შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მელნისფერი სხივი (სრულად)


2-02-2021, 09:29
ავტორი აირ ისი
ნანახია 14 391

.

შუაღამე იყო. ცის კაბადონზე, გულსაბნევივით მიბნეული სავსე მთვარე, ვერცხლისფერი ნათებით ასაჩუქრებდა მთელ ქალაქს. წყვდიადთან მებრძოლი რაზმივით ჩამწკრივებული ლამპიონები, თითქოს დახმარებას უწევდნენ ციურ სხეულს, რათა იდუმალებით მოცული შავი ფერისთვის ჩამოერთმიათ დომინანტის სტატუსი და მასზე თავად გაბატონებულიყვნენ.


ქალაქის ერთ-ერთ პატარა, წყნარ უბანში, სადაც სულიერის ჭაჭანებაც არ ისმოდა, თითოეულ სახლში უკლებლივ ჩაექროთ შუქი. მხოლოდ ერთი სარკმელი იყო ისეთი, საიდანაც სუსტი, ოქროსფერი სინათლე იღვრებოდა და ყველას მიანიშნებდა, რომ ამ ფანჯრის მიღმა მყოფს, ჯერ კიდევ არ მიჰკარებოდა ლამაზი სიზმრების მომგვრელი ძილი.


მინაზე, მთელ სიგრძეზე ჩამოფარებული ფარდის მიღმა, ერთიანად საღებავშვი ამოსვრილი გოგონა იდგა. ამ უკანასკნელს, ნიჟარები ყურსასმენებით დაეცო და ბოლო ხმაზე აღრიალებული მუსიკის ფონზე, ფუნჯით ხელში, მოლბერტთან ღამეული ფლირტი ჰქონდა გამართული.


საათის ისრები გაუჩერებლად მირბოდნენ, თითქოს რაღაცისგან ან ვიღაცისგან აპირებენ გაქცევასო. მათი წიკწიკი ერთადერთი იყო, რაც იმ მომენტში აცოცხლებდა სამარისებური სიჩუმის ნაწილაკებში ერთიანად ჩაძირულ სახლს.


გოგონასა და მოლბერტის ურთიერთობას, თითქოს ვერაფერი უშლიდა ხელს. ყურსასმენებში აჟღერებული მუსიკა, ერთგვარ მოტივაციად ქცეულიყო, რათა ფუნჯებითა და საღებავებით ნამდვილი წვეულება მოეწყო, ჯერ კიდევ დაუსრულებელ პორტრეტთან ერთად.


თითქმის ყველგან ემჩნეოდა ფერადი სიჭრელე მხატვრის ხელებს. იმდენად იყო ჩაფლული თავის საქმეში, გარშემო ცეცხლის რკალის შემოვლების შემთხვევაშიც კი არ ექნებოდა რეაგირება. თვალები ებინდებოდა იმოდენა სიამოვნებას იღებდა ტელეფონის ეკრანზე გამოსახული ფოტოს მოლბერტზე გადატანით. თითქოს ნეტარების ჟრუანტელი უვლიდა სხეულში, მთელ მის არსებას ენდორფინის ოკეანე ეხვია გარს და თავდაუზოგავი ცურვით მიუყვებოდა მასში წარმოქნილ აბობოქრებულ ტალღებს.


საათის მოწიკწიკე ისრები კვლავაც მორიგ წრეს მიუყვებოდნენ. სულ რაღაც რამდენიმე წამიც და საათი პირველის ნახევარს უჩვენებდა. სიჩუმის ძალა ბატონობდა თითოეულ კუთხე-კუნჭულსა თუ წერტილში. ფანჯრის რაფაზე შემოდგმულ ქოთნის ყვავილებს, მარგალიტისფერ სხივებს აფრქვევდა ზემოდან, ცის ღამეული, ჩაუქრობელი მნათობი.


გოგონა კვლავაც ვერ აღწევდა თავს მოლბერტის ტყვეობას. შეშლილი მხატვარივით აწებდა ფუნჯებს პალიტრაში, მათ ქაღალდზე გამეტებით უსვამდა და იმ სიმღერას აყოლებდა ტუჩებს, რაც მხოლოდ თავად ესმოდა.


ბოლოს, თვალები სიამოვნებისგან დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა. სახეზე, უზომო კმაყოფილების გამომხატველი ღიმილი ესტუმრა, როდესაც თეთრ ფონზე გამოსახული, საკუთარი შემოქმედება აღიქვა მხედველობის ფოკუსით. ტელეფონზე გაშლილი ფოტო-სურათი, აბსოლუტური სიზუსტით ემთხვეოდა იმას, რასაც ახლა უყურებდა, ამის გაცნობიერება, კი უფრო და უფრო ღრმად ძირავდა კმაყოფილების მდინარეში.


მხატვარმა, ხელები მოლბერტის წინ დადებულ, თეთრ ტილოს შეაწმინდა, შეკვრიდან უფრო წვრილი ფუნჯი ამოიღო და ოქროსფერი საღებავით, ნახატს, რომელზეც დაისისფერ ცისთვის, მეოცნებე თვალებით შემყურე, ნაწნავებიანი გოგონა იყო გამოსახული, ქვემოთ საკუთარი სახელი -„ელენე“ მიაწერა. შემდეგ კიდევ ერთხელ დააკვირდა თავის შემოქმედებას, მიხვდა, რომ სრულყოფილებამდე მხოლოდ სათაურის მოფიქრება აკლდა და მოზრდილი თაბახის ზემოთ, იმავე ფერის საღებავით, ოდნავ ღიმილიანი სახის თანხლებით მიაწერა - „ჩემი ფორთოხლისფერი ოცნება“.










.


დილა საკმაოდ ნათელი და მზიანი გათენდა. გარეთ იმდენად თბილი ნიავი ქროდა, ნებისმიერ ადამიანს გაუჩენდა ქუჩაში დიდხანს სეირნობისა და სახლში დაგვიანების სურვილს.


გაზაფხულის სურნელით გაჟღენთილი ხეების ტოტებზე შემომსხდარი ჩიტები, საამო ჟღურტულით ახმაურებდნენ მზის მცხუნვარე სხივებით გალამაზებულ დილას. ქუჩები ველოსიპედებითა და „ჰოვერბორდებით“ მოსიარულეებით იყო სავსე. ირგვლივ სრული ჰარმონია იგრძნობოდა და ეს ჰარმონია, ქუჩაში მოასიარულეთა ღიმილიან სახეებზეც აისახებოდა.


მოცემულ მომენტში, ქუჩებში გამოფენილ ხალხს შორის, ელენე სილაგაძე ალბათ იმ უმცირესობას ეკუთვნოდა, ვინც მზიანი დილით გამოწვეული სასიამოვნო შეგრძნებების აღქმას ვერ ახერხებდა. გოგონას, სახეზე ჯერ კიდევ ეტყობოდა სიზმრების კვალი, თუმცა მიუხედავად ამისა, მთელი სიჩქარით გარბოდა ავტობუსის გაჩერებისკენ და წამში ერთხელ იყურებოდა მაჯაზე შემოსალტულ ვერცხლისფერ საათზე. იმ დილით, საკმაოდ მნიშვნელოვანი სემინარი ჰქონდა ჩასაბარებელი, ის კი, კატასტროფულად აგვიანებდა მხოლოდ იმის გამო, რომ წინა ღამით მაღვიძარას მომართვა დაავიწყდა. მთელი თავისი ოცდაერთწლიანი არსებობის მანძილზე, პირველად გახლდათ ასეთ სულელურ სიტუაციაში და ამაზე, მის ერთ ნაწილს ეცინებოდა კიდეც.


გაჩერებამდე ისე მიაღწია, სირბილი წამითაც არ შეუწყვეტია. გზაში, ლამის გაიტანა კიდეც რამდენიმე ფეხით მოსიარულე და საბოლოოდ, დანიშნულების ადგილამდე მიღწევაც შეძლო. თუ მის ადგილას სხვას, ასეთი გადამეტებული სირბილი გადაღლიდა და სუნთქვასაც აუჩქარებდა, ელენე მსგავსს ვერაფერს გრძნობდა. ცხოვრების სტილი ჰქონდა ასეთი -დღეში ორმოც წუთს მაინც უთმობდა ხოლმე ვარჯიშსა და ფიზიკურ დატვირთვას. ამისთვის, სახლში სპეციალური ოთახიც კი ჰქონდა გამოყოფილი დიდი სარკეებით, იოგას ხალიჩებით, სხვადასხვა სიმძიმის ჰანტელებითა და სავარჯიშო ბურთებით სავსე. მართალია, სპორტ-დარბაზში არ დადიოდა, რათა ფინანსები დაეზოგა, თუმცა ინტერნეტის საშუალებით, უამრავი ფიტნეს-აპლიკაცია ჰქონდა ჩამოტვირთული, რისი წყალობითაც, მუდამ იდეალურ ფორმაში იყო და ნებისმიერი მდედრობითი სქესის წარმომადგენლისთვის შესაშური ფორმები ჰქონდა.


გაჩერებაზე ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა. დაფაზე წითლად ანთებული ციფრები იუწყებოდნენ, რომ შემდეგი ავტობუსი სამ წუთში იქნებოდა ადგილზე. ამ დროის განმავლობაში, ელენემ თავისი საყვარელი სიმღერა ააჟღერა მობილურში, ყურსასმენები მოირგო და ერთიანად წყნარი მელოდიის ჰანგებში ჩაიძირა.


საშინლად ეზარებოდა იმ დღეს თითოეულ ლექციაზე დასწრება. ამის მაგივრად, სურდა ამინდით ესარგებლა და დაუსრულებლად ეხეტიალა თბილისის მზიან ქუჩებში, თუმცა მაინცდამაინც დღეს ჰქონდა მიკროეკონომიკის სემინარი, რისი გამოტოვებაც, აქტივობის ქულებში სერიოზულ დანაკლისს უდრიდა, ეს კი პირდაპირ აისახებოდა მისი სტიპენდიის შენარჩუნება-ჩამორთმევაზე.


ფიქრებში დრო ისე გაეპარა, ავტობუსის მოსვლა ბოლო წუთებში შენიშნა. როგორც ყოველთვის, ახლაც ყველაზე ბოლო სავარძელში ჩაეშვა, წიგნაკი ამოიღო და და უბრალო ფანქრით რაღაც ფიგურების ხაზვას მოჰყვა, თან მუსიკის სიტყვებს აყოლებდა გაუცნობიერებლად ტუჩებს.


დღევანდელ დღეს, ბიბლიოთეკაში აპირებდა დარჩენას, სამეცადინოდ. ამის გამო, გადაწყვიტა მარკეტში რამე საჭმელი შეეძინა, ყავასთან ერთად და მთლიანად წიგნებში ჩაფლულიყო. მართალია შეეძლო უნივერსიტეტის კაფეტერიაში ესადილა, თუმცა ამას ორი მიზეზის გამო არ გააკეთებდა -პირველი, ვერ იტანდა სწრაფი კვების საჭმელებს, ხოლო მეორე ის იყო, რომ გამუდმებით ნერვებს უშლიდა ის ხმაურიანი საზოგადოება, იქ რომ იყრიდა ხოლმე თავს.

საბედნიეროდ, უნივერსიტეტამდე დროულად მიაღწია. აუდიტორიაშიც დაუგვიანებლად შევიდა და სემინარიც საკმაოდ კარგად ჩააბარა. მეორე ლექცია არჩევითი ჰქონდა, მსოფლიო ისტორიაში. მართალია, თავის დროზე, სხვა ბევრი ასარჩევი ვატიანტიც გააჩნდა, თუმცა იმდენად მოსწონდა წარსულის ამბებში ქექვა და მისი კვლევა, საბოლოოდ მაინც ეს ამჯობინა ყველა დანარჩენს.

მომდევნო ლექციის დაწყებამდე, ოცწუთიანი შესვენება ჰქონდა ელენეს, თუმცა რადგანაც დერეფანში უაზროდ ხეტიალი არ სურდა, პირდაპირ სალექციო აუდიტორიაში შეაბიჯა და თავისი ადგილი დაიკავა. ჯერჯერობით, იქ მის გარდა არავინ იყო. როგორც ჩანდა, სტუდენტები ახლაც ბოლო წუთებში აპირებდნენ გამოჩენას. ზოგი სპეციალურადაც კი აგვიანებდა, რათა ლექტორის შენიშვნა დაემსახურებინა, ყურადღების ცენტრში აღმოჩენილიყო და შემდეგ მთელი გრანდიოზულობით დაბრძანებულიყო კუთვნილ ადგილას.

ელენემ თავი სიცილითაც კი გადააქნია ასეთი ადამიანების გახსენებაზე, პლეილისტში მუსიკა შეცვალა და მელოდიის თანხლებით მანამ ჯღაბნიდა თავის ბლოკნოტში, სანამ აუდიტორიამ სტუდენტებით არ დაიწყო შევსება.

ისევ ახალი დღე . . .

ისევ ნაცნობი სახეები . . .

ყველა ერთმანეთთან საუბრითა და ლაზღანდარობით გახლდათ დაკავებული, თუმცა გოგონა არავის აქცევდა ყურადღებას. თითქოს განცალკევებული პლანეტა იყო, რომელსაც დანარჩენებთან არაფერი ჰქონდა საერთო და მხოლოდ მათ საზოგადოებაში ყოფნა ჰქონდა მოსჯილი, გარკვეული დროით.

ლექციის დაწყებას სულ რაღაც ერთი წუთი უკლდა, როდესაც დახვეწილმა, საკმაოდ მიმზიდველი აღნაგობის მქონე მამაკაცმა შემოაბიჯა აუდიტორიაში. ეს ადამიანი, ისტორიის ლექტორი -დიმიტრი მენაბდე გახლდათ. უნდა ითქვას, რომ იგი ყველაზე სერიოზულ, თუმცა ამავდროულად, ერთ-ერთი უნიჭიერეს კადრად ითვლებოდა მთელ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე. არ არსებობდა თემა, რის შესახებაც, დიმიტრის ამომწურავი პასუხი არ გააჩნდა. მისი ერთ-ერთი პლუსი, მაცდური ვიზუალიც იყო, რის გამოც სტუდენტი გოგონებიც ისევე ეპრანჭებოდნენ ხოლმე, როგორც დანარჩენი მდედრობითი სქესის წარმომადგენელნი.

როგორც კი უკანა რიგებში ახმაურებულმა გოგო-ბიჭებმა ლექტორის მკაცრ სახეს მოჰკრეს თვალი, საუბარი აღარ გაუგრძელებიათ. ყველანი მაშინვე თევზებივით გაჩუმდნენ და თავიანთ ადგილებს მიუსხდნენ, უსიტყვოდ.

-გამარჯობა -დიმიტრიმ შეხვედრა ტრადიციული მისალმებით დაიწყო. ელენემაც მაშინვე გადადო თავისი წიგნაკი და სცადა ყურადღება ლექტორზე გადაეტანა

სტუდენტები ერთხმად მიესალმნენ შემოსულ ლექტორს. გოგონები ისე შესციცინებდნენ დიმიტრის თვალებს, გეგონებოდათ საცაა სკამიდან წამოფრინდებიან და კისერზე ჩამოეკიდებიანო. ამაზე გულში მუდამ ეცინებოდა ხოლმე ელენეს.

-სილაგაძე! -მოესმა ზურგს უკნიდან ნაცნობი ხმა. თვით უნივერსიტეტის ყველაზე თავში ავარდნილი და ყოყლოჩინა წარმომადგენელი -ირაკლი სამსონიძე ეძახდა. ელენეს მსგავსად, ისიც ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და არჩევით საგანზეც მასთან ერთად უწევდა ყოფნა.

გოგონას, ახლა ამ ადამიანთან საუბარს ყველაფერი ერჩივნა, თუმცა მაინც მიტრიალდა და პასუხი გასცა :

-გისმენ

ბიჭი ლამის მაგიდას გადმოემხო, რათა ელენემდე ჩუმად მიეწვდინა ხმა.

-შენი მობილური მათხოვე რა, მუსიკებს მოვუსმენ

-იქნებ ლექციის მოსმენაზეც გეფიქრა?

-რომ მაინტერესებდეს, მოვუსმენდი კიდეც, მაგრამ წარსულში ქექვა საჩემო არაა

-ხელს ხომ არ გიშლით თქვენ ორს? -მოესმათ ლექტორის მაგიდიდან დიმიტრის სიმკაცრეშეპარული ხმა. ეს უკანასკნელი, ლეპტოპში ჩამძვრალიყო და ტექნიკური მოწყობილობის გამართვას ცდილობდა, რათა სტუდენტებისთვის, სლაიდის დახმარებით აეხსნა მომდევნო მასალა

-უკაცრავად -დაბალი ხმით მოიბოდიშა ელენემ. სამსონიძისკენ მეტად აღარ გაუხედავს, უბრალოდ მობილური გადააწოდა უჩუმრად და კვლავ ლექტორს მიაპყრო ღია თაფლისფერი თვალები

ტექნიკური მოწყობილობა, როგორც იქნა მწყობრში ჩააყენა დიმიტრიმ. თეთრ დაფაზე მაშინვე გამოჩნდა კოლაჟად გაკეთებული რამდენიმე ისტორიული პიროვნების სურათი, რომელთაგან პირველად, ალექსანდრე მაკედონელის გამოსახულება მოგხვდებოდათ თვალში, ხოლო ბოლოს- ნაპოლეონ ბონაპარტის.


დიმიტრი ფეხზე წამოდგა. თავდაპირველად მთელს აუდიტორიას გადაავლო თვალი, ისე თითქოს, მზერით მოუწოდებს სამარისებური სიჩუმისკენო. დაფაზე გამოსახულ სლაიდის ფოტოს მხოლოდ მას შემდეგ გახედა, რაც დარწმუნდა, რომ ოთახში ბუზის გაფრენის ხმის გაგონებაც კი შეეძლო და მაშინვე ალაპარაკდა:


-დღეს სალექციო კურსს ცოტათი გადავუხვიოთ -თქვა მან ჩვეული სერიოზული მზერით, თან, შუბლზე ჩამოყრილი ოდნავ მოგრძო თმა, ხუთივე თითით გადაიწია უკან. მის ამ ჩვევაზე, კვლავ ღიმილი მოადგათ უკანა რიგში მსხდომ გოგონებს. ალბათ, თითოეული მათგანის გულში მწუხარება დაიდებდა ბინას, თუკი დიმიტრი მენაბდე თმის შეჭრას გადაწყვეტდა და ამ ჩვევასაც მოიშლიდა.


-დღეს მინდა იმ პიროვნებათა შესახებ გესაუბროთ, რომლებმაც საკუთარი კვალი ყველაზე მეტად დაამჩნიეს ისტორიის მსვლელობას . . . თუმცა, დასაწყისისთვის ერთ კითხვას დავსვამ -თქვა და ცერა თითი სლაიდისკენ ისე გაიშვირა, რომ უკან არც მიუხედავს, თან ცალი მხრით მაგიდის ზედაპირზე ჩამოჯდა -თქვენი აზრით, ამ სურათებზე ნაჩვენები პიროვნებებიდან, პირველმა რომელმა გამოთქვა ამბიცია მსოფლიო ბატონობაზე?

სტუდენტებმა კოლაჟში გაერთიანებულ სურათებს შეხედეს. ყველანი ორჭოფობდნენ პასუხზე. მხოლოდ რიგით მეოთხე მაგიდასთან მჯდომი ელენე არ ფიქრობდა აღნიშნულ თემაზე, რადგან პასუხი უკვე მშვენივრად იცოდა. მიუხედავად ამისა, ხმის ამოღებას არ აპირებდა. ბუნებით ისეთი იყო, თუ პირადად მას არ დაუსვამდნენ შეკითხვას, ენასაც არ გაამოძრავებდა და ახლაც სწორედ ამიტომ იჯდა მდუმარედ, ლექტორის მომლოდინე მზერის წინ.


უეცრად, ისე რომ არავინ ელოდა, კარები გაიღო და ზღურბლზე დაგვიანებული სტუდენტი გამოჩნდა. ელენემ მაშინვე იცნო მისი სახე. ეს ადამიანი, მისი ჯგუფელი და ქალაქის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტთა ქსელის მფლობელის -ედუარდ აბრამოვის ერთადერთი შვილი, ნიკოლას აბრამოვი გახლდათ. გოგონა მას მხოლოდ შორიდან იცნობდა და მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორე წელი იყო, რაც თანაკურსელებად ითვლებოდნენ, ერთმანეთისთვის ათი სიტყვაც კი არ ეთქვათ გადაბმულად.

მუდმივად თავისი „ფან-კლუბის“ გარემოცვაში მყოფი ნიკოლასი, ჩაცმის სტილითაც ისევე გამოირჩეოდა, როგორც ვიზუალური მახასიათებლების მაღალი დონით. ბიჭს მუდამ თავისუფალ სტილში ეცვა. სპორტულ შარვლებს, რაც საკმაოდ ელეგანტურად ადგა ტანზე, თავისი იდეალური სიმაღლის გამო, ყოველთვის კაპიუშონიან მაისურებს ან „ჰუდებს“ უხამებდა, ზედატანის ფერ კედებთან ერთად, ხოლო მაჯაზე მუდამ ისეთი ძვირადღირებული საათები ჰქონდა შემოხვეული, ამ ფასად ნებისმიერი ადამიანი, რომელიმე ეზგოტიკურ კუნძულზეც კი მოიწყობდა ერთკვირიან შვებულებას.

-უკაცრავად, გზაში მანქანა გამიფუჭდა, შეიძლება შემოვიდე? -იკითხა ზრდილობიანად ნიკოლასმა, თან ცალი თვალი აუდიტორიას გადაავლო, რათა ენახა სად იყო თავისუფალი ადგილი

დიმიტრის მართალია არ ესიამოვნა ლექციის მსვლელობის შეწყვეტა, თუმცა გადაწყვიტა მაინც ეპატიებინა დაგვიანებული სტუდენტისთვის.

-კარგი, შემოდი და ადგილი დაიკავე, ოღონდ სწრაფად -უთხრა მან. ელენემაც მხოლოდ მაშინ გადაიტანა მზერა აბრამოვიდან, ხის პრიალა იატაკზე და შენიშნა, რომ ცალ ბოტასზე თასმა ჰქონდა შეხსნილი

„ჯანდაბა, ეს როდისღა გამეხსნა?“ -გაიფიქრა თავისთვის და ის-ის იყო, დაიხარა კიდეც მის შესაკრავად, რომ გვერდით ვიღაცის მიჯდომა იგრძნო. გახედვა არ დასჭირვებია გოგონას. ძვირადღირებული სუნამოს სურნელი უკვე ახვედრებდა, თუ ვინ დაარღვია მისი სიმყუდროვე და როგორც კი თასმების შეკვრას მორჩა, თვითონაც დარწმუნდა ამ ვარაუდის სისწორეში. გვერდით, თავად ნიკოლას აბრამოვი ეჯდა და წინ ისე იყურებოდა, თითქოს ირგვლივ ვერავის არსებობას ვერ ამჩნევდა. მიუხედავად ამისა, გულისწყვეტა არ უგრძვნია ელენეს. ის და აბრამოვი, იმდენად ახლოსაც არ იყვნენ, რომ ყოველ შეხვედრაზე ერთმანეთს თბილად მისალმებოდნენ, ამიტომ გვერდით მჯდომი თავადაც დააიგნორა და წიგნაკიც დახურა, რათა ნიკოლასს, მისი უაზროდ ნახატი ფიგურები არ მოხვედროდა თვალში.

ლექცია გაგრძელდა. დიმიტრიმ თავიდან გააჟღერა ცოტა ხნის წინ დასმული შეკითხვა და როგორც იქნა პასუხიც მიიღო, უკანა რიგში მჯდომი ერთ-ერთი გოგონასგან -სალომე მაკალათიასგან, ვინც თავის სრულ სახელს ვერ იტანდა და ყველას აფრთხილებდა მისთვის „სალი“-თ მიემართათ.

-პირველი, ვინც მსოფლიო ბატონობაზე გამოთქვა პრეტენზია, ეს ალექსანდრე მაკედონელი იყო, პატივცემულო -თავდაჯერებული სახით წარმოთქვა მან -მისი ეპიტაფიაც იმაზე მეტყველებს, რომ საკმაოდ მიზანდასახულ მმართველად ითვლებოდა და ამბიციებითაც მეტად შორს იყო გაჭრილი

-თუმცა იმას ვერსად წავუვალთ, რომ ცოლს ღალატობდა და საკუთარ სარდალთან დაძვრებოდა ღამღამობით, საბრალო როქსანასგან მალულად -განაცხადა სამსონიძემ, ვისაც, ცალი ყურით შემთხვევით მოესმინა ლექციის შინაარსი

ირაკლის ამ უადგილო გამოსვლას, მცირეხნიანი სიცილი მოჰყვა სტუდენტების მხრიდან, რაც საბოლოოდ აღკვეთა დიმიტრის მაღლა აწეულმა მარჯვენამ.

-სიწყნარე იყოს, თუ შეიძლება -თქვა მან მკაცრად -აქ არც მაკედონელის პირად ცხოვრებას განვიხილავთ და არც იმას, ვის ბალიშზე ედო მას თავი

-ვერ შეგედავებით, პატივცემულო -გაიცინა სამსონიძემ და მეორე ყურსასმენიც გაიკეთა, რითაც საბოლოოდ გამოეთიშა აუდიტორიაში მიმდინარე მოვლენებს.

-კარგი, რახან ალექსანდრეს ცხოვრების ხელშეუხებლობაზე შევთანხმდით, მაშინ განვაგრძოთ -მენაბდე მაგიდიდან წამოდგა, კიდევ ერთხელ გადაიყარა შუბლზე ჩამოყრილი თმა გვერდზე და თავისი ოდნავ დაბალი, მომხიბვლელი ხმით განაგრძო :

-დიდი იმედი მაქვს, ამ სლაიდზე გამოსახული თითოეული პიროვნება თქვენთვის უკვე ნაცნობია -ამის თქმისას, მზერა საგრძნობლად დაუსერიოზულდა ლექტორს და ცალი წარბი ინსტიქტურად აზიდა მაღლა, თან დამკვირვებლური მზერა გადაავლო სტუდენტებს -თქვენი მზერიდან ჩანს, რომ ასეა, ამიტომ, დეტალებზე აღარ შევყოვნდები . . . დღეს ნამდვილად არ ვაპირებ ამ ისტორიულ პიროვნებათა ბიოგრაფიის მოყოლით შეგაწყინოთ თავი. ამის მაგივრად, მსურს მათ მსგავსებებზე გესაუბროთ

ელენე ნიკაპით ხელის გულს დაეყრდნო და სმენად იქცა. ყოველთვის უყვარდა, როდესაც ლექტორები სალექციო თემას გადაუხვევდნენ და რამე საინტერესოზე იწყებდნენ ხოლმე საუბარს.

-არ ვიცი რამდენად მართებულია რეინკარნაციის თეორია, თუმცა ამის რომ მჯეროდეს, ნაპოლეონ ბონაპარტს, იულიუს კეისრის რეინკარნირებულ ვარიანტად ჩავთვლიდი. თუ კარგად დაუკვირდებით, მათ შორის უამრავ მსგავსებას აღმოაჩენთ. ხასიათითაც კი ჰგავდნენ ერთმანეთს, რადგან ორივენი განდიდების მანიით იყვნენ შეპყრობილნი და უზღვავი ძალაუფლება სწყუროდათ

ამ დროს, ელენემ ვიღაცის თითის შეხება იგრძნო მხარზე. რამდენიმე წამი დასჭირდა გამოსარკვევად და იმის მისახვედრას, რომ აბრამოვი ცდილობდა მასთან კონტაქტზე გამოსვლას.

გოგონამ საკუთარ მზერას მიმართულება შეუცვალა და თავის გვერდით მჯდომისკენ ნახევარი ტანით შებრუნდა. გამჭოლი მზერით უყურებდნენ აბრამოვის მოოქროსფრო თვალები.

-შენც მისით ხარ მონუსხული? -ჰკითხა ბიჭმა, თან თვალებით ლექტორისკენ ანიშნა

-ვერ მიგიხვდი?

-უკვე ათი წამია რაღაცას გეუბნები და მხოლოდ ახლა მივიქციე შენი ყურადღება

ელენემ ღრმად ამოისუნთქა. საკუთარი თავის ამბავი მასზე კარგად არავინ იცოდა. როდესაც ვინმეს მთელი გულისყურით უსმენდა, გარშემო აღარანაირი ხმა არ სწვდებოდა ხოლმე მის ყურთასმენას და ამჯერადაც ასე მოხდა.

-მაპატიე, შენი ხმა არ გამიგია . . . რამე გინდოდა?

-ისეთი არაფერი, უბრალოდ თუ შეგიძლია კალამი მათხოვე

-ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მე უბრალო ფანქარს ვიყენებ ხოლმე წერის დროს

-სიმართლე გითხრა, ეს უკეთესიც კია

-მაშინ აიღე -წიგნაკის თავზე დადებული ფანქარი გაუწოდა ელენემ, ბიჭს. უნდა ეღიარებინა, აბრამოვთან პირველად ჰქონდა ასეთი ხანგრძლივი დიალოგი და ეს ცოტათი ეუცნაურებოდა კიდეც. მდიდარი მამის ერთადერთ მემკვიდრეს, ხალხი გამუდმებით თავს ევლებოდა, თუმცა ვერავინ იტყოდა, რომ ნიკოლასი იმ თავმომწონე ბიჭების რიცხვს განეკუთვნებოდა, ვინებსაც საკუთარი წარმომავლობა და ფული თავში ჰქონდათ ავარდნილი. არც ის იქნებოდა სწორი თუ ვიტყოდით, რომ თავად ცდილობდა ყურადღების ცენტრში ყოფნას. უბრალოდ პიროვნულად გახლდათ ასეთი -თავისდაუნებურად გამოსდიოდა გარშემო მყოფების მოხიბვლა და იმის მიღწევა, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენელნი, მის ერთ გამოხედვაზეც კი პირველკლასელი მოსწავლეების მსგავსად დაბნეულიყვნენ.

კურსელი გოგონების მხრიდან, ყურადღება არასდროს აკლდა აბრამოვს. ზოგი იმდენად ეწებებოდა, ნებისმიერის თვალში სასაცილოდ გამოიყურებოდა, თუმცა ვერავინ დაამტკიცებდა, რომ მიუხედავად ამოდენა ყურადღებისა, ნიკოლასი ვინმეს სერიოზულად უყურებდა. ერთი შეხედვით, მეტად ზედაპირული ადამიანის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებდა, ვისაც, მიუხედავად გამუდმებით ხალხში ტრიალისა, თითოეული მათგანი ფეხებზე ეკიდა.

ნიკოლასმა გოგონა ფანქარი გამოართვა და მადლობის ნიშნად ოდნავ გაუღიმა. დიმიტრი კი კვლავ განაგრძობდა ნაპოლეონსა და კეისარს შორის არსებული მსგავსებების ჩამოთვლას. სტუდენტებიდან თითოეული მათგანი, ყურადღებით უსმენდა მის სიტყვებს. მხოლოდ ელენეს უკან მჯდომი სამსონიძე იყო გადაშვებული მუსიკალურ სამყაროში და ირგვლივ ვერაფერს ვერ აღიქვამდა.

-კიდევ ერთი სახასიათო ნიშანი, რომელიც არასდროს უნდა გამოგვრჩეს ისაა, რომ კეისარიც და ნაპოლეონიც ორივენი საფრანგეთს მართავდნენ

-პატივცემულო, კეისარი რომის მმართველი იყო, გეშლებათ -წინა რიგიდან წამოხტა ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი ნუცა ერგემლიძე. ეს უკანასკნელი, სარკასტული ღიმილით დააჯილდოვა დიმიტრიმ, თან ხელით ანიშნა თავის ადგილს დაბრუნებოდა

-ნუცა მართალია ხალხო, კეისარი რომს მართავდა -თქვა მან, მერე კი ოდნავი ღიმილით დაამატა -თუმცა მას ის ფაქტი გამორჩა მხედველობიდან, რომ კეისრის მიერ დაპყრობილი ერთ-ერთი პროვინცია -გალია, დღევანდელი საფრანგეთის ადგილას მდებარეობდა

იმაში დარწმუნებული გოგონა, რომ ლექტორი ტყუილში გამოიჭირა, ახლა შერცხვენილი დაეშვა თავის სკამზე. აბრამოვსაც გაუკრთა ოდნავი ღიმილი სახეზე, თუმცა იგი მალევე მოიშორა და კვლავ ჩვეული, სერიოზული გამომეტყველება დაიბრუნა.

სალექციო საათმა, საკმაოდ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. შემდეგი მათემატიკა ჰქონდა ელენეს, თუმცა მასზე და დანარჩენ ორ ლექციაზე დასწრებას არ აპირებდა. ამას ერჩივნა ბიბლიოთეკაში ემეცადინა ხვალინდელი ქვიზებისთვის, ამიტომ, დიმიტრის აუდიტორიიდან გასვლის შემდეგ ზურგჩანთაში წიგნაკი ჩატენა და სამსონიძეს მიუტრიალდა.

-მობილური დამიბრუნე, გავდივარ


-მათემატიკაზე არ შემოხვალ? -ცალი ყურსასმენი მოიხსნა ბიჭმა.


-არა, არ შემოვალ


-ოჰოო, ჩვენი წიგნის ჭია ლექციას აცდენს? -ეჭვნარევად გახედა სამსონიძემ, თან ფეხზე წამოდგა -ისე, შენი გალერიის თვალიერებით მაგრად გავერთე. ძალიან გიხდება მოკლე შორტები და სპორტული ტოპები . . . მიკვირს ამ ფოტოებს სოციალურ ქსელებში რატომ არ ტვირთავ, ლამაზო


-შენ რა, ჩემს სურათებში დაძვრებოდი? -ვერც კი გააცნობიერა ისე აუწია ხმას ელენემ. ამ დროს აბრამოვიც წამოდგა ფეხზე, თან გოგონას კუთვნილი ფანქარი დაუბრუნა


-გმადლობ . . . -მერე სამსონიძეს მიუტრიალდა და ისე მოულოდნელად ააცალა ელენეს ტელეფონი, ბიჭმა სიტუაციის გააზრებაც ვერ მოასწრო. როდესაც ეს მოახერხა, ნიკოლასს უკვე გადაცემული ჰქონდა ელენესთვის მისი მობილური და აუდიტორიიდან გასასვლელი კარისკენ მიემართებოდა


ბრაზი ყელში მოაწვა ირაკლის. როგორც ყოველთვის ენა წინ გაექცა და წინ მიმავალ აბრამოვს დაუყვირა:


-ნეტავ ვიცოდე, შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ ყველას საქმეში რომ ერევი?! თუ სურვილი გაქვს ერთი-ერთშიც დავილაპარაკოთ, არც ეგ არის პრობლემა


სტუდენტებმა, ვინებიც ჯერ კიდევ ჩანთებს ალაგებდნენ, მაშინვე სამსონიძეზე გადაიტანეს ყურადღება. ელენეც საკმაოდ დაიძაბა. ირაკლის სახის ყურებისას ხვდებოდა, რომ ეს უკანასკნელი არც ჩხუბზე დაიხევდა უკან, თუმცა აქაც აბრამოვმა განმუხტა სიტუაცია, მის პროვოკაციას არ წამოეგო და ზედმეტად მშვიდად მიუგო:


-ერთი-ერთში მხოლოდ ისეთებთან ვლაპარაკობ, ვისთანაც რამე სერიოზული საქმე მაქვს გასარჩევი, შენთან კი უკვე ყველაფრის გარჩევას მოვრჩი -მერე გატრიალდა, კარისკენ სვლა განაგრძო და აუდიტორია ისე დატოვა, ზედაც აღარავისთვის შეუხედავს.


-ჯანდაბა, სიარულის მანერითაც კი ჭკუიდან გშლის -მოესმა ელენეს ნუცა ერგემლიძის წრიპინა ხმა. მაშინვე მიხვდა, რომ ეს სიტყვები აბრამოვის მისამართით იყო ნათქვამი, თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, სამსონიძეს ერთი შეუბღვირა, ზურგჩანთა ბეჭზე მოიგდო და აუდიტორია სწრაფი ნაბიჯებით დატოვა. წინ დამღლელი საათები ელოდა, რის გამოც, აღარც ირაკლის სისულელეებზე საფიქრელად ჰქონდა დრო და აღარც, ნიკოლასის მუდამ სერიოზულ მზერაზე. ამის მაგივრად, მარკეტისკენ გადაუხვია, დიეტური ორცხობილა შეიძინა, კაპუჩინოსთან ერთად და იქედან პირდაპირ ბიბლიოთეკისკენ აიღო გეზი, რათა ხვალინდელი დღისთვის ნაწილობრივ მაინც მომზადებულიყო








.

უნივერსიტეტის ეზოში, ერთ-ერთი ხის ქვეშ ჩამომჯდარიყო ელენე და წიგნაკში ყვავილების ხატვით იყო გართული, როცა სამსონიძის ხმა მოესმა რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით.


-ეი, სილაგაძე! -ეძახდა მას ბიჭი, თან ყურებამდე გაკრეჭილი შესცქეროდა.


„შენღა მაკლდი სრული ბედნიერებისთვის“ -გაიფიქრა გოგონამ, თუმცა ხმამაღლა არაფერი უთქვამს და კვლავ განაგრძო წიგნაკში ხატვა.


-პასუხს რატომ არ მცემ? -ჯერ თავზე წამოადგა ბიჭი, შემდეგ კი გვერდითაც მიუჯდა და მიწიდან მოწყვეტილი პატარა გვირილა თმაში გაურჭო -ასე ბევრად უფრო ლამაზი ხარ


-რა გინდა ირაკლი? -მობეზრებით ამოიხვნეშა ელენემ მის საქციელზე, თუმცა ყვავილი მაინც არ მოუშორებია.


ბიჭს იდუმალი ღიმილით ჩაეღიმა.


-ალბათ ის სურათი არ ამომდის თავიდან, შენს მობილურში რომ ვნახე -მიუგო ურცხვად, თან დაკვირვებით აათვალიერა -საკმაოდ მიმზიდველი ხარ, სილაგაძე


-მორჩი?


-აჰა, ანუ უკარება გოგოს როლის თამაში გაქვს გადაწყვეტილი -ქვედა ტუჩი კბილებში მოიქცია და სივრცეს ღიმილით გახედა. ელენემ იმ წამს პირველად გაიფიქრა, რომ მიუხედავად აუტანელი ხასიათისა, სამსონიძე მაინც საკმაოდ მომხიბვლელი წარმომადგენელი იყო მამრობითი სქესისა. აღნაგობით მაღალი და შავგრემანი გახლდათ. ნავარჯიშები სხეული ტანსაცმელშიც კი ნათლად ეტყობოდა ირაკლის. თმები ორივე მხარეს ნაწილობრივ ჰქონდა ახოტრილი, ხოლო შუაში შავი ქოჩორი დაეტოვებინა, რაც თმის ლაქით ლამაზად ჰქონდა დაყენებული. პროფესიონალურად მოვლილ წვერსა და ჩაცმის სტილზეც კი ეტყობოდა, რომ თავის მოწესრიგებას მისი დროის საკმაოდ დიდი ნაწილი მიჰქონდა. ყველაფერი რომ დაგევიწყებინათ, მარტო ფრჩხილები ჰქონდა ისეთი მოვლილი, ადამიანი მისი თითების ცქერით ვერ გაძღებოდა. ელენეს ყურადღებაც სწორედ ამ თითებმა მიიქციეს და გაუცნობიერებლადაც გააღიმეს. ეს რეაქცია, რა თქმა უნდა, არც სამსონიძეს დარჩენია შეუმჩნეველი.


-რა მოხდა? რატომ იღიმები? -ჰკითხა ცნობისმოყვარედ, თან თავისი კაკაოსფერი თვალები შეანათა.


-არაფერი, უბრალოდ პიანისტის თითები გაქვს


-ჰოო? -საკუთარ ხელებს დახედა გამომცდელი მზერით -არადა პიანინო ჩემი სტილი არ არის


-მაგაში გეთანხმები. შენი სტილი სხვების ზემოდან ყურება და გოგონების ქვედა ბოლოების დევნაა


-აჰა, ანუ ჩემზე არც ისე კარგი წარმოდგენა გქონია


-ადამიანები თვითონ გვიქმნიან საფუძველს, რათა მათზე წარმოდგენა შეგვექმნას


-და მე ასეთი საფუძველი შეგიქმენი?


-ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, კი




-რას ხატავ? -საუბრის თემა რადიკალურად შეცვალა სამსონიძემ და სცადა ელენეს წიგნაკში ჩაეჭყიტა, თუმცა ამ უკანასკნელმა იგი სწრაფად დახურა, ზურგჩანთა ბეჭზე მოიგდო და ფეხზე წამოდგა.


-შეხვედრამდე ირაკლი -მხოლოდ ეს უთხრა ჯერ კიდევ ხის ტანს მიყრდნობილ ბიჭს, იგი სრულიად მარტო დატოვა და იქაურობას ისე გაეცალა, მისი პასუხისთვის არც დაუცდია.


შემდეგი ლექცია სტატისტიკაში ჰქონდა. გუშინდელი მეცადინეობის წყალობით, ქვიზები საკმაოდ კარგად დაწერა, ორივე საგანში. არც სტატისტიკაში მისდიოდა საქმე ცუდად. აქტივობის ქულებიც ჰყოფნიდა და არაფერი დაშავდებოდა თუ ამ ერთხელ ლექციას გააცდენდა. უმიზეზოდ ნამდვილად არ მონდომებია მისი გამოტოვება ელენეს. დილით საკმაოდ დიდი შეკვეთა მიიღო დაბადების დღის ცენტრიდან. ოთხი სხვადასხვა დასახელების ტკბილეული უნდა მოემზადებინა, კარამელის ტორტთან ერთად და სავარაუდოდ, გათენებაც კი მოუწევდა. მართალია, ეს ყველაფერი სწავლაში ოდნავ ხელს უშლიდა, თუმცა თავი რაღაცით ხომ უნდა ერჩინა? მას შემდეგ, რაც პარიზიდან, დედასა და მამინაცვალს გამოექცა, თვითონ უწევდა საკუთარ თავზე ზრუნვა, როგორც ფინანსურად, ისე სხვა მხრივ. ელენეს დედა, ჟანეტი, მისი მამისგან განსხვავებით, ეროვნებით ფრანგი გახლდათ. როდესაც უბედური შემთხვევის შედეგად ქმარი გარდაეცვალა, ორი წლის შემდეგ მეორედაც გათხოვდა. თავდაპირველად, არც ელენე იყო უკმაყოფილო მამინაცვალით, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, იგრძნო, რომ ეს უკანასკნელი ისე უყურებდა, როგორც ქალს.


რა თქმა უნდა, არც დედისთვის დაუმალავს სიმართლე, თუმცა ჟანეტმა, ნაცვლად იმისა, რომ ერთადერთი შვილისთვის დაეჯერებინა და მისი მხარე დაეჭირა, ამ უკანსკნელს ცილისწამებაში დასდო ბრალი. აღარც ელენეს გამოუდვია თავი საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. ამის მაგივრად, მამამისის მიერ დატოვებული ფულით, მშობლიურ ქვეყანაში ჩამოვიდა, თბილისის გარეუბანში მდებარე მამისავე სახლში დასახლდა და სამსახურის ძებნასაც მაშინვე შეუდგა.


არც ისე ბევრი ძიების შემდეგ, ერთ-ერთ საკონდიტროში მიაკვლია ვაკანტურ ადგილს. ტორტებსა და ტკბილეულს, ათი წლიდან აცხობდა. არა მარტო აცხობდა, არაჩვეულებრივად გამოსდიოდა კიდეც, ამიტომ, სამსახურშიც საკმაოდ მარტივად აიყვანეს. შეკვეთებს, ძირითადად სახლში იღებდა ხოლმე გოგონა, საკონდიტრო სააგენტოს მიერ სპეციალურად მიცემულ მობილურზე, ხოლო შაბათ-კვირას, თავად დაწესებულებაში უწევდა მუშაობა, საღამოს ოთხ საათამდე.


ელენეს, იმ მხრივაც გაუმართლა, რომ ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, ასპროცენტიანი დაფინანსებით ჩაირიცხა უნივერსიტეტში. ასე თუ ისე, საკუთარი პროფესიით შეეძლო თავის რჩენა. მხოლოდ ძვირადღირებულ სიამოვნებებს გახლდათ მოკლებული, თუმცა ეს ფაქტი ოდნავადაც არ აწუხებდა და იმითაც კმაყოფილდებოდა, რაც ჰქონდა.

გოგონას ავტობუსის ლოდინი აღარ დაუწყია. როგორც კი ტაქსის ტრაფარეტიანმა მანქანამ გამოიარა, ამ უკანასკნელს ხელი დაუქნია და შიგნით მოთავსდა. მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლებას საკუთარ თავს ხშირად ვერ აძლევდა, განცალკევებით მგზავრობა მაინც ძალიან უყვარდა. სახლამდეც უფრო მალე მიდიოდა ხოლმე და აღარც, გამოტენილ ავტობუსებსა და მარშუტებში უწევდა ჯაყჯაყი. ამჯერადაც საკმაოდ მალე მიაღწია დანიშნულების ადგილამდე. შემდეგ მძღოლს კუთვნილი თანხა გადაუხადა და თავისი სახლის ვერცხლისფერი ჭიშკარი შეაღო.

მაშინვე სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, როდესაც საკუთარ მყუდრო ნავსაყუდელს მოჰკრა თვალი. მიუხედავად იმისა, რომ სახლი დიდი არ იყო, მაინც ძალიან მომხიბვლელად გამოიყურებოდა. სამკუთხედი გადახურვის შენობას, მოლურჯო-მოშავო სახურავზე, ორი საკვამური მილი და ერთი მართხკუთხედი ფანჯარა ჰქონდა ამოჭრილი. ნაგებობის უკან, საკმაოდ ლამაზი ლილიების ბაღი იყო გაშენებული, მისგან ცოტა მოშორებით კი პატარა ფანჩატური იდგა, მარმარილოს სკამებითა და მოზაიკით გაფორმებულ მაგიდაზე შემოდებული კონუსისებრი ნათურებით, რომლებიც მზის ენერგიით იტენებოდნენ და ღამღამობით ღია ცისფერ შუქს აფრქვევდნენ.

ელენემ, სხვადასხვა ფერის ბრჭყვიალა ქვებით მოკირწყლული ბილიკი გაიარა, ჯაჭვით დაბმულ თავის ნაგაზს მიეფერა და კიბესთან მისულმა, მის გასწვრივ მდგომი, მზის გულზე გამოტანილი აზალიების ქოთანი აივანზე აიტანა. ზურგჩანთა იქვე, სარწეველა სავარძელზე მიაგდო, ყვავილს ფანჯრის რაფაზე მიუჩინა ადგილი, რათა მომატებული ტემპერატურის გამო არ დამჭკნარიყო და ცოტა წყალიც კი დაუმატა.

ზედმეტად ლამაზი, ნაზი ფერის გამო, ეს ყვავილი განსაკუთრებით უყვარდა ელენეს. იმდენად ხშირად ეფერებოდა ხოლმე მის სათუთ ფოთლებს, გულის სიღრმეში უკვე საუკეთესო მეგობრადაც კი თვლიდა.

გოგონამ სარწყავი თავის ადგილას დააბრუნა, აივნის მოაჯირს მიადგა და იქედან გადაიხედა. ლამაზი, სამსართულიანი სახლის კიბეზე, რომლისგანაც მხოლოდ ერთი პატარა ღობე ჰყოფდა ელენეს ეზო-კარს, ფორთოხლისფერმაისურიანი ბიჭი ჩამომჯდარიყო, თავზე ჩამოცმული დიდი ყურსასმენებით და რაღაც ლურჯყდიან წიგნს ინტერესით ჩაშტერებოდა. ხსენებული პიროვნება, ელენეს მეზობელი -გეგა ავალიანი იყო. ეს უკანასკნელი, სულ ახალი გადმოსული გახლდათ ამ უბანში და არც მეზობლებს იცნობდა მაინცდამაინც კარგად, თუმცა მშრალად მაინც ესალმებოდა ხოლმე ელენეს და თუ კარგ ხასიათზე იყო, ამ მოსალმებას, მცირედ ღიმილსაც დაურთავდა ბონუსად.

საკმაოდ უცხო, თანაც ინდივიდუალური გარეგნობა ჰქონდა ბიჭს. მიუხედავად იმისა, რომ სახის თითოეული ნაკვთის უნაკლო სილამაზით გამოირჩეოდა, მასზე ვერავინ იტყოდა სიმპათიურიაო. სიგამხდრისგან ჩაცვენილი ლოყები და წყლისფერი თვალებიდან გადმოღვრილი, უზომოდ ცივი გამოხედვა, ერთი შეხედვით სერიულ მკვლელსაც კი ამსგავსებდა.

მიუხედავად სიგამხდრისა, მოკლემკლავიან მაისურში მაინც ეტყობოდა ნავარჯიშები სხეული. ხორბლისფერი კანი და ნახშირივით შავი თმა კი, თითქოს იდეალურად ეხამებოდა მის მანიაკურად ამოკვიატებულ ფერს –ფორთოხლისფერს, რის გარდაც, არც ერთი სხვა შეფერილობის მაისური არ უნახავს მის ტანზე ელენეს.

ერთი შეხედვით, საკმაოდ უცნაური ადამიანი გახლდათ გეგა. ალბათ სწორედ ეს იდუმალება და მისგან წამოსული უდიდესი შარმი გახდა მიზეზი იმისა, რომ ელენემ, ამ უბანში მისი შემჩნევის თანავე ჩაიბეჭდა მეხსიერებაში ბიჭის სახე. ახლაც, როდესაც კიბის საფეხურზე მჯდომს უყურებდა და ამჩნევდა როგორ ჰყავდათ ჩათრეული წიგნის ფურცლებს, სახეზე უნებური ღიმილი ადგებოდა. ახსენდებოდა, მასთან თითოეული შეხვედრა, ხანმოკლე მისალმებები და კიდევ ერთხელ უჩნდებოდა დაუოკებელი სურვილი ამ პიროვნების მთელი შინაგანი სამყარო თავიდან ბოლომდე ძირფესვიანად შეესწავლა.

გეგა მის მხარეს არ იყურებოდა. აღარც ელენეს სურდა აივნზე სტალკერივით დგომა, ბიჭის ერთი გამოხედვის მოლოდინში, ამიტომ გადაწყვიტა საქმისთვის მიეხედა და შეკვეთის გამზადებაზე ეზრუნა. ასეც მოიქცა -სახლში შესვლისა და თავის მოწესრიგების შემდეგ, საყვარელი ყვავილებიანი წინსაფარი მოირგო, ყველა საჭირო ინგრედიენტი მოიმარაგა, რაც კი ცხობისთვის დასჭირდებოდა მერე კი, Bloototh-დინამიკებში მუსიკა ააჟღერა და საქმეს გულმოდგინედ შეუდგა.

მზადების პროცესი, შოკოლადის მაფინებით დაიწყო გოგონამ. თავდაპირველად შაქარი და კვერცხი ათქვიფა, შემდეგ მიღებული მასა ვანილით, გამდნარი კარაქითა და კაკაოთი გააფორმა, ხოლო ფქვილი, ცომის სისქის შესაბამისად დაამატა და მიღებული შედეგი მაფინების წინასწარ მომზადებულ ფორმებში გადაანაწილა. ამის მერე, უკანასკნელი შტრიხიც შეასრულა -თავზე გახეხილი შავი შოკოლადისა და ქოქოსის ფხვნილის მოყრის სახით, რის შემდეგაც, თავისი ნახელავი გამოსაცხობად ღუმელში შედგა.

მაფინების გარდა კიდევ სამი სახეობის ტკბილეული ჰქონდა მოსამზადებელი -ტრუფელები, მარწყვის ფანქეიქები და დაბალკალორიული შვრიის ორცხობილები, რასაც, სადღესასწაულო კარამელის ტორტიც ერთვოდა ბონუსად. მართალია ენერგიული მუსიკა ეხმარებოდა, თუმცა ამხელა შეკვეთის მომზადება მარტოს მაინც გაუჭირდა და ლამის ქანცი გასძვრა. დილის ოთხი საათი სრულდებოდა ყველაფერს რომ საბოლოოდ მორჩა და წინსაფარიც უმისამართოდ მოისროლა სივრცეში. იმდენად გახლდათ მოთენთილი, ოთახში გასვლის თავიც აღარ ჰქონდა. ამის მაგივრად, იქვე გაზქურასთან ჩაიკეცა, მუხლებზე თავი ჩამოდო და ზუსტად ისევე მალე ჩაეძინა, როგორც ჩვილ ბავშვს, თავის რბილ საწოლში.

.

დილით გაღვიძებულს, მთელი სხეული აუტანლად სტკიოდა ელენეს. სამზარეულოში ძილის გამო, წელი ისე ჰქონდა გაშეშებული, ფეხზე წამოდგომაც კი ძლივს მოახერხა. როგორ არ უნდოდა იმ დილით უნივერსიტეტში წასვლა, თუმცა სხვა გზაც არ ჰქონდა.

გამზადებული და ყუთებში ლამაზად ჩალაგებული შეკვეთა, საკონდიტროს კურიერს უნდა მიეტანა დამკვეთისთვის. ელენეს, ამ უკანასკნელისთვის, სახლის გასაღების დუბლიკატი ჰქონდა გადაცემული, რის გამოც შეეძლო მის მოსვლას აღარ დალოდებოდა და თავის საქმეებისთვის მიეხედა.

ვინაიდან, იმ დღეს ლექციები თერთმეტზე ეწყებოდა და ახლა მხოლოდ ცხრა საათი იყო, თავი აუჩქარებლად მოიწესრიგა, დილის ყავა მიიღო და გადაწყვიტა, უნივერსიტეტში მისვლამდე ცოტათი ფეხით გაევლო. მზიანი ამინდი, ხელს უწყობდა გოგონას სეირნობის სურვილის გაღვივებაში. მცირეხნიანი ფიქრის შემდეგ, პარკის გავლით გადაწყვიტა წასვლა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, იქ ბევრი ხალხი არასდროს იყო ხოლმე, რაც კიდევ უფრო კომფორტულს ხდიდა სეირნობას გოგონასთვის.
გაზაფხულის მზე კვლავ საამოდ აცხუნებდა, შესაშურად მოწმენდილი, ლაჟვარდისფერი ციდან. ელენე უკვე პარკის სიღრმეში იყო შესული, როდესაც ორივე ნიჟარა ყურსასმენებით დაიცო. მაშინვე ჩაესმა თავისი საყვარელი სიმღერის Wind Of Change-ს ნაზი მელოდია, რამაც ახლაც ისევე გადაისროლა სხვა სამყაროში, როგორც ეს მუდამ ხდებოდა ხოლმე. რატომღაც თავისუფლებასთან ასოცირდებოდა მისთვის ეს სიმღერა. როცა მისი სიტყვები ჩაესმოდა, საკუთარ თავს ქარად წარმოიდგენდა, რომელიც უნებართვოდ დაქროდა აქეთ-იქით, ხეებს ფოთლებს უშრიალებდა, ხოლო ადამიანებს კი თმებს.
ამ უცნაურ ფიქრებზე, კვლავ ღიმილი მოადგა ელენეს, თან შემოგარენი მოათვალიერა. რამდენიმე მეტრის მოშორებით, ახალგაზრდა ბიჭს, ჯაჭვზე გამობმული პიტბული მოჰყავდა. ერთ-ერთ სკამზე, პარკის შუა გულში დადგმულ შადრევანს რომ უსწორდებოდა, ვიღაცას ჩასძინებოდა და როგორც ჩანდა, სულ არ აინტერესებდა სად იმყოფებოდა და რა ვითარებაში. მისთვის ზედმეტი ყურადღება ნამდვილად არ მიუქცევია ელენეს. კვლავ წინ მიიწევდა თან სიმღერის სიტყვებს გაუცნობიერებლად აყოლებდა ტუჩებს. უცნობი ბიჭი, ვინც იმ მომენტში ძაღლს ასეირნებდა, სკამზე ჩაძინებული ადამიანის მიმართულებით დაიძრა. გოგონაც სწორედ იმ მხარეს მიდიოდა.
რამდენიმე წამმა განვლო . . .
კიდევ სამი-ოთხი ნაბიჯი და ერთმანეთს გვერდსაც აუქცევდნენ, რომ სწორედ ამ დროს, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა. პიტბული, რომელსაც ბიჭი ასეირნებდა, უეცრად წინ გაიჭრა და სკამზე მძინარე პიროვნებას დაახტა თავზე, ყეფით. ეს უკანასკნელი ჯერ შეფხიზლდა, შემდეგ თავისი მყუდროების დამრღვევის აღრჭიალებული კბილების დანახვისას ფეხზე დაფეთებული წამოვარდა, ინერციით პირდაპირ შორიახლოს მიმავალ ელენეს შეასკდა და მასთან ერთად ასფალტზეც მოადინა ზღართანი. იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, გოგონამ გარკვეული დროის განმავლობაში იმის გააზრებაც ვერ შეძლო რა მოხდა მის თავს. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც ხელის გულების წვა იგრძნო და სახესთან მიტანის შემდეგ, ნაკაწრებიდან წამოსული სისხლის წვრილი ზოლები შენიშნა.
-ეი, კარგად ხართ? -მოესმა ხმა უკნიდან, თან მხარზეც იგრძნო ხელის შეხება და მოშორებით დაგდებულ თავის ზურგჩანთას დაწვდა
-არა უშავს, გადავიტან -მიუგო ხმადაბლა. მხოლოდ ამის შემდეგ დაინტერესდა მასთან დიალოგის წამომწყები ადამიანისნ ვინაობით და მიატრიალა კიდეც თავი ამის გასარკვევად, რომ ხელში ის შერჩა, ვის დანახვასაც იმ ადგილას ყველაზე ნაკლებად ელოდა. ლამის თვალები გაუფართოვდა ელენეს. არა, არ ეჩვენებოდა, ახლა ნამდვილად ნიკოლას აბრამოვის თვალებს უყურებდა, თანაც საკმაოდ ახლოდან.
-ბოდიში, ძმაო, ზოგადად ასეთი აგრესიული არ არის ხოლმე -ძაღლის პატრონი, შეწუხებული სახით მოჰყვა თავის ოთფხეხა მეგობრის მართლებას, მერე კი ძირს დაგდებულ ელენეს შეხედა -ხომ არაფერი დაგმართნიათ? თუ რამეა, შემიძლია საავადმყოფოში წაგიყვანოთ, მანქანით ვარ
-ყველაფერი რიგზეა, მას მე მივხედავ, შეგიძლია წახვიდე -ბიჭისკენ არც დაუხედავს, ისე დაუბრუნა ნიკოლასმა პასუხი, თან ფეხზე წამოდგა და წელზე ხელის მოხვევით ელენეც წამოაყენა.
-ხელის გულები მაჩვენე
მართალია, გოგონას გადატყაული კანი საშინლად ეწვოდა, თუმცა თავი მაინც ამაყად დაიჭირა და სცადა ტკივილი გარეგნულად არ დასტყობოდა.
-არა უშავს, უბრალოდ ნაკაწრებია -მიუხედავად ამისა, აბრამოვი მას არ უსმენდა და საკუთარ საქმეში დიდად გამოცდილი ექიმის მსგავსად უთვალიერებდა დასახიჩრებულ ხელებს. ბიჭისგან წამოსული გრილი, ევკალიფტის სურნელი, სასიამოვნოდ ხვდებოდა გოგონას, ცხვირის ნესტოებში.
-დამუშავება გჭირდება, წამოდი აფთიაქში სამედიცინო სპორტს გიყიდი და მივხედოთ
-ოღონდ სპირტი არა -ამის გაგონების თანავე, დაფეთებულივით გამოაცალა ხელები გოგონამ
ნიკოლასის სახეზე, მსუბუქი ღიმილი გაკრთა. როგორც ჩანდა, ელენეს ბავშვურმა რეაქციამ ძალზედ გაამხიარულა.
-ამხელა გოგოს რომ სამედიცინო სპირტის ხელზე დასხმის გეშინია, ცოტა არ იყოს, უცნაურია -თქვა ბოლოს.
-უცნაური ის უფროა, როცა მილიონერის შვილი გქვია და მაინც ქუჩაში გძინავს, ღია ცის ქვეშ
ბიჭს სახიდან ღიმილი გაუქრა. ამან, ელენეც მიახვედრა, რომ პირდაპირ აქილევსის ქუსლში გაარტყა ისარი აბრამოვს. იქნებ და რა პრობლემები ჰქონდა? ასეთი უხეში ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო მის მიმართ.
-მაპატიე, მთლად კარგად ვერ გამომივიდა -გულწრფელად დამწუხრებული სახე ჰქონდა ამის თქმისას გოგონას -ჩემის საქმე ნამდვილად არ არის ღამეებს აქ რატომ ათევ
ნიკოლასი კვლავ სკამზე ჩამოჯდა და თავზე ჰუდის კაპიუშონი წამოიფარა. მხოლოდ ამის შემდეგ გაეპასუხა თავზე წამომდგარი ელენეს სიტყვებს :
-მართალია, შენი საქმე არ არის . . . ახლა კი გაიქეცი, თორემ ლექციაზე დააგვიანებ
-შენ არ აპირებ დასწრებას?
ამჯერად, ხმა აღარ ამოუღია აბრამოვს. მხოლოდ თავი გააქნია უარის ნიშნად და კვლავ სივრცეს გაუშტერა არაფრისმთქმელი მზერა. აღარც ელენეს უცდია მეტად ბიჭთან დიალოგის გაგრძელება. ნიკოლასს აშკარად ეტყობოდა, რომ ცუდ ხასიათზე იყო, ამიტომ, გოგონა მას მშრალად დაემშვიდობა, ყურსასმენები კვლავ მოირგო და შეეცადა მთელი ყურადღება მუსიკაზე გადაეტანა, რათა გადატყაული ხელის გულების წვა იმდენად მძაფრად აღარ ეგრძნო . . .






.

ლექციებმა საკმაოდ ჩვეულებრივ გარემოში ჩაიარა. ერთადერთი დისკომფორტი, რაც ელენეს შეექმნა, ეს ირაკლი სამსონიძის დაჟინებული მზერის ატანა იყო, ვინც ანთებული თვალებით აკვირდებოდა გოგონას სხეულის თითოეულ პარამეტრს და ალაგალაგ, თავხედურადაც გაუღიმებდა ხოლმე. ელენესდა საბედნიეროდ, იმ დღეს გამოლაპარაკება არ უცდია ბიჭს. ამას კიდევ ერთი სასიხარულო ამბავიც დაემატა -როგორც კი ბოლო სალექციო საათი დასრულდა, მის ტელეფონში ჩატის ფანჯარა ამოხტა, შემდეგი ტექსტით :
<<გარეთ ვარ და გელოები . . . გაითვალისწინე, ძალიან მყავხარ მონატრებული და ძვლების ატკივებამდე უნდა ჩაგეხუტო.>>
შეტყობინების გამომგზავნი, ელენეს ყველაზე ახლო მეგობარი -მიშკა მეტრეველი გახლდათ. ეს ორნი მაშინ დამეგობრდნენ, როდესაც, მიშკამ პირველად გასინჯა საკონდიტროში ელენეს მარწყვის ტორტი და მისი გემოთი მოხიბლულმა, მიმტანს ამ ტორტების შემოქმედის პირადად გაცნობის ნებართვაც სთხოვა. მას შემდეგ, ყოველ თავისუფალ დღეს სტუმრობდა ბიჭი ელენეს საკონდიტროს და მისი ტკბილეულით იგემრიელებდა პირს. მართალია, ათლეტური ფიგურით ვერც აქამდე დაიკვეხნიდა, თუმცა საკონდიტროში მოხშირებულმა სტუმრობებმა, უფრო მეტი ჭარბი კილოგრამი შემატა მის სხეულს და საბოლოოდ, წონა ას კილოგრამამდეც დაამრგვალა. მიუხედავად ამისა, გემრიელ საჭმელზე უარს არასდროს ამბობდა. პროფესიით მომავალი მოსამართლე იყო და თავის ჭარბწონიანობას იმ მოსაზრებით ამართლებდა, რომ მოსამართლის მანტია მსუქან ადამიანებს უფრო მეტად უხდებოდათ, ვიდრე გამხდრებს.
ელენეს გულში სითბო ჩაეღვარა შეტყობინების წაკითხვისას. მიშკა ორი კვირის განმავლობაში არ ენახა, რადგან ეს უკანასკნელი ბათუმში გახლდათ წასული, ინტერნეტ-გათამაშებაში მოგებული ტურით, რაც ორი კვირა შერატონში დასვენებასა და სრული კომფორტის შექმნას გულისხმობდა. ამ მიზეზით, მიშკას ლექციების გაცდენაც მოუწია, რის გამოც, ელენეც სერიოზულ დანაკლისს გრძნობდა, უნივერსიტეტის დერეფნებში სიარულისას.
<<უკვე გამოვდივარ, კონკრეტულად სად დგახარ?>> -გაღიმებული სახით დაუბრუნა პასუხი, თან შენობიდან გამოაბიჯა.
<<იმ გაჩერებასთან ვდგავარ, სადაც ავტობუსს ელოდები ხოლმე>>
მეტი აღარაფერი მიუწერია გოგონას. გარეთ გამოსულმა, ჭაობისფერი ზურგჩანთა უფრო მოხერხებულად მოიგდო მხარზე და აჩქარებული ნაბიჯებით გასწია იქეთკენ, სადაც მეგობარი ეგულებოდა.
გაჩერებასთან მიახლოებულმა, მართლაც დაინახა მეწამულ ჯიპს მიყრდნობილი, ოქროსფერთმიანი ბიჭი, ვინც ხელში მობილურს ატრიალებდა და პერიოდულად, მოსაცმლის ელვა-შესაკრავს აწვალებდა. ელენეს დანახვისას, მაშინვე სიხარულმა გადაურბინა სახეზე. აღარ დაუცდია იმისთვის, როდის მოუახლოვდებოდა გოგონა თავად, მისკენ საკუთარი ფეხით დაიძრა და ახლოს მისულმა, ხელში აყვანილი დააბზრიალა.
-როგორ არის ჩემი ტკბილეულის ფერია?
-სხვათა შორის, შენმა ტკბილეულის ფერიამ, შენს გარეშე ძალიან მოიწყინა -ფუმფულა ლოყაზე მაგრად აკოცა გოგონამ, როგორც კი მიშკამ კვლავ ძირს დასვა -მმმ, როგორ მიყვარს შენი ლოყები
-ჰოდა ზუსტად მაგიტომ არ ვდგები დიეტაზე, მერე აღარ გეყოლება ის, ვის ლოყებზეც ითამაშებ ხოლმე
-უკიდეგანოდ მომენატრე, იცი ეს?
-თუ ასეა, დაჯექი -მანქანის კარი გამოუღო ელენეს, მერე კი სალონისკენ ხელით ანიშნა -სახლში მე წაგიყვან, თან შემოვივლი და თუ რამე ტკბილეული მოგეპოვება, ყველაფერს გაგისაღებ
ავტომობილში სიცილით ჩაჯდა ელენე. უჩვეულოდ კარგ განწყობაზე დააყენა იმ დღეს მეგობრის გამოჩენამ. ყველაფერი უყვარდა ამ ადამიანში. მოსწონდა მისი უბრალოება, თბილი ხასიათი, უზღვავი პოზიტივი და კეთილი გული, რაც ბრწყინვალე გვირგვინად ადგა თავზე ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს.
მანქანის სალონში, როგორც ყოველთვის, ახლაც სასიამოვნო სისუფთავე იგრძნობოდა და სარკის წინ მოქანავე არომატიზატორის შუშა, მწვანე ვაშლის სურნელს აფრქვევდა. ძალიან მოსწონდა ელენეს ეს არომატი. თითქოს რაღაც მშობლიურთანაც კი ასოცირდებოდა მისთვის და ამის გამო, მიშკას მანქანით მგზავრობა მუდამ სიამოვნებდა ხოლმე.
-აბა, მომიყევი როგორი დრო ატარე ბათუმში -შეეკითხა გოგონა როგორც კი გზაზე გავიდნენ და დანარჩენ ოთხბორბლიანებს შორის დაიწყეს სვლა.
-რავიცი, გოგოები ავაგდე-მეთქი ვერ გეტყვი, მაგრამ სხვა მხრივ კარგი იყო . . . შენ რას აკეთებდი, რამე პროგრესი ხომ არ გაქვს იმ ყინულისთვალება ავალიანთან?
-მისალმების სტადიას რომ გავცდებით, პირველს შენ გაგაგებინებ, ხომ იცი?
-ვფიქრობ, ამ სტადიას უკვე დიდი ხნის წინ უნდა გაცილებულიყავით -გვერდულად გახედა მეგობარს მიშკამ -ბოლო-ბოლო რა გჭირს მისი დასაწუნი? პირიქით, თავად უნდა ფორთხავდეს შენს ფეხებთან
-თვითშეფასება ამიმაღლე ამ წამს, იცი?-ღიმილი მოადგა გოგონას მიშკას სიტყვებზე.
-სწორედ ეგ თვითშეფასება გიქმნის პრობლემას, თორემ ამდენ ხანს დაელაპარაკებოდი კიდეც იმ ბიჭს. ლამაზი ნამდვილად ხარ . . . შენი ფიზიკური მონაცემების პატრონს, მეტი თავდაჯერება მართებს. ზოგიერთი ჩემი კურსელი გოგო, გარეგნულად შრეკის ცოლს ჰგავს, თუმცა ნეტავ განახა რამხელა ამბიციებში იხრჩობიან და როგორ ბიჭებს დასდევენ კუდში

-და რას მეუბნები, მეც კუდში უნდა დავუწყო დევნა და სტალკერი გავხდე?

-მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ცხოვრებაში პირველად დაინტერესდი ვიღაცით და ხელის განძრევაც არ გინდა, რათა მასთან რამე მაინც გამოგივიდეს

-იქნებ, ამ თემაზე არ გვესაუბრა? -უპატრონო კნუტის მზერით გახედა ელენემ ამის თქმისას. ზუსტად იცოდა, მიშკაზე ეს ხრიკი აუცილებლად გაჭრიდა და ასეც მოხდა :

-კარგი, კარგი -დანებების ნიშნად ხელები ასწია ბიჭმა -ეს ორი კვირა ისე მენატრებოდი, მზად ვარ ყველაფერი შეგისრულო

ამის მოსმენისას, კიდევ ერთხელ აკოცა ლოყაზე ელენემ, მეგობარს და როგორც კი მიშკამ მწვანე შუქის ანთებისას მანქანა დაძრა, საზურგეს კმაყოფილი სახით მიეყრდნო.

-იცოდე დღეს არსად გიშვებ, ჩემთან უნდა დარჩე

-თუ ასეა, მაშინ აფთიაქთან გავაჩერებ და კბილის ჯაგრისს ვიყიდი

-ბოლოს რომ დარჩი, ხომ დატოვე?

-ჰო, ჰო, ახლა გამახსენდა -გაეცინა მიშკას, ელენეს ხელის გულს ტუჩები ოდნავ შეახო და გოგონას სითბოთი სავსე მზერით გახედა -მაგრად მისწორდება შენი არსებობა, ელე . . .





.
უნივერსიტეტში სრულიად გამოუძინებელი მივიდა ელენე. გასულ საღამოს მიშკას სტუმრობის გამო, ლამის მთელი ღამე საუბარსა და საშინელებათა ფილმების ყურებაში გაათენეს ერთმანეთს მონატრებულმა მეგობრებმა. მხოლოდ დილის რვის ნახევრისთვის მოერიათ ძილი, თუმცა ლექციების გამო, ერთ საათში, მაინც ადგომა და თავის მოწესრიგება მოუწიათ.

ახლაც, როდესაც დერეფანში მიაბიჯებდა, თვალები ნახევრად დახუჭულ მდგომარეობაში ჰქონდა ელენეს. ვერც დილის ყავა დაეხმარა ნორმალურად გამოფხიზლებაში და ვერც ენერგეტიკული სასმელი, რომელიც გზად შემხვედრ მარკეტში უყიდა მიშკამ, როცა უნივერსიტეტში მოჰყავდა. პირველი ლექციის დაწყებამდე, ჯერ კიდევ ოცი წუთი ჰქონდა. არ სურდა აუდიტორიაში ჩამოძინებული სახით ჯდომა, ამიტომ გადაწყვიტა მანამდე საპირფარეშოში შესულიყო და პირზე ცოტაოდენი ცივი წყალი შეესხა.

დერეფანში შემხვედრ სტუდენტებს, გვერდს მონოტონურად უვლიდა გოგონა. სასურველ ადგილამდეც თითქმის ვარაუდით მიაღწია და უკვე ქალების საპირფარეშოს კარიც უნდა შეეღო, რომ უძილობისგან დაბინდული მზერით გაარჩია, თუ როგორ შევარდა მამაკაცების საპირფარეშოში მისი თანაკურსელი ნიკოლას აბრამოვი, კარი მოაჯახუნა და ხმამაღალი ღრიალი აღმოხდა. ელენემ მომხდარით გაოცებაც ვერ მოასწრო, რომ ამჯერად რაღაცის მსხვრევის ხმაც მისწვდა მის ყურთასმენას. მართალია, აბრამოვს კარგად არ იცნობდა და ელემენტარული კონტაქტიც კი არ ჰქონდა მასთან, თუმცა ასეთ სიტუაციაში, სრულიად უცხო ადამიანსაც კი ვერ ჩაუვლიდა გვერდით გულგრილად, ამიტომ, ზედმეტი ფიქრის გარეშე შეაღო მამაკაცების საპირფარეშოს კარი და ზღურბლსაც მეტად თავდაჯერებულად გადააბიჯა.

დანახულმა სურათმა ცოტათი შეაშინა. ნიკოლასი -ბიჭი, ვისაც საკმაოდ მშვიდი ადამიანის რეპუტაცია ჰქონდა მთელ უნივერსიტეტში, ახლა ჩამსხვრეული სარკის წინ, ნიჟარას ორივე ხელით დაყრდნობოდა, გადატყაული თითებიდან სისხლი უწვეთავდა, გახშირებული სუნთქავდა და გატეხილ სარკეში, თავის ანარეკლს იმდენად შემზარავად უყურებდა, ნებისმიერი ადამიანი იგრძნობდა შინაგან კანკალს ამის შემხედვარე.

აბრამოვის ტელეფონი, საპირფარეშოს მარცხენა კუთხეში ეგდო, პატრონის მიერ დაუდევრად მოსროლილი, ხოლო თავად ამ მობილურის მფლობელი, სხვა პლანეტაზე მყოფს ჰგავდა აღნიშნულ წამს. იმ პლანეტაზე, სადაც ვერანაირი ხმა ვერ აღწევდა და ყველაფერი სულის გამყინავ მდუმარებას მოეცვა.

ელენე ბიჭს ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა. აბრამოვი ისე იქცეოდა, თითქოს იქ ვერავის ყოფნას ვერ ამჩნევდა. თავის სტიქიაში ჩაძირული, ბრაზისგან შეკრული წარბებით უცქერდა ჩამსხვრეულ სარკეს, რომლის ნატეხების ნაწილიც ნიჟარაში უწესრიგოდ ჩაყრილიყო და ფანჯრიდან შემოსული მზის შუქზე, თვალისმომჭრელად ბრჭყვიალებდა.

-კარგად ხარ? -სიტყვები დამთავრებული არ ჰქონდა, რომ მაშინვე ინანა მათი წარმოთქმა ელენემ. უნდა ეღიარებინა, აქამდე მსგავსი სულელური შეკითხვა არასდროს დაუსვამს. რა თქმა უნდა კარგად არ იყო. ეს სახეზეც ნათლად ეტყობოდა ბიჭს.
გოგონას ოდნავადაც არ გაჰკვირვებია კითხვაზე რომ პასუხი ვერ მიიღო. მეტად აღარც უცდია გამოლაპარაკება, პირდაპირ კუთხეში მოსროლილი მობილურისკენ დაიძრა, იგი ხელში აიღო და გვერდითა ღილაკს თითით დააწვა, რათა გაეგო მოწყობილობა ისევ მუშაობდა თუ არა. ტელეფონის Screen Lock-ზე გამოსახულმა „ბიგ-ბენის“ ფოტომ ელენე დაარწმუნა, რომ პატრონის მიერ გამოჩენილ დაუდევრობას, მისთვის ბოლო ვერ მოეღო და კვლავ აბრამოვს მიუტრიალდა.

-გილოცავ, შენს მობილურს ჯერ კიდევ შეუძლია სუნთქვა

ბიჭი ოდნავ შეირხა. თავი არ მიუბრუნებია, თუმცა უკვე აშკარა იყო, რომ ნელ-ნელა გარესამყაროს უბრუნდებოდა.

-კაცების საპირფარეშოში რას დაეხეტები?! -ჰკითხა მან უემოციო, დახშული ხმით -რეპუტაციის გაფუჭების არ გეშინია?

ელენეს წამითაც არ უფიქრია, ისე მიუგო :

-სიმართლე გითხრა, ნაკლებად ვინტერესდები ისეთი ადამიანების აზრით, ვინც ჩემთვის არაფერს ნიშნავს

-ჰო, რა თქმა უნდა -ირონიულად ჩაეცინა ნიკოლასს და მთელი ამ ხნის მანძილზე, პირველად ჩახედა გოგონას თვალებში -შენ ყველა ფეხებზე გკიდია და ამიტომაც ხარ ჩვენი კურსის მარტოხელა მგელი. ისე იქცევი, თითქოს შენი შესაფერისი არავინაა და ყველას ზემოდან უყურებ

-შენ თუ გაღიზიანებული ხარ, ძალიან გთხოვ ბრაზს ჩემზე ნუ გადმოანთხევ -კურსელის სიტყვებმა, უზომოდ გააბრაზა ელენე და ეს არც დაუმალავს. ცხოვრებაში, ყველაზე მეტად სწორედ ისეთ ადამიანებს ვერ იტანდა, რომლების სხვებისთვის ზემოდან ყურებით იყვნენ დაკავებულნი და ახლა, როდესაც თავად მას მიაკრეს ეს იარლიყი, ძალიან არ ესიამოვნა.

-და რამე ტყუილი ვთქვი?

-შენ, მე საერთოდ არ მიცნობ, ამიტომ ნაადრევი დასკვნები ნუ გამოგაქვს

აბრამოვს პასუხი აღარ გაუცია. ამის მაგივრად, გოგონას თავისი მობილური ხელიდან აართვა იგი კვლავ ჯიბეში ჩაიბრუნა და ონკანში წყალი მოუშვა, რათა დასისხლიანებული ხელები ჩამოებანა.

-ბოდიში, მაგრამ ახლა არავის ხასიათზე არ ვარ -ხმაში შეფარული ბრაზი ეტყობოდა -ვიცი აქ ადამიანური თანაგრძნობის მიზნით შემომყევი, თუმცა ამას სართოდ არ ვსაჭიროებ. შეგიძლია შენი გზით წახვიდე

ელენეს გაეღიმა.

-მართალი ხარ, სისულეე იყო აქ შემოსვლა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საკუთარ რეპუტაციას ვაყენებ რისკის ქვეშ -ბოლო სიტყვები, განსაკუთრებით სარკასტულად წარმოთქვა და დააპირა კიდეც საპირფარეშოდან გასვლა, რომ აბრამოვის ნათქვამმა შეაჩერა:

-ელენე, ერთი წამით მოიცადე -რაც ერთმანეთს იცნობდნენ, სახელით პირველად მიმართა ბიჭმა -შეიძლება ჩვენი უწინდელი დიალოგის შემდეგ ეს უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ რაღაც მინდა გკითხო
აბრამოვი გოგონა მიუახლოვდა, სახელურზე მოკიდებული ხელი ძირს ჩამოაღებინა და კარი შიგნიდან გადაკეტა, რათა შუა საუბარში, უეცრად არავინ შემოჭროდათ.
-რა უნდა მკითხო? ან კარს რატომ კეტავ?
-ნუ გეშინია, მოძალადე არ ვარ
-შენი სულაც არ მეშინია, ნიკოლას -თავდაჯერებულად მიუგო გოგონამ. აბრამოვის სხეულიდან წამოსული, ევკალიფტის გრილი სურნელი სასიამოვნოდ ახვევდა თავბრუს, თან მის მოოქროსფრო თვალებს არ აშორებდა უტეხ მზერას.
-ანუ მამაცი ხარ
-მამაციც და მოუთმენელიც, ამიტომ სწრაფად დასვი შენი კითხვა, სადაცაა ლექცია დაიწყება
აბრამოვი, გოგონას რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა. სახეზე, ცოტა ხნის წინანდელი დაძაბულობა იმდენად მძაფრად აღარ ეტყობოდა. მისი გამომეტყველებიდანაც ნელ-ნელა იყრებოდნენ ავისმომასწავებელი ღრუბლები და მათ ადგილს, მშვიდი, მზიანი ამინდი იკავებდა.
-მაინტერესებს, მარტო ცხოვრობ თუ არა? -ჰკითხა ბოლოს, რითაც გოგონას გაოცებული სახეც დაიმსახურა. ამ უკანასკნელს, აშკარად ეტყობოდა, რომ მსგავსი შინაარსის შეკითხვამ ძალზედ დააბნია.
-ვერ გამიგია, ამას რატომ მეკითხები?
-უბრალოდ ან ჰო თქვი, ან არა
-დავუშვათ მარტო ვცხოვრობ, მერე?
ნიკოლასს სახეზე ღიმილი გადაეფინა. ახლა სრულებითაც აღარ ჰგავდა იმ გამძვინვარებულ მხეცს, ვინც ცოტა ხნის წინ იხილა ელენემ, აქ შემოსვლისას.
-თუ ასეა, შენთან ერთი შემოთავაზება მაქვს
-ახლა თუ რამე უწმაწურს იტყვი, ცხვირში მიიღებ
-შესაძლოა, შენს ქვეცნობიერს ძალიან უნდა ასე მოხდეს, თუმცა სულ სხვა კუთხით მინდოდა საუბრის წარმართვა
-ჩემს ქვეცნობიერს ჩემზე კარგად არავინ იცნობს და მერწმუნე, იქ შენი სახელი და გვარი საერთოდ არ ფიგურირებს . . . ახლა მთავარ სათქმელზე გადადი, თუ შეიძლება
-პოზიციებს არ მითმობ, არა? -წარბზე ცერა თითი გადაისვა, თან კარების გასწვრივ ხელები ისე მიადო, რომ გოგონა მათ შორის მოიქცია -ვაღიარებ, სიტყვა-პასუხში საინტერესო მოწინააღმდეგე ხარ
ელენემ თვალები მობეზრებულად აატრიალა. სულაც არ სიამოვნებდა ის გარემოება, რომ აბრამოვს, თავისი რიგითი ნა*ასავით ჰყავდა აყუდებული კარებზე, ამიტომ, ბიჭს ოსტატურად დაუსხლტა და გულზე ხელები დაიკრიფა.
-ერთ წუთს გაძლევ, ან იტყვი რაში მდგომარეობს შენი შემოთავაზება, ან არადა მე მივდივარ
-თუ ასეა, შემიძლია საქმე გაგიმარტივო და ერთი წუთიც აღარ გალოდინო -მერე მცირედი პაუზა გააკეთა, ელენეს თაფლისფერ თვალებს, თავისი მოოქროსფრო სფეროები გაუსწორა და მეტად სერიოზული მზერა მიიღო -მოკლედ, რაღაც დროის განმავლობაში, შენს სახლში ოთახი უნდა მომაქირავო. ვეცდები მუშაობა უმოკლეს დროში დავიწყო და ქირაც თავის დროზე გადაგიხადო ხოლმე
-ხუმრობის ხასიათზე ხარ, არა? -ელენემ თავი ძლივს შეიკავა, რათა არ გასცინებოდა. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული აქციონერის -ედუარდ აბრამოვის ერთადერთი ვაჟი სთხოვდა მის მოკრძალებულ სახლში ოთახი მიექირავებინა, გარკვეული ხნით. ამაზე კომიკური რაღა უნდა ყოფილიყო?
-ეს ხუმრობა არაა, სერიოზულად გელაპარაკები
-მე კი მგონია, რომ მოსაწევი ზედმეტი მოგივიდა და რაღაცებს ურევ -კარის საკეტი სწრაფად გადაატრიალა ელენემ ამ სიტყვებზე და გარეთ ლამის რაკეტის სიჩქარით გავარდა. მას აბრამოვიც უკან აედევნა. მართალია, იქვე ჩავლილი რამდენიმე სტუდენტის მზერაც გამოჰყვათ თან, თუმცა ეს არც ერთ მათგანს არ შეუმჩნევია.
-სისულელეს ნუ ამბობ, ნარკოტიკები ყველაზე ბოლოა იმ სიაში, რასაც კი ცხოვრებაში გავეკარები
-თუ ასეა, შენს აბდაუბდა საუბარს ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი -თან აუდიტორიისკენ მიემართებოდა, თან ნიკოლასს ესაუბრებოდა გოგონა. ეს უკანასკნელი, იმ დროს ელენეს ფეხდაფეხ მოაბიჯებდა.
-ახსნას ნუ მომთხოვ, უბრალოდ დამთანხმდი
-შენ რა, სახლიდან გამოგაგდეს?
-არავის გამოვუგდივარ, თავად წამოვედი -მიუგო უემოციოდ ბიჭმა.
-სასტუმროში გაჩერება, ან ბინის დაქირავება არ გიფიქრია?
-მამაჩემის წყალობით, ქალაქის მასშტაბით, ყველა სასტუმროს შავ სიაში ვყავარ შეყვანილი, ნორმალური ბინის დასაქირავებელი ფული კი ჯერ არ მაქვს
-ასე მგონია ზღაპარს მიყვები. კიდევ უამრავი კითხვა მაქვს, რათა სრული სურათის აწყობა შევძლო, თუმცა ვხვდები ეს პირადულია და ჩარევა არ მინდა
-გპირდები, თუ დამთანხმდები არ ინანებ -კვლავ განაახლა მცდელობები აბრამოვმა -ყველაფერში მოგეხმარები, თუ გინდა დილაობით ყავასაც მოგიდუღებ ხოლმე, თან ცოტათი საჭმელების მომზადებაც მეხერხება და . . .
-მოდი აღარ გააგრძელო, კარგი? -მობეზრებული სახით მიუბრუნდა გოგონა, როგორც კი აუდიტორიის კართან გაჩერდნენ -ჩვენს კურსზე, ჩემს გარდა ბევრი გოგო ცხოვრობს მარტო, რომელთაგან თითოეული მათგანი მზადაა სიხარულით გაგიღოს სახლის კარი, თანაც ისე, რომ ოთახის ქირაც არ გამოგართვას. შეგიძლია შენი შარმი მათზე გამოიყენო
-მათთვის დახმარების თხოვნა რომ მინდოდეს, ამას თავადაც გავაკეთებდი

-ჰო, რა თქმა უნდა, არავისთან მიგესვლება, რადგან ნახევარი კურსი, შენზე უიმედოდაა შეყვარებული და ზედმეტი დრამების თავიდან არიდებას ცდილობ

ნიკოლასმა, თითქოს გოგონას სიტყვები არ გაუგიაო, თემა რადიკალურად შეცვალა:

-თუ დამეხმარები, კიდევ ერთი კეთილი საქმე იქნება შენს ანგარიშზე -გამომცდელი, თან ამავდროულად, ღიმილიანი სახით უყურებდა ამის თქმისას -პირობას ვდებ ფეხებში არ მოგედები, არც ჩემს წინდებს დავტოვებ აბაზანაში დაყრილს და საკუთარ თეფშსაც თავად გავრეცხავ ხოლმე

-ნიკოლას, თავი დამანებე!

-ელენე, გთხოვ -მის მაჯას ხელი ჩაავლო ბიჭმა, თავისკენ დაქაჩა და თვალებში დაჟინებით ჩააშტერდა -ცოტა ხნის წინ, როდესაც განერვიულებული დამინახე, გსურდა ჩემთვის ადამიანურად გეთანაგრძნო. სწორედ ეს იქნება შენი თანაგრძნობა. მეტად გამოუვალ სიტუაციაში რომ არ ვიყო, ამ ყველაფერს არ გთხოვდი, რადგან ვიცი რა არაკომფორტულიცაა შენთვის, ფაქტობრივად უცხო ბიჭთან ერთად, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება . . . გეფიცები, უხერხულობას არ შეგიქმნი, არც ხმაურიანი ვარ, ამიტომ ჩემს სახლში ყოფნას ვერც კი იგრძნობ.

ელენემ თვალები დახუჭა და ღრმად ამოიოხრა. აბრამოვს ტონზეც კი ეტყობოდა, რომ რაღაც მეტად სერიოზული პრობლემები ეხვია გარს, რის გამოც, სახლიდანაც კი მოუწია წამოსვლა. მართალია, მარტო ცხოვრება ძალიან მოსწონდა და თავის პირად სივრცეში სხვა ადამიანის შემოჭრა აშკარად არაკომფორტული იქნებოდა მისთვის, თუმცა საბოლოოდ, მაინც ჰუმანურობამ გაიმარჯვა, ელენეს გულში სიბრალულის ჩართვის ღილაკს მიაჭირა თითი და გოგონას თავდაპირველ გადაწყვეტილებაში რადიკალური ცვლილებები შეიტანა. ყველაფრისთვის რომ თავი დაენებებინა, ახლა მისთვის არც ზედმეტი შემოავალი იქნებოდა ცუდი, ამიტომ, ღრმად ამოისუნთქა და თავის წინ მდგომ, მომლოდინე ბიჭს მზერა გაუსწორა.

-არც კი მჯერა, რომ ამას ვამბობ, მაგრამ კარგი -ამოთქვა ბოლოს -თუმცა ერთი რამ გაითვალისწინე -კოდექსიდან მცირედი პუნქტის დარღვევის შემთხვევაშიც კი კარს იქით აღმოჩნდები, შენს ჩემოდანთან ერთად
-კოდექსში რას გულისხმობ? -მართალია გოგონას თანხმობამ, შინაგანად შვებით ამოასუნთქა, თუმცა სახეზე ემოცია მაინც არ დასტყობია.
-მაგას მერე აგიხსნი, ახლა აუდიტორიაში შევიდეთ, თორემ ქალბატონი ქეთინო, მეტად გაბრაზებული მზერით გვათვალიერებს -დერეფანში ქუსლების კაკუნით მომავალ, საშუალო სიმაღლის ქალზე ანიშნა ელენემ და სანამ აბრამოვი პასუხის გაცემას მოასწრებდა, კარის ზღურბლსაც გადააბიჯა . . .



.
ელენე ავტობუსიდან ნიკოლასთან ერთად ჩამოვიდა და გაჩერებიდან, პირდაპირ თავისი სახლისკენ დაიძრა. ჯერ კიდევ უჭირდა იმის დაჯერება, რომ ამიერიდან მარტო აღარ იცხოვრებდა. ეუცნაურებოდა ის ფაქტი, რომ თავისთვის ფაქტობრივად უცნობი ადამიანისთვის მოუწევდა სამზარეულოს, სააბაზანოსა და კიდევ ბევრი რამის განაწილება. ისეთი შეგრძნება უჩნდებოდა, თითქოს რაღაც ნაცნობსა და კარგად შეჩვეულს ეთხოვებოდა, რათა ახალ, თავისთვის ჯერ კიდევ უცხო გარემოს შეგუებოდა, დიდი გაჭირვებით.
-აღარ მეტყვი რა წესებს შეიცავს შენი კოდექსი? -გზის ნახევარი უკვე გავლილი ჰქონდა, როდესაც აბრამოვის ხმამ გამოიყვანა ქაოტური ფიქრების სამყაროდან. ბიჭი ინტერესით უმზედა ელენეს პროფილს, თან შიგადაშიგ უბანსაც ათვალიერებდა
-ბევრი არაფერია, უბრალოდ ოთხი წესი მაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვა
-თუ ასეა, ჩამოთვალე
ელენემ ზურგჩანთა უფრო მოხერხებულად მოიგდო მხარზე და ჩამოთვლისას, თითების წახმარებაც გადაწყვიტა.
-წესი ნომერი პირველი -თქვა მან და მომუშტული ხელის გულიდან, საჩვენებელი თითი ამოსწია -არავითარი გოგონები საძინებელში. თუ ვინმესთან გართობა მოგინდება, ალტერნატიული ვარიანტი ეძებე, ჩემს სახლში მსგავს რამეს არ დავუშვებ
-კარგი, კარგი -გაეცინა ნიკოლასს -შემდეგი რა არის?
-წესი მეორე იმაში მდგომარეობს, რომ ხატვის დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შემაწუხო, თუნდაც სხეულზე ცეცხლი გეკიდოს და წყლის გადასხმა გჭირდებოდეს
-შენ რა, ხატავ კიდეც?
-წესი ნომერი სამი -მისი შეკითხვისთვის ყურადღება არ მიუქცევია გოგონას ისე განაგრძო -შხაპის მიღების შემდეგ აბაზანას მოწესრიგებულს დატოვებ და არც შენი პირადი ჰიგიენის ნივთებს მომიწყობ თაროებზე. არ მინდა საშხაპეში შესულს ისეთი შთაბეჭდილება შემექმნას, თითქოს გათხოვილი ვარ და ქმართან ერთად ვცხოვრობ
-კარგი, ბოლო დარჩა -ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან ნიკოლასი გოგონას საუბარზე
-ბოლო ყველაზე მარტივია -თქვა და თავისი სახლის ჭიშკართან მისულმა, იგი ჭრიალით შეაღო -უკანა ეზოში უამრავი ყვავილი მაქვს დარგული და თუკი იქ გასვლა მოგინდება, ეცადე შემთხვევით რომელიმე მათგანს არ დაადგა ფეხი . . . მორჩა, სულ ეს იყო, ახლა კი კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვეულებრივი მოკვდავის სახლში
-მაგით რაზე მიმანიშნებ?
-არაფერზე, უბრალოდ იმდენად ხარ შეჩვეული მაღალ სტანდარტებს, ავტობუსითაც კი პირველად იმგზავრე დღეს, ჩემთან ერთად
-ასე ძალიან მეტყობოდა? -ეზოში შებიჯების თანავე ჰკითხა ბიჭმა
-შენ წარმოიდგინე კი . . . გარშემო ისე იყურებოდი, თითქოს მფრინავი თეფშით მიფრინავდი უცხო პლანეტაზე
-კარგი სახლი გაქვს. პატარაა, მაგრამ ძალიან ლამაზი -ერთიანად მწვანეში ჩაფლულ ნაგებობას უყურებდა ბიჭი და საოცარ სიმშვიდეს გრძნობდა. ისეთი განცდა ეუფლებოდა, თითქოს ქალაქის ხმაურისგან მოშორებულ, მშვიდ აგარაკზე იმყოფებოდა და ყველაზე მეტად, სწორედ ეს სიამოვნებდა
-მეგონა პენტჰაუსის შემდეგ აქაურობას გლეხის ქოხად ჩათვლიდი -გულწრფელად გააოცა ელენე აბრამოვის ამგვარმა შეფასებამ
-მეც იმ სიტყვებს გაგიმეორებ, რაც თავად მითხარი, საპირფარეშოში -შენ, მე არ მიცნობ და ნაადრევი დასკვნები ნუ გამოგაქვს -მერე შუა გზაზე გაჩერდა და გოგონას თვალებს მზერა გაუსწორა -ყვავილები ახსენე
-ჰო, მერე?
-ყველაფერთან ერთად ფლორისტიც ხომ არ ხარ?
-ეგ ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია, თუმცა ჩემი საყვარელი ყვავილების მოვლის შესახებ ასე თუ ისე გამეგება
-მრავალმხრივი ყოფილხარ, საკმაოდ ბევრი ჰობი გაქვს
-ახლა ეს მრავალმხრივი შენს საძინებელს გაჩვენებს -თვალებით სახლისკენ ანიშნა ბიჭს ამის თქმისას -წამომყევი
-იმედია საკუჭნაო არ გამოგიყვია ჩემთვის
-ძალიანაც რომ მთხოვო, მაგას მაინც არ ვიზამ. იქ საკმაოდ ბევრი აუცილებელი რამ მაქვს შენახული
აბრამოვს გვერდულად ჩაეღიმა და პასუხის გაუცემლად მიჰყვა წინ წასულ ელენეს. კიბეებზე ასულმა გოგონამ, ჩანთიდან სხვადასხვანაირი ბრელოკით გაფორმებული გასაღების ასხმა ამოაძვრინა, საკეტს მოარგო და რამდენიმე წამში შოკოლადისფერი კარიც შეაღო, ჭრიალით.
ნიკოლასის ყურადღება მაშინვე მიიქცია გემოვნებიანმა ინტერიერმა. სახლს ერთი შეხედვითაც კი ეტყობოდა, რომ მასში მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ცხოვრობდა. ყველა კუთხე-კუნჭულში, ლავანდის არომატიზატორის თავბრუდამხვევი სურნელი იგრძნობოდა. თბილ თაფლისფერსა და რძისფერ ტონალობაში გადაწყვეტილი მისაღები, სამზარეულოსგან მინი-ბარით გახლდათ გამოყოფილი. იატაკის ადგილას, მუხისფერში გარდამავალი, ჩალისფერი ლამინატი ეგო, თეთრი ნაკაწრების ეფექტით, ხოლო მისაღებში მდგომი დივნის გასწვრივ, დაახლოებით სამოცდაათ სანტიმეტრში, მეორე სართულზე ასასვლელი კიბე იწყებოდა. სწორედ იქ გახლდათ ელენეს საძინებელი, რომელიც განსაკუთრებული გულმოდგინებით მოეწყო გოგონას, თავისი გემოვნების შესაბამისად.
-შენსავით ნაზია აქაურობა -როგორც იქნა პირველი კომენტარი გააკეთა აბრამოვმა სახლის თვალიერების პარალელურად -ანუ ლავანდის სურნელი მოგწონს
-იმედია მასზე ალერგია არ გაქვს
-ალერგია მხოლოდ ერთ რამეზე მაქვს, მაგრამ მას ამ სახლში ნამდვილად ვერ ვიპოვი
-მაინც რას გულისხმობ?
-ვირთხებს -ზიზღი გამოესახა ამის თქმისას სახეზე -ბავშვობიდან მეზიზღებიან. მათი ხმაც კი მაღიზიანებს
-შენ და კონკია, ერთმანეთს აშკარად ვერ გაუგებდით -გაეღიმა ელენეს ბიჭის მოღუშულ სახეზე.
-ჰოდა სწორედ ამიტომ არ ვცდილობ კონკიას შებმას. იცხოვროს დიდხან და ბედნიერად თავის პრინცთან ერთად
-კარგი, წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ -ამის თქმისას, პირველად გააცნობიერა, რომ აბრამოვს ხელში არაფერი ეჭირა და გაკვირვებულმა ჰკითხა:- კი მაგრამ თან არაფერი გაქვს? ტანსაცმელსა და პირად ნივთებს ვგულისხმობ
-ხვალ საღამოს ყველაფერს მომიტანენ და . . . -აქ ბიჭი შეჩერდა, თან გამომცდელი მზერა მიაპყრო ელენეს. აშკარა იყო ზარდახშას ბოლომდე არ ხდიდა თავს და მასში კიდევ ინახავდა რაღაც საიდუმლოს. ეს გოგონასთვისაც აშკარა გახდა, ნიკოლასის გამოხედვიდან გამომდინარე
-მგონი სათქმელს ბოლომდე არ ამბობ -დარწმუნებით აღნიშნა -კიდევ არის რამე, რაც უნდა ვიცოდე?
-დასაწყისისთვის მითხარი კატებთან როგორ დამოკიდებულებაში ხარ?
-კატებთან?

აბრამოვმა თავი დაუქნია. გოგონას პასუხს ისე ელოდა, როგორც კონკურსში გამომსვლელი, ჟიურის შეფასებას.

-არ ვიცი, კატა არასდროს მყოლია, თუმცა რომ გითხრა მათთან რამე პრობლემა მაქვს-მეთქი, მოგატყუებ. რატომ მეკითხები? -მერე გონებაში ობობას ქსელივით აბურდული კვანძი გაეხსნა, სიტუაციის არსს ჩაწვდა და ბაგეებზე ოდნავმა ღიმილმა გადაურბინა -ანუ, ხვალ ჩემოდნებთან ერთად, შენს კატასაც მოგიყვანენ

-თუ წინააღმდეგი ხარ, შემიძლია ცოტა ხნით თავშესაფარში დავტოვო. იქ ნაცნობები მყავს და კარგად მიხედავენ

-რა ჰქვია? -ჰკითხა მოულოდნელად ელენემ. ბიჭი მისგან სრულიად სხვა პასუხს ელოდა და თემის ასეთმა რადიკალურმა ცვლილებამ ცოტათი დააბნია. მიუხედავად ამისა, პასუხი მაინც დროულად გასცა:

-საკურა ჰქვია . . . ძალიან ჭკვიანი კატაა და პრობლემებსაც თითქმის არასდროს ქმნის

-მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის დახატვა არ მითხოვია, მხოლოდ სახელი გკითხე -სიცილი ძლივს შეიკავა აბრამოვის სიტყვებზე. ბიჭი ყველანაირად ცდილობდა ამ სახლში თავისი კატაც შემოეპარებინა და ეს მეტად ამხიარულებდა გოგონას. ცხოველები თვითონაც ძალიან უყვარდა. არაფერი დაშავდებოდა, თუკი თავის ახალ მეზობელს თხოვნას შეუსრულებდა და შინაური ცხოველის მოყვანის უფლებას დართავდა

-ნუ ღელავ, ამ მხრივ პრობლემას არ შევქმნი, შენ და საკურას შეგიძლიათ კვლავ ერთად იყოთ . . .

ზოგჯერ მართლა რა ცოტა კმარა ადამიანის ბედნიერებისთვის?! ელენემ ეს მაშინ გააცნობიერა, როდესაც აბრამოვის მოოქროსფრო თვალებში მხტუნავი სიხარულის ნაპერწკლები დაინახა, ქილებში დამწყვდეული ციცინათელებივით რომ დახტოდნენ და გამჭვირვალე კედლებს აქეთ-იქით აწყდებოდნენ.

-გმადლობ -მხოლოდ ერთი სიტყვით გამოხატა მთელი თავისი მადლიერება, თუმცა იმხელა გრძნობით იყო ნათქვამი ეს უკანასკნელი, მეტად არაფრის დამატებას არ საჭიროებდა

-არაფრის, ახლა კი ბოლოს და ბოლოს, შენი საძინებელიც ვნახოთ

აბრამოვმა თავი დაუქნია და ორიოდე ნაბიჯით მიუახლოვდა გოგონას. რამდენიმე წამით თვალებში უყურებდა. შემდეგ კი, ისე, რომ ელენემ გაოცებაც ვერ მოასწრო, მისი თმის რაღაც ნაწილი ხელში მოიქცია, თითებში გაასრიალა და ცხვირთან ახლოს მიიტანა.

-ასეც ვიცოდი . . .

-რას აკეთებ?

-არაფერს, უბრალოდ შენც ლავანდის სურნელი გაქვს. -პირდაპირ მის ყელთან ამოიჩურჩულა, გოგონას თმას ხელი შეუშვა და დაამატა:-ლავანდისა და სინაზის სურნელი . . .

.
დილით, ფანჯრის ნახევრად გადაწეული ფარდიდან შემოჭრილმა მზის სხივებმა გამოაღვიძეს ელენე. უნივერსიტეტში წასასვლელად ძალიან ადრე იყო. ამას ისიც მოწმობდა, რომ გოგონას მობილურზე დაყენებულ მაღვიძარას ჯერ კიდევ არ დაერეკა. ამჯერად, მისი ფუნქცია ლურჯ ცაზე, ოქროსფრად მანათობელ ბრჭვიალა ბურთს შეეთავსებინა, რომელიც თავისი მცხუნვარებით მთელს ქალაქს ათბობდა.


გოგონამ ფუმფულა ბალიშებიდან წამოიწია, საწოლზე წამოჯდა და მუშტებით თვალები მოისრისა. ტანს თავისი საყვარელი პიჟამა უმშვენებდა, რომლის მაისურზეც, ჟირაფი ჟოზე ეხატა, ზღვის პლაჟზე, უცხოელი ტურისტივით გაწოლილი. ეს პიჟამა, მიშკამ აჩუქა, მაშინ, როდესაც უნივერსიტეტის პირველი კურსის დახურვა აღნიშნეს, თავიანთ საყვარელ კაფეში. მეგობრისგან, მართლაც რომ უამრავი საჩუქარი ჰქონდა მიღებული გოგონას ახალ წლებსა თუ დაბადების დღეებზე, თუმცა ეს პიჟამა მაინც ყველაზე ძვირფასის ტიტულს ინარჩუნებდა დღემდე.

ელენემ კიდევ ერთხელ დახედა ღიმილით საკუთარ მაისურზე გამოსახულ ჟოზეს და საწოლიდან ზლაზვნით წამოდგა. თავის მოსაწესრიგებელი დილის პროცედურები, რეკორდულ დროში -ათ წუთში დაასრულა. მართალია, აქამდე მუდამ პიჟამაში გამოწყობილი საუზმობდა ხოლმე, თუმცა ახლა უკვე მარტო აღარ ცხოვრობდა და იძულებული გახდა სამზარეულოში ჩაცმული გასულიყო.

გოგონამ ჩანთაში იმ დღისთვის საჭირო წიგნები და კონსპექტები ჩატენა, კიბის მოაჯირზე სხარტად ჩამოასრიალდა და მინი-ბარისთვის გვერდის აქცევით, პირდაპირ სამზარეულოში შეიჭრა. იქ დანახულმა სურათმა, ლამის პირი დააღებინა. მომცრო ზომის მაგიდა, დილით მუდამ ცარიელი რომ ხვდებოდა ხოლმე, ვიღაცას მეტად ლამაზად გაეწყო. ზედაპირზე, მოზრდილი თეფშით ბოსტნეულის სალათი იდგა, ფორთოხლის წვენთან ერთად. ამ ყველაფერს, ლამაზად დაჭრილი ხილის ასორტი ამშვენებდა, ხოლო სალათის თეფშის გვერდით, თაბახის გადაკეცილ ფურცელზე ნაწერი წერილი იდო, რომელზეც, ლამაზი კალიგრაფიით ეწერა შემეგი სიტყვები:

„გმადლობ, რომ მე და საკურას სახლის კარი გაგვიღე. იმედია, არ შეგეშინდება ჩემი კულინარიული შესაძლებლობების და გასინჯავ. სამწუხაროდ, მაცივარში ხილის და ბოსტნეულის გარდა ვერაფერი აღმოვაჩინე და რა პროდუქტებიც ხელში მომყვა, ისინი გამოვიყენე. როგორც მიხვდვი, ჯანსაღი კვებით იწამებ თავს.

პ.ს -Buon Appetito”

წერილის ბოლო სიტყვებზე, ელენეს ბაგეებს ღიმილი მოადგა. აღარც კი ახსოვდა, ბოლოს როდის მოამზადა მისთვის ვინმემ საუზმე და ამის გაცნობიერებისას, გულის არეში ყრუ ტკივილი ჩაეღვარა.

როგორც ჩანდა, ნიკოლასი ადრიანად წასულიყო, რადგან მისი ხმა არსაიდან ისმოდა და არც თვითონ ჩანდა სადმე. ეს უკეთესიც კი გახლდათ ელენესთვის. გიჟდებოდა მარტო საუზმობაზე, ამიტომ, ახლაც მხიარულად მიუჯდა მაგიდას, სალათის თეფში ახლოს მიიწია და ჩანგალზე წამოცმული სტაფილოს ნაჭერი პირისკენ გემრიელად გაიქანა. საკმაზების და ზეითუნის ზეთის გემო დაჰკრავდა ბოსტნეულს, ცოტაოდენ ძმართან ერთად. იმდენად ჰარმონიულად იყო შეზავებული ეს ყველაფერი ერთმანეთში, ელენეს გაუკვირდა კიდეც. ნიკოლას აბრამოვისან, ვისაც სახლში მოსამსახურეთა მთელი ჯარი ეხვია თავს, მსგავს კულინარიულ ნიჭს აშკარად არ ელოდა. როგორც ჩანდა, კიდევ უამრავ სიურპრიზს უმზადებდა ეს ბიჭი.

საუზმე სწრაფად დაასრულა ელენემ და მაგიდის ალაგების შემდეგ, სახლიდანაც გავიდა. ლექციაზე ჯერ არ აგვიანდებოდა, ამიტომ, აუჩქარებელი ნაბიჯებით მიუყვებოდა ავტობუსის გაჩერებისკენ მიმავალ გზას. დღეს საკონდიტროდან შეკვეთები არ ჰქონდა, რის გამოც, თავისუფლად შეძლებდა ლექციების ბოლომდე უნივერსიტეტში ყოფნას.

გაჩერებამდე მისული, დანარჩენ მგზავრებს შორის ჩადგა და თავის ავტობუსს დაუწყო ლოდინი. იმედი ჰქონდა, უკანა რიგები თავისუფალი იქნებოდა, რათა ამჯერადაც თავისი საყვარელი ადგილის დაკავება შესძლებოდა. როგორც დაფა იუწყებოდა, ტრანსპორტის გამოჩენამდე სულ რაღაც ათი წუთი იყო დარჩენილი. ელენეც ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა და წინ და უკან დადიოდა მის მოლოდინში, რომ უეცრად, პირდაპირ გოგონას ფეხებთან, მწვანეჩაფხუტიანი მოტოციკლისტი გაჩერდა, ბორბლების ღრჭიალით.

ელენეს ყურადღება არ მიუქცევია. შეჩვეული გახლდათ ასეთ რამებს, როცა ქუჩაში სრულიად უცხო პიროვნებები უჩერდებდნენ და დანიშნულების ადგილამდე მიყვანას სთავაზობდნენ. ახლაც, როდესაც თავის სიახლოვეს გაჩერებული მოტოციკლი დაინახა, იფიქრა, რომ ზუსტად მსგავს შემთხვევასთან ჰქონდა საქმე, თუმცა საკუთარი ვარაუდები ერთი ხელის მოსმით გაფანტა გონებიდან, როგორც კი იმ წამს, ჩაფხუტგადაძრობილ მოტოციკლისტში, თავად ირაკლი სამსონიძე ამოიცნო. ეს უკანასკნელი, წარბებს ქვემოდან უყურებდა ელენეს, თან იდუმალი ღიმილით იღიმოდა.

-აქ ვინმეს ელოდები, ლამაზო? -ჰკითხა მან წარბების თამაშით -თუ თეთრ ცხენზე ამხედრებული ავტობუსის მოლოდინში ხარ, შემიძლია აღარ გაწვალო და თავად წაგიყვანო

-გმადლობ, მაგრამ როდესაც დამჭირდები, თვითონ დაგირეკავ სამსონიძე -მობეზრებული ხმით გაეპასუხა გოგონა.

-ამისთვის საჭიროა ჩემი ნომერი გქონდეს. სწორედ ეგ ჩამინამიოკე, არა?

-ჰო, გუშინ სწორედ იმაზე ფიქრში შემომათენდა, ირაკლის ტელეფონის ნომერი როგორ არ მაქვს-მეთქი

-დაჯექი, დაჯექი, მაინც ერთი გზა გვაქვს -თვალებით მოტოციკლის უკანა მხარისკენ ანიშნა.

-შემოთავაზებისთვის მადლობა, მაგრამ მირჩევნია ავტობუსს დაველოდო

ბიჭს სახეზე აშკარად შეეტყო, რომ ასე მარტივად დანებებას არ აპირებდა.

-სილაგაძე, ნუ მეჯიუტები, აქედან შენს გარეშე ფეხსაც არ მოვიცვლი! -მერე ოდნავ ჩაეღიმა და დაამატა :- ამის გამო, სულ მალე მოძრაობას შევაფერხებ, ვიღაც ღიპიანი, ბრაზიანი მძღოლი მანქანიდან გადმომიხტება, მაგრად მცემს და ყველაფერი შენს სინდისზე იქნება

-მოტოციკლების მეშინია

-ნუ იტყუები, თორემ ცხვირი გაგეზრდება პინოქიო -ჯერ გაჩერებაზე შეკრებილ ხალხს მოავლო მზერა, რომელთაგან თითოეული, მათი დიალოგის მოსმენით იყო დაკავებული, ხოლო შემდეგ ისევ ელენეს გამოხედა -მშვენივრად ვიცი, რომ მოტოციკლები ძალიან გიყვარს

ელენეს თვალებში გაოცება ჩაუდგა და ხმის ამოუღებლად, მზერით ჰკითხა საიდანო.

-იქედან, რომ ფეისბუქ-გვერდი ადამიანზე ძალიან ბევრ რამეს ამბობს

-შენ თურმე კარავის გაშლაც მოგისწრია ჩემს ფეისბუქ-გვერდზე

-კარავიც გავშალე და ბანაკიც დავეცი -ამის თქმისას, სიგნალების ხმაც მოესმა უკანა მანქანიდან. როგორც ჩანდა, ირაკლის მოტოციკლი ვიღაცას გავლაში უშლიდა ხელს და ამიტომაც ასიგნალებდა.

-აი ხომ გითხარი? მიდი, დროულად დაჯექი, თორემ მოძრაობას ვაფერხებთ

-შვილო, თუ იცნობ გაჰყევი, გზაზე საცობს რატომ ქმნით? -უკნიდან დაადო ხელი ელენეს ვიღაც სათვალიანმა, მოხუცმა ქალმა. ამ უკანასკნელს, თმა თოვლივით გათეთრებოდა და სათვალის სქელი მინების მიღმა, წყლიანი, ოკეანისფერი თვალები მოუჩანდა

-ნახე, ეს საყვარელი ბებოც ჩემს მხარესაა -მზერით მოხუცისკენ ანიშნა, თან ზრდილობიანადაც დაუკრა თავი ამ უკანასკნელს.

მანქანის სიგნალების ხმა კვლავაც არ წყდებოდა. ირაკლისა არ იყოს, ეს ხმაური კიდევ ცალკე უშლიდა ნერვებს გოგონას. ბიჭის მზერაშიც კითხულობდა, რომ სანამ საწადელს არ აისრულებდა, არ გაჩერდებოდა, ამიტომ გადაწყვიტა თეთრი დროშა აეფრიალებინა და მოტიციკლისაკენ ხვნეშით დაიძრა.

-რაც შეიძლება სწრაფად ატარე! -უთხრა მკაცრად, თან ზურგჩანთა მეორე ბეჭზეც მოიკიდა, რათა მგზავრობისას ხელი არ შეშლოდა.

-ასე ძალიან მოგწონს ადრენალინი?

-არა, უბრალოდ მინდა მალე მივიდეთ და შენც მალე დაგაღწიო თავი! -მოტოციკლს გადააჯდა, თან წელზე ხელები შემოხვია ირაკლის.

-მე კი მგონია, რომ ჩემს ტემპერამენტს ვერ უძლებ და არ გინდა დაბნეულობა შეგეტყოს

-ოცნებას კაცი არ მოუკლავს

-რა მწარე ენა გაქვს სილაგაძე -გაეცინა ირაკლის და მოტოციკლეტიც მეტად ხმამაღალი ღმუილით დაძრა.

როგორც გოგონამ უთხრა, საკმაოდ სწრაფად ატარებდა, თუმცა ეს მხოლოდ მისი თხოვნის გამო არ გაუკეთებია. სისწრაფე თვითონაც ძალიან უყვარდა. ამ დროს თავს ისე თავისუფლად გრძნობდა, როგორც ქარი და სწორედ ამიტომ მოსწონდა ეს შეგრძნება ასე ძლიერ.

-მიდი, ხელები უფრო მაგრად მომხვიე, მსიამოვნებს როცა მეხები -ცბიერი მზერით გახედა გოგონას თვალებზე ამოჭრილი ჩაფხუტიდან.

-სამწუხაროდ, შენი სიამოვნებისდა მიხედვით მოქმედება ჩემს გეგმებში არ ზის

-ასე რატომ მენაგლები, არ გევასები? -დაძრული მოტოციკლის ღმუილის გამო, ხმამაღლა საუბარი უწევდა ირაკლის

-ეგ არაფერ შუაშია, უბრალოდ მაშინ უფრო მეტად მომწონდი, როცა ნაკლებ ყურადღებას იჩენდი ჩემს მიმართ

-ყველასთან ისეთ დისტანციას იცავ, თითქოს შენი ტოლი და სწორი არავინაა. ალბათ ამიტომაც დამრჩი ყურადღების მიღმა

ელენეს აბრამოვის სიტყვები გაახსენდა. მანაც სწორედ ასეთი რამ უთხრა, საპირფარეშოში, ორი დღის წინ.

-კარგი და ახლა რა შეიცვალა? -ჰკითხა -ჩვენს შორის დისტანცია დაირღვა და არ ვიცი?

ირაკლის გაეცინა.

-თუ შენ გინდა, არც მაგაზე გეტყვი უარს
-უბრალოდ წინ იყურე, რამეს არ შევასკდეთ -სიტყვა ბანზე აუგდო გოგონამ. წინიდან მონაქროლი ძლიერი ქარის ნაკადისგან თავის დასაცავად, ბიჭის ზურგს თავი თვალებდახუჭულმა დაადო.

დარჩენილი გზა, ორივემ უხმოდ განვლეს. ელენეს ეგონა უნივერსიტეტში მისვლით ყველაფერი დასრულდებოდა და სამსონიძესაც მოიშორებდა თავიდან, თუმცა როდესაც აუდიტორიაში შესვლის შემდეგ, ირაკლი კურსელებს მიესალმა და მათთან საუბარს მორჩა, წამსვე უკანა მაგიდასთან მჯდომი ელენესკენ გაემართა, რათა მის გვერდით დაეკავებინა ადგილი.

-ეგრე რატომ მიყურებ სილაგაძე, სახეზე რამე მაცხია? -ღიმილმომდგარმა ჰკითხა, სკამზე ჩამოჯდომის თანავე. ფეხები ამჯერადაც ისე ჰქონდა გადაშლილი, როგორც ჯდომისას მუდამ სჩვეოდა ხოლმე -თუ საქმე იმაშია, რომ უკვე მოგენატრე?

-კიდევ კარგი მოხვედი, თორემ ვიწვოდი შენი მონატრებით

-აუ, როგორ მეზარება ეს მიკროეკონომიკის ლექცია -თემის შეცვლას შეეცადა სამსონიძე, თან შეწუხებული სახეც მიიღო



-თუ არ მოგწონს, რატომ შემოდიხარ? სტიპენდიისთვის შენ არ იბრძვი და გადამსვლელ ქულებს გამოცდებზეც დაგიწერენ

-მე თუ არ დავესწარი, შენ ვინ გაგამხიარულებს ლექციის მსვლელობისას?

-საიდან მოიტანე, რომ ვინმეს გამხიარულება მჭირდება?

-შენმა თვალებმა მითხრეს

აუდიტორია, ნელ-ნელა ხალხით ივსებოდა. ძირითადად ყველანი უკანა რიგებში იკავებდნენ ადგილს. ხმაური თანდათანობით მატულობდა, რადგან სტუდენტებს, ერთმანეთში მხიარული საუბარი ჰქონდათ გამართული. ზოგი ლექტორებს ჭორავდა, ზოგი მოსალოდნელ ქვიზებზე წუწუნებდა, ზოგიც კი, ყურსასმენებით იჯდა და რეალობას სრულიად გამოთიშვოდა. ელენეც სწორედ ამ უკანასკნელის საშუალებით აპირებდა გვერდით მჯდომის საუბრისგან დაეხსნა თავი, რომ აუდიტორიაში აბრამოვმა შემოაბიჯა, ჩვეული მედიდური გამომეტყველებით. ბიჭს ოდნავ გაცრეცილი ჯინსები, თეთრი ბოტასები და ამავე ფერი ჰუდი მოერგო ტანზე. ერთი შეხედვით უბრალო ჩაცმულობით, იმდენად მიმზიდველად გამოიყურებოდა, აუდიტორიაში მჯდომი არაერთი მდედრობითი სქესის წარმომადგენლის უჩუმრად ჩაღიმების მიზეზიც გახდა.

უკანა რიგებში თავისუფალი ადგილების დეფიციტის გამო, ბიჭმა წინა მაგიდაზე დაიკავა ადგილი. ელენეს მხოლოდ ერთხელ გამოხედა, ესეც სულ რამდენიმე წამით. ამის შემდეგ, გოგონასკენ თავი ერთხელაც კი არ მოუტრიალებია. უბრალოდ მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო, მობილური ამოიღო, შიგ ჩაძვრა და ლექტორის აუდიტორიაში შემოსვლამდე, მისთვის ხელი არც გაუშვია.

მიკროეკონომიკის ლექცია ჩვეულ სტილში წარიმართა. ლექტორი მოწადინებული ხსნიდა ახალ მასალას, თან სლაიდებსაც იხმარდა სტუდენტებისთვის დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად.
ელენეს მზერა აბრამოვისკენ იყო მიმართული. ბიჭს, გვერდით, მისი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი —ანი ბასილაძე მიჯდომოდა და ყველანაირად ცდილობდა

ნიკოლასის საუბარში აყოლიებას. ანი რომ მასზე გაგიჟებით იყო შეყვარებული, ეს მთელმა კურსმა გამრავლების ტაბულასავით იცოდა. მიუხედავად ამისა, მათ შორის, სერიოზული არასდროს არაფერი მომხდარა, რაც აბრამოვის სხვა თაყვანისმცემლების წისქვილზე ასხამდა წყალს.

-რა გჭირს, რა ღრუბლებში დაფრინავ? -სამსონიძის ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან ელენე. ბიჭი მას გამომცდელი მზერით ათვალიერებდა, თან ტუჩის კუთხეში გაიძვერული ღიმილი დასთამაშებდა.

-ირაკლი, ლექციას მოუსმინე და შემეშვი -სცადა ნაკლებად აგრესიული ტონი ჰქონოდა ამის თქმისას, გოგონამ.

-მგონი არც თავად იწუხებ თავს მისი მოსმენით. სახეზე გაწერია, რომ სულ სხვა განზომილებაში მოგზაურობ

-რაც არ უნდა იყოს, ეს მხოლოდ ჩემი საქმეა და არა, შენი! -ახლა მართლა ვეღარ შეიკავა ბრაზი და მკაცრ ტონს, აწეული ცალი წარბიც დაურთო. მიუხედავად ამისა, სამსონიძეზე არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენიათ გოგონას სიტყვებს. პირიქით, უფრო მეტადაც კი გამხიარულდა და მიუგო:

-ვგიჟდები მაგ აგრესიაზე, ასე ბევრად უფრო მიმზიდველი მეჩვენები

-ავადმყოფი ხარ

-თუ ასეა, მიმკურნალე

-სამსონიძე, სილაგაძე, იქნებ თქვენ ორმა პატივი დამდოთ და ენას კბილი დააჭიროთ?!


-უკაცრავად, პატივცემულო, ჩემი ბრალი იყო -სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ირაკლი ფეხზე ოდნავ წამოიწია და ბოდიშის ნიშნად, თავიც დაუკრა.

-არ მიკითხავს ვისი ბრალი იყო. თუ საუბრისგან თავს ვერ იკავებთ, ჩემი სწავლების გარეშეც იცით კარი საითაცაა

ელენემ, ირაკლის მკლავზე უჩქმიტა, რათა ბიჭს მეტად აღარაფერი ეთქვა.

ლექცია გაგრძელდა.

მიღებული საყვედურის შემდეგ, აღარც სამსონიძეს ამოუღია ხმა და მთელი დარჩენილი დრო, მდუმარედ ათვალიერებდა ელენეს, რაც ამ უკანასკნელს საშინელ დისკომფორტს უქმნიდა. მხოლოდ სალექციო საათის დასრულების შემდეგ ამოისუნთქა შვებით ელენემ. ბიჭების დაჟინებული მზერის მიმართ კომპლექსიანი არასდროს ყოფილა, თუმცა ირაკლის ნამდვილად ზედმეტი მოსდიოდა ამ მხრივ და სწორედ აღნიშნული ფაქტი უქმნიდა უხერხულობას.

როგორც კი ლექტორმა აუდიტორია დატოვა, გოგონამ მაშინვე ჩატენა ზურგჩანთაში თავისი წიგნები, იგი მხარზე მოიგდო და გასასვლელად მოემზადა. უნდოდა შესვენების საათებში მიშკა ენახა და დროც მასთან ერთად გაეყვანა.

-შესვენებაზე კაფეტერიაში ხომ არ აპირებ შევლას? -წამოდგომის პარალელურად ჰკითხა ირაკლიმ.

-არა

-თუ გინდა, სადმე ერთად გავიაროთ


-გმადლობ შემოთავაზებისთვის, მაგრამ მეგობარს უნდა შევხვდე

სამსონიძის პასუხისთვის აღარ დაუცდია. სცადა, რაც შეიძლებოდა ჩქარი ნაბიჯებით გასცლოდა იქაურობას. მიშკას მობილურზე მისწერა, რომ უნივერსიტეტის ეზოში დაელოდებოდა და მობილური კვლავ ჯიბეში ჩაიბრუნა.

გასვლისას, წამით აბრამოვს მოჰკრა თვალი. ეს უკანასკნელი, ფანჯარასთან იდგა და მხიარულად ესაუბრებოდა კურსელ გოგონებს. მისთვის ზედმეტი ყურადღება არ მიუქცევია ელენეს. მოსწონდა ნიკოლასის იგნორის ტაქტიკა, რადგან ნამდვილად არ სურდა, კურსზე ვინმეს სცოდნოდა, რომ ისინი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ. სხვისი აზრი, ნამდვილად არ აინტერესებდა, უბრალოდ ხვდებოდა რამხელა მითქმა-მოთქმას გამოიწვევდა კურსელ გოგონებში ეს ამბავი და არ უნდოდა, ამის გამო დაუსრულებელ კონფლიქტებში გადაშვებულიყო. რაც არ უნდა გამოეწვია ამ ყველაფერს, კარგი თუ ცუდი, მაინც თავისი წყნარი ცხოვრება ერჩივნა ინტრიგებსა და ყურადღების ცენტრში ყოფნას, რომელსაც აუცილებლად მოუტანდა ნიკოლას აბრამოვის გვერდით მისი სახელის გაჟღერება.

უნივერსიტეტის ეზოში გასულს, მიშკა უკვე ადგილზე დაუხვდა. სკამზე მობილურით ხელში მჯდომი, ელენეს დანახვაზე მაშინვე წამოდგა და თივისფერი ჩანთა მხარზე გადაიკიდა. სახეზე დაღლილობა და უკმაყოფილება ეტყობოდა. მეორის მიზეზს ელენე მაშინვე მიხვდა -მიშკა ცხელ ამინდებს ვერ იტანდა, იმ დღეს კი, მზე ისე საშინლად აჭერდა, ასფალტსაც კი ასდიოდა ბოლი.

-სად ხარ ამდენ ხანს? შენს ლოდინში ლამის მზემ გადამადნო -ბუზღუნით გადახვია მიშკამ ხელი მეგობარს, როცა ამ უკანასკნელს მიუახლოვდა.

-როგორც კი სამსონიძეს თავი დავაღწიე, მაშინვე წამოვედი

-სამსონიძე? ირაკლიზე ამბობ?

-ჰო, მასზე

-შენთან რა უნდა? -ეჭვით ჩაეკითხა მიშკა -ახლა არ თქვა უკან დამდევსო

ელენეს სიტუაციის გამწვავება არ სურდა, ამიტომ, ოდნავ შელამაზებული სიმართლის თქმა გადაწყვიტა.

-ასეც ვერ ვიტყოდი, უბრალოდ ამ ბოლო დროს, ზედმეტ ყურადღებას მითმობს, ესაა და ეს

-დარწმუნებული ხარ, რომ მეტი არაფერი გაქვს სათქმელი? -კვლავ ეჭვით უმზერდნენ მიშკას ლურჯი თვალები.

-მეტი რა უნდა იყოს? სამსონიძის ამბავი ხომ იცი, კიდევ რამდენიმე დღე შემეჩხირება თვალში, მერე კი, თავადვე მობეზრდება ამდენი იგნორი და ავტომატურად, სხვა გოგოზე გადაერთვება

-როგორც გეტყობა, რომ მამრობითი სქესის ხასიათის თავისებურებებში საერთოდ ვერ ერკვევი

-მაგას რატომ ამბობ? -გაეღიმა ელენეს.

-იმიტომ, რომ წინააღმდეგობები უფრო დიდ აზარტში გვაგდებს და ორმაგი სურვილი გვიჩნდება საწადელს მივაღწიოთ. ეს, ერთგვარი მონადირის ინსტიქტივითაა

-კარგი, კარგი, მოვრჩეთ მაგაზე ლაპარაკს და ჩვენს კაფეში წავიდეთ, სანამ დრო გვაქვს -სამსონიძეზე ლაპარაკი, იმ წამს ყველაზე ნაკლებად სურდა ელენეს, ამიტომ, მიშკას ხელი ჩაავლო და პირდაპირ უნივერსიტეტიდან გასასვლელი ჭიშკრისკენ წაიყვანა.


დაწესებულებაში შესულებს, საბედნიეროდ, მათი ამოჩემებული ადგილი თავისუფალი დაუხვდათ. როცა მიშკა და ელენე კაფეს სტუმრობდნენ, მუდამ ამ მაგიდასთან ჯდებოდნენ ხოლმე, თუკი იგი ცარიელი იქნებოდა. არც გაემტყუვნებოდათ, ეს ადგილი მართლაც რომ ყველაზე მყუდრო და საერთო ხმაურს მოშორებული გახლდათ, მთელს დარბაზში.

ვინაიდან ცხელი ამინდი იყო, მიშკამ ცივ ანანასის წვენსა და დარიჩინიან ფუნთუშებზე შეაჩერა არჩევანი, ხოლო ელენემ, უშაქრო ცივი ყავაზე, ნაყინით. კაფის სწრაფი მომსახურების წყალობით, ლოდინი დიდხანს არც ახლა დასჭირვებიათ. როგორც კი სპეციალურ უნიფორმაში გამოწყობილმა მიმტანმა, მათი სასურველი შეკვეთა მაგიდაზე დაალაგა, ბიჭი სკამის საზურგეს მიეყრდნო, სერიოზული სახით და თეფშზე დადებულ ფუნთუშას, ფრჩხილებით დაუწყო ციცქვნა. ელენე ცოტა არ იყოს, გაკვირვებული დარჩა მისი ასეთი ქცევით. საჭმლის დანახვაზე, მიშკას თვალები მუდამ საახალწლო ფეიერვერკივით უნათდებოდა ხოლმე, თუმცა ახლა ისინი ცეცხლმიმქრალი ბუხარივით ჩაქრობოდა და არც ჩვეული ენაწყლიანობით ამხიარულებდა გოგონას.

-რა გჭირს, რამე მოხდა? -ცივ ყავას ხელი შეუშვა და გამომცდელად ჩახედა თვალებში მეგობარს, ელენემ.

-სიმართლე გითხრა, რაღაცაზე მინდოდა შენთან დალაპარაკება -მაშინვე გამოტყდა იგი.

-მაინც რაზე?

მიშკამ ანანასის წვენი მოსვა, ღრმად ამოისუნთქა და პასუხიც მხოლოდ ამის შემდეგ გასცა:

-მოკლედ, გოგოს თემაა რა -შუბლი მოისრისა ამის თქმისას -ახლახანს გადმოვიდა ჩემს ფაკულტეტზე და მართლა ისეთი ვინმეა, ყველაფრით რომ გიზიდავს


მეგობრის დაბნეულმა მზერამ და უდიდესი გრძნობით წარმოთქმულმა სიტყებმა, გულწრფელი ღიმილი მოჰგვარა ელენეს სახეს. ხვდებოდა, რისკენაც მიჰყავდა საუბარი მიშკას, ამიტომ, ხელზე, ხელი დაადო და პირდაპირ ჰკითხა:

-ვიღაც მოგწონს და ჩემგან რჩევა გჭირდება, არა?

-ასე ძალიან მეტყობა?

-სულ ცოტათი -საჩვენებელი და ცერა თითი, ერთმანეთთან მიაახლოვა ელენემ ამის თქმისას -მაინც ვინ არის? სახელი მითხარი

-ლიზი ჰქვია . . . არა მგონია დანანახი გყავდეს, ახლახანს გადმოვიდა ჩვენს უნივერსიტეტში

-ხომ იცი, მთავარია თავდაჯერებული იყო და ინიციატივის გამოჩენის არ შეგეშინდეს. დანარჩენს მოევლება

-კარგი რა ელ, ხომ იცი, გოგონებს ათლეტური ბიჭები მოსწონთ -უკმაყოფილოდ დახედა თავის ღიპს და მას ხელი შემოარტყა -ამ უკანონო მიშენებას რა ვუყო? მასთან შეხვედრისას უჯრაში შევინახო და სახლიდან ისე გავიდე?

-გეუბნები სპორტ-დარბაზში გახსენი აბონემენტი-მეთქი და არ მისმენ

მიშკამ მობეზრებით ამოიხვნეშა.

-გეყოფა რა, კარგად იცი ვარჯიში როგორ ძალიანაც მეზარება ისევ დიეტებს უნდა გადავხედო

-მახსოვს როგორც სრულდება შენი დიეტები. ერთი დღე გაუძლებ და მერე უკვე იმაზე იწყებ თეორიების წამოყენებას, რომ ჭამა ის ბედნიერებაა, რაც ადამიანმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოიკლოს -მეგობრის ხმის იმიტაცია გააკეთა ელენემ ბოლო სიტყვებზე, მერე კი თავისი ყავის ქაფში თითი ამოუსვა და იგი ცხვირზე წაუსვა მიშკას.

-მშვენიერია, ყოჩაღ! თუ შოკოლადის სიროფსაც დამიმატებ, შეიძლება დესერტადაც გამოვდგე

-სხვათა შორის, ზედმეტად დიდი დესერტი ხარ, იმისთვის, რათა შენი ბოლომდე შეჭმა შევძლო

-ჰო, მიდი იხუმრე ჩემს წონაზე, შენგან სხვას არც ველოდი

-ისე, მეც მაქვს შენთვის რაღაც სათქმელი -სხვა თემაზე გადაუტანა ელენემ. დილიდანვე უნდოდა მისთვის, თავისი სახლის ახალ ბინადარზე მოეყოლა და ახლა შესანიშნავი შანსი ეძლეოდა ამის გასაკეთებლად.

-მაინც რა უნდა მითხრა?

-ჩემს სახლში ერთი ოთახი გავაქირავე -ამბის მთავარი ნაწილის თქმამდე, მოკლე შესავლის გაკეთება გადაწყვიტა გოგონამ.

-ოთახი გააქირავე? და ვის მიაქირავე?

-არ დაიჯერებ და თავად ნიკოლას აბრამოვს



ამ სიტყვების გააზრებისას, მიშკამ თავის ანანასის წვენს ხელი შეუშვა და თვალებიც ორი ზომით დიდი გაუხდა. ბიჭის სახეზე, გაოცებასთან ერთად ეჭვებიც იკითხებოდა. ნამდვილად არ ჩანდა მიღებული ინფორმაციით აღფრთოვანებული და ეს, ელენესთვისაც აშკარა გახდა.

-ჩუმად რატომ ხარ? არაფერს მეტყვი?

-ელენე, რა უნდა მაგ ტიპს შენს სახლში?! -მკაცრი ტონი ადვილი შესამჩნევი იყო მიშკას ხმაში -უკვე ასეთი მეთოდებით ცდილობს გოგოებისთვის თავბრუს დახვევას?

-ეგ არაფერ შუაშია, უბრალოდ ოჯახში რაღაც პრობლემები აქვს და სახლიდან წამოვიდა -სცადა სიტუაცია აეხსნა, რათა გაუგებრობა არ მომხდარიყო -გეფიცები, სანერვიულო არაფერია

-ელე, ეგ აბრამოვი ძალიან მაცდური ვინმეა და ეჭვი მაქვს, შენც ისევე დაგაკარგვინებს თავს, როგორც სხვებს. თვითონაც ხომ იცი, ნახევარი უნივერსიტეტის ქათმისტვინა გოგოები მაგ ტიპზე როგორაც აბოდებენ?

-მერე მე ქათმისტვინას ვგავარ?

-კარგი, შეიძლება არ ჰგავხარ, მაგრამ შენც ქალი ხარ და ხომ ხვდები? თქვენმა ასეთმა სიახლოვემ შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს

-კარგი რა მიშკა, ვითომ არ იცი ჩემი გონება ვისითაცაა დაკავებული -უდარდელად განაგრძო ელენემ თავისი ყავის სმა -ნიკოლასი ჩემთვის უბრალო გამვლელია და მორჩა

-თუ გეგას გულისხმობ, თქვენს შორის არაფერი ხდება და ნებისმიერ წამს შეიძლება შეგეცვალოს შეხედულებები -დარწმუნებით მიუგო, თან სევდიანად ამოთქვა -რას გაუგებ ამ ქალურ ლოგიკას? თქვენგან ყველაფერია მოსალოდნელი

-მიშკა, ჭამის დროს აშკარად სისულელეებს ამბობ, ჯობს მხოლოდ ერთი საქმით დაკავდე -სიცილით მიუგო ელენემ და კვლავ თავის დესერტს მიუბრუნდა, მთელი შემართებით.



.
სახლის ზღურბლის გადაბიჯებისას, მაშინვე თავის საძინებელს მიაშურა გოგონამ და ტანსაცმლის გახდის შემდეგ, პირდაპირ საშხაპე კაბინას შეაფარა თავი. დამღლელი ლექციებისგან გამოფიტულს, ახლა გრილი წყალი ყველაზე სასიამოვნო რელაქსაციად ესახებოდა. მისი საყვარელი ლავანდის შხაპის გელი, ამჯერადაც მთელს ტანზე გადაინაწილა და კვლავ გაეხვია სასიამოვნო სურნელის ბურუსში. როგორც ელოდა, წყლის გრილმა წვეთებმა, დადებითი გავლენა მოახდინეს მის სხეულზე და ერთიანადაც გამოაფხიზლეს. იმ დღეს, არანაირი შეკვეთა არ ჰქონდა საკონდიტროდან, ამიტომ, შეეძლო თავისუფლების გემოთი ბოლომდე დამტკბარიყო.
შხაპის მიღების დასრულებისა და წყლის ჭავლის გადაკეტვის შემდეგ, გოგონამ, სველ სხეულზე პირსახოცი მაგრად შემოიჭირა და დაორთქლილი კაბინიდან გამოვიდა. საძინებელში დაბრუნებულს, სადაც მისი ტანსაცმელი ლამაზად დაკეცილი ელაგა, თვალში პირველად საწოლის თავზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ დაკიდებული, მართკუთხედ ჩარჩოებში ჩასმული, თეთრ ფონზე შავი ასოებით წაწერილი სამი სიტყვა - „Live”, “Laugh”, “Love” იყო.
სიგიჟემდე უყვარდა გოგონას თავისი საძინებელი. ეს იყო ადგილი, სადაც დამღლელი დღის შემდეგ, ფიზიკურადაც ისვენებდა და ფსიქოლოგიურადაც. რა თქმა უნდა, ყველაფერი საკუთარი გემოვნებით ჰქონდა მოწყობილი. იქაურობა ნაკლებად გადატვირთული და საკმაოდ დახვეწილი სტილით გამოირჩეოდა. საწოლის თავზე, ელენეს, ხელნაკეთი ჭაღი ჰქონდა ჩამოკიდებული. ეს უკანასკნელი, მთლიანად ბამბისგან გახლდათ დამზადებული, ხოლო შიგნით, მკრთალი ოქროსფერი განათების ნათურა ჩაესვათ, პირდაპირ ცენტრში.
ელენემ კიდევ ერთხელ ახედა ოდნავი ღიმილით თავის საყვარელ ჭაღს და საწოლზე დალაგებული ტანსაცმლის ჩაცმას მოჰყვა. მოწესრიგებაში დიდი დრო ნამდვილად არ დაუხარჯავს. არც სველი თმის გაშრობით შეუწუხებია თავი. როგორც კი შორტითა და მაისურით შეიმოსა, მაშინვე ქვედა სართულზე ჩავიდა და სახლის უკან გაშენებული ბაღისკენ აიღო გეზი. თუკი თავისუფალი დრო ჰქონდა, უნივერსიტეტიდან სახლში დაბრუნების შემდეგ, მუდამ ბაღში უყვარდა ხოლმე ჯდომა. იქ ყოფნისას ხან ხატავდა, ხან ფილმებს უყურებდა, ხანაც ეზოში გამოსულ გეგას აკვირდებოდა მალულად.
გოგონამ სახლის უკან მოსახვედრი მინის კარები გააღო და წამებში ბაღში ამოყო თავი. უნდოდა თავის საყვარელ მაგიდას მიჯდომოდა, ყვავილებისთვის ეყურებინა და რაიმე სასიამოვნო მუსიკისთვისაც მოესმინა, თავისი პლეილისტიდან, თუმცა რაზეც იმ წამს ფიქრობდა, ერთი ხელის მოსმით გაეფანტა გონებიდან, როცა მაგიდასთან, წიგნით ხელში მჯდომ აბრამოვს მოჰკრა თვალი, ქანდაკებასავით უძრავად რომ გამოიყურებოდა და წინ, საშუალო ზომის ლუდის ქილა ედო.
საშინელი დისკომფორტი გაუჩნდა გოგონას. თითქოს სწორედ იმ წამს გააცნობიერა მთელი სიცხადით, რამდენად არაკომფორტული იყო მისთვის საკუთარი პირადი სივრცის სხვისთვის გაყოფა. რა თქმა უნდა, ბაღში დაჯდომა მაშინვე გადაიფიქრა. სანამ ნიკოლასი შენიშნავდა, ამჯობინა სამზარეულოში შებრუნებულიყო და რამე საჭმლის მომზადებით მაინც გაეყვანა უზღვავი თავისუფალი დრო. ასეც მოიქცა, გაზქურის გვერდით მიკიდებული ყვავილებიანი წინსაფარი მოირგო, ღრმად ამოისუნთქა და პასტის მომზადებას შეუდგა, ყველითა და ქათმის ხორცით. მართალია, კალორიული კერძების მიღებას ყოველთვის ერიდებოდა ხოლმე, თუმცა გარკვეულ დღეებში თავს უფლებას აძლევდა გამონაკლისიც დაეშვა. ახლაც სწორედ ასეთი შემთხვევა ჰქონდა, ამიტომ, მხიარულად მოიმარაგა საჭირო ინგრედიენტები და მზადების პროცესს დიდი ენთუზიაზმით მიჰყო ხელი. პარალელურად, ყურსასმენებით დაიცო ნიჟარები და რჩეული მუსიკის Ed Sheeran-Perfect-ის თანხლებით განაგრძო წამოწყებული საქმიანობა.
საკუთარ საქმეში გართულმა ვერც კი გაიგო დამატებითი პირის შემოსვლა სამზარეულოში. იმ წუთას ხახვის დაჭრით გახლდათ დაკავებული, თან მშვიდ მელოდიას ტანს რიტმულად აყოლებდა. თავისი საქმე მხოლოდ მაშინ შეწყვიტა, როცა თაროდან ზეთის ჩამოსაღებად მიტრიალდა და მინი-ბარს მიყრდნობილ, მომღიმარ ნიკოლასს მოჰკრა თვალი, მზერას წამითაც რომ არ აშორებდა და ცალ ხელში მობილურს ატრიალებდა.
ელენემ ყურსასმენები მაშინვე მოიხსნა. ნამდვილად არ ელოდა აბრამოვის იქ გამოჩენას და ცოტა არ იყოს, შეეშინდა კიდეც.
-შენ რა, დიდი ხანია მანდ დგახარ? -საკუთარი ხმა, თვითონვე ეუცნაურა ამის თქმისას. ბიჭის იდუმალებით მოცულ ღიმილზე, მაშინვე მიშკას სიტყვები გაახსენდა, სადაც ეუბნებოდა აბრამოვი საკმაოდ მაცდური ვინმეა, ფრთხილად იყავიო და გულში გაეცინა. ნუთუ მის შებმასაც ცდილობდა ნიკოლასი? თუ ნამდვილად ასე იყო, მაშინ მოუწევდა საშინელი იმედგაცრუება განეცადა და პირველად ეგემა ცხოვრებაში მარცხის სიმწარე.
-არა, ახლახანს შემოვედი -ამჯერად სერიოზული სახით იდგა ბიჭი -სხვათა შორის, შევამჩნიე, რომ შენს მაცივარში ბოსტნეულის გარდა არაფერია, ყველაზე მეტად კი სტაფილო ჭარბობს
-ჰო, სტაფილო ძალიან მიყვარს -თაროდან ზეითუნის ზეთი ჩამოიღო ელენემ და კერძს ოდნავ მოასხა, თან ხის მოზრდილი კოვზით მოურია ამ უკანასკნელს
აბრამოვი გოგონას მიუახლოვდა და ცნობისმოყვარედ ჩამოდგა მის გვერდით. ელენემ მაშინვე იგრძნო ნიკოლასისთვის დამახასიათებელი გრილი, ევკალიფტის არომატი და სიამოვნებისგან თვალები დახუჭა. უნდა ეღიარებინა, ეს სურნელი სიგიჟემდე მოსწონდა.
-რაღაც მკარნახობს, რომ ჯანსაღ კვებას მისდევ -კვლავ ალაპარაკდა ბიჭი, თუმცა როდესაც გოგონას მზერა დააფიქსირა, დაამატა : - უბრალოდ ერთ სახლში გვიწევს ცხოვრება და შენს უკეთ გაცნობას ვცდილობ, სულ ესაა
-თუ ასეა, გეტყვი, რომ კარგი ინტუიცია გაქვს
-ანუ, სწრაფი კვება, ტკბილეული და ყველაფერი ამდაგვარი, სრულიად ამოღებული გაქვს კვების რაციონიდან?
-ასეც ვერ ვიტყოდი -თან მზადებას განაგრძობდა ელენე, თან ესაუბრებოდა -ტკბილეულიდან შავ შოკოლადს ვჭამ ხოლმე, ხოლო რაც შეეხება სწრაფ კვებას, ეგ ნამდვილად არ არის საჩემო. ძალიანაც რომ მინდოდეს, პირში ნამდვილად ვერ ჩავიკარებ
აბრამოვი ოდნავი ღიმილით უსმენდა მის თითოეულ სიტყვას, ბოლოს კი კომენტარიც გააკეთა :
-ვაღიარებ, კარგი ნებისყოფა გაქვს, თუმცა ერთი დღე იქნება, ბოლოს მოგიღებს ეგ ჯანსაღი კვება
-მაინც რატომ?
-იმიტომ, რომ გემრიელ საჭმელზე უარის თქმა ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, ნერვების გაფუჭება შენს სასიყვარულო ურთიერთობებზე აისახება უარყოფითად. ამას მეორე ნახევართან გამუდმებული კამათი მოჰყვება შედეგად, კამათს გამუდმებული ჩხუბი, გამუდმებულ ჩხუბს კი დაშორება. ამის მერე, უკვე დეპრესიული ფონი შემოგიტევს და ასე შემდეგ
-ისე, ნამდვილად არ ვიცოდი ამდენი სიტყვის ერთმანეთზე გადაბმა თუ შეგეძლო. უნივერსიტეტში ძირითადად სულ ჩუმად ხარ და თუ ლაპარაკობ, ძალიან ცოტას და ზომიერად
აბრამოვს ირიბად ჩაეცინა გოგონას სიტყვების მოსმენისას.
-ანუ, მაკვირდები ხოლმე -უთხრა მან გამომცდელი მზერით, თან თვალები ეჭვით დააწვრილა
-დიდი დაკვირვება არ მჭირდება იმისთვის, რათა ადამიანის ხასიათის შესახებ ელემენტარული დასკვნა დავდო
-მოკლედ პასუხი ყველაფერზე გაქვს, ადამიანი ვერაფერში ჩაგჭრის და ვერც, დაგაბნევს
-შენც ხომ არ შეჭამ? -სხვა თემაზე გადაუტანა, თან მზერით კერძისკენ ანიშნა გოგონამ.
აბრამოვმა თავი დაუქნია.
-სიამოვნებით, საკმაოდ მადისაღმძვრელი სურნელი აქვს
-შენ გემო უნდა ნახო -მარჯვენა თვალი თავმომწონედ ჩაუკრა ელენემ -მოკლედ, თუ ასეა, თეფშებს ბაღში გავიტან და იქ ვისადილოთ. კარგ ამინდებში ყოველთვის იქ ვჭამ ხოლმე
-მშვენიერი აზრია -ოდნავი ღიმილით დაუმოწმა ნიკოლასმაც და კარადიდან ორი თეფში გამოიღო, ჩანგლებთან ერთად -თან საუბარში დროსაც გავიყვანთ, მაინც არც ერთს არ გვაქვს არანაირი საქმე . . .
ელენე უბრალოდ თავის დაქნევით შემოიფარგლა და გაზქურაც სწრაფად გამორთო. მერე თავისი ყვავილებიანი წინსაფარი მოიხსნა, ტაფის სახელურს ხელი მოჰკიდა და დიდ კოვზთან ერთად, იგი იმ მაგიდისკენ წაიღო, სადაც ნიკოლასი უკვე თეფშების დალაგებით იყო გართული.
როგორც კი სახლიდან გამოსული ელენე შენიშნა ბიჭმა, მაშინვე ფეხზე წამოდგა, ტაფა ჩამოართვა, ისიც თვითონ მიიტანა მაგიდასთან, შემდეგ კი კერძის თეფშებზე გადანაწილებას შეუდგა, გამოცდილი შეფ-მზარეულის მზერით.
ოდნავ გაოცებული ადევნებდა თვალს ამ ყველაფერს ელენე. მისდამი აბრამოვის დამოკიდებულება, უნივერსიტეტსა და სახლში ისე განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, როგორც თეთრი და შავი. სწორედ აღნიშნული ფაქტი იწვევდა გოგონას გაკვირვებას.
-ასე რატომ მიყურებ? -როდესაც პასტას თეფშებზე გადანაწილებას მორჩა, მაშინვე შეეკითხა ნიკოლასი. ელენეს ოდნავ ჩაეღიმა, თან უფრო მოხერხებულად მოთავსდა სკამზე
-არა, არაფერი, უბრალოდ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სახლში ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, ხოლო უნივერსიტეტში, განცალკევებულ პლანეტებზე მცხოვრები ადამიანები ვხდებით
-ჰოო, ამაზე რატომღაც არ მიფიქრია -მერე პირველი ლუკმა ჩაიდო პირში, რამდენიმე წამით უხმოდ ღეჭა, შემდეგ კი სახეზე ოდნავი კმაყოფილება გამოესახა და ელენეს შეხედა
-იმაზე უფრო გემრიელი გამოგსვლია, ვიდრე ველოდი, ყოჩაღ
-მგონი პასტას მომზადებაში ნელ-ნელა სპეციალისტი ვხდები
-მგონი ახლა თავს იქებ
-არა, უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავ -მიუგო სიცილით და თვითონაც დააგემოვნა თავისი ნახელავი
-ეს ბაღი მთლიანად შენი ნახელავია? -ირგვლივ მიმოიხედა და საუბრის თემა შეცვალა ნიკოლასმა
-ჰო, აქ რომ გადმოვედი, ეს ტერიტორია მთლიანად ცარიელი იყო
-და ეს რა ყვავილია? -მაგიდაზე ქოთნით დადებულ, იმ ვარდისფერ მცენარეზე ანიშნებდა ბიჭი, რომელიც ზუსტად მათ შუაში იდო, რომანტიკული ვახშმის გასალამაზებელი სურნელოვანი სანთელივით
ელენემ, მხოლოდ ლუკმის გადაყლაპვის შემდეგ გასცა პასუხი მის კითხვას :
-აზალია ჰქვია -მიუგო ხმადაბლა -ამას საკუთარი შვილივით ვუვლი, ამიტომ ეცადე ადგილი არ მოუნაცვლო ხოლმე. ზაფხულში თუ ისეთ ადგილას დადგამ, სადაც ტემპერატურა ოცდაორ გრადუსს გადააჭარბებს, აუცილებლად გახმება, აქ კიდევ გრილა და საფრთხე არ ემუქრება
-რთული მოსავლელია? -სახეზე შეეტყო, რომ აშკარად დაინტერესდა აბრამოვი
-არც ისე, უბრალოდ სასურველია თუ მათთვის სპეციალურ მიწას იყიდი ყვავილების მაღაზიაში. ზაფხულში ხშირი, ხოლო ზამთარში ზომიერი მორწყვა სჭირდება და მორჩა. სხვა მხრივ პრობლემა არ შეიქმნება
-გეტყობა ძალიან გიყვარს შენი მცენარეები
-ისევე როგორც შენ, შენი კატა -მერე ჩაფიქრდა და ჰკითხა -ჰო მართლა, როდის მოიყვან აქ? ან, შენს სამსახურზე რა ისმის?
-საკურას დღეს საღამოს მოიყვანენ, ხოლო სამსახურს რაც შეეხება, კლუბში ვიშოვე ადგილი, ბარმენად. კვირაში ოთხი ღამე მიწევს მორიგეობა, ანაზღაურებაც ასე თუ ისე ნორმალურია, ამიტომ ოთახის ქირას არ დაგიგვიანებ -ბოლო სიტყვებზე თვალი ჩაუკრა და გაუღიმა აბრამოვმა
-ნუ ღელავ, არ ვაპირებ მაგ მხრივ დესპოტი ვიყო
-ესე იგი გამიმართლა
-ეგრე გამოდის
ამის შემდეგ, ორივენი მდუმარედ ჭამდნენ და ხმას არც ერთი არ იღებდა. ნიკოლასი თავის ფიქრებში ჩაძირულიყო და მოოქროსფრო თვალებით სადღაც უსასრულობაში იყურებოდა. მისგან განსხვავებით, ელენე თავის საყვარელ მცენარეს უყურებდა, თან მონოტონურად იდებდა ლუკმებს პირში. უხაროდა, რომ აბრამოვი აღარაფერს ამბობდა და ისიც სიჩუმეს ამჯობინებდა. მიუხედავად ყველაფრისა, ამ ადამიანთან ჯერ კიდევ უხერხულად გრძნობდა თავს და არც ხანგრძლივი დიალოგის გაბმის პერსპექტივით იყო მოხიბლული.
გოგონამ საკუთარი თეფში მოასუფთავა და საათს დახედა. უკვე ოთხი შესრულებულიყო. ხუთის ნახევრისთვის ვარჯიში ჰქონდა დაგეგმილი ელენეს. ამისთვის ზუსტად შესაფერისი დრო იყო -საკვების მიღებიდან ნახევარი საათიც იქნებოდა გასული და თავისუფლად შეეძლო ფიზიკური აქტივობით დაკავებულიყო.
-მე წავალ, საქმე მაქვს -თქვა და ფეხზე უმალ წამოდგა -რახან საჭმელი თავად მოვამზადე, აქაურობის მილაგება შენთვის მომინდვია
აბრამოვმა სიცილით დაუქნია თავი.
-ვერაფერს ვიტყვი, სამართლიანია
-თუ ასეა, დატრიალდი ნიკოლას -თვალი ჩაუკრა და იქაურობას ისე გაეცალა, ბიჭის პასუხს აღარ დალოდებია. არც ის ღიმილნარევი მზერა შეუმჩნევია, რომელიც აბრამოვმა გააყოლა სახლისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიმავალს . . .




* * * *
ელენემ სპეციალურად ვარჯიშისთვის გამოყოფილ ოთახს მიაშურა, ხმის გამაძლიერებლებში მუსიკას აუწია და კედლის ზემოთა ნაწილში მიმაგრებულ ტელევიზორში, ფიტნესის ვიდეო-რგოლი ჩართო. ფიზიკური აქტივობის დროს, ერთიანად თავის სტიქიაში ეფლობოდა ხოლმე გოგონა და ამჯერადაც ასე მოხდა.
პირველ რიგში, პრესის ვარჯიშებით, კერძოდ კი „პლანკებით“ დაიწყო. შემდეგ უკვე ფეხის ვარჯიშებზე გადავიდა და ენერგიულად შეუდგა ჩაჯდომების კეთებას. იმ წამს, თავის სპორტულ შორტსა და მოტკეცილ სავარჯიშო ტოპში გახლდათ გამოწყობილი, თმა კი ცხენის კუდად აეკრა ზემოთ და ყოველ ათ წუთში, პირსახოცით იმშრალებდა ოფლის წვეთებით დაცვარულ შუბლს.
როდესაც ვარჯიშის დრო ნახევარ საათზე აიყვანა, იოგას ხალიჩაზე გულაღმა გაწვა და გადაწყვიტა ცოტა ხნით შეესვენა. ამისთვის ზუსტად ხუთი წუთი გამოყო და პატარა ტაიმერზე მონიშვნაც გააკეთა, რათა ოდნავადაც არ გადასცილებოდა დათქმულ დროს. ხალიჩაზე გაწოლილს და ჭერს მიშტერებულს, რატომღაც გეგას სახე დაუდგა თვალწინ. გოგონამ თვალები მაგრად დახუჭა, თითქოს ასე ბიჭის გამოსახულების გაქრობას შეძლებდა გონებიდან, თუმცა არაფერი გამოუვიდა. გეგა კვლავ დაუკითხავად იჭრებოდა მის ფიქრებში და მოსვენების საშუალებას არ აძლევდა.
მართლაც რატომ ეშინოდა ასე ძალიან ინიციატივის გამოჩენის? რა მოხდებოდა თავად რომ ეცადა ბიჭთან დაახლოვება? რა უშლიდა ხელს? არც კომპლექსიანი იყო და არც, ზედმეტად მორცხვი გოგო, ვინც მამრობითი სქესის წარმომადგენლის ერთ პატარა კონპლიმენტზეც კი პომიდორივით წითლდებოდა. რატომ არ შეიძლებოდა ახლაც დაესახა შესაფერისი გეგმა სასურველ ადამიანამდე მისაღწევად?
ელენემ ქუთუთოები ერთმანეთს დააშორა და კვლავ ჭერს ახედა. შემდეგ იქვე დადებული ტაიმერი შეამოწმა. სულ რაღაც ოცი წამი დარჩენოდა შესვენებისთვის. გამომდინარე იქედან, რომ მისი ორგანიზმი მეტ დასვენებას აღარ საჭიროებდა, გადაწყვიტა დარჩენილი წამების გასვლისთვის აღარ დაეცადა, იოგას ხალიჩაზე ოთხზე დადგა და ის-ის იყო, Donkey Kicks-ად წოდებული ვარჯიშის კეთებას მოჰყვა, რომ მოულოდნელად შემოღებულმა კარმა გააწყვეტინა დაწყებული საქმე. გოგონამ თვალები აატრიალა, მუხლებზე დადგა და ზღურბლთან მდგომ ნიკოლასს, კითხვის ნიშნებით სავსე მზერით შეხედა.
-მოხდა რამე? -ჰკითხა მკაცრად. აშკარად არ ესიამოვნა ბიჭის ასეთ დროს შემოჭრა თავის პირად სივრცეში
-მაპატიე, არ შემოვიდოდი, მაგრამ უკვე მეოთხედ გიშვებს ვიღაც ზარს ტელეფონზე -თავის მართლების ტონი ჰქონდა ბიჭს -ვფიქრობ რაღაც სერიოზულია და უნდა უპასუხო
გოგონა უხმოდ წამოდგა და ნიკოლასს მობილური ჩამოართვა. საერთოდ არ გახსენებია, რომ ახლა ზედმეტად გამომწვევი სავარჯიშო სამოსით იდგა მის წინაშე, უბრალოდ ეკრანს დახედა და ზარის ავტორის ვინაობის გაგებისას, წარბები შეკრა. თავად დედამისი, ჟანეტი ურეკავდა რვათვიანი პაუზის შემდეგ.
ელენემ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და მობილურის ეკრანი კვლავ ჩააბნელა. ახლა მასთან საუბარი ყველაზე ნაკლებად სურდა, ამიტომ გადაწყვიტა თუ კიდევ დარეკავდა, ყურმილი არავითარ შემთხვევაში არ აეღო.
-ვინმე უსიამოვნო ადამიანი გირეკავდა? სახე შეგეცვალა -ნიკოლასი გამომცდელი მზერით შეეკითხა, თუმცა მერე თავი გადააქნია და დაამატა : -პრინციპში რა ჩემი საქმეა, ჯობს ამ თემაზე კითხვები აღარ დაგისვა
-ჰო, კარგი იქნებოდა -კვლავ იოგას ხალიჩაზე გაწვა ელენე და ვარჯიში ისე განაგრძო, თითქოს ნიკოლასს იქ ფეხი საერთოდ არ შეედგა
ბიჭი, ამ დროს ფიტნეს ინსტრუქტორივით გულხელდაკრეფილი იდგა და ელენეს თითოეულ მოძრაობას ადევნებდა თვალყურს. ბოლოს, მის სიახლოვეს ჩაიმუხლა და დუმილიც დაარღვია :
-ამ ვარჯიშს ცუდად აკეთებ, ზურგი ბოლომდე სწორად არ გაქვს -წელის ზედა ნაწილზე დაადო ხელი ამის თქმისას და თავად სცადა გაესწორებინა. გოგონამ მაშინვე იგრძნო ნიკოლასის სხეულიდან წამოსული ევკალიფტის სურნელი და კიდევ ერთხელ გაეღიმა სიამოვნებისგან
-გეტყობა ამ სფეროში გამოცდილება გაქვს
-რაღაც მაგდაგვარი -როგორც კი დაინახა, რომ ხერხემალი უკვე სწორად ეჭირა, მის წელსაც მოაშორა ხელი -ისე, ამ ყველაფერს რატომ აკეთებ? ვინმე მოგწონს, თუ უბრალოდ ფორმაში გინდა ყოფნა?
-ცხოვრების სტილი მაქვს ასეთი, მხოლოდ ვინმეს მოწონება რა შუაშია?
-აჰა, ანუ მაინც აღიარებ, რომ ვიღაც მოგწონს
ელენემ ვარჯიში შეწყვიტა, შუბლი კვლავ პირსახოცით შეიმშრალა და აბრამოვის შეკითხვასაც მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხა :
-შეიძლება ეგრეც ითქვას, თუმცა სერიოზული არაფერი ხდება
-ჩვენი კურსიდანაა ვინმე? ახლა არ თქვა სამსონიძე მომწონსო, თორემ დღესვე წავალ ამ სახლიდან -სიცილით დააყოლა ბოლოს
-საიდან დაასკვენი, რომ სამსონიძე მომწონს? -ვერც ელენემ შეიკავა სიცილი
-არ ვიცი, ბოლო პერიოდში ხშირად გხედავთ ხოლმე ერთად . . . ერთხელ თავისი მოტოციკლითაც კი მოგიყვანა უნივერსიტეტში
-ჰო, ეგ დღე მეც მახსოვს, თუმცა ჩემსა და ირაკლის შორის მსგავსი არაფერი ხდება -უარყოფის ნიშნად გააქნია თავი ამის თქმისას
-ვინც არ უნდა იყოს, შემიძლია დაგეხმარო მის მოხიბვლაში
ელენემ ეჭვით დააწვრილებული თვალებით გამოხედა თანამოსაუბრეს.
-შენ როგორ უნდა დამეხმარო?
-თუ დაგავიწყდა, გეტყვი, რომ მეც მამრობით სქესს ვეკუთვნი და მშვენივრად ვიცი, როგორ უნდა დააკარგვინოს თავი ქალმა, მამაკაცს
-გმადლობ, მაგრამ არ ვაპირებ მარიონეტი ვიყო, ვინც სხვისი დაწერილი სცენარის მიხედვით მოქმედებს -მერე დაფიქრდა და დაამატა :- მაგრამ თუ შენი რჩევებიდან რომელიმე ჩემი ხასიათისთვის შესაფერისად ჩავთვალე და მომეწონა, შეიძლება გავითვალისწინო კიდეც
აბრამოვს ოდნავი ღიმილი მოჰგვარა გოგონას კომენტარმა, შემდეგ კი, იატაკიდან ფეხზეც წამოდგა.
-კარგი, მაშინ ჩემს საფირმო სასმელს მოვამზადებ, ვერანდაზე დავსხდეთ და გამოცდილებებს გაგიზიარებ . . . შენ მანამდე შხაპი მიიღე -თვალი ჩაუკრა ამის თქმისას და სავარჯიშოდ გამოყოფილ ოთახში, ელენე კვლავ მარტო დატოვა.





.
ნიკოლასი და ელენე, ვერანდაზე დადებულ კრემისფერ პუფებში ისხდნენ, ხელში მარწყვის სმუზით სავსე, მოზრდილი ჭიქები ეჭირათ და აივნიდან მონაქროლ თბილ სიოს, ყვავილების ნაზი სურნელი რომ მოჰქონდა, სახეს სიამოვნებით უხვედრებდნენ.
აბრამოვს, პირობისამებრ, მართლაც მოემზადებინა როგორც თვითონ ამბობდა -„საფირმო სასმელი“, რამაც ელენეს დიდი მოწონებაც დაიმსახურა, ყველაფერთან ერთად.
-კონკრეტულად რომელი ინგრედიენტები გამოიყენე? რა მოხდება, რომ მასწავლო? -კიდევ ერთხელ ჰკითხა გოგონამ, რადგან პირველ ჯერზე, აბრამოვმა რეცეპტის გამხელაზე კატეგორიული უარი განუცხადა
-ასე დაჟინებით რატომ მთხოვ, გინდა ჩემი წასვლის შემდეგაც ხშირად მოამზადო ხოლმე, არა?
-ჩემი კვების რაციონის გამო, ხშირად ნამდვილად ვერ მოვამზადებ, მაგრამ ხანდახან შეიძლება
ნიკოლასმა, გოგონას მუდარით სავსე მზერას შეხედა და გადაწყვიტა, ბოლოს და ბოლოს დათმობაზე წასულიყო.
-კარგი, კარგი, გეტყვი -პუფში უფრო მოხერხებულად მოკალათდა ის -რძე აქვს, მარწყვი, ბანანი, შოკოლადის სიროფი, ვანილი, თაფლი და ერთი საიდუმლო ინგრედიენტი
-საიდუმლო ინგრედიენტი, ანუ შაქარი -კმაყოფილს ჩაეცინა ელენეს
-ყოჩაღ, თქვენ გამოიცანით და გადასული ხართ შემდეგ ტურში
-პრიზი რა არის? -ხუმრობაში აჰყვა ელენეც. ნიკოლასს წამიც არ დასჭირვებია პასუხის გასაცემად :
-პრიზი გულახდილობა იქნება -გამომცდელი მზერაც მოაყოლა ამ სიტყვებს მან
-გულახდილობაში რას გულისხმობ?
-უნდა გამოტყდე ვისით ხარ დაინტერესებული. კურსზე ყინულის პრინცესას იმიჯი გაქვს მორგებული და მართლა მაინტერესებს, ასეთი ვინაა შენი ყურადღების ღირსი რომ გახდა
-რა მნიშვნელობა აქვს, მაინც არ იცნობ
-გასაგებია, ანუ დუმილის უფლებას იყენებ
-შენ კი, ალბათ რაღაც ძალიან კარგი რჩევები გაქვს, ასე რომ ეძიები ამ საკითხს
-თუ საქმე რჩევებზე მიდგა, ჯობს ჩაცმით დავიწყოთ -დაკვირვებით აათვალიერა ამის თქმისას, თან დაამატა -მართალია შენი სპორტული ჩაცმის სტილი ძალიან მომწონს, მაგრამ მამაკაცებს, ბევრად უფრო მეტად, ქალის კაბებში ხილვა გვიღვივებს მათდამი ლტოლვას. შეეცადე ჯინსის შარვლები ხანდახან მაინც ჩაანაცვლო კაბით და კედების მაგივრად, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ატარო
-იმ ფაქტს რა ვუყოთ, რომ ეგ საჩემო არ არის?
-უნდა შეეცადო გახდეს . . . ახლა კი ადექი, საქმე მაინც არაფერი გვაქვს და შემიძლია საყიდლებზე გაგყვე, როგორც პროფესიონალი მრჩეველი -ფეხზე წამოდგა ამის თქმისას ბიჭი
-რაო რაო?
-რაც გაიგე, მიდი, მიდი, ადექი -მკლავში ჩაავლო ხელი ნიკოლასმა -ტყუილად გაქვს იმედი, ამას მაინც ვერ გადაურჩები
-სერიოზულად? ახლა მართლა შოპინგზე მიმათრევ?
-პირველი ქალი ხარ, ვისთან ერთადაც საყიდლებზე გადავწყვიტე წასვლა, ეს დღე კალენდარზე უნდა მოვნიშნო -ღიმილით განაცხადა ნიკოლასმა და გოგონას სახლში შესასვლელი კარისკენ უბიძგა . . .


- - - -
კაბების სექციას მდგომ ელენეს, ვისაც ჯერ კიდევ უჭირდა თავისი და ნიკოლასის ერთობლივი „შოპინგ-ტურის“ რეალურობაში დარწმუნება, ბიჭმა გამჭვირვალე, თეთრი საცვლების ნაკრები მიუტანა და ლამის ცხვირწინ აუფრიალა ეს უკანასკნელი.
-უმჯობესი იქნება ასეთებს თუ ატარებ. სხვათა შორის ფასდაკლება ყოფილა
ელენემ, ნიკოლასის ხელში დაჭერილი საცვლები დაკვირვებით შეათვალიერა და გაბრაზებულმა, ბიჭს მკლავზე მწარედ უჩქმიტა.
-რა დღეში ხარ? -ჰკითხა წარბის აწევით -ახლავე წადი და ეგ რაღაცები თავის ადგილას დააბრუნე!
-კარგი, კარგი, Pardon -ხელები დანებების ნიშნად ასწია და სიცილით გაემართა შიდა თეთრეულის სექციისკენ, აღებულის უკან დასაბრუნებლად
გოგონამ კვლავ მშვიდად განაგრძო კაბების თვალიერება. რამდენი არ ეძება, თუმცა ბოლომდე თავის მოსაწონ სტილს ვერა და ვერ მიაკვლია. ერთხელ, მაღაზიის თანამშრომელმაც შესთავაზა დახმარება, თუმცა კონსულტანტი ზრდილობიანი უარით გაისტუმრა და კვლავ სექციებს შორის განაგრძო სიარული. ამ პროცესში იყო გართული, როდესაც ისევ ნიკოლასი დაადგა თავზე. ამჯერად, სხვადასხვა სტილისა და ფერის კაბები ეჭირა მარჯვენა ხელში, ხოლო მარცხენაში, მუქი ლურჯი, საკმაოდ დახვეწილი ფეხსაცმელი დაეკავებინა.
-შენ თუ გიყურე, მთელი დღის განმავლობაში ვერ მოვრჩებით აქ სიარულს -უთხრა ბიჭმა -წამოდი, რამდენიმე კაბა აგირჩიე და გასახდელში მოიზომე, ვფიქრობ შენი სტილი უნდა იყოს
-სტილებში ასე კარგად ერკვევი? -სიცილით გადააქნია თავი გოგონამ, თან ფეხდაფეხ მიჰყვა აბრამოვს
-ნუ დამცინი, მე აქ შენს დახმარებას ვცდილობ და სხვათა შორის, გემოვნებაც კარგი მაქვს, ამიტომ შეგიძლია მენდო
-კარგი, ვნახოთ ერთი რა შეარჩიე -გასახდელთან მისულმა, კაბები სწრაფად ჩამოართვა ნიკოლასს, ფარდის მიღმა გაუჩინარდა და არჩეული ოთხი კაბიდან, პირველად, შავი ფერის, ოდნავ ზურგამოღებული სამოსი ამოარჩია. უნდა ეღიარებინა, საკმაოდ სადა და დახვეწილი მოდელი იყო, ამაში კი, ქსოვილის სხეულზე მორგებამ უფრო მეტად დაარწმუნა. იმდენად მოხდენილად ადგა ტანზე ნიკოლასის შერჩეული სამოსი, სახეზე კმაყოფილების ღიმილიც კი მოადგა. ვერც დანარჩენ კაბებს მოუძებნა რამე ნაკლი და ამის გამო, გაოცებულიც კი დარჩა თანაკურსელის გემოვნებით. როდესაც ბოლო, ალუბლისფერი, ტანზე მომდგარი კაბა მოირგო და სარკის წინ დატრიალდა, გააცობიერა, რომ ყველაზე მეტად სწორედ ეს უკანასკნელი უხდებოდა. იმდენად ეფექტურად გამოიყურებოდა, მოკლე, მკერდზე ლამაზად ამოჭრილ კაბაში, გადაწყვიტა იგი აუცილებლად შეეძინა და უკვე გამოცვლაც უნდა დაეწყო, როცა აბრამოვის ხმა მოესმა ფარდის მეორე მხრიდან :
-იქნებ, ერთ-ერთ მათგანში მაინც დამენახო -ეუბნებოდა ბიჭი -მაინტერესებს გაამართლა თუ არა ჩემმა ინტუიციამ
-ვფიქრობ გაამართლა -ხმადაბლა გამოსძახა გოგონამ
-თუ ასეა, მეც მაჩვენე
რამდენიმე წამით სიჩუმემ დაისადგურა. არც ელენე იღებდა ხმას და არც, ნიკოლასი, თუმცა მცირედი დროის გასვლის შემდეგ, გასახდელის ფარდა აშრიალდა და იქედან ალუბლისფერ კაბაში გამოწყობილმა გოგონამ გამოაბიჯა, ქერა კულულების სწორებით. ნიკოლასმაც ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, რათა ელენე უკეთ შეეთვალიერებინა. აშკარა იყო, საკუთარი არჩევნით ძალიან გახლდათ კმაყოფილი და ეს არა მარტო მზერით, არამედ სიტყვებითაც გამოხატა :
-იდეალური ხარ . . . ყველა ასპექტსა და კონტექსტში -მეტად სერიოზული, ოდნავ არეული ხმით ამოთქვა აბრამოვმა. უყურებდა ელენეს მოხდენილ ფიგურას, იმას, თუ როგორ სექსუალურად ადგა ტანზე მატერია და სხვა მხარეს გახედვა არ უნდოდა. აშკარად ზედმიწევნითი სიზუსტით მოეხერხებინა გოგონასთვის სტილის შერჩევა. ეს ერთი შეხედვითაც აშკარად ჩანდა
-სხვათა შორის, ოთხივე ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, ყველას ავიღებ
-სხვა რამის არჩევას აღარ გეგმავ? თუ გინდა, ცოტა კიდევ გაიარე და შეათვალიერე
ელენემ მაშინვე გადააქნია თავი უარის ნიშნად.
-არა, არა, ძალიან დავიღალე და ჯობს სახლში დავბრუნდეთ
-იქნებ ამჯერად ტაქსით წავსულიყავით? ვერ ვიტან ავტობუსით მგზავრობას, მეტრო კიდევ მაგაზე ორჯერ მეტად მძულს
-აი მე კი ძალიან ვიხალისე იმის დანახვით, თუ როგორ დააცემინა იმ მოხუცმა ქალმა პირდაპირ შენს მხარზე, როცა აქეთ მოვდიოდით
-ძალიან გთხოვ, ეგ აღარ გამახსენო -სასაცილოდ შეჭმუხნა წარბები ამის თქმისას, აბრამოვმა. ელენემაც მეტად აღარ გააგრძელა და პირზე ელვის შეკვრის იმიტაცია გააკეთა
-წამოდი, სალაროსთან მივიდეთ და გადავიხადოთ -კაბები უფრო მოხერხებულად გადაიკიდა მკლავზე ამის თქმისას გოგონამ
ელენე და ნიკოლასი, კონსულტანტის დახლისკენ ერთობლივად დაიძრნენ. გოგონამ, შეძენილი სამოსი, მაღაზიის ლოგოიან კოსტიუმში გამოწყობილ მოლარეს გაუწოდა, ჩანთიდან საკრედიტო ბარათი ამოაცურა და ის-ის იყო, ეს უკანასკნელი დახლის მეორე მხარეს მდგომს გაუწოდა, რომ აბრამოვმა ხელი დაუჭირა, ჯიბიდან რაღაც ოთხკუთხედი ფორმის, სავიზიტო ბარათის მაგვარი რაღაც ამოიღო და კონსულტანტს ღიმილით გადასცა.
-ეს ყველაფერი ჩემს ანგარიშზე ჩაწერეთ და სხვა დროს გადავიხდი -უთხრა ბიჭმა მას, რითაც ელენეს გაოცებული მზერაც დაიმსახურა
კონსულტანტმა ბარათი ხელში აიღო, დახედა და იგი კვლავ მფლობელს დაუბრუნა, საპასუხო ღიმილით.
-როგორც ინებებთ, ბატონო ნიკოლას . . . კარგ დღეს გისურვებთ -მიუგო მან, თან კაბების შეფუთვას მოჰყვა
-ერთი წუთით, ერთი წუთით -აქამდე ჩუმად მდგომმა ელენემ, როგორც იქნა ჩარევა გადაწყვიტა და მკლავში ხელის ჩავლებით ბიჭი თავისკენ მიატრიალა -ნიკოლას, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ჩემს მაგივრად შენ რატომ უნდა გადაიხადო? ეს რა, შენი ოჯახის ერთ-ერთი მაღაზიაა? აქ ამიტომ წამომიყვანე?
-არა, ჩემი ოჯახის არა, მამაჩემის ერთ-ერთი კარგი მეგობრის საკუთრებაა აქაურობა -სიტყვა „მამის“ ხსენებაზე, სახე უცნაურად მოეღუშა, თუმცა ეს გამომეტყველება მალევე მოიშორა და კვლავ ძველი იერი დაიბრუნა -ნუ ღელავ, როცა შევძლებ მაშინ გადავიხდი, ამაზე არ იფიქრო
-ნიკოლას, მამაშენის მეგობარი არ მაინტერესებს, ტანაცმელი მე შევიძინე და ფულსაც მე ვიხდი! -აწეული წარბით უყურებდა მას ელენე
ბიჭს ოდნავ გაეღიმა. მიუხედავად გოგონას სიტყვებისა, კონსულტანტს ანიშნა კაბების შეფუთვა გაეგრძელებინა, შემდეგ კი ისევ ელენეს მიუტრიალდა :
-ძალიან გთხოვ, ახლა ჯიუტობა არ დაიწყო -კატეგორიული ტონი დაურთო თავის სიტყვებს, თან გოგონას მხარს შეეხო მარჯვენა ხელით და თვალებში ჩააშტერდა -უბრალოდ მინდა მადლობის ნიშნად გავაკეთო ეს ყველაფერი, რადგან შენს სახლში დარჩენის ნება დამრთე . . . თანაც, როცა ქალი და მამაკაცი საყიდლებზე ერთად მიდიან, ყოველთვის მამაკაცი უნდა იხდიდეს, ეს ურყევი აქსიომაა
-ურყევი აქსიომა კი არა სექსიზმი ჰქვია მაგ ყველაფერს . . .
-გპირდები, ამის შემდეგ მუდამ გენდერული თანასწორობის მომხრე ვიქნები, ამ ერთხელ კი როგორმე მაპატიე უვიცობის გამომჟღავნება
-მაგრამ ნიკოლას . . .
-მორჩა, შეპასუხების სერია დამთავრდა! -ტუჩებზე საჩვენებელი თითი ააფარა ამის თქმისას და კონსულტანტს თავად გამოართვა უკვე პარკებში გადანაწილებული კაბები -ახლა კი სახლში წავიდეთ და ცოტა გამოვიძინოთ, თორემ შენი არ იყოს, მეც საშინლად დავიღალე . . .





.
მომდევნო დღეს, ელენე, ნიკოლასის არჩეული ერთ-ერთი კაბით წავიდა უნივერსიტეტში, მისივე დაჟინებული თხოვნით. იმ დილით პირველად მოხდა, რომ ის და აბრამოვი, ლექციებზე ერთად მივიდნენ, აუდიტორიაშიც ერთად შეაბიჯეს, თუმცა როგორც კი ეს მოხდა, ნიკოლასს, მაშინვე პოპ-ვარსკვლავის ფან-კლუბივით შემოხვია გარს გოგონების გუნდი, რაზეც ელენეს ჩუმად ჩაეცინა, თვალები აატრიალა და ისე, რომ ბიჭისთვის არაფერი უთქვამს, პირდაპირ თავისი ადგილისკენ გაეშურა.
მაგიდასთან დაჯდომა და მიშკას შეტყობინების მიღება ერთი იყო. ეს უკანასკნელი სწერდა, რომ ლიზისთან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებდა და ამისთვის სასწრაფოდ სჭირდებოდა რომელიმე სწრაფმოქმედი დიეტა, რათა წონა უმოკლეს ვადებში დაეგდო. ელენეს ღიმილი მოერია მეგობრის შეტყობინების წაკითხვისას და სასწრაფოდ აკრიბა საპასუხო ტექსტი.
<< ანუ როგორც იქნა მივედით გონივრულ დასკვნამდე . . . ნეტავ უფრო ადრე გამოჩენილიყო ეგ ლიზი.>>
<< მე მეგონა შენ ასეთიც გიყვარდი>> -SMS-ის ბოლოს, მოწყენილი სმაილიც მიეხატა მიშკას
<< მართალია შენი ფუმფულა ლოყები ძალიან მომწონს, თუმცა საშინლად მაინტერესებს როგორი იქნები გამხდარი და ათლეტური, პრესზე კუბიკებით >>
<< აი ნახავ, ერთ დღეს ასეთიც წარვსდგები შენს წინაშე >>
ელენეს კიდევ უნდოდა რაღაცის მიწერა, თუმცა ამ დროს, მის გვერდით სამსონიძემ დაიკავა ადგილი და გოგონას იდილიაც, თითქოს ერთი ხელის მოსმით გაიფანტა.
-ასე ჩემთვის გამოიპრანჭე? -ჩვეული გამომწვევი ღიმილი გამოსახვოდა ბიჭს ბაგეებზე და ელენეს დაკვირვებით ათვალიერებდა. გოგონამ სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა საკუთარ თავს, რათა ნერვებს არ ემტყუვნათ და მშვიდად ლაპარაკი შესძლებოდა
-ჰო, შენთვის გამოვიპრანჭე -მიუგო სრული სერიოზულობით, თან თვალებიც უტეხად გაუსწორა -რას იტყვი, გამომივიდა ეფექტის მოხდენა?
ირაკლიმ რამდენიმე წამით გამომცდელი მზერით უყურა გოგონას, თუმცა შემდეგ თავი სიცილით გადააქნია, სკამის საზურგეს მოხერხებულად მიეყრდნო და ფეხები გაშალა.
-მართალია ძალიან ეცადე ირონიული ტონის გადაფარვას, მაგრამ მაინც ამოვიცანი ქერავ . . . ისე, გამიხარდებოდა ეგ სიტყვები რომ გულწრფელად გეთქვა
-ირაკლი, მგონი ჯობს სხვა გასართობი იპოვო და ჩემზე დროის კარგვას შეეშვა, დამიჯერე მაინც არაფერი გამოვა ამ საქმიდან
ბიჭს თვალებში იმედგაცრუება და ბრაზი ჩაუდგა, თუმცა სცადა ეს ყველაფერი გარეგნულად არ დატყობოდა და ელენეს მაჯას თითები ფრთხილად შემოხვია.
-წამოდი, აუდიტორიიდან გავიდეთ, შენთან საქმე მაქვს
-მალე ლექცია დაიწყება, თუ რამე გინდა, აქ მითხარი
-და’იკიდე ლექცია -ფეხზე სწრაფად წამოდგა და გოგონაც თავისკენ დაქაჩა სამსონიძემ, თუმცა ამ უკანასკნელისგან, დიდ წინააღმდეგობას გადააწყდა
-არსად წამოსვლას არ ვაპირებ ირაკლი! -კატეგორიული ტონი ადვილი შესამჩნევი გახლდათ ელენეს ხმაში -ახლა თუ შეიძლება პატივი დამდე და ხელი გამიშვი
-და რომ არ გაგიშვა? რას იზამ? -ამჯერად უკვე ბრაზის დაფარვა აღარ უცდია ირაკლის. ამის მაგივრად, გოგონა ფეხზე ძალით წამოაგდო, მაჯაში ხელი უფრო ძლიერად ჩაავლო და მაგიდაზე შემოდებული ზურგჩანთა ხელში მიაჩეჩა -აიღე შენი ნივთები და გამომყევი!
-ირაკლი, არსად წამოსვლას არ ვაპირებ და მორჩი ამ სისულელეებს -სცადა მაჯა გამოეტაცა, თუმცა ბიჭის ძალის წინააღმდეგ დიდად ვერაფერს გახდა -გამიშვი ირაკლი, მტკივა!
-გაგიშვებ, ოღონდ ჯერ ჩემს სურვილს აასრულებ და აქედან ჩემთან ერთად წამოხვალ
სტუდენტები ერთმანეთში საუბრით იყვნენ გართულნი. სამსონიძესა და ელენეს, ყურადღებას თითქმის არავინ აქცევდა, ამიტომ, ბიჭმა იგი ძალის გამოყენებით წაათრია გასასვლელი კარისკენ. ელენემაც შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა. რაც იყო, იყო, მოუსმენდა და შემდეგ კვლავ აუდიტორიაში დაბრუნებოდა. მართალია, ახლა სამსონიძესთან განცალკევებულ ლაპარაკს ყველაფერი ერჩივნა, თუმცა სიტუაციის გამწვავებაც არ სურდა, ამიტომ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და უკვე კარიდანაც უნდა გასულიყო ირაკლისთან ერთად, რომ აბრამოვის სიტყვებმა ერთიც შეაჩერა და მეორეც.
-მაგას ხელი გაუშვი სამსონიძე! -მტკიცე და ოდნავ გაღიზიანებული იყო ბიჭის ხმა. ირაკლიმ თავი მაშინვე მიატრიალა, თუმცა „მსხვერპლის“ მაჯაზე მაგრად შემოხვეული თითები კვლავ თავის ადგილას დატოვა
-შენ რა ერთი ადგილი გეწვის, აბრამოვის ლეკვო? -დაუფარავი ირონიით ჩაეკითხა -სილაგაძის ქმარი ხარ თუ დედამთილი?
-არც ერთი ვარ და არც, მეორე, თუმცა ხელს მაინც გაუშვებ!
-და რომ არ გავუშვა? -ამ კითხვის პარალელურად, სამსონიძემ, გოგონას წელზე მოხვია ცალი ხელი და თავისკენ მიიზიდა -ეს ადამიანი ჩემთან ერთად წამოვა და ამაში შენ ვერ შემიშლი ხელს
ელენემ სიტუაციის გამწვავება იგრძნო. თავის წელზე შემოხვეული სამსონიძის მკლავი საშინელ დისკომფორტს უქმნიდა, თუმცა ბიჭის ძალის წინააღმდეგ, ამჯერადაც უძლური აღმოჩნდა.
-გაუშვებ სამსონიძე, გაუშვებ -ისევ უწინდელი თავდაჯერებული ტონი ჰქონდა აბრამოვს. ამ უკანასკნელმა, ისე, რომ იქ შეკრებილთაგან ვერც ერთმა გააზრება ვერ მოასწრო, სამსონიძეს, შუბლში, შუბლი ჩასცხო, იმ ხელის იდაყვში მოუჭირა მაგრად რომელიც ელენეს მაჯაზე ჰქონდა შემოხვეული და თვალის დახამხამებაში მოაშორა იგი გოგონას.
-ახლა კარგად მომისმინე ნაბი*ვარო -ბრაზმა გაამუქა ამის თქმისას ნიკოლასის მოოქროსფრო თვალები. ხელები, სამსონიძის ორივე საყელოში ჩაევლო და ბასრ მზერას წამითაც არ აშორებდა -მშვენივრად ვიცი გოგონებთან როგორიც ხარ, ფუტკარის მსგავსაც, ყვავილიდან არომატის ამოცლას მიეჩვიე, თუმცა ელენე სილაგაძე იმ ზონად უნდა აქციო, სადაც შენი ბინძური ფეხის დადგმა გეკრძალება. მისი გამოყენების უფლებას არ მოგცემ!

სტუდენტებს საუბარი შეეწყვიტათ და მთელი ყურადღება მოჩხუბრებზე ჰქონდათ გადატანილი. აქამდე არავის ახსენდებოდა ასეთი გაცეცხლებული აბრამოვი და სწორედ ეს გამხდარიყო საყოველთაო ყურადღების მიზეზიც.

-ნიკოლას, გთხოვ, შეეშვი და წავიდეთ აქედან -სიტუაციის ზომაზე მეტად დაძაბვამ, კამათში ჩარევა აიძულა ელენეს. ნამდვილად არ სურდა მის გამო ჩხუბი ატეხილიყო, ამიტომ ყველანაირად უნდა ეცადა პრენევციული ზომების მიღება.

-ნიკოლას, გევედრები წავიდეთ -კვლავ შეეხვეწა ის -საიმისო არაფერი მომხდარა, რომ საქმე აქამდე მიიყვანო. გემუდარები გაუშვი

სამწუხაროდ, გოგონას ძალისხმევა ამაო გამოდგა. მართალია, ნიკოლასმა, სამსონიძეს ხელი მართლაც შეუშვა, თუმცა, მოტრიალდა თუ არა, ირაკლი მას ზურგიდან მიადგა, მაისურში ხელის ჩავლებით კვლავ თავისკენ მიაბრუნა და ყველასთვის მოულოდნელად, ყბაში საკმაოდ ძლიერი მუშტი უთავაზა. აი, აქ კი უკვე აბრამოვსაც გაუწყდა ისედაც პიწკზე მყოფი მოთმინების ძაფი. აღნიშნულ წამს, ელენეს სიტყვებიც სრულიად გადაავიწყდა და სამსონიძეს მთელი ძალით და ღონით ჰკრა ხელი. ეს უკანასკნელი, ინერციით მაგიდას მიეჯახა ზედ გადაწვა და მასთან ერთად აყირავდა.

რამდენიმე წამიც და ამ ორს შორის, ნამდვილი ხელჩართული ბრძლა გაჩაღდა. ერთმანეთს ისე გამეტებით სცემდნენ, კურსის დანარჩენმა ბიჭებმა, მიახლოვებაც კი დიდი ძალისხმევის ფასად შეძლეს, რათა მოჩხუბრები ერთმანეთისთვის ჩამოეშორებინათ. საკმაოდ ბევრი იწვალეს, რათა სამსონიძე, აბრამოვის ხელიდან საბოლოოდ გამოეგლიჯათ. ირაკლი ისე იყო ნაცემი, სახის ყოველი ნაკვთიდან სისხლი სდიოდა. არც ნიკოლასი გახლდათ უკეთეს დღეში -ქვედა ტუჩი და წარბი გახეთქილი ჰქონდა, მუშტები კი საშინლად გადაყვლეფილი და სისხლით მოთხვრილი.

ელენემ თვალები სიმწრით დახუჭა, ბიჭის შემხედვარემ. ყველაზე მეტად, სწორედ ის აღიზიანებდა, როდესაც მის გამო ჩხუბობდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ნიკოლასის საქციელს არ გმობდა. ბიჭს მხოლოდ მისი დახმარება სურდა და ეს, ელენემაც მშვენივრად გააცნობიერა.

გოგონამ ამრეზით აუქცია გვერდი სამსონიძეს, ვისაც სამი ბიჭი აკავებდა, რათა კვლავ წამოწყებული ჩხუბი არ გაეგრძელებინა, აბრამოვს მიუახლოვდა და ტუჩზე შერჩენილი სისხლი, ხელსახოცით ოდნავ მოსწმინდა.

-წამოდი, შენს სახეს მივხედოთ -უთხრა ბიჭს მშვიდად, თან ხელიც ჩაჰკიდა. ყურადღება არ მიუქცევია თანაკურსელების დამკვირვებლური, ან თუნდაც გამკიცხავი გამოხედვისთვის, უბრალოდ ნიკოლასს მზერა გაუსწორა, გასასვლელისკენ ანიშნა და როგორც კი, ამ უკანასკნელის თვალებშიც ამოიკითხა თანხმობა, ორივემ ერთდროულად გადააბიჯეს აუდიტორიის ზღურბლს. გზად კიდევ დიდხანს ესმოდათ სამსონიძის სიტყვები, მთელი ხმით რომ გაჰყვიროდა „ამას არ შეგარჩენ, ნაბი*ვაროო“, თუმცა არც ამას აქცევდნენ ყურადღებას. დერეფანს ისეთი მშვიდი ნაბიჯებითა და სახით მიუყვებოდნენ, თითქოს ცოტა ხნის წინ განსაკუთრებული არაფერი მომხდარიყო. სიარული მხოლოდ მაშინ შეწყვიტეს, როდესაც შენობიდან გავიდნენ და უნივერსიტეტის ეზოში ამოყვეს თავი. გოგონამ, აბრამოვს გაზონის სიახლოვეს მდგომი ერთ-ერთი სკამისკენ მიანიშნა. ბიჭიც უსიტყვოდ დაემორჩილა მის ნებას და წინ წასულ ელენეს უკან მიჰყვა.

-მგონი ახლა მადლობა უნდა გადაგიხადო -მაშინვე უთხრა გოგონამ, როგორც კი ორივენი კომფორტულად მოთავსდნენ სკამზე, თან, ჩანთიდან ცივი წყლის ბოთლი ამოიღო და ხელში მოქცეულ ხელსახოცს დაასხა. აბრამოვს ჩაეცინა.

-მეგონა მეჩხუბებოდი იმის გამო, რომ არ მოგისმინე და სამსონიძის პროვოკაციას წამოვეგე, შენ კი მადლობას მიხდი

-მადლობას იმის გამო გიხდი, რომ ისეთ საქმეში ჩაერიე, რომელში ჩაურევლობაც არანაირ ზიანს არ მოგიტანდა -მიუგო, თან სველი ხელსახოცი შეახო გახეთქილ წარბზე, მეორე ხელით კი ნიკაპი დაუჭირა, რათა დაზიანებულ ადგილს მოხერხებულად მიდგომოდა.

-ჯანდაბა, მეწვის -წარბები ინსტიქტურად შეეჭმუხნა ნიკოლასს, თუმცა ადგილიდან მაინც არ დაძრულა. სიმშვიდეს ინარჩუნებდა და ელენეს თავისი საქმის კეთებას აცლიდა

-ძალიან გტკივა?

-ნუ გეშინია, გადავრჩები

-უნდა გადარჩე, არ მინდა მეზობლის გარეშე დავრჩე -ხუმრობაში აჰყვა ელენეც, თან ახალი ხელსახოციც დაასველა წყლით და ამჯერად ქვედა ტუჩზე შეახო ნიკოლასს, რაც შეეძლო ფრთხილად

-ელენე, მაგ ტიპს თავი აარიდე, გესმის? -საკმაოდ სერიოზული მზერა ჰქონდა ამის თქმისას აბრამოვს, რამაც გოგონაც დააეჭვა.

-სამსონიძეზე ისედაც არ ვგიჟდები, თუმცა ასეთი გამაფრთხილებელი ტონით ამას რატომ მეუბნები?

-არ მინდა იმაზე ლაპარაკი, რის გამოც შენთან დაახლოვება სურს, თუმცა იცოდე, იმაზე ბინძური ზრახვები აქვს, ვიდრე წარმოგიდგენია და ეცადე მის მახეში არ გაება

-სულელი არ ვარ, ნიკოლას -ცოტათი ეწყინა ელენეს მისი სიტყვები. არ მოეწონა ბიჭმა ამდენად გულუბრყვილოდ რომ ჩათვალა და ეს, გამომეტყველებაზეც ნათლად დაეტყო.

-არ მითქვამს, რომ სულელი ხარ, უბრალოდ გოგონები ხშირად იჯერებენ მექალთანე ბიჭის ზღაპრულ ცვლილებას და ამ დროს, თავი განსაკუთრებულებად წარმოუდგენიათ, რადგან იმ კონკრეტულის მორჯულება შეძლეს, თუმცა დამიჯერე, ირაკლი სამსონიძე ის ადამიანია, ვისგანაც მხოლოდ უსიამოვნებას უნდა ელოდო

ელენემ, აბრამოვის დაზიანებული სახის დამუშავება დაამთავრა და ხელსახოცი ძირს ჩამოიღო. თავადაც ძალიან კარგად ხვდებოდა რა უნდოდა ირაკლის მისგან, თუმცა იმასაც აცნობიერება, რომ აბრამოვმა, ამ ამბის შესახებ კიდევ რაღაც იცოდა. რაღაც ისეთი, რაზეც თავად წარმოდგენაც არ ჰქონდა. მიუხედავად ამ იდუმალებისა, ახლა არც სამსონიძეზე საუბრის გაგრძელების სურვილი ჰქონდა და არც მის ფარულ ზრახვებზე. ერთადერთი, რაც უნდოდა, სადმე წყნარ გარემოში დროის გატარება იყო, ამისთვის კი უკვე შერჩეული ჰქონდა ერთი ლამაზი ადგილი, ამიტომ, ფეხზე სწრაფად წამოდგა და ზურგჩანთა ცალ მხარეს მოიგდო.

-პირველ ლექციაზე დასწრებას აღარ ვაპირებ -უთხრა მან ნიკოლასს -აქვე ახლოს ერთი კაფეა და დროს იქ გავიყვან . . . შენ რას იზამ?

-მაგ კაფეში ისეთი ნაყინი თუ აქვთ, გახეთქილი ტუჩისა და წარბის ტკივილს რომ გავიწყებს?

ელენეს ოდნავ ჩაეღიმა, თან ქვედა ტუჩი მოიქცია კბილებს შორის.

-მგონი რაღაც ეგეთი უნდა ჰქონდეთ მენიუში

-თუ ასეა, შენთან ერთად დავი’კიდებ პირველ ლექციას და მეც წამოვალ -ფეხზე წამოდგა ამის თქმისას, თან ელენეს ჩამოართვა მხარზე გადაკიდებული ჩანთა -ამას მე წამოგიღებ, მგონი ცოტათი მძიმეა . . .


.
აბრამოვის კატასთან -საკურასთან, ელენე სახლში სრულიად მარტო იყო და თავს ტელევიზორის ყურებით ირთობდა. საათის ისრები, ღამის ცხრას უჩვენებდნენ. ნიკოლასს, იმ ღამით, პირველი სამუშაო დღე ჰქონდა კლუბში და ცვლას მხოლოდ მეორე დილისთვის დაამთავრებდა, ამიტომ, გოგონას მარტოს მოუწევდა სახლში ღამის გათევა.
დროის გასაყვანად, დეტექტივური ჟანრის ფილმი ჰქონდა შერჩეული ელენეს. ეკრანის ყურების პარალელურად, ცივ ანანასის წვენს შეექცეოდა და თავის მუხლებზე მოკალათებულ საკურას, ყურებზე ნაზად ეფერებოდა. უნდა ეღიარებინა, პირველივე დღიდან შეუყვარდა ეს გარფილდივით მსუქანი, ბეწვიანი არსება. მენქსის ჯიშის ჭრელი კატა, უკვე იმდენად საყვარელი იყო ელენესთვის, რომ აბრამოვის ამ სახლიდან წასვლის შემდეგ, საკურას გარეშე ძალიან მოიწყენდა.
გოგონა კიდევ ერთხელ მიეფერა ცხოველის დაცქვეტილ ყურებს და ანანასის წვენის ჭიქიდან ბოლო ყლუპი მოსვა. ფილმი უკვე დასკვნით ნაწილზე იყო მისული, როდესაც იდილია კარზე კაკუნის ხმამ დაურღვია. ვინაიდან, აბრამოვი ღამის ცვლა იყო, ძალზედ გააკვირვა მოულოდნელი სტუმრის მოსვლამ, თუმცა ყველაფრისდა მიუხედავად, კარის გასაღებად მაინც წამოდგა.
საკურა ფეხდაფეხ აედევნა წყენის გამომხატველი კნავილით. როგორც ჩანდა, არ სურდა ტელევიზორის წინ მარტო დარჩენა და აშკარად ელენეს სიახლოვეს ყოფნას ამჯობინებდა. გოგონამ ჰოლი სწრაფი ნაბიჯებით გაიარა და კარი ისე გამოაღო, სათვალთვალოში გახედვა აზრადაც არ მოსვლია. კარის თავზე მრგვალი, ოქროსფრად მანათობელი სანათი ჰქონდა მიმაგრებული. სწორედ ამ სანათის წყალობით გაარჩია ელენემ ღამის სიბნელეში უეცარი სტუმრის სახე და გაოცებისგან, გულმა ორჯერ უფრო სწრაფად დაუწყო ფეთქვა. გოგონას ზღურბლთან, თვით მისი მეზობელი -გეგა ავალიანი იდგა და ცალი იდაყვით, კარის ჩარჩოს იყო მიყრდნობილი. გასაკვირი ნამდვილად არ გახლდათ, რომ გოგონამ ხმის ამოღებაც კი ვერ შეძლო მისი დანახვისას. ადამიანი, ვინც ნორმალურად არც კი ესალმებოდა, ასეთ დროს მასთან სახლში მიდიოდა და კარზე უკაკუნებდა. მართლაც ძალზედ უცნაური ჩანდა ეს ყველაფერი, თუმცა სანამ ელენე გონზე მოსვლასა და სიტყვის დაძვრას მოიფიქრებდა, ღამეული სტუმარი თავად ალაპარაკდა :
-მაპატიე ამ დროს რომ გაწუხებ -თქვა მან დაბალი, მომხიბვლელი ბარიტონით, თან გოგონას დაბნეული სახის დანახვაზე ოდნავ ჩაეღიმა
-არა უშავს, მოხდა რამე? -ენა ძლივს მოიბრუნა, რათა ეს ეკითხა, თან საკუთარ ფეხებს შორის მოსიარულე კატას დახედა წამით
-უბრალოდ, რაღაც აუცილებელი საქმე მაქვს დასასრულებელი, ჩემთან კი ინტერნეტი გამოირთო და შეიძლება შენი ლეპტოპით ვისარგებლო? -გამომცდელად უყურებდნენ გეგას ნახშირისფერი თვალები ამის თქმისას. ელენემ, როგორც იქნა, სიტუაცია გააანალია და თავი მსუბუქად დაუქნია მოულოდნელ სტუმარს. მერე გვერდზეც გადგა, რათა მოსული შიგნით შეეტარებინა და როგორც კი გეგამ ზღურბლს გადააბიჯა, კარიც მაშინვე დახურა.
ჯერ კიდევ არათანაბრად უცემდა გული. აცნობიერებდა, რომ თავისთვის საოცნებო ბიჭთან ერთ ჭერქვეშ იმყოფებოდა და შეეძლო მასთან დიალოგიც კი გაება. თითქოს ლანგარზე მირთმეული ჰქონდა ყველაფერი. ახლა დრო იყო უბრალოდ გონებისთვის მოეხმო და შექმნილი სიტუაცია სათავისოდ გამოეყენებინა.
-დალევ რამეს? -ჰკითხა, როგორც კი მისაღებში გადაინაცვლეს, თან ტელევიზორის ეკრანიც ჩააბნელა, დისტანციური მართვის პულტით. ფილმის გაგრძლებას სხვა დროისთვის გადადებდა
-მინერალურს დავლევ, ლიმონით, თუ არ შეწუხდები რა თქმა უნდა
„გემოვნებაც რა უცნაური აქვს“ -გულში გაეღიმა ელენეს, მერე კი ხელით დივნისკენ ანიშნა -აი, ლეპტოპი იქ დევს და ბოლომდეა დატენილი. შეგიძლია ისარგებლო, მე კი მანამდე მინერალურს მოვიტან
გეგამ უბრალოდ ღიმილით დაუქნია თავი და ელენეც სწრაფად დაიძრა სამზარეულოსკენ. კიდევ კარგი მაცივარში ერთი ბოთლი მინერალური წყალი აღმოაჩნდა. გოგონამ იგი უმალ ჩამოასხა მაღალ ჭიქაში, შიგნით ლიმონი უხვად ჩააწურა, რათა გაზიანი წყლის გემო კარგად გაენეიტრალებინა და თვალის დახამხამებაში დაბრუნდა მისაღებში.
გეგას უკვე მაგიდაზე გაეშალა ლეპტოპი, კლავიატურაზე თითებს პიანისტივით აკაკუნებდა და იმდენად იყო ჩაფლული თავის საქმეში, მასპინძლის შემოსვლაც კი ძლივს შენიშნა. მხოლოდ მაშინ მოახერხა ელენეს დანახვა, როცა გოგონა მაგიდასთან, მის პირდაპირ ჩამოჯდა და მინერალურით სავსე ჭიქა წინ დაუდგა.
-გმადლობ -ოდნავ გაუღიმა გეგამ, თან ჭიქიდან ერთი ყლუპი მოსვა -მართლა არ შეგაწუხებდი ასეთ დროს, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე რომ არ მქონდეს დასასრულებელი
-არა უშავს, არ მაწუხებ, ისეთს არც არაფერს ვაკეთებდი -მხრები აიჩეჩა ამის თქმისას. უნდა ეღიარებინა, საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა იმ საღამოს გეგა. ჯინსის გაცრეცილ შარვალზე, ფორთოხლისფერი პერანგი მოერგო, რომლის სახელოებიც იდაყვებამდე აეკეცა, ხოლო ყელზე, რაღაც გაურკვეველი სიმბოლოს მქონე ვერცხლისფერი კულონი ეკეთა, წინა საუკუნეების ლამაზ გადმონაშთს რომ ჰგავდა და არა, თანამედროვე სამკაულს.
-ნუ იტყუები, როცა შემოვედი დავინახე, რომ ეკრანზე ფილმი გქონდა დაპაუზებული -ღიმილით თქვა, თან დაამატა -სხვათა შორის, მეც მიყვარს ეგ ფილმი
-ჰოო?
-ვერ ვიტყვი, რომ ეთან ჰოუკისა და ანჯელინა ჯოლის ეკრანული წყვილით მოვიხიბლე, მაგრამ სიუჟეტი საკმაოდ კარგი აქვს -მერე კვლავ კლავიატურას მიუბრუნდა და ელენემაც შეწყვიტა საუბარი, მანამ, სანამ მორიგი კითხვა არ წამოუტივტივდა გონებაში
-რამე მნიშვნელოვანს აკეთებ? -მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და ისე ჰკითხა მან. გეგას დროებით ხმა არ ამოუღია. პასუხი მხოლოდ კითხვის დასმიდან ათი წამის შემდეგ გასცა, თანაც ისე, რომ მონიტორისთვის მზერა არ მოუშორებია :
-მობილური-პროგრამის შექმნა მთხოვა ერთ-ერთმა დამკვეთმა -მიუგო ბიჭმა -ონლაინ-გაცნობის პროგრამაა, სადაც მაქსიმალურად იქნება შეზღუდული ცენზურა და წესების ყოველ დამრღვევს, აპლიკაცია ავტომატურად გაუუქმდება
-საინტერესოა, მაგრამ გაცნობის უამრავი საიტი არსებობს და დამკვეთმა მაინცდამაინც ამ აპლიკაციის შექმნა რატომ გთხოვა? -აშკარად დაინტერესდა გოგონა. გეგას, ამჯერად პასუხი აღარ დაუგვიანია. არც მუშაობისა და საუბრის შეთავსება უჭირდა ერთმანეთთან, პირიქით, სიამოვნებდა კიდეც ეს ყველაფერი
-ეს პროგრამა, გასაკუთრებული იმიტომ არის, რომ აბსოლუტური ანონიმურობის დაცვასთან ერთად, მას ონლაინ-ფსიქოლოგებიც ეყოლება. მომხმარებლებს შეეძლებათ, კვალიფიციურ ფსიქოლოგებს, აპლიკაციის მიერ მოდიფიცირებული, შეცვლილი ხმის ტემბრით ესაუბრონ და თუ რამე უჭირთ, ამაზე დაწვრილებით მოუყვნენ. ეს ყველაფერი, თვითმკვლელობების რიცხვის შემცირებას ემსახურება თინეიჯერებში. წარმოიდგინე, რამდენი მოზარდია ბულინგის მსხვერპლი და ამაზე ვერავისთან საუბრობს. ეს პროგრამა, თავიდან ბოლომდე იმას ემსახურება, რომ ადამიანები ერთმანეთს მაქსიმალურად დაუდგნენ მხარში, საინტერესო აზროვნების პიროვნებები აღმოაჩინონ და თუ საჭიროდ ჩათვლიან, მათ პირადად შეხვდნენ კიდეც.
ელენეს, ბიჭის ყოველი სიტყვა საამო მელოდიასავით ჩაესმოდა ყურში. ვერც კი იფიქრებდა, რომ გეგა ავალიანი ასეთი საინტერესო მოსაუბრე იყო და იმდენად კარგ საქმეს ემსახურებოდა, როგორიც მოზარდებში თვითმკვლელობათა მაჩვენებლის შემცირება გახლდათ. ამის გამო, მისდამი პატივისცემა ერთიორად გაეზარდა გოგონას.
-აშკარად სასარგებლო საქმეს აკეთებ -გულწრფელი ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხეში ამის თქმისას ელენეს.
გეგამ მინერალური წყალი კიდევ ერთხელ მოსვა და გოგონას მხოლოდ ამის შემდეგ გახედა.
-შენ თუ გქონია სურვილი ინტერნეტის საშუალებით გაგეცნო ვინმე? -ჰკითხა მან
-არა, მსგავსი რამები საჩემო არ არის. ვირტუალურ ფლირტს, ყოველთვის Live-ურთიერთობას ვამჯობინებ -მერე მონიტორს შეხედა და მორიგი კითხვა დასვა -ისე, პროგრამისტობა რთულია?
-თუ „ბეისიკის“ პროგრამით გადიხარ არც ისე
-ანუ?
გეგამ კიდევ ერთხელ მოაშორა თვალი მონიტორს და სცადა რაც შეიძლებოდა მარტივი ენით აეხსნა :
-მოკლედ, სხვადასხვა კომპიუტერული ენა არსებობს -„ბეისიკი“, „იავა“, „ფორტრანი“. თითოეული პროგრამა სხვადასხვა მიზნით გამოიყენება. მაგალითად ბეისიკი მარტივი ენაა, რომელსაც დამწყები პროგრამისტები იყენებენ, იავა შედარებით რთულია, მათი ბოლომდე ათვისების შემდეგ კი, შეგიძლია უფრო ძნელ ამოცანებსაც შეეჭიდო.
ელენეს უზომოდ დიდ სიამოვნებას ანიჭებდა გეგასთან საუბარი და მისი ხავერდოვანი ხმის მოსმენა. გული მხოლოდ იმაზე სწყდებოდა, რომ ბიჭიც ისევე არ ცდილობდა მისთვის კითხვების დასმას, როგორც თავად ის. ამის გამო, თანდათანობით ელენესაც ამოეწურა სალაპარაკო თემა და დარჩენილი დრო, უკვე სრულ მდუმარებაში გალიეს. გეგა ნელ-ნელა სვამდა ჭიქიდან ლიმონიან მინერალურს, გოგონა მაგიდაზე აკაკუნებდა თითებს რიტმულად და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ბიჭმა ლეპტოპიდან საკუთარი მეხსიერების ბარათი არ გამოაძრო და თავის პირდაპირ მჯდომს თვალებში არ შეხედა.
-მგონი დავასრულე -თქვა მან, მერე კი, სკამიდან ფეხზეც წამოდგა -ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის, ელენე
გოგონას სიამოვნებისგან ჟრუანტელმაც კი დაუარა იმდენად ლამაზად წარმოთქვა გეგამ მისი სახელი. მართალია, საშინლად არ უნდოდა ბიჭი სახლში წასულიყო, თუმცა დარჩენის შეთავაზებაც ეუხერხულებოდა, ამიტომ, გულში უკმაყოფილოდ ამოიოხრა და სტუმარს ჰოლისკენ გაუძღვა.
-წამოდი, გაგაცილებ
ავალიანი ფრთხილად მიჰყვა უკან მასპინძლის ნაბიჯებს. მთელი ეს დრო უხმოდ მიდიოდნენ და სიტყვა მანამ არ დაუძრავთ, სანამ გასასვლელი კარის წინ არ აღმოჩნდნენ.
-კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას -დუმილის დარღვევის ინიციატორი გეგა გახდა
-გეტყოდი არაფრის-მეთქი, მაგრამ სამადლობელი აქ არაფერია
-თუ ინტერნეტი გაგეთიშება, შეგიძლია შენც შემომიარო ხოლმე -ღიმილით ჩამოსწია კარის სახელური ამის თქმისას და სანამ გარეთ გავიდოდა, ნახევარი ტანით მობრუნებულმა დაამატა : -შეგვიძლია ყავაც დავლიოთ და ვისაუბროთ. შენს უკეთ გაცნობაზე უარს არ ვიტყოდი
მერე ოდნავ გაუღიმა, კვლავ გატრიალდა და ზღურბლს ისე გადააბიჯა, ელენეს პასუხისთვის წამითაც არ დაუცდია.
მომხდარის გამო, რამდენიმე წამის მანძილზე, გაბრუებული იდგა გოგონა და კარის დაკეტვაც არ ახსენდებოდა. საკუთარი თავის თვითონაც უკვირდა. მამრობითი სქესის მხრიდან უყურადღებობას ნამდვილად არ განიცდიდა და ვერც ვერავინ იტყოდა, რომ მსგავს საკითხებში გამოუცდელი იყო, თუმცა გეგასთან რაღაც აუხსნელი ემართებოდა. მისი ნახშირისფერი თვალების ყოველი იდუმალი გამოხედვა, ისე აბნევდა, როგორც სულელ თინეიჯერს და ვერაფრით ხვდებოდა ამისთვის რა მოეხერხებინა.
გოგონამ თვალები მაგრად დახუჭა და თავი გადააქნია. როგორც იქნა მიხვდა, რომ კარში უკანასკნელი იდიოტივით იყო გაჩხერილი და დააპირა კიდეც შინ შებრუნება, რომ თითქოს სიბნელისგან გამოყოფილი აჩრდილივით გაჩნდა მის კიბეებზე მოკლემკლავიან, კაპიუშონიან მოსაცმელში გამოწყობილი მიშკა, ვისაც თვალებზე რეიბანის მუქმინებიანი სათვალე მოერგო და ხელებზეც შავი ხელთათმანები ჰქონდა წამოცმული.
-შენ აქ რას აკეთებ? -თვალებიც კი მოიფშვნიტა ელენემ, რათა ნანახის სინამდვილეში დარწმუნებულიყო. არ შემცდარა, მიშკა ნამდვილად მის წინ იდგა და ვინ იცის, როგორი მზერით უყურებდა სათვალეების მიღმა დამალული თვალებიდან.
-შიგნით შედი და ყველაფერი იქ მომიყევი -კატეგორიული ტონით უთხრა ბიჭმა -თუმცა ჯერ რამე დიეტური მაჭამე და მერე განვიხილოთ ის, თუ რაზე ელაპარაკებოდი იმ ყინულისთვალებას . . . არც კი უარყო, დავინახე როგორ გამოდიოდა შენი სახლიდან
-ეს რა გაცვია? -როგორც კი მიშკამ ზღურბლს გადმოაბიჯა, კარი უმალ დახურა გოგონამ და მეგობარს ფეხდაფეხ მიჰყვა უკან
-გადავწყვიტე სტილი შევიცვალო. რა იყო, არ მოგწონს?
-რავიცი, ცოტათი უცნაურია -მხრები აიჩეჩა და დივანშიც ჩაეშვა მოწყვეტით -უმოტოციკლო ბაიკერს ჰგავხარ
-ერთ დღეს მოტოციკლსაც ვიყიდი და ჩემს მანქანას შენ გაჩუქებ, გპირდები . . . თან ლიზიკოს მოსწონს ბაიკერი ბიჭები
ელენეს გაეცინა. მისთვის უკვე ყველაფერი აშკარა იყო.
-აჰა, ანუ ქალბატონი ლიზია ამ გარდასახვის მიზეზი -საკუთარ თავში დარწმუნებული ტონით ამოთქვა მან
მიშკა, დივანში მეგობრის გვერდით ჩაეშვა და პასუხიც სწორედ ამის შემდეგ დაუბრუნა :
-ლიზი კი არა, შენ ის თქვი, სანამ მე მოვიდოდი რა ხდებოდა? -ეჭვით გახედა აღნიშნული კითხვის დასმისას ბიჭმა -შემთხვევით, სიყვარულით ხომ არ იყავით დაკავებულები?
-სისულელეებს ნუ ამბობ მიშკა, უბრალოდ ინტერნეტი გაეთიშა და რაღაც აუცილებელი საქმე ჰქონდა დასასრულებელი, ამიტომ ჩემი ლეპტოპი ვათხოვე
-და მეტი არაფერი?
-არაფერი
-კარგი, კარგი, შენთან ლაპარაკში საჭმელი სულ გადამავიწყდა, წადი რამე მომიტანე -დივანზე მოხერხებულად შემოაწყო ფეხები და საზურგეს მიეყრდნო -სხვათა შორის, დღეს შენთან ვრჩები
-მართლა? -გაეხარდა ელენეს. რატომღაც საშინლად არ უნდოდა იმ ღამით მარტო ყოფილიყო და მიშკას წინადადებას დიდი სიხარულით შეხვდა
-ჰო, მართლა. რამე კარგი ფილმები გაამზადე და ჩავუჯდეთ, ოღონდ ამჯერად პოპ-კორნი არ გამიკეთო, ძალიან კალორიულია
-შენ რა, მართლა ასე სერიოზულად იცავ დიეტას? -თან დივნიდან წამოდგა, თან ეჭვით გახედა გოგონამ, მეგობარს
-ზუსტადად! აი ნახავ, თუ ამას ორ თვეში ბოლო არ მოვუღო -გამობერილ მუცელზე წამოირტყა ხელი ამის თქმისას. ელენეს ფხუკუნი აუტყდა
-კარგი, კარგი, წავალ შენთვის ბოსტნეულის სალათას და წვენს მოვიტან, მგონი ცოტა კიდევ უნდა იყოს დარჩენილი
-ჰო, თუ შენმა ახალმა მოსახლემ სულ არ შეჭამა
-ნუ გაქვს ასეთი სახე მიშკა, ნიკოლასი არაფერს აშავებს და მასზე ცუდ წარმოდგენას სულ ტყუილად იქმნი -მაშინვე მიუხვდა ნამიოკს ელენე. ცოტა არ იყოს, სწყინდა მისი ამგვარი დამოკიდებულება. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ მიშკას იგი ერთ გულუბრყვილო გოგოდ მიაჩნდა, ვინც ნებისმიერი ბიჭის მახეში მარტივად გაებმებოდა, ვინც კი მას შებმას დაუწყებდა. ამის გამო, სამზარეულოსკენ ისე გაეშურა, მეგობრისთვის ზედაც აღარ შეუხედავს და აღარც მის პასუხს დალოდებია.
მაცივრის მეორე თაროზე მართლაც დახვდა დილით მომზადებული ბოსტნეულის სალათი. ელენემ იგი სწრაფად გამოიღო, ზემოდან ჩანგალი დაადო, შემდეგ კი მიშკას საყვარელი მანგოს წვენით აავსო მინის მაღალი ჭიქა და კვლავ მისაღებისკენ დაიძრა.
ბიჭს უკვე მოესწრო ტელევიზორის ჩართვა, თუმცა ფილმის არჩევა ვერ მოეხერხებინა და როგორც ჩანდა, ამაში ელენეს დახმარებას საჭიროებდა.
-რა ქენი, ვერაფერი მოძებნე? -გვერდით მიუჯდა გოგონა, თან სალათი და წვენი, დივნის წინ მდგომ, პატარა, დაბალ მაგიდაზე დააწყო, რეიბანის სათვალის გვერდით, რომელიც ზუსტად იმ წამს მოეხსნა თავის პატრონს
-მე ჟანრზე ვფიქრობ, ფილმი კი შეგიძლია თავად აარჩიო -მშრალად მიუგო ბიჭმა
-ასეთი მოღუშული სახით თუ ილაპარაკებ, საერთოდ გარეთ გაგსვამ. მეგონა ნიკოლასის თემა უკვე დავხურეთ და წარსულსაც ჩაბარდა, მაგრამ შენ ცდილობ ყველაფერი თავიდან წამოჭრა
-მე არაფერს ვცდილობ ელე, უბრალოდ მაგ ტიპს არ ვენდობი და მინდა ეს შენც იცოდე, რათა ფრთხილად იყო და ზედმეტად მოახლოების საშუალება არ მისცე, გესმის ეს?
ელენემ თვალები აატრიალა მობეზრებისგან, შემდეგ კი დივანზე მუხლები აიკეცა და მათ მკლავები მოხვია.
-უკვე ბევრჯერ გითხარი, რომ ნიკოლას აბრამოვი, როგორც მამაკაცი არ მაინტერესებს მიშკა -აღნიშნა კატეგორიული ტონით. ბიჭსაც შეეტყო სახეზე, რომ მეგობრის ნათქვამი ძალიან ესიამოვნა და ამის ნიშნად, მხარზე ხელიც გადახვია
-ჰოდა ძალიან კარგი თუ ასეა -თქვა მან -ნამდვილად არ მინდა კიდევ ერთი ექსპონატი შეემატოს მის კოლექციას, შენი სახით
-ასე რომ იწყებ ლაპარაკს გული მერევა . . . მე არავის სათამაშო არ ვარ და საკმარისი ტვინიც მაქვს თავში იმისთვის, რათა ამ უკანასკნელად არ ვიქცე
-კარგი, ნუ მიბრაზდები -ელენეს რეაქციიდან გამომდინარე, პოზიციები მიშკამაც დათმო, თან წვენის ჭიქიდან პატარა ყლუპი მოსვა, გამშრალი პირის გასასველებლად -ხომ იცი, რასაც ვამბობ, მხოლოდ იმისთვისაა, რომ გული არ გეტკინოს. ჩემთვის ის ბალახი ხარ, რომლის გათელვაც პირველ რიგში მე მომგვრის აუტანელ ტკივილს
-შენ და შენი მეტაფორები -თვალები კიდევ ერთხელ აატრიალა გოგონამ, თუმცა ამჯერად, ტუჩის კუთხეში ოდნავი ღიმილი შეჰპარვოდა, მეგობრის სიტყვების გამო. მიშკასაც მიეცა იმედი, რომ ელენეს შემორიგებას უკვე მარტივად შეძლებდა, ამიტომ, ეს უკანაკნელი უფრო ახლოს მიიზიდა თავისთან და გულში მაგრად ჩაიხუტა
-ვერ ვიტან როცა ჩემზე ბრაზდები, ხომ იცი?
-თუ ასეა, ნუ მაბრაზებ
-კარგი, გპირდები ამ თემაზე სიტყვას აღარ დავძრავ, მაგრამ თუ გავიგებ, რომ იმ ტიპმა რამე მიქარა, ერთ ძვალსაც კი აღარ დავუტოვებ მთელს -სრული სერიოულობით წარმოთქვა ეს სიტყვები ბიჭმა და როგორც კი მეგობრის მოღუშულ სახეს გადააწყდა, სიცილით დაამატა :- მორჩა, მორჩა, ვჩუმდები. მოდი ფილმი ავარჩიოთ, სანამ გინესის რეკორდი მოგვიხსნია ერთ დღეში მოსწრებული კამათების რიცხვით . . .

ის ღამე, თითქმის მთლიანად გაათენეს მიშკამ და ელენემ. ძილის შესახებ მხოლოდ მაშინ გაახსენდათ, როდესაც მეოთხე ფილმი დაასრულეს და საათის ისრებმაც დილის შვიდი უჩვენა. საძინებელ ოთახში გასვლის თავი არც ერთს არ ჰქონდა, ამიტომ გოგონა იქვე, პუფზე მიწვა, ხოლო მიშკამ უბრალოდ ფეხები შემოაწყო დივანზე, ზურგით კი იატაკზე დარჩა გაწოლილი და ისევე მალე ამოუშვა ფშვინვა, როგორც აკვანში ჩაწვენილმა ჩვილმა ბავშვმა.
ელენეც საკმაოდ სწრაფად გადაეშვა ბურუსის სამყაროში. მთელი ღამის ნათევებს, იმდენად ღრმად ჩაეძინათ, რომ არც კარის საკეტის გაჩხაკუნება გაუგიათ და არც, სახლში იმ წამს შემოსული ნიკოლასის ნაბიჯების ხმა. ეს უკანასკნელი, მათ მძინარეებს დაადგა თავზე და ვინაიდან, მიშკას ვინაობის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა, ნამდვილად ვერ გაიგო, თუ ვინ იყო ეს უკანასკნელი.
ამაზე ბევრი არც უფიქრია ბიჭს. მთელი ღამის თეთრად გათენების შემდეგ, ნამდვილად არ ჰქონდა იმაზე მსჯელობის თავი, თუ ვის ეძინა ელენეს იატაკზე, ამიტომ, მისაღები სწრაფად დატოვა და დაქანცულმა, პირდაპირ თავის საძინებლისკენ აიღო გეზი, დასასვენებლად. შიგნით შესულმა, როგორც ჩვეოდა, ოთახი მუქი ფარდებით ბოლომდე ჩააბნელა, მაისური ტანზე გადაიძრო და ლოგინზე ნახევრად გათიშული დაებერტყა. აქედან წამიც არ იყო გასული, რომ უკვე მვდარივით ეძინა.




.
დილის ცხრა საათზე გაღვიძებული ელენე, სამსახურში მიშკამ წაიყვანა, თავისი მანქანით. ვინაიდან შაბათი იყო, უნივერსიტეტიდან დასვენების დღე ჰქონდა გოგონას. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ოთხ საათამდე, საკონდიტროში უნდა ემუშავა, ნახევარ განაკვეთზე. წუხანდელი ღამის გათევის შემდეგ, თავს მაინცდამაინც მხნედ ვერ გრძნობდა, თუმცა სამსახური, სამსახური იყო და აღნიშნული ფაქტის გამო, მის გაცდენას ნამდვილად არ აპირებდა, მით უმეტეს მაშინ, როცა ამხელა შეკვეთა ჰქონდა გასამზადებელი.
მიშკა ავტომობილს საკმაოდ სწრაფად ატარებდა, რის გამოც სამსახურში დროზე ადრეც კი მივიდა ელენე. გადასვლის წინ, მეგობარს მადლობა გადაუხადა, ლოყაზე აკოცა და შინაგანი მოთენთილობის მიუხედავად, საკონდიტროს უკანა შესასვლელი კარი მაინც ღიმილით შეაღო. ამ კარით, გოგონა პირდაპირ გასახდელში შედიოდა, სადაც გამუდმებით ტრიალებდა ხოლმე სამზარეულოდან გამოსული კექსების, მაფინებისა, თუ ტორტის ბისკვიტების გემრიელი სურნელი. თითქოს მშობლიური გამხდარიყო ეს არომატი გოგონასთვის. იმდენად უყვარდა იქაურობა, ალბათ ჯეკპოტის მოგების შემთხვევაშიც კი ვერ დაანებებდა თავს აღნიშნულ დაწესებულებაში მუშაობასა და ტკბილეულის ცხობას.
ელენემ გასახდელში ტანსაცმელი გამოიცვალა, თავისი წინსაფარი მოირგო და თმა ზემოთ აიკრა. სამზარეულოში, უკვე ფქვილში ამოსვრილი ხელებით ელოდა თავისი საყვარელი პარტნიორი, ვისთან ერთად ყოფნაც, მუდამ დიდ სიამოვნებას გვრიდა ელენეს.
-დილა მშვიდობის, ლიაჩკა -მხიარულად მიესალმა მას გოგონა
ლია, წითური, ფუმფულა ქალი გახლდათ, კარლსონივით შეჭრილი თმითა და აწითლებული ლოყებით. მხოლოდ კომბინიზონი და პროპელერი აკლდა ზურგზე, რათა აბსოლუტურად დამსგავსებოდა ასტრიდ ლინდგრენის ამ საბავშვო წიგნის პერსონაჟს. ელენეს, მასთან ურთიერთობა გაცნობის დღიდანვე ძალზედ გაუმარტივდა. ქალი იმდენად პოზიტიური და სასიამოვნო მოსაუბრე გახლდათ, შეუძლებელი იყო ვინმეს მასთან დროის გატარება ცოტათი მაინც მოსწყენოდა.
-ოჰ, ჩემი პეპელა მოფრენილა -ელენეს დანახვისას, დაუფარავი ღიმილი მოადგა ლიას სახეს
-რას ვშვრებით, რთული შეკვეთა გვაქვს დღეს? -წითლად აღაჟღაჟებულ ლოყაზე ხმაურით აკოცა და გვერდით მიუდგა იგი, ქალს
-შვიდი მარწყვის ტორტი, ასი ცალი მაფინი, ორმოცი ცალი ლურჯი მოცვის პეჩენია და ოთხმოცი ცალი დიეტური შვრიის ორცხობილა
-ოჰოო, ანუ საკმაოდ ბევრი საქმე გვქონია
-ჰოდა ძალიან კარგი, საუბრითაც ბევრს ვისაუბრებთ -კმაყოფილების ღიმილით ჩაეღიმა, თან ფქვილის კიდევ ერთი შეკვრა ჩაცალა თასში ქალმა
ლიასთან საუბარს, მხოლოდ ერთი ნაკლი ჰქონდა ელენესთვის -ეს უკანასკნელი არასდროს უშვებდა შანსს ხელიდან, რათა გოგონასთვის ეკითხა, თუ რატომ არ ჰყავდა მეორე ნახევარი, როგორც ის ამბობდა „ასეთ კრასავიცა გოგოს“. არც ამჯერად უღალატია თავისი ტრადიციისთვის. როგორც კი ელენემ ტკბილეულის გამოსაცხობად ყველა საჭირო ინგრედიენტი შემოიკრიბა, ლია მას ღიმილით მიუახლოვდა და მხარზე ხელით შეეხო.
-შვილო, გაიჩინე რა ვინმე, როდემდე უნდა იარო მარტომ, შენც ცოდო ხარ -გარეგნული ღიმილის მიუხედავად, სევდა იგრძნობოდა მის სიტყვებში, რადგან მშვენივრად იცოდა ელენეს რომ მარტო ცხოვრობდა და პატრონიც არავინ ჰყავდა
-რა იყო, ლიაკო, ვინმეს ხომ არ მირიგებ? -სცადა ხუმხრობაში გაეტარებინა მისი სიტყვები
-რაღა დროს გარიგებაა შვილო, ოცდამეერთე საუკუნეა. ეგეთი რამები შენ არ უნდა გეშლებოდეს
ელენეს გაეცინა და შავტარიანი დანით, მარწყვის დაჭრას მოჰყვა.
-ჰოდა, მეც არავის გარიგება არ მჭირდება, მშვიდად ველოდები ჩემს თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს
-შენ იხუმრე, იხუმრე და ახალგაზრდობა ისე მალე ჩაგირბენს, პრინცს კი არა, ცხენსაც აღარ მოუნდები -გამაფრთხილებლად დაუქნია ფქვილიანი თითი ამის თქმისას -ჯობს, დროულად გაახილო თვალები, თორემ მერე გაიხსენებ ლიას სიტყვებს და ორი აგურის ძებნასაც დაიწყებ, მაგრამ გვიანი იქნება
ელენე მის სიტყვებზე სიცილს ვერ იკავებდა, რაზეც ქალმა წარბები შეკრა.
-მამასხარავებ ხომ ამ ხნის ქალს? -დოინჯი გაიკეთა ამ კითხვის დასმისას
-არა ლიაჩკა, როგორ გეკადრება?
-ვიცი მე შენ რა ჩიტიც ბრძანდები, მიდი, მიდი, საქმეს მიხედე, თორემ თუ შეკვეთის გამზადება დაგვაგვიანდა, მერე შენი თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინციც ვეღარ გვიშველის
ელენემ უბრალოდ ღიმილით დაუქნია თავი და მთელი შემართებით შეუდგა მარწყვის ტორტის მზადების პროცესს. ეს ტკბილეული, მართლაც ყველაზე გემრიელი გამოსდიოდა ხოლმე გოგონას. მისი მარწყვის ტორტის უპირველესი ფანი ყოველთვის მიშკა იყო, თუმცა დიეტის გამო, ალბათ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებდა ელენეს ნახელავს გაჰკარებოდა.
მზადების პროცესში ახლაც ისე ჩაეფლო, როგორც ეს ზოგადად ჩვეოდა ხოლმე. პარალელურად, ლიას ესაუბრებოდა სხვადასხვა თემებზე და დროც საკმაოდ მხიარულად გაჰყავდა საყვარელ საქმიანობასა და თავისი სიმპათიით აღჭურვილ ადამიანთან საუბარში. ლიას გვერდით, საათები ყოველთვის ისე სწრაფად გადიოდა, რომ გოგონა თვალის დახამხამებასაც ვერ ასწრებდა. ამჯერადაც ზუსტად ასე მოხდა. ისე მალე შესრულდა ოთხი საათი, ელენეს იმანაც კი გაუელვა თავში აზრად საათი ხომ არ გაფუჭდაო, თუმცა როდესაც თავის მაჯაზე შემოხვეულ მოწყობილობასაც დახედა და მანაც ზუსტად იგივე დრო უჩვენა, დარწმუნდა, რომ სამუშაო საათები ნამდვილად ამოწურული იყო. ახლა უკვე სხვისი ცვლა იწყებოდა, რის გამოც, ელენეს შეეძლო თავისუფლად მოეხსნა წინსაფარი, სახლში დაბრუნებულიყო და თითქმის მთელი დღე ფეხზე დგომისგან დაღლილ-დაქანცულს, კარგადაც გამოეძინა.
-ესეც ასე, ლიაკო, მგონი ყველაფერს მოვრჩით, არა? -ჰკითხა გოგონამ, თან მინის მაღალი ჭიქიდან წყალი მოსვა, რადგან ყელი გვალვაგადავლილი მინდორივით გამოშრობოდა
-მოვრჩით, მოვრჩით -შუბლზე ოფლის წმენდით გაეპასუხა ქალი -დაიღალე შვილო?
-შენ რომ არ მყავდე, უფრო მეტად დავიღლებოდი -მიუგო ღიმილით, თან კიდევ ერთხელ გადახედა ყუთებში ლამაზად გადანაწილებულ ტკბილეულს და კმაყოფილებით ამოთქვა : -მორჩა, მისია შესრულებულია!


* * * *
საკონდიტროდან შინ დაბრუნებულმა ელენემ, მაშინვე თავის ოთახს მიაშურა, საწოლზე გაუხდელად მიეგდო და დაღლილ-დაქანცულმა, წამებში გადაინაცვლა სიზმრების სამყაროში. მის ცხოვრებაში პირველად მოხდა ისე, რომ ძილში, პოზა ოდნავადაც კი არ შეუცვლია. მხოლოდ მაშინ მოიცვალა ადგილი, როდესაც საათის ისრებმა ღამის პირველი უჩვენეს და ამდენხნიანი ძილისგან დასვენებულმა, ნელ-ნელა მოფხიზლებაც დაიწყო.
ოთახს მხოლოდ ქუჩაში ანთებული ლამპიონებიდან გამომკრთალი ოქროსფერი სინათლე ანათებდა, ნახევრად გადაწეული ფარდიდან რომ იღვრებოდა სივრცეში. ამ შუქზე, ელენე ბუნდოვნად თუ არჩევდა საძინებელში განთავსებულ ავეჯს, ამიტომ, სრულიად მოფხიზლების შემდეგ, საწოლის თავზე დამაგრებული, ლოტუსის ფორმის სანათი აანთო და ხელი ტუმბოსკენ გადასწია, რათა გრაფინიდან წყალი ჩამოესხა. მისდა სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი სრულიად ცარიელი დაუხვდა.
ნერვები მოეშალა ელენეს. ყელი შემაწუხებლად ჰქონდა გამომშრალი, რის გამოც, ლოგინში გაჩერება უკვე აღარ შეეძლო. მაცივარშიც ეგულებოდა იმ დილით შენახული, რამდენიმე ბოთლი ცივი წყალი, ამიტომ ფეხზე სწრაფად წამოდგა, ფეხები ლასტებში გაუყარა და გეზი პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო. მაცივრის ქვედა თაროზე, მართლაც დაუხვდა დილით შედებული მინის ბოთლები, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გამოიღო, სითხე ჭიქაში ჩამოისხა და გამშრალი ყელი ნეტარებით გაისველა. ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს -მესამე და მხოლოდ ამის შემდეგ იგრძნო ელენემ წყურვილის შეგრძნების საბოლოოდ ჩაკვლა.
სამზარეულოში ნათურა არ ენთო, ამიტომ, ამ უკანასკნელს, მხოლოდ გაღებული მაცივრის კარიდან გამოვარდნილი შუქი ანათებდა. მას შემდეგ, რაც ბოთლი კვლავ ქვედა თაროზე მოათავსა, ელენემ იგიც სწრაფადვე მიხურა და იქაურობა კვლავ უწინდებურად წყვდიადში ჩაიძირა. წამით ის აზრიც მოუვიდა, რომ რადგან უკვე კარგად იყო გამოძინებული, რამე საინტერესო ეკრანიზაციისთვისაც ეყურებინა, თუმცა შემდეგ, წინა ღამით, ფილმების ყურებაში გათენებული ღამე გაახსენდა, მიშკასთან ერთად და კვლავ საძინებელში დაბრუნების ვარიანტს მიემხრო. დაადგა კიდეც თავისი ოთახისკენ მიმავალ გზას, თუმცა იქითკენ წასული, შუა გზაში შეაჩერა რაღაც უცნაურმა ხმამ. ელენემ სმენა დაძაბა და მიაყურადა. რამდენიმე წამი დასჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ეს ხმა, ნიკოლასის საძინებლის დაკეტილი კარის მეორე მხრიდან მოდიოდა.
გოგონას საკმაოდ საეჭვოდ მოეჩვენა ყველაფერი ეს. ცოტათი შეეშინდა კიდეც, თუმცა ოთახისკენ მაინც დაიძრა, რათა პირადად გარკვეულიყო რა ხდებოდა იქ. ნიკოლასის კართან რომ აღმოჩნდა, ეგონა ბიჭს იგი ჩაკეტილი ექნებოდა და ძალიან გაუკვირდა ოდნავ შეღებული რომ დაუხვდა. ახლა უკვე გარკვევით ესმოდა სიტყვები :
„არ გინდა“
„ეს არ გააკეთო“
„არ დამტოვო“
ელენემ მაშინვე იცნო აბრამოვის ხმა, მიხვდა, რომ ბიჭი სიზმარში ბოდავდა და უკვე დაუფიქრებლად შეაღო მისი საძინებლის კარი. ნიკოლასი, საწოლში მხოლოდ Boxer-ის ტრუსებით იწვა. ელენეს, ცოტა ეუხერხულა კიდეც ბიჭის ასეთ მდგომარეობაში დანახვა. წამით ისიც იფიქრა იქაურობა დაუყოვნებლივ დაეტოვებინა, თუმცა აბრამოვი ისე გახშირებული სუნთქავდა და ისე მოუსვენრად იცვლიდა გვერდს საწოლში, აშკარა იყო რაღაც ძალზედ ცუდი ესიზმრებოდა, ამიტომ, მისი ამ მდგომარეობაში მიტოვება ნამდვილად ვერ შეძლო და ბიჭის საწოლს სწრაფად მიუახლოვდა.
-ნიკოლას გაიღვიძე -მკლავზე შეხებით ოდნავ შეარხია იგი გოგონამ, თან ტუმბოზე შემოდებული ღამის სანათიც აანთო. სწორედ მაშინ შენიშნა, რომ აბრამოვს შუბლი მთლიანად ოფლით ჰქონდა დაცვარული
-ნიკოლას, გესმის ჩემი? -რახან პირველ ჯერზე არ გამოვიდა, ხელთავიდან გაიმეორა იგივე გოგონამ. არც ამჯერად გამოუღია მცდელობას რამე კონკრეტული შედეგი, რის გამოც, ელენემაც უფრო რადიკალურ ზომებს მიმართა -ბიჭის საწოლზე ავიდა, მასზე მუხლებით დადგა და ამ უკანაკსნელს უფრო მაგრად დაუწყო ნჯღრევა.
-არ გააკეთო! გთხოვ, ეს არ გააკეთო! -მოუსვენრად ბორგავდა და კვლავ საწოლში ტრიალებდა აბრამოვი, ელენე კი უწინდელივით მისი გაღვიძების მცდელობით გახლდათ დაკავებული
-კოშმარს ხედავ, გაიღვიძე! ნიკოლას! ნიკოლას, გამოფხიზლდი! -ბოლო სიტყვები, იმხელა ხმაზე დაუყვირა, რომ ბიჭმა ნამდვილად ვეღარ შეძლო სიზმრების სამყაროში მოგზაურობის გაგრძელება. მან თვალები ზედმეტად სწრაფად გაახილა, პირველად ჭერს ახედა, შემდეგ კი საწოლის კიდისკენ მიიკუჭნა შეშინებული ბავშვივით და თავი ხელებში ჩარგო. ეტყობოდა, რომ ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე მოფხიზლებული და ამას, საწოლზე მის გვერდით მჯდომი ელენეც კარგად ამჩნევდა.
-ნიკოლას, კარგად ხარ? -დიალოგში შესვლა კიდევ ერთხელ სცადა მან -ძილში ხმამაღლა საუბრობდი და იძულებული გავხდი შემოვსულიყავი
აბრამოვი ხმასაც არ იღებდა. იმის მაგივრად, რომ გოგონას კითხვისთვის ეპასუხა, თავი კვლავ ხელებში ჰქონდა ჩარგული და ადგილიდან დაძვრაზე არც ფიქრობდა.
-ნიკოლას, თქვი რამე, ასე ნუ ხარ, გთხოვ -უკვე აშკარა შიში გაისმა ელენეს ტონში -თუ გინდა სასწრაფოს გამოვიძახებ
-არანაირი სასწრაფო -ამდენხნიანი მცდელობის შემდეგ, საკმაოდ სუსტად გაისმა საძინებელში ბიჭის ხმა
-მაგრამ ძალიან ცუდად გამოიყურები -აღნიშნა, თან ჭიქაში წყალი ჩამოუსხა და მასთან უფრო ახლოს მიიწია. ნიკოლასმაც მხოლოდ იმ წამს ჩამოიღო სახიდან ხელები, ელენეს პირდაპირ თვალებში შეხედა, მერე კი, გამოწვდილი წყლის ჭიქა ფრთხილად ჩამოართვა
-გმადლობ
-არაფრის . . . ნამდვილად კარგად ხარ? -ჰკითხა, როდესაც პირველი ყლუპი მოსვა და ჭიქა კვლავ ძირს ჩამოიღო
აბრამოვმა თავი დაუქნია.
-კი, კარგად ვარ, ისეთი არაფერია -მიუგო, თუმცა აღელვებული ხმის ტემბრი აშკარად ამხილებდა ბიჭის ტყუილს და ეს, არც ელენესთვის დარჩენილა ფარდის მიღმა. მიუხედავად ამისა, მაინც გადაწყვიტა ნიკოლასი მარტო დაეტოვებინა. თვლიდა, რომ ახლა მას, ვიღაცის კითხვებზე პასუხების გაცემას, განცალკევებით ერჩივნა ყოფნა, საკუთარ თავთან, ამიტომ საწოლიდან სწრაფად წამოდგა და უკვე გასასველი კარისკენ უნდა წასულიყო, რომ მაჯაში ჩავლებულმა ბიჭის ხელმა არ მისცა ადგილიდან დაძვრის საშუალება. დაჟინებული მზერით უყურებდა მას, ნიკოლასი, თანაც იმხელა სევდა ჩასდგომოდა მოოქროსფრო თვალებში, რომ ელენესაც მოეღუშა სახე, მის შემხედვარეს.
-არ წახვიდე, რა -ვედრების ტონით უთხრა მას, აბრამოვმა. ხმაზე უზარმაზარი დაძაბულობა ემჩნეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა ეს მაინცდამაინც არ შესტყობოდა -გთხოვ, ოღონდ ახლა ნუ დამტოვებ. არ წახვიდე, ელენე -კვლავ საწოლზე ჩამოსვა იგი ნიკოლასმა და ხელზე, ხელი უფრო მაგრად მოუჭირა
-კარგი, კარგი, არ მივდივარ, აქ ვარ, შენთან -ელენემ მას წყლის ჭიქა ჩამოართვა და ნახევრად ჩაცლილი, კვლავ თავის ადგილას დააბრუნა, კომოდზე. მართალია, ჯერ კიდევ ეუხერხულებოდა ნახევრად შიშველ ბიჭთან ერთ საწოლში ყოფნა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ნიკოლასის მდგომარეობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი და დარჩენა გადააწყვეტინა გოგონას.
-მიდი, თავიდან სცადე დაძინება, მე აქ ვიქნები -უთხრა ღიმილით. ელოდა, რომ ამ სიტყვების შემდეგ, აბრამოვი კვლავ საკუთარ ბალიშზე მიდებდა თავს და თვალებსაც დახუჭავდა, თუმცა სრულიად სხვა რამ მოხდა -ბიჭმა, ელენე მიაწვინა ხელის გულის ბიძგით საწოლზე, მის წელს ორივე ხელი შემოხვია და მკერდზე თავი ფრთხილად დაადო. იმდენად ეკვროდა მის სხეულს, გოგონამ, ნიკოლასის შინაგანი კანკალიც კი იგრძნო და მიხვდა, რომ ბიჭის გულს რაღაც სერიოუზული აფორიაქებდა. რაღაც ისეთი, რაზე საუბარიც ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდებოდა.
იმდენად იმოქმედა ნიკოლასის მდგომარეობამ, ელენეზე, რომ უკვე აღარც მის სიშიშვლეს აქცევდა ყურადღებას. ამის მაგივრად, ბიჭის ზურგსა და მხრებზე დაატარებდა თითებს და ასეთი გზით ცდილობდა სიმშვიდის გადაცემას.
ნიკოლასის თბილი სხეული, კვლავ უწინდელივით ეკვროდა მისას. ელენე, ახლა ყველაზე მძაფრად გრძნობდა ბიჭისგან წამოსულ გრილ, ევკალიფტის სურნელს. აღნიშნულ წამს, პირველად გააცნობიერა, რომ ეს სუნამო კი არა, ნიკოლასის ბუნებრივი არომატი იყო და თავისმა აღმოჩენამ სახეზე ღიმილიც მოჰგვარა. ზუსტად ამ დროს, აბრამოვის ჩუმი ხმაც მოესმა :
-ელენე . . .
-გისმენ
-გმადლობ -ჩაიჩურჩულა ძლივსგასაგონად. მერე ერთიანად მოდუნდა, გულისცემაც ჩაუწყნარდა და თავის მოოქროსფრო თვალებს, ფარდაც ჩამოაფარა. მხოლოდ ელენეს წელზე შემოხვეულ ხელებს ტოვებდა იგივე მდგომარეობაში, გოგონა კი, ამჯერად მის თმებში დაატარებდა თითებს, რადგან სადღაც წაკითხული ჰქონდა, რომ ეს ადამიანის ღრმად დაძინებისთვის, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყო.




* * * *
დილით, ნიკოლასის ოთახში, მისსავე საწოლში გაღვიძებულ ელენეს, ბიჭი იქ აღარ დაუხვდა. წამით ისიც კი იფიქრა, რომ გუშინდელი ღამე უბრალოდ სიზმარი იყო და აბრამოვის საწოლშიც უბრალოდ მთვარეულობის გამო მოხვდა, თუმცა როდესაც ტუმბოზე დადებული, მარწყვის სმუზით სავსე ჭიქა დაინახა, მასზე მიკრული პატარა, სმაილიანი ფურცლითა და სიტყვებით „გმადლობ, რომ გუშინ ღამით გამიძელი“, მაშინვე უკუაგდო უწინდელი ფიქრები და სახეზე ღიმილმომდგარი დასწვდა ცივ სასმელს.
ესიამოვნა დილის ასე პოზიტიურად დაწყება. რომ შესძლებოდა, კიდევ დიდხანს ინებივრებდა ლოგინში, თავის დესერტთან ერთად, თუმცა კარგად ახსოვდა, რომ ჯერ კიდევ ნიკოლასის ოთახში იყო, ამიტომ სწრაფად წამოდგა საწოლიდან, კართან ფეხის წვერებზე აწეულმა მიირბინა, გარეთ გავიდა და პირდაპირ საკუთარი საძინებლისკენ აიღო გეზი. შხაპის მიღებისა და თავის მოწესრიგების შემდეგ, გადაწყვიტა თავისუფალი დრო ამჯერადაც თავისი ყვავილების მოვლაში დაეხარჯა.
მზიანი დილა იყო. ელენემაც ამინდის შესაფერისი -თხელი, ფერადი სამოსი მოირგო ტანზე და სახლის უკან გაშენებულ ბაღში, ამაღლებული განწყობით გააბიჯა.
გოგონას საყვარელი ყვავილები ფაქიზად ირწეოდნენ მსუბუქი ნიავის ფონზე. ელენემ ღიმილით გადაავლო თვალი კვალში სიმეტრიულად ჩალაგებულ მცენარეებს და სარწყავ საშუალებას დასწვდა, რათა ისინი წყლით გაეგრილებინა. როგორც ყოველთვის, ახლაც ბოლომდე ჩაეფლო თავის საქმეში. იმდენად გაიტაცა ყვავილებზე ზრუნვამ, რომ არც კი შეუმჩნევია როგორ გამოვიდა ვერანდაზე ნიკოლასი, როგორ ჩამოეყრდნო იდაყვებით მოაჯირს და როგორ დაიწყო მისი თვალიერება.
ბიჭი წამითაც არ აშორებდა თვალს ელენეს მოძრაობებს. უყურებდა მის ქერა კულულებს, რომელიც უმკლავო, ზურგამოღებულ მაისურზე ეყარა, უცქერდა მის მაღალწელიან, ფერად კაბას, საკმაოდ მადისაღმძვრელად რომ გამოკვეთდა მის ფეხებს და სურვილი კლავდა გოგონას გლუვ კანს წამით მაინც შეხებოდა. უნდოდა საკუთარი თავისთვის ამაზე გაცილებით მეტის უფლებაც მიეცა, მაგრამ მოწოლილ სურვილებს თვალების მაგრად დახუჭვით უშველა, თავი გადააქნია და სცადა საღად აზროვნების უნარი დაებრუნებინა. უნდა ითქვას, ეს გამოუვიდა კიდეც.
მიუხედავად თავისი უწინდელი ფიქრებისა, ელენესგან შორს წასვლა მაინც არ უფიქრია. პირიქით, ბაღში მჯდომ ქვის მაგიდას მიუჯდა, მას მკლავებით დაეყრდნო და იქაურობა პირველად მოათვალიერა დაკვირვებით. მართლაც საკმაოდ ლამაზი და მოვლილი ჩანდა ელენეს ბაღი. ფერადი ყვავილები და მწვანე მცენარეები, ისე კოხტად და სიმეტრიულად იყო ჩალაგებული ერთმანეთის გვერდიგვერდ, რომ მაშინვე ყურადღებას იქცევდა თავისი ორიგინალურობით. არც ნიკოლასი დარჩენილა ნანახის მიმართ გულგრილი. იმ წამს, ელენეს შექებაც კი გადაწყვიტა ასეთი სილამაზის შექმნის გამო, თუმცა როგორც კი კვლავ გოგონას მიმართულებით გაიხედა, დაინახა, რომ ამ უკანსკნელს, მეზობელი სახლიდან გამომავალმა ვიღაც ბიჭმა აუწია ხელი, მისალმების ნიშნად და ოდნავ გაუღიმა კიდეც. უნდა ითქვას, იმ მომენტში, ელენეს მზერა ნამდვილად არ ჰგავდა მეგობრულს. მისი თვალები ბიჭს ისე უყურებდნენ, როგორც ქალი, სასურველ მამაკაცს და ეს ყველაფერი ნამდვილად არ დარჩენილა ნიკოლასის ყურადღების მიღმა. გულიც კი ჩასწყდა რაღაც მხრივ ამის გამო. მისთვის უკვე აშკარა გახდა, რომ ელენე ამ ადამიანით იყო დაინტერესებული და სწორედ ის ტრიალებდა მის გონებაშიც.
ნიკოლასისთვის ჯერ კიდევ უცნობმა ბიჭმა, ეზო სწრაფად გადაჭრა და ჭიშკრიდან გააბიჯა. ელენემაც სწორედ ამ დროს შეცვალა მზერის ობიექტი და კვლავ თავისი ყვავილების მოვლა განაგრძო. აქედან სულ მალე, ზურგს უკნიდან აბრამოვის სიტყვებიც შემოესმა:
-მგონი, არც ის უნდა იყოს შენს მიმართ გულგრილი
უეცარ ხმაზე, ელენე შიშისგან შეხტა, თუმცა როგორც კი თავი უკან გააბრუნა და მაგიდასთან მჯდომ ნიკოლასს მოჰკრა თვალი, გაორმაგებულმა გულისცემამ ნელ-ნელა მწყობრში დაიწყო ჩადგომა. ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა შეჩვეოდა იმ ფაქტს, რომ მარტო აღარ ცხოვრობდა? თავისი ვარაუდით, ამას კიდევ დიდხანს ვერ მოახერხებდა.
-ვინ არ უნდა იყოს გულრგილი? ვერ მიგიხვდი
-ის, ვისაც ცოტა ხნის წინ მიესალმე. მეც კაცი ვარ და იმ მზერის მნიშვნელობაც კარგად ვიცი, რა მზერითაც ის გიყურებდა.
ელენე შეიშმუშნა. აშკარად არ ესიამოვნა ის ფაქტი, რომ აბრამოვმა, მისი გეგასადმი დამოკიდებულება წამებში გაშიფრა, თუმცა ის ნამდვილად მოეწონა, როცა უთხრა, მგონი არც ის უნდა იყოს შენს მიმართ გულგრილიო.
-როცა გაიღვიძე და არ დამხვდი, მეგონა სახლიდან გასული იყავი -სცადა საუბარი სხვა თემაზე გადაეტანა, თან ყვავილების სარწყავი მიწაზე დადო და მაგიდასთან ნიკოლასის პირდაპირ დაჯდა
-არსად წავსულვარ, დღეს უქმე დღე მაქვს და ჯერ კიდევ ფიქრის პროცესში ვარ, თუ რით გავიყვანო დრო
-მეც ზუსტად ეგ პრობლემა მაქვს -ჩაეღიმა ელენეს
-ჰო მართლა, ის ბიჭი ვინ იყო გუშინ რომ შენს სახლში ეძინა? ნაცნობი სახე ჰქონდა და ამიტომ გეკითხები
-ჩემი ახლო მეგობარია, მიშკა ჰქვია. ალბათ იმიტომ გეცნობა, რომ ისიც ჩვენს უნივერსიტეტში სწავლობს
ნიკოლასი ცალი იდაყვით მაგიდას დაეყრდნო და მუშტად შეკრულ ხელს ნიკაპი ჩამოაყრდნო.
-კარგი, შენი მეგობარი გასაგებია -თქვა მან, თან ელენეს თვალი, თვალში გაუყარა -ახლა კი მინდა ერთი რამ შემოგთავაზო
-გისმენ -გოგონაც დაინტერესდა იმით, თუ რა გაგრძელება მოჰყვებოდა აბრამოვის სიტყვებს
-რახან უქმე დღე გვაქვს და არ ვიცით რა გავაკეთოთ, გთავაზობ ერთ ადგილას გამომყვე. ოღონდ მისვლამდე არ მკითხო სად, მაინც არაფერს ვიტყვი.
ელენეს, ოდნავი ღიმილი მოჰგვარა ამ სიტყვებმა და ირიბად გახედა თავის პირდაპირ ჩამომჯდარ აბრამოვს.
-ასე რატომ ასაიდუმლოებ, ჩემს მოკვლას ხომ არ აპირებ?
-ჰო, ვაპირებ, რადგან შენი სახლი მომწონს და მისი დასაკუთრება დავისახე მიზნად -ბიჭიც აჰყვა ხუმრობაში
-კარგი, თუ ასეა წავალ, მოვემზადები
-მომზადება არ გჭირდება, ისეთ ადგილას მივდივართ, ეს სამოსიც შესაფერისი უნდა იყოს
-მშვენიერია . . . ახლავე წავიდეთ?
-ჰო, რაღას უნდა ველოდოთ? -ღიმილით აიჩეჩა მხრები ნიკოლასმა და ფეხზე პირველი წამოდგა -ოღონდ ამჯერად ტაქსით, ავტობუსში ჩამჯდომი ნამდვილად აღარ ვარ
-ტიპური მილიონერისა და ავტობუსის დამოკიდებულება -გაეცინა ელენეს და ნიკოლასის შეჭმუხნილი წარბების დანახვისას დაამატა -კარგი, დამშვიდდი, ტაქსით მივდივართ . . .



- - - -

იმ დილით, საბოლოო გაჩერებად, ელენესთვის ოცსართულიანი კორპუსის სახურავი იქცა, საიდან გადაშლილ ქალაქის ხედსაც, თვალებში ჩამდგარი კმაყოფილებით უმზერდა ნიკოლასი. გოგონას ჯერ კიდევ უჭირდა დაჯერება, რომ აბრამოვმა, სწორედ ამ ადგილას განიზრახა მისი ამოყვანა, თუმცა იქედან გადაშლილი პანორამით იმდენად იყო დატყვევებული, რომ ვერც ხმის ამოღებას ახერხებდა და ვერც ადგილიდან დაძვრას. მხოლოდ ნიკოლასს გახედავდა ხოლმე პერიოდულად და შემდეგ, კვლავ ქალაქის მომაჯადოებელ ხედს უბრუნდებოდა მზერით.
-ასეთი გაკვირვებული სახე რატომ გაქვს, პირველად ხარ კორპუსის სახურავზე?-გოგონას გამომეტყველებამ, აშკარა ღიმილი მოჰგვარა ნიკოლასს
-ჰო, პირველად ვარ, თანაც ვერ მივხვდი აქ რატომ ამომიყვანე
დასმულ შეკითხვას, აბრამოვმა საკმაოდ მარტივი და მოკლე პასუხი გასცა :
-იმიტომ, რომ სიმშვიდეა
-გასაგებია . . . და ახლა რა უნდა ვქვნათ?
-გამომყევი -თავისი ხელი ჩასჭიდა გოგონას ხელს, ნიკოლასმა, მერე კი, სახურავის ზედაპირისკენ წაიყვანა. ელენე მორჩილი ბავშვივით მიჰყვებოდა უკან. მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც ბიჭი კიდესთან სამიოდე ნაბიჯის დაშორებით შედგა და სახურავის ზედაპირზე ზურგით ისე გაწვა, როგორც ფუმფულა საწოლზე.
-მოდი, შენც დაწექი
ელენეს ოდნავ ჩაეღიმა, კიდევ ერთხელ გახედა ულამაზეს ხედს და მისი ეს პატარა თხოვნა, ყოველგვარი ზედმეტი კომენტარის გარეშე შეასრულა. რამდენიმე წამიც და ორივენი გულაღმა გაწოლილნი აკვირდებოდნენ დილის ცის კაბადონს, ალაგალაგ, ბამბასავით ქათქათა ღრუბლებით რომ იყო დაფარული.
ქვემოდან სუსტად თუ აღწევდა ავტომობილთა სიგნალები და ქალაქის ხმაური. აღმოსავლეთიდან სასიამოვნო, ოდნავ გრილი ნიავი ქროდა. უკიდეგანო სიმშვიდე სუფევდა ირგვლივ. თითქოს სრულიად სხვა სამყაროში იყვნენ მოხვედრილნი, რომელსაც რეალურთან არაფერი ჰქონდა საერთო.
-კარგი ქენი აქ რომ წამომიყვანე -ელენე გახდა ჩამოვარდნილი დუმილის დარღვევის ინიციატორი -აქაურობა თითქოს სიმშვიდის სურნელითაა გაჟღენთილი
ნიკოლასს, ოდნავი ღიმილი მოჰგვარა გოგონას სიტყვებმა, სისხლისფერ ტუჩებზე.
-კარგი შედარება იყო -აღნიშნა მან. მერე თავი ელენესკენ მიაბრუნა, თან მისი თმის მცირედი ნაწილი შეათამაშა ხელში-არ გინდა შენზე უფრო მეტი მომიყვე?
-კონკრეტულად რა გაინტერესებს?
-მოდი, ასე მოვიქცეთ -იდაყვზე დაყრდნობით წამოიწია ბიჭი და ელენეს ზემოდან დააცქერდა -მე გარკვეულ კითხვებს დაგისვამ, შენ კი მათზე პასუხებს გამცემ, ისე, თითქოს ინტერვიუს აძლევ
-საინტერესოა
-ანუ გაწყობს
-მაწყობს -მტკიცედ განაცხადა გოგონამ და პირველი კითხვის მოლოდინში სმენად იქცა. ამ უკანასკნელს არც დაუგვიანია :
-დილით გაღვიძებისას პირველი რას აკეთებ?
ელენეს წამითაც კი არ უფიქრია ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად.
-მუსიკებს ვრთავ ენერგიაზე მოსასვლელად
-კარგი და რომელი ქალაქი გიზიდავს ყველაზე მეტად?
-ტოკიო . . . ამ ქალაქში ტექნიკის მხრივ ყველაზე დიდი მიღწევებია
აბრამოვმა ღიმილით დაუქნია თავი და შემდეგი კითხვაც დასვა. გოგონას უკვირდა კიდეც, თუ როგორ იფიქრებდა მათ ასე მალ-მალე.
-დაასახელე სამი ნივთი, რომელიც ყოველთვის გიდევს ჩანთაში, როდესაც სადმე გადიხარ

ელენე წამით ჩაფიქრდა, შემდეგ კი ამ ნივთების ჩამოთვლაც დაიწყო :

-პირველი -მობილურია, მეორე -ყურსასმენები, ხოლო მესამე -უფერული ტუჩსაცხი

-რატომ უფერული? -აშკარად დაინტერესდა ბიჭი -ისე, ახლა გავაცნობიერე, რომ თითქმის ყოველთვის უმაკიაჟოდ ხარ

-ჰო, არ მიყვარს სახის გადატვირთვა, თავს არაკომფორტულად ვგრძნობ ხოლმე

-ჩემი აზრით, ბუნებრივადაც საკმაოდ კარგად გამოიყურები

ელენემ, ამ დროს ისეთი მზერა დაიჭირა ნიკოლასისგან, რომელმაც თავი ოდნავ უხერხულად აგრძნობინა , თუმცა სცადა ეს გარეგნულად არ შეემჩნია.

-კარგი, მგონი შემდეგი კითხვის დრო მოვიდა -შეახსენა მან. ბიჭსაც დიდხანს აღარ დაუყოვნებია და შუა გზაზე გაწყვეტილი ინტერვიუ განაგრძო:

-ჯინის ლამპარი რომ ხელში ჩაიგდო, რომელ სამ სურვილს ჩაიფიქრებდი?

-ვაუ, რა საინტერესო კითხვაა -გაეცინა ელენეს, თან ცის კაბადონს ააშტერდა -პირველი სურვილი ალბათ ის იქნებოდა, რომ მინიმუმ ოცდაათ ენაზე მაინც შემეძლოს საუბარი, მეორე საქვეყნოდ განთქმული კონდიტერობაა, ხოლო მესამე სურვილით, ალბათ ჯინს ვაჩუქებდი თავისუფლებას, წინა ორის შესრულებისთვის მადლობის გადახდის მიზნით

-ჯინი ძალიან იღბლიანი იქნებოდა შენნაირი პატრონის ხელში

-მეც ასე ვფიქრობ

-კარგი და ბოლო კითხვა -რომელია შენი ყველაზე ძლიერი ფობია?

-ჩემი ყველაზე ძლიერი ფობია, წარუმატებელ ადამიანად დარჩენაა. არ მინდა ოდესმე უკან მივიხედო და მივხვდე, რომ არაფერი გამიკეთებია ისეთი, რაც საშუალებას მომცემდა საკუთარი თავით მეამაყა

-ამის ბევრს ეშინია
-შენც?
-ალბათ, ცოტათი მეც
ელენემ თვალები დახუჭა და გაეღიმა. უნდა ეღიარებინა, მოსწონდა ნიკოლასთან დროის გატარება და მისი საინტერესო კითხვები, რითაც ერთმანეთის უკეთ გაცნობასა და დაახლოვებას ახერხებდნენ.
-მეც რომ გკითხო ერთი რამ, გულწრფელი იქნები? -ჰკითხა ელენემ იმ სიჩუმის შემდეგ, რაც ათი წამის განმავლობაში მაინც იყო გაწოლილი მათ თავზე, ადრიანი დილის ნისლივით.
აბრამოვმა, ცალი წარბის აზიდვით გადმოხედა გოგონას.
-მაინც რა გაინტერესებს ჩემზე?
-მაინტერესებს, ჩემს სახლში რატომ ცხოვრობ? შეიძლება ასე კიდევ დიდხანს გაგრძელდეს და ოდესმე ხომ მაინც უთხრა მითხრა მიზეზი? არ გინდა მოვლენები დააჩქარო და ეს ახლავე გააკეთო?
-და იქნებ საერთოდ არ ვაპირებ რამის მოყოლას?
-თუ ასეა, მაშინ სახურავიდან გადავხტები და შენს სინდისზე იქნება -გამომწვევად გახედა ელენემ ამის თქმისას, თან კიდევ ერთხელ შეიგრძნო ნიკოლასის სხეულიდან წამოსული ევკალიფტის გრილი სურნელი
-ვერ გადახტები, წელზე ხელებს მოგხვევ და მაგრად შეგბოჭავ
ელენემ თავი გადააქნია და ოდნავ გაეღიმა.
-არადა, მოყოლის სურვილი რომ გქონდეს, შენთვის იმ დღიურივით ვიქნებოდი, რომელსაც ბოქლომი ადევს და საიდუმლოს არასდროს გასცემს -თქვა მან საკმაოდ დამაჯერებელი ტონით. სურდა ამ სიტყვებით, აბრამოვის მდუმარედ ყოფნის გადაწყვეტილებაზე მოეხდინა გარკვეული გავლენა და უნდა ითქვას, ეს რაღაც მხრივ შეძლო კიდეც, რადგან ბიჭმა შემდეგი სახის კითხვა დაუსვა:
-ანუ ისეთი სანდო ადამიანი ხარ, რომ შენთან ყველაფერი შემიძლია ვილაპარაკო?
-თავის ქება არ მიყვარს, თუმცა რაც მართალია, მართალია, ზუსტადაც რომ ასეთი ვარ
-ყველაზე უცნაური იცი რა არის?
-რა?
-ის, რომ შენს სიტყვებში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, მიუხედავად ჩვენი მოკლეხნიანი ნაცნობობისა
ელენესთვის მეტად სასიამოვნო აღმოჩნდა ის სიტყვები, რაც ნიკოლასისგან მოისმინა და ეს მსუბუქი ღიმილითაც გამოხატა.
-თუ სანდოდ მიმიჩნევ, მაშინ შეგიძლია ყველაფერი მომიყვე -უთხრა ბოლოს -კიდევ ერთხელ გარწმუნებ, რომ ეს ამბავი ჩვენ ორს შორის დარჩება
აბრამოვი ცას შეჰყურებდა მდუმარედ და თვალსაც არ ახამხამებდა. თავადაც უკვირდა ეს ყველაფერი, თუმცა აღნიშნულ წამს არანორმალურად სურდა ვიღაცისთვის გული გადაეშალა და თავისი ისტორია წერტილ-მძიმით მოეყოლა. მართალია, ადამიანებისა და მეგობრების ნაკლებობას არასდროს განიცდიდა, თუმცა მსგავს თემაზე არც ერთ მათგანთან არ მონდომებია და არც მოუნდებოდა საუბარი. აი, ელენე კი რაღაც სხვა იყო. ყველაფრისთვის რომ თავი დაენებებინა, აუხსნელ სიამოვნებას ღებულობდა აბრამოვი გოგონასთან უბრალო ურთიერთობითაც კი. იმდენად მოსწონდა მასთან კონტაქტი და დროის გატარება, სურდა ის წუთები ძალიან დიდხანს გაგრძელებულიყო ხოლმე.
-კარგი, დავაკმაყოფილებ შენს ცნობისმოყვარეობას -საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებულმა, ღიმილით გადახედა თავის გვერდით მწოლიარე გოგოს
-გისმენ . . .
-გავიგე, რომ დედაჩემმა, მამაჩემის მიზეზით მოიკლა თავი
ელენეს, იმის შესახებაც კი არ ჰქონდა წარმოდგენა, რომ ნიკოლასს დედა არ ჰყავდა, თუმცა ამაზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. უბრალოდ მზერით აგრძნობინა საკუთარი თანაგრძნობა და ისტორიის მოსმენა განაგრძო :
-ჩემი მშობლები ერთი წლის დაქორწინებულები იყვნენ, როდესაც მამაჩემი საშინელ ხანძარში მოჰყვა. ცეცხლი სანთელმა გააჩინა, რომელიც ფარდებს წაეკიდა და იქაურობა მთლიანად კვამლში გახვია. ამ დროს, დედა ჩემზე იყო ორსულად და იმ საშინელ ღამითაც ჩემმა აქტიურმა მოძრაობამ გამოაღვიძა. როცა თვალები გაახილა და დაინახა, რომ ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული . . . -ამ სიტყვებზე, ნიკოლასის თვალებში უდიდესი ტკივილი გამოისახა, თუმცა ამბის თხრობა მაინც არ შეუწყვეტია -მამა გონს ვერ მოდიოდა. კვამლისგან უკვე ფილტვები ჰქონდა მოწამლული, ამიტომ, დედას უდიდესი ძალისხმევა და თავგანწირვა დასჭირდა, რათა იგი გარეთ გაეყვანა და სახლთან ერთად დაწვას გადაერჩინა. შვიდი თვის ორსულმა ქალმა ეს უდიდესი გაჭირვებით შეძლო, თუმცა ამას საკუთარი სილამაზეც შესწირა -სახის საკმაოდ მძიმე დამწვრობა მიიღო. ამ საშინელი ღამის შემდეგ, ყველაფერი უკუღმა წავიდა მის ცხოვრებაში. ცოლის წყალობით გადარჩენილი მამაჩემი, მას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ღალატობდა, შეურაცხყოფას აყენებდა, მახინჯს ეძახდა და მხოლოდ იმის გამო ცხოვრობდა კვლავ დედასთან ერთად, რომ მე ახალშობილი ვიყავი და მის მზრუნველობას ვსაჭიროებდი. ერთ დღესაც კი, ვეღარც დედამ აიტანა საყვარელი მამაკაცის ასეთი სიცივე. ბოლო პერიოდში, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მამას, ქალები საკუთარ სახლშიც დაჰყავდა და მათ პირდაპირ დედაჩემის თვალწინ უფათურებდა ხელებს. დედასთვისაც სწორედ ეს აღმოჩნდა ბოლო წვეთი. უბრალოდ ამდენს ვეღარ გაუძლო და გადაწყვიტა . . . -ნიკოლასი გაჩუმდა და მოსმენილი ამბისგან სუნთქვაშეკრულმა ელენემაც, თითქოს მთელი სიცხადით იგრძნო ის ტკივილი, რასაც ბიჭი მოცემილ მომენტში განიცდიდა
-ხვდები ელენე? -კვლავ განაგრძო მან -დედაჩემმა, იმ კაცის გადასარჩენად, საკუთარი და მუცელში მყოფი შვილის სიცოცხლე გარისკა, ის კი ისე ეპყრობოდა, როგორც უკანასკნელ ნაგავს . . . სწორედ იგია დამნაშავე იმაში, რომ მუდამ მშურდა იმ ბავშვების, ვისაც სიტყვა „დედის“ წარმოთქმა შეეძლოთ. მისი დამსახურებაა, რომ მთელი ბავშვობა დანაკლისს განვიცდიდი და არა მგონია ამის პატიება ოდესმე შევძლო. უბრალოდ არ გამომივა, გესმის? -თვალები მაგრად დახუჭა ბოლო სიტყვებზე და იგრძნო როგორ შეეხო ელენეს ხელი მისას. ესიამოვნა უსიტყვო თანაგრძნობა. ახლა, ყველაზე ნაკლებად დასამშვიდებელი სიტყვები სჭირდებოდა მის გულს და გაუხარდა, რომ გოგონას მსგავსი არაფერი უთქვამს. იმ წამს, მთელი სიცხადით გაიაზრა, რომ თავისი საიდუმლო, ნამდვილად სწორ ადამიანს გაანდო და ამ შემთხვევამ, ერთიორად გაუზარდა ელენესადმი პატივისცემა.
-მახსოვს, მითხარი არც ერთ სასტუმროში არ მაძლევენ ოთახსო -დიდხნიანი დუმილი ელენეს სიტყვებმა დაარღვია
-ჰო, მერე?
-ესეც მამაშენის დიდი გავლენის გამო ხდება? ასე ცდილობს სახლში დაგაბრუნოს?
-გამოიცანი -მწარე ღიმილი გაუკრთა სისხლისფერ ბაგეებზე ნიკოლასს -ალბათ გიკვირს ბინას რატომ არ ვქირაობ და მაინც შენთან რატომ ვარ, არა?
-სიმართლე გითხრა კი -აღიარა
-პირველი მიზეზი ისაა, რომ ისეთი ბინის დაქირავება, რომელშიც კომფორტულად ცხოვრებას შევძლებ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. შეიძლება ეს უარყოფით თვისებად ჩამითვალო, მაგრამ ვერ ვიცხოვრებ იქ, სადაც ელემენტარულად ხოჭოს შეუძლია გავლა, ან თუნდაც ტარაკანს
-ანუ, ჩემს სახლში რომ მწერები ყოფილოყო, ფეხს არ შემოადგამდი, არა? -გაეცინა ელენეს და ნიკოლასიც აიყოლია
-ჰო, ალბათ არ შემოვადგამდი . . . თუმცა სხვა მიზეზიც მქონდა შენს სახლში მოსასვლელად და ეს იდეა მაშინ დამებადა, როცა მამაჩემთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, საპირფარეშოში შემომაკითხე გაცეცხლებულს. ხომ გახსოვს ის დღე?
ელენემ თავი დაუკრა დასტურის ნიშნად. აშკარად დააინტერესა იმ „სხვა მიზეზმა“ და ეს არც დაუმალავს.
-კარგი, მითხარი კიდევ რა არის ისეთი, რაც არ ვიცი?
-დასაწყისისთვის მითხარი, ამურის ისარზე თუ გსმენია რამე? მითოლოგიაზე არ გეკითხები, უბრალოდ ერთი თამაშია, რომელშიც, ჩვენი უნივერსიტეტის ბიჭების საკმაოდ დიდი ნაწილია ჩაბმული
-არა, ამის შესახებ არაფერი მსმენია -უარყოფის ნიშნად თავი გააქნია ელენემ -ასეთი რა თამაშია? ან ჩვენს საუბართან რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს?
აბრამოვმა ღრმად ამოისუნთქა, თითქოს წყალში ჩაყვინთვის წინ, ჟანგბადის მარაგს იგროვებსო და ახსნა დაიწყო :
-ამურის ისარი თამაშია, რომელიც ამავე დასახელების საიტზეა განთავსებული და მისი თამაშის უფლებაც მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენელთ ენიჭებათ. სერვერზე წვდომა, მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტ ბიჭებს აქვთ მოპოვებული. რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის გავლის შემდეგ, სისტემა შენს მონაცემებს გიგზავნის მეილზე, რისი საშუალებითაც საიტზე შესვლა შეგიძლია. მოკლედ, თამაშის წესები ასეთია -ყოველ დარეგისტრირებულ ბიჭს, შემქმნელი ერთ კონკრეტულ გოგოს სთავაზობს ჩვენივე უნივერსიტეტიდან, გამოწვევის სახით და მის შეცდენას ავალებს. ამ ყველაფრის დამადასტურებელი კადრები, მოთამაშემ თავისივე მობილურით უნდა გადაიღოს და სერვერზე ატვირთოს. ამის გაკეთების შემდეგ, მას ქულები ენიჭება თამაშის შემქმნელისგან და ახალი გამოწვევაც, ახალი გოგოს სახით. ყოველ გოგოს შესაცდენად, შემქმნელი ორ კვირას აძლევს მოთამაშეს. თუ ამ დროის განმავლობაში, ვერანაირი ვიდეო-მასალა ვერ ატვირთა, სადაც დავალების შესრულებაა ასახული, მონაწილე ავტომატურად ეთიშება თამაშს
-მოიცა, მოიცა -შუა გზაზე გააწყვეტინა ელენემ -ანუ, ამ გამოწვევაში ჩაბმული ბიჭები, თავიანთი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ინტერნეტ-სივრცეში ანთავსებენ?
-ტექნიკურად ასეა
-რა გულისამრევია . . . და იმ გოგონებმა თუ იციან ეს ყველაფერი, ვისთან ერთადაც კამერებში ჩანან?
-რა თქმა უნდა, არა . . . ეს ყველაფერი გასაიდუმლოებულია, თუმცა მდედრობითი სქესის ერთეული წარმომადგენლები, მაინც ფლობენ ინფორმაციას ამის შესახებ. ისინიც ალბათ ისეთები, ვინებიც მეგობარი ბიჭების მხრიდან არიან გაფრთხილებულები, თორემ საიტს ძლიერი ფეის-კონტროლი აქვს დაყენებული და თუ შენი გენდერი მამრობითი არაა, მაშინ სისტემის შიგნით არ გიშვებს
-და თამაშის გამარჯვებული რას იღებს პრიზად? -დაინტერესდა ელენე, თან შეამჩნია, რომ ნიკოლასს კიდევ რაღაც ჰქონდა სათქმელი და მიხვდა კიდეც რა იყო ეს -ბიჭს ჯერ კიდევ არ ეთქვა, თუ რა კავშირი ჰქონდა ამურის ისარს, მათ საუბართან
-პრიზი არ არსებობს, მოთამაშეები ამას აზარტის გამო აკეთებენ და . . . -აქ ნიკოლასმა გოგონას გადახედა გამომცდელი მზერით, თითქოს ფიქრობს, დაწყებული საუბარი გავაგრძელო თუ არაო
-დაასრულე ნიკოლას. ქერა ვარ, მაგრამ უტვინობა ჩემგან ძალიან შორსაა. ვხვდები, რომ მთავარი ჯერ კიდევ არ გითქვამს
ელენეს სიტყვები, თითქოს უხილავი ბიძგი აღმოჩნდა ბიჭისთვის. მეტის დაყოვნება მართლა აღარ სურდა, თანაც მიაჩნდა, რომ გოგონას აუცილებლად უნდა სცოდნოდა სიმართლე, რადგან ამის სრული უფლება ჰქონდა.
-ამურის ისრის ერთ-ერთი გამოწვევა შენ იყავი -პირდაპირ თვალებში უყურებდა ნიკოლასი ამის თქმისას -ირაკლი სამსონიძეს მისცეს შენი შეცდენის დავალება და სწორედ ამიტომ დაგდევდა ეს დღეები მშიერი ძაღლივით
აი ახლა კი ყველაფერი ნათელი გახდა ელენესთვის. პირდაპირი გაგებით, გულის რევის შეგრძნება დაეუფლა იმის გააზრებისას, თუ რა ბინძური ზრახვები ჰქონდა სამსონიძეს მასთან დაკავშირებით. მართალია, თანაკურსელის ნდობა არც აქამდე ჰქონია, თუმცა ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა ასეთ სიბინძურეში თუ შეეძლო გარევა. აქ, უკვე ერთი კითხვა დაებადა ელენეს :
-და შენ საიდან იცი ამ თამაშის შესახებ? -ეჭვით გახედა ნიკოლასს -არ მითხრა, რომ შენც რიგითი მონაწილე ხარ
-მონაწილე არ ვარ, თუმცა ინფორმაციას სრულიად ვფლობ . . . შენთან გადმოსვლის მეორე მიზეზიც ის იყო, რომ სამსონიძის კლანჭებისგან დამეცავი. მართალია, მაშინ კარგად არ გიცნობდი, თუმცა ვაღიარებ ხშირად გაკვირდებოდი და მუდამ საინტერესო ადამიანად მიგიჩნევდი, მიუხედავად იმისა, რომ ცოტათი თავშიავარდნილი მეგონე. მოკლედ, ვიფიქრე, რომ თუ შენს სიახლოვეს ვიტრიალებდი, იმ ტიპისგან გიხსნიდი, თუმცა რაც უფრო კარგად გეცნობოდი, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ შენნაირი ადამიანი, სამსონიძის მსგავს ბიჭს ახლოსაც არ გაიკარებდა. თანაც უკვე გქონია ინტერესის სფერო, იმ იდუმალი მეზობლის სახით -აღნიშნა ბოლოს და გულში უსიამოვნოდაც გაწიწკნა ამის კიდევ ერთხელ გააზრებისას
-ანუ გინდა თქვა, რომ ჩემს სახლში, ჩემივე დასაცავად გადმოხვედი?
ნიკოლასს ოდნავ გაეღიმა.
-მე ის ვთქვი, რომ ეს ერთ-ერთი მიზეზია -დააკონკრეტა მან -მაგრამ თუ თავს არაკომფორტულად იგრძნობ, შეგიძლია ნებისმიერ წამს მომთხოვო ბარგის ჩალაგება და გპირდები არ მეწყინება
-მსგავსს არაფერს ვაპირებ -საკუთარ თავში დარწმუნებული ტონით მიუგო, თან ყურსასმენები ბლუთუზით დააკავშირა ტელეფონთან და ერთი ცალი ნიკოლასსაც უწილადა. ამ უკანასკნელს, ცოტა არ იყოს, ეუცნაურა გოგონას საქციელი და ოდნავ გაკვირვებული სახით შეათვალიერა იგი.
-რას აკეთებ? მუსიკას რთავ?
-ჰო
-და რატომ?
-იმიტომ, რომ ახლა შენც დამშვიდება გჭირდება და მეც, იმის შემდეგ რაც მიამბე -გამოსცრა კბილებს შორის -მხოლოდ რამე მშვიდი მელოდია თუ დამეხმარება, რათა იარაღი არ ავისხა და სამსონიძის დასახვრეტად არ წავიდე, მისსავე სახლში -ყველანაირად ცდილობდა თავის შიგნით დაგუბებული ბრაზის შეფარვას გოგონა, თუმცა მაინცდამაინც იდეალურად არ გამოსდიოდა. ნიკოლასს გაეღიმა და ამჯერად თავად ჩაჰკიდა ხელი თანაგრძნობის ნიშნად. სწორედ ამ დროს Fly Me To The Moon-ის მშვიდი ჰანგებიც გაისმა ყურსასმენებში და გოგონამაც ღრმად ამოსუნთქვას გააყოლა გულში დაგროვებული ნეგატივის დიდი ნაწილი.
-გმადლობ ნიკოლას -ძლივსგასაგონი ჩურჩულით ამოთქვა მან -გმადლობ, რომ ჩემს გადარჩენას შეეცადე და იმისთვისაც, რომ ეს ყველაფერი გამიმხილე. არა მარტო მე, ეს ყველამ უნდა გაიგოს, გესმის?
-არა მგონია ეგ კარგი აზრი იყოს . . . იქ საკმაოდ ბევრი გოგოს ვიდეოა ატვირთული და თუკი ეს ამბავი გამჟღავნდება, მათაც გაუტყდებათ სახელი. მე სრულიად სხვა გზა ვიპოვე, მაგ საიტის გატეხვასა და დაბლოკვაზე ვმუშაობ
-მართლა?
-მართლა -გაუღიმა -ნუ ღელავ, ამ ყველაფერს ასე არ დავტოვებ
-უბრალოდ მუსიკას მოვუსმინოთ, კარგი? აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი
-ანუ, ვჩუმდებით -გვერდულად გახედა აბრამოვმა და ღიმილიც გაუკრთა ტუჩის კუთხეში
-სანამ გავჩუმდებით, მინდა ერთი რამ გითხრა
-გისმენ
-შენი საიდუმლო მუდამ ჩემთან დარჩება. ამაში ეჭვი არასდროს შეგეპაროს . . . მეც, რაც შემეძლება გავაკეთებ იმისთვის, რათა ტკივილი ცოტათი მაინც შეგიმსუბუქო, ეს არასდროს დაგავიწყდეს, კარგი? -ბიჭის მზერას თვალი გაუსწორა ამის თქმისას და მისი არეული სუნთქვაც მიეფრქვია სახეზე
-ელენე შენ . . .
-რა?
-შენ სულ სხვა ფერის ხარ . . . სახელს ვერ გიძებნი . . . უბრალოდ სრულიად სხვა ხარ და მორჩა . . .





.
ლექციის დაწყებამდე, სულ რაღაც ხუთი წუთი იყო დარჩენილი, როცა უკანა მაგიდასთან მჯდომ, წიგნში თავჩარგულ ელენეს გვერდით სამსონიძის მაგივრად, ამჯერად ნიკოლასი მიუჯდა და მკლავებით მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო. უნდა ითქვას, ელენე საკმაოდ გაკვირვებული დარჩა მისი საქციელით. მიუხედავად იმისა, რომ ის და აბრამოვი ერთ სახლში ცხოვრობდნენ და ბოლო პერიოდში ერთმანეთს საკმაოდ კარგადაც უგებდნენ, უნივერსიტეტში მაინც სრულიად უცნობი ადამიანებივით იქცეოდნენ ხოლმე. სწორედ ამიტომ გაუკვირდა ნიკოლასის თავის გვერდითა სკამზე დანახვა და ამის დამალვა არც უფიქრია.
-ვერ მეტყვი აქ რატომ დაჯექი? -ჰკითხა ცალი წარბის აწევით. ბიჭმა გვერდულად გამოხედა და თვითონაც ასწია ცალი წარბი, მეორეზე უფრო მაღლა
-რა მოხდა, ეს ადგილი დაკავებული ხომ არაა?
-არა, უბრალოდ აქამდე მუდამ შენს გრძელფეხება გოგონებთან ერთად ჯდებოდი ხოლმე და ამიტომ გამიკვირდა
აბრამოვმა ელენეს ფიგურა შეათვალიერა და მისკენ ღიმილით გადაიხარა.
-შენს ფეხებს რას უწუნებ? -ძალიან ახლოს იყო მის ტუჩებთან როცა ეს ჰკითხა. აღნიშნულ წამს, მთელს სხეულზე აუხსნელი ჟრუანტელი მოედო გოგონას, თუმცა გრძნობები სწრაფად მოთოკა და თავდაჯერებული გამომეტყველება დაიჭირა
-დაწუნებით არაფერს, უბრალოდ ორმეტრიანობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის
-ჰოდა არც მე მომწონს ქალის ობობასავით გრძელი ფეხები . . . დღეს რა თემაზე გვაქვს სემინარი? -წიგნის თავისკენ მიიწია და გადაფურცლა
-ამერიკის ფინანსებზე. არ მომზადებულხარ?
-არა, რაღაც ძალიან საინტერესო სერიალს გადავაწყდი „სქროლვისას“ და ზედმეტად შევყევი. წუხელაც მხოლოდ ერთი საათით მეძინა, მაგის ყურებაში გავათენე
-ასეთი რა სერიალია? -გაეცინა ელენეს
-მძარცველთა გუნდზეა, რომლებმაც მონეტების ფაბრიკა აიღეს ესპანეთში და საკუთარი ფულის მოჭრა სურთ
-ვიცი ეგ სერიალი, ბერლინი ჩემი ფავორიტია
-აი მე კი ტოკიომ მიმიზიდა
-ტოკიოზე მეც კი ნერწყვები მადგება, შენი არც მიკვირს
-ამ ლექციის მერე ერთ საათიანი შუალედი გვაქვს, არ გინდა სადმე წავიდეთ? -შესთავაზა ნიკოლასმა, თან გამომცდელად შეხედა პასუხის მოლოდინში. მისდა საბედნიეროდ, ელენეს, გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო არ დასჭირვებია
-კარგი წავიდეთ, მაგრამ სად?
-აქვე ახლოს, ერთი ძალიან კარგი სანაყინეა. შეგიძლია ცოტა ხნით დაივიწყო შენი სწორი კვება და ისიამოვნო
-რატომაა, რომ ყველაფერი უგემური სასარგებლოა, ყველაფერი გემრიელი კი მავნებელი? -ამოიწუწუნა გოგონამ და თავისი ბავშვივით მოღუშული სახით, გვერდით მჯდომის გაღიმებაც შეძლო
-არ ვიცი და მაგაზე ბევრს არვ ვფიქრობ. ამ წუთას შენც იგივეს გაკეთებას გირჩევ
-მგონი მართალი ხარ, ერთი დღით ჯანდაბაშიც წასულა სწორი კვება!
-ანუ მოდიხარ
-მოვდივარ -თავი დაუქნია დასტურის ნიშნად ელენემ და მათი დიალოგიც სწორედ ამ ნაწილში გაწყდა, რადგან აუდიტორიაში ლექტორმა შემოაბიჯა, ქუსლების კაკუნით.
სემინარმა ჩვეულ ვითარებაში ჩაიარა. იმ სტუნდენტებთან, ვისი გამოკითხვისთვისაც დრო აღარ რჩებოდა, უბრალოდ კითხვების დასმით შემოიფარგლა ლექტორი და ნიკოლასიც, რომელიც სემინარისთვის არც თუ ისე სახარბიელოდ გახლდათ მომზადებული, სწორედ ამან იხსნა უხერხული სიტუაციისგან. ელენემ მხოლოდ იმ წამს გაიაზრა, რომ აბრამოვი აქამდე სემინარზე არასდროს შესულიყო და მხოლოდ ლექციებზე დასწრებით შემოიფარგლებოდა. ეს ფაქტი, თავად ლექტორმაც აღნიშნა, რაზეც ნიკოლასმა უბრალოდ გაუღიმა და მეტი არაფერი.
სემინარი ზუსტად ერთ საათში დასრულდა. ელენესდა საბედნიეროდ, სამსონიძე იმ დღეს უნივერსიტეტში არ გამოჩენილა, რაც კიდევ უფრო კარგ განწყობაზე აყენებდა ისედაც იდეალურ ხასიათზე მყოფს. ლექტორის აუდიტორიიდან გასვლის შემდეგ, პირობისამებრ, ნიკოლასთან ერთად გაეშურა თავისთვის ჯერ კიდევ უცნობი სანაყინისკენ. დაწესებულება უნივერსიტეტიდან დაახლოებით ას მეტრში მდებარეობდა, ამიტომ, იქამდე მისასვლელად დიდი დრო ნამდვილად არ დაუკარგავთ.
სანაყინეში, საკმაოდ კარგი გარემო დაუხვდა. ყველაზე მეტად იმან მოხიბლა, რომ აშკარა სიმყუდროვე სუფევდა ირგვლივ. დილის იმ კონკრეტულ მონაკვეთში, არც ხალხით გადატვირთული გახლდათ იქაურობა და არც შემაწუხებელი ხმაური ქმნიდა დისკომფორტს.
ნიკოლასმა და ელენემ, ოთხი თავისუფალი მაგიდიდან ერთ-ერთი ამოარჩიეს და თავიანთი ადგილებიც დაიკავეს. გოგონამ, თავისთვის საყვარელ ნაყინის ნაირსახეობაზე -ჯელატოზე შეაჩერა არჩევანი, ხოლო ნიკოლასმა, ვანილით, ბევრი თხილითა და შოკოლადის სიროფით შეუკვეთა ეს უკანასკნელი. სანამ შეკვეთას მოიტანდნენ, ბიჭმა ხელსახოცების ხის ყუთიდან ერთი ცალია ამოაძრო და მის გადაკეცვა-გადმოკეცვას მოჰყვა. აშკარა იყო, ხელსახოცისთვის გარკვეული ფორმის მიცემას აპირებდა.
-რას აკეთებ? -მისი საქმიანობით ელენეც დაინტერესდა
-ადრე, ბავშვობაში, ქაღალდის ნავების გაკეთება და წყალში გაშვება მიყვარდა. მაინტერესებს ახლაც თუ მახსოვს
გოგონა, ნიკოლასის თითების მოძრაობას დააკვირდა და ონავი ღიმილი მოადგა ბაგეებზე.
-მგონი გამოგდის
-ჰოო?
-ნამდვილად . . . ნავებს რომ წყალში უშვებდი, რამე სურვილებსაც ატანდი თან?
-ვატანდი, თანაც მუდამ ერთსა და იმავეს, მაგრამ ახდენით არ ამხდენია
გოგონამ გაჩუმება არჩია, რადგან მიხვდა, რომ აბრამოვს ამ თემაზე საუბარი აღარ სურდა. უბრალოდ ჩუმად აკვირდებოდა, თუ როგორ თანდათანობით ემსგავსებოდა ყუთიდან ამოღებული ხელსახოცი ქაღალდის ნავს და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ მისი მზერა უეცრად არ გადავიდა მათი მაგიდისკენ მომავალ მიმტანზე, ვისაც ლანგარზე ამ ორისთვის განკუთვნილი დესერტი ედო.
-აი, ჩვენი შეკვეთაც მოიტანეს -მხიარულად აღნიშნა ელენემ და მაშინვე სკამის საზურგეს მიაწვა, რათა მიმტანისთვის შეკვეთის გადმოლაგებაში ხელი არ შეეშალა. ნიკოლასსაც თითქმის დამთავრებული ჰქონდა თავისი ქაღალდის ნავის „მშენებლობა“ და სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანდა, კუთვნილი დესერტისკენ გახედვას არც აპირებდა
-მალე მორჩებით ბატონო არქიტექტორო? -მიმტანის მაგიდიდან გაცლის თანავე, სიცილით ჰკითხა ელენემ
-მიდი, დამცინე, დამცინე
-არ დაგცინი, მართლა ლამაზი გამოგივიდა. ზუსტად ვიცი ბავშვობაში ამაზე ლამაზად ვერ გააკეთებდი
-ჰო, შეიძლება -მიუგო ღიმილით და პირდაპირ თვალებში შეხედა ელენეს. ახლა სრულიად მარტონი იყვნენ და თავისუფლად საუბარიც შეეძლოთ, ამიტომ აბრამოვმა პირდაპირ ის ჰკითხა, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა აღნიშნულ მომენტში :
-ესე იგი, შენი გვერდითა მეზობლის მიმართ გაქვს სიმპათიები არა?
ამ სიტყვების გაგონებაზე, ელენემ, პირისკენ წაღებული დესერტის კოვზი კვლავ სანაყინეში ჩააბრუნა და თითები ერთმანეთს მაგრად გადააჭდო.
-ჰო, რაღაც მაგდაგვარი -ხმადაბლა მიუგო მან -თუმცა საკმაოდ ზედაპირული კონტაქტი გვაქვს და არა მგონია ოდესმე ჩვენ ორისგან წყვილი შედგეს
-არასოდეს თქვა არასოდესო, ხომ გაგიგია?
-გამიგია, მაგრამ ეგ ფრაზა ვერ მეხმარება იმაში, რომ საკუთარი თავი, მომავალში გეგას გვერდით წარმოვიდგინო
ნიკოლასი ზუსტად იმ დროს მორჩა ქაღალდის ნავის კეთებას, ეს უკანასკნელი მაგიდის ზედაპირზე შემოდო და გოგონას მზერა გაუსწორა.
-ახლა არ თქვა, რომ თავს მის შესაფერისად არ თვლი
-ეგრეც არ ვიტყოდი
-მე კი მგონია, რომ ზუსტად ასე ფიქრობ -გამომცდელი მზერით ზვერავდა ამის თქმისას და ელენესაც ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ბიჭი მის გულსა და გონებაში იხედებოდა, უხილავი თვალებით
-არ გინდა თემა შევცვალოთ? -დიალოგისგან თავის დასაძვრენად მხოლოდ ეს მოიფიქრა, თან საწყალი თვალებით გახედა თავის წინ მჯდომს. მისდა საბედნიეროდ, ამ მეთოდმა სასურველი შედეგი გამოიღო :
-კარგი, კარგი, როგორც გინდა -დანებების ნიშნად ასწია ხელები აბრამოვმა -უბრალოდ არასდროს დაგავიწყდეს, რომ შენ მასზე ბევრად უკეთესი ხარ და საკუთარი თავის დაფასება ისწავლე
-გავითვალისწინებ -ღიმილით მიუგო გოგონამ მერე კი თვალით ნაყინისკენ ანიშნა -მიდი, ჭამე, ჩემი ძალიან გემრიელია და ვეჭვობ არც შენი უნდა იყოს ცუდი
-ცუდი? შენ რა ხუმრობ? -კოვზით ამოღებული მოზრდილი ლუკმა პირისკენ გაიქანა ნიკოლასმა, რის შემდეგაც ნეტარებისგან დახუჭა თვალები და უნებურად აღმოხდა : - ეს გემო ნამდვილი კლასიკაა ელენე . . .

სანაყინეში, დაახლოებით ორმოცი წუთი დაყვეს. ელენე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ იფიქრებდა იქედან წამოსვლაზე, რომ არა მომდევნო ლექცია, რაც სულ მცირე ათ წუთში უნდა დაწყებულიყო. თავისი დესერტის ჭამა უკვე დასრულებული ჰქონდა, ისევე როგორც ნიკოლასს, ვინც იმ წამს, ანგარიშს იხდიდა მოტანილი შეკვეთისთვის.
-ეს უსამართლობაა, ნაყინი ორივემ ვჭამეთ და მეც უნდა გადავიხადო -სიტყვების პარალელურად, ჩანთაც გახსნა გოგონამ, რათა იქედან საფულე ამოეღო, თუმცა აბრამოვმა მას ხელი დაუჭირა და ანგარიშის წიგნაკში ოცლარიანი ჩადო
-გერმანული გადახდა და მსგავსი სისულელეები არ გამაგონო -გადაჭრით თქვა მან -მე დაგპატიჟე და გადახდაც ჩემზეა
-ისეთი სახით მიყუებ, შეწინააღმდეგება, დიდი ალბათობით ჩემს სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს
ნიკოლასს გულიანად გაეცინა ამ სიტყვებზე. იმდენად უხდებოდა სიცილი, რომ რამდენიმე წამის განმავლობაში, ვერც ელენემ შეძლო ბიჭისთვის თვალის მოშორება. მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს, როცა მის ჯიბეში მოთავსებულმა ტელეფონმა ზარის ხმა გამოსცა და ვიბრაციის ტალღებიც იგრძნო მთელს სხეულში. ეკრანზე დახედვისას, გოგონამ სახელი მიშკა ამოიკითხა და ზედმეტი ფიქრის გარეშე უპასუხა, თან აბრამოვს თვალებით ანიშნა, შენ ცოტათი წინ წადი და მეც გამოგყვებიო. რაც არ უნდა ყოფილიყო, არასდროს უყვარდა როცა მობილურზე საუბრისას ვინმე უსმენდა და სწორედ ამიტომ ჩამორჩა ნიკოლასსაც, რამდენიმე ნაბიჯით.
-გისმენ მიშკა -ჩასძახა ყურმილში თან კაფედან გასასვლელი კარისკენ დაიძრა
-ელ, არაჩვეულებრივი ამბავი მაქვს, სად ხარ? -უზომოდ გახარებული ხმა ჰქონდა მიშკას
-სანაყინედან გამოვდივარ, რა მოხდა?
-ახლა ლექცია გაქვს?
-ჰო, ათ წუთში დამეწყება
-კარგი, მაშინ შენს ნახვას ვეღარ მოვასწრებ და ტელეფონით გეტყვი -დღეს, მე და ლიზა კლუბში მივდივართ ერთად. ცოტა ხნის წინ დავპატიჟე და უპრობლემოდ დამთანხმდა
-მართლა? -თქვა და სანაყინის კარიდანაც გამოვიდა. ნიკოლასი მხოლოდ ოთხიოდე ნაბიჯით თუ უსწრებდა
-ჰო, მართლა -მერე მცირეხნიანი პაუზა გააკეთა და შეპარვით ჰკითხა -ელ, იქნებ ჩემთან ერთად წამოხვიდე? თავდაჯერება შემემატება შენც თუ იქ იქნები
-მე, შენს პაემანზე რა უნდა ვაკეთო მიშკა?
-არ გეუბნები, რომ შუაში ჩაგვიდგე ცეკვის დროს, უბრალოდ იქვე, შორიახლოს იყავი და თუ რამე სისულელის კეთება დავიწყე, თვალებით მანიშნე შევწყვიტო, კარგი?
-არ ვიცი ეს რამდენად ჭკვიანური იდეაა -ტონზე ყოყმანი ეტყობოდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული გოგონას
-არაა ცუდი იდეა . . . ელენე, უბრალოდ მართლა მჭირდება შენი გვერდიში დგომა
-არ ვიცი მიშკა . . .
-კარგი რა, დამთანხმდი. პირველივე დღეს მაინც არ ვაპირებ ერთმანეთი გაგაცნოთ. მხოლოდ ის მინდა, რომ შენი შორიახლოს ყოფნით მაინც შემემატოს გამბედაობა. ხომ იცი, ჩემზე მუდამ დადებითად მოქმედებ
ამ სიტყვების შემდეგ, ელენეს უკვე მართლა აღარ შეეძლო უარის თქმა. ხვდებოდა, რომ მისი მეგობარი ნამდვილად საჭიროებდა მსგავსი სახის დახმარებას და გადაწყვიტა პასუხიც ზედმეტი ყოყმანისა და გაჭიანურების გარეშე დაებრუნებინა.
-კარგი, კარგი, წამოვალ, უბრალოდ იცოდე, რომ მხოლოდ შორიდან დაგაკვრდებით და ახლოს არ მოვალ. არც მაგ გოგოს ესიამოვნება, თუ პირველივე პაემანზე მეგობართან ერთად გნახავს მისულს
-მაგას მეც ვხვდები -გაეცინა მიშკას -ანუ გადაწყვეტილია რომ მოდიხარ
-შენს ხელში სხვა გამოსავალი მაქვს?
-მართალი ხარ არ გაქვს . . . მოკლედ, დღეს ათ საათზე კლუბში იყავი სახელწოდებით -„ქარიშხლიანი უღელტეხილი“. არ დააგვიანო.
-ქარიშხლიანი უღელტეხილი ახსენე? -ხმას ოდნავ დაუწია ელენემ ამის თქმისას, რადგან არ სურდა მისი ეს სიტყვები ნიკოლასსაც გაეგონა
-ჰო, რამე მოხდა?
-არაფერი, უბრალოდ აბრამოვიც მაგ კლუბში მუშაობს, ბარმენად და დღეს სწორედ მისი ცვლაა
მიშკამ მცირეხნიანი პაუზა გააკეთა, მერე კი თქვა :
-აი მესმის დამთხვევა, ანუ საღამოს შენს ნიკოლასსაც ვიხილავთ
-ჩემი არ არის და მორჩი ბევრ ლაპარაკს. ამას გირჩევნია საღამოსთვის რამე გემოვნებიანი სამოსი აარჩიო, იმ გოგოსთან რომ არ შერცხვე. იცოდე, ვარსკვლავური ომების მაისურით მისვლა არც გაბედო!
-კარგი, კარგი, გპირდები -ხმამაღლა გაეცინა -მოკლედ, შენ ლექციას მიხედე, მე კი ჩაცმა-დახურვის ამბებით დავკავდები. საღამომდე ელე
-საღამომდე -გოგონამ ყურმილი დაკიდა და ტელეფონი კვლავ ჯიბეში ჩაიბრუნა. აქედან რამდენიმე წამში, წინ წასულ ნიკოლასსაც წამოეწია და გვერდით ამოუდგა. ბიჭმაც ოდნავი ღიმილით გამოხედა.
-რა ქენი, მორჩი სატელეფონო თათბირს?
-მოვრჩი . . . სხვათა შორის, დღეს შენს კლუბში ვაპირებ მოსვლას
-ჩემს კლუბში? -ერთ ადგილას შედგა ნიკოლასი და გაკვირვებული მზერა მიიღო -რატომღაც ვფიქრობდი, რომ კლუბები და მსგავსი ხმაურიანი ადგილები არ მოგწონდა
-არც მომწონს -ღრმად ამოიხვნეშა ელენემ და როდესაც აბრამოვის კითხვის ნიშნებით გადავსებულ მზერას გადააწყდა, დაამატა : -წამოდი, ლექციაზე გვაგვიანდება, ყველაფერს გზაში აგიხსნი . . .







.
საღამო ხანი იმაზე სწრაფად მოვიდა, ვიდრე ამის წარმოდგენა საერთოდ შეეძლო ელენეს. კლუბში შესულ გოგონას, ვისაც ტანზე მომდგარი, ალუბლისფერი კაბა მოერგო, ამავე ფერის მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად, შემაწუხებლად მოხვდა ყურში ბასების მაღალი ხმა და მოცეკვავე ახალგაზრდების თავშეუკავებელი სიცილი. უნდა ეღიარებინა, ახლა იქ ყოფნას ყველაფერი ერჩივნა დედამიწის ზურგზე, თუმცა მიშკასთვის მიცემულ პირობას ნამდვილად ვერ გატეხდა. უბრალოდ არ შეეძლო მეგობრისთვის იმედები გაეცრუებინა და სწორედ ამიტომ ცდილობდა ამ ხმაურისა და აურზაურის ასატანი იმუნიტეტის გამომუშავებას.
ნიკოლასს, ლექციაზე შესვლამდე, ყველაფერი მოუყვა იმის შესახებ, თუ რატომ აპირებდა ღამით, კლუბში მისვლას. ეს უკანაკნელიც შეჰპირდა, რომ „მძიმე წუთების“ გადალახვაში აუცილებლად დაეხმარებოდა, ამიტომ, შიგნით შესულმა გოგონამ პირდაპირ ბარისკენ გასწია და როგორც კი დახლს მიახლოებულმა, მის მეორე მხარეს, ჭიქებში მოჰიტოს განაწილებით გართულ აბრამოვს მოჰკრა თვალი, სახეზე უნებური ღიმილი მოადგა.
მიშკა და მისი გოგო, ჯერ კიდევ არ იყვნენ მოსულები, ამიტომ, ელენემ დარბაზის თვალიერება შეწყვიტა და დახლთან მდგომ ერთ-ერთ მაღალ სკამზე დაიკავა ადგილი, პირდაპირ აბრამოვის ცხვირწინ.
-რამე საინტერესო სასმელი დამისხით, თუ შეიძლება, ოღონდ ნაკლები ალკოჰოლით -მუსიკის გამო ხმამაღლა თქვა გოგონამ და ამ სიტყვებით, ნიკოლასის ყურადღებაც დაიმსახურა. ბიჭის მოოქროსფრო თვალებში, თითქოს სითბოც კი ჩადგა მის დანახვაზე. გოგონას უკეთესად შეთვალიერებისას, სახეზე ირიბმა ღიმილმაც გადაურბინა და თაროდან ბეილისის ბოთლი ჩამოიღო ელენესთვის შესათავაზებლად.
-ამაზე რას იტყვი? -ჰკითხა გამომცდელი მზერით, თან ჭიქაც გაამზადა პარალელურად
-ვფიქრობ კარგი იდეაა, ვენდობი ბარმენის არჩევანს
-ბარმენი მადლობას გიხდით უპირობო ნდობისთვის -სასმელი ჭიქაში ჩამოასხა ნიკოლასმა, თავად კი ბოთლი კვლავ თაროზე დააბრუნა და დახლს მკლავებით ჩამოეყრდნო -სხვათა შორის, დღეს კარგად გამოიყურები. ზედმეტად კარგადაც კი
-ჰო, მგონი ამ კაბის ჩაცმა მშვენიერი იდეა იყო -კონპლიმენტი შეიფერა ელენემ, თუმცა ბიჭის დაჟინებულ მზერაზე სუნთქვის რიტმი შეეცვალა და მოეჩვენა, რომ შინაგანადაც მოემატა ტემპერატურა. სხვანაირად არც შეიძლებოდა. ნიკოლასი ისე უყურებდა, როგორც მამაკაცი იმ ქალს, ვისი მიღებაც სურს და ამან ცოტა არ იყოს დააბნია. მიუხედავად ამისა, არც გარეგნულად შესტყობია რამე და არც სიტყვებით გამოუხატავს თავისი ფიქრები. ყველანაირად შეეცადა საუბრისას ჩვეულებრივი ტონი ჰქონოდა და აღარც აბრამოვის მზერისთვის მიენიჭებინა დიდი მნიშვნელობა.
-შენი მეგობარი ჯერაც არ მოსულა?
-არა, ამ ეტაპზე ვერსად ვხედავ -კიდევ ერთხელ მოატარა ელენემ თვალები კლუბს ამის თქმისას, პარალელურად კი თავისი ბეილისიც მოსვა
-სახლში ვინ წაგიყვანს?
-ტაქსით ვაპირებ წასვლას, რატომ მეკითხები?
-უბრალოდ მინდა დავრწმუნდე, რომ მშვიდობით მიხვალ
-ამაზე არ ინერვიულო -ოდნავ გაუღიმა ელენემ. რატომღაც ესიამოვნა ნიკოლასის ასეთი მზრუნველობა და კიდევ ერთხელ დაუარა უცნაურმა ჟრუანტელმა, თხემიდან ტერფამდე
ბარის დახლს, მორიგი კლიენტი მოადგა და შოტლანდიური ვისკის შეკვეთა მისცა. ამის შემდეგ, ნელ-ნელა, ნიკოლასს იმდენი ადამიანი მოაწყდა, რომ ელენესთან სასაუბროდ, ფაქტობრივად დრო აღარც ჰქონდა. შეკვეთას, შეკვეთაზე ასრულებდა და არც თავისი პროფესიისთვის დამახასიათებელი და სავალდებულო ღიმილიანი სახე ავიწყდებოდა, კლიენტების მომსახურებისას.
შექმნილი მდგომარეობის გამო, ელენესაც აღარ აუცდია იგი საქმისთვის მოეცდინა. როგორც კი თავისი სასმელი ნახევრამდე ჩაიყვანა, ელექტრონული მუსიკის ჰანგებით გაჯერებულ დარბაზს, თვალი კიდევ ერთხელ მოატარა. ზუსტად იმ წამს, შემოსასვლელ კარში მიშკასა და ლიზისაც მოჰკრა თვალი. ეს უკანასკნელი, საკმაოდ სადა, თუმცა დახვეწილ იისფერ კაბაში გამოწყობილიყო და სუვენირივით უმშვენებდა გვერდს თავის გვერდით მომავალ ბიჭს.
ელენემ, სულ ოდნავ აუწია ხელი დარბაზის თვალიერებით გართულ მეგობარს, რათა დაერწმუნებინა, რომ პირობა ნამდვილად შეასრულა და კლუბში მოვიდა, ხოლო შემდეგ, როგორც კი მიშკამაც შეამჩნია მისი იქ ყოფნა, ხელით Perfecto-ს ნიშანი გააკეთა, რათა ჟესტით მიენიშნებინა, რომ მისი თანმხლები ძალიან მოეწონა. ის-ის იყო თავი კვლავ ბარის თაროებზე შემოწყობილი სასმელებისკენ მიატრიალა, რომ თავის გვერდითა სკამიდან, აშკარად ნაცნობი ხმა მოესმა:
-ერთი ტეკილა დამისხით, თუ შეიძლება -ამბობდა ბიჭის ოდნავ ბოხი, მომხიბვლელი ბარიტონი და ელენემაც, სინათლის სიჩქარით მოახერხა ამ სიტყვების ავტორის ხმის ტემბრის ამოცნობა. არც შემცდარა. როგორც კი გვერდზე გაიხედა, თავისი ინტუიციის სისწორეში მაშინვე ასი პროცენტით დარწმუნდა და ოდნავ გაკვირვებულიც დარჩა საკუთარი მეზობლის, კერძოდ კი -გეგა ავალიანის ამ ადგილას ხილვით.
წამით ნიკოლასს გადახედა, შეფარვით. როგორც ჩანს, ბიჭსაც მოესწრო ახლადმოსული კლიენტის ცნობა და ეს, მის გამომეტყველებაზეც მშვენივრად ამოიკითხა ელენემ.
რატომღაც, მისალმება არ უფიქრია გოგონას. მეტიც, დარწმუნებული გახლდათ გეგა საერთოდ ვერ შენიშნავდა, თავის სასმელს დალევდა და მალევე გაეცლებოდა ბარის დახლს, თუმცა როდესაც ბიჭი უფრო კომფორტულად მოეწყო შემაღლებულ სკამზე, მკლავებით, მაგიდის შავად მოლაპლაპე ზედაპირს ჩამოეყრდნო და გვერდით მჯდომისკენ გააპარა მზერა, გოგონამ მაშინვე უკუაგდო თავისი უწინდელი ფიქრები.
-ელენე? -გეგას გაკვირვებულ ხმაში, რაღაც დოზით კმაყოფილებაც გამოკრთოდა -აქ რას აკეთებ?
გოგონას ახლა უკვე მართლა აღარ შეეძლო " Не вижу" -ტაქტიკას გაჰყოლოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ნაკლებად სურდა ავალიანთან, ნიკოლასის თანდასწრებით ესაუბრა, მაინც იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო, ამიტომ ბიჭისკენ ნახევარი ტანით შეტრიალდა, მიესალმა და მსუბუქადაც გაუღიმა.
-მეგობრებს გამოვყევი, თუმცა ახლა ერთმანეთით არიან დაკავებულები -კლუბის ბოლოში მგომ, განცალკევებულ მაგიდაზე ანიშნა ამის თქმისას ელენემ, სადაც მიშკასა და ლიზის უკვე მოესწროთ ადგილის დაკავებაც და ერთნაირი კოქტეილების შეკვეთაც
-ყველაფერი გასაგებია -გეგამ თავი დაუქნია. იმ წუთას, ნიკოლასმაც დაუდგა ბიჭს წინ კუთვნილი ტეკილა და კვლავ თავის საქმეს მიუბრუნდა, ისე, თითქოს იმ ორიდან არც ერთს არ იცნობსო -როგორც შენი გამომეტყველებიდან ვასკვნი, მაინცდამაინც ვერ ერთობი
გოგონას ნამდვილად არ უცდია დაემალა თანამოსაუბრისთვის, რომ ზუსტად ათიანში მოარტყა.
-ჰო, კლუბებზე დიდად არ ვგიჟდები, უბრალოდ ძალიან მთხოვეს და . . .
-და შენც უარი ვერ უთხარი -ღიმილით დააბოლოვა მისი წინადადება ავალიანმა, თან ერთი ამოსუნთქვით გადაკრა თავისი ტეკილა, რის შემდეგაც მორიგი დოზაც შეუკვეთა ნიკოლასს. ამ უკანასკნელისკენ, შეგნებულად არ იყურებოდა ელენე, რადგან შინაგანად ისეთი გრძნობა ჭამდა, თითქოს რაღაც დანაშაულს ჩადიოდა მის წინაშე და რომ შეეხედა, აბრამოვის გამკიცხავ თვალებსაც გადააწყდებოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ ფიქრობდა ასე, თუმცა ახლა, აღნიშნულ კითხვაზე მეტად, ის კითხვა უფრო აწუხებდა, თუ რატომ ვერ გრძნობდა გეგასთან საუბრისას ვერაფერ სასიამოვნოს? ამის მაგიგრად, მთელი სხეული აუხსნელი დაძაბულობისგან ჰქონდა დაჭიმული და დაეფიცებოდა, რომ ერთი სული ჰქონდა, ბიჭი ბოლოს და ბოლოს ბარს მოსცილებოდა. სამწუხაროდ, ელენეს ამ ნატვრას ახდენა არ ეწერა.
-ჰო, უარი ვერ ვუთხარი -ოდნავ მოსვა თავისი ჭიქიდან ბეილისი, პარალელურად კი გეგას ნახშირისფერ თვალებს გაუსწორა მზერა -შენ მარტო ხარ თუ ვინმესთან ერთად?
-არა, სრულიად მარტო ვარ, მაგრამ შეგიძლია კამპანიონობა გამიწიო, თუ სურვილი გაქვს რა თქმა უნდა -ორაზროვნად დაამატა ბოლოს, თან, გამჭოლი მზერით, თითქოს ელენეს შინაგან სამყაროში შეძვრა
-სიამოვნებით გაგიწევდი, თუმცა ბევრ ალკოჰოლს ჩემი ორგანიზმი ვერ იტანს და ამაში არ გამოგადგები
-რა პრობლემაა, უალკოჰოლო სასმელებზე დაგპატიჟებ -მაშინვე მოძებნა გონივრული გამოსავალი გეგამ -ბოლოს და ბოლოს, მადლობა ხომ უნდა გადაგიხადო იმ ღამით რომ შენი ლეპტოპით სარგებლობის უფლება მომეცი და ჩემს გამო ფილმის ყურება გაწყვიტე?
მართალია ელენე არ იყურებოდა, თუმცა შინაგანად გრძნობდა, რომ ნიკოლასი, მიუხედავად კლიენტების სიმრავლისა, მათ საუბარს მაინც უგდებდა ყურს და სავარაუდოდ, ესეც უნდა გაეგონა.

-მართლა არ ღირს ჩემს გამო ასე დახარჯვა. რაც მაქვს ისიც მეყოფა
-სრულებითაც არ დავიხარჯები, ნუ ღელავ -გოგონას ხელს დასწვდა გეგა ამის თქმისას, იგი თავის მუჭში მოიმწყვდია და მის ყურს ტუჩები მიუახლოვა -მაგრამ მანამდე იქნებ გვეცეკვა? მაინტერესებს როგორ გამოგდის ეს ყველაფერი
-საშინლად ვცეკვავ, გეგა -მაშინვე გააქნია თავი ელენემ, თან გაეცინა იმის გახსენებაზე, თუ როგორ აბიჯებდა გამოსაშვებ საღამოზე თანაკლასელის ფეხს ყოველი მეორე მოძრაობისას და როგორ გაუნადგურა ახალთახალი ფეხსაცმელები ამის გამო საბრალო ბიჭს
-თუ ასეა, ჩემთვის უფრო უკეთესიცაა, რადგან სიამოვნებით ვიქნები შენი მასწავლებელი
ელენემ ვეღარ მოითმინა და ახლა მართლა გააპარა მზერა ნიკოლასის მიმართულებით, შეუმჩნევლად. ბიჭი მისკენ არ იყურებოდა. ამის მაგივრად, კლიენტებს სასმელს უსხამდა და ალაგალაგ თავადაც იღებდა ალკოჰოლს. აღნიშნულის გამო, აშკარა გაკვირვება იგრძნო გოგონამ. სამუშაო საათებში დალევა, ნიკოლასის ხასიათში ნამდვილად არ ჯდებოდა და ამის გამო, შესაძლებელი იყო დიდი საყვედურიც მიეღო.
-აბა, რას იტყვი? -ფიქრებიდან კვლავ გვერდით მჯდომის ხმამ გამოარკვია, ვინც ჯერ კიდევ მის პასუხს ელოდა და ელენემაც მხოლოდ იმ წამს იგრძნო აუცილებლობა რამე მაინც ეთქვა თანამოსაუბრისთვის
-კარგი, ვიცეკვოთ თუ ასე გინდა -ნაძალადევი ღიმილი გაიმეტა მისთვის გოგონამ. გულში ნატრულობდა, ახლა აბრამოვი მათ სიახლოვეს არ ყოფილიყო. მაშინ ხომ სულ სხვაგვარად შეძლებდა გეგასთან დალაპარაკებასა და მოქცევას? მართალია, ქვეცნობიერი გაუჩერებლად უსვამდა იმ კითხვასაც, თუ რატომ ანიჭებდა ნიკოლასის იქ ყოფნას იმდენად დიდ მნიშვნელობას, რომ სასურველ მამაკაცთან კონტაქტიც კი უჭირდა, თუმცა აღნიშნულ შეკითხვას, მთელი ძალით აიგნორებდა და ცდილობდა ამ ყველაფერზე ფიქრით თავი არ შეეწუხებინა, რადგან სადღაც, გულის სიღმეში, კარგად ხვდებოდა, თუ რამდენ რამეს შეცვლიდა მასზე გაცემული პასუხი.
-ანუ თანახმა ხარ
-ჰო, თანახმა ვარ, მაგრამ მანამდე საპირფარეშოში გავალ, კარგი? -მხოლოდ იმიტომ უთხრა გოგონამ, რომ ცოტა ხნით სიმშვიდეში განმარტოებულიყო, ხმამაღალი მუსიკისა და ხალხისგან შორს
-კარგი, მაშინ აქ დაგელოდები და მარტივ მოძრაობებს გავიხსენებ, გაკვეთილის საწყისი ეტაპისთვის -ოდნავი ღიმილი გაკრთა ავალიანის ბაგეებზე როცა ეს თქვა -რთულებზე სხვა დროს ვიფიქროთ
-ვერ შეგპირდები, რომ კარგი მოსწავლე ვიქნები, მაგრამ ყველანაირად შევეცდები -სკამიდან ჩამოხტა გოგონა ამის თქმისას და ისე, რომ მოპასუხე მხარის სიტყვებისთვის აღარ დაუცდია, პირდაპირ საპირფარეშოსკენ აიღო გეზი.
საბედნიეროდ, შიგნით შესულს, იქაურობა სრულიად ცარიელი დაუხვდა, რამაც უზომოდ გაახარა და შიგნიდან კარიც გადაკეტა, რათა ცოტა ხნით არავის შეეწუხებინა. აშკარად ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა მის თავს. ბიჭმა, ვისაც მთელი თვეების განმავლობაში მალულად აკვირდებოდა, წუთების წინ თავისთან ცეკვა შესთავაზა, ის კი საპირფარეშოში იდგა და იმაზე ფიქრობდა, რომ თუ გეგას თხოვნას შეუსრულებდა, ამ ყველაფერს ნიკოლასიც დაინახავდა.
მერე რა თუ ასე მოხდებოდა? დაინახავდა და დაენახა! რატომ აწუხებდა ეს ფაქტი ელენეს? ან, რა არ აძლევდა მოსვენებას? ნეტავ შესძლებოდა აქედან რომელიმე კითხვაზე პასუხის გაცემა. იქნებ ასე მაინც მოეხერხებინა იმ ლაბირინთიდან თავის დაღწევა, საიდან გასასვლელი გზაც, თითქოსდა შავი ნისლით იყო დაფარული.
ფიქრებში სამოგზაუროდ წასულ გოგონას, ძლიერი დაკაკუნების ხმა მოესმა კარზე. თავდაპირველად, გადაწყვიტა არ გავაღებ და ცოტა ხნით კიდევ დავიცდიო. ონკანიც მოუშვა, რათა პირზე ცივი წყალი შეესხა, თუმცა როცა გაბმული კაკუნი არა და არ შეწყდა, ელენემაც გააცნობიერა, რომ ამ შემაწუხებელი ბრაგუნის მოსმენას, კვლავ კლუბის მუსიკები ერჩივნა, ამიტომ სწრაფად გადაატრიალა ვერცხლისფერი საკეტი, კარი ფართედ გამოაღო და ზღურბლთან ასვეტილი, სვირინგებით გადავსებული, წარბზე პირსინგიანი გოგო დაინახა, აწეწილი მწვანე თმითა და ზედმეტად გამომწვევი ჩაცმულობით.
-რა იყო, ჩავარდი?! -ჰკითხა ამ უკანასკნელმა უხეშად, თან თითებში მოქცეული სიგარეტიდან ღრმა ნაპასი დაარტყა და ელენე უხეშად გასწია გვერდზე, რათა შიგნით შეებიჯებინა. გოგონას, ხმაც არ გაუცია უცნობი მწვანეთმიანისთვის. თვალის ამოწითლებული გარსითა და უმეტყველო სახით, აშკარად მიხვდა, რომ იგი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და გონივრულად ჩათვალა დროზე გასცლოდა იქაურობას.
გეგა კვლავ იგივე პოზაში, ბარის მაგიდასთან მჯდომი ელოდა, წინ დადგმული ტეკილას ჭიქით. უცნაური მხოლოდ ის იყო, რომ აბრამოვის მაგიგრად, დახლის მეორე მხარეს სრულიად სხვა ვინმე დამდგარიყო და ბარმენის მოვალეობასაც ის ასრულებდა რატომღაც.
გოგონამ დარბაზს თვალი მოატარა. ირგვლივ ყველა ცეკვავდა და ულტრაიისფერი შუქების ფონზე, სახეების გარჩევაც კი ჭირდა. მიშკა და ლიზი, თავის კუთვნილ მაგიდასთან აღარ ისხდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ან გარეთ იყვნენ გასულები, ან ისინიც საცეკვაო მოედანზე ჩაკარგულიყვნენ, დანარჩენებს შორის.
ელენემ ღრმად ამოისუნთქა და გადაწყვიტა, ერთხელ და სამუდამოდ ავალიანთან მისულიყო. ბოლოს და ბოლოს, ეუხერხულებოდა ბიჭი ამდენი ხნით ელოდინებინა, თუმცა როგორც კი თავისი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა განიზრახა, მაშინვე ვიღაცის მიერ ჩავლებულმა ხელმა წაათრია საცეკვაო მოედნისკენ და სანამ გონს მოსვლას მოასწრებდა, უკვე იმ ადამიანზე იყო აკრული, მთელი სხეულით, ვინც სრულიად უკითხავად შეიჭრა მის პირად სივრცეში.
-შენ რა, გააფრინე? ახლავე გამიშვი! -მუსიკის გამო ხმამაღლა ამოთქვა გოგონამ და უცნობის მკლავებშიც აფართხალდა, თუმცა როგორც კი თავის "გამტაცებელში" აბრამოვის სახე ამოიცნო, გამომეტყველება მაშინვე დაუმშვიდდა -ნიკოლას?
-ჰო, მე ვარ, მშვიდად იყავი
-აქ რატომ ხარ? -საბოლოოდ მოუდუნდა სხეული ელენეს, როგორც კი მისი გრილი სურნელი შეიგრძნო -ახლა ბარმენის მოვალეობას არ უნდა ასრულებდე?
-ნუ ღელავ, ცოტა ხნით შემცვლელი დავაყენე ჩემს ადგილას -ელენეს თვალებს დაჟინებულ მზერას არ აშორებდა ბიჭი. აშკარად ეტყობოდა, რომ სამუშაო საათების განმავლობაში, უფრო სწორად კი მას შემდეგ, რაც ავალიანსა და ელენეს ერთდროულად ემსახურებოდა, საკმაოდ ბევრი დაელია და ამას, მისი ამღვრეული გამოხედვაც მოწმობდა.
-რატომ არ წყვეტ სხვა მხარეს ყურებას ელენე? -ტკივილმა დაიდო ბინა მის მოოქროსფრო თვალებში და მას ისე გადაეკრა, როგორც ხავსი, გამხმარ ხეს. აშკარა იყო, პირდაპირი გაგებით არ გულისხმობდა სხვა მხარეს ყურებას, რადგან ელენე, ამ წამს ნამდვილად არაფერს შესცქეროდა მისი სახის გარდა - გთხოვ, შეწყვიტე სხვისკენ ყურება, რადგან რამდენიც არ უნდა ვებრძოლო საკუთარ თავს და ვარწმუნო, თითქოს შენში ქალს ვერ ვხედავ, მაინც ვერაფერი მშველის. შინაგანად რაღაც მწვავს და ეს მაცოფებს
-ნიკოლას, რას . . .
-აუ, გთხოვ რა არაფერი არ მითხრა -თითქოს მუდარა ამოაყოლა ამ სიტყვებს ბიჭმა. მერე, გოგონას ხელები ნაზად შემოიხვია კისერზე, თავად კი მის წელს შემოაჭდო მკლავები და თავისთან იმდენად ახლოს მიიზიდა, რომ ლამის ცხვირით ეხებოდა მის ცხვირს. ელენემ უხერხულადაც კი იგრძნო თავი, იმდენად ახლოს იყო აბრამოვი. აქამდე, ბიჭი ყოველთვის თავშეკავებულად იქცეოდა მასთან, დისტანციასაც მუდამ პატიოსნად ინარჩუნებდა და სწორედ ამიტომ ვერ ხვდებოდა რა გახდა მისი ასეთი უეცარი ტრანსფორმაციის მიზეზი. ამის გაცნობიერება მხოლოდ მაშინ შეძლო, როდესაც ნიკოლასის მხრიდან წამოსული ალკოჰოლის სურნელი იგრძნო და მიხვდა, რომ ბიჭის ამგვარი სითამამე, სწორედ სასმელისგან გახლდათ გამოწვეული

-გითხარი, რომ დღეს გიჟურად ლამაზი ხარ? -პირდაპირ მის ყურთან ამოიჩურჩულა აბრამოვმა და გოგონას მკლავზე თითები ნაზად ჩამოასრიალა

-ნიკოლას . . .

-ნუ მორცხობ, კარგი? -მაშინვე გაეღიმა მის რეაქციაზე -კონპლიმენტის თქმისას, ქალები უბრალოდ მადლობას უნდა იხდიდნენ

-გმადლობ . . . . მაგრამ მთვრალი ხარ

-ჰოდა ძალიანაც კარგი თუ ვარ -ამ სიტყვებით, ნიკოლასმა ელენე დაატრიალა, მკლავზე გადაიწვინა და კვლავ თავისკენ მიიზიდა. ამჯერად უკვე იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, რომ ტუჩებს შორის მანძილი მინიმუმამდე იყო დაყვანილი. ელენეს ჯერ კიდევ ჰქონდა შემორჩენილი სასმელისგან გამოწვეული სასიამოვნო თავბრუსხვევა. ამას აბრამოვის სიახლოვეც ემატებოდა, რაც გონებას საბოლოოდ უბინდავდა. მის წინ ის ბიჭი იდგა, ვისი მზერაც ოდნავადაც არ ჰგავდა მეგობრულს და ამ უკანასკნელის სურნელსაც ზედმეტად ცხადად შეიგრძნობდა.

ელენემ თვალებს ფარდა ჩამოაფარა და ღრმად ამოისუნთქა. მთლიანად ბიჭის სხეულს მინდობილმა, რამდენიმე წამში ცხელი ტუჩების შეხება იგრძნო საკუთარ ბაგეებზე. აბრამოვი თავდაპირველად ნაზად უკოცნიდა ზედა და ქვედა ტუჩს, თუმცა რამდენიმე წამის გასვლის შემდეგ, კოცნა უფრო გააღრმავა და იგი საკმაოდ ცეცხლოვანი გახადა. ვეღარც ელენე უწევდა კონტროლს თავის სურვილებს. როგორც კი ბიჭის ხელები იგრძნო საკუთარ თეძოებზე, აკანკალებული სუნთქვა ამოუშვა, თავი უკან გადააგდო და ნიკოლასს საშუალება მისცა მის ყელში ენებივრა.

-შენი ლავანდის სურნელი ჭკუიდან მშლის -არეული ხმით ამოთქვა ბიჭმა და კვლავ გოგონას ტუჩებს დაეწაფა -მაგნიტურად მიმზიდველი ხარ, ეს კი კონტროლს მაკარგინებს ჩემს თავზე!

-ნიკოლას . . .

-ამისთვის ნუ განმსჯი, კარგი? ნუ განმსჯი, რადგან ყველაფერი შენი ბრალია. ისეთი ხარ, ნებისმიერს ქაოსს შეუქმნი გონებაში და ამას ისე გააკეთებ, რომ არც კი ეცდები

-მაგრამ . . .

-არანაირი მაგრამ. ვიცი, რომ ზედმეტი მომდის, მაგრამ რაც მოხდა, მართლა არასდროს ვინანებ -ამის თქმისას, კვლავ თავისი მოოქროსფრო თვალები შეანათა ბიჭმა და ელენეს ახურებულ ლოყას ტუჩები ნაზად მიაკრო. გოგონამ თავი გადააქნია. შემდეგ ნიკოლასის სხეულს რამდენიმე სანტიმეტრით მოშორდა და ღრმად ამოსუნთქვას გაატანა შინაგანა კანკალი. ზუსტად ვერ გეტყოდათ მოეჩვენა თუ არა, მაგრამ აბრამოვის მზერაში ფარული ტკივილი ამოიკითხა იმ წამს. ეს უკანასკნელი, ისეთი მზერით უყურებდა, ელენემ თვალები წამში აარიდა და გონებაში მხოლოდ ერთმა წინადადებამ გაუელვა "ყველაფერი ალკოჰოლის გამო ხდება!“

რატომღაც თავი დამნაშავედ იგრძნო იმ წამს. ცხადად გააცნობიერა, რომ ნიკოლასის შეხებას, მის ალერსს თავადაც უპასუხა და სწორედ ამან გაუჩინა ბრაზი საკუთარი თავის მიმართ. აბრამოვი უდიდესი შარმის მატარებელი იყო, მომხიბვლელი, მიმზიდველი, ქარიზმატული და აგრეთვე ის, ვინც, ბოლო პერიოდში სხვანაირად აძგერებდა ელენეს გულს. ამ ახალმა აღმოჩენამ, თავად გოგონასაც კი მოჰგვარა გაოცება, თუმცა ზედმეტი ფიქრი აღარ დაუწყია, ამჯერად ბოლომდე მოშორდა ნიკოლასის სხეულს, თავის წელზე შემოხვეული ბიჭის მკლავები მოიშორა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. მოცემულ მომენტში, ნამდვილად აღარ შეეძლო იქ გაჩერება. როგორც ჩანდა მიშკაც საკმაოდ დაკავებული იყო ლიზისთან ცეკვით, ამიტომ, გადაწყვიტა მისთვის შეტყობინების საშუალებით მოებოდიშა, აბრამოვს მხოლოდ ორი სიტყვით "ღამე მშვიდობისათი" დაემშვიდობა და ბარიდან გასასვლელი კარისკენ გავარდა. რამდენიმე წამში, ნიკოლასის წამოწევაც იგრძნო. ბიჭმა იგი კვლავ თავისკენ შეაბრუნა და შეეცადა თვალებში ჩაეხედა.

-ელენე, ნუ გარბიხარ! -უთხრა მან ოდნავ ბრძანებითი ტონით, თუმცა თვალებში მაინც გამოსჭვიოდა დიდი მუდარა -ჯანდაბა, ისეთი ფერი გაქვს, თითქოს მოჩვენება დაინახე. ამის დ*დაც, ეგრე ძალიან გაწყენინე?

-არა უშავს, ალბათ დავიღალე. გამიშვი, სახლში მინდა წასვლა

-როგორ ფიქრობ, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა, იმის შემდეგ ასე უბრალოდ უნდა გაგიშვა? თუ ჩემმა ქმედებებმა გაგანაწყენა, ან იფიქრე, რომ უბრალოდ ერთი ღამის გართობა მომინდა, ეს უნდა ვიცოდე, რადგან აგიხსნა, რომ სრულ სისულელეს ფიქრობ

-არაფერს არ ვფიქრობ, ნიკოლას, უბრალოდ დავიღალე და შინ მინდა წასვლა

მიუხედავად ამისა, ბიჭს ხელი მაინც არ გაუშვია. ამის მაგივრად, ისეთ ადგილას გაიყვანა, სადაც მუსიკის ჟღერადობა ნაკლებად ისმოდა და მისი სახე ხელის გულებში მოიქცია.

-უნდა ამიხსნა რა მოხდა, გესმის? -ვედრების ტონი იკითხებოდა ბიჭის ხმაში -რამდენიმე წუთის წინ, ერთმანეთს თავდავიწყებით ვკოცნიდით, ახლა კი შენს თვალებში სიცივის გარდა ვერაფერს ვხედავ. არ ვიცი, ელენე, შეიძლება დღეს ზედმეტი ალკოჰოლი მომივიდა და ამის გამო შენთან მიმართებაში ბევრი რამ მივქარე, თუმცა არასდროს შეგეპაროს ეჭვი იმაში, რომ უდიდეს პატივს გცემ -თვალები დახუჭა და შუბლით, გოგონას შუბლს შეეხო ამის თქმისას. რა თქმა უნდა, მსგავს გულახდილობაში, მისი უდიდებულესობა ალკოჰოლი გახლდათ გარეული, თუმცა მიუხედავად ამისა, ბიჭის სიტყვებში, ერთი გრამითაც კი არ იგრძნობოდა ის სიყალბე, რაც ადამიანს, მისსავე ნათქვამში დააეჭვებდა.

-ელენე, ყველაფერი რიგზეა მანდ? -მოსმენილისგან დადუმებული, მეტიც, შოკორებული, უკვე საპასუხო სიტყვებზე ფიქრობდა გოგონა, როდესაც კიდევ ერთმა ხმამ გაიჟღერა ადამიანებისგან სრულიად დაცარიელებულ ქუჩაში. ამ ხმის პატრონს, სახეზე აშკარა გაკვირვება აღბეჭდვოდა და ოდნავ მკაცრი მზერითაც აკვირდებოდა მას და ნიკოლასს, ისე, თითქოს სურს დარწმუნდეს, არანაირ ძალადობას რომ არ აქვს ადგილიო -დაგინახე როგორ გახვედი გარეთ და ცოტა ხანში თავადაც გამოგყევი. რამე პრობლემა ხომ არ გაქვს?
გოგონას, თითქოს სამაშველო რგოლივით მოევლინა ახლადმოსული იმ წამს. ვერ იტანდა, მეტიც საშინლად სძულდა ის სისუსტე, რომელიც შინაგანად სჭამდა აღნიშნულ მომენტში, თუმცა რაც ცოტა ხნის წინ მოხდა, მისთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ უხერხულობის შეგრძნებამ მაინც გაიმარჯვა სიმამაცესთან გამართულ ხელჩართულ ბრძოლაში და ელენესაც ლაჩრული ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა, რაც ნიკოლასისგან რაც შეიძლება შორს წასვლას გულისხმობდა, თანაც დაუყოვნებლივ!
-გეგა, თუ არ შეწუხდები, შეგიძლია აქედან ახლავე წამიყვანო? -მიმართა მან, ჯერ კიდევ უძრავად მდგომ ბიჭს, ვინც ხან აბრამოვს უყურებდა დამკვირვებლური მზერით, ხან მის პირდაპირ მდგომ გოგონას
-ელენე, ასე უსიტყვოდ აპირებ წასვლას? -აშკარა ტკივილი გაკრთა ნიკოლასის ჩურჩულით წარმოთქმულ სიტყვებში, თუმცა ამან, მიღებულ გადაწყვეტილებაზე მცირედი გავლენაც ვერ მოახდინა
-გეგა, შეგიძლია-მეთქი?
წინანდელისგან განსხვავებით, ამჯერად, პასუხი დიდხანს აღარ გაჭიანურებულა.
-ჰო, ჰო, რა თქმა უნდა შემიძლია -თავის დაქნევითაც გამოხატა დასტური ბიჭმა -გამომყევი, ჩემი მანქანა აქვე აყენია, პარკინგზე
-გმადლობ . . .
რას გრძნობდა მოცემულ წუთებში ელენე? მხოლოდ და მხოლოდ გაკვირვებას. ყოველთვის ღრმად იყო დარწმუნებული, რომ გეგასგან ერთად, ერთ მანქანაში ჯდომა, მის მიერ ცეკვის შეთავაზება, ის მზერა, რომლითაც იმ საღამოს უყურებდა, ერთიანად ატყორცნიდა სიხარულის ყველაზე მიუწვდომელ მწვერვალზე, თუმცა იმ წამს, მიწაზე ფეხი მყარად ედგა და მსგავსს ვერაფერს განიცდიდა. ერთადერთი, რაც მის გულში ტრიალებდა, ეს ნიკოლასის ტკივილნარევი მზერა იყო, მაშინ, როდესაც გეგასთან ერთად ჩაჯდა, მისსავე მანქანაში. ჯერ კიდევ მეხსიერებაში უტივტივებდა აბრამოვის გამოხედვა გოგონას. აღნიშნულ წამს, ვერაფერზე ეფიქრებოდა გარდა ნიკოლასისა. თითქოს ყოველმა მასთან გავლილმა მომენტმა ჩაურბინა თვალწინ, ძველი კინო-კადრივით. გაახსენდა მათი პირველი ხანმოკლე დიალოგი ისტორიის ლეაციაზე, შეხვედრა საპირფარეშოში, ნიკოლასის მის სახლში გადმობარგება, ერთ საწოლში გათეული ღამე, როდესაც აბრამოვი, კოშმარული სიზმრისგან გამოღვიძებული პატარა ბავშვივით იყო ჩახუტებული ელენეს სხეულს. მოაგონდა მათი გულწრფელი დიალოგი კორპუსის სახურავზე და მიხვდა, რომ მის ცხოვრებაში, გეგას ადგილს სრულიად სხვა პიროვნება იკავებდა.

ძალიან შეაშინა ამ აღმოჩენამ ელენე. აღნიშნულ წამს, მიშკას სიტყვებიც მოაგონდა, როცა ეუბნებოდა აბრამოვთან ფრთხილად იყავიო და გააცნობიერა, რომ მართლაც ჰქონდა საფრთხილოდ საქმე.

გოგონამ ღრმად ამოისუნთქა და სალონში, თავის გვერდით მჯდომი გეგას პროფილს თვალი შეავლო. მის სიახლოვეს, აბსოლიტურად ჩვეულებრივი ადამიანი იჯდა, ვისაც სრულიად მოშორებოდა გარს შემორტყმული ის განსაკუთრებულობის რკალი, თავად ელენემ რომ შემოავლო ერთ დროს.

-გეგა -ჩურჩულით ამოთქვა მან ბიჭის სახელი, თან თვალებიც დახუჭა -ზუსტად არ ვიცი, შენი ჩემდამი გამოჩენილი ყურადღება იყო თუ არა ის, რაც ვიფიქრე, მაგრამ თუ მართლა ასეა, არ გინდა, კარგი? ყველაზე ნაკლებად ის მსურს, ვინმემ ტყუილად დაკარგოს დრო ჩემს გამო

ავალიანს არაფერი უპასუხია. რამდენიმე წამის განმავლობაში, მხოლოდ გოგონას დაკვირვებით შემოიფარგლა, მერე კი, სევდიანი ღიმილიც ესტუმრა სახეზე და ლამის ჩურჩულით ამოთქვა :

-ნუ ღელავ, მაგას უკვე მივხვდი. სწორედ მაშინ, როდესაც ჩემს მანქანაში ჩაჯდომის წინ, შენი და იმ ტიპის რეაქციებს ვაკვირდებოდი . . .






- - - -

სახლში შესვლის თანავე, ელენემ, მიშკას შეტყობინება გაუგზავნა, სადაც სწერდა, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, სასწრაფოდ შინ მოუწია წამოსვლა და მობილურის დივანზე მიგდების შემდეგ, თავისი ქუსლიანი ფეხსაცმლის გახდას მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბში გაჩერება მართლა აღარც შეეძლო, მიშკას წინაშე თავს საშინლად დამნაშავედ გრძნობდა. იცოდა, მეგობარს იმედები გაუცრუა, თუმცა მომდევნო დღეს აუცილებლად მოუბოდიშებდა და ეცდებოდა დაშვებული შეცდომა გამოესწორებინა, თან ყველაფერთან ერთად, პაემნის ამბებსაც მოისმენდა მისგან.

ამ ფიქრებით გამხნევებულმა ელენემ, ტანსაცმელი სწრაფად გაიხადა, გარდერობიდან თავისი საყვარელი პიჟამა ამოირჩია და ტანზე მოირგო. მიუხედავად დაღლილობისა, რატომღაც ძილი ჯერ არ სურდა, ამიტომ, გასწორებულ ლოგინს გვერდი გულგრილად აუარა და უეცრად, თავში ერთი იდეაც დაებადა. საშინლად მოუნდა ნიკოლასის ოთახში შესულიყო და იქაურობა კარგად დაეთვალიერებინა. რაღაც მხრივ, სიგიჟედაც კი ეჩვენებოდა თავისი აზრი, თუმცა სურვილი იმდენად დიდი იყო, შეწინააღმდეგების ძალა არ აღმოაჩნდა და პირდაპირ აბრამოვის საძინებლისკენ ჰკრა მუჯლუგუნი უხილავმა ხელმა.

შიგნით მოხვედრილმა, მაშინვე შეიგრძნო ნიკოლასისთვის დამახასიათებელი გრილი, ევკალიფტის სურნელი. ირგვლივ ისეთი საუცხოო წესრიგი სუფევდა, ელენე გარკვეულწილად გაოცებულიც კი დარჩა. მართალია, ნიკოლასის ოთახში, პირველად იმ ღამით იყო, როდესაც იგი კოშმარულ სიზმარს ებრძოდა, თუმცა მაშინ იქაურობის კარგად დათვალიერება ვერ მოახერხა, ახლა კი უყურებდა, თან სასიამოვნოდ გაოცებული იყო ბიჭის წესრიგის მოყვარულობით.

პირველად, აბრამოვის გარდერობს მიადგა გოგონა და კარები ფართედ გამოაღო. ახლა უფრო მძაფრად შეიგრძნო ნაცნობი არომატი და უჯრაში შეკეცილი პირველივე მაისური გამოიღო. თავადაც არ სჯეროდა, რომ ამას აკეთებდა, თუმცა იმდენად სიამოვნებდა ნიკოლასის ნივთებთან შეხება, ზედმეტად არაფერზე უფიქრია, მისი მაისური კვლავ თავის ადგილას დააბრუნა, ნიკოლასის საწოლზე, მისსავე ბალიშზე ჩახუტებული, ემბრიონის ფორმაში გაწვა და ახლად შემოპარული გრძნობებით გონებაარეულმა, თვალები მაგრად დახუჭა.








.
დილით, ოთახში შემოსულმა აბრამოვმა რომ ელენე თავის საწოლში დაინახა, ჯერ გაუკვირდა, შემდეგ ბაგეებზე ოდნავი ღიმილი მოადგა და მთელი ღამის მუშაობისგან დაღლილ-დაქანცული, ლოგინზე ფრთხილად ჩამოჯდა.

გოგონას იმდენად ტკბილად ეძინა, მისი გაღვიძება ნამდვილად არ სურდა, ამიტომ, თავადაც გვერდით მიუწვა, მის სახეს შეხედა და მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა, რათა ელენეს შეხების დაუოკებელი სურვილი, გულის ყველაზე ღრმა კუნჭულში გამოეკეტა. თვითონაც არ ესმოდა, თუ რატომ ან როგორ მოხდა ეს, ასე მოკლე დროში, მაგრამ ფაქტი იყო, არანორმალურად იზიდავდა ეს გოგო. წინა ღამითაც, კინაღამ საკუთარ თავზე დაკარგა კონტროლი, როდესაც გეგასთან ერთად დაინახა, მანქანაში მჯდომი. მაშინ საკუთარ თავს ჩააგონა, რომ ელენეზე სხვანაირად აღარასდროს იფიქრებდა, თუმცა ახლა უკვე ეჭვი ეპარებოდა მიღებულ გადაწყვეტილებაში. არ შეეძლო ასე უბრალოდ ეთქვა უარი საკუთარ სურვილებზე, მით უმეტეს მაშინ, როცა არ იცოდა, გრძნობდა თუ არა ელენე რამე სერიოზულს ავალიანის მიმართ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ იმედი საბოლოოდ არ ჰქონდა დაკარგული და მიუხედავად წინა ღამით გადადგმული ნაჩქარევი ნაბიჯებისა, სასურველი გოგოს მისაღებად მაინც ბოლომდე იბრძოლებდა.

ნიკოლასმა თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა. უკვე თავადაც დაძინებას აპირებდა, როცა იგრძნო, თუ როგორ შეიცვალა გოგონას სუნთქვა და მიხვდა, რომ ეს უკანასკნელი უკვე გაღვიძების გზას ადგა. არც შემცდარა. რამდენიმე წამის გასვლის შემდეგ, ელენე საწოლში შეიშმუშნა, ბალიშზე შემოხვეული მარჯვენა მკლავი საწოლზე გადააგდო და აქედან სულ მალე თვალებიც გაახილა. თავდაპირველად, გარემო ძალიან ეუცხოვა. ვერ მიხვდა სად იყო და იქ რას აკეთებდა, თუმცა მერე ყველაფერი რიგის მიხედვით დალაგდა მის გონებაში და საწოლზე ისე სწრაფად წამოჯდა, იგი ლამის ჩაამტვრია კიდეც.

ნიკოლასს ჩუმად ჩაეცინა მის რეაქციაზე. ზუსტად იცოდა, ელენე უხერხულობას იგრძნობდა ამგვარად დაწყებული დილის გამო და ცოტა ხანში, ამაში გოგონას რეაქციამაც დაარწმუნა. ეს უკანსკნელი, საწოლიდან ისე წამოდგა, ბიჭისთვის თვალებში არც შეუხედავს. აშკარა იყო, გაურბოდა ნიკოლასის მზერას და მასთან საუბარსაც. ამის გამო, ბიჭმა თავად სცადა დიალოგის წამოწყება და გოგონას მსგავსად, საწოლიდან ისიც წამოდგა.

-მეგონა შენს მეზობელთან გაათევდი ღამეს -თქვა მან, თან ელენესკენ მიიწია რამდენიმე სანტიმეტრით. სპეციალურად არიდებდა თავს იმაზე საუბარს, რაც გუშინ მათ შორის მოხდა, რადგან ელენესთვის მეტად აღარ შეექმნა უხერხულობა და არც, შეეშინებინა. გოგონამ ცალი წარბი აზიდა.

-კიდევ რა იფიქრე? -ჰკითხა -მასთან ერთად წავიდა და ღამითაც იქ დარჩაო?

-და ასე არ ყოფილა?

ელენემ უარის ნიშნად გადააქნია თავი. გულის სიღრმეში, არ ესიამოვნა ის ფაქტი, რომ ნიკოლასმა მსგავსი რამ გაივლო აზრად. განსჯით არასდროს განუსჯია, თუმცა სხვა მხრივ, ვერასდროს უგებდა ისეთ გოგოებს, ვინებიც ბიჭის ერთი თითის დაქნევაზე აღმოჩნდებოდნენ ხოლმე მათ ლოგინში.

-როგორც ხედავ, ღამე სახლში გავათიე და მსგავსი არაფერი ყოფილა

-კარგი და აქ რას აკეთებ? ოთახი აგერია?

ელენეს ნამდვილად არ გასჭირვებია თავის გასამართლებელი ტყუილის რეკორდულ დროში მოფიქრება.

-ჩემს ოთახში ფუტკარი შემოფრინდა და რახან არ იყავი, აქ შემოვედი -განაცხადა მან თავდაჯერებულად

-ესე იგი ფუტკარი

-რატომ გეცინება?

-ამხელა გოგო ხარ და პაწაწინა არსებების გეშინია

-ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ფობიები -წარბები შეკრა გოგონამ ამის თქმისას. ისე დაიცვა თავი ნიკოლასის დაცინვისას, ლამის თვითონაც დაიჯერა, რომ ამ ოთახში, მხოლოდ ფუტკრის დანახვის გამო იყო შემოსული

აბრამოვს არაფერი უთქვამს საპასუხოდ. ამის მაგივრად, თავისი ნარინჯისფერი მაისური ტანზე გადაიძრო, კარადასთან მივიდა და ქვედა თაროზე დადებულ, ლამაზად დაკეცილ პირსახოცს დასწვდა. რამდენი არ ეცადა გოგონამ, თუმცა მაინც ვერაფრით შეძლო მზერა ბიჭის მიმზიდველ სხეულზე არ გაშტერებოდა. უყურებდა მის თითოეულ მოძრაობას, იმას, თუ როგორ ეძებდა ბეჭზე პირსახოცგადაფენილი, თავის უჯრაში სასურველ ტანსაცმელს და თვალს წამითაც ვერ აშორებდა. რაღაც თავისთვის აუხსნელს მართებდა ეს ბიჭი. იმდენად აუხსნელს, რომ გონს მანამ ვერ მოვიდა, სანამ ამ უკანასკნელმა არ გამოხედა, ოდნავ გაკვირვებული, ღიმილნარევი მზერით.

-კიდევ რამე გინდოდა? -ჰკითხა მან გამომცდელი მზერით. ელენეც წამებში მოვიდა აზრზე და მაშინვე უპასუხა

-არა, არაფერი, უბრალოდ ძალიან მოწესრიგებული გარდერობი გაქვს და მას ვუყურებდი -იცრუა. ნამდვილად არ ესმოდა, რატომ იქცეოდა ბიჭი ისე, თითქოს გუშინდელი ღამე, ვინმეს წარმოსახვითი საშლელით ამოეშალა მისი გონებიდან, მაგრამ რომც მომკვდარიყო, ამას მაინც არაფრით იკითხავდა ხმამაღლა. მეტიც, ერჩივნა მთელი ცხოვრება გაურკვევლობაში დარჩენილიყო, ვიდრე აბრამოვთან იმ მომენტებზე ჩამოეგდო ლაპარაკი

-გმადლობ, ვცდილობ

-კარგი, მგონი შხაპის მიღებას აპირებ, ჯობია გავიდე

-თუ ასეა, მაშინ ხვალამდე, რადგან შხაპის შემდეგ, ოცდაოთხსაათიანი ძილი მაქვს დაგეგმილი -ღიმილით უთხრა ნიკოლასმა და ისე, რომ გოგონას პასუხისთვის აღარ დაუცდია, აბაზანის კარს მიღმა გაუჩინარდა.

გონს მოსულ ელენეს, უკვე აღარ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ იქ უკვე აღარაფერი ესაქმებოდა. ამ ფაქტმა აიძულა რაც შეიძლებოდა სწრაფად დაეტოვებინა ნიკოლასის საძინებელი და ასეც მოიქცა. იქედან გამოსული, არეული ნაბიჯებით გაემართა თავისი ოთახისკენ, შიგნით შეიკეტა, კართან ჩამჯდარმა უცნაურად ახმაურებულ გულზე გაშლილი ხელი მიიდო და ნერვებმოშლილმა, ძლივსგასაგონად ამოთქვა :

-ელენე, სად გაქრა შენი თავშეკავება?! სულ გამოშტერდი, ხომ? მართლაც სრული გამოშტერების გზას ადგახარ!



.

ლექციაზე შესულმა ნიკოლასმა, აუდიტორიის ზღურბლზე გადაბიჯების თანავე მოჰკრა თვალი უკანა მაგიდასთან მჯდომ ელენეს და აიღო კიდეც გეზი მისკენ, როცა იგრძნო, როგორ ჩაავლო მაჯაში ხელი ვიღაცამ და თავისკენ შეატრიალა.

-ნიკ, არ გინდა ჩემთან დაჯდე? -საშუალო სიმაღლის, ყავისფერთმიანი გოგონა უმზერდა, ვინც სავარაუდოდ ბიჭის ჯგუფელი იყო, თუმცა მისი სახელიც კი არ ახსოვდა ნიკოლასს. მიუხედავად ამისა, თანაკურსელისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. აინტერესებდა ელენეს რეაქცია, როდესაც ეს უკანასკნელი, სხვა გოგოსთან ერთად დაინახავდა, ამიტომ, ყავისფერთმიანს თავი დაუქნია და მაგიდისკენ მასთან ერთად გაემართა.

ელენეს, მათი დაჟინებით ყურება არ დაუწყია, თუმცა მაინც შეამჩნია როგორ ეფლირტავებოდა აბრამოვს მის გვერდით მჯდომი გოგო და ზედმეტად უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა. მიუხედავად ყველაფრისა, გარეგნულად არაფერი გამოუხატავს. ამის მაგივრად, თავისი წიგნაკი გადაშალა, უბრალო ფანქარი აიღო და ყურადღების გადასატანად ხატვას მოჰყვა. პროცესში ისე ჩაეფლო, ვერც კი გაიაზრა როგორ შეივსო მის გვერდით ცარიელი სკამი. თავის საქმეს მხოლოდ მაშინ მოწყდა, როცა გვერდიდან საკუთარი სახელი გაიგონა და თავიც მსწრაფლ მიატრიალა.

ყველაზე ნაკლებად, ახლა იმ ადამიანის დანახვა სურდა, თუმცა ფაქტი იყო, გვერდით ნამდვილად ირაკლი სამსონიძე ეჯდა და ჩვეული თავდაჯერებული ღიმილით უღიმოდა.

-ანუ, ისევ შენ? -მობეზრებით აატრიალა თვალები ელენემ. მერე კვლავ მივიწყებულ წიგნაკს დაუბრუნდა და ხატვა განაგრძო, თითქოს ირაკლი იქ არც მჯდარიყო

-რა მოხდა, ჩემი დანახვა არ გაგიხარდა?

-შენდა საბედნიეროდ, გამოიცანი

-ვაღიარებ, მომწონს შენი უხეშობა, ასე უფრო მეტად მინდება შეგაბა

-რა თქმა უნდა მოგინდება, მე ხომ შენი გამოწვევა ვარ ამურის ისარში?

ამ სიტყვებზე, გოგონამ შეამჩნია როგორ რადიკალურად შეიცვალა სამსონიძის მზერა, რამაც ზომაზე მეტი კმაყოფილება მოჰგვარა. ალბათ იმის გამო, რომ ტყუილში გამოჭერილ ბავშვს ჰგავდა ირაკლი იმ წამს.

-ამ თამაშის შესახებ შენ საიდან იცი? -ბოლოს, გაოცებული სახით იკითხა მან

-ეგ შენ არ გეხება, მთავარია, რომ ვიცი და იმის შესახებაც მაქვს ცნობები, როგორი ვირთხა მიზის გვერდით -დაუფარავი ზიზღი გამოისახა გოგონას სახეზე ამის თქმისას

-მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს, ვიღაცამ სერვერი გატეხა და თამაშის ყველა მონაწილე დაბლოკა, ამიტომ ახლა შენთან ამურის ისრის გამო კი არა, პირადი ინტერესის გამო ვზივარ

ელენეს მაშინვე გაახსენდა, თუ როგორ ეუბნებოდა ნიკოლასი, ამ ყველაფრის აღსაკვეთად ზომებს აუცილებლად მივიღებო და მაშინვე მიხვდა, რომ საიტის გაუქმებაში აბრამოვის ხელი ერია. გულში გაეღიმა ამის გაცნობიერებისას. გაიხედა კიდეც ბიჭის მხარეს, თუმცა ის გოგო, იმდენად გამომწვევად იქცეოდა მასთან მიმართებაში, რომ ნერვებმოშლილმა, თავი წამებში მოაბრუნა და კვლავ ხატვა განაგრძო. სამსონიძის ლაპარაკს უკვე აღარც უსმენდა. არც მის სიტყვებს უკეთებდა რამე კომენტარს. უბრალოდ, წიგნაკის ფურცელზე ფანქარს მსუბუქად დაატარებდა და სხვაზე აღარაფერზე ფიქრობდა. ლექტორის აუდიტორიაში შემოსვლაც კი არ გაუგია. არც მის მისასალმებლად წამომდგარა ფეხზე, დანარჩენი სტუდენტების მსგავსად. ხატვის მომენტში, მუდამ თავდავიწყებაში ეფლობოდა ხოლმე და ახლაც სწორედ მსგავს სიტუაციაში ჩავარდა. ხმებიც კი არ ესმოდა თავის ირგვლივ. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს დანარჩენი სამყარო მის მიღმა არსებობდა, ყოველგვარი ზედმეტი პიროვნებების გარეშე.

იმ წამს, თავის მიერ შექმნილ პატარა სივრცეში არავის შეჭრას არ ელოდა, თუმცა როდესაც ვიღაცამ წიგნაკი ხელიდან გამოაცალა, მაშინვე გამოვიდა საკუთარი ნაჭუჭიდან და გვერდით მჯდომ სამსონიძეს შეუბღვირა.

-რას აკეთებ, ახლავე დამიბრუნე!

ბიჭმა წიგნაკი უფრო შორს გასწია და ელენეს გამომცდელი მზერით შეხედა.

-შენ რა, აბრამოვს ხატავ? -ჰკითხა მან ხმადაბლა, რათა ლექტორის საუბრისთვის ხელი არ შეეშალა

-არავისაც არ ვხატავ, ახლავე მომეცი!

-რაო, შეგიყვარდა ეგ ტიპი?

-რა?

-რაც გაიგე -ბრაზი უელავდა თვალებში სამსონიძეს

-ირაკლი, შემეშვი და წინ იყურე!

-ანუ, შენც გაგაბა თავის მახეში, ისევე როგორც კურისის სხვა უტვინო გოგოები. მათნაირი არ მეგონე, თუმცა მწარედ შევცდი

-სულელი მაშინ ვიქნებოდი, შენს ანკესზე რომ წამოვგებულიყავი სამსონიძე -დამცინავი ღიმილით იყო ნათქვამი ეს სიტყვები ელენეს მიერ

-სულელი კი არა, ბედნიერი იქნებოდი. ახლა ფიქრობ, რომ მხოლოდ ის თამაში იყო, რამაც შენთან დაახლოება მომანდომა, თუმცა ძალიან ცდები. ჩემთვის სხვა მხრივაც სასურველი იყავი ელენე

-იმდენად გულუბრყვილო არ ვარ, რომ შენი სიტყვები დავიჯერო -ამის თქმისას, გოგონამ, ირაკლის, წიგნაკი ხელიდან გამოაცალა, სწრაფად დახურა და კვლავ აბრამოვის მხარეს გაიხედა. უკვე საშინლად აღიზიანებდა მისი სხვა გოგოსთან ერთად დანახვა, თუმცა არაფერი შეეძლო და არც არაფრის გაკეთების უფლება ჰქონდა. მასსა და ნიკოლასს შორის, არაფერი ხდებოდა ისეთი, რაც ნებას მისცემდა ეეჭვიანა, მაგრამ არც იმის ყურება შეეძლო, რაც მისგან რამდენიმე მაგიდის მოშორებით ხდებოდა. ვეღარც ლექციაზე მშვიდად ჯდომას ახერხებდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ჰაერის უკმარისობა ახრჩობდა. იქ გაჩერება უკვე აღარ შეეძლო. სალექციო საათის გასვლას უკვე ვეღარ დაელოდებოდა. ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ სამსონიძე არ აძლევდა მოსვენებას, ამიტომ, გადაწყვეტილებაც საკმაოდ იმპულსურად მიიღო -ფეხზე სწრაფად წამოდგა, თავისი ნივთები ჩანთაში ერთი ხელის მოსმით ჩაყარა და მისი ხმაურიანი მოძრაობებისგან გაკვირვებულ ლექტორს, პირდაპირ თვალებში შეხედა.

-უკაცრავად, მაგრამ უნდა გავიდე, თავს ცუდად ვგრძნობ . . .

მეტად, არანაირი ახსნა-განმარტება აღარ გაუკეთებია გოგონას. აღარც ჯგუფელების მზერისთვის მიუქცევია ყურადღება. უბრალოდ ზურგჩანთა მოიკიდა, აუდიტორიიდან გასასვლელი კარისკენ დაიძრა და სულ მალე, მის მიღმაც აღმოჩნდა.

დერეფანში გასულმა, ნაწილობრივ შვება იგრძნო. თითქოს თავისუფლად სუნთქვაც შეძლო, თუმცა მისი სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა. უეცრად, ისე რომ არც ელოდებოდა, ვიღაცამ, მკლავში ხელის ჩავლებით შეაჩერა მისი წინსვლა და ამ ხელის შემშლელის ვინაობის დასადგენად, გოგონამ მაშინვე მიატრიალა თავი უკან.

-შენ? აქ რა გინდა?

-აუდიტორიიდან რატომ გამოხვედი? ასე უცებ რა მოგივიდა?

-ნიკოლას, ლექციას დაუბრუნდი, მე საქმე მაქვს -სცადა თავი აერიდებინა, თუმცა ბიჭმა არ გაუშვა და თავისკენ მიიზიდა

-რაღაც გჭირს, ვხვდები -მისი მოოქროსფრო თვალები გამჭოლი მზერით უყურებდნენ და გონებასაც ურევდნენ ელენეს. მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ დანახულ კადრებს, მაინც ვერ ივიწყებდა გოგონა

-არაფერი არ მჭირს. ჯობს წახვიდე და ის გოგო მარტო არ დატოვო, ძალიან უხდებოდით ერთმანეთს

-და შენ რატომ გაქვს ასეთი ტონი? -ღიმილით ააკრა კედელზე ამის თქმისას და თავისსა და ელენეს შორის მანძილი ერთ სანტიმეტრამდე შეამცირა

-როგორი ტონი მაქვს? ან რას აკეთებ?

-შენთან ახლოს მოვდივარ

-და მიზეზი? -მისი ევკალიფტის სურნელით ტკბებოდა ელენე და გონებაც საბოლოოდ ებინდებოდა, მზერასთან ერთად.

ნიკოლასს, წამიც არ დასჭირვებია პასუხის გასაცემად :

-მიზეზი ის არის, რასაც არც ერთი არ ვაღიარებთ

-მაინც რას არ ვაღიარებთ?

-იმას, რომ ჩვენს შორის რაღაც ხდება -დაბალი ხმის ტემბრით ამოთქვა აბრამოვმა და ელენეს ლოყას, თბილი ხელის გული ჩამოუსვა -მოდი, პირველად მე ჩავრთავ ჩემს გულახდილობას და გეტყვი, რომ საერთოდ არ აღგიქვამ როგორც მეგობარს. სულ სხვანაირად მიზიდავ იცი? თუმცა ეს მიზიდულობაზე უფრო მეტია.. ცხოვრებაში პირველად მსურს, რომ ვიღაცას ისე ვუფრთხილდებოდე, როგორც ნაზ ყვავილს. მინდა დაგიცვა, მინდა შენი საყრდენი გავხდე, მინდა ყოველ წამს დავტკბე შენი ტუჩებით როცა მომესურვება -ოდნავ გახსნილ ბაგეებზე გადაუსვა ცერა თითი ამის თქმისას -შენ, ჩემთვის რთულ დროს დამიდექი მხარში, ელენე. დღიური გახდი, სადაც ყველაფრის ჩაწერა შემეძლო. ერთადერთი მელნისფერი სხივი ხარ ჩემს შავ-თეთრ ცხოვრებაში -მერე თმაზე წაეთამაშა და დაუფარავი ღიმილი მოადგა სისხლისფერ ტუჩებზე -მიყვარს შენი ლამაზი, ქერა კულულები. ნეტავ იცოდე, რა დიდი სიამოვნებით ავხლართავდი მათში თითებს ყოველ ღამით. იცი რამდენჯერ მიოცნებია შენზე? წარმოვიდგენდი, თითქოს მთლიანად ჩემი იყავი და შენს მოფერებაში ვათენებდი ღამეებს. ელენე, უკვე საკუთარ თავს ვკარგავ ისე მინდა შენთან. შეიძლება აქამდე ვფიქრობდი, რომ სრულიად სხვა მხარეს იყურებოდი და ვერც კი ამჩნევდი იმას, რაც შენს ცხვირწინ იყო, თუმცა ბოლო დროინდელმა მოვლენებმა სულ სხვა რამ დამანახეს. ოდნავ მაინც რომ აცნობიერებდე, როგორ გამისწორდა ცოტა ხნის წინანდელი შენი ეჭვიანობა, კიდევ ათასჯერ იეჭვიანებდი

-ნიკოლას . . . -ელენეს, მიღებული შოკისგან ლაპარაკიც კი უჭირდა -ნიკოლას, მე . . .

-ჩუმად -საჩვენებელი თითი ბაგეებზე მიადო -არაფერი თქვა, კარგი? ამ წამს, იმდენი რამ გითხარი, გარკვეული დრო შენს ტვინს უნდა ვაცადო მიღებული ინფორმაცია გადახარშოს. ახლა პასუხის გაცემა არ არის საჭირო. უბრალოდ იცოდე, რომ არ გეთამაშები . . . ცხოვრებაში პირველად ვესაუბრები გოგოს გრძნობებზე და ჩემს თავში დარწმუნებული რომ არ ვიყო, ამას არც ვიზამდი. შეიძლება ეგოისტი ვარ, მაგრამ ვერავისთვის გიმეტებ საკუთარი თავის გარდა. არ მაქვს სუფთა წარსული. ვაღიარებ, ბევრთან ვერთობოდი და მერე მათი სახეებიც კი მავიწყდებოდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ყველა მამაკაცის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ორსაათიანი რომანები გვძულდება და რაღაც ნამდვილის ძებნას ვიწყებთ. ეს სინამდვილე კი შენ აღმოჩნდი. აღარ მინდა ყველაფერი უწინდებურად იყოს ელენე, გესმის? ახლა მხოლოდ ცვლილებები და შენ მჭირდები -ამის მეტად სიტყვაც აღარ უთქვამს ნიკოლასს. არც გოგონას პასუხს დალოდებია. უბრალოდ, მის შუბლს, ტუჩებით ნაზად შეეხო, შემდეგ ყბის ძვალზე დაუტოვა ცხელი კოცნის კვალი და იქაურობას ისე მოშორდა, ელენემ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო.

მოცემულ მომენტში, მხოლოდ ერთ რამეს აცნობიერებდა გოგონა. გული არანორმალური ტემპით უცემდა და თვალწინაც მხოლოდ ერთი ადამიანის სახე ედგა. ეს ადამიანი ნიკოლას აბრამოვი იყო. მახეში გაბმაც ამას ერქვა.







- - - -

უნივერსიტეტიდან, სახლში, ელენე ძალიან გვიან დაბრუნდა, თუმცა ნიკოლასი შინ მაინც არ დაუხვდა. ამის მიზეზის მიხვედრა, ნამდვილად არ გასჭირვებია გოგონას. აბრამოვი ცდილობდა მისთვის პირადი სივრცე მიეცა და თვალში ზედმეტად არ მოხვედროდა, სანამ მის სიტყვებზე კარგად არ დაფიქრდებოდა ელენე. აღნიშნულის გამო, კიდევ უფრო მეტად დააფასა ნიკოლასი გოგონამ. მოსწონდა მისი შეგნებულობა, თავშეკავება და ის, რომ ნებისმიერ მომენტში ახერხებდა შექმნილი სიტუაციისთვის შესაფერისი გადაწყვეტილების მიღებას.

დაბნეული ჩანდა ელენე. ერთი კვირის წინ ფიქრობდა, რომ გეგა ავალიანი იყო ის ბიჭი, ვის გვერდით ყოფნასაც მოისურვებდა, თუმცა ბოლო დროინდელმა მოვლენებმა, სრულიად სხვა სინამდვილეს შეაჯახა. შეიძლება ითქვას, სულ სხვა გზით წაიყვანა და ძალიან უჭირდა ამ გზის გაგნება. ამდენი ხნის შემდეგ, პირველად მოუნდა იმაზე დაფიქრება, თუ რას გრძნობდა ნიკოლასის მიმართ. იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ერთად ცხოვრება მოუწიათ, ერთმანეთთან ძალიან გაიხსნენ და დაახლოვდნენ კიდეც. ნიკოლასთან ურთიერთობა, მასთან დიალოგი, ძალზედ სიამოვნებდა გოგონას და ამის საკუთარი თავისგან დამალვას არც აპირებდა. თითქოს მონათესავე სული იპოვა მისი სახით. სიამოვნებდა იმაზე ფიქრიც კი, რომ ნიკოლასის ნივთები, ის, რასაც ყოველდღიურად ეხებოდა მის სახლში იყო თავმოყრილი, შინაური ცხოველის ჩათვლით. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ აბრამოვის მიმართ მართლაც ჰქონდა რაღაც განსხვავებული დამოკიდებულება, თუმცა საკუთარ თავში ბოლომდე სჭირდებოდა გარკვევა და ვინ დაეხმარებოდა ამაში თუ არა მიშკა?

ელენე დივანში გადაღლილი სახით ჩაეშვა, ტელეფონი მოიმარჯვა და მაშინვე მეგობრის ნომერი აკრიბა. პარალელურად, ისიც სურდა გაეგო როგორ ჩაიარა მისმა პაემანმა, რომელსაც რიგი მიზეზების გამო, თავად ვერ დაესწრო, ამიტომ გადაწყვიტა, საკუთარი ამბის მოყოლასთან ერთად, ამის შესახებაც გამოეკითხა.

მიშკამ მეოთხე ზარის გასვლაზე უპასუხა. ხმა აშკარად ნამძინარევი ჰქონდა და ელენეც მიხვდა, რომ ძილის სამყაროდან გამოიძახა მეგობარი.

-რა მოხდა, გაგაღვიძე? -მაშინვე ჰკითხა, როდესაც მის მიერ ნათქვამი „გისმენთ“ გაიგონა ტელეფონში

-ჰო, მაგრამ არა უშავს, უკვე შეჩვეული ვარ . . . რამე მოხდა?

-თუ გცალია ჩემთან მოდი, რაღაც აუცილებელი საქმე მაქვს და სასწრაფოდ უნდა დაგელაპარაკო

მიშკას, ტონზე ნერვიულობა შეეტყო.

-რა იყო, ცუდი ხომ არაფერი მომხდარა?

-არა, მსგავსი არაფერი, თუმცა შენი რჩევა მჭირდება, ისე, როგორც არასდროს

-კარგი, კარგი, ჩავიცვამ და გამოვალ. რამე ხომ არ წამოგიღო?

-დიეტურ კოლაზე უარს არ ვიტყოდი

-მაშინ, დიეტურ ორცხობილებსაც დავამატებ ბონუსად

ელენემ მაშინღა იგრძნო, რომ მთელი დღის უჭმელს, საშინლად მოშიებოდა და ნერწყვებიც კი მოადგა.

-მშვენიერი აზრია, შეგიძლია ბევრი ორცხობილა წამოიღო

-არის სერ -სიცილით მიუგო მიშკამ და ყურმილიც მაშინვე დაკიდა.

მეგობრის მოლოდინის რეჟიმში, არც ელენე მჯდარა უსაქმოდ. სანამ მიშკა მოვიდოდა, თავისთვის ცივი ყავის მომზადება დაიწყო და პარალელურად, ხილის ასორტის კეთებასაც მოჰყვა ატმისგან, მარწყვისგან, მწვანე ვაშლისა და ბანანისგან, რადგან ხილის ეს ოთხი სახეობა, მიშკას ყველაზე მეტად უყვარდა.

ასორტის გაკეთებას რომ მორჩა, თავისი ყავის ჭიქა ხელში აიღო, სხვადასხვაგვარი ხილით ლამაზად გაფორმებული თეფშიც ზედ მიაყოლა და გადაწყვიტა კოფეინის სმით ბაღში ესიამოვნა. უყვარდა საღამო ხანს თავისი ყვავილების ცქერა და მათთან განმარტოება. ახლაც სწორედ ამიტომ მიიღო გარეთ გასვლის გადაწყვეტილება და საყვარელ ქვის მაგიდასთან დამჯდარმა, ყავის დაგემოვნება დაიწყო.

ფერად-ფერადი ყვავილების სიახლოვეს ჯდომა, ამჯერადაც სასარგებლოდ წაადგა ელენეს. სიამოვნებდა იმ ბაღის ყურება, რომელიც თავიდან ბოლომდე მისი დაუღალავი შრომის შედეგს წარმოადგენდა. ახსოვდა როგორ აგროვებდა მცენარეების ნერგებს სხვადასხვა მაღაზიებში, როგორ რგავდა მათ საკუთარი ხელით, როგორ რწყავდა და ასუფთავებდა. საბოლოო ჯამში, აქაურობა სწორედ ისეთი გამოუვიდა, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდა და როგორიც მის წაროსახვებში ცოცხლობდა.

გოგონამ, ნახევრად ჩაცლილი ჭიქა მაგიდის ზედაპირზე შემოდო. სწორედ ამ დროს, თავისი ეზოს ჭიშკრის გაღების ხმაც გაიგო და მიხვდა, რომ მიშკა უკვე მოსულიყო. მეგობრის შესაგებებლად, ფეხზე ადგომა და წინა ეზოში გასვლა არც უფიქრია. იცოდა, იგი თავად მიხვდებოდა მის ადგილსამყოფელს, როდესაც სახლში ვერ იპოვნიდა, ამიტომ, მშვიდად განაჰრძობდა თავისი ყვავილების თვალიერებას.

მეგობრის გამოჩენის ლოდინში დიდი დრო ნამდვილად არ გაუტარებია. ჭიშკრის ხმის გაგონებიდან ორი წუთის შემდეგ, ელენემ, ბაღის მაგიდისკენ მომავალი მიშკა დალანდა. ეს უკანასკნელი სპორტულ სტილში იყო გამოწყობილი და ხელში ელენეს მიერ დაბარებული სასუსნავები ეჭირა.

-აი თურმე სად ყოფილხარ

-ყველაფერი მოიტანე? -ღიმილით დაუქნია თითები ამ კითხვის დასმისას გოგონამ

-ჰო, ყველაფერი ადგილზეა

-მე კი ხილის ასორტი გაგიკეთე

-ოთხივე სახეობის ხილი აქვს? -მოტანილი პარკები მაგიდაზე დააწყო მიშკამ და ელენეს მოპირდაპირე მხარეს ჩამოჯდა

-რა თქმა უნდა აქვს. ხომ იცი ყველაფრის გათვალისწინება მიყვარს

-კარგი, მოდი ახლა ის მითხარი, რა სერიოზულ საქმეზე დამიბარე -ინტერესით გახედა, თან ასორტის თეფში თავისკენ ახლოს მისწია და პირველად ბანანს ჩაასო ჩანგალი. ელენეს გაეღიმა

-მოდი, ჯერ შენ მითხარი პაემანმა როგორ ჩაიარა

-იდეალურად . . . ხვალ კიდევ ერთხელ უნდა შევხვდე, მგონი საქმე კარგად მიგვდის

-ძალიან კარგი, მიხარია თუ ასეა -გულწრფელი სიხარული გამოისახა გოგონას სახეზე

-გმადლობ . . . ახლა კი შენ გისმენ, ასე უეცრად რატომ დამიბარე?

ელენემ ყავის სმა შეწყვიტა და სერიოზული საუბრის წინ ღრმად ამოისუნთქა. საუკეთესო მეგობრისგან არასდროს არაფერს მალავდა ხოლმე და ახლაც გადაწყვიტა ბოლომდე გულწრფელი ყოფილიყო. სხვას ვერც ვერავის დაელაპარაკებოდა ამ თემაზე. მხოლოდ მიშკა გახლდათ ისეთი, ვისაც მსგავს სიტუაციაში გულს გადაუშლიდა, ამიტომ მაგიდას მკლავებით ჩამოეყრდნო, მეგობარს პირდაპირ თვალებში ჩახედა და დაბალი ხმით ამოთქვა :

-ნიკოლასი გრძნობებში გამომიტყდა, მიშკა

ბიჭს სახეზე ჯერ გაოცება გამოეხატა, შემდეგ ნერვიულად გადაისვა კეფაზე ხელი მერე კი სკამის საზურგეს მიეყრდნო, ჩაფიქრებული სახით.

-რას ნიშნავს გრძნობებში გამოგიტყდა? -ჰკითხა მან დახშული ხმით, ისე, რომ ელენესთვის ზედაც არ შეუხედავს

-გთხოვ, ახლა შენებურები არ დაიწყო, ნიკოლასი კარგი ადამიანია და მისი ნდობა შეიძლება

-ეს როდის მოხდა?

-დღეს დილით, უნივერსიტეტში

-და შენ რას ფიქრობ ამ თემაზე? მისდამი შენც განიცდი რამეს? -გამომცდელად ჩახედა თვალებში ამის თქმისას

-მიშკა, ძალიან დაბნეული ვარ, აქ სწორედ ამიტომ მოგიყვანე, მინდა შენი დახმარებით მივიდე სწორ პასუხამდე

ბიჭს სახეზე ოდნავი ღიმილი მოადგა და ელენეს ხელი თავისაში მოიქცია.

-ხომ გითხარი, მაგ ბიჭთან ასეთი სიახლოვე მახეში გაგაბამს-მეთქი?

-მიშკა . . .

-არა, არასწორად გამიგე, ნიკოლასის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუკი შენ თვლი, რომ სანდოა და რასაც ამბობს დაეჯერება

-გამიკვირდა, აქამდე მისდამი სულ სხვაგვარად იყავი განწყობილი

-ელენე, მე მაგ ადამიანს პირადად არ ვიცნობ, თუმცა ვხედავ შენ ენდობი. თანაც, გრძნობებში გამოტყდომა სავარაუდოდ იმაზე მიანიშნებს, რომ არ გეთამაშება, თორემ სხვა შემთხვევაში, აბსოლუტურად განსხვავებული გზებით დაგიწყებდა შებმას

ელენე კვლავ თავის ყავას დასწვდა და ჩაფიქრებული სახით მოსვა ეს უკანასკნელი. შემდეგ გეგას სახლს გახედა და კვლავ მეგობარს დაუბრუნდა მზერით.

-მიშკა, ერთი კვირის წინ, სრულიად სხვა ადამიანით ვიყავი დაინტერესებული, არ მესმის ასეთ მოკლე დროში რა შეიცვალა. თან მგონი გეგასგანაც დავიჭირე რაღაც სიმპათია, ახლა კი ნამდვილად არ ვიცი ეს უნდა მიხაროდეს, თუ არა

-შენ წარმოიდგინე, ასეთი რამები, სწორედ რომ მოკლე დროში ხდება, ელ -ბიჭმა, თავისი ასორტის თეფშიდან მარწყვი აიღო, გემრიელად ჩაკბიჩა და განაგრძო -ამ წამს, აბრამოვზე საუბრისას, ხმაც კი სრულიად სხვანაირი გაქვს და ამის შემჩნევა ნამდვილად არაა რთული

დაბნეულობა მოჰგვარა გოგონას, მეგობრის სიტყვებმა. ხვდებოდა, საითკენაც მიდიოდა ეს დიალოგი და თავადაც აცნობიერებდა, რომ მიშკას ეჭვები სიმართლეს შეესაბამებოდა.

-მაინც, როგორი ხმა მაქვს მასზე საუბრისას? -გამომცდელი მზერით ჩაეკითხა გოგონა. პასუხს არც დაუყოვნებია :

-ისეთი, როგორიც საყვარელ ადამიანებზე საუბრისას უხდებათ ხოლმე. ეგ ტიპი გულში ჩაგივარდა, მეგობარო, აი გეგას რაც შეეხება, ქვეცნობიერად ყოველთვის ვიცოდი, რომ უბრალო გატაცება იყო, რადგან მასზე საუბრისას, შენში არასდროს დამიჭერია ის ემოცია, რაც მნიშვნელოვან ადამიანზე საუბარს ახლავს ხოლმე თან. ავალიანი თავისი იდუმალებით გიტაცებდა, აბრამოვს კი იმდენად შეეჩვიე, ისე დიდ დროს ატარებდი მასთან, ვერც კი გაიგე ისე შემოგიძვრა გონებაშიც და გულშიც

-ასე ფიქრობ?

-კი არ ვფიქრობ, დარწმუმებული ვარ და სანამ დროა, ყველაფერი უთხარი. დიდხანს ნუ გაწელავ, თორემ მაგ ტიპზე იმდენი გოგო ნადირობს, ეჭვგარეშეა თამაშგარე დარჩები -სიცილით უთხრა და მკლავზე ჩქმეტაც დაიმსახურა ელენესგან ამის გამო

-სიმართლეს როცა გეუბნები, სულ მკლავებს რატომ მილურჯებ?

-იმიტომ, რომ მწარე ენა გაქვს!

-მწარე ენა არ მაქვს, უბრალოდ რეალისტი ვარ. მთელი ცხოვრება არავინ დაგელოდება, ამიტომ დროულად იმოქმედე

ელენემ შუბლი ნერვიულად მოისრისა. აშკარა იყო, აბრამოვს, როგორც მხოლოდ მეგობარს ვეღარ უყურებდა და ამაში, საბოლოოდ მიშკასთან დიალოგმაც დაარწმუნა. აცნობიერებდა, როგორ გაუჭირდებოდა ნიკოლასის სხვა გოგოსთან ერთად ხილვა, თუმცა არც ის სურდა, ამდგარიყო და ასე უბრალოდ ეთქვა ეს ყველაფერი. უნდოდა ეს განსაკუთრებულ სიტუაციაში გაეკეთებინა, ყოველგვარი ბანალურობისა და ზედმეტი სიტყვების გარეშე.

-მეც ვაპირებ სიჩუმის დარღვევას, მიშკა, მაგრამ ამისთვის შესაფერისი გარემო მჭირდება -თან ესაუბრებოდა, თან ყავის ჭიქაში, საწრუპს ზემოთ-ქვემოთ ათამაშებდა გოგონა

-და ახლა სად არის ეგ შენი პოტენციური რომეო?

-გეხვეწები რა, ეგრე ნუ ეძახი, თორემ თავი შექსპირის ეპოქაში მგონია

-კარგი, კარგი, უბრალოდ კითხვაზე მიპასუხე

-სავარაუდოდ, დღეს სახლში არ მოვა. ცდილობს პირადი სივრცე მომცეს მანამ, სანამ რამეს გადავწყვეტ და მის ნათქვამზე დავფიქრდები

მიშკამ კმაყოფილებისგან დაუსტვინა.

-აი ეს მესმის, შეგნებული ტიპი ყოფილა. თუ ასეა, ამაღამ შენთან მე დავრჩები. ამ ბოლო დროს, სახლში ხალხმრავლობას შეეჩვიე და ალბათ მარტო ყოფნა აღარ მოგეწონება -ორაზროვნად დაამატა ბოლოს. ელენეც მიხვდა მისი სიტყვების არსს და მსუბუქი ღიმილი გამოესახა ბაგეებზე.

-კარგი, შენი ასორტი წამოიღე და მისაღებში შევიდეთ. რამე საინტერესო ფილმის ყურებაზე უარს არ ვიტყოდი

-ამჯერად ჟანრს მე ვარჩევ -კატეგორიული ტონით განაცხადა მიშკამ და დაცლილი ყავის ჭიქით ხელში, სახლისკენ წასულ ელენეს უკან აედევნა . . .

ფილმების ყურებაში, როგორც მუდამ ხდებოდა ხოლმე, ახლაც თითქმის მთელი ღამე გაათენეს მეგობრებმა. ბიჭს, მხოლოდ მეექვსე ეკრანიზაციაზე მოერია ძილი და იქვე, დივანზე მიესვენა გათიშული. მისგან განსხვავებით, ელენეს, რული წამითაც არ მიჰკარებია. მთელი ღამის განმავლობაში იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ და რა ვითარებაში ეთქვა ნიკოლსისთვის ის, რომ მათი გრძნობები ორმხრივი იყო და არა, ცალმხრივი. ლამის მოკლე ჩართვისან გამსკდარი ნათურასავით აუფეთქდა ტვინი სხვადასხვა ვერსიების განხილვაში და საბოლოოდ, როგორც იქნა მოუვიდა კიდეც ერთი არც თუ ისე ცუდი იდეა. კარგად რომ დაფიქრდა, უფრო მეტადაც კი მოეწონა და საბოლოოდ, აღფრთოვანებულიც დარჩა ამ მოფიქრებით. მხოლოდ სამი რამ უნდა გაკეთებინა ჩანაფიქრის განსახორციელებლად -უნივერსიტეტი უნდა გაეცდინა, აბრამოვისთვის წერილი დაეტოვებინა და მიშკასგან, წყნეთის აგარაკი ენათხოვრა ერთი დღით. დანარჩენს, თითოეულ დეტალს საკმაოდ ადვილად მოაგვარებდა, რადგან უკვე ყველაფერი დაზუსტებით ჰქონდა წარმოდგენილი გონებაში, რის გაკეთებასაც აპირებდა . . .






.
ელენეს მიერ, გამთენიისას მოფიქრებული გეგმა, მართლაც ზუსტად ისე წარიმართა, როგორც ამას გოგონა მოელოდა. როგორც კი მეგობრის კუთვნილი, წყნეთის აგარაკის კარი შეაღო ელენემ, ზღურბლს საკამოდ მხიარულ განწყობაზე გადააბიჯა და იქაურობას თვალი მოავლო. რა თქმა უნდა, არ გასჭირვებია მიშკას დაყოლიება, რათა როგორც თვითონ ეძახდა „თავისი სიმშვიდის ზონა“ , ცოტა ხნით ელენესთვის დაეთმო. ამ უკანასკნელმაც, ათასი მადლობა მაინც გადაუხადა ბიჭს, წამოსვლის წინ, მისი საყვარელი დიეტური პეჩენია გამოუცხო, მერე კი, ნიკოლასისთვის, გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი- წერილი დატოვა მისსავე ოთახში და გამოსაცვლელი ტანსაცმლისა და პირადი ჰიგიენის ნივთების თანხლებით, ტაქსის მანქანით გაემართა აგარაკისკენ მიმავალ გზაზე. მიშკას უარი უთხრა წაყვანაზე. თავად, იმ დღეს უნივერსიტეტში წასვლას არ აპირებდა და არ სურდა მეგობრისთვისაც გაეცდენინებინა სალექციო საათი.

ტაქსის წყალობით, საკმაოდ დროულად მიაღწია ელენემ დანიშნულების ადგილამდე. იქაურობა, საკმაოდ მოვლილი და მილაგებული იყო, რადგან მიშკას, ეს სახლი ჭამაზე მეტად უყვარდა და მას ყოველთვის თავად უვლიდა ხოლმე. სწორედ ამიტომ, გოგონას, სახლის სისუფთავეზე ზრუნვა აღარ დაუწყია. ამის მაგივრად, პირველი, რაც აქ ჩამოსვლისას გააკეთა, ეს, სახლის უკან მდებარე აუზში, წყლის სისუფთავის შემოწმება იყო. როგორც მიშკამ უთხრა, აუზში ერთი ფოთოლიც კი არ დაცურავდა ზედმეტად, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ მხრივაც მოშორებული ჰქონდა საზრუნავი ელენეს.

გოგონა ბასეინთან მდგომ შეზლონგზე გაწვა და თვალები დახუჭა. ზუსტად იცოდა, ნიკოლასი სახლში მთელი დღე არ მივიდოდა და მხოლოდ შებინდებისას შეივლიდა შხაპის მისაღებად, რადგან ორი დღე, ერთსა და იმავე ტანსაცმელში გაძლება არ შეეძლო. ეს ელენემ დაზუსტებით იცოდა, ამიტომ ვარაუდობდა, რომ მის დატოვებულ წერილსაც მხოლოდ საღამო ხანს იპოვიდა.

ამ წერილის შინაარსზე, თავის დროზე საკმაოდ ბევრი იფიქრა ელენემ. ბოლოს, როგორც იქნა აზრების დაწყობაც შეძლო და მისმა წერილმაც შემდეგი სახე მიიღო :

„ვიცი, ჩემგან პასუხს ელი . . . ვიცი, პირად სივრცესაც ამის გამო მაძლევ და არ ჩნდები . . . თუმცა იცი მე რა მინდა? ახლავე გეტყვი.

მე მინდა, ისევ ერთად დავლიოთ ყავა ჩემს ბაღში, ისევ უწინდებურად ვისაუბროთ ვერანდაზე მსხდომებმა, როცა ღამეული ძილი გაგვიტყდება.

მენატრები . . .

უკვე მენატრები და სათქმელიც უამრავი მაქვს. „ -წერილის ბოლოს, გოგონას აგარაკის მისამართი ჰქონდა მიწერილი და P.S-ჩანართი მხოლოდ ერთი სიტყვით – „გელოდები“.

მეტი არაფერი დაუწერია. ფურცელი ორად გადაკეცა და იმ კომოდზე შემოდო, რომელიც პირდაპირ ნიკოლასის საწოლთან იყო მიდგმული.

ახლა მხოლოდ ლოდინი დარჩენოდა. შეეძლო თავადაც უფრო გვიან ამოსულიყო აგარაკზე, თუმცა რატომღაც აქ ყოფნა ერჩივნა. ის და მიშკა, თავისუფალ დღეებში, მუდამ დადიოდნენ ხოლმე ამ სახლში და ელენესთვისაც, უკვე ერთ-ერთ საყვარელ ადგილად ქცეულიყო აქაურობა. ეს აგარაკი, მისთვის მეორე სახლივით იყო და აქ ყოფნაც მუდამ დადებითად მოქმედებდა გოგონაზე.

დაღამებამდე გადაწყვიტა ცოტათი გამოეძინა. ვინაიდან, წინა ღამე მთლიანად თეთრად გაათენა იმაზე ფიქრში, თუ როგორი პასუხი გაეცა ნიკოლასისთვის, ახლა ერთი კარგი დასვენება მართლა ძალიან სჭირდებოდა. ამის გამო, აუზთან დიდხანს არ დარჩენილა, პირდაპირ მისაღებ ოთახში გადაინაცვლა, პატარა ბალიშებით გაფორმებულ, ფუმულა დივანზე მოხერხებულად მოკალთდა და ისე მალე ჩაეძინა, რომ თვალის დახუჭვაც კი ძლივს მოასწრო . . .

ვერ გეტყოდათ ზუსტად რამდენი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა სიზმრების სამყაროში, თუმცა როდესაც ბოლოს და ბოლოს თვალები გაახილა, უკვე ჩამობინდების ნიშნები ეტყობოდა ცას. გავარვარებული, ცეცხლისფერი ბურთი, ნელ-ნელა ქვემოთ მიცურავდა და გარკვეული დროით ემშვიდობებოდა დედამიწის ამ ნაწილს, რათა ამჯერად სხვა მხარე გაენათებინა თავისი გრანდიოზული ამობრწყინებით.

მაჯაზე შემოხვეულ საათს რომ დახედა, თავადაც გაოცებული დარჩა ელენე. ისრები ღამის რვას უჩვენებდნენ. თურმე რამდენ ხანს სძინებია, არადა მხოლოდ ერთი-ორი საათით თუ ვარაუდობდა დასვენებას. მიუხედავად ყველაფრისა, ამას დადებითი მხარეც ჰქონდა -თავს უკვე საკმაოდ მხნედ და დასვენებულად გრძნობდა და აღარც მოთენთილობის შეგრძნება აწუხებდა, ისე, როგორც აქ ჩამოსვლის საწყის ეტაპზე.

ელენე ფეხზე წამოდგა, დივანზე ბალიშები შეძლებისდაგვარად გაასწორა და კვლავ აუზთან დაბრუნდა. გადაწყვიტა, ნიკოლასის მოსვლადე, მობილურში ჩარჩენილი ძველი ვიდეოებისთვის ეყურებინა. მათი უმეტესობა, მიშკასთან ერთად ჰქონდა გადაღებული, სხვადასხვა ადგილებში, როცა უიკენდის დღეებს მხიარულად ატარებდნენ ხოლმე. რამდენიმე ვიდეო, ლაშქრობიდანაც ჰქონდა შემორჩენილი, სადაც ელენე სიცილით აფიქსირებდა, თუ როგორ გაჭირვებით მიხოხავდა მიშკა მთისკენ მიმავალ დამრეც ბილიკზე და როგორ წუწუნებდა მთელი გზის განმავლობაში.

ვიდეო-ჩანაწერების ყურებაში, დრო საკმაოდ მალე გავიდა. ცაზე უკვე მკრთალად იკვეთებოდა სავსე მთვარე. აქა-იქ წერტილისხელა ვარსკვლავებიც მოჩანდნენ და სასიამოვნო, თბილი ნიავიც ქროდა.

ელენემ აუზში მოლიცლიცე წყალს შეხედა, გაეღიმა, კედები სწრაფად გაიხადა და კიდეზე ჩამომჯდარმა, ფეხები გრილ წყალში ჩაყო. სიამოვნებისგან თვალებიც კი დახუჭა იმდენად მოეწონა ეს შეგრძნება. ისეთი ლამაზი ღამე იყო, დააფასა კიდეც თავისი გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც, სწორედ დღეს უნდა დალაპარაკებოდა ნიკოლასს. ვერც კი იჯერებდა, რომ ამდენად მოკლე დროში გახდა მისთვის ეს ადამიანი ასეთი მნიშვნელოვანი. ფაქტი იყო, ერთი დღის უნახავიც კი უცნაურად ენატრებოდა და აღარ სურდა მისი სიშორე კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო.

გოგონამ აუზში ფეხი აიქნია და წყლის შხეფები შორს გაისროლა. უკნიდან, რაღაც ფოთლების შრიალის მაგვარი ხმაც მოესმა, თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. კვლავ განაგრძობდა აუზში ფეხების ქნევას მანამ, სანამ, ყურადღების მისაქცევი ჩახველების ხმაც არ მისწვდა ელენეს ყურთასმენას.

აი აქ კი უკვე მთელი სხეული ვიოლინოს სიმივით დაეჭიმა გოგონას და ყოველგვარი მოძრაობა შეწყვიტა. ნაცნობი ევკალიფტის სურნელის შეგრძნებისას, უკვე საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მისგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით, ნამდვილად ნიკოლასი იდგა. მაშინვე გახედვა ვერ გაბედა. ეს მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ მოახერხა და თავზე წამომდგარი ბიჭის დანახვამ, თითქმის ყველა სიტყვა წარმოსხვითი საშლელით ამოუშალა გონებიდან, რაც კი მისთვის სათქმელად ჰქონდა მომზადებული.

ელენე ცალი ხელით აუზის კიდეს დაეყრდნო და ფეხზე წამოდგა. იმ მომენტში ყველანაირად ცდილობდა აზრები დაელაგებინა, რათა აბრამოვის წინაშე არ დაბნეულიყო და უდიდესი შინაგანი ძალისხმევით ეს გამოსდიოდა კიდეც.

-მოხვედი . . .

-მოვედი . . . გავიგე, ჩემთან ერთად ვერანდაზე ჯდომა მოგნატრებია და გულმა არ მომითმინა არ მოვსულიყავი

ელენეს გაეღიმა.

-ანუ, ცდუნებას ვერ გაუძელი

-ასეა -ბიჭის მოოქროსფრო თვალების მიღმა, დიდი კითხვის ნიშნები ჩანდნენ, რამაც ელენესაც მიანიშნა, რომ მთავარ სათქმელზე გადასვლის დრო მოსულიყო.

გოგონა ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა აბრამოვს, მის მზერას თვალი გაუსწორა და ჰკითხა :

-იცი ყველაზე სასიამოვნო რისი გაკეთებაა იმ ადამიანთან ერთად, ვინც შენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს?

-რისი?

-აუზში, სავსე მთვარის შუქზე ბანაობა, იქ, სადაც თქვენ ორის გარდა არავინაა -ამის თქმისას, გოგონამ აუჩქარებლად დაიწყო ტანსაცმლის გახდა და ნათლად დაინახა, როგორ აერია სუნთქვა ნიკოლასს მის უეცარ ქმედებაზე. მიუხედავად ამისა, არ გაჩერებულა. გახდა მხოლოდ მაშინ შეწყვიტა, როცა შიდა თეთრეულის ამარა დარჩა და აუზისკენ უკუსვლით გადადგა ერთი ნაბიჯი.

-მაგით რისი თქმა გინდა?

გოგონას არაფერი უპასუხია. უბრალოდ ბიჭს მიუახლოვდა, მისი მაისურის ბოლოებს ხელი ჩაავლო და თავზე ერთი ხელის მოსმით გადააძრო. ძალიან ახლოს იდგნენ იმ წამს ერთმანეთთან. იმდენად ახლოს, რომ ერთმანეთის სუნთქვას სახეზეც კი გრძნობდნენ. ნიკოლასმა მეტი ვეღარ მოითმინა და გოგონას წელს, ხელები მარწუხებივით შემოაჭდო.

-შენი სურნელი, შენზე დამოკიდებულს მხდის ელენე -ამოთქვა ჩურჩულით პირდაპირ მის ყურთან, მერე ცხვირი ლოყაზე გაუსვა, თვალები დახუჭა და კიდევ ერთხელ შეისუნთქა ღრმად საყვარელი არომატი -ელენე, მალე მითხარი რისი თქმაც გინდა, კარგი?

-გეტყვი -ბიჭის სიახლოვისგან გაბრუებულმა ძლივს ამოთქვა

-გისმენ

-სწორედ შენ ხარ ის ადამიანი, ვისთანც ერთადაც მთვარის შუქზე ვიბანავებდი, აუზში და ვეტყოდი, რომ არაფერია მასთან სიახლოვეზე უფრო სასიამოვნო

-ანუ, მე შენთვის ბევრს ვნიშნავ და სწორედ ამიტომ მოგინდა ჩემთან ერთად მთვარის შუქზე ბანაობა? -დაუფარავად გაეღიმა, თან გოგონას ლოყას მიეფერა თითებით -ვაღიარებ, ყველაზე ორიგინალური გრძნობებში გამოტყდომაა, რაც კი შეიძლებოდა ვინმეს მოეფიქრებინა. ამ მხრივაც კი რა შენებური ხარ

-მაშინ მითხარი თანახმა ხარ თუ არა ჩემს წინადადებაზე -ცნობისმოყვარედ ახედა ელენემ. აბრამოვის მოოქროსფრო თვალებიდან გადმოღვრილი თბილი მზერა კვლავ თავბრუს ახვევდა და მასთან სიახლოვის სურვილს უათმაგებდა

-რა თქმა უნდა, თანახმა ვარ, მაგრამ მანამდე რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გავაკეთო

-კონკრეტულად რა?

-ის, რაც აქეთკენ მომავალს, ჭკუის დაკარგვამდე მინდოდა -მოწოლილი სურვილისგან არეული ხმით ამოთქვა ნიკოლასმა, ელენეს ტუჩებს დააცხრა, მსუბუქი ბიძგით მიაწვა მის სხეულს და აუზში გოგონასთან ერთად ისე გადაეშვა, მისი ტუჩების დაგემოვნება წამითაც არ შეუწყვეტია . . .



№1  offline მოდერი sameone crazy girl

სასიამოვნოდ საკითხავი ისტორია გამოვიდა თავიდან ბოლომდე. მოკლედ დაწერილ ამბებს ეს პლიუსი აქვს, სიუჟეტი რომ არ იწელება არც იღლები , არც იძაბები, არც ნერვიულობ ...დავიწყე და დავასრულე მშვიდად რაც ძალიან კარგია

ბოლო დროს ძალიან მიყვარს ზედმეტი დრამების გარეშე მიმდინარე ისტორიები და ეს უკანასკნელი სწორედ ასეთის

წარმატებებს გისურვებ ♡ ბევრ მუზას და წერის შესაძლებლობას

 


№2  offline წევრი Nobodyelse

მომეწონა... საინტერესო და სასიამოვნო იყო.

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

როგორი სასიამოვნო თბილი და ლამაზი ისტორია იყო❤️❤️

 


№4 სტუმარი stumari

საოცრება იყო♥️♥️♥️♥️♥️

 


№5 სტუმარი Mariama

ძალიან დიდ მადლობას გიხდი იმის გამო რომ ისტორია ზედმეტი დრამების გარეშე დაასრულე! ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო და მეშინოდა ბოლოში როგორც ყველა მწერალს ისე არ დაგესრულებინა მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.

 


№6  offline წევრი დელირიუმი

ძალიან სასიამოვნოდ იკითხება❤❤❤ ფავორიტთა სიაში დავამატებ ახლავე❤

 


№7 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან კარგი და სასიამოვნო წასაკითხი იყო

 


უბრალოდ შენი დაწერილი ყველა ისტორია მიყვარს, თითოეულში თითქოს შენი მთელი ემოციებია, შენი ისტორია ადამიანს სულში უძვრება და იქიდან იღებს სიამოვნებას, არ შემიძლია, ამდენი სიამოვნება. ცოტათი მშურს კიდეც, მაგრამ მიხარია რომ შემიძლია წავიკითხო შენი ნაშრომები, შენ წერის მხრივ ჩემი ერთ-ერთი კუმირი ხარ, უბრალოდ ეს უნდა მეთქვა, იმიტომ რომ შენს ისტორიებს თვალსა და გულს ვადევნებ

 


№9  offline წევრი TamoTi

❤️❤️❤️ძალიან კარგი იყო❤️❤️მოუთმენლად ველი შენს დაბრუნებას❤️❤️

 


№10  offline წევრი დუ სია

რა კარგი იყოო!

 


№11  offline წევრი katerinaeka

ძალიან ლამაზად და საინტერესოდ წერ, ერთ-ერთი საყვარელი ავტორი ხარ ვის ისტორიებსაც სიამოვნებით ვკითხულობ. heart_eyes

 


№12 სტუმარი ნანამია

დიდი სიამოვნებით წავიკითხე კიდევ ერთხელ.. დიდი მადლობა ავტორო...

 


№13 სტუმარი სტუმარი ანა

მართლაც განსაკუთრებულია ყველა თქვენი ნაშრომი ყოჩაღ აუცილებლად უნდა წეროთ მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent