შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

40 საშობაო ზღაპარი (თავი 5)


19-12-2020, 17:52
ავტორი ერკე
ნანახია 1 222

თავი 5
ახალი წამოწყება

დილა ზღაპრულად დაიწყო. არ ახსოვდა როდის ეძინა თუნდაც შვიდ საათამდე, ახლა კი მთელი ათი საათი ეძინა. საოცარი ღამის შემდეგ დამუხტული წამოდგა ფეხზე და ჩაცმულმა რაც პირველი გააკეთა ბიჭებს დახედა. გუშინ მოყვანილი ყმაწვილი საწოლში იწვა, ხოლო თავისი ბიჭები ადრიან წამომდგარიყვნენ. მათი ოთახი დალაგებულ-დასუფთავებული აღმოჩნდა, არც სკოლის ჩანთები იყო სადმე, მაშინღა მიხვდა რომ ორშაბათი იყო.
-როუზმარ? - ომახიანად შესძახა მეუღლეს, რათა დაედგინა სახლში იყო თუ არა. - როუზმარ... - მშობლებმა მას როუზი, ვარდის სახელი დაარქვეს, მაგრამ მის ამ სახელზე ყოველთვის ხუმრობდა ხოლმე საბა, როუზი ხან მოგუდული პასუხობდა, გაღიზიანებული დაუდგებოდა მუშტებ-მომარჯვებული, ხანაც ეღიმებოდა და სიყვარულით ნაბავდა თვალებს, მისი ხასიათისდა მიხედვით ეცვლებოდა მეუღლის ქილიკზე რეაგირება, ისე რომ თავადაც ვერ ხვდებოდა ამას. - როუზმარ მეთქი! - უფრო მეტად უმატა ხმას, მაგრამ არავინ გამოხმაურებია. - თუმცა სამსახურში იქნება ისიც, რას ვიზამთ, იმ ქალის როლის შეთავსება მომიწევს სანამ ახალ სამსახურს არ ვიპოვი, დილით შვილებსა და ქმარს რომ აცილებს სამსახურში, თავად კი სერიალებს ჩაუჯდება ან ჭრა-კერვას. ჰმ. - ჩაეცინა და გაახსენდა როგორ ებუზღუნებოდა როუზი სახლში აღარ შემიძლია, გავაფრენ სამსახურის დაწყება მინდაო. საბა კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მერე ამ ბავშვებს და სახლს ვინ მიხედავსო.
„ავიყვანოთ მოსამსახურე რა ვქნა აბა! გამოყრუებული ვარ სახლში, ორი მოსაწყენი ოჯახის გარემოცვაში, აქეთ მღვდლის ოჯახი, რომელიც ყოველ საღამოს ლოცვა-გოდებაში არიან და სხვებსაც ეპატიჟებიან, მაგრამ დიდი სურვილი არ მაქვს მათ შევუერთდე, იქით კი ორი ყრუ ცოლ-ქმარი, რომელსაც გინდა უთხარი რამე გინდა არა, ვერაფერს გააგებინებ.“
„ვინ? ლამარასა და მიხოზე ამბობ? რას ამბობ, ისეთი გამჭრიახი ყურების პატრონია მიხო, ახლაც არ გაგიგოს რაებს იძახი მასზე.“ - შეჰბღვირა ქმარმა.
„აღარ შემიძლია, აღარ! ლამისაა შევიშალო... ამ ტელევიზორშიც, ხუანი და მარიას გარდა არაფერი გადის, სულ ბრაზილიურ სერიალებს აჩვენებენ, კოცნა-პროშნა და მათი თმების ბზინვარებაა მხოლოდ. ბოლოს ისე რომ მთავრდება რომ გული ტირილით უნდა იჯერო.“ - ხელები შეაქანა და ჭერს ახედა როუზიმ.
„საინტერესოა ხომ იცი.“ - შესცინა საბამ. მისკენ მიიზიდა თავისი ქალბატონი, ხელი მხარზე შემოდო, თავად კი იმ სიმაღლე იყო მეუღლე მხოლოდ მკერდამდე სწვდებოდა და თავი მკერდზე დაადებინა მის დედოფალს. – „მოდი ჩემთან, ჩემო თაფლისფერთვალებავ, ჩემო სიცოცხლე. ჩემო ტრფობის პატარძალო.“
„ხომ იცი არ შემიძლია... - ამოიქვითინა როუზიმ და მის მკერდზე ჰპოვა შვება. - დეპრესია მეწყება მგონი... რაღაც რეკლამასაც რომ ვნახავ უეცრად ავქვითინდები და ის მინდება ხომ იცი...“
„რა?“
„რა არა, ვინ.“
„კვლავ ბავშვზე მეუბნები?“ - მიუხვდა საბა და თვალებში ჩახედა აცრემლებულ მეუღლეს.
„კი, ბავშვის ყოლა მინდება. ამიტომ უნდა ვიმუშავო, უნდა რამეზე გადავიტანო ფიქრები და გონება, რათა ამაზე აღარ ვიფიქრო. გთხოვ, გავაფრენ.“
„მერედა ვინ ამბობს უარს? - განცვიფრდა მამაკაცი. - აქვე და ახლავე გავაკეთოთ ბავშვი, მეც ძალიან მინდა ჩემი გოგონა დავიჭირო ხელებში და ტკბილად დავაძინო. - ხმა ჩაუწყდა როუზის, ვეღარაფერი თქვა, მხოლოდ ღიმილის ნაპერწკალი გადმოეფრქვა თვალებიდან და ეს ვარსკვლავივით მბრწყინავი ქარიზმასავით აინთო. იმ ღამით ჩაისახა მათი პირველი შვილი, რომელსაც დიდხანს ელოდნენ.
ახსენდებოდა ტკბილი წუთები და გრძნობდა როგორი ბედნიერი იყო იმის მოლოდინში, რომ მალე მამა გახდებოდა, ახლა ორი ვაჟკაცის მამა იყო და მეტ პასუხისმგებლობას გრძნობდა, მეტ დატვირთვას, მაგრამ იმაზე დიდი ბედნიერება არაფერი იყო სახლში მოსულს რომ გამოეგებებიან და მამას ძახილით კარებში შესვლასაც კი რომ არ აცდიან ისე ჩაეკვრიან მთელი სხეულით და გულს, სულს უთბობენ. ამ ფიქრებში რაღაცის ხმა გაიგო. უეცრად მეორე სართულის კიბეებიდან დაინახა როგორ ჩამოდიოდა უსახელო ბიჭუნა, რომელიც თვალების წმენდითა და აქეთ-იქით ცეცებით გაოგნებულიყო. მისი სახით თუ ვიმსჯელებდით თავი სიზმარში ეგონა და ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყო, რომ ოჯახში იყო, სახლში და არავინ აგდებდა. აღარ სციოდა, გათბობა მაღალ ტემპერატურაზე იყო ჩართული და მთელი შემოსასვლელი ოთახი თითქმის ბრდღვიალებდა ისეთი სიცხე იყო.
-ოჰ, ვის გაუღვიძია. - წამოდგა ტახტიდან და ხელი შეუშვირა დასარტყმელად ბიჭს. ბიჭმაც გაუბედავად ასწია ხელი და საბას დიდ მტევანს მიაყრდნო. ისეთი პატარა ჰქონდა მასთან შედარებით, რომ მალევე დარცხვენით დამალა და ქვევით დაიწყო ყურება. - ხომ არ გშია. - სამზარეულოში შევიდა. - რამეს მოვძებნი დაგვიტოვებდა ჩემი ცოლი, - უიმედოდ წარმოთქვა სიტყვები და ჯერ კარადები, შემდეგ მაცივარი გამოაღო. - იმედია... თუმცა... როგორც ჩანს გამოძახება მოგვიწევს.
ყმაწვილმა შეხედა და იუარა. შემდეგ თვალებით ნებართვას იღებდა თითქოს საბასგან. - კი კი... მიდი. - დაუყვავა მამაკაცმაც და იგი სამზარეულოში შევიდა. ჯერ აკვირდებოდა, რას ეძებს, იქნებ მიჩვეულია პურითაც დანაყრდეს და მეტი არაფერი მოისურვოსო, შემდეგ კი თავად ტელევიზორი ჩაართო და მიუჯდა. - რომ მორჩები შეგიძლია შემომიერთდე. - დაუძახა მას და თავად ფეხბურთის არხზე გადართო, სადაც დინამოს ნაკრები ეთამაშებოდა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის ნაკრებს. საკმაოდ საინტერესო მატჩი იყო, დიქტორის თქმით ყოველშემთხვევაში ასე ჩანდა. საბა მიწვა ტახტზე და როლებშიც კი შევიდა იმდენად საინტერესოდ მიმდინარეობდა თამაში. ისმოდა მისი ყვირილი. - მიდი არ დანებდეთ!... შეუტიეთ, შეუტიეთ არ შერცხვეთ ბიჭებო!... ფუ ეს რა ქენით... - და მისთანები, გოლის გატანისას ტრადიციულად ყვიროდა და ამხნევებდა ბიჭებს, რომლებიც დინამოს წარმოადგენდნენ. იმდენად გაერთო რომ ბიჭი სულ დაავიწყდა, მხოლოდ მაშინ გაახსენდა რაღაც გემრიელ სურნელმა კუჭი მადაზე რომ მოიყვანა და სამზარეულოსკენ გასწია როუზი ხომ არ დაბრუნდა ისე რომ არ შემეგებაო.
ყმაწვილი გაზთან იდგა. გაშლილი ჰქონდა სხვადასხვა სურსათსანოვაგე, ხორცეული, ბოსტნეული, ცომეული და ქვაბში ერთმანეთის მიყოლებით გარკვეულ პროდუქტებს ყრიდა და ხარშავდა. იმდენად გემრიელი სურნელი ტრიალებდა საკუთარ თავს შეუთქვა საბამ, რომ ჩემი ცოლიც კი ვერ აკეთებს მსგავსადო, მაგრამ ჯერ გასინჯვა იყო საჭირო.
-ღმერთო ჩემო, ასე კეთება სად ისწავლე? - ჰკითხა მან, მაგრამ ინსტიქტურად, არც კი ელოდა რომ პასუხს დაუბრუნებდნენ და სანაცვლოდ მართლაც მისი თვალები შეხვდა მხოლოდ. - მშვენიერია ბიჭუნა, მშვენიერი. - განცვიფრებული უყურებდა და სურნელს ისრუტავდა მთელი ძალით, რათა დაეჯერებინა რომ ეს სინამდვილეში ხდებოდა.
-ყურებით. - უეცრად წარმოთქვა ბიჭუნამ და მაშინ გაიგო პირველად მისი ხმა საბამ. ისე იყო გატაცებული ამ ყველაფრით, მხოლოდ ბუნდოვნად გაიგო მისი ნათქვამი, თუმცა ყველაფერი შეწყვიტა, ბიჭს მიუბრუნდა და გაოგნებული თვალებით შეაცქერდა.
-რაო რა თქვი?
-ყურებით ვისწავლე. - გაიმეორა ბიჭმა და ამჯერად თვალებშიც კი შეხედა საბას.
-ხმა ამოიღე, რა მაგარია! ხმა ამოიღე... - თვალებზე ოდნავ ცრემლებიც მოადგა კაცს და გულში ჩაიკრა იგი. - ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება, ღმერთს მადლობა!
-მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩემი შეფარებისთვის. თუნდაც დროებით ვიყო, მინდა თავი დაგამახსოვროთ და მადლიერება ყველანაირად გამოვხატო, როგორც შემეძლება.
-არ არის საჭირო, ეს ყველაფერი. ძალიან მიხარია თუნდაც იმის, რომ დამელაპარაკე. ისეთი ბედნიერი ვარ. - კიდევ ერთხელ მაგრად ჩაიკრა გულში ბიჭი. - პირველ რიგში სახელს გკითხავ, ბიჭუნათი ხომ არ მოგმართავ სულ, თქვენი სახელი გეთაყვა. - ჩარლი ჩაპლინივით გაიშვირა ხელი და ქუდის მოხდის ინსცენირება გააკეთა მის წინ.
-ანთიმოზი. - გაეცინა ბიჭს და მხარზე ხელი დაარტყა საბას. - ანთიმოზი მქვია, მეგობრები... - ამის თქმა იყო და მაშინვე საშინელმა ბურუსმა გადაუარა სახეზე, ტკივილს ებრძვის, ნათელს ეპოტინება, სიკაშკაშისკენ მოიწევს მაგრამ სიბნელის ძალა უფრო დიდია, რომელიც ძლევს და მის მიღმა ითრევს. - თიმოს მეძახდნენ. - საბოლოოდ მაინც წარმოთქვა ის სიტყვები, რომელიც მოგონებისკენ მიათრევდა მას.
-თავი ხელში აიყვანე თიმო. - კაცურად ჩახედა თვალებში ყმაწვილს. - ყველაფერი კარგად იქნება, თავისთავად. იმ აზრით იცხოვრე, რასაც მომავლისკენ მიჰყავხარ და ეს მომავალი ვართ ჩვენ. შენი ოჯახი. გეფიცები შვილივით შემიყვარდი და ყველაფერს გავაკეთებ რომ შენ ეს დარდი და ტკივილი შეგიმსუბუქო. - თავი დაუქნია და თვალები არ მოაცილა ბიჭს. ანთიმოზი თან საუზმეს აკეთებდა, გემრიელ ნახარშს ხორცისა და კომბოსტოს არომატით.
-მესმის, მადლობა. - თვალებში აღარ ჩაუხედავს ისე განაგრძო სამზარეულოში ტრიალი. საბასაც აღარ უკითხავს რამე, ტელეფონის ზარმა გააწყვეტინათ საუბარი, სამზარეულოდან გავიდა და ტელეფონს ისე უპასუხა ზედაც არ დაუხედავს თუ ვინ რეკავდა.
-ოჰ, ლეო როგორ ხარ? - გამხიარულდა მამაკაცი როგორც კი ძვირფასი ხმა შემოესმა ყურმილში. - ძალიან გეჩხუბა? - მოსმენად იქცა, რამდენიმე წუთი ხმა არ ამოუღია და შემდეგ კვლავ განაგრძო. - აბა რა იქნება, ამ საახალწლოდ მაგარი სიურპრიზები გავუკეთეთ მეუღლეებს. არ გინდა გავისეირნოთ? რამდენიმე ადგილზე დავრეკავ და იქნებ რამე გამოჩნდეს, მაგრამ ჯერ ერთგან უნდა შევიარო რაღაც საქმე მაქვს. თანახმა ხარ? - არც დალოდებია პასუხს ისე მიაყოლა საბამ. - ძალიან კარგი. ერთ საათში ჩემთან შევხვდეთ და რამეს მოვიფიქრებთ. ერთი წუთი ლეო, კარზე ზარია... კარგი კარგი, მიდი და შევხვდებით ერთ საათში, აბა შენ იცი. მომიკითხე თაკო, მიდი... მიდი. - ტელეფონი გათიშა და იქვე მაგიდაზე მიაგდო, თავად კი კარის გასაღებად წავიდა. - ალბათ ბავშვები იქნებიან, - ჩაილაპარაკა თავისთვის და ფრთხილად გამოაღო კარი.
-გამარჯობა! - სასიამოვნო აღნაგობის ქალბატონი აღმოჩნდა კარს უკან. - უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სააგენტო, მენეჯერი ელა ურთმელიძე, რამდენიმე საათის წინ გესაუბრეთ, რამდენიმე წუთს წაგართმევთ თუ წინააღმდეგი არ ხართ. - ახალ გამოღვიძებულს ძალზედ გაუკვირდა თუ ვინ იყო, ვის ესაუბრა, არაფრის დიდებით ახსოვდა მსგავსი საუბარი ვიღაც ქერა თმიან, მაგარ ლამაზმანთან, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის თაობაზე მითუმეტეს. ეს რამე ხუმრობა იყო? თუ დავიწყებოდა ასეთი მნიშვნელოვანი საუბარი? მისი დუმილი ქალმა თითქოსდა თანხმობად მიიღო და სახლში დაუკითხავად შეიჭრა. მაღალი, თითქმის ას ოთხმოცდახუთი სანტიმეტრის სიმაღლის, გამხდარი, ტანადი, გრძელ თმიანი, უცხო ქერა ქალბატონი მის სახლში დასეირნობდა და ათვალიერებდა საბას საკუთრივ სახლს, რომელიც მას ბაბუამისისგან ერგო. ელას სოლიდური ნაცრისფერი სმოკინგი და შავი ასევე ნაცრისფერი შარვალი ეცვა, სმოკინგის ჯიბეში ჩამაგრებული პატარა გვირილის ფორმის მეტალის ნივთით. სახელოები ოდნავ აწეული ჰქონდა, რაც იმაზე მეტყველებდა რომ საკმაოდ მოკლე ხელები ჰქონდა და ცდილობდა ამის ამდაგვარად დაფარვას. გაოგნებული დაჰყვებოდა ოთახიდან ოთახში. ხმის ამოუღებლად რამდენჯერ აათვალ-ჩაათვალიერა ისე რომ მას არ შეემჩნია და გამგონე ლაქიასავით კუდში დასდევდა.
-კარგი სახლი გაქვთ, ლამაზი ინტერიერი, დიზაინი თქვენით გაქვთ შერჩეული თუ პროფესიონალ გამრჯე დიზაინერებს მიანდეთ მისი შექმნა? აშკარაა რომ იგრძნობა სიმყუდროვე და იგრძნობა მისი სიფაქიზე, რომელიც ბავშვის აღზრდას ესაჭიროება. უკან რომ ეზოა თქვენ გეკუთვნით? - თავი დაუქნია მხოლოდ საბამ, მეტი ვერაფერი შეძლო. ძალიან უნდოდა გაერკვია რაში იყო საქმე, ჯერ კიდევ სიზმარს ხედავდა და ეს ქალი ეჩვენებოდა თუ უბრალოდ ცუდ ფეხზე ადგა, მაგრამ როდესაც საუბრის წამოწყებას დააპირებდა ყელში ბურთი ეჩხირებოდა და ხმის ამოწვდენას ვეღარ ახერხებდა, თითქოს ხმის იოგებს შავ-ბნელი გრძნეული დაჰპატრონებოდა და მისი გამოყენების უფლებას არ აძლევდა. - სავარაუდოდ გამოგადგებათ, უკან შეგიძლიათ მიშენების უფლება მოიპოვოთ და გააფართოვოთ სახლი.
-უკაცრავად, მაგრამ მე გესაუბრეთ? - ჰკითხა საბოლოოდ საბამ, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო მომხდარში.
-დიახ, დიახ. თქვენ საბა დოლიძე არ ბრძანდებით?
-კი, ბატონო გახლავართ. და ხომ ვერ მეტყვით რასთან დაკავშირებით გესაუბრეთ?
-უკვე მაშინებთ, - უკან დაიხია ელა და ზურგით უზარმაზარ, ძვირფასი თვლებით მორთულ ვაზას მიეჯახა, რომელიც ტუმბოზე ლამაზად შემომდგარიყო, მან მოძრაობა დაიწყო, ვიბრირებდა მანამ სანამ მყისიერად ელა არ სწვდა და არ დაიჭირა. - ღმერთო... - ამოიგმინა მან და გულზე ხელი დაიდო. - ლამის ეს ძვირფასი ნივთი გავტეხე ბოდიშს გიხდით...
-გადაიხდიდით კიდეც მის საფასურს... - კბილებში გამოსცრა მამაკაცმა, ისე ჩუმად რომ ქალს არც გაეგო, მაგრამ ამის თქმის აუცილებლობას ხედავდა.
-ვისაუბრეთ თუ შესაძლებელი იყო ამ ფართისთვის მიშენების ნებართვის მოპოვება და მე ახლა სწორედ რომ განაცხადს გავაკეთებ, რამდენიმე ფოტოსაც გადავიღებ და დაგიკავშირდებიან.
-ერთი წუთით, ერთი წუთით. - თვალები მოჭუტა და ხელით მოისრისა. - არ მითქვამს ეს რატომ მინდოდა?
-არა და არც მიკითხავს. ვასრულებ ჩემს მოვალეობას პირნათლად და ზედმეტ კითხვებს არ ვსვამ კლიენტებთან. ვიცი სად მთავრდება ჩემი ვალდებულება-მოვალეობები და სად იწყება თქვენი პირადი სივრცე. - თმები ზურგზე აიყარა, აქაოდა ვინ გგონივართ ვაჟბატონოო და სურათების გადასაღებად ფოტო-კამერა ამოიღო ხაკისფერი, ნიანგის ტყავისგან დამზადებული ჩანთისგან.
-ყავაზე ხომ არ დამეწვევით? - უნებურად წამოსცდა საბას და მაშინვე ხელები პირთან მიიტანა, მაგრამ გვიანი იყო. იმ გრძნეულს სჯობდა ახლა დაეტყვევებინა მისი იოგები, რომ ეს არ ეთქვა, მაგრამ როგორც ჩანს მორეოდა მას და ჯადოქარიც დანებებოდა საბას მრისხანებას. - ყავის მომზადებას ვაპირებდი, დავლიოთ და თან ერთად განვიხილოთ ეს საკითხი.
-სიამოვნებით. - გაიღიმა ელამ. - საერთოდ კლიენტებთან ასე არ შევდივარ ხოლმე ურთიერთობაში, მაგრამ ვინაიდან თქვენ ასეთ კეთილ საქმეს ჰკიდებთ ხელს დავარღვევ ჩემს პრინციპებს და პატარა ჭიქით დავლევ ყავას, ნალექიანს უშაქროს. - მთელი ამ ხნის განმავლობაში ღიმილი არ მოშორებია სახიდან. უკვირდა საბას როგორ შეუძლია იყოს ასეთი მომხიბლავი და იღიმოს მაშინაც კი როდესაც საუბრობსო, მაგრამ ამის გარკვევას არ აპირებდა, უნდა გაერკვია რა შარში გაჰყო ცხვირი და რატომ ეწვია ელა პირადად მას ბინაში.
-აი, სიტყვაზე გამოგიჭირეთ. - ასწია თითი დოლიძემ, სწორედ ისე როგორც მასწავლებლები ტუქსავენ ბავშვებს და საბასეული შებღვირების მომსწრე გახდა ელატრისი, რომელიც ჩამომხმარ ჩონჩხს დამსგავსებოდა, სულ გალეოდა შიშისგან, მაგრამ მაშინვე მისი იარაღი ჩართო კვლავ საქმეში, ღიმილი რომელიც ყველაფრის საწინდარი იყო მისთვის. - კეთილი საქმეო ახსენეთ, არადა თქვით რომ არაფერი გიკითხავთ.
-დიახ, მართალია... არაფერი მიკითხავს. - ენის ბორძიკით პასუხობდა იგი. - თქვენ თავად თქვით კეთილ საქმეს მინდა მოვახმარო ჩემი საცხოვრებელი ადგილიო, მეგონა გეხსომებოდათ, ნუთუ არ გახსოვთ?
-კი მახსოვს.... მარა... დეტალები... ბუნდოვნად...
-ნასვამი ხართ?
-არა! - შედრკა ქალის წინაშე და ახმახი მზერით დატყვევების მცდელობით თვალები აათამაშა. - დაბრძანდით, ახლავე დავბრუნდები.
-ანთიმოზ, ანთიმოზ... - როგორც კი სამზარეულოში შევიდა სასიამოვნო სურნელმა კვლავ მოსტაცა ყველაფრის აზროვნება. მთლიანად წაართვა ფიქრის უნარი, მაგრამ საბოლოოდ გაახსენდა მიზეზი რატომაც მიეჭრა ანთიმოზს და ისე რომ მისი ხმა არ გასულიყო სასტუმრო ოთახში ბიჭს გადაულაპარაკა. - სტუმარი გვყავს, ყავის კეთება ხომ იცი? სერიოზულ საქმეზე უნდა ვესაუბრო, თან შენი ხელებით მომზადებული ეს უგემრიელესი კერძიც რომ გაგვასინჯო მშვენიერი იქნება.
-ჯერ კერძი თუ ჯერ ყავა? - დაბნეულმა იკითხა ბიჭმა.
-ჯერ ყავა იყოს გეთაყვა. - ბავშვს ლოყაზე მიეთათუნა და უკან ელასთან დაბრუნდა. - ქალბატონო... სახელი შემახსენეთ? - შეეცადა ცოტაოდენ გულგრილი მოსჩვენებოდა ქალს, ვითომდა საერთოდ არც დაეინტერესებინა მის უკვდავ სილამაზეს, ბავშვებიც ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დაბრუნებულიყვნენ სკოლიდან და ფრთხილად უნდა ყოფილიყო სიტყვებთან.
-ელა... ან ელატრისი დამიძახეთ.
-სადაური სახელია?
-საკუთარი სახელის წარმომავლობა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მშობლებმა ბევრი სერიალების სიყვარულის გამო უცხოური სახელი დამარქვეს, უნდოდათ ერთი ელატრისი სახლშიც ჰყოლოდათ.
-ნუთუ არ დაინტერესებულხართ და საკუთარი სახელის მნიშვნელობის გაგება არ გიცდიათ? არც ერთხელ?... - მხოლოდ თავი გაუქნია ელამ და მეტად ამ კითხვას აღარ მიბრუნებია მამაკაცი, რომელიც მთელი დრო ნერვიულად იღიმებოდა და ცდილობდა შუბლიდან მოდენილი ოფლის უჩუმრად მოწმენდას. გრძნობდა რაღაც სიგიჟის ჩადენა უნდოდა, მაგრამ ამის ადგილი და დროც არ იყო, ვინაიდან მას ოჯახი ჰყავდა, საყვარელი მეუღლე, შვილები, თავი უნდა შეეკავებინა როგორც ერთგულ მეუღლეს შეშვენოდა. - რას ფიქრობთ, დაამტკიცებენ პროექტს?
ამასობაში ანთიმოზიც გამოვიდა სამზარეულოდან, რომელიც სასტუმრო ოთახის პირისპირ იყო მოწყობილი და პირდაპირ მიუყვებოდა ოთახი და პატარა შუშის, გაზეთების მაგიდაზე ორი ფინჯანი ყავა დააწყო, თავისი თეფშებითა და ხელსახოცებით. - დამტკიცებით... ოჰოი, შვილიც გყოლიათ?
-ჩახლართული ამბავია. - გაუღიმა საბამ. - თიმო, მოდი ჩემთან, ჩვენთან დაჯექი. საუზმეს მერე მიხედე... - გვერდით მოისვა ყმაწვილი და გულში ჩაიკრა. - ჩემი შვილი არ არის, - თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ბავშვმაც. - თუმცა შვილივით მიყვარს და ამიერიდან ის ამ სახლში იცხოვრებს. - კმაყოფილებით სავსე მზერა შეაგება ქალს.
-მესმის ნამდვილად. - თავის გაუგებარი ქნევით პასუხობდა ელა. - თქვენ ძალზედ კეთილი და გულისხმიერი ადამიანი ხართ.
-სიკეთე და გულისხმიერება არ გამორიცხავს მათში ჩაბუდებულ სიყვარულს. - შეუსწორა მან. - სიყვარული გრძნობებს შორის ყველაზე სწორუპოვარი და უშიშარი გრძნობაა, როცა გიყვარს არაფრის გეშინია, არ უდრკი, არ შიშობ რომ გზიდან გადავარდები, იქ ეპოტინები სადაც ფხიზელი არასდროს ახვიდოდი და მოძრავ მატარებელს უვარდები, ზედ ახტები რათა შენი კუთვნილი დაიბრუნო... ბევრი, შემხედვარე იფიქრებს გიჟიაო, მაგრამ ეს სიგიჟე სიყვარულის ცნების საწინდარია.
-მმმ... უგემრიელესია. - ყავაზე მიანიშნა ყმაწვილს ქალმა.
-სწორედ ისეთია თქვენ რომ გინდოდათ. - უთხრა ბიჭმა და თავი გვერდზე გასწია, რათა მისი სიმორცხვე არ დაენახა.
-თქვენ კი პირდაპირ ჩემს გულს მისწვდით ბატონო საბა. - გულზე ხელები დაიწყო, როგორც კი ყავის ჭიქა დადგა და ორივე ხელით ორატორული მანერებით საუბარს მოჰყვა. - გული გადამიშალეთ და საოცარი გასხივოსნება ვიგრძენი. რა თქმა უნდა, დამტკიცების დიდი შანსია, მითუმეტეს ასეთ პიროვნებას არსად თანხმობის მოპოვება არ გაუჭირდება. - მამაკაცებმა შეატყვეს რომ დაიმორცხვა ელა, გაწითლდა, არც კი იცოდა სად დამალულიყო იმდენად მორიდებით საუბრობდა უკვე.
-მადლობა გულწრფელობისთვის.
-ჩემი წასვლის დროა, - განაცხადა ქალმა. - დაგემშვიდობებით.
-შესდექ ფრთოსანო! - გადაუდგა წინ ყოფილი პოლიციელი. საკუთარი მხრებისა და ძალ-ღონის საჩვენებლად მკერდის კუნთები შეათამაშა. ისე ამოძრავებდა თვალი მოსტაცა ელას, ეს მისი სავიზიტო ბარათი იყო. ჯერ ერთ კუნთს ამოძრავებდა ცალკე, შემდეგ მეორეს, ბოლოს ორივეს ერთად და შიგადაშიგ ჩატეხვებს აკეთებდა, ისე ენაცვლებოდნენ ერთმანეთს კუნთები, რომ წინასწარ დადგმულ ცეკვას მოგაგონებდათ და ამ ცეკვაში იძირებოდა ყოველი ქალის მზერა, - ჯერ მთავარი კერძი არ გაგისინჯავს, მთელი დილაა ჩვენი ანთიმოზი მის მომზადებას უნდება. არ გაუსინჯავ?
-მმ...რა? - ძლივს გამოერკვა უძრავი ქონების აგენტი და თვალი მკერდის ცეკვას მოსტაცა. - არა, არა.. სამსახურში დამაგვიანდება, ჩემი ლიმიტი ამოიწურა.
-კიდევ ერთხელ მითხარით აბა... - კვლავ სიზმარეულ სტიქიაში ჩასძირა ქალი, როდესაც მისი საყვარელი მოძრაობების კეთება განაგრძო.
-კარგი, დავრჩები. სულ ოცი წუთით, მეტს ვეღარ შეგპირდებით.
-სავსებით საკმარისია! - მყისიერად განაცხადა სახლის პატრონმა. გრძნობდა გულის აჩქარების მიზეზი სწორედ ეს ქალი იყო. ერთ ადგილს ვერ ჰპოულობდა, ხან ოთახის ერთ კუთხეს მიეჭრებოდა, რაღაცის ძიებაში, ხან მეორე ბოლოში გადაინაცვლებდა, მიზეზად თავის საწერ კალამს ასახელებდა, სადღაც ჰქონდა, მთელი ორი დღეა ეძებდა და ვერსად პოულობდა. ქალისა და ყმაწვილის სახეები კი იმას მეტყველებდა, რომ მსგავსი სისულელის არ სჯეროდათ. ქალი თავისთვის იღიმოდა, რაღაცებს აწყობდა გონებაში, ბიჭი კი ცოტა არ იყოს გონებაში უწყრებოდა საბას, მისი ქცევების გამო.
უკვე სადილის დრო იყო, თუმცა საბასთვის ჯერ საუზმე იყო, ვინაიდან საუზმე გამოტოვა და პირდაპირ შუადღის პირველ საათზე გაიღვიძა. შემოიტანა ორი თეფშით მადის აღმძვრელი კერძი ყმაწვილმა, თუმცა საბამ გაკიცხა. - შენ არ სადილობ?
-მე სამზარეულოში ვისადილებ.
-არა. მოიტანე შენთვისაც და აქ დაჯექი. გთხოვ.
-კარგი, მა...საბა... - უჩვეულო იყო თიმოსთვის მსგავსი მზრუნველობა. საკუთარი მშობლები არ ახსოვდა, მათ ხომ თავშესაფარში გაჩენისთანავე მიაგდეს და არც მათი სახელები და გვარები დაუტოვებიათ იმისთვის მაინც ბავშვს რომ მათი მოძებნა მონდომებოდა. გულში რაღაც სითბოს კვალი უთამაშებდა, სუნთქვისას კანკალით აუდ-ჩაუდიოდა ჰაერი ფილტვებში, თუმცა სიცივის ბრალი ნამდვილად არ იყო.
მათ შეუერთდა და ცდილობდა საუბრისთვის არც ესმინა, მაგრამ მისდა გასაკვირად ისინი მასზე საუბრობდნენ.
-არ მინდა უტაქტოდ გამომივიდეს ბატონო საბა... - მოკრძალებით დაიწყო საუბარი ელამ. - მაგრამ საოცარია როგორ უყურებთ მას, ზოგი საკუთარ შვილს არ უყურებს მსგავსად და მიჩნდება კითხვა დიდი ხანია?..
-არა... - გააწყვეტინა მან. - დიდი ხანია მყავს თუ არა? გუშინ გავიცანი, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვიყვარს ბავშვები, უსახლკაროდ რჩებოდა მე რომ არა, ამიტომ სახლში გადავწყვიტე მისი წამოყვანა, რამაც ნამდვილად გამოიღო შედეგი. მე მესამე შვილი შემეძინა მისი წყალობით.
-გასაგებია, მაგრამ საბუთები?
-უკაცრავად?
-ამას ხომ გარკვეული დოკუმენტაცია, დამოწმება სჭირდება ნოტარიულად.
-მივხედავთ. - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა. - მთავარი ის არის რომ ჩვენ ახლა ერთად ვართ, განუყოფლები და ვერავინ გაგვაცალკევებს.
-სასიამოვნოა ამის მოსმენა, საოცარია რომ დღესდღეობით ჯერ კიდევ დარჩნენ ისეთი ადამიანები, როგორიც თქვენ ხართ. ესე იგი მის გამო აპირებთ ამ მიშენების დამტკიცებას?
-არა მხოლოდ. - სცადა თამაშში აჰყოლოდა მისკენ მომნუსხველ მზერა-მიპყრობილ ქალბატონს. - შესაძლოა უფრო დიდი გეგმებისთვის, ჯერ არ გადამიწყვეტია.
-რას შეეხება თქვენი გეგმები?
-ჯერ არ გადმაიწყვეტია-თქო, ამ წამს არ ვთქვი?
-გასაგებია. უბრალოდ ხანდახან ადამიანს დრო სჭირდება გასააზრებლად, მაგრამ ზოგ ადამიანს უკვე ქვეცნობიერში აქვს გააზრებული რა უნდა ცხოვრებისგან და ის ამ უხილავ კიბეებს მიჰყვება, გონივრულად და ნაბიჯ-ნაბიჯ, თუნდაც თავად ვერ იაზრებდეს რომ სწორედ საკუთარ ნება-სურვილს ასრულებს. იქნებ თქვენც ასე ხართ?
-შეიძლება. - წარმოთქვა და თვალები ჩაუპაჭუნა წინ მჯდომს.
-ანთიმოზი ხო? - თავი დაუკრა ბიჭმა. - ანთიმოზ, შენ რა ისტორია გაქვს? სად არიან შენი...
-აა, ხხ, ჰუხთ, ლახ. - მკვეთრად ჩაახველა და გაურკვეველი სიტყვების წარმოთქმას შეუდგა საბა. - უგემრიელესია ანთიმოზ.
-ისე, რომ ლამის დაგახრჩო ხო? - გაეღიმა ბიჭს, თუმცა გარკვეულწილად საბას ქმედებას მიუხვდა.
-თქვენ როგორ მოგწონთ ქალბატონო ელა?
-გთხოვთ ქალბატონოს გარეშე, ახლა თქვენი სტუმარი ვარ.
-მაშინ თქვენც მოაშორეთ ჩემს სახელს ბატონო და შენობით მომმართეთ-მომმართე.
-კარგი, მართლაც რომ გემრიელია, ასეთი კერძი ჯერ არ გამისინჯავს, როგორ მოამზადე?
-მარტივად. მიყვარს კერძების მომზადება და რასაც ვუყურებ ალღოს მალე ვუღებ. - ფეხზე გაიხადა ბიჭმა და ტახტზე შემოდგა, გულში ჩაიხუტა და თითქოს სციოდა ისე მოიკუნტა, მაგრამ თითქოს საკუთარ გრძნობებს ემალებოდა, თითქოს საკუთარი შიშების ეშინოდა და ცდილობდა განმარტოებას.
-ნიჭი გქონია. საოცარი ბავშვი ხარ. - აღტყინებული საუბრობდა ელა.
-ელატრის მითხარი ბავშვები გყავს?
-ოჰ, - გაეცინა მას, თითქოს და რაიმე სასაცილო ისტორია მოეყოლა ვინმეს მისთვის ან ბავშვებს კურიოზულ თემასთან აკავშირებდა, წარმოსახვაში რაღაც სასაცილო კადრი ედგა და მას ვერ იცილებდა. - ჯერ ამისთვის მამაკაცი მყავს მოსაძებნი! - განაცხადა სიცილის შეუწყვეტლად.
სწორი დრო იყო საბას სიტყვის ჩაგდებისა. – „აგერ არა ვარ?!“ - თუმცა ფართოდ უნდა განეჭვრიტა ყველაფერი. უბრალო გართობა, ერთი ქალისთვის რომელიც ლამაზად ეჩვენებოდა რას მოუტანდა. თან საკუთარ სახლში. ჩაფიქრდა, ელას არ ენდომებოდა კაცი მხოლოდ გართობისთვის და სერიოზულ ურთიერთობას მოითხოვდა მისგან, ეს უკანასკნელი კი შეუძლებელი იქნებოდა ვინაიდან მას ცოლი და შვილები ჰყავდა. შემდეგ როგორც ფილმებშია შანტაჟს დაუწყებდა, - „იცოდე ყველაფერს ვეტყვი შენს ცოლს თუ არ დაშორდები. ყველაფერს ვეტყვი, რომ ეს ბავშვი აქ, ჩემს მუცელში შენია, ვეტყვი როგორ ვერთობით მის ზურგს უკან, მისსავე საწოლში და შენს ახალ ხრიკებზე ვუამბობ, რაც ცოლთან არ გამოგდის. გესმის? სერიოზულ ურთიერთობას ვითხოვ, არ მინდა შენი ვიყო, ვინც მხოლოდ ცოლის არ ყოფნაში გაგართობს და მეტი არაფერი.“ გაიგებს მეუღლე, დაკარგავს იდეალურ ქორწინებას, ბავშვებს, დაკარგავს სახლს თუ კარგ ადვოკატს ჩართავს საქმეში როუზი, დაკარგავს ყველაფერს რისთვისაც აქამდე უცხოვრია და უბრძოლია. ამად ერთჯერადი სიამოვნება ნამდვილად არ ღირდა, უკუაგდო ფიქრები, გრძნობები გადამალა, ბნელ წერტილში ჩაკეტა და სერიოზული გამომეტყველება მიიღო.
-მამაკაცის მოძებნა უმარტივესი საქმეა, მითუმეტეს შენნაირი ლამაზი ქალბატონისთვის, ყველა... მათ შორის... - კვლავ ჩაახველა საბამ. - რაღაც მჭირს დილიდან, ალერგია უნდა იყოს გარკვეული, ნუ მომაქცევ ყურადღებას. ვამბობდი, რომ ყველა მამაკაცი გულს და სულს დათმობდა შენთვის, განურჩევლად ასაკისა და ორიენტაციისა. ამის შემხედვარე, რაც შენ გაქვს გინდა თქვა რომ გიჭირს მამაკაცის მოძებნა?
-ჩემო საბა, - გულში კენჭმა გაჰკრა ყოფილ პოლიციელს. სხვა გარემოებაში წარმოუდგა ქალი, დიდი ყანწით ხელში, შეზარხოშებული, სადღეგრძელოს თქმას რომ აპირებს. - მამაკაცები ნამდვილად ბევრნი არიან, მაგრამ ისეთები ვინც ჩემთვის ნამდვილად ბედნიერების მომტანი იქნებიან ცოტა. მე კი იმ კონკრეტულს ვეძებ, მილიონში ერთადერთს, რომელიც ყველაფერს მომცემს რაც მსურს და ბედნიერს გამხდის.
-სრულიად ბუნებრივია.
-ღმერთო... - უეცრად საათს დახედა ელამ. - სამსახურში მაგვიანდება, უფროსი მომკლავს.
-შენც საშინელი უფროსი გყავს არა? - დანანებით თქვა საბამ.
-მტრისას მის თვალებს სადმე გადაეყარო თუ რაიმე დააშავე.
-მე კი გუშინ თავზე დავახურე ყველაფერი უფროსს და ისე წამოვედი სამსახურიდან. დროა შენც იფიქრო განვითარებაზე, დროა.
-კარგი, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, დაგიკავშირდებით და შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას.
-დიახ, მხოლოდ მაშინ დავთანხმდები მეც, თუ პირადად შენ დამიმკავშირდები და სხვა რიგით ოპერატორს არ გადამცემ, ვინც მთელი დღე ფეხების ფხანითაა დაკავებული და ყავის სმით, უსაქმურად თავის გვერდში მჯდომს რომ ეჭორავება და საქმის გასაწელად ცდილობს ყველაფერი გვიან, გვიან გააკეთოს.
-კარგი, პირადად დაგიკავშირდები და ვუხელმძღვანელებ ამ საქმეს. - დაეთანხმა ელაც. კარის ზღურბლზე ხელი ჩამოართვა და დაემშვიდობნენ ერთმანეთს.
ამასობაში ტაქსი გაჩერდა მისი ეზოს წინ და ლეოსთან შეხვედრა გაახსენდა. ისე გაქცეოდა დრო ვერც გაეგო. თავში ხელები ირტყა სულ, მაგრამ მომღიმარმა ხელი დაუქნია მეწყვილეს და სახლში შეუძღვა. ისიც სასტუმრო ოთახში დასვა და თავად ყველაფრის ალაგებას შეუდგა. - ყავას შენც ხომ არ დალევ?
-არა, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ვინ გყავდა სტუმრად, ვინ იყო ეს ქალი?
-რავიცი ვინ იყო. - უხეშად უპასუხა საბამ.
-ვინ იყო და უძრავი აგენტი. - თქვა ბიჭმა.
-მოიცა, სახლის გაყიდვას აპირებ? - განცვიფრდა ლეო, მაგრამ ამის კითხვის შემდეგ ისეთი სახე მიიღო, თითქოს კიდევ უფრო განცვიფრების მიზეზი ჰქონდა, ბიჭს შეხედა. - ახლა შენ თქვი რამე?
-დიახ, - გაეღიმა ანთიმოზს. - რა სასაცილოები ხართ. მასაც შენნაირი რეაქცია ჰქონდა. - ხელი საბა დოლიძეს მიუშვირა და კიდევ უფრო მეტად ახარხარდა. ეს პროგრესი იყო. თავადაც ხვდებოდა და ხვდებოდნენ მეწყვილეები, რომლებიც სამსახურის დაკარგვის შემდეგ პირველად შეიკრიბნენ ერთად.
-ყოჩაღ ბიჭუნი. - თმებზე წაეთამაშა, ისე თითქოს რვა წლის პატარა ბავშვი ყოფილიყოს.
-ანთიმოზი.
-რა?
-ჩემი სახელი. ანთიმოზი.
-გასაგებია ანთიმოზ. - კრძალვით ჯერ საბას შეხედა, შემდეგ ანთიმოზს და ხელები აღაპყრო მაღლა. - მომიტევეთ ჩემი დანაშაული. ღმერთო მაპატიე, ვინაიდან შევცოდე...
-კარგი გეყო ბიჭო, არ შეაშინო ბავშვი, ძლივს ხმა ამოიდგა. - მხარზე ხელი დაჰკრა საბამ. - შენს შემხედვარე მეც კი საშინელებათა ფილმში მგონია თავი, ეს ბავშვი კი რას იფიქრებს.
-დამშვიდდით ბიჭებო, ნუ გეშინიათ. რაც მჭირდებოდა მივიღე, ახლა ბედნიერი ვარ.
-და რა არის ეს, რაც მიიღე? - არ ცოდნით გაკვირვებულმა იკითხა ლეომ.
-ოჯახი. - მზრუნველ თვალებს გადააწყდა საბასას და კიდევ ერთხელ დარწმუნდა ამ ოჯახის სიმყარეში და რეალობაში.
-ყველაზე მაგარი ადამიანია ეს, დამიჯერე... - ლეომ ძმაკაცის შექება სცადა. - მასთან ბედნიერებისგან ცას ეწევი, საოცარი კაცია, თითს უბრალოდ არ სწევს და არავის სწირავს, ვისაც დახმარება სჭირდება. მოუყევი შენი ისტორია? მოუყევი რა!
-რა უნდა მოვუყვე?
-კარგი მე მოვუყვები. - ხელები ერთმანეთს წაუსვა გახურების მიზნით და ტახტზე ჩამოჯდა. - ბავშვობაში, როდესაც ჯერ კიდევ იმდენის იყო რომ სკოლაში მხოლოდ მზეებით და მთვარეებით უსწორებდნენ დავალებებს ნიშნების გარდა ძალიან ცელქი იყო ჩვენი საბა, ძალიან ცელქი, იმდენად ცელქი რომ დღე არ გადიოდა რამე არ დაეშავებინა, თუმცა იმ კატეგორიაშიც არ იყო, რომ უმიზეზოდ ვიღაცებს ფეხს უდებენ, წიხლებს ურტყამენ და სცემენ... - შეისვენა და თითქოს ახლა იწყება კულმინაციაო ისე განაგრძო. - კლასში კი არა მთელ სკოლაში მჩაგვრელთა მცველის სახელი ჰქონდა გავარდნილი. ხომ ხვდები, მაფიოზივით იჯდა თავის მერხზე და სხვები, ვისაც რაიმე დახმარება სჭირდებოდა ისინი მიდიოდნენ მასთან და ითხოვდნენ შველას. ესეც ყველას ეხმარებოდა გარკვეულწილად, ზოგს როგორ, ზოგს როგორ... ერთხელაც ერთი საყვარელი, მოწრიპული გოგო მივიდა მასთან და დახმარების ხელის გაწვდენა სთხოვა. ზაფხული ახლოვდებოდა და რამდენიმე დღეში არდადეგები ეწყებოდათ...
-კარგი რა! არ გინდა, გამაწითლებ... - გააწყვეტინა საბამ.
-მორჩი სისულელეებს, - ხელი აიქნია ლეომ. ბიჭი წინ დაისვა, თვალებში ჩააჩერდა, პირდაპირ უყურებდა თითქოს მის სულს უნდოდა შეხებოდა და ისე განაგრძო მოყოლა არც შეუმჩნევია საერთოდ თუ შეაწყვეტინეს. - მივიდა და რა სთხოვა, აქამდე ყველა მხოლოდ საკუთარი თავისთვის სთხოვდა დახმარებას, თუ ვინმე სჩაგრავდა ან რაიმე სხვა სახის დახმარება თუ უნდოდა, მაგრამ ამ პატარა გოგონამ ერთი მარტოსული ბიჭი აჩვენა, რომელიც სკოლის მახლობლად დაიარებოდა ხოლმე, მაგრამ სკოლაში არ დადიოდა. ამ ბიჭს მშობლები არ ჰყავდა, დახეული ფეხსაცმელები და შარვალი ეცვა, მაისურიც გაცვეთილი, იმ დონეზე გაცვეთილი რომ მხოლოდ ძაღლები თუ მოისაქმებდნენ ზედ, სხვა ხელს არ დააკარებდა. აჩვენა და სთხოვა, მისთვის ოჯახი ეპოვნა. სანაცვლოდ დაჰპირდა ყველაფერს მოგცემ რასაც ისურვებო, მაგრამ სამომავლოდ მისთვის არაფერი გამოურთმევია, უანგაროდ დაეხმარა, მთელი ზაფხული ერთად ატარებდნენ დროს ეს სამეული, მთელი ზაფხული ერთ ეზოში თამაშობდნენ, ერთად ცდილობდნენ სხვადასხვა ოჯახებთან დაახლოებას, განსაკუთრებით ისეთებთან ვისაც შვილი არ ჰყავდა. მართალია სულ პატარები იყვნენ, მაგრამ საბას, ო, საბას დიდი გამჭრიახი გონება ჰქონდა ბავშვობიდანვე და ძალიან ჭკვიანი იყო, ნიჭიერი და ზედმეტად სერიოზულიც როცა ეს სჭირდებოდა. ისე დაელაპარაკებოდა უფროსს, როგორც მის სწორს და ეს მისი მშობლების დამსახურებაც იყო, განათლებული მშობლები ჰყავდა, ასწავლიდნენ სანამ სკოლაში შევიდოდა მანამდე ყველაფერს, რაც შემდეგ გამოადგებოდა ადამიანებთან კომუნიკაციაში. საბოლოოდ ამ პატარა ბიჭს, უპოვეს თავშესაფარი, უპოვეს ოჯახი, რაც მისთვის ესოდენ ძვირფასი იყო, მადლიერი თვალებით უყურებდა მათ და ლოცავდა მზერით, გამომეტყველებით, ყველაფრით, რითიც შეეძლო. აბა გამოიცანი ვინ იყო ეს ბიჭი?
-არ ვიცი. - თავი მორცხვად დახარა ანთიმოზმა. - საიდან მეცოდინება...
-კარგად დაფიქრდი, დაძაბე გონება, კარგად... მიდი მიდი.... დაძაბე... იფიქრე... ჰა...
-არ ვიცი-თქო! ვაჰ. - დაუყვავა ბიჭმა და ზურგი შეაქცია ორივეს, მემასხარავებიანო ჩათვალა.
-ეს ბიჭი მე ვიყავი. - ალალად თქვა ლეომ. - საბა მე დამეხმარა ოჯახის პოვნაში და პოლიციაშიც ამიტომ დაიწყო მუშაობა, მისი მოწოდების საპოვნელად, რათა სხვებს კანონის ძალითაც დახმარებოდა.
-ხოლო ის გოგონა, ჩემი მეუღლე გახდა - როუზი. - დაასრულა თხრობა საბამ. - მას არაფერი მოუცია საკუთარი გულის გარდა, როგორც აღნიშნა ლეომ.
-საოცარია. - შემოტრიალდა კვლავ თიმო. - მეც მინდა ადამიანებს დავეხმარო, მეც პოლიციელი გავხდები!
-ჯიგარი ხარ. - ხელი დაარტყა ლეომ და საბას შეხედა. - რას ვაპირებთ? არ მივდივართ?
-ა, ჰო. სულ ამომივარდა თავიდან, მაგრამ ანთიმოზს ხომ მარტო ვერ დავტოვებთ? ცოტა ხანიც მოიცადე, ჩემი ბიჭები მოვლენ სადაცაა და მერე წავიდეთ.
კარზე კვლავ ზარის ხმა გაისმა.
-აი ვახსენე და მგონი გამოჩნდნენ. - თქვა მან. - ღმერთო როუზი როგორ უძლებს ამდენს, წარა-მარა კარებს რომ აღებს და სახეზე მადლიერი ღიმილი რომ აკერია მუდამ. წარა-მარა!
თიმო დასცინოდა საბას. ცხოვრება მას არ მოქცევია კარგად, მაგრამ საბოლოოდ ცხოვრების აზრიც იპოვა და მიზანიც, ერთიანად გაუსხივოსნდა თითქოს რისი კეთებაც სურდა და ეს გულით უნდოდა.
-ჩემი ვაჟკაცები მოსულაა... - გააღო თუ არა კარი პირი ერთიანად მიეყინა, გაქვავდა და კარსაც მოსცილდა. - უკაცრავად ვინ ბრძანდებით? - რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ ძლივს წაიბორძიკა.
-ბავშვთა თავშესაფრისთვის არსებული პირობების შემდგენი ორგანიზატორი და დამკვირვებელი გახლავართ. - თქვა ქალმა, რომელიც სახლში ასევე დაუკითხავად შემოვიდა. - ხოლო ეს ქალბატონი ადვოკატია, რომელმაც ბატონი ფრიდონ დოლიძის ანდერძი მოგიტანათ.
-უკაცრავად? გამაგებინებთ ვინმე რა ხდება აქ?! - გამძვინვარებული ლომივით დაიღრიალა მამაკაცმა.
-დიახ, მარტივად. - დაიწყო იმ ქალმა, რომელსაც ხელში საბას ბაბუის ანდერძი ეჭირა. - ბაბუათქვენის ანდერძს აკლდა ერთი მთავარი ატრიბუტი და უწყება, რომელიც მაშინვე არ უნდა ჩაგბარებოდათ როგორც კი გარდაიცვლებოდა, ზუსტი მითითებები გაწერა ამ ანდერძში და დამიბარა...
თხრობა შეწყვიტა, სახლს მოავლო თვალი და კმაყოფილებით აკანტურებდა თავს. - დამიბარა რომ როდესაც სამსახურს დაკარგავდით და სახსრები შემოგაკლდებოდათ, დამატებით ეს ათი ათასი დოლარი გადმომეცა თქვენთვის, ინებეთ... - ნოტარიულად დამოწმებული ფურცელი გადააწოდა საბას უცნობმა ქალმა, ზედ ბაბუამისის ხელმოწერა ერთოდა თან. გაოგნებული იყო, ვინაიდან ფრიდონი ათ წელზე მეტია გარდაცვლილი იყო და მას შემდეგ ნერვიულობისგან მამამისიც კუდში მიჰყვა, ახლა კი ვიღაც ქალი კარზე მოადგა და უცხადებს რომ ის ანდერძი რომელიც პირველად მიიღო ბოლო ვერსია არ იყო და რაღაც დეტალი აკლდა, კი მაგრამ ასე მისტიურად რატომ მოიქცა? ფიქრობდა ის და ეგონა წამი წამს გამეღვიძებაო, მაგრამ სიცხადეში დაბრუნებას ვერ ახერხებდა.
-ამდენი საიდან ჰქონდა ბაბუაჩემს? რაც დაგვიტოვა იმის გარდა კიდევ ათი ათასი დოლარი?
-დიახ... ეს თანხა მას სხვადასხვა ორგანიზაციების აქციებით ერგო წილად, ამ ხნის განმავლობაში მისი დაბანდებული ქონება იზრდებოდა და იზრდებოდა, ხოლო ახლა თქვენ გიბრუნდებათ, თუმცა ერთი პირობით: შეასრულოთ გარდაცვლილის უკანასკნელი სურვილი, სხვა შემთხვევაში ყველაფერი ანულირდება. - დაასრულა სათქმელი და გადახედა სამივეს. პასუხის მოლოდინში ცოტა დაიღალა კიდეც, ლეომ შეატყო საბა არაფრის მთქმელი არააო და თავად სცადა ანდერძის გამორთმევა მათთვის.
-დიახ, დიახ, პასუხისმგებლები ვართ, წაგვიკითხეთ რა სურვილი ჰქონდა მას...
-ფრიდონ დოლიძის უკანასკნელი სურვილი ამ სახლის თავშესაფრად გადაკეთება იყო. - თქვა საბოლოოდ მან და ანდერძიც, ზუსტად ბაბუამისის ხელნაწერით შესრულებული გადააწოდა საბას და დაელოდა სანამ წაკითხვას დაასრულებდა. შოკისგან ელდანაცემი უმცროსი დოლიძე კი აზრზეც ვერ მოდიოდა რომ მსგავსი რამ საერთოდ შესაძლებელი იყო. ამდენი ხნის განმავლობაში დაემალათ მისთვის სხვა ანდერძი და მაშინ გამოეჩინათ როდესაც ეს ასე სჭირდებოდა. დიახ, ნამდვილად სჭირდებოდა.



№1  offline წევრი EllaTriss

ვაიმეე, ეს რაიყოო. შოკი მაქ, ასე მეგონა მართლა მე ვიყავი და მე ველაპარაკებოდი საბას :დ საიდან, როგორ შემომაპარე ისტორიაში ასე კარგად კიდევ ვერ ვხვდები :დ
ისე მაინტერესებს როგორ განვითარდება, როგორც არასდროს.

და აი, ის რომ არ ავღნიშნო არ შემიძლია: "ნალექიანი, უშაქრო.. :"დ, თითქოს მართლა ასე კარგად მიცნობდე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent