020, 23:55
ავტორი ანაკონდა
ნანახია 770

ხის მძიმე კარი ჭრიალით გაიღო. ცრურწმენას უღალატა და მარცხენა ფეხით შეაბიჯა. ამჯერად მისთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რამდენად იღბლიანი იქნებოდა ახალ სახლში გადაბარგება. ზუსტად იცოდა, იღბლიანი კი არა, უბრალოდ ასატანიც არ იქნებოდა. თვალი მიმოავლო მყუდრო, მუქ ოქროსფერში გადაწყვეტილ სასტუმრო ოთახს. მფლობელებს სხვა ქალაქში გადაბარგება ეჩქარებოდათ და სახლი იოლად დაუთმეს მისთვის მისაღებ ფასად. ფანჯრიდან პატარა, მაგრამ მოვლილი ბაღი მოჩანდა. ყვავილები ყოველთვის უყვარდა, მაგრამ თემოსთან ერთად სულ კორპუსის ბინაში ცხოვრობდა და იქ მხოლოდ ერთი კაქტუსის მოვლას ახერხებდა. ეს კაქტუსი თემოსთან დარჩა მე-11 სართულზე, მათს საძინებელში. უფრო სწორად, იმ ოთახში, ოდესღაც მათი საძინებელი რომ იყო.
ჯერ კიდევ ამ დილამდე...
ღრმად ამოიოხრა და რბილ, ყავისფერ დივანზე ჩამოჯდა. ამიერიდან ყველაფერი, რაც თემოს უკავშირდებოდა, წარსული გახდებოდა. მის გვერდით ადგილს საწოლში სხვა დაიკავებდა, დილაობით თემო სხვას გააღვიძებდა თმებზე ფერებით, სხვას დაახვედრებდა ტუმბოზე ყავას. ნეტავ, ის სხვა შაქრით დალევდა თუ უშაქროდ? თვითონ მას კოვზ-ნახევარს უყრიდა ხოლმე. მთლად კოვზ-ნახევარსაც არა: ერთ კოვზს მთლიანად და მეორესას მხოლოდ წვეროს გაავსებდა შაქრით. ეს იყო მაგდას კოვზ-ნახევარი.
ისე მძიმედ ამოისუნთქა, თითქოს გულიც თან ამოაყოლა. დღეიდან ყოველთვის ასე იქნებოდა, ქმარზე ამბებს მხოლოდ შორიდან თუ გაიგებდა. ათწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში სერიოზულად ერთხელაც კი არ უჩხუბიათ. ისე კი კამათობდნენ ხოლმე, ჭურჭელიც შეწირულა ამ დავებს, მაგრამ ბოლო ყოველთვის ერთი იყო: გაბუტულ მაგდას, რომელიც ვერასოდეს ამარცხებდა ქმარს კამათში, გამარჯვებული თემო ხელს დასტაცებდა და გულში ჩაიკრავდა . იქამდე კოცნიდა და უღიტინებდა, სანამ ქალიც არ ჩაეხუტებოდა. გაღიმებული მაგდა, საბოლოოდ, თავადაც მოხვევდა ხოლმე ყელზე ხელებს და მის ყელთან იტრუნებოდა.
ახლა? სულ აღარ ჰქონდა მნიშვნელობა მაგდასთვის, საერთოდ ისუნთქებდა თუ არა. დედის სიტყვები გაახსენდა, კიდევ კარგი , შვილის გაჩენა ვერ მოასწარით, თორემ შენი ქარაფშუტული საქციელით ბავშვს სამუდამოდ დაუმახინჯებდი ცხოვრებასო. არ იცოდა დედამისმა, რომ ბავშვობაში გადატანილი ინფექციის გამო თემოს შვილი ვერც ვერასოდეს ეყოლებოდა. მაგდამ იცოდა, სულ თავიდანვე. თემოს არწმუნებდა, რომ ეს პრობლემა ვერ იქნებოდა, რომ მათი სიყვარული ამასაც გადალახავდა და როგორმე, სხვა გზით იყოლიებდნენ შვილს. თუ არადა, ჩვენ ისედაც უკვე ოჯახი ვართო, ეუბნებოდა ხოლმე მაგდა. თემო დიდხანს უარზე იდგა, ჯანმრთელი, ახალგაზრდა ქალი ხარ , ასე ვერ გაგაუბედურებ, საკუთარ შვილებს იმსახურებო. მაგდამ გაიმარჯვა, მათმა სიყვარულმა გაიმარჯვა საბოლოოდ და ერთად ცხოვრების მეხუთე წელიწადს ოფიციალურად გახდნენ ცოლ-ქმარნი.
ქალმა ტელეფონს დახედა. დედა აღარ ელაპარაკებოდა მას მერე, რაც მომხდარის შესახებ უამბო. თემოს მხარე დაიჭირა. ამის გამო ხან ამტყუნებდა, ხანაც _ ვერა. ჩემოდნები საძინებელში შეათრია და ამოლაგებას შეუდგა. თავბრუსხვევა იგრძნო, ოფლით დაცვარულ შუბლზე ხელი მოისვა და მიწვა. ცოტას წაუძინებდა და მერე მიხედავდა ნივთებს. მალევე ჩასთვლიმა.

_ _ _
მაღალი, შავგვრემანი მამაკაცი ნერვიულად აწკაპუნებდა კალმის თავსახურს. ფართო კაბინეტში სავარძელს მისვენებული ფანჯარაში ერთ წერტილს მიშტერებოდა და ღრმად წაეღო ფიქრებს. წინა საღამოს იმავე ოთახში მომხდარი ახსენდებოდა. გვერდით ჭიქაში სასმელს ოხშივარი ასდიოდა. ცივდებოდა. კაცი ამას ვერ ამჩნევდა. ერთი დღით ადრე მუშაობაში ჩაფლული რეალობაში ტელეფონის ზარმა დააბრუნა. ზანტად შეაბრუნა სავარძელი მაგიდისკენ და გააგონა:
_ გისმენთ... შემოუშვით... აუცილებელი არაა... ჰო, სანამ არ წავა, ყველას უთხარით, რომ დაკავებული ვარ.
ერთი წუთიც არ გასულა, რომ კარი თვალებაწითლებულმა, თმააბურდულმა ქალმა შემოანგრია. გამძვინვარებულ ცხოველს ჰგავდა. მძიმედ სუნთქავდა. მუშტებშეკრული, ერთდროულად სასოწარკვეთითა და ბრაზით აღსავსე გამომეტყველებით უყურებდა კაცს.
_ კმაყოფილი ხარ? მიიღე, რაც გინდოდა? მითხარი, ბედნიერი ხარ ახლა, ასეთს რომ მხედავ? მითხარი! _ ქალი უკვე ყვიროდა.
_ ხმას ნუ უწევ, მაგდა, გაიხსენე, სად ხარ! _ წარბშეუხრელად და კუშტად მიუგო კაცმა.
_ მშვენივრად მახსოვს, სადაც ვარ და მინდა, რომ ყველა შენმა თანამშრომელმა გაიგოს, როგორი ნაგავიცაა მათი უფროსი. ეს როგორ გამიკეთე? მე ხომ მეგობრად მიმაჩნდი? ოცი წელია, გიცნობ, გენდობოდი, ასე როგორ მომექეცი?
_ რა დაშავდა ერთი კოცნით? ერთი ,,მეგობრული“ კოცნით, _ ირონიულად აიჩეჩა მხრები და ქალისკენ დაიძრა. _ ქმარი რომ არ გენდობოდა, ჩემი ბრალია? საერთოდაც, მაგარი იდიოტი ქმარი გყავდა და მგონი ახლა მადლ...
სიტყვა მაგარმა სილამ გააწყვეტინა. კაცს თვალები ბრაზით აუელვარდა და საჩვენებელი თითი მოუქნია მაგდას:
_ მეორედ აღარ გაბედო...
_ შენ თვითონ აღარ გაბედო ჩემი ქმრის სახელის ხსენება, აღარასოდეს! მიმიფურთხებია შენთვისაც და შენი კომპანიისთვისაც, სამსახურიდან მივდივარ.
კაცმა ისევ ირონიული ღიმილით გახედა:
_ პატარა, კონტრაქტს ასე ვერ გაწყვეტ...
_ გავწყვიტე უკვე! კონტრაქტიც ფეხებზე და შენც. ცხოვრება დამინგრიე, შე არაკაცო და უტიფრად აგრძელებ ლაპარაკს, _ ღრმად ამოისუნთქა და რაც შეეძლო, მშვიდად დააბოლოვა სათქმელი. _ გადაგიხდი ამ თანხას, არ იდარდო. აგინაზღაურებ ,,ზარალს“, _ ეს სიტყვა ზიზღით სავსე გამომეტყველებითა და სიცილით წარმოთქვა, განცხადება მაგიდაზე მიუგდო და ოთახი დატოვა.
წინა დღის მოგონებებიდან დაბრუნებული ვატო თუხარელი ზანტად დაუბრუნდა უწინდელ პოზას და უკვე კარგად შეგრილებული ჩაი მოსვა შავი ჭიქიდან. სავარძელში მიწოლილმა კმაყოფილი ღიმილით წარმოთქვა:
_ ცეცხლივით ქალია! მე და შენ ასე არ დავამთავრებთ, ჩემო მაგდალინა!

_ _ _

თემოს ერთხელაც არ დაურეკავს. არც მოუწერია. სახლიდან წამოსვლის შემდეგ მისგან არაფერი ესმოდა. არადა საქმე ძალიან ბანალურად იყო. თითქმის ისეთივე სცენა გადახდა თავს, ყველაზე უაზრო მექსიკურ საპნის ოპერებსაც რომ, ალბათ, აღარ ახასიათებდა. ვატოსთან მუშაობა სამი წლის წინ დაიწყო. ვატო თემოსაც იცნობდა, მათს ქორწილსაც ესწრებოდა, როგორც პატარძლის ბავშვობის მეგობარი და საპატიო სტუმარი. ვერასოდეს დაუშვებდა, თუკი ასე დასრულდებოდა მისთვის ასეთი ძვირფასი ურთიერთობა, თუ ასე ჭირის დღესავით შესძულდებოდა კაცი, რომელსაც ამდენი ხანია, იცნობდა. უფრო სწორად, ეგონა, რომ იცნობდა.
ახალ სახლში პირველად რომ გაახილა თვალები, სიჩუმემ და მარტოობამ ყელში წაუჭირა. ცრემლები მოაწვა, თვალები ისევ დახუჭა, მაგრად, მაგრად დახუჭა და ინატრა, სიზმარი ყოფილიყო. არ გამოვიდოდა. ტელეფონს მექანიკურად დახედა და გაბრაზდა: როგორ შეიძლებოდა, ასე ერთიანად ,,ამოეღოთ“ ცხოვრებიდან? ისიც ვის? არც კი მოუსმინა. ყველაფერი კი იმ დაწყევლილი კორპორატიული წვეულების გამო იყო. იქ წასვლასაც კი არ აპირებდა, მაგრამ თანამშრომლებმა დაარწმუნეს. არ უყვარდა მსგავსი ხმაურიანი შეკრებები. მით უფრო, თომას ვერ წაიყვანდა, მოკლედ, არ უნდოდა, რა. არც ეს გამოვიდა. წავიდა და წვეულების ბოლოსკენ კარგად შეზარხოშებული თუხარელი ცეკვისას ეცა და აკოცა. ასე უბრალოდ. ეს კადრი კი, მაინცდამაინც ეს კადრი მოხვდა ფოტოგრაფის ობიექტივში და მაგდას ლეპტოპში. სწორედ იქ წააწყდა ფოტოს თომა. იჩხუბეს? მერედა როგორ. ართქმას არ პატიობდა კაცი, მაგდაც ვერ ამტყუნებდა. ეს იყო ყველაზე უარესი. არადა, როგორ ეთქვა ის, რის დავიწყებასაც თავადაც გამალებით ცდილობდა? სამსახურიდან კი მეორე დღესვე მხოლოდ იმიტომ არ წამოვიდა, რომ ზუსტად ამბის გასკდომისა შეეშინდა. მოკლედ, ცხოვრება ეხუმრა. წვეულების ღამეს ვატომ მაგარი სილა მიიღო. მას მერე სიტყვაც არ უთქვამს ქალს. ან, რაზე უნდა ელაპარაკა? გიჟივით გამოვარდა იქიდან და თომასთან მისვლამდე ვერც შეძლო დამშვიდება. ქმარს მხოლოდ ის უთხრა, რომ ძალიან დაღალა ხმაურმა. კაცს ეჭვიც არ შეჰპარვია ცოლის სიტყვების სიმართლეში. სწორედ ეს ვერ აპატია. უთხრა, მჯერა, რომ თქვენს შორის არაფერი ყოფილა, მაგრამ არ მომიყევიო, არ გამიზიარეო. მაგდა მშვენივრად ხვდებოდა, რომ სინამდვილეში არაფერიც არ სჯეროდა თომას, უბრალოდ უნდოდა, ასე ყოფილიყო. თვითონაც დაკარგავდა მის ნდობას, რამე მსგავსი რომ ენახა და, ალბათ, ეს ზუსტად იმას ნიშნავდა, რომ არ იყო მათი ქორწინება მყარი. პირველივე პაწაწინა დაბრკოლებისას ჩამოინგრა და მაგდა ქვეშ მოიყოლა. მოკლედ ყველაფერი დასრულდა. ამ ბანალური სცენარით თანამეცხედრე, ბავშვობის მეგობარი და სამსახური ერთდროულად გამოეცალა ხელიდან.
თავს აიძულა საწოლიდან წამოდგომა. ყავა მოიმზადა და დაფიქრდა. ინტერნეტში განცხადებების მოძებნა გადაწყვიტა. დანაზოგი ამდენ ხანსაც არ ეყოფოდა, თან სამსახური დაეხმარებოდა, რომ ბევრი არ ეფიქრა თავსგადახდენილ უაზრობაზე. სანამ ყველაფერს საბოლოოდ დაასრულებდა, კიდევ ერთხელ უნდა ეცადა ქმართან, ყოფილ ქმართან საუბარი. ბევრი აღარ უფიქრია, მობილური აიღო და აკრიფა ნომერი, რომელსაც, ალბათ, ვერც ვერასოდეს დაივიწყებდა. ყურმილი აიღეს და სუნთქვის ხმამ დაარღვია სიჩუმე.
_ თომა!
_ ...
_ უნდა ვილაპარაკოთ.. უკანასკნელად. ერთ საათში ჩვენს.. სახლთან ახლოს რომ კაფეა, იქ შეხვედრას შეძლებ?
_ შევძლებ.
_ შეხვედრამდე.
სახლიდან გასვლამდე ბოლოჯერ შეხედა არეულსახიან ანარეკლს სარკეში. იქიდან თავად უიმედობა შემოჰყურებდა. კარს რომ კეტავდა, ტელეფონზე შეტყობინებამ დაიწკაპუნა. თომა ეგონა. ეკრანს დახედა: ,,ჩემზე ბრაზობ, მაგრამ ვიცი, გადაგივლის, მე ყოველთვის შენთან ვიყავი და ეს ასეც გაგრძელდება, გინდა შენ, თუ არა. არც უგუნურ საქციელს ვნანობ, რადგან ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო და ძლივს ნაღირსები უგუნურება იყო. მიხარია, რომ ხარ, მაგდალინა, ვწუხვარ, რომ პრობლემები შეგიქმენი, მაგრამ კარგად დაინახე, ვის გვერდითაც აპირებდი სამუდამოდ ცხოვრებას. მოკლედ, მე აქ ვარ, ეს მინდოდა, მეთქვა. ისევ შევხვდებით და ერთხელაც აუცილებლად დადგება დღე, როდესაც თავად აღარ გენდომება გაქცევა.“ ქალს სახე ზიზღით დაეღრიცა. ყველაფერს იღონებდა თუხარელი რომ სამუდამოდ გაექრო თავისი ცხოვრებიდან. ამოიოხრა და კიბეზე დაეშვა, რომ ბოლოჯერ ეცადა იმ კაცთან საქმის გამოსწორება, რომელიც უკვე დიდი ხანია უყვარდა და რომლის გარეშეც ვერ ხედავდა საკუთარ თავს. ამ საუბრის მერე ან შერიგდებოდნენ, ან მოუწევდა მის გარეშე ყოფნა, უკვე სამუდამოდ.


მოგესალმებით, მონატრებულებო, დიდი ხნის წინ დავიწყე ამის წერა, ველი მოტივაციას გასაგრძელებლად. ასე რომ, კრიტიკული (და არამარტო :დდ )კომენტარები არ დაიშუროთ. <3



№1 სტუმარი kati

ძალიან კარგი დაბრუნებაა.ველოდები მომდევნო თავს.წარმატებები და მრავალი ბედნიერი დღესასწაული დღევანდელი დღის ჩათვლით.გილოცავ.

 


№2  offline წევრი ანაკონდა

kati
ძალიან კარგი დაბრუნებაა.ველოდები მომდევნო თავს.წარმატებები და მრავალი ბედნიერი დღესასწაული დღევანდელი დღის ჩათვლით.გილოცავ.

გმადლობ ❤️❤️ მეც გილოცავ გაზაფხულის დღესასწაულებს ერთად ????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent