შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფშაური კაფია [თავი 7]


2-03-2021, 00:52
ავტორი ხვარამზე
ნანახია 1 639

მზიანი თენდებოდა აღდგომის დილა; გამოუთქმელ სიხარულს გრძნობდა თადიაურის გული, სამყაროსხელა სიყვარულს იტევდა. უყვარდა, უკიდეგანოდ უყვარდა ეს ფშავის ახასხასებული მთები, ეს ალალი, მუდამ მშრომელი ხალხი, უყვარდა მუდამ ჩაგრული და მაინც ამაყად ფეხზე მდგომი ქვეყანა, თავისი დათმენილი ტკივილებით, ღია თუ შეხორცებული ჭრილობებით. არასოდეს უგრძვნია თავი ასე სავსედ, სრულად, ახლა დარწმუნებით იცოდა რომ დაბრუნებულიყო... ნინოს სიყვარულმა საბოლოოდ მიაბრუნა მშობლიურთან - მიტოვებულთან, გაძარცვულთან, ერთდროულად შვებისა და ტკივილისმგვრელთან - ქვეყანაც, ფშავიცა და ქალიც ერთსხეულად ქცეულიყვნენ მისთვის. აღარ იყო მარტოკაცი, არ იყო უცხო, მიხვდა, რომ ეპოვნა საკუთარი წილი სიყვარული, ოჯახი, სამშობლო...

საერთოდ ვეღარ გრძნობდა დაღლას, არადა მთელი ღამე ეკლესიაში გაათენა - აღდგომის მსახურებას დაესწრო. უკრაინულ მოოქროვილ ტაძრებს, მოოჭვილ ხატ-ჯვართა ელვარებას ნაჩვევს გული აუჩქარა რიყის ქვით ნაგებმა საყდარმა თავისი მომაჯადოებელი სისადავით, გასაოცარი უბრალოებით... ელავდა კელაპტრები, ციალებდა სანთლები, ჰაერი თაფლის სურნელით გაჟღენთილიყო; დუნე, ძილისმომგვრელ სლავურ საგალობლებს ქართული გენიალური მრავალხმიანობა ჩანაცვლებოდა. უმზერდა ეკლესიის გამჭვარტლულ კედლებს, ჩაესმოდა ტკბილი ძველქართული, ნინოს სევდიანი გალობა ერთიანად ათბობდა. ეგონა ვეღარც ისუნთქებდა ქალის გარეშე, წამიც აღარ სურდა უმისოდ გატარებული... ხოსიაური გაახსენდა, მოუსვენრობამ აიტანა... რა დაავიწყებდა დათას ღვარძლიან მზერას იმ დღეს, მან და ხელაშვილმა ძმაკაცებს რომ გაატანეს ერთიანად დასისხლული და დალეწილი. მთელს ფშავს მოსდებოდა ამბავი - თადიურმა სასკივდილოდ სცემაო ხოსიაური, მიზეზი კი არავინ იცოდა. ლექსოს, გიოსა და ნინოს გარდა.
ამოიოხრა ბიჭმა, გოგოს გახედა - ღვთაებრივი ჩანდა სანთლების შუქზე, თმაჩამოშლილი, მინდვრის ყვავილივით ნაზი, თითქმის გამჭვირვალე კანითა და ნატიფი, თხელი, აშოლტილი სხეულით. კიდევ ერთხელ იგრძნო აუხსნელი - გამოუთქმელ სიყვარულს თან გაუგებარი შფოთი, ველური შიში შერეოდა. ვეღარ ითმენდა... დღეს უძილაურებთან მიწვეული ნინოს უნდა გასაუბრებოდა, აღარ შეეძლო გოგოს სიყვარულის მალვა, აღარც უნდოდა. სურდა მალევე დალაპარაკებოდა ზურასა და მინდიას, ქალის ხელი ეთხოვა; ქორწინებით თუ არა დანიშვნით მაინც დანიშნავდა, თავისად დაიგულებდა... ხელაშვილის მუჯლუგუნი იგრძნო, ბიჭმა წასჩურჩულა:

- მერამდენედ უნდა გითხრა ბიჭო, ნუ მიშტერებიხარ-თქო ასე პირდაღებული, დღეს თუ არა ხვალ ნამდვილად გაიფაქტები იცოდე
-ჯანდაბას რაც იქნება, იქნება. უნდა დაველაპარაკო ზურას, არ მინდა ლოდინი, არც შემიძლია.
- მართალი ხარ, ეგრე სჯობს. დღეს აპირებ?
-დღესვე ვეტყოდი, მაგრამ ჯერ ნინოს უნდა შევუთანხმდე. არ მინდა მისი ნების გარეშე რაიმეს გაკეთება.
- და რატომ უნდა იყოს წინააღმდეგი? ხომ უყვარხარ?
- გულგრილი ნამდვილად არაა - ჩაიღიმა ბედნიერმა ბიჭმა - თქმით არაფერი უთქვამს, თუმცა დარწმუნებული ვარ ვუყვარვარ, ვგრძნობ
- ხოდა, რაღას აჭიანურებ? დროზე მოკიდე მაგ გოგოს ხელი, თორემ ხო იცი ლამისაა მთხოვნელების რიგი დაუდგეს - ჩაიხითხითა გიომ
- ესე იგი რიგი არა?! - გამოსცრა აფეთქებულმა თადიაურმა - შენ ბიჭო, თავი ხომ არ მიარტყი რამეს?! რა რიგი, არა რა რიგი, რას ლაპარაკობ გაგიჟდი?
-კარგი ჰო, კარგი, ჩუმად, რა გაღრიალებს შე დათვო, ნუ გაუტიე შენებურად - ლამის იყო უჩქმიტა აყვირებულ ლექსოს ხელაშვილმა - არავინ გართმევს მაგ შენ გოგოს. ყოველშემთხვევაში ჯერჯერობით მაინც, სანამ ხოსიაური ჭრილობებს იშუშებს.
-გიო, ნერვებს ნუ მიშლი-მეთქი. მაგ ახვრის სახელის გაგონებაც არ მინდა, სადაც შემხვდება იქვე მოვკლავ, არ გავახარებ - ხელმეორედ აბუბუნდა გაცხარებული
-აბა, აბა, ლექსო, ცოტა დამშვიდდი. ეცადე და გაიგრილე ეგ გახურებული გონება. ხოსიაური არაა ხელწამოსაკრავი მეტოქე, ხომ იცი. გულზვიადია და მუხთალი, მთელი ცხოვრებაა ნინო ჰყავს აკვიატებული, არ დათმობს იოლად.
-არც მე დავთმობ, მითუმეტეს ვიცი ვუყვარვარ. ქვეყანას გადავდგამ და არ დავთმობ.
-და ვინ გეუბნება დათმეო. უბრალოდ გაფრთხილდი, გთხოვ.
- არასოდეს შემშინებია ეგეთი გარეწრების, ბოდიში ძმაო, მაგრამ ვერც ახლა შევუშინდები
-იმას კი არ გეუბნები შეუშინდი-თქო, გაფრთხილდი-მეთქი. ნინოსაც დაელაპარაკე, შენს ადგილზე მინდიასაც ჩავაყენებდი საქმის კურსში.
-არავითარ შემთხვევაში, არ დავუშვებ ნინომ იმ უნამუსოს გამო კიდევ ერთხელ ინერვიულოს. მინდიასაც და ზურასაც დაველაპარაკები, ოღონდ მას შემდეგ, რაც საკუთარი განზრახვის შესახებ ვეტყვი.
-ხოდა უთხარი ძმაო, რაც მალე მით უკეთესი. დაელაპარაკე ამაღამ ნინოს, ხვალ კი სასაფლაოზე ასულებს შეგიძლია ყველაფერი მოუყვე. შვილად მიაჩნიხარ ზურას შენზე უკეთესს ვის უნდა ანდოს ქალი. ყველაფერი მაგრად იქნება.
-იმედია ძმაო, იმედია - ამოილაპარაკა ლექსომ და თვალები გოგოსკენ გაექცა. ზიარება დასრულებულიყო, ნინო დედას ამოსდგომოდა გვერდით.

ტაძრიდან გასულებს ეზოში მინდია მიეგებათ, მანამ არ მისცა ბიჭებს მოსვენება, სანამ სახლისკენ არ გაიყოლა. უძილაურებთან მისულებს კი უკვე დიდი თავყრილობა დახვდათ, მინდიასა და ნინოს მეგობრებიც მოსულიყვნენ, გოგო ისევ არ ჩანდა. აწრიალდა თადიაური, ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა სახლის უკან, ქალებთან ერთად მიაკვლია სასურველს, ხინკალს ახვევდა. თვალი შეავლო მოცინარს, მზერით მოიარა მისი გაფქვილული ლოყები, თავსაკრავში გამოხვეული ყორნისფერი თმები, თლილი თითები ოსტატურად რომ კრავდნენ ცომის ბორჯღალებს. და სადღაც შორიდან, ცრემლმომდგარ თვალთა კუთხეებიდან მოუცურდა ბავშვობის ტკბილი მოგონება - დედის ღიღინი შემოესმა, მისი ხელები გაიხსენა, დაბრაწული კეცეულების სურნელი იგრძნო. გული გადაუხსნა სანუკვარ ოცნებას, აქამდე ჩუმსა და გამოუთქმელს - ნატრობდა იმ დღეს, როცა ნინო თადიაურისთვისაც დააცხობდა ქადებს, მხალს შეკმაზავდა, მათი შვილებისთვის ნანას იღიღინებდა... მიწას ჩააჩერდა გულდამდუღრული, მერე დაჟინებული მზერა იგრძნო და გახედა. გახედა და ლამის გული ყელში მიებჯინა სიხარულით- ქალი უყურებდა, უყურებდა და იღიმოდა. ნათელი ჩაუდგა თადიაურს თვალებში, მთელს სახეს მოეფინა, ბაგეებზე ჩამოეღვენთა. ჯერგანუცდელი ბედნიერებით აივსო...

შუადღე გადასული იყო უძილაურებმა უზარმაზარი მუხის ჩრდილქვეშ სუფრა რომ გაშალეს; ლექსომ თავი არ დაზოგა და მოახერხა, ნინოს გვერდით დაიკავა ადგილი. სასტუმროს ღამეული შეხვედრის შემდეგ, ასეთი სიახლოვე აღარ უგრძვნიათ; ლამის მხრებით ეხებოდნენ ერთმანეთს, ბიჭს თავბრუს ახვევდა გოგოს მათრობელა სურნელი. გათამამდა ქალიც - აღარ ერიდებოდა ფშაურ კაფიებსა და შაირებს, ფანდურიც ააჟღარუნა და გარმონიც აკვნესა, ძმასა და მეგობრებს სიმღერებით გაეპასუხა. წარბები შეკრა თადიაურმა, როცა ნინოსკენ მიმართული, ერთი-ორი აელვარებული, შემთვრალი მზერა იგრძნო; მთელი სხეულით დაიძაბა, მუშტები საჩხუბრად შეკრა. ძვლივს შეამაგრა გვერდით მჯდომმა ხელაშვილმა, თუმცა კი ვერაფრით დააოკა აბორგებული. მერე ბიჭმა მარჯვენაზე გრილი, ნაზი შეხება იგრძნო; სუნთქვა შეეკრა და ქალს გადახედა. მზერით ევედრებოდა ნინო დამშვიდებას, მოეშვა. დაჭიმული მუშტი გაშალა, გოგოს ნატიფი მტევანი გახურებულ ხელისგულში მოიქცია, აღარც გაუშვია...

მოლხენა გვიან ღამემდე გაგრძელდა, თორმეტი სრულდებოდა სუფრამ რომ აშლა დაიწყო. ნინო ჯერ დედას და ქალებს დაეხმარა დალაგებაში, ხოლო შემდეგ მაღლა ავიდა სასტუმრო საძინებლის გასამზადებლად. ის ის იყო ბოლო ზეწარი გადააკრა საწოლს, კარისკენ შებრუნდა და ზღურბლზე ლექსოს გადააწყდა. ბიჭს მხარზე ჩანთა გადაეგდო, თმა აჩეჩოდა და ჩახსნილი პერანგის მიღმა ძლიერი მკერდი უჩანდა. ქალს გული აუძგერდა, მგონი საკუთარ თავს პირველად გამოუტყდა - გულისწასვლამდე მოსწონდა თადიაური, უყვარდა. გაუღიმა ლექსომ, მიუახლოვდა:

- ტანსაცმელი წამოვიღე, რამდენიმე დღე თქვენთან დავრჩები - ჩანთაზე ანიშნა
-გინდა ამოგილაგო?
-ვაი, რომ ძალიანაც მინდა, მაგრამ შენთვის ჯერ ადრეა ჩემს საცვლებსა და წინდებში ფათური -გაიცინა ბიჭმა და ქალი საშინლად გაწითლდა.
- ეს ოთახი მე მომიმზადე? მახსოვს, წინაზე აქ მეძინა - არ შეიმჩნია თადიურმა გოგოს შეცბუნება
-როგორც გინდა, აქ კიდევ ორი საძინებელია, როგორც გინდათ ისე განაწილდით.
- და შენ, შენ სად გძინავს?
-მე აქეთ - გოგომ გვერდითა ოთახზე მიუთითა
-კარგი, მაშინ მე აქ დავიძინებ, შენთან ახლოს - გოგომ წასვლა დააპირა, არ გაუშვა ბიჭმა
-ამაღამ, იქნებ მოახერხო აივანზე გამოსვლა, სალაპარაკო გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, ნინო - ქალმა თავი ჩახარა, არაფერი უთქვამს.
-ნინო, ხომ მენდობი, მითხარი ხომ გჯერა ჩემი?!
-გეფიცები, ასეთი მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, არ გთხოვდი, უხერხულ მდგომარეობაში არაფრით ჩაგაყენებდი.
-ვიცი
-მერე მოხვალ?
-მოვალ - ჩუმად დაეთანხმა ქალი - ოღონდ ახლა გამიშვი, გთხოვ.
-ჩემო სიყვარულო - დაიჩურჩულა ბიჭმა. ჩამოშლილი თმა ფრთხილად გაუსწორა და ცერი მოატარა ქალის ხავერდოვან ღაწვებს, მიეფერა.
-რომ იცოდე როგორ მიყვარხარ, როგორ გნატრობდი ეს დღეები, ლამის გავგიჟდი - თადიაურმა თბილ მკლავებში გაახვია გოგო, მის გრილ თმებში ჩარგო გახურებული სახე. დაიფერფლა ქალი, ბიჭის ჩუმმა ვნებამ ლამის ერთიანად დაადნო. ალბათ კარგა ხანს ვერც დაეხსნებოდნენ ერთმანეთს რომ არა კიბეებზე ამომავალი ნაბიჯების ხმა - შემთვრალი ხელაშვილი ბანცალებდა, გზადაგზა ბურტყუნებდა და გვარიანად იკურთხებოდა. შერცხვენილი ნინო სასწრაფოდ მოშორდა თადიაურს, ხელიდან გაუსხლტა და გაღებულ კარში გაუჩინარდა.
- ფუ, შენი - აღმოხდა გამწარებულ ლექსოს და კარებში ჩამომდგარ მომღიმარ გიოს დაუბღვირა.
- რაო რომეო, დაგირღვიათ მერკუციომ მყუდროება?
- შენ ფრთხილად იყავი, მართლა მერკუციოსავით არ დაასრულო - დაიღრინა თადიაურმა
- ეგ როგორ? გაყრილი ხანჯლით? -ჩაიხითხითა გამხიარულებულმა
-გიორგი-მეთქი!
-კარგი, ჰო კარგი, შენ ის მითხარი ელაპარაკე?
-მაცალე რო? ამაღამ ვაპირებ - მოიქუფრა ლექსო
-ოჰო, პაემანი გაქვთ გვრიტებო?! არა, ახლა არ მითხრა, რომ აივანზე აპირებ რომეოსავით სონეტების კითხვას - გაიკრიჭა
-გიო, მოთმინება მევსება უკვე, დროზე დამეკარგე აქედან
-არა, მართლა, ნუთუ მართლა აივანზე?
-გეყოფა ახლა, მომწყდი თავიდან - ვეღარც თადიაურმა შეიკავა სიცილი და ახარხარებულ ხელაშვილს აყვა. მერე სულ ძალისძალით გააცილა აცანცარებული დასაძინებლად და საწოლზე წამოწვა.

დაახლოებით ერთი საათი გასულიყო, მას შემდეგ რაც ლექსომ მეზობელ საძინებელში გოგოს მსუბუქი ნაბიჯების ხმა გაიგონა. დაბლიდან ჯერ კიდევ ისმოდა ზურას ბუზღუნი, მინდიას ჯაჯღანი და თამარის ქოთქოთი, მალე ნელ-ნელა ყველაფერი მიწყნარდა, სახლში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ლექსო წამოდგა, ფეხაკრეფით გაიარა დერეფანი და ღია აივანზე გავიდა. სურნელით იცნო ძველ სარწეველაზე მიფენილი ჭრელად ნაქსოვი შალი - გოგოს დარჩენოდა. მოაჯირს დაეყრდნო, სიგარეტს მოუკიდა, უკუნეთს გაუშტერა თვალი. ეზოში მხცოვანი მუხებისა და იფნების ძირში ბომბორა ნაგაზები მიწოლილიყვნენ, დროდადრო გაღრენდნენ ღამის სიჩუმეს, წყვდიადში მრისხანე მზერას აელვარებდნენ. ჰაერში ყვავილების მოტკბო არომატი ტრიალებდა, ცა სარკესავით იყო მოწმენდილი - ცაცხვის უზარმაზარ მკვლავებში ვებერთელა მთვარე ამოგორებულიყო, ვარსკვლავები ციალებდნენ.
მთელი სხეულით იგრძნო ნინოს მოახლოება. შებრუნდა თუარა ხელებში ჩაუვარდა ქალი - შეეშველა ფეხაბლანდულს, გულში ძლიერად ჩაიხუტა. გოგომ ყელში ჩაურგო თავი, ბიჭმა ძლიერი დაძარღვული თითები ააყოლა ხშირ, აბრეშუმივით თმას. სარწეველასკენ აიტაცა, ჩაჯდა და მკერდზე მიიწვინა სასურველი, შალი მოახურა, ბავშვივით დაარწია. ნინომ ბიჭის უზარმაზარი ხელი ჩაბღუჯა, მკერდზე მიიკრა, თითები ახლართა მოვარვარე მტევანში. განაბულიყო...

- ნინო, ხომ იცი ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, არ შემიძლია. მინდა ზურასა და მინდიასთან მართალი ვიყო, ვერ დავუმალავ შენს სიყვარულს.
- ჰო, ეგ არც მე მინდა - ამოიხვნეშა ქალმა - მაგრამ, ძალიან მეშინია, მრცხვენია
-აბა, რისი გეშინია სულელო?
- მინდია გაგიჟდება, მამაც. მართალია, ზურას შვილივით უყვარხარ, მაგრამ როცა საქმე მე მეხება, მაშინ არც კი ვიცი. მინდიაც ასეა.
- რაც იქნება იქნება. ხომ მაინც უნდა ვუთხრათ, დროის წელვას რაღა აზრი აქვს. მეც აღარ შემიძლია, ვეღარ ვითმენ ისე მინდა ჩემად გიგულო.. დღეს კინაღამ გამაგიჟა იმ ვიგინდარა ნაბიჭვრების ხარბმა მზერებმა. და შენ? ღმერთო, შენ როგორ კეკლუცობდი, სულ გადამიყვანე ჭკუიდან... არა, მაინც ვის ეპრანჭებოდი? - აენთო თადიაური, თვალები დააკვესა
- შენ, შენ გეპრანჭებოდი.. - დაიჩურჩულა აპილპილებულმა ქალმა, სახე ბიჭის მკერდში ჩამალა - მაპატიე, არ მინდოდა გამებრაზებინე. უბრალოდ შევამჩნიე როგორ გეცვლება სახე ჩემი სიმღერისას, უბრალოდ მინდოდა მოგწონებოდი.
- ღმერთო, ახლა გული გამისკდება - ჩაიცინა ლექსომ - ნინო, მიყვარხარ.. ამქვეყნად ყველასა და ყველაფერზე მეტად.. ვგიჟდები შენზე, ნუთუ ვერ ამჩნევ? შენ კი რა მოწონებაზე მელაპარაკები.
- ბოდიში - სიყვარულით შესცინა ქალმა - გპირდები აღარასოდეს მოვიქცევი ასე. მეც ისე შემეშინდა... აღარ მინდა ჩემს გამო იჩხუბო.
-შენს გამო თუ არა, აბა ვის გამო უნდა ვიჩხუბო, გოგო?! - თმებზე მიეფერა ბიჭი
- საერთოდ არ მინდა იჩხუბო, ისე ძალიან მეშინია ხოსიაურის გამო, გული მისკდება. შენ რომ რამე დაგემართოს მე...
-რა? რამე რომ დამემართოს შენ რა?
-აბა რას სულელობ, ლექსო, მოვკვდები იცოდე
-ჰოო? მაინც რატომ?- ეშმაკურად შესცინა თადიაურმა
- კარგი რა, შენ ხუმრობ, მე კი... - ასლუკუნდა ნინო
- აბა, აბა, ახლა სულ ნუ გამაგიჟებ გოგო. იცოდე, არ გაბედო ოდესმე იმ ახვარი ხოსიაურის გამო ტირილი, სიტყვას გაძლევ, ვეღარასდროს მოგეკარება.
-როგორ არ გესმის ჩემს გამო არ ვღელავ, შენს გამო მეშინია.
- ნურაფრის გეშინია, გთხოვ. უბრალოდ ნება მომეცი ზურას და მინდიას დაველაპარაკო.
- კარგი - ჩალაპარაკა ცრელმლიანი ხმით - მაგრამ, ცოტა დრო მომეცი, დედას მაინც დაველაპარაკები
- ძალიანაც ნუ გაწელავ, თორემ გავთავდი კაცი და ესაა - ჩაიცინა ბიჭმა და წელზე შეუცურა ხელი. ცხელი ტუჩებით მოიარა ქალის მაღალი შუბლი, დიდრონი თვალები, აღუებული ღაწვები. მერე ყელთან ნაზი კოცნა იგრძნო და გოგოს ბაგეს დაცდენილი ჩურჩული ყურს საამურად მიელამუნა - ახლა უკვე დარწმუნებით იცოდა, ნინოს უყვარდა.



№1 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომწონს, ახალ თავს მოუთმენლად ველოდები. წარმატებები და ბევრი ახალი ისტორიები.

 


№2 სტუმარი სტუმარი დარინა

თავიდან რას წარმოვიდგენდიი ლექსო ასეთი მოსიყვარულეე თუ იქნებოდა, მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, როგორი ტკბილებიი, საყვარლებიი და გულწრფელები არიან, იმედია ცუდი არაფერი მოხდებაა რადგან ისეთი კარგები არიან ვერ ვიმეტებ მათ ცხოვრებაში ცუდის მოხდენას, იმედია ლექსო დროზე დაელაპარაკება ზურას და მინდია, სხვისგან არ უნდა გარიგონ, ნინომ ასე არ უნდა გაწელოს რადგან სხვისგან თუ გაიგებენ, მერე არავინ იცის რა მოხდებაა.

 


№3 სტუმარი wero

ჩემო ტკბილო. როგორ მიხარიხარ ნეტავ იცოდე. მადლობა ასეთი ტკბილი თავისთვის. ველოდები შენმდეგს.წარმატებები.:****

 


ასე გულაჩქარებით ჯერ არ წამიკითხავს ეს ისტორია ❤ დავდნი❤ თან მთელი კითხვის პროცესში იმის შეგრძნება არ მტოვებდა, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა ან უნდა მოხდეს. მეგონა მინდია გამოიჭერდა აივანზე მყოფებს და ეგ კარგად ნამდვილად არ დასრულდებოდა.
ნუღარ გააჭიანურებ ლექსოს და უძილაურების საუბარს. ცოტა კი მეშინია მინდიას და ზურას რეაქციის, მაგრამ მაინც მოუთმენლად ველი. სხვისგან არ უნდა გაიგონ ნინოს და ლექსოს ამბავი და არც თავზე წაადგნენ, უარესი იქნება.
ეს ხოსიაური ნერვებს მაწიწკნის და მოაშთე აქედან :)
ვინ წარმოიდგენდა ლექსოს ასეთი სიყვარული რომ შეეძლო❤ ნინოს სინაზეზე და ქალურობაზე აღარაფერს ვიტყვი❤
ველოდები შემდეგ თავს❤

 


№5 სტუმარი Nia

გული სითბოთი გამევსო 3> რა ტკბილეჰი არიან ... როგორ გელოდები ნეტა იცოდეე...

 


№6 სტუმარი სტუმარი ლია

საყვარელი გოგო ხარ, უდოდ დიდ ნიჭს ფლობ.საუკეთესო ისტორიაა, საუკეთესოდ დაწერილი.

 


№7  offline წევრი ლუკკიანეცცი

მიყვარსსს ეს ისტორია:)

 


№8  offline წევრი ხვარამზე

Ana-maria
ძალიან მომწონს, ახალ თავს მოუთმენლად ველოდები. წარმატებები და ბევრი ახალი ისტორიები.

დიდი მადლობა :)

სტუმარი დარინა
თავიდან რას წარმოვიდგენდიი ლექსო ასეთი მოსიყვარულეე თუ იქნებოდა, მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, როგორი ტკბილებიი, საყვარლებიი და გულწრფელები არიან, იმედია ცუდი არაფერი მოხდებაა რადგან ისეთი კარგები არიან ვერ ვიმეტებ მათ ცხოვრებაში ცუდის მოხდენას, იმედია ლექსო დროზე დაელაპარაკება ზურას და მინდია, სხვისგან არ უნდა გარიგონ, ნინომ ასე არ უნდა გაწელოს რადგან სხვისგან თუ გაიგებენ, მერე არავინ იცის რა მოხდებაა.


სამწუხაროდ, ხომ ვიცით, რომ ცხოვრებაში მხოლოდ კარგი რამეები არ ხდება.
მიხარია, რომ ასეთი ახლობელი გახდა შენთვის ეს გმირები.
და მადლობა კიდევ ერთხელ, რომ კითხულობ...

wero
ჩემო ტკბილო. როგორ მიხარიხარ ნეტავ იცოდე. მადლობა ასეთი ტკბილი თავისთვის. ველოდები შენმდეგს.წარმატებები.:****


მოკლედ, შენი კომენტარები ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა.. წავიკითხავ, გული მითბება, დაღლილს და გასავათებულს იმოდენა ძალა მეძლევა რამე დავწერო, კიდევ გაგახარო...
მადლობა, მადლობა, მადლობა ასეთი სითბოსთვის...

რუსკიმარუსია
ასე გულაჩქარებით ჯერ არ წამიკითხავს ეს ისტორია ❤ დავდნი❤ თან მთელი კითხვის პროცესში იმის შეგრძნება არ მტოვებდა, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა ან უნდა მოხდეს. მეგონა მინდია გამოიჭერდა აივანზე მყოფებს და ეგ კარგად ნამდვილად არ დასრულდებოდა.
ნუღარ გააჭიანურებ ლექსოს და უძილაურების საუბარს. ცოტა კი მეშინია მინდიას და ზურას რეაქციის, მაგრამ მაინც მოუთმენლად ველი. სხვისგან არ უნდა გაიგონ ნინოს და ლექსოს ამბავი და არც თავზე წაადგნენ, უარესი იქნება.
ეს ხოსიაური ნერვებს მაწიწკნის და მოაშთე აქედან :)
ვინ წარმოიდგენდა ლექსოს ასეთი სიყვარული რომ შეეძლო❤ ნინოს სინაზეზე და ქალურობაზე აღარაფერს ვიტყვი❤
ველოდები შემდეგ თავს❤



ხოსიაურის მოშორებას ვერ დაგპირდები. წინა თავის წერისას ბევრი ვიფიქრე, საით წამეყვანა თხრობა. არ მინდოდა ნინო-ლექსოს კატა-თაგვობანა ყოფილიყო ეს ისტორია. არც მწამს ეგეთი სიყვარულის.
ბოლოს, ისევ ხოსიაურისა და თადიაურის დაპირისპირების ხაზი ავარჩიე. ბოლოსდაბოლოს ანტიგმირებიც ხომ საჭიროა, ისე გმირი ვერ გამოიძერწება..

Nia
გული სითბოთი გამევსო 3> რა ტკბილეჰი არიან ... როგორ გელოდები ნეტა იცოდეე...

მადლობა. და კიდევ ერთხელ ბოდიში, ვდარდობ რომ ვაგვიანებ... არ გამოდის სხვანაირად...

სტუმარი ლია
საყვარელი გოგო ხარ, უდოდ დიდ ნიჭს ფლობ.საუკეთესო ისტორიაა, საუკეთესოდ დაწერილი.


უღრმესი მადლობა

ლუკკიანეცცი
მიყვარსსს ეს ისტორია:)


მე თქვენ მიყვარხართ!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent