შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნება: ავსტრალია (1. ტყვეობა)


12-12-2020, 00:38
ავტორი Tinna Dalakishvili
ნანახია 911

1. ტყვეობა
უსაშველოდ დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს მძლივს დავაშორე და დაბინდული მზერა ირგვლივ მოვატარე. ჩაბნელებული ოთახი, სავსე ტომრებითა და კასრებით, ჭერში მოკონწიალე ერთადერთი მბჟუტავი ნათურით რეალობად ვერ აღიქვა გონებამ. აშკარად სიზმარს ვხედავდი და სასწრაფოდ გამოღვიძება ვუბრძანე საკუთარ თავს, თვალები ჯიუტად დავხუჭე და ისევ გავახილე მაგრამ არაფერი შეცვლილა. ხელის პირისკენ წაღება ვცადე, იქნებ კბენას მაინც გავეღვიძებინე მაგრამ ძვრა ვერ ვუყავი.
ტვინს განგაშის სიგნალი მისწვდა, მე ხელფეხშეკრული ხის იატაკზე გვერდულად ვეგდე... ძვლები ერთიანად მტეხდა და განძრევას ვერ ვახერხებდი. საშველად დავიყვირე მაგრამ გამშრალი პირიდან ხმაც კი არ ამომსვლია. ღმერთო, ოღონდ ახლა ამ სიზმრიდან გამომაღვიძე და ჩემს ოთახში, ჩემს საწოლზე დამაბრუნე, ჩუმად დავიწყე ლოცვა. წამოჯდომა ვცადე, იდაყვს დავეყრდენი, მთელი ძალით წამოვიწიე, გაბუჟებული მკლავი მყარად ვერ გავაჩერე და ისევ მოწყვეტით დავასკდი იატაკს. ჩუმი კვნესა აღმომხდა პირიდან, რამდენიმე წუთს ღრმად ვსუნთქავდი და ძალების მოკრებას ვცდილობდი. მეორე ცდა უკეთ გამომივიდა და ზურგით კედელს მივებჯინე.
ხის იატაკი და ხის კედლები დაბალ ხმაზე ჭრიალებდა, სმენის დაძაბვის შემდეგ კი ჩემს სმენას ტალღების კედელზე მიხეთქების ხმა მოესმა. სად ვარ ღმერთო?! გემის ტრიუმი რომაა ეს აშკარად ჩანდა მაგრამ ასე გაკოჭილი რატომ ვარ?! გონების კუნჭულები დავჩხრიკე და უკანასკნელი რაც გამახსენდა სამგზავრო გემბანი, ჩემს ირგვლივ მდგარი სხვადასხვა ეროვნების ტურისტი, უეცრად ჩაბნელებული ზეცა და აღელვებული ზღვა იყო. სად გაქრა ამდენი ადამიანი ან მე აქ საიდან მოვხვდი, ამას ვერანაირი მეხსიერების დაძაბვით პასუხი ვერ გავეცი.
დაყვირება მეორედ ვცადე და ისევ ხროტინის მაგვარი ამომცდა პირიდან, ფეხებიც ისე მაგრამ მქონდა შეკრული წამოდგომას ვერანაირად ვერ მოვახერხებდი. არც ხოხვით გადადგილება იქნებოდა რაიმეს მომცემი რადგან ოთახის უკეთ შესწავლის შემდეგ მხოლოდ ურთიერთსაპირისპირო მხარეს, ადამიანის სიმაღლეზე ორი ფანჯარა დავინახე, ისინიც ნახევრად წყალს დაეფარა და მოძრაობისას ხან ივსებოდა და ხან ყრუ ზათქით ეხეთქებოდა გარეთა მხრიდან.
ჩახლეჩილი ხმით რაც შემეძლო ხმამაღლა დავიყვირე, ხის კედლებმა ჩემი ხმა თითქოს იქვე ჩაახშო. ჩავახველე და კიდევ ერთხელ დავიძახე, ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა ტალღების ყრუ გუგუნის გარდა.
ესაც ჩემი ოცნება?! მწარედ გავიფიქრე და თავი სიმწრით გავიქნიე. ყოველთვის ავსტრალიაში მოგზაურობაზე ვოცნებობდი. ახლა კი დავრწმუნდი რომ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა მარტო მოგზაურობის გადაწყვეტილება იყო. იმას გარკვევით ვხვდებოდი რომ ჩვენი სამგზავრო გემი შტორმში მოხვდა, ამას მიდასტურებდა ჩემს მეხსიერებას შემორჩენილი უკანასკნელი ფრაგმენტი მაგრამ შემდეგ რა მოხდა აბსოლუტურ სიბნელეში იყო ჩაძირული.
ამასობაში საკმაო დრო გავიდა, ჩემს საათს დავხედე, უტყუარად მუშაობდა, საღამოს შვიდ საათს უჩვენებდა.
ჩემი ყურთასმენა გასაღების ჩხრიალის ხმამ მიიპყრო, სამსაფეხურიანი კიბის თავზე გამოჭრილ კარს ვიღაც აღებდა. თვალებად და სმენად ვიქეცი, ადგილზე მივიკუნჭე. კარი გაიღო და მსხვილმა მამაკაცმა კიბეზე მძიმედ ჩამოაბიჯა, ისეთი მზერა მომაპყრო რომ ხერხემალზე ცივმა ნიავმა ჩამიარა. მაღალსა და ჩასხმულს უტეხი და მძიმე გამომეტყველება უფრო მეტად საშიშ იერს აძლევდა. მკრთალად მოკიაფე სინათლეზე თვალები მოვჭუტე და უკეთ დავაკვირდი, მისი სახე თითქოს სიზმრად ნანახს მაგონებდა.
ამასობაში მომიახლოვდა და გამოფხიზლებული და წამომჯდარი რომ დამინახა რაღაც გაურკვევლად ჩაიბურტყუნა. მივხვდი ხმა უნდა ამომეღო და რაიმე გამერკვია ჩემს მდგომარეობაზე. გამშრალი ტუჩები ერთმანეთს დავაცილე და ინგლისურად „სად ვარ?“ ჩავილაპარაკე. მის კუშტ სახეს თვალს შიშით ვერ ვუსწორებდი. პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა ან ვერ გაიგო რა ვკითხე და ამჯერად რუსულად ვცადე. არც ამას მოჰყოლია რაიმე შედეგი. იდგა, ჯიუტად მათვალიერებდა და ჩემი თითქოს არც ესმოდა. იტალიურიც მოვსინჯე და რომ მივხვდი ჩემი ენების მარაგი ამოიწურა და ის პასუხის გაცემას არ აპირებდა უმწეოდ მივაჩერდი და გავჩუმდი.
უსიტყვოდ შეტრიალდა და კიბე უკან აიარა. კარი გაიხურა მაგრამ აჯერად გასაღების ხმა აღარ გამიგია. ათიოდე წუთში დაბრუნდა და პატარა სინით საჭმელი ჩამომიტანა. წინ დამიდგა და გატრიალება დააპირა რომ უცებ მობრუნდა თითქოს რაღაც გაახსენდაო, ჩემს გვერდით ჩაიმუხლა და ზუსგსუკან მტკიცედ გაკრული ხელები შემიხსნა. ასევე ხმისამოუღებლად შებრუნდა და ამჯერად კარი გარედან ისევ ჩაკეტა.
მიუხედავად იმისა რომ შიმშილით გული მიმდიოდა ორი ლუკმა მძლივს გავღეჭე და სინი გვერდით მივაცურე, ყოველთვის ასე ვიცოდი როცა ვნერვიულობდი.უცებ მივხვდი რომ ხელები გახსნილი მქონდა და ფეხზე წამოდგომას შევეცადე, საყრდენად კასრი გამოვიყენე, ფანჯარასთან მისვლა და გარეთ გახედვა მინდოდა იქნებ სანაპირო დამენახა ან რაიმე რაც ჩემს ადგილმდებარებას მიმახვედრებდა. დავიხარე და თოკს დავებღაუჭე, გახსნას შევეცადე მაგრამ კვანძი ისე იყო გამოკრული თავი და ბოლო ვერ გავუგე. ისევ კასრები დავიხმარე და ფანჯარამდე სკუპებით მივაღწიე.
არაფერი... სრულიად არაფერი ღია, უსასრულო ზღვის გარდა, ისეთმა შფოთმა შემიპყრო ისტერიკამდე აღარაფერი მაკლდა,ერთიანად კანკალმა ამიტანა და ხელებით ფანჯარას ჩავეჭიდე რომ არ დავცემულიყავი, ფეხებში ძალა სრულიად გამომეცალა. რამდენიმე წუთი დამჭირდა თავის ხელში ასაყვანად. ახლა ყველაზე ნაკლებად ისტერიკა მჭირდებოდა, საღი გონებით უნდა მეფიქრა ჩემს მდგომარეობაზე და აქედან თავის საღწევის საშუალება მომეძებნა. ამ უკანასკნელის იმედი იმენად მცირე იყო რომ უსუსურობის გრძნობამ მახრჩობელასავით წამიჭირა ყელში. ცხადი მხოლოდ ის იყო რომ მე მხოლოდ გადარჩენილი არ ვიყავი, მე დატყვევებული ვიყავი... ვის მიერ ან რატომ ეჭვადაც ვერ ვხვდებოდი. აქედან თავი რაღაც სასწაულით რომც დამეღწია შუა ზღვაში თუ ოკეანეში სად უნდა გავქცეულიყავი, ბედს შევგუებოდი და მხოლოდ ღმერთმა იცოდა რას მიქადდა მომავალი ან სად მივყავდი.
გადავწყვიტე ცოტა ხანს მშვიდად მომეცადა, შემორჩენილი მხნეობა მომეკრიბა, თუკი საერთოდ კიდევ მქონდა და როგორღაც გამეგო რაიმე, თუნდაც უმცირესი ინფორმაცია. ერთადერთი საშუალება ამისთვის ის იყო დავბრუნებულიყავი ისევ იატაკზე და ჩემი მეთვალყურისთვის დამეცადა, ამჯერად იქნებ ეპასუხა ჩემს კითხვებზე. ისევ ასკინკილით დავბრუნდი უკან და ჩავჯექი. კედელს მივეყრდენი და თავი უსიამოვნო ფიქრებისგან მოსაშორებლად მკვეთრად გავიქნიე. ფეხები წინ გავშალე და ცდა დავიწყე..
ლოდინში გვარიანად ჩამობნელდა. კიდევ ერთი ლუკმა გაჭირვებით გავღეჭე, გადავწყვიტე მეჭამა და ძალა მომეკრიბა, თუ რაიმე საშუალებას გამოვნახავდი გასაქცევად ძალღონე დამჭირდებოდა. გემის რწევა აკვანში დასაძინებლად ჩაკრულივით მოქმედებდა ჩემზე და თვალებს იძულებით ვახელდი, არავინ ჩანდა..
ის იყო ჩამთვლიმა რომ კარი გაიღო და ჩემი გამტაცებელი კვლავ გამოჩნდა. მძიმე ჩექმების ბრაგუნით ჩამოიარა კიბე, ჩემს ნახევრად შეჭმულ ვახშამს უტყვად დახედა და ისევ თოკი აიღო ხელში.
-არა, გთხოვთ, ასე დამტოვეთ, გაქცევას ისედაც ცხადია ვერ შევძლებ!- მუდარით შევხედე. ღმერთო, მგონი ყრუმუნჯია ეს კაცი, ისე იქცევა თითქოს არცკი ესმოდეს რომ ველაპარაკები. უხეშად მოქაჩა ჩემი მაჯები, თოკი მაგრად დამახვია და შეკრა. გატრიალდა, კარი ისევ გადაკეტა და დამტოვა კვლავ საწყის მდგომარეობაში.
მივხვდი დილამდე აღარავინ მომაკითხავდა და გადავწყვიტე რამდენადაც სიტუაცია მომცემდა საშუალებას ცოტა უკეთ მოვთავსებულიყავი. ზურგსუკან შეკრული ხელები წელსქვემოთ გამოვიტარე, შემდეგ ფეხებიც გაჭირვებით მივაყოლე და წინ მოქცეული მკლავებით ოდნავი შვება ვიგრძენი. უნდა გამომეძინა, სხვანაირად გადარჩენის მცირე შანსიც კი არ მქონდა, საღი გონება მჭირდებოდა. ზურგით კედელსა და კასრს შორის მივეყრდენი და თვალები დავხუჭე, როდის ჩამეძინა ვერც კი მივხვდი.
თვალები მოკაშკაშე სინათლემ მომჭრა და დაფეთებულმა სასწრაფოდ გავახილე. გათენებულიყო და პატარა სარკმლიდან მზის სხივები პირდაპირ სახეზე მეცემოდა. ჩემი სმენა გაურკვეველმა ხმაურმა მიიპყრო, წინ შეკრული ხელები დავიხმარე და ფანჯარასთან გადავინაცვლე.
გემი ნავსადგურთან იდგა... მაგრამ იმდენად მოშორებით შეეჩერებინათ რომ რაც არ უნდა გამეკეთებინა სანაპიროზე მყოფი ადამიანების ყურადღებას ვერანაირად ვერ მივიპყრობდი. გამოსავალზე ფიქრში გართულს ზუსტად ჩემს წინ პატარა კატერი წყლის ზედაპირზე დაენარცხა, მოულოდნელობისგან იმდენად შემეშინდა რომ შევხტი, თავი ვეღარ შევიკავე და უკან გადავვარდი. ხმადაბლა შევიკურთხე და ისევ ავდექი. კატერში უკვე ორი ადამიანი იჯდა და ნაპირისკენ მიცურავდა. ერთერთი მაშინვე ვიცანი, ჩემთვის ნაცნობი გამტაცებელი იყო, მის კისერზე ზუსტად ყურს ქვემოთ მორიელის ტატუ მხოლოდ ახლა დღის სინათლეზე შევამჩნიე. მეორე თავგადაპარსული და საყურიანი, შავგვრემანი მამაკაცი იყო.
გადავწყვიტე ხელსაყრელი მომენტისთვის დამეცადა, ახლა რაიმე ხმაურის ატეხვა არაფრის მომცემი იქნებოდა და მხოლოდ გამტაცებლებს გავაღიზიანებდი. სავარაუდოდ გემბანზე კიდევ ვინმე დარჩებოდა.
კატერი ნაპირს სწრაფად მიუახლოვდა და ორივე მამაკაცი მიწაზე გადავიდა. რამდენიმე წუთში თვალთახედვის არედან ორივე ხალხის მასაში დავკარგე. ლოდინი საკმაოდ დიდხანს დამჭირდა სანამ ისევ დაბრუნდებოდნენ. თავის ფეხზე შეკავებას უკვე ვეღარ ვახერხებდი ფეხები თოკისგან ისე მქონდა გაბუჟებული.
ამჯერად მესამეც ახლდათ, საკმაოდ მაღალი და ბრგე ასე 35 წლამდე იქნებოდა. ნამდვილი სამხედროს მიხვრამოხვრა ჰქონდა. სამივე ისევ კატერში მოთავსდა და გემისკენ წამოვიდა.
ძველ ადგილს დავუბრუნდი, ვგრძნობდი მალე მომაკითხავდნენ. უკვე ფიქრისა და აზროვნების უნარი დავკარგე, თავის გადასარჩენად ვერაფერს ვიზამდი, ერთადერთ გამოსავლად შეძლებისდაგვარად მშვიდად ყოფნა და გასაქცევად შესაფერისი მომენტის ლოდინი იყო.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ტრიუმის ლუკთან ინგლისური საუბარი გაისმა. მთელი ყურადღება დავძაბე და სმენად ვიქეცი.
- მარკო!
- ...
- ლამაზია იცი?!
- თვითონ შევაფასებ!
კარი გაიღო და ახალმოსულმა ჩამოაბიჯა. მბჟუტავ სინათლესთან შესაჩვევად ორივე თვალი მოწკურა და ისე შემომხედა თავბრუსხვევა ვიგრძენი. ნელნელა მომიახლოვდა და როცა მივხვდი ჩემი კარგად გარჩევა შეძლო ისეთი გამომეტყველება გაუხდა თითქოს მოჩვენება დაენახოს, თვალები გაუფართოვდა და ყბა დაეძაბა. რამდენიმე წამს გაუნძრევლად მიყურებდა, მაგრამ მალე მის თვალებში ისეთი ტკივილი გაჩნდა მომენტალურად სიბრალული ვიგრძენი. უცებ ჩემს წინ ჩაიმუხლა, მარჯვენა ხელი ნელნელა მაღლა ასწია და ჩემი სახისკენ წამოიღო, მაგრამ როგორცკი მომიახლოვდა თითქოს ძილბურანიდან გამოფხიზლდაო თავი მკვეთრად გაიქნია, ფეხზე სწრაფად წამოდგა და კიბე უკანმოიხედავად აიარა.
მისი საქციელი ისეთი მოულოდნელი და გაურკვეველი იყო ჩემთვის დიდხანს გაუნძრევლად ვიჯექი და მიზეზზე ვფიქრობდი. ნამდვილად პირველად ვხედავდი, რასაც მისი საქციელიდან გამომდინარე მასზე ვერ ვიტყოდი.
მალე კარი ისევ გაიღო და ამჯერად მორიელის სვირინგიანმა ჩამოაბიჯა ჩემთვის განკუთვნილი საკვებით ხელში. კვლავ უსიტყვოდ დამიდო წინ, ხელები გამიხსნა და გაბრუნდა.
ახალმოსული მთელ დღეს აღარ გამოჩენილა, ცნობისმოყვარეობა მკლავდა გამერკვია რას ნიშნავდა მისი საქციელი. რაღაც მომენტში საკუთარი თავი გამოვიჭირე, გაქცევის გეგმაზე მეტად მისი უცნაური ქცევის ამოხსნაზე ვფიქრობდი.
სწორედ ამ ცნობისმოყვარეობის დამსახურება იყო ჩემი პროფესიაც, მუდამ რაღაც ახლის აღმოჩენას ველტვოდი, მუდამ მაინტერესებდა ისეთ თემებზე მეფიქრა და მეწერა რაც სხვას ალბათ თავში აზრადაც არ მოუვიდოდა.
მოსაღამოვებულზე ისევ მორიელი ჩამოვიდა ჭურჭლის წასაღებად. რადგან უკვე ვიცოდი რომ ინგლისურად საუბრობდნენ, როგორცკი მომიახლოვდა ხმადაბლა ვთხოვე ჰაერზე აყვანა. შეკრული შუბლით ამომხედა მაგრამ რატომღაც დაიხარა და ფეხებზე თოკის გახსნა დაიწყო. ხელი მომკიდა და ადგომაში დამეხმარა. ფეხები უმოძრაობისგან იმდენად მქონდა დაბუჟებული რომ ჩვილი ხბოსავით წავიბორძიკე და მისი სწრაფი რეაქცია რომ არა ისევ იატაკზე აღმოვჩნდებოდი. ხელით წინ მიბიძგა და მეც კიბეს მივუახლოვდი, ასე მეგონა ცხოვრებაში პირველად აღმოვჩნდი ღია გემბანზე.
ჰაერი იმდენად ხარბად ჩავისუნთქე რომ წამიერად თავბრუსხვევა ვიგრძენი. ირგვლივ მიმოვიხედე და აღმოვაჩინე რომ სანაპიროს გასწვრივ მივცურავდით. მზერა გემბანზე გადავიტანე და აფრების ძელთან ჩამუხლული ახალმოსული დავინახე. ძლიერი მკლავებით თოკს ღონივრად ახვევდა. გვერდითი ხედვით შეგვამჩნია ალბათ და ამოიხედა. მზერა კვლავინდებურად ჩემზე გაუშეშდა, თითქოს თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალი დაუშრიტესო ისე ჩაუქრა გამომეტყვლელება. ისევ რამდენიმე წამს მიყურა და კვლავ თავის საქმეს მიუბრუნდა.
ხელი მოაჯირს გავაყოლე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი. მორიელმა ალბათ იფიქრა აქედან ვერსად გაიქცევაო, იქვე გემბანის ლუკთან ჩამოჯდა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. ირგვლივ ვიყურებოდი იმ მიზეზით რომ რაიმე უმცირესი მინიშნება მაინც მეპოვა რომელიც ადგილმდებარეობის დადგენაში დამეხმარებოდა.
სანაპიროს ხშირი ტყის მასივი გასდევდა, მაგრამ ჩემი ყურადღება ხეების უჩვეულო ჯიშმა მიიპყრო, რომელიც ლამიან ნიადაგზე იყო ამოზრდილი. ხეებს ძლიერი, დატოტვილი ფესვების ნახევარი ლამის ქვეშ ჰქონდა გადგმული და ნახევარი წყლის ზედაპირზე ამოჩრილი, რითაც საკმარის ჟანგბადს იღებდა. ეს უჩვეულო ტყე საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული, მაგრამ მის ბოლოს ჩემმა მახვილმა თვალმა პალმების კორომიც შენიშნა.
ევრიკა.. სიხარულისაგან ლამის ხმამაღლა წამოვიძახე. საკუთარმა არაბუნებრივმა დაინტერესებამ ავსტრალიის კონტინენტის მიმართ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია დამიგროვა. კარგად ვიცნობდი მის ფლორასა და ფაუნას, მათმა თვისებებმა დაახლოებით მიმახვედრა ჩემი ადგილმდებარეობა.
ამ უცნაური ხეების მასივს მანგროს ტყეებს ეძახდნენ და ის ავსტრალიის უკიდურეს ჩრდილოეთში და ჩრდილო-დასავლეთში იყო გავრცელებული. სადაც ცხელა და თბილი ტენი მათი არსებობისთვის საუკეთესო კლიმატური ზონაა. ანუ მე კონტინენტის „ზევით“ ვიყავი. ეს ძალიან მწირი ინფორმაცია იყო რაიმეში რომ გამომდგომოდა მაგრამ სულ არაფერს ნამდვილად ჯობდა.
მოაჯირს ორივე ხელით დავეყრდენი და ფეხების გავარჯიშება დავიწყე, დასუსტებული კიდურები კვლავ არ მემორჩილებოდა.
მოულოდნელად გემბანს ჩემი მხრიდან უზარმაზარი ტალღა მთელი ძალით დაეჯახა, ძალაგამოცლილი ხელებით თავი ვერ შევიკავე და მოაჯირზე მალაყი გავაკეთე, შუბლში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და ყველაფერი წამიერად სიბნელეში გაუჩინარდა...



№1 სტუმარი Nia

Es tavi xom iyo ukve atvirtuli ? axali tavi megona da gamixarda:(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent