შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლის ორდენი თავი.7


8-03-2020, 02:46
ავტორი melanqoliki
ნანახია 745

,,ჩემი ცხოვრება, დამარხული იმედების შესანიშნავი სასაფლაოა .,,


_ ელის, ელის!!_ მკლავებზე შეხება ვიგრძენი და თვალები გავახილე. მოხუცს ხელზე მოვეჭიდე, რომ წონასწორობა შემენარჩუნებინა.
_ ამ შუაღამეს აქ რას აკეთებ?_ გაოგნებული და შეშინებული მომჩერებოდა.
_ აქ?_ დაბნეულმა მიმოვიხედე. საკუთარ სხეულს ვგრძნობდი, სხვა ადამიანთან შეხებაც შემეძლო და იმასაც ვხედავდი, რომ ტყეში ფეხშიშველი ვიდექი. სუსხიანი ღამის სიცივეს ავეტანე და გაუცნობიერებლად მაკანკალებდა.
მარცხენა მხარზე ის ადგილი მოვისინჯე, სადაც მსგავსი ნახევარმთვარისებრი ნაწიბური მქონდა.
_ მარტო ხარ? _ ჩემს მოქმედებებს აკვირდებოდა.
_ კი,მხოლოდ ამის თქმა მოვასწარი და სიცივემ ამიტანა. ნუთუ შესაძლებელი იყო სიზმრების ასეთი აღქმა? ან ტყეში საიდან აღმოვჩნდი? შეკითხვებზე პასუხების მაგივრად ახალი შეკითხვები მემატებოდა და ამ ყველაფერს ისტერიკამდე მივყავდი.
_ შემოიცვი და გამომყევი, მალე გათენდება _ ძველი მანტო გამომიწოდა.
მთვარის შუქს მივყვებოდით და დუმილის დარღვევას ვერ ვბედავდი.რა შეიძლებოდა რომ მეთქვა, მომხდარი ამეხსნა, ან თავი გამემართლებინა? ყველა უცნაურობასთან ერთად მისი საეჭვო რეაქციაც მაშფოთებდა. ნუთუ, დაბეზღებას არ აპირებდა? ან რატომ განაგრძობდა ჩუმად გზას, როცა სრული უფლება ჰქონდა ჩემთვის ათასგვარი შეკითხვა დაესვა, ან იქნებ სულაც ჰგონებოდა, რომ ჰორმონებს აყოლილი თინეიჯერი ვიყავი, რომელიც ბიჭებს შუაღამისას ხვდებოდა ტყეში...
_ ენსაც ჰქონია მსგავსი შემთხვევა, _ ისე მოულოდნელად წამოიწყო დიალოგი, რომ შევცბი. როგორც ჩანდა, ბევრი ეფიქრა და დამოუკიდებლად გამოჰქონდა დასკვნები.
_ მას შემდეგ, რაც დედამისის გარდაცვალების მიზეზი გაიგო, საშინელი დეპრესია დაეწყო, ძალიან განიცდიდა. ვერ ვიგებდი როდის ეძინა, როდის ჭამდა ან საერთოდ უნდა მქონოდა, თუ არა მისი გადარჩენის იმედი. ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ იმ დროს, იმ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ ვერაფრით ვშველოდი, რაც არ უნდა მეთქვა, ან რითაც არ უნდა გამემხნევებინა, მაინც თავის თავს ადანაშაულებდა ყველაფერში და საშინლად იტანჯებოდა. მთვარეულობა ადამიანებში ნამდვილად არაა ხშირი და ყველას არ შეუძლია ამ მოვლენის ზუსტი ახსნა.
_ მთვარეულობა, ძილში სიარული ... _ ვბუტბუტებდი ჩემთვის და ფაქტებს ერთმანეთთან ვაკავშირებდი, აი თურმე რას ფიქრობდა მთელი ეს დრო. მისმა სევდიანმა სიტყვებმა წამით მომხდარი გადამავიწყა. ზუსტად ეს გაუგებარი სევდა იკითხებოდა ენის თვალებში, რომელიც ძალზედ ახლობელი მეჩვენებოდა.
_ ცოტა ხანს აქ დამელოდე _ ხელზე მზრუნველად შემეხო მოხუცი. ტყის ბნელი ნაწილიდან გამოვსულიყავით, ცოტაც და სკოლის მთავარი შესასვლელი გამოჩნდებოდა. ჰოვარდში ყოფნის პირველი დღიდანვე ვიცოდი რა ეკრძალებოდათ მოსწავლეებს, ჩემი ამგვარი ქცევა კი გაფრთხილების წერილისა და შინაპატიმრობის გარეშე ნამდვილად ვერ ჩაივლიდა.
_ მადლობა _ ამის თქმაღა მოვასწარი და თავი დავუქნიე. საპასუხოდ არაფერი უთქვამს მხოლოდ თბილად გამიღიმა და სკოლის შესასვლელთან მდგარი, შეიარაღებული დაცვისკენ გაემართა. ერთ ადგილზე გავჩერდი, მინდოდა არაფერზე მეფიქრა სიცივის გარდა, რომელიც აუტანელი ხდებოდა. ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე, გავინაბე. ერთადერთი სურვილი, რაც მაწუხებდა ის იყო, რომ საკუთარ ოთახამდე პრობლემების გარეშე მიმეღწია და სასწავლო დღის დაწყებამდე ცოტა ხანს მაინც სიმშვიდეში, ყოველგვარი საშინელი ფიქრებისა და შემაძრწუნებელი ხილვების გარეშე მომეხუჭა თვალები.
ნელ-ნელა თენდებოდა, მაგრამ მთვარის შუქს, ჯერ კიდევ არ დაეკარგა ძალა. რა მაწუხებდა ყველაზე მეტად განვლილი დღეების მერე? ალბათ, უცნაურობების გარდა, იყო რაღაც ის მარტოობისა და სიცარიელის შეგრძნება, რომელიც სხვა ყველა ემოციას ფარავდა.
_ ელის, შეგიძლია გზა განაგრძო _ მოსალოდნელზე ადრე დაბრუნებულიყო. _ ნუ ნერვიულობ, შეკითხვებს არავინ დაგისვამს, არც დაგაჯარიმებენ, ყოველთვის შეგიძლია მომმართო._ თბილად გამიღიმა.
_ მადლობა _ კიდევ ერთხელ, მხოლოდ ესღა ვუთხარი მოხუცს და მანტო დავუბრუნე,შემდეგ კი სკოლის გზას გავუყევი.
ვიცოდი, ნერვიულობის საბაბი არ მქონდა, რადგან მისტერ ბლექს ყველაფერი მოეგვარებინა, მაგრამ მაინც აღელვებული მივიწევდი წინ.
_ უბრალოდ გაივლი, თავდაჯერებულად, აუღელვებლად აუვლი მათ გვერდს. შენ ხომ არაფერი დაგიშავებია _ საკუთარ თავს ვამხნევებდი, ისე თითქოს არაფერი მომხდარიყო და სასეირნოდ გასულს სკოლაში დროულად მისვლა დამვიწყებოდა.

შესასვლელს მივუახლოვდი,თავდაჯერებულობა მოვიკრიბე და გზა განვაგრძე. მთავარ შესასვლელთან სამნი იდგნენ. არ ვიცოდი, რა გამართლება შეიძლებოდა ამ დროს ჩემს გამოჩენას ჰქონოდა, მაგრამ ფაქტი იყო არც ერთი მათგანი არ მიმჩნევდა, თითქოს ვერავის ხედავდნენ. ისევ ისე, მწყობრში და სრულ სიმშვიდეში განაგრძობდნენ სკოლის დაცვას.
_ ელის... _ ჩამესმა მშვიდი, მონოტონური ხმა, რომელიც არც ერთი ახლობლის, თუ ნათესავისას არ ჰგავდა.
_ ელის... _ ისევ განმეორდა ხმა, რომელიც არსაიდან ისმოდა და რომელიც მანამდე არასოდეს გამეგონა.
_ ელის... _ მესამედ ჩამესმა ხმა არსაიდან, ხმა საკუთარი გონებიდან.
თვალი დაცვის მხარეს გავაპარე, ისევ ისე მშვიდად იდგნენ, თითქოს ერთ ადგილას გაყინულიყვნენ, მაგრამ იქვე, ცენტრალური დერეფნიდან გამომავალი სილუეტი შევნიშნე,რომელიც სულ უფრო მეტად შესამჩნევი ხდებოდა. სხეულში გამჯდარი უცნაური შეგრძნებები კი სადღაც ქრებოდა, ყუჩდებოდა, უბრალოდ უჩინარდებოდა.
