ჩემზე უნდა დაგელაპარაკო... (თავი1)
14 იანვარი, 2021 ძვირფასო, ნიკ ბევრი არ მიფიქრია, მომეწერა თუ არა წერილი შენთვის. ამ აზრმა, წამიერად გამიელვა, წიგნის კითხვისას. შენ იცი, სულ მიყვარდა წიგნების კითხვა, მაგრამ მაინც იშვიათად ვკითხულობდი. უფრო მეტს ვწერდი, ვიდრე ვკითხულობდი, მაგრამ ბოლო რამოდენიმე თვეა, სულ ვკითხულობ და ვკითხულობ. შენ ახლა მკითხავდი: „ასე ძალიან რატომ გინდა რეალობიდან გაქცევა?“ და მე წარბებშეკვრით შემოგხედავდი. ხომ იცი, რომ ასეთი შეკითხვები მაღიზიანებს?! მომსახურების სფეროში ვმუშაობ. მთელი დღე, ზარებს ვპასუხობ, ათობით გაღიზიანებულ ადამიანს ვხვდები და პარალელურად, საბუთებს ვბეჭდავ. შენ ახლა გაგიკვირდება, მე ხომ ნამდვილი ინტროვერტი ვარ?! ნერვებისმომშლელია ჩემთვის აქ მუშაობა, თუმცა რაღაც მხრივ, მაზოხისტიც ვარ და ეს მეხმარება. ვერსად ვიპოვნე სამსახური, სადაც ოთახში მყრუდროდ ჯდომასა და კითხვაში ხელფასს გადამიხდიდნენ. რა კარგი იქნებოდა, არა, ნიკ? უნდა აღგიწერო, ჩემი სამუშაო ოთახი. შენ რომ შეგეხედა, აუცილებლად ცხვირს აიბზუებდი, რადგან წესრიგი ჩემზე მეტად გიყვარს. მუქი ბორდოსფერი ხის კარი აქვს გრძელ, მართკუთხა, მაქსიმუმ 10 კვადრატულ მეტრ ოთახს. ამჟავებული რძისფერი კედლები, სიძველისგან, აქა-იქ გადაქექილია. ოთახის მარჯვენა სიგრძეზე ორი მაგიდა დგას, ერთმანეთის გვერდიგვერდ, მარცხნივ კი - კიდევ ერთი. სამივე მაგიდაზე, კომპიუტერია მთავარი ატრიბუტი. ოთახის მარცხენა კედლის ბოლო და მოპირდაპირე კედელი, დამტვერილი ჟალუზებიანი ფანჯრებით არის დამშვენებული. დარაბების ნაცვლად კი - გისოსებია. ჩემი უფროსი, ხშირად ხუმრობს, „ეს გისოსები რომ არა, ამ გიჟი ხალხის ხელში, შეიძლება კიდევაც გადამხტარიყავი აქედანო.“ თავისებური იუმორი აქვს, ცუდი კაცი არაა, უბრალოდ გაურკვეველია. ერთია, მისი ხუმრობები არასოდეს არის კონტექსტიდან ამოვარდნილი. შენ ეს კაცი აუცილებლად მოგეწონებოდა. ოთახის მარჯვნივ, ერთმანეთის გვერდით მდგომი მაგიდებიდან, პირველი ჩემია. კომპიუტერის მონიტორი ზუსტად შუაში დგას. მარჯვენა მხარეს, ქალაქის ტელეფონი დევს, მარცხენა მხარეს კი, სრული ქაოსია: გადასაგდები საბუთები ქაოსურად ყრია და არეულია ერთმანეთში. აქვე გდია, ორი ცალი ჟოლოს ჯემის ცარიელი ქილები. ერთი წაქცეულია, ერთი სწორად დგას. ჰო, მიყვარს ჟოლოს ჯემი, უფრო სწორედ, ორ სუფრის კოვზ ჟოლოს ჯემს რომ ადუღებულ წყალს დავასხამ, საოცარი არომატი აქვს და ზამთარს უხდება. ადრეც მიყვარდა ჯოლოს ჯემიანი ცხელი წყალი, ნიკ? კლავიატურის მარჯვენა მხარეს ყავის ჭიქა მიდგას, გაცივებული ყავით არის სავსე. ყოველ დილით, სამუშაოს დაწყებამდე, აუცილებელი რიტუალია რომ ყავა გავიმზადო. მიუხედავად იმისა, რომ ლოგინიდან ფეხის გადმოდგმისთანავე პირველი რასაც ვაკეთებ, თურქული ყავის დალევაა, სამსახურშიც აუცილებლად უნდა გავიმზადო ხსნადი ყავა. სხვაგვარად, წარმოუდგენელია. არასოდეს ვსვამ ბოლომდე, მაგრამ მაინც... მარჯვენა მხარეს: ყურსასმენი, ტელეფონი, სათვალე და ამერიკელი მწერლის წიგნი მიდევს, რომელსაც ახლა ვკითხულობ. შენ ხომ იცი, ნიკ... მე რუსულ ლიტერატურაზე ვგიჟდები, ამერიკული ლიტერატურა არასოდეს მომწონდა. რაღაც მოხდა, არა? შესაძლებელია, ამ ფაქტს გვერდი უკომენტაროდ ავუაროთ? შენ აუცილებლად აუვლიდი, წვრილმანია შენთვის ამგვარი რამ. მე კი ყოველთვის მწყინდა, ასეთ რამეებს წვრილმანებად რომ აღიქვამდი. ალბათ, საერთოდ არ გენატრები, ნიკ. მესმის შენი... რატომ გავხედე ახლა ჩემი ოთახის გისოსებს? ესეც წვრილმანია, ხომ? დაღლილობისას, ერთი უცნაური რამ დამჩემდა. სამსახურში, მუდმივად სტრესულ სიტუაციაში მიწევს მუშაობა, ზარი არ წყდება... უამრავი საბუთი მაქვს გასაკეთებელი, გადასაბარებელი, ჩასაბარებელი და ეს ზარი, ეს საშინელი ხმა არ წყდება... ამ დროს, წიგნს ვიღებ ხელში და ვკითხულობ. არ ვიცი, რა სიტყვა იყო, მაგრამ იმ სიტყვის მერე უცებ შენ გამახსენდი. ნიკოლოზ, ნიკო, ნიკოლა, ნიკ... უცბად, მომინდა წერილი მომეწერა შენთვის. ნუთუ ყველაფერი გამოგაცალე, ნიკ? რატომ დარჩა შენგან მხოლოდ ის, ვისაც ვერ ვიტანდი ვერასდროს შენში?! დედასთან ერთად ვცხოვრობ. შენ ის ყოველთვის გიყვარდა, გინდოდა მეც მისნაირი მშვიდი და მოწესრიგებული ვყოფილიყავი. ყოველთვის მის მხარეს იყავი, მაშინაც კი, როცა მამას მაისური გამირეცხა. მამას სუნი ჰქონდა და მაგიტომ ცალკე ვინახავდი, ცელოფანში გახვეულს. ასე ვგრძნობდი მის სიახლოვეს, შენ ხომ იცი ნიკ, რაც ყველაზე მეტად მტკივა, იმაზე საუბარი მიჭირს. ბევრი ვიტირე, როცა გარეცხილი მაისური დავინახე. მამას ნაცვლად, სარეცხი საშუალების სუნი ასდიოდა. მაშინ ვიგრძენი, რომ მამა სამუდამოდ დავკარგე. შენ კი, დედა გაამართლე, „არაფერი უთხრა, უნებლიედ მოუვიდაო“ - მითხარი. მართლაც, არ იყო მისი ბრალი, უფრო კარგად უნდა შემენახა. ერთხელ, კინოში წავედით სამივე. გახსოვს ის დღე, ნიკ? საშინელებათა ფილმი გვინდოდა გვენახა. დედას დიდად არ უყვარს ფილმები, უბრალოდ ძალიან დამთმობი და მორიდებულია, უარის თქმა უჭირს. საშინელებათა ფილმები ხომ საერთოდ არ არის მისი გემოვნებისთვის, თუმცა მაინც მიჩვეული იყო მამაჩემისგან. მამას უყვარდა ეს ჟანრი ძალიან. პატარა რომ ვიყავი, ხშირად გავუღვიძებივარ: „მა, შენ რომ გიყვარს ისეთი ფილმი გადის, წამო ვუყუროთ“ - მეტყოდა, ხოლმე. ძალიან მენატრება მამა. საშინელებათა ფილმის ბილეთები გაყიდული დაგვხვდა, ამიტომ კომედიაზე მოგვიწია შესვლა. ისეთი უწმარური კომედია იყო, კიდევ კარგი, შუაში მე ვიჯექი, თორემ დედას სირცხვილმა მეც ამიწვა მარცხენა მხარე. მე და შენ კი, მაგრად ვიცინეთ. დედა ყოველთვის მოწესრიგებულია, თმა ყოველთვის მწყობრში აქვს. მე კი, ამ ჩემს ბუსუსებს ვერაფერს ვშველი. მუდამ ანტენებივით მაქვს წამოშვერილი ისედაც პატარა შუბლზე. ზედმეტი ძალისხმევა კი ძალიან მეზარებოდა, თორემ რა უნდოდა ამ ბუსუსების თავის ადგილზე მიჩენას?! რამდენ ფულს ვხარჯავდი კოსმეტიკაში. ჩვენი პატარა სახლის დიდი ნაწილი ჩემს კოსმეტიკას ეკავა - ყველგან იყო მიყრილ-მოყრილი. მაგ პერიოდში უკვე, დიდი ბზარი იყო ჩვენს შორის და იმ დღეს, გაბედე ჩემთვის შენიშვნა მოგეცა, „დედაშენს მაინც მიბაძე, სულ მოწესრიგებული აქვს თმაო“ რომ მითხარი. მე კი, შენთან ყოფნის პერიოდში, ჩემი სამსახურის მაგიდას ვგავდი... გუშინ, საღამოს მე და დედა სიჩუმეში ვისხედით, ტრადიციულად. ის ტელეფონში რაღაცას ათვალიერებდა მომღიმარი, მე ლეოს ვწერდი, დედას არ მოსწონს ლეო. უცებ, ტელეფონის ეკრანი მომანათა ცხვირწინ. -ნახე, რა ლამაზია. -მითხრა. ეკრანს შევხედე, მუქი ვარდისფერი ქოშები მაჩვენა. მართლაც, ლამაზი იყო და გამეღიმა, თავი დავუქნიე. უცბად, ცხვირი ამეწვა, ცრემლები ძლივს შევიკავე. იმ ქოშებმა ბებია გამახსენა, ორი თვის წინ დავკრძალეთ. ბოლო გზაზე გასაცილებლად, დეიდაჩემთან ერთად მაღაზიაში ვიყავი და ფეხსაცმელს ვარჩევდით ბებიასთვის. ძალიან გვაგვიანდებოდა და ერთ ქოშებთან შევჩერდით, მუქი ყავისფერი იყო, მოყვითალო ყვავილები ეხატა. ძალიან ბებრული და სითამამეს მოკლებული მეჩვენა. საჩქაროდ ავიღეთ და წამოვედით. ნეტავ, რა იყო იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ლამაზი ქოშების ყიდვა, ის ხომ სამუდამოდ უნდა ეტარებინა ბებიას?! არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამის შემდეგ ხშირად მახსენებდა ის ქოშები თავს. ნეტავ, ბებიას თუ მოეწონებოდა?! ასე ნაჩქარევად ნაყიდი, არც ისე ლამაზი ქოშები რომ ჩავაცვით. ძალიან მომინდა, რომ ხმამაღლა მეტირა, როცა დედამ ის ვარდისფერი ქოშები მაჩვენა. შენ ახლა მეტყოდი, „რატომ ხარ ასეთი დრამატულიო“? სანამ ბებია დამეღუპებოდა, ცუდი წინათგრძნობა მქონდა, ზუსტად ისეთი, როგორიც მამას გარდაცვალებამდე. ზოგჯერ, ჩემს თავს ვაბრალებ რომ ჩემი საყვარელი ადამიანები მიდიან. იქნებ, ჩემი ფიქრები იწვევს ამ ყველაფერს?!... გახსოვს, ჩვენი რომელიღაც შეხვედრა, დაშორების შემდეგ. საწოლზე ვისხედით და, შენ უცნაურად მიყურებდი. მერე მითხარი: „ნეტავ შემეძლოს, სული ამოგაცალო. დავფერთხო ყველა იმ სევდისგან, რაც გაქვს და მერე ისევ სხეულში დაგიბრუნოო.“ მეწყინა, ბებიას ამბავი რომ არ მომისამძიმრე, ნიკ... ლეო მოვიდა კიდეც. ლეო შენ გგავს. უფრო სწორედ, ზუსტად შენნაირად მივლის. შენსავით, მასაც ჰგონია, რომ ყველაფერს ზედმეტად ვადრამატულებ. შენსავით, მასაც ეცინება ჩემს მიმიკებზე და უნდა რომ მომეფეროს, ამ დროს. ისე მიყურებს ხოლმე, როგორც შენ. როგორ გიყვარდი, ნიკ. მაპატიე, რომ სიყვარულის უნარიც წაგართვი... შენ ხომ ჩემნაირად ვეღარავის შეიყვარებ, უსიყვარულოდ კი, ზუსტად ისეთივე ხარ, როგორიც ახლა. ის ადამიანი ხარ, რომელსაც ვერასოდეს ვიტანდი შენში და ყველას გატანჯავ, ვინც შენც გვერდით იქნება. შარშან რომ გკითხე, გახსოვს? -ამ გადმოსახედიდან, ოდესმე გიყვარდი? -ყველანაირი გადმოსახედიდან მიყვარდი. -მიპასუხე. ისევ ცხვირი ამეწვა მაშინ, თვალებიც. ეს ჩვენი უკანასკნელი დიალოგი იყო. ამის შემდეგ, აღარ გვისაუბრია. რამოდენიმე თვის წინ, ჩემს დეიდაშვილს შეხვედრიხარ. მაშინვე მომწერა, ვნახეო. ისევ იმ ქალთან ერთად იყავი, ვისთანაც წახვედი ხუთი წლის წინ. ვერაფერი ვიგრძენი, უბრალოდ ძალიან შემცივდა. სულ ამაკანკალა, არადა ჩემს ოთახში საკმარისად თბილა. შე ნაბი*ვარო ! არ უნდა წასულიყავი. ასე იმ ტკივილებს ავიცილებდი თავიდან, რაც მომავალში მელოდა, უშენო მომავალში. დღეს ლეოს უნდა შევხვდე, ამ ზაფხულს შევრიგდით. შვიდი თვე დაშორებულები ვიყავით. მაბედნიერებს, დედოფალივით მექცევა, შენსავით. თუმცა, იმ განსხვავებით, რომ ლეო მიზიდავს, აღმაგზნებს. შენთან კი ეს არ მემართებოდა. ლეოსთან მომავალი მაშინებს, ბევრი რამის გამო, მაგრამ მის გარეშე ძალიან მიჭირს. შარშან, ხუთი კილო დავიკელი, მასთან დაშორების შემდეგ. არ მეუბნება, რომ ვუყვარვარ, ნიკ. არც მე მითქვამს. ამბობს, რომ მისთვის ყველაფერი ვარ, მთელი სამყარო მე ვარ, ქმედებებშიც აჩენს ამას, მაგრამ ამ სიტყვას არ მეუბნება. შესაძლებელია, ამას გვერდი ავუაროთ? მთავარი, ხომ სიტყვები არ არის, მაგრამ მე ეს სიტყვა მჭირდება. მოწევა მინდა, დილით სამ ღერს მაინც ვეწევი. მერე, მთელი დღის განმავლობაში, ყოველ საათში ერთხელ, სანამ სახლში წავალ. დედას ისევ ვუმალავ, რომ ვეწევი. მაშინვე დაასკვნის, რომ ეშმაკი მყავს შეჩენილი და ყველაფერი იმის ბრალია, რომ ეკლესიაში არ დავდივარ. ყველაფერს ცუდს, რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, სიგარეტს დააბრალებს. ამის თავი კი, ნამდვილად არ მაქვს, ნიკ. ვერ ვიტან, როცა დედასთან ნაჩხუბარი ვარ. ამ დროს, ჩვენი პატარა სახლი, კიდევ უფრო პატარავდება და მგონია, რომ ვეღარ ვეტევი. ბებიას გარდაცვალების შემდეგ, კიდევ უფრო ფაქიზი გახდა. ჩემზე მეტად ადრამატულებს ხოლმე ყველაფერს. ამას ვერ წარმოიდგენდი... სჯობს, ლეოს შესახებ, ყველაფერი თავიდან დავიწყო. შემდეგ წერილში, ყველაფერს მოგწერ. ახლა, უნდა წავიდე. საეჭვოდ ვიქცევი, საბუთები თავზე მაყრია და ეს წყეული ზარიც არ წყდება. ერთხელ უკვე შემოიხედა ჩემმა უფროსმა, ჯობს საქმეებს მივხედო. სიგარეტს თავი უნდა დავანებო. მაშო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.