შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნება: ავსტრალია ( 2. გაქცევა )


14-12-2020, 19:33
ავტორი Tinna Dalakishvili
ნანახია 1 173

მხედველობაზე სწრაფად გონება დამიბრუნდა. როგორღაც მაშინვე გამახსენდა მომხდარი მაგრამ თვალები რამდენჯერაც დავხუჭე და გავახილე იმდენჯერ ჩემს სახესთან დახრილი ჩრდილი და მხედველობაზე გადაფარებული ნისლის მეტი ვერაფერი დავინახე. გამჭოლი ნიავი ქროდა და თავიდან ფეხამდე სველს ერთიანად მაკანკალებდა.
-მარკო!
-კარგადაა, თავი დაარტყა მხოლოდ..
თავს ძალა დავატანე და წამოდგომა ვცადე მაგრამ არ დამანებეს, მხარზე ვიღაც ფრთხილად შემეხო და ადგომის საშუალება არ მომცა.
-ნუ გეშინია, კარგად იქნები! - იმდენად მზრუნველი ხმის ტონი ჰქონდა მთლიანად გაყინულს საოცარი სითბო ჩამეღვარა გულში.
რამდენიმე წამში მზერას გადაფარებულმა ბურუსმა უკან დაიხია და ახალმოსულის შეშფოთებული სახე ზუსტად ჩემს თვალწინ გავარჩიე.
სველი თმა შუბლზე მიწებებოდა და სახეზე შერჩენილი წყლის წვეთები ჩამავალი მზის შუქზე ათასფრად უკიაფებდა. დაძაბული მზერით დამყურებდა და ცდილობდა გამოეცნო ნამდვილად კარგად ვიყავი თუარა.
-მადლობა! -დავიჩურჩულე.
თითქოს ჩემი ხმის ამოღებას ელოდაო ძლიერი მკლავები მომხვია და ხელში ბამბის ფთილასავით მსუბუქად ამიტაცა.
ძვლებამდე გათოშილს მისი შეხება იმდენად მესიამოვნა სხეულზე ბეღურასავით მივეკარი. მომეჩვენა რომ სუნთქვა ერთიანად გააჩერა და უკვე კიბეზე ჩამავალი ანაზდად შედგა.
წარბშეკრულმა დამხედა, მისმა მზერამ ჩემი სახე წამში მოირბინა, ბოლოს თვალებზე შეაჩერა და იმდენად უცნაური გამომეტყველება გაუხდა მეგონა რასაც გავიფიქრებდი უთუოდ გაიგებდა. ამის გაფიქრებაზე უხერხულად შევიშმუშნე და თვალი ავარიდე.
კვლავ ტრიუმში ჩამიყვანა და ძირს ფრთხილად დამიშვა. იატაკზე სირბილე შევიგრძენი და დაბლა დავიხედე, ერთერთ ფანჯარასთან რბილი ლეიბი მოეტანათ. სწორედ ამ დროს ლუკთან ძახილი გაისმა. მარკო კიბისკენ გაემართა და მაღლიდან ვიღაცამ დიდი ზომის პლედი ჩამოაწოდა. გამოართვა, მომიახლოვდა და თავფეხიანად შიგნით გამახვია, სითბომ სასიამოვნოდ დამიარა სხეულში და მადლიერი თვალებით ავხედე.
ცალ მუხლზე იყო დაშვებული და განზე იყურებოდა, რატომღაც ვიფიქრე რომ რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ორჭოფობდა. შემდეგ მომიბრუნდა სახეზე ჩამოშლილი სველი თმა პლედს ქვემოთ ფრთხილად შემიკეცა, ფეხზე სწრაფად წამოიწია და მარტო დამტოვა.
თანდათან გავშრი და გავთბი, ცოტახანში კი ქუთუთოები დამიმძიმდა და ლეიბზე გვერდულად მივწექი. რამდენხანს მეძინა არ ვიცი მაგრამ კატერის დაძვრის ხმამ ფეხზე წამომაგდო, მაშინვე ფანჯარას ვეცი და გემბანიდან წყლის ზედაპირზე დავარდნილ სინათლეზე ნაპირისკენ მქროლავი კატერი დავინახე, მარკო მართავდა...
ისეთი მარტოობა ვიგრძენი ტირილი მომინდა, ცხვირის წვერი სიმწრით ამეწვა. მისმა მზრუნველმა ჟესტებმა იმედის მცირე ნაპერწკალი გამიჩინა რომ აქედან თავს დავაღწევდი, ახლა კი ეს ნაპერწკალი ჩემს წინ თვალდათვალ პატარავდებოდა. დიდხანს ვიდექი ფეხზე და მხედველობას ვძაბავდი, იქნებ დაბრუნებულიყო მაგრამ შორს მოციმციმე რამდენიმე მკრთალი სინათლის მეტს ვერაფერს ვხედავდი.
ამასობაში გარეთ ისე ჩამობნელდა თავი კოსმოსში გამოკიდებულ სადგურზე მეგონა. უმწეოდ ჩავჯექი და მიმოვიხედე, საკვები იქვე შორიახლოს დაეტოვათ. ცოტა შევჭამე კვლავ პლედში გავეხვიე და გავიტრუნე.
ისე დამათენდა ვერაფერი გავიგე, თითქმის ძილღვიძილში გავატარე მთელი ღამე. ქვეცნობიერმა მარკოს უკან დაბრუნების იმედი დაიმახსოვრა და დილამდე კატერის ხმა ჩამესმოდა მაგრამ ამაოდ.. ის არ დაბრუნებულა..
მოსაღამოვებულზე გემბანზე ხმაურმა იმატა და როდესაც მორიელმა საკვები ჩამომიტანა თან ალკოჰოლის სუნი მოიყოლა. შევშფოთდი, რადგან მისგან კეთილგანწყობას ნამდვილად არ ველოდი. უბრალოდ მიკვირდა ორი ადამიანი ასე როგორ ხმაურობდა.
ხავსსჩაჭიდებულივით ფეხზე რამდენჯერმე წამოვდექი იმ იმედით რომ უკან დაბრუნებულ კატერს დავინახავდი მაგრამ ტყუილად. რაღაც მომენტში ფანჯარას შემოხეთქებული ტალღის მიღმა თითქოს რაღაცას მოვკარი თვალი მაგრამ ალბათ მომეჩვენა რადგან წამში გაქრა.
ორიოდე საათში ხმაური ჩემს კიბესთან გაისმა და შეშინებულმა ორივე ხელი ყურებზე ავიფარე, მეგონა ამით თავს დავიცავდი იმისგან რასაც ჩემი მუდამ უტყუარი ინტუიციით ვგრძნობდი.
კანკალმა ერთიანად მოიცვა მთელი ჩემი არსება. თვალები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე და ქანდაკებასავით გავშეშდი.
ლუკი გაიღო და სამმა გალეშილმა მამაკაცმა ერთიმეორეს მიყოლებით ჩამოაბიჯა. თვალები ოდნავ გავახილე, არ შევმცდარვარ, მესამეც ახლდათ მაგრამ პირველად ვხედავდი.
გაუცნობიერებლად ნელნელა დავიხიე უკან, მაგრამ მალე აღმოვჩნდი კედელთან მიმწყვდეული. ზომაზე მეტად გაფართოებული თვალებით ვუყურებდი და ხმას ვერ ვიღებდი. შიშმა ისე დამიმონა აზროვნების უნარი საერთოდ დავკარგე. ხელ-ფეხი შეკრული არ მქონდა მაგრამ ვიცოდი სამ ახმახს ვერსად გავექცეოდი.
-რბილი ლეიბია!.. გამოდგება! -საშინელი ტონით და ავხორცი ღიმილით გადაულაპარაკა საყურიანმა მეგობრებს.
-მარკომ კი გაგვაფრთხილა მაგრამ ძალიან ლამაზი ხარ! -მითხრა მესამემ და ჩემსკენ გამოიწია.
ის იყო პირი საკივლელად გავაღე რომ მათ ზურგსუკან ხმადაბალი მაგრამ ფოლადივით მტკიცე ხმა გაისმა.
-ხელს ვერ ახლებთ!
სამივე შეთანხმებულივით ერთდროულად შებრუნდა. კიბის ძირში აკვალანგებსა და ზღვის სათვალეში გამოწყობილი მამაკაცი იდგა. მაშინვე ვიცანი, ის იყო.. მარკო.
ხელში იარაღი ეკავა და დარწმუნებული ვიყავი ვერცერთი გატოკებას ვერ მოასწრებდა ისე გამოასალმებდა სიცოცხლეს.
-მე თქვენ გაგაფრთხილეთ! - ცივად ჩაილაპარაკა.
-მარკო, რატომ ქმნი პრობლემას?! შენც ხომ მოგწონს, დაგინახე როგორ უყურებდი! -მორიელმა ხელები გაშალა.
მისი ნათქვამისთვის ყურადღება არც მიუქცევია სათვალე ზემოთ აიწია და იქვე მიგდებულ თოკზე მანიშნა.
-აიღე და სამივე ერთმანეთზე მიაბი, სწრაფად!
ფეხზე კიარ ავდექი წამოვფრინდი. თოკს ხელი ვტაცე და მეგობრები მტკიცედ გადავაბი ერთმანეთს. ჩემდა გასაკვირად წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, მაგრამ ამაზე ფიქრისთვის არ მეცალა იმდენად მომიცვა მოსალოდნელი თავისუფლების სიხარულმა.
საქმეს მოვრჩი და მარკოს გვერდით ამოვუდექი. უსიტყვოდ მანიშნა ზემოთ ავსულიყავი. მაღლა ასულმა გემბანზე დატოვებული ჟანგბადის ბალონი აიღო, ზურგზე მოიკიდა და მოაჯირისკენ წამიყვანა.
სწორედ იმ დროს როცა წელზე ღონიერი მკლავი ვიგრძენი და გადასახტომად მოვემზადეთ, ზურგსუკან სროლის ხმა გაისმა. ხმამაღლა ვიკივლე და წყლის მკვეთრი ტემპერატურაც ტყვიასავით დამეჯახა.სიცივემ დამბლასავით იმოქმედა და მომენტალურად ფსკერისკენ წავედი.
როგორცკი გავიაზრე რომ ვიხრჩობოდი რაღაცამ ჰორიზონტალურად გამითრია და ზუსტად გემის კიჩოსთან აღმოვჩნდი. მარკომ ჟანგბადი მომაწოდა და მეც ხარბად შევისუნთქე.
მაღლიდან გემის კორპუსის ჩრდილი გვფარავდა, მარკო მას ნელნელა მიყვებოდა და მარჯვენით ღონივრად ვეკავე. მონაცვლეობით ვსუნთქავდით. აქაიქ წყლის ზედაპირს დაშენილ ტყვიებსაც მოვკარი თვალი.
უეცრად მისი მარცხენა მკლავიდან ზემოთ ტაატით მჟონავ სისხლს მოვკარი თვალი, ტყვია მიზანს არ აცდენოდა... რანაირად გაითავისუფლეს ასე უცებ თავი?! საკუთარ უყურადღებობაზე ისე გავმწარდი სული უარესად შემიგუბდა. გულში ღმერთს მადლობა შევწირე იმისთვის რომ ღამე იყო და შეფერადებული წყალი მაღლიდან რთულად შესამჩნევი იქნებოდა.
დაახლოებით თხუთმეტი წუთი დავყავით ასე და მაშინ როცა მარკომ შედარებით უსაფრთხოდ ჩათვალა სიტუაცია კვლავ წყალქვეშ გავაგრძელეთ ცურვა გემის კორპუსის მარჯვენა პერპენდიკულარულად. რაღაც მონაკვეთის შემდეგ გემის სინათლე ზედაპირზე გაქრა და მხოლოდ მაშინ გავბედეთ ზედაპირისკენ ასვლა.
კიდევ საკმაო მანძილი ვიცურეთ, ამჯერად ზედაპირზე და შორიახლოს კატერის სილუეტი მოულოდნელად დავლანდე.
მთელი სისწრაფით მივქროდით, ისეთი ქარი უბერავდა ჩემი კბილების კაწკაწის ხმა ყურში უკვე მონოტონურად ჩამესმოდა.
დაახლოებით ნახევარი საათი სანაპიროს გასწვრივ ვიცურეთ და როცა მივხვდი სიცივისგან ყინულის ლოდივით გავქვავდი სწორედ მაშინ იკლო სვლამ.
მარკო მუხლამდე წყალში სხარტად გადახტა და კატერი ნაპირისკენ გაათრია. ჟანგბადის ბალონი იქვე დატოვა, მხოლოდ ზურგჩანთას დაავლო ხელი, რომლიც მანამდე სიბნელის გამო არც შემიმჩნევია. გადასვლაში დამეხმარა და სანაპიროს სიღრმისკენ გამიძღვა.
იმდენად მციოდა მეგონა ტვინი სრულიად გამეყინა, გაუცნობიერებლად მივყვებოდი. ფიქრის უნარი საერთოდ დავკარგე, კანკალს ვერაფრით ვიჩერებდი. შემამჩნია, ჩანთიდან კაპიუშონიანი მოსაცმელი უსიტყვოდ ამოიღო და მომაწოდა.
სველ მაისურზე მის გადაცმას აზრი არ ექნებოდა ამიტომ მისი წინ ყოფნით ვისარგებლე, სწრაფად გადავიძვრე და მოსაცმელში გავეხვიე. სითბოს შეგრძნება ისეთი სასიამოვნო იყო ნეტარებისგან ლამის ხმამაღლა დავიკვნესე.
გაუჩერებლად მიდიოდა, მეც ანაზდად მივდევდი უკან. დროდადრო ზღვისკენ ვიყურებოდი მაგრამ უსასრულო შავი სივრცის გარდა ვერაფერს ვამჩნევი, ამან ცოტა დამამშვიდა.
ქვიშიანი სანაპირო სწრაფად დასრულდა, პალმების კორომი დაიწყო თუარა ერთერთთან შეჩერდა, ჩამოჯდომა მანიშნა. ზურგჩანთა მთლიანად მიწაზე წამოყარა და ტანსაცმელი გამოარჩია. მივხვდი უნდა გამოეცვალა და ოდნავ შევბრუნდი.
გვერდითმა მხედველობამ მთვარის მკრთალ სინათლეზე მისი ფოლადივით ჩამოსხმული სხეული მაინც შეამჩნია. რაღაც უცნაურმა შეგრძნებამ სხეულში ერთაიანად დამიარა.
მისი დაჭრილი მკლავიდან ჩამოდენილი სისხლი ნაკადულივით მიუყვებოდა მტევანს, დასახმარებლად წამოვიწიე, წინააღმდეგობა არ გაუწევია. ჭრილობა გამჭოლი აღმოჩნდა და მეც შვებით ამოვისუნთქე, მისთვის ტყვიის ამოღებას ნამდვილად ვერ შევძლებდი. ჩანთიდან წამოვარდნილ კიდევ ერთ მაისურს ჰორიზონტალურად ჩამოვახიე საკმარისი ნაჭერი, წყლით სავსე ბოთლით ნატყვიარი მოვბანე და მკლავი მჭიდროდ გადავუხვიე.
უსიტყვოდ მადევნებდა თვალს, თავი ავწიე და მისი მზერა ელვასავით შემომეფეთა.
-რატომ დაბრუნდი?
-დახმარება გჭირდებოდა!..-ხმადაბლა ჩაილაპარაკა.
-რაღატომ დამტოვე?
-მივხვდი რომ შეცდომა დავუშვი..-თავი დამნაშავესავით დახარა.
-ახლა რას ვაპირებთ?
-ჯერჯერობით უნდა გავქრეთ, შემდეგ კი შენი აქედან უსაფრთხოდ გაყვანის გზა ვიპოვო.- მიწაზე გაშლილი ნივთები კვლავ ზურგჩანთაში ჩაყარა და ფეხზე წამოდგა.
პალმის ხეს მოზრდილი ტოტი მოატეხა და ისევ სანაპიროსკენ წასვლა მანიშნა. გაოცეულმა გადავდგი ნაბიჯი, ვერაფრით მივხვდი უკან რატომ ვბრუნდებოდით. უკან გამომყვა და ჩვენს მიერ დატოვებული ნაფეხურების წაშლა პალმის ტოტით დაიწყო.
გონება მოულოდნელად გამინათდა, ის მხოლოდ უკან გამოვლილ ნაკვალევს შლიდა, მდევარს უნდა ჰგონებოდა რომ ჩვენ კუნძულის სიღრმეში შევედით.
იმავე გზით დავბრუნდით კატერთან და გზა სანაპიროს გასწვრივ წყალში გავაგრძელეთ.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

რა კარგია, ბავშვობიდან მიყვარდა ასეთი მძაფრი სიუჟეტის რომანები და შენი წყალობით ისევ იქ დავბრუნდი.
მცირე მოცულობის თავებია, იქნებ შეძლო და უფრო დიდი ზომოს თავები ატვირთო, საკითხავადაც უფრო კომფორტულია და მკითხველიც მეტი გეყოლება. აწი მომოწევს ლოდინი ახალ თავამდე.

 


№2  offline წევრი Tinna Dalakishvili

მადლობა ქეთი. მეც ასეთების კითხვა მიყვარს, მოჭიმული რომ ზიხარ, ფილმებიც.. ???? აიი, რაც მომდის ვწერ და მინდა ხარისხიანი იყოს. ზედმეტად ფანტაზიის წერა არ მინდა

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

რატომ დამეკარგე? ძალიან გამეწელა ლოდინი:დდ
მართლა მინდა დაბრუნდე და გააგრძელო ეს ისტორია, იმედია ამ კომენტარს ნახავ❤

 


№4 სტუმარი ამა

აუ რატომ არ გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent