შენი სულის მელოდია (მეხუთე თავი)
მართალია, ჩემი ცხოვრება ერთი-ორად გართულდა, თუმცა ეს სულაც არ მათავისუფლებს იმ ვალდებულებისგან, რომელსაც "ახალი წლის საჩუქრების ყიდვა" ჰქვია. თანაც ნიკოლასიც მოვა და მისთვისაც რამე უნდა ვიყიდო. მე და ლანას ტრადიცია გვაქვს. ახალ წელს შოკოლადიან ორცხობილებს ვაცხობთ და ერთ-ერთ მათგანში მოზრდილ მონეტას ვდებთ. რომელსაც შეხვდებოდა მონეტიანი ორცხობილა, მას წარმატებული წელი ექნებოდა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გვჯერა. ამიტომ სანამ საჩუქრების საყიდლად წავალ, ისინი უნდა გამოვაცხოთ. ცხობისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი მუსიკაა, ამიტომ შესაფერის მელოდიას ვარჩევ და საქმეს ვიწყებთ. რა თქმა უნდა, წლევანდელი სამზადისი ცოტათი განსხვავდება წინა წლებისგან, ვინაიდან მაშინ ჩვენს სამზარეულოში მფრინავ პროდუქტებს ვერ ნახავდით, ვერც იმ ჭურჭელს, დამოუკიდებლად, რომ ასრულებს საკუთარ საქმეს. უცნაურია? ლანასთვის სულაც არა, ნუ არც ჩემთვის! ხო, კარგი, ამას ნელ-ნელა ვეგუები. –მთავარია სუნთქვა აკონტროლო, ანაბელ. ყოველთვის ამას გიმეორებ, მაგრმა ხანდახან გავიწყდება. ყოჩაღ! ახლა უკეთ გამოგდის. –ხო, მაგრამ.... საუბარ...ი მიჭირს... ჯერ კიდევ-ვამბობ ნაწყვეტ-ნაწყვეტ და ჯამში შაქარს ვყრი. მერე მიქსერს ხელით ვანიშნებ და ჯამში მოთავსებულ მასას ვურევ. –არაფერია, მალე დაიხვეწები და ბევრად უკეთ გამოგივა ყველაფერი-მანუგეშებს ლანა. –ვიმედოვნებ, ასე იქნება. გუშინ მთელი დღე მწყუროდა და ალექსანდრემ მითხრა, მცენარეების მორწყვა რომ დამავიწყდა, ამის ბრალია. –რა თქმა უნდა, ანაბელ, შენ ხომ ნახევრად ნიმფაც ხარ, ამიტომ ბუნებასთან ძლიერი კავშირი გაქვს. ნელ-ნელა საკუთარ შესაძლებლობებს კარგად გაეცნობი. წესით ისინი თავს 4-5 წლიდან იჩენენ, მაგრამ შენ სწორედ ამ ასაკში გაგიკეთეს უარყოფის შელოცვა. მობილურის ხმა მესმის. ეკრანს დავყურებ და ერთდროულად უამრავი ემოცია მიპყრობს. თანაც ერთმანეთს ისე სწრაფად ცვლიან, რომ წარმოუდგენელია იმის გარკვევა, კონკრეულად რას ვგრძნობ. რატომ? მეგობრობის თხოვნა მომდის ბაჩო არაბულისგან. მგონი, სწორად ვკითხულობ და არც მძინავს. ბაჩო არაბული წერია. სახეზე მომდგარ სისხლს ვგრძნობ და ვხვდები როგორ მიწითლდება ლოყები. რა თქმა უნდა, ეს არც ლანას ყურადღების მიღმა რჩება: –რამე მოხდა? –ჰა?-ვეუბნები დაბნეული, რადგან ვერ გავიგე რა მკითხა. –ლოყები შეგეფარკლა, ამიტომ ვიფიქრე, რაღაც მნიშვნელოვანი, მოხდა. –მე... უბრალოდ... არა... ეს არც ისე მნიშვნელოვანია-სათქმელს თავს ძლივს ვუყრი და ვცდილობ თავი უდარდელად მოვაჩვენო. –ჩემთან არაფერია, მთავარია, მას არ აჩვენო, რომ მოგწონს, თორემ ინტერესს დაკარგავს! ბიჭების 90% ასეა. იქამდე მოსწონხარ, ვიდრე შენს ყურადღებას მთლიანად დაიპყრობს. –მოიცა, რანაირად მიხვდი? –სკოლელია?-თავს ვუქნევ და სკამზე ვჯდები. –მხოლოდ მეგობრობა გამომიგზავნა, ცოლობა ხომ არ უთხოვია, არა?-სიცილით ვპასუხობ. –მთავარია, შენით დაინტერესდა. ყველაფერი კი ამით იწყება-მითხრა ღიმილით და თვალი ჩამიკრა. ლანას მზერაში სიმსუბუქე იგრძნობოდა. ვხედავდი, საიდუმლოებების გამხელის შემდეგ, თავისუფლად დაიწყო სუნთქვა. -უცნაურია შენგან ასეთი რჩევების მიღება-ვამბობ სიცილით-ამ თემაზე არასდროს გვისაუბრია. ოდესმე გყვარებია? -მხოლოდ ერთხელ-მპასუხობს რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ და სევდიანი ღიმილით ამატებს-მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ. ყველაზე საოცარი, შეუფასებელი დრო იყო, რომელსაც ვეღარასდროს დავიბრუნებ. შეგვიძლია უსასრულოდ დაველოდოთ ბედნიერებას, წარმატებას, სიყვარულს, სიბერეს, ღმერთს... მაგრამ არა ბავშვობას. იცი, წლები რაც უფრო მემატება, მით უფრო ვხვდები, რომ ყოველი წუთი ბედნიერების ის 60 წამია, რომლებსაც უკან უკვე ვეღარ დავაბრუნებთ და ამიტომ მნიშვნელოვანია აქ და ახლა ვიცხოვროთ. ყოველი წამი დავაფასოთ, რომ მერე გვიანი არ იყოს. -მან შენი გრძნობების შესახებ არ იცოდა? -რომ წამოვიზარდეთ, აშკარა გახდა, რომ ეს მეტი იყო, ვიდრე მეგობრობა. პირველი თავად გამომიტყდა. გული სიხარულს ვერ იტევდა, მაგრამ თან წარმოდგენ არ მქონდა როგორ მოვქცეულიყავი, რადგან ის უკვე აღარ იყო მხოლოდ მეგობარი. ისეთი ახალგაზრდები და მეამიტები ვიყავით?! -რა ერქვა? -ანდრია-მისი სახელი ღიმილით წარმოთქვა, მაგრამ შევამჩნიე ამ ღიმილის მიღმა რამხელა ტკივილი იმალებოდა-ახლა ამაზე ვერ მოგიყვები, ჩემო პატარა. ეს არაა სასიყვარულო ისტორია ბედნიერი დასასრულით... დღეს კი დღესასწაულია. მოდი ნუ გავიფუჭებთ საახალწლო განწყობას. * * * ლანასა და ნიკოლასისთვის საჩუქრები უკვე არჩეული მქონდა. ასე რომ ყიდვაზე ბევრი დრო არ დამიხარჯავს. გვერდითა მაღაზიიდან შესაფუთ-მოსართავებიც ვიყიდე და უკვე სავაჭრო ცენტრიდან გამოსვლას ვაპირებდი, როდესაც მინის დახლიდან შავმა ტყავის ხელთათმანებმა "დამიძახეს". მათ დანახვაზე ალექსანდრეს ტყავის ქურთუკი გამახსენდა, რომელსაც ძალიან მოუხდებოდა ასეთი აქსესუარი. თუმცა არა! არა და არა! ამას არ ვიყიდი! ასე რომ მოვიქცე, ეგ ერთუჯრედიანი სისულელეების ლაპარაკს დაიწყებს და ნერვებს მომიშლის. თანაც რა ვალდებულია? ჯერ ერთი კვირაც არაა, რაც მისი არსებობის შესახებ გავიგე. ჩქარი ნაბიჯით გარეთ გავდივარ, რომ არ გადავიფიქრო. ქუჩას მივუყვები და ფიქრს განვაგრძობ. ხო, მაგრამ ის უფრო უხერხული არ იქნება, მხოლოდ მას რომ არ ექნება საჩუქარი? ან იქნებ ვუყიდო და არ შევფუთო? უბრალოდ მივცემ და მიხვდება, რომ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ვჩუქნი? ფიქრს ვწყვეტ და ვაცნობიერებ, რომ ჯერ კიდეც დახლის წინ ვდგავარ. ოხ, ჯანდაბას! –გამარჯობა! გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! მრავალს დაესწარით- ვუღიმი გამყიდველს. –ასევე, საყვარელო! ბედნიერება არ მოგაკლოს ღმერთმა- მპასუხობს და სახეზე ღიმილი ესახება. –ეს შავი ხელთათმანები შეგიძლიათ მაჩვენოთ? –შავი მწვანით? –დიახ –რა ზომა გინდათ? –ზომა... არ ვიცი. 24 წლისაა –შეყვარებულისთვისაა? –ღმერთმა დამიფაროს! არა!-ამ სიტყვებს ზედმეტად ხმამაღლა ვამბობ. –კარგი, უბრალოდ ვიკითხე-ეცინება დახლს იქით მდგომს–მაშინ სტანდარტულს მოგცემ და თუ რამე პრობლემა იქნება 3-დან ისევ განვაგრძობ მუშაობას, მოდი და გამოგიცვლი. –კარგი, დიდი მადლობა- ვამბობ და იმ პაკეტს ვკიდებ ხელს, რომელშიც ხელთათმანები დევს. სანამ გარეთ გავალ ჩემს ყურადღებას ორი გოგონა იპყრობს. დაქალი არასდროს მყოლია, სამწუხაროდ. უკვე იცით, რომ ჩემი ერთადერთი მეგობარი ნიკოლასია. ნეტა შენივე სქესის წარმომადგენელთან მეგობრობა როგორია? ეს არ ვიცი, მაგრამ საახალწლოდ თბილისი საოცარი რომაა, ამას ნამდვილად დაგიდასტურებთ. დარწმუნებული ვარ, ყოველ ახალ წელს გესმით სიტყვები იმის შესახებ, რომ ახალი წლის ღამე ჯადოსნურია. არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ სამყაროს კეთილ ემოციებს თუ აჩუქებ, შენს ყოველ დღეს აქცევს სასწაულად. ამბობენ, შობისას ნიუ-იორკი ყველაზე ლამაზი სანახავიაო. სიმართლე, რომ გითხრა, მე თბილისის სილამაზეც მყოფნის! ვგიჟდები მის მორთულ, განათებულ ქუჩებსა და იმ მაგიურ აურაზე, რომელიც ყველგან ტრიალებს. შეიძლება, ჩვენი ბურთებიანი ხე ნიუ-იორკის საშობაო ნაძვს სულაც არ ჰგავს, მაგრამ მთავარია, რომ ამას ქართული სუნი აქვს. ხო, ზუსტად! ქართული სუნი! ახლა ალბათ, გიკვირთ რას ვბოდავ, თუმცა თუ კარგად დაუკვირდებით, თქვენც იგრძნობთ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ვერც ერთი ნაძვის ხე და მორთულობა ვერ შეედრება თვალებანთებული ხალხით სავსე ქუჩებს, რომლებსაც ბავშვურად სუფთა და ბედნიერი სახეები აქვთ. ხელჩაკიდებული წყვილები და გნომის ქუდიანი პაწაწუნა ბავშვები. რა არის ეს თუ არა მაგია? თავისუფლების მოედანზე უამრავი ხალხი შეყრილა. თოვლა არ არის, თუმცა ძალიან ცივა. ყავასა და ცხელ შოკოლადს ყიდულობენ გათბობის მიზნით და მომღიმარი სახეებით დადიან. სახლში დაბრუნებისთანავე შევფუთე საჩუქრები (რა თქმა უნდა, ჩემი არაბუნებრივი შესაძლებლობების დახმარებით) და ნაძვის ხის ქვეშ დავდე. საღამომდე ტელეკინეზში ვივარჯიშე, მერე კი ლანასთან ერთად მაგიდის გაშლას შევუდექი. ჰაერში მოცურავე ნივთები ფილმის კადრს მოგაგოგებდათ. ამის ყურება ერთდროულად საშიში და გასაოცარია. ასეთი რაღაცების კეთება შემიძლია, სამწუხაროა, რომ ნიკას ვერ ვაჩვენებ. აქამდე საიდუმლო არ გვქონდია. ძალიან რთულია ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის დამალვა. თუ გაიგებს, ძალიან ეწყინება, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ მაპატიებს. თუ მოვუყვები, გამოდის, რომ ის ავტომატურად ლეილას ბინძური თამაშისთვის მორიგი პაიკი იქნება. ვერ დავუშვებ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. მირჩევნია ჩემზე ბრაზობდეს და ცოცხალი იყოს. მას რომ რამე დაემართოს, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ. ფიქრებში გართული სოციალური ქსელის ლენტს ვსქროლავ, როდესაც მესენჯერში შეტყობინება მომდის. „გილოცავ, დამდეგს!“-ამის წაკითხვა და ჩემი კივილი ერთია. რა მაკივლებს? და თქვენ რას იზამდით, იმ ადამიანს რომ მოეწერა, რომელიც 4 წელია უიმედოდ მოგწონთ? რა თქმა უნდა, ლანა რამდენიმე წამში ჩემს ოთახში გაჩნდა შეშინებული და მხოლოდ მაშინ დამტოვა, როდესაც დარწმუნდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. არადა ყველაფერი კარგად სულაც არაა! 13 წლის ბავშვივით ავწრიალდი, ავნერვიულდი. ამ მომენტს იმდენი წელი ველოდებოდი და ახლა წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა მივწერო? იქნებ „მეც გილოცავ“ ? თუმცა არა! ზედმეტად ბანალურია. მივწერ „მადლობა, ასევე“-ს და გაღიმებული სმაილი. თუ სმაილი არ ღირს? არ უნდა მიხვდეს რომ ამას მთელი ცხოვრებაა ველოდები! იქნებ ნიკას ვკითხო? არა, არა, ამდენი დრო არ მაქვს. კარგი მიდი მისწერე და რაც იქნება იყოს! ვცდილობ, საკუთარი თავი გავამხნევო, თუმცა ეს არც ისე კარგად გამომდის, რადგან სანამ შესაფერის სიტყვებს ვკრეფ, ჩემი გული მარათონითაა დაკავებული და ვერც კი ხვდება, რომ ასე შეიძლება პერანგი დაიზიანოს. პირველ შეტყობინებას ვაგზავნი და ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს ზოგადსაკაცობრიო პრობლემა გადავჭერი. პასუხს მალევე მიბრუნებს და მერე რამდენიმე საათი 10 წუთში გადის. სასაუბრო თემები ერთმანეთს ცვლიან და მეც დედამიწაზე ლანას ხმა მაბრუნებს: –ანაბელ, ცოტახნით გცალია? მინდა ეს იქამდე მოგცე, სანამ ნიკოლასი მოვა-ჩემს ყურადღებას საკმაოდ მოზრდილი ნივთი იპყრობს, რომელიც ძველ ქსოვილშია შეხვეული. ხალიჩიდან ლოგინზე ვთავსდები და ლანას კითხვისნიშნიანი მზერით შევცქერი. ის მიახლოვდება, ლოგინზე ჯდება, მას მუხლებზე მიდებს და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძობს-ადელაინმა მთხოვა, ეს შენთვის მას შემდეგ გადმომეცა, რაც სიმართლეს გაიგებდი. ადელაინის სახელის ხსენებაზე თვალები ცრემლებით მევსება. ნივთს ქსოვილისგან აკანკალებული ხელებით ვათავისუფლებ. ერთდროულად ამაღელვებელ სიხარულსა და უზომო სევდას ვგრძნობ. ჩემს ცხოვრებაში დღე არ გასულა, მშობლებზე რომ არ მეფიქროს. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ რას არ გავიღებდი, ოღონდ უბრალოდ იმის შესახებ მცოდნოდა, რომ მათ ვუყვარდი და ხელი არ მკრეს. მაგრამ ყველა ჩემი მცდელობა უშედეგო იყო. ლანა ამაზე არ ლაპარაკობდა და მხოლოდ იმას მეუბნებოდა, რომ როცა დრო მოვა ყველაფერს შევიტყობ. ქსოვილის უკან სქელი ტყავისყდიანი წიგნი აღმოჩნდა, რომელიც ადელაინმა ჩემთვის გააკეთებინა. მასში უნდა ყოფილიყო ყველაფერი, რაც მაგიის შესწავლის პირველ ეტაპზე დამჭირდებოდა. წიგნი როგორც კი გადავშალე, ჩემი ყურადღება მომცრო ზომის სურათმა მიიქცია. მასზე ახალგაზრდა ქალი იყო გამოსახული, გრძელი ქერა თმითა და დიდი მწვანე თვალებით. –ვიფიქრე, ეს ყველაზე კარგი საახალწლო საჩუქარი იქნებოდა-მითხრა და სევდიანად გამიღიმა. –წარმოდგენა არ გაქვს, ეს ჩემთვის რამდენს ნიშნავს. დიდი მადლობა, ლანა- მთელი ძალით ჩავეხუტე. მანაც ხელები შემომხვია და შუბლზე მაკოცა. –მალე ნიკა მოვა. ალექსანდრემ იცის? –ვეტყვი. მოუწევს, ოთახიდან არ გამოვიდეს.- ფეხზე ვდგები, წიგნს კედელთან მდგარ მაგიდაზე ვდებ, უჯრიდან საჩუქარს ვიღებ და ოთახიდან გავდივარ. მის ოთახს მივუახლოვდი და კარებზე დავაკაკუნე. –ალექსანდრე, შეიძლება შემოვიდე?-რამდენიმე წამი დაველოდე, თუმცა არ მიპასუხა. კიდევ ერთხელ დავაკაკუნე და იგივე სიტყვები გავიმეორე, თუმცა ამჯერადაც არ გამოხმაურებია. ასე რომ ოთახში შევედი, რათა ხელთათმანები იქვე დამედო. ოთახს ნამდვილად ეტყობოდა, რომ მასში სამხედრო ცხოვრობს. ყველაფერი თავის ადგილას ეწყო, საწოლიც იდეალურად იყო გასწორებული და ერთი შეხედვით ვერც იფიქრებდით, რომ ბიჭის ოთახში აღმოჩნდით. საჩუქარი საწოლზე დავდე. ოთახიდან გასვლას ვაპირებდი, როცა მაგიდაზე გადაშლილი ტყავის ჩასადები დავინახე უამრავი ცივი იარაღით. სხვადასხვა ზომისა და ფორმის დანებითა და ბეჭდისმაგვარი პატარა საგნებით. ზოგიერთ მათგანს პირველად ვხედავდი, ასე რომ იმდენად გავერთე მათ დათვალიერებაში, რომ ვერ შევამჩნიე, როდის შემოვიდა ალექსანდრე ოთახში. ჯერ კიდევ ოთახის კართან იდგა, ცალი მხარით კედელს ეყრდნობოდა. –ბოდიში დაუკითხავად შემოვედი. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ცოტახანში ნიკოლასი მოვა- სიტყვები წარმოვთქვი და ყურადღება მის სველ თმასა და ცოტა დაღლილ სახეს მივაქციე. როგორც ჩანს ახლახანს დაბრუნდა ვარჯიშიდან. –არ მეგონა, საბრძოლო იარაღები თუ გაინტერესებდა. –დემონებს მაგიით რატომ არ ებრძვით? –დემონის დასამარცხებლად საკუთარ ძალებს ძალიან კარგად უნდა ფლობდე და ამავდროულად ძლიერი ჯადოქარი უნდა იყო. ანმერიდასში ჯადოქრები საკუთარი ცოდნის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების მიხედვით სხვადასხვა დონეს მიეკუთვნებიან. არსებობენ სუსტი, საშუალო და ძლიერი მაგები. საუკენეების წინ ძლიერები უმრავლესობას წარმოადგენდნენ, ახლა კი მათი რაოდენობა საკმაოდ შემცირებულია. ამიტომ დემონთა წინააღმდეგ ჯადოქართა დიდ არმიას ვერ შევქმნით. –ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფ მაგებს რა შესაძლებლობები აქვთ? –ისინი ძირითადად მკურნალები და წინასწარმეტყველები არიან. იშვიათად, თუმცა ჩვეულებრივი ადამიანებიც იბადებიან ჩვენს შორის. –გამოდის რომ მათ არანაირი ზებუნებრივი შესაძლებლობა არ აქვთ?-უარის ნიშნად თავი გააქნია. –ქალები მიქსტურებისა და საწამლავების მომზადებას სწავლობენ, მამაკაცები კი სამხედრო სასწავლებელში ბრძოლის ხელოვნებას ეუფლებიან. –დემონის მოკვლა ჩვეულებრივი იარაღითაც შეიძლება? –არა. ასე მხოლოდ მის დაჭრას და დასუსტებას შეძლებ. ყოველ მათგანს შელოცვა ადევს–მაგიდაზე დაწყობილ საბრძოლო იარაღზე მიმითითებს. –ზოგიერთს პირველად ვხედავ. ამ ბეჭდისებრ კასტეტებს რა ჰქვიათ? –მათ სათითეებს ვეძახით. მტრის მოსაგერიებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, თუ მისი გამოყენება იცი. ეს ორთითაა, მის გვერდით კი ხვეულა დევს-მაგიდასთან ახლოს, ჩემს პირადპირ დგება და დაწვრილებით მიხსნის–ამ კბილებიანს კი ხერხულა ჰქვია. –მათი დახმარებით მოწინააღმდეგეს როგორ უსწორდებით?–საბრძოლო იარაღებიდან მზერა მასზე გადამაქვს, რომელიც ჩემზე ერთი თავით მაღალია. ალექსანდრეც შავ სფეროებს მაპყრობს. –გამოცლიდი მებრძოლი მტერს მარტივად გამოსჭრის ყელს, ასევე საძილე არტერიის და თვალის დაზიანებაც შესაძლებელია. –გამოდის მხოლოდ დემონეს არ ებრძვით? –არა, რა თქმა უნდა. –ესენი ყველაზე ნაკლებად საშიშად გამოიყურებიან-ვამბობ ორ ლითონის მსხვილ, მკლავის სიგრძე ჯოხზე. –ტოკვეცებს სისწრაფეში სავარჯიშოდ იყენებენ. –გასაგებია. ჩანთაზე სინათლის სამეფოს გერბია? –არა. მიწის სამეფოს. –მეგონა... –კი, სინათლის სამეფოდან ვარ და რადგანაც საუკეთესო სამხედრო სასწავლებელი მიწის სამეფოშია, ამიტომ 9 წლიდან იქ ვცხოვრობ და დღემდე იქ ვმსახურობ–წინადადების დასრულება არ დამაცადა და ისე მიპასუხა. –9 წლიდან? და შენი ოჯახი?-არ ვაპირებდი ამის კითხვას. ბოლო სიტყვის გაგებისთანავე სახე შეეცვალა და მუქი შავი თვალები მონაცრისფრო გაუხდა. გამოდის თვალის ფერი ემოციების მიხედვით ეცვლება. –ეს ჩემთვისაა?–თემის შეცვლის მიზნით იკითხა და იმ პაკეტზე მიმითითა, სადაც ხელთათმანები იყო. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე–მეგონა, ჩემი არსებობით აღფრთოვანებული არ იყავი-თვალის ფერი ისევ ეცვლება. –არც კი იფიქრო! მხოლოდ ზრდილობის გამო მოვიქეცი ასე. გაგიმართლა რომ კარგად აღზრდილი ვარ–ვამბობ და კარებისკენ მივდივარ, თუმცა მისი სიტყვები ზღურბლთან მაჩერებს. –მაინც რა არ უნდა ვიფიქრო, ბელს? და ასეთი პასუხის შემდეგ საინტერესოა, ჩვენ შორის რომელი გამოდის ნარცისი? –შენ, რა თქმა უნდა, სანდრო!–ბოლო სიტყვას განსაკუთრებით გამოკვეთილად ვამბობ, ოთახიდან კი მისი სიცილი მაცილებს. * * * * * მაგიდასთან ვისხედით. ლანა ცდილობდა არ შემჩნეოდა, თუმცა აშკარა იყო, რომ რაღაცაზე ნერვიულობდა. გამუდმებით საკუთარ სამაჯურს უყურებდა. ნიკოლასი რომელიღაც წიგნზე მესაუბრებოდა. სახელი არ დამამახსოვრდა,რადგან სანახევროდ ვუსმენდი. ყურადღება ლანაზე მქონდა გადატანილი, რომელიც ხან საათს შეჰყურებდა, ხან კი სამაჯურს დახედავდა. –ღვეზელების მოტანა დამავიწყდა!-ვამბობ მას შემდეგ, რაც სამივენი მაგიდასთან ვსხედვართ. სამზარეულოში გავედი და თეფშზე ღვეზელების გადმოღება დავიწყე, როდესაც ჩემმა მობილურმა დაიწკრიალა. შარვლის ჯიბიდან ამოვაძვრინე და ეკრანს დავხედე. „ერთ საათში ახალი წელი შემოაბიჯებს! თავს როგორ გრძნობ?“ მეღიმება და პასუხს საჩქაროდ ვუბრუნებ. „ვცდილობ, ფსიქოლოგიურად მოვემზადე შემდეგი 365 დღისთვის. შენ როგორ ხარ?“ შეტყობინება გავაგზავნე და ლანას ხმა მომესმა. –მოვდივარ!-დავიყვირე და მისაღები ოთახისკენ გავწიე. –ვერ იპოვე?-გაკვირვებულმა მკითხა ლანამ. –რა? –ღვეზელებისთვის არ წახვედი?-ახლა ნიკოლასმა მომაპყრო კითხვისნიშნიანი მზერა. –ვაიმე, სულ დამავიწყდა! ახლავე მოვიტან-სამზარეულოში ვბრუნდები და სავსე თეფშს ხელში ვიღებ. მობილური კი ისევ იმავე ხმას გამოსცემს. „გიხდება“ „რა?“ „ღიმილი“-წამის მეასედში მიბრუნებს პასუხს. ამის წაკითხვაზე მეღიმება და სენსორზე თითს ვაკაკუნებ. „მადლობა, მაგრამ როდის გავიღიმე?“ „ახლა ხომ იღიმი?“ „შეიძლება, თუმცა შენ ამას ხომ ვერ ხედავ?“ „შეიძლება”-პასუხს მიბრუნებს და მხოლოდ ამის შემდეგ ვამჩნევ, თუ როგორ მომაწვა სისხლი სახეზე. ლოყები გამიცხელდა, სახე კი გამებადრა. მობილური უკან ჯიბეში დავაბრუნე და ის-ის იყო ოთახიდან უნდა გავსულიყავი, რომ კანზე უცნაური წვა ვიგრძენი. ეს მხოლოდ ერთი წამით გაგრძელდა, თუმცა შეგრძნება მკაფიო იყო. ნაბიჯის გადადგმა რომ დავაპირე, გაოცებისგან შევკივლე და რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე.რა მაკივლებს? ვერაფრით გამოიცნობთ! ოთახში სრულიად შიშველი ვიდექი. ჩემს გაოცებას პანიკა დაემატა, როდესაც ნიკას ხმა გავიგე, რომელიც სამზარეულოსკენ მოემართებოდა და ჩემი წამოკივლების შემდეგ იკითხა ყველაფერი რიგზე იყო თუ არა. პირველად რაც მომაფიქრდა ის იყო, რომ თვალებით ჩამრთველი მოვძებნე და სამზარეულოში შუქი გავთიშე, მერე კი მთელი ხმით დავიყვირე: –ნიკაააა, გადი! ახლავე! არ შემოხვიდე! ახლოს არ მოხვიდე! გადიი!- ჩემი ხმა იმდენად სასოწარკვეთილი იყო, ეჭვი შემეპარა რომ ეს სიტყვები ნამდვილად მე წარმოვთქვი. –კარგი, დაწყნარდიი! არ შემოვალ. ყველაფერი რიგზე გაქვს? რა მოხდა? –უბრალოდ მისაღებში შედი, გთხოვ. მალე დავბრუნდები. სხვა ვერაფერი რომ ვერ ვნახე, ფარდა ჩამოვხსენი(უფრო სწორედ ჩემს საქციელს ჩამოვწყვიტე ჰქვია) და მასში მთლიანად გავეხვიე(დაწყნარდით! ფარდა სქელია), მერე კი სამზარეულოდან გავედი და თვალის დახამხამებაში ჩემს ოთახში აღმოვჩნდი. მაშინვე კარადას შევაფრინდი და პირველივე შემხვედრი ჯემპრი და ჯინსის შარვალი გამოვიღე. კაკუნი რომ გავიგე ვიფიქრე, კარს იქით ლანა იყო და ვუთხარი შემოსულიყო, თუმცა ალექსანდრე აღმოჩნდა. –აქ რა გინდა?-ვუთხარი ჩურჩულით და როგორც კი გამახსენდა, რომ ფარდაში გახვეული ვიდექი, მაშინვე ოთახის მეორე ბოლოსკენ გავიქეცი და შირმას ამოვეფარე. მან კარები დახურა და მე მომიბრუნდა: –რას აკეთებ, ბელს? –ფარდის შიგნით არაფერი მაცვია. მეშინია ესეც არ დავწვა-ვაგრძელებ ჩურჩულს. –დაწვა? და ეგ როგორ გამოგივიდა?-ამბობს დაბალი ხმით გაკვირვებული. –წარმოდგენა არ მაქვს. მეგონა მხოლოდ წყლის სტიქიის მართვა შემეძლო. –და მაგედან რატომ არ გამოდიხარ? –ხომ გითხარი, მეშინია ესეც არ დაიფერფლოს. შეგიძლია ჩემი დახმარება? –შემიძლია, მოკლევადიანი შელოცვა დაგადო, რომელიც შენს შესაძლებლობებს 48 საათი დაბლოკავს, თუმცა ამისთვის შირმას უნდა მოშორდე. –არარსებულია! აქედან არ გამოვალ-ვამბობ ჩუმად და მტკიცედ. –არამგონია რამე ისეთი გქონდეს, რაც ნანახი არ მაქვს-პასუხს მიბრუნებს და მიუხედავად იმისა, რომ მის სახეს ვერ ვხედავ, ზუსტად ვიცი, თვითკმაყოფილებისგან სახე გაბადვრია. –ძალიან საამაყოა, სანდრო. მორჩი სისულელეებს და მითხარი რა გავაკეთო? –კარგი, მაშინ მე მოვალ. –არა, მოიცადე. არ შეიძლება, რომ ტანსაცმელს შეულოცო?- პირველივეს ვამბობ, რაც თავში მომდის და იმედს ვებღაუჭები. ადგილზე ჩერდება, წამის მეასედი ფიქრობს და შემდეგ ამბობს: –კი, მაგრამ ასე შენი ემოციებით ვერ ვითამაშებ-დაბალი ხმით საუბრობს და იცინის. –ალექსანდრე, გთხოვ! არ შემიძლია. მრცხვენია. ერთხელ გაიგე ადამიანური ნათქვამი-ისევ ჩურჩულით ვამბობ მისაწ*ლებული ხმით. –კარგი, მომეცი ტანსაცმელი- მხოლოდ ამის თქმის შემდეგ მახსენდება, რომ ტანისამოსი ხელში მაქვს ჩაბღუჯული. –მადლობა- მას შირიმს იქით ვაგდებ და სულგანაბული ველოდები, როდის დაასრულებს ალექსანდრე შელოცვის წაკითხვას. ჯემპრსა და ჯინსს უკან მიბრუნებს და მეც ელვის სისწრაფით ვიცვამ. მერე ოთახიდან გავდივარ და მისაღებში ვბრუნდები. ნიკა კითხვისნიშნიან მზერას მაგებებს, მე კი ჩემს ადგილას ვთავსდები და უბრალოდ ვიღიმი. ისეთ გამომეტყველებას ვიღებ თითქოს არც არაფერი მომხდარა. ნიკამაც მზერა ჩემგან თეფშზე გადაიტანა და აღარაფერი მკითხა. ლანა გასული დამხვდა. ალბათ ეს მანამდე მოხდა, სანამ სამზარეულოში სრულიად შიშველი აღმოვჩნდებოდი, რადგან ალტერნატიულ შემთხვევაში, მაშინვე ჩემთან გაჩნდებოდა.შევეცადე ნიკასთან საუბარი წამომეწყო და ჩემდა სასიხარულოდ ლაპარაკში ამყვა.რამდენიმე წუთის შემდეგ კი ფეიერვერკების ხმა გავიგეთ და მაშინვე ფანჯრებისკენ გავწიეთ. ლანაც მაშინ შემოგვიერთდა. სახეზე გაურკვეველი ემოცია გამოსახვოდა. ჩემი ვარაუდით ეს იმის ბრალი იყო, რომ რაღაცის გამო ძალიან წუხდა, თუმცა ცდილობდა ეს ჩვენ და განსაკუთრებით ნიკოლასს არ შეემჩნია. ნიკოლასი რომ წავიდა ლანას მაშინვე მოვუყევი რაც მოხდა. მან ყურადღებით მომისმინა და მითხრა, რომ სანამ გავარკვევდით თუ როგორ და რატომ ვფლობ ცეცხლის სტიქიას, მანამდე ეს შელოცვა უნდა გამომეყენებინა. მერე კი გამაფრთხილა რომ რამდენიმე დღეში შესაძლოა ერეკლიონთან წასულიყო. მიზეზი არ უთქვამს, თუმცა ხმასა და სახის გამომეტყველებაზე შევამჩნიე, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სანამ დასაძინებლად წავიდოდი, დედას წიგნი ავიღე და პირველი რამდენიმე გვერდი გადავათვალიერე. გულდასმით არ წამიკითხავს, რადგან ჩემი ტვინი თანდათან ბურუსში ეხვეოდა და კითხვა რომც დამეწყო, არამგონია საერთოდ რამე დამემახსოვრებინა. წიგნის ფურცლები ნახშირით შესრულებული ნახატებით იყო დასურათებული. არ მახსოვს კონკრეტულად როდის ჩამეძინა, თუმცა დილით რომ გამეღვიძა წიგნი ისევ გადაშლილი იდო ლოგინზე. შემდეგი ერთი კვირა გამუდმებულ ვარჯიშში გავატარე. შიგადაშიგ ვისვენებდი და განტვირთვის გამო ვხატავდი. მართალია, თანდათან უფრო უკეთ გამომდიოდა საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს არ იყო საკმარისი. როგორც ამბობენ ჩემი ცოდნა ზღვაში წვეთს ჰგავდა. ადელაინის წიგნის შესწავლაც დავიწყე. ადვილი ნამდვილად არ იყო. საკმაოდ ბევრი ინფორმაცია ეწერა და ჩემთვის უამრავი სიტყვა იყო უცნობი, ამიტომ ლანას გამუდმებით კითხვებს ვუსვამდი. ამ უცხო სიტყვებისთვის ცალკე ლექსიკონი გავაკეთე და ყოველდღიურად 15-20 სიტყვას ვსწავლობდი. წიგნის პირველ თავებში მოცემული ინფორმაცია ძირითადად მესამე განზომილებაში მცხოვრებ არსებებს ეხებოდა. მათი შესაძლებლობებისა და სუსტი წერილების შესახებ ბევრი რამ ეწერა. წარმოშობის ისტორია და საცხოვრებელი ადგილი. წიგნს ვკითხულობდი და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი, რომ რაც აქ ეწერა სრული სიმართლე იყო და არა ზღაპარი. ზოგჯერ დღე ისე გადიოდა რომ ჭამაც არ მახსენდებოდა. მთელი დღე ოთახში ვიყავი და ვცდილობდი ტელეკინეზი დამეხვეწა და წყლის სტიქიას უკეთ დავფლობოდი. ლანაც საკუთარი საქმეებით იყო გართული და მხოლოდ ხანდახან ვახსენდებოდი. მისი საქციელი მხოლოდ იმაზე მეტყველებდა, რომ რაღაცაზე ნერვიულობდა. რაღაც რიგზე ვერ იყო. მე არაფერს ვეკითხებოდი. დრო მოვა და თავად მეტყვის მეთქი, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ ვხვდები რომ ჩემი ფსიქიკა ახალი ამბისთვის მზად არ იყო. ჯერ კიდევ ვერ გადამეხარშა გონებაში ეს ყოველივე და ამიტომ არ მსურდა მისთვის რამე მეკითხა, თუმცა საჭირო იყო მცოდნოდა ასე რა აღელვებდა. 10 იანვარს, დილით, ლანან გამაღვიძა. თვალები რომ გავახილე, გამიღიმა და აუცილებელ საქმეზე უნდა წავიდეო მითხრა. მარტო რატომ მიდიხარ? მეც წამოვალ მეთქი და ლოგინიდან ასადგომად წამოვიწიე, თუმცა ახლა შენი წამოსვლა საჭირო არაა, რომ დავბრუნდები ამაზე მერე ვისაუბრებთო. თავზე მომეფერა, შუბლზე მაკოცა და ფეხზე წამოდგა. დამაინტერესა როდის დაბრუნდებოდა, თუმცა კონკრეტული პასუხი არ მიმიღია, რადგან თავადაც არ იცოდა. ბოლოს დაამატა: –ანაბელ, ჩემო გოგო, ერთ საათში შელოცვა გააქტიურდება და ძალიან არ გამიბრაზდე. ამას მხოლოდ შენს დასაცავად ვაკეთებ და როცა დავბრუნდები შემდეგ განვიხილოთ. –რას გულისხმობ?–ვიკითხე, თუმცა საპასუხოდ მხოლოდ გამიღიმა, მერე ხელები ერთმანეთს მიადო და ტელეპორტირდა. რამდენიმე წამი იმ ადგილს ვუყურებდი, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ლანა აორთქლდა, მერე საბანი გადავწიე და სასწრაფოდ ოთახიდან გასვლა დავაპირე, თუმცა უკანვე შემოვბრუნდი, როდესაც გავაანალიზე, რომ თბილი გეტრებისა და საღამურის გარდა არაფერი მეცვა. რა მჭირს ამ ბოლო დროს? ტვინი შვებულებაში გავუშვი თუ რა ხდება? სასწრაფოდ გამოვიცვალე. ალექსანდრე ოთახში არ აღმოჩნდა. თავიდან ნერვები მომეშალა ამ დილა უთენია სად წავიდა მეთქი და მერე გამახსენდა, რომ ყოველ დილით სავარჯიშოდ გადიოდა. ოთახში შევედი ლოგინი გავასწორე და იქაურობა ცოტა მოვაწესრიგე. საათს დავხედე. 8-ის 25 წუთს უჩვენებდა. ამ დროს კარის ხმა გავიგე და დერეფანში გავვარდი. –ლანა სად წავიდა იცი? –შენც დილამშვიდობისა–გვერდს მივლის და ოთახისკენ მიემართება. –კარგი რა, მითხარი–მეც უკან მივყვები. –დაბრუნდება და ყველაფერს გაიგებ–კარადიდან პირსახოცსს იღებს და ახლა სააბაზანოსკენ მიდის. –კი, მაგრამ ისიც არ უთქვამს, როდის დაბრუნდება. რაღაც მნიშვნელოვანი ხდება და არ მეუბნებით? ის მაინც მითხარი, რა შელოცვა დამადო–საათს შეხედა: –მაგას ნახევარ საათში გაიგებ, ბელს–ამბობს და ტუჩის კუთხეები მაღლა ეწევა–უკვე წარმომიდგენია, როგორი ბედნიერი იქნები. –ამომწურავი პასუხებია, ალექსანდრე, დიდი მადლობა–ვამბობ უკმაყოფილო. –მუდამ თქვენს სამსახურში მიგულეთ, მეფის ასულო– სააბაზანოში შევიდა და დერეფანში მარტო დამტოვა. არ უნდა და ნუ მეტყვის. მეტი საქმე არ მაქვს, ვეხვეწო. ის 10 წუთი, რომელიც სანდრო აბაზანაში გაატარა, საუკუნედ მომეჩვენა. ყველაზე მეტად გაურკვევლობას ვერ ვიტან. მას კი ჩემს ნერვებზე უყვარს თამაში. ოთახში რომ შემოდიოდა ნაბიჯების ხმაზე წიგნს დავწვდი და ისეთი სახე მივიღე ვითომ საერთოდ არ ვიყავი გაბრაზებული და არც ის მაინტერესებდა სად იყო ლანა. საწოლის კუთხესთან ჩამოჯდა და ერთხანს მიყურა, ყურადღება რომ არ მივაქციე თქვა: –ლანამ ერეკლიონისგან რაღაც შეიტყო და მასთან გაემგზავრა. სანამ არ დაბრუნდება მეტს ვერაფერს გეტყვი–ფურცელს თვალები არ მოვაშორე, არც ხმა ამომიღია. რამდენიმე წამი მიცადა და შემდეგ წიგნი გამომართვა–დიდი ხანი უნდა იბუტო, ბელს? –არ ვიბუტები. გაბრაზებული ვარ, რადგან ვერ ვიტან გაურკვევლობას და თან შენთან ერთად რომ დამტოვა ესეც მაბრაზებს, კიდევ კარგი სახლი დიდია. –საინტერესოა, რას მიწუნებ? ჩემზე უკეთესს ვის შეხვედრიხარ?–ეღიმება და ვითომ სერიოზულად კითხულობს. –დამიჯერე, ჩამოთვლა რომ დავიწყო საღამოს დავამთავრებ. საერთოდ საკუთარი თავის გარდა ვინმეს მოსწონხარ?–ვცდილობ ვაწყენინო, გავაბრაზო ან რამე მაინც გავაკეთო, რომ უპირატესობა ვიგრძნო, თუმცა თავდაჯერებული სახით შემომყურებს და იღიმის. –ჩამოთვლა რომ დავიწყო, საღამოსაც ვერ დავასრულებ–მის პასუხზე მეღიმება, მაგრამ ვცდილობ სერიოზული სახე მქონდეს და არ შემამჩნიოს. –შელოცვაზე არაფერს მეტყვი? –ჩემი ოთახიდან შვინდისფერყდიანი წიგნი გამოიტანი. თაროზე დევს, მარჯვნიდან მესამეა–მეუბნება რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ. –შენ ვერ მოიტან? –გინდა გაიგო შელოცვის შესახებ თუ არა?–კითხვას კითხვითვე პასუხობ. –კარგი, ჰო, მივდივარ–შიშველი ტერფებით იატაკის ცივ ზედაპირს ვეხები და სხეულში დავლილი ჟრუანტელი მსიამოვნებს. ოთახიდან დერეფანში გავდივარ და სადაცაა ალექსანდრეს საძინებელში უნდა შევიდე, რომ ნაბიჯის გადადგმას ვეღარ ვახერხებ. ვცდილობ, თუმცა არაფერი გამომდის. უკან ნაბიჯს თავისუფლად ვდგამ, მაგრამ წინ არა და არ გამოდის. თითქოს ვიღაცამ წელზე უხილავი თოკი შემომხვია და ამით ჩემი ოთახის კარს მიმაბა. სისულელეა, არა? მეც ასე ვფიქრობ. რატომ უნდა მივები ლანას ჩემს ოთახ... ჯანდაბა, ალექსანდრეზე ვარ მიბმული! რამდენიმე წამი იმას ვაანალიზებ, თუ როგორ დამცინა ახლახანს ბედმა. არა, ბედმა არა, ლანამ! თითქოს ის არ მეყოფოდა ამ კუდაბზიკასთან ერთად ერთი ჰაერის სუნთქვა რომ მიწევს, ახლა რომც მოვინდომო ამისგან შორსაც ვეღარ წავალ. კიდევ უფრო გაბრაზებული ვბრუნდები ჩემს ოთახში, მაგრამ ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო და ალექსანდრეს ვეუბნები: –მითხარი რომ ამის გამოსწორება შეგიძლია! –რა თქმა უნდა, შემიძლია. –მერე რას ელოდები? იმოქმედე. –და ეს რატომ უნდა გავაკეთო? –კარგი რა, სანდრო. ვითომ შენ გეხალისება ასეთი მდგომარეობა? ჩემს ნერვებზე თამაშს შენი ოთახიდანაც მოახერხებ. –ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ ლანამ ასე ჩათვალა საჭიროდ და მას ვერ მოვატყუებთ–ოხ, გამომივიდა უბიწო კრავი. თითქოს ცხოვრებაში ტყუილი არ უთქვამს. –ტყუილის თქმას არც ვაპირებ. რომ დაბრუნდება ყველაფერს ვეტყვი. მიდი რა! ხომ შევთანხმდით?! შენ შენთვის, მე ჩემთვის–მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდი დამეთანხმებინა, თუმცა როგორც უკვე მიხვდით უშედეგოდ. საღამოს, როცა საწოლზე ვიჯექი და ვკითხულობდი, ის ამ დროს საკუთარ იარაღებს წმენდდა, სამუშაო მაგიდასთან იჯდა. მკითხა: –დღეს შენთან ვიძინებთ თუ ჩემს ოთახში? –მე ჩემს ოთახში ვრჩები, შენ სადაც გინდა იქ წადი–ისე ვეუბნები რომ ტექსტს თვალს არ ვაშორებ. –ანუ შენთან. პრინციპში ლოგიკურია, შენი ლოგინი ბევრად დიდია და დავეტევით. –არც კი იოცნებო, სანდრო! –ეს შენ არ იოცნებო, ბელს, რომ იატაკზე დავიძინებ. –სამწუხაროდ, მოგიწევთ, თქვენო უდიდებულესობავ. –უბრალოდ ერთ საწოლზე დავიძინებთ. ვერ ვხვდები პრობლემებს რატომ ქმნი? –არა ნიშნავს არას– არ ვთმობ პოზიციას და ისიც მეშვება. ხო, მესმის რომ ჭირვეული ბავშვივით ვიქცევი,მაგრამ არ მსურს მასთან ერთად ერთ საწოლზე ძილი. თანაც ვფიქრობ, რომ ასეთი ქცევით ვაიძულებ ეს შელოცვა მოხსნას. რატომ უნდა ვიყო მასზე მიჯაჭვული? ძიძა არ მჭირდება. ან რა უნდა დამემართოს ამ კედლებს შორის? ლანას წასვლიდან მესამე დღეს საკმაოდ უცნაური რამ მოხდა. ხო, ალბათ, ვერ ხვდებით ამ ყველაფრის მერე საერთოდ რამე როგორ მიკვირს, არა? საღამოს ჩემს ოთახში ვიყავი, იატაკზე ვიჯექი, და ინტერნეტის საშუალებით ნიკოლასს ვწერდი. მიყვებოდა, რამდენად კარგად მიდიოდა მისი და თათიას ურთიერთობა. თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ არსაიდან ბურუსი გაჩნდა, თვალთდამიბნელდა და ხელებიც დამიბუჟდა. ხმის ამოღება ვერ მოვასწარი, როცა სუნთქვა შემეკრა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემში სხივმა გაიარა, თუმცა არა! როცა ეს მოხდა თავი საშინლად ვიგრძენი, ამიტომ ამ რაღაცას სხივს ვერ ვუწოდებ. რამდენიმე წამი მხოლოდ საკუთარი სუნთქვა მესმოდა, მერე კი ვიღაცამ თვალები ამიხილა და ძველ ბნელ შენობაში აღმოვჩნდი. ზუსტად ვერ ვიტყვი ვინ ან რა ვიყავი, თუმცა ადამიანის სხეულში არ ვყოფილვარ, რადგან ფეხზე არ ვმდგარვარ. სიზმარს ჰგავდა, მაგრამ ის არ იყო. –მის კონკრეტულ ადგილსამყოფელს ვერ ვპოულობთ. მოგვებმა მხოლოდ იმის დადგენა შეძლეს რომ პლანეტა დედამიწაზე ცხოვრობს სხვა მოკვდავებთან ერთად. მისი სახელი არ ვიცით და ამიტომ ვერ ვპოულობთ ჯერ–მომესმა კაცის ხმა და მხოლოდ ამის შემდეგ გავაცნობიერე რომ მარტო არ ვიყავი. ქალისა და მამაკაცის საუბარს შევესწარი. –მთავარია რომ ცოცხალია. გაარკვიე ამ პლანეტაზე რომელიმე ძლიერი ჯადოქარი ხომ არ ცხოვრობს და მაშინვე შემატყობინე. გოგოს ადგილსამყოფელის ცოდნა არაფერში გვჭირდება, რადგან ის თავად მოვა ჩემთან, საკუთარი ფეხით–ქალის ხმა საკმაოდ მყარი, სერიოზული და ცივი იყო.მის ზიზღს ყოველი სიტყვის წარმოთქმისას ვგრძნობდი. კანს მინემსავდა და სუნთქვას მიჩქარებდა–ის ბინძური ნიმფა ინანებს რომ დაიბადა. მასაც ვიპოვი და საკუთარი ნაშიერის სიკვდილს ვაყურებინებ. –გასაგებია, თქვენო ბრწყინვალებავ, ახლავე შევუდგები საქმეს–კაცმა თავი დაუკრა და საჩქაროდ გავიდა ოთახიდან. ქალის სახეს ჯერ კიდევ ვერ ვხედავდი, რადგან ის ჩემგან ზურგით იდგა. მხოლოდ მისი მუქი ლურჯი კაბის ყურება შემეძლო. რა თქმა უნდა, მშვენივრად ვხვდებოდი რომ ეს ლეილა იყო. აქედან წასვლა მინდოდა. მსურდა ისევ ჩემს ოთახში დავბრუნებულიყავი, მაგრამ მისი სახის ნახვის სურვილსაც ვერ ვთმობდი. მისგან არც ისე შორს ვიყავი. ვცდილობდი თითოეული დეტალი დამემახსოვრებინა და აჩქარებული გულისცემისთვის ყურადღება არ მიმექცია. მოპირდაპირე მხარეს უზარმაზარი სარკე შევაჩნიე შავ ჩარჩოში ჩასმული. საკუთარ თავს ვერ ვხედავდი, თუმცა ლეილა ოდნავ თუ მოტრიალდებოდა შევძლებდი მისი სახე დამენახა. მასზე ფიქრისას ათასნაირად წარმოვიდგენდი მის გარეგნობას. ხან ზედმეტად საშიში იყო, ხანაც მოხუცი და გაბოროტებული, მაგრამ რაც იმ სარკეში დავინახე, ამას ვერასდროს ვიფიქრებდი. ჩემს წინ დაახლოებით 35 წლის ქალი იდგა. გრძელი შავი თმა და შავი თვალები ჰქონდა. სახის მკაცრი ნაკვთები მას კიდევ უფრო ახალგაზრდულ იერს ანიჭებს. წამით ეჭვიც კი შემეპარა რომ ის ნამდვილად ლეილა იყო. ის ხომ ახლა მინიმუმ 55 წლის უნდა ყოფილიყო. რატომ გამოიყურებოდა ასე ახალგაზრდულად? თუმცა ჩემს გაოცებას საზღვარი აღარ მიეცა, როდესაც ის სარკისკენ მთლიანად შეტრიალდა. მისი სახის ნაკვთები ახლა გარკვევით დავინახე და მასში ლანას ახალგაზრდობა დავლანდე. გესმით? ლანას ახალგაზრდობა. თვალებს ვერ ვუჯერებდი, მაგრამ რაც უფრო უკეთ ვაკვირდებოდი, მით მეტ მსგავსებას ვპოულობდი. ამ დროს ალექსანდრესა და ლანას პირველი შეხვედრა გამახსენდა. ზუსტად არ ვიცი ისევ ჩემს ოთახში როგორ გავჩნდი, უფროსწორედ გონებით დავბრუნდი, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ძალიან მინდოდა დაბრუნება. ხელში ისევ მობილური მეჭირა. ნიკას ჩათი მქონდა გახსნილი და იმავე თემაზე ვიყავით გაჩერებული. დროს დავხედე და ერთი წუთიც კი არ იყო გასული. თითქოს არც არსად ვყოფილვარ. გონება ისევ დაბინდული მქონდა. კადრები გაურკვევლად დარბოდნენ და ფიქრის საშუალებას არ მაძლევდნენ. დედამიწაზე ჩემი საბოლოო დაბრუნება ალექსანდრეს სიტყვებმა შეძლეს. –დღეს არაფერი გიჭამია. დარწმუნებული ხარ რომ არ გშია?–იქვე იჯდა კარებთან და წიგნს კითხულობდა. ერთმანეთის გარეშე სამზარეულოში გასვლასაც ვერ ვახერხებდით, რადგან მანძილი 5 მეტრზე მეტი ვერ იქნებოდა. –ჰა?–გაურკვევლად ამოვიკნავლე და შევეცადე მისი სიტყვები თავში დამელაგებინა, რათა აზრის გამოტანა შემძლებოდა. ამოთქმული ბგერები იმდენად სუსტი იყო, რომ , ვფიქრობ, ამან აიძულა წიგნის სტრიქონებიდან მზერა ჩემზე გადმოეტანა. –რა მოხდა? სახეზე ფერი არ გადევს. –არაფერი. მე… არ ვიცი–ვამბობ და თავს მობილურის ეკრანში ვრგავ. ალექსანდრე მიახლოვდება და მეუბნება: –სახეზე გაწერია რომ რაღაც მოხდა. შემომხედე! ანაბელ, შემომხედე! –პირველად ლანას ლეილა რატომ დაუძახე?–აშკარა იყო რომ ჩემმა კითხვამ გააკვირვა, თუმცა არც აღელვება შესტყობია და არც დაბნეულობა. –ამას ახლა რატომ მეკითხები? –მითხარი, გთხოვ. –რადგან ძალიან ჰგავდა, წამით გავიფიქრე რომ ის იყო. –ლეილა ბოლოს როდის ნახე? –წლების წინ. მაშინ საკმაოდ პატარა ვიყავი, მაგრამ ერთხელ ნახვაც საკმარისი აღმოჩნდა მისი სახის სამუდამოდ დასამახსოვრებლად. არ მეტყვი ეს ახლა რატომ გაგახსენდა? –მგონი, ცოტახნის წინ ლეილასა და მისი ქვეშევრდომის საუბარს შევესწარი. არ ვიცი ეს როგორ მოხდა, ისიც კი არ ვიცი იქ როგორ აღმოვჩნდი, მაგრამ გავიგე და დავინახე. ჩემზე საუბრობდნენ. ასე თქვეს რომ ვერ მპოულობენ, რადგან ჩემი ნამდვილი სახელი არ იციან, მაგრამ იციან რომ ცოცხალი ვარ. ერთმანეთს ასე როგორ გვანან? ნათესავები არიან? ლანას ამაზე რატომ არაფერი უთქვამს? –ამის შესახებ მეც ვკითხე, თუმცა მხოლოდ ის თქვა რომ უბრალო დამთხვევაა. –და გჯერა?–უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. –ვფიქრობ, აქ რაღაც უფრო მეტი იმალება, მაგრამ მას ხომ ვერ ვაიძულებთ, სიმართლე თქვას?! როცა ამას საჭიროდ ჩათვლის, იტყვის. კიდევ რა გაიგე იქ ყოფნის დროს? –ყველაზე ძლიერი ჯადოქარი სჭირდებათ, რომელიც დედამიწაზე ცხოვრობს, ეს როგორღაც ჩემთან უნდა იყოს კავშირში, მაგრამ ვერ ვხვდები როგორ. –რომც იპოვონ არაფერი გამოუვათ. ერეკლიონი არასდროს გიღალატებთ–ამბობს დარწმუნებით. –ლანა მასთან არაა? იქნებ დახმარება სჭირდება? რამე რომ მოუვიდეს?–სწრაფად ვამბობ და ხმაში შიში მეპარება. –ცუდი არაფერი მოხდება, ბელს, დაწყნარდი. –საიდან იცი? ეს ვერ გეცოდინება–სახეს ხელებში ვრგავ და ვცდილობ მშვიდად ვისუნთქო. ცოტახნით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ საუბარი ისევ გავნაგრძე: –ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. გასაგებია, რომ ამას მაგიის დახმარებით აკეთებს, მაგრამ არ მეგონა თუ ეს შესაძლებელი იყო. –შესაძლოა, თუმცა საკმაოდ დიდი საფასური სჭირდება. –მისი ძალისა და გამოცდილების ნახევრის მესამედის მეხუთედიც კი არ მაქვს. ლეილას დამარცხებას როგორ მოვახერხებ?–ლოგინზე დადებულ ბალიშს ვიხუტებ და საწყლად ვამბობ–ვის ვატყუებ? როგორც კი მიპოვის თვალის დახამხამებაში შეძლებს ჩემს მოკვლას. –კარგი, ადექი! სასწრაფოდ ყურადღების გადამტანი გვჭირდება–ხელს მაჯაში მკიდებს და საწოლიდან მაყენებს. მაგიდის გვერდით, სკამზე გადაკიდებულ ნაქსოვ მოსაცმელს მაძლევს–ეს მოიქცვი. –სად მივდივართ?–ვამბობ უხალისოდ და უკან მივყვები. –ვიცი რაც დაგაყენებს კარგ ხასიათზე–მის ხმაში როგორც ყოველთვის თავდაჯერებულობა იგრძნობა. აივანზე გავყავარ–მენდობი? –რა? არა!–ვამბობ სასწრაფოდ. –ფორმალობისთვის ვიკითხე, სხვა გზა მაინც არ გაქვს–ჩემს პასუხზე ეცინება და ანთებული შავი თვალებით მიყურებს. –მაშინ რაღას მეკითხები?–კითხვის დასრულებას არ მაცდის. ჯიბიდან პატარა კრისტალისმაგვარ ნივთს იღებს. ჰაერში აქნევს. ისიც ლურჯი სინათლით ივსება და ალექსანდრე უჩინარი ხდება. შეშინებული ვიყურები ირგვლივ, რათა დავრწმუნდე, რომ არავინ გვიყურებს, ის კი ერთ ხელს წელზე მხვევს, მეორეს მუხლებზე და ხელში ისე მსუბუქად ავყავარ, თითქოს მთელი ცხოვრება ამით იყოს დაკავებული. ძირს ფეხს მსუბუქად კრავს და ვხედავ მისი მხრებიდან როგორ იზრდებიან ოქროსფერი ფრთები. არა! ამას ფრთებს ვერც დაარქმევ, რადგან ისინი მხოლოდ ოქროს სხივებისგან შექმნილი ფრთების სილუეტს წარმოადგენენ. ყველაფერს მოველოდი, ამის გარდა. მას შემდეგ რაც ხელში ამიყვანა, მისი დანახვა შევძელი, რადგან მასთან ერთად მეც უჩინარი გავხდი. მას რა ფრთები აქვს? ფრთები! ყოველ ჯერზე მგონია რომ უკვე ვეღარაფერი გამაკვირვებს, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ვცდები. ფრთებს ვუყურებ გაფართოებული თვალებით, შემდეგ კი მზერა მის სახეზე გადამაქვს. ალექსანდრეს მხოლოდ გაეღიმა და ერთ სიტყვას თქვა: –მომეჭიდე! ფრთები აიქნია და აივნიდან ჰაერში აიჭრა. ეს იმდენად სწრაფად მოხდა, რომ შიშისგან წამოვიკივლე და წამწამები ერთმანეთს ძლიერად მივაკარი. გულისცემის ხმა ყურებში მესმოდა, მოზღვავებული ადრენალინი კი შიშთან ერთად თვალების გახელაზე უარს მათქმევინებდა. როგორც შემეძლო ვეჭიდებოდი რომ ჩავარდნისგან თავი დამეცვა, თუმცა თვალების გახელას მაინც ვერ ვბედავდი. –თვალდახუჭული თუ იქნები, ყველაზე მთავარს გამოტოვებ–ჩამესმის ალექსანდრეს ხმა. ჰაერის ცივი ნაკადი სახეზე მხვდება და ჩვენს ზევით, მოპირდაპირე მხარეს, უზარმაზარ სავსე მთვარეს ვხედავ, რაც საოცარ სიმშვიდეს მგვრის. მიწიდან იმდენად მაღლა ვართ, რომ დაბლა ჩახედვის მეშინია. რამდენიმე წამით საერთოდ მავიწყდება ყველაფერი, რაც კი ჩემს ცხოვრებაში ხდება. ერთ-ერთი ნაგებობის სახურავზე აღმოვჩნდით. დაბლა ფრთხილად დამსვა და ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა. –სინათლის სამეფოში ყველას ასე შეუძლია?–ვეკითხები ჯერ კიდევ ეიფორიაში მყოფი. –თითქმის არავის–ამბობს ღიმილით და მთვარისკენ სახით ტრიალდება. –ახლა გასაგებია, მაშინ ოთახში როგორ შემომიყვანე, ისე რომ ლანას ვერ გაეგო. სიგიჟეა… –მოგეწონა? –ხუმრობ? მოწონება შესაფერისი სიტყვა არაა–მეცინება და მეც მთვარისკენ ვტრიალდები. მერე რაღაც პერიოდი სიჩუმე ისადგურებს, თუმცა მას ვარღვევ: –ალექსანდრე, რატომ მეხმარები? –რას გულისხმობ?–გაკვირვებული შემომყურებს. –შენ ხომ წყლის სამეფოდანაც კი არ ხარ. ჩემი მოკავშირეობით ლეილას მტერი ხდები. ნებისმიერი ვინც ამას გადაწყვეტს, სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს. –სიმართლე რომ გითხრა, ერთ პატარა გოგოს მახსენებ, რომელიც წლების წინ სინათლის სამეფოში ცხოვრობდა. მაშინ ვერ დავეხმარე და მგონია, რომ შენი დახმარებით როგორღაც მას ვეხმარები. თანაც ჩემი საქციელი ლილიტს გაახარებდა–ამბობს და ეღიმება (როგორც ჩანს ამ სახელის გახსენებაზე) –ამ გოგოს ლილიტი ერქვა? –არა, ლილიტი ჩემს უმცროს დას ერქვა–ვერ ვხვდები ზმნას წარსულში რატომ იყენებს. ნუთუ ეს იმას ნიშნავს რომ… –არც ისე ცუდი ყოფილხარ–ვამბობ ცოტა ხნის შემდეგ. –გინდოდა გეთქვა, რომ გასაოცარი ვარ?! –რისი თქმაც მინდოდა, ვთქვი. მომენტს ნუ აფუჭებ, სანდრო!–მეც მეღიმება. არ ვიცი, როგორც ჩანს მართლა იმოქმედა მისმა თერაპიამ. გარეთ საკმაოდ ცივა, თუმცა იმდენად ლამაზი ხედი იშლება აქედან, რომ მზად ვარ ახლა გავიყინო. ნაქსოვ მოსაცმელში ვეხვევი, თუმცა ცხვირი და ტუჩები ჩრდილოეთ პოლუსის ტემპერატურის ხდება. სუფთა ჰაერს კიდევ ერთხელ ღრმად შევისუნთქავ, ამის შემდეგ კი უკვე ნაცნობი ხმა მესმის: –დროა სახლში დავბრუნდეთ, მეფის ასულო!–მის გამოწვდილ ხელს ჩემსას ვაგებებ და ისიც შავი ღრუბლების ქვეშ ცურვას იწყებს. ძალიან დიდი მადლობა, იმ ორ-სამ ადამიანს, რომლებიც კომენტარებს წერენ. იმედი მაქვს, ლამაზი და საინტერესო თავი გამოვიდა და ბაზაში დიდ ხანს არ გააჩერებენ და დროულად დადებენ. სიყვარულით, ავტორი <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.