შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფშაური კაფია [თავი 1]


16-02-2021, 00:48
ავტორი ხვარამზე
ნანახია 1 708

შუაღამე იყო კიევიდან მომავალი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში რომ დაეშვა. დაღლილი მგზავრები ძვლივსგახელილი თვალებით ელოდებოდნენ ბარგს, ერთი სული ჰქონდათ მონატრებული სახლებისათვის, თბილი საწოლებისათვის შეეფარებინათ თავი. ლექსომ ღრმად ჩაისუნთქა თბილისის მტვრიანი, დახუთული, მძიმე ჰაერი. ყურებს საამოდ მიეალერსა ქართული საუბარი. მიხვდა მონატრებოდა... აეროპორტის დარბაზში კანტიკუნტად მოსიარულე თმაშეღებილი ქალები კაცის ყურადღების მიპყრობას ცდილობდნენ, ჩაეღიმა. სხვა დროს შანსს ხელიდან არაფრით გაუშვებდა, მაგრამ ახლა მარტოს სურდა მშობლიურ ქალაქში, მშობლიურ სახლში პირველი ღამის გატარება. წარსულ მოგონებებს შეაფარებდა თავს, დედის კაბებს, მამის პერანგებს მიეფერებოდა. ხვალ კი, ხვალ ახალი დღე დაიწყებოდა, ახალი გეგმებით, ახალ ადამიანებთან ერთად... ბოლო ნაფაზი დაარტყა, ღრმად ჩაისუნთქა მხუთავი კვამლი და იქვე ტაქსის სადგომისაკენ გასწია.
ლექსო თადიაურის გულს სამშობლოს ორი ყველაზე ძვირფასი, ღრმა, გულს ჩამარხული მოგონება შერჩა. მშობლიური ფშავის მთები და დედის ხმა, ტკბილი იავნანა. ახლაც მიტოვებული სახლის კარი შეაღო თუ არა, პირველი თვალებს სწორედ მამა-პაპისეული ხანჯალი, დედის მოქარგული ტალავარი და მშობლების გადიდებული სურათი მოხვდა. იქვე ფარდაგზე დედისეული დამტვერილი ფანდური და აკორდეონიც შენიშნა, გული მოეწურა. გაიფიქრა, რომ ხვალ, ხვალ აუცილებლად ავიდოდა ფშავში, თვალს შეავლებდა მშობლიურ მთებს და მამა-პაპისეულ ფუძეს, ნასახლარს მოინახულებდა. ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილს სახე გაებადრა, ძველ ტახტზე მიწვა და ჩათვლიმა.
დაქანცული ბიჭი დილით ტელეფონის გამაწყალებელმა ზუზუნმა გამოაფხიზლა. უკმაყოფილო ბურტყუნით იცვალა გვერდი, თუმცა მალევე კარზე ატეხილმა ბრახუნმა აიძულა წამომდგარიყო. ჩუმი გინებით გააღო კარი. გიორგი ხელაშვილი თბილი ღიმილით ჩამომდგარიყო ზღურბლზე, ტუჩებს თავს ვერ უყრიდა. ლექსომაც გახსნა შეკრული წარბები, მონატრებული მეგობრისაკენ გაიწია და გადაეხვია.
-შემოდი. რაღა უცხოსავით ჩამომდგარხარ . არ იცი, ასე დილაადრიან მხოლოდ შენი გაბურძგნული სიფათის დანახვა რომ მახარებს - ჩაიფრუტუნა ლექსომ
-აბა აბა, მორჩი ახლა შენებურად ღრენას. არ იცი რა საქმეები გველოდება?! - ხელები მოიფშვნიტა ხელაშვილმა
-ვიცი, ვიცი შენი საქმეები. ლუდი, რესტორანი, ქალები. ეგენი უკვე აი ყელში მაქვს თუ ძმა ხარ.
-ბოდიში მოიხადე, ძმა. ეგეთი .... გგონივარ? ბიჭები ფშავისკენ ვაპირებთ, მიხაობაა დღეს. მთელი ფშავი შეიკრიბება და ისეთი ღრეობა აიწევა რომ... თან იქნებ ქისტაურიც ნახო, იმ თემაზე დაილაპარაკებთ, ნელ-ნელა დავძრათ საქმე რა. დავიბრიდე ბიჭო ამ შენი ოფისის სკამის ხეხვით, აღარ შემიძლია. ლექსომ ყურებს არ დაუჯერა.
- ჰმ, სულ ჩემს გულში როგორ ზიხარ ბიჭო. რომც არ გეთქვა ისედაც იქეთკენ ვაპირებდი
-უჩემოდ? - თვალები დაქაჩა გიომ და თადიაურსაც გაეცინა
-რას ქვია უშენოდ? წამო ძმაო, პირველ რიგში მანქანის საქმე მოვაგვაროთ, სახლშიც დამხმარე დამჭირდება, თორე წუხელ მტვერმა კინაღამ გამგუდა. უნდა მივხედო აქაურობას, შევარემონტო.
-აბა როგორ ძმა. არაფერზე დაიგრუზო, ნელნელა ყველაფერს მივხედავთ. დღეიდან აქედან ფეხს ვეღარ გაადგამ, მორჩა კიევური გულაობა. მალე ერთ კარგ გოგოსაც გიპოვი და ვსო, აკეთე ბავშვები, იღუღუნე.
-აბა, აბა გეყოს მასხარაობა. შენ შენს ნაშებს მიხედე და წამო რა უკვე, მალე, გაეტიე.
ლექსო იქვე მიგდებულ დუტის ქურთუკს დასწვდა, ტელეფონიც აიღო და წინწასულ გიორგის გაეკიდა. ხელაშვილი სახლის კიბეებზე მხიარულად ჩარბოდა და ღიღინებდა.
მეგობრებმა პირველ რიგში ოფისს მიაშურეს. ლექსოს ბევრი საქმე ჰქონდა - ბიზნესების ნაწილი კიევიდან თბილისს უნდა გადმოეტანა, ახალი სათავო ოფისი გაეხსნა და მაღაზიებისათვის სავაჭრო ფართები მოეძებნა. ღვინის კომპანიასაც პრობლემები ჰქონდა - გაძვირებულმა ყურნის ფასმა და პროდუქციამ უკრაინაში ვაჭრობა შეამცირა; ახლა ჩინეთის ბაზარზე გასვლისათვის უნდა ეზრუნა. მადლობა ღმერთს გვერდით ერთგული ადამიანები მრავლად ჰყავდა, მართალია, ხელაშვილი ერთი შეხედვით არასერიოზული, მასხარა ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა ლექსომ კარგად იცოდა, რომ საქმეში გიორგიზე უკეთეს დასაყრდენს ვერსად იპოვიდა. იმედი ჰქონდა ჩარგალში ასული ქისტაურის ნახვასაც მოახერხებდა - რამოდენიმე წელიწადია ტურისტულ ბიზნესში ჩართვა სურდა და ახალი საქმის წამოწყებას სწორედ მშობლიური ფშავიდან გეგმავდა. ოფისში რამოდენიმე საათიანი მუშაობის შემდგომ, ხელაშვილთან ერთად ავტომაღაზიას ესტუმრა - არჩევანი მრავალფეროვანი იყო, თუმცა თადიაურმა ყველგანმავალი არჩია. იცოდა დღეიდან თბილისსა და ფშავს შორის ხშირი მიმოსვლა მოუწევდა.
25 იანვარი იყო - მიხა ხელაშვილი დაბადების დღე. მაღაროსკარს უკვე საკმაოდ დიდი თოვლი დაუხვდათ. დაახლოებით პირველი საათი იქნებოდა ბიჭები ჩარგალში რომ ავიდნენ. სოფლის სასაფლაოზე უმრავ ადამიანს მოეყარა თავი. მანქანა მოშორებით გააჩერეს. თადიაურმა შეკრებილებს დაკვირვებით მოავლო თვალი, ქისტაურს ეძებდა. ფშავლები ღრეობდნენ, კვამლის სუნი იდგა. დიდ კოცონზე საარყე ქვაბში წყალი თუხთუხებდა, ხინკალი იხარშებოდა. ბიჭის ნესტოებს საამოდ მოელამუნა კეცეულებისა და ხაჭო-ერბოს სურნელი. უცებ მთელი ეს უცნაური ფორიაქი და ზუზუნი შეწყდა, მოულოდნელად ჩამოწოლილ სიჩუმეში კი ქალის წკრიალა ხმა გაისმა. ლექსომ იგრძნო რომ მკერდთან, ზედ გულთან რაღაც შეიძრა, სუნთქვა შეკრა და თვალები დახუჭა. შორიდან, თითქოს ღრმა მიუვალი სიღმეებიდან დედის თბილი ხმა მოესმა, წამწამებს ცრემლი დაეკიდა. ბიჭი შებრუნდა და მანქანისაკენ გაემართა.
არა, არ შეეძლო ახლა ჟიპიტაურით გამოთრობა, არც ფშაური კაფიების მოსმენა. ენატრებოდა, განა არ ენატრებოდა. კიევში აპარტამენტებში გამომწყვდეული ხელაშვილის მოლხენას, აქაურ ქეიფსა და დროსტარებას შენატროდა; თუმცა ახლა ერთადერთი რაც სურდა ხალხს გარიდება, საკუთარ კუთხესთან, პაპის ნაფუძართან და მშობლების საფლავებთან განმარტოება სურდა. გიოს მესიჯი მისწერა და მშობლიური სოფლისაკენ გზას მარტოდმარტო დაადგა.
თითქმის ერთსაათიანი ჯაყჯაყის შემდგომ როგორც იქნა მუქოც გაიარა და მშობლიურ მათურას მიაუხლოვდა. უზარმაზარი მთების კალთებს აქა-იქ შერეოდა დაბალი სახლები, ნასახლარები შემოძარცვოდა. თადიაურმა უცხო რამ იგრძნო, რაღაც ბედნიერებისა თუ სიხარულის მსგავსი. სოფლის წყაროს მიადგა. მეხსიერების ბურუსებიდან მოცურდა ხსოვნა მამის დიდი ხელების, შავრა ცხენის ფაფარისა და პატარა გოგოს შავი თვალების. წამოზრდილი თმა გადაიწია, ძლიერი თითებით მოისრისა შუბლს დამჩნეული ნაწიბური და ფართოდ გაიღიმა. გაახსენდა წვრილი ქათქათა კანჭები, საცრისოდენა ცრემლიანი თვალები, სისხლით შეღებილი თავსაფარი და მამის გულიანი როხროხი, როცა ლექსო სახლის ზღურბლს თავგატეხილი, ერთიანად გასისხლული და გაცხარებული მიადგა. ყურებში ეხლაც ედგა დედის შეცხადება და გოგოს გულამოსკვნილი ტირილის ხმა. მერე ქალმა ორივენი, გოგოცა და ლექსოც გულში ჩაიკრა და ტკბილი ღიღინით მიაძინა.
ბიჭმა ამოიოხრა. წყაროდან გზას ზემოთ, მთის წვერისაკენ აჰყვა და მამა-პაპისეულ ნასახლარს მოავლო თვალი. ნისლი ჩამომდგარიყო. ჩანს, სახლის სახურავი კარგა ხნის უკან ჩამოიქცა, ჩრდილოეთის კედელი მორღვეული, ხოლო ყორე ერთიანად დანგრეული დახვდა. გულისტკივილი იგრძნო და საკუთარ თავს გაუბრაზდა. არა, ასე არ უნდა დაეგვიანა. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე უნდა ჩამოსულიყო. მან კი ფულის კეთებას, გოგოებთან გართობასა და დროსტარებას გადააყოლა თავი. სანამ ერთადერთი ნათესავი, გამზრდელი ბიძა არ გარდაეცვალა აქეთკენ არც კი გამოუხედავს. მშობლების სიკვდილის შემდგომ მთელს ქვეყანას გაუბრაზდა, უცხო ქვეყნის მიწაზე დაკაცებულს ეგონა, რომ სამშობლოს მარტოოდენ ტკივილი შეატოვა. აქ კი თურმე მშობლიური სითბო, ბავშვობის სუნი ელოდა. არა, აქედან უკვე ვეღარსად წავიდოდა.
ჩარგალში დაბრუნებულმა ხელაშვილის ძებნა დაიწყო. ხალხი სასაფლაოდან აშლილიყო და სოფლის ცენტრში გაშლილ მაგიდას შემოსხდომოდა. შორიდანვე შენიშნა გიორგის ქერა თმა და მოცინარი ცისფერი თვალები. ბიჭი ხელს უქნევდა, უხმობდა. სუფრას მიუჯდა თუ არა ყურადღება მის მოპირდაპირედ მჯდომმა ჭაღარა კაცმა მიიპყო. ეცნო მისი არწივისებური ცხვირი, გამჭრიახი, კუშტი მზერა. უცქერდა დედ-მამის შავ-თეთრი ფოტოებიდან ასე ნაცნობი, მშობლების საუკეთესო მეგობარი ზურა უძილაური.
გიორგი ლექსოსკენ გადაიხარა და წასჩურჩულა:
- იცანი? ზურაა მამაშენის ძმაკაცი
-ხო - ყრუდ ჩაილაპარაკა თადიაურმა - ვიცანი, დავინახე თუ არა მაშინვე
-შეხედე ბიჭო, გუყურებს, ნეტავ ხომ არ გიცნო, არ გინდა გაგაცნო?ვიცნობ ზურას, მის ბიჭთან მინდიასთან ვძმაკაცობ.
-აუცილებლად, მოგვიანებით - დინჯად გაეპასუხა თადიაური - აქ სანდო ხალხი დამჭირდება. რათქმაუნდა, მინდა მამაჩემის მეგობართან ურთიერთობა.
ხელაშვილმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. არაყს დასწვდა და ეშმაკური ღიმილით ლექსო ალავერდზე გაიწვია. თადიაურიც დაჰყვა და პანტის არაყი გადაკრა, კიდურებში ალკოჰოლის სითბო გაუჯდა. ესიამოვნა.
საღამოვდებოდა, სოფლის თავდაღმართზე ცხენებზე ამხედრებული ახალგაზრდების ჯგუფი გამოჩნდა. ქალებს ჭრელი მოქარგული კაბები ეცვათ და ვერცხლის თავსამკაული ეკეთათ. ნაქარგ ჯუბებში გამოწყობილი ბიჭები ხმამაღალი ყიჟინითა და სტვენით შუერთდნენ თანასოფლელებს. ლექსომ დაღლა იგრძნო, არაყმა მოთენთა. ახლა მხოლოდ თბილი ბუხარი და გაშლილი ლოგინი სურდა, ეძინებოდა.
ხალხი სიმღერას ითხოვდა. აქა-იქ მთვრალი ღიღინიც ჩაესმა ბიჭს და წასვლა კიდევ უფრო მეტად მოუნდა. ის იყო წამოსადგომად წამოიწია, რომ ფანდურის ჟღარუნი და ისევ ის წკრიალა ხმა გაიგონა. პირველს მალევე აყვა თბილი მეორე და იქვე ბანიც აგუგუნდა. ლექსომ მომღერლებს გახედა და გაშეშდა. ზურა უძილაურს გვერდით შავთვალება გოგო მიჯდომოდა და ფშაურ კაფიას მღეროდა.



№1  offline წევრი დარინა

დღეს რაღაც ახალს და განსხვავებულს ვეძებდი წასაკითხად და სათაურმა მიიქცია ჩემი ყურადღებააა, ბოლოს ძალიან ცოტა ისტორია თუ იდება რომელიც განსხვავებულად კარგია და ერთერთიი აი შენი ისტორიაააა, რომელიც მე ძალიან მომეწონაა, დასაწყისიდან უკვე ჩამითრიეეე და აღარც მოგშორდებიი, გული გამითბოოო, მიყვარს ზოგადად მთის წარმომადგენლებზე ისტორიებიი მიყვარს იქაურიი კულტურაა და ხალხიი, შენ კი ამ ყველაფრის გაცოცხლებას აპირებ, მომხიბლე ყველანაირად, თან ჩვენს საიტზეე ახალი ხარ, ძალიან მაგრად დაიწყეე, მიხარია რომ გადაწყვიტე ჩვენთან მოსვლა და საკუთარი მაშრომის გაცნობააა, მიყვარს ახალი ავტორების შემოერთებაა, ხოდა შენც აქ ხარ წარმატებები და ვგრძნობ რომ რაღაც ძალიან კარგი უნდა გამოვიდეს.

 


№2  offline წევრი ხვარამზე

დარინა
დღეს რაღაც ახალს და განსხვავებულს ვეძებდი წასაკითხად და სათაურმა მიიქცია ჩემი ყურადღებააა, ბოლოს ძალიან ცოტა ისტორია თუ იდება რომელიც განსხვავებულად კარგია და ერთერთიი აი შენი ისტორიაააა, რომელიც მე ძალიან მომეწონაა, დასაწყისიდან უკვე ჩამითრიეეე და აღარც მოგშორდებიი, გული გამითბოოო, მიყვარს ზოგადად მთის წარმომადგენლებზე ისტორიებიი მიყვარს იქაურიი კულტურაა და ხალხიი, შენ კი ამ ყველაფრის გაცოცხლებას აპირებ, მომხიბლე ყველანაირად, თან ჩვენს საიტზეე ახალი ხარ, ძალიან მაგრად დაიწყეე, მიხარია რომ გადაწყვიტე ჩვენთან მოსვლა და საკუთარი მაშრომის გაცნობააა, მიყვარს ახალი ავტორების შემოერთებაა, ხოდა შენც აქ ხარ წარმატებები და ვგრძნობ რომ რაღაც ძალიან კარგი უნდა გამოვიდეს.



დიდი მადლობა თბილი სიტყვებისათვის. ეს ისტორია სულ პირველია, მანამდე არასდროს არაფერი დამიწერია.. არ ვიცი რა გამოვა, ძალიან კი ვეცდები იმედები არ გაგიცრუო.

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

zalian sainteresoaa. tqvens gverdit migulet. immedia daasrulebt

 


№4 სტუმარი გოგოჭური

მოგესალმებით,მომეწონა თქვენი ნაწერი,საიდან იცნობთ მთას და მთის ხალხს დამაინტერესა ძალიან,წარმატებებს და ბევრ დადებით მკითხველს გისურვებთ❤

 


№5 სტუმარი სტუმარი Alice

საინტერესო დასაწყისია

 


საინტერესო და უცხოა. ეტყობა ფშაველთა წეს-ჩვეულებები კარგად იცი. საინტერესი იქნება ჩვენთვის ფშაველთა ტრადიციების გაცნობა❤
წარმატებებს გისურვებ.

 


№7  offline წევრი ხვარამზე

Qeti qimucadze
zalian sainteresoaa. tqvens gverdit migulet. immedia daasrulebt

დიდი მადლობა

გოგოჭური
მოგესალმებით,მომეწონა თქვენი ნაწერი,საიდან იცნობთ მთას და მთის ხალხს დამაინტერესა ძალიან,წარმატებებს და ბევრ დადებით მკითხველს გისურვებთ❤


დიდი მადლობა
ვერ ვიტყვი, რომ მთას კარგად ვიცნობ. ფშავ-ხევსურეთში ორ-სამჯერ თუ ვარ ნამყოფი. ვაჟა მიყვარს და მიხა ხელაშვილი, მათ უკავშირდება ჩემი განსაკუთრებული სიყვარული ფშავისადმი. რაც შეეხება წეს-ჩვეულებებს მაკალათიას წიგნები მეხმარება, მიყვარს ეთნოლოგია.

რუსკიმარუსია
საინტერესო და უცხოა. ეტყობა ფშაველთა წეს-ჩვეულებები კარგად იცი. საინტერესი იქნება ჩვენთვის ფშაველთა ტრადიციების გაცნობა❤
წარმატებებს გისურვებ.

მადლობა

 


№8  offline წევრი gogincha

რა სასიამოვნო დასაწყისი, მგონი რომ კარგი გაგრძელება უნდა ჰქონდეს, წარმატებები

 


№9 სტუმარი Qeti qimucadze

bodishi shescorebistvis. fshauri unda iyos tu fshavuri?

 


№10  offline წევრი ხვარამზე

Qeti qimucadze
bodishi shescorebistvis. fshauri unda iyos tu fshavuri?

ფშაური უნდა იყოს. ზუსტად არ ვიცი რატომ, თეორიულ გრამატიკაში ვერ ვერკვევი, მაგრამ ვიცი რომ სწორი ფორმაა ფშაური, ისევე როგორც მოხეური.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent