ლანგრით მორთმეული (თავი 12)
ელენესთან ერთად სავაჭრო მოლში უმისამართოდ დავბორიალობ და ანდროსთვის საახალწლო საჩუქრად არაფერი მაფიქრდება. რამოდენიმე წყვილი მაქმანებიანი თეთრეული თითქმის იძულებით მაყიდინა. - სუნამო ან მაჯის საათი? - ყველანაირად ცდილობს იდეა მომაწოდოს. - ბანალურია... - ვვოხრავ და იმედი მეწურება. - ნახატი? - არ ნებდება. - საღამომდე არავინ დახატავს. - სასოწარკვეთის ზღვარზე ვარ. - უკვე მზა რომ ვიყიდოთ? - არ ვიცი... - მხრებს ვიჩეჩავ და გონებში იდეის ნათურა ინთება. - საღებავები ვიყიდოთ, მე დავხატავ! საძინებელში ფეხმორთხმული ვზივარ და ახალ მოლბერტს ცხვირაბზუებული შევცქერი. ანდრო დილიდან ოფისშია... საახალწლო სამზადისმა მთელი ქსელი ფუტკრების სკას დაამსგავსა. კარზე მსუბუქი კაკუნი ისმის და ნახატს კედლისკენ ვაბრუნებ. - მე ვარ! - ელენეს ხმაზე ვმშვიდდები და კარს ფართოდ ვაღებ. - შემოდი, უკვე მოვრჩი. - შეიძლება, ვნახო? - ისეთი ბავშვური აღტაცებით მეკითხება, რომ უარის თქმას უკანასკნელი ადამიანიც კი ვერ გაბედავს. მოლბერტს საწყის პოზიციაში ვაბრუნებ და ნამუშევარს ელენესთან ერთად ვაკვირდები. ხატვა ყოველთვის მიყვარდა. ვინაიდან, მუსიკალური სასწავლებელი პირველივე წელს მივატოვე და ვერც ცეკვაში ვივარგე, ლანამ სამხატვრო სკოლაში მიმიყვანა. ხატვამ გადამალახინა ყველაზე რთული, გარდატეხის პერიოდი. ვუყურებ საკუთარ ნამუშევარს და საკუთ თავზე ბრაზი მომდის. იმდენი ხანია არაფერი დამიხატავს, აშკარად დაეტყო მცირე დეტალებში. ჩემგან განსხვავებით, ელენეს სრული გაოცება აწერია სახეზე. მუქ ფერებში გადავწყვიტე. წყვილის ჩრდილია, ბიჭს თავზე ანგელოზის შარავანდედი ადგას, გოგონას - პატარა რქები. თუკი ანდროს ჩემთან შეხვედრამ თავიდან დაბადების შეგრძნება მოუტანა, მე უფრო გავძლიერდი... - სიტყვები არ მაქვს!.. - ელენე თვალს არ აშორებს. - გაგიჟდება ისე მოეწონება... - მართლა მოეწონება? - ლამის ვყვირი. - ეს როგორ არ უნდა მოეწონოს! - უფრო ახლოს მიდის და თვალებგაფართოებული აცქერდება. - სრულიად განსხვავებული ადამიანების წყვილი. - ეშმაკი და ანგელოზი...- უფრო ჩემთვის ვლაპარაკობ. - შეუფერებელი წყვილია. - სულაც არა! - დაკვირვებულ მზერას მაპყრობს. - ურთიერთობაში ორივე ანგელოზი რომ იყოს, ან ორივე ეშმაკი, იცი რა გამოვა? - სამოთხე ან ჯოჯოხეთი. - ხელებს გულზე ვიკრეფ. - ჯოჯოხეთი საშინელებაა ორივემ ვიცით, აი სამოთხე კი ძალიან კარგია, მაგრამ მოსაწყენია... - ელენე ისევ ნახატს ავლებს თვალს. - შუალედია საჭირო. - როცა ვინმე შეგიყვარდება, რომელი იქნები? - რა თქმა უნდა, ეშმაკი! - ისეთი გამომეტყველება აქვს, სიცილს ვერ ვიკავებ. ანდროს მოსვლამდე მოლბერტი ელენეს ოთახში გადავმალე და მშვიდად გამოვიცვალე საღებავით მოთხვრილი ტანსაცმელი. აკრილის არჩევამ გაამართლა, ნახატი მალევე გაშრა, მხოლოდ იმაზე მწყდება გული, რომ ჩარჩოში ჩასმას ვეღარ მოვასწრებ და დასრულებული არ იქნება. - თუ გინდა, ჩემებთან ხვალ გავიდეთ. - ანდროს დაღლილ სახეზე თვალს ვავლებ. - არავითარ შემთხვევაში. - მოკლედ მპასუხობს და პერანგის ღილებს მიყოლებით კრავს. - პირობა პირობაა. წასვლა ვახშმობის შემდეგ გადავწყვიტეთ. მანამდე ელენესთან ერთად ავიპარე მეორე სართულზე და მოლბერტი საწყის მდებარეობას დავუბრუნეთ. - წელი თუ მომტყდა, დამპირდი, რომ დამხატავ... - წუწუნებს და ცალი ხელით ოთახის კარს აკავებს. - არაფერი მოგტყდება, რქების გარდა. - მის შემართებას ვახსენებ და ორივეს გვეცინება. - რაღაც გიყიდე, ახლავე მოვიტან! - თავის ოთახში გარბის, როგორც კი საქმე ბოლომდე მიგვყავს. სიმართლე რომ ითქვას, მეც ვუყიდე ელენეს საჩუქარი. ვერცხლის ძეწკვი და ანგელოზის კულონი... ახლა სულელურად მეჩვენება, მაგრამ დახლიდან მაინც ვიღებ. - გამომართვი! - სუნთქვააჩქარებული შემორბის უკან და პატარა ყუთს მაწვდის. - მადლობა, მეც გიყიდე რაღაც... - შეფუთვას გაუბედავად ვაწვდი. - ჯერ შენ ნახე. მოუთმენლად ხსნის და როგორც კი სამკაულს ხედავს სიცილისგან ლამის ბჟირდება. - მაშინ არ ვიცოდი, ეშმაკობა თუ გინდოდა... - მხრებს ვიჩეჩავ. - არა, ეგ არაფერ შუაშია... - როგორღაც სულს ითქვამს და მზერა ჩემს ხელებზე გადააქვს. - გახსენი. ყუთს ფრთხილად ვხსნი და წამით მგონია, რომ ისევ ელენესთვის ნაყიდი საჩუქარი მიჭირავს. - კარმა დაგვცინის... - ვამბობ, როგორც კი მომხდარს ვიაზრებ და ელენს მხიარულ კისკისზე გულიანად მეცინება. - ვახშამი თითქმის მზადაა. - დალი ჰოლში თავაზიანი ღიმილით აცხადებს. - სწრაფად ვივახშმოთ და წავიდეთ. - ანდრო მხარზე შეუმჩნევლად მკოცნის და სახეზე ალმური მეკიდება. - მაშინ, მანამდე ოთახში ავიდეთ... - თითქმის ვეხვეწები. - ვერ მოვასწრებთ. - მხიარულად მიღიმის და მხოლოდ წუთის შემდეგ ვიაზრებ რასაც გულისხმობს. - რა გარყვნილი ხარ! - მუშტს ოდნავ ვკრავ მკერდზე. - რაღაც უნდა გაჩვენო. - საჩუქარი მიყიდე? - იმ ბავშვს გავს, სანტა კლაუსის რომ სჯერა. - დაახლოებით. - მხრებს ოდნავ ვიჩეჩავ. საძინებლის კართან მკვეთრად ვჩერდები და ანდროსკენ ვტრიალდები. - თვალები დახუჭე! - დაბნეულ მზერას მისწორებს, მაგრამ ხვდება, რომ არ ვხუმრობ და ღიმილით მემორჩილება. - იცოდე, არ გაახილო. კარს ვაღებ, ანდროს ფრთხილად შემყავს და მოლბერტთან ცოტა მოშორებით ვაყენებ. აღელვებისგან თითოეული ნერვი მითამაშებს. - გაახილე. - მაშინვე იხედება და ნახატს დაძაბული აკვირდება. მის სახეს თვალს ვერ ვწყვეტ. ვცდილობ, რაიმე ემოცია წავიკითხო, მაგრამ თითქოს გაქვავდა, სახის ყველა კუნთი მოუდუნდა. - შენი იდეით დაახატინე? - ამბობს, მაგრამ მოლბერტს თვალს არ აშორებს. - არა. - შეშინებული ვპასუხობ და იმდეგაცრუებულ მზერას მაშინვე მისწორებს. - მე დავხატე... - არარეალურია... - ისევ ნახატს აშტერდება და თავისთვის ჩურჩულებს. - არ მოგწონს? - გული მეწურება და თვალები მეწვის. - საიდან მოიტანე? - გაბრწყინებული გალაქტიკით ჩამცქერის. - უემოციო სახე გაქვს... - ყელში მწარე ბურთი მებჯინება და საკუთარ თავს უკანასკნელი სიტყვებით ვამკობ... მეყიდა რამე ნორმალური. - ზუსტად ასეთი ემოცია, პირველად იცი როდის მქონდა? - მკლავებში მამწყვდევს და ჰაერს ღრმად უშვებს ფილტვებში. - როცა კლუბში, ბარის დახლთან ერთი ულამაზესი გოგონა დავინახე... - იმედია, ჩემზე ამბობ! - წარბი უნებურად გამირბის და მთელი სხეული დაძაბულობისგან მიშეშდება. - რათქმაუნდა... - ნაზად მკოცნის და მაშინვე ვდუნდები. - არ ვიცოდი, ასე კარგად თუ ხატავდი. - ერთმანეთზე კიდევ ბევრი რამ არ ვიცით... - ფიქრი, რომ რაღაც წუხილს მიმალავს, მოსვენებას არ მაძლევს. - რისი ცოდნა გინდა? - მზერა მაშინვე ემღვრევა და ვხვდები, კოშმარებზე კითხვებს არ უპასუხებს. - დედაშენზე მომიყევი... - მისი მარწუხებისგან ვნთავისუფლდები და ხელებს გულზე ვიკრეფ. - გარდაიცვალა... - მხრებს იჩეჩავს, თვალს მარიდებს და სავარძელზე ეშვება. - როგორ გარდაიცვალა? - ვიცი, რომ ზედმეტად მგრძნობიარე ნაწილს ვეხები, მაგრამ ეს ღამეული კოშმარები რაღაც არანაკლებ მტკივნეულ წარსულს ეხება. - ახალი წლის ღამეს ამაზე გინდა საუბარი? - ბნელ მზერას მისწორებს. - მინდა, თუ იმდენად მენდობი, რომ მითხრა. - მის გვერდით ფრთხილად ვჯდები. - თავი მოიკლა. - დასამშვიდებლად ღრმად სუნთქავს, მაგრამ ნიკაბი ძლივსშესამჩნევად მაინც უთრთის. - ხუთი წლის ვიყავი, თომა ყოველდღე მუშაობდა. დედა ხან ზედმეტად მოწყენილი იყო, ხან ბავშვივით მეთამაშებოდა. ერთხელ უბრალოდ დანა აიღო და ჩემკენ გამოიქცა... ვერაფერს მივხვდი. მეგონა, ისევ რაღაც თამაში მოიფიქრა. პირადმა ექთანმა დაინახა და შეაჩერა. მეორე დღეს კი სახლის სარდაფში თავი ჩამოიხრჩო... - აცრემლებულ თვალებს მისწორებს და სახე ისევ უქვავდება. - ეს არავინ იცის, არავის უთხრა... ეს ამბავი დედაჩემთან ერთად მოკვდა იმ დღეს. - შენ რატომ იცი? - ცრემლებიანად ვიყინები. - მე ვნახე! - ფეხზე ხტება და ორივე ხელს თავზე ძლიერად იჭერს. - ვეძებდი და ვიპოვე... მეგონა მეთამაშებოდა და ველოდებოდი, როდის ჩამოვიდოდა ჰაერიდან. - ანდრო... - ჩემკენ ვატრიალებ და ძლიერად ვეხუტები. ჰოლი მთლიანად ცარიელი გვხვდება და პირდაპირ სასადილო ოთახისკენ მივეშურებით. - ბოდიში, რომ იმ ყველაფრის ახლიდან განცდა გაიძულე. - შესასვლელთან ვეჩურჩულები. - მინდოდა, რომ გცოდნოდა. - დამშვიდებულ ზღვებს მისწორებს. - არ მინდა სადუმლო გვქონდეს... - სანამ სინდისი შემომიტევს ხელს ხელზე მკიდებს და საახალწლოდ გაშლილ სუფრას მწყობრი ნაბიჯით ვუახლოვდებით. ყველანი მაგიდის გარშემო სხედან, მხოლოდ ჩვენ გველოდებიან. მოულოდნელად ანდრო ჩერდება და ხელს უფრო ძლიერად მიჭერს. გაოცებული მის მზერას ვაყოლებ თვალს და ერთ-ერთ სკამზე მოკალათებულ ილიას ახლაღა ვამჩნევ. - ჩემი ძმა და უძვირფასესი რძალიც მოვიდნენ! - ფეხზე დგება და ნელა გვიახლოვდება. სახე ისევ მოსწავლესავით მოწესრიგებული აღარ აქვს, თითქმის ერთი კვირის გაუპარსავია და ალკოჰოლის მძაფრი სუნი ერთი მეტრიდანაც იგრძნობა. - უკვე მოასწარი დალევა? - ღიმილით ეკითხება ანდრო, მაგრამ ცივი ნოტები მაინც ეპარება. - ეგ არაფერი, - ილიაც ღიმილითვე პასუხობს და არის მის მიმიკაში რაღაც ახალი, რაღაც უკიდურესად არასასიამოვნო. - ზოგმა ცოლის მოყვანაც მოასწრო. - მზერა ჩემზე გადმოაქვს და სახეც მაშინვე ეშლება. - აღარ მოხვალთ? - ელენეს გაბეზრებული ხმაზე მაგიდისკენ მივიწევთ და გულში მილიონ მადლობას ვუხდი. დაძაბული ვახშმის შემდეგ სწრაფად გავეცალეთ უზარმაზარ სახლს. ილიას ხმა აღარ ამოუღია, ჭიქას ჭიქაზე ცლიდა და მის დაჟინებულ მზერას გამუდმებით ვგრძნობდი. სამაგიეროდ სრული იდილია დაგვხდა ჩემს მშობლებთან... ანდრო მოეშვა, თითქოს გზაში ტყავი გამოიცვალა... ლაღი და მხიარული იყო. - თქვენთვის რაღაც გავაკეთე და ძალიან მინდა, რომ უარი არ მითხრათ. - მიმართავს ანდრო დათოს, როგორც კი ფეიერვერკებს ვწყდებით და აივნიდან მისაღებში ვინაცვლებთ. - რას გულისხმობ? - დათოს თვალები გაკვირვებისგან უმრგვალდება და სავარძელზე ფრთხილად ჯდება, დაღლილია, მაგრამ არ იმჩნევს. მეც პირველად ვიგებ ანდროს ნათქვამს და ორივეს რიგრიგობით ვაშტერდები. - თორმეტი წლიდან გერმანიაში ვცხოვრობდი, თითქმის ათი წელი, და ბევრი საჭირო ნაცნობი მყავს... - იწყებს ანდრო და გული მაშინვე მიჩქარდება. - ვთხოვე რაღაცეები გაერკვიათ, კავშირები გამოეყენებინათ და გერმანიის საუკეთესო სამედიცინო ცენტრში თქვენი ექიმისგან გამოთხოვილი ანალიზის და მკურნალობის შედეგები გადავაგზავნე. უძლიერესი ექიმი გაეცნო დეტალურად და მზადაა მიგიღოთ, ძალიან იმედიან შედეგებს გვპირდება, მაგრამ მალევე უნდა გაემგზავროთ. ქალბატონ ლანას შეუძლია ჩემს ახლობლებთან დარჩეს და ყოველდღე გინახულოთ. - ასრულებს და სამ გაქვავებულ სხეულს აკვირდება. ვერც კი ვიაზრებ, როდის მევსება თვალები სითხით. გონებაში მხოლოდ ოთხი სიტყვა მიტრიალებს „ძალიან იმედიან შედეგებს გვპირდება...“ - იგივე შედეგის მიღება აქაც ხომ შემიძლია? - დათოს აკანკალებული ხმა ორად მგლეჯს. - მედიცინის სფერო იქ გაცილებით განვითარებულია... - დამაჯერებლად პასუხობს. - და ძალიან გთხოვთ, ხარჯებზე ნუ ინერვიულებთ. - ანდრო, ნუ გეწყინება... ვერ მივიღებთ ამ შემოთავაზებას. - რატომ? - გულწრფელად უკვირს. - აქ ვიმკურნალებ... - დათო გაღიმებას ცდილობს, მაგრამ როგორც კი თვალს მისწორებს კუნთები უდუნდება. - გახსოვთ, ქორწილის დღეს რა მთხოვეთ? - ანდრო ჯიქურ აშტერდება. - ანაბელის ბედნიერება. - საკუთარ გაფითრებულ ხელებს დაჰყურებს. - ყოველთვის ამაზე ვიზრუნებ, მაგრამ მხოლოდ ჩემი მცდელობა არ კმარა... ბევრი საუბრის, უარყოფის, ხვეწნის და მუდარის შემდეგ ჩემი მუჭისოდენა ცრემლები გადმოვყარე და დათოც მაშინვე დათანხმდა. - რატომ არ გამაფრთხილე? - ვკითხე, როგორც კი ჩემს ძველ საძინებელში გავნმარტოვდით. - შემოგაკვდებოდი. - მოკლედ მპასუხობს და მიღიმის. - ეს ძალიან ძვირი იქნება, ანდრო... - სახეს ხელებში ვრგავ. - შენი ოჯახი ჩემი ოჯახიცაა. - სახეს ფრთხილად მინთავისუფლებს და შუბლზე მკოცნის. გული ხელახლა მიჩუყდება, ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ჩემს წინ ხუთი წლის ბიჭი დგას, რომელმაც დედა ვერ გადაარჩინა და ახლა ჩემი მშობლის გადარჩენას მთელი შემართებით ცდილობს. - ძალიან სწორად მიგახატე ის შარავანდედი... - სველ თვალებს ისტერიული სიცილით ვიწმენდ. - შენთვის მეც მაქვს საჩუქარი. - შარვლის ჯიბიდან პატარა ყუთს იღებს და თითს გარედან სასოებით უსვამს. - კიდევ? - ხმა გამირბის. - ეს ერთადერთია რაც დედაჩემისგან გადარჩა და მინდა შენ გქონდეს. - ყუთს ხსნის და ბეჭედს ფრთხილად მიცურებს თითზე. ოქროს საშუალო სისქის რგოლზე წვრილი ბრილიანტებია მობნეული. - ვარსკვლავებიან ოქროსფერ ღამეს ჰგავს... - სამკაულის სილამაზეს ვწყდები და ორ სხვა ვარსკვლავს შევყურებ. ვიწრო საწოლში, ანდროზე ვარ მიკრული და მის ძილს ვყარაულობ. მშვიდად სძინავს, რამოდენიმეჯერ ღიმილიც კი გადაეფინა სახეზე. დედამისის ამბავი თავიდან არ ამომდის და კოშმართან დაკავშირებას ვცდილობ. არც ერთხელ უხსენებია „დედა“, უბრალოდ საიდანღაც გაღწევა უნდოდა... დილით ანდროზე ადრე მეღვიძება და სამზარეულოში მოფუსფუსე ლანას ვაწყდები. - ასე ადრე? - გაოცებულ მზერას მავლებს. - აჰამ, რას აკეთებ? - საოცარი არომატი გონებას მირევს. - მაწვნის სუპს. - წყალწყალა, თეთრ მასას ხის ჯოხით ურევს. - ანდროს ნაბახუსევს მოუხდება. - სამი ჭიქა დალია სულ... - რატომღაც ვეჭვიანობ. - ანა, ძალიან მეუხერხულება ანდროს შემოთავაზება. - ქვაბს თავს ანებებს და თაფლისფერ სფეროებს მაპყრობს. - არაფერია აქ უხერხული... - ვცდილობ, რაც შეიძლება ბუნებრივად გამომივიდეს. - სუპი არ მიგეწვას და სიძე დასაპურებელი არ დაგრჩეს. - ენის გამოყოფაღა მაკლია და ორი წლის ვიქნები. - შენც გეყოფა. - მხიარულად იცინის. სახლში ნაშუადღევს დავბრუნდით. ტანსაცმლის გამოცვლა და შხაპი ორივეს გვინდოდა, მაგრამ ანდროს დავუთმე და მანამდე ელენეს ოთახისკენ გავეშურე. პირველივე კაკუნზე აღებს და მის შეშუპებულ თვალებზე მზერა მიშეშდება. - რა გჭირს? - თავით-ფეხებამდე ვათვალიერებ. - ვკვდები და ვერც ვკვდები! - არეულ საწოლზე ემხობა. - კარგად მოგილხენია... - მის გვერდით ვჯდები და ისევ მწვანე ქოთნებს ვათვალიერებ. - რომ დამტოვეთ ამ ბებრებში... - სწრაფად ჯდება და ნაწყენი თვალებით მიყურებს. - მეც ვიფიქრე, სადაც ვიწროა იქ გაწყდეს-მეთქი და წავედი დასალევად. იცი იქ ვინ ვნახე? - ვინ? - ბაჩუკი. - მხიარულად ეცინება. - ისევ იმ მაგიდასთან იჯდა. - ანუ, ისევ იმ ბარში იყავი. - წარბაწეული შევყურებ. - ასე გამოვიდა. - მხრებს იჩეჩავს და რატომღაც წითლდება. - მოკლედ, ორივემ დავლიეთ... ასე მითხრა, მგონი ირას სხვა ჰყავსო... - ხომ არაფერი წამოგცდა? - დამფრთხალი ვხტები. - არა, დაჯექი. - ხელს მავლებს და ძალით მსვამს. - იცი, მესმის მის გამო რატომაც გაჩუმდი... ძალიან კარგი ადამიანია. ტაქსი გამოიძახა, ჯერ მე მომაცილა სახლამდე და მერე წავიდა. დღეს დილით კი მანქანა მოუყვანია და ჭიშკართან დაუყენებია. - გასაღები საიდან ჰქონდა? - წარბი უფრო ზევით ამდის. - მანქანით მინდოდა წამოსვლა და წამართვა. - ყურებამდე ეღიმება. - რაღაცას ბოლომდე არ ყვები... - ხელებს გულზე ვიკრეფ და თვალებში დაჟინებით ჩავყურებ. - ტაქსით რომ მომაცილა და გადმოვედი, დასამშვიდობებლად გადმომყვა... ასე მითხრა, მირიანი ძალიან ბედნიერი კაცია შენ რომ ჰყავხარო, მე კიდე... ვუთხარი ირას თუ მართლა სხვა ჰყავს სულელია-მეთქი... მერე ზედმეტად ახლოს იდგა და... - და? - თვალები შუბლზე ამდის. - ვაკოცე... - ძლივს გასაგონად ჩურჩულებს. - როგორი რეაქცია ჰქონდა? - გული ისეთი სიჩქარით მიცემს, თითქოს ელენემ კიარა, მე ვაკოცე ვიღაცას. - დაიბნა და იდგა ისე, დებილივით! - ბრაზდება და მოთმინების ყველა ნერვს ვიხმობ, რომ არ გამეცინოს. - ოთახიდან რომ გავიხედე, კიდე ისე იდგა... - ერთმანეთი მოგწონთ! - აღფრთოვანებული ვასკვნი და ვეღარც ღიმილს ვიმორჩილებ. - რა სისულელეა... - თავს ისევ გაბრაზებული აქნევს, მერე კი თვალები უფართოვდება. - ფიქრობ, რომ მოვწონვარ? - დარწმუნებული ვარ! - სიხარულისგან, ასე მგონია ფრთებს გამოვისხამ. - ვაკოცე... - ელენე დაჰიპნოზებულივით იმეორებს და მერე საწოლზე ხტება. - ვაკოცე! - ორი წუთის წინ კვდებოდი. - სიცილით ვახსენებ. სააბაზანოში ვარ შეკეტილი და საკუთარ ანარეკლს აღფრთოვანებული ვათვალიერებ. ელენეს შერჩეული მაქმანებით გაწყობილი თეთრეული მაცვია. აბრეშუმის ხალათს ვისხამ და გონებაში ვგეგმავ ანდროს როგორ წარვუდგე. ოთახში შესვლისთანავე გავიხადო თუ საწოლთან მისვლისას. სააბაზანოს კარს ოდნავ ვაღებ, თავს ვყოფ და ოთახს ჯარისკაცივით ვზვერავ. ანდო სავარძელშია მოკალათებული, მხოლოდ სპორტული შარვლის ამარა, ისევ ქაღალდებს ჩაჰყურებს. სანამ შემამჩნევს კარს ისევ ვხურავ და თავდაჯერების ყველა ღმერთს ვუხმობ. ხალათს სააბაზანოშივე ვტოვებ და გასვლისას კარს ხმაურით ვხურავ. პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა, შემოვახედე. ხელიდან ქაღალდი უვარდება და გაოცებისგან პირს აღებს. უფრო თამამად ვუახლოვდები. მისი არეული თვალები ფეხიდან თავამდე გამუდმებით დამყვებიან. როგორც კი საკმარის მანძილზე ვუახლოვდები, ფეხზე ადგომას ცდილობს. - იჯექი. - მკერდზე ხელს მსუფუქად ვკრავ და როგორც კი საწყის პოზიციას უბრუნდება, ზემოდან ფრთხილად ვექცევი. - ანაბელ... - ჩემს სახელს ჩურჩულებს და ცისფერი თვალებით მაშტერდება. - მიყვარხარ... - ფილტვებში შეკავებულ ჰაერს თან მხოლოდ ერთ სიტყვას ვაყოლებ და უძირო მორევში ჩემთან ერთად ვითრევ. - გამიშვი! - ანდროს განწირულ ყვირილზე სწრაფად ვხტები, მაგრამ მიკარებას ვერ ვბედავ. - კარგად ხარ? - ვეკითხები, როგორც კი სუნთქვა უმშვიდდება. - გაგაღვიძე? - დამნაშავის თვალებით მიყურებას და ეს გამოხედვა სულს მიცარიელებს. - არაუშავს... - ღიმილს ძლივს ვახერხებ და ჩემთვის გაშლილ მკლავებში მაშინვე ვეშვები. - მაშინ მომიყევი, როცა მზად იქნები... - მადლობა... - ჰაერს ღრმად ისუნთქავს და ვხვდები, რომ ამ კოშმარებს არაფერი აქვთ საერთო დედამისთან. რაღაც სხვაა და მისი დამალვა ჩემზე მეტად აწუხებს. ანდროს ისევ ღრმად ჩაეძინა, სამაგიეროდ მე ვერ მოვხუჭე თვალი. მისი მკლავებიდან ფრთხილად ვთავისუფლდები და კარადაში ლამაზად დაკეცილ საღამურებს ვპოულობ. დიდ სამზარეულოში ფეხაკრებით შევდივარ და შუქის ჩამრთველს ხელის ცეცებით ვეძებ. - მარჯვენა კუთხეშია. - ილიას ხმაზე მოულოდნელობისგან ვხტები, მაგრამ სიწყნარეს როგორღაც ვინარჩუნებ და ჩამრთველს ვპოულობ. - მადლობა. - პატარა მაგიდასთან მჯდომს თვალს ვარიდებ და მაცივარს დაძაბულობისგან ერთიანად აკანკალებული ხელით ვაღებ. - დღეს ჩემი ნახვა ძალიან გაგიკვირდა. - დგება და მაცივრის ახლახანს მიხურულ კარს ხელით ეყრდნობა. - მითხრეს, რომ გაემგზავრე. - დოქიდან წყალს ჭიქაში ვასხამ და სულმოუთქმელად ვსვამ. სიცივე ტვინს მიყინავს, მაგრამ ეს ყველაზე ბოლო პრობლემაა. მთავარია, აქედან ავვორთქლდე. - შენმა ქმარმა გითხრა? - გაღიზიანებულ ტონთან ერთად ალკოჰოლის მძაფრი სუნი მოდის და გონებაში განგაშის სიგნალი მერთვება. - კი, ღამემშვიდობისა. - შეძლებისდაგვარად ვუღიმი და სწრაფად ვეცლები. - სად გარბიხარ? - ორ ნაბიჯში მაწევს. - ვისაუბროთ. - ხვალ ვისაუბროთ, როცა გამოფხიზლდები. - უკან მოუხედავად ვპასუხობ. - დროებით. - ისევ ძველებურად მემშვიდობება, მაგრამ არის ამაში რაღაც გულის მოკვლამდე განსხვავებული. ისევ ძველებურად არ ვპასუხობ და საკუთარი დუმილი ძვლებამდე მტკივა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.