შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარილისი |13|


31-01-2021, 12:46
ავტორი Âme
ნანახია 561

თუმცა კი, დიდი იყო ნახვის სურვილი, ლეონი ცდილობდა თავი შეეკავებინა და ანარას ცხოვრებაში ყოველგვარი პირადულისგან შორს, განზე გამდგარიყო. მრავალჯერ წარდგენილი საკუთარი თავის წინაშე , გონება დაარწმუნა, მხოლოდ ისე ეზრუნა მასზე, როგორც შეთანხმება მოითხოვდა. თუმცაღა, რამდენად და რაში დარწმუნდა გული , ამას ვერავისგან გავიგებდით. ანარაც არ იყო სახარბიელო მდგომარეობაში. ისედაც გაორებული, დაებნია მამაკაცის ზომაზე მეტად თავშეკავებულ ქცევას. ვერ ხვდებოდა, რა უფრო უარესი იყო . ხშირად ნახვისას, ყოველ ჯერზე რომ ებრძოდა გრძნობებს, თუ, ახლა, მარტოდ დარჩენილს რომ ჭამდნენ, სადავემიშვებული ფიქრები. როგორც არის, ბევრი ღამე გათენდა და ცხოვრება გაგრძელდა, მიუხედავად ვიღაცას სურდა , თუ,არ სურდა.
რებეკას სული , აბორგებული, აღტკინებული, მოსვენებას ვერ პოულობდა. წრიალებდა და ვერაფრით მოეფიქრებინა, როგორ შემოებრუნებინა სიტუაცია მის სასიკეთოდ. იმდენად შეეპყრო ნდომას, ეილინის გადარჩენას საერთოდ არ განიხილავდა და ახლა, ერთადერთ პრობლემად მის წინ მცხოვრები, ფეხმძიმე ქალი ესახებოდა. თუ ბავშვი არ დაიბადებოდა, ლეონსაც აღარაფერი დარჩებოდა მასთან საერთო. ღმერთო, ისე ცხადად წარმოიდგინა ყველაფერი, სიამოვნებისგან გააჟრჟოლა. დიდი ხანია, ასე ნამდვილად არასოდეს უგრძვნია საწადელთან ახლოს ყოფნა. მაგრამ , ჯერ, საბოლოო გამარჯვების აღნიშვნა ნაადრევი გახლდათ. ქაღალდზე დაყრილი, დაქუცმაცებული ფხვნილი პატარა ცილინდრულ მინის ქილაში ჩაყარა, თავი მჭიდროდ მოარგო, სუნამო რამდენჯერმე მიიპკურა გულზე და სახლიდან გავიდა. მიაბიჯებდა და ნელ-ნელა გრძნობდა , როგორ ივსებოდა რაღაც, უცხო ძალით. სიამოვნებით აიკრა სახეზე ღიმილი და ჩაფიქრებულის ასასრულებლად აელვარებული, აციმციმებული თვალებით მოემზადა ანარას შესახვედრად. სახლიდან გამომავალი სიცილი, კარზე დაკაკუნებისთანავე შეწყდა.
-ქალბატონო რებეკა,- კარი გააღო თუ არა , გამოყოლილი ღიმილიანი სახითა და მოსაცმელის სწორებით მიესალმა ანარა , ზღურბლს მიღმა მდგომ , მოულოდნელ სტუმარს.
- სახლში ვბრუნდებოდი და ვიფიქრე შემოგივლიდი, შენს ამბებს გავიგებდი . ცუდ დროს ხომ არ მოვედი?
-არა, არა რას ამბობთ, მობრძანდით.
-თუ არ შეუხდებით... - სახლში შევიდა , მოსაცმელი მხრებიდან მოიშორა და იქვე ჩამოკიდა. ამ სახლში პირველად იყო. ყველაფერს აკვირდებოდა. სინდისის ხმის უკეთ ჩასახშობად , ცდილობდა, ლეონის აქ ყოფნის რაიმე კვალისთვის შეევლო თვალი, თუმცა, ამაოდ. თავის ფიქრებში გართული, ოთახიდან გამოქცეულმა ბავშის დანახვამ მოიყვანა გონს. ანარას დაუბარა, რომ ეზოში ჩავიდოდა ბავშვებთან ერთად და კიბეებზე დაეშვა. ის კი, მის წინ წასულ მასპინძელს გაჰყვა და მისაღებ ოთახში, სავარძელზე ჩამოჯდა. ცდილობდა სასაუბრო თემა გამოეძებნა და თავდაპირველად, ეილინზე ჩამოაგდო საუბარი. გუმანით გრძნობდა, იცოდა მისი ბიძაშვილის დიაგნოზის შესახებ, მაგრამ, სიტყვა არ დაუძრავს. უმნიშვნელო დეტალიც კი არ წამოსცდენია.
-როგორ ფიქრობ , ლეონი კარგი მამა იქნება?
-ბატონი ლეონი ძალიან თბილი და ყურადღებიანი ადამიანია, ისევე როგორც- ქალბატონი ეილინი. ბავშვი მათგან სიკეთისა და სიყვარულის მეტს ვერაფერს ისწავლის.
-გეთანხმები. ვის არ უნდა გვერდით მისი მსგავსი მამაკაცი ჰყავდეს. შენც ხომ გენდომებოდა ლეონისნაირი მეუღლე?- იმდენად უკონტექსტო და უხერხულობის მომტანი იყო შეკითხვა, რამდენიმე წამი დაჭირდა ანარას კორექტული პასუხის მოსაფიქრებლად. წარსულში გაქცეული რამდენიმე ფიქრისაც კი შერცხვა და იგრძნო როგორ შეეპარა ყელზე უსიამოვნო სიმხურვალე.
-სიმართლე გითხრათ, ახლა მამაკაცებზე საერთოდ არ ვფიქრობ. ჩემი და ნიკოლას მომავალი უფრო მადარდებს, ვიდრე ქმრის მოპოვება,- შეეცადა, რეალური შინაგანი განცდები მიუკვლეველ კუნჭულში გადაემალა და თავდაჯერებულად ეპასუხა.
-ნამდვილად, ჩემო კარგო, აუცილებლად გამოგივა ყველაფერი. ლეონზე და ეილინზეც სწორად აღნიშნე. ჯერ ხომ, ბავშვობიდან ერთად არიან. მერე, მიუხედავად მათი ოჯახის დანგრევისა, ხომ ხედავ, დღემდე არ სცილდება გვერდიდან. ხანდახან, ნათესავებს გვგონია კიდეც , რომ ისევ უყვართ ერთმანეთი. ისედაც , არავისკენ გაუხედავს და არც მახსოვს, ამდენი წლის განავლობაში, ვინმე, სხვა ქალით დაინტერესებულიყო,- ვითომ, სხვათაშორის ჩაილაპარაკა რებეკამ, თუმცა , პირველი წვეთი შხამი უკვე ჩაწვეთებინა ანარას გუნებაში. კარგად , მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ ლეონი, ეილინის ერთგული დარჩებოდა და თუ რამ, ფიქრის მსგავსი გააჩნდა, შეეძლო, ახლავე ჩაეკლა გულში. უხერხულად შეიშმუშნა ქალი, მაგრამ ეცადა არაფერი შეტყობოდა. სამზარეულოდან ჩაიდანმა სასწრაფო მაშველივით ამოუშვა ხმა ორთქლთან ერთად.
-ჩაის დალევას ვაპირებდი, თქვენც ხომ არ მიირთმევდით?
- დიდი სიამოვნებით, ისევ გაუღიმა რებეკამ და წინსვლით კმაყოფილი, სავარძლის საზურგეს მიაწვა. უჩვეულოდ აფორიაქებულიყო ანარა . გული რაღაცას უგრძნობდა, მაგრამ, ვერ კი მიხვდარიყო- რას. ფიქრებში გართულმა, ლამის დაიფუფქა თითები . სტუმრის ჭიქაში ერთი კუბი შაქარი ჩააგდო და პატარა კოვზთან ერთად მიიტანა მაგიდასთან.
-ბავშის სურათებს გაჩვენებთ, - წამოიძახა რამდენიმე წუთიანი უხერხული სიჩუმის შემდეგ და საბუთების მოსატანად გავიდა. დღეს, იღბალი ნამდვილად რებეკას მხარეს იყო. ოთახში მარტო დარჩა თუ არა , გულისცემა აუჩქარდა. სწრაფად ამოიღო ჩანთიდან გამჭირვალე ქილა და ნამცეცებად წინასწარ ქცეული აბები ანარას ჭიქაში ჩაუშვა. მაშინვე მოურია შაქრისთვის მორთმეული პატარა კოვზით, მოწესრიგდა და თავი ისე დაიჭირა , ვითომ , არც არაფერი მომხდარა. მხოლოდ მაშინ შეიცვალა ჯდომის მანერა, ისევ რომ გამოჩნდა ქალი ოთახში და ხელში მოქცეული საქაღალდე ჩამოართვა.
-ნახეთ, ეს პირველი ფოტოა,- მიუთითა თეთრ ჩარჩოში მოქცეულ ნაცრისფერ ფონზე და რებეკას გახედა.
-აბა, სად?
-აი ეს , პატარა შავი ბურთი. თქვენ არ გინდათ შვილები გყავდეთ? არავინ შეგყვარებიათ ?
-მე ? კი , მიყვარს ერთი მამაკაცი...მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. არამგონია, კარგი დედა ვიყო...
-ასე ნუ იტყვით. ნიკოლას რომ ჰკითხოთ, მე, მისთვის საუკეთესო დედა ვარ. არადა, არც კი გამიჩენია. იცით, ქალბატონმა ეილინმა ეს ბინა ჩემთვის იმიტომ შეარჩია, რომ თქვენთან ახლოს ვყოფილიყავი. მითხრა, თუ რამე დაგჭირდება, რებეკა დაგეხმარებაო. სამწუხაროდ, აქამდე ვერ მოვახერხეთ, ერთმანეთი უკეთესად და მეტად ახლოს გაგვეცნო. ახლა მოხვედით, თქვენი ბიძაშვილის ბავშვისთვის, ყურადღება გამოიჩინეთ და დრო დაუთმეთ. განა საკუთარი არ გეყვარებათ?
-შესაძლებელია , მაგრამ ახლა, წარმოუდგენლად მეჩვენება .
-ვისაც სიყვარულის უნარი აქვს, არ შეიძლება ცუდი დედა იყოს. როცა გულწრფელი სიყვარული შეგიძლია და მზად ხარ, ყველაფერი დათმო, ოღონდ ის ბედნიერი იყოს. როცა, მისთვის რამის დაშავება კი არა, ზოგჯერ ხელის შეხებაც გერიდება, ისეთი სათუთია,- რაც დრო გადიოდა, უჩვეულოდ მგრძნობიარე ხდებოდა ანარა. ერთხელ, სეირნობისას , შორიდან მოჰკრა თვალი, გზის მეორე მხარეს , მაღაზიის გამჭვირვალე ვიტრინებში დასკუპებულ ჩვილ ბავშვთა ნივთებს . ძლივს დაელოდა, შუქნიშანზე გადასვლისთვის განკუთვნილი ნიშნის ანთებას. ნიკოლასთან ერთად გაირბინა ზოლებად აჭრელებული ასფალტი და გულჩქარებული შევიდა კარში. გაფართოებული თვალებით ათვალიერებდა და ნება რომ მიგეცათ, ალბათ, ყველაფერს წამოიღებდა სახლში. ბოლოს ერთი, ცისფერი, ვასკვლავებით მოქარგული ქუდი იყიდა. ფერად ცელოფანში ჩაასმევინა და კმაყოფილებითა და ბედნიერებით სავსე გამოუყვა ქუჩას , სახლისაკენ მიმავალ გზაზე.
უსმენდა რებეკა და დიდი სიამოვნებით იყვირებდა, რომ გაჩუმებულიყო. რადგან, მისი ლაპარაკი თავ-გზას უბნევდა და პირველად ცხოვრებაში , აღარ იყო დარწმუნებული საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელების ნდომაში. ეზოდან ნიკოლას ხმა გაისმა, ანარას ეძახდა. ქალმაც, მაშინვე დაუტოვა ხელში სტუმარს საკუთარი ტელეფონი და ფანჯარასთან მივიდა. იჯდა რებეკა და ვერ გადაეწყვიტა დაეჭირა თუ არა ღილაკზე თითი და მოესმინა ჩანაწერისთვის. ერთი მოქმედება და ახლა, ის იმ ბავშის გულისცემის ხმას გაიგებდა, რომლის სიცოცხლის მოსწრაფებასაც ესოდენ სიამოვნებით გეგმავდა და ასე მიეჩქარებოდა გეგმის შესასრულებლად. იჯდა და თავში ათასნაირი აზრი უტრიალებდა. სადღაც, წყალში დაგუბებულივით ისმოდნენ გარეგანი ხმები. მის ყურს კი, მხოლოდ რიტმული ხმაური ესმოდა და მთლიანად ჟონავდა გონებაში. თვალით, ისევ მის წინ გადაშლილ, საბუთებში ჩაკრულ ექოსკოპიის ფოტოებს უყურებდა. ნელ-ნელა როგორ ჩნდებოდა ახალი გამოსახულება, როგორ იცვლებოდა წერტილიდან, რაღაც-გარჩევადამდე და საშინელ გაორებას გრძნობდა. ანარამ ფანჯრიდან ცელოფანში ჩაკეცილი ნიკოლას მოსაცმელი ისროლა და ისევ დაუბრუნდა რებეკას.
-ყავას არ მიირთმევთ? გაცივდება - დაბნეულმა გახედა ქალს და ახლაღა გაახსენდა ჩაის ჭიქაში გახსნილი წამალი. ეს არ იყო ის საფასური , რასაც გადაიხდიდა. სხვა რომ არაფერი, ლეონს ვერ მიაყენებდა ამხელა ტკივილს. რაც არ უნდა ყოფილიყო, მისი შვილი იყო. ისე აეტაცებინა იდეას , რომ როგორც იქნა საყვარელ მამაკაცს მიუახლოვდა, სულ დაბინდვოდა გონება. საბუთები დივანზე გადაალაგა, ხელი ჩანთის სახელურს ჩაავლო, უცებ წამოდგა ფეხზე და მუხლებით მაგიდას დაეჯახა. ცხელი სითხე მაგიდის ზედაპირზე გაიშალა და ნაპირებიდან წვეთ-წვეთად გადმოვიდა .
-კარგად ხართ, ხომ არ დაიწვით ?- დაბნეულმა იკითხა მოულოდნელობისგან შეცბუნებულმა.
-კარგად ვარ, კარგად ვარ ... - თვალგაშტერებული , უგულოდ პასუხობდა რებეკა . დაბურულად ხედავდა, როგორ აიღო ანარამ ჩვარი და იატაკის მოსაწმენდად დაიხარა,- მე, უნდა წავიდე,-ძლივს ამოიბლუყუნა ორიოდე სიტყვა. ჩანთის სახელურისთვის ძლიერად ჩაეჭიდა ხელი. ბოდიში მოიხადა, რამდენიმე ნაბიჯი ბორძიკით გადადგა და უცებ, ისე გაქრა, ანარამ თვალიც ვერ მოჰკრა. მხოლოდ კარის დახურვის ხმა გაიგო რამდენიმე წამიანი შუალედით.
სწრაფად დაეშვა კიბეებზე რებეკა. ორივე ხელი თავზე შემოეწყო და რამდენიმე სიტყვას გაუჩერებლად იმეორებდა .
-ეს რა გავაკეთე, რას ვაპირებდი,- გაუგებრად ბუტყუნებდა და საფეხურებზე ჩქარა ინაცვლებდა ფეხს. სადარბაზოს გასასვლელან მისულმა ხელები ჩამოუშვა, თუმცა, გონება ისევ გარიდებოდა ამ სამყაროს და ტუჩებიც, ისევ იმავეს იმეორებდნენ, ოღონდ- ამჯერად, უხმოდ. არც ნიკოლას შორიდან დაძახებული დამშვიდობებისა და ხელის დაქნევისათვის მიუქცევია ყურადღება. პირდაპირ მისი სახლისაკენ აიღო გეზი, მკაცრად. როგორღაც, ბევრი წვალების შემდეგ მოახერხა გასაღების მორგება და კარი მიიხურა თუ არა , იქვე ჩაიკეცა . რა იყო ეს, ნუთუ გარდატეხა, რაღაც მსგავსი მეტამორფოზისა? მაგრამ- არა. სიყვარული, რასაც ლეონის მიმართ გრძნობდა არ დასუსტებულა. ისევ იქ იყო , მის გულსა და ტვინში. ისევ სიკვდილამდე ეჭვიანობდა ანარაზე, მაგრამ ეს, მისთვისაც კი ზედმეტი აღმოჩნდა. ღმერთო, რის გაკეთებას აპირებდა. ნუთუ, აქამდე მივიდა, რომ შეეძლო, თვალის დაუხამხამებლად მოეკლა სრულიად უდანაშაულო არსება, თავისი საყვარელი მამაკაცის ერთადერთი შვილი. ჩანთიდან გამჭირვალე კოლოფი ამოიღო და მოისროლა . იატაკზე უსწორმასწოროდ გაიშალა თეთრი ფხვნილის ნარჩენი. უნდოდა, რაც შეიძლება სწრაფად მოეცილებინა ეს „ჭუჭყი“, მაგრამ, ვაი რომ, სრულიად აანალიზებდა საკუთარი ჩანაფიქრის რეალურ, მოსალოდნელ შედეგს. თუმცა , ის ისევ რებეკა იყო... ერთი დღე იდარდა. მერე, სხვა გზა გამონახა და საწადელის ასასრულებლადაც სხვა გეგმა დაისახა.
საშიშია ადამიანი, ძალიან საშიში, ვისაც უგონოდ აქვს გულში ჩადებული სურვილი და ბრმად მიჰყვება მის კვალს. აღტკინებული, შესაძლოა კლდიდან ისე გადაიჩეხოს, არც კი მოუხედოს უკან დასაბრუნებელ გზას.

***
სასწავლებელში უქმე დღე იყო. იცოდა ,სახლში ვერ მოისვენებდა და პილისთან გადაწყვიტა წასვლა. ნიკოლა ბაღში დატოვა და გზას გაუყვა. ჯერ კიდევ ფიქრობდა რებეკას საქციელზე და ვერაფრით მოეძებნა ახსნა. უკვე, აღარ იცოდა რამდენ რამეზე ედარდა და ენერვიულა. ერთი სული ჰქონდა ბავშვი გაეჩინა და სადმე, შორს წასულიყო, შორს ყველასგან. ზოგჯერ, წინადადებაში გამორჩენილი, „პწიჩკით“ ჩამატებული სიტყვასავით გრძნობდა თავს, განსაკუთრებით, რებეკასთან საუბრის შემდეგ. საჭიროდ, მაგრამ საკუთარი თავის დაუმკვიდრებლად. თითქოს, არც ისე მნიშვნელოვანი იყო , თითქოს, სადღაც დარჩათ და მხოლოდ ბოლოსკენ გაახსენდათ. ბევრს ფიქრობდა და რაც მეტად გრძელდებოდა პროცესი, მით მეტად საშიშ დასკვნებამდე მიდიოდა. როგორ თბილადაც არ უნდა მოქცეოდნენ, ანარა გრძნობდა, რომ არ იყო ამ საზოგადოების ტოლი და სწორი. უმადურობა იქნება , თუ მათ დახმარებას ვერ დაინახავს და დააფასებს, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ შეეძლო თავი მათ სიმაღლეზე დაეყენებინა. საკუთარ თავს ჩააგონა, რომ გონს მოსვლის დრო იყო. მით უმეტეს, ბოლო დროინდელი სიზმრის შემდეგ. არ ვიცი, რებეკას საუბარმა იმოქმედა, თუ რამ ამოატივტივა გრძნობები ძილის ზედაპირზე. საღამო ესიზმრა, გრილი. მისი მშობლების სახლში აივანზე იჯდა და თითზე პატარა, თვლიან ბეჭედს ათამაშებდა. გვერდით, ჭრელ გადასაფარებლიან პატარა მაგიდაზე შემოსკუპებული ფინჯნიდან, ტალღებივით ამოდიოდა წვრილი ორთქლი. მერე იყო მხარზე , ლოყებზე, ტუჩებზე ღრუბელივით რბილი შეხება. შეგრძნებით, მისი მეუღლე უნდა ყოფილიყო, თუმცა, თვალების წინ ლეონის სახე რომ დაიხატა , სიზმარიც ქაოსმა მოიცვა .უცებ დაკრთა და რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან, თუმცა, მამაკაცის დამოკიდებულება საერთოდ არ შეცვლილა. ისევ მისკენ მიიწევდა. ბოლოს, კუთხესთან მიმწყვდეულს წასასვლელი აღარ დარჩენოდა. შუბლზე ცხადად იგრძნო კანის შეხება, ცხვირის წვერი ლეონის ცხვირს ეხებოდა და სუნთქვა, გზაჯვარედინად იშლებოდა მათ დაბნეულ გულებს შორის. ზედა ტუჩის კონტურზე მორიდებით იშლებოდა ჰაერი და მოახლოებული კოცნის ჩრდილი შავად ფერავდა ალუბლისფერ ბაგეებს. ემოციისგან, თითქოს გული საკიდიდან მოწყდა. თითქოს, მაღალი შენობის სახურავიდან უბიძგეს და მოწყვეტით გადაეშვა თავისუფალ ვარდნაში. მაგრამ, ეს არ იყო რეალობა და არც არასოდეს იქნებოდა .
გაჩერებაზე ჩამოვიდა და უკვე კარგად ნაცნობ, წვრილი ქვებით მოკირწლულ, ჩიხში შემავალ გზას გაუყვა . უნდოდა პილის დალაპარაკებოდა, გული გადაეშალა, მაგრამ, ამას როგორ მოახერხებდა, არ იცოდა. როგორ შეძლებდა ხმამაღლა საუბარს იმაზე, რისი საკუთარ თავთან აღიარებისაც კი გავარდნილი ტყვიასავით ეშინოდა. ჭიშკარი უკითხავად გააღო და ეზოში შევიდა. სამზარეულოში ონორი დახვდა. გაზრურასთან იდგა და წყლის ადუღებას ელოდებოდა.
-ჩვენი ფერია მოსულა ,- გულწრფელად გაუხარდა ონორს კარში ანარას დანახვა და თვალები აუციმციმდა.
-დილა მშვიდობისა, პილი სახლშია?- იკითხა მაშინვე და მოსაცმელი შემოსასვლელშივე დატოვა .
- ჯერ გეკითხა როგორ ვარ . იქნებ, ვკვდები კაცი,- სიცილით შეუბრუნა პასუხი.
- შენ რა მოკლავს ონორ, თავად ხალისისა და მხიარულების ბატონს.
-ასეც ნუ ვიტყვით... ქალბატონი რძალი რაღაცის საყიდლად გავიდა დილაადრიან,-უცებ დაიხედა საათზე და ბუტბუტით გადათვალა დრო,- წესით, მალე უნდა დაბრუნდეს. რამე საჩქაროა?
- არა , უბრალოდ , დიდი ხანია აღარ გვისაუბრია. რაღაც მინდა მოვუყვე და რჩევა ვკითხო .
-თუ გინდა, მე მომიყვები. იქნებ, დაგეხმარო კიდეც.
-არა, ქალური ამბებია.
-გინდა?- ხელში ჩაიდანი აწია და იქვე, დასასხამად გამზადებულ ჩაის ნაყენზე მიანიშნა.
-დიდი სიამოვნებით , მადლობა.. აქ რას უყურებ?- მხოლოდ ახლაღა მიაქცია ყურადღება ეკრანიდან მომზირალ მოცინარ სახეებს. დივანზე მოკალათდა და ეცადა სიტუაციაში გარკვეულიყო.
-არც მე ვიცი, ახლა ჩავრთე. ვუყუროთ და ერთად ვნახოთ,- ორი ფინჯანი ფრთხილად მოიტანა მაგიდამდე და ანარას წინ დადგა. ცდილობდა მისი ნახვით გამოწვეული აღელვება და დაბნეულობა არ შეემჩნია . გვერდით მიუჯდა და ტელევიზორს ვითომ დიდი ინტერესით გახედა. თუმცა, მშობლიურ ენაზე საუბარი, ახლა ჩინურად ეჩვენებოდა, უფრო ბუნდოვნად თუ არა . კოხტად გამობერილი მუცელი კიდევ მეტად ალამაზებდა და რაღაც მაგიურ, არაამქვეყნიურ ხიბლს სძენდა. მალე, სახლში, ეკრანის უცხოების გარდა ანარას კისკისიც ისმოდა. ონორი კი იჯდა და შორიდან ტკბებოდა მისი ყურებით. რამდენჯერ უფიქრია, ნეტავ, ანარაც თუ გრძნობდა რამეს მის მიმართ. თუ ხვდებოდა, რომ გულგრილი არ იყო. რა მოხდებოდა აი აქ, მის წინ, ახლა , სტუმრად მოსული ქალი კი არა , ამ სახლის, ფაჩუჩა ჩუსტებში გამოწყობილი, კიდევ ერთი წევრი რომ მჯდარიყო. იმ გულის ქვეშ, მათი პატარა რომ გაზრდილიყო. რა მოხდებოდა...თუმცა, არ იცოდა და თუ არ გარისკავდა, ვერც ვერასოდეს გაიგებდა. ანარა იჯდა და უკვე, გულიანად ხითხითებდა.
- ონო, შეხედე, შეხედე.... ახლა....,- უცებ ვეღარ მოითმინა. თავადაც ვერ მიხვდა, საიდან მოიკრიბა ამდენი გამბედაობა. თვალები დახუჭა, გაიფიქრა , რაც იქნება- იქნებაო. წამოიწია და მოულოდნელად აკოცა ტუჩებზე. უცებ შეწყდა ანარას სიცილი. იჯდა ატუზული ბავშვივით, მხრები აეწურა და გაოგნებისგან ვერც კი ირხეოდა. ჯერ კარგად ვერ აანალიზებდა მომხდარს. ეგონა , არა, უნდოდა დაეჯერებინა, რომ მოელანდა. ყველაფერზე იყო თანახმა, ოღონდ, ბოლო რამდენიმე წუთი სინამდვილე არ ყოფილიყო. ისხდნენ ასე , ჩუმად და არცერთი აპირებდა ხმის ამოღებას. წყვდიადივით ჩამოწოლილი უხერხულობა მოულოდნელად შეარხია პილის მოსვლამ.
-აჰ, კიდევ კარგი აქ ყოფილხარ,ჩემი მონატრებული გოგო,- როგორც კი შეხედა მაშინვე მისკენ გაემართა და მოეხვია,-ნეტავ იცოდე, ახლა როგორ მჭირდები,-ჩუმად ჩასჩურჩულა ყურში და თვალებში ჩახედა. თავით ანიშნა გამომყევიო. ისეთი გათიშული იყო, ინსტიქტურად წამოდგა და ცხვარივით, ხელჩაკიდებული გაჰყვა . ცდილობდა თავისი დაბნეულობსთვის რამე მოეხერხებინა და თავი ხელში აეყვანა.
-კარგად ხარ პილი?- ძლივს მოვიდა გონს და დასავიწყებლად, ეცადა მთლიანად პილიზე გადართულიყო.
-ზემოთ ავიდეთ და ყველაფერს გეტყვი. ისეთი არეული ვარ , დილიდან დავრბივარ . მგონი ყველა აფთიაქში ვიყავი.
-აფთიაქში? აფთიაქში რა გინდოდა,- დაბნეულობა დაბნეულობას ემატებოდა და ძლივს ახერხებდა ლოგიკურად აზროვნებას. ბოლოს, როგორც იქნა, საძინებელ ოთახამდე მივიდნენ. ისე შეამოწმა დერეფანი, თითქოს ვინმეს იქ ყოფნა შესაძლებელი ყოფილიყო. მაინც გადაამოწმა, ანარას ანიშნა საწოლზე დამჯდარიყო და როგორც კი მშვიდად დაიგულა თავი, კარი მიხურა.
-აღარ იტყვი ? კარგად ხარ პილი?-ისევ გაუმეორა. დაძაბულობისგან ლამის თვალები გადმოუცვივდა.
-მგონი ფეხმძიმედ ვარ,-ძლივს ამოღერღა კარზე აკრულმა და მაგრად დახუჭა თვალები.
-რა? ღმერთო....,-უცებ წამოხტა . მიხვდა, ხმამაღლა მოუვიდა და ტუჩებზე აიფარა ხელი. ტუჩებზე შეხებისას ონორი გაახსენდა. მკლავით მოიწმინდა ,თუმცა, ახლა, ამაზე ფიქრის დრო არ იყო, სურვილი ხომ-საერთოდ.
-შეიძლება ორსულად ვიყო,- ისევ გაიმეორა პილიმ. ამჯერად უფრო ნელა და ჩუმად. იმდენი გრძნობა დაუგროვდა ანარას, სხეულმა ვერ გაიგო რომელს გაჰყოლოდა. ლამის ძალით შეაგდო სააბაზანოში, რას ელოდებიიო და თავად , ისევ საწოლზე ჩამოჯდა. სულ ასე რატომ ხდებოდა მის ცხოვრებაში. გამუდმებით, ორი, ან მეტი მოვლენა დაატყდებოდა ხოლმე თავს და იძულებული იყო, მათ შორის გახლეჩილიყო. ნეტავ, თუ ეღირსებოდა მშვიდი დღის გათენებას. თუმცა, მისი არსებობა, ისედაც, ქაოსით დაიწყო. დღითი-დღე რწმუნდებოდა, ნამდვილად არ იყო სიმშვიდისთვის დაბადებული ქალი. ნერვიულობისგან ვეღარ მოისვენა , ფეხზე წამოდგა და ბოლთის ცემას მოჰყვა. თითებს ისრესდა და ცდილობდა მოთმინება გამოეჩინა. ბოლოს, როგორც იქნა კარი გაიღო და პილი გამოჩნდა.
-აბა, რა ხდება?- იკითხა ანარამ და მიაშტერდა. მაგრამ, პილიმ რამის თქმის მაგივრად ხელში ტესტი მაიჩეჩა.
-შენ ნახე,- თქვა და ისევ დახუჭა თვალები . ერთიანად აეტანა ნერვიულობას. რამდენი წელი ელოდა და ნუთუ, ახლა იყო ის დრო, ახლა ეწვია ეს უზომო ბედნიერება. თუ სადმე ექიმი და ექიმბაში გაეგონათ , მგონი, ყველასთან იყვნენ. რა არ სცადეს, რამდენი ხანი იტანჯებოდნენ და ბოლოს, როცა თითქმის გადაიწურა იმედი... არ უდნოდა, წინასწარ აყოლოდა ოცნებებს, მაგრამ , თავს ვერაფერს უხერხებდა. გაყინული თითები მაგრად ჩაეჭიდა ანარასთვის და პასუხის მოლოდინში გარინდულიყო.
- რა ხდება? სწრაფად მითხარი, თორემ გული გამისკდება სადაცაა,- მუდარით ამოთქვა და მერე, დახშულ ყურებს, საიდანღაც ძლივს მისწვდა საოცნებო სიტყვები: „მალე დედა გახდები“. მოულოდნელი სიხარულისგან ჩაიკეცა, სახეზე ხელები აიფარა და ატირდა,- გამიმეორე გთხოვ, გამიმეორე ანა. კიდევ მითხარი,-ხელებზე კოცნიდა და ცრემლიანი თვალებით უყურებდა ანარას.
-რამდენჯერაც მეტყვი იმდენჯერ გაგიმეორებ ჩემო გოგო,- გადაეხვია და გულში მაგრად ჩაიკრა. ამჯერად ხალიჩაზე ისხდნენ მუხმორთხმულნი და ბედნიერებისგან ტიროდნენ . ჯერ, არ აპირებდა ანდრესთვის გამხელას. უნდოდა, რაღაც, განსაკუთრებულად თბილი და ჯადოსნური გარემო შეექმნა. ემოციებმა ცოტათი რომ გაიარა , თითებით მოიწმინდა ცრემლები და ანარასთან ერთად, სამზარეულოში დაბრუნდა. ესიკვდილებოდა იქ ყოფნა, მაგრამ, რა ექნა? სხვა გზა არ იყო . პილი ისეთი აღფრთოვანებული იყო, მხოლოდ მიის გამო შეეცადა, მთელი სიმშვიდე მოიხმო და მაგიდას მიუჯდა. ონორს სიმშვიდე და უთქმელობა უფრო უჭამდა გულს, ვიდრე მოსალოდნელი, მწარე პასუხი. თავს დამნაშავედ თუ გრძნობდა? ნამდვილად , არა . დროში რომ დაბრუნებულიყო, ისევ იმავეს გააკეთებდა. იმ წუთას საერთოდ არ უფიქრია ანარას მდგომარეობაზე. გოგო, ამხელა მუცლით, პატარა ბავშით, ამდენი დარდით და ონორმა დაუფიქრებლად აკოცა. რადგან , თავად ვეღარ შეძლო გრძნობის დატევა .
გააკეთებდა. ხანდახან ვფიქრობ, ყველა ადამიანი ეგოისტია და სარჩულად ხან რა ეგება ამ ეგოიზმს, ხან-რა . ვერ ვიტყვი , მაინც და მაინც თავს კარგად გრძნობდა თქო, მაგრამ არც სინანულს მოეცვა მისი არსება . თითქოს , ამოთქვა თუ არა , შებოჭილი გული გაუთავისუფლდა და შვებით ჩაისუნთქა.
ანარა თავს ხან ვის ხათრსა და რიდს შთააგონებდა, ხან-ვისას. ბოლოს , პილიმ მაგიდის ალაგება რომ დაიწყო ,მიხვდა მეტს ვეღარ გაუძლებდა და გასასვლელისკენ , მოსაცმელის ასაღებად წავიდა. ისე გაყვა ონორი უკან, ვერც კი შენიშნა. და დასამშვიდობებლად მობრუნებულს , პირისპირ შეეფეთა.
-ანარა, დღეს რაც გავაკეთე....
- არა , შენ არაფერი გაგიკეთებია ... არა, მგონი არ ვარ კარგად , მგონი მოჩვენებები დამეწყო,-არეულად საუბრობდა , ერთსა და იმავეს იმეორებდა და შუბლს ნერვიულად ისრესდა.
-დიდი ხანია შემიყვარდი,-ძლივს გაბედა ონორმა ხმის ამოღება და ხელი უსუსური მტევნისკენ გაუწია, მაგრამ , ანარამ, ელვანაკრავივით გამოისხლიტა და ოთახის უკიდურეს კუნჭულში მიიკუჭა.
-რას შვრები? ხვდები მაინც ახლა რას აკეთებ ? არაა, ალბათ ხუმრობ ხომ? ონორ, ეს ძალიან ცუდი ხუმრობაა,- ბოლო იმედს ეჭიდებოდა და სიმწრისგან ემოციები ერთმანეთში ერეოდა. ხან ეცრემლებოდა თვალები, ხან კი, ნერვიულად იღიმოდა.
-ადრეც უნდა მეთქვა , მაგრამ ვერ გავბედე. მას შემდეგ მიყვარხარ რაც ამ სახლში შემოაბიჯე.
-არა , არ უნდა გეთქვა . არც ადრე და არც ახლა. არასოდეს უნდა გეთქვა ონორ . აქ ისე მოვედი, როგორც-საკუთარ სახლში...ლილი მთელი ცხოვრება დედასავით მივლიდა. თავშესაფრიდან საკუთარ სახლში გამომიშვა და ახლა მე მის შვილთან რომანს ვაბამ? თუ, რა ხდება?
-ანარა, ასე მძიმედ რატომ აღიქვამ. ჩვენ ხომ და-ძმა არ ვართ. მე შენ შემიყვარდი, რა არის ამაში ცუდი.
-აღარ გაიმეორო, გთხოვ .... ,- ბოლო იყო რაც იმ დღეს ანარასგან გაიგონა. გვერდი აუარა, პილის მალევე დაემშვიდობა, ნიკოლას გამოყვანა მოიმიზეზა და სახლიდან გავიდა. კიდევ რა სიურპრიზი ელოდა. კიდევ რა უნდა მომხდარიყო . ყოველ ჯერზე ამას ფიქრობდა, მაგრამ ცხოვრება ასევე, ყოველ ჯერზე ახერხებდა მის გაოცებას. მთავარია, რა იქნებოდა მომდევნო…

***
ნოემბრის ოცდაათი გათენდა იმ დღეს. რენე ორმოცდაათი წლის ხდებოდა. ანარა იჯდა და სადღესასწაულო მაგიდისთვის ხელსახოცებს კეცავდა. ძლივს, თითქოს აღმავლობისკენ დაიწყო ცხოვრებამ სვლა და სიხარულის ნაპერწკლები გამოჩნდნენ. იმ თვეში პირველი ხელფასი აიღო და საგულდაგულოდ შეერჩია საჩუქარი. საკუთარი ხელით შეეფუთა და ხელჩანთაში დაებინავებინა . ბევრ სტუმარს არ ელოდებოდნენ, მაგრამ ელენა მთელი გულით იყო ჩართული სამზადისში. რებეკა სავარძელში იჯდა და შორიდან აკვირდებოდა მის თითოეულ მოძრაობას . ანარამ რამდენჯერმე იგრძნო მისი მზერის წვა, მაგრამ, რას იზამდა. ისეთი ცივი გამოხედვა ჰქონდა , თვალის გასწორებასაც კი ერიდებოდა. ვერ ხვდებოდა მისი ქცევის მიზეზებს. ის კია, ძაბავდა და ხელ-ფეხს უკრავდა. ეგონა სხვას უმასპინძლა , რადგან წარსულის რებეკას დამოკიდებულებიდან მისხალიც არ დარჩენილიყო. უცებ ტელეფონმა დაურეკა, წამოდგა და როგორც კი თვალს მიეფარა ანარამ ძლივს ამოისუნთქა.
-შეიძლება ეილინის კომპიუტერით ვისარგებლო? სამსახურიდან დამირეკეს, აუცილებელი საქმეა და მეილი უნდა შევამოწმო.
-კი შვილო, რა საკითხავია,-უყოყმანოდ დაეთანხმა ელენა . დიდხანს არ უცდია, მაშინვე შებრუნდა და მეორე სართულისკენ მიმავალ კიბეებს აუყვა. ეილინის საძინებლის კარი შეაღო. მაგიდასთან მიდგმულ სკამში მოთავსდა და ჩართვის ღილაკს დააჭირა ხელი . რამდენიმე სტრიქონმა გაირბინა ეკრანზე და გამოსახულებაც გამოჩნდა. ხელის ერთი მოძრაობით გაასწორა კურსორი და ანგარიშის მონაცემების შესაყვანად იმეილის გამოსახულებას დააწვა . შეტყობინებებში ნაცნობ სახელს რომ მოჰკრა თვალი ნელ-ნელა ჩამოყვა. ეს სწორედ ის იყო, რასაც ეძებდა . ეილინის მკურნალობის მონაცემების მთელი ელექტრონული ბუკეტი. თქეშად დაესხა წყალი მის წისქვილზე. თავი შეამზადა გაოცებული და შეძრწუნებული ქალის როლის სათამაშოდ, რომელსაც თავზარი დასცა „საყვარელი“ ბიძაშვილის შესახებ ახლად აღმოჩენილმა ინფორმაციამ. მერე, უცებ დაკეცა კომპიუტერი , სირბილით ჩაირბინა პირველ სართულზე და თითქოს რამე საამაყოს , სასიხარულოს აცხადებდა ხმამაღლა დაიძახა.
-ეილინს რეციდივი აქვს, ეილინი ისევ ავადაა?,- ანარას ხელში შეეყინა ხელსახოცი ქაღალდი. ელენას მაგიდასთან მისატანად გამზადებული თეფში გაუვარდა ხელიდან და კერძი იატაკზე გაიშალა .
-რა თქვი ?-იდგა გაოგნებული და ადგილიდან ვერ იძროდა. გეგონებოდათ დამბლა დაეცა და ადგილიდან გატოკების საშუალებაას არ აძლევდა.
-შენ იცოდი, ხომ ? -რებეკას იერიშისთვის საკმაოდ ხელსაყრელი ობიექტი აღმოჩნდა. ახლა,უნებურად ანარაზე გადმოვიდა ყველას მზერა და იქ ლეონი არ იყო, არც-ვინმე სხვა, ვინც გამოესარჩლებოდა. იდგა დაბნეული და ვერ გადაეწყვიტა რა ეთქვა, ან, ეთქვა თუარა საერთოდ რამე .
-სიმართლეა?-აცრემლიანებული, მუდარანარევი , აკანკალებული ხმით დასვა კითხვა ელენამ და ნელა მიუახლოვდა.
-რა სისულელებს ბოდავ რებეკა?- საუბარში ჩაერთო რენე, თუმცა ეს არაფერს არ ცვლიდა. რებეკა ისევ კიბესთან იდგა და საკუთარ პოზიციაზე მყარად მდგომი არ წყვეტდა გარშემომყოფთა დაგესლვას.
-მე? მე სიმართლეს ვამბობ. შემთხვევით ეილინის ფოსტა გავხსენი და იქ წავიკითხე. კლინიკებიდან გამოკვლევების პასუხები, ვიზიტები, მიმდინარე შედეგები- ყველაფერი მის ფოსტაზე იგზავნება. ამ ქალბატონმა კი, რომელსაც სახლის კარი გაუღეთ, საკუთარი შვილივით მიიღეთ მოგატყუათ. დიახ, მოგატყუათ ბატონებო და ახლაც, დგას აქ კრავის სახით, თითქოს ასეთი უდანაშაულო და უმწიკვლო იყოს . როგორც ჩანს, კვალიფიკაციის ასამაღლებლად კი არა , სამკურნალოდ წავიდა. კიდევ კარგი ვნახე, თორემ ვინ იცის, როდის გაიგებდით სიმართლეს. იქნებ ისე წასულიყო იმ ქვეყნად საერთოდაც ვერ მოგესწროთ მისი ნახვა და გამომშვიდობება.
- ღმერთო, გაჩუმდი,- პირველად ამოიღო ანარამ ამ ხნის განმავლობაში ხმა და გაბრაზებულმა გახედა , მისი საქციელით კმაყოფილს.
-მე გავჩუმდე? ჩემი ოჯახის წევრებს თვალებში უყურებ და ატყუებ. მშობლები არიან ესენი. ეილინის დედა და მამა. დავიჯერო, შენ უკეთ იცი რა არის მისთვის უკეთესი? თან, თავი ისე მოგაქვს , თითქოს, აქ არაფერი ხდებოდეს სერიოზული და სახიფათო . შეგახსენებ, რომ კიბოზე ვლაპარაკობთ, და არა გასერილ თითზე, ჩემო კარგო,- ელენას ხმა არ ამოუღია . უცებ დაიძრა , რებეკას მხარი გაჰკრა, გაიწიეო ერთი მიაძახა და მეორე სართულზე სირბილით ავიდა. ეილინის კომპიუტერი გახსნა, ჩართვის ღილაკს დააწვა და მაგიდაზე ნერვიულობისგან თითების კაკუნი დაიწყო . ჩაირთო თუ არა , ფოსტა გამოიტანა ეკრანზე და ერთი-მეორის მიყოლებით გახსნა შემოსული შეტყობინებები. ეგონა სამყარო ჩამოექცა თავზე, მოწყვეტით დაეშვა მის უკან დგომ სკამზე და გაფითრდა . წამდენიმე წუთიანი მდუმარე პაუზის შემდეგ პირზე ხელი აიფარა, კბილები მაგრად დააჭირა ტუჩებს და ატირდა. დამნაშავესავით იდგა ანარა კარის ჩარჩოში და ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავდა. არ იცოდა რა ეთქვა , როგორ ენუგეშებინა . იქნებ , საერთოდ გაჩუმება სჯობდა.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

rogor velodi axal tavs. au ratom agvianeb xolme ase zaliannn. iseti dazabuli siujeti aqvs. sruliuad ucyinar dialogshic ki velodebi intrigas. moutmenlad gelittt

 


№2 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან კარგი ისტორია, ძალიან მაინტერესებს , როგორ წარიმართება გმირების ბედი,სულ გელოდები. ასეთი დიდი ინტერვალით რატომ დებთ?

 


№3  offline წევრი Âme

Qeti qimucadze
rogor velodi axal tavs. au ratom agvianeb xolme ase zaliannn. iseti dazabuli siujeti aqvs. sruliuad ucyinar dialogshic ki velodebi intrigas. moutmenlad gelittt

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes ვცდილობ მთელი გული და სული ჩავდო.უზომოდ მახარებს თქვენი კომენტარები heart_eyes

სტუმარი მანანა
ძალიან კარგი ისტორია, ძალიან მაინტერესებს , როგორ წარიმართება გმირების ბედი,სულ გელოდები. ასეთი დიდი ინტერვალით რატომ დებთ?

ბევრი ფაქტორია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. არ უნდა გიწევდეთ ამდენი ხნით ლოდინი, მაგრამ , არ მინდა ნაჩქარევი და მუფუჩეჩებული იყოს. მახარებთ ყოველთვის თქვენი სიტყვებით. kissing_heart relieved heart_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი მანანა

გელოდებით, გელოდებით მოუთმენლად

 


№5 სტუმარი სტუმარი მანანა

როდის დადებთ, ერთი თვე გავიდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent