შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ შორის საუკეთესოები...


5-12-2020, 23:41
ავტორი ქაშალელი
ნანახია 798

ზღვის პირას, ფიჭვებქვეშ სამნი სხედან. დაბლა, მიწაზე გაშლილ ცელოფანზე არყის ჭიქები, თხლად დაჭრილი ძეხვი, შავი პური და არყის ბოთლი უდევთ. ოქტომბრის ქარს და ზღვიდან მოტანილ სუსხს არ იმჩნევენ ან უკვე არაყი მოქმედებს და არ ამჩნევინებთ. სამს ხუთი ჭიქა უდგათ, სამი დაცლილი, ერთი ამობრუნებული, ზედ დადებული პურის ნატეხით და მეხუთე შევსებული.
- გამოიწი ბიჯო, სულ დაგესვარა ტანსაცმელი, - ფიჭვზე მიყუდებულს ეუბნება დაბალი, სახეზე წითლად გახაზული ნაჭრილობევით და სანახევროდ შერჩენილი მარჯვენა ყურით.
-სუბორდინაცია დავიცვათ ბატონო კაპრალო, სერჟანტს ბიჯოთი არ უნდა მიმართო! - ხუმრობით იბღვირება ფიჭვთან მიწოლილი.
- შენ თუ მაგ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა იცოდე! - იცინის დაბალიც.
- ხო აბა ბატონო სერჟანტო, განმარტეთ სუბორდინაცია, - მესამე სერიოზული სახით ამბობს.
- სუბორდინაცია... აი ისა... დამოკიდებულება რა... ანუ ასეა რა, სუბორდინაცია არის სუბორდინაცია! გასაგებია კაცებო? - ჩამოაყალიბა და თვითონაც იცინის, - შენი ენციკლოპედია თავი გადაშენდა.
- ვინც ჩვენთან აღარაა, იმათ გაუმარჯოთ! - დაბალმა ჭიქები შეავსო.
- ეგ უკვე ვთქვით რთველო, ვინც აქ არაა და აქ უნდა იყოს, იმათ გაუმარჯოთ! - სერჟანტი წამოიწია და ჭიქა აიღო.
- რთველიაშვილო, მიდი ახლა და შენებურად ჩამოაყალიბე სათქმელი! - მესამეც იღებს ჭიქას. პლასტმასის ჭიქა ხელში ეღუნება და არყის წვეთები პურს და ძეხვს ეცემა.
- ამ ადგილიდან დავიწყეთ და ისევ აქ ვართ, - მათგან ოციოდე მეტრში დაკეტილ ბუნგალოს უყურებს რთველიაშვილი, ბუნგალოს ლურჯი, ალაგ-ალაგ გახეული ტენტი აქვს შემოხვეული, - ექვსნი ვიყავით და ახლა სამიღა ვართ აქ, ამ ადგილას. ჩვენს შორის საუკეთესოებს გაუმარჯოთ, სადაც არიან და როგორც არიან!
- ექვსს ნუ ამბობ რთველო, - წითლდება სერჟანტი, - ეგ ჩვენს ბიჭებთან სახსენებელი არაა!
- ვიცი, მაგრამ ექვსნი ვიყავით! - ჯიუტად იმეორებს რთველიაშვილი და მესამე ჩუმად მყოფს უყურებს, - დალიე ზური.
- ჩვენს შორის საუკეთესოებს გაუმარჯოთ! - იმეორებს ისიც და სვამს.

###
ღია, ისლით გადახურულ ბუნგალოში მუსიკა გუგუნებს. შუაღამის მიუხედავად, მთელი დარბაზი სავსეა და საცეკვაოდ გამოყოფილ ადგილასაც მაგიდებია ჩადგმული. შემოსასვლელთან , მუსიკოსების მოპირდაპირე მხარეს ექვსნი ქეიფობენ, აშკარად ჯარისკაცები, მოკლე თმით და მეტ-ნაკლებად ნავარჯიშები სხეულებით.
- ესენი ვინ არან? - იქაჩება შავთმიანი, დაკუნთული ბიჭი კუთხეში მჯდომ ხალხზე.
- დაიკიდე რა, თავის პონტში არიან, - აწყნარებს რთველიაშვილი და სერჟანტს უყურებს, - ლაშა დამეხმარე, თორემ ამან თუ აიწყვიტა, ეს რესტორანი არ ეყოფა გასაჩერებლად! - მის სიტყვებზე ხმამაღლა იცინიან. გვერდზე მაგიდებიდან გამოხედეს, ინტერესით შეათვალიერეს და ისევ თავის თეფშებს დაუბრუნდნენ.
- არა ბიჯო დაინახეთ? საქართველოს ჰიმნზე რატომ არ ადგნენ ჰა? - არ ისვენებს დაკუნთული.
- იქნება არ არიან ქართველები და ვერც გაიგეს, რატომ მღეროდა მთელი დარბაზი? - კითხვითვე პასუხობს რთველიაშვილი და მხარზე ხელს ურტყამს, - ახლავე გავარკვევ, - დგება და კუთხეში მჯდომებთან მიდის. მაგიდასთან დარჩენილები უჩუმრად ადევნებენ თვალს.
- ახლა უცებ რომ დასცხოს, - იცინის ერთ-ერთი და დანარჩენებიც იცინიან, - რთველიაშვილი და ვინმეს რომ დასცხოს, - იმეორებს სიცილით და უფრო ბჟირდება.
- ტიპი დედა ტერეზას მემკვიდრეა, , რა უნდა დასცხოს, - თავისივე ხუმრობაზე ბჟირდება მაგიდის თავში მჯდომი, მაღალი და გამხდარი ბიჭი, ყელზე სვირინგი აქვს, რატომღაც ვიოლინოს გასაღები ახატია.
- გოგნი, იმას უფრო დავიჯერებ, რომ შენ მუსიკაში ერკვევი, ვიდრე იმას, რომ რთველო ჩხუბს დაიწყებს, - ეუბნება სვირინგიანს სერჟანტი, ამასობაში რთველიაშვილი ბრუნდება და კუთხის სუფრიდან სტუმარი მოჰყავს.
- გაიცანით, ეს არმენაა, ჩვენი და სრულიად ქობულეთის სტუმარი ერევნიდან! - აცნობს მეგობრებს და სტუმარს დასაჯდომს სომხურად სთავაზობს.
- ვახ ჩემი, სომხურიც იცი ბიჯო? - აქამდე გაჩუმებული თეთრმაისურიანი კითხულობს.
- ზურიკელა მისმინეი ძამია, თბილისში დევიბადე, იტალიურ ეზოში გევიზარდე და იქინა ვისწავლე გეიგეე? - ზურიკელას იმერულ კილოს აჯავრებს რთველიაშვილი და არმენას სასმელს უსხამს. არმენა მადლობის ნიშნად თავს უკრავს და ფეხზე დგება.
- Спасибо ребята... - რატომღაც რუსულად იწყებს სათქმელს.
- ეხლა მაგას უთხარი ან ქართულად გვითხრას ან სომხურად, ამ სუფრაზე რუსულს ვერ ავიტანთ! - ისევ იბღვირება დაკუნთული.
- ბიწო უკვე ატრაკებ! სტუმარია-თქო ეს კაცი! - იღრინება რთველიაშვილი.
- დღეს სტუმარია ის ჩემი, თუნდაც ჩემი სისხლი ემართოსო! - გამოთქმით ამბობს გოგნაძე.
- ხო და მასეა, ახლა კი დამაცადეთ! - რთველიაშვილი არმენას რაღაცას ეუბნება და ისიც ყურებამდე გაღიმებული იწყებს ლაპარაკს, რთველიაშვილი თარგმნის.
- ვაა, ამათაც რაფერ ყვარებიათ სადღეგრძელოები? - უკვირს ზურის და ფეხზე წამომდგარი ჭიქას უჭახუნებს, მეორე ხელით კი აწკრიალებულ ტელეფონს იღებს და პასუხობს, - ხო... სად?... რა ხდება?... მეკაიფები ხო? ... დედას გაფიცებ ბიჯო... ჰუააა!!! - ბოლო ხმაზე ყვირის და არყიან ჭიქას მაგიდაზე ახეთქებს, - მოვდივართ! მე, რთველო, ლაშა, გოგნი, ბიწაძე და ჩეკურა ვართ! რომელი ბიწაძე და კუნთა ! კავშირამდე! - თითქმის მაშინვე დანარჩენებსაც ურეკავთ ტელეფონები და მთელი ბუნგალო ისევ მათ სუფრას უყურებს. ბიჭები პასუხობენ, ფეხზე დგებიან და საუბრის ბოლოს უკვე ყვირიან. სასმელი აყვირებთ თუ ახალი ამბავი ძნელი სათქმელია, ალბათ ორივე ერთად.
- სიჩუმე!!! - სერჟანტის ხმაზე ხუთივე ჩუმდება, - მორჩა გუგუნი, რთველო ეს კაცი გაუშვი თავის სუფრაზე! ჩეკურ, შენ არ სვამ და როგორც ფხიზელმა, ისეთი ტაქსი იპოვე, ექვსივე რომ ჩავეტიოთ და ნაწილში მივდივართ! ბიწაძე მორჩი ახლა კუნთების თამაშს და გოგნის და ზურის გაყევი! მე და რთველო გადავიხდით და გამოვალთ! მანამდე მუსიკოსებთან მაქვს პატარა საქმე! - მთელი დარბაზი მათ უსმენს, ხვდებიან რომ რაღაც უსაშველოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი ხდება მათ თვალწინ. ლაშა რესტორნის მუსიკოსებთან მიდის, ფულს წინ უდებს და მუსიკის სახელს ეუბნება. რთველიაშვილი ჩეკის თვალიერებით აძლევს მიმტანს ფულს.
- გეტყობათ ჯარისკაცები რომ ხართ! - იცინის ჭაღარა მუსიკოსი.
- ომი დაიწყო ძიაკაცო, ომი! - ხმადაბლა ამბობს ლაშა. ამის მიუხედავად მთელმა დარბაზმა ერთად ამოიოხრა, ყველამ გაიგო მისი ჩუმად ნათქვამი.
,, არხოტოო, სამშობლოოო..
ჯიხვ-არწივების ბინაოო...“ - რესტორნის გასასვლელთან დაეწია სიმღერა.

###
- იარაღი, აღჭურვილობა და ტყვია-წამალი მანქანებზე დატვირთეთ, - მანქანები არ გადაავსოთ, ადგილი დატოვეთ! - უკვე ნაწილში გასცემს ბრძანებებს სერჟანტი.
- ადგილები არ დაგვჭირდება სერჟანტო, სიკვდილს და დაჭრას არ ვაპირებთ, - უცინის რთველიაშვილი.
- რთველიაშვილო! ახლა ბრძანება შეასრულე და მაგაზე მერე ვილაპარაკებთ!
- არის!
- პირადი შემადგენლობა მანქანებზეა, მზად ვართ გასასვლელად! - ვიღაცას უპატაკა სერჟანტმა და ცოტა ხანში თვითონაც ბორტზე ავიდა.
- წავედით ბიჭებო! უფალი გვფარავდეს!...

###
-ხოო, ჩვენს შორის საუკეთესოებს... - ამბობს ლაშა და ტელეფონს იღებს, - ჩეკურას უნდა დავურეკო.
- იცი მაინც, ახლა ისრაელში დარეკვა რა დაგიჯდება?
- რა მნიშვნელობა აქვს, ჩემი ძმა უნდა გავაღვიძო! - მთვრალი კაცის ჭირვეულობით ამბობს ლაშა და დამახსოვრებულ ნომერს ეძებს.
გრძელი ზუმერის მერე პასუხობენ, ხმა სუსტად და ძალიან შორიდან ისმის. ხმამაღლა მოლაპარაკეზე რთავს ტელეფონს.
- სალამი ჩეკურ! როგორ ხარ? რა ქნეს, მოგარგეს ახალი ფეხი? - არ აცდიან ერთმანეთს.
- კარგად ბიჭებო, თქვენ რას შვრებით? - ტელეფონი შრიალებს და ხმა თითქმის წყდება.
- კარგად ვართ ძმაო, მთავარია შენ დადგე ფეხზე.
- რთველო როგორაა? გადარჩა?
- აქ ვარ ბიჭო, ცოტა გავლამაზდი კიდეც, - ხუმრობას ცდილობს და ხელს იარაზე ისვამს.
- ბიწაძე ნახეთ? - დაძაბული ხმით კითხულობს ისრაელში სარეაბილიტაციოდ გაგზავნილი ჩეკურიშვილი, მარჯვენა ფეხის პროტეზი უნდა მოარგონ.
- არა! - იღრინება ზური, - მაგ ახვართან არაფერი გვესაქმება.
- რომ ვნახოთ მერე რა? ქათამივით გამოიქცა და ცხინვალთან დაგვტოვა.
- გოგნაძე სადაა? სად ხართ ახლა? - კითხულობს ჩეკურა.
- გოგნაძე... ქობულეთში ვართ, საიდანაც წავედით, იმ რესტორანთან.
- უჩემოდ სვამთ ხო? - იცინის ჩეკურიშვილი, - რომ ჩამოვალ კაი სუფრა ჩემზე იყოს! რა თქვით გოგნი სადააო? - კითხვას იმეორებს. სამივე ჩუმდება და ერთმანეთს უყურებენ. მერე რთველიაშვილი და ზური უკან იხევენ და ლაშას ანიშნებენ შენ უთხარიო. ლაშა წითლდება, ტუჩს იკვნეტს და ცრემლები ადგება.
- რას გაჩუმდით, რა ხდება? - კითხულობს ტელეფონში ჩეკურიშვილის ხმა.
- ისაა. ჩეკურ, გოგნაძე მოკვდა ბიჭო, იმ დაბომბვაში, სადაც შენ ფეხი დაკარგე... - სერჟანტი ტირის, ცრემლები ღვარად ჩამოსდის სახეზე, - მაპატიე ჩეკურ, ჩემი ბრალია, ვერ ვივარგე... ვერ დავაბრუნე სახლში...
ტელეფონი დუმდება, ცოტა ხანი სრული სიჩუმეა, მხოლოდ გზაზე გამვლელი მანქანების ხმა და ზღვის ხმაური არღვევს სიმყუდროვეს, მერე ტელეფონშიც თავშეკავებული სრუტუნი ისმის.
- კაი ლაშა, გეყოს! - ტელეფონს ართმევს რთვლიაშვილი, ისევ არაყს ასხამს და ტელეფონში ხმამაღლა ყვირის, - ჩვენს შორის საუკეთესოებს გაუმარჯოს ჩეკურ, შენ გაგიმარჯოს ჩეკურ და გოგნაძეს!
ზღვის მხრიდან ნისლი მოდის და ტალღების შრიალი სერჟანტის დაგუდულ ტირილს ფარავს. ზღვისპირეთში წვიმას აპირებს.



№1 სტუმარი bacho

გაგრდზელე რა დზან საინტერესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent