შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეთექვსმეტე მზე [სრულად]


19-06-2020, 19:34
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 3 226

მის შემზარავ, ძლივს ოთახდარქმეულ კუთხეში ჰაეროვანი ნაბიჯებით, მაგრამ მძიმედ შევდივარ. ღრუბლებს ფეხის წვერს ძლივს ვახებ და იმ ოთახში მივიკვლევ გზას, რომელიც ქათქათა თეთრი უნდა იყოს, მაგრამ კუნაპეტი შავით ხატავს ყველას, ვინც შემოსვლას გაბედავს. ამაზრზენი სიტყვა "უნდა" არ ერგება არსებას, რომელიც ფანჯრის რაფაზეა შემოსკუპებული და საკუთარ მუხლებს ეხუტება. დანაოჭებული კანის მკვდარი უჯრედებივით იშორებს იგი ყველანაირ ვალდებულებას.
აღარ აცხუნებს მისი სიცოცხლის თვალისმომჭრელი მზე ისე, როგორც ადრე. ვეღარ იკრებს სინათლეს მოწყურებულ მცენარეებს ირგვლივ და დარდის ობი ეკრობა მის ორთქლადენილ ზედაპირს, მოძრაობას უძნელებს და ფილტვებსაც მიზანმიმართულად უვსებს.
მეთექვსმეტე მხოლოდ ბჟუტავს. გულისფანცქალით ჰპარავს საკუთარ თავს სხივებს და ბჟუტავს. და ახლაც, ახლაც ცდილობს იგი, რომ თავს მოაკლოს და სხვა გაათბოს. ბრაზი მეპარება კაპილარებში და მთელ ჩემს სხეულში იწყებს სწრაფ მოძრაობას. მაგრამ, განა, რა მნიშვნელობა აქვს? ის ასეთია. ასეთის შეცვლა კი დიდი ცოდვაა იმ ღმერთის წინაშე, რომელსაც იგი ეკუთვნის.
ფეხაკრეფით ვიკაფავ გზას მისკენ მიმავალ ბილიკზე, რომელიც კარგა ხანია აღარ ჩანს. ხასხასა ბალახი ამოსულა იქ, სადაც ხალხთა ჯგრო განუწყვეტლივ დაიარებოდა, თუმცა ახლა მეთექვსმეტე მარტო კვდება.
მარტოსულობაზე არასდროს შეწუხებულა, რადგან ყველა ასეთია. ის ყველა იყო, ისევე, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი.
ხელოვნური სუნთქვის აპარატი მიჭირავს ხელში და სუნთქვაშეკრული ვეპარები ნაცრისფერ ღრუბელზე შემომჯდარს. მხოლოდ ახლა ამჩნევს ჩემს სიახლოვეს და მკრთალად მიღიმის.
კბილები დასძვრა. ხოლო მისი ღიმილი ეპარება ქარბუქად დედამიწას. ამჩნევს ამას და შეშინებული აჭდობს ერთურთს გაცრეცილ ბაგეებს. სევდას აძლევს საშუალებას თვალის პლევრას დაეპატრონოს.
- საჩუქარი მაქვს შენთვის. - ჩურჩულით ვეუბნები. სმენა დაუქვეითდა და მხოლოდ ჩურჩულიღა ესმის. ის ჩურჩული, რომლითაც ყველა აცმაცუნების სულის ტუჩებს და იმედი აქვს, ოდესმე, ვინმე, სადმე…
- რა მომიტანე, ლი? - დედამიწას თვალს არ აშორებს, ისე მეკითხება. მისი ხმა თითქმის არ მესმის. დაღლილია იგი, ხრინწიანი და უნოტო.
- ეს. - ვუწვდი აპარატს და ველოდები, როდის დამატყდება თავს მისი რისხვა. მაგრამ ყველა მიდის იმ კონდიციამდე, როცა უკვე ბრაზიც ვეღარ აღწევს საკუთარ სახლს და მთის წვერზე კოჭლობითაც ვეღარ ადის.
- სამყარო ერთი მთლიანი ორგანიზმია, ლი. - მშვიდად იწყებს და სიგარეტს აბოლებს. ვერ გადაეჩვია თამბაქოს. სუნთქვა უჭირს, ხველა უტყდება, მაგრამ ვერასდიდებით გადაეჩვევა მზე იმას, რასაც ასე ტოქსიკურად მიეჩვია. - ჩვენ მასში შემავალი უწვრილესი ნაწილაკები ვართ და ორგანიზმი იდეალური ვერ იქნება, ჩვენ გარეშე.
- სამყარო ცდილობს, გადარჩეს.
- კი, ცდილობს. - დამეთანხმა, თითქოს. - გადარჩეს ისე, რომ რაც არ სჭირდება, მოიშოროს.
- შენ აღარ სჭირდები სამყაროს?
- მე რა ხანია მოვკვდი, ლი. - სივრცეს უშტერებს თვალს. ცა გაბრაზებული ალაგებს საკუთარ ცისფერ ბარგს და სახლიდან მიდის. უზარმაზარია მისი ჩემოდანი. ცისფერი ნაცრისფერ ოთხკუთხა ყუთში ეტევა და მას პრეტენზიის გამოთქმის შესაძლებლობაც ესპობა.
დედა უსპობს მას ამას. ყველა ყველას უმახინჯებს ფსიქიკას და ყველა ამას ნორმალურობას ეძახის. მეთექვსმეტეს ეცინება, რადგან ყველა ცემს ფიქრს ზედმიწევნით კარგად იცნობს.
- მანამ არ მოკვდები, სანამ ვინმეს სჭირდები. სანამ ვინმეს ცრემლი მოადგება შენი სიკვდილის წარმოდგენისას და უჟანგბადობისგან ხელს გულზე მიიბჯენს.
- რა მნიშვნელობა აქვს ყველას, როცა ვარ მე ? - რაოდენ ეგოისტური ნათქვამია.
მე ვარ ყველა იმდენად, რამდენადაც არ ვარ. ყველა ჩემში სახლობს, მაგრამ მე ვერ ვიცოცხლებ ყველაში. მე მე ვარ ყველაში, მაგრამ მე მე საკუთარ თავთან უნდა ვიყო, რათა მე ვიყო.
- შენს ვენებში ეგოიზმი ჩქეფს.
- დაე, იდინოს და ჩანჩქერივით დაეშვას ტბაში, რომელსაც ჩემი სახელი ჰქვია.
- ჭკნები. მზეზე ყვავილები უკვე აღარ ხარობენ, მხოლოდ ტირიფი შემორჩა შენს თვალებს მთელი. იმ ტბისკენ ჩამოუშვია ტოტები, რომელსაც შენი სახელი ჰქვია და წვიმას ნატრობს.
- თუ ტირიფი ჩემს თვალის ჩინში მოთავსა, მე ფართოდ დავხუჭავ თვალებს, რათა მან ჩემზე მეტი იცოცხლოს. - ხველა უტყდება და გაშავებულ ზეცას თვალს თვალში უყრის. ტირილითა და გოდებით დაღალულმა ცამ, თავისი ბარგი ჯანდაბაში მოისროლა და ჩიტების ჭიკჭიკიც თან წაიღო. აქაოდა მეთექვსმეტე ამის ღირსი არ არისო.
- ცამაც მიგატოვა. - ვგრძნობ, რომ ჩემი ცრემლდენა ხმამ გასცა და ისიც შემობრუნდა ჩემკენ.
- განა, რა გავაკეთე, რომ ყველა "ც", ლი? - თითქოს, თავში ურო ჩამცხეს. დავრეტიანდი და საკუთარი თავი შემზიზღდა. თავბრუსხვევა და გულისრევა ერთმანეთში აირია და ტენიან, საზიზღარ მასად გარდაიქმნა.
არასდროს ვყოფილვართ მეგობრები. ის ჩემი თანაგრძნობის ობიექტი იყო. იმ თანაგრძნობის, რომელიც არასოდეს სჭირდებოდა, მაგრამ არ მაგდებდა. იცოდა, რომ ვერასოდეს დავმეგობრდებოდით. ისიც იცოდა, რომ თავს ვატყუებდი და ერთადერთი, ვისაც თანაუგრძნობდნენ, მე ვიყავი ჩვენ ორს შორის.
- ოჯახი?
- ბოლოს მაინც ყველა მარტოა. ვინმესთან ერთად რომც დაიძინო, მაინც მარტო ხარ სიზმრად. გეღვიძება და კოშმარისგან გულგახეთილს სხვაც რომ გამშვიდებდეს, საკუთარ ემოციებთან მაინც მარტო ხარ.
ჩვენ ყველანი ავად ვართ. ერთადერთი ნორმალურობა, რომელიც ბუნებამ გვარგუნა მარტოსულობაა. შემქმნელი დაგვცინის, რადგან თავადვე შევქმენით ჯერ ის, შემდეგ საკუთარი თავები.
სიტყვები, მათი დეფინიციები. ემოციები. ჩვენი შექმნილია, რადგან ჭამა-სმა-გამრავლება აღარ გვაკმაყოფილებდა. ჰო, მარტოობა და გაუმაძღრობა, აი, რა გვამოძრავებს.
ის კი იჯდა თავის შავ, სინამდვილეში ოთახშიც კი არა. კარადაში იჯდა, ღრუბლებს ეთამაშებოდა და მთვარეს უცინოდა. მეთექვსმეტეს მზის ბჟუტავი სინათლე მთვარეს აღარ ჰყოფნიდა და ისიც მზად იყო, თავისი გუდა-ნაბადი აეკრა და შეჰკედლებოდა სხვა გალაქტიკას.
- მიწა ხარ და მიწად მიიქცევი. დედამიწა ვერ მოგვიშორებს, როგორც მკვდარ უჯრედებს. - უეცრად წამოიყვირა. - ვერ გესმის? ის იძულებული იქნება ყველა დაგვიტოვოს, აბსოლუტურად ყველა. შენ გგონია, მწერალი როცა წვავს და ხევს, ის იშორებს? არც იოცნებო, ლი! ყველა ტბასთან დგას ტირიფი, რომელიც წვიმას შეჰნატრის და ყველაფერს იმახსოვრებს. არავის ძალუძს მისი მოჭრა. არც ამ აბებს, არც ამ თეთრ კედლებს, არც გზებს და არც ადამიანებს. ემოციები რჩებიან და ლპებიან შენს შიგნით. ზოგჯერ ხარობენ, მაგრამ შენივე შექმნილი ჟანგბადის დეფიციტისგან კვდებიან. სიბნელეში გამოკეტილნი, კარადაში ჩემსავით, ხვდები, ლი? ჩემსავით კვდებიან. ნელა, მტანჯველად. ყველასგან მიტოვებულად. არადა, როგორ სურდათ მათ მეგობრები. თითოეულ ემოციას სურს ჰყავდეს მეგობარი, დედა, შეყვარებული… ისინი ადამიანებს ადამიანურებად ხდიან. ემოციები ადამიანები არიან, მაგრამ, ვაი რომ, მათ ვჭირდებით. სულს სხეული სჭირდება, რათა იყოს სული, ღმერთს ადამიანები საკუთარი ღმერთობისთვის, სინათლეს სიბნელე და სიკეთეს ბოროტება და ეს ყველაფერი არ იქნებოდა, რომ არა ადამიანი. წრეზე ვტრიალებთ, ლი, გესმის ?
ისევ ეკვრის სუნთქვა და მე ვეღარ ვეხმარები. ვგრძნობ, რომ მთელი ცხოვრება ვისაც ველოდი, თვალწინ მიკვდებოდა და ხელის განძრევა ვერ მოვახერხე.
შემზიზღდა ადამიანები, რომლებიც ჩემს მზეს, მეთექვსმეტეს ასე თავგანწირვით უყვარდა. საკუთარი დაკარგა და მათ მიუძღვა. მე კი?
მე ვიდექი ჩემი ცხოვრების სიყვარულის უსულო გვამთან, რომელიც არასდროს დამტოვებდა მარტოს დედამიწაზე. ის არ იყო მართალი. ნორმალურია მარტოსულობა, მაგრამ არანორმალური მე. მისი გვამი, რომელსაც მწერები დაესევიან, მერე მისი ძვლები, მისი საფლავი, რომელიც კარგა ხანია გათხარა სიკვდილმა საკუთარი ხელით და მორჩილად ელოდა, როდის ჩაწვებოდა მეთექვსმეტე მზე თავის სამუდამო საწოლში.
მას ჰომ ასე უყვარდა კარადაში ჯდომა და დედამიწასთან თამაში…


პ.ს. რენდომ მუზა და ცოტა სახტად დარჩენილი მე, გისმენთ.



ასეთი სუფთა ემოციები, ზედმეტად ჩამწვდა გულში♡♡♡

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

სიყვარული გულს გვტკენს
ასეთი სუფთა ემოციები, ზედმეტად ჩამწვდა გულში♡♡♡

ჰეი, ამ ჰეფი, თენქ იუ, ჰანი ❤️

 


№3  offline მოდერი guroo

ცუდია, რომ მისმენ. სათქმელს თავს ვერ ვუყრი. საერთოდაც ვერაფერს მივხვდი. ვკითხულობდი სიამოვნებით და ფიქრი გვერდზე გადავდე. ისევ წავიკითხე და იგივე დამემართა. წრეზე ვიტრიალე, დი პერსო, გესმის?
ვიდრე დრო მაქვს და თან სურვილიც, რომ რამე დავწერო, ავდგები და აქ ვიბოდიალებ.
კარადა, რომელშიც მზე სკუპდება და სიკვდილი, რომელიც კუნაპეტი სიშავით მოსავს ყველას.
მზე - ვიტალურობის წყარო, კუბო - სიკვდილის კარადა, რომელსაც ძლივს დაარქმევდი ოთახს.
ვიტალურობა სიკვდილის აკვანში წვება ნელ-ნელა და სუნთქვა ეკვრის, ხელოვური სუნთქვის აპარატი სჭირდება, რომელიც ვინმე ლის მიაქვს მასთან და ეს ლიც სუნთქვაშეკრულია ამ დროს. კარადა უკვე აღარ არის მხოლოდ კუბო. ჩვენს მიერ ჩაკლული საკუთარი თავის ნაგავსაყრელი ხდება იგი და, ალბათ, ამიტომაც არის დაღლილი, ხრინწიანი და უნოტო ხმით მოლაპარაკე მზე მეთექვსმეტე. ნაგვის მეთექვსმეტე ერთეული უნდა გახდეს მალე.
მარტოსული ლი ვერ ახერხებს გადაარჩინოს დედამიწასთან მოთამაშე მეთექვსმეტე მზე, რომელსაც მალე მეჩვიდმეტე შეცვლის და წრეზე ტრიალი თუ გაგრძელდება, იქნება მეთვრამეტეც, მეცხრამეტეც... მემილიონე მზეც გამოიჭყიტებოდა ახლად შექმნილ, ლურჯად მოკამკამე, სუფთა და უღრუბლო ცაზე, მაგრამ არა, ლი ამდენხანს ვერ იცოცხლებს და ამდენ სიკვდილს ვერ მოასწრებს ერთ სიცოცხლეში.
მარტოსული რომ დარჩე, მანამდე ხალხის ჯგრო უნდა გეხვიოს თავს. იმათ უნდა გაუნაწილო ყველაფერი რაც გაქვს და ზუსტად ეგ გკლავს, ეს აძაღლებს შენს მერამდენეღაცა მზეს. თუ "უნდა" აღარ იარსებებს, დროთაგანმავლობაში ჯგროს ნაფეხურებზე ბალახი აბიბინდება ლამაზად, რადგან ასეთი არავის სჭირდები. და როგორ იყო? "- მანამ არ მოკვდები, სანამ ვინმეს სჭირდები. სანამ ვინმეს ცრემლი მოადგება შენი სიკვდილის წარმოდგენისას და უჟანგბადობისგან ხელს გულზე მიიბჯენს."
ნუგეში, თანაგრძნობა. თითქოს არცერთის მიღება გსურს, მაგრამ ყველაზე მეტად დაგეხმარება, რომ მზე ოდნავ მაინც ამოქაჩო ძლივს ოთახდარქმეული კუთხიდან. კიდევ კარგი, რომ მარტოსულობის ჟამს სუნთქვის გაჩერებაზეა საუბარი, თორემ ახლა ხომ იმას დამაბრალებდი, თითQოს ის მეთქვას, სხვებმა უნდა თანაგვიგრძნონ-მეთქი.:დ შეცოდება ზოგჯერ საკუთარ თავს უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე ნებისმერ სხვას და ამას ცოტაოდენი ზიზღიც თან უნდა ერთვოდეს, რომ გემოებით თუ არა, მძაფრი და მსუყე ემოციებით მაინც ვითამაშოთ.
დამამძიმა. რახანია, ამხელა ემოციას არ ავურევივარ. გმადლობ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent