ევა
თავი 1 ,,იტყოდა ხოლმე, ასეთი ქალები, ბოტანიკური საოცრებებივით, ან ხელოვნურად გამოჰყავთ, ანდა სხვა პლანეტიდან არიან ჩამოფრენილებიო...." ცხოვრება სირთულეებითაა სავსე. არჩევანი ბევრია, ძალიან ბევრი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე, სწორედ არჩევაა მრავალთაგან იმ ერთის, რაზეც შენი მომავალი ხდება დამოკიდებული. ზოგი ოჯახს ირჩევს, დედ-მამას და და-ძმას. ზოგი დამღლელ ცხოვრებას იწყებს, სადაც უამრავი მომაბეზრებელი სამსახური და გაუთავებელი თავის ტკივილია. ზოგი ცხოვრებას საყვარელი ადამიანის გამო ივიწყებს, ზოგი კი პირიქით, საკუთარ ცხოვრებას ყველას ამჯობინებს. მანაც აარჩია. ზუსტად რა, ეს მხოლოდ მან იცოდა. მან და იმ ღმერთმა, რომელიც მისთვის არ არსებობდა... უკვე შუა დღე იქნებოდა, კომპანიის საქმეები რომ მოაგვარა და სკამიდან წამოდგა. გიშრისფერ თმაში შეიცურა ხელი და შუბლზე ჩამოყრილი რამდენიმე ღერიც უკაც გადააგდო. იგრძნო, თმა არ ემორჩილებოდა, ისევ მარტო ყოფნას ცდილობდნენ მოგრძო გიშრისფერი თმის ღერები და სწორედ ამიტომ მოუწია, იგივე მოქმედება რამდენჯერმე გაემეორებინა. კედლებს მოავლო თვალი. ოთხი კედელი და ოთხივე მთლად ყავისფრად შეღებილი. არა, საღებავი არაფერ შუაშია. კედლები თაროებს დაეფარა და ყველა პატარა თაროზე უამრავი წიგნი ეწყო. ბიბლიოთეკას დამსგავსებოდა კაბინეტი. და მას ეს საორად მშვიდ გარემოს უქმნიდა. წიგნებს თვალი მოავლო, მერე უემოციო გამომეტყველებაზე... არა რა სისულელეა, არაფერი ასახვია! მუდამ ასე იყო, ბიჭს სახეზე ვერასდროს ვერაფერს შეამჩნევდით! ერთ-ერთ თაროს მიუახლოვდა, იქ ეძებდა საინტერესო წიგნს. ისეთს, რომელიც წაკითხული არ ექნებოდა, ან თუ ექნებოდა, ხელახლა წაკითხვისასაც იმავეს განიცდიდა, რაც ოდესღაც უკვე განიცადა... ბოლოს უკმაყოფილომ ამოიხვნეშა, თაროებზე ხელი ჩაიქნია, შავი თმა კვლავ უკან გადაიწია და მშვიდი ნაბიჯით მიუახლოვდა დაბალ მაგიდას. მერე კი ორიდან ერთ წიგნს დაავლო გრძელი, ნათალი თითები. "ყოფის აუტანელი სიმსუბუქე" გადაშალა და საყვარელი წიგნის კითვა შოპენის "ვალსის" ფონზე დაიწყო. სხვისთვის რომ გეკითხათ, გასული საუკუნის ეს უცნაურად საინტერესო წიგნი ასეთი ძვირფასი არ უნდა ყოფილიყო, თუმცა კაცისთვის ეს არ იყო ერთადერთი უცნაურობა და მეტიც—უცნაური წიგნების სიყვარული ყველაზე ნაკლები უცნაურობა იყო მის უცნაურ ცხოვრებაში. დიდხანს იჯდა იქ. დიდხანს იყო თავის სტიქიაში, საყვარელი წიგნის საყვარელ პერსონაჟებთან ცხოვრობდა. მერე შოპენის მუსიკის ხმა ფხაკუნმა გადაფარა. ალბათ, ჩაეცინებოდა, თუმცა ის ხომ კონსტანტინე ალაზნისპირელი იყო. ემოციებს ვერ გამოხატავდა. არ შეეძლო... წიგნი დაკეტა. მუსიკა კი არ გამოურთავს. რბილი სავარძლიდან ადგა თუ არა, გეზი კარისკენ აიღო. გამოაღო თუ არა პატარა, ეგვიპტური კატის დიდი თვალები დაინახა. აშკარა იყო, ყურადღებას ითხოვდა. დაიხარა კონსტანტინე, კატის წინ ჩაიმუხლა, თან თავზე გადაუსვა ხელი და კატაც მაშინვე აკრუტუნდა. -ხომ იცი, აქ არ უნდა მაწუხებდე,-მშვიდად უჩურჩულა კატას, თითქოს მოშინაურებულს მისი სიტყვების შინაარსი გარკვევით ესმოდა, მერე ხელში აიყვანა და კატაც მაშინვე მოკალათდა პატრონის მკერდთან. შოპენთან ერთად კონსტანტინეს უმეტყველო გულისცემას უსმენდა და ალბათ, უბედნიერესი ეგონა თავი. მეორე სართულზე ავიდა ალაზნისპირელი. ავიდა და მაშინვე ვერანდას მიაშურა, სადაც კიდევ ერთი უცნაურობა ინახებოდა. შუშის კარი რომ გამოაღო, მაშინვე ფერადი ბეგონიებით მორთული მოაჯირი დაინახა მაღალმა, შავგვრემანმა კაცმა. რამდენიმე წითელი ჰიბიკუსი ერთმანეთის მიყოლებით ცხოვრობდნენ ბეგონიების ქვეშ, ლამაზად მოპირკეთებულ ბეტონზე. სენპოლია და ლობელია კესანესთან ერთად იყოფდნენ პატარა ტერიტორიას ყვავილების დიდ ოჯახში უზარმაზარ ვერანდაზე. ვერანდის ერთ მხარეს დეკორატიულ თაროებზე ეწყო პახიფიტუმის რამდენიმე ქოთანი, რომელიც თავისი სქელი, ლამაზი ტოტებით ამშვენენდა ვერანდას. მას მოჰყვებოდნენ ცერეუსი და მამილარია, შემდეგ იყო წითლად აყვავებული ეპიფილუმი. ალბათ, ფლორისტსაც კი არ მოაგონდებოდა იმ ყვავილების სახეობა, კონსტანტინეს ვერანდაზე რომ ცხოვრობდნენ უკვე მრავალი წლის განმაბლობაში. თვალები გაუნათდა დიდი ოჯახის დანახვისას. გრძნობდა, როგორ ეხახუნებოდა კატა ფეხზე, ალბათ, კვლავ ყურადღებას ელოდა. ხედავდა, როგორ ეცემოდა შუადღის მზის სხივები მცენარეებს და როგორ ანათებდა მწვანე ფოთლებს ოქროსფრად. ამით იყო ბედნიერი, ამით ცოცხლობდა. რომ გეკითხათ, შენი კომპანიის ფული უფრო მნიშვნელოვანია თუ შენი ყვავილები და კატაო, რა თქმა უნდა, კონსტანტინე მეორეს აირჩევდა. ეს იმიტომ, რომ მთელ სამყაროს ერჩივნა ის სიმწვანე, რომელიც მისი ყვავილების იყო და ის ერთგულება, მისი კატისგან რომ იღებდა. უცნაური ადამიანი იყო კონსტანტინე ალაზნისპირელი, თუმცა შესანიშნავი გარეგნობით დააჯილდოვა ბუნებამ. ვერ იტყოდა დედას ჰგავდა თუ მამას. კუპრივით შავი თმა ჰქონდა, სწორი. გრძელი თითები, ისეთი ლამაზი, თვალს ვერ მოსწყვეტდით. გიშრისფერი თვალები და მუქი ფერის კანი უფრო მეტ შარმს სძენდა და ყველაფერ ამას მისი სპორტული აღნაგობა და სიმაღლე ერთვოდა. იდეალური იყო ნებისმიერი უცხოსთვის, თუმცა, როგორც კი მის საუბარს მოისმენდით, მაშინვე იფიქრებდით, რომ საქმე გიჟთან გაქვთ. როცა ყველა მცენარეს მოავლო თვალი, მომღიმარი სახით შებრუნდა სახლში. ჯერ კატას დახედა. მის კუთხეს მიუახლოვდა და პატარა, ყავისფერი ბურთულებით გაუვსო საჭმლისთვის განკუთვნილი ლითონის ჯამი. მერე აკნავლებულ კატას, რომელიც უკან მიჰყვებოდა, ზურგი აქცია. შემოსასვლელში გასულმა დიდი, წითელი ხის საკიდიდან შავი პიჯაკი ჩამოხსნა. ჯერ ჩაიცვა, თუმცა სარკის წინ რომ ჩაიარა, საკუთარი თავი ზედმეტად შავი მოეჩვენა. მერე პიჯაკი გაიხადა, ისევ საკიდზე დააბრუნა, თეთრი პერანგი შეისწორა, უკან გაიხედა, ცისფერთვალება კატას დახედა. -საღამომდე, სიმბა,-თქვა თბილი ხმით ისე, თითქოს საყვარელ ქალს ემშვიდობებაო და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა ბინა. * ღიღინით უვლიდა პატარა ტერიტორიას კრუგებს. ახალისებდა ზაფზულის სიცხეს გრილი ოთახიდან რომ უმზერდა. შუშის კედლებიდან ქუჩაში მოსიარულე შეწუხებულ ხალხს აკვირდებოდა და მათთან ერთად, მისი გულიც იკუმშებოდა. მერე წითლად, თეთრად, ნარინჯისფრად აელვარებულ ვარდებზე გადაჰქონდა მზერა. მინდვრის ყვავილებსაც გაუღიმებდა და ხასიათზე თვითონაც მოვიდოდა. მერე პატარა, შინდისფერ წიგნაკს გადაშლიდა, შეკვეთებს გადაავლებდა თვალს და წამში დაიწყებდა თაიგულის მზადებას. თხელი, გრძელი თითებით ისე ნაზად ეხებოდა ყვავილებს, როგორც დედა ეფერება ახალშობილ შვილს. მის ხორბლისფერ კანზე თითოეული ყვავილის ფერი მკვეთრად აირეკლებოდა და მუქი, ყავისფერი თვალებით ამ ყვავილისთვის ადგილის ძებნას დაიწყებდა. მერე კონებს შეკრავდა და ასეთივე ფერად ქაღალდში შეფუთავდა, საბოლოოდ კი იმ თაროზე მიუჩენდა ადგილს, საიდანაც თაიგული პატრონს კომფორტულად დაელოდებოდა. -გამარჯობა!-გაისმა კაცის ხმა და გამყიდველი მაშინვე გამოფხიზლდა. ღიმილით დაეყრდნო მაგიდას, ანთებული თვალები მიანათა ბოლო დროს ზედმეტად აქტიურ კლიენტს და ისეთი აჟიტირებული ელოდებოდა კაცისთვის სასურველი ყვავილების დასახელებებს, როგორც ბავშვი სტუმრისგან ელის შოკოლადს. -შოკოლადის კოსმოსი არ გაქვთ?-აშკარად დაღლილი იყო კაცი. ალბათ, ყველგან ეძება ყვავილი, შემოსვლისას ეს მაღაზიაც დაათვარიელა და, არსად რომ არ ჩანდა მცენარე, მწუხარება, სიბრაზე და მობეზრება ვეღარ დამალა. -უკაცრავად,-ხორბლისფერ სახეზე გაოცება გამოესახა გოგოს,-შოკოლადები არ იყიდება აქ... -ყვავილია ეს, ქალბატონო ევა!-ახლა ხმაც შეუწუხდა კაცს. ქალს, როგორც წამის წინ მიმართეს-ევას გაუკვირდა, სახე შეეცვალა. ამხელა ფლორისტმა ქალმა ვერ გაუგო კლიენტს. მერე გაეღიმა, სირცხვილისგან შეფაკლული ლოყები კვლავ ხორბლისფერი გაუხდა. -ბატონო, ეს ყვავილი ძირითადად მექსიკაშია... საქართველოში არსად შემხვედრია. -მომისმინეთ,-თმაგადაპარსული კაცი მხრებში გაიმართა,-ცოლი მინდა მოვიყვანო! მიყვარს ის ქალი და მისი გულის მოსაგებად ეს ყვავილი მჭირდება! და თქვენ... -მაპატიეთ,-დაიწყო ევამ გულწრფელად,-აუცილებლად ვეცდები "შოკოლადის კოსმოსის" მოძიებას და გაგაგებინებთ, თუ მოვახერხებ შეკვეთას. კაცმა მხოლოდ თავი დაუკრა ევას, მერე კი მაღაზია დატოვა. ისევ მარტო დარჩა გოგო, თუმცა ამჯერად ვეღარ აკვირდებოდა უცხო ხალხს შუშის კედლებს იქით. ახლა ყვავილის იმ სახეობაზე ფიქრობდა, რომელის სილამაზით ტკბობაც მხოლოდ ფოტოებით შეეძლო... მაღაზია რომ დაკეტა, მაშინვე მეგობართან შესახვედრად წავიდა. აია სამზარეულოს მაგიდასთან დახვდა, დიდი ჭიქით ხელში. ლამაზი გოგო იყო აია. წითური თმა ჰქონდა და ახალდადებული თოვლივით ქათქათა, რძისფერი კანი. პატარა, თხელი თითებით ისე ეჭიდებოდა ჭიქას, თითქოს ვინმე ართმევდა. ფეხმორთხმით იჯდა და მისი პატარა სხეული უფრო პატარა ჩანდა. დიდი, ცისფერი თვალებით უყურებდა სახლში ახალშესულ ევას. ისეთი დაღლილი იყო აია, ამ დაღლილობას დიდრონ თვალებში ვერ იტევდა და მხრებზე გადაჰქონდა, ჩამოყრილი მხრები კი პატრონის გადარჩენას უკანასკნელი ძალებით ცდილობდნენ. -რა გჭირს?-ევას ცოტა შეეშინდა, ასეთ დღეში რომ დაინახა მეგობარი. -გუშინ მორიგე ვიყავი,-ამოილაპარაკა გოგომ ისე ზანტად, ისე ფრთხილად, მოსმენაც კი დაეზარებოდა უცხოს. -მერე, დილით დაგეძინა!-უკვე მის გვერდით მჯდარ ევას ჯერ კიდევ შეწუხებული ჰქონდა სახე. -ყოჩაღ!-აიამ მხოლოდ ახლა გაათავისუფლა ჭიქა და პატარა ხელები ერთმანეთს შემოჰკრა,-ნეტავ, მე როგორ ვერ მოვიფიქრე! -მაპატიე,-ჩაეცინა ევას, მერე აიას შეხედა და გოგომაც მიაპყრო მზერა მას. -ჰე, დაიწყე, მოყევი,-მკვდარი ხმით თქვა. შეგულიანებული ევაც მაშინვე მოემზადა მეგობრის გამოსაფხიზლებლად. -შოკოლადის კოსმოსი უნდა კლიენტს. -მერე შენი მაღაზიის გვერდით ხომ არის რაღაც მარკეტი? გავიდეს და იყიდოს...-გაუკვირდა აიას. ევას კი მაშინვე ჩაეცინა. -ყვავილია,-ქვემოდან ახედა გოგოს. -უი,-გაშეშებულმა აიამ მაშინვე ტელეფონს დაავლო ხელი. -რას აკეთებ?-გაუკვირდა ევას, თან გულის სიღრმეში ეგონა, რომ აია დახმარებას აპირებდა. -უნდა დავგუგლო,-საქმიანი ხმით წარმოთქვა წითურმა. სწორედ მაშინ იგრძნო ევამ, რა საშინელებაა იმედგაცრუება. მერე ცისფერთვალება ლამაზმანმა ძლივსგასაგონად ამოილაპარაკა, რა ლამაზიაო, ბოლოს კი, უყურადღებობისგან ნერვებმოშლილ ევას გახედა. -ჩემო ევდაკია,-დაიწყო ისეთი ტონით, თითქოს ბებია ესაუბრებოდა საყვარელ შვილიშვილს. -ახლა შემოგცხებ,-გაღიზიანდა ევა. მეგობრის ტონზე, საკუთარ სრულ სახელზე თუ აიას თვალებზე, არ იცოდა, თუმცა აშკარად გაღიზიანდა. -KA Company-ზე არაფერი გაგიგია?-დააიგნორა ევას გამოხტომა აიამ. მისი არაფრისმთქმელი თვალები რომ დაინახა საუბარი განაგრძო,-დიდი კომპანიაა, რამდენიმე წელია საკმაოდ გააქტიურდა. ყვავილების ბიზნესიც აქვთ. მიდი, გაიგე, იქნებ აქვთ ეგ... რა მოთხარი? შოკოლადის გალაქტიკა თუ... -კოსმოსი,-შეუსწორა ევამ. ისეთი ბედნიერი ჩანდა, სიკვდილის პირას მყოფ აიასაც გაეღიმა. ევა წამოხტა, ლოყაზე დაუტოვა კოცნა მეგობარს და სახლიდან ისე გავარდა, მისთვის აღარაფერი უთქვამს. დიდი დრო დასჭირდა ევდაკია დეკანოიძეს კომპანიის საპოვნელად, მათთან შეთანხმების დასადებად და ყვავილის შესაკვეთად. რთული იყო ყველა იმ საბუთის წაკითხვა, უცხო ქალ-კაცები რომ აწვდიდნენ კომპანიაში სტუმრობის დროს. კითხვით დაღლილს ისიც ავიწყდებოდა, ხელი როგორ მოეწერა. ბოლოს კი ძალაგამოცლილი მივიდოდა სახლში, წაბლისფერ თმებს გადაიწევდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.