_ ალბათ დაცვის შემდეგი სმენაა _ გავიფიქრე და სიარული განვაგრძე, უკვე თენდებოდა. შენობიდან გამოსული ახალგაზრდა მამაკაცი კი, სულაც არ ჰგავდა მომსახურე პერსონალში შემავალ რიგით თანამშრომელს. არანაირი შეიარაღება, ან რაიმე მსგავსი, საჭირო ნივთები არ გააჩნდა. ჩაცმულობაც ამინდისა და ადგილის გათვალისწინებით საკმაოდ უცნაური მეჩვენა. თეთრი, მომდგარი პერანგის ღილები გულთან შეეხსნა, როგორც ჩანდა სულაც არ სციოდა. თეთრი კანის ფერი უჩვეულო იერს აძლევდა და უცნაური, ნაცრისფერი წყლიანი თვალები იდუმალ, ამოუცნობ შესახედაობას სძენდა. ოქროსფერი თმა მომხიბვლელობას სძენდა და მისი ყურება საოცრად მამშვიდებდა, ერთ ადგილზე მყინავდა და განძრევის სურვილს მაკარგვინებდა. ხმა კი, ხმა, რომელიც გონებაში ჩამესმოდა, რომელიც ამოუცნობი და ამავდროულად ასეთი ნაცნობი იყო. წამიერად გადამავიწყდა გაყინული სხეული და შიშველი ტერფები, ყველაფერი ის, რაც ჩემს თავს და ირგვლივ ხდებოდა. მხოლოდ ერთ აზრს შევეპყარი მანიაკურად. უბრალოდ მინდოდა შევხებოდი, უბრალოდ ახლოს მივსულიყავი და უცნაურ, ამოუცნობ თვალებში ახლო მანძილიდან ჩამეხედა. ოქროსფრად მოელვარე თმაში შემეცურებინა ხელები და მასთან სიახლოვე მეგრძნო. ამ ყველაფრის გააზრებისას შევცბი,მსგავსი გრძნობა არასდროს არავისმიმართ არ გამჩენოდა.ეს ემოციები და უაზრო სიახლოვის სურვილი კი ამოუხსნელი და სიტყვებით გადმოუცემელი იყო, მაგრამ ნამდვილად ვერ მივაწერდი სასიყვარულო მიჯაჭვულობას,ან ერთი ნახვით აღმოცენებულ ვნებათა კორიანტელს. ეს ყოველივე ისეთი ამოუხსნელი იყო, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ორი საპირისპირო სქესის წარმომადგენელს შორის შეიძლება იყოს, ან გაჩნდეს, არა ...
ეს ალბათ უფრო მიზიდულობა იყო, მიზიდულობა უცნაური ახალგაზრდა მამაკაცისადმი, რომელიც ასეთი ნაცნობი იყო და თან ამავდროულად გაურკვეველი წარმომავლობის. უფრო მეტი, ვიდრე ხორციელი კავშირი. სულიერი სიახლოვე და უსიტყვო კონტაქტი. როცა ირგვლივ ყველა და ყველაფერი ქრება. არსებობს ადამიანი, არსება, რომლისთვისაც არაფრის ახსნა არ გესაჭიროება, ისედაც იცის, ისედაც ხვდება, ყოველგვარი სიტყვიერი ახსნა განმარტებების გარეშე იაზრებს და გრძნობს. მთელი ძალით შეიცნობს შენს არსებას. რა შეიძლება დაარქვა მსგავს განცდებს? ვინ შეიძლება უწოდო ამგვარ ადამიანს, რომელიც მეორე მეა?
ასეთი მოსაზრებები კიდევ უფრო მაბნევდა. ვერ ვხვდებოდი რა უნდა მომემოქმედებინა. ისიც ჩემსავით გაუნძრევლად იდგა და შემომყურებდა. შემეძლო დამეფიცა, რომ სადღაც ნანახი მყავდა, სადღაც შორს სხვა რეალობაში, სხვა სამყაროში, მაგრამ შესაძლებელი იყო კი ამგვარი რეალობა?
სიარული მისი მიმართულებით განვაგრძე. არ ვიცოდი როგორ მოვიქცეოდი, ან რას ვეტყოდი, უბრალოდ ინსტიქტურად მივიწევდი წინ.
_ ელის _ ისევ ჩამესმა ხმა, თითქოს მისი გონებიდან. ამ მოვლენის რაციონალური ახსნა უბრალოდ შეუძლებელი იყო.
ერთხანს გაუნძრევლად იდგა, თითქოს მელოდა როდის მივუახლოვდებოდი, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯიც და თვალის დახამხამებაში გაუჩინარდა. ისე აორთქლდა თვალთახედვიდან, თითქოს არც დამენახა, იმ ადგილას სულ არ მდგარიყო და მორიგი წარმოსახვის ნაყოფი გამეცოცხლებინა. იქნებ, თავდაცვის მექანიზმი იყო? მექანიზმი, რომელიც ჩემს წარმოსახვას ასე რეალურად წარმოეჩინა და ხორცი შეესხა. მისი დანახვისას ხომ სრული სიმშვიდის შეგრძნება მიპყრობდა. შესასვლელთან მისულმა ცარიელი ადგილი შევათვალიერე და დავრწმუნდი, რომ იქ არავინ იდგა.
_ გამოძინება გჭირდება ელის _ ჩავილაპარაკე ჩემთვის და დერეფანში შევედი. სანამ საძინებლისკენ ასასვლელ კიბეს მივადგებოდი, იქვე კუთხეში, სკოლის კუთვნილი ძველისძველი ტელეფონი დავინახე და გამახსენდა, რომ ჯერ კიდევ მქონდა შესაძლებლობა სახლში დამერეკა. საშინლად მომინდა პოლის, ან თუნდაც დეიდას ხმა მაინც მომესმინა.
არ ვიცი, რატომ მეგონა, რომ ვინმე მაინც მიპასუხებდა. წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, ვიფიქრე ავტომოპასუხეზე მაინც დამეტოვებინა შეტყობინება.
_ პოლ_ მეჩვენებოდა, რომ არარსებულ, წარსულის აჩრდილს ველაპარაკებოდი, მაგრამ საუბარს მაინც განვაგრძობდი, თითქოს გულიდან დარდი მეხსნებოდა.
_ არ ვიცი რატომ ვრეკავ ახლა. გამთენიისას, მაშინ როცა წესით უნდა მეძინოს, როგორც ყველა დანარჩენს. მეგონა, რომ დარეკავდი და მკითხავდი, როგორ ჩაიარა ყველაფერმა, მაგრამ... ხანდახან მგონია, რომ გამირბიხარ, სულ უფრო მეტად უცხოვდები, იმ ამბის შემდეგ, ხომ საუბარი ისედაც აღარ შეგვეძლო. უამრავი შეკითხვა მიტრიალებს თავში, აქ კი ჩამოსვლის დღიდან უცნაურობები ხდება. ხან მგონია, რომ ვერაფერს ვუძლებ და წამიერად, წამიერად ისე მინდება ყველაფერი ძველებურად იყოს. შემეძლოს ისევ მოვიდე დაღლილი, თავს გადახდენილი ამბები მოგიყვე და შენი გამხნევების იმედი მქონდეს. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტე, რომ მანდ დარჩენილიყავი, რატომ მოგინდა უცნობ ადამიანთან ერთად იცხოვრო სახლში, სივრცეში,რომელიც ბებიას გარეშე ცარიელია...
_ აჰ, უცნაურია ამ დროს ახლა საკუთარ თავთან საუბარი, იმ იმედით, რომ ამ ყველაფერს მოისმენ და გამიგებ, მიხვდები რისი თქმაც მსურდა. რატომღაც მაინც მჯერა, რომ დაბრუნდები და მარტო არ დამტოვებ. იქნებ, სულაც არ უნდა მეშინოდეს მარტოობის?იქნებ სულაც არ უნდა ვდარდობდე უშენობაზე? და თუ შენ თვლი, რომ ახალ ცხოვრებას იწყებ, სადაც მე მხოლოდ ის ტკივილი ვარ, რომელსაც ასე ძალიან გაურბიხარ და რომელიც ყველაფერს გახსენებს, მაშინ....
მშვიდობით პოლ.... _ საუბარი, რომელიც მონოლოგს უფრო ჰგავდა დავასრულე და კიბეებს ავუყევი. ოთახამდე ჩუმად ავედი, ბავშვებს ჯერ კიდევ ეძინათ. უხმაუროდ გავიარე სივრცე და ლოგინზე წამოვწექი. საშინელი სიცივისაგან
ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი. პლედში გამოხვეული გულაღმა ვიწექი და ვცდილობდი თვალი მომეხუჭა. რატომ არ შემეძლო უბრალოდ მეტირა და ემოციებისგან დავცლილიყავი? ცოტაოდენი შვება მაინც მეგრძნო. _ ბებია, ნეტავ შეიძლებოდეს იმ დღის დაბრუნება და ყოველი პატარა დეტალის, მთელი დღის შემადგენელი რუტინის ხელახლა გავლა, რომელიც მაშინ ძალიან ჩვეულებრივი მეჩვენებოდა. სამშაბათობით, სპორტზე სიარული რომ მეზარებოდა ხოლმე, გარეთ ბავშვებთან ერთად სეირნობის ნაცვლად, შინ დაბრუნება მერჩივნა.სწორედ იმ დღეს უყვარდა ბებიას ძველი ნივთების დალაგება და ტაროს კარტის გაშლა. თან ყოველთვის აყენებდა ბალახეულ ჩაის, თავისივე დამზადებული გამომშრალი ხილით და იმ საიდუმლო ინგრედიენტით, რომელსაც მე და პოლს არასოდეს გვიმხელდა და შეკითხვაზე საპასუხოდ მუდამ ეშმაკურად გვიღიმოდა. ღმერთო ჩემო, ბებიას შეეძლო ისეთი ბავშვური და ამავდროულად ბრძენი ყოფილიყო. არასდროს დაესვა შეკითხვა და ისე მოეცა საჭირო დროს, საჭირო რჩევა. მოგონებები ჩემში ცოცხლდებოდნენ, მაგრამ მოდუნებას და თვალების მოხუჭვასაც კი ვერ ვახერხებდი.
_ ელის, არ გძინავს? _ აჩურჩულდა ენი.
_ ადრიანად გამეღვიძა და ვეღარ დავიძინე _ ისე უცებ მოვიტყუე, საკუთარი თავის გამიკვირდა.
_ თავს როგორ გრძნობ?
_ არ ვიცი, მგონი კარგად _ არ ვიცოდი, ამ შეკითხვაზე რა პასუხი უნდა გამეცა, როგორ უნდა მომეტყუებინა.
_ თუ ვეღარ დაიძინებ ადრიანად ავდგეთ და სიმშვიდეში ვისაუზმოთ, არამგონია ასე ადრიანად კაფეტერიაში ჩვენს გარდა ვინმე იყოს. _ გამიღიმა და მოსაწესრიგებლად სააბაზანოში შევიდა. საშინლად მინდოდა დამეძინა, მაგრამ უაზროდ წოლას და მოგონებებში გადაშვებას ვამჯობინე რეალობას დავბრუნებოდი და სანამ მოსაწესრიგებლად გავიდოდი, სკოლის ფორმა გამემზადებინა. გაკვეთილების განრიგს თვალი გადავავლე, იმ დღეს ნანატრი ლიტერატურის გაკვეთილი უნდა გვქონოდა, რომელსაც მოუთმენლად ველოდი და დიდი იმედები მქონდა, რომ გამოყოფილი დრო საინტერესოდ გავიდოდა.
უცებ, თავში მოულოდნელმა იდეამ გამიელვა, ისე წამიერად, რომ გაგახსენდება რაღაც და სანამ გადაგავიწყდება, მაქსიმალურად, ცდილობ კონცენტრაციის შენარჩუნებას. მაგიდიდან პატარა ფურცელი ავიღე და ზედ მეხსიერებაში ჩარჩენილი ფრაზა დავწერე ,,MALLEUS MALEFICARUM,,. ვფიქრობდი, რომ ზუსტაფ მქონდა დამახსოვრებული სიტყვები, ცალკეული ფრაზა, რომლის მნიშვნელობა არ მესმოდა, მაგრამ აუცილებლად უნდა გამერკვია. იქნებ, სწორედ გარკვევის შემდეგ მივყოლოდი მთელ უცნაურობათა წყებას და ჯაჭვის ყველა რგოლი თადარიგის მიხედვით გამომეკვლია, შემესწავლა ის, რაც ჩემს თავს ხდებოდა. რა იქნებოდა, თუკი ამ ყველაფერთან ერთად სულელი ტომასის სიტყვებსაც ჩავუფიქრდებოდი? უფრო სწორად ენს ვთხოვდი მოეყოლა, ან თუნდაც მივეხვედრებინე რასთან მქონდა საქმე და რას გულისხმობდა ბიჭი, რომლის უაზრო საქციელსაც ვეწირებოდი.
მას შემდეგ რაც ცხელი შხაპის ქვეშ საბოლოოდ გავთბი, სწრაფად გადავიცვი სკოლის ფორმა და კაფეტერიაში ჩავედი. სასაუზმოდ გამზადებულ დაფაზე პატარა კრუასანი, ფორთოხლის წვენი და რძიანი ყავა დავიდე. იმის მიუხედავად, რომ ამ ადგილს უკვე ვერ ვიტანდი, საუზმეს და ზოგადად სასწავლებლის კვებას არაფერი დაეწუნებოდა, გემრიელიც კი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვეგუებოდი ამ ყველაფერს. ერთნაირი ნაცრისფერი ფორმები, შენობის გარშემო მდგარი დაცვა, მკაცრი შინაგანაწესი და გარემო, ყველაფერი ეს საშინლად მიხუთავდა სულს და ისეთი შეგრძნება მიპყრობდა, თითქოს თინეიჯერთა აღსაზრდელ კოლონიაში ვიყავი.
_ ხომ კარგად ხარ?
_ კი, _ მოკლედ მოვუჭერი და გავუღიმე.
_ ისეთი სახე გაქვს, თითქოს აქაურობას იმ სულელის ჩათვლით ცეცხლს წაუკიდებ და გადაწვავ _ ჩვენს შორიახლოს ჩამომჯდარ ტომასზე მიმითითა და ახითხითდა.
_ ჰოო, უარს ნამდვილად არ ვიტყოდი _ ტომასის დანახვა საშინლად მაღიზიანებდა. ვერ ვხვდებოდი რა უფრო გამაღიზიანებელი იყო, მისი საქციელები და ყველაფერი, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში მოესწრო, თუ ის, რაც ასეთი საცოდაობა იყო_ ჩემი უსუსურობა, მაშინ, როცა ყველა თვითგადარჩენისკენ ისწრაფვოდა.
_ რაღაც მინდა გკითხო, არ ვიცი ახლა არის თუ არა დრო, მაგრამ ვფიქრობ ამ თემაზე სასაუბრო დრო ვერასდროს იქნება.
_ თავს შეუძლოდ გრძნობ? ცუდად ვიხუმრე?უბრალოდ მინდოდა გაგეღიმა ...
_ არა, ყველაფერი კარგადაა, სხვა რამ მინდოდა მეკითხა. ტომასი ნამდვილად იდიოტია, მაგრამ არა მარტო იმიტომ, რომ ქიმიის ლაბორატორიის ჰაერში აწევა შეეძლო, არის კიდევ რაღაც.
_ კიდევ რაღაც? რას გულისხმობ? _ საუბრის ტონს დაუწია და უნებურად მისკენ გააპარა მზერა.
_ გასაგებია, რომ ვიღაც შეიძლება მიზეზით, ან სრულიად უმიზეზოდ არ მოგეწონოს. სრული ანტიპათიით განეწყო ვინმესადმი, მაგრამ ვფიქრობ, არასწორი იქნება თუ ამას არ გეტყვი.
_ აჰ, ვხვდები რაზეც შეიძლება საუბრობდე. ალბათ საშინელებები მოგიყვა ჩემს შესახებ _ ნერვიულობა ხმის ტემბრზეც დაეტყო.
_ არაფერი უთქვამს, ჯობს შენთვითონ მომიყვე, რა თქმა უნდა, თუ საჭიროდ ჩათვლი. _ წინადადების დასრულების შემდეგ ეჭვებმა შემიპყრო, განა სწორად ვიქცეოდი? საჭირო იყო, მისთვის ამ ყველაფრის შესახებ მოყოლა მეთხოვა, ან საერთოდ მესაუბრა ამ თემაზე?
_ ყველაფერი ისეთი უცნაურია, უბრალოდ უცნაური კი არა საშინლად შემაძრწუნებელი. _ თვალებზე ხელები აიფარა და წამით გაჩუმდა.
_ იქნებ არ ღირს? _ მგონი არასწორად ვიქცეოდი.
_ არა, ყველაფერი კარგადაა, ვცდილობ ეჭვები და ფიქრები სწორად, თანმიმდევრობით დავალაგო, რომ არაფერი გამომრჩეს და ზუსტად გადმოვცე, ის რისი თქმაც მინდა.
_ ღრმად ჩაისუნთქა და საუბარი განაგრძო. საბრინა, ჩემი ოთახის მეზობელი იყო. ვერ ვიტყვი, რომ მეგობრები ვიყავით, მაგრამ საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა. ახლა, როცა ამ ყველაფერს ასე ვიხსენებ, ვერ ვხვდები რამდენი ხნის მოსული იყო,ყველაფერი აკვირვებდა და ვერაფერს ეგუებოდა.
_ თავიდანვე ჰოვარდში არ სწავლობდა?
_ არა, რამდენიმე კვირის გადმოსული შეიძლებოდა ყოფილიყო. არ ვიცი, არ მინდა რაიმე შემეშალოს, მაგრამ ზუსტად ვერ ვიხსენებ, თითქოს ყველაფერი ბურუსითაა მოცული, ხან მგონია, რომ ყველაფერი მართლა მე გამოვიგონე და რაღაც მჭირს. _ ამოიხვნეშა და თხრობა განაგრძო _ იმ დროს საშინელი დეპრესია მქონდა, ყველასგან შორს მეჭირა თავი და მასთან ურთიერთობაც არ იყო გამონაკლისი. ერთ დღეს, როგორც ყოველთვის ჩვეულებრივ ჩაიარა სასწავლო პროცესმა და შებინდებულზე, საკმაოდ დაღლილს მეცადინეობაში საწერ მაგიდასთან მჯდომს ჩამეძინა. მერე კი, მერე მოხდა ის საშინელება, რაც მხოლოდ ჩემს გონებაშია და კიდევ.... ჰაერის ცივმა ტალღებმა გამომაღვიძა, ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა ვერ გავიაზრე რა ხდებოდა, თუმცა მისი სილუეტი ნამდვილად ვიცანი, ფანჯრები გადმოეხსნა და ფანჯრის რაფაზე ფეხშიშველი იდგა. თავიდან ვიფიქრე, რომ ყველაფერი მეჩვენებოდა, თავში ისიც კი მომივიდა აზრად, რომ ჯერ კიდევ მეძინა და საშინელი მოლოდინები საბოლოოდ კოშმარი აღმოჩნდებოდა და ჩემს ლოგინში გამომეღვიძებოდა, ერთი ჩვეულებრივი დღე გათენდებოდა.
_ ფანჯრის რაფაზე რას აკეთებდა? _ ტანში სიცივემ დამიარა.
_ დაძახებისას ჩემი ხმა არც კი გაუგია, ჩემგან ზურგით იდგა, ვფიცავ რამდენჯერმე დავუძახე, მერე კი როცა საპასუხო რეაქცია არ მოყვა ახლოს მივედი და შევეცადე ხელით შევხებოდი, მაგრამ, მაგრამ ის უბრალოდ გაფრინდა, გესმის? უბრალოდ გადაეშვა, ჰაერის ცივი ტალღები გააპო და გადაეშვა. _ თვალები აუცრემლიანდა და საუბარი შეწყვიტა. ვერც კი წარმომედგინა, რა შეიძლებოდა ეგრძნო იმ დროს. არ ვიცოდი, რითი შემეძლო მისი ამ გრძნობის შემსუბუქება.
_ საბრინა _ ყავა მოსვა და ატირებულმა საუბარი მაინც განაგრძო, ცდილობდა სათქმელი ბოლომდე მიეყვანა. _ მე მხოლოდ მისი სახელი მახსოვს. მე ხომ უბრალოდ შეშლილი გოგონა ვარ, რომელმაც ოთახის მეგობარი გამოიგონა და ყოველივე ეს სიგიჟე, რომელიც ასე ხშირად მახსენებს თავს.
_ გამოგონებაში რას გულისხმობ? _ დავიბენი.
_ ხომ, აი ასე. მის შესახებ არავინ არაფერი იცის, სად აღარ ვეძებე, როგორ აღარ ვცადე მასზე რაიმე გამერკვია, როგორმე მაინც მომეძიებინა ინფორმაცია, მაგრამ არაფერი. თითქოს აორთქლდა, სხვა რეალობაში გადაეშვა, ან იქნებ სულაც არ ყოფილა? იმ დღის შემდეგ, იმ წყეული ღამის შემდეგ, ხომ ყველა დამცინოდა, მაბრალებდნენ იმას, რაც არ ვიცი, ვერ ვიცი, ძალიან დაბნეული ვარ, მისი კვალი არსადაა, მე მხოლოდ სახელი მახსოვს და ფრაზა, ფრაზა, რომელიც მაგიდაზე მიეწერა MALLEUS MALEFICARUM.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent