შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარილისი |5|


21-05-2020, 20:17
ავტორი Âme
ნანახია 708

შუა დღის სამი საათი იქნებოდა, ახალგაზრდა ყმაწვილმა, საფოსტო მომსახურებიდან, თვითგორიით ჩამოიარა ხეივნის ქუჩა და სწრაფი გარბენით ასულმა, მოიარებით დააკაკუნა ყავისფერ, ხის კარზე. ღრმა სუნთქვით დაელოდა საკეტის გაჩხაკუნებას და გამხდარი თითებით, რამდენჯერმე გადაფერთხა სავალი გზიდან ამანათზე შემოყრილი მტვერი. კარი თავზე პირსახოცმოხვეულმა ქალმა გააღო . ხელის გულზე სწრაფად ჩაუთვალა გასამრჯელო და თავაზიან, თავის დაკვრით დამშვიდობებას, მსგავსი ჟესტით უპასუხა.
-ვინ მოვიდა ლინი?- სამზარეულოდან მოისმა ლეონის ხმა და მალევე, სასადილო ულუფის წინ აღმოჩნდა მუყაოში გახვეული გზავნილი. კლინიკიდან სუროგატი დედის საბუთები გამოეგზავნათ , უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად. ეილინმა მაგიდაზე დალაგებული თეფშები მისწი-მოსწია, ლეონის პირდაპირ ჩამოჯდა და საქაღალდეს, დაწებებული კუთხე, ერთი ხელის მოსმით მოახია.
პირველივე გვერდზე ანარას პატარა ფოტო ჩაეკრათ. ისეთი ბავშვური სახე ქონდა და სევდიანი თვალები. სურათის ქვეშ რამდენიმე ხაზი გამოეტოვებინათ და საშუალო შრიფტით ბიოგრაფიული მონაცემები კოხტად ჩაემწკრივებინათ. რადგან ამ საქმეს დათანხმდა , ლეონმა გადაწყვიტა ბოლომდე გარკვეულიყო და ეილინს რამდენიმე გვერდის მიწოდება სთხოვა. აკვირდებოდა და თან, პერიოდულად, ყავის ულუფები უთბობდნენ ყელს.
-ბავშვთა სახლიდანო, საშიში ხომ არ არის ლეონ?-უცებ შეშფოთება დაეტყო ხმაში და კიდე ერთი ფურცელი შეაბრუნა მისკენ.
-არამგონია, -უდარდელად გასცა პასუხი და ნუშის მოხალული გული მოიქცია კბილებს შორის,- საეჭვი რომ იყოს, ამხელა პასუხისმგებლობას არ აიღებდნენ საკუთარ თავზე. ბოლო- ბოლო, ეს, ისევ მათ რეპუტაციას შებღალავს. სახელი კი, ბიზნესისთვის, თავადაც კარგად იცი რამდენად მნიშვნელოვანია.
-მართალია, უცებ ავღელდი,-საკუთარ სულსწრაფობაზე გაეცინა. შეეცადა დაძაბულობა მცირედით შეემსუბუქებინა. სუროგატის მონაცემები მთლიანად მის წინ მჯდომს გადაულოცა და ხელშეკრულების ასლი გადაფურცლა.
თანხმობის მიღებისთანავე დაიწყეს ანარას სამედიცინო კვლევები, რომელიც კლინიკის შიდა სტანდარტის მიხედვით იყო გაწერილი და პროცედურის მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და მაღალეფექტურობას უზრუნველყოფდა. რესპროდუქციული ჯანმრთელობა პირველი, აუცილებელი პირობა გახლდათ წარმატებული რეზულტატისთვის. ამიტომ, კაბინეტიდან-კაბინეტში უწევდა გადასვლა და დღის ბოლოს, დაქანცულს, ფეხზე დგომაც გაუჭირდა. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, პასუხები რამდენიმე დღით გვიან მოემზადებინათ. მაგრამ, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, საღამოს, უკვე ყველაფერი დათვლილ-დაანგარიშებული გახლდათ. ექიმმა მისი სამედიცინო მდგომარება სრულიად დამაკმაყოფილებლად შეაფასა. ასე რომ, ანარა, უკვე შერჩეულ სუროგატ დედად ითვლებოდა. შესაბამისად, პირველი ვიზიტის დაგეგმვას ხელს არაფერი უშლიდა.

20აპრილი
არავისთვის არაფერი უთქვამს. სწამდა, ამასაც მარტო გადაიტანდა. გაურკვევლობასა და სევდას ერთად დაეპყრო უსუსური სული და სხეული. მის შემდეგ, რაც სიცხიანი, თავისი უპასუხისმგებლო საქციელის გამო ნაადრევად დატოვა ნიკოლა, აღარ უნახავს და მონატრების აუტანელი განცდა უათკეცებდა უიმედობის მძიმე ფარდას, რომელიც, ბოლო დღეების განმავლობაში, მლთიანად გადაეფარა მის ცხოვრებას და ერთ დიდი უკუნში მოაქცია. თუმცა , მაინც მოახერხა გამოცოცება. ერთადერთ, ნათელი სხივის კვალს გაედევნა. დიდი სიამოვნებით დაწვებოდა, მოწყდებოდა სამყაროს და არავის, აღარავის ნახავდა. მაგრამ, ამით, ისევ არაფერი გაკეთდებოდა, სასიკეთო. აუტანელი, ცარიელი არაფერი. გადაწყვიტა, საქმეს ემოციების ნაცვლად ცივად მოჰკიდებოდა, სხვაგვარად განადგურდებოდა. გონებას აიძულა, ყველაფერი ძველი შეენიღბა და ექიმის წინაშე სულ სხვა ანარა წარსდგა. უამრავ კითხვას სვამდა. თუ დაიწყო, უნდოდა ბოლომდე მიეყვანა და მისი იმპულსები ეკონტროლებინა. უჭირდა, ნამდვილად უჭირდა მარილისიდან გამოსვლის შემდეგ არსებობა. ეგონა იქ ტრიალებდა ჯოჯოხეთი და თურმე ყველაფერი წინ ჰქონია. ერთ შენობაში მყოფმა, იცოდი მაინც, ვინ იყო შენი მოკეთე , მოღალატე და მტერი. იცოდი, რას უნდა ელოდე და მომართული იყავი მათგან თავი დაგეცვა. აქ კი, ყველაფერი დაფარულია. კარგიც და ცუდიც თავად უდნა გაარჩიო. აქ, აშკარად არავინ გებრძვის და მზაკვართა ხერხებიც მეტად დახვეწილია. ზედმეტი მოდუნებაცა და მეტისმეტი დაძაბულობაც ძვირად დაგიჯდება. ბალანსია საჭირო, რომ არ ჩაიძირო და არც ზომაზე მეტად აფრინდე მაღლა.
ძალიან კი შერცხვა , მაგრამ პილის თხოვა ტანსაცმელი და შეხვედრისთვის მოემზადა. მას შემდეგ, რაც დეტალებში გაერკვა , ოდნავ დამშვიდდა. ცოდნა, მეტ-ნაკლებად გაძლევს სიტუაციაზე კონტროლის საშუალებას და ამ დროს, სულ ცოტათი მაინც ორგანიზებული ხდები. ცივი სახით ჩაიხედა სარკეში, გრძელი მოსაცმელი შეისწორა და ღრმად ამოისუნთქა.

***
ეილინი დილიდან ემზადებოდა და ცქმუტავდა. სამჯერ გამოიცვალა, წინ და უკან დადიოდა ოთახში და ნერვიულობისგან თითებს ისრესდა .
-ლეონ, რომ გადაიფიქროს, იქნებ უარი გვითხრას , ჰა?- შეშინებული თვალებით ეფეთებოდა მშვიდად მჯდომ, ჩაფიქრებულ მამაკაცს და ისევ აგრძელებდა სიარულს.
-არ მგონია გადაიფიქროს ეილინ. კვლევები ჩაუტარეს, კონტრაქტებიც წესრიგშია. დღეს ხელს მოვაწერთ. ყველაფერი კარგად იქნება. მგონი,ფული თავადაც სჭირდება. ასეთი თანხა კი, მეეჭვება სადმე კიდევ შესთავაზონ.
-ჰო, ჰო, მართალი ხარ. ჩვენ ძალიან კარგად ვუხდით, იმისთვის რომ უარი არ თქვას....
-მგონი, დროა წავიდეთ. ისედაც, საკმაოდ ინერვიულე დილიდან,-მაჯის საათს ზემოდან დახედა და წამოდგა.
-ჯობია, თორემ შეიძლება გავგიჟდე ასე სახლში ჯდომით და ლოდინით,-ფორიაქით გადაკეტა კარი ეილინმა, კიბეებზე დაეშვა და წინ წასულ „მეუღლეს“ წამოეწია.
დილით, მისვლისთანავე, ფსიქოლოგთან შეუშვეს ანარა. უკვე , კარგად იცოდა თითოეული მომავალი ეტაპი და გონებაც ნელ-ნელა ემზადებოდა სიახლეებისთვის. მაგრამ, კიდევ ერთხელ გადახედეს ყველაფერს და დეტალურად გაიარეს გაწერილი დღის გეგმა. მთელი ეს დროა, საკმაოდ შეაფასა და გადააფასა მოცემული ვითარება. როგორც უკვე ვთქვით, ყველა კითხვა დასვა და პასუხებიც საგულდაგულოდ დაიმახსოვრა. ბევრი იმუშავა საკუთარ თავზე. გაუჭირდა, მაგრამ, იმდენად მოახერხა გაცივება და თვითჰიპნოზი, რომ არც წყვილთან შეხვედრისას აღელვებულა ზედმეტად. თავდაჯერებულმა შეაღო კარი და ეილინისა და ლეონის წინ აღმოჩნდა. ნაცნობ ოთახში მომიოხედა, მოკლედ მიესალმა და სხვათაშორის შეავლო თვალი. სხვა თუ არაფერი, სიტყვაძუნწობით ნამდვილად გამოირჩეოდა. არ სურდა თავი ზედმეტი გრძნობებით დაეტვირთა. მათთან არაფერი ჰქონდა საერთო და არც მომავალში უნდოდა ჰქონოდა . ბოლოს და ბოლოს ბავშვი გაჩნდებოდა და ნაცნობობაც სამუდამო დავიწყებას მიეცემოდა. თავშეკავებულად მიესალმა და მათ წინ მოთავსდა. პირობები ორივე მხარემ კარგად იცოდა. ხელმოსაწერად გამზადებული ქაღალდები გულისყურით მოეზადებინათ. სახლშიც არაერთხელ წაუკითხავს ანარას, მაგრამ მაინც გადაავლო თვალი და ინიციალები გაკრული ხელით დახატა ხაზის ბოლოს.
-შეგიძლიათ გაისაუბროთ,- ღიმილით გამოაცხადა ექიმმა, საწერ მაგიდას შემოუარა და კაბინეტიდან გავიდა. მცირე ხნიანი დუმილის შემდეგ საუბარი ეილინმა წამოიწყო.
-ჩვენ წავიკითხეთ თქვენი მონაცემები ანარა. ალბათ, თქვენც გადახედეთ.
-სიმართლე გითხრათ, დიდად არ ჩავძიებივარ თქვენს ისტორიას მისის სოლვე. ვცდილობ ნაკლები ვიცოდე და არ ვიყო თქვენთან არანაირ ემოციურ კავშირზე, გარდა საქმისა. ვფიქობ, ასე გაცილებით მარტივი იქნება . ბოლო-ბოლო ჩვენ ხომ არ ვმეგობრდებით და სამუდამოდ ერთად ყოფნა არ გადაგვიწყვიტავს,-როგორც ჩანს, ახალი გარეგნული იერ-სახე კარგად მოერგო და ცდილობდა ხარისხიანად ეთამაშა.
-დიახ, თქვენთვის ალბათ ძალიან რთულია. მაგრამ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ არ იცით, ჩემთვის რამხელა ბედნიერების მოტანა შეგიძლიათ,-წინ გადაიხარა და მტევნებზე თითები ჩასჭიდა.
-გთხოვთ, არ გინდათ,-ინსტიქტურად გამოაცალა ხელები და ალბათ, ცოტა იმედებიც გაუცრუა ასეთი პასუხით,- თქვენ ხომ ამისთვის მიხდით,- ანარა ისეთი შეცვლილი იყო. გეგონებოდათ დილით ტყავი გამოიცვალა და სულ სხვა ადამიანი გამოვიდა სახლიდან. მაგრამ, სხვაგვარად არ შეეძლო. ნიკოლას მონატრება კლავდა და ვერაფერს აკეთებდა სინამდვილის შესაცვლელად. ისე შეუყვარდა, ისე უანგაროდ. მთელი არსებით. ძუძუ არ უწოვებია, სამშობიარო ტკივილები არ გამოუვლია. ახლა კი, მის სხეულში უნდა გამოეზარდა პატარა არსება. ეგრძნო ყველა მოძრაობა,მოესმინა გულის ცემა და მისი სხეულიდან გამოსვლისთანავე ყველა უფლება დაეკარგა. თუ სხვისი შვილი გახდა მისი განუყოფელი ნაწილი, ამ შემთხვევაში რა ელოდა. არ იცოდა, არც ფიქრი უნდოდა. ამიტომ გათიშა ყველა გრძნობა და მასში, ნელ-ნელა გაიზარდა ახალი ყინული. ლეონი იჯდა ხმა ამოუღებლად და შორიდან აკვირდებოდა მის წინ მყოფის მოძრაობებს. სულაც არ ჰგავდა იგი, პატარა, უკვე ნანახი სურათიდან მომზირალ გოგონას. უფრო, გულქვა ამორძალს დამსგავსებოდა, რომელიც მზად გახლდათ სასურველის მისაღებად, ყოველგვარი ადამიანური გრძნობების გარეშე. ბატონი სოლვეც არანაკლებ შეეპყრო ფიქრებს. ნეტავ, რატომ აკეთებსო. ბევრჯერ გაიმეორა გონებაში და რამდენიმე პასუხი, იქვე გასცა თავად. თუმცა , გამბედაობა არ ეყო პირდაპირ ეკითხა და ჩათვალა , რომ ეს, ზედმეტად შეჭრა იქნებოდა უცხოს პირად სიცრცეში. საოცრად შეუვალი ჩანდა, კლდესავით ცივი, ცოტა-უხეშიც. ბავშვზე ისე საუბრობდა, როგორც- სარფიან გარიგებაზე. რეალურად რომ შეგვეხედა, ასეც იყო. ყველა თავისას მიიღებდა. ეილინი შვილს , ანარა კი-ფულს.
ფორმალური მხარე დაასრულეს თუ არა, ოთახში დამხმარემ შემოიხედა და პოცედურისთვის მზაობა აცნობა . ლეონის ბიოლოგიური მასალა ჩააბარეს და ახლა ყველაფერი ემბრიოლოგების ხელში გადავიდა. კაბინეტში მარტო დარჩენილი ერთ ხანს კედლებს ათვალიერებდა, შემდეგ რამდენიმე ბროშურა წაიკითხა და რაკი ირგვლივ სიტუაცია მიყუჩდა და დერეფანი ცარიელი დაიგულა, კარი გამოიკეტა და გასასვლელისენ დაიძრა. ანარას უნდოდა ზედმეტი ხმაურის გარეშე დაბრუნებულიყო სახლში. ჰორმონალური თერაპიის ფონზე ისედაც გამძაფრებული ქონდა შეგრძნებები და სოლვეებთან საუბარს შეგნებულად არიდებდა თავს . უკვე გარე კიბეებს მოუყვებოდა მისი სახელი რომ გაიგონა და ინსტიქტურად მოიხედა. ეილინი გულამოვარდნილი მორბოდა და ცდლობდა დაწეოდა. შესთავაზა სადმე წასულიყვნენ. მაგრამ , რამდენიმე თხოვნის შემდეგაც კი,ანარამ, ექიმის რჩევის მიხედვით, დასვენება მოიმიზეზა და მოიარებით უთხრა უარი.
-არაუშავს ლინი, სხვა დროსაც მოვასწრებთ. იყოს ისე, როგორც სურს,- საჭირო დროს ჩაერთო ლეონი და უხერხული მდგომარეობისგან იხსნა.
-მაშინ, სახლში წაგიყვანთ. ხომ წავიყვანთ ლეონ, და წამლებსაც გიყიდით რაც დაგიწერეს,- აქეთ-იქეთ იყურებოდა ეილინი და უნდოდა როგორმე, რაიმე ხერხით, მადლიერება გამოეხატა მის წინაშე მდგომი გოგონას მიმართ.
-რა თქმა უნდა, აქეთ წამობრძანდით,- აღარ გაჯიუტებულა. ნამდვილად არ ჰქონდა ქუჩა-ქუჩა ხეტიალისა და რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლის ხალისი. კარი გააღო მამაკაცმა და გვერდზე გაიწია, რომ სივრცე გაეთავისუფლებინა. ანარა მანქანის უკანა სავარძელზე მოთავსდა, ჩანთა გვერდით დაიდო და ფანჯარიდან მომზირალ გაშლილ სივრცეში თავისუფლად გაუშვა მზერა. დაბალ ხმაზე გაისმა ძრავის ხმა და ბორბლები ერთმანეთის მიყოლებით დაგორდნენ ახლადდაგებული ასფალტის ზედაპირზე. კანტი-კუნტად მოჩანდნენ ადამიანები. გაზაფხული, უკვე კარგა გვარიანად იგძნობოდა ქალაქში. თუმცა, ზოგჯერ ისეთ სუსხს გამოურევდა, ერთიანად აწკიპავდა თავმომწონედ გაშლილ , გამწვანებულ ხეებს და ჟრჟოლასავით დაუვლიდა ფოთლებს შორის ცივი ქარი. ფერადი შენობების ფასადები ერთი-მეორეს მიყოლებით ცვლიდნენ ერთმანეთს და სწრაფი მსვლელობისას რაღაც, ჭრელ, გაბმულ ხაზს ემსგავსებოდნენ. დაახლოებით ათი წუთი იქნებოდა გასული,გზის პირას აფთიაქთან შეჩერდნენ. ექიმის დაწერილი, საგულდაგულოდ შენახული ჩამონათვალი სწრაფად ამოიღო ჩანთიდან ეილინმა და მანქანიდან ჩამოხტა. რამდენიმე წუთით მანქანაში დარჩნენ ანარა, ლეონი და სამარისებული სიჩუმე. ქალის მოძრაობას სარკიდან ადევნებდა თვალყურს და მის გამოხედვაში აშკარად გრძნობდა რაღაც, დაფარულს. თუმცა , ახნას ვერ უძებნიდა. უნდოდა გამოლაპარაკებოდა. მაგრამ, ენაზე მომდგარი სიტყვები სადღაც ეფანტებოდა და სათქმელისთვის კორექტული ფორმის შერჩევა გაუჭირდა. ალბათ იმიტომ, რომ არ იცნობდა და ვერ გათვლიდა მის სიტყვებს როგორი შედეგი მოჰყვებოდა. ნეტავ, რატომ დათანხმდა მათთვის სუროგატი გამხდარიყო, ისევ გაუელვა თავში. მოტყუებულს არ ჰგავდა. წერტილ-წერტილ იცოდა ეილინის მდგომარეობა და ალბათ, ძალიან დიდი იყო მიზანი, რისკენაც ასე თავდაუზოგავად ილტვოდა. ერთი ისიც გაიფიქრა, იქნებ შევძლო დახმარება და ამხელა მსხვერპლი ავარიდოო. მაგრამ, ეილინი ისე ელოდა, ჯერ კიდევ არ ჩასახულ ბავშვს, მის წინააღმდეგ წასვლა , ღალატს ნიშნავდა და ზუსტად იცოდა, რომ არასოდეს აპატიებდა . ქუჩები ისევ დაუსრულებლად იკლაკნებოდნენ, ხან-მარჯვნივ, ხან-მარცხნივ. ლეონი გოგონას ნაკარნახევი მისამართისკენ მიდიოდა. თითქოს, ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებულნი, ყველა თავის სამყაროში გადაშვებულიყო და თითოეულს, განსხვავებული საფიქრალით მოჭედილი ჰორიზონტი შემოკვროდა ირგვლივ .
-აქ შეაჩერეთ, თუ შეიძლება,დანარჩენს ფეხით გავივლი-წამოიძახა, როგორც კი მის შესახვევს მიუახლოვდნენ და საზურგეს მიყრდნობილი ოდნავ წამოიწია.
-აქ ცხოვრობთ?
-სამადლოდ,-თავისთვის ჩაილაპარაკა და კარის სახელურს დაეყრდნო.
-უკაცრავად, ვერ გავიგონე , ბოდიში,-ღიმილიანი სახით გამოელაპარაკა მის წინ მჯდომი, ნახევარი ტანით მობრუნებული ეილინი.
-ისეთი არაფერი, მეგობრებმა შემიფარეს დროებით. მაგრამ, იმედი მაქვს მალე ყველაფერი კარგად იქნება. ჩემთვისაც და თქვენთვისაც, - ნელა გაიღიმა და მანქანიდან გადავიდა.
-დარწმუნებული ხართ , რომ ფეხით გააგრძელებთ გზას? მიგიყვანთ , კიდევ ერთხელ შესთავაზა ლეონმა, მაგრამ ანარამ მადლობა გადაუხადა, კარი მიხურა და ზურგი აქცია . წვიმას იწყებდა და ალაგ-ალაგ წვეთები ეცემოდა მიწას. წვრილი კენჭებით მოფენილი ჩიხი ჩაიარა, ძლივს გაიარა ეზო და სახლში შესულმა პირველად იგრძნო როგორ დაღლილა. ფეხსაცმელები იქვე კუთხეში მიაწყო, პილის ტანსაცმელი საწოლის თავთან დადებულ სკამზე დაკეცა და თავად, საშინაო, ორი ზომით დიდ ტანსაცმელში გამოწყობილი ლოგინზე მოიკუნტა . მკაცრი ნიღაბი მოიხსნა და უცებ დაპატარავდა. მარილისშიც ასე იქცეოდა ხშირად, როცა არავინ ჰყავდა , საკუთარ თავს ეხუტებოდა და სიცარიელეს ივსებდა. თვალები დახუჭა და ემოციებისგან დაღლილს მალევე ჩაეძინა .
***
-ცოტა, ცივი გოგოა, არა ?- დაბნეული იყო ეილინი. ფეხსაცმელები შემოსასვლელში დატოვა და საყურის მოხსნა დაიწყო .
-მგონი, არ არის . ვფიქრობ, უფრო სევდიანია, ვიდრე- გულქვა.
- რავიცი , ასე მომეჩვენა ,-მხრები აიჩეჩა და სამზარულოში წყლის დასალევად შევიდა.
-სიხარულით ხომ არ შემოგვეფეთებოდა. ალბათ, ნორმალურია, რომ ასე იქცევა. ბოლო-ბოლო ჩვენი შვილი უნდა ატაროს მუცლით, გააჩინოს და თავად ცარიელი ხელებით დარჩეს. მარტივი ხომ არ არის. თან, წარმოიდგინე, არც დედა ჰყავს, არც-მამა.
-მართალი ხარ. გაფიქრებაც არ მინდა, თქვენ რომ არ მყავდეთ..... რა აზრი ექნება ცხოვრებას...
-მე ის უფრო მიკვირს , ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. რატომ დათანხმდა ასეთ სამსახურს.
-ნათელია, ფული სჭირდება. ხომ გაიგონე, სხვასთან ცხოვრობს . საკუთარი ჭერიც არ გააჩნია, საბრალოს. როგორც ჩანს , ბავშვთა სახლიდან გამოსვლის შემდეგ, სულ ეულად დარჩა და უნდა ცხოვრება აიწყოს . მარტო კი, თან უფულოდ, საკმაოდ რთულია. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს რაიმე გეგმა, მსგავსი ადამიანების დასახმარებლად, -ჩაფიქრდა ეილინი , სავსე ჭიქა წამოიყოლა და ლეონის გვერდით დივანზე ჩამოჯდა.
-ვიფიქრე, ისე ხომ არ დავხმარებოდით ახალი ცხოვრების დაწყებაში. იქნებ, შემდეგ, ჩვენ სხვა სუროგატი გვეპოვა, უფრო გამოცდილი, ვისაც აქამდეც გაუჩენია ბავშვი,-მაინც ამოსცდა ფიქრები და ეილინს გახედა .
-იცი რა, მან თავისი არჩევანი უკვე გააკეთა ლეო და ჩვენ ვალდებულები ვართ, მის გადაწყვეტლებას პატივი ვცეთ. თან, სამარცხვინოს ხომ არაფერს აკეთებს. პირიქით, ცდილობს, ქვეყნად ახალი სიცოცხლე მოავლინოს. მე გამაბედნიეროს, შენ გაგაბედნიეროს. თავადაც, ახალიდან დაიწყებს ყველაფერს. წარმოიდგინე , სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ბევრად უარესად განვითარებულიყო მოვლენები . ქუჩაში მარტო დარჩენილ ქალებს, ბედი ნამდვილად არ უღიმით. იცი, რა ? მე მაქვს ერთი აზრი, რითაც შევძლებთ დავეხმაროთ. თან, ცოტათი გავახაროთ.
-რა აზრი აბა ?
-ბინა ვუქირავოთ. ბიძაჩემის მეზობლად ქირავდება ძალიან კარგი, კოხტა ბინა. მეპატრონეებიც მშვიდი, ზრდილობიანი ადამიანები არიან . თან, თუ რამე დასჭირდება, რებეკა მიაქცევს ყურადღებას. ჰა, როგორია?
-მშვენიერი აზრია, კი. მაშინ, მოვაგვაროთ და ხვალ მივიყვანოთ.
-ხვალ მე არ მეცლება. ტელეფონით ბინის ამბავს მოვაგვარებ და თუ შეძლებ, შენ მიიყვანე.
-თუ გინდა დაგელოდები და ერთად წავიდეთ.
-არა , რა მნიშვნელობა აქვს . იყოს ხვალვე.
-კარგი, სამსახურიდან გავუვლი. რამდენი დრო გასულა,- შემთხვევით გახედა საათს და წასასვლელად მოემზადა,-წავედი, თორემ ჩემები მელოდებიან.
-ასე მალე ? ცოტა დაგეცადა.
-არა ლინი. მოვწესრიგდები, ცოტას გამოვიძინებ,-წამოდგა, შარვალზე ხელი ჩამოისვა, ეილინს შუბლზე აკოცა და კარისკენ წავიდა.
-თავს გაუფრთხილდი,თავქარიანო, -მოაძახა ბოლოს და ნელ- ნელა გაუჩინარდა. როგორც მიხვდა, ეილინს ვერაფრით გადააფიქრებინებდა. სხვა რა გზა იყო. უნდა დაბადებულიყო პატარა , მათი არსებობის გაგრძელება. და თუ ეს ასეთი გარდაუვალი იყო, მომავალ მამას უნდოდა, თავიდანვე ეზრუნა მისი შვილის უსაფრთხოებაზე. ტელეფონი ამოიღო და ნაცნობი ნომერი აკრიფა. შეტყობინება მოკლე და გასაგები იყო:“ გამიგე, ვინ არის ანარა დევინე“. პატარა ფოტო თითებში აათამაშა , მობილურთან ერთად ჯიბეში მიუჩინა ადგილი და მანქანაში ჩაჯდა.
***
ცვლილებები, სიახლის მომტანი, საბედისწერო, დამანგრეველი და აღმაშენებელი. ანარას ეგონა არაფერი იცვლებოდა , დრო გაიყინა და მხოლოდ ერთ ადგილს ტკეპნიდა. მაგრამ, მათ უკვე მოეძებნათ ახალგაზრდა გოგონას ცხოვრებაში საკუთარი ადგილი და ჩუმად დაიძრნენ. ჯერ კიდევ არავინ უწყის როგორ აგორდებოდა, პატარა ტალღად ჩაკვდებოდა, თუ, ზვავად დატყორცნილი, გრიალით წალეკავდა ყველაფერს და მთლიანად შეუცვლიდა სახეს ძველად არსებულს. მთელი ეს დრო, მხოლოდ ლილის შეეძლო დარეკვა და მისგან გებულობდა ამბებს. ბოლოს რომ ესაუბრა , იზოლდა სადღაც აპირებდა წასვლას და ახლა, სულმოუთქმელად ელოდებოდა, როდის შესძლებდა იქ შეპარვას და თავისი პატარას ჩუმად ნახვას. დილით, პილის ეხმარებოდა საუზმის გაწყობაში. ჩაის ჭიქები კოხტად დაელაგებინათ მაგიდაზე და ვანილის სუნი, სასიამოვნოდ ტრიალებდა მთელ ოთახში. გამხდარი თითებით მოხდენილად ახვევდა პილი ბლინებს და თეფშებზე აწყობდა. ჩაიდანში წყალი რომ ადუღდა და ორთქლმა კივილი დაიწყო , სწორედ მაშინ გაიგო ანარამ იზოს წასვლის ამბავი. ვერ გეტყვით, რომელი უფრო ხმამაღალი იყო, ანარას სიხარულის შეძახილი , თუ- ჩაიდნის მზაობის შეტყობინება. მაგრამ, ის კი ნათელია, წამებში აუცეკვდა თვალები. პილის ბოდიში მოუხადა. სასწრაფოდ მოხსნილი წინსაფარი იქვე მიაკიდა და თავქუდმოგლეჯილი გავარდა. რაც ხელში პირველი მოხვდა, ის ჩაიცვა. თმა ერთი ხელის მოსმით აიწია და რეზინით შეიკრა. ერთხელ ფეხსაცმელებისთვის მიბრუნდა , მეორედ- ჩანთისთვის. სიხარულს ისე აეტაცებინა, ძლივს აიყვანა თავი ხელში და პეპელასავით გავარდა . პილი ფანჯარასთან იდგა და ეცინებოდა. შეშლილია ნამდვილიო, თავისთვის იძახდა და კისკისით უყურებდა, შორიდან როგორ ემშვიდოდებოდა ხელის ქნევით, გაბადრული სახით. სირბილით ჩაიარა გრძელი ჩიხი და სულზე მოასწრო გაჩერებაზე წასასვლელად მომზადებული, ძრავ დაქოქილი ტრანსპორტის კიბეზე შეხტომა. გამალებით უცემდა გული და ბედნიერების ციალი დაურბოდა სახეზე. ნიკოლა ჭიშკართან ელოდა და შორიდან მოჰკრა თუ არა თვალი, ლილის ხელიდან გაუსხლტა. ყველა ჩამომდგარი ტრანსპორტის შემდეგ აკვირდებოდა ვინმე დარჩა, თუ-არა გაჩერებაზე და აი, ისიც . მონატრებული სილუეტი მოდიოდა მისკენ . ცისფერი კაბა ეცვა . სიჩქარისა და ქარისგან ტანზე მიკვროდა და ბოლოები უფრიალებდა . ბავშვის მორბენალი ტერფების ქვეშ პატარა ქვებს გაუდიოდათ ხრჭიალი . ერთ წამს ეგონა წაიქცეოდა , მაგრამ დედის ხელებში აღმოჩნდა და მაგრად ჩაეკრა .
-როგორ მომენატრე ჩემო ბიჭო.. ჩემო პატარავ. ოჰ, ოჰ... როგორი ტკბილი ხარ ,-მის სურნელს ღრმად ისუნთქავდა და თავადაც აცრემლებული, აწყლიანებულ თვალებს უკოცნიდა.
-მეც მომენატრე დედა ანა ,მაგრამ, ვითმენდი. აი, ლილი ბებოს ჰკითხე, -ხალისიანად ატიტინდა მაშინვე.
-ნამდვილად, ნამდვილად ყოჩაღად იქცეოდა, -დაუდასტურა ლილიმ და თავზე ხელი გადაუსვა, -ეზოში შევიდეთ , აქ ნუ დავდგებით,-შესთავაზა ანარას. არ უნდოდა ვინმეს შეენიშნა და მითქმა- მოთქმა ამტყდარიყო მისი აქ ყოფნის შესახებ .წინააღმდეგი არც ანარა გახლდათ . ნიკოლა ფრთხილად ჩამოსვა და შესასვლელისკენ წასულ ლილის უკან გაჰყვნენ.
-როგორც ჩანს, უკვე კარგად გრძნობ თავს, აღარ გახველებს,- ყურებამდე გაღიმებული უყურებდა და თვალს ვერ აცილებდა.
-კი, ძალიან. ლილი და მერი სულ ჩემთან იყვნენ. მივლიდნენ და მეც კარგად ვარ , -სადემოსტრაციოდ რამდენიმეჯერ დატრიალდა და თავბრუ დახვეული რომ არ დაცემულიყო, ანარამ შეაშველა ხელი .
-მერი ?- შეუბრუნდა ლილის და თვალით ანიშნა, მისი ვინაობით დაინტერესებულიყო.
-მერი იზოლდას ახალი დამხმარეა. სახელწიფომ გამოგზავნა და ალბათ, მომავალში დაიკავებს კიდეც მის ადგილს. ძალიან კარგი გოგონაა,- თავის დაქნევით მიუგო ლილიმ , რომ საშიში არაფერია და შეეძლო მშვიდად ყოფილიყო. ლილისაც მონატრებოდა დიდი ხნის უნახავი „შვილობილი“ და მოკრძალებულად ცდილობდა სითბოს გამოხატვას. თმაზე ნაზად ეფერებოდა. რაც წავიდა , წამი არ გასულა, მასე არ ედარდა. იცოდა , რაც უნდა ეთქვა, უცხო სახლში მაინც უხერხულად იგრძნობდა თავს. მაგრამ, სხვა , არაფრით შეეძლო დახმარება. მგონი სამსახური ვიშოვე. ოჯახში უნდა ვიმუშავოო, პირველად იცრუა ანარამ მასთან და მაშინვე შეეცადა სასაუბრო თემა შეეცვალა. ესიკვდილებოდა იმ ქალის თვალწინ ცრუპენტელობა , ვინც სახლის კარი გაუღო და ღია ცის ქვეშ დარჩენილი შეიფარა. მაგრამ , სხვა ვერაფრით გაამართლებდა არსაიდან გამოჩენილ ფულს. მუცელი რომ დაეტყობოდა, მერე არ იცოდა რას იზამდა. ახლა კი, ნამდვილად არ უნდოდა მაგაზე ფიქრი. თავს საშინლად დამნაშავედ გრძნობდა და თუ ამ აზრის გარშემო ტრიალს გააგრძელებდა, ეს წუთები უსათუოდ ჩაშხამებდოდა. მას კი, ახლა, მხოლოდ ნიკოლასთვის ემეტებოდა ყოველი წამი. ბედად, ლილის თავზე საყრელად ჰქონდა საქმე და მათთან დასარჩენად არ ეცალა. პატარებისთვის სადილის მზადებას უნდა მიადევნოს თვალყური, ყველას თავისი წილი ზრუნვა სჭირდება. ის კი, მუდამ თან ყვება ბავშვებს და ცდილობს, სიყვარული თანაბად გაანაწილოს. ასეთია ლილი, ათასი აღსაზრდელიც რომ ჰყავდეს, სხვანაირად მაინც არ შეუძლია. ანარა და ნიკოლა ოთახში მარტო დატოვა და კარს მიღმა გაუჩინარდა.
ორნი იყვნენ მხოლოდ,რამდენიმე წუთი ისხდნენ იატაკზე, ერთმანეთის პირისპირ. თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს და არცერთი იღებდა ხმას.
-ბოდიში, რომ დაგტოვე, მაპატიე,-ძლივს ამოთქვა დიდი ხნის , გულში შენახული სევდა და ჩამუხლულმა, მის წინ მოკალათებულ ბიჭს თავზე აკოცა.
-არაუშავს, სამაგიეროდ, ახლა აქ ხარ . მე გაპატიე,-საოცრად დამამშვიდებელი და ტკბილი იყო მისი ხმა. ვერ ხვდებოდა საიდან ჰქონდა ერთ ციდა არსებას ამხელა სიყვარულისა და გაგების ძალა.
-მე.. თავი უნდა შემეკავებინა ნიკოლა. შენზე უნდა მეფიქრა და საფრთხე ამეცილებინა . ამის მაგივრად კი რა გავაკეთე, იზოლდასთან მარტო დაგტოვე . საშინელება იყო, ღმერთო საშინელება. ნამდვილი მხეცივით ვიქცეოდი. თან, შენ თვალწინ,-სახეზე ხელები აიფარა და წამიერად იგრძნო , რომ რცხვენოდა.
-შენ ხომ მითხარი, რომ დედებისთვის შვილები ყველაფერი არიან. ალბათ, ამიტომაც გაბრაზდი ასე ძალიან. მე მიხარია, რომ ძლიერი დედა მყავს . ყველა ბავშვი შენზე ლაპარაკობდა,- თვალებზე მიბჯენილი თითები პაწაწინა თითებით ჩამოაღებინა, ფრთხილად ჩასჭიდა და მუხლებამდე დაუშვა. იჯდა ანარა და მის უძირო თვალებში იყურებოდა. კამკამა, ზღვასავით გამჭირვალე და უცოდველ თავლებში . ერთი ბრალდების მზერაც კი არ დაუჭერია. ასე, უბრალოდ, უპირობოდ უყვარდა. საჩუქრებისა და დაპირებების გარეშე.
-ჰო? ძალადობა მაინც ცუდია ნიკოლა,-სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ისევ საკუთარი საქციელის გაკრიტიკებას შეეცადა. არ უნდოდა ბავშისთვის ძალმომრეობის მაგალითი გამხდარიყო და ბიძგი, რომ მომავალში, რამე მსგავსი ჩაედინა.
-მაგრამ , იზოლდას ეკუთვნოდა.
-მაგრამ ,მაინც ცუდია ,- თავი გადააქნია და მხედველობა ისევ ნიკოლაზე დაფოკუსდა.
-კარგი, სიფიცხე, გაბრაზება და ძალადობა ცუდია,- უცებ ჩამოარაკრაკა. როგორც იქნა, შეთანხმებას მიაღწიეს და ორივეს გაეცინა.
***
სახლში იმ საღამოს ბედნიერი ბრუნდებოდა. მართალია, ლილიმ რომ შემოიხედა და შეახსენა წამოსვლის დრო დამდგარიყო, გული დაწყდა, მაგრამ, ესეც ბევრს ნიშნავდა მისთვის. ნიკოლას სურნელებით ჰქონდა ცხვირწინ ჰაერი სავსე და ყოველ ჩასუნთქვაზე, ფილტვებს ღრმად ჩაჰქონდათ საყვარელი არომტი. თვალდახუჭული და ღიმილიანი სახით მოაბიჯებდა. ერთი წამით ენახა, საკმარისი იყო ვარდისფერი სათვალის გასაკეთებლად. თითქოს, ახალი ძალებით ივსებოდა და სიცოცხლის არსს წვდებოდა. ახლა აღარ ფიქრობდა მისი გადაწყვეტილების მართებულობაზე. მხოლოდ, რაც შეიძლება მალე სურდა მოეხერხებინა ბავშვის თავისთან წამოყვანა და რომ გეკითხათ , ალბათ, სამი შვილის გაჩენაზეც დათანხმდებოდა. მისი გათენებისა და დაღამების ამოსავალ წერტილად იქცა ეს პატარა . რძირფერი ყელსახვევი ყელიდან მოეხსნა და ხელით მოაფრიალებდა ქარის ტალღებზე. უნდოდა პილისთან ერთად პიტნის ჩაი დაელია. ჭიშკრიდან სახლამდე ცოტა გაირბინა, კარი შეაღო და ის ის იყო, მოვედიო უნდა ეთქვა , გაოგნებისგან ენა ჩაუვარდა . მაგიდასთან ლეონი და პილი ისხდნენ. რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ .
-ჩვენი გოგოც მოვიდა,-ხალისიანი ემოცია უცვლელად გააგრძელა პილიმ და ზღურბლთან მდგომ ანარას ანიშნა შემოსულიყო.
-ბატონო ლეონ, აქ რას აკეთებთ ?-იდგა და ათას რამეს ფიქრობდა. გულზე ქარს შეეწითლებინა კანი და დატალღული თმები უსწორმასწოროდ ეყარა მხრებზე. ყელსახვევი ხელიდან გაუვარდა და ბუბულივით მიიწევდა იატაკისკენ , მაგრამ მაშინვე წაატანა თითები და ლამის ჰაერში დაიჭირა ნაზი ქსოვილი. უცებ მიმოიხედა ოთახში. ონორი და ანდრე არ ჩანდნენ. ნეტა პილის რამე უთხრა? განგაშივით ისმოდა ხმები თავში და ყურებში წუილი ჩაუგუბდა. ნეტავ , სიმართლე უკვე იცის? თავის დამშვიდებას ცდილობდა , მაგრამ ვერაფრით ახრეხებდა კონცენტრაციას.
-საღამო მშვიდობის ანარა.
-საღამო მშვიდობის,- ჩუმი იყო მისი პასუხი, გაუბედავი.
-მოდი ანა, შემოდი. შენი უფროსი რა მხიარული კაცი ყოფილა,- ისევ დაუქნია ხელი. ძველ ხუმრობაზე იცინოდა პილი და ცრემლებს იწმენდდა. ძლივს დააწყო სახე გასაღიმებლად, თუმცა სასიამოვნოდ ნამდვილად არ გამოუვიდა. გაფითრებული დაიძრა, სკამის საზურგეს ხელით დაეყრდნო და ფრთხილად ჩამოჯდა,- აქ რატომ მოხვედით?-კიდევ ერთხელ გაიმეორა და პასუხის მოლოდინში გაირინდა.
-მე და ეილინმა გადავწყვიტეთ გვეჩვენებინა სახლი, სადაც უნდა იმუშაოთ და ასევე , გვინდა იქ დარჩეთ. თუ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და მეგობრები შეგელევიან,-მშვიდად, ნელი ტემპით, თითქმის დამარცვლით პასუხობდა ლეონი და ცდილობდა, ანარას დაძაბულობა განემუხტა. ქურაზე შემოდგმული წყალი დუღდა. პილი ყავის დასასხმელად ადგა თუ არა, ანარამ მაშინვე იხელთა დრო.
-რამე უთხარი?-მისკენ წაიწია და ჩურჩულით იკითხა. ცხვირი ლამის ცხვირის წვერზე მიედო და სახეზე, მალამოსავით დაეფინა პასუხად, ასევე ჩუმი, „არაფერი“.
-უბრალოდ, შენთვის სახლი ვიქირავეთ. გვინდა, ჩვენი შვილი კარგ გარემოსა და პირობებში განვითარდეს. ეს კი, როგორც ყველამ ვიცით, ჯერ-ჯერობით შენზეა დამოკიდებული,- აქეთ-იქეთ გაიხედა დაბნეულმა. გაანალიზა, საგანგაშო არაფერი მომხდარა. უცებ გასწორდა, ცოტა მოეშვა და პილის პირთამდე სავსე ფინჯნების მოტანაში დაეხმარა. კიდევ კარგა ხანს ისხდნენ ასე. უნდოდა ყველას დამშვიდობებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, სამსახურებიდან დაბრუნებას აგვიანებდნენ. რვა საათი იქნებოდა ყველაფერი რომ მოაწესრიგეს და წამოსასვლელად მოემზადნენ.
-ანარა, დარწმუნებული ხარ ? ხომ იცი , აქ, იმდენ ხანს შეგიძლია დარჩე, რამდენიც-მოგესურვება.
-ვიცი პილი და უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ასე ჯობია. მინდა დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყო და საკუთარი მცირედის შექმნას შევუდგე. ისედაც,ბევრი დრო დავკარგე. ბიჭებს ჩემს მაგივრად დაემშვიდობე,- თავდაჯერებული ჩანდა.
-თუ ასეა წარმატებებს გისურვებ ჩემი გოგო ,- მკლავზე ხელი ჩამოუსვა და გულიდან წამოსული თბილი ღიმილით გაუფერადდა სახე. ანარა მაგრად მოეხვია მხრებზე მის წინ მდგომს. არ იცოდა, საკუთარი გრძნობები სხვაგვარად როგორ გამოეხატა. ლეონი კი მანქანასთან იდგა და უცდიდა.
-სულ ეს არის?-გაკვირვებულმა შეათვალიერა ხელში ჩაბღუჯული ბარგი.
-დიახ, პრობლემაა? -როგორ ყოველთვის, შეუვალი იყო ანარას ტონი.
ისედაც არაფერი ებადა. მშობლების ჩემოდანი და ერთი ჩანთა საბარგულში მარტივად მოთავსდა. დაძრული მანქანიდან კიდევ ერთხელ მოავლო თვალი მის, ამ ცხოვრებაში პირველ ნავსაყუდელს. პილი იდგა სანამ მანქანა თვალს არ მიეფარებოდა და ხელს უქნევდა .
-ესე იგი, ოჯახში იწყებ მუშაობას,-მცირე ხნიანი დუმილი ლეონმა დაარღვია.
-ასე არ არის? მე, თქვენთვის და თქვენი მეუღლისთვის ვმუშაობ. რა მნიშვნელობა აქვს შესრულებული სამუშაოს ტიპს,-ორი ჯიუტი მზერიდან არცერთი აპირებდა დათმობას. სოლვეს თვალებში აშკარად წაიკითხავდით:“კარგი რა, ჩვენ ხომ ორივემ კარგად ვიცით, ეს ნებისმიერ დალაგებასა და საჭმლის კეთებაზე მეტია.“
-გრცხვენია?
-არა.
-მაშინ რა ხდება, რატომ არ ამბობთ სიმართლეს. თუ თქვენთვის შეურსულებელი დავალებაა და თვლით , რომ თავს ვერ გაართმევთ, შეგიძლიათ ახლავე თქვათ უარი. ჩვენც აღარ გავწვალდებით.
-არა , არავითარ შემთხვევაში. მე საბუთებს ხელი მოვაწერე. თქვენც კარგად ნახეთ ეს ყველაფერი. იქ იყავით. მე თქვენს შვილს გავაჩენ.
-ვიცი, რომ იურიდიულად მოვგვარდით. უბრალოდ, მინდა ვიცოდე შენგან რას უნდა ველოდე. ეილინი აქ არ არის და შეგვიძლია გულწრფელად, ზედმეტი ემოციების გარეშე ვისაუბროთ. დიდი ხანია ამას ელოდება , ბევრი გამოაიარა. ბავშვობიდან ვიცნობ და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის დედობა. ამიტომ, თუ მცირედი შანსი მაინც არის, რომ მას გული ეტკინოს, მინდა ახლავე გავარკვიოთ. ყველანაირად დაგეხმარებით, მაგრამ არა ეილინის ნერვიულობის ხარჯზე....
- ერთი წუთით, ერთი წუთით,- ხელის აწევით შეაჩერა ანარამ ლეონის მონოლოგი,- ვთქვი , რომ მზად ვარ. არავის მოწყალება არ მჭირდება. ჩვენ შევთანხმდით და მე არ ვაპირებ არცერთი პუნქტის დარღვევას. თუ გაინტერესებთ, ფსიქოლოგთანაც დავდივარ. ჩემი ემოციური ლაბილობის გამო არა , იმისთვის, რომ წინასწარ შევემზადო და ჩემთვის ნაკლები მოულოდნელობებით იყოს მომავალი თვეები დატვირთული. ყველაფერი გათვლილია და ჩემი თითოეული ფეხის ნაბიჯი გაწერილ-დაგეგმილი. შესაძლოა მე ბავშვისთვის არავინ ვიყო, მაგრამ, ნამდვილად არ მაქვს სურვილი, ჩემს გამო რამე დაუშავდეს. ვთქვი რომ გავაჩენ და ასეცაა.....- მიხვდა, აღელვებისგან სუნთქვა გაუხშირდა. რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა და კაბის ბოლო გაისწორა.
-თქვენი განაწყენება არც მიფიქრია. უბრალოდ, ახლა ყველანი დაძაბულები ვართ. არც ჩემთვისაა მარტივი ყველა ეს პროცედურა, ექიმები... უბრალოდ, მინდა ბოლომდე ვიყო დარწმუნებული, რომ ყველაფერი რიგზეა.
-ყველაფერი რიგზეა,- ისე უპასუხა მისკენ არც გაუხედავს.
-ბოდიშს გიხდით, თუ რამე უხეშად გამომივიდა.
-არაუშავს, მესმის. თქვენ ხომ ამხელა ინვესტიციას დებთ. რასაკვირველია ღელავთ და არ გინდათ რამემ გაიძულოთ გეგმიდან გადახვევა.
-არა, არა . ფული, ალბათ უკანასკნელია რაზეც ვდარდობ. ახლა, მხოლოდ ეილინზე ვფიქრობ. ამ ყველაფერსაც მხოლოდ მის გამო დავთანხმდი.
- კარგად ჩაივლის. მადლობა , რომ არაფერი თქვით და ამ სახლისთვისაც მადლიერი ვარ. ვიცი, ყველაფერს ბავშის გულისთვის აკეთებთ, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ჩემთვისაც ბევრს ნიშნავს.
-მოიცა, ჯერ მივიდეთ. იქნებ და სად გეპატიჟებით,-შეეხუმრა ლეონი და მანქანა დაბალი კორპუსის წინ გაჩერდა. მესამე სართულზე ფეხით ავიდნენ. დიდი ხნის დაკეტილი კედლების სუნმა კარიდან გაღებისთანავე გამოაღწია და სადარბაზოში გაიფანტა. ბარგი იქვე მიაყუდეს და ხელის ცეცებით მოძებნეს შუქის ასანთები. წვრილი ყვავილებით მოჩითული შპალერს მოიისფრო ელფერი დაჰკრავდა. უცნაური სიმშვიდე სუფევდა, ან, ანარა გრძნობდა თავს მშვიდად. ლეონმა ფარდები გადასწია, ფანჯრები გამოაღო, სუფთა ჰაერი რომ დატრიალებულიყო. ის კი, იდგა ერთ ადგილას და არ ირხეოდა. ცდილობდა, ყველა შემდგომი სიახლე ნაკლები მღელვარებით მიეღო. ფრთხილად გადადგა ჯერ ერთი ნაბიჯი, მერე-მეორე. საძინებლის კარი შეაღო და დააკვირდა. კუთხეში ზემო სართულიდან წყალი ჩამოსულიყო და ყავისფერი სამკუთხედი სამახსოვრო ლაქად დაეტოვებინა. სამზარეულოს კარადებიდან ერთის კარი ირიბად დაზნექილიყო და ცუდად იკეტებოდა. თუმცა, არაფრის შეცვლას აპირებდა. აქაურობის შეჩვევა არ შეიძლებოდა. რადგან იცოდა, რაც მეტად ხდები რამეზე დამოკიდებული და შენთან ახლოს უშვებ, მით მეტად გიჭირს მის გარეშე დარჩენა. დაძაბულობის მოსახსნელად ჩაახველა, წელში გაიმართა, ხელები კალთაზე დაიკრიფა და შეეცადა ოფიციალური ყოფილიყო.
-დიდი მადლობა ბატონო ლეონ. მისის სოლვესაც გადაეცით, რომ მოხარული ვარ თქვენი ასეთი კეთილგანწყობით. ძალიან კარგი სახლია და იმედია თქვენი შვილიც კარგად იგრძნობს თავს მშვიდ გარემოში. მადლობა , რომ უხერხულობა მომაშორეთ და შემიძლია აქ დავრჩე. თუ თქვენც თანახმა იქნებით , მინდა ამ ბინის თანხა ჩემი კუთვნილი ანაზღაურებიდან დამიქვითოთ. ასე უფრო სამართლიანი იქნება და მეც, არ ვიგრძნობ თავს თქვენგან დავალებულად.
-არა , არა . ეს ჩვენი საჩუქარია და მიხარია, თუ მოგეწონა .
-კი ,მაგრამ .
-არავითარი მაგრამ ანარა. ეს , ეილინის გადაწყვეტილება იყო და არავითარი ვალდებულება აქ შენ არ გეკისრება . ვინმე თუ რამით დავალებულია, ეს ჩვენ ვართ. ჩვენთვის საოცრებას აჩენ. ჩემი მეუღლეს დედობის შანსს ჩუქნი. იცი, რამდენი უარი და იმედგაცრუება იყო შენამდე? ძალიან ბევრი. არ ვიცი, შენ რატომ დათანხმდი. მაგრამ იმედია, ყველასთვის კარგად დასრულდება ჩვენი ნაცნობობა.
-ყველანაირად ვეცდები თქვენს ბავშვს გავუფრთხილდე.
-ჰო და მაშინ, მე დაგტოვებ. შენ დაათვალიერე კარგად ყველაფერი,მოეწყვე. ამ დღეებში ლინიც შემოგივლის და ალბათ მის ბიძაშვილსაც გაგაცნობს. წინა კორპუსში ცხოვრობს რებეკა, ახლოს იქნება. თუ სხვა რამე დაგჭირდეს, ჩვენი ნომერი გაქვს.
-კი, კი, ჩავიწერე.
-ძალიან კარგი, მშვიდ საღამოს გისურვებ.
-ნახვამდის,-ხელი ჩამოართვა , მანქანის გასაღები თითებში აათამაშა და კიბეებს დაუყვა. ფრთხილად მიხურა ანარამ კარი. ნივთები საძინებელში შეიტანა. საწოლზე ჩამოჯდა და მთელი ინერციით დავარდა ხელებ გაშლილი. იწვა და ჭერზე ჩამოკიდებულ ობობას ქსელს მიშტერებოდა. იწვა და გატოკებას არ აპირებდა. თაბრუსავით ეხვეოდა მხედველობის ველის ირგვლივ კადრები საკუთარი ცხოვრებიდან. კარგა ხნის შემდეგ დახუჭა თვალები და მშვიდი სუნთქვა გააგრძელა.

25 აპრილი
წელიწადის მეოთხე თვე იწურებოდა. ნელ - ნელა , დათბობასთან ერთად, გაღებულმა ფანჯრების რიცხვმაც იმატა. მინდვრები წვრილ-წვრილი ყვავილებით გადაიპენტა. ბუნების მთელი მშვენიერება დილით ჩამწკრივებული იბანდა პირს მზის სხივებით და ბედნიერების გამოსხივება ტრიალებდა ჰაერში. ორი პატარა უჯრედის გაერთიანება უკვე, ხუთი დღეა ახალი სიცოცხლისთვის იბრძოდა. დღეს თენდებოდა ტანში გადასახლების დღე. მას არავინ არაფერს ეკითხებოდა. ფინჯანზე სითხეში ცურავდა და განვითარების მომდევნო ეტაპებს ელოდა. გარედან ყველაფერი ისეთი მარტივი ჩანს , თუმცა, დღეს, ახალი ადამიანის სიცოცხლე იწყებოდა და არავინ უწყის როგორ შეცვლიდა ის მომავალს. ვინ, ან როგორი იქნებოდა. ანარა ისევ სოლვეების წინ იჯდა პროცედურის მოლოდინში. ექიმმა ეილინს აუხსნა, რომ ყველაფერი მისი დასწრების გარეშეც წარმატებით ჩაივლიდა, მაგრამ ვერაფრით მოისვენა. ემბრიოლოგებს საკუთარი სამუშაო უკვე შეესრულებინათ და განაყოფიერებული კვერცხუჯრედები მზად იყვნენ ახალ გარემოში გასამგზავრებლად.
საპროცედუროში შესვლას ცქმუტვით ელოდა ეილინი და პატარა ბავშივით უცინოდა სახე. საშუალო ზომის, თეთრ ოთახში შეიყვანეს გოგონები. კედელზე ორი, დიდი ეკრანი დაეკიდათ. კიდევ, ირგვლივ, ეილინისათვის ბევრი უცხო აპარატურა და შუაში, ერთჯერადი საფენით დაფარული საწოლი იდგა. რამდენიმე წუთში, ფარდით შემოფარგლულ ოთხკუთხა სივრცეში იდგა ანარა, გაშიშვლებული და ხალათის მორგებას ცდილობდა. იმდენჯერ წარმოიდგინა ეს დღე მექანიკურად გაუყარა მკლავები და უკან სუსტად გაიკვანძა ცისფერი შესაკრავი.
-ალბათ ძალიან ღელავთ არა ?- გულწრფელად იკითხა ეილინმა და სკამზე ჩამომჯდარმა თვალი გააყოლა როგორ დააწვინეს საწოლზე.
-არაფერია, უკვე ბევრჯერ ამიხსნეს,-ნაძალადევად გაუღიმა ანარამ და ხელები მუცელზე დაიწყო. ექიმი მოხერხებულად მოეწყო საწოლის ბოლოსთან და პროცედურის დაწყება ანიშნა. ცდილობდა ყველა შეგრძნება უკუეგდო და თვალები დახუჭა. მისგან განსხვავებით ეილინი ისეთი ინტერესით აკვირდებოდა , ლამის ამოსუნთქვა დაავიწყდა. უამრავ კითხვას სხვამდა და ექიმიც მოთმინებით აძლევდა პასუხებს . ეკრანზე ჯერ საშვილოსნო და შარდის ბუშტი გამოჩნდა, მერე კათეტერი და ნათლად გაარჩია, როგორ ჩაეშვა ანარას სხეულში ახალი სიცოცხლე. თვალებიდან ცრემლები წასკდა და ინსტიქტურად ჩასჭიდა ხელი. უცხო შეხებას არ ელოდა და მოულოდნელობისგან ოდნავ შეკრთა, მაგრამ რომ შეხედა, გულმა ვეღარ გაუძლო. დაყენებული ხასიათი ცოტა ხნით გვერდით გადადო და მანაც იმავეთი უპასუხა. იგრძნო , როგორ სჭირდებოდა თანადგომა, გამხნევება, ბრალოდ ვინმე, ვისაც მისთვის ამოდენა ემოციას გაუზიარებდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა წლების შემდეგ რა მოხდებოდა. ახლა, ამ წამს, ორივენი ამ პატარას გადასარჩენად, საკუთარი ხერხებით იბრძოდნენ. მაინც გახედა ეკრანს. მის ნაწილ პატარა სივცრეში უკვე გაეშვათ ახალბედა მებრძოლი, რომელიც, იმ დროიდან მომდევნო რამდენიმე დღე, ანარასთან შეგუებასა და შესისხლხორცებას შეეცდებოდა. ლეონს ეილინის ჩანთა ეჭირა და გარეთ იცდიდა. უცნაურად აფორიაქებულიყო. ასეა თუ ისე, დღეს მისი შვილის სიცოცხლე უნდა დაწყებულიყო და იქ იწვა ქალი, რომელსაც იგი ცხრა თვე მუცლით უნდა ეტარებინა. ქალი, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა. თავი სიზმარში ეგონა და ზოგჯერ ეჭვიც კი ეპარებოდა საკუთარი თვალით დანახულ რეალობაში. ეილინი მუცელზე კოცნიდა საწოლზე მწოლიარე ქალს და ცრემლებს ვერ იკავებდა. თითქოს, რაღაც გათბა სხეულში. თითქოს, ოკეანის მეორე მხარეს იდგა და უნდოდა ერთიანად ჩაეყლაპა მათ შორის არსებული უზარმაზარი მანძილი.
ძალა აღარ დარჩენოდა . დღეს პირველად მოხდა ის, რასაც ამდენი ხანი ელოდა. რისთვისაც ასე ბეჯითად მოემზადა. უნდოდა ნიკოლასთან წასულიყო, მაგრამ ძალიან დაითრგუნა და მარტო ყოფნა არჩია. საწოლის თავთან ტუმბო სავსე იყო აბებით, კედელზე-მათი მიღების ცხრილი. ორ საათში ერთხელ ეილინის ზარები და მოკითხები. შედგენილი კვების გრაფიკი და გაკონტროლებული დასვენების საათები . თავი რაღაც საშინელებათა ფილმში ეგონა. ყველაფრის შესახებ აფრთხილებდნენ და მისითვის უცხო არ იყო, მაგრამ ისე დაითრგუნა, სამი დღე გაუნძრევლად იწვა. შემდეგ თავს აიძულა მინიმალური მოძრაობები მაინც შეესრულებინა. რუტინას ზედმიწევნით მიყვებოდა, გახალისებასაც ცდილობდა, მაგრამ, ყოველ ღამით იჯდა და გაშტერებული უყურებდა კედლებს . ისინი თითქოს ვიწროვდებოდნენ. ყოველ დღე უფრო და უფრო მეტად უახლოვდებოდნენ და ეგონაა საცაა გასრესდნენ . სუნთქვისთვისაც აღარ ყოფნიდა ადგილი . ერთხელაც, უცებ წამოდგა, დაცვარული მკერდი ზეწრით შეიმშრალა . ჩაიცვა და გარეთ გავარდა . ყელში გაჩხერილი დახუთული ჰაერის ბურთი ძლივს გაიფანტა რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ . ჯერ ერთი ნაბიჯი გადადგა, მერე-მეორე და გულის ხმას გაჰყვა ნამიან გზებზე. მიდიოდა, მიდიოდა გაუაზრებლად და თავისუფლებას შენატროდა. ხარბად უშვებდა ჰაერს ფილტვებში და გრილი სურნელი თითქოს შინაგანი ბორკილებისგან ათავისუფლებდა. გონს რომ მოვიდა, ბავშვთა სახლის გადასახვევთან იდგა. ნიკოლა უნდა ენახა. ჯიბეები მოიქექა და ღამის სუსხით შეციებული ხელებით ძლივს იპოვნა ტელეფონი. ლილის დაურეკა, თხოვა ჩუმად გამოეყვანა .. გული გამისკდება ახლა რომ არ ვნახოო. როგორღაც დაიყოლია და ცოტათი დამშვიდებულმა გააგრძელა დარჩენილი გზა. მარილისი გამეხებული იდგა შეურყევლად- პირქუში, ლეგა , ცივი. შემოვლებულ მაღალ ღობეს შემოუარა და ყველაზე ბნელ, დაშორებულ ადგილას დაელოდა მათ გამოჩენას. მთვარის შუქზე გამოჩნდა ორი ჩრდილი. ლილის ღამის პერანგზე გრძელი მოსაცმელი ჩაეცვა და ერთმანეთთან მიტანილი კიდეები ხელით ეჭირა. მეორეთი კი-ნიკოლა მოჰყავდა. ნამძინარევ თვალებს იფშვნეტდა და ამთქნარებდა. ცხრაკლიტურში გამომწყვდეული ჩიტივით იდგა ანარა რკინის „გალიის“ მიღმა და გული ბაგა-ბუგით უცემდა. პატარა მისი დანახვისას გამოფხიზლდა, მომვლელს ხელი გაუშვა და ღობემდე სირბილ-სირბილით მივიდა. მეტალის წვრილ სვეტებსა და ორნამენტებს შორის ხელებისთვის მოეძებნა ადგილი და მასთან მოახლებულ სხეულს მიეხუტა.
-გადარეული ხარ დედა ანა ?-სიცილით იკითხა ნიკოლამ და ლოყაზე აკოცა .
-მომენატრე, ვეღარ გავუძელი, ავდექი და წამოვედი-შუბლზე ჩამოყრილი თმები გაუსწორა და ლოყაზე დაადო ხელის გული.
-ფეხით?-გაოცება ვეღარ დამალა ბავშვმა და თვალები კაკლისოდენა გაუხდა.
-აჰამ. ხომ იცი , ყველაზე გიჟი და გადარეული დედა გყავს ამ ქვეყნად.
- მგონი, შენ მართლა ძალიან გიყვარვარ ,-ორივეს გაეცინა და თან ერთმანეთს ანიშნეს ჩუმად ყოფილიყვნენ. უცებ ანთებულმა შუქმა ოთხკუთხედად გამოასხივა და ლილის წამიერად შეეკრა სუნთქვა . ანარამ ინსტიქტურად ააფარა ნიკოლას პირზე ხელი და გაშეშდა. ჩვეულებრივ , იზოლდა ამ დროს არ იღვიძებდა. მაგრამ , როგორც ჩანს , რაღაცამ შეაწუხა და იცოდა, ლილის აუცილებლად დაუძახებდა. დაუბარა, მალე დავბრუნდებიო და შენობისკენ გაიქცა .
-კიდევ ერთხელ ჩამეხუტე ჩემო პატარავ,- შეევედრა და გულმკერდით აეკრა ზღუდეს. ხელები შემოხვია , რამდენადაც მათ შორის გავლებულმა ვერაგმა ტყრუშულმა მისცა საშუალება. ზურგზე შემოეჭდო და ლოყები დაუკოცნა . ალბათ, ვერც ვერაფერს იეჭვებდა , ნიკოლას რომ მოეთმინა და უცნაურად არ შეშმუშნულიყო, მასზე შემოსალტული ხელებისგან თავის დასაღწევად. გაოგნებული უყურებდა ანარა და ვერ ხვდებოდა რა მოხდა. არასდროს გაუკეთებია ასე, ერთი შემთხვევაც კი არ ახსენდებოდა მსგავსი.
-რა მოხდა, გაწყენინე?-ძლივს მოაბა სათქმელს თავი და ვეღარ გაიგო, მოულოდნელობისგან, როგორ მოქცეულიყო.
-არა , უბრალოდ, სხვა დროს ჩაგეხუტები.
-რატომ, რამე არასწორად გავაკეთე? მითხარი,-ხმა დაუთბა, მისი პატარა ხელები თითებში მოიცია და პასუხს დაელოდა. თუმცა ნიკოლა ხმის ამოღებას არ აპირებდა. უცებ, რაღაც გუმანით , წამებში მოაბრუნა ბავშვი და ზურგზე ზედა აუწია. სუნთქვა შეეკრა და პირზე ხელი აიფარა . ნიკოლას მთელი ზურგი იარებით ჰქონდა აჭრელებული. პაწია თითებით სწრაფად ჩამოიწია ზედა და შემობრუნდა. ანარა ცვილის ფიგურასავით იდგა და თვალები ცრემლებით გაევსო.
-არ უნდა გენახა,-ჩუმად ჩაიბუტბუტა თავისთვის და დამნაშავესავით დადგა, თავჩაქინდრული.
-ეს რა არის დე, იზოლდამ გააკეთა?-ბლუკუნით ძლივს გადააბა სიტყვები და გაშეშებული ხელები უღონოდ დაუშვა.
-არ მტკივა , შენ თავს ვფიცავარ, არ მტკივა,- თავისებურად ცდილობდა დაემშვიდებინა, თუმცა ანარა ცოცხალმკვდარი იდგა მუხლებზე და ვეღარაფერს გრძნობდა .
-რატომ არ მითხარი?
-ლილიმ გამაფრთხილა , რომ გაგიჟდებოდი მაშინდელივით და ვეღარ გნახავდი.
-რა გაგიკეთეს ჩემო პატარავ. მე კიდევ მშვიდად მეძინა, როცა ჭრილობები თვალის დახუჭვის საშუალებას არ გაძლევდა. როგორ მოუბრუნდა ხელი ჩემო პაწაწინა, ჩემო გულო. ღმერთო, რამ მომასვენა ამდენი ხანი რომ არ მოვედი,-ტანით გრძნობდა რაღაც რიგზე ვერ იყო , მაგრამ ყველაფერს ორსულობას აბრალებდა. ცრემლები მოიწმინდა. უგრძნობი, სახით წამოიმართა და ნელ-ნელა , გაუაზრებლად დაიწყო ღობეზე ასვლა. ერთი-მეორის მიყოლებით ადგამდა ფეხს მოქარგულ ფიგურებზე და სულ უფრო მაღლა მიიწევდა. როგორც იქნა მოახერხა გადაძრომა და რამდენიმე წუთში ნიკოლას წინ ჩამოხტა.
-გინდა, ჩემთან წამოხვიდე?
-ახლა?
-ახლა.
-არა,-ხელები ჩამოუშვა და გვერდით გაიწია.
-რატომ?
-მერე შენც გატკნენ,- პირველად არ იცოდა რა ეთქვა. გული თითქოს მაგრად შეუკრეს და უფრო და უფრო უჭერდნენ. არ უნდოდა ნიკოლას წინ გამოეხატა და ცდილობდა თავი დაეჭირა , მაგრამ შინაგან აბორგებას ვერაფერს უხერხებდა . ბავშვი მაგრად ჩაიხუტა, ფეხზე წამოდგა და ისევ ღობეს მიუახლოვდა.
-რას ვაკეთებთ?-ჩუმად იკითხა ნიკოლამ. თან, ცალი თვალი იზოლდას ფანჯრისკენ ეჭირა.
-ძლიერად მომეჭიდე, გავრბივართ.



№1 სტუმარი ღამის სტუმარი

ვაიმე სადა ხარ ხომ ხარ კარგად თვალები მომექცა შენს ლოდინში როგორ გამეხარდა რომ დაგინახე იმედია ამდენი აღარ ალოდინებ მკითხველს

 


№2  offline წევრი Âme

ღამის სტუმარი
ვაიმე სადა ხარ ხომ ხარ კარგად თვალები მომექცა შენს ლოდინში როგორ გამეხარდა რომ დაგინახე იმედია ამდენი აღარ ალოდინებ მკითხველს

მადლობა რომ წაიკითხე heart_eyes სავარაუდოდ, ხვალ დავდებ ახალ თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent