შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე'ლანდები (სრულად)


7-06-2020, 00:44
ავტორი ტურაგო
ნანახია 2 865

საკუთარ ხასიათს მივაშტერდი-მერამდენედ!

ძვირფასო ქეთრინ,დღის ნათელს ნაღველი გაერია და სევდის ფერი აირეკლა,მე ხის კედლების ტყვე ისევ მარტოდმარტო თეთრ ფურცელზე სიტყვებით გიყვები განცდებს...ისიც კი არ ვიცი დავასრულებ თუ არა ამ წერილს რომელსაც რა ხანია ვაცოდვილებ.იატაკზე გროვა მიდგას დაჭმუჭნილი ქაღალდების რომლებსაც გაწყვეტილი აზრები შევატოვე,მათ შემყურეს მგონია თითქოს სხეულიდან მოგლეჯილი ხორცებია სანაგვეზე გადაყრილი,მრავალი ასეთი სხეულის ნაწილები დავიგლიჯე ქეთრინ,გამოწრეტილნი და გამომჭკნარნი ცეცხლის ენებისთვის გავიმეტე.ზარდახშაში შენთვის დაწერილ წერილებს,რომელთა თითოეულ სიტყვაშიც წამებაა ჩაღვრილი უკვე სიძველის სურნელება გადაეკრა უფერული აპკივით.
სრული სიჩუმე მახვევია გარს.ხის კედლების ტყვემ გესაუბრე წინა წერილში როგორია სმენა დახშული ატარებდე ისედაც წყნარ დღეებს...ბოლო დროს ხშირად წვიმს,მგონია აქამდე არ მსმენოდა და ახლა ვიგებ რომ განუწყვეტელი წვიმის სეზონიც არსებობს.ახლაც შხეფები გამეტებით მოსცვივიან მაღლიდან,მზერა აღიქვამს იმათ სიჩქარეს,მათ მძვინვარებით დანარცხებას ამ სევდა დაღვრილ სამყაროში,თუმცა ხმა სუდარა შემოხვეულია ჩემთვის და ჟღერადობა იქედან ვერ აღწევს.გარეთ მიწასთან ლოყებით შეხებას შეუჩერებლად აგრძელებს წვეთები,რაღაცას ყვებიან თუმცა ვერ ვიგებ.ხელის გულები ძლიერ დამენამა,ნუთუ ჩემშიც წვიმს,ან იქნებ მხოლოდ განცდების ბრალია,მე ხომ ყოველ წუთს თვალწინ მიდგას როგორ წაიკითხავენ შენი სუფთა თვალები ამ ჩემს მომაბეზრებელ მტვერდაფერილ წერილებს.სველ თითებს გაცრეცილ პიჯაკზე ვიწმენდ და მგონია მეც მის მსგავსად გავხუნდი,როგორადაც მას აქვს ამოყრილი ძაფები მეც ისევე ამომებურცა ძვლები და მალე ალბათ კანსაც გამოსტეხავენ,დაიშლებიან და დაკარგავენ პირვანდელ სახეს...ახლა ოთახს მიმოვავლე თვალი,გარეთ ბუნების,ჩემს სივრცეში კი სიტყვების წვიმაა,ერთ-ერთი მათგანის მესმის...მომნუსხველიც კია გეფიცები როცა ვხედავ როგორ დათარეშობს ქარი ფოთლებს შორის,როგორ მირტყავს სხეულზე და ასეთ დროს არ მესმის როგორ იძახის,ჟრუანტელს მგვრის როდესაც გამომჭკნარ ფოთლებს ვფშვნი ფეხქვეშ,ვიცი რომ იმ წამებში იყვირეს,მაგრამ როგორც ყოველთვის ვერ და არ მოვისმინე.
ქარი წყლის ტალღებს მაგონებს ქეთრინ,ჰაერში მიედინება,მოსჩქეფს,ევლება მაღალ ხეებს,ჩემი სახლის შემოგარენს,ზოგჯერ მახრჩობს,მითრევს,სუნთქვის საშუალებას მართმევს ვიდრე არ ამოვყვინთავ აზვირთებული მისი ტალღებისგან.ისეც მგონია ხანდახან თითქოს ამ უხილავ ტალღაში ვარ ჩაყინული,ყოველი ნაბიჯი და მცდელობა იმისა გავფშვნა ყინული მაგრძნობინებს რომ დინების საწინააღმდეგოდ მივცურავ,როდის მომინდება დანებება არ ვიცი ქეთრინ.ნეტავ როდის აღარ გვესმის მდინარის ბღავილი ადამიანებს?

ამ დილით სახე ცრემლებით დავიბანე,მერე საკუთარ თავს დავეკითხე როდიდან გაშავთეთრდა ჩემთვის სამყარო,ყოველი ნივთი,ყოველი ყურე,კითხვებზე პასუხებს თავს არიდებს.თვალებიდან ოცნებები მიცვივიან წამდაუწუმ,ყველა მათგანს შენი ფორმა და სურნელი დაჰკრავს,ჩემი მოუშუშებელი წყლულები ხომ შენით გამოწვეულია,ჩემი ცრემლისფერი არსებობა შენზე მოგონებებმა აქციეს იმად რაც ახლა არის.
გახსოვს როგორი ჩვეულება მქონდა?თვალებს ვხუჭავდი და გეუბნებოდი რომ ჩემი ყველაზე დიდი შიშის პირისპირ ვდგებოდი,სინამდვილეში ვცრუობდი,რადგან შეუძლებელია წარმოსახვაში საკუთარი ყველაზე დიდი შიშის წინაშე დადგე,რადგან რეალურად ვერ ვაცნობიერებთ რომელია ეს,მანამდე ვიდრე არ დაგვატყდება თავს.ყველაფერზე ვფიქრობდი,შენი დაკარგვაც ბევრჯერ წარმოვიდგინე თუმცაღა იმას კი აღარ ვუღრმავდებოდი შენი არყოფნისგან გამოწვეულ სიმარტოვეს როგორ შევეგუებოდი,სწორედ ეს ყოფილა ჩემთვის დაუმარცხებელი შიში,მარტოობა,მარტოობა შენს გარეშე.ახლა შესრუტული ვყავარ ამ გრძნობას და მასში ვცხოვრობ,გზა რომელსაც ამჟამად ვადგავარ ,იქ მაშინ თვალებდახუჭულს ერთხელ მაინც რომ წარმომედგინა ალბათ ჭკუიდან შემშლიდა,ახლა ფაქტის წინაშე ვდგავარ და ისღა შემიძლია ვთქვა რომ ადამიანები თურმე ყველაფერს ეჩვევიან.
ბოლო ხანს თავისთავად დამჩემდა თითების ცახცახი და ამ ფრაზებშიც ასო-ბგერები უშნოდ დაკლაკნილნი,დახლართული სეორედ ამიტომ არის,თითქოს ყველა იმ ეკლებით გადავსებულ გზებს გადიან რომლებიც ჩემს შიგნით არიან წარმოქმნილნი,იტანჯებიან ბგერები,სიტყვები და შემდეგ სიძნელე გადალახულები,სხეულის შინაგანში არსებული უხილავი სამყაროდან,ბნელიდან აქ შენთვის სიწმინდისფერ თეთრ ფურცელებზე ტკივილ აკიდებულები იხატებიან,იძერწებიან სახეშეცვლილები.
ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გულს ვიღაც ჩამოაჯდა,ფეხებით მთელავს,ერთი განახა რა მძიმე და ხმაურიანია ქეთრინ,ერთი განახა როგორ მტკენს.გონებაში მოსაუბრე ხმებად ჩაიღვარა ფიქრები და რამდენნაირად გუგუნებენ უკვე ვეღარ ვარჩევ.ჩემი სახით სამყაროს თითქოს სევდის დამტარებელი მოევლინა,იმ მაგნიტს ვგავარ რომელიც გზად შემოყრილ დარდებს იწებებს,ისისხლხორცებს...მალე სულ გადაივსება ამ ახვეტილი ემოციებისგან,ყულფად შეიკვრებიან გადატანილი,ნანახი მოვლენები ყელთან და ბოლო ამოსუნთქვასაც შეაბნევენ იმ დასასრულის წერტილს რომელსაც ჩემი ცხოვრება დაერქმევა.

გარს ლანდები მახვევია და დღითი-დღე მრავლდებიან.მეც ლანდად ვიქეცი თითქოს.შენც ფორმირდები ზოგჯერ ამ ჩემს ცივ სამყაროში ჭუჭრუტანიდან შემოჭრილი თბილი სხივის მსგავსად,თხელი ბაგეებით ღიმილს იხატავ შაქრისფერ პირისახეზე,მეც ხელს ვიწვდი ჰაერში,თითები კვლავ თრთოლვას აჰყავს,გულსაც უფრო გამეტებით ეძგერება ვიღაც და როცა ახლოს მოვდივარ,როცა შემიძლია შენი კანი თითებით შევიგრძნო და შენს წამწამებზე დატყვევებული უიმედობა არეკლილი ცრემლის ცვარი მოგწმინდო-უჩინარდები,ჯერ იმღვრევი,ისე როგორც დაგუბებული ტბა იკლაკნება ვინმეს ან რამის შეხების დროს,მერე ბუნდოვანდები,ნისლის სამოსელს იცვავ,სულ ცოტაც და ბოროტი ეტლი ჩემგან მიგაქანებს თავაწყვეტით...ასეთ დროს ბასრი აზრები სცვივიან ჩემში,სიბრაზეს ხელჩაჭიდებულები მეცემიან გონებაზე,მაცახცახებს ხოლმე როცა ამ გრიგალსა და სეტყვას გადავიტან.
ხანდახან მგონია რომ ჭკუიდან ვიშლები,ან იქნებ არც არასდროს ვყოფილვარ საღ გონებაზე.ზოგჯერ მრისხანება მიპყრობს,მინის ნამსხვრევს ვიღებ და მანამდე ვურტყავ კედელს ვიდრე წვას არ ვიგრძნობ მაჯებთან,მერე წარმოვიდგენ რომ იგივე სცენას ერთ კუთხეში მდგომი ვადევნებ თვალს და საკუთარი თავის მიმართ სიბრალულსა და ზიზღს ერთდროულად განვიცდი.
...უჩვეულო სიზმრები დამჩემდა ქეთრინ,იქ ყოველთვის ბნელა და მუდამ შენ დაგეძებ.წუხელის მეტად უცნაური ზმანება მესტუმრა,თითქოს დედამიწიდან შორს,ჰაერში გამოკიდებული უღრანი ტყის ბილიკს მივუყვებოდით მე და შენ ქეთრინ,მიყრუებული ქოხის გზას ვადექით,თუ იქამდე მივაღწევდით მერე აქ ამ სამყაროში დასაბრუნებელ გზასაც ვიპოვნიდით,უეცრად ყველა ჩვენს წინ აღმართული ყველა ხე სიფრიფანა,მოქარგულ ზეწრებად გადაიქცა,რომლებსაც სისხლის ლაქები უელავდა.როიალი განუწყვეტლივ უკრავდა და ისეთი ბედნიერების მომნიჭებელი იყო ეს გრძნობა,რადგან პირველად არსებობის მანძილზე მე გავიგონე,მესმოდა ეს მომაჯადოვებელი მელოდია...შენ დაჟინებით დაჰყურებდი დაბლა სისხლის გუბეში დაგდებულ ორ ბეჭედს,ბეჭდებს ობობის ქსელისგან დაბრწნილი თოკი ჩაფსკვნოდა და ვიღაც აუჩქარებლად ექაჩებოდა ამ თოკს,სიწითლის ბილიკს ატოვებინებდა მწვანე მინდორზე,ხელი ჩამჭიდე და მაიძულე ავდევნებოდით.ვერ დაიჯერებ როგორი გასაოცარი იყო ბაბუაწვერების წვიმა,თითქოს უამრავი ადამიანის გამოგზავნილი ოცნებების,ჩანაფიქრების თქეშში ვიყავით გახვეულნი და იმასაც ცხადად შევიგრძნობდით თუ რა ემოციები ჩაატიეს მაშინ როცა სული შეუბერეს მსუბუქად იმათ ფურცლებს...შენ უეცრად ბეჭდებს დაწვდი,მეც გამომიწოდე,თუმცა ამაოდ,ჩვენს შორის წითელი ფარდა გაიშალა და როცა მოვიცილე შენ აღარსად ჩანდი,მე გარიყული უცხო სამყაროში აღმოვჩნდი,იქ სადაც ხეები ზეწრებად იქცევიან და წვიმის შხეფები ბაბუაწვერების გროვად მოსჩქეფს.გამოღვიძების შემდეგ ამეკვიატა ფიქრი იმისა რომ მე მართლაც სხვა სამყაროში ვარ გაჭედილი ახლა,ან იქნებ შენ ჩაგერაზა ამ სამყაროს კარები და პირიქითაა...აღარეფერი ვიცი ქეთრინ.
სანამ მე შენ გწერ ღია სარკმლიდან ქარის ტალღა შემოჭრილა,მაგიდაზე დადებულ ლარნაკს დაწაფებია და სრულყოფილი სილამაზე ნამსხვრევსბად გარდაქმნილი დაუწებებია ფიცრის იატაკზე,ახლა ხომ ხმას გამოსცემდა ის,ეს ხომ ასე უნდა ყოფილიყო,მე მისი დაძახილი ვერ გავიგონე,იქნებ შენც მეძახი ხოლმე,დასახმარებლად მიხმობ მე კი აქ უძრავად მყოფი ხასიათის ფურცელზე გადმოტანით ვარ დაკავებული.ზოგჯერ მგონია რომ ხმა მართლაც არაფერს აქვს,არც ქარს,არც წვიმას და არც ადამიანებს.იქნებ ერთ-ერთი დაძინების დროს ისეთ სამყაროში გადავინაცვლე სადაც სიჩუმემ ხმაური მოკლა,იქნებ სიტყვებს ხმა გამოწრიტა რადგან ზოგი მათგანი წარმოთქმის დროს გულისა და სულისთვის ბასრი დანებივით იყვნენ და ამ ლარნაკის ნამსხვრევსბშიც,რომლებიც რაღაც დოზით ტკივილებს ირეკლავენ,იქნებ ხმის სული აღარც არსებობს.ვიდრე გავერკვევი ყველაფერში ისღა დამრჩენია ვჯღაბნო სიყვითლე შეპარულ ფურცლებზე.ხანდახან ვფიქრობ რომ მზის სხივებს ჩაეძინა ამ ფურცლებზე და ფერიც ამიტომ გადაიკრეს სიყვითლის.ზოგჯერ სხივებს ჩემს სხეულზეც უნდებათ ჩამოჯდომა,კანს როგორ ძლიერ სჭიდებენ მკლავებს ერთი განახა,წუთით შინაგანი მარტოობა და სიცივე მავიწყდება.მათი თითები კანს შიგნითაც მეჭრებიან,ზოგჯერ მალე იღლებიან და მიდიან,არის შემთხვევები დიდი ხნითაც რჩებიან ბნელთან საბრძოლველად,მერე ჩემი შინაგანი სამყაროს ნესტიანი სარდაფი მათაც ავიწყებს მემგინი პირვანდელ სახეს და აქრობს,იერთებს და კვლავაც ერთ მთლიან შეკრულ სიმუქესთან ვრჩები.

ამ ასეთი უსაშველო დაგვიანებით მე ვაგვიანებ შენამდე ქეთრინ თუ შენ ჩემამდე...მე არ მესმის შენი თუ შენ ჩემი?!ვფიქრობ სადღაც შუაში ვდგავარ,იქ სადაც მისამართები აღარ არსებობს,დამძიმებული ფეხებს დაბლა ვურტყავ რომ დავამსხვრიო,დავხლიჩო ეს ჰაერში გამოკიდებული ჩემთვის შექმნილი გარემო,რომელსაც სამყაროს სახე მოურგია ასე ოსტატურად.
ახლა წელიწადის რომელი სეზონია ვერ გეტყვი ქეთრინ,ფოთლები ყვითელი და გამომშრალია მარად,მზე და ღრუბლის გაგულისება ხშირად ენაცვლება ერთი მეორეს,არ ვიცი სად იწყება ზაფხული და მთავრდება ზამთარი,თოვლი რა ხანია არ მინახავს,თოვლს თუ აქვს ხმა ქეთრინ,ისიც წვიმის მსგავსად ხმაურიანია?თუ ბამბის ქულებივით ჰაეროვანი,სულივით მსუბუქი და ამავე დროს მძიმეა ქეთრინ?ცალ-ცალკე ფიფქის ნაფლეთები როგორი მჩატეა არა,მერე ერთმანეთს რომ ეკვრებიან მძიმდებიან,სულიც ასეა ალბათ,თუ მარტონი ვართ და ჩვენს წილ სადარდებელს მივათრევთ შედარებით მჩატეა ნაბიჯები,საკმარისია შემხვედრ ადამიანებთან შეყოვნდე,მოუშვა შენამდე და მიხვდები რომ იმათი საფიქრალი,იმათზე მოგონებები იმგვარად აგვეკვიატა რომ შეუძლებელი გვეჩვენება გაცალმტვერება მათი...სულიც პირვანდელ სიმსუბუქეს კარგავს.

დაბინდდა ქეთრინ,ლაქებად ქცეული ღამე მტვრის ნაწილაკებივით ციცქნად დაფშვნილ ფიქრებს ექაჩება...ცა წვიმის წვეთებით ჩამოდის დედამიწამდე,ჩემს სახეზე კი ცრემლები ღაწვებს უკაკუნებს,ყველა წერილი ერთად შეკრული წვიმიანი საუბრებია ჩემსა და შენს შორის ქეთრინ.შენ რომ აქ იყო ალბათ თითებით მაგრძნობინებდი წვიმის ხმის რიტმულობას.ახლა გარეთ გავალ,ღია ცის ქვეშ დავყოფ საათებს როგორც მჩვევია ხოლმე,ამ წერილს არ დავკეცავ,ასე დავტოვებ,ლარნაკის ნამსხვრევებს დავაყრი,ახლა მათში რომ რამდენიმე ბგერის ანარეკლი გაირბენს კვლავ უცნაური შეგრძნება ამეშლება,ნამსხვრევში არეკლილ უჩინრის ნიღაბს ამოფარებული ტკივილი და ჩემს სიტყვებში სათარეშოდ გაშვებული სევდა ერთმანეთს შეეჯახებიან.
არასდროს მომიყოლია ტბაზე რომელიც აქვე ახლოს არის,ისეთი უძრავი და ბლანტია ზოგჯერ მგონია უზარმაზარი სანთლის დაწვისგან წარმოქმნილი ნაღვენთია,დღეს პირველად შევცურავ მასში ჩემი ხის ნავით,შუაგულში შევჩერდები,სახეს ცისკენ ავღმართავ და თვალებდახუჭული დავიზეპირებ ყველა იმ ემოციას რომლებიც დაიწყებენ ჩემში გაღვივებას,დავიზეპირებ თითოეული შხეფის კანზე შეხებას და წარმოვიდგენ რომ შენი თითების მოახლოვებაა,შენი ბაგეებისგან თმების გადათელვად წარმოვიდგენ მოვარდნილ სიოს...და როცა დადგება წუთები ჩემი თვალების საბოლოოდ დახუჭვის ,მე ვიცი ცხადად წარმომიდგები შენ თვალწინ,აღარ შემაშინებს სიმარტოვეში აღსასრული,ჩავჭიდებ ხელს შენს აჩრდილს და გავუყვები სვეტად ჩამომდგარ სინათლეს,აწყლიანებულ თვალებს ამომიშრობს შენი ანარეკლი მათში,გავიხსენებ ყველაზე ბედნიერ საათებს და ვისურვებ გადავინაცვლო იმ დღეების მიმდინარეობაში.მომაგონდება ღამე როცა გთხოვდი გესაუბრა ჩემთან ჟესტების გარეშე,ცივ მინდორზე მწოლიარეებს მთვარის რუხი შეფერილობა ფოთლების ჩრდილებ წამოყოლილი გვეკვროდა სხეულზე,ისე ცხადად მახსოვს...შენ საუბრობდი,მე კი დაუსრულებლად შემეძლო მეყურებინა შენთვის და არ მომბეზრებოდა მიუხედავად იმისა რომ ხმა არ მესმოდა.ვფიქრობდი როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ის,გაკვირდებოდი ბაგეების მოძრაობაზე და აქა-იქ ვახერხებდი გამომეცნო წარმოთქმული სიტყვები,შენს რამდენიმე სასაცილოდ,ჯვარედინად გადადებულ კბილებს ღიმილისაგან გადაფენილი ბაგეები ხიბლს აფრქვევდა.ღმერთია მოწმე ერთფეროვნება მახრჩობელა გველივითაა ჩემთვის,თუმცა ასეთი საღამოების სიმრავლე ყველაზე სასიამოვნო ნაწყვეტი იქნებოდა ჩემი მრუდე ცხოვრებისთვის.
ხელები ჩვეულებრივზე მეტად ამიკანკალდა ქეთრინ,ისე დამეცვარა რომ ფურცელსაც დასცა თავისი ცრემლი,სუნთქვაც როგორღაც მიჭირს,თითქოს ხელები ამაკრეს პირზე...მივდივარ ღია ცის ქვეშ,ნავიდან მკლავები წყალში უნდა ჩავუშვა და მის ქვემოთ ამოწვერილი ბალახები უნდა შევიგრძნო, რა მოხდება თუ ქვემოთქენ გავქანდები,რა გრძნობა იქნება ქეთრინ იმ გზის გავლა რომელიც ტბის ზედაპირიდან იქ ღრმად ფსკერამდეა,ბალახები ალბათ სახეს დამისერავს,თუმცა ჩემს შეჩერებას აღარ შეეცდებიან.ნეტავ წყლის ქვემოთაც აღწევს ხმაური თუ იქაც ისეთი სამარისებური სიჩუმეა...ამ ხმებს რომლებსაც მე ვერ ვგრძნობ ვიღაც,რაღაც,სადღაც ხომ იჭერს ქეთრინ?მაშ ჩემთან რატომ არის მარად სიჩუმე!

ხის კედლების ტყვე.








....

ისღა დამრჩენია ვჯღაბნო.



№1  offline წევრი Imagination88

დღეს ვნახე ეს ისტორია შუადღისკენ. სახელმა დამაინტერესა, გამაღიმა, რატომღაც.
ავტორი ვინ იყო კიარ შევხედე. მერე გამოვედი მოგვიანებით წავიკითხავ მეთქი და რომ დავბრუნდი ავტორს მერე დავაკვირდი. წავიკითხე კიდე წავიკითხე უდაოდ გასაგები იქნებოდა ვინც დაწერა მანამდეც რომ არ დავკვირვებოდი ავტორს.ისეთია შენ რომ გჩვევია რაა. რამდენჯერ უნდა გადავიკითხო?

რა ზუსტად გამოგაქვს ემოციებიი.როგორი ზუსტი შედარებები გაქვს და საერთოდ როგორ ზუსტად წერ იმას რისი თქმაც გსურს. ჯანდაბა ისე მჭიდროდ მომხვიე ხელები თავს ვეღარ დავიძვრენ აშკარად. მაგიჟებ უცნაურო❣️❣️

 


№2  offline წევრი ტურაგო

Imagination88
დღეს ვნახე ეს ისტორია შუადღისკენ. სახელმა დამაინტერესა, გამაღიმა, რატომღაც.
ავტორი ვინ იყო კიარ შევხედე. მერე გამოვედი მოგვიანებით წავიკითხავ მეთქი და რომ დავბრუნდი ავტორს მერე დავაკვირდი. წავიკითხე კიდე წავიკითხე უდაოდ გასაგები იქნებოდა ვინც დაწერა მანამდეც რომ არ დავკვირვებოდი ავტორს.ისეთია შენ რომ გჩვევია რაა. რამდენჯერ უნდა გადავიკითხო?

რა ზუსტად გამოგაქვს ემოციებიი.როგორი ზუსტი შედარებები გაქვს და საერთოდ როგორ ზუსტად წერ იმას რისი თქმაც გსურს. ჯანდაბა ისე მჭიდროდ მომხვიე ხელები თავს ვეღარ დავიძვრენ აშკარად. მაგიჟებ უცნაურო❣️❣️



ძალიან გამახარე♥️
მადლობა საყვარელო...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent