Seventeen (ნაწილი 1)
****** ჯერ კიდევ ჩვიდმეტი წლის იყო, სკოლის დამთავრებას აღნიშნავდა მეგობრებთან ერთად და არაფერზე, თითქმის არაფერზე ფიქრობდა. რამდენჯერმე იმ წელს გადმოსული მოსწავლისკენაც გააპარებდა თვალს და კეკლუცად გაუღიმებდა. მერე ისევ სვამდა, ცეკვავდა და ლიკასთან ერთად მთელ ხმაზე გაჰკიოდა. მერე მუსიკაც შეწყდა. დაქანცულები რბილ პუფებში მიესვენნენ და ერთმანეთის დანახვაზე ყველა ერთხმად იცინოდა. –მოდით, არც საბა დავივიწყოთ რა!- დანაღვლიანებულმა ასწია ალკოჰოლით სავსე ჭიქა და მეგობრებს გადახედა.- მერე რა რომ ის ჩვენთან აღარ არის, ხომ უნდა ყოფილიყო? საბას უსასრულობისა იყოს!- ღრმად ჩაისუნთქა და წამებში გამოცალა ჭიქა. სახეაშლილი ახალგაზრდებიც ფეხზე წამოდგნენ და გარდაცვლილი თანაკლასელის სადღეგრძელო შესვეს. –მორიგი გამოხტომა!-უკმაყოფილოდ ჩაიბურდღუნა ქერათმიანმა გოგომ და გვერდითმდგომს მხარი გაჰკრა.- თითქოს ჩვენ არავის გვახსოვდა საბა... –თუ გახსოვდა ჩვენთვისაც გაგეხსენებინა, არავინ გიკბენდა!- თვალი ჩაუკრა გამხდარმა, შავგვრემანმა ბიჭმა და ჭიქა გამოცალა. –აქედან დაიკარგე, გოჩაშვილო!- ამოისისინა და ტუჩებდაბრეცილი დაუბრუნდა ადგილს.–რას ჩაგვაშხამა მთელი სიღამო მისი გახსენებით, ახლა უნდა ჰყარონ ცრემლები! –საბა ამას იმსახურებდა, სწორედ ამიტომ ვახსენე ის.- უემოციო სახით გადახედა კატომ. –ჩემი აზრით კი, მხოლოდ თავის გამოჩენა გინდოდა. –შენნაირი ცალტვინები ფიქრობენ მხოლოდ ამას, მე კი ნაკლებად მაინტერესებს მათი აზრი! –კარგი მოეშვი რა!- ხელი აიქნია ლიკამ- გამომყევი, რაღაც უნდა გითხრა!-ეშმაკურად მოელვარე თვალებით დახედა დაქალს და მისი ინტერესიანი მზერაც თან გაიყოლა. საპირფარეშოს კარი საგულდაგულოდ გადაკეტა და აკისკისდა. –რა ხდება, აღარ იტყვი?-უნებურად შეკრა კოპები. –ახალმა მითხრა ამ იდიოტებს მოვშორდეთ, სადმე გავიაროთო!- ტაში შემოჰკრა აჟიტირებულმა. -ალბათ მათ დაშლამდე დავბრუნდებით, მაგრამ თუ რამეა შენ მაინც დამელოდე, კარგი? –ვინ...ვინ ახალმა?- ყურები დაუგუბდა, რაღაცამ მთელი გულ-მუცელი გაუყინა, მერე კი დაუნდობლად წაუკიდა ცეცხლი. იგრძნო, როგორ უჭამდა ორგანიზმს თვალით უხილავი არსება.- დათამ?- ხელის გულები ცივი ოფლით დაენამა, თეთრი კანი კიდევ უფრო გაუთეთრდა და აუკანკალდა. –ჰო, აბა სხვა ვინ არის ახალი!- გაეცინა ლიკას. კატომ კი იმ წამს ყველაზე ამაზრზენ სიცილს მოჰკრა თვალი. მისი ბავშვობის მეგობარი ახლა ზუსტად მათ ჰგავდა, რომლებისთვისაც ბიჭებისა და საწოლის გარდა არაფერი იყო ფასეული. ყველაზე გაუფასურებელი ეჩვენა და წამით ზიზღიც კი იგრძნო მის მიმართ. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და კიდევ უფრო შეკრული წარბებით განაცხადა. –არ შეიძლება! -რა? –არ შეიძლება ლიკა, არ ღირს ის ბიჭი ამად! –ნუ სულელობ რა! -ხელი აიქნია გოგომ და დაძაბულობის დაფარვა სიცილით სცადა. –მთვრალი ხარ, ხვალ ინანებ! –მასთან დაწოლას კი არ ვაპირებ!-შეურაცხყოფილად იგრძნო თავი გოგომ. –რა მნიშვნელობა აქვს რას აპირებ? ყველა დაინახავს რომ მასთან ერთად გახვალ აქედან... თან ის ნამდვილი ნაძირალაა! –ეგ საიდანღა მოიტანე? –მთელი წელია თავს ისე მაჩვენებს, რომ ჩემს მიმართ გრძნობები აქვს... –აი თურმე რა!-სიმწრით ჩაეცინა გოგოს.- არ გინდა, რომ მასთან გამიშვა. იმიტომ რომ ის შენ მოგწონს, არა? საერთოდ რა ადამიანი ხარ? ეს არის შენი მეგობრობა? მხედავ, რომ მის გამო ასეთი ბედნიერი ვარ და მეუბნები, რომ ის შენ მოგწონს! ეს რა მეგობრობაა, კატო?-შეშლილი თვალებით უყურებდა დაქალს. –ნუ სულელობ, როგორ შეიძლება ეგ ნაძირალა მომწონდეს! –მოგწონს, ნამდვილად მოგწონს!-თავს აქნევდა და შეშლილის თვალებით უყურებდა დაქალს. –ლიკა, აქ ხარ?-კაკუნის შემდეგ ბიჭის ხმაც გაიგონეს და კიდევ უფრო დაეჭიმათ სხეულები.-ლიკა? –გამეცალე!- შეუღრინა კარზე აკრულ დაქალს. –არ გინდა ლიკა, არ არის სანდო. –ნუ დამელოდები, სახლში წადი და მის ფოტოს ჩაეხუტე.- უხეშად გამოსწია გოგო.- ღმერთმა დასწყევლოს ის დღე, როცა მეგობარი გიწოდე!- კარი გამოგლიჯდა და ბიჭთან ერთად დატოვა წვეულება. ორ საათში ყველა დაიშალა, ლიკა და დათა კი არსად ჩანდნენ. უამრავჯერ სცადა მათთან დაერეკა მაგრამ ტელეფონები გათიშული ჰქონდათ. მოსვენება საბოლოოდ დაეკარგა, გული ცუდს უგრძნობდა და სასოწარკვეთილს ცრემლებიც სცვიოდა თვალებიდან. აულაგებლად დატოვებული ჭურჭელი ერთი ხელის მოსმით გადმოყარა ძირს და ნამსხვრევებად აქცია. –არ უნდა მეთქვა...არ წავიდოდა! შენი ბრალია იდიოტო, შენი!- თავში იშენდა ხელებს და იატაკზე გაწოლილი იკრუნჩხებოდა. მერე ჩაეძინა. ****** შინ გონებადაბინდული დაბრუნდა. თვალებამოღამებულს მშობლები იმედის თვალით შესცქეროდნენ და მის უკან იყურებოდნენ, თითქოს ვიღაცას ეძებდნენ. მერე დივანზე ჩამომსხდარ ლიკას მშობლებას მოავლო გაშტერებული მზერა. მიხვდა-ლიკა ჯერაც არ დაბრუნებულა სახლში. –ლიკა სად არის, დე?-ამღვრეული თვალებით შესცქეროდა ქალიშვილის ირმა. –არაფერი მახსოვს.-მტკივნეულად ამოილაპარაკა ორიოდე სიტყვა და კიდევ უფრო მეტი უთქმელად გაეჩხირა ყელში. –ლიკა სად არის, კატო?- მკაცრი სახით დასცქეროდა მამამისი. –ღმერთმა დასწყევლოს თქვენი ლიკა! მე რა ჯანდაბა უნდა ვიცოდე?-სახეაშლილი უყურებდა მშობლებს.- არ ვიცი, მასთან არ ვყოფილვარ... არაფერი ვიცი! მე ვერ მხედავთ? თქვენი შვილი მე ვარ, მოსიარულე მკვდარს ვგავარ და შემოსვლისთანავე ლიკაზე მეკითხებით! ლიკა აქ არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ ნასიამოვნები იქნება! მე კი...- სიტყვა მამამისი ხელმა გააწყვეტინა, რომელმაც სახე აუწვა.- მე კი მკვდარი ვარ.- ესღა ამოიხრიალა და თავისი ოთახისკენ გაიქცა. –ნამდვილი იდიოტი ხარ, ეკატერინე, ნამდვილი იდიოტი! ეს როგორ უთხარი? ან როგორ მიეცი წასვლის უფლება? რატომ არ გაჰყევი უკან?- გააფთრებული შესცქეროდა სარკეს, საიდანაც დაბერებული ბავშვი უმზერდა.–მას თუ რამე დაემართება, მას თუ რამე დაემართება...-გამაფრთხილებლად უქნევდა თითს სარკეს, მერე გაშეშდა, თითქოს ახლაღა გამოფხიზლებულიყო, შიშისფერი გადაეკრა სახეზე და ტუჩები აუთრთოლდა.- მას არაფერი დაემართება! ***** –მურია, მოიცადე ბიჭო, სად გარბიხარ!- წინ გაქცეულ ძაღლს ეძახდა კაცი.- სულ გადაირიე შენ!- აყეფებულ ძაღლს კოპებშეკრული მიუახლოვდა და საყელურში გამოსდო ხელი.–სახლში წამოდი, შე მამაძაღლო, შენა!- მთელი ძალით ექაჩებოდა კაცი, ძაღლი კი კვლავ გაუჩერებლად ყეფდა. პატრონისგან თავი დაიხსნა და ტყეში შეიჭრა. მოხუციც გინებით აეკიდა უკან და რამდენიმე წამში მიწაზე დაგდებული, გოგოს სისხლიან სხეულს მოჰკრა თვალი. –ვახ შენი!- შეშფოთებული დასცქეროდა უგუნოდ მყოფ გოგოს.- ეს რა შარს გადამკიდე, ბიჭო!- აწკმუტუნებულ ძაღლს შეუბღვირა და პულსის გასასინჯად გოგოსთან დაიხარა. მაშინვე ამოიღო ტელეფონი და სასწრაფო გამოიძახა. სანამ სირენების ხმა არ გაიგონა, გული ვერ დაიმშვიდა. აწყლიანებული თვალებით დასცქეროდა ახალგაზრდა სხეულს და თავის ვარაუდებს გამოთქვამდა, თუ როგორ აღმოჩნდა აქ გოგო. –ცოცხალია?-თვალებდაჭყეტილი შესცქეროდა ლურჯ ფორმაში გამოწყობილი ქალი. კაცმა მხრების აჩეჩვით უპასუხა და ბოლოჯერ შეავლო თვალი საკაცეზე მისვენებულ გოგოს. –გადაარჩინეთ, ახალგაზრდაა!-მავედრებელი მზერა მოავლო ექიმებს. –თქვენც გამოგვყევით ბატონო, ჩვენების მისაცემად დაგიბარებენ. –ახ მურია, ახ!-წყენით გახედა თვალებაწყლიანებულ ძაღლს.- სახლში მიდი, ტყეში არ დაიკარგო! ***** ორი დღე, მთელი ორი დღე მოანდომეს გოგონას ვინაობის დადგენას. მერე ჯაფარიძეების სახლში ტელეფონი აწკრიალდა, ქალის ტკბილმა ხმამ ყველაზე მწარე ამბავი ამცნო გაუჩინარებული გოგოს მშობლებს. ძალაგამოცლილი თეა ქმრის ფეხებთან ჩაიკეცა და მოთქმას მოჰყვა. –ჩემი შვილი მანახეთ!- მთელ ხმაზე დაიჩხავლა ქალმა.-ჩემი პრინცესა მანახეთ! –დამშვიდდი, თეა, ახლავე წავალთ და ვნახავთ! აი, ნახავ, კარგად იქნება.- თვალებამღვრეული ირმა აკანკალებული ხმით ცდილობდა მეგობრის დაწყნარებას. გულზე აიკრა ქალის ათრთოლებული სხეული და რამდენჯერმე ჩამოუსვა შავ თმაზე ხელი. მერე დივანზე უემოციოდ მჯდომ შვილს მიაპყრო გამკიცხავი მზერა. გოგომ ერთხანს გაუსწორა გაყინული მზერა, მერე თვალი აარიდა და კვლავ გამოეთიშა რეალურ ცხოვრებას. –მიდი თამაზ, შენს ცოლს ხელი მოჰკიდე და ვნახოთ ბავშვი.- თავით ანიშნა დავითმა ქალზე. ჭაღარაშეპარულმა კაცმაც თავი დაუქნია და ცოლი წამოაყენა. როცა საბოლოოდ მიადგნენ კარს, კატოც დენდარტყმულივით წამოხტა და მამის ზურგს ამოეფარა. –შენ აქ რჩები!-ამოისისინა კაცმა და ალჩამდგარი თვალებით შვილი ადგილზე გააშეშა. წამით კატომ ისიც კი იფიქრა რომ მამამისს ეზიზღებოდა. –კარგი.- თავი დაუქნია და უწინდებურად წამოჯდა დივანზე. როგორც კი კარის დაკეტვის ხმა გაიგონა ფეხზე წამოვარდა. სახლში ქარიშხალი დაატრიალა. ყველაფერი, რაც ხელში მოჰყვა იატაკზე დაამხო, შუშის მაგიდას მთელი ძალით მოუქნია სკამი და ისიც ნამსხვრევებად აქცია. თაროებიდან ლარნაკი, კარადიდან კი ჭურჭელი გადმოყარა და მტვრად აქცია. სახლის განადგურებას რომ მორჩა კედელზე ჩამოკიდებულ, ხის ჩარჩოში ჩასმულ სარკეს მოჰკრა თვალი და ცოტა ხნით ერთ ადგილზე შედგა. მერე ნელი ნაბიჯითა და ირონიული ღიმილით მიუახლოვდა. საკუთარ გამოსახულებას ჩაშავებული და დაღლილი თვალები მოავლო. წინანდელზე მეტად დატანჯულ და დაღლილ თვალებს გაუსწორა თვალი. ზიზღში გადაზრდილი სიბრარული იგრძნო მის მიმართ. უდაბნოში დაკარგულად იგრძნო თავი. სრულიად მარტო იყო, მისთვის არავის სცხელოდა, არავის ადარდება კატო. ის სახლში იყო, არაფერი უჭირდა. ის ტყეში არ უპოვნიათ არც მისი დალეწილი სხეული მოუთავსებიათ რეანიმაციაში და არც მისი ფილტვებისთვის ჩაუტენიათ ჟანგბადი იძულებით. კატოს არაფერი უჭირდა, ის კარგად იყო. არაქათგამოცლილი დაენარცხა ნამსხვრევებზე და მშობლების ლოდინს შეუდგა. სხვა არაფერი დარჩენოდა, მხოლოდ უნდა დაელოდებოდა, მაგრამ რას-თვითონაც არ იცოდა. ****** ზაფხულისთვის შეუფერებელი, ღრუბელგადაკრული, წვიმიანი დღე იყო. ჩაბნელებულ ოთახში, გაუნძრევლად მჯდომ გოგოს თვალებგახელილს ჩასძინებოდა. კარის ჯახუნმაც ვერ გამოაფხიზლა, კვლავ ერთ წერტილზე გაეშტერებინა მზერა. მის წინ, შავ ტყავის ქურთუკსა და ჯინსის შარვალში გამოწყობილი ბიჭის მაღალი სილუეტი აღიმართა. ზანტად ახედა თავზე წამომდგარს და მონატრებული ძმის ამოცნობისას, რაღაც კიდევ უფრო მაგრად ასტკივდა. კვლავ გადმოსცვივდა ცრემლები, მთელი ხმით აზმუვლდა. მოკეცილ ფეხებს ხელი შემოჰხვია და თავი მუხლებზე ჩამოდო. თავი ჭირისუფალი ეგონა, რომელსაც გარდაცვლილის ყურებაზე მეტად ცოცხლადდარჩენილების გამოჩენა სტკენდა გულს. –ეს რა ამბავი გაგიმართავს!-დანაღვლიანებული დაიხარა დასთან და მთელი ძალით შემოჰხვია მკლავები. -ნუღარ ტირი პინგო, დამშვიდდი!-გულზე იხუტებდა დის აკანკალებულ სხეულს და გულში დანთებული ცეცხლი კიდევ უფრო უღვივდებოდა. –მე მარტო ვარ, ცოტნე! მარტო ვკვდები, გესმის?-ძლივ-ძლივობით ამოიზმუვლა და კვლავ დამალა სახე. –რას კვდები, ნუ სულელობ, ჩემს თავს გაფიცებ! შენ მარტო არ ხარ. დაი.კიდე ყველა, ცოტი აქ არის!-ეჩურჩულებოდა გოგოს და თან თმაზე ეფერებოდა. –ადექი, პირი დაიბანე, თვალები გაახილე და თუ გინდა მე მოგისმენ, ნურაფერს იტყვი, მაინც მოგისმენ.-მახრჩობელა ბურთი გაეჩხირა ყელში, როცა დის ფერმკრთალ, ღიმილის იმიტაციას მოჰკრა თვალი.- მე წაგიყვან, წამოდი. ოღონდ ფრთხილად იყავი, არაფერი გაიჭრა. სააბაზანოს კარი ცალი ხელით შეხსნა, მეორე ხელით კი დის მისუსტებულ სხეულს იჭერდა. სარკის წინ დააყენა და ონკანი მოუშვა. გოგოს სარკის დანახვაზე სახე უფრო მეტად დაუმჟავდა და წამით გულისრევის შეგრძნებაც იგრძნო. –ცოტნე...ყველაზე მყრალი რა გინახავს ამ სამყაროში?-ლუღლუღით ჰკითხა ძმას. ბიჭმა მხოლოდ დაბნეული მზერით უპასუხა, ვერ მიხვდა რას ეკითხებოდა. –ყველაზე მყრალი რამ, რასაც კი შეიძლება ამქვეყნად შეხვდე, მარტოობაში დამხრჩვალი ადამიანის ლეშია. აი ნახავ, სულ ცოტა ხანში საკუთარ დას ვერც მიუახლოვდები, იმდენად შემაწუხებელი სუნი აუვა. აი ნახავ, შენი მშობლები ერთ დღეს ჩემს გამოც იტირებენ. ერთ დღეს, კატოსაც ეყოლება ირგვლივ ადამიანები, ადამიანები, რომლებიც მხოლოდ მასზე იფიქრებენ.- ღიმილიანი მზერით ბურღავდა საკუთარ ანარეკლს სარკეში და ძმის გამომეტყველების დანახვაზე სიამოვნებით აჟრჟოლებდა.-საბრალო კატო, დამნაშავე კატო! –გაჩუმდი!- კბილებს შორის გამოსცრა ცოტნემ და ხელები მომუშტა.-მსგავი რამ აღარასდროს გაიმეორო! –თორემ?-ხმით ჩაეცინა გოგოს.- თორემ ცოტნეც წავა. იქნებ არც უნდა მოსულიყო? რას ფიქრობ, ცოტნე, იმსახურებს კატო ვინმეს? ჩემი აზრით არა! იმიტომ, რომ ეს სულელი გოგო ყველას და ყველაფერს კარგავს თავისი უყურადღებობითა და დაუდევრობით. ის აიძულებს ადამიანებს მისგან წავიდნენ. ადამიანებს ენერგიას აცლის, ღლის, თავს აბეზრებს... სწორედ ამიტომ ეზიზღებათ კატო. –შენ არავის ეზიზღები, გესმის? - ხელებში მოიქცია დის უმეტყველო სახე. –ნწ... აზრი აღარ აქვს!- თავი დაიხსნა ძმის მკლავებიდან და ოთახში დაბრუნდა.- უკან არ გამომყვე, თორემ პირველივე მანქანას შევუვარდები! რკინის კარი მთელი ძალით გამოხსნა და სახელურს გაუშტერა მზერა. ზიზღით დაემანჭა სახე, და მაშინვე მოაშორა ხელი. –ეს სახელური გაწმინდე, კატო შეეხო!-გასძახა მისაღებში მყოფ ძმას და სახლიდან გავიდა. სიფრიფანა სარაფნით, ფეხშიშველო მიაბიჯებდა წვიმისგან ატალახებულ ქუჩებში. სიამოვნებდა სიბინძურის შეგრძნება, თითქოს ასე უფრო შეუმჩნეველი იყო. ისე მიადგა საავადმყოფოს ვერც კი გაიაზრა. ტალახიანი ტერფებით მოიარა საავადმყოფოს თეთრი და გაპრიალებული იატაკი, რეანიმაციურ განყოფილებას მიადგა. დერეფნის ბოლოში მამამისის გაწბილებულ სახესაც მოჰკრა თვალი და ადგილს მიეყინა. აცრემლებული თვალებით დახედა თავის ნაკვალევს და ხმით აზმუვლდა. არავინ თვლიდა იმის ღირსად, რომ მისი მეგობრის მდგომარეობა ეცნობებინათ. ყველა მას ადანაშაულებდა. არაფერს ეუბნებოდნენ, მაგრამ მათი სიცივეჩამდგარი მზერებიც საჭიროზე მეტს საუბრობდნენ. კატომ მეგობარი გასაჭირში დატოვა, ეს კი ყველაზე სულმდაბლური საქციელია, რაც კი ადამიანს შეუძლია გააკეთოს. უკანმოუხედავად გაიქცა შენობიდან და ეზოში, ყველაზე მაღალი ხის ძირში ჩამოჯდა. გამვლელები უცნაური მზერით ბურღავდნენ, თითქოს ყველამ იცოდა მისი ამბავი, კატოს სხეულში შეძრომას ცდილობდნენ და მასში დანთებული ცეცხლის გაღვივებას. –მე არაფერი გამიკეთებია, გესმის?-დაუჩხავლა ახალგაზრდა ქალს, თვალები დახუჭა და სხეული მოადუნა. ჩიტების ჭიკჭიკის ხმა მოესმა. ჭექა-ქუხილის შემდეგ, ეს ყველაზე სასიამოვნო რამ იყო, რაც შეიძლებოდა მოესმინა. ღრუბლებს ამოფარებულმა მზემაც გაბედა რამდენიმე ნაბიჯის წინ გადმოდგმა და კატოსთვის გაღიმება. როცა გოგონამაც ღიმილით უპასუხა, უფრო ფართედ გაუღიმა. იმდენად, რომ მისი გაბრწყინება მთელ ქვეყანას მოედო. კატო მარტო არ იყო, სწორედ ახლა, მის გამო გამოიდარა. მას ჩიტები ყველაზე ტკბილ საგალობელს უმღეროდნენ, თავისკენ ექაჩებოდნენ. ****** –შენი და სადაა?-დაქანცულმა გადახედა ვაჟს. –არსად. –მაგ სულელს, ისიც კი არ სცოდნია, რომ მის დას შეყვარებულო ჰყავს! ნეტავ იცოდე, საწყალი ბიჭი რა დღეშია!-დანაღვლიანებულმა ამოიოხრა კაცმა. –აბაა!-თავი გააქნია ირმამაც.- ჩემი ხომ ისედაც მჭირდა, მაგრამ მაგ ბიჭს რომ ვხედავდი საერთოდ, გული მიკვდებოდა. სავარძელში გადაწოლილ ცოტნეს ხმით ჩაეცინა. მშობლების უკმაყოფილო მზერას ყურადღება არ მიაქცია და თავი გააქნია. –ექიმები რას ამბობენ? –უჰ, რა ვიცი, შვილო, სულ დალეწილია საწყალი ბავშვი! გათიშულია, ათასი აპარატი აქვს მიერთებული...-ცრმელბმა საუბრის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს ქალს. ცოტა ხანს გაჩუმდა, ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადააგორა და განაგრძო.- დედამისიც როგორ იტანჯება! როგორი დედა-შვილობა ჰქონდათ, უბედურებს! –და შენი შვილი როგორ არის დედა?-წარბები ასწია მოთმინებადალეულმა ცოტნემ.-თქვენ როგორი დედა-შვილობა გაქვთ? გეკითხები და მიპასუხე- შენი შვილი სად არის, დედა? ქალი შეცბა, გაფართოებული თვალებით მოათვალიერა სახლი, სმენაც დაძაბა და ქალიშვილის ოთახის კარს გაუსწორა მზერა. –ალბათ შეეშინდა, რომ პასუხს მოვთხოვდით, სულ გამოშტერდა ამხელა გოგო! იზრდება და მგონი ჭკუა აკლდება! ცოტა ხანს მარტო იყოს, დამშვიდდეს, ლიკაც გონს მოვა და ერთად მოყვნენ რა მოუვიდა იმ ბავშვს. –ან მოვა გონს და ან არა...-თვალები ჩაუწითლდა კაცს. –მაგას ნუ ამბობ თუ ღმერთი გწამს!-მწყრალი მზერით გადახედა ქმარს.-ძლიერი ორგანიზმი აქვს, გადარჩება! –ღმერთმა ქნას, ირმა, მეც ეგ მინდა. –იმედი იქონიეთ, რომ ღმერთი არ გისმენთ და ილოცეთ, რომ დღევანდელობისთვის მწარედ არ დაგსაჯოთ!-ფეხზე წამოდგა ბიჭი და გაურკვევლობაში მყოფი მშობლები უკანმოუხედავად დატოვა. კართან მისულს დის ჭრელი შარფი შეეჩეხა თვალებში. დაუფიქრებლად ჩაიჩურთა ჯიბეში და სახელური ჩამოსწია. მაშინვე ამოუტივტივდა თავში დის სიტყვები: ,,- სახელური გაწმინდე, კატო შეეხო! “ და უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ტანში. **** საავადმყოფოს თეთრ კედლებს შორის მოქცეული, ერთ ადგილს მიყინული იჯდა. იმის თავიც არ ჰქონდა რომ ფეხზე წამომდგარიყო, შვილის საწოლს მიახლოვებოდა და კიდევ ერთხელ შეევლო თვალი. გული ეტანჯებოდა, ქმრის ცრემლიანი თვალები სიცოცხლის სურვილს ართმევდნენ. იცოდა, რომ ძლიერი უნდა ყოფილიყო, შვილის გამო ძალა უნდა მოეკრიბა... მაგრამ ამის არც შესაძლებლობა ჰქონდა და არც სურვილი. უნდოდა ერთ ადგილზე მჯდომი, პატარა ბავშვივით დალოდებოდა. დალოდებოდა განაჩენს, რომელსაც ცხოვრება გამოუტანდა. ზიზღის გრძნობა ეუფლებოდა ადამიანების დანახვაზე. რამდენიმე იდიოტი მისასამძიმრებლადაც კი მივიდა და თანაგრძნობა გამოუცხადა. გულს ურევდა მათი მჟავე სახეები. მათ არ ჰქონდათ იქ მისვლის უფლება, მათ არ სტკიოდათ ლიკას მდგომარეობა, მათ ლიკა არ უყვარდათ, არ ადარდებდათ... ის კი სიკვდილისკენ მიმავალი შვილის დედა იყო! სულ ცოტა ხანში ის შავ, მტკივნეულად მუქ ტანსაცმელში უნდა გახვეულიყო, შვილი საკუთარი ხელით უნდა ჩაეწვინა მიწაში. იმედის ერთი წერტილიც არ არსებობდა. თეთრად გაჩახჩახებულ საავადმყოფოში ისეთი სიბნელე იყო... –რა გვეშველება, ბიჭო?- გაშტერებული თვალებით გახედა ქმარს. -შეხედე, ისევ შეცვივდნენ მასთან ექიმები, თეთრხალათიანი ანგელოზები... მარტო ვერ ერევა სიკვდილს...თამაზ, რით ვუშველო ჩემს შვილს? სიკვდილი არ უნდა, არ უნდა რომ მოკვდეს... მას სიცოცხლე უყვარს, თამაზ! შენ მისი მამა ხარ, ასეთი მშვიდი როგორ ხარ? ჩვენს შვილს გვართმევენ, გესმის? ის კვდება! ისევ თავდაყირა დგება სამყაროს კანონები! ისევ მშობლებმა უნდა ჩავდოთ მიწაში შვილები. –ჩუმად იყავი.-საჩვენებელი თითი ასწია კაცმა.-გაჩუმდი და მოუსმინე. ნუთუ არ გესმის მისი გულის ხმა?! მას ჩვენ ვუყვარვართ, არსად წავა.-მშვიდი ღიმილით გადახედა ცოლს.- აი, ნახავ, ის არ გაგვწირავს. მან იცის, რომ მამა მის გარეშე ერთ წუთსაც ვერ იცოცხლებს. მან იცის, რომ მამა მხოლოდ მის გამო იტირებს. მე ჩემს შვილს ვიცნობ, ის უგულო არ გამიზრდია, აუცილებლად შეგვიბრალებს. აი ნახავ, ისევ გაუნათდება სახე, ოღონდ ახლა გაჩუმდი, მის გულისცემას ვუსმენ, მის დარტყმებს ვითვლი. –დარტყმებს კი არა, შვილის უკანასკნელ წუთებს ითვლი, შე უბედურო!-თავი გააქნია და დერეფანს გაუყვა. ღმერთს ევედრებოდა, მის დაბრუნებამდე შვილი ცოცხლად ემყოფებინა... მის დაბრუნებამდე მაინც. უემოციო, თეთრხალათიანი ანგელოზები ერთმანეთის მიყოლებით გამოიშალნენ დერეფანში და მარტოდარჩენილ მამას თვალი აარიდეს. მხოლოდ ერთმა მამაკაცმა ინება კაცის გვერდით ჩამოჯდომა და დანარჩენს თავის დაკვრით ანიშნა რომ წასულიყვნენ. ფრთხილად შეეხო მამაკაცის მხარს და ფიქრებში წასული წამში გამოაფხიზლა. –გონს მოვიდა, ექიმო?-იმედით სავსე მზერა გაუსწორა კაცმა. –ბატონო თამაზ...-სევდამ მოიცვა ხალათიანის სახე.- ამ ეტაპზე დამაიმედებელს ვერაფერს გეტყვით. ვიცი, თქვენი ძალიან კარგად მესმის, ვიცი რას ნიშნავს შვილის დაკარგვა, მაგრამ თქვენ გმართებთ, რომ ამისთვის მზად იყოთ. ვაღიარებ, თქვენი შვილი განსაკუთრებული შემთხვევა... მისნაირ მდგომარეობაში ერთი საათიც კი ვერ ცოცხლობენ, საავადმყოფოში გადმოყვანამდე იღუპებიან. თქვენი ქალიშვილი მებძროლი გოგონაა, მისი მდგომარეობა აქამდე საიმედო იყო, გვაიძულებდა რომ მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოგვეჩინა, თითოეულ წუთს ვაკვირდებოდით, მაგრამ, როგორ გითხრათ... მისი ორგანიზმი დაიღალა, ვეღარ უმკლავდება ამდენს, ჩვენ კი აღარაფრის გაკეთება შეგვიძლია. ორმოცდარვა საათში მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის მაქსიმუმი გვეცოდინება, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, შესაძლოა სრულიად ამოყირავდეს სურათი და მდგომარეობამ პროგრესირება დაიწყოს, მაგრამ არ მინდა რომ ტყუილი იმედები მოგცეთ. ამ ეტაპზე, მის სიცოცხლეს უდიდესი ზიანი ადგება, მის სიცოცხლეს კვლავ საფრთხე ემუქრება. გამძლეობას გისურვებთ!-ფეხზე წამოდგა კაცი, მაგრამ მომაკვდავის მამის ხელმა შეყოვნება აიძულა.-მეც გამიგეთ, სხვა პაციენტებსაც უნდა მივხედო... –რომელი პაციენტია ახლა ჩემზე მძიმედ, ექიმო?-სასწორაკვეთილი შესცქეროდა კაცს.-მითხარით, რომელ პაციენტს სტკივა ახლა ჩემზე მეტად? მე მის გარდა არაფერი მაბადია. ერთადერთი ფასეული რამაა, რაც მე და ჩემმა ცოლმა ამდენი წლის მანძილზე შევიძინეთ. ერთადერთი ნათელი წერტილია ჩვენს ცხოვრებაში, ექიმო! ოცდასამი, მთელი ოცდასამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ოჯახი შევქმენი. ექვსი წელი ამაოდ ვცდილობდით, რომ საკუთარი შვილი გვყოლოდა, მაგრამ ღმერთმა არ მოისურვა... მეშვიდე წელს სულ პაწაწინა წამოვიყვანეთ ბავშვთა სახლიდან. მეგონა საკუთარივით ვერ შევიყვარებდი, მაგრამ ყველაფერს დავთმობ მისი გულისთვის. მის თავს ნუ წამართმევთ, გევედრებით, ექიმო! ფულია საჭირო? მითხარით რამდენი გჭირდებათ, რაც კი მაბადია ყველაფერს გავყიდი, სიცოცხლეს გავყიდი, ოღონდ მის თავს ნუ წამართმევთ! შემომხედეთ, როგორი საცოდავი ვარ. მე მამა ვარ, მის ზურგს უნდა ვამაგრებდე, მაგრამ შემომხედეთ, მე დღეს ყველაზე უძლური ვარ. ამდენი ხალხის წინაშე, უსირცხვილოდ ვაღვარღვარებ ცრემლებს და მოწყალებას გთხოვთ. შემიბრალეთ ექიმო, შვილს ნუ მომიკლავთ! –თუ გსურთ მასთან შეგიშვებთ, მისთვის უკეთესიც იქნება თუ ვინმეს ხმას გაიგონებს. –გაიგონებს ჩემს ხმას, ექიმო?-ეჭვი შეუჩნდა თამაზს. ბოლოს საკუთარი შვილი რომ ნახა, დამოუკიდებლად სუნთქვაც კი არ შეეძლო, მის მოსმენას როგორ შეძლებდა.-დამცინით, ექიმო? თავნება ბავშვი ნახეთ, სურვილს ვერ უსრულებთ და ცდილობთ იაფფასიანი სათამაშოებით გადაატანინოთ ყურადღება? –მას ყველაფერი ესმის, ბატონო თამაზ, მსგავსი რამ არც მიფიქრია! –მაშინ თეა დაბრუნდეს, ის დედაა, იქნებ მას ჩემზე მეტად სტკივა. თქვენ რას ფიქრობთ, ექიმო, ვინმეს ჩემზე მეტად სტკივა? –ალბათ არიან თქვენზე მეტად უიმედონი. **** შინ დაბრუნებულს მისაღებში მსხდარი მშობლები და თეა დახვდნენ. ქალის გაცრეცილ მზერაში ყველა სიბინძურე ამოიკითხა, რასაც საკუთარ თავზე ისედაც ფიქრობდა. უნდოდა მიწაში ჩამძვრალიყო, ახლა ყველაზე მეტად სურდა უბრალო ჭიანჭველა ყოფილიყო, ამდენის გადატანა არ მოუწევდა. მომაკვდავი ქალისთვის მზერის არიდება და ოთახში ასვლა ვეღარ გაბედა. სურდა, კიდევ უფრო მეტად სტკენოდა, რომ ვეღარაფერი ეგრძნო. ოთახში შეაბიჯა და მომაკვდავის დედას წინ დაუჯდა. –ლიკა როგორ არის?-ერთადერთი კითხვა, რომელიც თავში უტრიალებდა ძლივს ამოღერღა. –მისთვის საფლავი მოვამზადე.-გაუღიმა ქალმა.- ნაცნობი მყავს და დამპირდა, ორ დღეში ყველაფერი მზად გვექნებაო, ქვას გარდაცვალების მერე დაამზადებინებს ბიჭებს. მთელ ტანში გამყინავმა ჟრუანტელმა დაუარა. იგრძნო, როგორ გაეყინა სასხლი თითოეულ კაპილარში, ახლა ბევრად მტკივნეულად შეასკდა რეალობას. –შენ რომ არაფერი გახსოვს, იმ ღამით მანქანა დაეჯახა, ტყეში იპოვეს სანახევროდ მკვდარი.-განაგრძობდა სისინს ქალი. –იქნებ რამე გაიხსენო კატო, იქნებ რამე გახსოვს?! –და რა აზრი აქვს რომ ახსოვდეს?-ხმას აუწია თეამ.- ჩემი შვილი გაცოცხლდება? მითხარი, ჩემი შვილი კარგად გახდება? იქნებ არანაირი ავარია არ ყოფილა?! იქნებ ამან, აი, ამ ვირთხამ ჩაიდინა ყველაფერი? –თეა!-მწყრალი მზერით გადახედა დავითმა.- ასეთ რამეს როგორ იზამდა, არ გრცხვენია? –მე არაფრის მრცხვენია, დავით, მე არაფერი მაქვს სასირცხვილო! სცხვენოდეს იმას, ვინც ამ დღეში ჩამიგდო ოჯახი! –კატო, არაფერს იტყვი?-გაკვირვებული შესცქეროდა ქალიშვილს ირმა.-არ უარყოფ? “-ვერაფერს ვიტყვი ისეთს, რომ თქვენი ეჭვები გავაქრო. საკუთარი დედაც კი ჩემში ხედავს დამნაშავეს, ისე მიყურებთ თითქოს მე მიხარია ლიკას ასეთ მდგომარეობაში ყოფნა. თქვენ, ყველანი მე მადანაშაულებთ, საკუთარი თავიც კი აღარ მენდობა... განა რა უნდა ვთქვა ისეთი, ჩემი რომ დაიჯეროთ? ჰო, მე ვარ დამნაშავე! მე გავწირე სასიკვდილოდ, და რა? მითხარით, რამე შეიცვლება ჩემი თანხმობით ან უარყოფით? ერთადერთ მკვლელს თქვენ ჩემში ხედავთ, მითხარით, შეძლებთ ამ აზრის თავიდან მოშორებას?”- წარმოსახვაში სავარძლიდან წამოხტა, მათ წინ თავაწეული დადგა და სათითაოდ ყველას გაუყარა თვალი-თვალში. –არ ვიცი, პასუხი არ მაქვს.- რეალურად ესღა ამოილუღლუღა დაბნეულმა და მხრები აიჩეჩა. –აღარ გენდობი, კატო, ჩემი შვილი თუ კიდევ გაახელს თვალს, გპირდები, რომ შენ ჩვენთან მოახლოებასაც კი ვერ შეძლებ! –არაფერს ეტყვი, დედა?-ირონიული ღიმილით გადახედა ქალს, რომელიც ხმის ამოღებას საერთოდაც არ აპირებდა. მშვიდად უსმენდა როგორ დებდნენ ბრალს თავის შვილს და ალბათ საწინააღდმეგოც არაფერი ჰქონდა. –შენი მშობლების პატივისცემა არ მაძლევს იმის უფლებას, რომ საკადრისად დაგსაჯო და დღის სინათლე აღარ გაღირსო, თორემ ერთი წუთითაც არ მოვიცდიდი! მაგრამ იცოდე, კარგად ჩაიბეჭდე გონებაში, რომ შენ ჩემი წყალობით ხარ თავისუფალი, შენ ჩემი შვილის წუთებს ფლანგავ. –მადლობა მოწყალებისთვის. –სიმართლე უთქვამთ, ადამიანი გაჭირვებაში იცნობაო... აი, ირმა, შენი შვილის ნამდვილი სახე! სადღა აქვს ის მოკრძალება, ამდენი ხანი საამაყოდ რომ გქონდათ გახდილი? –ვინ იცის, იქნებ ისიც თქვენს შვილთან ერთად დასახიჩრდა.-სისხლი უდუღდა კატოს. ხელები მოემუშტა და საკუთარ ფრჩხილებს ირჭობდა კანში, თავს ძლივს იკავებდა ისევ ყველაფერი რომ არ გაენადგურებინა.- თქვენის ნებართვით, მე დასაძინებლად წავალ. –ნუთუ ისევ შეგიძლია მშვიდად ძილი?!-თვალებგაფართოებული უყურებდა თეა გოგოს.- შენს მეგობარს დედამისმა საფლავი მოუმზადა, როგორ შეგიძლია რომ მშვიდად გეძინოს? –დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მის ადგილას, მაგრამ ხომ მხედავთ?- ხელები გაშალა თვალცრემლიანმა.- ესეც კი არ შემიძლია! იმდენად სუსტი ვარ, სიკვდილიც კი არ შემიძლია. იმდენად საზიზღარი ვარ, სიკვდილიც კი არ ემეტებათ ჩემთვის... შემომხედეთ, კარგად შემომხედეთ და მითხარით, ეს თქვენ თუ შეგიძლიათ მშვიდად ძილი?! რომელიმე კიდევ შეძლებთ, რომ გაიღიმოთ? მე-ვერა. ახლოსაა, ახლოსაა ის დღე, როცა თქვენ, ყველა გამოუსწორებელ დამნაშავეებს დაინახავთ სარკეებში და სასოწარკვეთილნი აღრიალდებით. იყვირებთ, შენდობას ითხოვთ, მაგრამ იგრძნობთ, როგორ შემოგიძვრებათ სხეულში სისხლისმწოველი წურბელების მთელი რაზმი, შიგნიდან შთანითქმევით! **** მალევე გააცილეს ემოციებისგან დაცლილი ქალი. ყველაფერი ცუდი რაც კი სხეულში უტრიალებდა კატოზე ამოანთხია, დარდისგან ცოტა ხნით გათავისუფლდა და დამშვიდებული გავიდა მეგობრის სახლიდან. –სულ შეიშლება, საცოდავი!-ამოიხვნეშა ქალმა და მოწყვეტით დაეცა სავარძელზე.-წარმოდგენაც არ მინდა რა დღეშია. –იმედია მალე გაახელს ლიკა თვალს, მისი მშობლები კი არა, მეც ცუდად ვხდები მის შემხედვარე. ჩემს ხელში გაზრდილია ფაქტობრივად, როგორ შეიძლება არ განვიცდიდე! კიბის საფეხურზე მჯდომი, გაუფერულებული გოგო ტკივილიანი მზერით შესცქეროდა მშობლებს, რომლებიც მის იქ ყოფნას ვერც კი ამჩნევდნენ. “–რა იქნება ერთხელ მეც შემომხედო, მეც გამიღიმო, დედა! ერთი თბილი ღიმილი ჩემთვისაც რომ გაიმეტოთ, განა რა დაშავდება?! ერთხელ ჩამეხუტე, მხოლოდ ერთხელ მაკოცე შუბლზე და გეფიცები, ჩემს სიცოცხლეს ლიკას დავუთმობ. გევედრები დედა, სანამ ჯერ კიდევ მაქვს ძალა, მაგრძნობინე რომ ვარსებობ, მხოლოდ ერთხელ გამიღიმე!”- ფიქრებში წასულს ჩაწითლებული თვალიდან გადმოუგორდა ცრემლი. მტევანზე დაცემულმა გამჭირვალე, თბილმა წვეთმა გამოაფხიზლა, მაშინვე შეიმშრალა ცრემლი და უხმოდ შევიდა თავის ოთახში. საწოლზე ზურგით დაენარაცხა და ჭერზე მიხატულ, ნეონის ვარსკვლავებს მზერა გაუშტერა. ტელეფონის ხმამ თვალების დასვენების საშუალება არ მისცა. ჩაბნელებულ ოთახში ტელეფონის სინათლე ზედმეტად კაშკაშაც კი აღმოჩნდა, დაღლილი თვალები უარესად ატკინა. –“მითხარი, რომ ცოცხალი ხარ.”-გული აუჩქარა წაკითხულმა ოთხმა სიტყვამ. თვალები კვლავ ცრემლებით აევსო, ქვითინი აუვარდა. –“ცოცხალი ვარ, ცოტნე.”- აკანკალებული თითებით ძლივს აკრიფა შეტყობინება, გაგზავნა და ძალაგამოცლილი დაუბრუნდა ადგილს. “–სიცოცხლე- განა რა არის ამ სიტყვაში ისეთი, ასე რომ გაღელვებს, ძმაო? სიცოცხლე ხომ მხოლოდ გასავლელი გზაა აღსასრულამდე?! ეკლიანი, სასტიკი, უსამართლო... ნეტავ საერთოდ არ ვარსებობდე, ნეტავ ვერაფერს ვგრძნობდე, ნეტავ არაფერი მესმოდეს...” –ჯანდაბამდეც გზა გქონია, ეკატერინე, ჯანდაბაშიც წასულხარ შენს უყურადღებობასთან ერთად!-მუშტები დაუშინა ბალიშს და სუნთქვაშეკრუმა ამოიზმუვლა.- წამიყვანე უფალო, შენთან წამიყვანე, აქ არავის ვუნდივარ, გემუდარები! ***** შუაღამით უცნაურმა გრძნობამ გამოაფხიზლა. გულაჩქარებული წამოვარდა საწოლიდან და დაბნეული მზერა მოავლო ოთახს. მზერა ტუმბოზე დადებულ, ჩარჩოში ჩასმულ ფოტოზე გაუშტერდა. ფრთხილად აიღო და სევდიანი ღიმილით დააცქერდა. –ნეტავ ჩემთვის დაგეჯერებინა, ნეტავ ახლა ჩემს გვერდით იყო! ნუთუ შენ გამაღვიძე? რამე გიჭირს? დამელოდე, არ შეგეშინდეს, მალე მოვალ! სწრაფად დაუბურნა სურათი ადგილს, კარადიდან შავი ტანსაცმელი გადმოალაგა და მალევე გაეხვა სამგლოვიარო ტანსაცმელში. ჩუმად გაიპარა სახლიდან და სწრაფი ნაბიჯით გაემართა საავადმყოფოსკენ. გზაში რამდენჯერმე ამოიღო ტელეფონი და ლიკასთან დარეკვა სცადა. –ღმერთმა დაგწყევლოს!- ტელეფონის ეკრანს სიმწრით გაუღიმა.- სულ შეიშლები, იდიოტო! თითქმის ერთ საათში საავადმყოფოში იყო. მისდა გასაკვირად რეანიმაციის წინ ლიკას არც ერთი მშობელი არ დახვდა, ამან სიმტკიცე შეჰმატა და უფრო გაბედულად მიუახლოვდა მეგობარს. პირდაპირ შეაღო კარი და სანამ საგულდაგულოდ არ გადაკეტა, იქამდე არ შეუხედავს გოგოსთვის. ფანჯარას ფარდებიც ჩამოაფარა და ლიკასკენ ფრთხილად შებრუნდა. ერთ ადგილზე მიყინული შესცქეროდა სილურჯეში გადასულ, გათეთრებულ, გამხდარ სხეულს. თვალების ირგვლივ სილურჯეები მოუჩანდა, ხელებზე და სახეზე შეუხორცებელი ნაკაწრები განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა. –შენთან მოვედი, შეიძლება მოგიახლოვდე?-აპარატის მონოტონური წრიპინი თანხმობად ჩათვალა, ფრთხილად მიუახლოვდა და საწოლზე ჩამოჯდა.- არაფერს გატკენ, გპირდები! მალე გაიღვიძე, კარგი? შენ რომ აქ ხარ, ყველას რაღაც მოსდის... ძალიან ცუდად არიან, გეფიცები, ვერცერთს ვცნობ. მაგრამ შენ არავის ავიწყდები, გეფიცები, ახლა ყველას შენ უყვარხარ. შენი ოთახის წინ მორიგეობენ, შენს თითოეულ წუთს აფასებენ, უყვართ, უხარიათ... იცი, დედაშენი ფიქრობს, რომ ასე ჩემს გამო ხარ. არა მარტო დედაშენი, ყველა ასე ფიქრობს. ჰგონიათ, რომ ასეთი რამისთვის მე გაგიმეტებდი. არ ვიცი... თუ ეს ყველაფერი ჩემს გამო გჭირს, გეფიცები არ მინდოდა! ასეთი რამისთვის ვერავის გავიმეტებდი, მით უმეტეს შენ! შენ ჩემი საუკეთესო ნაწილი ხარ. შენს გარეშე ჩემი ცხოვრება მუქ ფერებში ჩაიძირა. იცი, ხანდახან მგონია, რომ არავის ვუყვარვარ, ჩემზე არავინ ღელავს, ჩემი არავის ესმის.-ცრემლშეპარული და გაბზარული ხმის გასაწმენდად რამდენჯერმე ჩაახველა, ყელში გაჩხერელი ბურთის გამო ცოტა ხნით შეყოვნდა, მერე კი განაგრძო.-...და ჰო, ჯანდაბა, ასეთი მართალი არასდროს ვყოფილვარ. მათ ჩემი არ ესმით, მე ვერავინ მამჩნევს, ვერ ხედავენ, რომ ცოცხლად ვიხრწნები! შენ ხომ გესმის ჩემი? შენ მაინც ხომ გესმის, ლიკა? ისინი ვერ ხვდებიან, ვერ ხვდებიან როგორ მკლავენ. თითოელი სიტყვა მტკივნეულად მებეჭდება გონებაში, მკლავენ, მაგრამ ვერ ხვდებიან! ეს ყველაზე მტკივნეული სიკვდილია, მე ეს არ დამიმსახურებია. შემომხედე, მთელი სხეული მიკანკალებს... მეშინია ლიკა, ძალიან მეშინია! არ მინდა რომ ასე მოვკვდე, გემუდარები გაიღვიძე. გაიღვიძე, სანამ დედაშენი საფლავში ჩაგაწვენს, მერე შანსი აღარ გექნება! თვალი გაახილე, ხმა ამოიღე, თქვი რომ ასე ჩემ გამო არ ხარ! სანამ ცოცხალი ვარ, მომისწარი, რა იქნება! დიდხანს ვეღარ გავძლებ ასე. ნელ-ნელა მიზღუდავენ ჟანგბადს, უკვე რამდენჯერმე მოვკვდი. და იცი, პირველად შენ მომკალი! აქაც პირველი იყავი. როცა ჩვენი გაცნობის დღე დასწყევლე, პირველად მაშინ მოვკვდი... შინ რომ დავბრუნდი და თვალებჩაშავებული მშობლები დავინახე, მეორედ მაშინ... მესამე რომელი იყო?!- შუბლი მოისრისა, რომ გონებას მიხმარებოდა გახსენებაში.- ჰო, მესამედ მამაჩემმა მომკლა, შენს სანახავად რომ არ წამომიყვანა, არ იმსახურებო... მესამედ ცოტნემ მომკლა, როცა კიდევ ერთხელ მაგრძნობინა რომ ცოცხალი ვიყავი, მგონი ყველაზე მეტად მტკივნეული ეგ სიკვდილი იყო. მეოთხედ მაშინ მოვკვდი, როცა დედაშენმა მითხრა საფლავი მოვუმზადეო, მაშინ უჟანგბადობისგან და ტკივილისგან გამისკდა გული, ახლა მეხუთედ ვკვდები, როცა ასეთს გიყურებ... ხომ ხედავ, სანამ შენ აქ კვდები, მე უკვე ოთხი სიკვდილი გადავიტანე! ოთხჯერ მოვკვდი, მაგრამ ყველას მაინც შენ ადარდებ. თვალი გაახილე, დამეხმარე, სანამ მეხუთედ ეგოიზმის ზღვაში ჩავიხრჩობი, სანამ შენი შეშლილი დედა მიწაში ჩაგაწვენს. ასე ვერ დასრულდები, ასე ვერ მოიქცევი. მითხარი, როგორ მოვიქცე? სასაფლაოზე წავალ, შენს საფლავს ამოვავსებ... არ შეგეშინდეს, არავის მივცემ უფლებას, რომ ცივი მიწისთვის გაგიმეტოს. მშვიდად იყავი, შენ მარტო არ ხარ!- გაყინულ შუბლზე მიაკრო ათრთოლებული ტუჩები და სწრაფად გაიქცა ოთახიდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.