შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა - 8


19-01-2021, 00:47
ავტორი ემილიანე
ნანახია 1 588

იმდენად ამერია ფიქრები, ხელშეკრულებაზე მობილიზება ცოტა არ იყოს გამიჭირდა. თუმცა, თომა ნაკაშიძე არავინ იყო ჩემთვის, ასე რომ ვერ მივცემდი უფლებას ჩემი შრომისუნარიანობა დაექვეითებინა. უბრალოდ, ძალიან გამაღიზიანა მისმა ასეთმა ქცევებმა. როგორც მივხვდი, ცოტა ხნით შემოუარა ბატონ ირაკლის და მალე წავიდოდა. როცა მუშაობა სრულად განახლდებოდა მე მასთან საქმე არ მექნებოდა, საერთოდ სხვა სართულზე მუშაობდა. ღმერთს მადლობას ვუხდიდი, რომ ჩემი უფროსი ვიბლიანი იყო და არა ნაკაშიძე. ახლა უკვე სამსახურიდან გაქცეული ვიქნებოდი, ალბათ. ვერ ავიტანდი მის უაზრო მზერასა და რეპლიკებს.
ხელშეკრულების წერა დავამთავრე და ბატონ ირაკლის გავუტანე. სამწუხაროდ, ის ისევ იქ დამხვდა.
- მზადაა, ბატონო ირაკლი.
- მომაწოდე. - ჩვეული დაჟინებული მზერით კითხულობდა ჩემს ნაწერს და ხმას არ იღებდა. შიგადაშიგ კი ჩვენსკენ აპარებდა თვალს.
- ემილიანე, რამდენი წლის ხარ? - შემეკითხა ნაკაშიძე.
- 18-ის - ვუპასუხე ისე, რომ მისკენ არც გამიხედავს.
- ასაკთან შედარებით, უკვე ბევრისთვის მიგიღწევია. - უპასუხოდ დავტოვე. ამასობაში, ვიბლიანმა კითხვა დაამთავრა.
- კარგია, ემილიანე. მომეწონა. შენიშვნები არ მაქვს - გამიკვირდა, ეს სიტყვები რომ წამოსცდა, თუმცა ძალიან გამიხარდა, რომ შემაქო. - შეგიძლია სახლში წახვიდე. დღეისთვის მორჩა. - ჯერ ადრე იყო, თუმცა ძალიან მესიამოვნა ის ფაქტი, რომ გამომიშვა.
- კარგით, მე დაგემშვიდობებით.
- შემიძლია მე გაგიყვანო სადაც ცხოვრობ - მომმართა თომამ.
- არ არის საჭირო, არ შეწუხდეთ - ვუთხარი ცივად.
- კარგი რა, არ ვწუხდები. თანამშრომლები ვართ ბოლოსდაბოლოს.
- მე როგორც ვიცი, ბატონი ირაკლის თანამშრომელი ვარ. - ვუთხარი ირონიულად და კაბინეტიდან გავედი. ჩემი ნივთები ავიღე და ოფისიდან გამოვედი. საშინლად ვბრაზდებოდი ამ კაცზე. ასეთი თავხედობა როგორ შეიძლება ? მით უმეტეს სისხლის სამართლის სფეროშია. თუ რახან სრულწლოვანი ვარ, ეს დანაშაულად არ ეთვლება ? ცუდად არაფერი უთქვამს, მაგრამ მისი მანერები ნამდვილად გამაღიზიანებელი იყო ჩემთვის. დაახლოებით 5 წუთის გამოსული ვიყავი იქედან, გზაში მანქანა წამომეწია. მძღოლის სილუეტში ნაკაშიძე ამოვიცანი.
- ემილიანე - დამიძახა ხმამაღლა.
- რა გნებავთ ? - ვკითხე უხეშად.
- კარგი რა, გვერდი როგორ აგიარო ახლა და როგორ წავიდე ? მითხარი სად ცხოვრობ და მიგიყვან.
- ფეხით მინდა გავლა. თანაც ჩემი სახლი აქვეა. - მანქანა დაძრა. ვიფიქრე, მომშორდა და წავიდა-მეთქი. თუმცა, ცენტრალური გზიდან გადააყენა და გადმოვიდა.
- კარგი, მაშინ ფეხით მიგაცილებ. თან გზაშიც უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს. - აქ უკვე ჩვეულებრივად, გადამეკეტა. თუმცა, სანამ სიბრაზისგან აზრებს თავი მოვუყარე და პირი გავაღე რაღაცის სათქმელად, მანქანის საშინელი დამუხრუჭების ხმა გავიგონე. ვიბლიანი იყო. კი არ გადმოვიდა, გადმოფრინდა და ალეწილი სახით, პირდაპირ თომას წვდა საყელოში და მის მანქანაზე ააყუდა.
- მე შენ რა გითხარი ? რა გაგაფრთხილე ? - უღრიალა. წამიერად შემეშინდა კიდეც, ასეთი ფაქტის მომსწრე რომ გავხდი.
- რას აკეთებ, ტო ? - მისი თბილისური კილო უკვე გულს მირევდა. - აზრზე მოდი ცოტა. ხელი გამიშვი. არ მინდა რომ შეგეხო.
- შემეხო ? შენ ვის უნდა შეეხო? თავს ძლივს ვიკავებ ახლა, არ გაკადრო ის, რისი ღირსიც ხარ. - ცოფებს ყრიდა ვიბლიანი. ისე უჭერდა მუჭებს საყელოს, ლამის გაგუდა. გაქვავებული ვიდექი.
- კარგი რა, ამ ვიღაც „ნაშას“ გამო ეგრე როგორ მიჭედავ ? - აქ უკვე სიბრაზისგან მთელი სხეული ამიცახცახდა. ასეთი ბრაზი ცხოვრებაში არ განმიცდია. რამე ბლაგვი საგანი ხელში რომ მქონოდა, ალბათ იქვე ჩავარტყამდი. ბატონი ირაკლის შეშლილი სახე ალბათ ცხოვრებაში არ დამავიწყდება. გამეტებით ურტყამდა მუჭებს სახეში. ნაკაშიძეს ცხვირიდან სისხლი წასკდა.
- როგორ ბედავ ? რა უფლებით უწოდებ ქალს მსგავს სიტყვას, როცა არც კი იცნობ ? - ღრიალებდა ვიბლიანი და ყოველ ახალ სიტყვაზე მუშტებს უშენდა. ნაკაშიძე ჩაიკეცა, წინააღმდეგობის გაწევის თავიც კი არ ჰქონდა. ბატონი ირაკლი მიხვდა, რომ უკვე ზედმეტი მოსდიოდა და ის სიბრაზე რაც ვერ გამოავლინა გულში არ დაიტოვა და თომას მანქანას ურტყა მუჭები. კიდევ კარგი, ხალხმრავალ ადგილას არ ვიყავით, თორემ დიდი ალბათობით პოლიციასთან გვექნებოდა საქმე. ბრაზი ცოტათი რომ ჩაუცხრა , მკლავში წვდა და წამოაყენა. სახე სულ გასისხლიანებული ჰქონდა, ტუჩი და წარბი გახეთქილი.
- არ გაბედო და მეტჯერ, არც ერთ ქალს, განსაკუთრებით კი ემილიანეს, შენი ბინძური ენით არ შეეხო, გასაგებია ? იცოდე, არსად, ცხოვრებაში არსად გადამეყარო. შენი ლანდიც კი არ ვნახო, თორემ ეს მეასედიც კი არ იქნება იმის, რასაც დაგმართებ. - ნაკაშიძე ზიზღით სავსე სახით იწმენდდა სისხლს ტუჩიდან და თან ცალი ხელით მანქანას ეყრდნობოდა, ძლივს იდგა ფეხზე. ხმა არ ამოუღია, თუმცა მე გადმომხედა დამპალი მზერით.
- შენნაირი ნაგვის ტომრები რომ არიან იურიდიულ სისტემაში, იმიტომაც გვაქვს საქმე კარგად. - საკუთარი ხმა ვერ ვიცანი, ისეთი ბრაზით წარმოვთქვი ეს სიტყვები. ჩემგან მეტი საჭირო აღარაფერი იყო, ვიბლიანმა ჩემ მაგივრადაც გასცა საკადრისი პასუხი.
- წავიდეთ, ემილიანე - მითხრა ბატონმა ირაკლიმ და ხელი ჩამჭიდა. მანქანის კარი გამიღო და სასწრაფოდ ჩამსვა. თვითონაც ჩაჯდა და გადაჭარბებული სიჩქარით გააქროლა მანქანა. უკვე ვხვდები, რომ ეს კაცი როცა ბრაზდება, სპიდომეტრზე რიცხვებიც ზემოთ მიიწევს. ზოგადად, არ მიყვარს ზედმეტი სიჩქარით მოძრაობა, მაგრამ ახლა ისეთი გაცეცხლებული ვიყავი, მგონი მომწონდა კიდეც. ხმა არც ერთს არ ამოგვიღია, ცენტრალური გზიდან გადაუხვია, აშკარად უცხო ადგილას მივყავდი, მაგრამ ახლა ეს მჭირდებოდა კიდეც. სახლში ასეთ მდგომარეობაში ვერ მივიდოდი. მანქანას დაახლოებით 20 წუთი მართავდა. სახე ოდნავადაც კი არ დამშვიდებია, გაცეცხლებული იყო. სადღაც, ამაღლებულ ადგილას დააყენა მანქანა. უკაცრიელი ადგილი იყო, აქ ხელს საუბარში არავინ შეგვიშლიდა. თბილისის ლამაზი ხედები მოჩნდა. გამიკვირდა, ამ ადგილზე მანამდე რომ არაფერი ვიცოდი. მანქანიდან რომ გადმოვიდა, მის წინა ცხვირს მიეყრდნო და ხელები გადაიჯვარედინა.
- ბოდიში დღევანდელი დღის გამო. - მითხრა თავჩახრილმა.
- თქვენ რა გაქვთ საბოდიშო. ბოდიში იმ ნაგავს აქვს მოსახდელი.
- გახსოვს, ადრე გაგაფრთხილე ერიდე-მეთქი. ზოგადად, ძალიან მექალთანე ტიპია, მაგრამ ეს ყველაფერი სამსახურში არ ხდებოდა. თუმცა, ჩვენი თანამშრომელი ქალები ან დაოჯახებულები არიან, ან ასაკიანები. ამიტომ, მის ამ საზიზღარ თვისებას ოფისში ვერც ავლენდა. ვიცოდი, რაიმე ყურადღებას შენ მიმართ აუცილებლად გამოიჩენდა, მაგრამ ამ დოზით არ ველოდი. კაბინეტში მარტონი რომ დავრჩით, მაშინაც გავუსვი ხაზი ემილიანე ყველას არ ჰგავს-მეთქი და შენი ბინძური თამაშები მასთან არ გინდა-თქო. იმ მომენტში თავი დამიქნია, თუმცა როგორც კი წახვედი მალევე წამოვიდა ეგეც, საეჭვოდ. მივხვდი რაც ჰქონდა ჩაფიქრებული და მეც უკან გამოვყევი. როგორც ჩანს, სარკეში ვერ დამინახა, თორემ ეგრე არ მოიქცეოდა. ზღვარს ძალიან გადავიდა. - საუბარი დაასრულა. ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ, ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე და ვუთხარი.
- სამსახურიდან წავალ. - გაოცებულმა გამომხედა, ძლივს ოდნავ დამშვიდებული სახე თავიდან აუფორიაქდა.
- რას იზამ?
- წავალ. მსგავს სიტუაციაში არც მუშაობა მინდა და არც თქვენ შეგიქმნით პრობლემებს. - სრულიად მშვიდად ვუპასუხე, მთელი გზა მქონდა ფიქრისთვის, ეს გადაწყვეტილება რომ მიმეღო.
- და შენ რატომ უნდა წახვიდე ? ერთადერთი ვინც სამსახურიდან წავა ნაკაშიძეა. შენ თუ წახვალ, ვინმე სხვა მოვა შენს ადგილას და მასთანაც დარწმუნებული ვარ იგივე პრობლემებს შემიქმნის. დიდად არც მეპიტნავებოდა მისი ჩემს ოფისში მუშაობა, მაგრამ ხათრს ვერ ვუტეხდი მამაჩვენებს, რომლებიც ბავშვობიდან მეგობრობენ და ჩვენც ერთად ვართ გაზრდილები. ბევრი კარგი რამ მახსოვს ბავშვობიდან, მაგრამ რაც გავიზარდეთ მასთან დისტანციურად ვარ. არ მომწონს მისი შეხედულებები, აზროვნება. თუმცა, ფაქტზე არასდროს მყავდა დაჭერილი და ვერც ვუშვებდი. ოფისში იდეალურად მუშაობს, ამიტომ მე ვერაფერს ვეტყოდი. ახლა კი ძალიან საფუძვლიანი მიზეზი მაქვს, ამას არ ვაპატიებ.
- მგონი ცოტათი ზედმეტი მოგივიდათ. - ახლოს მივიწიე და მის ხელს დავხედე. მანქანას ისე გამეტებით დაარტყა რამდენჯერმე, კანი გადამსკდარიყო და სისხლი მოჟონავდა. გამახსენდა, რომ ჩანთაში ლეიკოპლასტირი მედო. მანქანის კარი გავაღე და მოძიება დავიწყე. მინაში გამომხედა, ვერ მიხვდა რას ვაკეთებდი. პლასტირი გავხსენი და მის ხელს შევეხე. სანამ ხელში მოვიქცევდი, სახეზე ავხედე. მაინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა, თუმცა მშვიდად გამისწორა თვალი, ანუ წინააღმდეგი არ იყო. მასთან ასე ახლოს არასდროს ვმდგარვარ და ცოტა არ იყოს დავიბენი, უცნაური გრძნობა იყო, მანამდე გამოუცდელი... მალევე მოვეგე გონს და ხელზე დავაკარი.
- სისხლდენას მაინც შეაჩერებს - ჩავილაპარაკე ჩემთვის.
- და ამ ბრაზს რა შეაჩერებს რასაც შენს თვალებში ვკითხულობ ? - როგორც იტყვიან ხოლმე, ბოლო ნახევარი საათი სული კბილებით მეჭირა, რომ ის რეაქცია არ მქონოდა, რაც ჩემს ბრაზს მოჰყვება ხოლმე. როგორც იცით, ამ დროს ისტერიკული ტირილი მიტყდება. ბრაზი, ყველაზე ცუდი გრძნობაა ჩემთვის. ამ დროს თავის კონტროლი ძალიან მიჭირს. ასეთი გაბრაზებული კი არასდროს, არავისზე ვყოფილვარ, როგორც ნაკაშიძეზე. რაღაცნაირად თავს ვებრძოდი, მაგრამ ვიბლიანმა რომ ამაზე ლაპარაკი დაიწყო, საქმე ბევრად გამირთულდა.
- თავს იმით ვიწყნარებ, რომ საკადრისი პასუხი მიიღო - ვგრძნობდი როგორ ამემღვრა თვალები - კიდევ კარგი, რომ მოხვედით. - ძლივს დავამატე. თავს საშინლად შეურაცხყოფილად ვგრძნობდი, რით დავიმსახურე რომ მსგავსმა არამზადამ ასე მომიხსენიოს. წარმომიდგენია, როგორ გამოვიყურებოდი ამ მომენტში, რომ ვიბლიანს სახე ეცვალა და შეშფოთებული მიყურებდა. ჩემსკენ გადმოიწია და ჩამეხუტა. ასეთ მხარდაჭერასაც არ ველოდი. ამ ჟესტის გამო, კიდევ უფრო მეტად ამიჩუყდა გული და პატარა ბავშვივით ტირილი დავიწყე. თან საშინლად მაღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ვიბლიანის მკლავები ჩემს სანუგეშებელ ადგილად იქცა და თან ვგრძნობდი, რომ გაწევაც არ მინდოდა.
- შენ არაფერში ხარ დამნაშავე, ემილიანე. ეცადე თავი ხელში აიყვანო და მსგავს არაკაცებს უფლება არ მისცე, შენზე უარყოფითად იმოქმედონ. მესმის, რომ ძალიან შეურაცხმყოფელი იყო შენთვის, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ის იმდენად არაფერს წარმოადგენს, მისი სიტყვები გულთან არც კი მიიტანო. - ოდნავ გამწია, რათა ჩემი სახე დაენახა. თვალი ძლივს გავუსწორე. მახსოვდა ხელსახოცი რომ არ დაიბრუნა, შარვლის უკანა ჯიბეში ჩავიდე, ამოვიღე და ცრემლები შევიმშრალე.
- მიუხედავად იმისა, რომ ტირილიც გიხდება, აღარ იტირო, რა. - გაეღიმა და ცხვირზე დამკრა თითი, პატარა ბავშვივით. - რა კარგია ეგ რომ არ გამოგართვი, საჭირო ყოფილა. - გაგიკვირდებათ და ამაზე გამეცინა. - აი, სიცილი უფრო გიხდება. - თვითონაც იღიმოდა და მეც ამიყოლია. უნდა ვაღიარო, რომ ეს ადამიანი ჩემზე ძალიან კარგად მოქმედებდა. ჩემი ბრაზი თითქოს სადღაც გაქრა. მისი სახით, ვიგრძენი რომ ძლიერი დამცველი მყავდა. - თუ ეს ფაქტი დაგამშვიდებს, თუ გინდა შენც ცემე. მე დავიჭერ შენ დაარტყი. - უკვე გულიანად იცინოდა.
- ჯობია დავაბათ და ორივემ ვცემოთ - ბუზღუნით ჩავილაპარაკე. ამაზე ჩაბჟირდა.
- ძალიან საყვარელი ხარ, ემილიანე - უცებ დაუსერიოზულდა და დაუტკბა ხმა. ამ რეპლიკამ დამაბნია. ვერ გავიგე, რა რეაქცია უნდა მქონოდა და მდუმარედ მივაჩერდი. - და თან როგორი შეუბრალებელიც ყოფილხარ. ესე იგი, კიდევ გინდა რომ დავუმატო ? არ გაწყენინებ მაგის გამო.
- არა, ვხუმრობ. საცემი კი იყო, მაგრამ თქვენგან ამხელა მრისხანების გამოვლენასაც არ ველოდი. ბოლოს და ბოლოს, ჩემ გამო ბავშვობის მეგობარი სცემეთ.
- რატომ არ ელოდი ? რა გეგონა, ასეთი შეურაცხყოფის მერე მშვიდად გავუშვებდი ? ეგ არა მარტო შენი, ჩემი შეურაცხყოფაცაა. გავაფრთხილე და მე გადამაბიჯა. თანაც, ვერ ვიტან ქალს არასწორად რომ ექცევიან. - ისე მელაპარაკა, ვინანე ჩემ გამო სცემეთ-თქო რომ ვუთხარი. თავი განსაკუთრებულად გამოვიყვანე, არადა მან ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ ქალი ვარ. გუნება წამიხდა.
- წასვლა მინდა.
- გეჩქარება ? ეს ადგილი, რომ ბნელდება მაშინ კიდევ უფრო ლამაზია.
- წასვლა მინდა - ჯიუტად გავუმეორე და პირდაპირ მანქანისკენ დავიძარი. გაბუსული ჩავჯექი. თუმცა, რა მიზეზით ვერ ვხვდები. გზაში ხმას არ ვიღებდი. ცდილობდა საუბარში ავეყოლიებინე, თუმცა უშედეგოდ. სახლთან რომ მომიყვანა, გადასვლამდე საუბარი დავიწყე.
- თუ მამათქვენთან რაიმე დაპირისპირებას გამოიწვევს ის ფაქტი, რომ იმ არაკაცს სამსახურიდან უშვებთ, ან ოდნავ მაინც რაიმე სახის კონფლიქტს წარმოშობს, მე წავალ. არ მინდა დაძაბულობის მიზეზი მე ვიყო. ნახვამდის. - პასუხის მოსმენა არ მინდოდა და კარი გავაღე, რაღა გადავსულიყავი. ხელზე შეხება ვიგრძენი და ისე ძლიერად დამსვა, მკლავი მეტკინა.
- ჯერ ერთი, გითხარი შენ არ წახვალ-მეთქი - მკაცრად დაიწყო საუბარი. მთელი გზა ის ცდილობდა რომ ხასიათზე მოვეყვანე და ახლა ტონი აშკარად შეეცვალა. - მერე მეორე, ეს ჩემი გახსნილი კომპანიაა და მამაჩემს არავითარი უფლება არ აქვს მასზე, მე ვინც მინდა ის მეყოლება გვერდით. მერწმუნე, მამაც რომ გაიგებს რა გააკეთა, სწორად იქცევიო - ასე მეტყვის. ასე რომ, ტყუილად ნუ დგამ დრამას. შენი მოვალეობა რაცაა ის შეასრულე. ამ შაბათ-კვირას დაისვენე. ნუ მოხვალ ხვალ ოფისში. გამოიძინე და ახალი ენერგიებით დაიწყე ახალი კვირა, უკვე აქტიურ მუშაობას ვიწყებთ და ოფისი შეივსება. ორშაბათიდან ნაკაშიძის ლანდს ვეღარ ვნახავთ ვერც ერთი. ახლა შეგიძლია გადახვიდე.
- სხვათა შორის, ხელი მეტკინა და მანერები დახვეწეთ - ჯუჯღურით გადმოვედი მანქანიდან და კარი ძლიერად მივაჯახუნე. ისე დავტუქსე საკუთარ თავზე გამეცინა. თუმცა, ვაღიაროთ რომ ვიბლიანთან ახლა სხვა ურთიერთობა მქონდა და ისეთი შეუვალი ნამდვილად აღარ იყო, რამდენადაც ადრე.
მთელი შაბათ-კვირა ლამის ჩემს საყვარელ რაფაზე გავატარე. არც მეცადინეობის თავი მქონდა და არც ლაპარაკის. უგუნებოდ ვიყავი. მარის ყველაფერი მოვუყევი, პირადი დეტალების გარდა. ისე გაბრაზდა ნაკაშიძეზე, მითხარი ვინაა მეც უნდა ვცემოო. ისე საყვარლად იშვერდა მუშტებს, ვითომ მართლა აცემინებდა ვინმე.
- ოფიციალურად, ვიბლიანზე ვგიჟდები ! როგორი მამაკაცურია, როგორ დაგიცვა. ბევრი ასე არ მოიქცეოდა, თან რომ დაგამშვიდა კიდეც. აი უსაყვარლესია, ემიკო. ეგ კაცი მგონი შენ მიმართ გულგრილი არ არის.
- კარგი რა, მარი. - ხელი ავიქნიე - ხომ ხედავ მითხრა ვერ ვიტან ქალებს ცუდად რომ ექცევიანო. ეს უბრალოდ იმიტომ გააკეთა, რომ ქალი ვარ და ჩემ ადგილას ნებისმიერის გამო ასე მოიქცეოდა.
- კი მოიქცეოდა, მაგრამ შენ გამო უფრო - თან აჟიტირებას ვერ მალავდა.
- გეყოფა ეხლა.
- აი, როგორი ყოფილა ამდენი ხანია რომ მიჩიჩინებ ლუკაზე, მოსწონხარო და მე არ მჯერა. შენ სულ დარწმუნებული ხარ ამაში, მე -არა. ახლა როლები გავცვალეთ.
- აი, ლუკა რომ მალე პაემანზე დაგპატიჟებს, ნახავ და ვიბლიანი მე რამდენი ხანი სულს ამომხდის მუშაობაში. თან ორშაბათიდან სერიოზულ მუშაობას ვიწყებთ. - ბალიში ვესროლე.
- დაველოდოთ, აგერაც ნახავ მე თუ მართალი არ ვიქნები.
- გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხარ - თავი გავაქნიე.
- შენ კიდევ უჟმური, უნიათო და ყველანაირად უ ! წავედი, ვიმეცადინო. შენნაირი პესიმისტის თავი არ მაქვს.
- წადი ჰო, წადი. სემინარები კარგად ისწავლე ლუკაჩოს თავი რომ მოაწონო - ბოროტული სიცილი ამიტყდა. საპასუხო ბალიში ახლა მივიღე და კარის გაჯახუნებით გავიდა.
არ ვიცოდი, რას ვგრძნობდი. მართალია, ნაკაშიძეზე ჯერ კიდევ გაბრაზებული ვიყავი გულის სიღრმეში, მაგრამ იმდენად ნამდვილად აღარ. ჩემს ერთ ნაწილს აღარც კი აინტერესებდა ეგ ამბავი. აღიარება მიჭირდა საკუთარ თავთან, მაგრამ მე სულ სვა რამის გამო ვიყავი ასე. იმის ფიქრი, რომ ვიბლიანი მხოლოდ ჩემ გამო ასე არ მოქცეულა ჭკუიდან მჭრიდა. ვბრაზობდი მასზე, მაგრამ ვიცოდი ამის უფლება არ მქონდა. ჩვენი ორივე ჩახუტების სცენას რომ წარმოვიდგენდი, სადღაც დავფრინავდი. არ მწყინდებოდა, მის მწვანე თვალებზე ფიქრი. მისი ღიმილი, ხმა, შეხება. ვაღიარებ, მთელი ორი დღე ტელეფონს მივჩერებოდი, იქნებ დაერეკა. ხომ მითხრა, მაქვს შემთხვევები როცა დასვენების დღეებშიც შეიძლება დამჭირდეო. თუმცა, არა ! არ დაურეკავს. შაბათი დღე როგორც იქნა დამთავრდა. კვირას კი უკვე გაძლება ძალიან მიჭირდა. თან, ვერ ვეგუები იმ ფაქტს რომ ნაჩხუბარი წამოვედი. თუმცა, ვის დავაბრალო ? ჩემი ბრალია. ვცდილობდი, ყურადღება სამეცადინოზე გადამეტანა, მაგრამ კონცენტრირებას ვერ ვახდენდი. საკუთარ თავზე ნერვები მეშლებოდა.
- ჯერ ხომ სულ 2 კვირაა რაც იცნობ ემილიანე. ამის უფლებას როგორ აძლევს საკუთარ თავს ? - დაუსრულებლად ვუმეორებდი ემილიანეს ამას, მაგრამ მის გულს არაფრის გაგონება არ სურდა. მამას სიტყვები ამომიტივტივდა თავში.
„ - გონებას ენდე.“ - რთულია მამა გონებას ენდო. ძალიან რთული ყოფილა.
ვიბლიანის სემინარი კი სხაპასხუპით ვისწავლე, მაგრამ სხვა საგნებს ვერ ვუხერხებდი ვერაფერს. წინასწარ რომ არ მემეცადინა რამე, მერე მომიწევდა ღამეების თენება. თუმცა, რომ მივხვდი არაფერი გამომდიოდა, შევეშვი.
კვირას, ჩავიცვი და სასეირნოდ გავედი. ახლა ნამდვილად მჭირდებოდა ეს. მარიც გამოვაგდე სახლიდან, წავედით-მეთქი. უარი არ მითხრა და უმისამართოდ დავიწყეთ სიარული. შემოდგომის სასიამოვნო საღამო იყო. მარისთან ჩემს შინაგან ორთაბრძოლაზე არაფერი მომიყოლია, ჯერ საკუთარ თავთანაც კი მიჭირდა ბევრი რამის აღიარება, თუმცა მგონი შინაგანად გრძნობდა ამ ყველაფერს და მაქსიმალურად ცდილობდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. ბევრი მაცინა. ჩვენს უბანს საკმაოდ გავცდით. ერთ-ერთ ბინასთან რამდენიმე ბიჭი იდგა. ერთი მათგანი განსაკუთრებით მოგვაჩერდა და ჩვენსკენ წამოვიდა. ნაკაშიძის ამბის მერე ისე ვიყავი დაფეთებული, მგონი უკანაც დავიხიე ცოტათი, რომ ეგრევე გავქანებულიყავი და ყელში ვწვდომოდი.
- ვაიმე, ემიკო. ახლა ისროლა ავრორამ ჩემთვის. ლუკა მოდის გოგო - უცებ ადგილზე გავშეშდი. მე ჩემი თვალით ნანახი არ მყავდა. ფოტოებისგან განსხვავებით ლაივში ბევრად უფრო სიმპათიური იყო, ვერც კი ვიცანი. თანაც, ხომ იცით სახეების დამახსოვრებაში რა ნიჭიერიც ვარ ?!
- არ დაიბნე, გამაგრდი დაო - შევაგულიანე მეც.
- გამარჯობა, გოგონებო. - მოვიდა და მარი გადაკოცნა.
- პრივეტ, ლუკა- მაქსიმალურად ომახიანი ხმით უპასუხა მარიმ. თითქოს, სულ ორი წამის წინ ხმის კანკალი არ სჭირდა. - გაიცანი, ეს ჩემი დაქალია, ემილიანე. - ისე გულგრილად ელაპარაკებოდა, იქვე მინდოდა მომეკლა. უკვე წარმომიდგენია, ეს თუ ასე ექცევა ბიჭს, რა ნაბიჯს გადმოდგამდა ლუკა აქამდე ? - ეს ჩემი კურსელია, ლუკა.
- სასიამოვნოა, ემილიანე. მსმენია შენზე. მარი სულ გახსენებს ხოლმე.
- მართლა ? რაო, რას ამბობს ?
- ოო, მე ამას არ ვიტყვი, მაგრამ ძალიან კი უყვარხარ.
- თვითონაც იცის, შენ რომ არ უთხრა - უპასუხა მარიმ. შეუმჩნევლად ვჩქმეტდი. ერთი სული მქონდა როდის დავიმარტოხელებდი, თმებში რომ ვწვდომოდი.
- მე კი ვიცი, მაგრამ ძალიან კარგია სხვებთანაც თუ მაქებ, ქალბატონო - ვთქვი ღიმილით. სიტუაცია რომ გამენეიტრალებინა. - ლუკა, ეს უნივერსიტეტშიც ასეთი უჟმურია ? - ისე მივმართე, თითქოს ჩემი დიდი ხნის ნაცნობი იყო, მაგრამ ეს ბიჭი იმ დონეზე გვყავდა მე და მარის განხილული, ძალიან ახლობლად ვთვლიდი.
- ამაზე უარესიც ხანდახან. რა ძალისხმევა მჭირდება, რომ გავაღიმო შენ ხომ არ იცი.
- არადა, მერწმუნე საერთოდ არ არის ეგეთი. ესე იგი, ტაქტიკა გაქვს შესაცვლელი - ახლა მე მივიღე საპასუხო ჩქმეტა. მგონი, ლუკას მარტო არ უნდა დავეტოვებინეთ, თორემ დავხოცავდით ერთმანეთს.
- გავითვალისწინებ, ემილიანე. - მითხრა ღიმილით. - აქეთ, რატომ ხართ ? როგორც ვიცი, აქ არ ცხოვრობ მარი. - ვინ აცადა მარის პასუხის გაცემა, მე ჩავეჩხირე.
- მარის დედას ერთი გერმანული ფირმის შოკოლადი მოუნდა, - ჩემი და მარის უსაყვარლესი შოკოლადი იყო „Ritter”. რომელიც, მართლა არ იყიდებოდა ყველგან და მშვენივრად ვიცოდით, სადაც შეიძლება გვეპოვა. - გვთხოვა მომიტანეთო და აი, არც ერთ მაღაზიაში არ არის. ყველაფერი შემოვიარეთ.
- მე მანქანით ვარ, შემიძლია გაგიყვანოთ. - შემოგვთავაზა ლუკამ.
- აუ ძალიან მაგარი აზრია. მაინც მეზარებოდა ფეხით სიარული. ერთი წუთი ბოდიში. - ვითომ ტელეფონმა დამირეკა გვერდით გავედი. ესენი მარტო დავტოვე, თან ხმამაღლა ვლაპარაკობდი რომ დიალოგი ლუკასაც გაეგონა.
- გისმენთ, ბატონო ირაკლი. დიახ. ძალიან საჩქაროა ? კარგით რა, 1 დღე მაქვს დასვენების უფლება და ამასაც მართმევთ ? კარგით, რა გაეწყობა მაშინ, მოვალ - გაბრაზებული სახით დავბრუნდი უკან. - მთელი შაბათ-კვირა იმას ვოცნებობდი დაერეკა. მიუხედავად იმისა, რომ არ დაურეკავს ჩემი ილუზიებიდან შესანიშნავი სპექტაკლი დავდგი.
- ბავშვებო, ჩემმა უფროსმა დამირეკა. რაღაც საბუთი ვერ იპოვა ოფისში და ჩემი დახმარება სჭირდება. თუ ვერ ვიპოვეთ ნახვამდის ჩემო კარიერავ - დანანებით ჩავილაპარაკე. - სამწუხაროდ, მე უნდა წავიდე და თქვენ წადით.
- კარგი, მაშინ ჯერ ემილიანე მივიყვანოთ სამსახურში და მერე გავაგრძელოთ გზა ჩვენ. - მიმართა მარის. აქ გავიჭედე. არ ვიცოდი რა მიზეზით მეთქვა უარი არ წამიყვანო-თქო. სხვა რა გზა მქონდა.
- აუ, მადლობა ლუკა. ბედად გადაგვეყარე - ისე აღვფრთოვანდი, მე თვითონ დავიჯერე ლამის, რომ მართლა სამსახურში ვიყავი წასასვლელი. ჯერ მხოლოდ 4 საათი იყო და ძალიან არარეალურსაც არ ჰგავდა.
- ბიჭებს დავემშვიდობები, თან მანქანას გამოვაყენებ და ახლავე მოვალ.
- კარგი,გელოდებით - ვუთხარი ღიმილით. რომ წავიდა ზურგით დავდექი და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვფხუკუნებდით. თან, ისე რომ ძალიან შესამჩნევებიც არ ვყოფილიყავით.
- რა გააკეთე შე დეგენერატო ? - ჩუმად მეჩხუბებოდა მარი, არც თუ ისე შორს იდგა ლუკა.
- ის რასაც თქვენ 3 წელია ვერ აბამთ თავს. - სულს ვერ ვითქვამდი. - მაქსიმალურად შორს რომელი მარკეტიცაა იქ წადით. და საერთოდ, გოგო რანაირად ელაპარაკები ? კი ვიცოდი რა უცხვირპიროც ხარ, მაგრამ ასეთს არ ველოდი. ცოტა გაუღიმე ბიჭს.
- ოოჰ, პირისპირ რომ ვდგები, მერე ასეთები მერთვება, რა ვქნა ვერ მოვიშორე ეგ თვისება.
- ასეთი შანსი ბევრი არ მოგეცემა და დღეს მაქსიმალურად გამოიყენე თორე გეფიცები ჩემი ხელით მოკვდები.
- ვნახოთ რა გამოვა. - ხითხითებდა მარი - ვერ დაგპირდები.
- ვერ დამპირდები და ერთი გიხსენებია მერე ლუკა ბლაზვით, ჩაგგუდავ. იცოდი აქ რომ ცხოვრობდა ?
- დაახლოებით კი, მაგრამ კონკრეტულად არა.. არც ველოდი ახლა აქ თუ დამხვდებოდა.
- ბედიაა, ბედი.
-მოკეტე, გოგო. და ტაქტიკებზე სიტყვა აღარ ახსენო თორემ სახლში გაგისწორდები.
- ერთხელ ხსენებამაც გამოიღო თავისი შედეგი. ახლა მე მიშველეთ, იმ დაკეტილ ოფისთან რომ მიმიყვანს რა ვქნაა ?
- ეგ მართლა აღარ ვიცი. ღმერთო შენ გვიშველე. ლუკა რომ მიხვდეს, რაც გააკეთე, წადი და შენი ფეხით გადაეშურე მტკვარში. - უკვე ცრემლები გვდიოდა ამდენი სიცილისგან. დავინახეთ ლუკა მოდიოდა და ამიტომ ცოტა სახეები დავაყენეთ. მარი უკან ჯდებოდა ჩემთან ერთად და ხელს ვკრავდი რომ არ ჩამეჯინა.
- მარი, შენ წინ დაჯექი - უთხრა ლუკამაც. კიდევ კარგი, ჩაჯდა. ეს გოგო გამაგიჟებს. საშინელი სურვილი მქონდა, რამე დამეზიანებინა მისთვის.
ლუკამ გზაში გვაცინა, ძალიან კარგი იუმორის გრძნობა ჰქონია. მომეწონა ჩემი დაქალის არჩევანი. როგორც იქნა, ეს სიტყვაძვირი ქალბატონიც აალაპარაკა. ოფისთან რომ მომიყვანა , ვიბლიანის მანქანა დავინახე. ანუ მართლა იქ იყო. გული საგულედან ამოხტომას ლამობდა.
- კარგად, ლუკა. მადლობა რომ მომიყვანე. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.
- ჩემთვისაც ემილიანე, რა მადლობა. სხვა დროსაც გავისეირნოთ ხოლმე ერთად.
- აუცილებლად. მარი, იმედია შოკოლადებს მიაგნებ.
- ჰო, თორე დედაჩემს როგორ დასწყდება გული - ამყვა ტყუილში ისიც.
- კარგით რა, ამხელა თბილისში როგორ ვერ ვიპოვით.
- კარგი, მე წავედი - კარი მივხურე. ნელ-ნელა მივდიოდი, იქნებ დროულად გააღწიონ-მეთქი. ნამდვილად არ მინდოდა ოფისში შესვლა, რა მიზეზი მომეგონებინა ? მაქსიმალურად ვითრიე ფეხი, მაგრამ არა და არ მიდიოდნენ. უკვე სხვა გზა რომ აღარ მქონდა, კარი შევაღე. თან ორივე მიყურებდა ფანჯრიდან და მიღიმოდა. ხელი დავუქნიე, უკუსვლით შევდიოდი და როცა კარი უნდა მიმეკეტა, ვიგრძენი როგორ დავადგი ვიღაცას ფეხი და წონასწორობა დავკარგე. პირდაპირ ვიბლიანის მკლავებში ჩავვარდი. იმდენად წამებში მოხდა ეს ყველაფერი გაცნობიერებაც ვერ მოვასწარი.
- რა მოხდა ემილიანე ? მე და ოფისი მოგენატრეთ ? - მითხრა ირონიული ღიმილით.



№1 სტუმარი სტუმარი თეკლა

ძან მომეწონა შემდეგი თავი მალე დადე რა.

 


№2 სტუმარი ღამის სტუმარი

მომწონს კარგია მაგრამ მალე თუ დადებ მომდევნოს უფრო კარგი იქნები:):):)

 


№3  offline წევრი OKI ME

აი, შენ არ იცი,, ბოლო ნაწილზე მე, როგორ ვიცინე :დდ

უჰ, რა კარგი თავი იყო ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიკა

მადლობა რომ მალე დადეთ.ველოდებოდი.♥️♥️♥️????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent