სიცრუის სადგური 1
ადგილი, რომელიც სოფის მომავლის ყველაზე დიდ იმედად ესახებოდა, სადღესასწაულოდ მორთული მასპინძლობდა მუსიკის მოყვარულებს. ამ კონკურსისთვის მთელი ექვსი თვით ადრე დაიწყო მომზადება და თავიდანვე სერიოზულად მიუდგა. დღეს ჟიურის იმ წევრთა წინაშე უწევდა გამოსვლა, რომლებიც საკმაოდ დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ ქალაქის საზოგადოებაში და რიგ საკითხებში თავისი სიტყვაც ეთქმოდათ. ამჯერად, გადამწყვეტი წუთების წინაშე იდგა, ისინი ან მსუყე ლუკმას გაიმეტებდნენ მისთვის, ან რესტორნის მუსიკოსად აქცევდნენ. დარბაზი ნელ-ნელა ივსებოდა საპატიო სტუმრებით. ტუქსიდოებით გამოწყობილი მამაკაცები და საგულდაგულოდ გაპრანჭული ქალბატონები თავმომწონე მზერით ათვალიერებდნენ ერთმანეთს. იყო წამიერი მოკითხვებიც, მხოლოდ ერთი სიტყვით და თავის დაკვრით რომ შემოიფარგლებოდნენ. ძვირფასი სამოსის ანარეკლები, აქეთ-იქით დამაგრებული პატარა და თვალისმომჭრელი განათებები, აბრდღვიალებული, ოქროსფერი ჭაღი და სხვა რეგალიები თვალს ჭრიდა ირგვლივმყოფთ, თუმცა ეს ის გარემო იყო, რითაც სულიერ ტკბობას იღებდნენ და უკან არაფრის დიდებით არ დაიხევდნენ, რომ ამგვარ ნეტარებაზე უარი ეთქვათ. - ნერვიულობ? - კულისებში მდგომ სოფის მისი განუყრელი მეგობარი, ილანა პოლსკაია დაადგა და თავადაც აღელვებული ცალ თვალს სცენისკენ აპარებდა. - ცოტას. - ემოციებს ნუ ავყვებით, თორემ ყველაფერს გავაფუჭებთ. - ჰო, რა თქმა უნდა, - სწრაფად მიუგო, თვალები დახუჭა და აბუტბუტდა. ჩვევა ჰქონდა, ყოველი წარმოდგენის წინ ლოცვა უნდა ეთქვა და ბოლოს პირჯვარიც გადაეწერა. ღმერთთან ახლოს ყოფნას ჯერ კიდევ დეიდასთან თანაცხოვრების პერიოდში დაეჩვია. არცერთ რელიგიურ დღესასწაულს, მარხვას და წირვა-ლოცვებზე სიარულს აკლდებოდა. ერთი სიტყვით, ბავშვობიდანვე შთაგონებული ჰქონდა ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ცხოვრების წესები, რომლებსაც მორჩილად მიჰყვებოდა და დეიდის გარდაცვალების შემდგომაც ზოგიერთი რამ ფრაგმენტებად მოჰყვებოდა. დარბაზში დაბნელდა, მხოლოდ სცენაზე დარჩა ბრდღვიალა შუქი სცენაზე გამომსვლელი მუსიკოსებისთვის. საოცარი სიჩუმე ჩამოწვა. ყველა წამყვანის მოლოდინში იყო. მალე ისიც გამოჩნდა, შესანიშნავი და საკმაოდ სიმპათიური გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცი პირმოღიმარი წარდგა აუდიტორიის წინაშე, ხელთ არსებულ თეთრ ფურცლებს გამომწვევად აშრიალებდა და პუბლიკას ცნობისმოყვარეობას აღუძრავდა. მისალმების შემდეგ პირველად სოფი მესხი და ილანა პოლსკაია წარადგინა, თავად კონკურსანტების გამოჩენისთანავე კულისებში მიიკარგა. სოფი შეუდარებლად გამოიყურებოდა. წინა დღით ნაქირავები გრძელი, ტანში გამოყვანილი შავი კაბა ზურგს სექსუალურად უშიშვლებდა და მისი სხეულის შტრიხებს ნათლად უსვამდა ხაზს. როიალთან მოხდენილად დაჯდა, გიშრისფერი თმა ყურებზე გადაეწია და წითელკაბიან, არანაკლებად მშვენიერ ილანას გახედა, რომელსაც ქერა თმა ცალ მხარზე ჩამოშლოდა, ცალზე კი ვიოლინო ჩამოედო და მის ასაჟღერებლად ემზადებოდა. მეგობარს თავის სუსტი მოძრაობით ანიშნა, მზად ვარო და სოფიმაც სპილოსძვლისფერ კლავიშებზე განათავსა ხელის მტევნები. მუსიკა სასიამოვნო ბგერებად გაიშალა ჰაერში და მომაჯადოებელი ჰანგებით დაუარა დარბაზში მყოფებს. სოფის უნატიფესი თითები კლავიშებზე სხვადასხვა ტემპებით გადადიოდნენ. როიალზე აცეკვებული ნოტები ვიოლინოს სიმებიდან ხემით გამოტანილ მუსიკას ჰაერში ისეთი ჰარმონიით ერწყმოდნენ, შეუძლებელი იყო, არ მონუსხულიყავი. გოგონები დიდებულად ართმევდნენ თავს ურთულესი ნაწარმოების შესრულებას და ეს ჟიურის შეუმჩნეველი არ დარჩენია. ყველა წევრი ინიშნავდა თავისთვის გარკვეულ შენიშვნებს და შესაბამის ქულასაც წერდა. შემდეგ ერთმანეთს ჩურჩულით ამცნობდნენ მოსაზრებებს და ერთხმად თანხმდებოდნენ კონკურსანტების ნიჭიერებაში. მონაწილეთა უბადლო შესრულებას ტაში მოჰყვა. სოფი და ილანა ღიმილიანი სახეებით დაემშვიდობნენ მსმენელებს და სცენა სხვა გამომსვლელებს დაუთმეს. - ღმერთო, მთელი სხეული მიკანკალებს. მუხლებში ისეთი სისუსტე მაქვს, კიდევ კარგი, სცენაზე არ გავიშხლართე, - მღელვარებას ვერ ახშობდა ილანა. - მე გასვლის წინ მაქვს ხოლმე ასეთი შეგრძნებები. როგორც კი როიალთან ვჯდები, მაშინვე მეხსნება ყოველგვარი დაძაბულობა და მუსიკის სამყაროში ვაბიჯებ, - სოფიმ მშვიდად თქვა, წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადა და დროებით დაბალძირიან, ეგრეთწოდებულ „ბალეტკებში“ წაჰყო ფეხის თითები. - სანამ ეს კონკურსი ჩაივლის, მე ჩემი დამემართება. - ჩამოჯექი, თორემ შენი წინ და უკან სიარულით თვალს ვეღარ გაყოლებ და გეფიცები, უკვე თავბრუ მესხმის. - რას ფიქრობ, გავიმარჯვებთ? - არ ვიმსახურებთ? ორი ურთულესი ტური გადავლახეთ. - როგორ არა, მაგრამ... - არანაირი მაგრამ, ერთი წუთითაც არ მინდა დავუშვა, რომ ფინალში ვერ გადავალთ, - ქვედა ტუჩის წვალება დაიწყო სოფიმ. - მოიშალე თითებით ტუჩის წიწკვნა, რა, არ გიხდება და თანაც ტუჩსაცხი და კონტური გეშლება, -ილანამ ხელი აუკრა მეგობარს და მოულოდნელობისგან შეშინებული მეგობრის სახის გამომეტყველებაზე აკისკისდა. - ეგრე უნდა გამიხეთქო გული? მოგკლავ, - მხარზე წაავლო თითები და ისე უჩქმიტა, მაშინვე დაუწითლდა პოლონური წარმომავლობის წინაპრებისგან გენეტიკურად ნაბოძები თეთრი კანი. - ჯანდაბა! ნორმალური ხარ? - ატკიებულ მხარზე ხელი იტაცა და ტკივილისგან შეწუხებულმა დაიზილა. - იდეალური შესრულება იყო, - მხიარულად დაადგათ თავზე წამყვანი და შეკამათებული მეგობრების ყურადღება მიიპყრო. - მაგას მერე ვნახავთ, შემდეგ ტურში რომ გადაგვიყვანენ და ფინალიდანაც საზეიმო სიცილით დაგვაჯილდოვებენ, - წაიბურტყუნა ილანამ. - რა ამბიციებია? - ჩაეცინა ახალგაზრდა მამაკაცს და გოგონებს წინ ჩამოუჯდა. - რატომ? - სოფიმ მისი ცბიერი მზერა დაიჭირა, რომელიც გვერდში შეხსნილი კაბის მოშიშვლებულ ფეხებთან გაჩერდა. - იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ღირსეული მეტოქე გყავთ. - მათი არ მეშინია. - კარგია, რომ თავდაჯერებული ხარ. საინტერესოა, შენი მეწყვილეც იმავეს ფიქრობს? - წამყვანმა ფეხი ფეხზე გადაიდო და ცბიერ ღიმილს არ აშორებდა. - რაზე მიგვანიშნებ? - ილანას მამაკაცის სიტყვებმა ეჭვი აღუძრა. - არაფერზე, - მხრები აიჩეჩა და წამოდგა, - უკაცრავად, სხვა მონაწილეები უნდა წარვადგინო, - ორივეს ირონიული ღიმილით გადახედა და სცენისკენ დაიძრა. - რას ბჟუტურობდა ეს ბიჭი? - სოფიმ სერიოზული სახით შეხედა ილანას. - თავმომწონე იდიოტი ჩანს, უბრალოდ ყურადღება მიიქცია. შეიძლება გაცნობისთვის სხვა ვერაფერი მოიფიქრა. ადექი, ვიდრე შემომელახა, სხვაგან წავიდეთ. - სად? - რომელიმე აუდიტორიაში. მისი ღლიცინის ნერვები არ მაქვს. - დარჩენილი გამომსვლელების შესრულების მოსმენას აუდიტორიიდან როგორ მოვახერხებთ? - ამ იდიოტის ფლირტაობის ატანას იქ ყოფნა არ გირჩევნია? - არა. - გამაგიჟებ, - ლოყები დაბერა და ნერვიულად გამოუშვა დაგუბებული ჰაერი. - ის უფრო ცუდია, როცა გარბიხარ. იყუჩე და გავერთოთ. რატომ უნდა გავცვივდეთ დამფრთახალი იხვებივით? - დამფრთხალი იხვები გინახავს? - უფ, რამდენჯერაც გინდა. სოფელში მაგის მეტი არაფერი მინახავს, - გაეცინა სოფის და წითელი ტუჩსაცხის შესასწორებლად ჩანთიდან სარკე ამოიღო. ამასობაში წამყვანმა მორიგი კონკურსანტის სახელი გააჟღერა და როგორც კი სცენაზე გამოჩნდა, სასწრაფოდ გოგოებთან დაბრუნდა: - ჰო, რას ვამბობდი? - არაფერს, - მოკლედ მოუჭრა ილანამ. სოფიმ ეშმაკურად გადახედა წინ მჯდომ მამაკაცს და მეგობრის ენაგამჭრიახობით მოხიბლულმა კმაყოფილად გაუღიმა. - თუ გაწუხებთ, ადგილს შევიცვლი, პრობლემა არაა. - კარგს იზამ, - არც დაფიქრებულა, ისე გაეპასუხა ილანა. - საინტერესოა, სოფიც ასე ფიქრობს? - ცალი წარბი ასწია და მას მიაჩერდა. - ერთი უცნაური ჩვევა სჭირს, სანამ რამეს ვიტყვი, ჩემს სათქმელს არაჩვეულებრივად ხვდება და აჟღერებს ხოლმე, - ხელები გაშალა სოფიმ და ავგურის ღიმილით გაუსწორა თვალი. არ უნდოდა, მეგობრისთვის ეწყენინებინა და მხარი აუბა. ისე კი, მარტო რომ ყოფილიყო, ფლირტში აჰყვებოდა და ბოლოს გაღიმებულსაც დატოვებდა. - თუკი ასეა, უკაცრავად შეწუხებისთვის. მე მაპატიეთ, - კარგი მსახიობივით დაუკრა თავი და სხვებს შეერია. - იდიოტი, - ამრეზით გახედა ილანამ, - მერე დაქალს მიჰკრა იდაყვი და თავისებურად შეუტია: - გადმოგილაგებია ცხრამეტრიანი ფეხები და განაზებულხარ აქ! ვერ ხვდები, რომ ხალხს აშტერებ? - რა გინდა? ვერთობოდი. - ცოტაც და ყურებიდან გადმოასხამდა, შემთხვევით ზედმეტი ხომ არ ვიყავი? - კარგი, რა! მორჩი ჯაჯღანს და კონკურსის შედეგზე იფიქრე. - დავიღალე შენით დაშტერებული კაცების განდევნით. - ვაიმე, რატომ ღელავ? მივხედავ როგორმე. - მე ვიცი როგორც მიხედავ. ეგრე მიხედე ორ ვაჟბატონს, ერთმანეთს რომ შეასკდნენ ჯიუტი თხებივით და მათ გამო ატეხილი ჩხუბისთვის რესტორნიდან რომ მოგვიხდა წამოსვლა. რაც შეეხება კონკურსის შედეგს, ახლა ჟიურიმ იფიქროს. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ. - ილანა, ილანა. როგორ ცხარობ. - გავცხარდები, აბა, რა იქნება? ათი კაციდან ათივე შენკენ მოქრის და ერთი მაინც გაიმეტე ჩემთვის, - გაბრაზებული სახე მოეშალა, თავი ვეღარ შეიკავა და გაეცინა. - აჰა, გამოტყდა, რაც აწუხებდა. - ხან იქიდან ჩავივლი, ხან აქედან ჩამოვივლი, ხან სალონში დაგრძელებულ წამწამებს ვაფახულებ, ლამის არის წელში გადავტყდე და ვინ გიყურებს? შენს გვერდზე ისე ვიჩრდილები, ვინ ილანა? აბა, ილანა? სად დაიკარგა? ალოოო... - ნუ შეცურე სიღრმეებში. - კარგი, მთავარია, ის ტიპი გაიქცა. ახლა ჩემი ეგო დიდად კმაყოფილი ძევს. - რა გეშველება? - სანამ ჩემი დაქალი ხარ და გასათხოვარი გქვია, არც არაფერი. მერე ვნახოთ. - ჯერ ერთი, გასათხოვარი კი არა, სოფი მქვია, მერე მეორე... - წინადადება აღარ დაუმთავრებია, კონკურსანტებმა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებისთვის სცენაზე გასვლა დაიწყეს. - ახლა არ მოვკვდე, - ილანამ ხელი მოჰკიდა სოფის და მაგრად მოუჭირა. - მორჩი ნერვიულობას და თავი ისე დაიჭირე, რომ სახეზე არაფერი გეტყობოდეს. - ნეტავ, შენი მსახიობური ნიჭი მომცა, - ესღა მოასწრო და აბრდღვიალებულ სცენაზე მეგობარს უკან გაჰყვა. ჟიურის მთავარი წარმომადგენელი საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და კომპოზიტორი გახლდათ, რომელსაც დანარჩენმა წევრებმა ერთხმად გადაულოცეს ფინალში გასული კონკურსანტების სახელებისა და გვარების გამოცხადება. ლევან მდივანმა სცენაზე მდგომი მღელვარებისგან გადაღლილი მუსიკოსები დაკვირვებით შეათვალიერა და საქმეს შეუდგა. საბედნიეროდ, ფინალში გადასულთა შორის სოფი მესხი და ილანა პოლსკაიაც აღმოჩნდნენ. სანამ კონკურსის მიღმა დარჩენილები გამარჯვებულებს ულოცავდნენ, ლევან მდივანი ეიფორიაში ჩავარდნილ სოფის პირდაპირ თვალებით სჭამდა. - ეს გოგო ვინ არის? - მრავლისმეტყველი მზერით გადაულაპარაკა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორს, გიორგი კალანდიას. - დიდებული პიანისტია. ქარიზმაც აქვს, შარმი და არც სექსუალურობა აკლია. მოკლედ, ყველაფერი აქვს, რომ კონკურსს თავი გაართვას და დამსახურებული ჯილდოც აიღოს. თუ ფინალს არ გააფუჭებს, მგონი ღირს, ორკესტრში გადავიყვანოთ. - ვნახოთ. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, - წარმოთქვა, ფეხზე ადგა და სხვების მსგავსად ტაში დაუკრა გამარჯვებულებს. *** რამდენიმე დღეში ინფორმაციამ გაჟონა ფინალში გამარჯვებული კონკურსანტების შესახებ, სადაც ორკესტრისთვის ახალი წევრების ვინაობა უკვე ცნობილი იყო და მათ შორის სოფი მესხი არსად ფიგურირებდა. - საიდან გაიგე, რომ გამარჯვებული არა მე, არამედ ნუცა მალიძეა?- სოფი შეშფოთებული სახით ეკითხებოდა ილანას. - რა გითხრა? კულუარული ჭორია. იმასაც ამბობენ, ვიღაცას რექტორის კაბინეტში გამარჯვებული კონკურსანტების სიაც უნახავს. - და იქ არ ვარ? - არა. -შენ? - მე ვეწერე. - მაჩვენეთ სია. - სოფი დაწყნარდი, შეიძლება ეს სულაც რექტორის მოსაზრებით შედგენილი სიაა და არაფერი საერთო არ ჰქონდეს ფინალის შედეგებთან, - ცდილობდა მეგობარი დაემშვიდებინა. - თუნდაც რექტორის მოსაზრებებით შედგენილ გამარჯვებულთა სიაში რატომ არ უნდა იყოს სოფი მესხი, რომელიც ოცდაოთხი საათი ტვინს ასხავს კლავიშებს? - ნუ ადუღდი. სიმშვიდე შეინარჩუნე. - მიპასუხე, ცუდი მუსიკოსი ვარ? - არა, ვინ ამბობს მაგას? - სად არის სია? ილანამ ტელეფონის გალერეაში სურათი მოძებნა და მეგობარს გაუგზავნა. სოფიმ დახედა და სიმწრისგან აღმოხდა: - ნუცა რითი მჯობია? რატომ უნდა გაიმარჯვოს იმან და არა-მე? იმიტომ, რომ მისი ოჯახი და ნაცნობ-მეგობართა წრე უფრო ფართო და სახელოვანია, ვიდრე სოფი მესხის? ჰო, რა თქმა უნდა, - შეშლილი სახით დააქნია თავი და მეგობარს ელვისებური სისწრაფით მოწყდა. - სად მიდიხარ? - მიაძახა შეწუხებულმა ილანამ, თუმცა სოფი აღარ უსმენდა. *** დიდი ხნის ლოდინის შემდეგ სოფი მესხმა გიორგი კალანდიას კაბინეტში შეაღწია. ხანშიშესულმა მამაკაცმა დამამთავრებელი კურსის სტუდენტს თბილად გაუღიმა და მისასალმებლად სკამიდან წამოდგა. - როგორ ბრძანდებით, ბატონო გიორგი? - მოკითხვა დაასწრო სოფიმ. - გმადლობთ, თავად როგორ გიკითხოთ? - არამიშავს, - სახე დაისერიოზულა სტუდენტმა, მერე თითქოს ავდარმა გადაუარა, ძალიან მოიღუშა. - რამე მოხდა? - ფრთხილად შეაპარა მამაკაცმა. - არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ გავრცელდა ჭორი, თითქოს პიანისტად ნუცა მალიძე გადადის ორკესტრში. რექტორს ალმური გადაუვიდა და ტყავის სავარძელს ზურგით მიწოლილი მაშინვე მაგიდისკენ წამოიწია: - რა სისულელეა? როდის იყო, შედეგები ფინალის დღემდე ხდებოდა ცნობილი? - ბატონო გიორგი, სია ნახეს. - რომელ სიაზე მელაპარაკები? იმაზე, რომელიც არ არსებობს? - არსებობს. - შეუძლებელია, მაშინ მაჩვენეთ. სოფიმ ტელეფონში წუთის წინ მიღებული სურათი მოძებნა და მაგიდაზე დაუდო. გიორგიმ როგორც კი ეკრანს დახედა, პირკატა ეცა. წამით დაიბნა და ხმა ვერ ამოიღო, შემდეგ ძალა მოიკრიბა და გოგონას თვალი გაუსწორა: - რა გარანტია გაქვს, რომ ეს სხვისი შედგენილი სია არ არის და ცილს არ მწამებენ? - და გამარჯვებულები რომ ზუსტად ისინი აღმოჩნდნენ, ვინც ამ სიაშია შეყვანილი? მაშინ რა პასუხს გამცემთ? საინტერესოა, კვლავ ასე მშვიდად შემომხედავთ? ნამუსი არ შეგაწუხებთ? - შეიძლება, აქ მოცემული კანდიდატების სახელები ჟიურის არჩევანს დაემთხვეს კიდეც, ყველაფერი ხდება, - მხრები აიჩეჩა რექტორმა. - ესე იგი, არ უარყოფთ, რომ ეს სია ნამდვილია. - არ მინდა, ცუდად ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ტყუილი ბრალდებისთვის შემიძლია გიჩივლო. - კიდეც მემუქრებით? - კაბინეტში მივარდები, ხმას იმაღლებ და რაღაც სულელურ სიას მაჩეჩებ. გგონია, რადგან ჩემს თანამშრომლებსა და შენს თანატოლებში სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებ, ყველაფრის უფლება გაქვს? წყობიდან გამოსული რექტორი რომ დაინახა, უკან დახევა ამჯობინა: - მაპატიეთ, მეც ადამიანი ვარ და ძალიან ავღელდი, მაგრამ თუ ეს სიმართლეა, იცოდეთ, ძალიან დიდი უსამართლობა იქნება, რომ ნუცამ გაიმარჯვოს. სხვას აღარაფერს ვიტყვი, დანარჩენი თქვენ იცით. რექტორს აღარაფერი უთქვამს მისთვის, ჯიბეში მანქანის გასაღები მოიჩხრიკა და შენობა დატოვა. *** როგორც კი გიორგი კალანდია კონსერვატორიიდან გავიდა, ჩასაფრებულმა საქმეთა მმართველმა კმაყოფილი სახით აკრიფა ლევან მდივანის ნომერი და მის მიერ დატრიალებული ამბავი დეტალებში უამბო. ისიც დასძინა, რომ სოფი მესხი მისი საკონტაქტო ინფორმაციის გაგებით იყო დაინტერესებული. - შენ ხომ არაფერი გითქვამს?-ხმა გაუტყდა მამაკაცს. - რას ამბობთ? მაგას როგორ გავაკეთებდი? ბატონმა გიორგიმაც კი არაფერი იცის, ისე სუფთად ვიმუშავე, ვერაფერს მიხვდა. - ძალიან კარგი. ცოტას იწვალებს და აუცილებლად მომაგნებს, ჭკვიანი გოგონა ჩანს, - ჩუმად ჩაილაპარაკა, ნაცნობ ქალბატონს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ტელეფონი გათიშა. *** მეორე დღეს სოფი ილანას მიადგა: - დახმარება მჭირდება. - ამჯერად რა ჩაიდინე?-თვალები გადაატრიალა მეგობარმა. - შენი გარდერობიდან რომელიმე საღამოს კაბა უნდა მათხოვო. - ოჰო, რა ამბავია შენს თავს? ამოღერღე. - დღეს ლევან მდივანს წვეულებაზე უნდა ვეწვიო, თავად დამპატიჟა. - რა? ასე მოკლე ხანში რა ამბები გამოჩარხე? - ისეთი არაფერი. მასთან საუბარი მინდა. მივალ და დაველაპარაკები. აუცილებლად უნდა იცოდეს, როგორ მჭირდება მოგება და რამდენი რაღაც არის დამოკიდებული ამ გამარჯვებაზე. - და ისიც შეგიცოდებს? ნუ გამაცინე! - მე არავის შეცოდება არ მჭირდება, რაც მეკუთვნის, იმას ვითხოვ. ნუცა არ არის იმ კატეგორიის მუსიკოსი, რომ ორკესტრში გადასვლას იმსახურებდეს. - მაგრამ არც ცუდია. - შენ ჩემი მეგობარი ხარ, თუ ნუცასი? - მე უბრალოდ მინდა, თვალი აგიხილო. ნუცას მშობლები არც ისეთი ხელწამოსაკრავი ხალხია. ყველაფერს გააკეთებენ, რომ შვილს ხელი შეუწყონ და უკეთესი მომავალი მისცენ. თითქოს პირველად გესმოდეს ამ დედანატირები ნეპოტიზმის შესახებ. - ჰოდა, სწორედ ამიტომ მივდივარ პატივცემულ მთავარ ჟიურისთან. - რაღაც არ მომწონს ეს ამბავი. გული ცუდს მიგრძნობს. ალქაჯივით რაღაც საშინელებას დაატრიალებ. - მენდე და დამელოდე. ახლა კი, კაბა შემარჩევინე. ილანა კარადასთან მივიდა და კარი გააღო: - მობრძანდი და თავად აირჩიე. - აქსესუარებიც არ დაგავიწყდეს, - შესცინა მეგობარს. - ღმერთო ჩემო, რა დონის ნაგლი ხარ, - თავი გააქნია ილანამ და აქსესუარებით სავსე ყუთები გამოულაგა. - ეს უკვე მომწონს,-თვალები გაუნათდა სოფის და ყველაფერი საწოლზე მოაღავა. - სანამ წახვალ, კეთილს ინებებ და ყველაფერს ადგილზე დააბრუნებ. ასეთ აწეწილ ოთახში არ შემომიშვიხარ. - დაიწყო ისევ, - თავისთვის ჩაილაპარაკა სოფიმ და ტანსაცმლის მოზომება განაგრძო. - კიდევ კარგი, ტანგა საცვლები არ გიყვარს, თორემ ალბათ იმათაც გამხდიდი. - არც შენი ზომა მკერდი მაქვს და არც ფეხსაცმელი. - ჰო, დიდი შეღავათი, - ხელები აღმართა და მოწყვეტით დაუშვა. - მოკლედ, გადაწყდა, ამ თეთრ კაბას ვიცვამ და სვაროვსკის გედის კულონიან ძეწკვს ვიკეთებ. ბეჭდებს და სამაჯურებს ჩემითაც გავქაჩავ, აღარ აგაყაყანებ. - ნახე, აგაყაყანებო. ხომ ხარ ღირსი, ეგ კაბა გაგხადო და აქედან მაგ მაისურით და ჯინსით გაგიშვა? - დღეს შენი სუსი არ იყოს, შემარგე და ხვალ უნაკლოდ ნახმარს მოგიცუნცულებ. - გეტყოდი კარგ რამეს, მაგრამ თავს ვიკავებ. - მიდი, გამოუშვი. ჩვენში ყველაფერი მოსულა. - არა, ხვალინდელ დღეს დაველოდები და აქ რომ მოეთრევი, მერე გეტყვი. - მე მოსათრევი ქალი ვარ? - მაშინ აქ რომ შემოკუნკულდები, იმ სიმპათიურ მამაკაცთან შეხვედრის შემდეგ თუ კუნკულის თავი გექნება, მერე გეტყვი. - რაო? - სიცილი ვეღარ შეიკავა სოფიმ. ილანამ ენა გამოუყო და მთელი ძალით ჩაეშვა სავარძელში: - მე რომ მამაკაცი ვიყო და ასეთ ფორმაში დაგინახო, გეფიცები, მაგ წვეტიან ფეხსაცმელს მიწაზე არ დაგადებინებდი. არსად არ შეჰყვე, თორემ... - თვალი ჩაუკრა და სტვენა დაიწყო. - დებილო, - ოცდაჩვიდმეტი წლის კაცს ჩემნაირთან რა სექსი უნდა მოუნდეს? იქ საქმეზე სალაპარაკოდ მივდივარ. - კი, დავიჯერე, როგორ არა. შენ საქმეზე სალაპარაკოდ მიდიხარ, მისთვის საქმე სხვა რაღაცებთან ასოცირდება. არ ვიცოდე მაინც, რომ უცოლოა და შინაურ წრეებში სასიყვარულო თავგადასავლების მაძიებლად იცნობენ. - წავალ და ვნახავ, იქნებ სულაც არ არის პატარა ქალებზე მონადირე მამაკაცი? - ზოგჯერ თავს მიამიტად მაჩვენებ, თუ მე მასულელებ? - ორივე. - ჰოდა, მოგხვდება, - ზურგის უკან პატარა ბალიში მონახა, მიზანში ამოიღო და ესროლა. - ჰმ, - სოფის სუნთქვა შეეკრა მოულოდნელად თავში მოხვედრილი ბალიშის გამო, მაგრამ დრო აღარ იცდიდა, აგვიანდებოდა და პასუხი ვეღარ დაუბრუნა: - სხვა დროს ასე იოლად ვერ გადამირჩებოდი. ახლა კი, დროა, მაკიაჟს მივხედოთ, დასწორებული თმა დაუდევრად აიწია და ჩანთიდან კოსმეტიკური საშუალებების პატარა სათავსო ამოაძვრინა. *** საღამოს რვა საათი ხდებოდა, როდესაც სოფი მესხი ლევან მდივანის სახლთან გამოჩნდა. კარი მოსამსახურე ქალმა გაუღო და სახლის უკანა ეზოში, საცურაო აუზთან წარუძღვა. დეკზე შვედური მაგიდის სტილში გაწყობილი მაგიდა დაედგათ, ხოლო სტუმრები აქეთ-იქით რამდენიმე მაგიდასთან გადანაწილებულიყვნენ და ბაასით ირთობდნენ თავს. -ბბატონო ლევან, თქვენთან არიან. - ქალმა სტუმრებთან მყოფი მამაკაცი ახლადმისულისკენ მიახედა და გაეცალა. მამაკაცს სოფის დანახვისთანავე სახე გაებადრა და მაგიდასთან მიიპატიჟა. - არა, გმადლობთ. მეჩქარება და უნდა წავიდე. თქვენთან სერიოზული სალაპარაკო რომ არა, სახლში მოსვლით არ შეგაწუხებდით. - შამპანური მაინც მიირთვი, - სავსე ფუჟერი მიაწოდა ლევანმა. - გმადლობთ, მაგრამ არ ვსვამ, - გოგონამ თავის ადგილას დააბრუნა ფუჟერი. - კარგი, რადგან ასეთი საჩქარო საქმე გაქვს, აქეთ მობრძანდი, სახლში შევიდეთ და იქ ვილაპარაკოთ, - კარი გააღო მამაკაცმა და კაბინეტისკენ წარუძღვა, - აბა, გისმენ, მშვენიერო ქალბატონო, - შუქი აანთო და წიგნებით გადაჭედილ ოთახში შეიყვანა. - არც კი ვიცი, საიდან დავიწყო, მაგრამ არც დიდხანს გაჭიანურება მინდა. მოკლედ, გეტყვით, რომ ფინალში გამარჯვებულთა სია ჩამივარდა ხელთ და ისიც გავიგე, რომ ეს ყველაფერი თქვენთან შეთანხმებით მოხდა. - ვერაფერი გავიგე. უფრო წესიერად რომ ამიხსნა? - საკმაოდ დიდი თანამდებობა გაქვთ, ჟიურის მთავარი წევრი ბრძანდებით, სიტყვაც გეთქმით და ძალიან ბევრი რამეა თქვენზე დამოკიდებული. ასე არ არის? - გააგრძელე. - სია, რომელშიც გამარჯვებულ პიანისტებში ნუცა მალიძე წერია, დიდ უსამართლობად მიმაჩნია. - აცნობიერებ, რას ამბობ? - სხვათა შორის, არაჩვეულებრივად. მესმის, თემურ მალიძის წყენინება არ გიღირთ, შეძლებული ბიზნესმენია და ძალიან ბევრ რამეში შეიძლება მისი გამოყენება. - მაგალითად? - მაგას მე მეკითხებით? - თვალი თვალში გაუყარა გოგონამ და მის რეაქციას დაელოდა. - აქ რისთვის მოხვედი? - ხმის ტონი შეეცვალა მამაკაცს. - კარგი კითხვაა. მინდა გარიგება შემოგთავაზოთ. - რომელ გარიგებაზე მელაპარაკები? - თუ გინდათ, რომ ეს სია ხვალ მთელი საზოგადოებისთვის ცნობილი არ გავხადო, კონკურსს ისე ჩაატარებთ, როგორც თითოეული წევრი იმსახურებს. ლევან მდივანს ჩაეცინა, ჰალსტუხი შეიხსნა და ხელი თმაში შეიცურა. როგორც კი სოფის ყურადღება მის მოქმედებებზე გადავიდა, მამაკაცი მაშინვე ხელში სწვდა, მკლავი ამოუბრუნა, მობილური წაართვა და მრისხანედ უთხრა: - გეგონა, ამ თამაშით გამაბრიყვებდი? - ხელი გამიშვი და ტელეფონი დამიბრუნე, - იყვირა სოფიმ. ლევანმა ჩანაწერი წაუშალა და მობილური ტელეფონი ფანჯრიდან ისროლა. ასფალტზე დანარცხებული სმარტფონის ნამსხვრევების ხმა მეორე სართულზე მოესმათ. - როგორ ბედავთ? - გამწარდა გოგონა. მამაკაცმა ხელი გაუშვა და პერანგის საყელო შეისწორა: - კიდევ მე ვბედავ?! აქ ვინმე ათი წლის ბავშვი ხომ არ გგონია?! - აღიარეთ, რომ ამ კონკურსის ჩატარებას არანაირი აზრი არ აქვს. თუ დაგჭირდებათ, ჩემნაირებს თვალებში ნაცარს აყრით და მზად ხართ, ბევრად სუსტი აირჩიოთ, ვინაიდან და რადგანაც მისგან ფულის სუნს გრძნოთ. - ღირსი ხარ, რომ აქედან კინწისკვრით გაგიძახო. - რატომ? იმიტომ, რომ სიმართლეს ვამბობ? - გაჩერდი! - კბილებში გამოსცრა ლევანმა. - არ გავჩერდები! სიმართლე, რომლითაც ახლა ცხოვრობთ, თქვენსავით ბნელი და ამაზრზენია. - ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ სანამ ცოცხალი ვარ, კარიერა დაგინგრიო. - კეთილშობილი ღიმილის უკან, თურმე, რამხელა სიბოროტეს მალავთ. - თუ აქედან დროულად არ წახვალ, რაც დაგემართება, შენს თავს დააბრალე! სოფიმ ღრმად ამოისუნთქა, ზურმუხტისფერი თვალები დაუბრიალა და დაბალ ხმაზე მიუგო: - არსად წასვლას არ ვგეგმავ, სანამ პირობას არ მომცემთ, რომ კონკურსი ღირსეულად ჩატარდება. - გაჩვენებ, როგორ უნდა ლევან მდივანისთვის ულტიმატუმის წაყენება, ახლა ვეღარაფერი გიხსნის, პირადად ვიზრუნებ შენს განადგურებაზე, - მკლავში სწვდა და ოთახიდან გაათრია. -სად მიგყავართ? - შეშინებული მიჰყვებოდა მამაკაცს. გაცოფებული მამაკაცი ყურს არ უგდებდა, კიბეებზე ძალით ჩაიყვანა, გარეთ გაუძახა და თითის აწევით დაემუქრა: - ღმერთმა უწყის, შენს მიმართ კარგად ვიყავი განწყობილი, ამიერიდან საკუთარ თავს დააბრალე შენი უიღბლობა, - ეს თქვა და კარი ცხვირწინ მიუხურა, მერე ერთი ლაზათიანად შეიგინა და მიტოვებულ სტუმრებს შეუერთდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.