შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოტყუებით ჩათრეული /სრულად/


25-06-2020, 11:16
ავტორი N1penguin
ნანახია 12 663

სახელი, გვარი: თამარ გორდეზიანი
დაბადების თარიღი: 13/02/1996
სამსახურში აყვანის თარიღი: 07/10/2019
თანამდებობა: ბუღალტრის თანაშემწე
მამაკაცმა ფურცელი ფაილიდან ამოიღო და ბედნიერად გაუღიმა მის მეგობარს.
-ვიპოვეთ.
***
თამოს დღე გამორჩეულად არ დაწყებულა. არადა რაღაც სხვანაირად მიუხაროდა სამსახურში. მეშვიდე თვე ხდებოდა, რაც სამსახურში მოეწყო და ასეთი აღტაცება მხოლოდ ორიოდე კვირის წინ დაეუფლა.
რა მოხდა ორი კვირის წინ?
ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. რაღა თქმა უნდა, მთავარი ბუღალტერი მანანა ჯუჯღუნს აგრძელებდა. ამჯერად კომპანიის ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსზე ბრაზობდა.
-არა, თამარ, გჯერა? გუშინ მომადგა ეგ ქალბატონი თავისი მაღალი ქუსლებით და რას მეუბნება, იცი? არასწორად გამოგიგზავნე თანამშრომლების ხელფასები და იქნებ როგორმე ყველაფერი შენ თავზე აიღო, ვითომ შემთხვევით ერთი ნული გადაგიყვაო. შენ უკვე ხანშიშესული ხარ და ვერავინ სიტყვას ვერ გეტყვის, მე კი გამაბუნძულებენო. ხანშიშესული მიწოდა, გჯერა?
თამომ თვალები აატრიალა. სულაც არ სურდა მანანასთან დიალოგი წამოეწყო, მაგრამ რას გახდებოდა?
-ეგ არ უნდა ეთქვა. რა შეცდომა დაუშვა?
-ერთ-ერთ განყოფილებას ზედმეტი ნული მიუწერა ხელფასზე. ჰოდა, მეც არ გადამიმოწმებია არაფერი და პირდაპირ გავაგზავნე უფროსობასთან, რომ ხელფასებისთვის ყველაფერი მზად ყოფილიყო. ხვალ უკვე ყველას ჩაერიცხება ფული. მე რა გავაკეთო? ჯადოქარი ვგონივარ იმ საზიზღარ ქალს? თან რომ მთხოვს, შენ დაიბრალეო. მისი შეცდომა მე რატომ უნდა გადავიბრალო? თავის შეცოდებაც რომ სცადა? ოჯახი მყავსო, უსამსახუროდ ნუ დამტოვებო. გეკითხები, ვის არ ჰყავს ოჯახი? ჩემს ორ შვილს რა ვაჭამო, თუ მე გამიშვეს სამსახურიდან?
-თუ გინდა, ამას მე დავიბრალებ.
-და შენ არ გყავს ოჯახი? სამსახურში დარჩენა ხომ გინდა, არა?
-იქნებ არ გამაგდონ. ახლავე შევალ უფროსთან, იქნებ ჯერ არ ჰქონდეს გადაგზავნილი სია. თანაც, შენც შეიძლება გეჩხუბოს უფროსი, რატომ არ გადახედეო. შვილი მე არ მყავს და ქმარი. მშობლებსაც თავისი შემოსავალი აქვთ. მარტო ვცხოვრობ, ახალგაზრდა ვარ და ბევრ ადგილას მიმიღებენ.
მართალია მანანა სულ უხასიათოდ იყო და ვიღაცას ლანძღავდა, თამოს ის მაინც უყვარდა. არ სურდა, რომ სამსახურიდან გაეგდოთ. თუ თავად გააგდებდნენ, არ ყოფილა მისი შესაფერისი სამსახური და ეგ არის.
-მართლა, თამარ? ამას ჩემ გამო იზამ?
-რატომაც არა. თან აქამდე ყველაფერს პირნათლად ვასრულებდი, იქნებ მხოლოდ შენიშვნა მომცენ.
-ამას არასდროს დაგივიწყებ, - გაიღიმა ქალმა და თავისი კარგადმოვლილი კბილები გამოაჩინა.
-შესვენება დაიწყოს და მასთან მივალ.
ყველანაირად ცდილობდა, ნერვიულობა დაემალა, რადგანაც უფროსს აქამდე არასდროს შეხვედროდა. ოდნავი წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ვინ დახვდებოდა მას კაბინეტში. კაცი იყო თუ ქალი? ახალგაზრდა თუ ხნიერი? თუმცა ამ კითხვებზე პასუხის გაცემის ერთადერთი გამოსავალი არსებობდა.
-თამარ, შოკოლადი არ გინდა? - ფიქრებიდან გამოიყვანა მანანას ტკბილად დასმულმა შეკითხვამ.
-შოკოლადი? მე?
-ჰო, რაღაც გაფითრებული მეჩვენები.
ვინც მანანას იცნობდა, ყველამ იცოდა, რომ გიჟდებოდა შოკოლადზე. სამსახურში ყოველდღე სხვადასხვა სახის შოკოლადი მოჰქონდა და მას არავის არ უწილადებდა.
-არა, მადლობა. უბრალოდ ვფიქრობ, როგორ ავუხსნა სიტუაცია...
საუბრის დასრულება არ აცადეს. ოთახის კარი გაიღო და ზღურბლზე ახალგაზრდა ბიჭი გამოჩნდა.
ბიჭი ეთქმოდა თუ კაცი, თამო დარწმუნებული არ იყო. საკმაოდ კარგად ეცვა. ოდნავ შეხსნილი პერანგი და კლასიკური შარვალი. თმაც მოდურად დაევარცხნა. აღნაგობას ხომ საერთოდ არ უჩიოდა. როგორც ჩანს, აქტიური ცხოვრების წესით იყო გატაცებული.
-ეს რა არის? - პირდაპირ მანანასკენ წავიდა კაცი და ფურცლები მის მაგიდაზე დაყარა.
ქალს ელდა ეცა. თამო წამოხტა და სასწრაფოდ მის მაგიდასთან გაჩნდა.
-რას გულისხმობთ? - ძლივს ამოილუღლუღა მანანამ.
-შეცდომას, რომელიც თქვენ გაგეპარათ. კომპანიისთვის თუ წარმოგიდგენიათ, რა დამღუპველი შეიძლება ყოფილიყო ეს შეცდომა?
თამომ შეატყო, ქალი ჩიხში იყო მოქცეული. ალბათ მალე სიმართლესაც აღიარებდა.
-უკაცრავად, თქვენ ვინ ხართ? - მეტი ვერაფერი მოიფიქრა პირის გაღებისას.
ბიჭი ნელა შეტრიალდა მისკენ, თითქოს ახლაღა შეამჩნიაო.
-ახალი უნდა იყო. ამ კომპანიის მფლობელი ვარ.
-სწორედ ახლა ვაპირებდი თქვენთან შემოსვლას. თუმცა მანამდე მინდა გითხრათ, რომ თქვენზე უფროს ქალს ასე არ უნდა უყვიროთ. მითუმეტეს, იმ შეცდომის გამო, რომელიც მას არ დაუშვია.
-ასე ლაპარაკს როგორ მიბედავ? გინდა ორ დღეში ჩაგალაგებინო ნივთები?
-უბრალოდ, უფროსი ხალხის პატივისცემას გახსენებთ, სხვა არაფერი, - არც კი იცოდა, ამხელა გამბედაობა საიდან მიეცა. - რაც შეეხება შეცდომას, ის ქალბატონ მანანას არ დაუშვია.
-მაშ იქნებ მითხრა, ეს ვინ გააკეთა?
-მე ვიყავი. ადამიანური რესურსების განყოფილებიდან მიღებულ საბუთებს მე ვახარისხებ ხოლმე. ქალბატონ მანანას მე ვთხოვე, ცოტა უფრო საპასუხისმგებლო საქმე გამეკეთებინა. შევუჩნდი, რომ ამ თვის ბიუჯეტის შედგენაში მივეხმარებოდი. მეც ხომ უნდა ვისწავლო უკეთესად ბუღალტრის მოვალეობები. თავიდან უარზე იყო, მაგრამ მაინც დავითანხმე. ეს შეცდომაც მე უნდა მომსვლოდა.
-რას ჰქვია, უნდა მომსვლოდა? ან შენ დაუშვი, ან მე ვერ ვხედავ თვალებიდან სწორად, - მისი ხმა ისევ ისეთი მკაცრი იყო.
-დიახ, მე დავუშვი ეს შეცდომა. ახლახან აღმოაჩინა ქალბატონმა მანანამ და უნდოდა თქვენთვის ეცნობებინა. სწორედ ამ დროს შემოხვედით თქვენც.
-მაშინ შენ რაღატომ აპირებდი ჩემთან შემოსვლას, თუ ეს ყველაფერი ახლახან გაიგეთ?
-შეცდომის პოვნისას ქალბატონმა მანანამ მითხრა, რომ თქვენთან უნდა მოსულიყო. მე კი დავარწმუნე, რომ თავად გეტყოდით ამას. ჩემზე გაბრაზებულს შესაძლოა მისთვის გეყვირათ.
-რა კეთილშობილური საქციელია, - ცივად თქვა უფროსმა. - შენთვისვე აჯობებს, ასეთი შეცდომა მეორედ აღარ განმეორდეს, თორემ შენც და შენი საყვარელი უფროსიც თანამდებობას დატოვებთ.
-კი მაგრამ... - შეწინააღმდეგება სურდა თამოს.
-საუბარი დავასრულე. მუშაობა განაგრძეთ.
როგორ მედიდურადაც შემოვიდა, ისევე დატოვა ოთახი.
მანანა სავარძლიდან წამოდგა და გოგოს მოეხვია. თამო ერთიანად კანკალებდა.
-მადლობა, შვილო. ჩამოჯექი, წყალს მოგიტან, ცოტა დაგამშვიდებს.
თამო მთელი დარჩენილი დღე ხმას არ იღებდა. უხმოდვე დატოვა სამსახური და სახლისაკენ აიღო გეზი.
საჭმელი რაღა თქმა უნდა, არაფერი ჰქონდა. კულინარიული სასწაულების ჩატარების ხასიათზე არ იყო. სპაგეტი და ყველიანი სოსისი მოხარშა და მაგიდას მიუჯდა.
ინსტინქტურად მიჰქონდა ჩანგალი პირთან და ქვედა ყბასაც ინსტინქტურად ამოძრავებდა. მხოლოდ რამდენიმე ლუკმა ჰქონდა გადაყლაპული, ჩანგალი რომ თეფშზე დააბრუნა. ჭამა აღარ სურდა.
დივანზე გაწვა და ფიქრს მისცა თავი. დღევანდელი მოვლენა გონებიდან არ ამოსდიოდა. ძალიან შეეშინდა. საკუთარ თავში სად მიაგნო სიმამაცის მარცვალს, უფროსთან შეწინააღმდეგება რომ გაბედა? სწორედ ეს მარცვალი ისევე გაქრა მასში, როგორც გამოჩნდა.
გონებაში უამრავჯერ დაატრიალა უფროსის საუბარი. რატომღაც, მანანა დიდად არ ახსენდებოდა. მხოლოდ უფროსს უყურებდა დიდი ინტერესით. მაშინ არ დაკვირვებია, მაგრამ ახლა აანალიზებდა, რომ ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო, ყოველ შემთხვევაში, მისთვის. ნეტავ კიდევ თუ ნახავდა მას?
***
კვირების გასვლის შემდეგ თამომ აღმოაჩინა, რომ უფროსი მოეწონა.
-ღმერთო ჩემო, რა სტერეოტიპული ვარ, - გაეცინა საკუთარ თავზე თამოს.
-თამარ, დღეს რაღაც კარგ ხასიათზე მოხვედი, - კაბინეტში მანანა დახვდა. - უკვე რამდენი დღეა, სულ გაცისკროვნებული დადიხარ. რამე ხდება?
-ცხოვრება მიხარია, სხვა არაფერი, - კვლავ გაიღიმა თამომ.
საქმე ის არის, რომ აგერ უკვე ორი კვირაა, სამსახურში მისვლისას კართან იცდიდა და უფროსს უყურებდა. როცა ის შენობაში შემოვიდოდა, გეზს თავისი ოთახისკენ იღებდა.
-ბიჭის ამბავი ხომ არ არის?
-ყოველთვის ბიჭს რატომ მიაწერთ ხოლმე ამ ამბავს?
-აბა რა უნდა ვიფიქრო? თავად თქვი, ოჯახი მე არ მყავს, მარტო ვცხოვრობო. მეგობერებზეც არასდროს გისაუბრია აქამდე. რაც სამსახურში დადიხარ, ერთხელ არავის დაურეკავს შენთვის, გამოუძინებელი შენ არ მოსულხარ სამსახურში და ნაბახუსევი. უბრალოდ ვარაუდი გამოვთქვი.
-მოდი, საქმეს შევუდგეთ.
ათი წუთიც არ იყო გასული, კარზე კაკუნი რომ მოესმათ.
-მობრძანდით, - გასძახა მანანამ.
ოთახში ორი ადამიანი შემოვიდა - მათი უფროსი და ახალგაზრდა გოგო.
-ორივენი აქ ყოფილხართ, ძალიან კარგი. მინდა სტაჟიორი გაგაცნოთ. სოფო, ეს ორი ადამიანი ყველაფერში დაგეხმარება. მთავარი ბუღალტერი მანანა შენ პირისპირ ზის. სწორედ ის შეგასწავლის ყველა საჭირო უნარს, რაც ბუღალტერს გამოადგება. ეს ახალგაზრდა კი... - ოდნავ შეყოვნდა უფროსი. - მისი ასისტენტი გახლავს. სახელი შემახსენე...
-თამარი, - გული მოეწურა, როცა გააცნობიერა, რომ უფროსმა მისი სახელიც კი არ იცოდა.
-ჰო, როგორ დამავწიყდა, თამარი. ორივეს შეგიძლია ენდო.
-დიდი მადლობა, ბატონო გიგა.
სახელი ხომ მაინც გაიგო? თურმე გიგა ჰქვია. ახლა გიგამაც იცის მისი სახელი.
-ბატონო გიგა, დიდი ბოდიში, რომ გაწყვეტინებთ, - საუბარში მანანა ჩაერთო. - მაგრამ თუკი ბიუჯეტს დავუჯერებთ, ახალი თანამშრომლის აყვანის სახსრები ჯერ არ გაგვაჩნია. თანაც, მე და თამარი ჩვენს მოვალეობას პირნათლად ვასრულებთ.
-პირნათლად? - გაეღიმა გიგას. - უახლოეს წარსულში არანაირი ინციდენტი არ გახსენდებათ? თანაც, სოფო უფასო სტაჟირებას დასთანხმდა. სანამ ყველაფერს შეისწავლის, ვინ იცის, რა შეიძლება მოხდეს.
ამ სიტყვებით გიგა ოთახიდან გავიდა.
-და უნდა მოხდეს? - გაოცებულმა გადახედა თამომ მანანას.
-მგონი ერთ-ერთს გაგდებას გვიპირებს და ეგ არის.
***
გიგა იცდიდა, სანამ მისი მდივანი სახლში წავიდოდა, შემდეგ კი მცირე დროით ისაუბრა მობილურზე.
მოსაუბრეს დიდი ხანი არ დალოდებია.
-ყოველთვის თავის დროზე მოდიხარ, - მეგობარს გულითადად შეხვდა გიგა. - ვინმემ ხომ არ დაგინახა აქ შემოსვლისას?
-არა, შენ სულ ასე როგორ პანიკიორობ ხოლმე. დაველოდე, დაცვა როდის ჩაივლიდა და მხოლოდ შემდეგ შემოვედი.
-ძალიან კარგი.
-საქმე როგორ მიდის?
-დღეს ახალი გოგო მივიყვანე ბუღალტერიაში. ვუთხარი, სტაჟიორია და ყველაფერი შეასწავლეთ-მეთქი.
-და ეგ რაში გვჭირდება?
-აბა კომპანიის ფინანსები მხოლოდ იმ ბებერი მანანას ხელში დავტოვო? ეს ახალი ცოტა ხანში ბუღალტრობას შეისწავლის და ვიღაცის ადგილს დაიკავებს, - მზაკვრულად გაიცინა გიგამ.
-ცოტა ხანში?
-მაქსიმუმ ერთი თვე დასჭირდეს.
-შე*ემა, მაგდენი ხანი უნდა ვიცადოთ?
-მაოცებ ხოლმე, ნიკო. ყოველთვის მოუთმენელი იყავი. ერთი თვე ახლა ჩვენთვის არაფერს წყვეტს.
-რაც მალე, მით უკეთესი. რაღა მაინცდამაინც ეგ ვიღაც თამარი აირჩიე.
-ზოგჯერ როგორ გებინდება გონება. ახალგაზრდაა, ბევრი რაღაც ეხერხება. მთლად დიდი ხანი არც არის, რაც აქ მუშაობს, შიდა სამზარეულოს მხოლოდ ნაწილობრივ იცნობს. პერსპექტიულია. ბევრ კითხვას არ დაგვისვამს, გულუბრყვილოც არის ყველაფერთან ერთად. ახლობლებზე გავიკითხე, თითქმის არავინ ჰყავს. მოკლედ, ცოტა ხნით რომ აორთქლდეს, არავინ მოიკითხავს.
-გულუბრყვილო რომ არის, საიდან დაასკვენი?
-ორი კვირის წინ ადამიანური რესურსების მმართველის დოკუმენტაციაში ჩემმა სანდო კაცმა სპეციალურად შეცდომა დაუშვა. ბუღალტერიაში კი ბევრი საბუთი გავაგზავნე, საქმე თავზესაყრელად რომ ჰქონოდათ და წესიერად გადახედვა ვერ მოესწროთ გარკვეული საბუთების. ამათაც ზუსტად ისეთი ფორმით გამომიგზავნეს დოკუმენტაცია, როგორითაც მსურდა. მეორე დღეს შევვარდი და ვეჩხუბე. ეს თამარი წამოხტა და ყველაფერი გადაიბრალა. მანდ გავიგე, რომ ტყულიც გამოსდის. თეთრია თუ შავი, ჩემთვის ყველა ტყული ტყუილია. მეც ვითომ მკაცრად გავაფრთხილე, რომ იგივე აღარ გაემეორებინათ.
-შენ დროს არ კარგავ, ხო?
-საძირკველი ხომ უნდა ჩავუყარო, არა? შენ ამ ერთ თვეში სცადე, რომ მამაჩემს რაც შეიძლება დაუახლოვდე. მოიპოვე მისი ნდობა. ხომ გახსოვს, ჩვენ ერთმანეთის მტრები ვართ. თუ გინდა, მისი თანდასწრებით გამლანძღე კიდეც. ამასობაში, თამარსაც შეხვდი და ერთი-ორი ტკბილი სიტყვა უთხარი. ასე თუ ისე, შორიდან რომ მაინც გიცნობდეს.
ოთახში კიდევ ცოტა ხნით ისმოდა ორი მამაკაცის საუბარი. შემდეგ გიგა კაბინეტიდან გამოვიდა, არემარე მოათვალიერა და ნიკო ჩუმად გააპარა შენობიდან. ბოლოს თავადაც აიღო გეზი სახლისაკენ.
***
თამოს რაღაც შინაგანად ღრღნიდა. რა საჭირო იყო ახალი გოგოს მოყვანა? მისი სამუშაო სივრცე გაანახევრა. ახლა მაგიდაზე გვერდით ეჯდა და ყველაფერს ასწავლიდა. ეს ძალას მთლად უფიტავდა.
-მეც ასე გღლიდი თავის დროზე? - სოფოსგან უჩუმრად ჰკითხა მანანას.
-შენ აქ უკვე გამოცდილებით მოხვედი და ერთი კვირა მხოლოდ იმიტომ გაყურყუტეს, რომ სტაჟირება უფრო ნაკლებხნიანი არ გვაქვს. სამ დღეში აითვისე ყველა საჭირო ნიუანსი.
-ამეტებ.
-ძალიან თუ დაიღლები, მე ჩაგანაცვლებ. ნახე, როგორ გახდი. კარგად იკვებე და ძილიც არ მოიკლო. გასათხოვარი გოგო ხარ. მუდამ ფორმაში უნდა იყო.
-ჯერ სტაბილური სამსახური უნდა მქონდეს.
-გაქვს კიდეც. გეყოფა. დანარჩენს მე მივხედავ. ახლა კი წადი სახლში და დაისვენე.
-ამდენი საქმე ასე დავტოვო?
-მე მივხედავ, ხომ ვთქვი. სოფოსაც ცოტას ვამუშავებ. არ მგონია ვინმემ გიკითხოს, მაგრამ მიზეზსაც მოვიფიქრებ, რომ პრობლემა არ შეგექმნას.
-მართლა?
-წადი, თამარ, წადი სანამ გადამიფიქრებია.
თამო ქალს ჩაეხუტა, ჩანთა აიღო და ფრთხილად დატოვა შენობა.
სასიამოვნო ამინდი იყო და ცოტა ხნით ფეხით გადაწყვიტა გავლა.
-სალონში ხომ არ შევიარო? თმა შესაჭრელი მაქვს, - ჩაილაპარაკა თავისთვის და იქვე სალონში შევიდა.
დალაქები ერთმანეთში საუბრობდნენ და თან საქმეს აკეთებდნენ. თამო კმაყოფილი დარჩა მათი მომსახურებით.
დრო საკმაოდ გავიდა. ამიტომაც ავტობუსის უახლოეს გაჩერებასთან მივიდა და ლოდინი დაიწყო. მობილური ამოიღო, რომ ავტობუსის მოსვლის დრო ენახა, თუმცა მიმავალი მანქანის მოულოდნელმა დასიგნალებამ ის ხელიდან გააგდებინა.
-ჯანდაბა, იმედია არაფერი დამართნია, - გულისფანცქალით აიღო მობილური.
დაბლოკვის ღილაკს მიაწვა. მობილური არ აინთო. კიდევ მიაწვა, კვლავ არაფერი. თითის ანაბეჭდით სცადა ბლოკის მოხსნა. მობილური არ რეაგირებდა.
-შესაძლოა, გაითიშა, - მოესმა უცებ ხმა.
-უკაცრავად?
-დავარდნისას შეიძლება გაითიშა. ცოტა დიდხანს მიაწექი მაგ ღილაკს. თუ ჩაირთო, არაფერი სჭირს. თუ არადა ცუდი ამბავია.
თამომ ჯერ უცნობს შეხედა, შემდეგ მობილურს. რამდენიმე წამში მობილური ჩაირთო.
-დიდი მადლობა, მუშაობს.
-არაფერს, - გაუღიმა ბიჭმა. - სხვა დროს ფრთხილად იყავი.
-შევეცდები.
-რომელ ნომერს ელოდები?
-23-ს.
-შემიძლია ვნახო, რამდენ ხანში მოვა.
-მეც მაგას ვაპირებდი, სანამ დამივარდებოდა.
-ჰოდა, ცოტა ხნით დაასვენე. აი, სამ წუთში მოვაო.
-მადლობა, კიდევ ერთხელ.
-მე ნიკო მქვია.
-თამარი, უფრო სწორად, თამო.
-სასიამოვნოა. აქ ცხოვრობ? მაგრამ სამოსით თუ ვიმსჯელებთ, აქ მუშაობ.
-ნუ მთლად აქ არა, მაგრამ ახლოა.
-მეც არ ვარ აქედან მთლად შორს. იქნებ ერთმანეთი მომავალში კიდევ ვნახოთ.
-არ ვიცი.
თამომ საუბარი სწრაფად დაასრულა და გაჩერებულ ავტობუსში ავიდა.
-აუცილებლად შეგხვდები, - ჩაიღიმა ნიკომ და სწრაფი ნაბიჯით მოშორდა გაჩერებას.
***
დილაადრიან ნიკო გია მელაძის კაბინეტში შევიდა.
-მეძახდით?
-შემოდი, ნიკო. ჩემს შვილობილ კომპანიებზე მსურს გესაუბრო.
-რამე ხდება?
-ჩემი უმცროსი ვაჟი სულ თავს გავიდა. სახლიდანაც წავიდა, კომპანია უკვე თავის სახელზე გადაიფორმა და ახლა საერთოდ განცალკევება მოისურვა. შენი რჩევა მჭირდება. როგორ უნდა გადმოვიბირო ისევ ჩემ მხარეს? ეცოტავა ჩემი დანატოვარი წილი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ამ კომპანიას ჩემს უფროს ვაჟს დავუტოვებ. მანამდე კი იქნებ გიგასთან მოლაპარაკება სცადო? მისი თანატოლი ხარ, უკეთ გეცოდინება, როგორ უნდა ელაპარაკო.
-ბატონო გია, ხომ იცით, მე და გიგას უთანხმოება გვაქვს. იქნებ მისი ძმა გაგეგზავნათ?
-მას ხომ დასანახად ვერ იტანს, უფლება მივცე ჩემს ერთ შვილს, რომ მეორე მომიკლას?
-კარგი, ყველანაირად შევეცდები, ჯერ ურთიერთობა გამოვასწორო მასთან და შემდეგ გადაწყვეტილება გადავაფიქრებინო.
-მადლობა, ნიკო. შენი იმედი მაქვს.
-არ დაგაღალატებთ.
***
თამომ სამსახურში შესვლამდე კიდევ ერთხელ შეავლო თვალი მანქანიდან გადმომავალ გიგას.
-თმა შეიჭერი? გიხდება.
-მადლობა, მანანა. სოფო ჯერ არ მოსულა?
-არა. გუშინ ძალიან დავღალე და უფლება მივეცი, დღეს ნახევარი საათით გვიან მოსულიყო.
-როგორი გულუხვი ხარ ზოგჯერ.
-დაჯექი, დაჯექი, რა უნდა მოგიყვე.
-გისმენ.
-ჩემთვის ბედნიერი მოვდივარ სამსახურში და კართან ადამიანური რესურსების მმართველი არ მხვდება? დიდი მადლობაო, რომ არ ჩამიშვი. ახლა მთელი ოჯახი შენთან ვალში ვართო. დამიწყო მოკლედ ათასი ტკბილი სიტყვით საუბარი. მე კიდევ მაგისი სიტყვები მომთაფლავდა? ვუთხარი, ერთადერთი თხოვნა მაქვს, სხვა დროს მეტი ყურადღებით გადახედე საბუთებს-მეთქი. როგორი უხეირო ქალია რაა. სულ რომ ასჯერ გადაავლოს თვალი, ამის მერე როგორღა ვენოდი? რა დღეში ჩაგვყარა.
თამო ხალისით უსმენდა მანანას გაბმულ საუბარს.
-გავიდა უკვე ნახევარი საათი. სადაა ეს გოგო. შენ არასდროს არ იგვიანებდი და არც გვიან მოსვლას მთხოვდი.
-კარგი, ახლა გავწითლდები.
-აი, მობრძანდა, - გაღებულ კარს შეხედა მანანამ.
მაგრამ კარი სულაც არ შემოეხსნა სოფოს. იქ გიგას მდივანი იდგა.
-ბატონ გიგას თამართან აქვს საქმე. გამომყევი.
თამო უხმოდ წამოდგა ფეხზე და მანანას შეხედა გაკვირვებულმა. მან მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
-აქეთ, - გზა მიასწავლა გოგომ. - აი აქ შედი.
კაბინეტში გიგა მარტო იჯდა. თამოს დასცხა. ნუთუ სულ ასე სასწაულად გამოიყურებოდა?
-კარი მოხურე, შენთან საქმე მაქვს.
-გისმენთ.
-როგორც გავიგე, კარგი ბუღალტერი ხარ. მანანას გარეშე მუშაობა თუ შეგიძლია?
-ვერ მივხვდი?
-აი, მაგალითად, მანანამ ერთ დღეს ვერ მოახერხა სამსახურში მოსვლა, ან რაიმე შეემთხვა, ან სხვაგან გადავიდა, მის გარეშე გაუძღვები კომპანიის ფინანსებს?
-იცით, მე ყოველთვის მარტო ვმუშაობ. მე ჩემი საქმე მაქვს, მას თავისი.
-და მის საქმეს გააკეთებ? ან კი, ან არა. პასუხი მარტივია.
-დიახ.
-ძალიან კარგი. მსურს, პროდუქტიული ხალხი მყავდეს სამსახურში. ნუ ნერვიულობ, მანანას არაფერი ემუქრება. ახლა კი შეგიძლია სამუშაოს დაუბრუნდე.
თამო დაბნეული გამოვიდა გიგას კაბინეტიდან. ვერ მიხვდა, რატომ მოუწყო ასეთი უცნაური დაკითხვა უფროსმა. ის მაინც გაუხარდა, რომ კიდევ ერთხელ ნახა, თან ასე ახლოდან.
-ნიკო, ყველაფერს გავაკეთებო. ვიცოდი, რომ ეგ უნდა აგვერჩია, - ყურმილში ჩასძახა ბედნიერმა გიგამ.
***
ნიკო გიას გაეთავისუფლა. უთხრა, რომ გიგასთან მივიდოდა სასაუბროდ. თუკი კომპანიაშივე მიაკითხავდა, იქ ვერაფერს ეტყოდა და მოუსმენდა. გიასაც გაუხარდა. იქნებ ნიკოს რაიმე გამოსვლოდა.
ნიკო „ოფიციალურად“ მივიდა გიგასთან.
-არავინ არ შემოუშვა ოთახში, - მდივანს დაუბარა გიგამ.
-მამაშენმა გამომაგზავნა, იქნებ დაითანხმო და გამოყოფა გადააფიქრებინოო.
-და შენც როგორ ლაქიასავით გამოიქეცი. კარგია, მომწონს. აქ დარჩი. ხვალ უთხარი, რომ ძალიან ბევრი ეცადე, თუმცა ვერაფერი შემაგნებინე. რომ კერკეტი კაკალი ვარ. კვლავ გამლანძღე, არ იეჭვოს, რომ შეკრულები ვართ. ცოტა ხანში კი აქედან გადი და თამარს დაელოდე. ვითომ შემთხვევით შეეჩეხები. უბრალოდ უთხარი, რომ ჩემთან მოსალაპარაკებლად მოხვედი. ბევრი არაფერი წამოგცდეს, არ არის საჭირო, რომ ყველაფერი იცოდეს. სახლამდე მიცილება შესთავაზე, ან სასმელზე დაპატიჟე. მოკლედ, შენ იცი რა.
-გასაგებია, მასეთები არ მეშლება.
-დიდი იმედი მაქვს. ყველაფერი უნდა გამოგვივიდეს.
ნიკომ მართლაც დაიცადა, სანამ თამო ოთახიდან გამოვიდოდა. ისიც დაიძრა, თითქოს ახლახან გამოვიდაო გიგას ოთახიდან.
-ნიკო? - გაოცებულმა დაიძახა გოგონამ.
-თამო, აქ მუშაობ? - თითქოს ნიკოც ძალიან გაოცებული იყო მისი აქ ხილვით.
-კი. არ მითხრა, რომ შენც.
-არა, აქ რომ ვმუშაობდე, ან შენ გეცოდინებოდა ჩემზე, ან მე შენზე. თქვენ უფროსთან რაღაც წინადადებით ვიყავი მოსული და ახლა გამოვედი შეხვედრიდან.
-როგორ ჩაიარა?
-ჯერ ვერ გეტყვი. ცოტა ხანში გაირკვევა. სამსახურს მორჩი?
-კი. სახლში უნდა წავსულიყავი.
-შემიძლია გაგიყვანო.
-მანქანით ხარ?
-კი.
-მაშინ ავტობუსის გაჩერებაზე რატომ იდექი გუშინ?
-მანქანა ვულკანიზაციაში იყო და მის წამოსაყვანად მივდიოდი სამსახურის შემდეგ.
-რამე სერიოზული სჭირდა?
-არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ კარგი ვქენი, რომ მივიყვანე და მოვაგვარებინე. წაგიყვანო?
-კარგი.
თამომ გაკრიალებულ მანქანას შეხედა. რთული იყო დაგეჯერებინა, რომ მას რამე სჭირდა. თუმცა შესაძლოა შიდა ნაწილი მოშლოდა, მაინც ვერ ერკვეოდა კარგად მანქანებში.
გზაში ბევრი არ უსაუბრიათ. ძირითადად გზას ჰკარნახობდა ნიკოს. ის კი ნამდვილად გაუხარდა, ავტობუსის ლოდინი რომ არ მოუწია და სახლში მალე მივიდა.
-დიდი მადლობა მოყვანისთვის. იმედია, ჩემს უფროსთან ყველაფერს მოაგვარებ. კარგად.
-კარგად.
მიეფარა თუ არა თამო თვალს, ნიკომ გიგას დაურეკა.
-გისმენ, რა ქენი?
-სახლამდე მივიყვანე. მისი ნომერიც უკვე მაქვს.
-ყოჩაღ, კარგად გიმუშავია.
-ოღონდ ერთი კია.
-რა?
-გულუბრყვილოა თუ არა, ძალიან ჭკვიანია და ბევრი კითხვის დასმა უყვარს. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.
-სხვანაირად არც ვგეგმავდი. თავსატეხის ეგ ერთი პატარა ნაწილი გეგმას ნამდვილად ევრ ჩაგვიშლის.
***
ნიკო მეორე დღეს გაგიჟებული შევიდა სამსახურში და გიას ათასი სისულელე უამბო. თქვა, მეტი დრო დამჭირდება, თუ არადა სხვა ვინმე უნდა მივაგზავნოთო. გიამაც ყველაფერი დაიჯერა.
რაც შეეხება თამოს, ის პირველად მივიდა ყველაზე ადრე სამსახურში. ამჯერად გიგას აღარ დალოდებია.
-ასე ადრიანად რამ მოგიყვანა? - გაოცდა ოთახში შემოსული მანანა.
-არ ვიცი, დღეს რაღაც კარგ ხასიათზე ვარ. დამტვირთე, როგორც გსურს.
-გუშინ ახალი უწყისები გამომიგზავნა ბატონი გიგას მდივანმა. ჰოდა, მე მათ უნდა მივხედო და მალევე გადავუგზავნო, კომპანიის შემოსავალ-გასავლებს კი შენ მიხედე.
-შესრულებული იქნება. დღეს სოფო არ მოდის?
-კვირაში ერთი დღე ხომ ისვენებს. ჰოდა, დღეს ზუსტად ეგ დღეა.
ცოტა ხნით უხმოდ მუშაობდნენ. შემდეგ კვლავ მანანა მოჰყვა ლაპარაკს.
-არ მესმის ამ მდიდრების რაა. ფული რაში დახარჯონ, აღარ იციან. აგერ, ახლახან შეუძენია წყნეთში აგარაკი და მიწის ნაკვეთი. თან რამდენი ფული გადაუხდია, რა უბედურებაა. ეგ ფული ჩემს ოჯახს ერთი წელი მაინც ეყოფოდა.
-ვინ იყიდა? - დაინტერესდა თამოც.
-ვინ იყიდდა? ჩვენი უფროსი. თან გავიგე, მომავალი კვირიდან აღარ იქნებ გარკვეული პერიოდი, რაღაც საქმეებზე მიდისო. რა ენაღვლება რაა. ჩვენ გვკითხოს, აბა. ვიცი მე მაგათი საქმეები. წავა სადმე დასასვენებლად და ჩვენ უნდა ვიმუშავოთ.
-იქნებ მართლა რაიმე საქმე აქვს?
-კარგი რა, შენ შეიძლება მოგატყუონ, მაგრამ მე? რამდენი წელია, სულ მასე აკეთებს. თუმცა ასეთ პერიოდში არასდროს მიდის ხოლმე, თან ამდენი ხნით.
-ასე მკითხაობით ვერაფერს ვერ გავიგებთ.
-არადა ძალიან საინტერესოა.
-პირად ხარჯებს შენ რატომ გათვლევინებს?
-აქ წერია, რომ ეს სახლი კომპანიის საკუთრებაა. თითქოს გაფართოებას აპირებდეს. სახლში რა უნდა გააკეთოს? ახალი ფილიალი გახსნას?
მანანამ კიდევ უამრავჯერ გააკეთა კომენტარი შესყიდულ ინვენტარებზე.
შესვენებაზე ახლომდებარე კაფეში გავიდნენ. თამო აქ ხშირად შემოდიოდა, თუმცა გიგა არასდროს შეხვედრია. ახლა კი გიგა იქ იჯდა და ყავას სვამდა. თამოც მანანასთან ერთად ერთ-ერთ მაგიდასთან ჩამოჯდა და ჩუმ-ჩუმად გიგასკენ თვალის გაპარებას მოჰყვა.
ვერ ხვდებოდა რა, მაგრამ რაღაც მასში ძალიან იზიდავდა. ეზიზღებოდა, როცა ასეთი გრძნობა უჩნდებოდა. ზუსტად იცოდა, ყველაფერი კრახით დასრულდებოდა, მაგრამ სულ მცირეოდენი ბედნიერების გამო მზად იყო, მოგვიანებით ეტანჯა.
***
დღეები უინტერესოდ მიდიოდა. თამო კვლავ გიგაზე იყო ჩაციკლული. კიდევ რამდენჯერმე შეხვდა შემთხვევით ნიკოს. მანანა დღეს კვლავ ჯუჯღუნით იწყებდა. როცა საშუალება მიეცემოდა, სოფოს ყოველთვის აკნინებდა.
გიასთან კი ყველაფერი უცვლელად მიდიოდა. ნიკო უამრავ სისულელეს აჯერებდა და თავს უერთგულეს ადამიანად აჩვენებდა.
***
თამო მთელი დღე თავდაუზოგავად შრომობდა. სადაცაა, სკამის ფორმასაც კი მიიღებდა.
ოფისი უკვე იცლებოდა, გიგას მდივანი რომ შემოვიდა ოთახში.
-თამარ, უფროსს შენთან საუბარი უნდა.
თამო უკვე წასასვლელად იყო გამზადებული და გაუკვირდა, ასეთ დროს რა შეიძლება სდომოდა უფროსს. ჩანთა აიღო და მდივანს გაჰყვა.
გიგას თვალები ეშმაკურად უციმციმებდა. როგორც იქნა, ეს დღეც დადგა.
-შეგიძლია სახლში წახვიდე, - მშვიდად უთხრა მდივანს. - შენ კი ჩამოჯექი.
-დიახ, რისთვის დამიბარეთ?
გიგას არც მორიდებია, პირდაპირ მაგიდაზე ჩამოჯდა თამოს წინ.
-სოფოს სტაჟირება დავასრულეთ.
-და მე რა შუაში ვარ?
-ძალიან კარგად მუშაობს. ვაპირებ, კომპანიაში დავტოვო.
-და...- შეეშინდა თამოს.
-შეგიძლია ნივთები ჩაალაგო. დღეიდან აქ აღარ მუშაობ.
-კი მმაგრამ, - ხმა აუკანკალდა თამოს.
-ოთახში დაბრუნდი და რამე თუ გაქვს წასაღები, მოაგროვე. ხვალ აქ აღარ მოხვალ.
თამომ შეატყო, ისე მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი გიგას მისი გაშვება, რომ ვერანაირი ხვეწნა აზრს ვერ შეაცვლევინებდა.
-კარგი. ხვალიდან აქ ვეღარ მიხილავთ, - სცადა, დამაჯერებლად წამომდგარიყო და ოთახიდან გავიდა.
გიგამ მაშინვე ნიკოსთან დარეკა.
-ბიჭო, ახლა ნივთების ჩასალაგებლად გავიდა, მზად იყავი. მალე შენობას დატოვებს.
-გასაგებია, - ყურმილი დაკიდა ნიკომ და მანქანა ადგილიდან დაძრა.
***
თამო დაცარიელებულ ოთახს უყურებდა და ვერ ხვდებოდა, ეს ყველაფერი როგორ მოხდა. ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა გაუჩნდა. ამ მოვლენამდე როგორ მივიდა? რაიმე ხომ უნდა დაეშავებინა? სრულიად უმიზეზოდ დაკარგა სამუშაო.
ნივთები უხმაუროდ ჩაალაგა. ბევრი არაფერი ჰქონდა. ოთახს ერთხელაც შეხედა და გარეთ გამოვიდა. ავტოსადგომი ცარიელი იყო, რაც ნიშნავდა, რომ გიგა უკვე წასულიყო.
ეზოც დატოვა და გაჩერებაზე ჩამოჯდა.
-თამო, გინდა გაგიყვანო?
თამომ ამოიხედა და მანქანით გაჩერებასმომდგარი ნიკო დაინახა.
-ავტობუსს დაველოდები, იყოს. გზას ხომ არ დაგიგრძელებ?
-მაინც შენ მხარეს მოვდივარ. ჩაჯექი, არ მაწყენინო.
თამოც დაემორჩილა. ნივთები უკანა სავარძელზე დააწყო, თვითონ კი წინ ჩაჯდა.
-რაღაც ხასიათზე არ ხარ. და ეგ რა ნივთებია?
-უფროსმა სამსახურიდან გამიშვა.
-კი მაგრამ, რატომ?
-წარმოდგენა არ მაქვს. ჩემ მაგიერ სხვა ადამიანი მიიღო.
-ძალიან ვწუხვარ.
-მეგონა, აქ დიდხანს დავრჩებოდი. ახლა თავიდან უნდა შევუდგე სამსახურის ძებნას.
-ერთი წუთით, ბუღალტერიაში ხომ არ გაგეგება რამე?
-კი. ბუღალტრად ვმუშაობდი.
-ჰოდა, მგონი არ უნდა მოიწყინო.
-რატომ?
-სწორედაც რომ ჩემთან ახალ ბუღალტერს ეძებენ.
-მართლა?
-კი და შემიძლია რეკომენდაცია გაგიწიო.
-რანაირად. ხომ არც იცი, როგორ ვმუშაობ.
-მოდი, ასე ვთქვათ, ჩათვალე, შენ აყვანილი ხარ.
-არაა, - გაოცდა თამო. - და გასაუბრება?
-მოდი ხვალ შესახვედრად წაგიყვან და თავად გადაწყვიტე.
-კარგი. ძალიან დიდი მადლობა ასე რომ მეხმარები.
***
თამომ იცოდა, რომ ნიკო მას დილითვე გამოუვლიდა, ამიტომაც ადრე ადგა. უცნაურად გრძნობდა თავს, სამსახურში წასვლა რომ აღარ უწევდა. ცოტაოდენი ისაუზმა. ამასობაში ნიკოც მოვიდა.
-მზად ხარ?
-ცოტას ვნერვიულობ.
-სანერვიულო არაფერია. უკვე ველაპარაკე და დაინტერესდნენ შენი კანდიდატურით.
-ოჰო, რა მაგარია. შენთან ვალში ვარ.
-არაა, ნამდვილად არ ხარ.
თამოს გზა არ ეცნო, ამიტომაც გადაწყვიტა ხმა ამოეღო.
-მეგონა, შენ სამსახურში მივდიოდით.
-მე დიდ კომპანიაში ვმუშაობ. იქ სადაც მე ვარ, მხოლოდ ერთ-ერთი ფილიალია. არ მგონია, შენ იქ მოგიწიოს მუშაობა.
-გასაგებია. და ტერიტორიულად სად მივდივართ?
-ქალაქგარეთ.
-მოიცა, ყოველდღე აქ უნდა ვიარო?
-არა, რა თქმა უნდა, არა. უფროსი ახლა იქ იმყოფება და მეც ამიტომ არ მიმყავხარ ჩემთან. უბრალოდ გაისაუბრებთ და დეტალებს უკვე თავად აგიხსნის. ჩვენი ფილიალები მხოლოდ თბილისშია, დამშვიდდი.
თამოს კითხვა აღარ დაუსვამს. არემარეს ათვალიერებდა და უცდიდა, როდის გააჩერებდა ნიკო მანქანას. დიდი ხნით არ დასჭირდა მოცდა. მანქანა სიმწვანეში ერთ-ერთი დიდი სახლის წინ გაჩერდა.
-საკმაოდ დიდი სახლია.
-გეთანხმები. შენ შეგიძლია შეხვიდე, მე მანქანას ფარეხში შევიყვან მანამდე.
-კარგი.
-თამო, - საცოდავი ხმით დაიძახა ნიკომ.
-გისმენ.
-მობილური დამიჯდა. დასარეკი მაქვს. სანამ მანქანაში დაიტენება, საუკუნე გავა. შეგიძლია, სულ რამდენიმე წუთით შენი მათხოვო?
-კი, რა პრობლემაა, - თამომ თავისი მობილური ნიკოს გაუწოდა.
-მადლობა.
თამო სახლში შევიდა. მისაღები ოთახი ცარიელი იყო. ფანჯარას მიუახლოვდა და ხედს დააკვირდა. დიდი სიამოვნებით იცხოვრებდა ასეთ სახლში. თან რა სიმშვიდე იდგა.
ფიქრებში გართულმა ვერც შეამჩნია, როგორ გავიდა დრო. ფანჯრის მინაზე არეკლილი სილუეტი დაინახა. ვიღაც მისკენ მიდიოდა. შეტრიალდა და გაოცებისგან იქვე გაშეშდა.
-ბატონო გიგა?
-კი, როგორც ხედავ, მე ვარ.
-კი მაგრამ, თქვენ აქ რას აკეთებთ?
-ვიღაცას ვუცდი. შენ, თამარ?
-მეც ველოდები.
-ნეტავ ერთსა და იმავე ადამიანზე ხომ არ ვსაუბრობთ?
-არ ვიცი.
-ხომ არ გეწყინა, სამსახურიდან რომ გაგიშვი?
-ამას სერიოზულად მეკითხებით?
-მართალი ხარ, სულელური კითხვაა, - გაეღიმა გიგას. - რადგან შენი უფროსი აღარ ვარ, შეგიძლია ბატონოს გარეშე მომმართო. არც თქვენობითი ფორმით საუბარია აუცილებელი. არ მგონია, ჩვენს ასაკებს შორის დიდი სხვაობა იყოს.
-კარგი, - მაინც ვერ ნახავდა გიგას ხშირად და რატომ არ უნდა დასთანხმებოდა?
-ჩამოჯექი.
-ისედაც დიდი ხანი ვიჯექი მანქანაში.
-და გასაუბრების დროს ფეხზე უნდა იდგე?
-მე არ მითქვამს, რომ გასაუბრებაზე ვარ მოსული.
-მაგას დიდი მიხვედრა სჭირდება?
-არ მგონია.
-საზრიანი გოგო ხარ, მომწონს ჭკვიანი ხალხი.
თამო სავარძელში ჩაჯდა. გიგამ მის წინ დაიკავა ადგილი.
-მოდი, დიდხანს არ გაწვალებ, - დაიწყო გიგამ. - აქ მე უნდა შემხვედროდი.
-უკაცრავად? - ვერ მიხვდა თამო. - გუშინ სამსახურიდან გამათავისუფლე და ახალ სამსახურსაც შენ მთავაზობ?
-არ გთავაზობ, უკვე აყვანილი ხარ. კომპანია, სადაც იმუშავებ, ჩემი ნაცნობისაა. თავი დამნაშავედ ვიგრძენი, უმიზეზოდ რომ გაგიშვი.
-ანუ აქ სულ ტყუილად მოვედი?
-ოჰ, არა. მე ხომ ეგ არ მითქვამს?
-თუმცა ყველაფერი გადაწყვეტილია, არა? მგონი საქმე აღარაფერი დამრჩა.
თამო წამოდგა და გასვლა დააპირა. სწორედ ამ დროს შემოვიდა ნიკო.
-მე შენ ადგილას არ ვიჩქარებდი. ნახე რა კარგი სახლია, დატკბი აქ ყოფნით.
-ნიკო, იცოდი, რომ აქ გიგა უნდა მენახა?
-რა თქმა უნდა, - გაიცინა ნიკომ.
-რატომ არ მითხარი?
-გეგმა ასე იყო შედგენილი.
-რა გეგმა?
-შენი სამსახურში მოწყობის.
-თქვენ ორნი რატომ ზრუნავთ ჩემს სამსახურზე? მართლა შენ კომპანიაში ვიწყებ მუშაობას, თუ მომატყუე.
-ნამდვილად იქ იმუშავებ... დისტანციურად.
-როგორ?
-აი ამ სახლიდან.
-გამატარე, ახლავე მივდივარ აქედან.
თამომ ნიკოს ჩაუარა და კარის გამოღება სცადა. ჩაკეტილი იყო.
-წეღან ხომ გავხსენი. თავისით როგორ ჩაიკეტა.
-თავისით არ ჩაკეტილა. მე ჩავკეტე.
თამო უკვე პანიკას მოეცვა.
-გამიშვით. ჩემგან რა გინდათ?
-გვსურს, სამსახური გაგვიწიო. ბუღალტრად მართლაც დაგნიშნეთ მამაჩემის კომპანიაში, - კვლავ ალაპარაკდა გიგა.
ამან თამო კიდევ უფრო დააბნია.
-ნორმალურად ამიხსნით?
-შენ ისევ ჩვეულებრივ იმუშავებ, ოღონდ აქედან.
-რისთვის მკეტავთ?
-ნუთუ ეს ცხადი არ არის? რათა არ გაგვექცე.
-სამსახურში თბილისიდან ვერ ვივლიდი?
-მგონი ჯობია ჩამოჯდე და უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ ყველაფერზე.
-არ მინდა, დაიწყეთ.
-კარგი. შენ ჩვეულებრივ იმუშავებ მამაჩემის კომპანიაში. ჩვენგან მიიღებ ყველა საჭირო ფაილს. დაახლოებით ისევე იქნები, როგორც ჩემთან. უბრალოდ მცირე დეტალი შევცვალეთ. შემოსული თანხის ნაწილს ამ ანგარიშზე გადარიცხავ, შემდეგ კი სხვადასხვა ანგარიშზე გადაანაწილებ, - გიგამ თამოს ფურცელი მიაწოდა, სადაც სხვადასხვა ანგარიშის რეკვიზიტი ეწერა.
-ერთი წუთით, თქვენ გინდათ, რომ ფული გავათეთრო?
-გითხარი, ჭკვიანია-მეთქი, - გიგას გადახედა ნიკომ. - ზუსტად.
-შეშლილხართ თუ გგონიათ, რომ მაგას გავაკეთებ.
-მგონი ბოლომდე ვერ მიგვიხვდი. სხვა გზა არ გაქვს.
-ახლავე პატრულში დავრეკავ, - თამომ ხელი ჩანთისკენ წაიღო, მაგრამ გაახსენდა, რომ მობილური თან არ ჰქონდა.
-რამეს ეძებ? - ნიკომ თამოს მობილური ხელში შეათამაშა.
-დამიბრუნე, - გაიწია ბიჭისკენ.
-მშვიდად, - გოგონა ადვილად გააკავა გიგამ. - არაფერში არ გჭირდება მობილური. ამ ადგილას მაინც არაფერი არ იჭერს.
-იტყუები. ნიკომ თქვა, დასარეკი მაქვსო.
-აბა მობილურს ხომ არ დაგიტოვებდით?
-რატომ ბრაზობ? არაფერს არ მოგაკლებთ სანამ აქ იქნები. მოგივლით. ვერც იგრძნობ, რომ რაიმე სხვანაირადაა. უბრალოდ გარეთ ვერ გახვალ. დამლაპარაკებლად მე და ნიკო გეყოლებით. ფულსაც გადაგიხდით. ნუთუ ბევრს ვითხოვთ?
-თქვენ გინდათ, რომ დანაშაული ჩავიდინო.
-მე მასე არ დავარქმევდი. უბრალოდ ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადაგაქვს.
-რა დარწმუნებულები ხართ, რომ იმას შევასრულებ, რასაც ჩემგან ითხოვთ?
-მშობლები ხომ გიყვარს?
-რა? - თამო გაშრა.
-ან იმას გააკეთებ, რასაც გეტყვით, ან ცხოვრების ბოლომდე შენს თავს დაადანაშაულებ მშობლების სიკვდილში.
-ჩემი მშობლებისგან რაღა გინდათ.
-არაფერი. დამიჯერე, მათ არაფერი არ მოუვათ, სანამ შენ ჩვენს ყველა მოთხოვნას შეასრულებ.
-რა გარანტია მაქვს, რომ მშობლებს მაინც არ დამიხოცავთ?
-არა, ძვირფასო, ჩვენ უმიზეზოდ არავის ვკლავთ. რაში მჭირდება? შემდეგ ხომ არაფერსაც აღარ გაგვიკეთებ?
-არანორმალურები ხართ.
-ნორმალურობა მოსაწყენია. აბა, რას იტყვი?
-კარგი, ამას გავაკეთებ, - დანებდა თამო.
***
ნიკო საღამოს თბილისში დაბრუნდა. გიგა კი თამოსთან დარჩა. ჯერ ბოლომდე ვერ ენდობოდა. უნდა დარწმუნებულიყო, რომ გოგონა არაფერს მოიმოქმედებდა.
-არაფერს შეჭამ? მაცივარი სავსეა. თუ გინდა, რაიმეს მოგიმზადებ.
-არ მშია.
-მასე არ გამოვა. შენი უჭმელობა და დასუსტება არ მაწყობს.
-რა თქმა უნდა, არ გაწყობს. მთავარია, შენი გეგმა განხორციელდეს, თორემ ხალხს რა მოუვა, რა მნიშვნელობა აქვს.
-ასეთი დესპოტი რატომ გგონივარ?
-ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ აქ გაურკვეველი დროით გყავარ გამოკეტილი და მეკითხები კიდეც, დესპოტი რატომ გგონივარო?
-შენ არაფერს გერჩი, უბრალოდ საუკეთესო კანდიდატურა იყავი გეგმის შესასრულებლად.
-და მაინც, ეგ საერთოდ არ ცვლის არსებულ ვითარებას. მე ისევ აქ ვზივარ.
-რას შეჭამ?
-არ ვიცი, მოიფიქრე რამე. ტვინი არ უნდა გადამეღალოს ზედმეტი ფიქრით, - ცინიკურად უპასუხა თამომ.
-ზურგზე არასდროს ეცემი, არა? - გაეღიმა გიგას.
-რაღაც ვერ ვხედავ, რომ ჩემს გამოსაკვებად გარბოდე.
-ზედმეტიც ნუ მოგივა, - თითი დაუქნია გიგამ. - კეთილი ვარ, მაგრამ დამცირებას არ მოვითმენ.
-კეთილი, - სიმწრით ჩაეღიმა თამოს.
-არის რაიმე, რასაც არ ჭამ, ალერგია გაქვს...
-ჩემს მშობლებსაც გადასწვდით და მაგ ინფორმაციის შეგროვება გაგიჭირდათ? ალერგიული არაფერზე არ ვარ, თუ ზომიერად შევჭამ.
-კარგი. შენ შეგიძლია მანამდე ტელევიზორს უყურო.
-კომპიუტერთან მისვლა არ შეიძლება?
-შეგიძლია ჩართო, მაგრამ აქ ინტერნეტი არაა.
-და დოკუმენტებს როგორ მომაწვდით თბილისიდან?
-მარტივად, ფლეშკის საშუალებით.
-საწვავში ბევრი ფული დაგეხარჯებათ.
-შენ მაგაზე ნუ იდარდებ. ეგ ჩაძირული ხარჯია.
-რაღაც ტერმინოლოგია გცოდნია.
-კვლავ დამცირება მესმის.
-ხმის ამოღების უფლებაღა მაქვს და ეგეც ამიკრძალოთ იქნებ. ხორცს მიხედე, არ დაიწვას.
-ჯერ ახლახან დავდგი.
-მიხედვა მაინც არ იქნებოდა ურიგო.
-მოდი, თავად გავაკეთებ, კარგი? სამზარეულოში არავისგან არ მივიღებ შენიშვნას.
-საინტერესო არაფერია ტელევიზორში. რა ვქნა?
-მანდ ფურცელი და კალამია. შეგიძლია შენი ზომები ჩამოწერო.
-ჩემი რა?
-ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ზომები. ტანსაცმელი არ გჭირდება?
-მორიგი ჩაძირული ხარჯი.
-არა, რაღაც ნაწილი კი უკვე ვიყიდეთ, მაგრამ ბევრი არაფერია. ზუსტი ზომები არ ვიცოდით.
-რა საინტერესოა, თავად ყიდულობთ თუ სხვებს აგზავნით?
-ხან როგორ, ხან როგორ.
თამომ ტანსაცმლის ზომები ჩამოწერა და მაცივარზე მაგნიტით მიაკრა.
-რომ არ დაგავიწყდეს წაღება.
-არ დამავიწყდება, დამშვიდდი. მარცხნივ სააბაზანოა. ხელები დაიბანე და მოდი.
-სასიამოვნო სურნელია.
-ხო, მეც ვარ რაღაცებში ნიჭიერი.
სანამ თამო ხელებს იბანდა, გიგამ ვახშამი თეფშებზე გადაანაწილა.
-გემრიელია. ალბათ სხვა სიტუაციაში რომ ვყოფილიყავით, მესიამოვნებოდა კიდეც, ვიღაც რომ ჩემზე ასე ზრუნავს.
-რატომ გგონია, რომ რაიმეს ვაშავებ? იქნებ ჩემს კუთვნილს ვიბრუნებ?
-კარგად შემომხედე, სულელს ვგავარ? შენი საკუთრება რომ იყოს, სასამართლოში გაარკვევდით კანონიერად და ასე ჩუმად არ მოიპარავდით.
-შენგან კარგი თანამზრახველი დადგებოდა.
-აფსუსია ასეთი ნიჭის დაკარგვა, არა? ერთი ის არ მესმის, თავდაპირველად ერთ კონკრეტულ ანგარიშზე რატომ მარიცხინებთ?
-არ არის სავალდებულო, რომ იცოდე. მაგრამ შეგაქებ. კარგი დაკვირვებაა.
-ალბათ გუშინ რომ შეგექე, გამიხარდებოდა. დღეს უკვე ნაკლებად.
-არ არის ყოველ წამს გამეორება საჭირო, რომ ვერ მიტან.
-მე ეგ არც მითქვამს. უბრალოდ, სულ სხვა თვალით გიყურებ უკვე. აღარც თქვენობით საუბრით ვიკლავ თავს.
-ხედავ? რაღაც დადებითი მხარეები დაგინახავს.
-ხო, მაგ დადებითმა გადაწონა ყველაფერი.
გიგამ თეფშები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩაალაგა.
-კარგი, საჭმელს შენ ამზადებ, მაგრამ აქაურობას ვინ დაალაგებს? ან თეთრეულს ვინ გამოცვლის.
-როგორ დეტალებს უღრმავდები. მაგაზე ნერვიულობა შენ არ მოგიწევს.
-არა, უბრალოდ თქვენ ორის ცოცხით ხელში წარმოდგენა მიჭირს.
-დამშვიდდი, მოგვარდება ეგეც. წამოდი, სახლს დაგათვალიერებინებ.
გიგამ და თამომ სახლის ორივე სართული შემოიარეს.
-ანუ გასართობი არაფერი მაქვს? ჩემი გაგიჟება გადაწყვიტეთ?
-შეგიძლია წიგნები იკითხო. სამაგიდო თამაშებიც არის, რაშიც მე და ნიკოც ჩავერთვებით.
-მგონი 80-იან წლებში დავბრუნდით. ნინტენდო, ფლეისთეიშენი ან რამე მსგავსი არ გაქვთ?
-კარგი, მაგასაც ამოგიტანთ.
-ეს რა დაყვედრება იყო. ამხელა საქმეს გიკეთებთ და ერთი თამაშის ამოტანა გახდა პრობლემა?
-ვნახოთ, რამდენად კარგად შეასრულებ დაკისრებულ მოვალეობას.
-არ მგონია თქვენ ორს ბუღალტერიის რამე გაგეგებოდეთ.
-ეჭვებს ნუ გვიჩენ, თამო. აჯობებს, ჩვენი წესებით ითამაშო და ტკბილ მოპყრობასაც დაიმსახურებ.
-ნუ ნერვიულობ, უბრალოდ მომწონს, როცა ერთი პატარა გოგო ასე მარტივად თამაშობს შენს ნერვებზე, - გაიცინა თამომ და ლოყაზე ორჯერ მსუბუქად დაარტა ხელი.
-მე შენთვის პატარა გოგო არ მიწოდებია.
-მაგრამ ფიქრობ.
-და ეგ საიდანღა იცი?
-როგორც თავად უკვე ბევრჯერ აღნიშნე, საზრიანი ვარ, - თითი თავზე დაიკაკუნა თამომ და გაიღიმა.
-ჰოდა, საზრიანო თამო, შეგიძლია შენ ოთახში შეხვიდე. კარგად გამოძინება გჭირდება.
-მე შენი ოთახი უფრო მომეწონა. უფრო დიდი და ნათელია.
-ამიტომაც ნებისმიერ დროს შეგიძლია ესტუმრო. ოთახები არ იცვლება.
-კარგი, მაინც ვცადე. ღამე მშვიდობისა, - თავისი ოთახისკენ დაიძრა თამო.
-კიდევ ერთი პატარა დეტალი. ყველა ოთახში კამერა აყენია. ტყუილად შეეცდები რომ იპოვო, ერთზე მეტია და ვერც მიაგნებ, - გიგა თამოს უკნიდან მიეკრო. - შენს ადგილას სააბაზანოში გამოვიცვლიდი, - ყურში ხმადაბლა ჩასჩურჩულა და თავის ოთახში გაუჩინარდა.
თამო „თავის“ ოთახში შევიდა. არაფრით არ ჰგავდა ეს ადგილი მის სახლს. მართალია, ბევრად უფრო მდიდრული და მოვლილი ჩანდა, მაგრამ მაინც ნეგატიურად იყო განწყობილი ამ ადგილის მიმართ. აბა, რომელი გონიერი ადამიანი მოიხიბლებოდა სახლით, სადაც თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ გამოკეტეს?
კარადა გამოაღო. ტანსაცმლის უმეტესობა მისი ზომა იყო. საღამურები და პირსახოცი გამოიღო და სააბაზანოში შევიდა.
უცებ გადაივლო ტანზე და ის ტანსაცმელი, რომელიც დღეს ეცვა, სარეცხ მანქანაში შეყარა. სააბაზანოსაც შეავლო თვალი. ბიჭებს ეზრუნათ და ყველანაირი ჰიგიენური პროდუქტი მოემარაგებინათ. არც სავარცხელი, თმის საშრობი და სამაგრები დავიწყებიათ.
სანამ მანქანა გაშრობის რეჟიმზე იდგა და მის ტანსაცმელს ცოტათი მაინც ამშრალებდა, თამომ კბილები გამოიხეხა. შემდეგ ნესტიანი ტანსაცმელი გამოიღო და იქვე არსებულ ცარიელ საკიდებზე გადაანაწილა.
ოდნავ მობეზრებული ოთახში დაბრუნდა. ნეტავ რამდენი ხანი უნდა გაეტარებინა აქ? ან სასურველს რომ მიიღებდნენ მას რას უზამდნენ? ძალიან საშიში იქნებოდა მისი გაშვება. ხომ შეეძლო, ყველაფერი პოლიციისთვის მოეყოლა.
-არა, თამო, მაგაზე ნუ იფიქრებ, დღევანდელობით იცხოვრე.
შუქი ჩააქრო და იმ იმედით, რომ კამერებში არაფერი გამოჩნდებოდა, ატირდა. ცდილობდა, მათთან საუბრისას არაფერი დასტყობოდა. პატარაობიდანვე ცდილობდა, რომ სისუსტე არ გამოეჩინა სხვების თანდასწრებით. სწორედ ამიტომ აიკრა უშიშარის ნიღაბი ნიკოსა და გიგას თანდასწრებით.
ჯერ კიდევ გუშინ მისი ცხოვრება ნორმალურად მიდიოდა. არაფერი არ იცოდა ნიკოს ორპირობაზე. გიგამ, მართალია, სამსახურიდან გააგდო, მაგრამ მაინც ნორმალური ადამიანი ეგონა. ბრაზობდა ორივე ბიჭზე. ყველაზე მეტად კი საკუთარ თავზე იყო გაბრაზებული. გიგამ ნაწილობრივ მაინც მოახერხა მისთვის რეალური სახის დანახება. ამის მიუხედავად, მისდამი სიმპათია არ გაჰქრობია. პირიქით, კვლავ ძალიან მოსწონდა.
-მუდამ არასწორ ხალხს როგორ არჩევ? - ჰკითხა საკუთარ თავს.
ბოლოს მიხვდა, რომ ტირილის გაგრძელება ავტომატურად ნიშნვდა მეორე დილისთვის ჩასიებულ თვალებს. ამით საკუთარ თავს გასცემდა. ცრემლები შეიმშრალა და საწოლში ჩაწვა.
მის გვერდით ოთახში არ ეძინა არც გიგას. აღტაცებული აწყობდა მომავლის გეგმებს. ახლა ხომ ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან. სულ მალე მამამისს პასუხს მოსთხოვდა ჩადენილისთვის. გიგა მელაძე უპასუხოდ არავის ტოვებდა.
***
ნიკო ადრე დილით მიადგა სახლს. თამოს ჯერ კიდევ ეძინა.
-აბა, მოიტანე?
-აქ არის, - ლეპტოპის ჩანთა გადააწოდა მეგობარს.
¬-ყველაფერი ჩატვირთე?
-კი. ჯიბეში უსადენო ინტერნეტის ჩამრთველი დევს. აიღე და საგულდაგულოდ დამალე. არ უნდა იცოდეს, სად დადებ, რომ მოპარვა არ სცადოს.
-რას მიპანიკდები ხოლმე წამშივე, შე*ემა, მასეთი სულელი გგონივარ?
-არა, უბრალოდ ეგ გოგოა ძალიან ჭკვიანი.
-ნიკო, ერთი ჩერჩეტი გოგო ვერ გვაჯობებს.
-მე მაინც უნდა გამეფრთხილებინე. მის სამსახურის დრაივზე ყოველ დილას ფაილებს ავტვირთავ. შენ გადმოწერ და დაახვედრებ, საღამოს კი უკვე გამზადებულს დააბრუნებ უკან. ასე მეც ნაკლებად მომიწევს სამსახურიდან გამოსვლა და გიაც ვერაფერს იეჭვებს.
-ისე რას იძახის, მაინც უნდა შემოვირიგო ჩემი ბიჭიო?
-ხომ იცნობ, ეგ მასე მალე არ დანებდება.
-ჰოდა, არც მე.
-როგორ იქცეოდა?
-ძალიან მშვიდად. თითქოს საკუთარ სახლში იყოს. მაგრამ კი ცდილობდა, სიტყვებით რაიმე დაეშავებინა. მებრძოლია.
-არაუშავს, ცოტა ხანში მობეზრდება.
-ეჭვიც არ მეპარება. ისაუზმე?
-არა, დილაადრიან აქ წამოვედი.
-ჰოდა, დაგვეწვიე. რამეს მოვამზადებ.
-უარს არ ვიტყოდი.
-იცი, გუშინ თამაშები მომთხოვა. რაიმეთი ხომ უნდა გავერთოო.
-ეგ პრობლემა არაა, გადავრეკავ და ყველაფერს მოვაგვარებ.
-ტანსაცმელიც უნდა ვიყიდოთ, - მაცივრიდან ფურცელი ჩამოხსნა გიგამ. - მოკლედ, შენ აქ დარჩი, მე თბილისში ჩავალ და ტანსაცმელს ამოვუტან.
-ჰოდა, მაშინ ერთ მისამართს დაგიწერ, იქ შეიარე და სათამაშო მოწყობილობასაც გამოგატანენ.
-კარგი. სანამ მე საჭმელს მივხედავ, ჩვენი მძინარე მზეთუნახავი გააღვიძე.
ნიკო თამოს ოთახისკენ დაიძრა. კამერით შეამოწმა, რომ ნამდვილად ეძინა და შესვლისას რამეს არ ჩაარტყამდა თავში. კარზე რამდენჯერმე დაუკაკუნა.
-თამო, ადექი, გათენდა.
თამო ძლივს წამოდგა საწოლიდან. თვალები უხურდა და ოდნავ ჩასიებოდა. ესეც ღამით ტირილის შედეგი.
ალალბედზე აირჩია ტანსაცმელი და სააბაზანოში შევიდა გამოსაცვლელად. უკან დაბრუნებულს ნიკო მის საწოლზე ჩამომჯდარი დახვდა.
-იქნებ ჩაცმული არ ვიყავი. რას შემოვარდი?
-კამერით გადაგამოწმე.
-გოგოებისთვის კამერით თვალთვალი გარყვნილობა რომ არის, იცი?
ნიკოს გულიანად გაეცინა.
-დავრწმუნდი, რომ არაფერს მიპირებდი.
-და რა უნდა მექნა? ზეწრით მომეხრჩვე? ადექი, საწოლი უნდა ავალაგო.
-გეძინა? თვალები ჩასიებული გაქვს.
-ცოტა გამიჭირდა უცხო ადგილას ძილი. არაუშავს, მალე შევეჩვევი. სხვა გზა არ მაქვს.
-გავიგე, თამაშები მოგითხოვია.
-არ მაქვს უფლება?
-როგორ არა. უბრალოდ არ მეგონა, შენისთანა გოგო მასეთი თამაშებით თუ ერთობოდა.
-არც ვერთობი. უბრალოდ სხვა არაფერი მომაფიქრდა. რას ჰქვია ჩემისთანა გოგო?
-ხომ იცი, ნაზი, სუსტი...
-სუსტი? - წარბი მაღლა ასწია თამომ.
-ნუ, ზოგადად გოგოები ხომ სუსტი სქესის წარმომადგენლები ხართ.
-გასაგებია. გიგა სად არის?
-საჭმელს აკეთებს.
-მადლობა, - უცებ დატოვა ოთახი და გეზი სამზარეულოსკენ აიღო.
კისრისტეხით ჩაირბინა კიბეები და ფეხიც დაუცდა. იქვე მოადინა ზღართანი.
-აუჩ.
სამზარეულოდან გიგა გამოვარდა და თამოს მიეშველა.
-რა მოგივიდა?
-შენი აზრით?
-წამოდი, დივანზე ჩამოჯექი.
-რა საზიზღარი ხალიჩაა.
-გამოვცვალო?
-არა, სხვა დროს ნელა ჩამოვალ. ნიკოსთვის მოგიყოლია სათამაშო ინვენტარზე.
-არ უნდა მეთქვა?
-როგორ არა. უბრალოდ სიას რაღაც დავუმატე.
-მაინც?
-სავარჯიშო ინვენტარი.
-რისთვის გინდა?
-აბა თუ მიხვდები. სავარჯიშოდ. აქ ზოგს ჰგონია, რომ რახან გოგო ვარ, სუსტი უნდა ვიყო.
-ზოგჯერ ძალიან ბავშვობ, იცი?
-თუ ფული გენანება, უბრალოდ თქვი.
-თამო, კარგად გექცევი და ზედმეტად მითამამდები, - დასერიოზულდა გიგა.
-არ შეიძლება ჩემს თავზე ვიზრუნო? თანაც, ყოველდღიურად თუნდაც 10 წუთით ვარჯიში გონებას ეხმარება, უკეთ იმუშაოს. ბოლოს და ბოლოს, სახლიდან ვერ გავდივარ და ენერგია რამეში ხომ უნდა დავხარჯო?
-კარგი, ტრენაჟორებს ჩემი სახლიდან წამოვიღებ. მაინც დიდ დროს აქ გავატარებ.
-სახლში ტრენაჟორები გაქვს?
-მიყვარს, როცა ჩემს საკუთრებას მხოლოდ მე ვეხები, - ყურში ჩასჩურჩულა გიგამ და ლოყაზე აკოცა. - ახლა კი საჭმელს გადავანაწილებ. შეგიძლია ხელები დაიბანო და ნიკოსაც დაუძახო.
უხმოდ ისაუზმეს, მაგიდა აალაგეს და თამოს „სამუშაო“ ოთახში შევიდნენ.
-აი ეს ლეპტოპი შენ. ფაილები სამუშაო მაგიდაზე არის ჩამოტვირთული. შეგიძლია მუშაობას შეუდგე.
-შესვენება არ მექნება? ან რომლამდე უნდა ვიმუშაო?
-დღეისთვის მინდა, რომ ამ ფაილში არსებული ინფორმაცია სრულად შეავსო და მეორეში გადაიტანო. რთული არაფერი იქნება. რაც მალე მორჩები მუშაობას, მით მეტი დრო გექნება დასვენებისთვის. თუმცა ძალიანაც ნუ იჩქარებ. არ მინდა, შეცდომა დაუშვა. ყოველდღე ახალ მითითებას მოგცემ. როცა მორჩები, მოხვალ და მანახებ. შევთანხმდით?
-კარგი. შეიძლება დივანზე დავჯდე?
-როგორც თავად ისურვებ.
თამო მუშაობას შეუდგა. ნიკო მისაღებში იჯდა და წიგნს კითხულობდა. გიგამ კი გეზი თბილისისკენ აიღო და მხოლოდ საღამოს დაბრუნდა დატვირთული მანქანით.
-ყველაფერი დღეს ვერ ჩავატიე, სავარძლებს დამისვრიდა. ნაწილს მომავალში ამოვიტანთ. მგონი საკმარისია, ხომ?
-ამდენი ტანსაცმელი იყიდე?
-ხომ გითხარი, შენზე ვიზრუნებთ. წავალ მე და ტრენაჟორებს დავაწყობ.
-სად?
-ბიბლიოთეკაში.
-სად? - გაოცდა თამო. - ბიბლიოთეკაში სავარჯიშო დარბაზი ვის გაუგია?
-სხვა ცარიელი ოთახი არ გვაქვს.
-კარგი, როგორც გინდა. მე უკვე მოვრჩი და ნიკოს მივეცი ლეპტოპი.
-ფული გადარიცხე?
-ჯერ ძალიან ცოტა. მაგრამ ნელ-ნელა დაგროვდება და გაბევრდება კიდეც. არ მინდა, ეჭვი რამეზე აიღონ.
-გასაგებია. შეგიძლია დაისვენო. სუში ამოვიტანე. ნიკოს უთხარი და მანქანიდან შემოიტანს.
-მე ვერ შემოვიტან?
-დებილი გგონივარ? - გაეღიმა გიგას. - მაპატიე, მაგრამ გარეთ ვერ გაგიშვებ. რომ გაგვექცე?
-კარგი, ხო, დავუძახებ.
თამო მობეზრებული ჩამოჯდა დივანზე, სანამ ბიჭები ყველაფერს სახლში შემოზიდავდნენ. შემდეგ წამოდგა და ბიბლიოთეკის სანახავად გავიდა.
-ყველაფერი გააკეთა? - იკითხა გიგამ.
-კი. კარგად მუშაობს. სანამ ჩამოვა, დრაივზე ატვირთე. მე სახლში წავალ.
-გიას როგორ აუხსენი ახალ ბუღალტერზე?
-ვუთხარი, რომ საზღვარგარეთ არის. ცოტა ვიფანტაზიორე. დიდი პროფესიონალია, ბლა, ბლა. ვუთხარი, რომ დისტანციურად იმუშავებდა.
-შენ ურჩიე მისი აყვანა?
-არა. მასე ხომ ეჭვს ეგრევე ჩემზე მოიტანდა? მე უბრალოდ ყველა კანდიდატის დოსიე დავულაგე მაგიდაზე. ყველასი რა, ყველა ყალბი კანდიდატის გარდა თამოსი.
-კარგია, ძალიან კარგი. შეგიძლია თბილისში დაბრუნდე და ნუღარ დაეთხოვები ასე ხშირად, რამე არ იეჭვოს.
-დამშვიდდი, ჰგონია, რომ სურდო მაქვს. ხვალიდან უკვე სამსახურში დავბრუნდები.
-ჩემ შესახებ თუ იცის, წამოსული რომ ვარ?
-არა. აღარ უთხოვია შენთან მოსალაპარაკებლად წამოვსულიყავი.
-თუ გთხოვს, კვლავ დათანხმდი და ჩემს ოფისში მიდი. მიკითხე. თითქოს არ იცი, რომ იქ არ ვარ. მიდი მერე გიასთან და აუხსენი, რომ არ დაგხვდი.
-კი, კი, ვიცი.
-კარგი, შეგიძლია წახვიდე. თავს მოუფრთხილდი.
-შენც.
ნიკო თბილისში დაბრუნდა.
-სპორტული ტანსაცმელი იყიდე? - ტანსაცმლის ამოლაგებისას იკითხა თამომ.
-კი, რომელიღაც პარკში იქნება.
-ამდენ ტანსაცმელს სად ჩავატევ?
-თუ გინდა, ჩემი კარადა გამოიყენე.
-და შენს ოთახში ვირბინო, როცა გამოცვლა დამჭირდება?
-მე პრობლემა არ მაქვს, - მხრები აიჩეჩა გიგამ.
-არა, გმადლობთ. მე ცოტა ხნით ვივარჯიშებ, ხომ შეიძლება?
-ძალიან ნუ გადაიტვირთები. ჯერ დამწყები ხარ და ყველაფერს ერთად ნუ ცდი. ცოტ-ცოტათი დაიწყე და შემდეგ გაართულე.
-მადლობა რჩევისთვის, რამეს ვიზამ.
-ვარჯიშების სწორად გაკეთება იცი?
-შენ წარმოიდგინე.
-თუ არასწორად გააკეთებ, შეიძლება ტრავმა მიიღო. მოგეხმარო?
-ჩემს თავს მივხედავ. თუ დამჭირდები, დაგიძახებ.
თამომ სპორტული ტანსაცმელი ჩაიცვა და ბიბლიოთეკაში შევიდა. ჯერ შედარებით მარტივი ვარჯიშებით დაიწყო.
-წელი გაასწორე, ძალა კი ქუსლებზე გადაანაწილე, - მოესმა გიგას ხმა.
-აქ რას აკეთებ?
-წიგნი მინდა, რომ წავიკითხო.
-მგონი ვვარჯიშობ. სხვაგან ვერ წაიკითხავ?
-ხელს არ შეგიშლი.
თამომ თავი გადააქნია და ვარჯიში განაგრძო.
-სუნთქვას ნუ იკავებ. ყოველი მოძრაობისას უნდა ისუნთქო.
-იქნებ მანახო კიდეც, როგორ გავაკეთო.
-ხვალიდან შენთან ერთად ვივარჯიშებ, არ არის პრობლემა.
გიგა წიგნს არ კითხულობდა. ჩუმად აპარებდა ხოლმე თვალს თამოსაკენ. ეს სიფრიფანა გოგო შინაგანად ძალიან ძლიერი ჩანდა. თან როგორ ცდილობდა, არაფერი დასტყობოდა. ზუსტად იცოდა, რომ ეშინოდა.
-დღეისთვის საკმარისია. არ გადაიღალო. ახლა წადი და შხაპი მიიღე. წყლის დალევაც არ დაგავიწყდეს. მე წავალ და რაიმე ცილოვანს მოგიმზადებ.
თამომ გიგას დაუჯერა. შხაპიც მიიღო და ივახშმა კიდეც. შემდეგ კი თავის ოთახში ავიდა. არ ასვენებდა იმაზე ფიქრი, რომ აქედან გაქცევა შეეძლო. ახლა ალბათ გიგა თავის ოთახში იქნებოდა. ჰოდა ვერაფერს ვერ გაიგებდა.
ფანჯარასთან მივიდა და გადაიხედა. ძალიან მაღალზე არ იყო. გადაძრომას შეძლებდა.
შუქი ჩააქრო, რომ კამერებში არაფერი გამოჩენილიყო. გიგასაც ეგონებოდა, რომ დაიძინა. ოთახში მხოლოდ ლამპიონის შუქი აღწევდა.
ფანჯრის გამოღება სცადა. ვერ მიხვდა, რა მოხდა. ოთახში სრულიად ჩამობნელდა. მისი ოთახის კარი გაიღო. შუქიც აანთეს.
-რას აპირებდი? - გოგონას მიუახლოვდა გიგა.
-სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა მინდა. ოთახში ძალიან ჩახუთულობაა.
-სიბნელეში?
-რა მოხდა?
-ხომ ხვდები, რომ ვერ მომატყუებ? გაქცევას ცდილობდი?
-არაა.
-ახლა გაპატიებ. მეორედ იგივე აღარ გაიმეორო.
-ჟანგბადი მჭირდება.
-ჩემ გარეშე ეგ შეუძლებელია. როგორც კი რაიმეს გამოღებას შეეცდები, ყველაფერი ჩაიკეტება. ნურც მინის ჩამსხვრევას ცდი. არ გამოგივა. და მორჩილად იყავი, თორემ კარგად აღარ მოგექცევი.
-სუფთა ჰაერი მინდა.
-კარგი, აივანზე გავიდეთ. მოდი, ფანჯარას გავაღებ.
გიგამ ფინჯარა უპრობლემოდ გახსნა. თამო ვერ მიხვდა, რატომ არ გამოუვიდა თავად ამის გაკეთება.
-პლედი წამოიღე, არ შეგცივდეს.
სარწეველა სავარძლეში ჩასხდნენ და გარემოს დაუწყეს ყურება.
-ადგილი ნამდვილად ლამაზია.
-მეც ძალიან მომწონს. გაქცევა რატომ უნდა მოგინდეს? თბილისს არ სჯობია?
-დასანანია, რომ ცუდი ადამიანი ხარ, - ჩაილაპარაკა თამომ.
***
თამოს საწოლში გამოეღვიძა. არ ახსოვდა, როგორ აღმოჩნდა აქ. ჯერ ისევ წინა დღის ტანსაცმელი ეცვა. იმიტომაც იყო ასე არაკომფორტულად.
სააბაზანოში გამოიცვალა და დილის პროცედურა ჩაიტარა. გამშრალი ტანსაცმელი დაკეცა, დასვრილი კი გარეცხა. მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა ოთახი.
პირველ სართულზე არავინ იყო. არადა ძალიან შიოდა. მაცივართან მივიდა და იოგურტი გამოიღო. ცოტაოდენი ხილიც შეჭამა და დივანზე წამოწვა.
-ოჰო, გაღვიძება მომასწარი?
-მასე გამოდის.
-ისაუზმე კიდეც?
-კი, ძალიან მშიოდა.
-ჩემთვის დარჩა რამე?
-ზუსტად არ მახსოვს რამდენი ვჭამე. გადაამოწმე მაინც. ორიოდე ლუკმა შეგხვდება.
-რაღაც უხასიათოდ მეჩვენები.
-არაფერია, ცოტა კუნთები მტკივა.
-ეგ ლოგიკურიც არის.
-ვიცი, არ არის საჭირო ახსნა. ჰო, მართლა, მადლობა, რომ საწოლამდე მიმიყვანე გუშინ და გასაყინად გარეთ არ დამაგდე.
-გარეთ რომ დამეტოვებინე, გაიქცეოდი.
-მადლობა შეირგე.
-კარგი, არაფერს. ისე ჩაგეძინა, ვერც მივხვდი. უბრალოდ რაღაც ჩემი ლანძღვა აღარ მესმოდა, შემოგხედე და უკვე აღარ ფხიზლობდი.
-არაუშავს, ახლა ხომ ვარ ფხიზელი.
-ჰოდა, ვისაუზმებ ახლა და დღევანდელ მითითებას მოგცემ.
-კარგი, დაგელოდები.
თამო სათამაშო მოწყობილობასთან მივიდა და სცადა რაიმე გაეგო. ალალბედზე ჩართო თამაში და ინსტრუქციის წაკითხვა დაიწყო.
-კარგი, ამით ავხტები, ამით ვისვრი, ამით გავქრები და სხვაგან გავჩნდები. გასაგებია, - ჩაილაპარაკა და თამაში დაიწყო.
დიდი ხნით არ ყოფილა ჩაფლული. დიდად არც დააინტერესა და გიგაც მალე გამოჩნდა.
-ფაილები განვაახლე. შეგიძლია მუშაობას შეუდგე. დაახლოებით ორ საათში მოვალ და შეგვიძლია ვივარჯიშოთ. საქმისგანაც დაისვენებ.
-კარგი.
თამო თავის საქმეს შეუდგა. გიგა მეორე სართულზე ავიდა და თავის ოთახში გაუჩინარდა. მობილური ამოიღო და ნიკოს დაურეკა.
-აბა, რაიმე ხომ არ უეჭვიათ?
-არა, ძალიან სუფთად მუშაობს.
-გუშინ გაქცევა სცადა. ფანჯრიდან უნდა გადამძვრალიყო.
-ხომ გითხარი, ასე მალე არ დანებდება-მეთქი. სადმე მასთან ახლოს ხომ არ ხარ? არ გაიგოს, რომ ვატყუებთ და რეალურად ძალიან კარგად იჭერს მანდ მობილური.
-დამშვიდდი, პირველ სართულზეა და თავითაა ჩაფლული სამუშაოში. მე კიდევ ჩემი ოთახიდან გესაუბრები. ისე, შენ სულ რაღაცის როგორ გეშინია?
-უბრალოდ ძალიან ვფრთხილობ.
-მეც. კაი, მიხედე ახლა შენს საქმეს. გიას არაფერი აეჭვო.
-ვიცი, სულ მაგას რატომ მიმეორებ.
-მეც ვფრთხილობ.
გიგამ ყურმილი დაკიდა და სოციალურ ქსელში შევიდა. ნეკო წერდა.
-გიგუშ, არ გინდა, სადმე შევხვდეთ ერთმანეთს?
გიგა ნეკოსთან ძალიან კარგ დროს ატარებდა. თუმცა ახლა ბავშვურად მოქცევის დრო არ იყო. სერიოზული საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი. ნეკო კი ახლა ვერაფერში დაეხმარებოდა. ზოგჯერ უკვირდა კიდეც, როგორ იჭერდა ასეთ სულელებთან საქმეს. თუმცა სულელის მოტყუება ხომ ყველაზე მარტივია.
-არ მცალია, საქმეები თავზე მაყრია.
-მოვალ და სტრესს მოგიხსნი [კოცნის სმაილი].
-არ მინდა.
-აქამდე უარს არასდროს მეუბნებოდი. რა გჭირს?
-არაფერი. შენი პატარა ტვინი მაგას ვერ გაიგებს. შენთან ურთიერთობის გაგრძელება არ მსურს.
ნეკოს აღარაფერი მოუწერია. ალბათ გაბრაზდა გიგას შეტყობინებაზე.
რატომ უთხრა ნეკოს უარი? ნუთუ მხოლოდ საქმის გამო? დიდი ამბავი, ამოეყვანა აქ ნეკო, ან თავად ჩაეკითხა მისთვის თბილისში. არაფერიც არ მოხდებოდა. თუმცა რაღაცამ შინაგანად შეაკავა.
-გიგა, - კარზე მიუკაკუნა თამომ. - შეიძლება შემოვიდე?
-ერთი წუთით, - გონს მოვიდა გიგა. ინტერნეტი გათიშა და მობილური შეინახა. - შემოდი.
-დასვენება მინდა. ორი საათიც გავიდა უკვე.
-კარგი, სპორტულად გამოეწყვე, მეც გამოვიცვლი და ბიბლიოთეკაში შეგხვდები.
თამომ თავი დაუქნია და ოთახიდან გავიდა. გიგას გაეღიმა. მგონი კითხვაზე პასუხს ხვდებოდა.
თამომ უცებ გამოიცვალა და ბიბლიოთეკაში შევიდა. იქ უკვე გიგა ელოდა.
-მოდი, ყველა სახის ვარჯიშით არ გადავიტვირთოთ. ყოველდღე სხვადასხვა ადგილზე ვკონცენტრირდეთ. დასაწყისისთვის აჯობებს მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები გავაკეთოთ, ან კარდიო. ასე მთელ სხეულსაც ავამუშავებთ და ბევრ კალორიასაც დავწვავთ.
-ლაპარაკი არ მაინტერესებს. შენ მოძრაობას მაჩვენებ, მე ვიმეორებ.
-კარგი. სცადე, რომ გააკეთო, ტვინს არ დაუჯერო. ხშირად ჰგონია, რომ არ შეუძლია რაიმეს გაკეთება, როცა სხეული სულ სხვას ჰკარნახობს.
გიგამ ვარჯიშების გაკეთება დაიწყო. თამოც აჰყვა. პერიოდულად გიგა შენიშვნებს იძლეოდა. თამოს ძალიან ეზარებოდა ყოველი შემდეგი ვარჯიშის შესრულება.
-აღარ მოვრჩით?
-კიდევ ცოტაც. აქ ნაკლებად უნდა შეისვენო. განაგრძე, თამო, არ დანებდე. დააჯერე ტვინს, რომ ამის გაკეთება შეგიძლია.
-ვეღარ ვაკეთებ.
-ერთიც, თამო.
-ვნებდები, - მუცელზე გაწვა ქანცგაწყვეტილი თამო.
-დღეს თუ დანებდი, ხვალაც მოგინდება. პირველად შეიძლება მტკივნეულია, მაგრამ ყოველი შემდგომი დღე უფრო მარტივდება. თუ არ გააკეთებ, ყოველთვის რთული იქნება.
თამო წამოდგა და გიგასთან ერთად ვარჯიში განაგრძო. გიგამ გაუღიმა.
-აი ასე. ორი ვარჯიშიც და ვრჩებით. წელი გაასწორე, არ მოხარო. თუ გიჭირს, შეგიძლია მუხლებზე დადგე და ისე გააგრძელო. უფრო მარტივი ვარიანტია, თუმცა მაინც საკმაოდ კარგია. მთავარია, არ გაჩერდე.
თამოს ვარჯიშის ბოლოს სუნთქვაც კი აღარ შეეძლო. პარალონზე გაწვა, გიგა რომ თავზე წამოადგა.
-გაწელვების დროა. ადექი, ადექი. კუნთი რომ ავარჯიშე, ახლა ცოტა უნდა მოადუნო. სულ ორი წუთი. სისხლის მოძრაობაც გაუმჯობესდება. სუნთქვასაც დაირეგულირებ.
-მონსტრი ხარ, ვინმეს უთქვამს შენთვის?
-არა.
-ჰოდა, კარგად დაიმახსოვრე, პირველად ვინ გითხრა.
-ადექი. რთული არაფერია, შემომხედე და გაიმეორე.
თამომ გაწელვებიც გააკეთა და ცოტა სული მოითქვა.
-აბა, ახლა უკეთ არ ხარ? ფეხზეც კი წამოდექი და პარალონზე აღარ გაიშოტე.
-ვაღიარებ, გაწელვები სასარგებლო იყო. ამდენ ვარჯიშს ადამიანი როგორ უნდა მიეჩვიო?
-მიზანი უნდა გქონდეს, რისთვის ვარჯიშობ. ტვინიც უნდა დაარწმუნო, რომ შეგიძლია. მართალია მე დიდი ხანია ვვარჯიშობ, მაგრამ შენზე არანაკლებ დაღლილი ვარ. მთავარია, სულ ერთი და იგივე არ აკეთო, რომ ორგანიზმი არ შეაჩვიო მხოლოდ ერთ კონკრეტულს.
-არ გეზარება?
-ძალიან ხშირად.
-რაღაც არ გეტყობოდა.
-მოტივაციის ამბავია. თანაც როცა სხვასთან ერთად ვარჯიშობ, ნაკლებად გინდება ადამიანს, რომ გაჩერდე. სახლში მარტო ამ ყველაფრის გაკეთება ბევრად მიჭირს.
-დავიმახსოვრებ.
-მეც, მონსტრი რომ მიწოდე.
-იცოდი, რომ კუნთები მტკიოდა.
-კუნთების ტკივილის საუკეთესო წამალი მათი დატვირთვა და მეტი ვარჯიშია.
-არა რაა, ამ სფეროს უნდა გაჰყოლოდი. რა გინდა შენ კომპანიის მმართველად.
-არ მგონია კარგი მასწავლებელი ვიყო.
-გასაგებია, ანუ მე საცდელი კურდღელი გყავარ?
-შენ შემთხვევაში უბრალოდ გამოცდილებას გიზიარებ.
-გასაგებია. მგონი საკმარისად დავისვენე. გამოვიცვლი და მუშაობას განვაგრძობ. მკაცრი ზედამხედველი მყავს.
-მონსტრი, - შეუსწორა გიგამ.
-ნამდვილად.
თამო ბიბლიოთეკიდან გამოვიდა, წყალი გადაივლო და საქმეს მიუბრუნდა.
***
-ნიკო, გიგასგან არაფერი ისმის?
-ისევ მოსისხლე მტრად აღმიქვამს. ბრაზობს, რომ თქვენ კომპანიაში ვმუშაობ.
-არადა მახსოვს, როგორი კარგი ურთიერთობა გქონდათ.
-მაშინ თქვენთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მან არ გირჩიათ ჩემი სამსახურში აყვანა?
-რა მარტივად იყო ყველაფერი. რამ გადაიყვანა ჭკუიდან, ჯერ კიდევ არ მესმის. იქნებ დღესაც გეცადა მასთან მისვლა? თბილად ელაპარაკე, მთავარია, ჩემთან შეხვედრაზე დაითანხმო. უთხარი, რომ კომპრომისებზეც წავალ.
-კარგი, ყველაფერს ვცდი. საღამოს მივაკითხავ.
***
-ნიკო, რა ამბებია მაქეთ? - გიგამ თამოსგან უჩუმრად დაურეკა ნიკოს.
-არ ნებდება მამაშენი. საღამოს შენს ოფისში მოვდივარ.
-სიხარულით დაგხვდები, კი. უცებ შეიარე, რომ მოწმეები გყავდეს, ნამდვილად იყავი მანდ. მერე ჩემთან გაიარე, დარჩენილი ტრენაჟორები წამოიღე და აქ ამოდი. ბარემ აქ დაიძინე და დილით წადი.
-კარგი. თამო როგორ მუშაობს?
-არაფერი დაეწუნება. ცდილობს. ალბათ ძალიან უყვარს მშობლები. თან არც იმჩნევს, რომ ეშინია.
-რამდენი ხანი დასჭირდება, რომ საბოლოოდ გაკოტრდეს კომპანია?
-წარმოდგენა არ მაქვს. ვკითხავ და გავარკვევ.
-ფრთხილად იყავი, მობილური არ დაგინახოს.
-მერამდენედ მაფრთხილებ ბიჭო, მომაბეზრებელია უკვე.
-სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
-მე ამატკიებ ახლა სამაგიეროდ. მიდი და საღამოს გელოდები.
-კარგი.
***
-სტუმარიც მოვედი, - კარი შეაღო ნიკომ.
-რა მოიტანე? - მობეზრებით გასძახა თამომ.
-ისე რომ ამოვსულიყავი, არ შეიძლებოდა?
-ყოველთვის რაღაც მოგაქვს.
-სავარჯიშო აპარატურა დაგიმატე.
-რაღაც მაინც გამიხარდა.
-გიგა სად არის?
-მგონი თავის ოთახში უნდა იყოს. კაი ხანია იქიდან არ გამოსულა. შეიძლება სძინავს კიდეც.
ნიკო გიგასთან ავიდა ოთახში.
-ვა, მოხვედი? ყველაფერი მოიტანე?
-კი. შენ სამსახურშიც შევიარე. მდივანს ერთი 5 წუთი ველაპარაკე. არ დაავიწყდება, რომ იქ ვიყავი.
-მაინც არ ეშვება მამაჩემი არა? სულ მალე შემხვდება, არ არის პრობლემა.
-ერთი პრობლემა კი ნამდვილად არის.
-რა?
-ოფისიდან რომ გამოვედი, შორიახლოს ნეკო შემხვდა.
-რა უნდოდა?
-გიგა სად არის, მითხარიო. თურმე გირეკავს და არ პასუხობ.
-ახლა მაგის დრო ნაღდად არ მაქვს.
-ჰოდა, ცუდი ამბავია. ძალიან კარგად იცნობ. ხომ იცი, თუ ადამიანს შეუჩნდა, შანსი არაა, სასურველი არ მიიღოს.
-უთხარი?
-გეფიცები, ვერ მოვიცილე. ლამის შენ სახლამდე მდია.
-უეჭველი ამოვა. ახლა თამო გაგიჟდება ალბათ.
-რა გააგიჟებს?
-ჩვენ გარდა სხვა ვინმე რომ დაინახოს, ყვირილს მორთავს და გააგებინებს სხვებს, რომ აქ ჩაკეტილია. იქნებ ჩაგვიშალოს კიდეც ყველაფერი.
-ჰოდა, შენც დატვირთვე, რომ ლეპტოპიდან ამოხედვის დროც არ ჰქონდეს. სავარაუდოდ ხვალ ამოვა. დღეს უკვე გვიანია.
-ჯანდაბა, მოვიფიქრებ რამეს. ეგ ცალკე პრობლემა გამიხდა რა. უტვინო ეძახე და კი ვერ მოვიშორე.
-არ მგონია, სკანდალი მოგიწყოს.
-მე კი ზუსტად მაგას ვფიქრობ.
კარზე დააკაკუნეს. ბიჭებმაც საუბარი შეწყვიტეს.
-მოვრჩი და შეიძლება შემოვიდე? - იკითხა თამომ.
-მოდი.
-რას განიხილავდით? - იკითხა შემოსვლისას.
-არაფერ საინტერესოს.
-აღელვებულები კი ჩანხართ. გაიგეს, რომ სინამდვილეში ფულს ვიპარავ?
-მსგავსი არაფერი უფიქრიათ. შეგიძლია ლეპტოპი დატოვო და გახვიდე.
-შევჭამ ბარემ. თქვენ არ დაგიცდით.
-კარგი, წადი.
***
ნიკო დილაადრიან გაუდგა გზას თბილისისკენ. არც შეუმჩნევია, გზაში როგორ აცდა ნეკოს მანქანას. გიასთან მიიჩქაროდა „ახალი ამბის“ სათქმელად.
-ბატონო გია, გუშინ თქვენს შვილთან მივედი.
-მერე?
-მდივანმა მითხრა, რომ უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც სამსახურში არ მისულა.
-კი მაგრამ, სად არის?
-მოლაპარაკებებს უძღვება და კიდევ მინიმუმ ერთი კვირა არ იქნებაო.
-რა სიანტერესოა სად წავიდა. სხვა არაფერი უთქვამს?
-ყველანაირად ვეცადე, მეტი ინფორმაცია გამეგო, მაგრამ თვითონაც არ იცოდა იმ გოგომ არაფერი.
-კარგი. შეგიძლია წახვიდე. ნეტავ გამაგებინა, რას ხლართავს ეს ჩემი ვაჟი.
***
გიგა დილიდანვე ფანჯარასთან იდგა. სურდა, მაშინვე შეეტყო, თუ ნეკო მოვიდოდა და შიგნით არ შემოეშვა. ეს პატარა დეტალი ნამდვილად არ გაუთვალისწინებია. რას იფიქრებდა, ეს ჩერჩეტი გოგო თუ შეძლებდა მისი გეგმების არევას?
დიდხანს ლოდინი არც მოუწია. თამო ოთახში შეუშვა, ბევრი საქმე მისცა. თავად გარეთ გავიდა და ნეკოს დახვდა. ეზოში ბოლომდეც კი არ შემოუშვა.
-ოჰ, გიწვალია და გამომგებებიხარ, - ჩხუბით გადმოვიდა მანქანიდან ნეკო.
-რა ცინიზმია, ნეკო.
-ჩემი სახელი გხსომებია, დიდი პატივია.
-რისთვის მოხვედი?
-თავს რატომ მარიდებ? ასე უთქმელად უნდა მომიცილო? არ გამოგივა.
-ნეკო, შენი ნერვები ნამდვილად არ მაქვს. აქ სერიოზული საქმისთვის ვარ.
-ის გოგოა სერიოზული საქმე? - ნეკომ ფანჯარასთან ახლოს მჯდარ თამოზე მიუთითა.
-დავუშვათ.
-გასაგებია, როგორ მარტივად გაგიცვლივარ ვიღაც უშნოზე. ჩემზე უკეთესია?
-ნუ სულელობ, ნეკო. მე შენთან ურთიერთბა დავამთავრე.
-მე კი არ დამისრულებია.
-ძალიან გთხოვ, აქ სცენებს ნუ მოაწყობ.
-ის გოგო გამოიყვანე. მაინტერესებს, რამ მოგხიბლა მასში.
-ნეკო, სულ მთლად გაგიჟდი? - დასერიოზულდა გიგა.
-რა მოხდა, არ გინდა გაიგოს, როგორი საშინელი ადამიანიც ხარ? ქალებს იყენებ და მერე ჩემსავით მიაგდებ.
-ხმას დაუწიე.
უკვე გვიანი იყო. თამომ ხმაური გაიგონა და ფანჯრიდან გაიხედა. მისკენ ვიღაც გოგო იყურებოდა, გიგა კი ზურგშექცევით იდგა. როგორმე იმ გოგოსთვის ნიშანი უნდა მიეცა. შეუძლებელია, გიგას თანამზრახველი ყოფილიყო. მაშინ მისი სახლში შემოშვება არც გაუჭირდებოდა. ჯერ ხტუნაობას მოჰყვა, რომ მისი ყურადღება მიექცია.
-აგარაკშიც კი წამოგიბრძანებია. მე სახლშიც კი ძლივს მიგაყვანინე თავი.
-ნეკო, უკვე ძალიან მაბრაზებ. წადი აქედან.
-შეხედე, შეხედე, შენი გოგო ჩემი ყურადღების მიქცევას ცდილობს. ალბათ აინტერესებს ვინ ვარ, არა? გადაეცი, რომ საწოლში მაგაზე ბევრად უკეთესი ვარ. რაღაც ფურცელსაც მანახებს.
-რა? - გაოცებული შეტრიალდა გიგა სახლისკენ.
თამომ დაინახა, რომ გიგაც მობრუნდა და სასწრაფოდ მოსცილდა ფანჯარას. სამწუხაროდ, ეს მცდელობაც კრახით დამთავრდა.
-ნეკო, წადი, არ მიყვარხარ, არც არასდროს მყვარებიხარ, შენთან უბრალოდ ვერთობოდი. საკმარისია, შენზე დასაკარგი დრო არ მაქვს.
გიგა არც კი დალოდებია, ნეკო როდის წავიდოდა, სახლში შებრუნდა და თამოს მიეჭრა.
-შენი აზრით რას აკეთებ?
-შენი და ნიკოს გარდა მინდოდა სხვა ადამიანსაც დავლაპარაკებოდი.
-ფურცელი მანახე. რა აჩვენე ნეკოს?
-რა ფურცელი?
-მე თვითონ დაგინახე. სად წაიღე?
-არ მაქვს.
გიგა ნაგვის ურნასთან მიიჭრა. შიგნით დაკუჭული ფურცელი ეგდო. გაშალა და მხოლოდ ერთი სიტყვა ამოიკითხა - დამეხმარე.
-დამიჯერე, ნეკო ყველაზე ბოლო ადამიანია, ვისაც კი შეიძლება დახმარება სთხოვო.
-შენი გოგოა?
-მასეც შეიძლება ითქვას.
-და რატომ გიყვიროდა?
-არ მოეწონა, სხვა გოგოსთან ერთად რომ ვატარებ დროს.
-რა გინდა, ამოგაკითხა კიდეც. რატომ არ შემოიპატიჟე? მიხვდებოდა, რომ საეჭვიანოც არაფერია.
-შენი თანდასწრებით ხომ ვერ შევიდოდი საძინებელში. ხმაური შეგაწუხებდა.
-როგორმე მოითმინე ეს პერიოდი და უმართავი ცხოველივით ნუ მოიქცევი. გოგოსთან ლაპარაკიც შეიძლება. და თუ ასე ძალიან წუხდები და ვერ ისვენებ, თბილისში წაბრძანდი. გეცოდინება შესაფერისი ადგილები.
-თბილისი შორს არის, შენ აქ არ ხარ?
თამო საოცრად გაამწარა გიგას ამ სიტყვებმა. მთელი ძალით გაარტყა სილა და ყვირილი დაიწყო.
-როგორ ბედავ და მეძავს მადარებ?
-მეორედ აღარ გაბედო და არ დამარტყა, - მშვიდად უთხრა გიგამ.
-მეორედ არც შენ გაბედო ჩემთვის მეძავის დაძახება.
-არც კი მიხსენებია ეგ სიტყვა.
-ჰო, სამაგიეროდ იგულისხმე. ისედაც მონად გყავარ აქ გახდილი და ეგღა მაკლია.
-მონას ასე კარგად არავინ ექცევა, დამიჯერე.
-ახლა მადლობას ელი ჩემგან, რომ ნორმალურ საწოლში მძინავს, ჩემი ნივთები მაქვს და ყველაფერს მისრულებთ?
-უარს არ ვიტყოდი. თავზე გევლებით მეც და ნიკოც.
-პირდაპირ მზრუნველი მშობლები ხართ რაა. ოღონდ გარეთ არ მასეირნებთ.
-სახლი საკმაოდ დიდია, აქ ისეირნე, ოთახები დაათვალიერე, ახალი რაღაცები აღმოაჩინე.
-მოდი, ისევ თქვენს საქმეს მივუბრუნდები. მომაბეზრებელია ერთი და იმავე კედლების ყურება.
-კარგი. სხვა დროს კი სცადე, დღევანდელი აღარ გაიმეორო. შესაძლოა მოთმინება არ მეყოს.
-ჰოდა, შეეცადე ნერვები მასე ადვილად აღარ მოგეშალოს.
-ნეკოს მერე შენც ნუ მიმატებ რა.
-შეგიძლია წახვიდე და მასთან ერთად გაერთო. მაინც ჩაკეტავ ყველაფერს და ვერსად ვერ გავიქცევი.
-არ მინდა.
-რატომ? მეგონა მოთმინების უნარი არ გაგაჩნდა.
-ნეკოთი დიდად დაინტერესებული არ გახლავართ.
-წეღან კი აპირებდი სახლის აწიოკებას.
-სიტყვას მოჰყვა.
-ყოველ შემთხვევაში, შენი საქმის შენ იცი. მე თუ მკითხავ, არ ჩანდა ეგ გოგო ხელიდან გასაშვები.
-ჩემი ცხოვრებაა და მე გადავწყვეტ, ვისთან მქონდეს ურთიერთობა.
-სხვანაირად არც მიფიქრია. უბრალოდ რჩევას გაძლევ. დიდი ბიჭი ხარ უკვე, ძალიანაც ნუ დააგვიანებ. თან ნეკოსნაირი გოგოები მდიდარ ბიჭებზე გიჟდებიან.
-მისნაირი გოგოები არ მიზიდავს.
-მგონი ერთად იყავით თქვენ ორნი, არა?
-ნეკო ძალიან ჩერჩეტია. ლამაზი, მაგრამ მაინც ჩერჩეტი.
-არ მეგონა, ბიჭები ტვინსაც თუ აფასებდნენ.
-მისნაირ გოგოზე დაქორწინება წარმოგიდგენია რა საშინელება იქნება?
-ლესბოსელი კი არ ვარ.
-არადა საინტერესო იქნებოდა.
-როგორი საზიზღარი არსებები ხართ ეს ბიჭები. წავედი, მივხედო ჩემს საქმეს.
-არც ზოგი გოგო აკლებს.
თამო სამუშაოს მიუბრუნდა. ცოტა არ იყოს და გაბრაზდა, გიგას ყოფილზე რომ გაიგო. თუმცა ის მაინც ახარებდა, რომ გიგა მისით აღარ იყო დაინტერესებული. ნეტა რაზე ისაუბრეს გარეთ? რა უთხრა გიგამ ნეკოს, როცა თამოზე იეჭვიანა?
თამოს ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა უტრიალებდა გონებაში. სწორედ ამის გამო ვარჯიშის დროს დაბნეული იყო.
-თამო, რა გჭირს? იქნებ კონცენტრირდე? ასე ყველაფერს აზრს უკარგავ.
-ჰა, რა მითხარი?
-სად დაფრინავ?
-გონება გამეფანტა უბრალოდ.
-მართლა? რაზე ფიქრობდი?
-ასე კონკრეტულად არაფერზე.
-ვითომ?
-უბრალოდ ნეკოს აქ მოსვლა არ ამომდის თავიდან.
-და რატომ? - გაეღიმა გიგას.
-ძლივს შენსა და ნიკოს გარდა სხვა სულიერი ვნახე. ასე მარტივად დავივიწყებ?
-გაგაცნობ მერე და იმეგობრეთ.
-როგორი სასაცილოა. ეგ სულაც არ მიგულისხმია.
-კარგი, გვეყო ლაქლაქი, ვარჯიშს განვაგრძობთ. უკვე ნაკლებსაც წუწუნებ, ეს მტკივა, ის მტკივაო.
-თორე შენ არ გტკიოდა, ვარჯიში რომ დაიწყე, - ჩაიდუდღუნა თამომ და ვარჯიში განაგრძო.
***
იმავე საღამოს ნეკო ნიკოსთან მივიდა.
-გამიღე კარი, არ შეგჭამ.
-აქ რას აკეთებ? - გადაღლილმა გააღო კარი ნიკომ.
-შეგეპატიჟებინე მაინც. სიდარბაისლე ძმაკაცებს სისხლში გაქვთ?
-შემოდი. დაძინებას ვაპირებდი უბრალოდ.
-მე აქ ნერვები მეშლება და შენ მშვიდად იძინებ კიდეც?
-ნეკო, ჩემგან რა გინდა? სულ სამჯერ მყავხარ ნანახი და აქ რას მომადექი? რომელი გულითადი მეგობარი მე გყავარ.
-სამაგიეროდ გიგას გულითადი მეგობარი ხომ ხარ? ჰოდა მეტყვი, ვინ არის ის გოგო.
-ვინ გოგო?
-აი ის, გიგამ აგარაკი რომ უყიდა. მის გამო ზურგიც მაქცია და მასთან ერთად ტკბება ქალაქგარეთ.
-გიგას ელაპარაკე? - თვალები აატრიალა ნიკომ.
-დღეს ვიყავი მისული. წესიერად დალაპარაკებაც კი არ მაცადა. სახლშიც კი არ შემიპატიჟა იმ თავხედმა. ალბათ იმ გოგოსი მოერიდა. ხომ ვერ ეტყოდა, ნეკო ჩემი ძალიან ახლოო ნაცნობიაო.
-ახლა მაგას ნაცნობობას ეძახით?
-თავად არ თქვი, კარგად არ გიცნობო? ჰოდა, მეც მსუბუქი სიტყვებით შემოვიფარგლები.
-გიგამ რა გითხრა?
-არაფერი. თუმცა არც უუარია, როცა იმ გოგოზე ვუთხარი.
-დავუშვათ, ერთად არიან. შენ ამის ცოდნით რა მოგემატა?
-ხომ უნდა ვიცოდე, ვის გააუბედურებს ამჯერად გიგა.
-აქ ამის გასაგებად მოხვედი?
-შენ თუ იცნობ იმ გოგოს?
-ნეკო, ხომ კარგად ხარ? შეეშვი რა გიგას. ახლა სერიოზული საქმეები აქვს.
-აჰა, ძმაკაციც კარგად დაურიგებია. მანაც ზუსტად იგივე მითხრა.
-მერე ორივე ვტყუით?
-არ მაინტერესებს.
-რაც არ უნდა გააკეთო, ამ პერიოდში გიგა მაინც არ დატოვებს იმ სახლს. სერიოზულ საქმეებს აგვარებენ.
-ახლა მაგას სერიოზულ საქმეს ეძახით? - ცინიკურად გაიმეორა ნიკოს ნათქვამი.
-ნეკო, შეგიძლია წახვიდე და მეც და გიგასაც შეგვეშვა? კარგი, გიგასთან ვერ მოაგვარე საქმე, ჩემთან რაღას მოდიხარ.
-იცი, არც შენ ჩანხარ უშნო ბიჭი, - ხელი სახეზე ნაზად ჩამოუსვა.
-ნეკო, ნუ სულელობ, - ხელი მოიცილა და უკან გაიწია.
-რა იყო, შენს გემოვნებაში არ ვჯდები?
-ძმაკაცის ყოფილებთან საქმეს არ ვიჭერ.
-მაშინ ნურც ის გოგო მოგეწონება ძალიან. ზუსტად ვიცი, მალე დაშორდება და ისევ მე მომადგება. გადაეცი, რომ უკვე გვიანი იქნება და აღარ მივიღებ.
-დაასრულე?
-პრინციპში კი.
-მაშინ თუ პატივს დამდებ, დამტოვე. გრძელი დღე მქონდა და ძალიან მეძინება.
-კარგი, წავალ. თუმცა ჩემს წინადადებაზე მაინც იფიქრე. სიმპათიური ბიჭი ხარ, გიგას ჩრდილში არ უნდა დაიჩაგრო.
-კარგად, - კარი მიხურა ნიკომ და ამოისუნთქა.
მაშინვე მობილური ამოიღო და გიგას გადაურეკა.
-თამოსთან ახლოს ხომ არ ხარ?
-არა, რა ხდება ასეთ დროს რომ რეკავ?
-ამწამს გავაგდე სახლიდან ნეკო.
-შენთან რაღა უნდოდა?
-თამოზე მისვამდა კითხვებს. ვერ გთმობს და გინელებს.
-ცოტა ხანი მასე იქნება და მერე გადავავიწყდები. წესით ჩვენთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
-გეშოვა კაცი ბუღალტერი, მოგივიდოდა რამე?
-მერე განსხვავებული ორიენტაციის ქონაშიც დამადანაშაულებდა ალბათ.
-კარგი, შენი საქმის შენ იცი. იმედია კიდევ არ დამაგდება.
-არ მგონია.
-ჰო, მართლა, გია ძალიან გაშმაგებულია შენთან შეხვედრაზე.
-ნუ ინერვიულებს, სულ მალე შევხვდები. არც მის საყვარელ შვილს დავივიწყებ. აი მანდ უკვე შენ უნდა იმოქმედო.
-ჰაჰ, ეგეთები მომიგვარებია?
-ვიცი, ვიცი. ძალიანაც კარგი. დროებით აბა.
-დროებით.
***
თამო კვლავ წინა დღის მოვლენებზე ფიქრობდა. საუზმობისას ვერც კი გააანალიზა, ისე დაიწყო საუბარი.
-ნეკო აქ ხშირად მოდიოდა?
-რატომ დაინტერესდი? - ჩაეღიმა გიგას.
-უბრალოდ სხვანაირად ხომ ვერ გაიგებდა ამ სახლის მისამართს?
-მოდი, დავუშვათ, რომ ეს სახლი პირველად ნახა.
-აბა ნიკომ მოგიგზავნა? თანამზრახველის შერჩევისას კარგად უნდა დაფიქრებულიყავი.
-არა, წყალი არ გაუვა, რომ მეტად ჭკვიანი თანამზრახველი არ მაწყენდა, მაგრამ ნიკოს მაინც არაფერს ვერჩი.
-ისე, კარგი იქნებოდა, ამ სახლს აუზიც რომ ჰქონოდა.
-რაც აქვს, ისიც საკმარისია. აი, როცა მეტს ფულს შეგვიგროვებ, აუზიან სახლსაც აუცილებლად ვიყიდი.
-ჰო, რა გენაღვლებათ ამ მდიდარ ხალხს. ყარეთ ფულები და იყავით.
-ცხოვრების დონის გაუმჯობესება ფულის გადაყრა არ მგონია.
-აუზი მაგის საწინდარი ნაკლებად მგონია. ცხადია, მასლოუს პირამიდა არც კი გსმენია.
-მართლა ასეთი გაუნათლებელი გგონივარ?
-რა ვიცი, ჯერ დიდ ინტელექტს არ ავლენ.
-შეიძლება ამერიკის ორმოცდაათივე შტატი არ ვიცოდე, მაგრამ ბიზნეს განათლება ნამდვილად მიღებული მაქვს. ზუსტადაც რომ ბიზნესშია საჭირო მასლოუს პირამიდა. ნუ გგონია, რომ მხოლოდ შენ იცი ყველაფერი.
-ყველაფერი თუ არა, ბუღალტერიის მხოლოდ მე გამეგება. ასე რომ, გჯობივარ.
-ჰო, ბუღალტერიის გაგეგება და სხვისთვის მუშაობ. ფულს სხვისთვის აღრიცხავ. მე ვმდიდრდები, შენ იმავე დონეზე რჩები.
-აუჩ, მეტკინა, - თამომ ხელი გულზე მიიდო, - შემოგეპარებინა მაინც. როგორ გიყვარს ყველაფრის პირში მიხლა.
-სიმართლის მოსმენა ყველასთვის არაა სასიამოვნო.
-დავამთავრე საუზმობა. ახლა შენს გამდიდრებას განვაგრძობ. მანამდე ჭურჭელი დარეცხე, კონკია.
-ჭურჭლის სარეცხი მანქანა უკვე დიდი ხანია, რაც გამოიგონეს. ტყუილად ცდილობ, ჩემს წვალებას უყურო.
-შენს წვალებას ხომ ისედაც ვუყურებ. სახლში ვერ ჩერდები, უაზროდ ხარ. ვარჯიშითაც ჩემზე მეტს ვარჯიშობ და პატარა გოგოსავით იყურები, რომელსაც სუპის შეჭმას აძალებენ და ერთი სული აქვს, როდის გაიქცევა.
-პატარა გოგოსავით, არა? მალე მიხვდები, რომ პატარა გოგო სულაც არ ვარ, - ყურში სასიამოვნო ხმით ჩასჩურჩულა და უცებ გაეცალა.
თამომ ლეპტოპი აიღო და მუშაობას შეუდგა. უკვე ძალიან აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ სულ გიგაზე ფიქრობდა. ნეკოც ვერ ამოიგდო თავიდან. წარსულია თუ არა, ფაქტი მაინც ერთია. გიგა ნეკოსთან დიდ დროს ატარებდა, სავარაუდოდ უმეტესად საწოლში.
გიგაც ძალიან აბნევდა. მომენტებში თითქოს თამოს შეცდენასაც კი ცდილობდა მისი მომხიბვლელი ღიმილითა და ყურში ჩურჩულით.
ისევ საკუთარ თავზე ეშლებოდა ნერვები. რამ მოაწონა ჯერ კიდევ უცხო ადამიანი? დარწმუნებული იყო, პირველად სწორედ ამ სახლში მოსვლისას რომ ენახა, მისდამი ზიზღის გარდა არანაირი გრძნობა არ ექნებოდა. სამწუხაროდ, ამ სახლის ხილვამდე ბევრად ადრე აუფანცქალდა გული და რაც არ უნდა ეცადა, როგორც არ უნდა ეყვირა გონებას, გული მაინც თავის აზრზე რჩებოდა.
-დაისვენე ცოტა ხნით. გადაიღლები.
-აი ამასაც დავამთავრებ და.
-კარგი. მე ბიბლიოთეკაში ვიქნები. რომ მორჩები, ამოდი და ვივარჯიშოთ.
-დღეს რაღას გავაკეთებთ, - ჩაიბურტყუნა თამომ.
-ამოხვალ და გაიგებ. გაგახარებ და გეტყვი, რომ ხვალ დაგასვენებ. ასე გადატვირთვა არ იქნება კარგი. კუნთსაც არ აწყენდა დასვენება.
-და სამსახურიდან შვებულებას როდის მომცემთ?
-ჩემთან ხომ არ მუშაობ, მაგაზე უფროსს მიმართე, - უცოდველად აიჩეჩა მხრები გიგამ.
-არადა დილით შენთვის ვმუშაობდი.
-ეგ ორი განსხვავებული სიტყვაა. გავედი.
თამომ დაახლოებით ოცი წუთი ივარჯიშა.
-მეყო, აღარ შემიძლია, - ვეღარც კი სუნთქავდა.
-კარგი, გაწელვებიც და ეგ არის.
-გაახსენდება ხოლმე რაა.
-გიყურებ იცოდე.
-შენს ვარჯიშებს მიხედო, გირჩევნია.
-მიდი, მიდი.
***
თამო თავის საქმეს მიუბრუნდა. ცოტა ხანში გიგაც ჩავიდა მასთან და ანგარიშებთან დაკავშირებით შეკითხვების დასმა დაუწყო. დიდი დრო არ იყო გასული, ჭიშკარზე ბრახუნი რომ გაიგონეს.
-ვინ უნდა იყოს? - წამოდგა გიგა და ფანჯრიდან ჩუმად გაიხედა.
მოსული ხალხი ნამდვილად არ ეცნო.
-ამ სახლში ცხოვრობს ვინმე? - გაიგონეს უცხოს ყვირილი. - მანქანა გამიფუჭდა და ხომ ვერ დამეხმარებით?
-თამო, მოსცილდი ფანჯარას.
თამო მაინც ფანჯარასთან მივიდა.
-გითხარი თუ არა, გამოდი-მეთქი.
გიგა თამოს უკნიდან აეკრო, ხელი პირზე ააფარა და ფანჯარას მოაცილა.
-ჩშშშ, მშვიდად იყავი. გუშინდელის შემდეგ ნამდვილად ვეღარ გენდობი.
-გესმით ჩემი? - კვლავ ისმოდა კაცის ყვირილი.
-უცხო ხალხი ახლა აქ ნამდვილად არ გვჭირდება, - ყურში ეჩურჩულებოდა გიგა.
ცოტა ხნით გაუნძრევლად იდგნენ. ხმები რომ მიწყდა, გიგამ ფანჯრიდან გაიხედა. კაცი წასულიყო.
თამომ ხელების სავსავი დაიწყო. გიგამაც პირიდან ხელი მოაშორა.
-კარგად მოქცევაც შეგძლებია, - გადაიხარა და თამოს ტუჩებს თავისი ნაზად შეახო. - ყოჩაღ.
გიგა ოთახიდან გავიდა.
თამო ადგილზე გაიყინა. მთელი გონება დაებინდა. აზრებისთვის თავის მოყრას ვერ ახერხებდა. რაღაცის თქმას აპირებდა, პირიც გააღო, მაგრამ ვერაფერი თქვა. გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, შემოსასვლელი კარის ხმა რომ გაიგონა. ალბათ ნიკო მოვიდა. სასწრაფოდ დივანზე ჩამოჯდა და საქმეს მიუბრუნდა.
-თამო, როგორ ხარ?
-რა? - ვერ მიხვდა, რომ ვინმე ელაპარაკებოდა.
-გონება გაფანტული გაქვს. მოგიკითხე.
-მაპატიე, ნიკო, არ ვიცი რა დამემართა.
ძალიან კარგადაც იცოდა. გიგამ აკოცა. რატომ გააკეთა ეს? ზუსტად ეს კითხვა არ ასვენებდა თამოს.
-გიგა სახლშია?
-სად უნდა წასულიყო?
-მართალი ხარ, პრინციპში. ზემოთაა?
-წარმოდგენა არ მაქვს. აქედან რომ გავიდა, ხმა აღარ გამიგია.
-კარგი, მოვძებნი.
ნიკომ გიგას ბიბლიოთეკაში მიაგნო.
-რა იყო, კითხვა შეგიყვარდა?
-დრო რამეთი ხომ უნდა გავიყვანო? რა ხდება აბა?
-მამაშენი შენზე წუხს. დარეკე მაინც ოფისში და უთხარი, როდის დაბრუნდები. თორემ ახალი ინფორმაცია ვეღარ მიმაქვს მამაშენთან და ალბათ მის ნდობასაც დავკარგავ.
-ხვალ დავურეკავ ჩემს მდივანს და რამეს ვეტყვი. მოვიფიქრებ დღეს.
-თამოს რა სჭირს?
-რაზე ამბობ?
-ძალიან გაფანტული იყო. კი მუშაობდა, მაგრამ რაღაცაზე ფიქრობდა, ფაქტია.
-მართლა? - ჩაეღიმა გიგას. - წეღან ვიღაც უცხო კაცი მოადგა ამ სახლს, მანქანა გამიფუჭდაო, ყვიროდა. ალბათ ფიქრობს, როგორ შეეძლო ნიშნის მიცემა და აქედან გაღწევა.
-შესაძლოა. თუ გინდა, ერთი დღით შეგენაცვლები. გარეთ გადი, გაგიჟდები ამდენი ხნით სახლში ყოფნით.
-ზედმეტად საშიშია. ვინმემ რომ დამინახოს?
-მართალი ხარ. ისევ ჯობია, მე ვიტრიალო ხალხში. რამე საჭმელი გაქვთ? მაგრად მშია.
-კი, მაცივარი სავსეა, ჩადი და რაც გინდა, შეჭამე.
-კარგი.
ნიკომ ბიბლიოთეკა დატოვა.
-აჰა, ესე იგი, დაგაბნიე, - გაეღიმა გიგას. - ვნახოთ ახლა როგორ მოლბები.
***
ნიკო ერთი დღით აგარაკზე დარჩა. დილით საჭმელი მან მოამზადა და თამოსთან ერთად ისაუზმა. გიგა ჯერ არც ამდგარიყო.
-დღეს დავალებებს მე მოგცემ.
-გიგა უკვე დაიღალა? დაასვენე, სადმე გაუშვი ერთი დღით.
-შევთავაზე ეგეც, მაგრამ დასაბუთებული პასუხი გამცა. კიდევ დიდი დრო დაგჭირდება?
-არ ვიცი. ერთიანად ხომ არ წამოვიღებ მაგ ფულს. დამიჯერე, არც მე მეხალისება ასე გამოკეტილი ყოფნა. ეზოში გასეირნების უფლება მაინც მომეცით.
-და გაქცევა რომ სცადო?
-ძალიან ნელა დავრბივარ. არ მგონია თქვენ ორთან რაიმე შანსი მქონდეს. მითუმეტეს, ორივეს გყავთ მანქანა.
-არ ვიცი, ვიფიქრებ მაგაზე.
-დიდი ხანიც ნუ მოუნდები, დავბერდი უჰაერობისგან.
-რავი, არაფერი გეტყობა.
-მადლობა, - გაეცინა თამოს.
ნიკომ თამოს დავალებები მისცა და მარტო დატოვა. თამო კი მუშაობდა, მაგრამ ჯერ კიდევ გუშინდელი ამბავი უტრიალებდა თავში. გიგა მაინც ენახა, იქნებ რამე შეეტყო მის სახეზე. მაინცდამაინც დღეს რჩებოდა ნიკო დიდი ხნით. არც ვარჯიში ექნებოდა. საღამომდე მოცდა მოუწევდა.
-უკვე დიდი ხანია, რაც მუშაობ. არ გინდა შეისვენო? - ოთახში გიგა გამოჩნდა.
-კარგი იდეაა. უბრალოდ არ ვიცი, რა გავაკეთო.
-მგონი ჯობია ცოტა ხნით კომპიუტერს მოშორდე. თვალები დაასვენე.
-აბა დივანზე გადავწვე და დავიძინო?
-რატომ? ნიკოც აქ არის და რამე ვითამაშოთ ცოტა ხნით.
-კარგი.
თამომ გიგას დიდად ვერაფერი შეატყო. ნეტავ ფსიქოლოგია ესწავლა. ჟესტების ენა მაინც.
დასხდნენ და ქალაქობანას თამაში დაიწყეს.
-ცხოველში რა ჩაწერეთ? - იკითხა თამომ.
-თოლია.
-ეეე, არ ითვლება. თოლია ფრინველია. მასე მეც ჩავწერდი ბ ასოზე ბუს. ნული ჩაიწერე.
¬-რახან შენ არ გიწერია არაფერი, ჩვენც ნულები უნდა დავიწეროთ? ცალკე კატეგორიად ფრინველი არ გვაქვს, შეგვიძლია ჩავთვალოთ.
-კარგი, ჰო, ნიკო, შენ რა გიწერია?
-თეთრი დათვი.
თამომ სიცილი დაიწყო.
-მართლა?
-კი, ცხოველი ხომ არის.
-ვაიმე, ნიკოოო, ჩაიწერე ახლავე ნული, თორემ მე ჩაგიწერ. მეც დავწერდი მაშინ თეთრ ზვიგენს და ჩამეთვლებოდა.
-დაგეწერა მერე, - მხრები აიჩეჩა ნიკომ.
-გიგა, უთხარი შენს ძმაკაცს რამე.
-ნული ჩაიწიკწიკე, ნიკო. მე კი 15-ს ჩავიწერ საყვარლად. მოვიგე.
-აღარ მინდა, - გაიბუტა თამო.
-არ გესიამოვნა წაგება? - გაეცინა გიგას. - ხომ უნდა იცოდე, ვისაც ეთამაშები. არაფერს დაგითმობ. მეც ბევრ რამეში ვარ მაგარი.
თამო ოთახიდან გავიდა და საქმეებს მიუბრუნდა.
-დარეკე ოფისში?
-კი, დილითვე დავურეკე და მდივანს რაღაც ინფორმაცია გავანდე. შეგიძლია შეიარო დღეს და მამაჩემს მოუყვე ყველაფერი. ჩემი გათვლებით ასე 1-2 კვირაში უკვე შევძლებთ შეხვედრას. მაგაზეც მოვილაპარაკოთ, როგორ მოვიქცეთ.
-კარგი. ისე, თამო თავის საქმეს პირნათლად ასრულებს, არა?
-კი, კარგი გოგოა. ზუსტად შევარჩიე კანდიდატურა. სულ მალე ყველაფრისთვის მოვთხოვ მამაჩემს პასუხს.
ნიკო თბილისისკენ დაიძრა. თამო კი საღამომდე მუშაობდა. ძალიან დაღალა ამდენმა საქმემ.
-გიგა, - კარზე დააკაკუნა, - დავასრულე.
-შემოდი.
თამომ გიგას ლეპტოპი მიაწოდა და გამოტრიალდა.
-მოიცადე, ასე პირდაპირ მიდიხარ? რამე ხომ არ დაგავიწყდა?
გიგამ ლეპტოპი ტუმბოზე დადო და თამოსკენ დაიძრა.
თამო ვერ მიხვდა, რა უნდა დავიწყებოდა. კითხვის დასასმელად შემოტრიალდა, როცა გიგა მიუახლოვდა და აკოცა. ამჯერად არც თავად ჩამორჩა და კოცნაში აჰყვა. ხელები კისერზე შემოჰხვია და ზემოთ აწევა სცადა.
გიგას ჩაეღიმა და თავად აიტაცა თამო ჰაერში.
-ახლა კმაყოფილი ვარ. დღევანდელი დავალება იდეალურად შეასრულე, - კიდევ ერთხელ აკოცა თამოს და ძირს ჩამოსვა.
თამო სახეზე მთლად ახურებულიყო.
-გუშინდელს ნამდვილად სჯობდა. შენც უფრო აქტიური იყავი, - თვალი ჩაუკრა გიგამ.
თამომ თავი დახარა და მორცხვად გაიღიმა.
-მეგონა, ცუდი ბიჭები არ მოგწონდა.
-მე კი მეგონა, თანამშრომლებთან ურთიერთობას არასდროს იწყებდი.
-შენ ჩემი თანამშრომელი არ ხარ. ასეც რომ იყოს, ვინ რას მეტყოდა?
-უფროსობით როგორ სარგებლობ.
-რას ვიზამთ, ჩემი ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომ ყველაფერში უფროსი ვიყო, - კვლავ ყურში უჩურჩულა და იქვე აკოცა.
-მასე ნუ აკეთებ, ვიბნევი.
-მიყვარს, როცა გოგოებს ვაბნევ ჩემი შარმით.
-ეგ შარმი არ არის.
-აბა?
-მეც შემიძლია ხალხის დაბნევა, - ამჯერად თამომ უჩურჩულა მიმზიდველი ხმით გიგას და ყბის ძირში ნაზად აკოცა.
-კარგი, არც ერთი არ ვიზამთ მასე.
-რატომ? მომეწონა, - გაიცინა თამომ.
-ნუ მეთამაშები.
-მე? - გაოცება ვერ დამალა, - შენ მაკოცე და კიდევ მე გეთამაშები? მეგონა ყველაფერში უფროსი იყავი.
-ვარ კიდეც, - წარბები აათამაშა გიგამ, - დამტკიცებას წინ არაფერი უდგას.
-სხვა დროს იყოს, უნდა ვივახშმო. რაღა დაგიმალო და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს დღე დადგებოდა.
-ანუ ელოდი?
-ვერასდროს წარმოვიდგენდი-მეთქი.
-კარგი, როგორც იტყვი.
მსუბუქად ივახშმეს და სამზარეულოც დაალაგეს.
-რა მარტივად ჩამიშალე გეგმები, - დივანზე ჩამოჯდა გიგა და ტელევიზორი ჩართო.
-რას გულისხმობ? იმას ვაკეთებ კვლავ, რაც გსურთ.
-მერე მაგაზე ვინ გედავება. შენთან ურთიერთობა არც კი განიხილებოდა.
-რას ვიზამთ, ასეთი მოულოდნელობებით სავსე ადამიანი ვარ. არც მე ვაპირებდი, ბნელი წარსულის მქონე ადამიანი მომწონებიდა.
-იქნებ მე ჩემი მიზეზები მაქვს?
-რაც არ უნდა იყოს, ცუდის გაკეთებას არასდროს გავამართლებ. თანაც ჯერ კიდევ არ ვიცი, რა გაქვს ჩაფიქრებული ბოლომდე.
-ერთ დღეს მაგასაც გაიგებ.
-ჩემი მშობლები ხომ კარგად არიან? - უცებ დაინტერესდა თამო.
-დამშვიდდი, მათ არაფერი უჭირთ. სანამ კარგად იქცევი, ისინიც კარგად იქნებიან.
-მამაშენი რომ ყველაფერს მიხვდეს? რომ დაგვიჭირონ?
-ჰოდა, სცადე, ვერაფერსაც ვერ მიხვდეს.
-ხვდები, რომ ამ საქმეს პირველად ვაკეთებ და დაზუსტებით ვერ გეტყვი, რაიმე შეცდომას ვუშვებ თუ არა?
-მგონი ყველაფერი გამოგდის. დიდი განსხვავება არ უნდა იყოს.
-ჩემ გარდა იმ კომპანიას სხვა ბუღალტერი არ ჰყავს? სხვამ რომ ეს ნახოს, ყველაფერი დამთავრდება. არც აუდიტის სამსახურის შემოწმება გვაწყობს. ზედმეტად საშიშია.
-ცდილობ, მეტი ინფორმაცია გამომტყუო?
-ვცდილობ, ციხეში არ აღმოვჩნდე. შესაძლოა შენსა და ნიკოს კვალზე საერთოდ ვერ გავიდნენ, აი მე და მამაშენს კი აუცილებლად დაგვიჭერენ. მოიცადე, გეგმა ამაში მდგომარეობს? მამაშენი უნდა დააჭერინო?
-არა. ზედმეტად გავლენიანია და ციხიდან გამოსვლას მაინც მოახერხებს. ბევრად უკეთესი გეგმა მაქვს.
-მაინც რა?
-მაპატიე, მაგრამ ოჯახურ საიდუმლოებებს ვერ გაგიმხელ.
***
-ნიკო, რა ამბებია მამაჩემთან? - დილაადრიან დარეკა გიგამ.
-არ ვიცი, კარგ ამბად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ცუდად. კი გადავეცი ყველაფერი, რაც მდივანს უთხარი, მაგრამ თითქოს საერთოდ არ მისმენდა. რაღაც აქვს ჩაფიქრებული. გამომიცხადა, როგორც კი დაბრუნდება, მაშინვე უნდა მივიდე მასთანო. თავად აპირებს ყველაფრის გაკეთებას. მგონი ამ საქმეს ჩამომაშორებს.
-ვერ ჩამოგაშორებს, დამშვიდდი. სანერვიულოც არაფერია, ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც ჩვენ დავგეგმეთ. ძალიან დიდი ხანიც აღარ მსურს მოცდა. ნელ-ნელა ყველაფერს დავაჩქარებ. სულ მალე მიხილავს საყვარელი მამიკო.
-კარგი. იქნებ თამოც როგორმე დააჩქარო. უკვე ორი კვირაა გასული.
-ასე ამბობს, ბევრი ერთად რომ მოვიპარო, შესაძლოა ეჭვი აიღონო.
-აიღონ. ჩვენამდე ხომ მაინც ვერ გავლენ.
-ხო, მაგრამ თამომდე გავლენ. ეგ თუ არ გვეყოლება, ვინ მოგვეხმარება.
-ცოტა მაინც მოუმატოს ტემპს.
-ჩემზე მეტად ნამდვილად არ გინდა, ეს საქმე მალე მორჩეს. ისე, რას იტყვი, ჩემი ძამიკო რომ ინახულო?
-და რა ვუთხრა? აჯობებს, ბოლოს მივიდე მასთან.
-კარგი, როგორც გინდა. მეც თამოს უფრო მეტს მოვთხოვ.
***
თამომ გიგასთან ურთიერთობის დაწყების შემდეგ უფრო მეტად დაიწყო თავის თავზე ზრუნვა. მეტ ყურადღებას აქცევდა, რას ჩაიცვამდა და როგორ გამოიყურებოდა. გიგას ეს ნამდვილად არ გამორჩენია.
როცა ნიკო კიდევ ერთხელ ესტუმრათ, თავის ოთახში ავიდა და ჩანაფიქრი გაუმხილა. თამო ჯერ კიდევ მუშაობდა და წესით ვერაფერს გაიგებდა. არადა თამო გადაღალა დივანზე ჯდომამ, გადაწყვიტა საქმე თავის ოთახში გაეგრძელებინა. იქ შესულს კი მეორე ოთახიდან ხმები გარკვევით მოესმა.
-ვიფიქრე, თამოს მშობლებისთვის თავი დაგვენებებინა.
-რატომ, მორჩა უკვე ყველაფერს?
-ისედაც მუშაობს უკვე ჩვენთვის. თანაც, ჭკუაზე არაა, ისე ვუყვარვარ.
¬-რას ჰქვია, უყვარხარ? - გაოცდა ნიკო.
-ამდენი ხანი ჩემთან ერთად რომ ატარებდა დროს, რა გეგონა აბა.
-და სტოკჰოლმის სინდრომზე რაიმე გსმენია?
-დამშვიდდი, - გიგამ გაიცინა და თავი გადააქნია, - მართალია, ჩვენ მის გამტაცებლებად ვითვლებით, მაგრამ მას გრძნობები ამ სახლში მოსვლამდე ჰქონდა.
-ეგ საიდანღა იცი?
-მას ჰგონია, რომ ვერ ვამჩნევდი. არადა გარკვევით ვხედავდი, როგორ იცდიდა ყოველ დილას კართან და როგორც კი დამინახავდა, იმალებოდა.
-მერე ეგ უტყუარად ნიშნავს, რომ მოსწონდი?
-დამიჯერე, მოვწონდი.
-ანუ, ახლა ნებისმიერ რაღაცას გააკეთებს შენ გამო?
-ყველაფერს არა, მაგრამ მისი დაშანტაჟება საჭირო აღარ იქნება.
-და გაქცევასაც აღარ ცდის?
-წესით არ უნდა სცადოს. იცი, როგორ ბეჯითად შრომობდა ეს რამდენიმე დღეა?
-ფრთხილად იყავი შენ, ძალიან არ შეგიყვარდეს. ხომ იცი, ის ჭადრაკის ერთ-ერთი ფიგურაა. ამ საქმეში კი ემოციებმა არ უნდა გადაგძალონ.
-ძალიან კარგად ვიცი. ამას უკვე რამდენი ხანია ვგეგმავდი. ემოციები ვერაფერს მიზამს.
-მაინც ფრთხილად იყავი.
-მთავარია, შემდეგ ამოსვლაზე საჭირო ნივთი ამომიტანო. ხომ ნაშოვნი გაქვს?
-სეიფში ვინახავ.
-თუ ჩემი გათვლები სწორია, მეორე ამოსვლისას ჩემი ოჯახიც აქ იქნება.
თამოს ძალიან გაუხარდა, რომ მშობლები უსაფრთხოდ დაიგულა. თუმცა ახლა ნამდვილად დაჰკარგვოდა გაქცევის სურვილი. მართალია, მაინც არ მოსწონდა ის, რასაც აკეთებდა, მაგრამ გიგას ნელ-ნელა ეჯაჭვებოდა.
ნეტავ სცოდნოდა, რა ჩაიფიქრეს იმ ორმა. ან რატომ საუბრობდნენ გამუდმებით გიგას ოჯახზე. ან ნიკო რატომ იყო ამ საქმეში გარეული. მას რა ხეირი ექნებოდა?
დიდად საინტერესო თემაზე აღარ საუბრობდნენ, ამიტომაც სამუშაო გააგრძელა. მალევე მორჩა და გადაწყვიტა, მათთან შესულიყო, თორემ შესაძლოა აქ ენახათ და მიმხვდარიყვნენ, რომ ყველაფერი გაიგონა.
კარზე დააკაკუნა და პასუხის შემდეგ შევიდა.
-დავასრულე, შეგიძლიათ გადახედოთ.
-ჯამში უკვე რამდენი გვაქვს ნაშოვნი? - დაინტერესდა ნიკო.
-სულ ბოლოში წერია.
გიგას და ნიკოს თვალები შუბლზე აუვიდათ.
-ეს მძიმეები ხომ ათასების გამოსაყოფადაა და არა ათწილადების?
-კი.
-ძალიან კარგი, ყოჩაღ. ახლა შეგიძლია დაისვენო.
***
თამო დღითიდღე სულ უფრო მეტ ფულს რიცხავდა მოცემულ ანგარიშებზე. აღარ წუწუნებდა ხმამაღლა, მაგრამ ბინძურ საქმეში გარევა მაინც არ მოსწონდა. ნიკო ერთხელ უკვე იყო იმ დიალოგის შემდეგ ამოსული. თუ გიგას დაუჯერებდა, სულ მალე ყველაფერი მორჩებოდა. ხვდებოდა, რომ კარგი არაფერი ჰქონდათ ჩაფიქრებული.
***
გიგამ ნიკოს ადრიანად დაურეკა და სასწრაფოდ უფროს ძმასთან გასვლა დაავალა. შემდეგ კი უკვე გეგმას მიჰყვებოდნენ.
ნიკოს ჩვეულებრივ დღეს ნამდვილად არ გაუხარდებოდა ლეონიდეს დანახვა, მაგრამ ახლა იცოდა რაც ხდებოდა და გაღიმებული შევიდა მის კაბინეტში.
-ნიკო, შენს აქ ხილვას ნამდვილად არ ველოდი. რა სახე გაქვს?
-დღეს გიგამ დამირეკა. ცუდად არის. ასე მითხრა, საშინელი დაავადება მაქვს და მინდა, ჩემს ძმას შევხვდე, სანამ რაიმე მომსვლიაო.
-პირდაპირ მე ვერ დამირეკა?
-გონება სულ დაბინდული ჰქონდა. ჩემთან დარეკა და ეგონა, შენ გელაპარაკებოდა.
-ასეთი რა სჭირს? - შეშფოთდა ლეონიდე.
-არ ვიცი, ვერ მივხვდი.
-და სად არის?
-აგარაკზეა.
-მისამართი გაქვს?
-კი, აი, ფურცელზე ჩავიწერე. გთხოვ, სასწრაფოდ წადი, არ მგონია დიდი დროღა ჰქონდეს დარჩენილი. მე კი მამაშენის წამოსაყვანად წავალ.
-კარგი.
ლეონიდე სავარძლიდან წამოიჭრა. მდივანს უბრალოდ დაუბარა, დღეს ნუღარ დამელოდები, სერიოზული საქმე გამომიჩნდაო და სადგომზე გავარდა.
-მგონი აჯობებს, საერთოდ აღარ დაგელოდოს, - ჩაილაპარაკა ნიკომ და ამჯერად სამსახურისკენ აიღო გეზი.
გიას კაბინეტშიც ასეთი აღელვებული შევარდა და ამჯერად მას გამოუჭედა თავი სისულელეებით. გიამაც ყველაფერი დაიჯერა. ნიკოსთან ერთად მანქანაში ჩაჯდა და აგარაკისკენ გასწია.
***
აგარაკზე პირველი ლეონიდე მივიდა. თამოს არაფერი შეუნიშნავს, რადგან გიგამ „განტვირთვის დღე“ მოუწყო. აბაზანა დაახვედრა და მანაც უარი არ განაცხადა. ყურსასმენების თანხლებით აბაზანაში ჩაწვა.
ლეონიდემ კარზე დააკაკუნა. გიგამ მთელი სამსახიობო ნიჭი მოკრიბა და კარი გამოაღო.
-გიგა, რა ხდება? როგორ ხარ? რა გჭირს?
-შენც გამარჯობა, ძამიკო.
-ახლა არ მეხუმრება, ნიკომ ყველაფერი მიამბო.
-კარგი, შემოდი და ყველაფერს აგიხსნი.
ძმები ჩამოსხდნენ და ლაპარაკს მოჰყვნენ. გიგა „წყლის დასალევად“ წამოდგა. სინამდვილეში კი ლეონიდეს უკნიდან მიეპარა და გათიშა. სასწრაფოდ სარდაფის კარი გამოაღო და ლეონიდე იქ ჩაათრია. თან ფრთხილობდა, გონს არ მოსულიყო, ან ნიკოს და მამამისს არ მოესწროთ.
სარდაფში უკვე იდგა ორი სკამი. გიგამ თავისი ძმა ერთ-ერთზე დასვა და მაგრად გაკოჭა. პირის აკვრაც არ დავიწყებია. შემდეგ კი უკან დაბრუნდა და მამამისს დაელოდა.
თამოს ნიკოს მოსვლაც გამოეპარა. გიგამ კი ამჯერად ნიკოს დახმარებით გიაც ლეონიდეს გზას გაუყენა.
-ახლა რა ვქნათ? - ჰკითხა ნიკომ გიგას.
-დაველოდოთ, გონს როდის მოვლენ.
-თამო?
-ვერაფერს იზამს. ვერც გაიქცევა, ვერც ხელს შეგვიშლის.
***
პირველი გონს გია მოვიდა. სულ მალე კი ლეონიდეც მიჰყვა. გიგამ მხოლოდ გიას გაუხსნა პირი.
-რას აკეთებ, გიგა, შვილო.
-შვილო? - გაეცინა გიგას, - ახლა გავხდი შენი შვილი?
-რას ამბობ, შენ მუდამ ჩემი შვილი იყავი.
-ხო, იმიტომაც არსებობს ლეონიდე.
-ლეონიდე რა შუაშია?
-ამდენად სულელი ხარ, რომ ვერ ხვდები? დედაჩემისგან შვილი რომ არ გიჩნდებოდა, სხვა ქალებზე გადახვედი და სახლში ეს მოიყვანე, - გიგამ ზიზღით შეხედა ლეონიდეს.
-ეგ იმას არ ნიშნავს, რომ არ მიყვარხართ შენც და დედაშენიც.
-იცი, მახსოვს, როგორ მოიყვანე ლეონიდე სახლში. მაშინ ჯერ მხოლოდ ოთხი წლის ვიყავი. თავიდან გამიხარდა, უფროსი ძმა მეყოლება და მეთამაშება-მეთქი, მაგრამ ღამე დავინახე, როგორ ტიროდა დედა. ალბათ არ უნდოდა, ჩემი თანდასწრებით შენთვის ჩხუბი დაეწყო. თვეები ტიროდა შენი საქციელის გამო, როცა ხელი მომკიდა და თან წამიყვანა. კი, მალე შეგირიგდა, მაგრამ მე ვერ გაპატიე დედაჩემის აცრემლებული თვალები.
-დედაშენმა ძალიან კარგად იცის, რომ მიყვარს. სწორედ ამიტომ მაპატია. შენც ამას გთხოვ.
-რა გაპატიო? - გაცეცხლდა გიგა, - შენ გგონია, მე ნაკლები დამიშავე? შენი არაკანონიერი შვილი სახლში მოიყვანე და ახლა მას ქონების ჩემზე მეტ ნაწილს უტოვებ. ზუსტად მან წამართვა ყველაფერი, რაც ჩემი იყო და ეს მხოლოდ შენი ბრალია.
-ლეონიდემ გამოავლინა, რომ კომპანიის მართვა კარგად შეუძლია. შენ ჯერ კიდევ სწავლობ. შეგიძლია მაგ ერთი კომპანიიდან ბევრად დიდი სარგებელი მიიღო, თუ სწორად გააკეთებ ყველაფერს.
-ხო, ლეონიდეს გამზადებული უნდა ჰქონდეს ყველაფერი და მე, შენს რეალურ შვილს წვალება უნდა მომიწიოს? ასე არ მაწყობს.
გიგამ ქამრიდან რევოლვერი ამოიღო და გიას დაუმიზნა.
-გიგა, რას აკეთებ? ამას ნუ იზამ. ნუ გახდები საკუთარი მამის მკვლელი, - ხვეწნა დაუწყო გიამ.
-მგონი ეგ სიტყვები უკვე დაგვიანებულია.
გიგა მამამისს მიუახლოვდა და რევოლვერი შუბლზე მიადო.
-მშვიდობით, მამიკო. მოგატყუებ, რომ გითხრა, მომენატრები-მეთქი.
გიგამ სასხლეტს თითი გამოჰკრა.
იარაღის გასროლა თამოს არ გამოჰპარვია. თავისი ოთახიდან გამოვარდა და ყველა ოთახის შემოწმება დაიწყო. სანამ მოასწრებდა, პირველ სართულზე ყველა ოთახი შეემოწმებინა, დივნიდან ვიბრაცია მოესმა.
ბალიშებს შორის ვიღაცის მობილური ჩავარდნილიყო. აიღო თუ არა ხელში, რეკვა შეწყდა. გამოდის, მოატყუეს და აქ მობილური იჭერდა.
რახან გასროლის ხმა გაიგო, რაღაც ცუდი ხდებოდა. აუცილებლად პოლიციაში უნდა დაერეკა, მაგრამ არ იცოდა, სად იყო. რა უნდა ეთქვა.
-იფიქრე, თამო, იფიქრე. რა შეიძლება რომ გააკეთო?
იცოდა, რომ წყნეთში იყო. აქამდეც ყოფილა წყნეთში და ცნობდა მას.
-მაშინ მანანამ არ თქვა, გიგამ აგარაკი იყიდაო? ნეტავ ამას ხომ არ გულისხმობდა?
მხოლოდ ლოცვა შეეძლო, სწორი აღმოჩენილიყო.
მისდა ბედად, მობილური დაბლოკილი არ ყოფილა. სასწრაფოდ მანანას ნომერი აკრიფა და დაელოდა, როდის აიღებდა. გულში უხაროდა, სამსახურში აყვანის დღესვე რომ დააზეპირებინა მანანამ თავისი ნომერი.
-გისმენთ, - გაიგონა ნაცნობი ხმა თამომ და ოდნავ გულზე მოეშვა.
-მანანა, თამო ვარ. სასწრაფო საქმე მაქვს შენთან.
-როგორ ხარ, სად დაიკარგე?
-ახლა ძალიან მეჩქარება. გთხოვ, კითხვებს ნუ დამისვამ, გახსოვს, ერთიოდე თვის წინ გიგამ აგარაკი რომ შეიძინა წყნეთში? შეგიძლია მისამართი მომცე?
-კარგი, მაგრამ რაში გჭირდება?
-ყველაფერს აგიხსნი, თუ ამის შესაძლებლობა მექნება. ახლა მართლა ძალიან მეჩქარება.
-მოვძებნი და დაგიმესიჯებ მაშინ.
-კარგი.
-ხომ კარგად ხარ?
-ზუსტად მაგ მისამართზეა ახლა ეგ დამოკიდებული.
თამომ ყურმილი დაკიდა და ლოდინი დაიწყო. დიდი იმედი ჰქონდა, მის საუბარს ბიჭები ვერ გაიგებდნენ.
საბედნიეროდ, მანანას არ დაუგვიანია. მალევე მისწერა მისამართი და კვლავ ჰკითხა, თუ იყო ყველაფერი რიგზე. ახლა ამის დრო ნამდვილად არ ჰქონდა. 112-ში დარეკა და ოპერატორს დაელოდა.
-გამარჯობა, პოლიციის გამოძახება მინდა წყნეთში.
-რა მოხდა?
-გამიტაცეს, უკვე რამდენიმე კვირაა, სახლიდან არ მიშვებენ. ახლახან კი იარაღის გასროლის ხმა გავიგონე. ძალიან მეშინია, იქნებ მალე მოხვიდეთ?
-მისამართი მიკარნახეთ.
თამომ დაზეპირებული მისამართი ჩააწერინა და გათიშა. დიდი იმედი ჰქონდა, მალე მოვიდოდნენ.
მობილური ისევ დივნის ბალიშებს ქვეშ ამოდო და ხმაურის ადგილმდებარეობის დადგენა განაგრძო. ბოლოს ხმები სარდაფიდან შემოესმა. ძალიან ჭირდა რაიმეს გარჩევა. მიაყურადა, იქნებ გაეგო, რა ხდებოდა.
გიგას და ნიკოს გიას ცხედარი კუთხეში გაეთრიათ. ახლა კი ლეონიდეს შეჰყურებდნენ.
-გიგას მოტივი გასაგებია, მაგრამ შენ რატომ ეხმარები მას? - ამჯერად ნიკოს მიუბრუნდა.
ლეონიდე ცდილობდა დრო გაეყვანა. იქნებ სასწაული მომხდარიყო და გადარჩენილიყო.
-ამას მართლა მეკითხები? და მომიკალი.
-მე არავინ არ მომიკლავს. ეს უბედური შემთხვევა იყო. ავარიაში მოვყევით.
-ჰოდა, იმ ავარიიდან ცოცხალი ზუსტად შენ ვერ უნდა გამოსულიყავი.
-შენი აზრით, ჩემთვის მარტივია იმის გააზრება, რომ იმ მანქანას ვმართავდი, როცა ჩემი საყვარელი ადამიანი გარდაიცვალა?
-ჩემს ხელში გაიზარდა. ყველაფერი მე ვასწავლე. როგორც ჩანს, ბიჭების არჩევა კარგად არ მისწავლებია, თორემ ახლა ის ცოცხალი იქნებოდა.
-შენი და მეც არანაკლებ მიყვარდა. მასზე დაქორწინებას ვაპირებდი. მე კიდევ უფრო მიჭირს იმ დღის გახსენება. მეც შენზე არანაკლებ მტკივა.
-ეგ სამწუხაროდ ვერაფერს ვერ ცვლის. ის უკვე ორ წელზე მეტია, დედამიწაზე აღარ დადის, შენ კი არ დასჯილხარ დანაშაულის გამო.
-საყვარელი ადამიანი დავკარგე, ზუსტადაც, რომ საკმაოდ დავისაჯე.
-კარგი რა, იმიტომ დადიხარ ბოლო თვეებია ახალ-ახალ გოგოებთან ერთად. გეტყობა, როგორც გიყვარდა.
-მთელი ცხოვრება ვერ ვიჯდები და მას ვერ ვიგლოვებ.
-ჰო, შენთვის მარტივია. შენ ახალ გოგოს იპოვი, მე კი და არ დამიბრუნდება.
-ნიკო, გთხოვ, დაფიქრდი. ჩემი მოკვლა შენს დას ვერ გააცოცხლებს.
-სამაგიეროდ, მეცოდინება, რომ ჩემი ხელით გამოვასალმე სიცოცხლეს დის მკვლელი.
ნიკომ გიგას იარაღი გამოართვა და ლეონიდეს დაუმიზნა.
თამომ ბოლო სიტყვები რომ გაიგო, სასწრაფოდ გამოაღო სარდაფის კარი და კიბეებზე დაეშვა.
-ეს არ გააკეთო.
შესძახა თამომ და ნიკოც დააფრთხო. იარაღის გასროლა მაინც მოესწრო. ლეონიდეს მხრიდან სისხლი მოსდიოდა.
-თამო, გადი აქედან, - დაიყვირა გიგამ.
-გთხოვთ, არ გააკეთოთ ეს. არ მოკლათ. ნიკო, შენ არ ხარ მკვლელი, გთხოვ, იარაღს ხელი გაუშვი.
-თამო, გადი.
თამომ კუთხისკენ გაიხედა და მოხუცი კაცის ცხედარს მოჰკრა თვალი.
-რა ჩაიდინეთ? - ხმა აუკანკალდა და ტირილი დაიწყო.
-აქედან გაიყვანე, - ამჯერად ნიკოს დაუყვირა გიგამ.
თამო გიგამ აიყვანა ძალით ზემოთ.
-რა გააკეთეთ? - მაინც ვერ წყნარდებოდა და გონს ვერ მოდიოდა.
-თამო, დამშვიდდი, ისტერიკებს ნუ მიწყობ.
-შენ... მოკალი?
-რა საჭიროა, რომ იცოდე?
-შენ მოკალი. ღმერთო, ადამიანის მკვლელს ვკოცნიდი, - ხელი ტუჩებზე წაიტანა და არარსებული სიბინძურის მოშორებას შეუდგა.
-თამო, დაწყნარდი, - მივარდა გიგა და ხელები დაუჭირა.
-ხელი არ შემახო. ახლა იმ ბიჭსაც მოკლავთ?
-თამო, ისეთ კითხვას ნუ მისვამ, რომლის პასუხის გაგონებაც არ გსურს.
-მეგონა ოდნავ მაინც შეგრჩენოდათ სინდისი. მეგონა თქვენი კარგისკენ შემობრუნება ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო.
-როგორც ჩანს, ცდებოდი.
-მე რას მიპირებთ? - უცებ გაიაზრა თამომ, რომ შესაძლოა ისიც მოეკლათ და ოთახში ავარდა.
გიგა აღარ გაჰკიდებია, სარდაფში ჩაბრუნდა.
-მადლობა, რომ დამელოდე და ამ სიამოვნებას არ მომაკელი.
-თამო დაამშვიდე?
-ვეღარაფერს დავმალავთ, ბევრ რაღაცას მიხვდებოდა.
სანამ გიგა და ნიკო წინასწარ გეგმავდნენ, ლეონიდეს მოკვლის შემდეგ რა უნდა ექნათ, სახლს პოლიცია მოადგა.
თამომ სირენის ხმა გაიგონა. ჯერ ფრთხილად გამოიპარა ოთახიდან და სარდაფისკენ გაიხედა. როგორც ჩანს, ქვემოთ ხმას არ ჩაეღწია.
სასწრაფოდ ჩაირბინა კიბეებზე და გარეთ მყოფებს გასძახა, რომ კარი ჩაკეტილი იყო და ვერ აღებდა. მათაც კარი შემოამტვრიეს და ამდენი ხნის შემდეგ თამომ პირველად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი.
კარის შემომტვრევის ხმა კი ნამდვილად აღარ გამოჰპარვიათ ნიკოს და გიგას. სასწრაფოდ ამოიჭრნენ სარდაფიდან და პირდაპირ პოლიციას ჩაუცვივდნენ ხელში.
-იარაღი დააგდე, - დაიყვირა ერთ-ერთმა პოლიციელმა.
ნიკო თავიდან შეწინააღმდეგებას აპირებდა, მაგრამ დაინახა, როგორ უშვერდა ორი პოლიციელი იარაღს. იარაღი მათკენ გააცურა.
-ხელები მაღლა, ორივემ.
გიგაც და ნიკოც დაემორჩილნენ.
-სასწრაფოს გამოუძახეთ, ქვემოთ დაჭრილია. და... ერთი... გარდაცვლილი, - ძლივს ამოთქვა თამომ.
-ეს როგორ მოახერხე, - განრისხებულიყო გიგა.
-მგონი დღეს იღბალი ჩემს მხარესაა.
ყველა იქვე დარჩა, სანამ სასწრაფო არ მოვიდა. ლეონიდე და თამო საავადმყოფოში წაიყვანეს. თამო უარობდა, ამტკიცებდა, არაფერი მჭირსო, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა.
ნიკო და გიგა პოლიციელებმა წაიყვანეს, გარდაცვლილი კი ჯერ-ჯერობით იქვე დატოვეს.
***
თამო მალევე გადაიყვანეს დასაკითხ ოთახში. ცოტათი ეშინოდა, რომ მათ ციხეში არ ჩასვამდნენ. შემდეგ კი ნამდვილად გაუსწორდებოდნენ თამოს. ანდაც შესაძლოა მალე გამოსულიყვნენ ციხიდან და თამო ეპოვნათ.
დეტექტივი თამოს შიშებს მიხვდა და დაამშვიდა. თამომაც ყველაფერი გულწრფელად უამბო.
დაკითხვიდან გამოსულს საავადმყოფოში მოუნდა წასვლა. ლეონიდე მოინახულა.
-შეიძლება შემოვიდე?
-კი.
-მე თამო ვარ.
-ვიცი, გავიგონე გუშინ.
-მე კი შენი სახელი არ ვიცი.
-ლეონიდე.
-მხარი როგორ გაქვს?
-მადლობა, კარგად. საბედნიეროდ ტყვიას არაფერი დაუშავებია.
-ძალიან გტკივა?
-გამივლის. იქ როგორ აღმოჩნდი?
-გიგამ და ნიკომ ჩამკეტეს. ვჭირდებოდი და ამიტომ არაფერს მერჩოდნენ. მაგრამ თქვენ მერე ალბათ მეც აღარ მაცოცხლებდნენ. ზედმეტად ბევრიც ვიცოდი და ზედმეტად ბევრიც ვნახე. შენ სააიდან იცნობ მათ?
-ნიკოს და მიყვარდა. გიგა კი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩემი ნახევარძმაა.
-და ის კაცი, მამათქვენი იყო, ხომ?
-როგორ მიხვდი?
-სულ იმას გაიძახოდა გიგა, მამაჩემს მივხედავო. არ მეგონა, ამას თუ გულისხმობდა.
-გიგასგან მაგას არავინ ველოდით.
-ექიმმა რაო, მალე გაგწერენ?
-კი, ორ დღეში უკვე სახლში ვიქნები.
-კარგია. მე წავალ, აღარ შეგაწუხებ. დაისვენე.
თამო კარისაკენ დაიძრა.
-თამო, - დაუძახა ლეონიდემ.
თამოც შემობრუნდა.
-მადლობა გადარჩენისთვის.
-არაფერს.
სასამართლოზე ყველაფერი მშვიდად წავიდა. გიგამ თამოს ჩართვა მაინც სცადა და ახსენა, რომ მასთან ურთიერთობა ჰქონდა. საბედნიეროდ, თამო არ გაუკიცხავთ. დამშვიდებული გამოვიდა დარბაზიდან. დაადგინეს, რომ გიას გიგამ ესროლა. ამიტომაც მას უფრო მეტი წელი მიუსაჯეს. უახლოესი ათი წელი თამოს სანერვიულო მაინც არაფერი ჰქონდა.
თამო შვებას ბოლომდე ვერ გრძნობდა. მართალია, ყველაფერი მის სასარგებლოდ დასრულდა, მაგრამ გიგას მიმართ გრძნობები მთლად ვერ განელებოდა. ამიტომაც გადაწყვიტა, ცოტა ხნით ქვეყნიდან წასულიყო.
ფული საიდან ჰქონდა? არც ისეთი სულელი იყო, როგორც გიგას და ნიკოს ეგონათ. მოახერხა და ცხვირწინ აცლიდა თანხას ისე, რომ ვერაფერი შეემჩნიათ. რამდენიმე ათობით ათასიც კი ამ დროის განმავლობაში საკმაოდ დიდი თანხა გახდა. მისი ანგარიში არც პოლიციელიებთან უხსენებია.
ცოტა ხანი მოიცადა, სანამ საშიში აღარ იქნებოდა საზღვრის გადაკვეთა და რამდენიმე თვით ირლანდიაში წავიდა.
იმდენად მოხიბლული იყო იქაური ბუნებითა და ხალხით, უკან დაბრუნება აღარ სურდა. დიდად არ გიჟდებოდა სასმელზე, მაგრამ ირლანდიურ პაბებში მაინც დაიდოდა. ადვილად შეეწყო აქაურ ტრადიციებს.
მშობლებს ურეკავდა და კითხულობდა ხოლმე. მანანაც მოიკითხა. ბოლოს და ბოლოს ზუსტად მისი დამსახურება იყო, ახლა რომ ცოცხლობდა. მას რომ არ ელაპარაკა ამდენი გიგას ნაყიდ ქონებაზე, მისამართს ვერასდროს გაიგებდა.
***
უკვე 6 თვე გადიოდა, რაც თამო საქართველოდან წამოსულიყო. რამდენიმე ქართველიც ნახა აქ და მათთან ყოფნით საქართველოს მონატრების წყურვილს იკლავდა.
-თამო, დღეს ჩემი ნაცნობი უნდა ვინახულო, რამდენიმე დღით აქ ჩამოვიდა და თუ გინდა, შენც წამოდი.
-კარგი.
გზად თამოს აფთიაქთან მარტო დგომა მოუწია, სანამ მისი მეგობარი წამლის საყიდლად იყო შესული. თვალებს ვერ დაუჯერა, როცა გამვლელებში ნაცნობი სახე დაინახა.
-თამო, ნამდვილად შენ ხარ?
-ლეონიდე, - ვერ იჯერებედა თამო.
-აქ რამ მოგიყვანა?
-ცოტა ხნით წამოვედი.
-ვერაფერს იტყვი, ლამაზი ადგილია.
-ნამდვილად.
-დრო გაქვს?
-ახლა სამწუხაროდ არ მცალია.
-საღამოს?
-თავისუფალი ვარ.
-მაშინ სასმელზე გეპატიჟები.
-სიამოვნებით.



№1  offline მოდერი abezara98

მიყვარს მე შენი ისტორიები. მოკკლე, ლაკონური და მარტივი წასაკითხია. დამღლელი დღის შემდეგ დასასვენებლად რომ ჩამოჯდები და განტვირთვაში დაგეხმარება, სწორედ ისეთი heart_eyes heart_eyes
რაც შეეხებათ პერსონაჟებს. თითოეული იმდენჯერ მყავს დალანძღული, თავადაც იცი, მაგრამ აქაც დავწერ ერთი-ორ სიტყვას მათზე smile
დავიწყოთ გიგასგან. პერსონაჟი რომლის მიმართაც ხან დადებითად ვიყავი განმსჭვალული, ხანაც - უარყოფითად. თუმცა ბოლოსკენ მხოლოდ უარყოფითსღა ვგრძნობდი და არც მის ასე შემოტრიალებას ველოდი. თანხის მოპარვა და მაქინაციები ერთია, მაგრამ მკვლელობა? scream კარგი, რა, გიგა. არა და, რა პოტენციალს ვხედავდი შენში?! (ნიკო თავიდანვე არ მომწონდა, ამიტომ იჯდეს ციხეში, ღირსია laughing )
ჰო, რაც შეეხება თამოს, ყოჩაღ, გაითვალისწინა ჩემი რჩევა, აქეთ გააცურა ის იდიოტები და მერე თავადაც დატყდა ქვეყნიდან. აბა, რაა. that's my girl! მართალია, ხანდახან ნერვებს მიშლიდა, მაგალითად, მანანას დაურეკა მისამართის გასარკვევად და ლოკაცია კი არ ჩართო ანუ გუგლი მეფი, მაგრამ არაუშავს. ვის არ მოსვლია joy
მოკლედ, პატარა, ტკბილი ისტორია იყო და ძალიანაც მომეწონა heart_eyes heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი მანანა

სიამოვნებით წავიკითხე, კარგი იყო, ველოდები ახალ ისტორიას, წარმატებები.

 


№3  offline მოდერი N1penguin

abezara98
მიყვარს მე შენი ისტორიები. მოკკლე, ლაკონური და მარტივი წასაკითხია. დამღლელი დღის შემდეგ დასასვენებლად რომ ჩამოჯდები და განტვირთვაში დაგეხმარება, სწორედ ისეთი heart_eyes heart_eyes
რაც შეეხებათ პერსონაჟებს. თითოეული იმდენჯერ მყავს დალანძღული, თავადაც იცი, მაგრამ აქაც დავწერ ერთი-ორ სიტყვას მათზე smile
დავიწყოთ გიგასგან. პერსონაჟი რომლის მიმართაც ხან დადებითად ვიყავი განმსჭვალული, ხანაც - უარყოფითად. თუმცა ბოლოსკენ მხოლოდ უარყოფითსღა ვგრძნობდი და არც მის ასე შემოტრიალებას ველოდი. თანხის მოპარვა და მაქინაციები ერთია, მაგრამ მკვლელობა? scream კარგი, რა, გიგა. არა და, რა პოტენციალს ვხედავდი შენში?! (ნიკო თავიდანვე არ მომწონდა, ამიტომ იჯდეს ციხეში, ღირსია laughing )
ჰო, რაც შეეხება თამოს, ყოჩაღ, გაითვალისწინა ჩემი რჩევა, აქეთ გააცურა ის იდიოტები და მერე თავადაც დატყდა ქვეყნიდან. აბა, რაა. that's my girl! მართალია, ხანდახან ნერვებს მიშლიდა, მაგალითად, მანანას დაურეკა მისამართის გასარკვევად და ლოკაცია კი არ ჩართო ანუ გუგლი მეფი, მაგრამ არაუშავს. ვის არ მოსვლია joy
მოკლედ, პატარა, ტკბილი ისტორია იყო და ძალიანაც მომეწონა heart_eyes heart_eyes

შენ კი არა, მეც დიდი სიამოვნებით დავლანძღავდი პერსონაჟებს laughing გიგა კი უფრო მეტად ცუდი პერსონაჟი უნდა გამომსვლოდა, მაგრამ არ გამოვიდა. არაუშავს, ხომ მაინც შეგძულდა smirk ამ ისტორიის სიტკბოების რა მოგახსენო, მაგრამ ადვილადწასაკითხი ნამდვილად იყო smile ხო, გავითვალისწინე შენი რჩევა, იმდენი მეჩიჩინე, მაინც არ დავასრულე იმდენად ცუდად, როგორც ჩაფიქრებული მქონდა.
მადლობა, რომ კითხულობ heart_eyes

სტუმარი მანანა
სიამოვნებით წავიკითხე, კარგი იყო, ველოდები ახალ ისტორიას, წარმატებები.

მადლობა, შევეცდები მომავალში უფრო საინტერესო და საყვარელი ისტორია შემოგთავაზოთ kissing_heart

 


№4 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Dzalian momwons sheni istoriebi da kide ufro is momwons rom mtlianad deb da ara tavebad datofils, didi siamovnebaa mtlian istorias rom vkitxulob. Warmatebebi

 


№5  offline წევრი ვიპნი

ჯერ კიდე შოკში ვარ,რა ჩაიდინა ამ გიგამ ჰა,ასეთ დასასრულს არ ველოდი.ისე კი ყოჩაღ თამოს,ღირსები იყვნენ ეგ ფული რო აწაპნა :)

 


№6  offline მოდერი N1penguin

სტუმარი Mariamimari
Dzalian momwons sheni istoriebi da kide ufro is momwons rom mtlianad deb da ara tavebad datofils, didi siamovnebaa mtlian istorias rom vkitxulob. Warmatebebi

დიდი მადლობა heart_eyes ძალიან მახარებ heart_eyes

ვიპნი
ჯერ კიდე შოკში ვარ,რა ჩაიდინა ამ გიგამ ჰა,ასეთ დასასრულს არ ველოდი.ისე კი ყოჩაღ თამოს,ღირსები იყვნენ ეგ ფული რო აწაპნა :)

ხო, თავიდან მეც ვფიქრობდი, დამემთავრებინა თუ არა მასე, მაგრამ გულმა არ მომისვენა. თავიდანვე არ მსურდა, გიგას კარგ პერსონაჟად გამოყვანა. მადლობა, რომ წაიკითხე და ემოციები გამიზიარე relaxed blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent