ყვითელი ტიტები
რკინიგზის სადგურის ბაქანზე მატარებელი ჩამოდგა. პირველი ვაგონიდან ჯარისკაცი გამოვიდა, მხრებზე მოგდებული ზურგჩანთა შეისწორა, ნაცნობი არემარე მოათვალიერა და ცისკენ გააპარა თვალები. რუხ ზეცას შუბლი შეეკრა, გამალებით უგზავნიდა წვიმის წვეთებს დედამიწას. ჯარისკაცმა ყვითელ ტიტებს დახედა, ხელის თითები გადააფარა და სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა სოფლის ოღროჩოღრო გზებს. -ამას ვის ვხედავ? დედა გენაცვალოს, ჩემო ბიჭო,- მოხუცმა გულში ჩაიკრა მონატრებული შვილი. სიხარულის ცრემლებმა უმალ გაიკვლიეს გზა ნაოჭიან სახის ღარებზე. ჯარისკაცმა ატირებულ ქალს საყვარელი ფერის ყვავილები გადასცა, სითბოთი გაჟღენთილი ღიმილი აჩუქა და დედის დღე მიულოცა. მოხუცმა ტიტები გამოართვა, ყველაზე ძვირფას ლარნაკში მოათავსა და შვილს მიუბრუნდა: -არ გრცხვენია? ასე გაუფრთხილებლად უნდა დამდგომოდი თავსა? მოგეწვდინა საიდანმე ხმა, გაგიმზადებდი შენ რომ გიყვარს ისეთ საჭმელსა, სათანადოდ მაინც დაგხვდებოდი. -არაუშავს, დედი. რატომ უნდა შემეწუხებინე? შენი საქმეებიც თავზე საყრელი გაქვს. -ხედავ, ბიჭო, ამ მოვლილ ბაღჩა-ბაღებსა? ძალა ძლივსღა შემწევს, მაგრამა რაც შემრჩა, ან ის რა ჭირად მინდა? მიწაში ხომ არ წავიღებ? სანამ შენ ქვეყნის სიმშვიდის სადარაჯოზე დგახარ და მე თვალები მიხელია, ამ სახლ-კარს არ გავაციებ. მერე შენ უპატრონებ. -ვხედავ, როგორ არ ვხედავ და მადლობელიც ვარ, -ეს რა არის, დედი?- ჯარისკაცმა კუთხეში მიწყობილ ბავშვის რეზინის ჩექმას და რამდენიმე ხელ ტანსაცმელს მოჰკრა თვალი. -გეცნო, შვილო? ამას წინათ, კარადას ვალაგებდი. შემთხვევით ძველ ჩემოდანში ჩალაგებულ შენს ბავშვობისდროინდელ ტანსაცმელს წავაწყდი და მონატრებამა მძლია. გავივლი, გამოვივლი და შევყურებ. სულ თვალწინ მიდგას ამ კედლებში გაცვეთილი შენი პატარაობა. -რა უცნაური ხარ, დედი. -არ გშია, შვილო? ახლავე დავტრიალდები და მაგიდას გაგიწყობ. -არა, დედი, ნაჭამი ვარ, ტყუილად ნუ შეწუხდები. -დასვენება მაინც არა გჭირდება? შორი გზიდან მოდიხარ და დაიღლებოდი. ცოტა ხანს მაცალე, ახლავე გაგიშლი ლოგინსა,- ქალი საძინებელ ოთახში შევიდა, ახლად დაპენტილი მატყლით შეკერილი საბანი მოძებნა, ბატის ბუმბულის ბალიშიც გაამზადა და მალე შვილს მიაკითხა, მაგრამ ოთახში არ დაუხვდა. გულგახეთქილი ეცა კარს და ეზოს ჭიშკრისკენ მიმავალს მოჰკრა თვალი. ჯარისკაცი უკანმიუხედავად მიდიოდა. ქალმა ეძახა, მაგრამ ვერაფრით გააგონა. სახლში შებრუნდა და გულმოკლული დააცქერდა ლარნაკიდან გადმოზნექილ ყვითელ ტიტებს. *** -ისევ აქ იყო, ჩემთან! - მინავლებული ხმა გაისმა სიმარტოვისგან დამძიმებულ და უკიდეგანოდ უიმედო ოთახში,- მოხუცმა თავი სუსტად წამოსწია საწოლიდან და შავ ჩარჩოში ჩასმულ შვილის გახუნებულ სურათს გახედა. მზემ სისხლისფრად ინათა და ცის თაღებზე სევდა ჩამოკიდა. სამი მარტი თენდებოდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.